რამდენიმე ხნის წინ ედუარდ კოკოითიმ, ამჟამად "სამხრეთ ოსეთის არმიად" წოდებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და მათი მხარდამჭერი რუსეთელი "მშვიდობისდამცველების" მიერ კონტროლირებად, საქართველოს შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიის მცირე ნაწილზე არსებული თვითგამოცხადებული "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" მეთაურმა გააკეთა განცხადება, რომ განზრახული აქვს მიაღწიოს აღნიშნული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.

ამგვარი ინიციატივის საფუძვლად კოკოითიმ მოიყვანა რაღაც საიდუმლო "ისტორიული დოკუმენტი 1774 წელს ერთიანი ოსეთის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ".

1774 წლის დამდეგს რუკაზე არ არსებობდა არა მარტო ბატონ კოკოითის და ექსპანსიონისტური პროპაგანდის სხვა რუპორების მიერ ნახსენები "ერთიანი ოსეთი", არამედ რაიმე ოსეთი. ოსური ენის სხვადასხვა დიალექტზე მოლაპარაკე ადამიანები, რა თქმა უნდა, ცხოვრობდნენ დიდი კავკასიური ქედის ორივე ფერდობზე, მაგრამ ამჟამინდელი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე (ალაგირის, ქურთათის, თაგურიისა და დიგორის უდიდესი ნაწილი - ისტორიული რაიონი) მცხოვრები ოსები იმყოფებოდნენ ყაბარდოელი ფეოდალების ხელისუფლების ქვეშ, მათი მიწები კი, შესაბამისად ყაბარდოს ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც თავის მხრივ, ფორმალურად ყირიმის ხანს - ოსმალეთის იმპერიის ვასალს ემორჩილებოდა.

თვითგამოცხადებული "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" ამჟამინდელი ტერიტორია, ასევე ისტორიული რაიონი თუალია-დვალეთი (თუალია ამჟამად ჩრდილო ოსეთ-ალანიის შემადგენლობაშია) შედიოდა აღმოსავლეთ ქართული ქართლ-კახეთის სამეფოში და არანაირად არ იყო გამოყოფილი შიდა ქართლის მხრიდან. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მათ აღმოსავლეთ საქართველოსაგან დამოუკიდებლად არასოდეს არ უარსებიათ.

მაშ, რა შევიდა 1774 წელს რუსეთის იმპერიაში და რომელი დოკუმენტების საფუძველზე? ამ შეკითხვაზე იოლად სცემს პასუხს ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით დასრულებული 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის არქივები. ხელშეკრულებამ დაადგინა რუსეთის საზღვარი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მდინარე ყუბანზე. ხელშეკრულებამ ოსმალეთის იმპერიას ჩამოაცილა ყირიმის სახანო, რომელიც დამოუკიდებლად გამოცხადდა, რუსეთს მიუერთდა ზღვის სანაპიროს ნაწილი ციხე-სიმაგრეებით: ქერჩი, ენიყალე, კიმბურნი, შეინარჩუნა რუსეთის სამფლობელოში დიდი და მცირე ყაბარდო, მოლდოვასა და ვალახიას მიეცათ ავტონომია და ეს სამთავროები გადავიდნენ რუსეთის მფარველობაში.

შესაბამისად, არავითარ ოსეთზე, არც გაერთიანებულზე და არც გაყოფილზე - ხელშეკრულებაში საუბარი არაა. არსებობდა დიდი და მცირე ყაბარდო, რომელშიც, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, შედიოდა ოსებით დასახლებული მიწების ნაწილი.

თუ ზედაპირულად მაინც დავხედავთ 1801 წელს რუსეთთან მიერთებამდე და მიერთების მერე საქართველოს ადმინისტრაციულ რუკას, ჩვენ მასზე საქართველოს გარეთ არსებულ ვერავითარ "სამხრეთ ოსეთს" ვერ ვნახავთ. 1801 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ისევე როგორც თბილისის გუბერნიის საზღვარი, გადიოდა დაახლოებით იქვე, სადაც 1918 წელს გაიარა დამოუკიდებელი საქართველოს, ხოლო 1921 წელს საბჭოთა საქართველოს საზღვარმა. აქვე გადის ოფიციალურად აღიარებული საქართველოს საზღვარი დღეს. საზღვრის მცირეოდენი შეცვლა აღინიშნება მხოლოდ დვალეთი-თუალიის მიმართულებით, რომლის უდიდესი ნაწილი საბოლოოდ აღმოჩნდა თერგის ოლქში, შემდგომ მთიელთა და ჩრდილო ოსეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტული რესპუბლიკის შემადგენლობაში.

ფრიად გასართობად წარმოგვიდგება ჩოჩიევის მიერ 1917 წელს გამოცემული რომელიღაც გაზეთიდან ციტირებული ფრაზა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან მოსულ ქართველებს ალანებმა მისცეს კულტურა და ასწავლეს სამხედრო საქმე. გასართობია, რადგანაც თუკი ქართველების წინაპრები ისტორიამდელ პერიოდში მართლაც იყვნენ მიგრანტები, ლაპარაკი ამ დროში "ალანებზე" ისტორიული თვალსაზრისით იქნებოდა სრულიად არაპროფესიული, რადგან იმ დროს, ოსების ჰიპოთეტური წინაპრების დროს, ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობდნენ არა ალანები, არამედ სკვითები და სარმატები. ძველქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია სამხრეთ კავკასიაში დაფიქსირებულია ჯერ კიდევ ძველი რომის ისტორიკოსების მიერ მათი საზღვრების საკმაოდ ზუსტი აღწერით, ისევე როგორც სხვა ქართველური (ქართველთა წინაპრების მონათესავე) ტომების სახლობა მომიჯნავე ტერიტორიებზე, რომლებიც ამ სახელმწიფოში არ შედიოდნენ. არც ერთი ძველი ჟამთააღმწერელთაგანი არანაირ სკვითთა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის შესახებ არანაირ ცნობას არ იძლევა თანამედროვე "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" ტერიტორიაზე, რომელიც იმ დროს იყო იბერიის ნაწილი.

ბატონი ჩოჩიევი აგრძელებს მკითხველის მამობრივად დამოძღვრას, ახსენებს რა ოსთა როლს საქართველოს ისტორიის გვიანდელ პერიოდში - ადრინდელი შუა საუკუნეებიდან XVIII საუკუნემდე. საქართველოს ეროვნული გმირების ეთნიკურ წარმომავლობაზე სპეკულირება სიმდაბლეა, ხოლო ყველა 300 არაგველის ოსად გამოცხადება - სიბრიყვე. ნათელია, რომ საქართველოს გმირთა შორის არცთუ ცოტა იყო ოსური წარმოშობის ადამიანი, ეს არცაა გასაკვირი, რადგან კავკასიის სამხრეთ ფერდობზე გადმოსახლებული ოსები ისტორიულად ხდებოდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ორგანული ნაწილი. საქართველოს გმირთა შორის იყვნენ სხვა წარმოშობის ადამიანებიც: ქურთები, არაბები, ყივჩაღები, თათრები, იტალიელები და სკანდინავებიც კი. ის, რომ თამარ მეფის ჯარში მსახურობდა მეომარ ვიკინგთა რაზმი, ნიშნავს იმას, რომ დღეს შვედეთს საქართველოს რაღაც ნაწილი ეკუთვნის? ვფიქრობთ რომ არა!

გვსურს ყურადღება გავამახვილოთ კიდევ ერთ ფაქტზე: თანამედროვე ოსების წინაპრები, რომლებიც კავკასიის დიდი ქედის სამხრეთით სახლობდნენ, თავიანთ შვილებს აგზავნიდნენ საქართველოს დასაცავად, რათა ეს ქვეყანა გაძლიერებულიყო და განმტკიცებულიყო. რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ამ გმირის შთამომავალთაგანი ასეთი მონდომებით ცდილობს ეს საქართველო დაანგრიოს?

ძალიან გვსურს გვჯეროდეს, რომ საქართველოსა და მთელი კავკასიის ხალხები შესძლებენ გაერკვნენ შექმნილ ვითარებაში და არ აჰყვებიან ახალ პროვოკაციებს, რომლებიც კითხვის ქვეშ აყენებენ მათ მომავალს, მათი შთამომავლების მომავალს, ამ ხალხებისადმი უცხო ჯგუფების ვიწრო ინტერესების სასარგებლოდ.


ენდრიუ ანდერსენი
პოლიტოლოგიისა და ისტორიის პროფესორი
კალგარის უნივერსიტეტის სამხედრო-სტრატეგიული კვლევების ცენტრის კავკასიის სპეციალისტი

15.04.2006