აფხაზეთს არის მდებარე რიცა,
ის კარგად გვახსოვს შენცა და მეცა,
ზეცა, ვით ზეცა და არა მიწა.
მიწა, ვით მიწა და არა ზეცა.
ყრმობის სინათლემ შეჰფერა ღაწვი,
ახალგაზრდობამ გაფანტა იჭვი:
ფიჭვი ფიჭვია და არა ნაძვი,
ნაძვი ნაძვია და არა ფიჭვი.
მსუბუქი ნისლი, ცაზე რომ იწვა,
მესმის ეს ქარი, სიმღერა, ოცვნა,
კოცნა, ვით კოცნა და არა სიძვა,
სიძვა, ვით სიძვა და არა კოცნა.
იცოდე, ჩვენო ცისფერო სურო,
გესმოდეს ტბათა ცისფერი ქარი,
ქნარი ქნარია და არა ურო,
ურო უროა და არა ქნარი!