ამხ. კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვა ტფილისის ინტელიგენციის საერთო-საქალაქო კრებაზე 1939 წლის 19 აპრილს.
ამხანაგებო! საბჭოთა ინტელიგენცია უბადლოა მთელს მსოფლიოში. იგი არის სავსებით ახალი ინტელიგენცია. ისტორიაში არასოდეს არ ყოფილა ხალხის ისეთი უდიდესი კულტურულ-პოლიტიკური ზრდა, როგორიც ჩვენშია. იმიტომ რომ საბჭოთა წყობილებამ გზა გაუხსნა ფართო მასების შემოქმედებით ენერგიის, ინიციატივის წყაროებს. შეჰქმნა ყველა პირობა მათი სულიერი წყურვილის დასაკმაყოფილებლად.
ლენინურ-სტალინური ნაციონალური პოლიტიკის განუხრელად გატარებამ უზრუნველჰყო საბჭოთა საქართველოს სახალხო მეურნეობის აყვავება, სოციალისტური კულტურის აყვავება. ეს კულტურის მძლავრი და დიადი აღმავლობა განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენთვის, საბჭოთა მწერლებისათვის.
ქართული მწერლობის კლასიკოსები ამ ბედნიერებაზე ოცნებობდნენ მარადჟამს. ისინი აღვივებდნენ ხალხში თავისუფლებისადმი მისწრაფების კეთილშობილურ გრძნობებს. იმ დროს საუკეთესო ადამიანები - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ვაჟა-ფშაველა მტრულად იყვნენ განწყობილი მეფის რეჟიმისადმი, რომლის დროსაც მათ უხდებოდათ მუშაობა.
შეიწირა კიდევაც ამ უთანასწორო ბრძოლამ ჩვენი, მარადის დაუვიწყარი ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველაც ისე დაიღუპა, როგორც უპატრონო კაცი.
მენშევიკების უდღეური ბატონობის დროს ქართული მწერლობა კიდევ უფრო დაკნინდა. ამ პერიოდში ვინმე ზოტიკეს „ტალღებისა“ და ორიოდე უნიჭო მოთხრობის გარდა არაფერი არ გამოცემულა. საერთოდ მთელი ეს ნაცოდვილარი 30 სასტამბო ფორმას არ აღემატებოდა.
საბჭოთა პერიოდში მარტო ჩემს მიერ გამოქვეყნებული პროდუქცია აღემატება 160 სასტამბო ფორმას, დაახლოებით 3000 სასტამბო გვერდს. რა თქმა უნდა ეს შევძელი მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების მზრუნველობითა და ხელის შეწყობით.
მთელი საბჭოთა მწერლობა გარემოსილია პარტიისა და ხელისუფლების ზრუნვით. ამ ზრუნველობის ხელისშეწყობის ატმოსფეროს თავის თავზე განიცდის და უდიდესად აფასებს ყველა საბჭოთა მწერალი.
საბჭოთა მწერლები სოციალიზმის მშენებლობის აქტიური მონაწილენი ვართ. ჩვენს ნაწარმოებებში ჩვენ ავსახავთ დიდ სამუშაოებს - კოლხიდის ამოშრობას, ვუჩვენებთ ჩვენი ეპოქის ახალ ადამიანებს - ჩვენი ფაბრიკების, ქარხნებისა და სოციალისტური მინდვრების სტახანოველებს, ჩვენს ახალ შეძლებულ კულტურულ სასიხარულო ცხოვრებას.
საბჭოთა მწერლები - ქართველი ინტელიგენციის მოწინავე რაზმი - ლენინ-სტალინის პარტიის საქმისადმი, საყვარელი ბელადისა და მასწავლებლის დიდი სტალინისადმი უსაზღვროდ ერთგულნი, თავიანთი მუშაობით შემდეგშიც გაამართლებენ თავიანთ მაღალ სახელწოდებას. ისინი მთელ ძალ-ღონეს, მთელ ენერგიას მოანდომებენ იმას, რათა შეასრულონ ამხანაგ სტალინის მიერ საკ. კ. პ. (ბ) მე-10 ყრილობაზე გაკეთებულ ისტორიულ მოხსენებაში დასახული ამოცანები.
მთელი კულტურული კაცობრიობა, მთელი მსოფლიოს მოწინავე ინტელიგენცია იმედიანად შესცქერის ჩვენს დიდ სამშობლოს - თავისუფლებისა და მშვიდობიანობის უძლეველ ბურჯს, ხალხთა გენიალურ ბელადს, მთელი მსოფლიოს მშრომელთა იმედსა და ნუგეშს ამხანაგ სტალინს, რომელსაც გამარჯვებიდან გამარჯვებისაკენ მიჰყავს ჩვენი ქვეყანა. მთელი მსოფლიოს ხალხებმა ნათლად დაინახეს, რომ სოციალიზმი არის ხალხთა ბედნიერება და კულტურის აყვავება. ეს არის ადამიანთა თავისუფლების უმაგალითო გაფურჩქვნა.
გაუმარჯოს ჩვენს საყვარელ და ბრძენ ბელადს, კაცობრიობის ახალი ისტორიის გენიალურ შემომქმედს - დიდ სტალინს! (ხანგრძლივი ტაში).
გაუმარჯოს სტალინის საუკეთესო თანამებრძოლს, ქართველი ხალხის საამაყო შვილს, ჩვენი კულტურის დიდ მოამაგეს - ამხანაგ ლავრენტი ბერიას! (ტაში).
„ლიტერატურული საქართველო“, 30 აპრილი, 1939 წელი