არ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს

და ისევე გაიღვიძებს!..

ვინც შენატრის იმის სიკვდილს,

უმალ მასვე დაამიწებს.


ბევრის ბრძოლით დაღალულსა

ეჭირვება მოსვენება!

შემცდარია, ვინც გულს იტეხს:

წესი არის და ბუნება!


ჩვენ კი ჩვენდა თავად გეტყვით:

გულსა სწამს და ჭკუას სჯერა,

რომ ჯერ კიდევ არ გამქრალა

მომავალი ბედისწერა!


მისთვის, რომ დღეს ვეღარ გვარჩენს,

არ გვიმართებს ორგულობა!

ჩვენს წინაპრებს თუ ჰქონიათ,

ჩვენცა გვქონდეს დიდსულობა!


დეე, მისთვის გავღარიბდეთ,

ზურგს მოვიდვათ საწყლის გუდა:

პატიოსანს ღარიბს რით სჯობს

გამდიდრებული იუდა?


არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს

და როდესაც გაიღვიძებს,

მოიგონებს იმათ სახელს,

ვინც დღეს იმას არ ივიწყებს!..


1880 წ