აღემატება ყოველგვარ ძალას,
რომ სიხარული დასცალოს ჭიქით;
რაც ამოძრავებს სიზმარულ ჭალას
შორს, სასიმინდე ყანების იქით.
აღემატება ყოველგვარ ძალას -
სთქვა ისტორია ერთი ოჯახის,
სიმაღლე, რაიც აძლევს სიალეს
თავდადებასა და სიყოჩაღეს.
სიცოცხლე დილის სინათლით მიდის.
ელექტრონებით ავსებს ფიალას;
სთქვა გაღვიძება მორევის დიდის...
აღემატება ყოველგვარ ძალას.