აღმოსავლეთში -
ცეცხლმოდებული დღეა მკათათვის,
იწვის აზია, იწვის აფრიკა.
აჰა, შექმნილი
მბრძანებელთა და მონათათვის
სასახლე, ციხე, ქოხი, ფაბრიკა
ხვეულად ჰქარგავს მრავალფერ ქარგებს
მათ სხეულებზე, ვინაც ვნებიან
სიმხურვალეთა სულის სუნთქვას არ აისარკებს
და „კულტურული“ ბორკილების ქვეშ
იმყოფებიან.
ცხელი ცა სავსეა უთეთრეს კრავებით,
რას ნიშნავს ასეთი დუმილი?
სადნობი საკირე, ალმური, ღუმელი
ელვარე გადასაკრავებით.
გადამწვარ ხრიოკებს
მზე დაუნდობლად ხრავს, აწიოკებს.
კლდეები სიცხისგან სკდებიან შუაზე,
რღვევის და სიმწარის მოისმის ხათქანი,
გველები გროვებად აცურდენ რუაზე,
ყველაზე ბოროტი კი, ერთი მათგანი,
გადაწვა მზისაკენ ცქერაში გართული,
ეს მზერა აწვალებს მზეს, როგორც გენია,
და ვიგრძენ, ამ თვალში თუ რაოდენია
სიბრძნე წარმართული.
სძინავს აღმოსავლეთს...
გაფრენილ დღეებს ის არ მიჰკივა,
ერთი და იგივე, ერთი და იგივე
მას ეფარება სიზმრების ღვარი
და მისი ძილი არის კოშმარი.
სძინავს აღმოსავლეთს.
ის მძინარე ქსოვს ხალიჩა-ფარჩას,
ხატავს ყვავილებს და იალონებს,
რომ ქსოვილები მშვენებად დარჩეს
ისევ ევროპის მდიდარ სალონებს,
მხარეს ურკინესს,
როკფელერს, სტინესს.
ზის კრეზი ევროპის,
არა ერთს იგონებს მშვენიერ ელენეს,
მრავალი ძვირფასი ახსოვს ასპაზია,
ქალები პარიზის, ხსოვნა მიტელენის,
მცხუნვარე აზია,
შენი, კლეოპატრა, შიშველი მკლავები,
ოხვრა, მესსალინა, ისევ შენეული,
უფრო ენთებიან ცაზე ვარსკვლავები,
აღმოსავლეთისგან მათთვის შელეული.
რამდენს მეტყველებენ ვარდნი უენონი
ფიქრი ოაზისზე ალთა მონთებისა,
დარჩა სამუდამოთ დრონი მენტენონის,
დარჩა მენუეტი ლოლა მონტეზისა
ევროპის კრეზისთვის.
სძინავს აღმოსავლეთს.
იგი უგრძნობლად იღებს ფერადებს,
მაგრამ თვალები,
თვალები მიდის ეფემერამდე,
მხარისკენ,
სადაც სანიშნო ბურთად
მიწა აბოლდა, კვამლი ედება,
სადაც სურვილი გაუდაბურდა
და აღარ არის თავგამეტება.
ღრუბელთა წყება ცაზე აჩქარდა,
დარიგდენ მთების მწყობრი რაზმები,
ყინვა მოსხმული გუნდი ლაშქართა,
ღრუბლების კონკი და ფანტაზმები.
თეატრებია დიდი, პატარა.
ბრწყინავს კაბარე.
კინემატოგრაფს შემოატარა
სული გარყვნილი და მომთაბარე.
ბრწყინავს რეკლამა,
ნერვებს აწვალებს,
აგერ საეჭვო გამოჩნდა დამა,
შანსონეტკები იფერენ თვალებს,
იქ ოპერეტა, აქ კიდევ ფარსი,
იდუმალებით სავსე პიესა,
აქ ყველაფერი მოდუნდა ბასრი,
სიცილშიც ჩუმი მოისმის კვნესა.
მხოლოდ ლორნეტებს მომეტეორეს
მწარედ დაღალულ თვალს აფარებენ,
თავს აწონებენ ერთიმეორეს,
სხედან, დადიან, ან ამთქნარებენ.
ვინ იცის, გრძნობენ თუ არა გრძნობით,
რომ სულ ახალი დროის ჰამლეტი -
მოჯადოებულ ბურუსში მყოფი -
დგება, იღვიძებს აღმოსავლეთი.
მას არ აშინებს ცეცხლის ფანტელი
და მუხლებამდე ქვიშა სადები,
არც უდაბნოის კორიანტელი,
არც მომავალი ბარიკადები.
დახეტიალობს ცეცხლის ამური
მოულოდნელი სიმხურვალეთი,
მან მოიარა ყველა ქვეყნები
და ინახულა აღმოსავლეთიც.
ცეცხლის ამური და ტყდომა ღერის,
თავისუფლების ნაზი ფერია,
მღეროდა მასზე და ეხლაც მღერის,
როგორც არავის არ უმღერია.
და თუ მოვიდა გრიგალი ისევ
და გაზაფხულის ველი მოლია,
ის სიცოცხლისთვის იბრძოლებს ისე,
როგორც არავის არ უბრძოლია.
დაარტყამს ქარი და მოგზაური
ბაწარზე წავა, როგორც ობობა,
დაიძვრის ქვეყნის აურზაური
და აღელვებათ ავადმყოფობა.
ის მიისწრაფვის და ეჩვენება,
რომ სულ ახლოა ბედის ხომალდი,
მუქარა, წყევა და შეჩვენება,
თავისუფლების მზემდე, ბრძოლამდი,
ო, რა საამოდ სულს ეფერება.
ცეცხლით იწვება ქვეყნიერება...
და, აი,
იფეთქა რევოლუციამ...
აღმოსავლეთით და დასავლეთით
ისმის ლოზუნგი:
ომი ომს!

აღმოსავლეთით და დასავლეთით
ეომება ომს -
საბრალო ჯარისკაცი,
დაღალული ჯარისკაცი!