ბედო შავპირო, უპირო,
ამრევო გზა და კვალისა!
სულს ნუ ამომხდი, მაცალე
დახამხამება თვალისა!...
აჩრდილიღა ვარ წარსულის
და ლანდი მომავალისა!...
ვის შერჩენია, მე შემრჩეს
გადახდა სოფლის ვალისა?
მაგრამ სურვილმა მომხიბლა
ცრუ მოიმედე ხვალისა;
ჩამიხმატკბილა ჩანგურმა
და გული გამიხალისა:
ჩონგურო! ჩემო ჩონგურო!
ოცნების ზღვაში მცურავო!
შენი კრიმანჭი წკრიალი
ხელახლად მომეწყურაო;
ჯორა გაქვს ია-ვარდისა,
სიმი - ბულბულის ენაო;
ფრთები არწივის გასხია,
შეგშვენის აღმაფრენაო;
მიმოფრენ, მეც თან დაგყავარ,
წამის-წამ, კიდის-კიდესო!
ვეღარ მერევა სიკვდილი
მე, შენსა გადამკიდესო!...
დიდება შენსა მოვლენას,
ციურო, ტკბილო ძალაო!...
დაადნა გული შენს სიმებს
და სული დაიცალაო.
1894 წ.