თავი მეცხრამეტე - მარგარიტა

მომყევი, მკითხველო! ვინ მოგატყუათ, თითქოს ამქვეყნად ჭეშმარიტი, ერთგული და

მარადიული სიყვარული არ არსებობდეს? ენა უნდა ამოაძრო ასეთ ფლიდს!

ფეხდაფეხ მომყევი, ჩემო მკითხველო, მე მომყევი მხოლოდ და მე გიჩვენებ ამგვარ სიყვარულს!

არა! ოსტატი ცდებოდა, როცა იმ ღამეს საავადმყოფოში ივანს უმტკიცებდა, ჩემმა სატრფომ დამივიწყაო. შეუძლებელი იყო დავიწყებოდა და, ცხადია, არც დავიწყნია.

მაგრამ, მოდი, უპირველესად ის საიდუმლო გავამხილოთ, რომლის გამჟღავნებაც ოსტატმა არ ისურვა. მის სატრფოს მარგარიტა ნიკოლაევნა ერქვა. ყველაფერი, რასაც ოსტატი საბრალო პოეტს უამბობდა, სრული ჭეშმარიტება გახლდათ. მან ზედმიწევნით აუწერა სატრფო. მარგარიტა ნიკოლაევნა მართლაც ლამაზი და ჭკვიანი ქალი იყო, ერთიც უნდა დავძინოთ – დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მრავალი ქალი ყველაფერს გაიღებდა იმისათვის, რომ მარგარიტა ნიკოლაევნას მდგომარეობისთვის მიეღწია. ოცდაათი წლის უშვილო მარგარიტა ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტის მეუღლე გახლდათ, რომელსაც, ამასთან ერთად, ძალზე ღირებული, სახელმწიფო მნიშვნელობის აღმოჩენებიც ჰქონდა. მისი ქმარი ლამაზი, ახალგაზრდა, კეთილი, პატიოსანი კაცი იყო და ცოლს აღმერთებდა. მარგარიტა ნიკოლაევნა არბატის ახლოს, ერთ-ერთი ჩიხის ეზოში მდგარი წარმტაცი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა ქმართან ერთად. შესანიშნავი ადგილია! ყველას შეუძლია დარწმუნდეს, თუკი ამ ბაღის დათვალიერებას მოიწადინებს, მე მომმართოს, მისამართს მივაწვდი და გზასაც მივასწავლი – სახლი დღემდე ხელუხლებლად დგას.

მარგარიტა ნიკოლაევნას არც ფული აკლდა. ყველაფრის ყიდვა შეეძლო, რასაც მოისურვებდა. მისი ქმრის ნაცნობებს შორის საინტერესო ხალხიც ერია. მარგარიტა არასდროს მიჰკარებოდა პრიმუსს, არც საერთო სამზარეულოს საშინელებების წარმოდგენა შეეძლო. ერთი სიტყვით... ბედნიერი იყო? არა და არა! ბედნიერებაზე მას შემდეგ ოცნებობდა, რაც ცხრამეტი წლისა გათხოვდა და ამ სახლში დაიდო ბინა. ჰოი, ღმერთებო! მაინც რა უნდოდა, რა ეწადა ამ ქალს!? რას დაეძებდა, ერთთავად ამოუცნობი ალით თვალანთებული



233

თავი მეცხრამეტე - მარგარიტა

ეს ოდნავ ელამი ალქაჯი, იმ გაზაფხულს, მიმოზებით რომ დაიმშვენა ხელი? არ ვიცი. ვერაფერს გეტყვით. იქნებ არ ცრუობდა და მართლა ის სჭირდებოდა, ოსტატი და არა გოთური სახლი, საკუთარი ეზო ან ბევრი ფული. მას ოსტატი უყვარდა და მეც, ამ ამბის ჭეშმარიტ მთხრობელს, მაგრამ მაინც უცხო კაცს, გული მეკუმშება, როცა ვიხსენებ, რა საშინელება გადაიტანა მეორე დღეს ოსტატთან მისულმა მარგარიტამ, მისი დაკარგვა რომ შეიტყო. საბედნიეროდ, ქმარი დროულად ვერ მობრუნებულიყო შინ და ჯერ ვერ მოესწრო მასთან ლაპარაკი.

მარგარიტა ყოველნაირად ეცადა, ოსტატის შესახებ შეეტყო რამე, მაგრამ, ცხადია, ვერაფერს გახდა. მაშინ ისევ შინ დაბრუნდა და ძველებურად განაგრძო ცხოვრება.

„დიახ, დიახ, დიახ, იგივე შეცდომა დავუშვი! – იმეორებდა იმ ზამთარს ბუხრის წინ მჯდარი, ცეცხლს მიშტერებული მარგარიტა, – რატომ დავტოვე მარტო იმ ღამეს? რატომ? რა უაზრობა იყო! შეპირებისამებრ მეორე დილასვე დავბრუნდი, სიტყვა არ გამიტეხია, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ჰო, მე დავბრუნდი, როგორც უბედური ლევი მათე, მაგრამ ძალიან გვიან“.

უგუნური იყო ეს სიტყვები, რადგან, აბა, დაფიქრდით, განა რამე შეიცვლებოდა, იმ ღამეს ოსტატთან რომ დარჩენილიყო? განა მარგარიტა შეძლებდა მის ხსნას? სასაცილოა! – ვუპასუხებდით. მაგრამ ხმასაც ვერ ამოვიღებთ ამ სასოწარკვეთილებამდე მისული ქალის სიახლოვეს.

ამგვარ ტანჯვაში გაატარა მარგარიტა ნიკოლაევნამ მთელი ზამთარი და გაზაფხულიც დადგა. იმ დღეს, როცა მოსკოვში შავი მაგიის მეუფე გამოჩნდა და ათასგვარი არეულობა დაატრიალა, იმ პარასკევს, როცა უკან, კიევში გააძევეს ბერლიოზის ბიძა, როცა ბუღალტერი დააპატიმრეს და სხვა მრავალი ყოვლად უაზრო და გაუგებარი ამბავი მოხდა, მარგარიტას შუადღისას გაეღვიძა თავის საძინებელ ოთახში, ამ დიდებული სახლის კოშკში რომ გადიოდა.

ახალგამოღვიძებულ მარგარიტას ტირილი არ დაუწყია, როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე. დღეს რატომღაც გული უგრძნობდა, რომ ბოლოს და ბოლოს, რაღაც უნდა მომხდარიყო. ამ წინათგრძნობით გამხნევებულმა, სცადა უფრო გაეღვივებინა და გაეცოცხლებინა გუმანი. ეშინოდა, წინათგრძნობას არ მიეტოვებინა.

– მწამს! – საზეიმოდ ჩურჩულებდა მარგარიტა, – მწამს! რაღაც მოხდება! შეუძლებელია, არ მოხდეს, აბა, რატომ უნდა მომესაჯოს საუკუნო წამება? ვაღიარებ, ვცრუობდი და ვიტყუებოდი. ხალხისგან დაფარული, იდუმალი ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ განა



234

თავი მეცხრამეტე - მარგარიტა

ამისთვის შეიძლება ასე მკაცრად დასჯა? აუცილებლად რაღაც მოხდება, რადგან შეუძლებელია მარად ერთი და იგივე გრძელდებოდეს. ამას გარდა, სიზმარი არ მომატყუებს. მე ამის მჯერა.

ასე ჩურჩულებდა მარგარიტა ნიკოლაევნა, მზით გავსებულ მეწამულ ფარდებს გასცქეროდა, აღელვებული იცვამდა და მოკლე, დახვეულ თმას ივარცხნიდა სამკარედიანი სარკის წინ.

იმ ღამეს მართლაც უჩვეულო სიზმარი იხილა მარგარიტამ. მთელი ზამთარი ისე გავიდა, ამდენი ტანჯვის მიუხედავად, ერთხელაც არ დასიზმრებია ოსტატი. ღამღამობით მარტო ტოვებდა სატრფო და მარგარიტა მხოლოდ დღისით იტანჯებოდა, ახლა კი უცებ დაესიზმრა.

რაღაც სრულიად უცხო ადგილი ეზმანა – უიმედო, ნაღვლიანი და ადრეული გაზაფხულის მოქუფრული ცით ჩამობურული. ესიზმრა ჰორიზონტისკენ დაძრული ნაფლეთ- ნაფლეთი რუხი ცა, უხმოდ მიმფრინავი ჭილყვავთა გუნდი, გადაფერდებული ხიდი. ხიდქვეშ მღვრიე, გაზაფხულისეული მდინარე, უსიხარულო, დაგლახაკებული, ნახევრად ტიტველი ხეები, ეული ვერხვი, უფრო იქით კი, ხეებს შორის, რაღაც ჯებირის მიღმა – ფიცრის შენობა, გამოცალკევებული სამზარეულო, აბანო თუ, ეშმაკმა უწყის, რა? ყველაფერი უსიცოცხლო იყო და ისეთი გულის გამაწვრილებელი, რომ იქვე, ხიდთან მდგარ იმ ვერხვზე მოგინდებოდა თავის ჩამოხრჩობა. ნიავი არ ქროდა, ღრუბელი არ იძვროდა. მოკლედ, ჯოჯოხეთი იყო ცოცხალი ადამიანისთვის.

ანაზდად, წარმოიდგინეთ, ამ ფიცრული შენობის კარი გაიღო და ოსტატი გამოვიდა. საკმაოდ შორს იყო, მაგრამ მაინც გარკვევით ჩანდა. დაკონკილი სამოსი ეცვა, ვერც გაარჩევდით ტანსაცმელს, თმა აწეწილი ჰქონდა, სახე – გაუპარსავი, თვალები ანთებული და შეშინებული. ხელი დაუქნია მარგარიტას, იხმო. ამ მკვდარი ჰაერით სულშეხუთული მარგარიტაც კოლბოხებზე მირბოდა ოსტატისაკენ და სწორედ მაშინ გაეღვიძა.

„ეს სიზმარი ორიდან ერთს უნდა ნიშნავდეს, – თავის თავს უხსნიდა მარგარიტა ნიკოლაევნა, – თუ მკვდარია და თავისთან მიხმობს, მაშასადამე, ჩემს წასაყვანად მოვიდა და მალე მოვკვდები. ასე აჯობებს, ტანჯვას მაინც მოეღება ბოლო. ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ სიზმრით შემახსენა თავი, მანიშნა, რომ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ჰო, მალე შევხვდებით ერთმანეთს“.

აფორიაქებულმა მარგარიტამ ჩაცმა დაასრულა და თავს შთააგონა, რომ არსებითად



235

თავი მეცხრამეტე - მარგარიტა

ყველაფერი კეთილად წარიმართა და ამგვარი ხელსაყრელი გარემოების შეკავება და გამოყენება უნდა შესძლებოდა. ქმარი სამი დღით იყო მივლინებაში, მაშასადამე, სამი დღე- ღამის განმავლობაში მარგარიტა ნიკოლაევნა სრულიად მარტო რჩებოდა საკუთარ თავთან, ხელს ვერავინ შეუშლიდა, რაზეც უნდოდა ეფიქრა და ეოცნება. სახლის მეორე სართულის ხუთივე ოთახი, მთელი ეს ბინა, რომელიც ათიათასობით მოსკოველს შეშურდებოდა, ახლა მის განკარგულებაში იყო.

თუმცა სამი დღით თავისუფლებამოპოვებულმა მარგარიტამ ამ უზარმაზარი ბრწყინვალე ბინის ყველაზე მივარდნილი ადგილი ამოირჩია. ჩაი რომ დალია, ერთ უფანჯრო, ჩაბნელებულ ოთახში შევიდა, სადაც ჩემოდნები და ორ უზარმაზარ კარადაში შელაგებული ათასგვარი წვრილმანი ინახებოდა. მარგარიტა ჩაიკუზა, პირველი კარადის ქვედა უჯრა გამოსწია და აბრეშუმის ნაკუწებს ქვემოდან ის ერთადერთი ძვირფასი ნივთი ამოაძვრინა, რაც კი გააჩნდა ამქვეყნად. მარგარიტას ხელთ ტყავის ყავისფერი, ძველი ალბომი ეჭირა, რომელშიც ოსტატის სურათი იდო, სალაროს წიგნაკი, მისივე სახელზე შეტანილი ათი ათასი მანეთი, პაპიროსის ქაღალდებში ჩაწყობილი ვარდის ფურცლები და კიდეებშემომწვარი რვეული. მარგარიტა ნიკოლაევნა ამ სიმდიდრით დაბრუნდა თავის საძინებელ ოთახში, ფოტოსურათი სამკარედიან სარკეზე მიამაგრა, ცეცხლის ალით კიდეებშემომწვარი რვეული გადაშალა და მუხლებზე ფრთხილად დაიდო, ფურცლავდა და საათზე მეტხანს კითხულობდა იმას, რასაც ცეცხლის ალში გამოვლილს, აღარც დასაწყისი ჰქონდა და აღარც დასასრული. „ხმელთაშუა ზღვიდან დაძრულმა წყვდიადმა ერთიანად გადაფარა პროკურატორის საძულველი ქალაქი. გაქრა თავკიდული ბაღები, ანტონიუსის საზარელ კოშკთან რომ აერთებდა ტაძარს. ციდან დელგმა მოსკდა და წამის უსწრაფესად შთანთქა იპოდრომის თავზე დავანებული ფრთოსანი ღმერთები, სათოფურებიანი ჰასმონეების სასახლე, ბაზრები, ქარვასლები, ჩიხები, ტბები... გაქრა იერუშალაიმი, თითქოს არც არსებულა ამქვეყნად“.

მარგარიტას კითხვის გაგრძელება სურდა, მაგრამ მეტი აღარაფერი იყო, უსწორმასწოროდ შემომწვარი ქობის გარდა.

მარგარიტა ნიკოლაევნამ ცრემლი შეიწმინდა. რვეული გადადო, იდაყვებით დაეყრდნო სარკის მაგიდას და დიდხანს იჯდა ასე, სარკეში არეკლილი. ფოტოსურათს ვერ აშორებდა თვალს. მერე ცრემლიც გაუშრა. მარგარიტამ გულდაგულ ჩაალაგა თავისი ქონება, ისევ აბრეშუმის ჭინჭებქვეშ ამოდო და ჩაბნელებული ოთახის კარი რაწკუნით გამოკეტა.



236

თავი მეცხრამეტე - მარგარიტა

მერე წინკარში გავიდა, პალტო ჩაიცვა და სასეირნოდ აპირებდა წასვლას, რომ შინამოსამსახურემ, პირმშვენიერმა ნატაშამ ჰკითხა, სადილად რა მოგიმზადოთო, და როცა პასუხად შეიტყო, სულერთიაო, ალბათ უფრო საკუთარი თავის გასართობად, საუბარი გაუბა დიასახლისს. ღმერთმა უწყის, რას აღარ უყვებოდა, ისიც კი უამბო, რომ გუშინ თეატრში ვიღაც მსახიობს ისეთი ამბები დაეტრიალებინა, ყველას გაოცებისაგან პირი დაეღო, თურმე მაყურებელს უფასოდ ურიგებდა საზღვარგარეთულ სუნამოებსა და წინდებს, შემდეგ კი, სეანსის დამთავრებისთანავე, როცა მაყურებლები ქუჩაში გავიდნენ, უეცრად ყველა შიშველი აღმოჩნდა. მარგარიტა ნიკოლაევნა წინკარში, სარკესთან მიდგმულ სკამზე დაეცა და ახარხარდა.

– ნატაშა! როგორ არ გრცხვენია! – ეუბნებოდა შინამოსამსახურეს, – ნაკითხი, ჭკვიანი გოგო ხარ და იმდენი არ იცი, რომ ხალხი ეშმაკმა უწყის, რას არ იგონებს!

ნატაშას ლოყები აეფაკლა და ცხარედ მოჰყვა იმის მტკიცებას, რომ სიმართლეს ეუბნებოდა. დღეს თვითონ, საკუთარი თვალით ნახა არბატზე, ერთი ქალი შემოვიდა გასტრონომში, ცხადია, ფეხსაცმელი ეცვა. მაგრამ, როგორც კი ფულის გადასახდელად მივიდა სალაროსთან, ფეხსაცმელი ფეხზე შემოადნა და წინდის ამარა დარჩა. ლამის თვალები გადმოსცვივდა იმ ქალს, წინდაზე ქუსლიც გამოხეული ჰქონდა. ჯადოსნური ფეხსაცმელი ეცვა, იმ სეანსზე ნაჩუქარი.

– ისევე წავიდა?

– დიახ, დიახ! – წამოიძახა ნატაშამ და უფრო აელანძა სახე, ეწყინა, რომ არ უჯერებდნენ, – გუშინ, მარგარიტა ნიკოლაევნა, მილიციამ ასი კაცი მაინც დააკავა. ამ სეანსიდან გამოსული ქალები, თურმე, ქვედა საცვლების ამარა დარბოდნენ ტვერის ხეივანში.

– ეჭვი არ მეპარება, მაგ ყველაფერს დარია გიამბობდა, – უთხრა მარგარიტა ნიკოლაევნამ, –

კარგა ხანია შევატყვე, დიდი მატყუარა ქალი უნდა იყოს.

ეს სასაცილო საუბარი ნატაშასათვის ერთობ სასიამოვნოდ დასრულდა. მარგარიტა ნიკოლაევნა ისევ საძინებელში შებრუნდა და იქიდან წინდა და ოდეკოლონის ბოთლი გამოიტანა. ნატაშას უთხრა, მეც მინდა ერთი ფოკუსი ჩავატაროო, წინდა და ოდეკოლონი აჩუქა, ოღონდ პირობა ჩამოართვა, მასაც სხვებივით წინდის ამარა არ ერბინა ტვერის



237

თავი მეცხრამეტე - მარგარიტა

ხეივანში და დარიასათვის ყური აღარ დაეგდო.

ტროლეიბუსის სკამის რბილ, მოხერხებულ საზურგეს მიყრდნობილი მარგარიტა ნიკოლაევნა არბატზე მისრიალებდა და თავის სადარდელზე ფიქრობდა, ხანაც წინ მჯდომი ორი მოქალაქის ჩურჩულს მიუგდებდა ხოლმე ყურს.

მოქალაქეები აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს, ყურს ხომ არავინ გვიგდებსო და რაღაც სისულელეზე განაგრძობდნენ ჩურჩულს. ფანჯარასთან მჯდარი ჯანიანი, მსუქანი, ქორივით წვრილთვალება კაცი თავის ჩია მეზობელს უმტკიცებდა, იძულებულები გახდნენ, კუბო შავი ზეწრით დაეფარათო.

– შეუძლებელია, – გაოცებას ვერ მალავდა ის ჩია, – გაუგონარი ამბავია... ჟელდიბინმა რამე იღონა?

ტროლეიბუსის ზომიერ გუგუნში ფანჯრის მხრიდან სიტყვები ისმოდა:

– სისხლის სამართლის სამძებრო... აურზაური... პირდაპირ მისტიკაა!

ამ ნაწყვეტ-ნაწყვეტი საუბრიდან მარგარიტამ ძლივს მოახერხა აზრის გამოტანა. ის ორი მოქალაქე იმაზე ჩურჩულებდა, რომ რომელიღაც მიცვალებულს, ვის, სახელი არ უხსენებიათ, დღეს დილით კუბოდან თავი მოჰპარეს! აი, ამის გამო ღელავდა ის ჟელდიბინი, და ალბათ, ესენიც, ტროლეიბუსში რომ ჩურჩულებდნენ, რაღაცით დაკავშირებულნი უნდა ყოფილიყვნენ მიცვალებულთან.

– როგორ გგონია, ყვავილების ყიდვას მოვასწრებთ? – წუხდა ის ჩია კაცი, – ამბობენ, კრემაცია ორ საათზე იწყებაო.

ბოლოს, მარგარიტა ნიკოლაევნას მობეზრდა კუბოდან მოპარული თავზე ჩურჩულის მოსმენა და გაუხარდა კიდეც, ტროლეიბუსიდან ჩასვლის დრო რომ დადგა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მარგარიტა ნიკოლაევნა უკვე კრემლის კედელთან, მერხზე იჯდა და მანეჟს გასცქეროდა.

მზე თვალს სჭრიდა. სიზმარი გაახსენდა. გაახსენდა, ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ამავე მერხზე რომ იჯდა ოსტატის გვერდით. ახლაც, იმდღევანდელივით, შავი ჩანთა იდო მერხზე. მაგრამ დღეს ოსტატი აღარ იყო მასთან ერთად, თუმცა ფიქრით მაინც მას



238

თავი მეცხრამეტე - მარგარიტა

ესაუბრებოდა. „თუ გადაგასახლეს, რატომ არაფერს მატყობინებ? სხვები ხომ ახერხებენ? იქნებ აღარ გიყვარვარ? არა, რატომღაც ვერ ვიჯერებ. მაშასადამე, გადაგასახლეს და დაიღუპე... თუ ასეა, გემუდარები, გამათავისუფლე, მომეცი უნარი, თავისუფლად ვისუნთქო და ვიარსებო“. და მარგარიტა ნიკოლაევნა თვითონვე პასუხობდა: „შენ თავისუფალი ხარ... მე არ გიჭერ!“ და თვითონვე ეწინააღმდეგებოდა: „არა, ეგ რა პასუხია! ჩემი ხსოვნიდან უნდა წახვიდე, მხოლოდ მაშინ გავთავისუფლდები!“

მარგარიტა ნიკოლაევნას სიახლოვეს ხალხი მიმოდიოდა. ვიღაც კაცმა ცერად გამოხედა კიდეც ამ კარგად ჩაცმულ, ლამაზ და განმარტოებით მჯდარ ქალს. სკამის კიდეზე ჩამოუჯდა, მერე მხნეობა მოიკრიბა და უთხრა:

– მართლაც, რა კარგი ამინდია...

მარგარიტამ ისე მკაცრად გახედა, კაცი მაშინვე წამოდგა და გაეცალა.

„აი, მაგალითი, – ფიქრში ეუბნებოდა მარგარიტა იმას, ვინც მის გულს დაპატრონებოდა, – რატომ გავაგდე? ვზივარ მოწყენილი, ამ კაცს კი დასაწუნი არაფერი სჭირდა. იქნებ მხოლოდ ის ერთი სიტყვა: „მართლაც“... რატომ ვზივარ ბუსავით ამ კედელთან? რატომ ვერ მომიხერხებია სიცოცხლე?“

მარგარიტა ნიკოლაევნამ საბოლოოდ მოიწყინა და დანაღვლიანდა. მაგრამ ანაზდად ის დილანდელი მოლოდინის და აღტყინების ტალღა მოასკდა გულზე. „ჰო, მოხდება!“ ტალღა ხელმეორედ შემოეფრქვა და უცებ მიხვდა, რომ ეს ტალღა ხმიანი იყო. ქალაქის ხმაურში სულ უფრო გარკვევით ისმოდა მოახლოებული დოლებისა და საყვირების ოდნავ ყალბი ხმა.

პირველად ბაღის თეჯირს მიღმა ჩორთით მომავალი ცხენოსანი მილიციელი გამოჩნდა. მის უკან კი სამი ქვეითი მოაბიჯებდა. მერე ნელი სვლით გამოღოღდა მუსიკოსებით სავსე მანქანა, შემდეგ ახალთახალი, თავღია სატვირთო, რომელზეც გვირგვინშემოწყობილი კუბო იდგა, მის ოთხივ კუთხივ კი ოთხი გაჭიმული ადამიანი: სამი კაცი და ერთი ქალი. მარგარიტამ შორიდანვე შენიშნა, რომ მანქანის ძარაზე მდგარ ადამიანებს, უკანასკნელ გზაზე რომ მიაცილებდნენ განსვენებულს, საოცრად დაბნეული სახეები ჰქონდათ. დაბნეულობა, განსაკუთრებით, ქალს ეტყობოდა, რომელიც ავტოდროგის მარცხენა, უკანა კუთხეში იდგა. იმ ქალის დაბუშტულ ლოყებს თითქოს უფრო ბერავდა რაღაც პიკანტური საიდუმლო. მსუქან ლოყებში ჩაძირულ წვრილ თვალებში კი ორაზროვანი ცეცხლი უკრთოდა. გეგონებოდათ, საცაა ვეღარ მოითმენდა, თვალს ჩააპაჭუნებდა, მიცვალებულისკენ გადააქნევდა თავს და



239

თავი მეცხრამეტე - მარგარიტა

იტყოდა: „გინახავთ ასეთი რამე? პირდაპირ მისტიკაა!“ ასეთივე გაოცებული სახეები ჰქონდათ ფეხით მომავალთაც, დაახლოებით, სამასიოდე კაცი იქნებოდა. რომლებიც ნელა მიჰყვებოდნენ კუბოს.

მარგარიტამ თვალი გააყოლა მსვლელობას და ყური მიუგდო, როგორ თანდათან შორდებოდა თურქული დოლის ნაღვლიანი ხმა: „ბუმ, ბუმ, ბუმ“ და გაიფიქრა: „რა უცნაური გასვენებაა... და რა სევდისმომგვრელია დოლის ბუბუნი! ოჰ, ეშმაკს მივყიდდი სულს, ოღონდ გამაგებინა, ცოცხალია თუ მკვდარი! ნეტა ვის ასაფლავებენ, ასეთი გაოცებულები რომ მიჰყვებიან?“

– მიხაილ ალექსანდროვიჩ ბერლიოზს, – გვერდიდან შემოესმა ნიღნიღა ხმა, – „მასსოლიტის“ თავმჯდომარეს.

გაოცებული მარგარიტა ნიკოლაევნა შებრუნდა და სკამზე ვიღაც მოქალაქე დაინახა, რომელიც ალბათ, უხმაუროდ ჩამომჯდარიყო, ვიდრე თვითონ პროცესიას აკვირდებოდა და ეგებ თვითონაც დაბნეულობისაგან, ხმამაღლა წამოსცდა კითხვა.

ამასობაში პროცესიამ თანდათან შეანელა სვლა, ეტყობოდა, წინ შუქნიშანი აინთო.

– დიახ, – განაგრძო უცნობმა მოქალაქემ, – უცნაური განწყობაა, მიცვალებულს მიასვენებენ და იმაზე ფიქრობენ, სად უნდა გამქრალიყო მისი თავი!

– რომელი თავი? – ჰკითხა მარგარიტამ და ამ მოულოდნელ თანამოსაუბრეს დააკვირდა. დაბალი ტანის იყო, ალისფერი, წითური თმა და ღოჯი ჰქონდა, გახამებული პერანგი, ზოლიანი, საკმაოდ ხეირიანი კოსტიუმი და ლაკის ფეხსაცმელი ეცვა, თავზე ქვაბურა ქუდი ეხურა, ღია ფერის ჰალსტუხი ეკეთა. გასაოცარი ის გახლდათ, რომ იმ ჯიბიდან, სადაც მამაკაცები ცხვირსახოცს ან მუდმივ კალამს ინახავენ ხოლმე, ამ მოქალაქეს ქათმის ბარკლის გამოხრული ძვალი მოუჩანდა.

– იცით, რაშია საქმე, – აუხსნა წითურმა, – დღეს დილას გრიბოედოვის დარბაზში მიცვალებულის კუბოდან თავი მოიპარეს.

– ეგ როგორ უნდა მომხდარიყო? – დაუფიქრებლად ჰკითხა მარგარიტამ და მაშინვე ტროლეიბუსში მოსმენილი ჩურჩული გაახსენდა.

– ეშმაკმა უწყის, როგორ! – აგდებულად უპასუხა წითურმა, – თუმცა, მგონი, ურიგო არ



240

თავი მეცხრამეტე - მარგარიტა

იქნებოდა, ბეჰემოთისთვის მეკითხა ამის შესახებ. ძალიან მოხერხებულად აწაპნეს. დიდი აურზაური ატყდა. რაც მთავარია, გაუგებარია, ვის რაში უნდა დასჭირვებოდა თავი?

მარგარიტა ნიკოლაევნა თავისი სადარდელით კი იყო დაკავებული, მაგრამ მაინც გააოცა ამ უცნაური მოქალაქის სიცრუემ.

– მაპატიეთ, – უცებ მოეგო გონს, – ეს რომელი ბერლიოზია? დღეს რომ გაზეთში...

– დიახ, დიახ...

– მაშასადამე, ამ კუბოს ლიტერატორები მიჰყვებოდნენ? – იკითხა მარგარიტამ და უცებ გაიღიმა.

– ცხადია, ისინი ბრძანდებოდნენ!

– ამ ხალხს იცნობთ?

– ყველას, – უპასუხა წითურმა.

– მითხარით, – დაიწყო მარგარიტამ და ხმა ჩაეხლიჩა, – მათ შორის კრიტიკოსი ლატუნსკიც იყო?

– ცხადია, – უპასუხა წითურმა, – აგე, იქ დგას, მეოთხე რიგში, კიდეზე. – ეს ქერათმიანი? – თვალის მოჭუტვით ჰკითხა მარგარიტამ.

– ფერფლისფერთმიანი... ხედავთ, თვალები ცისკენ აქვს აპყრობილი. – მღვდელს რომ ჩამოჰგავს?

– დიახ, დიახ!

მარგარიტას მეტი აღარაფერი უკითხავს, ლატუნსკის აკვირდებოდა.

– როგორც ვხედავ, – ღიმილით უთხრა წითურმა, – ამ ლატუნსკის ვერ უნდა იტანდეთ.

– ზოგ სხვასაც ვერ ვიტან, – კბილებში გამოსცრა მარგარიტამ, – მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ ღირს.



241

თავი მეცხრამეტე - მარგარიტა

ამასობაში პროცესიამ გზა განაგრძო, ფეხით მიმავალთ უკან ცარიელი მანქანები მიჰყვებოდა.

– მართალს ბრძანებთ, არ ღირს, მარგარიტა ნიკოლაევნა. მარგარიტა გაოცდა.

– მიცნობთ?

პასუხის ნაცვლად წითურმა ქუდი მოიხადა და ორი თითით წკიპზე დაიჭირა.

„ნამდვილი ავაზაკის სახე აქვს!“ – გაიფიქრა მარგარიტამ და ქუჩაში გაცნობილ კაცს დააკვირდა.

– მე კი თქვენ არ გიცნობთ! – ცივად უთხრა მარგარიტამ.

– ცხადია, საიდან უნდა მიცნობდეთ! მიუხედავად ამისა, თქვენთან საქმეზე გამომგზავნეს. მარგარიტა გაფითრდა და უკან დაიხია.

– პირდაპირ ამით უნდა დაგეწყოთ, – უთხრა მან, – და რაღაც სისულელეები არ უნდა გელაპარაკათ მოპარულ თავზე. დაპატიმრებას მიპირებთ?

– სრულიადაც არა, – წამოიძახა წითურმა, – ეს რა უბედურებაა. თუ ადამიანს გამოელაპარაკები, აუცილებლად ჰგონიათ, რომ დაპატიმრებას უპირებ. უბრალოდ, თქვენთან მაქვს საქმე.

– ვერ გამიგია, რა საქმეზე მელაპარაკებით.

წითურმა მიმოიხედა და საიდუმლოდ უთხრა:

– გამომგზავნეს, რომ დღეს საღამოს, წვეულებაზე მიგიწვიოთ.

– რას ბოდავთ, სად უნდა მიმიწვიოთ?

– ერთ ძალიან დიდგვაროვან უცხოელთან, – გაიბღინძა წითური და თვალები მოჭუტა. მარგარიტა განრისხდა.

– როგორც ვხედავ, ახალი პროფესია გაჩენილა – ქუჩის მაჭანკლები, – უთხრა და წასასვლელად წამოდგა.



242

თავი მეცხრამეტე - მარგარიტა

– ძალიან კი დამავალეთ! – ნაწყენი ხმით იყვირა წითურმა და მიმავალ მარგარიტას ზურგში დააწია, – სულელო!

– არამზადავ! – მაშინვე თავი მიაბრუნა მარგარიტამ და იმავ წამს წითურის ხმა შემოესმა:

– „ხმელთაშუა ზღვიდან დაძრულმა უკუნმა ერთიანად გადაფარა პროკურატორის საძულველი ქალაქი იერუშალაიმი. გაქრა თავკიდული ბაღები, რომელიც ქალაქს ანტონიუსის ტაძართან აერთებდა... გაქრა იერუშალაიმი, დიდებული ქალაქი, თითქოს არც არსებულა ამქვეყნად... „ თქვენც მიწამ გიყოთ პირი თქვენი კიდეებშემომწვარი რვეულითა და გამხმარი ვარდით! ზიხართ ამ სკამზე მარტო, ემუდარებით, გაგათავისუფლოთ, სუნთქვის საშუალება მოგცეთ და ხსოვნიდან გაგცილდეთ!

ერთიანად გადამტკნარებული მარგარიტა სკამთან მიბრუნდა. წითური თვალმოჭუტული უცქეროდა.

– ვერაფერი გამიგია, – ჩუმად დაიწყო მარგარიტა ნიკოლაევნამ, – დავუშვათ, რვეულის შესახებ შეიტყვეთ... შემოძვერით, მითვალთვალეთ... ნატაშა მოისყიდეთ? მითხარით... მაგრამ ის როგორღა გაიგეთ, რას ვფიქრობდი? – მას ტანჯვით მოექცა სახე და დასძინა, – მითხარით, ვინ ხართ? რომელი დაწესებულებიდან?

– რა მოსაწყენები ხართ! – ჩაიბუზღუნა წითურმა და ხმამაღლა უპასუხა, – მაპატიეთ, აკი გითხარით, რომ არანაირი დაწესებულებიდან არ გახლავართ! დაბრძანდით, თუ შეიძლება!

მარგარიტა უსიტყვოდ დაემორჩილა და მაინც, დაჯდომისას, კიდევ ერთხელ ჰკითხა:

– მითხარით, ვინ ხართ?

– თქვენი ნებაა. მე აზაზელო მქვია, მაგრამ ჩემი სახელი მაინც ვერაფერს გეტყვით.

– ისიც მითხარით, საიდან შეიტყვეთ იმ ფურცლების შესახებ? ან როგორ მიხვდით, რას ვფიქრობდი?

– ვერ გეტყვით, – ცივად უპასუხა აზაზელომ.

– მის შესახებ თუ იცით რამე? – მუდარით ჰკითხა მარგარიტამ.



243

თავი მეცხრამეტე - მარგარიტა

– დავუშვათ, ვიცი.

– გემუდარებით, მხოლოდ ის მითხარით, ცოცხალია? ნუ მაწამებთ.

– დიახ, ცოცხალია, ცოცხალი! – უწადილოდ უპასუხა აზაზელომ.

– ღმერთო!

– თუ შეიძლება ნერვიულობას და ასეთ წამოძახილებს შეეშვით, – წარბი შეიკრა აზაზელომ.

– მაპატიეთ, მაპატიეთ, – ბუტბუტებდა უკვე დანებებული მარგარიტა, – მე, ცხადია, გაგიბრაზდით. მაგრამ, დამეთანხმეთ, რომ ქუჩაში ქალს სადღაც იწვევთ სტუმრად... გარწმუნებთ, ფარისევლობა არ მჩვევია... – სევდიანად გაიღიმა მარგარიტამ, – მაგრამ არც უცხოელებს ვხვდები და არც მათი გაცნობის სურვილი მაქვს... ამას გარდა, ჩემი მეუღლე... ჩემი უბედურება ის გახლავთ, რომ იმ ადამიანთან ვცხოვრობ, ვინც არ მიყვარს, მაგრამ ვერც ცხოვრებას დავუნგრევ, მისგან სიკეთის მეტი არაფერი მახსოვს...

აზაზელომ დაუფარავი მოწყენილობით მოუსმინა მთელ ამ აბდაუბდას და მკაცრად უთხრა:

– გთხოვთ, ერთი წუთით გაჩუმდეთ. მარგარიტა მორჩილად დადუმდა.

– მე ისეთ უცხოელთან გიწვევთ, ვისთანაც არანაირი საფრთხე არ გელით და არც ერთ სულიერს არ ეცოდინება ამ შეხვედრის შესახებ. ამის პირობას გაძლევთ.

– მე რაში დავჭირდი? – კითხვა შეაპარა მარგარიტამ.

– ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობთ.

– მესმის... უნდა დავნებდე, არა? – ფიქრის შემდეგ იკითხა მარგარიტამ. პასუხად აზაზელომ როგორღაც ქედმაღლურად ჩაიქირქილა და უთხრა:

– შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მსოფლიოს ნებისმიერი ქალი იოცნებებდა ამაზე, – და სახე სიცილით მოექცა, – მაგრამ გული უნდა დაგწყვიტოთ – ეგ არ მოხდება.

– ასეთი ვინ არის? – ისე ხმამაღლა წამოიძახა დაბნეულმა მარგარიტამ, რომ



244

თავი მეცხრამეტე - მარგარიტა

გამვლელებმა მოხედეს, – ან რატომ უნდა გამოგყვეთ მასთან სტუმრად?

აზაზელო მისკენ გადაიხარა და მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა:

– თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება... შემთხვევით ისარგებლებთ...

– რა? – ისე იყვირა მარგარიტამ, თვალებიც კი დაუმრგვალდა, – თუ სწორად გაგიგეთ, იქ მის შესახებ შევიტყობ რამეს?

აზაზელომ უსიტყვოდ დაუქნია თავი.

– მოვდივარ! – მთელი ხმით იყვირა მარგარიტამ და აზაზელოს სახელოზე სწვდა, –

მოვდივარ! სადაც გნებავთ, იქ წამოგყვებით!

აზაზელომ თავისუფლად ამოისუნთქა, სკამს მიეყრდნო, ზურგით დაფარა ძელზე ამოჭრილი „ნიურა“ და დამცინავად დაიწყო:

– ძნელი ასატანი ხალხი ხართ ეს ქალები! – მან ჯიბეში ჩაიწყო ხელები და ფეხები გაჩაჩხა, –

რაღა მე გამომგზავნეს? ბეჰემოთი უნდა წამოსულიყო, სიმპათიური მაინც არის...

მარგარიტამ ცერად და საბრალოდ გაუღიმა:

– თუ ღმერთი გწამთ, მისტიფიკატორობას თავი დაანებეთ და გამოცანებით ნუ მტანჯავთ... მე ერთი უბედური ქალი ვარ და ამით ნუ ისარგებლებთ. ვიცი, რაღაც უცნაურ ამბავში ვყოფ თავს, მაგრამ, გეფიცებით, მხოლოდ იმიტომ, მისი სიტყვებით რომ მიხმეთ! ამდენი გაუგებრობით თავბრუ მესხმის...

– ნუ ნერვიულობთ, ნუ ნერვიულობთ, – მანჭვა-გრეხით უთხრა აზაზელომ, – მეც ხომ ცოდო ვარ. ჩემი პირდაპირი სპეციალობა ის გახლავთ, ადმინისტრატორს სიფათში ვთხლიშო, ბიძას ჭიტლაყი ამოვკრა, ვინმეს ტყვია ვესროლო ან ამგვარი უმნიშვნელო ამბები მოვაგვარო, მაგრამ შეყვარებულ ქალებთან ლაპარაკისგან ღმერთმა დამიფაროს. აი, უკვე ნახევარი საათია თქვენს დაყოლიებას ვცდილობ. მაშასადამე, მოდიხართ?

– მოვდივარ, – უბრალოდ უპასუხა მარგარიტამ.



245

თავი მეცხრამეტე - მარგარიტა

– მაშინ ეს გამომართვით, – უთხრა აზაზელომ, ჯიბიდან ოქროს მრგვალი ფლაკონი ამოიღო და მარგარიტას გაუწოდა, – ახლავე დამალეთ, თორემ გამვლელები გვიყურებენ. ეს ფლაკონი გამოგადგებათ, მარგარიტა ნიკოლაევნა. ამ უკანასკნელ ნახევარ წელიწადში საგრძნობლად დაბერებულხართ (მარგარიტა წამოენთო, მაგრამ არაფერი უპასუხია, აზაზელომ კი განაგრძო), დღეს საღამოს, ზუსტად ათ საათზე, კეთილი ინებეთ, ტანთ გაიხადეთ და მთელი ტანი და სახე ამ ნელსაცხებლით დაიზილეთ. შემდეგ, რაც გენებოთ, ის გააკეთეთ, მაგრამ ტელეფონს არ მოშორდეთ. ათ საათზე დაგირეკავთ და რაც საჭიროა, ყველაფერს გეტყვით. თქვენ არაფერზე მოგიწევთ შეწუხება, იქ მიგიყვანენ, სადაც საჭიროა და თმის ერთი ღერიც არ შეგერხევათ, გასაგებია?

მარგარიტა დუმდა, შემდეგ უთხრა:

– გასაგებია. ეს საგანი ბაჯაღლო ოქროსია, სიმძიმეზე ეტყობა. რას ვიზამ, მშვენივრად მესმის, რომ ქრთამს მაძლევთ და რაღაც ჭუჭყიან ამბავში მხვევთ, რასაც მოგვიანებით ძალიან ვინანებ.

– რა დაგემართათ? – თითქმის წაისისინა აზაზელომ, – ისევ დაიწყეთ? – არა, მოიცადეთ!

– ახლავე დამიბრუნეთ ნელსაცხებელი.

– მისმინეთ... ვიცი, რატომაც დაგთანხმდით, ყოველივე ამას მხოლოდ მისი გულისთვის ვაკეთებ, რადგან ამქვეყნად მეტი აღარაფერი დამრჩენია. ოღონდ, ერთი რამ მინდა გითხრათ, თუ დამღუპავთ, აუცილებლად შეგრცხვებათ! დიახ, შეგრცხვებათ მაინც! მე სიყვარულისთვის ვიღუპები! – მკერდზე ხელი მიიდო მარგარიტამ და მზეს ახედა.

– ახლავე დამიბრუნეთ, – კვლავ წაისისინა აზაზელომ, – ახლავე დამიბრუნეთ და ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი. ამიერიდან ბეჰემოთი გამოგზავნონ.

– არა! – წამოიძახა მარგარიტამ და ისევ დააფეთა გამვლელები, – ყველაფერზე თანახმა ვარ, თანახმა ვარ, ეს კომედია გავითამაშო, ნელსაცხებელი წავისვა, ეშმაკს მივყიდო სული, არ დაგიბრუნებთ!

– ოჰო! – უცებ დაიღრიალა აზაზელომ და თვალებგადმოკარკლულმა თითი ბაღის ჯებირისკენ გაიშვირა.



246

თავი მეოცე - აზაზელოს ნელსაცხებელი

მარგარიტა იქით შებრუნდა, საითაც აზაზელო ანიშნებდა, მაგრამ ვერაფერი შენიშნა და როცა ხელახლა მოაბრუნა თავი, რათა ეკითხა, ასე რამ გაგაოცათო, პასუხის გამცემი აღარავინ დახვედრია: იდუმალი თანამოსაუბრე გამქრალიყო. მარგარიტამ სწრაფად ჩაიყო ჩანთაში ხელი, სადაც ამ წამოყვირებამდე ჩამალა ფლაკონი, დარწმუნდა, რომ ჩანთაში იდო და აჩქარებული ნაბიჯით გაეცალა ალექსანდრეს პარკს.

თავი მეოცე - აზაზელოს ნელსაცხებელი

ნეკერჩხლის ტოტებს იქით, საღამოსეულ სუფთა ცაზე ბდღვრიალა, სავსე მთვარე ეკიდა. არყის ხეებისა და იასამნების ჩრდილს ბაღში, მიწაზე რთული ჩუქურთმა მოეხატა. კოშკში გამავალი ოთახის სამკარედიანი ფანჯარა ღია იყო, მაგრამ ფარდაჩამოფარებული და ელექტრონის შუქით გაჩახჩახებული. მარგარიტა ნიკოლაევნას საძინებელ ოთახში ყველა ნათურა ენთო და აწეწილ-დაწეწილ ოთახს ანათებდა. საწოლზე პერანგები, წინდა და თეთრეული ეყარა, დაჭმუჭნილი ზეწრები კი პირდაპირ იატაკზე მიეყარა, შემთხვევით გასრესილი პაპიროსის კოლოფის გვერდით. ფეხსაცმელი ღამის მაგიდაზე ეწყო, ჯერ შეუსმელი ყავის ფინჯნის და საფერფლის გვერდით, რომელშიც პაპიროსი ბოლავდა. სკამის საზურგეზე საღამოს შავი კაბა იყო გადაფენილი... ოთახში სუნამოს სურნელი ტრიალებდა. ამას გარდა, სადღაც შორიდან იპარებოდა გახურებული უთოს სუნი.

მარგარიტა ნიკოლაევნა ტრიუმოსთან იჯდა, შიშველ ტანზე საბანაო ხალათი ჰქონდა შემოცმული, ფეხზე ნატის შავი ფეხსაცმელი ეცვა. ოქროსსამაჯურიანი საათი წინ ედო, აზაზელოს ყუთის გვერდით და თვალმოუშორებლად დასცქეროდა ციფერბლატს. დროდადრო ეჩვენებოდა, რომ საათი გაფუჭებულიყო და ისრები აღარ მოძრაობდა. ისრები, ცხადია, მოძრაობდა, ოღონდ ძალიან ნელა, თითქოს მიწებებოდა ერთმანეთს და ბოლოს, გრძელმა ისარმა ათის ოცდაცხრა წუთს მიაღწია. მარგარიტას გული ამოვარდნაზე ჰქონდა. უცებ ვერც კი შეძლო ყუთის აღება. შემდეგ თავს მოერია, ფლაკონი გახსნა და შიგ მოყვითალო ფერის ცხიმიანი საცხი დაინახა. მოეჩვენა, თითქოს საცხს ჭაობის სუნი უდიოდა. თითით სულ ცოტა ამოიღო, ხელისგულზე დაიდო, ოთახში უფრო მძაფრად დატრიალდა ტყისა და ჭაობის ბალახთა სუნი, და ხელისგულებით ლოყებსა და შუბლზე შეიზილა. საცხი რბილად ედებოდა და, როგორც მარგარიტას მოეჩვენა, იმავ წამს ორთქლდებოდა. ცოტა ხნის ზელის შემდეგ, მარგარიტამ სარკეში შეხედა თავს, ყუთი ხელიდან გაუვარდა, საათის მინას დაეცა და გაბზარა. მარგარიტამ თვალი დახუჭა, შემდეგ ისევ სარკეს შეხედა და ახარხარდა.



247

თავი მეოცე - აზაზელოს ნელსაცხებელი

ამოქნილი, ძაფივით დაწვრილებული წარბები გაუსქელდა და შავ, მომშვილდულ რკალად გადაეკლაკნა მწვანედ აბდღვრიალებულ თვალებზე. წვრილი, ვერტიკალური ნაოჭი, შუბლზე მაშინ, იმ ოქტომბერს, ოსტატის გაქრობის შემდეგ რომ გაუჩნდა, ახლა უკვალოდ გაქრობოდა. აღარც საფეთქლებზე აჩნდა მოყვითალო ლაქები და თვალის კიდეებიდან გაქსელილი წვრილ-წვრილი ნაოჭებიც გადასწორებოდა. ლოყებზე კანი ზომიერი ვარდისფრით დაეფარა, შუბლი გაუთეთრდა და დაეწმინდა. საპარიკმახეროში დახვეული თმაც დაეშალა.

ოცდაათი წლის მარგარიტას სარკიდან ოცი წლის შავგვრემანი, ხუჭუჭთმიანი, ახარხარებული და კბილებაელვებული ქალი უმზერდა.

სიცილით გული რომ იჯერა, მარგარიტამ ერთი ხელის გაქნევით გაიძრო ხალათი, ცხიმიანი, სასიამოვნო საცხი ბლომად ამოიღო ფლაკონიდან და ტანზე ღონივრად დაიწყო შეზელა. კანი მაშინვე გაუვარდისფრდა და მზით გაერუჯა. იმავ წამს, თითქოს ტვინიდან ნემსები ამოაძვრესო, საფეთქლების ტკივილი დაუცხრა, ალექსანდრეს პარკში გასეირნების შემდეგ რომ აწუხებდა. ხელ-ფეხზე კუნთები დაეჭიმა და ანაზდად იგრძნო, რომ სხეულმა წონა დაკარგა.

ის შეხტა და იქვე, ნოხთან, ჰაერში დაეკიდა. მერე ნელ-ნელა დაიწია ქვევით და ისევ იატაკზე დაეშვა.

– აი, საცხიც ამას ჰქვია! საცხიც ამას ჰქვია! – იყვირა მარგარიტამ და სავარძელში ჩაჯდა.

საცხმა მარტო გარეგნულად როდი შეცვალა. ახლა მთელ სხეულში, მის ყოველ კუნჭულში, სიხარული იწყებდა ფეთქვას, რომელსაც გაბნეული, მჩხვლეტავი ბურთულებივით შეიგრძნობდა. მარგარიტამ იგრძნო, რომ სრულიად თავისუფალი იყო. ამას გარდა, საოცარი სიცხადით ხვდებოდა, რომ სწორედ ის აღსრულდა, რასაც ამ დილას კარნახობდა გუმანი, რომ სამუდამოდ ტოვებდა ამ ბინას და ყოფილ ცხოვრებას. მაგრამ ამ ყოფილი ცხოვრებიდან მაინც მოიმსხვრა ფიქრი იმის შესახებ, რომ ერთი უკანასკნელი ვალიც უნდა აღესრულებინა, ვიდრე ამ ახალ, უჩვეულო, მაღლა, ჰაერში ამტაცებელ ცხოვრებას დაიწყებდა. და როგორც იყო, შიშველი გაიჭრა საძინებლიდან, ფრენა-ფრენით შევარდა ქმრის კაბინეტში, შუქი აანთო და საწერ მაგიდას ეცა. უბის წიგნაკიდან ამოხეულ ფურცელზე დიდი ასოებით, ფანქრით ლამაზად დაწერა:

„მაპატიე და, რაც შეიძლება, სწრაფად დამივიწყე. სამუდამოდ გტოვებ. ნუ მომძებნი,



248

თავი მეოცე - აზაზელოს ნელსაცხებელი

მაინც ვერ მიპოვი. თავს დატეხილი უბედურებისა და ტანჯვისაგან ალქაჯად ვიქეცი. ჩემი წასვლის დროა. მშვიდობით, მარგარიტა“.

და უკვე ყველაფრისაგან თავდახსნილი მარგარიტა არხეინად შეფრინდა საძინებელ ოთახში, უკან კი საუთოებლებით დატვირთული ნატაშა მიჰყვა. იმავ წამს ყველა ის ნივთი – ხის საკიდებზე ჩამოცმული კაბები, მაქმანიანი ცხვირსახოცები, ცისფერი აბრეშუმის გადაჯვარედინებული ფეხსაცმელი და ქამარი – ყველაფერი იატაკზე დაცვივდა და ნატაშამ გათავისუფლებული ხელებით ტაში შემოჰკრა:

– რაო, მოგწონვარ? – ხმამაღლა, ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა მარგარიტამ.

– ეს როგორ მოხდა? – ჩურჩულებდა გაოცებული ნატაშა და უკან-უკან იხევდა, – ამას როგორ ახერხებთ, მარგარიტა ნიკოლაევნა?

– საცხის ბრალია, საცხის! საცხის! – უპასუხა მარგარიტამ, ოქროს ფლაკონზე მიუთითა და ისევ დაბზრიალდა.

ნატაშას იატაკზე მიყრილ-მოყრილი, დაჭმუჭნილი კაბები გადაავიწყდა, ტრიუმოსთან მიირბინა და ხარბი, ანთებული თვალებით დააჩერდა დარჩენილ საცხს. ტუჩები რაღაცას ჩურჩულებდნენ. მერე ისევ მარგარიტასკენ შებრუნდა და აღტაცებულმა ჩაიბუტბუტა:

– რა კანი გაქვთ! კანი! მარგარიტა ნიკოლაევნა, თქვენი კანი ანათებს! – უცებ გონს მოეგო, კაბასთან მიირბინა, იატაკიდან აიღო და დაფერთხა.

– თავი გაანებეთ! მოეშვით! – უყვიროდა მარგარიტა, – ეშმაკსაც წაუღია! გადაყარეთ ყველაფერი! თუმცა არა, თქვენთვის მიჩუქნია. გესმით, ჩემგან გქონდეთ სახსოვრად. ყველაფერი წაიღეთ, რაც კი ამ ოთახშია.

ნატაშა გაოგნებული იდგა, ერთხანს მარგარიტას უცქეროდა, შემდეგ კისერზე ხელი მოხვია, კოცნიდა და გაჰყვიროდა:

– ხავერდოვანი, ანათებს! ხავერდოვანი! წარბები, ღმერთო, რა წარბები გაქვთ?!

– წაიღეთ ჩემი ტანსაცმელი, სუნამოები და თქვენს ზანდუკში ჩააწყვეთ, დამალეთ, – ყვიროდა მარგარიტა, – ძვირფასეულობას კი ხელი არ ახლოთ, თორემ ქურდობას დაგწამებენ.



249

თავი მეოცე - აზაზელოს ნელსაცხებელი

ნატაშამ ერთად მოხვეტა ყველაფერი – კაბები, ფეხსაცმელები, წინდა, თეთრეული – და საძინებლიდან გაიჭრა.

ანაზდად, საიდანღაც, ჩიხის მოპირდაპირე მხარის ღია ფანჯრიდან დიდებულმა ვალსმა დაიქუხა და კარიბჭესთან მოსრიალებული მანქანის თუხთუხიც გაისმა.

– საცაა აზაზელო დარეკავს! – წამოიძახა მარგარიტამ და ჩიხში დაღვრილ ვალსს მიუგდო ყური, – დარეკავს! ის უცხოელი კი არაფერს მავნებს! ჰო, ახლა კი ვხვდები, რომ ხიფათს არ გადამყრის.

მანქანა ისევ ახმაურდა, კარიბჭეს მოსცილდა, ჭიშკარმაც გაიბრახუნა და მოკირწყლულ ბილიკზე ნაბიჯის ხმა გაისმა.

„ნიკოლაი ივანოვიჩია, ნაბიჯით ვცნობ, – გაიფიქრა მარგარიტამ, – გამოსათხოვრად რაღაც ძალზე სასაცილო და მნიშვნელოვანი უნდა ჩავიდინო“.

მარგარიტამ ფარდა გადასწია, რაფაზე გვერდულად ჩამოჯდა და მუხლებზე შემოისალტა ხელები. მთვარის შუქმა აულოკა მარჯვენა მხარი. მარგარიტამ მთვარისკენ იბრუნა პირი და დაფიქრებული, პოეტური სახე მიიღო. ნაბიჯის ხმა ერთი-ორჯერ კიდევ გახმიანდა და უცებ შეწყდა. მარგარიტა ერთხანს კიდევ ტკბებოდა მთვარის ცქერით, მერე წესისამებრ ამოიოხრა, ბაღისკენ შეაბრუნა სახე და მართლაც ნიკოლაი ივანოვიჩი დაინახა, იმავე სახლის პირველ სართულზე რომ ცხოვრობდა. მთვარე დანათოდა ნიკოლაი ივანოვიჩს, ძელსკამზე იჯდა და ეტყობოდა, მოწყვეტით იყო ზედ დაცემული. ცხვირზე წამოცმული პენსნე გვერდზე მოქცეოდა, პორტფელს მაგრად უჭერდა ხელს.

– ოჰ, გამარჯობა, ნიკოლაი ივანოვიჩ, – ნაღვლიანი ხმით უთხრა მარგარიტამ, – საღამო მშვიდობისა! თათბირიდან მობრძანდებით?

ნიკოლაი ივანოვიჩმა არაფერი უპასუხა.

– მე კი, – განაგრძო მარგარიტამ და მთელი ტანით ფანჯრიდან გადაიხარა, – როგორც ხედავთ, მარტო ვზივარ, მოწყენილი, მთვარეს გავცქერი და ვალსს ვუსმენ.

მარგარიტამ მარცხენა ხელი საფეთქელზე გადაისვა, კულულები შეისწორა და უცებ გაბრაზებულმა უთხრა:



250

თავი მეოცე - აზაზელოს ნელსაცხებელი

– ეს უკვე უზრდელობაა, ნიკოლაი ივანოვიჩ! ბოლოს და ბოლოს, ქალი ვარ! რა თავხედობაა, კითხვაზე რატომ პასუხს არ მცემთ?

ნიკოლაი ივანოვიჩმა, ერთიანად რომ დანათოდა მთვარე, ნაცრისფერ ჟილეტზე ყველა ღილს რომ გამოურჩევდით და ღერა-ღერა დაუთვლიდით ქერა წვერს, უცებ ჩაიცინა, სკამიდან წამოდგა და ალბათ, დაბნეულობისგან თავგზააბნეულმა, ნაცვლად იმისა, რომ შლაპა მოეხადა, პორტფელი გაიქნია და მუხლი მოიდრიკა, თითქოს ცეკვას აპირებსო.

– ოჰ, რა მოსაწყენი ადამიანი ხართ, ნიკოლაი ივანოვიჩ, – განაგრძო მარგარიტამ, – საერთოდ, ყველამ ისე მომაბეზრეთ თავი, ვერც კი აგიწერთ და რა ბედნიერი ვარ, ვეღარასოდეს რომ ვეღარ გნახავთ! ეშმაკსაც წაუღიხართ ყველა!

იმწუთას, მარგარიტას ზურგს უკნიდან, საძინებელ ოთახში ტელეფონი აწკრიალდა. მარგარიტას მაშინვე გადაავიწყდა ნიკოლაი ივანოვიჩი, რაფიდან ჩამოხტა და ყურმილს ეცა.

– აზაზელო ვარ, – უთხრა ყურმილმა.

– ჩემო ძვირფასო, ჩემო კეთილო აზაზელო! – წამოიძახა მარგარიტამ.

– დროა! გამოფრინდით, – უთხრა აზაზელომ და ხმაზე ეტყობოდა, რომ სიამოვნებდა მარგარიტას ეს გულწრფელი, მხიარული შეძახილი, – ჭიშკარს რომ გადაუფრენთ, დაიყვირეთ: „უჩინარი ვარ“. ერთხანს ქალაქის თავზე იფრინეთ, ვიდრე მიეჩვეოდეთ, მერე აღმოსავლეთისკენ აიღეთ გეზი, მდინარისაკენ. იქ გელოდებიან.

მარგარიტამ ყურმილი დაკიდა, იმავ წამს მეზობელი ოთახიდან რაღაც რაკუნი გაისმა და კარზეც მოაკაკუნეს. მარგარიტამ კარი ყურთამდე გამოაღო და ჯაგარაყალყული იატაკის ჯოხი ცეკვა-ცეკვით შემოფრინდა საძინებელში. ზედა ბოლოთი იატაკს ეხლებოდა, იკლაკნებოდა და ფანჯრისკენ იწევდა გასაფრენად. მარგარიტას აღფრთოვანებული კივილი აღმოხდა და ცოცხზე ამხედრდა. მაშინღა გაუელვა თავში, რომ ამ არეულობაში ჩაცმა დავიწყებოდა. ხტუნვა-კუნტრუშით მიირბინა საწოლთან, ხელთ მოხვედრილი ვარდისფერი პერანგი აიტაცა, დროშასავით აიქნია და ფანჯარაში გაიჭრა. და უფრო ძალუმად დასჭექა ვალსმა.

ფანჯრიდან მარგარიტა ძირს ჩასრიალდა და სკამზე ჩამომჯდარი ნიკოლაი ივანოვიჩი დაინახა, ის თითქოს მიჰყინვოდა სკამს და სრულიად გაოგნებული აყურადებდა ზედა სართულზე მცხოვრებთა განათებული საძინებელი ოთახიდან მონადენ ყვირილსა და ხმაურს.



251

თავი ოცდამეერთე - გაფრენა

– მშვიდობით, ნიკოლაი ივანოვიჩ! – დაუკივლა მარგარიტამ და ცეკვა-ცეკვით წინ ჩაუფრინა.

ნიკოლაი ივანოვიჩმა ერთი ამოიკვნესა, სკამზე ხელების ცეცებით გაჩოჩდა და მიწაზე გადმოანარცხა პორტფელი.

– სამუდამოდ გემშვიდობებით, მივფრინავ! – ყვიროდა მარგარიტა და ცდილობდა, ვალსის ხმა გადაეფარა. უცებ მიხვდა, რომ პერანგი საერთოდ არ სჭირდებოდა, ბოროტად გადაიხარხარა და ნიკოლაი ივანოვიჩს ჩამოაცვა თავზე. დაბრმავებული ნიკოლაი ივანოვიჩი სკამიდან აგურით მოკირწყლულ ბილიკზე გადმოვარდა.

მარგარიტა შებრუნდა, უნდოდა უკანასკნელად შეევლო თვალი იმ სახლისათვის, სადაც ამდენ ხანს ეწამებოდა და გაჩახჩახებულ ფანჯარაში ნატაშას გაოცებისგან მოქცეულ სახეს მოჰკრა თვალი.

– მშვიდობით, ნატაშა! – გასძახა მარგარიტამ და ცოცხი მოქაჩა, – უჩინარი ვარ, უჩინარი! – უფრო ხმამაღლა იკივლა მან. სახეში შეხლილ ნეკერჩხლის ტოტებში გააღწია, ჭიშკარი გადაიფრინა, ჩიხში გაიჭრა და კვალად აედევნა ერთიანად გადარეული ვალსი.

თავი ოცდამეერთე - გაფრენა

უჩინარი და თავისუფალი! უჩინარი და თავისუფალი! მარგარიტამ ჩიხს ჩაუფრინა და ამ პირველის გადამკვეთ მეორე ჩიხში გაუხვია. ეს საკერებლიანი, დაკემსილი, მიღრეცილ- მოღრეცილი გრძელი ჩიხი, კუთხეში გადაფერდებული ნავთის ფარდული რომ აგვირგვინებდა, სადაც კათხებით ყიდდნენ ნავთს და ბოთლებით – მავნე მწერების საწინააღმდეგო სითხეს, მან თვალის დახამხამებაში გადაჭრა და უცებ მიხვდა, სრულიად უჩინარსა და თავისუფალს ტკბობაშიც უნდა სცოდნოდა ზღვარი. ლამის გადაბრეცილ ფარანს არ შეასკდა, რაღაც სასწაულით მოასწრო დამუხრუჭება. ფარანს თავდაღწეულმა მარგარიტამ ცოცხის ტარს მაგრად მოუჭირა ფეხები, უფრო ნელა გაფრინდა, თან ელექტრომავთულებს და ტროტუარის გასწვრივ გამოკიდებულ ნიშნებს აკვირდებოდა.

მესამე ჩიხი პირდაპირ არბატისკენ მიემართებოდა. ამ დროისათვის მარგარიტა უკვე გაიწაფა ცოცხის მართვაში, მიხვდა, ხელის ან ფეხის მცირე გარხევასაც რომ ემორჩილებოდა, და რომ ქალაქის თავზე ფრენისას, დიდი ყურადღება და თავის მოთოკვა იყო საჭირო. ამას გარდა, უკვე ჩიხშივე მიხვდა, რომ ფეხით მოსიარულენი ვერ ხედავდნენ. არავის აუწევია თავი,



252

თავი ოცდამეერთე - გაფრენა

არ წამოუძახია: „შეხედე! შეხედე!“ არც გვერდზე გამხტარან, არც უკივლიათ და გული არ წასვლიათ, არც შეშლილებივით დაუწყიათ ხარხარი. მარგარიტა უხმოდ მიფრინავდა, ძალიან ნელა და დაბლა, დაახლოებით მეორე სართულის სიმაღლეზე. მაგრამ ამ ნელი ფრენის დროსაც, თვალისმომჭრელად განათებული არბატის ჩიხში გზა აებნა და რომელიღაც განათებულ, ისარმიხატულ ფირნიშს გაჰკრა მხარი. ამან გააბრაზა. მის ნებას დამორჩი- ლებული ცოცხი შეაყენა, ოდნავ გვერდით გადაინაცვლა, გამოქანდა, ცოცხის ბოლო აჰკრა რგოლს და ჩამოამსხვრია. ნამსხვრევები რაჩხარუჩხით ჩაშვავდა ქვაფენილზე, გამვლელები მიმოიფანტნენ, ვიღაცამ დაუსტვინა კიდეც, მარგარიტა კი აღტაცებული ხარხარებდა. „არბატზე ალბათ მეტი სიფრთხილე მმართებს, – გაიფიქრა მან, – აქ ყველაფერი ერთმანეთშია არეული, წესიერად გზასაც ვერ გაიკვლევ“. მარგარიტამ ფრთხილად დაიწყო მავთულებს შორის ყვინთვა. ქვევით ტროლეიბუსის, ავტობუსის და მსუბუქი მანქანების სახურავები მიცურავდა, ტროტუარებზე, ზემოდან მაინც ასე ჩანდა, კეპიანი ქუდების მდინარე მოედინებოდა. ალაგ-ალაგ ამ მდინარეებიდან ნაკადულები გამოედინებოდა და ღამეული მაღაზიების განათებულ ხახებში ინთქმებოდა. „ო, რამდენი არიან, – ბრაზიანად ფიქრობდა მარგარიტა, – აქ ნემსის ჩასაგდებ ადგილსაც ვერ მოძებნი“. მან არბატი გადაჭრა, ოდნავ მაღლა აინაცვლა – მეოთხე სართულის სიმაღლეზე, თეატრის კუთხური შენობის თვალისმომჭრელად გაბრწყინებულ მილებს ჩაუარა და მრავალსართულიანი ბინებით სავსე ვიწრო ჩიხში შეუხვია. ფანჯრები ღია იყო და ყოველი ფანჯრიდან მუსიკა იფრქვეოდა. მარგარიტას სულმა წასძლია და ერთ-ერთ მათგანში შეიხედა. სამზარეულო დაინახა. ორი პრიმუსი შიშინებდა ქურაზე. იქვე ორი ქალი იდგა, ხელში კოვზები ეჭირათ და კინკლაობდნენ:

– იცით, რას გეტყვით, პელაგეა პეტროვნა, საპირფარეშოდან გამოსვლისას შუქი უნდა ჩააქროთ ხოლმე, – ამბობდა ის ქალი, ვისაც ორთქლიანი ქვაბი ედგა ქურაზე, – თუ არა და, თქვენს გასახლებას მოვითხოვ!

– გირჩევნიათ, თქვენს თავს მიხედოთ, – პასუხობდა მეორე.

– აჯობებს ორივემ საკუთარ თავს მიხედოთ, – ხმამაღლა თქვა ფანჯრიდან სამზარეულოში თავშეყოფილმა მარგარიტამ. მოჩხუბრებმა იქით გაიხედეს, საიდანაც ხმა ისმოდა და

ჭუჭყიანი კოვზები ხელში შეაცივდათ. მარგარიტამ ფრთხილად გაიწვდინა ხელი, ორივე პრიმუსის გამომრთველი გადაატრიალა და ჩააქრო. პირდაღებულმა ქალებმა ამოიგმინეს, მაგრამ მარგარიტას უკვე მოსწყინდა ამ სამზარეულოში და ისევ ქუჩაში გაფრინდა.



253

თავი ოცდამეერთე - გაფრენა

ჩიხის ბოლოს მისი ყურადღება ერთი რვასართულიანი, ალბათ ახლახან აშენებული სახლის ბრწყინვალებამ მიიპყრო. მარგარიტა ქვევით დაეშვა, მიწაზე დადგა და შავი მარმარილოთი მოპირკეთებული, ფართოკარიანი სახლი შეათვალიერა. კარს მიღმა, მინებში შვეიცარის ოქროსფრად მოელვარე ქუდსა და ღილებს ჰკიდა თვალი, კარზე კი იმავე ოქროსფრით ეწერა:

„დრამლიტის სახლი“.

თვალმოჭუტული მარგარიტა დიდხანს უცქეროდა წარწერას და ცდილობდა მიმხვდარიყო, რას ნიშნავდა „დრამლიტი“. მან ცოცხი იღლიაში ამოიჩარა, სადარბაზოში შევიდა, კარი გაოცებულ შვეიცარს მიარტყა და ლიფტის გვერდით, კედელზე გაკრული შავი, უზარმაზარი დაფა დაინახა, რომელზეც თეთრი ასოებით ბინის ნომრები და მობინადრეთა გვარები იყო ამოკვეთილი. შემდეგ სიის ბოლოში მიწერილ „დრამატურგთა და ლიტერატორთა სახლსაც“ მოჰკრა თვალი და ველური, მხიარული ხავილი აღმოხდა. მარგარიტამ სიას ააყოლა თვალი და ხარბად დაეწაფა გვარებს: ხუსტოვი, დვუბრატსკი, კვანტი, ბესკუდნიკოვი, ლატუნსკი... .

– ლატუნსკი!- დაიჭყივლა გახარებულმა, – ლატუნსკი! ის არის! ამან დაღუპა ოსტატი.

კართან მდგარი თვალებდაჭყეტილი შვეიცარი ლამის ადგილზე ხტუნავდა და გაოცებული შესცქეროდა შავ დაფას. ვერა და ვერ გაერკვია ეს სასწაული, ვერ მიმხვდარიყო, მოულოდნელად რატომ აჭყივლდა მობინადრეთა სია. ამასობაში კი მარგარიტა უკვე თავაწყვეტილი მიუყვებოდა კიბეს და ნეტარებით იმეორებდა:

– ლატუნსკი – ოთხმოცდაოთხი! ლატუნსკი – ოთხმოცდაოთხი...

აჰა, მარცხენა კარი – 82, მარჯვნივ – 83, უფრო ზევით, მარცხნივ – 84. აქ არის. აი, წარწერაც „ო.

ლატუნსკი“.

მარგარიტა ცოცხიდან გადმოხტა და გავარვარებული ფეხისგულებით სასიამოვნოდ შეიგრძნო იატაკის სიგრილე. მარგარიტამ ერთხელ დარეკა, მეორედ, მაგრამ კარი არავის გაუღია. უფრო ღონივრად დააწვა ღილაკს, თვითონაც ესმოდა ლატუნსკის ბინაში ატეხილი ზრიალი. დიახ, მერვე სართულზე, No 84 ბინის მფლობელი, სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი უნდა დარჩენილიყო აწ განსვენებული ბერლიოზისა, ტრამვაიმ რომ გაიტანა და



254

თავი ოცდამეერთე - გაფრენა

„მასსოლიტის“ თავმჯდომარისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო თათბირი სწორედ ამ საღამოს დაინიშნა. მართლაც ბედნიერ ვარსკვლავზე იყო დაბადებული კრიტიკოსი ლატუნსკი. სწორედ ამ თათბირმა იხსნა იმ პარასკევს ალქაჯად ქცეულ მარგარიტასთან შეხვედრისაგან!

კარს არავინ აღებდა. მაშინ მარგარიტა კისრისტეხით დაეშვა თავქვე, თან სართულებს ითვლიდა. სადარბაზოდან ქუჩაში გაიჭრა, მაღლა აიხედა, უკვე გარედან გადათვალა და თვალით მოზომა სართულები, იმის გასარკვევად, რომელი უნდა ყოფილიყო ლატუნსკის ბინის ფანჯრები. ალბათ მაინც ის ჩაბნელებული ხუთი ფანჯარა იყო, შენობის კუთხეში, მერვე სართულზე. მარგარიტა ჰაერში აიჭრა და რამდენიმე წამის შემდეგ უკვე ღია ფანჯრიდან შედიოდა ჩაბნელებულ ბინაში, რომელშიც მხოლოდ მთვარის ვიწრო ბილიკი გაწოლილიყო ვერცხლისფრად. ამ ბილიკს გაჰყვა მარგარიტა და ხელით ჩამრთველი მოიძია. წუთის შემდეგ მთელი ბინა ჩახჩახებდა. ცოცხი კუთხეში იყო აყუდებული. რაკი დარწმუნდა, შინ არავინ იყო, მარგარიტამ შემოსასვლელი კარი გამოაღო და წარწერა შეამოწმა. არ შემცდარა. სწორედ იმ ბინაში აღმოჩნდა, რომელსაც ეძებდა.

დიახ, ამბობენ, კრიტიკოსი ლატუნსკი დღემდე ფითრდება იმ საზარელი საღამოს გახსენებისას და ბერლიოზის სახელსაც დღემდე მოწიწებით იხსენებსო. ვინ იცის, რა შავბნელად დასრულდებოდა ის საღამო – სამზარეულოდან გამოსულ მარგარიტას ხომ ხელში ჩაქუჩი ეჭირა.

შიშველი და უჩინარი მარგარიტა ძლივს იკავებდა თავს, ხელები მოუთმენლად უცახცახებდა. მერე გულმოდგინედ დაუმიზნა, ჩაქუჩი როიალის კლავიშებს დასცხო და მთელი ბინა პირველმა მკვნესავმა ჟღრიალმა აავსო. გამწარებული ყიოდა „ბეკერის“ ყოვლად უდანაშაულო ინსტრუმენტი. კლავიშები ბუდეებში იჭედებოდა, იატაკზე ძვლის ფირფიტები ცვიოდა. ინსტრუმენტი ბუბუნებდა, ყმუოდა, ხროტინებდა, ჟღრიალებდა. შემდეგ რევოლვერის გასროლასავით გახმიანდა ჩაქუჩის დარტყმით გამსკდარი ზედა, გაპრიალებული სახურავის ჭახანი. აქლოშინებული მარგარიტა ჩაქუჩით წყვეტდა და სრესდა სიმებს. ბოლოს ქანცგამოლეული, სავარძელში ჩაეშვა სულის მოსათქმელად.

სააბაზანოში საშინლად ჩხრიალებდა წყალი, არც სამზარეულოს ადგა კარგი დღე. „ალბათ უკვე იატაკზე იღვრება“, – გაიფიქრა მარგარიტამ და ხმამაღლა დასძინა: – თუმცა ჯერ ადრეა დასვენება!

სამზარეულოდან შემოსასვლელისკენ უკვე წყალი მოთქრიალებდა. მარგარიტა შიშველ ფეხებს ატყაპუნებდა იატაკზე, სამზარეულოდან ვედროთი გამოჰქონდა წყალი, კრიტიკოსის



255

თავი ოცდამეერთე - გაფრენა

კაბინეტისაკენ მიათრევდა და საწერი მაგიდის უჯრებში ასხამდა. შემდეგ იმავე კაბინეტის კარადის კარი შელეწა ჩაქუჩით და საძინებელში გადაინაცვლა. იქაც ჩაამტვრია სარკიანი კარადა, კრიტიკოსის კოსტიუმი გამოიღო და აბაზანაში ჩაახრჩო. კაბინეტიდან წამოღებული სამელნე ჩაცალა აფუებულ, ორსაწოლიან ლოგინში. ეს მსხვრევა-ნგრევა მტანჯველ ტკბობას ანიჭებდა, თუმცა ერთთავად ეჩვენებოდა, რომ სულ უმნიშვნელო შედეგს აღწევდა. ამიტომ დაუფიქრებლად მიდგა ყველაფერს. როიალიან ოთახში ფიკუსის ქოთნებს ამტვრევდა, ქოთნები ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა დამსხვრეული, რომ ისევ საძინებელში მიბრუნდა, სამზარეულოს დანით დაკუწა ზეწრები, შემინული ფოტოსურათები ჩამოლეწა. დაღლილობას მაინც არ გრძნობდა, მხოლოდ ღვარად სდიოდა ოფლი.

ამ დროს No 82 ბინაში, ლატუნსკების ქვედა სართულზე, დრამატურგ კვანტის შინამოსამსახურე სამზარეულოში ჩაის მიირთმევდა და გაოცებული აყურადებდა ზედა სართულზე ატეხილ რახარუხს, ბაგაბუგსა და ჟღრიალს. მან ზევით აღაპყრო მზერა და უეცრად დაინახა, რომ მის თვალწინ თეთრ ჭერს რატომღაც მკვდრისფერი სილურჯე მოედო. ლაქა თვალდათვალ იზრდებოდა, შემდეგ წვეთებად დაიბუტკა. შინამოსამსახურე ორიოდ წუთს გაოგნებული იჯდა, ვიდრე ბოლოს და ბოლოს, ჭერიდან წვიმა არ ჩამოიღვარა და იატაკზე არ ატკაპუნდა. მაშინ კი იკადრა წამოხტომა, თავს დატეხილ დინებას თასი შეუდგა, მაგრამ ამანაც არ უშველა, წვიმა იმატებდა და უკვე გაზის ქურასა და თეფშებახოხოლავებულ მაგიდას ეღვრებოდა. კვანტის შინამოსამსახურემ ერთი კი შეჰყვირა, გარეთ გაიჭრა, კიბე აირბინა და იმავ წამს ლატუნსკების ბინაში ზარი აჟღრიალდა.

– რეკავენ, წასვლის დროა, – თქვა მარგარიტამ, ცოცხზე ამხედრდა და კარის ღრიჭოდან მონადენ კივილს მიუგდო ყური:

– გააღეთ, გააღეთ, ლუსია, გააღეთ! თქვენგან წყალი ჩამოდის! საცაა ჭერი ჩამოინგრევა!

მარგარიტა ოდნავ ასცდა იატაკს და ჩაქუჩი ჭაღს მოუქნია. ორი ნათურა მაშინვე გასკდა და ბროლის მძივები აქეთ-იქით მიმოფანტა. ღრიჭოდან კივილი შეწყდა, ახლა კიბიდან გაისმა ბაგაბუგი. მარგარიტა ფანჯრიდან გარეთ გასრიალდა, ჩაქუჩი დაუდევრად მოიქნია და მინას შემოჰკრა. ფანჯარამ თითქოს ერთი ამოიგმინა და მარმარილოთი მოპირკეთებულ კედელზე ზრიალით ჩაშვავდა ნამსხვრევები. შემდეგ მომდევნო ფანჯრისკენ გაფრინდა, შორს, ქვემოთ, ტროტუარზე ხალხი აწრიალდა, სადარბაზოსთან მდგარი ორი მანქანიდან ერთ-ერთი ათუხთუხდა და ადგილს მოსწყდა. ლატუნსკის ფანჯრები რომ მოილია, მარგარიტამ მეზობელი ფანჯრებისაკენ გადაინაცვლა. სულ უფრო გახშირდა დარტყმის ხმა, ჩიხი



256

თავი ოცდამეერთე - გაფრენა

ზრიალითა და რაჩხარუჩხით აივსო. პირველი სადარბაზოდან შვეიცარი გამოიჭრა, ზევით აიხედა, ერთხანს ყოყმანობდა, ალბათ ვერ გადაეწყვიტა, რა ეღონა, მერე სასტვენი პირში ჩაიდო და შეშლილივით ჩასტვინა. ამ სტვენის თანხლებით მარგარიტამ განსაკუთრებული ნეტარებით ჩალეწა მერვე სართულის ჯერ ისევ მთელი მინები. შემდეგ კი მეშვიდეზე ჩაინაცვლა და ახლა იქ დაიწყო მსხვრევა.

სადარბაზოს მოსარკულ კართან დიდი ხნის უმოქმედობით გაბეზრებული შვეიცარი მთელი სულითა და გულით უსტვენდა. თან თითქოს აკომპანემენტს აყოლებსო, ზუსტად იმეორებდა ზრიალის რიტმს. ვიდრე მარგარიტა ფანჯრიდან ფანჯარასთან მიფრინავდა, შვეიცარი სულს ითქვამდა, ახალი დარტყმის დროს კი ლოყებს ბერავდა და წამოჭარხლებული, ცამდე ბურღავდა ჰაერს.

გავეშებული მარგარიტას მსხვრევა-მტვრევისა და შვეიცარის სასტვენის შერწყმამ გასაოცარი ნაყოფი გამოიღო. დაფეთებული სახლი აწრიალდა – ჯერ ისევ მთელ ფანჯრებს აღებდნენ, იქიდან ადამიანთა თავები ჩნდებოდა და მაშინვე ქრებოდა, ღია ფანჯრებიც იკეტებოდა. მოპირდაპირე სახლის განათებულ ფანჯრებს მობინადრეთა შავი სილუეტები აწყდებოდა, რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ მიმხვდარიყვნენ, ყოვლად უმიზეზოდ რატომ იმსხვრეოდა

„დრამლიტის“ ახალი შენობის მინები.

ჩიხში მოსეირნენი „დრამლიტის“ შენობისკენ მორბოდნენ, შენობაში კი, კიბეზე, ყოვლად უმიზნოდ და უაზროდ არბოდ-ჩარბოდა ხალხი. კვანტის მოსამსახურე კიბეზე მორბენალთ კივილით აუწყებდა, რომ ჭერიდან წყალი თქრიალით ჩამოდიოდა. მალე მას კვანტის ქვემოთ, No 80 ბინაში მცხოვრები ხუსტოვის შინამოსამსახურეც შეუერთდა. ხუსტოვთან არა მარტო სამზარეულოდან, საპირფარეშოდანაც ჩადიოდა წყალი. ბოლოს, კვანტის სამზარეულოში ჭერიდან ბათქაშის უზარმაზარი ნაწილი ჩამოიქცა, ჭუჭყიანი ჭურჭელი ლაწანით თან ჩაიტანა და ნიაღვარი წამოვიდა. ჩამოკონწიალებული, სველი ყავრის უჯრედებიდან თხლიშინით მოდიოდა წყალი. პირველი სადარბაზოს კიბეზე ვიღაც კიოდა შეუჩერებლად. მარგარიტამ კი მეოთხე სართულის უკანასკნელ ფანჯარას რომ ჩაუფრინა, ვიღაც კაცს მოჰკრა თვალი, გაფითრებული რომ ირგებდა გაზსაწინააღმდეგო ნიღაბს, მისი ფანჯრებიც ჩალეწა და კაციც თვალის დახამხამებაში გაქრა ოთახიდან.

ანაზდად ველური მსხვრევა დასრულდა. მარგარიტამ მესამე სართულზე, თხელი ფარდით დაფარულ ფანჯარაში შეიხედა. ოთახში ღამის ნათურა ენთო. ბადურიან, პატარა



257

თავი ოცდამეერთე - გაფრენა

საწოლში ოთხიოდე წლის პატარა ბიჭუნა იჯდა და დამფრთხალი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. ოთახში მის გარდა არავინ იყო. უფროსები ალბათ გარეთ იყვნენ გასულები.

– ფანჯრები ტყდება! – ჩაილაპარაკა ბიჭმა და დაიძახა, – დედა! არავინ გამოპასუხებია, მაშინ ბიჭმა თქვა:

– დედა, მეშინია!

მარგარიტამ ფარდა გადასწია და ოთახში შეიხედა.

– მეშინია, – გაიმეორა ბიჭმა და აცახცახდა.

– ნუ გეშინია, ნუ გეშინია, პატარავ, – დაუყვავა მარგარიტამ და ქარში ჩახლეჩილი, გაველურებული ხმის დაოკება სცადა, – ფანჯრები ბიჭებმა ჩაამსხვრიეს.

– შურდულით? – იკითხა ბიჭმა, უკვე ისე აღარ კანკალებდა.

– ჰო, შურდულით! – დაუმოწმა მარგარიტამ, – დაიძინე.

– ეგ სიტნიკი იქნებოდა, – უთხრა ბიჭმა, – შურდული იმას აქვს.

– ჰო, ის იქნებოდა!

ბიჭმა სადღაც გვერდით, ეშმაკურად გააპარა თვალი და იკითხა:

– შენ სადა ხარ, დეიდა?

– მე არა ვარ, – უთხრა მარგარიტამ, – უბრალოდ, გესიზმრები.

– ასეც ვიცოდი, – უთხრა ბიჭმა.

– დაწექი, – უბრძანა მარგარიტამ, – ლოყის ქვეშ ხელი ამოიდე და დაგესიზმრები.

– კარგი, დამესიზმრე, – დაეთანხმა ბიჭი, მაშინვე დაწვა და ლოყის ქვეშ ამოიდო ხელი.

– თუ გინდა ზღაპარს მოგიყვები, – უთხრა მარგარიტამ და გახურებული ხელისგული დაადო გაკრეჭილ თავზე, – ამქვეყნად ერთი დეიდა ცხოვრობდა, შვილები არ ჰყავდა და, ცხადია, არც ბედნიერი იყო. ის დეიდა ჯერ დიდხანს ტიროდა, მერე კი გაბოროტდა... –



258

თავი ოცდამეერთე - გაფრენა

მარგარიტა დადუმდა, შუბლიდან ხელი ააცალა – ბიჭს ეძინა. დამსხვრეული მინით მოფენილ ასფალტიან ტროტუარზე ხალხი დარბოდა და რაღაცას გაჰყვიროდა. უკვე მილიციელებიც გამოჩნდნენ. ანაზდად ზარის ხმა გაისმა და არბატიდან ჩიხში წითელმა, კიბიანმა სახანძრო მანქანამ შემოუხვია.

მარგარიტას სხვა არაფერი აინტერესებდა. შემთხვევით რამეს რომ არ გამოსდებოდა, კარგად მოათვალიერა იქაურობა, ცოცხს მაგრად შემოაჭდო ფეხები და თვალის დახამხამებაში თავქვე ჩაუყვა ამ დაწყევლილ სახლს. ქვევით ჩიხი გვერდზე გადაფერდდა და სადღაც ღრმად ჩაინაცვლა. ამ ჩიხის ნაცვლად ახლა მარგარიტას ფერხთით სახურავების წყება მიქროდა, კუთხეებში მანათობელი ბილიკებით გადაკვეთილი. ესეც სრულიად მოულოდნელად, ძალიან სწრაფად მოიტოვა უკან, მანათობელი ბილიკები გაიცრიცა და ერთმანეთს შეერწყა.

მარგარიტამ კიდევ ერთხელ გაიწია, სახურავები ერთიანად შთანთქა მიწამ და მათ ნაცვლად, ქვევით მოცახცახე ელექტრონათურების ტბა გამოჩნდა. ეს ტბა მოულოდნელად ვერტიკალურად წამოიმართა, თავზე მოექცა და ფერხთითაც მთვარე გაუკრთა. მარგარიტა მიხვდა, რომ ამოტრიალებულიყო. ხელახლა გასწორდა, უკან მიიხედა და დაინახა – გზაც გამქრალიყო უკვე და იქ, მის უკან, მხოლოდ ჰორიზონტზე აკიაფებული დაისიღა მოჩანდა. წამის შემდეგ ისიც გაიქნა და მარგარიტა სულ მარტო დარჩა მის ზემოთ, მარცხნივ მიმქროლავ მთვარესთან. ქარი თმას უწეწავდა, მთვარის სხივები შხუილით ბანდნენ ტანს. ქვევით, ორ მწკრივად გაწოლილი იშვიათი ნათურების ზოლი წამის უსწრაფესად, ცეცხლის ნაწყვეტ ნაკადებად იქცა და იმის მიხედვით, რა სწრაფად გაილია ის ნაკადიც, მარგარიტა მიხვდა, რაოდენ გასაოცარი სისწრაფით მიფრინავდა, თუმცა იმანაც გააოცა, სუნთქვა რომ არ ეკვროდა.

რამდენიმე წამის შემდეგ შორს, ქვევით, მიწის სიშავეში, შუქის ახალი ტბა გამოჩნდა, ფეხებქვეშ გაუგორდა, მაგრამ მალევე დატრიალდა მორევივით და მიწაში შთაინთქა. მომდევნო წამსაც იგივე განმეორდა.

– ქალაქები! ქალაქები! – ყვიროდა მარგარიტა.

შემდეგ გადახსნილ, შავ ბექთარებში ჩაწყობილი მქრქალად განათებული ხმლები დაინახა და მიხვდა – მდინარეები იყო.

მარგარიტა ხან ზევით, ხან მარჯვნივ აბრუნებდა თავს, ხედავდა, მთვარე შეშლილივით



259

თავი ოცდამეერთე - გაფრენა

გვერდიდან რომ არ სცილდებოდა და უკან, მოსკოვისკენ მიაცილებდა, თან გასაოცრად უძრავიც იყო. ზედაპირზე გარკვევით მოჩანდა რაღაც იდუმალი, ჩამუქებული გველეშაპი თუ კუზიანი კვიცი, წაწვეტებული დრუნჩი მიტოვებული ქალაქისაკენ რომ მიეშვირა.

მარგარიტა ანაზდად მიხვდა, რომ არსებითად სრულიად არ სჭირდებოდა ასე თავდავიწყებით ეჭენებინა ცოცხი. ამ სიჩქარის გამო ვერც ვერაფერს ხედავდა და ვერც ფრენის ნეტარებით ტკბებოდა. თითქოს რაღაცამ უკარნახა, რომ იქ, სადაც მიფრინავდა, აუცილებლად დაელოდებოდნენ და შეეძლო ესოდენ შეშლილი სიმაღლითა და სისწრაფით არ მოეწყინა.

მარგარიტამ ცოცხს თავი დააქინდვრინა, იმდენად, რომ ცოცხის ტარის ბოლო მაღლა აიპრიხა, ძალზე შეანელა სვლა და მიწისკენ დაიწყო დაშვება. თითქოს საჰაერო ციგით მისრიალებდა და ამ სრიალმა გასაოცარი ნეტარება მოჰგვარა. მიწა ისწრაფოდა მისკენ და აქამდე უფორმო, შავ სიბლანტეში უკვე იკვეთებოდა მთვარიანი ღამის იდუმალი მშვენიერება. მიწა უახლოვდებოდა და მარგარიტა უკვე შეიგრძნობდა მწვანე ტოტების სურნელს. მიახლოებულმა, დაცვარული ველის ოხშივარი გაკვეთა და ტბორს თავზე გადაევლო. მის ფერხთით ხმაშეწყობილად ყიყინებდნენ ბაყაყები, სადღაც შორს კი რატომღაც ძალზე გულის ამაჩუყებლად დუგდუგებდა მატარებელი. მალე დაინახა კიდეც. ჭიაყელასავით ნელა მიღოღავდა და ნაპერწკლებს აფრქვევდა. მან მატარებელს გაუსწრო და კიდევ ერთ გადასარკულ ზედაპირს მოექცა თავზე, ფეხქვეშ გაუკრთა წყალში არეკლილი მთვარე, მერე კვლავ ქვევით დაეშვა და ტყეს გადაუფრინა, ლამის ტერფებით სწვდებოდა გიგანტური ნაძვების კენწეროებს.

ჰაერის გამკვეთი მძიმე ხმაური მისწვდა მარგარიტას სმენას და ის ხმაური თანდათან წამოეწია. მალე ხმაურს, მრავალი ვერსის სიშორიდან უკუნს რომ ჭურვივით მოაპობდა, ქალის ხარხარიც შეერწყა. მარგარიტამ უკან გაიხედა და დაინახა, რომ რაღაც გაურკვეველი, მუქი საგანი მოსდევდა. მოახლოებული საგანი თანდათან გამკვეთრდა და ნათელი გახდა, რომ ვიღაც მოფრინავდა ამხედრებული. ბოლოს თვალნათლივ გამოჩნდა კიდეც – ნატაშა იყო.

ერთიანად გაშიშვლებულ ნატაშას ქარი გაწეწილ თმას უფრიალებდა და სქელ, კარგა გვარიანად ჩასუქებულ კურატს გადასჯდომოდა ზურგზე, რომელსაც წინა ჩლიქებით პორტფელი ჩაებღუჯა, უკანა ჩლიქებს კი ტლინკებივით იქნევდა. იქვე, მის გვერდით, მთვარის შუქზე ხანდახან აბდღვრიალებული და მერე ისევ ჩაღველფილი, ძაფზე ჩამოკონწიალებული



260

თავი ოცდამეერთე - გაფრენა

პენსნე მოფრინავდა, შლაპა კი წამდაუწუმ თვალებზე ეფხატებოდა. მარგარიტა გულდაგულ დააკვირდა, ამ კურატში ნიკოლაი ივანოვიჩი ამოიცნო და ნატაშას ხარხარს შეერწყა ტყის თავზე გახმიანებული მისი კისკისი.

– ნატაშკა! – გამყინავი ხმით იკივლა მარგარიტამ, – შენც წაისვი საცხი?

– ძვირფასო! – ჩაძინებული ნაპირები კივილით გააღვიძა ნატაშამ, – საფრანგეთის დედოფალო, ამასაც წავცხე მელოტ თავზე, ამასაც!

– ხელმწიფის ასულო! – სლუკუნ-სლუკუნით ამოიღნავლა კურატმა, ჩორთით რომ მოაქანებდა მხედარს.

– ძვირფასო! ძვირფასო მარგარიტა ნიკოლაევნა! – ყვიროდა ნატაშა და მარგარიტას გვერდით მიაჭენებდა კურატს, – ვაღიარებ, თქვენი საცხი ავიღე. ჩვენც ხომ გვინდა ცხოვრება და ფრენა! მომიტევეთ, მბრძანებელო, მაგრამ უკან აღარ დავბრუნდები, არასგზით არ დავბრუნდები. ო, რა კარგია, მარგარიტა ნიკოლაევნა! იცით, ხელი შემომთავაზა, – თითი კისერზე დააჭირა დარცხვენილ, აქლოშინებულ კურატს, – ხელი შემომთავაზა! აბა, ერთი გაიმეორე, რას მეძახდი! – კურატისაკენ გადაიხარა და ყურში ჩასძახა ნატაშამ.

– ჩემო ქალღმერთო! – აყმუვლდა კაცი, – ასე სწრაფად ფრენა აღარ შემიძლია, საჭირო ქაღალდები გამეფანტა. ნატალია პროკოფიევნა, პროტესტს ვაცხადებ!

– ეშმაკსაც წაუღიხარ შენი ქაღალდებიანად! – თავხედური ხარხარით უპასუხა ნატაშამ.

– რას ბრძანებთ, ნატალია პროკოფიევნა! ვინმემ არ გაიგოს, – ბღავილით ევედრებოდა კურატი.

ნატაშა მარგარიტას გვერდით მიფრინავდა და ხარხარით უყვებოდა, მისი წამოსვლის შემდეგ რა მოხდა ბინაში.

გამოუტყდა, რომ ნაჩუქარი ტანსაცმლისთვის ზედაც არ შეუხედავს, მაშინვე ტანთ გაიხადა, საცხი აიღო და წაისვა. და მასაც იგივე დაემართა, რაც მის დიასახლისს. ამასობაში კი, ვიდრე ახარხარებული ნატაშა სარკის წინ ბზრიალებდა და საკუთარი სილამაზით ტკბებოდა, კარი გაიღო და ნიკოლაი ივანოვიჩი გამოეცხადა. ძალზე აღელვებული ჩანდა. ხელთ მარგარიტა ნიკოლაევნას პერანგი ეპყრა, თავისი პორტფელი და შლაპა. ნატაშა რომ დაინახა, ნიკოლაი ივანოვიჩი ადგილზე გახევდა, მერე, ოდნავ გონს მოსულმა და ერთიანად



261

თავი ოცდამეერთე - გაფრენა

აღაჟღაჟებულმა, აუხსნა, რომ თავს ვალდებულად თვლიდა, პერანგი ამოეტანა, თვითონ, საკუთარი ხელით მიერთმია.

– რას არ ამბობდა ეს არამზადა! – ჭყიოდა და ხარხარებდა ნატაშა, – რას არ მპირდებოდა, რითი არ მხიბლავდა! რა ფულს მთავაზობდა! მეუბნებოდა, კლავდია პეტროვნა ვერაფერს გაიგებსო. რაო, ხომ არ ვტყუი? – კურატს უყვიროდა ნატაშა, ის კი დინგს არიდებდა დარცხვენილი.

აცუნდრუკებულ ნატაშას ნიკოლაი ივანოვიჩისთვისაც წაეცხო საცხი და გაოცებული, იქვე გახევებულიყო. ქვედა სართულზე მცხოვრები პატივცემული მეზობლის სახე დრუნჩად იქცა და ხელ-ფეხის ნაცვლად ჩლიქები ამოეზარდა. როცა ნიკოლაი ივანოვიჩმა სარკეში ჩაიხედა და თავი დაინახა, აღრუტუნდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ მოსკოვიდან სადღაც ეშმაკებში მიქროდა ლაგამამოდებული და სიმწრით ქვითინებდა.

– მოვითხოვ, ჩემი გარეგნობა დამიბრუნოთ! – უეცრად განწირული ხმით თუ ვედრებით აღრუტუნდა კურატი, – იმ უკანონო წვეულებაზე გაფრენა არ მინდა! მარგარიტა ნიკოლაევნა, თქვენი შინამოსამსახურე დააოკეთ!

– აა, ახლა შინამოსამსახურეც გავხდი, არა? შინამოსამსახურე? – დაიკივლა ნატაშამ და კურატს ყურზე უბწკინა, – აკი აქამდე ქალღმერთი ვიყავი? ასე არ მეძახდი?

– ვენერა! – ისევ შესლუკუნა კურატმა, როცა ქვებზე მოჩხრიალე ნაკადულს გადაუფრინეს და ჩლიქებით თხილის ბუჩქები ააშრიალა.

– ვენერა ვარ, ვენერა! – გამარჯვებული ყვირილი აღმოხდა ნატაშას. ცალი ხელით დოინჯი შემოიყარა, მეორე კი მთვარისკენ გაიშვირა, – მარგარიტა! დედოფალო! სთხოვეთ, ალქაჯად დამტოვონ. თქვენ ყველაფერს შეგისრულებენ, თქვენ უფლებამოსილი ხართ.

– კარგი, გპირდები!

– გმადლობთ! – უთხრა ნატაშამ და უცებ როგორღაც ნაღვლიანად, მჭახედ იკივლა, – აჩუ! აჩუ! ჩქარა! ჩქარა! წინ გასწიე! – ამდენი ჭენებით ჩაცვენილ ფერდებზე შემოჰკრა ქუსლი და კურატიც ისე გაიჭრა წინ, რომ შხუილით გააპო ჰაერი და წუთის შემდეგ ნატაშა უკვე შავი წერტილივით მოჩანდა შორეთში, მერე ის წერტილიც გაქრა და ხმაურიც მიილია.

მარგარიტა ისევ ნელა მიფრინავდა რომელიღაც უდაბურ, სრულიად უცხო



262

თავი ოცდამეერთე - გაფრენა

შემოგარენში, სადაც ბორცვებზე კანტიკუნტად ამოჩრილ უზარმაზარ ნაძვებს შორის დარჩენილი სივრცე კაჭარით იყო მოფენილი. მიფრინავდა და ფიქრობდა, რომ ალბათ უკვე ძალიან გაშორდა მოსკოვს, ცოცხი უკვე ნაძვის კენწეროებზე კი არ მისრიალებდა, არამედ ნაძვთა ზროებს შორის მიიკვლევდა გზას, ცერად რომ იყო განათებული მთვარის ვერცხლისფერი შუქით. წინ, მიწაზე, მარგარიტას ეული ჩრდილი მიღოღავდა – მთვარე ახლა ზურგს უკან დარჩა.

უფრო და უფრო ცხადად შეიგრძნობდა წყლის სიახლოვეს და ხვდებოდა, რომ მიზანს მიაღწია. მალე ნაძვებიც უკან მოიტოვა და ნელა მიფრინდა ცარცის ფლატესთან. ამ ფლატეს იქით, ქვევით, სიბნელეში მდინარე იწვა. ბურუსი ჰაერში ეკიდა და ვერტიკალური ფლატეს ქვევით ამოჩრილ ბუჩქებს ეპოტინებოდა. მოპირდაპირე ნაპირი კი სწორი იყო, დავარდნილი. რომელიღაც ტოტებგაბარჯღული ხეების ეულ ჯგუფთან კოცონის შუქი ლიცლიცებდა და მოძრავი ფიგურებიც მოჩანდა. მარგარიტას მოეჩვენა, რომ იქიდან მოისმოდა რაღაც ზუილა, მხიარული მუსიკა. უფრო შორს, მოვერცხლილ ველზე კი ადამიანისა და საცხოვრებლის ნიშანიც არ ჩანდა.

მარგარიტა ფლატედან ქვევით ჩახტა და სწრაფად გასწია წყლისკენ. ჰაერში ჭენებამ წყალი მოანატრა. ცოცხი გვერდზე მოისროლა, გაიქცა და თავით გადაეშვა მდინარეში. მისი მსუბუქი სხეული ისარივით ჩაესო წყალს და შხეფები ლამის მთვარეს ასწვდა. წყალი თბილი იყო, როგორც აბანოში და სიღრმიდან ამოყვინთულმა მარგარიტამ, სრულიად მარტომ, ცურვით იჯერა გული.

მის სიახლოვეს არავინ ჩანდა, მაგრამ ოდნავ მოშორებით ბუჩქებში ვიღაცის ფრუტუნი და წყლის ტყლაშუნი ისმოდა. იქაც ბანაობდა ვიღაც.

მარგარიტამ ნაპირზე ამოირბინა. ნაბანავებს ტანი უხურდა. დაღლილობას ვერ გრძნობდა და ნაპირზე ამოსული, მხიარულად ცეკვავდა ნამიან ბალახზე. უცებ ცეკვა შეწყვიტა და დაიძაბა. ფრუტუნი მოახლოვდა, ტირიფის ბუჩქნარიდან ვიღაც შიშველი, მსუქანი კაცი გამოძვრა, რომელსაც კინკრიხოზე შავი აბრეშუმის ცილინდრი ჰქონდა მოგდებული. კაცს ტერფებზე შლამი მოსდებოდა და გეგონებოდა, შავი ფეხსაცმელი აცვიაო. ისე ფრუტუნებდა და სლოკინებდა, კარგა გვარიანად ნასვამი უნდა ყოფილიყო, რაც, სხვათა შორის, იმითაც მტკიცდებოდა, რომ მდინარის წყალს უცებ კონიაკის სუნი დაეცა.

მარგარიტა რომ დაინახა, ერთხანს გაოგნებული მისჩერებოდა, შემდეგ კი გახარებულმა იყვირა:



263

თავი ოცდამეერთე - გაფრენა

– ნუთუ ეს თქვენ ხართ? თვალი ხომ არ მატყუებს? კლოტილდა, შენ ხარ, დაუოკებელი ქვრივი! აქ რამ მოგიყვანა? – იღრიალა მსუქანმა კაცმა და მისასალმებლად მიეჭრა.

მარგარიტამ უკან დაიხია და ღირსეულად უთხრა:

– ეშმაკსაც წაუღიხარ! სადაური კლოტილდა მე მნახე. ერთი კარგად გაახილე თვალი და მიხვდები, ვისაც ელაპარაკები! – მერე კარგად დაფიქრდა და მთელ ამ ნათქვამს გრძელი, კალმით დაუწერელი გინება მიაყოლა. ამან ერთბაშად გამოაფხიზლა ეს ცუნდრუკა სქელუა.

– ვაიმე! – ჩუმად წამოიყვირა შემკრთალმა, – მოწყალედ მომიტევეთ, ნათელხსენებულო დედოფალო მარგო! თვალმა მიმტყუნა. სულ იმ კონიაკის ბრალია, წყეულიმც იყოს! – სქელუამ მუხლი მოიდრიკა, ცილინდრი გვერდზე გაიქნია, თავი დახარა და რუსულ- ფრანგულად რაღაც სისულელეს მოჰყვა, თავისი მეგობარი გესარის სისხლიან ქორწილზე პარიზში, კონიაკსა და იმაზე, რაოდენ თავზარდაცემული იყო, ასეთი საშინელი შეცდომა რომ დაუშვა.

– შარვალი მაინც ჩაგეცვა, ძაღლისშვილო! – გული მოულბა მარგარიტას.

სქელუამ მხიარულად დაკრიჭა კბილები, მიხვდა, რომ მარგარიტა აღარ უჯავრდებოდა და აღფრთოვანებულმა აუწყა, შარვალი, დაბნეულობით, ენისეიზე დამრჩაო, სადაც აქ მოსვლამდე ებანავა – მაგრამ ახლავე უკან გავბრუნდები, ბედად, აქვეა, ყურისძირშიო. შემდეგ მოწყალება და მფარველობა შესთხოვა, უკან დაიხია და მანამ იარა ასე, ვიდრე ფეხი არ დაუცდა და გულაღმა არ მოადინა წყალში ზღართანი. მაგრამ დაცემულსაც არ მოშორებია ბაკენბარდებიან სახეზე აღფრთოვანებისა და ერთგულების ღიმილი.

მარგარიტამ კი ერთი ხმამაღლა დაუსტვინა, მოფრენილ ცოცხს გადააჯდა და მდინარის მეორე ნაპირისაკენ გაფრინდა. ცარცის ბორცვის ჩრდილი აქ უკვე ვეღარ აღწევდა და ნაპირს მთვარის შუქი ანათებდა.

ის იყო, ნამიან ბალახს შეეხო ფეხით, ტირიფების ქვეშ უფრო ხმამაღლა აჟღრიალდა მუსიკა და კოცონიდანაც მხიარულად აგიზგიზდა ცეცხლი. მთვარის შუქზე აცრიატებული ნაზი, ღუნღულა საყურეებით მოფენილ ტოტებზე ორ რიგად ისხდნენ მსუქანდრუნჩიანი ბაყაყები, რეზინის სათამაშოებივით იბერებოდნენ და ხის სტვირებზე მხიარულ მარშს უკრავდნენ. მუსიკოსების წინ, ძეწნის რტოებზე მანათობელი ფუტუროები ეკიდა, ნოტებს ანათებდა და ბაყაყთა დრუნჩებსაც კოცონიდან არეკლილი შუქი დასთამაშებდა.



264

თავი ოცდამეერთე - გაფრენა

მარში მარგარიტას პატივსაცემად ჟღერდა. საერთოდ, ძალზე საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. გამჭვირვალე ალებმა მდინარეზე ცეკვა შეწყვიტეს, წყალმცენარეები დაუქნიეს მარგარიტას და გადამწვანებულ, უდაბურ ნაპირს მათი შორს გამჭოლი მისალმება დაეფრქვა. შიშველი ალქაჯები ტირიფის ტოტებს გამოსცდნენ, ჩამწკრივდნენ და ისე სცეს თაყვანი, როგორც სასახლის კარზე ესალმებიან ხოლმე ქალბატონს. ვიღაც თხისჩლიქოსანმაც მოირბინა, ხელები დაუკოცნა, მერე აბრეშუმი გაუფინა ბალახზე, ჰკითხა, ეამა თუ არა ბანაობა და დასვენება შესთავაზა.

მარგარიტა ჩამოჯდა, თხისჩლიქოსანმა აზარფეშით მიართვა შამპანური, მანაც დალია და იმავ წამს გაუთბა გული. ნატაშა მოიკითხა, უპასუხეს, რომ ნატაშა უკვე განბანილიყო და კურატზე ამხედრებული მოსკოვისაკენ მიიჩქაროდა, რათა მარგარიტას სწრაფი მიბრძანება ეუწყებინა და მისთვის ტანსაცმელი მოემზადებინა.

ტირიფების ქვეშ მარგარიტას ხანმოკლე ყოფნა ერთი ამბითაც აღინიშნა. ანაზდად ჰაერში სტვენა გაისმა და ნაპირს აცდენილი შავი სხეული ზღართანით ჩაებერტყა წყალში. რამდენიმე წამის შემდეგ მარგარიტას წინ ის ბაკენბარდებიანი სქელუა წარდგა, ასე უგერგილოდ რომ გაეცნო მეორე ნაპირზე. ალბათ მოესწრო ენისეიზე გაჭრა, რადგან უკვე ფრაკი ეცვა, თუმცა კი ერთიანად ამოლუმპულიყო. კონიაკმა მეორედ მოუცარა ხელი: დაშვებისას მაინც წყალში მოადინა ზღართანი. მაგრამ სახეზე მაინც ღიმილი ეფინა და ახარხარებულმა მარგარიტამაც ხელზე კოცნის ნება დართო.

შემდეგ ყველამ თავი მოიყარა. ალებმა მთვარის შუქზე ცეკვა დაასრულეს და მაშინვე გალღვნენ. თხისჩლიქოსანი მოწიწებით დაეკითხა მარგარიტას, ნაპირთან რითი მობრძანდითო და როცა შეიტყო, რომ ცოცხით მოსულიყო, უთხრა:

– რას ბრძანებთ, დედოფალო, ცოცხზე ჯდომა ძალიან მოუხერხებელია, – თვალის დახამხამებაში ორი რტოდან რაღაც საეჭვო ტელეფონი შეაკოწიწა, ვიღაცას უბრძანა, წამის უსწრაფესად გამოეგზავნათ მანქანა, რაც მართლაც იმავ წამს აღსრულდა. კუნძულს ზერდაგი, თავღია მანქანა დაასკდა, ოღონდ მძღოლის ადგილას ჩვეულებრივი შოფერი კი არ იჯდა, არამედ შავი, ცხვირწაგრძელებული ჭილყვავი, მუშამბის ქუდითა და საცვეთურებიანი ხელთათმანებით. კუნძული თანდათან დაცარიელდა. მთვარის არილში განიბნენ გაფრენილი ალქაჯები. კოცონი ჩაიღველფა და ნაკვერჩხალი ნაცრის მხცით დაიფარა.

ბაკენბარდებიანმა და თხისჩლიქოსანმა მარგარიტა მანქანაში ჩასვეს და თავადაც მანქანის უკანა, ფართო სავარძელზე მოკალათდნენ. მანქანამ დაიჭიხვინა, შეხტა და ლამის



265

თავი ოცდამეორე - სანთლების შუქზე

ზედ მთვარესთან აფრინდა, გაქრა კუნძული, მდინარეც და მანქანამ მოსკოვისაკენ აიღო გეზი.

თავი ოცდამეორე - სანთლების შუქზე

დედამიწიდან მაღლა მიმქროლავი მანქანის ზომიერი თუხთუხი თვლემას ჰგვრიდა მარგარიტას, მთვარის შუქი კი სასიამოვნოდ უთბობდა ძვალ-რბილს. თვალმილულულს მთვარისთვის მიეშვირა სახე და გასაოცარი ნაღველით ფიქრობდა ახლახან მიტოვებულ, მისთვის სრულიად უცხო ნაპირზე, რომელსაც, ამას უკვე გრძნობდა, მეტად ვეღარასოდეს იხილავდა. ამ საღამოსეული ყველა საოცრებისა და სასწაულების შემდეგ უკვე ხვდებოდა, ვისთან მოუწევდა სტუმრობა, მაგრამ აღარ ეშინოდა. შიშის გრძნობა იმ იმედმა გაუქრო, რომ იქ შეძლებდა თავისი ბედნიერების დაბრუნებას. თუმცა დიდხანს არ მოუწია მანქანაში ამ ბედნიერებაზე ოცნებამ, ჭილყვავმა იცოდა კარგად თავისი საქმე თუ მანქანა იყო ასეთი სწრაფი, ოღონდ სულ მალე, თვალი რომ გაახილა, ქვევით ტყის სიშავის ნაცვლად, უკვე მოსკოვის ნათურების მთრთოლავი ზღვა დაინახა. შავმა ფრთოსანმა შოფერმა მანქანას შეუჩერებლად მოხსნა მარჯვენა წინა ბორბალი, შემდეგ კი სადღაც, დოროგომილოვოს რაიონში, სრულიად უკაცრიელ სასაფლაოზე დაფრინდა. მარგარიტასთვის არაფერი უკითხავს, ერთ-ერთი საფლავის ქვასთან დატოვა ცოცხით ხელში, მანქანა ისევ აათუხთუხა, სასაფლაოს უკან ხრამისკენ მიმართა და გრიალ-ზრიალით გადაჩეხა. თვითონ კი მოწიწებით მოიხადა ქუდი, ბორბალს გადააჯდა და თვალს მიეფარა.

იმავ წამს ერთ-ერთ ქანდაკებას შავი მოსასხამი გამოეყო, მთვარის შუქზე ღოჯი გაკრთა და მარგარიტამ აზაზელო იცნო. მან ხელით ანიშნა მარგარიტას, ცოცხზე დამჯდარიყო, თვითონ გრძელ დაშნაზე ამხედრდა, ორივე სხვებისაგან შეუმჩნევლად აიჭრნენ ჰაერში და რამდენიმე წამის შემდეგ სადოვაიას ქუჩაზე, No 302-ბის ეზოში ჩაფრინდნენ, როცა იღლიაში ცოცხ და დაშნაამოჩრილმა მგზავრებმა ეზო გაიარეს, მარგარიტამ კეპიანი და მაღალჩექმიანი, მოწყენილი კაცი დაინახა, ალბათ ვიღაცას რომ ელოდა. რაოდენ უხმაუროდ მიაბიჯებდნენ მარგარიტა და აზაზელო, იმ მარტომდგარმა კაცმა მაინც მოჰკრა რაღაცას ყური და შეშფოთებულმა მიმოიხედა, ვერ მიხვდა, ვინ მოდიოდა.

მეორე კაცი, გასაოცრად რომ ჰგავდა იმ პირველს, უკვე მეექვსე სადარბაზოსთან იდგა. აქაც იგივე ამბავი განმეორდა, ნაბიჯის ხმა... კაცმა მიმოიხედა, შუბლი შეიჭმუხნა, შემდეგ, როცა კარი გაიღო და დაიხურა, წამის უსწრაფესად მოსწყდა ადგილს და უხილავ სტუმრებს დაედევნა, სადარბაზოშიც შეიხედა, მაგრამ, ცხადია, ვერავინ დაინახა.



266

თავი ოცდამეორე - სანთლების შუქზე

მესამე, იმ მეორისა და, ცხადია, პირველის ალი-კვალი, უკვე მესამე სართულის ბაქანთან მორიგეობდა, რომელიღაც ძალიან მყრალ პაპიროსს ეწეოდა და გვერდით ჩავლისას, მარგარიტას ხველა აუტყდა. მწეველი, თითქოს უჩხვლიტესო, იმ სკამიდან წამოხტა, რომელზეც იჯდა, იმანაც მიმოიხედა, მერე კიბის სახელურს გადაეყუდა და ქვევით ჩაიხედა. ამასობაში კი მარგარიტა თავის მხლებელთან ერთად უკვე No 50 ბინის კართან იდგა. ზარი არ დაურეკავთ. აზაზელომ თავისი გასაღებით გააღო კარი.

პირველი, რამაც გააოცა მარგარიტა, ის უკუნი იყო, რომელშიც აღმოჩნდნენ. გეგონებოდათ, ქვესკნელში მოხვდაო, ირგვლივ არაფერი ჩანდა და თავისდა უნებურად, აზაზელოს მოსასხამს წაეტანა – შეეშინდა, არ წაქცეულიყო. მაგრამ იმავ წამს, სადღაც შორს, მაღლა ლამპის ალი გაკრთა და თანდათან მოახლოვდა. აზაზელომ ნაბიჯის შეუნელებლად გამოართვა მარგარიტას იღლიაში ამოჩრილი ცოცხი და ისიც უხმაუროდ გაქრა სიბნელეში. ამასობაში უკვე რომელიღაც ფართო კიბეს მიუყვებოდნენ. მარგარიტას მოეჩვენა, თითქოს დასასრული აღარ ექნებოდა საფეხურებს. გაოცებული ფიქრობდა, როგორ თავსდებოდა

მოსკოვის ჩვეულებრივი ბინის წინკარში ეს არაჩვეულებრივი, უხილავი, მაგრამ უსასრულოდ ზეაღმავალი კიბე. ბოლოს ეს აღმასვლა დასრულდა და მარგარიტა მიხვდა, რომ მოედანზე იდგა. ალი მოახლოვდა და მაღალი, შავი კაცის განათებული სახე დაინახა, რომელსაც ლამპარი ეპყრა ხელთ. ისინი, ვისაც წილად ხვდა უბედურება, ამ უკანასკნელ დღეებში გადაჰყროდნენ ამ კაცს, ამ ლამპიონის მქრქალ შუქზეც კი აუცილებლად ამოიცნობდნენ კაროვიევს, იმავე ფაგოტს.

თუმცა კი გარეგნულად ძალიან იყო შეცვლილი. მოციმციმე ალი გაბზარულ პენსნეში კი აღარ ირეკლებოდა, რომელიც რა ხანია სანაგვეში უნდა მოესროლათ, არამედ მონოკლზე, ოღონდ გაბზარულზე. ულვაში დაეხვია და გაეპოხა. კაროვიევის სიშავე კი სულ მარტივად აიხსნებოდა – ფრაკი ეცვა, მხოლოდ მკერდი მოუჩანდა თეთრად.

ამ მოგვმა, რეგენტმა, მისანმა, თარჯიმანმა თუ სინამდვილეში, ეშმაკმა უწყის, ვინ – ერთი სიტყვით, კაროვიევმა – მარგარიტას თავი დაუკრა, ლამპარი თავს ზევით შემოივლო და ამ მოძრაობით ქალი თან გაიყოლა. აზაზელო კი სადღაც გამქრალიყო.

„რა უცნაური და უჩვეულო საღამოა, – ფიქრობდა მარგარიტა, – ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამას აღარ. ნუთუ დენი გამოირთო? თუმცა ყველაზე გასაოცარი მაინც, ამ ბინის ფართობია. ნეტა როგორ ეტევა ეს ყველაფერი მოსკოვურ ბინაში? უბრალოდ, დაუჯერებელია“.



267

თავი ოცდამეორე - სანთლების შუქზე

კაროვიევის ლამპარი ოდნავ ბჟუტავდა, მაგრამ მარგარიტა მაინც მიხვდა, რომ რომელიღაც თვალგაუწვდენ, სვეტებიან, ჩალუსკუმებულ და ერთი შეხედვით უსასრულო დარბაზში მოხვდა. კაროვიევი ერთ-ერთ ტახტთან შეჩერდა, ლამპარი იქვე მდგარ კვარცხლბეკზე დადგა, მარგარიტას ხელის მოძრაობით შესთავაზა დაჯდომა და თვითონაც იქვე მოთავსდა – იდაყვით კვარცხლბეკს ჩამოეყრდნო.

– ნება მომეცით, გაგეცნოთ, – აჟღრიალდა კაროვიევი, – კაროვიევი გახლავართ, ალბათ, უშუქობა გაოცებთ, არა? ცხადია, ფიქრობთ, რომ შუქს ვზოგავთ? არა, არა და არა. დე პირველივე გზად შეხვედრილმა ჯალათმა, თუნდაც ერთმა იმათგანმა, ვისაც დღეს, ცოტა მოგვიანებით პატივი ექნება თქვენს მუხლს ეამბოროს, ამავე კვარცხლბეკზე მომკვეთოს თავი, ეს თუ ასეა. უბრალოდ, მესირს ელექტრობა არ უყვარს და ჩვენც უკანასკნელ წუთს ჩავრთავთ. მაშინ კი, დამერწმუნეთ, სულ ვერ იგრძნობთ შუქის ნაკლებობას, პირიქით, ალბათ ისურვებდით კიდევ, ოდნავ ნაკლებად ყოფილიყო აქაურობა განათებული.

მარგარიტას მოეწონა კაროვიევი და მისმა ხმაგაბზარულმა ჟღრიალმაც დამამშვიდებლად იმოქმედა .

– არა, – უპასუხა მარგარიტამ, – უფრო ის მაოცებს, სად თავსდება ეს ყველაფერი, – მან ხელი გაიშვირა და დარბაზის უსასრულობაზე მიუთითა.

კაროვიევმა ტკბილად ჩაიკუჭკუჭა, რის გამოც ჩრდილები შეერხა ცხვირის ნაკეცებში.

– ეს იოლია! – უპასუხა მან, – იმას, ვინც კარგად ერკვევა მეხუთე განზომილებაში, არაფრად უღირს შენობა სასურველ ზომამდე გაზარდოს. უფრო მეტსაც გეტყვით, მოწყალეო ქალბატონო, მხოლოდ ეშმაკმა უწყის, კიდევ რა ზომებამდე შეიძლება გაზრდა! თუმცა კი, – ლაქლაქს განაგრძობდა კაროვიევი, – მე, მაგალითად, ისეთ ხალხსაც ვიცნობდი, ვისაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მეხუთე განზომილებაზე, საერთოდ, არც არაფერი იცოდა, უბრალოდ, უვიცი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ათასგვარ სისულელეს სჩადიოდნენ საკუთარი ფართობის გასაზრდელად. ასე, მაგალითად, როგორც მომიყვნენ, ვიღაც მოქალაქეს ზემლიანი ვალზე სამოთახიანი ბინა მიუღია. იმ მეხუთე განზომილებისა და ათასი სისულელის გარეშე, რომლითაც ტვინი გებნევა კაცს, ის სამოთახიანი ბინა სწრაფად უქცევია ოთხოთახიანად – ერთი ოთახი შუაზე გატიხრა.

შემდეგ ეს ოთხოთახიანი ბინა მოსკოვის ორ სხვადასხვა რაიონში გადაცვალა ერთ ოროთახიან და ერთ სამოთახიან ბინაზე. დამეთანხმებით, რომ უკვე ხუთი ოთახი გაუხდა. ის



268

თავი ოცდამეორე - სანთლების შუქზე

სამოთახიანიც ორ ოროთახიან ბინაზე გადაცვალა და, როგორც ხვდებით, ექვსი ოთახის მფლობელი გახდა, თუმცა კი მისი ოთახები უწესრიგოდ იყო მიყრილ-მოყრილი მთელ მოსკოვში. და ის იყო, უკვე უკანასკნელი და ყველაზე ბრწყინვალე ფინტის ჩატარებას აპირებდა, გაზეთში განცხადებაც კი გამოაქვეყნა, რომ მოსკოვის სხვადასხვა რაიონში მდებარე ექვს ოთახს ხუთოთახიან ბინაზე ცვლიდა ზემლიანი ვალზე, რომ მისი მოღვაწეობა, მისგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო, მოულოდნელად შეწყდა. ახლა, მგონი, ერთი პატარა ოთახი მისცეს, მაგრამ შემიძლია დარწმუნებულმა გითხრათ, რომ ის ოთახიც მოსკოვში არ მდებარეობს. ხომ ხედავთ, რა თვალთმაქცია ხალხი, თქვენ კი რაღაც მეხუთე განზომილებაზე მელაპარაკებით.

მარგარიტამ, თუმცა მეხუთე განზომილებაზე საერთოდ არ დაუძრავს სიტყვა, მაინც მხიარულად გადაიკისკისა, იმ გაიძვერას ამბავი მოეწონა, კაროვიევი კი განაგრძობდა:

– მაგრამ, მოდი, საქმეს მივუბრუნდეთ, მარგარიტა ნიკოლაევნა. ჭკვიანი ქალი ბრძანდებით და ალბათ, მიხვდით, ვინ იქნება თქვენი მასპინძელი.

მარგარიტას გული შეუქანდა და თავი დაუქნია.

– კარგია, – განაგრძო კაროვიევმა, – ძალიან არ გვიყვარს გაურკვევლობა და იდუმალება. ყოველწლიურად მესირი ერთ წვეულებას მართავს, რომელსაც ბუნიობის ან ასი ხელმწიფის წვეულება ეწოდება. ხალხი მოდიიიის! – თქვა კაროვიევმა და ლოყაზე იტაცა ხელი, თითქოს მოულოდნელად კბილი ასტკივდაო, – თუმცა, იმედი მაქვს, ამაში თვითონვე დარწმუნდებით. ჰოდა... როგორც ხვდებით, მესირი უცოლოა, მაგრამ წვეულებას აუცილებლად სჭირდება დიასახლისი, – კაროვიევმა ხელები გაშალა, – დამეთანხმებით, დიასახლისის გარეშე...

მარგარიტა დაძაბული უსმენდა კაროვიევს, ცდილობდა, სიტყვა არ დასცდენოდა, გულიც ეყინებოდა და თან ბედნიერებაც ახვევდა თავბრუს.

– ტრადიციად დამკვიდრდა, – განაგრძობდა კაროვიევი, – ჯერ ერთი, წვეულების დიასახლისს აუცილებლად მარგარიტა უნდა ერქვას და მეორეც – ადგილობრივი მკვიდრი უნდა იყოს. ჩვენ, როგორც ხედავთ, ვმოგზაურობთ და ამჟამად მოსკოვში ვიმყოფებით. მოსკოვში ას ოცდაერთი მარგარიტა აღმოვაჩინეთ და თუ დამიჯერებთ, – აქ კაროვიევმა სიმწრით დაირტყა ბარძაყზე ხელი, – არც ერთი არ გამოგვადგა. მაგრამ ბედმა მაინც გაგვიღიმა...



269

თავი ოცდამეორე - სანთლების შუქზე

კაროვიევმა მრავლისმეტყველად ჩაიცინა, მოიკაკვა და მარგარიტას ისევ გაეყინა გული.

– მოკლედ! – იყვირა კაროვიევმა, – სრულიად მოკლედ: უარს ხომ არ გვეტყვით, ეს მოვალეობა დაგაკისროთ?

– არ გეტყვით, – მტკიცედ უპასუხა მარგარიტამ.

– არაჩვეულებრივია! – თქვა კაროვიევმა, ლამპარი აანთო და დასძინა, – გთხოვთ, გამომყვეთ.

მათ სვეტებს შორის გაიარეს და ბოლოს რომელიღაც დარბაზში შევიდნენ, სადაც რატომღაც ლიმონის მძაფრი სუნი ტრიალებდა, სადაც შორი შრიალი ისმოდა და სადაც მარგარიტას რაღაც წამოედო თავზე. ის შეკრთა.

– ნუ გეშინიათ, – ტკბილად დაამშვიდა კაროვიევმა და ხელი ჩაჰკიდა, – ბეჰემოთის ავადმყოფური ციგნობაა და მეტი არაფერი. საერთოდ კი, თავს ნებას მივცემ, გირჩიოთ, მარგარიტა ნიკოლაევნა, რომ არასოდეს არაფრის შეგეშინდეთ. შიში უაზრობაა. არ დაგიმალავთ, ძალზე დიდებული წვეულება გელით. თქვენ იმ ხალხს იხილავთ, ვისაც ერთ დროს უსაზღვრო ძალაუფლება ჰქონდა, მაგრამ თუ დავუფიქრდებით, რაოდენ მიკროსკოპულად მცირეა მათი შესაძლებლობები იმასთან შედარებით, ვის ამალაშიც პატივი მაქვს ვიმყოფებოდე, მეცინება და, უფრო მეტიც, სევდაც კი მიპყრობს. თან ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს ძარღვებშიც მეფური სისხლი ჩქეფს.

– როგორ თუ მეფური? – ჰკითხა დამფრთხალმა მარგარიტამ და კაროვიევს მიეკრა.

– ოჰ, დედოფალო, – მხიარულად აჟღრიალდა კაროვიევი, – სისხლის საკითხი ყველაზე რთულია ამქვეყნად! თუ ზოგიერთ დიდ ბებიას დაეკითხებოდით, და განსაკუთრებით იმათ, ვინც ერთ დროს გასაოცარი კდემამოსილებით გამოირჩეოდნენ, ენით აუწერელ საიდუმლოებებს მოეფინებოდა ნათელი, ჩემო საყვარელო მარგარიტა ნიკოლაევნა, ალბათ, არ შევცოდავ თუ ამ საკითხზე საუბრისას, ბანქოს ქაღალდის უცნაურ განლაგებას ვახსენებ. არის საკითხები, სადაც სრულიად არ მოქმედებს არც წოდებრივი სამანები და არც სახელმწიფოებრივი საზღვრები. მიგანიშნებთ: მეთექვსმეტე საუკუნეში მცხოვრები ერთი ფრანგი დედოფალი ალბათ ძალზე გაოცდებოდა, ვინმეს რომ ეთქვა, მის მომხიბლავ შვილისშვილის შვილისშვილს, მრავალი წლის შემდეგ ხელმკლავით მივაცილებდი მოსკოვური წვეულების დარბაზისაკენ. თუმცა, მოვედით უკვე!



270

თავი ოცდამეორე - სანთლების შუქზე

აქ კაროვიევმა ლამპარს სული შეუბერა, ისიც იმავ წამს გაუქრა ხელიდან და მარგარიტამ ფერხთით, იატაკზე, რომელიღაც ჩამუქებული კარიდან მონადენი სინათლის ზოლი შენიშნა. აი, ამ კარზე დააკაკუნა ფრთხილად კაროვიევმა. ანაზდად მარგარიტა ისე აღელდა, რომ კბილები აუკაწკაწდა და ხერხემალში სიცივე ჩაეღვარა. კარი გაიღო. მომცრო ოთახი აღმოჩნდა. მარგარიტამ მუხის ფართო საწოლს ჰკიდა თვალი, რომელზეც დაჭმუჭნილი და ჭუჭყიანი თეთრეული ეფარა. საწოლის წინ მოჩუქურთმებულფეხებიანი მუხისავე მაგიდა და ზედ ფრინველის კლანჭებისდარი სასანთლეებიანი შანდალი იდგა. ამ შვიდ ოქროს კლანჭში ცვილის სქელი სანთლები ენთო. ამას გარდა, მაგიდაზე ჭადრაკის უზარმაზარი, გასაოცარი ოსტატობით გამოთლილი დაფა იდო. შორიახლოს მეორე მაგიდაც მოჩანდა, ოქროს თასითა და შანდლით, ტოტები გველებივით რომ ჰქონდა გაკლაკნილი. ოთახში გოგირდისა და ფისის სუნი ტრიალებდა, შანდლის ჩრდილები იატაკზე გადაჯვარედინებულიყო.

იქ მყოფთაგან მარგარიტამ მაშინვე შეიცნო აზაზელო, რომელსაც უკვე ფრაკი ემოსა და საწოლის თავთით იდგა. გამოპრანჭული აზაზელო ახლა აღარც კი ჰგავდა იმ ყაჩაღს, ალექსანდრეს პარკში რომ გამოეცხადა მარგარიტას და ალბათ ამიტომაც იმ ფრაკის შესაფერი თავაზითაც მიესალმა.

შიშველი ალქაჯი გელლა, ასე რომ აშფოთებდა ვარიეტეს მორცხვ მებუფეტეს, ის გელლა, ცნობილი სეანსის ღამეს, საბედნიეროდ, მამალმა რომ დააფრთხო, ამჯერად საწოლთან, იატაკზე გაფენილ ნოხზე იჯდა და გოგირდის ორთქლდადენილ ქვაბში რაღაცას ხარშავდა.

მათ გარდა ოთახში კიდევ უზარმაზარი შავი კატაც ბრძანდებოდა, ჭადრაკის დაფასთან მიდგმულ, უზურგო სკამზე რომ დასკუპებულიყო და მარჯვენა თათში ჭადრაკის ცხენი ეჭირა.

გელლამ წამოიწია, მარგარიტას თავი დაუკრა, კატამაც იგივე გაიმეორა, სკამიდან ჩამოხტა, უკანა, მარჯვენა თათით რევერანსი გააკეთა, ანაზდად ხელიდან ცხენი გაუვარდა და მის მოსაძებნად საწოლის ქვეშ შეძვრა.

მარგარიტა ისე იყო დამფრთხალი, სანთლის მაცდურ შუქზე ძლივს ამჩნევდა, რა ხდებოდა ოთახში. მზერა ლოგინისაკენ გაურბოდა, სადაც ის ეგულებოდა, ვისაც ამ ცოტა ხნის წინ პატრიარქთა ტბორებთან ივან უსახლკარო უმტკიცებდა, ეშმაკი საერთოდ არ არსებობსო. სწორედ ეს არარსებული იჯდა ახლა ლოგინზე.



271

თავი ოცდამეორე - სანთლების შუქზე

მარგარიტას სახეს ორი თვალი მიეყინა. მარჯვენა – ფსკერიდან ამონთხეული ოქროსფერი ციალით, სულის უშორეს კუნჭულებამდე რომ აღწევდა, და მარცხენა – ცარიელი და შავი, ნემსის ვიწრო ყუნწის თუ ყოველი წყვდიადისეულისა და აჩრდილეულის უსამანო ჭაში შორს გამკრთალი გასასვლელისდარი. ვოლანდს გვერდზე მოქცეოდა სახე. ტუჩები მარცხნივ და ქვევით დაღრეცვოდა. მაღალ, გამელოტებულ შუბლზე, მომშვილდული წარბების პარალელურად გასდევდა ნაოჭი. სახის კანი თითქოს სამუდამოდ გაერუჯა მზეს.

ვოლანდი დანდობილად იჯდა ლოგინზე, ტანთ მხოლოდ გრძელი ღამის პერანგი ემოსა, ისიც ჭუჭყიანი და მარცხენა მხარზე საკერებელდადებული. ცალი შიშველი ფეხი ამოეკეცა, მეორე კი სკამზე ჰქონდა გაშვერილი – გელლა სწორედ იმ ფეხის მუხლს უზელდა იმ რაღაც ორთქლდადენილი საცხით.

მარგარიტამ ვოლანდის მოღეღილ, უბეწვო მკერდზე ქვისგან ნაკვეთი ხოჭო დაინახა, ზურგზე რაღაც რომ ჰქონდა ამოკვეთილი და ოქროს ძეწკვით ეკიდა მკერდზე. ვოლანდის გვერდით, საწოლზე, მასიურ ფეხზე იდგა უცნაური, თითქოს ცოცხალი და ცალი მხრიდან მზით განათებული გლობუსი.

დუმილი რამდენიმე წამს გაგრძელდა. „მაკვირდება“, – გაიფიქრა მარგარიტამ და მთელი ძალისხმევით სცადა, მუხლების ცახცახი დაეცხრო.

ბოლოს ვოლანდმა გაიღიმა და ალაპარაკდა, თითქოს ჩალუსკუმებული თვალიც აენთო:

– მოგესალმებით, დედოფალო, და გთხოვთ, მომიტევოთ, შილიფად რომ დაგხვდით. ისეთი დაბალი ხმა ჰქონდა, ზოგიერთ მარცვალს ხრიალითაც კი წარმოთქვამდა. ვოლანდმა ლოგინიდან გრძელი დაშნა აიღო, გადაიხარა, საწოლის ქვეშ მოატარა და თქვა:

– გამოძვერი! პარტია გადადებულია. სტუმარი გვეწვია.

– არაფრის გულისათვის, – სუფლიორივით ყურში ჩასჩურჩულა მარგარიტას შეშფოთებულმა კაროვიევმა.

– არაფრის გულისათვის... – დაიწყო მარგარიტამ. – მესირ... – ისევ წაისისინა კაროვიევმა.



272

თავი ოცდამეორე - სანთლების შუქზე

– არაფრის გულისათვის, მესირ, – თავს მოერია და ჩუმად, მაგრამ გარკვევით თქვა მარგარიტამ. შემდეგ გაიღიმა და დასძინა, – გემუდარებით, ნუ შეწყვეტთ პარტიას. დარწმუნებული ვარ, საჭადრაკო ჟურნალისტები დიდ თანხას გაიღებდნენ, ამ პარტიის დაბეჭდვის საშუალება რომ მისცემოდათ.

აზაზელომ მოწონების ნიშნად ჩუმად ჩაიკრუტუნა, ვოლანდმა კი ყურადღებით შეხედა მარგარიტას და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა:

– ჰო, კაროვიევი არ შემცდარა! რა უცნაურად ლაგდება ბანქო. სისხლი, ბატონებო, სისხლი!

მან ხელი გაიწვდინა და მარგარიტა თავისთან იხმო. ქალი მიუახლოვდა, შიშველი ფეხისგულებით ვერც კი შეიგრძნობდა იატაკს. ვოლანდმა თავისი ქვასავით მძიმე და მაინც გავარვარებული ხელი დაადო მხარზე, მიიზიდა და საწოლზე, გვერდით მოისვა.

– ო, თქვენ ისეთი მომხიბლავად თავაზიანი ბრძანდებით, – ჩაილაპარაკა მან, – თუმცა სხვას არც ველოდი, ამიტომ, მოდი, შინაურულად მოვიქცეთ, – ის ისევ საწოლის კიდისკენ გადაიხარა და იყვირა, – კიდევ დიდხანს იმაიმუნებ საწოლქვეშ? გამოძვერი, შე ნაძირალავ!

– ცხენი ვერ მიპოვია, – საწოლის ქვემოდან დაგუდული და ყალბი ხმით უპასუხა კატამ, – ვინ იცის, იქნებ სადღაც გაჭენდა, მის ნაცვლად ერთთავად ბაყაყი მხვდება ხელში.

– ბაზრის მოედანზე ხომ არ გგონია თავი? – თითქოს გაბრაზდა ვოლანდი, – საწოლქვეშ ბაყაყს რა უნდა? ეგ იაფფასიანი ოინბაზობა, გირჩევნია, ვარიეტესთვის შემოინახო თუ ახლავე არ გამოხვალ, ჩავთვლი, რომ მნებდები, შე საზიზღარო დეზერტირო.

– არა, არა, მესირ! – დაიღრიალა კატამ და იმავ წამს საწოლის ქვეშიდან გამოძვრა, თათში ცხენი ეჭირა.

– ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ... – ის იყო დაიწყო ვოლანდმა და სიტყვა შუაზე გაუწყდა,

– არა, ამ ტაკიმასხარას დანახვა აღარ შემიძლია. ერთი შეხედეთ, რას დამსგავსებია!

უკანა თათებზე მდგარი და მტვერში ამოგანგლული კატა კი ამასობაში მარგარიტას ესალმებოდა. ახლა კატას ფრაკის თეთრი ბაფთა ჩამოეკონწიალებინა კისერზე, მკერდზე კი



273

თავი ოცდამეორე - სანთლების შუქზე

თეთრი ბინოკლი ეკიდა. თან ულვაშიც ოქროსფრად შეეღება.

– ეს რაღა უბედურებაა? – წამოიძახა ვოლანდმა, – ულვაში ოქროსფრად რატომ შეიღებე?! რა ეშმაკად გინდა ეს ჰალსტუხი, თუკი შარვალი არ გაცვია?

– შარვლის ტარება კატას არ ევალება, მესირ, – ძალზე ღირსეულად უპასუხა კატამ, – იქნებ ჩექმის ჩაცმაც მიბრძანოთ? ჩექმებიანი კატა მხოლოდ ზღაპრებში არსებობს, მესირ, მაგრამ უჰალსტუხოდ ოდესმე ვინმე გინახავთ წვეულებაზე? მე სულაც არ ვაპირებ სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდე და ვინმეს გავაპანღურებინო თავი! ყველა ისე ირთვება, როგორც შეუძლია. ჩათვალეთ, რომ ნათქვამი ბინოკლსაც ეხება, მესირ!

– ულვაში?. .

– ვერ გამიგია, – ცივად შეეპასუხა კატა, – ის რატომ არ გაკვირვებთ, რომ დღეს აზაზელომ და კაროვიევმა გაპარსვის შემდეგ თეთრი პუდრი შეიყარეს სახეზე, თეთრი პუდრი რითი სჯობია ოქროსფერს? მე უბრალოდ, ულვაში შევიფეთქე, ეგ არის და ეგ! ცხადია, დაგთანხმდებოდით, პირი რომ გამეპარსა! გაპარსული კატა მართლაც საშინელი სანახავია... ათასგზის გეთანხმებით და საერთოდ... – ნაწყენ კატას ხმა აუკანკალდა, – ვხედავ, რომ უმიზეზოდ მედავებიან, იმასაც ვხედავ, რომ ერთი ამოცანის წინაშე ვდგავარ – საერთოდ დამიშვებენ კი წვეულებაზე? რას მეტყვით, ამის პასუხად, მესირ?

ნაწყენი კატა ისე გაიფუყა, გეგონებოდათ, ერთი წუთიც და გასკდებაო.

– ოჰ, რა არამზადა ხარ, ნამდვილი არამზადა, – თავის ქნევით თქვა ვოლანდმა, – ყოველთვის, როგორც კი წასაგებ პოზიციაში აღმოჩნდება, ხიდისთავში მჯდარი მათხოვარივით სიტყვას ბანზე მიგდებს. ახლავე დაჯექი და ეგ სიტყვიერი უმსგავსობა შეწყვიტე.

– დავჯდები, – უპასუხა კატამ და სკამზე მოკალათდა, – მაგრამ თქვენი უკანასკნელი ფრაზის შესახებ ჩემს აზრს მაინც მოგახსენებთ. ჩემი სიტყვები უმსგავსობა კი არ გახლავთ, როგორც ქალბატონის თანდასწრებით ბრძანეთ, არამედ მჭიდროდ ასხმული სილოგიზმური ჯაჭვი, რომელსაც ჯეროვნად მხოლოდ ისეთი მცოდნეები შეაფასებდნენ, როგორებიც იყვნენ სიქსტ ემპირიკი, მარციან კაპელლა და თვით არისტოტელე.

– ქიში მეფეს, – უთხრა ვოლანდმა.

– თქვენი ნებაა, ბატონო ჩემო, – უპასუხა კატამ და ბინოკლით დაფას დახედა.



274

თავი ოცდამეორე - სანთლების შუქზე

– ახლა კი, – მარგარიტას მიუბრუნდა ვოლანდი, – ნება მიბოძეთ, ქალბატონო, ჩემი ამალა გაგაცნოთ. აი, ეს ტუტუცი – კატა ბეჰემოთია. აზაზელო და კაროვიევი უკვე გაიცანით. ეს ჩემი მოახლე გახლავთ – გელლა. ხელმარჯვეა, გამგები და ისეთი დავალება არ არსებობს, ვერ შეასრულოს.

მზეთუნახავ გელლას მარგარიტასკენ მიეპყრო მწვანე თვალები, იღიმებოდა, თან ქვაბიდან იღებდა საცხს და მუხლს უზელდა.

– სულ ეს არის, – დაასრულა ვოლანდმა და წარბი შეიკრა, როცა გელლა ღონივრად დააწვა მუხლზე, – როგორც ხედავთ, ძალიან პატარა ჯგუფია, არეული და უბრალო, – ერთხანს დადუმდა, თავისი გლობუსი დაატრიალა, რომელიც ისე მოხერხებულად იყო გაკეთებული, რომ ცისფერი ოკეანეები ირხეოდა და მთებზე ნამდვილივით ბზინავდა თოვლიან-ყინულოვანი ჩაფხუტი.

ამასობაში კი დაფაზე დიდი აურზაური სუფევდა. გუნებაწამხდარი თეთრმოსასხამიანი მეფე უჯრედში ფეხს ინაცვლებდა და განწირული იქნევდა ხელებს. ალებარდებიანი სამი თეთრი პაიკი-ლანდსკნეხტი დაბნეული შესცქეროდა ხმალამოწვდილ ოფიცერს, შეტევაზე გადასვლას რომ უბრძანებდა. იქ კი, წინ, თეთრსა და შავ უჯრედებში, ორ აჭიხვინებულ ცხენზე ისხდნენ ვოლანდის მხედრები და ცხენები ფლოქვებით თქერავდნენ ნიადაგს.

გაოგნებული მარგარიტა საოცარი გულისყურით დასცქეროდა ჭადრაკის ცოცხალ ფიგურებს.

კატამ თვალიდან ბინოკლი მოიშორა და უჩუმრად ზურგში გაჰკრა ხელი თავის მეფეს. სასოწარკვეთილმა მეფემ სახეზე ხელები აიფარა.

– ცუდადაა საქმე, ძვირფასო ბეჰემოთო, – დაშხამული ხმით ჩუმად უთხრა კაროვიევმა.

– მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ არა უიმედო, – უპასუხა ბეჰემოთმა, – უფრო მეტიც: სრულიად დარწმუნებული ვარ, ამ პარტიას მოვიგებ. ოღონდ საჭიროა, ჯეროვნად შევაფასო მდგომარეობა.

ეს ანალიზი საკმაოდ უცნაურად დაიწყო, კერძოდ, ბეჰემოთი რატომღაც ემანჭებოდა და თვალს უკრავდა თავის მეფეს.

– ვერაფერს უშველი, – ისევ უთხრა კაროვიევმა.



275

თავი ოცდამეორე - სანთლების შუქზე

– უი! – უცებ იყვირა ბეჰემოთმა, – თუთიყუშები გაფრენილან! ასეც ვიცოდი!

მართლაც, სადღაც შორიდან მოისმა მრავალი ფრთის ფათქუნი. კაროვიევი და აზაზელო გარეთ გაცვივდნენ.

– ეშმაკმა წაგიღოთ თქვენი ავადმყოფური ფანტაზიებით, – გლობუსიდან თვალის მოუშორებლად ჩაიბურდღუნა ვოლანდმა.

როგორც კი კაროვიევი და აზაზელო გაუჩინარდნენ, ბეჰემოთმა უფრო გამალებით დაიწყო თვალის პაჭუნი. თეთრი მეფე ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რას ითხოვდნენ მისგან, წამისად შემოიგლიჯა მოსასხამი, უჯრედში ჩააგდო და დაფიდან მოუსვა. ოფიცერმა ძირს დაგდებული მოსასხამი მოიხურა და მეფის ადგილი დაიკავა. ამასობაში კაროვიევი და აზაზელოც დაბრუნდნენ.

– როგორც ყოველთვის, ახლაც მოგვატყუა, – ბუზღუნებდა აზაზელო და ცერად უცქეროდა ბეჰემოთს.

– ალბათ, მომეჩვენა, – უპასუხა კატამ.

– კიდევ დიდხანს გაგრძელდება ეს მაიმუნობა? – იკითხა ვოლანდმა, – ქიში მეფეს.

– ალბათ, ყური მატყუებს, მესირ, – უპასუხა კატამ, – ქიში არ არის და არც შეიძლება იყოს.

– ვიმეორებ, ქიში მეფეს.

– მესირ, – შეშფოთებული, ყალბი ხმით უთხრა კატამ, – როგორც ჩანს, გადაიღალეთ: აქ მეფის ქიში არ არის.

– მეფე გ-ზე დგას, – დაფაზე დაუხედავად უთხრა ვოლანდმა.

– მესირ, თავზარდაცემული ვარ, – დაიკნავლა კატამ და სახეზე შეშფოთება დაეტყო, – ამ უჯრაში მეფე არ დგას.

– რა თქვი? – იკითხა გაოცებულმა ვოლანდმა და დაფას დახედა, სადაც მეფის ადგილას მდგარი ოფიცერი თვალს არიდებდა და სახეზე ხელს იფარებდა.



276

თავი ოცდამეორე - სანთლების შუქზე

– ოჰ, შე არამზადავ! – დაუცაცხანა ვოლანდმა.

– მესირ, მე კვლავ ლოგიკას მოვიშველიებ, – დაიწყო კატამ და თათები მკერდზე მიიკრა, – თუ მოთამაშე ქიშს უცხადებს მეფეს, მეფე კი კარგა ხანია დაფაზე აღარ დგას, ქიში შეცდომად უნდა ჩაითვალოს.

– მნებდები თუ არა? – საშინელი ხმით იყვირა ვოლანდმა.

– ნება მიბოძეთ, დავფიქრდე, – მორჩილად უპასუხა კატამ, იდაყვები მაგიდას დააყრდნო, თავი თათებში ჩარგო და დაფიქრდა. დიდხანს ფიქრობდა, ბოლოს თქვა, – გნებდებით!

– სიკვდილი ჯიუტ ქვემძრომს! – ჩაიჩურჩულა აზაზელომ.

– დიახ, გნებდებით, – განაგრძო კატამ, – მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ ძალმიძს მოშურნეთა ავსიტყვაობის თანხლებით თამაში! – ის წამოდგა და ჭადრაკის ფიგურები ყუთში ჩაფრინდნენ.

– გელლა, დროა, – უთხრა ვოლანდმა და გელლაც გაქრა ოთახიდან, – ფეხი ამტკივდა, თან წვეულებაც მაქვს, – განაგრძო ვოლანდმა.

– თუ ნებას დამრთავთ... – ხმადაბლა სთხოვა მარგარიტამ. ვოლანდი დაჟინებით მიაჩერდა და მუხლი მიუშვირა.

გავარვარებული ფაფა ხელებს წვავდა, მაგრამ მარგარიტა წარბშეუხრელად, ტკივილის მიუყენებლად უზელდა მუხლს.

– ახლობლები მიმტკიცებენ, რევმატიზმი უნდა იყოსო, – ეუბნებოდა ვოლანდი და თვალს არ აშორებდა მარგარიტას, – მაგრამ მე მაინც მგონია, ეს მუხლის ტკივილი ერთი წარმტაცი ალქაჯის წყალობა უნდა იყოს, რომელიც ათას ხუთას სამოცდათერთმეტ წელს გავიცანი ბროკენის მთებში, ეშმაკის კათედრაზე.

– ო, ეს შესაძლებელია? – ჰკითხა მარგარიტამ.

– არა უშავს! სამასიოდე წლის შემდეგ გამივლის. რა წამალი არ მირჩიეს, მაგრამ მე მაინც ბებიაჩემის ნასწავლს ვამჯობინებ. იმ უწმინდურმა დედაბერმა, ბებიაჩემმა ანდერძად გასაოცარი ბალახები დამიტოვა! თქვენც ხომ არ გაწუხებთ რამე? ან რაიმე დარდი ანდა ნაღველი ხომ არ გიწამლავთ სულს?



277

თავი ოცდამეორე - სანთლების შუქზე

– არა, მესირ, მსგავსი არაფერი მჭირს, – უპასუხა მარგარიტამ, – მით უმეტეს ახლა, როცა თქვენს სიახლოვეს ვიმყოფები, შესანიშნავად ვგრძნობ თავს.

– სისხლი მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს, – რაღაცის პასუხად, მხიარულად წამოიძახა ვოლანდმა და დასძინა, – ვხედავ, ჩემმა გლობუსმა მიიპყრო თქვენი ყურადღება.

– დიახ, ასეთი რამ არასოდეს მინახავს.

– კარგი ნახელავია. მართალი გითხრათ, ძალიან არ მიყვარს უკანასკნელი ამბების რადიოთი მოსმენა. ამ უკანასკნელ ცნობებს, როგორც წესი, გოგონები გადმოსცემენ და ძალიან გაურკვევლად წარმოთქვამენ ადგილთა დასახელებებს. ამას გარდა, მათგან ყოველი მესამე ენაბლუა, თითქოს ასეთებს საგანგებოდ არჩევდნენ. მე ჩემი გლობუსი მირჩევნია, განსაკუთრებით თუ ზუსტი ცნობების შეტყობა მსურს. აი, ხედავთ დედამიწის ამ ნაწილს, რომლის ნაპირებსაც ოკეანე ელამუნება? ხედავთ, აქაურობას ცეცხლი ედება, მაშასადამე, ომი დაიწყო. ხოლო თუ უფრო გულდასმით დააკვირდებით, წვრილმანებსაც გაარჩევთ.

მარგარიტა გლობუსისკენ გადაიხარა. ანაზდად მიწის კვადრატი გაფართოვდა, მრავალფრად მოიჩითა და რელიეფურ რუკას დაემსგავსა. შემდეგ, მდინარის ზოლი და მის ნაპირზე – პატარა სოფელიც დაინახა. წიწიბურას მარცვლისოდენა სახლი ანაზდად გაიზარდა და ასანთის კოლოფის ზომის გახდა. უცებ სახურავი შავ ბოლთან ერთად უხმაუროდ აიჭრა ჰაერში, კედლები ჩამოინგრა და ორსართულიანი ყუთიდან მხოლოდ აბოლქვებული ნანგრევებიღა დარჩა. მარგარიტა უფრო დაჟინებით დააკვირდა იქაურობას და მიწაზე გაშხლართული ქალის ფიგურაც დაინახა, მის გვერდით კი, სისხლის გუბეში პატარა ბავშვს გაეჩაჩხა ხელები.

– მორჩა, – გაუღიმა ვოლანდმა, – ცოდვის ჩადენაც ვერ მოასწრო. აბადონა დიდებულად მუშაობს.

– აბადონას მოწინააღმდეგეთა რიგებში ყოფნას არ ვისურვებდი, – თქვა მარგარიტამ, – თვითონ მაინც ვის მხარესაა?

– რაც უფრო მეტხანს გესაუბრებით, – მოწყალედ უთხრა ვოლანდმა, – მით უფრო ვრწმუნდები, რომ ჭკვიანი ქალი ბრძანდებით. შემიძლია დაგამშვიდოთ, აბადონა გასაოცრად მიუკერძოებელია და თანაბრად თანაუგრძნობს ორივე მხარეს. ამიტომ მოწინააღმდეგეები ერთსა და იმავე ნაყოფს იმკიან. აბადონა, – ხმადაბლა გასძახა ვოლანდმა და უცებ კედელს



278

თავი ოცდამეორე - სანთლების შუქზე

ვიღაც გამხდარი, შავსათვალიანი კაცი გამოეყო. ამ სათვალემ რატომღაც ისე შეზარა მარგარიტა, რომ ხმადაბლა შეჰკივლა და სახე ვოლანდის მუხლში ჩარგო.

– მშვიდად, – უყვირა ვოლანდმა, – რა ნერვიულები არიან ეს თანამედროვე ადამიანები, – მან მარგარიტას ზურგს დასცხო ხელი და მარგარიტამაც მთელ სხეულში ზრიალი იგრძნო, – ხომ ხედავთ, სათვალე უკეთია. ამას გარდა, აბადონა დროზე ადრე არავის ეწვევა ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, მე თქვენ გვერდით ვარ, თქვენ კი ჩემი სტუმარი ბრძანდებით! უბრალოდ, თქვენთვის მინდოდა მეჩვენებინა.

აბადონა უძრავად იდგა.

– შეიძლება, ერთი წამით მაინც მოიხსნას სათვალე? – იკითხა ვოლანდს მიკრულმა, ათრთოლებულმა მარგარიტამ, თუმცა უკვე ზედმეტი ცნობისმოყვარეობა ათრთოლებდა.

– აი, ეს კი დაუშვებელია, – სერიოზულად უპასუხა ვოლანდმა, აბადონას ხელი აუქნია და ისიც გაიქნა, – რისი თქმა გინდა, აზაზელო?

– მესირ, – დაიწყო აზაზელომ, – ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ, ორი უცხო სულიერი შემოგვემატა: ვიღაც ლამაზმანი, რომელიც ტირის და იხვეწება, ჩემს ქალბატონს არ დამაშოროთო, და მისი, უკაცრავად პასუხია, კურატი.

– ამ ბოლო ხანს ლამაზმანები ძალიან უცნაურად იქცევიან, – ჩაილაპარაკა ვოლანდმა. – ეს ნატაშაა, ნატაშა! – წამოიძახა მარგარიტამ.

– თხოვნა შეუსრულეთ, დატოვეთ ქალბატონთან, კურატი კი მზარეულებს გადაეცით!

– ნუთუ დაკლავთ? – შიშით იყვირა მარგარიტამ, – შეიწყალეთ, მესირ, ეს ხომ ნიკოლაი ივანოვიჩია, ქვედა სართულის მეზობელი. ერთი გაუგებრობა მოხდა, ნატაშამ მასაც წაუსვა საცხი...

– რას ბრძანებთ! – გაიცინა ვოლანდმა, – ვის რა ჯანდაბად სჭირდება მისი დაკვლა? მზარეულებთან დაიცადოს, ეგ არის და ეგ! ალბათ, ხვდებით, რომ დიდ დარბაზში ვერ მივიწვევ.

– ცხადია... – დასძინა აზაზელომ და მოახსენა, – შუაღამე ახლოვდება, მესირ.



279

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

– კარგია, – თქვა ვოლანდმა და მარგარიტას მიუბრუნდა, – ასე რომ, წინასწარ გიხდით მადლობას! არ დაიბნეთ და არაფრის შეგეშინდეთ. წყლის მეტი არაფერი დალიოთ, თორემ მოითენთებით და დაიღლებით. დროა!

მარგარიტა ნოხიდან წამოდგა და იმავ წამს კაროვიევი აისვეტა კარში.

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

შუაღამე ახლოვდებოდა, უნდა ეჩქარათ. მარგარიტა უკვე ყველაფერს ბუნდოვნად ხედავდა, დაამახსოვრდა სანთლები და ქვის აუზი. იმ აუზში ჩასულს, გელლამ და ნატაშამ რაღაც წითელი, ბლანტი და ცხელი სითხე გადაავლეს. მან ტუჩზე სიმლაშე იგრძნო და მიხვდა – სისხლით განბანეს. ეს სისხლიანი მანტია სულ ცოტა ხანში რაღაც სხვა – ბლანტი, გამჭვირვალე და მოვარდისფრო სითხით შეიცვალა და მარგარიტას ვარდის ზეთის სურნელმა დაახვია თავბრუ. შემდეგ ტახტზე მიაწვინეს და რაღაც დიდ-დიდი მწვანე ფოთლებით შეუმშრალეს ტანი. ანაზდად კატა შემოიჭრა ოთახში, მარგარიტას ფერხთით ჩაიმუხლა და ისე დაუწყო ტერფების ხეხვა, თითქოს ჩექმას უპრიალებსო. მარგარიტას აღარც კი ახსოვდა, ვინ შეუმოსა ტერფები ღია ვარდისფერი ფეხსაცმლით და როგორ თავისთავად შეიკრა ეს ფეხსაცმელი ოქროს წვივსაკრავით. მერე რაღაც ძალამ წამოახტუნა, სარკის წინ დააყენა და თმაზე ალმასებით მოოჭვილი სადედოფლო გვირგინი დაუმაგრა. საიდანღაც კაროვიევიც გაჩნდა და მარგარიტას ოვალურ ჩარჩოში ჩასმული შავი პუდელის გამოსახულება დაჰკიდა მკერდზე. ამ სამკაულმა საოცრად დაამძიმა დედოფალი. ჯაჭვი კისერს უხეხავდა, სამკაულის სიმძიმისაგან ლამის წელში იხრებოდა. მაგრამ შავპუდელიანი გულქანდის ჯაჭვით მიყენებულ უხერხულობას ის უნაზღაურებდა, რომ კაროვიევი და აზაზელო აწ უკვე გასაოცარი მოწიწებით ეპყრობოდნენ.

– არა უშავს, არა უშავს, არა უშავს! – აუზიანი ოთახის კართან ებუტბუტებოდა კაროვიევი, – ვერაფერს გავაწყობთ, ეს აუცილებელია, აუცილებელი! ნება მიბოძეთ, დედოფალო, უკანასკნელი რჩევა მოგცეთ. სტუმრებს შორის სხვადასხვა ჯურის ხალხი იქნება, თანაც სრულიად სხვადასხვა ჯურის და არავინ, გესმით, დედოფალო მარგო, არავინ გამოარჩიოთ! არც მოგეწონოთ ვინმე... ცხადია, არც სახეზე უნდა დაგეტყოთ ზიზღი... არა, არა, ეს დაუშვებელი იქნებოდა! მაშინვე მიხვდებიან. სტუმრები უნდა გიყვარდეთ, დედოფალო, აუცილებლად უნდა შეიყვაროთ ისინი. ამის სანაცვლოდ ათასგზის დაგაჯილდოებენ, და კიდევ: უყურადღებოდ არავინ დატოვოთ. თუ სიტყვის თქმას ვერ მოახერხებთ, გაუღიმეთ მაინც ან თავი დაუქნიეთ. რაც გნებავთ, გააკეთეთ, ოღონდ უყურადღებოდ არ დატოვოთ. ეს მათ



280

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

დაღუპავს...

და მარგარიტამ ბეჰემოთისა და კაროვიევის თანხლებით აუზიანი ოთახიდან სრულ უკუნში შეაბიჯა.

– მე, მე, – ჩაიჩურჩულა კატამ, – მე მივცემ ნიშანს!

– კარგი! – სიბნელიდან უპასუხა კაროვიევმა.

– დავიწყეთ! – გამყინავად დასჭყივლა კატამ. იმავ წამს მარგარიტამაც შეჰკივლა და თავისდა უნებურად, თვალი დახუჭა. მეჯლისი ჩახჩახა შუქად ჩამოემხო თავზე. შუქს ხმები და სურნელიც მოჰყვა. კაროვიევის ხელს დანდობილი მარგარიტა ანაზდად ტროპიკულ ტყეში აღმოჩნდა. მკერდწითელა, მწვანეზოლიანი თუთიყუშები ლიანებს ეჭიდებოდნენ, ტოტიდან ტოტზე ხტებოდნენ და გამყინავად გაჰყვიროდნენ: „აღფრთოვანებული ვარ!“ მაგრამ ტყე მალე დასრულდა და მისი აბანოსეული უჰაერობა იმავ წამს რომელიღაც მოყვითალო, მბზინავი ქვისსვეტებიანი სამეჯლისო დარბაზის სიგრილით შეიცვალა. ეს დარბაზიც, ტყის დარად, სრულიად უკაცრიელი იყო, მხოლოდ სვეტებთან იდგნენ გაუნძრევლად შუბლზე ვერცხლისფერსახვევიანი, შიშველი ზანგები. მცველებს სახე ჩაუშავდათ მღელვარებისგან, როცა დარბაზში თავისი ამალის თანხლებით შემოიჭრა მარგარიტა. უკვე აზაზელოც თან ახლდა. აქ კაროვიევმა მარგარიტას ხელი უშვა და ჩასჩურჩულა:

– პირდაპირ ტიტებისაკენ!

მარგარიტას წინ თეთრი ტიტების არცთუ მაღალი კედელი აღიმართა. მის უკან კი უთვალავი ცეცხლის ენა დალანდა, უფრო ახლოს, ფრაკებში გამოკვართული თეთრი მკერდები და შავი მხრები. მაშინღა მიხვდა მარგარიტა, საიდან დიოდა მეჯლისის ხმაური. საყვირთა გადაძახილი შეასკდა მის სმენას და საყვირთა კვალად გამოსხლეტილი ვიოლინოების კვნესა სისხლის მანტიასავით შემოეტმასნა სხეულზე. ოცდაათამდე კაცისგან შემდგარი ორკესტრი პოლონეზს უკრავდა.

ორკესტრის წინ, ამაღლებულზე მდგარმა ფრაკიანმა კაცმა მარგარიტას რომ ჰკიდა თვალი, გადაფითრდა, ღიმილად დაიფრქვა და ანაზდად, ხელის ერთი აქნევით, ფეხზე წამოაყენა მთელი ორკესტრი. ორკესტრი ისევე, ზეზეულად განაგრძობდა დაკვრას და მუსიკის ჰანგებში ახვევდა მარგარიტას. ამაღლებულზე მდგარმა კაცმა ორკესტრს ზურგი აქცია, ხელები გაშალა, მდაბლად დაუკრა თავი და გაღიმებულმა მარგარიტამაც ხელი დაუქნია.



281

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

– არა, ეგ ცოტაა, ცოტა... – ეჩურჩულებოდა კაროვიევი, – ამაღამ ძილი გაუტყდება, შეეხმიანეთ: „მოგესალმებით, ვალსების მეფევ!“

მარგარიტამ შეძახილი გაიმეორა და გაოცდა, რომ მისმა ხმამ ზარივით გაიწკრიალა და ორკესტრის ღრიალი გადაფარა. ბედნიერებისგან შემცბარმა დირიჟორმა მარცხენა ხელი მკერდზე მიიდო, მარჯვენით კი ისევ თეთრი ჯოხის ქნევა განაგრძო.

– ეგეც ცოტაა, ცოტა... – ისევ ეჩურჩულებოდა კაროვიევი, – მარცხნივ გაიხედეთ, პირველი ვიოლინოსკენ და ისე დაუქნიეთ თავი, ყოველ მათგანს ეგონოს, თითქოს ყველა იცანით. აქ მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსები უკრავენ. აი, ის, პირველ რიგში ვიეტანია... კარგია, ახლა გზა განვაგრძოთ.

– დირიჟორი ვინღაა? – ჰკითხა მარგარიტამ.

– იოჰან შტრაუსი, – დაუყვირა კატამ, – აქვე, ამ ტროპიკულ ბაღში, ამ ლიანებზე ჩამოვიხრჩობ თავს, თუკი ვინმე მეტყვის, რომ ოდესმე, რომელიმე მეჯლისზე, ასეთი ორკესტრის შეკრებას შეძლებდნენ. მე მოვიწვიე! და წარმოიდგინეთ, არც ერთს ავადმყოფობა არ მოუმიზეზებია, არც ერთს არ უთქვამს უარი.

მომდევნო დარბაზში სვეტები არ ჩანდა, მათ ნაცვლად ერთ მხარეს ვერცხლისფერი, რძისფრად-თეთრი ვარდების კედელი იყო აღმართული, მეორე მხარეს კი – იაპონური ხავერდოვანი კამელიები.

ამ კედლებს შორის შიშინით იფრქვეოდა შადრევნები და შამპანური იბუშტებოდა სამ აუზში. ერთში – გამჭვირვალე იისფერი, მეორეში – ლალისფერი, მესამეში – ბროლისფერი. აუზებთან მეწამულმოსახვევიანი ზანგები მიმორბოდნენ, აუზებიდან ვერცხლის ხაპებით იღებდნენ შამპანურს და ბრტყელ თასებს ავსებდნენ. ვარდების კედელში ჭრილი აღმოჩნდა და იქ, ესტრადაზე, მერცხლისკუდა, წითელფრაკიანი კაცი ბზრიალებდა. მის წინ კი აუტანლად ღრიალებდა ჯაზი. როგორც კი დირიჟორმა მარგარიტას მოჰკრა თვალი. ისე ძალუმად დაუქნია თავი, ლამის ხელებით შეეხო იატაკს, შემდეგ წელში გაიმართა და გამყინავად იყვირა:

– ალილუია!

მან ჯერ ცალ მუხლზე დაიკრა ხელი, მერე – მეორეზე ჯვარედინად, კიდურა მუსიკოსს დასარტყმელი თეფში გამოსტაცა და სვეტს შემოჰკრა.



282

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

გაფრენილმა მარგარიტამ მხოლოდ იმასღა მოჰკრა თვალი, რომ ჯაზის ვირტუოზი დირიჟორი, გამწარებული რომ ცდილობდა, მარგარიტას ზურგს უკნიდან მონადენი პოლონეზის ხმა ჩაეხშო, დამკვრელებს თავში ურახუნებდა იმ თეფშს და ისინიც, კომიკური შიშით თავზარდაცემულნი, იკუზებოდნენ.

ბოლოს ერთ დიდ ბაქანზე მიფრინდნენ, ალბათ იმ ადგილას, სადაც მანამდე ლამპრით ხელში შეეგება კაროვიევი. ახლა იმ ბაქანზე თვალს სჭრიდა ბროლის ყურძნების მტევნებიდან დაფრქვეული შუქი. მარგარიტა თავის ადგილას მიაბრძანეს და მის მარცხენა ხელთან ამეთვისტოს დაბალი საკარცხული გაჩნდა.

– თუ გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ ხელით დაეყრდნოთ, – უჩურჩულა კაროვიევმა.

რომელიღაც შავკანიანმა მარგარიტას ფერხთით ოქრომკედით პუდელამოქარგული ყურთბალიში დააგდო და ამ ბალიშზე, ვიღაცის ხელებს დამორჩილებულმა მარგარიტამ, მუხლში მოხრილი მარჯვენა ფეხი შედგა. მარგარიტამ იქაურობას თვალი მოავლო. საზეიმოდ გაჯგიმული კაროვიევი და აზაზელო მის სიახლოვეს იდგნენ, აზაზელოს გვერდით კიდევ სამი ყმაწვილი ჩამწკრივებულიყო, რაღაცით ბუნდოვნად, აბადონა რომ გაახსენეს მარგარიტას. ზურგიდან სიგრილე ეფრქვეოდა, მარგარიტამ უკან მიიხედა და დაინახა, რომ მის უკან, მარმარილოს კედლიდან აშიშხინებული ღვინო იღვრებოდა და ყინულის აუზში ჩაედინებოდა. მარცხენა ფეხთან რაღაც თბილსა და ღუნღულას შეიგრძნობდა, იქ ბეჰემოთი იწვა.

მარგარიტა შემაღლებულზე იდგა, მის ფერხთაგან დაღმა დაშვებული, ნოხით დაფარული უზარმაზარი კიბე მოჩანდა, სულ დაბლა, თითქოს ბინოკლის მეორე მხრიდან გასცქერიო, უზარმაზარ წინკარს სწვდებოდა თვალი, წარმოუდგენელი სიდიდის ბუხრით, რომლის ცივ და შავ ხახაში ალბათ თავისუფლად შეეტეოდა ხუთტონიანი სატვირთო მანქანა. თვალისმომჭრელად განათებული წინკარი და კიბე სრულიად უკაცრიელი ჩანდა. სადღაც შორიდან ისმოდა საყვირების გადაძახილი, ისინი კი იდგნენ გაუნძრევლად და ელოდნენ.

– სტუმრები სადღა არიან? – კაროვიევს ჰკითხა მარგარიტამ.

– ახლავე გამოჩნდებიან, დედოფალო, ახლავე. სტუმრები ნამდვილად არ მოგვაკლდება, გულახდილად გეტყვით, შეშის ჩეხა მერჩია აქ, ამ ბაქანზე დგომას და მათ მიღებას.

– შენც თქვი რა, – გაეპასუხა ლაქლაქა კატა, – მე ტრამვაის კონდუქტორობას



283

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

დავთანხმდებოდი, ამაზე საშინელი სამუშაო არც მეგულება ამქვეყნად.

– ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს გამზადებული, დედოფალო, – უხსნიდა კაროვიევი და თვალს გაბზარული მონოკლიდან აკვესებდა, – იმაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს, როცა ადრე მოსული სტუმარი წინკარში დაიწყებს წრიალს, აღარ იცის, როგორ მოიქცეს, მისი კანონიერი ალქაჯი კი წუწუნით სულს ხდის, ასე ადრე რატომ წამომიყვანეო. ასეთი წვეულებები სანაგვეშია გადასაყრელი, დედოფალო.

– აუცილებლად სანაგვეში, – დაეთანხმა კატა.

– შუაღამემდე ათიოდე წამიღა რჩება, – დაიძახა კაროვიევმა, – საცაა დაიწყება.

ეს ათი წამი გასაოცრად ეხანგრძლივა მარგარიტას. მერე ის ათი წამიც გაილია და მაინც არაფერი მომხდარა. და უცებ რაღაცამ გაირახუნა შავ ბუხარში და იქიდან სახრჩობელა გადმოვარდა, ზედ ჩამოკონწიალებული ნახევრად დაშლილი გვამით, შემდეგ ეს გვამი ყულფს მოსწყდა, იატაკს დაასკდა და იატაკიდან შავთმიანი, წარმტაცი ყმაწვილი წამოდგა, შავი ფრაკითა და ლაქის ფეხსაცმლით. იმავ წამს ბუხრიდან ნახევრად დაშლილი, მომცრო კუბო გამოსრიალდა, სახურავი აეხადა და იქიდან მეორე გვამი გადმოვარდა. ყმაწვილი მოხდენილად მიიჭრა გვამთან, ხელი გაუწოდა, მეორე გვამი კი შიშველ, სხმარტალა ქალად იქცა, შავი ფეხსაცმლითა და თმაში ჩამაგრებული შავი ფრთით, და ორივემ, ქალმაც და კაცმაც, კიბეზე დაიწყო ასვლა.

– მოვიდნენ! – წამოიძახა კაროვიევმა, – ბატონი ჟაკი მეუღლითურთ. წარმოგიდგენთ, დედოფალო, ერთ-ერთ ყველაზე მომხიბლავ მამაკაცს! ყალბი ფულისმჭრელი, სამშობლოს მოღალატე, მაგრამ საკმაოდ კარგი ალქიმიკოსი. სახელი იმით გაითქვა, – ყურში ჩასჩურჩულებდა კაროვიევი, – რომ მეფის საყვარელი ქალი მოწამლა. ყველას ხომ არ შეუძლია ამის ჩადენა? ერთი შეხედეთ, რა მშვენიერი კაცია!

გაფითრებული მარგარიტა პირდაღებული იცქირებოდა ქვევით და ხედავდა, წინკარის რომელიღაც გვერდით გასასვლელში როგორ გაქრა სახრჩობელაცა და კუბოც.

– აღფრთოვანებული ვარ, – პირდაპირ სახეში შეჰკივლა კატამ კიბეზე ამოსულ ბატონ ჟაკს.

ამასობაში ქვევით, ბუხრიდან ვიღაც უთავო, ხელმოგლეჯილი ჩონჩხი გამოხტა, იატაკს დაასკდა და ფრაკიან კაცად იქცა.



284

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

ბატონი ჟაკის მეუღლე უკვე მარგარიტას წინაშე იჩოქებდა და მღელვარებით გაფითრებული კოცნიდა მუხლზე.

– დედოფალო! – ჩაილუღლუღა ბატონ ჟაკის მეუღლემ.

– დედოფალი აღფრთოვანებულია, – ყვიროდა კაროვიევი.

– დედოფალო... – თავი მოუდრიკა მომხიბლავმა ბატონმა ჟაკმა. – ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, – ჩხაოდა კატა.

აზაზელოს თანმხლები ყმაწვილი კაცები უსიცოცხლო, მაგრამ თავაზიანი ღიმილით მიაცილებდნენ ბატონ ჟაკსა და მის მეუღლეს გვერდით, შამპანურით სავსე თასებისაკენ, ზანგებს რომ ეპყრათ ხელში. კიბეზე კი უკვე მარტო მოსული ფრაკიანი კაცი ამორბოდა.

– გრაფი რობერტი, – მარგარიტას უჩურჩულა კაროვიევმა, – დღემდე არ დაუკარგავს მომხიბვლელობა. ყურადღება მიაქციეთ, რა სასაცილოა, დედოფალო. აქ პირიქით მოხდა ყველაფერი: ეს ვაჟბატონი დედოფლის საყვარელი ბრძანდებოდა და საკუთარი ცოლი მოწამლა.

– ძალიან გაგვახარეთ, გრაფო, – წამოიძახა ბეჰემოთმა.

ბუხრიდან ერთმანეთის მიყოლებით გამოცვივდა სამი კუბო, გასკდა და დაიშალა, შემდეგ ვიღაც შავმოსასხამიანი კაცი გამოხტა, რომელსაც ამ შავი ხახიდან მის კვალდაკვალ გამომხტარმა კაცმა ზურგში დანა ჩასცა. ქვევიდან შეკავებული ყვირილი გაისმა. შემდეგ ბუხრიდან ერთიანად გახრწნილი გვამი გადმოვარდა, მარგარიტამ თვალი დახუჭა და ვიღაცის ხელმა ცხვირთან სასუნთქებელი მარილი მიუტანა. მარგარიტას ნატაშას ხელი ეცნო. კიბე თანდათან ივსებოდა. ახლა უკვე ყოველ საფეხურზე იდგნენ შორიდან სრულიად ერთმანეთის მსგავსი, ფრაკში გამოწყობილი მამაკაცები და შიშველი ქალები, რომელთაც მხოლოდ ფეხსაცმლითა და თავზე დამაგრებული ბუმბულის ფერით თუ გამოარჩევდი ერთმანეთისგან.

მარგარიტას უკვე კოჭლობით უახლოვდებოდა მარცხენა ფეხზე რაღაც ხისჩექმიანი ქალი. მას მონაზონივით დაეხარა თვალები, გამხდარი იყო, კდემამოსილი და რატომღაც ფართო, მწვანე სახვევი ჰქონდა კისერზე შემოხვეული.



285

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

– რა მწვანეა? – დაუფიქრებლად იკითხა მარგარიტამ.

– ძალზე მომხიბლავი და თავშეკავებული ქალბატონია, – ეჩურჩულებოდა კაროვიევი, – გაიცანით: ქალბატონი ტოფანა, გასაოცრად უყვარდათ ახალგაზრდა, მომხიბლავ ნეაპოლიტანელ და პალერმოელ ქალბატონებს, განსაკუთრებით იმათ, ვისაც საკუთარი ქმრები მობეზრებოდათ. ასეც ხომ ხდება ხოლმე, დედოფალო, რომ საკუთარი ქმარი გბეზრდება ადამიანს?

– დიახ, – ყრუდ უპასუხა მარგარიტამ და თან ფრაკში გამოწყობილ ორ ყმაწვილს გაუღიმა, რომელნიც ერთმანეთის მიყოლებით დაეშვნენ მის წინაშე და მუხლი და ხელი დაუკოცნეს.

– ჰოდა, – კაროვიევი მარგარიტასთან ჩურჩულსაც ასწრებდა და ბრძანებების გაცემასაც, – შამპანური მიართვით ჰერცოგს! აღფრთოვანებული ვარ! ჰოდა, იმას მოგახსენებდით, დედოფალო, ეს ქალბატონი ტოფანა იმ უბედურ ქალებს ძალიან თანაუგრძნობდა და მიჰყიდდა ხოლმე პატარ-პატარა ბოთლებში ჩასხმულ რაღაც სითხეს. ქალი იმ სითხეს წვნიანში უსხამდა ქმარს, ქმარიც მიირთმევდა, მზრუნველობისთვის მადლობას უხდიდა და კმაყოფილი იღიმებოდა. მართალია, რამდენიმე საათის შემდეგ საოცრად მოსწყურდებოდა წყალი, შემდეგ ლოგინში ჩაწვებოდა და ერთი დღეში ის მომხიბლავი ქალი, ქმარს რომ წვნიანით გაუმასპინძლდა, გაზაფხულის ქარივით თავისუფალი ხდებოდა.

– ფეხზე რაღა აქვს? – ჰკითხა მარგარიტამ, თან იმ სტუმრებს ესალმებოდა, კელაობით მომავალი ქალბატონი ტოფანასათვის რომ გამოესწროთ, – ან კისერზე რატომ უკეთია ის მწვანე სახვევი? ულამაზო ყელი აქვს?

– აღფრთოვანებული ვარ, თავადო! – ყვიროდა კაროვიევი და თან მარგარიტას ეჩურჩულებოდა, – მშვენიერი ყელი აქვს, მაგრამ ციხეში ერთი უსიამოვნება შეემთხვა. ფეხზე ესპანური ჩექმა აქვს წამოცმული, სახვევს კი იმიტომ ატარებს, რომ როცა ზედამხედველებმა შეიტყვეს, რომ მისი წყალობით, ხუთასამდე უგერგილო ქმარს სამუდამოდ მიეტოვებინა ნეაპოლი და პალერმო, ქალბატონი ტოფანა ციხეშივე მოახრჩვეს.

– ბედნიერი ვარ, შავო დედოფალო, ასეთ პატივს რომ ვეღირსე, – მონაზონივით ჩაიჩურჩულა ტოფანამ და მუხლის მოყრა სცადა. ესპანური ჩექმა უშლიდა ხელს. კაროვიევი და ბეჰემოთი წამოდგომაში მიეხმარნენ.



286

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

– ძალიან მიხარია, – უპასუხა მარგარიტამ და ახლა სხვებს გაუწოდა ხელი.

კიბეზე უკვე ნიაღვარი მოედინებოდა. მარგარიტა ვეღარც კი ხედავდა, რა ხდებოდა წინკარში. აზრმიუცემლად სწევდა და უშვებდა ხელს და სტუმრებს ერთფეროვანი ღიმილით ესალმებოდა. ბაქანზე ჰაერს ბუბუნი აზანზარებდა, მარგარიტას ზურგს უკან, დარბაზიდან კი ზღვასავით შხუოდა მუსიკა.

– ეს ქალი თავს შეგაწყენთ, – კი აღარ ჩურჩულებდა, მთელი ხმით გაჰყვიროდა კაროვიევი, მარგარიტასთვის ხმა რომ მიეწვდინა, – წვეულებებს აღმერთებს და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ვინმეს შესჩივლოს თავისი ცხვირსახოცის შესახებ.

კიბეზე მომავალ ხალხში მარგარიტამ თვალით ის მოიძია, ვისზეც კაროვიევი მიუთითებდა. ოციოდე წლის ახალგაზრდა ქალი იყო, გასაოცრად მომხიბვლელი აღნაგობა ჰქონდა, მაგრამ უჩვეულოდ შეშფოთებული აცეცებდა თვალებს.

– რას გულისხმობ? – ჩაეკითხა მარგარიტა.

– ამ ქალს კამერისტკა ემსახურება, – აუხსნა კაროვიევმა, – და ოცდაათი წელია ყოველღამე მაგიდაზე უდებს ცხვირსახოცს. თვალს გაახელს თუ არა, მაშინვე ცხვირსახოცს ხედავს. ცეცხლშიც დაწვა, მდინარეშიც გადააგდო, მაგრამ ყოველ დილას მაინც საწოლთან ხვდება.

– ასეთი რა ცხვირსახოცია? – ჩურჩულით ჰკითხა მარგარიტამ.

– ლურჯარშიიანი. საქმე ის გახლავთ, რომ ეს ქალი კაფეში მუშაობდა, პატრონმა ერთ დღეს სარდაფში იხმო და იმ დღიდან ცხრა თვის შემდეგ ქალს ბიჭი შეეძინა. მერე ბავშვი ტყეში წაიყვანა, პირში ცხვირსახოცი ჩასჩარა და მიწაში ჩაფლა. სასამართლოზე თავს იმით იმართლებდა, ბავშვის გამოსაკვები ფული არ მქონდაო.

– იმ კაფეს პატრონი სადღაა? – იკითხა მარგარიტამ.

– დედოფალო, – უცებ ქვევიდან აკნავლდა კატა, – ნება მიბოძეთ, დაგეკითხოთ, კაფეს პატრონი რაღა შუაშია? ტყეში იმას ხომ არ მოუხრჩვია ბავშვი?

მარგარიტა ღიმილით სწევდა და უშვებდა მარჯვენა ხელს, მარცხენა ხელის თითებით კი ბეჰემოთის ყურს მისწვდა, წვეტიანი ფრჩხილებით მოჩქმიტა და ჩურჩულით უთხრა:



287

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

– თუ კიდევ ერთხელ ჩაერევი საუბარში, შე ნაძირალავ...

ბეჰემოთმა, მეჯლისს რომ არ შეეფერებოდა, ისე ამოისლუკუნა და აღნავლდა:

– დედოფალო... ყური გამისივდება... ჩემი გასივებული ყურით რატომ უნდა ჩავშალო წვეულება?. . მე იურიდიულად მოგახსენებთ... იურიდიული თვალსაზრისით... კარგი, ვდუმვარ... ჩათვალეთ, რომ თევზი ვარ და არა კატა, ოღონდ ჩემს ყურს გაუშვით ხელი.

მარგარიტამ კატის ყურს ხელი გაუშვა და სწორედ ამ დროს ნაღვლიანი თვალები შედგა მის წინ.

– ბედნიერი ვარ, დედოფალო, მთვარის ავსების დიდებულ მეჯლისზე რომ მომიწვიეთ.

– მე კი, – უპასუხა მარგარიტამ, – ძალიან მიხარია თქვენი ნახვა, ძალიან. გიყვართ შამპანური?

– რას სჩადით, დედოფალო?! – თითქმის ხრიალით ჩასძახა სასოწარკვეთილმა კაროვიევმა, –

ხალხი მოგროვდა!

– მიყვარს! – მუდარით უთხრა ქალმა და უცებ აზრმიუცემლად უთხრა, – ფრიდა, ფრიდა, ფრიდა! მე ფრიდა მქვია, დედოფალო!

– გირჩევთ, დღეს ბევრი შამპანური დალიოთ და დათვრეთ ფრიდა და აღარაფერზე აღარ იფიქროთ, – უთხრა მარგარიტამ.

ფრიდამ ორივე ხელი მარგარიტასკენ გაიშვირა, მაგრამ კაროვიევმა და ბეჰემოთმა ძალზე მოხერხებულად გაარიდეს დედოფალს და ქალიც იმავ წამს სტუმრების ტალღამ გაიტაცა.

ახლა უკვე ქვემოდან ზემოთ კედლად მოიწევდა ხალხი, თითქოს შტურმით იღებდნენ იმ ბაქანს, სადაც მარგარიტა იდგა. ქალების შიშველი სხეულები მამაკაცთა ფრაკებს შორის მოაბიჯებდნენ. მარგარიტასკენ მიემართებოდნენ მათი მზედაკრული, თეთრი, ყავის მარცვლისფერი თუ ერთიანად შავი სხეულები. წითურ, შავ, წაბლისფერ თუ სელივით ღია ფერის თმებში, – შუქის ნაკადში კიაფობდა, ცეკვავდა და იფრქვეოდა ძვირფასი ქვების ათინათები. და თითქოს ვიღაცამ ქვევიდან დაძრულ მამაკაცთა ნაკადს ნაკვერჩხალი



288

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

შეაფრქვიაო – ფრაკის თეთრი სამკერდეებიდან ათასფრად ლიცლიცებდა ბრილიანტის სარჭები. ახლა მარგარიტა ყოველწამიერად შეიგრძნობდა მუხლზე ტუჩების შეხებას, ყოველწამიერად იშვერდა ხელს საკოცნელად და სახეზე მოუშორებლად შეეყინა ღიმილის ნიღაბი.

– აღფრთოვანებული ვარ, – მონოტონურად მღეროდა კაროვიევი, – აღფრთოვანებული ვართ, დედოფალი აღფრთოვანებულია.

– დედოფალი აღფრთოვანებულია, – ნიღნიღებდა უკნიდან აზაზელო.

– აღფრთოვანებული ვარ, – ჩხაოდა კატა.

– ამ მარკიზამ, – ისევ ბურდღუნებდა კაროვიევი, – მამა მოწამლა, ორი ძმა და ორი და, რათა ქონება დაესაკუთრებინა! დედოფალი აღფრთოვანებულია! ქალბატონი მინკინა, ო, რა ლამაზია! ცოტა ნერვიული კი ბრძანდება. აბა, მითხარით, რატომ უნდა დაეწვა თმის სახვევი მაშით მოახლისათვის სახე? ცხადია, ასეთ პირობებში ყელს გამოგჭრიან! დედოფალი აღფრთოვანებულია! დედოფალო, ერთი წუთით მიაპყარით ყურადღება – მისანი და ალქიმიკოსი, იმპერატორი რუდოლფი, კიდევ ერთი ალქიმიკოსი – ჩამოახრჩვეს, აჰ, აი, ისიც! ო, რომ იცოდეთ, რა საოცარი საროსკიპო ჰქონდა სტრასბურგში! ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ! აი, მოსკოველი თერძი ქალი, ყველას გვიყვარს თავისი საოცარი ფანტაზიის გამო. ატელიე ჰქონდა და თან ძალიან სასაცილო რამეც მოიფიქრა... კედელში ორი რგოლი ამოჭრა...

– ქალბატონებმა არ იცოდნენ? – ჰკითხა მარგარიტამ.

– ყველამ იცოდა, დედოფალო, – უპასუხა კაროვიევმა, – ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ. ეს ოცი წლის ყმაწვილი ბავშვობიდანვე უცნაური ფანტაზიით იყო დაჯილდოებული. დიდი მეოცნებე და ახირებული ბავშვი გახლდათ. ერთ ქალწულს შეუყვარდა, ის კი ადგა და ქალწული საროსკიპოს მიჰყიდა.

ქვევიდან სტუმრების მდინარე მოედინებოდა და ამ მდინარეს ბოლო არ უჩანდა. მისი სათავე – უზარმაზარი ბუხარი, თავისი ხახიდან კვლავ და კვლავ აფრქვევდა სტუმრებს. ასე გავიდა ერთი საათი და მეორე დაიწყო. მარგარიტა უკვე შეიგრძნობდა ჯაჭვის სიმძიმეს, ხელსაც რაღაც საშინელება დაემართა. ახლა, ვიდრე ხელს ასწევდა, შუბლს იჭმუხნიდა, აღარც კაროვიევის საგულისყურო შენიშვნები ართობდა. თვალწვრილ, მონღოლურ, თეთრ



289

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

თუ შავ სახეებს უკვე ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებდა, ჟამი-ჟამს ეს სახეები ერთმანეთს ერწყმოდა კიდეც და მათ შორის ჰაერი რატომღაც თრთოლას და შხუილს იწყებდა. მწვავე, ჩხვლეტია ტკივილმა დაუარა მარჯვენა მკლავში, მარგარიტამ კბილი კბილს დააჭირა და მარცხენა ხელით საკარცხულს ჩამოეყრდნო. დარბაზიდან კედელს შეხლილი ფრთების ფათქუნივით ისმოდა რაღაც შხუილი და ადვილი მისახვედრი იყო, რომ უთვალავი სტუმარი უკვე ცეკვავდა. მარგარიტას ეჩვენებოდა, თითქოს ამ დარბაზთა სასწაულებრივად მასიური მარმარილოსა და ბროლის იატაკებიც რიტმულად ფეთქავდა.

ვერც კეისარმა კალიგულამ და ვერც მესალინამ ვეღარ მიიქციეს მარგარიტას ყურადღება, როგორც ვერ მიიქცია უთვალავმა მეფემ, ჰერცოგმა, კავალერმა, თვითმკვლელმა, მომწამვლელმა, ჩამოხრჩობილმა და მაჭანკალმა, ციხის ზედამხედველმა და ბანქოს მოთამაშემ, ჯალათებმა, დამსმენებმა, გამყიდველებმა, შეშლილებმა, მაძებრებმა, მოძალადეებმა. ყველა ამათი სახე ერთად აითქვიფა გონებაში, სახეები ერთ უზარმაზარ ლავაშად იქცა და მხოლოდ ერთი სახე ჩაებეჭდა მეხსიერებაში – ის სახე მალიუტა სკურატოვს ეკუთვნოდა და მართლაც ცეცხლოვანი წვერით იყო შემოფარგლული. მარგარიტას მუხლი ეკვეთებოდა, ეშინოდა, არ ატირებულიყო, ყველაზე დიდ ტანჯვას მარჯვენა მუხლი აყენებდა, რომელზეც სტუმრები კოცნიდნენ. მუხლი გაუსივდა, კანი გაულურჯდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე საიდანღაც გამოჩნდა ნატაშას ხელი და მუხლზე რაღაც ნელსურნელოვანი გადაუსვა. მესამე საათი რომ მიილია, მარგარიტამ უიმედოდ ჩახედა კიბეს და გახარებული, შეკრთა კიდეც. სტუმართა რიგი შეთხელებულიყო.

– წვეულების კანონი უცვლელია, დედოფალო, – უჩურჩულა კაროვიევმა, – ახლა ტალღა ნელ-ნელა დაცხრება. გეფიცებით, სულ რამდენიმე წუთიღა დაგვრჩა მოსათმენად. აი, ბროკენელი ლოთბაზარების ჯგუფი, ისინი ყოველთვის იგვიანებენ ხოლმე. ჰო, ესენიც მოვიდნენ... ორი მთვრალი ვამპირი... მორჩა? არა, აჰა, ერთიც გამოჩნდა. არა, ორი.

კიბეზე უკვე უკანასკნელი სტუმარი ამოდიოდა.

– ო, ეს ვიღაც ახალი უნდა იყოს, – უთხრა კაროვიევმა და გაბზარული მინიდან თვალმოჭუტულმა გახედა კიბეს, – ჰო, გამახსენდა. ამ კაცს ერთხელ აზაზელო ესტუმრა და კონიაკის სმის დროს ურჩია, თავიდან მოეშორებინა ის ადამიანი, ვისგანაც გამოაშკარავებას ელოდა. და აი, ერთ თავის ხელქვეითს სთხოვა, კაბინეტის კედლებზე შხამი შეესხა.

– რა ჰქვია? – ჰკითხა მარგარიტამ.



290

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

– სიმართლე გითხრათ, ჯერ არც მე ვიცი, – უპასუხა კაროვიევმა, – აზაზელოს უნდა ვკითხო.

– გვერდით ვინ მოჰყვება?

– მისი თხოვნის შემსრულებელი. აღფრთოვანებული ვარ! – ამ უკანასკნელ სტუმარს მიესალმა კაროვიევი.

კიბე დაცარიელდა. ზრდილობისამებრ, ერთხანს კიდევ იდგნენ ბაქანზე, მაგრამ ბუხრიდან აღარავინ გამოჩენილა.

წამის შემდეგ მარგარიტა ისევ იმ აუზიან ოთახში აღმოჩნდა. აქ კი ატირდა ტკივილისაგან და პირდაპირ იატაკზე დაწვა. მაგრამ გელლამ და ნატაშამ ფერებ-ფერებით ისევ იმ აუზში ჩააწვინეს, ტანზე სისხლიანი შხაპი გადაავლეს, ისევ დაუზილეს სხეული და მარგარიტაც გამოცოცხლდა.

– კიდევ ერთხელ, ერთხელაც უნდა შემოვუფრინოთ დარბაზს, დედოფალო, – ეჩურჩულებოდა კაროვიევი, – რომ პატივცემულმა სტუმრებმა უპატრონოდ არ იგრძნონ თავი.

მარგარიტა კვლავ გამოფრინდა აუზიანი ოთახიდან. ესტრადაზე, ტიტების მიღმა, სადაც ადრე ვალსების მეფის ორკესტრი უკრავდა, ახლა მაიმუნების ჯაზი ბობოქრობდა. უზარმაზარი, ბაკენბარდებიანი გორილა საყვირით ხელში დახტუნავდა და თან ჯაზს დირიჟორობდა. ერთრიგად ორანგუტანგები ისხდნენ და მბზინავ საყვირებს აჭყვიტინებდნენ. მათ მხრებზე მხიარული შიმპანზეები ჩამოსკუპებულიყვნენ და პირის გარმონებზე უკრავდნენ. ორი ჰამადრილი, ფაფრები ლომისას რომ მიუგავდათ, როიალზე უკრავდა და როიალის ხმა არც კი ისმოდა, საქსოფონების, ვიოლინოებისა და დოლების ბრახუნსა და ჭყვიტინ-წრიპინში, რომლებიც გიბონებს, ჰამადრილებს, მანდრილებსა და ანთარებს ეპყრათ ხელთ. მოსარკულ იატაკზე ერთმანეთს შერწყმული უამრავი წყვილი გასაოცარი მოხერხებულობით ბზრიალებდა ერთი მიმართულებით და ყოველივე გზად შემხვედრს წალეკვით ემუქრებოდა. მოცეკვავეთა თავს ზევით ატლასის ცოცხალი პეპლები დაფრინავდნენ, ჭერიდან ყვავილები ცვიოდა. შუქის ჩაქრობისთანავე სვეტთა კაპიტოლიებში მირიადი ციცინათელა ინთებოდა, ჰაერში კი ჭაობის ფუტუროები დაცურავდა.

მარგარიტა ისევ თვალგაუწვდენ, სვეტებით შემოსალტულ აუზთან აღმოჩნდა. უზარმაზარი შავი ნეპტუნი პირიდან აფრქვევდა ვარდისფერ ჩანჩქერს. შამპანურის



291

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

თავბრუდამხვევი სუნი დაფრფვინავდა აუზის სიახლოვეს. აქ თავაწყვეტილი მხიარულება სუფევდა. აკისკისებული ქალბატონები ფეხსაცმელს იძრობდნენ, ჩანთებს კავალრებს ან ზანგებს აწვდიდნენ, ზეწრებით ხელში მიმოდიოდნენ და აკივლებულები, თავით ეშვებოდნენ აუზში. აქაფებული სვეტები ჭერს ასკდებოდა. აუზის ბროლის იატაკიდან ამოფრქვეული შუქი ღვინის სიბლანტეს ალიცლიცებდა და მასში გარკვევით მოჩანდა მოცურავეთა ვერცხლისფერი სხეულები. მობანავენი გალეშილები ამოდიოდნენ აუზიდან.

სიცილ-ხორხოცი სვეტებს ასკდებოდა და აბანოსდარი ბუბუნით ორმაგდებოდა.

ამ აურზაურში მარგარიტას ერთი გამომთვრალი ქალის უაზრო სახე დაამახსოვრდა, ამ უაზრობაშიც თვალებით რომ ევედრებოდა რაღაცას და მარგარიტას ერთადერთი სიტყვა გაახსენდა – ფრიდა. ღვინის ოხშივარი უკვე მასაც ახვევდა თავბრუს, უკვე წასვლასაც აპირებდა, მაგრამ კატამ ახალი ნომერი ჩაატარა აუზში და მარგარიტაც შეყოვნდა. ბეჰემოთმა რაღაც ჩაიპუტუნა ნეპტუნის დაღებულ ხახასთან, იმავ წამს შამპანური შიშინითა და შხუილით გაქრა აუზიდან და ნეპტუნის ხახიდან მუქყვითელი, აუშიშხინებელი, უბუშტუკო სითხე გადმოიფრქვა. ქალბატონებმა ჭყივილ-კივილით იხუვლეს:

– კონიაკი! – აუზს გაერიდნენ და სვეტებს მიაწყდნენ. რამდენიმე წამში აუზი უკვე სავსე იყო და ჰაერში სამჯერ ამოტრიალებული კატა მოზიმზიმე კონიაკში ჩაენარცხა. შემდეგ ფრუტუნ-ფრუტუნით ამოვიდა, ჰალსტუხი დასველებოდა, ულვაშიდან ოქროსფერი ჩამოსცლოდა და მონოკლიც დაჰკარგოდა. ბეჰემოთის მაგალითს მხოლოდ ერთმა ქალბატონმა – იმ გონებამახვილმა თერძმა და მისმა კავალერმა – უცნობმა ყმაწვილმა მულატმა მიბაძეს. ორივე კონიაკით სავსე აუზში ჩახტა, კაროვიევმაც სწორედ ამ დროს სტაცა ხელი მარგარიტას და მობანავეებს გააშორა.

მარგარიტას მოეჩვენა, რომ ისეთ ადგილას მიფრინავდა, სადაც ქვის უზარმაზარ ტბორებში ლოკოკინების მთები იდგა. შემდეგ მინის იატაკს გადაუფრინა, რომლის ქვეშაც ჯოჯოხეთის ალი ენთო და კოცონთან ეშმაკის თეთრხალათიანი მზარეულები დაფუსფუსებდნენ. მერე თანდათან დაებინდა გონი, აღარც კი ახსოვდა სად, მაგრამ სადღაც თვალი მიაწვდინა ჩაბნელებულ, ჩირაღდნებიან დარბაზს, ვიღაც ასულები ცეცხლზე აშიშხინებულ ხორცს რომ სთავაზობდნენ სტუმრებს და კათხებით მარგარიტას სადღეგრძელოს სვამდნენ. შემდეგ თეთრი დათვები დაინახა, პირის გარმონზე რომ უკრავდნენ და ესტრადაზე „კამარინკას“ ცეკვავდნენ, იქვე იყო მუშაითი სალამანდრაც, ბუხარში რომ არ იწვოდა... და უკვე ხელმეორედ წაერთვა ღონე.



292

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

– უკანასკნელი გამოსვლა, – თანაგრძნობით წასჩურჩულა კაროვიევმა, – და ამით დასრულდება ყველაფერი.

მარგარიტა კაროვიევის თანხლებით ისევ წვეულების დარბაზში აღმოჩნდა, იქ უკვე აღარავინ ცეკვავდა. უამრავი სტუმარი სვეტებთან შეჯგუფებულიყო, მხოლოდ დარბაზის შუაგულში დაეტოვებინათ თავისუფალი ადგილი. მარგარიტას აღარც ახსოვდა, ვინ დაეხმარა კვარცხლბეკზე ასვლისას, დარბაზის ამ თავისუფალ შუაგულში რომ გაჩნდა ანაზდად. კვარცხლბეკზე რომ ადიოდა, თავისდა გასაოცრად, საიდანღაც საათის ხმა შემოესმა, თორმეტჯერ რომ შემოჰკრა ზარი. თუმცა მისი ღრმა რწმენით, შუაღამე კარგა ხნის გადასული უნდა ყოფილიყო. საიდანღაც მონადენი საათის ზარის უკანასკნელი შემოკვრისთანავე საოცარმა სიჩუმემ დაისადგურა და მარგარიტამ კვლავ დაინახა ვოლანდი. მას აბადონა და აზაზელო მოჰყვებოდნენ. მათ უკან აბადონას მსგავსი რამდენიმე შავი ყმაწვილი მოაბიჯებდა. მხოლოდ ახლაღა შენიშნა მარგარიტამ, რომ იქვე, მისი კვარცხლბეკის სიახლოვეს, მეორე ასეთივე კვარცხლბეკი იდგა ვოლანდისათვის. მაგრამ ვოლანდი კვარცხლბეკს არ მიჰკარებია. მარგარიტა იმან გააოცა, რომ ვოლანდს წვეულებაზე ამ უკანასკნელი დიადი გამოსვლის დროსაც იგივე ემოსა, რაც საძინებელ ოთახში ეცვა. იგივე ჭუჭყიანი, საკერებლებიანი პერანგი და ფერხთ ქუსლებჩაღრეცილი, საღამური ფეხსაცმელი. ხელში დაშნა ეპყრა, მაგრამ ამ გაშიშვლებულ დაშნას ჯოხივით ეყრდნობოდა. ის კოჭლობით მიუახლოვდა მისთვის გამზადებულ კვარცხლბეკს, იმავ წამს აზაზელო მიეახლა და სინი მიართვა, რომელზეც მარგარიტამ კაცის მოკვეთილი, კბილებჩამტვრეული თავი დაინახა. ისევ სამარისებური სიჩუმე იდგა და ეს სიჩუმე მხოლოდ ერთხელ დაირღვა, როცა სადღაც შორიდან მოისმა, ამ ვითარებაში ყოვლად გაურკვეველი ზარის წკრიალი, თითქოს სადარბაზოდან კარზე რეკავდნენ.

– მიხაილ ალექსანდროვიჩ, – ხმადაბლა მიმართა ვოლანდმა თავს. ანაზდად თავმა თვალი გაახილა და ამ მკვდარ სახეზე ზაფრადავლილმა მარგარიტამ ჯერ ისევ ცოცხალი, აზრითა და ტანჯვით აღსავსე თვალები დაინახა, – ყველაფერი აღსრულდა, ხომ მეთანხმებით, – უთხრა ვოლანდმა და თვალებში ჩახედა თავს, – თავი ქალმა მოგკვეთათ, არც თათბირი შედგა და მეც თქვენს ბინაში ვცხოვრობ. ეს ფაქტია. ფაქტი კი ყველაზე ჯიუტი რამაა ამქვეყნად. მაგრამ ახლა ჩვენ შემდგომი ამბები გვაინტერესებს და არა ეს უკვე აღსრულებული ფაქტი. თქვენ მუდამ გულწრფელი მიმდევარი ბრძანდებოდით იმ თეორიისა, რომ თავის მოკვეთის შემდეგ სიცოცხლე მთავრდება, ადამიანი მტვრად იქცევა და დავიწყებას ეძლევა. ძალიან მიხარია ჩემი სტუმრების თანდასწრებით გაუწყოთ, რომ სწორედ ეს სტუმრები გამოგვადგებიან იმის დასტურად, რომ თქვენი თეორია ერთობ ღირებულია, შეიძლება



293

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

ითქვას, გონებამახვილურიც, თუმცა ამქვეყნად ყველა თეორიას ერთი ფასი აქვს. მათ შორის ისეთიც არსებობს, რომლის თანახმადაც, ყველას საკუთარი რწმენის მიხედვით მიეგება. დაე, აღსრულდეს! თქვენ არყოფნაში გადადიხართ, მე კი ამ აზარფეშით, რადაც ახლა თქვენი თავი იქცევა, სიამოვნებით შევსვამ ყოფიერების სადღეგრძელოს! – ვოლანდმა დაშნა ზეაღმართა, იმავ წამს თავზე კანი ჩამუქდა, მოიჭმუხნა, შემდეგ ნაწილ-ნაწილ ჩამოიფშვნა. თვალები გაქრა და მარგარიტამ სინზე მოყვითალო-ფირუზისთვლებიანი და მარგალიტისკბი- ლებიანი, ოქროს ფეხზე დამაგრებული თავის ქალა დაინახა. ამ ქალას თავისით გადაეხსნა სახურავი.

– ამწუთას, მესირ, – უპასუხა ვოლანდის გაოცებულ მზერას წამწყდარმა კაროვიევმა, – ახლავე წარდგება თქვენ წინაშე. ამ სამარისებურ სიჩუმეში კარგად მესმის, როგორ ჭრაჭუნობს მისი ლაქის ფეხსაცმელი, როგორ გაიწკრიალა ჭიქამ, მაგიდაზე რომ დადგა, თავის სიცოცხლეში უკანასკნელი ჭიქა შამპანურის დალევის შემდეგ... და აი, ისიც!

დარბაზში ვიღაც ახალგაზრდა, ეულმა სტუმარმა შემოაბიჯა და ვოლანდისაკენ გასწია. გარეგნულად თითქმის არაფრით განსხვავდებოდა აქ მყოფი მრავალი სტუმარი მამაკაცისგან. ერთი იყო მხოლოდ: სტუმარი ლამის ბარბაცებდა მღელვარებისგან და ეს შორიდანაც ეტყობოდა. ლოყები აფორეჯებოდა და დაფეთებული აცეცებდა თვალებს. ის გაოგნებული ჩანდა და ეს ბუნებრივიც იყო: ყველაფერი აოცებდა, განსაკუთრებით, ვოლანდის ჩაცმულობა.

თუმცა სტუმარს დიდი პატივით შეხვდნენ.

– აჰ, ძვირფასო ბარონო მეიგელ, – თავაზიანი ღიმილით მიეგება ვოლანდი სტუმარს, რომელსაც თვალები ლამის შუბლზე ასვლოდა, – ბედნიერი ვარ, გაგაცნოთ... – დანარჩენ სტუმრებს მოუბრუნდა ვოლანდი, – დიდად პატივცემული ბარონი მეიგელი, რომელიც სასცენო კომისიაში მუშაობს, უცხოელ მსახიობთათვის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობათა გაცნობის ბიუროში.

მარგარიტა ადგილზე გახევდა, ანაზდად იცნო ეს მეიგელი, რამდენჯერმე ენახა მოსკოვის თეატრებსა და რესტორნებში. „როგორ? – გაიფიქრა მარგარიტამ, – მაშასადამე, ესეც მოკვდა?“ მაგრამ ყველაფერი მაშინვე გაირკვა.

– ძვირფასი ბარონი, – მხიარული ღიმილით განაგრძო ვოლანდმა, – იმდენად კეთილი აღმოჩნდა, რომ როგორც კი მოსკოვში ჩვენი ჩამოსვლის შესახებ შეიტყო, მაშინვე დამირეკა



294

თავი ოცდამესამე - სატანას დიდებული მეჯლისი

და დახმარება შემომთავაზა, ესე იგი, ღირსშესანიშნაობათა დასათვალიერებლად მიმიწვია. ცხადზე ცხადია, მეც საპასუხოდ, დიდი სიხარულით მოვიწვიე ჩემთან.

ამასობაში მარგარიტამ თვალი ჰკიდა, როგორ გადასცა აზაზელომ კაროვიევს თავისქალიანი სინი.

– ისიც სიმართლეა, ბატონო ჩემო, – ლამის ჩურჩულით განაგრძო ვოლანდმა, – რომ ხმა გავრცელდა, თითქოს ძალზე ცნობისმოყვარე ბრძანდებით. იმასაც ამბობენ, რომ ეს ცნობისმოყვარეობა თქვენთვის ესოდენ დამახასიათებელ ენაჭარტალობასთან არის შერწყმული, რაც უკვე ყველას ყურადღებას იპყრობს. მეტსაც გეტყვით, ბოროტმა ენებმა დამსმენისა და ჩამშვების სახელიც დაგიგდეს. და კიდევ მეტიც, არის ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი ერთ თვეში საშინელ აღსასრულამდე მიგიყვანთ. აი, ამიტომაც, ამ საშინელი მოლოდინისგან რომ გიხსნათ, გადავწყვიტეთ, დაგხმარებოდით და თქვენი დაჟინებული თხოვნით გვესარგებლა. ჩვენთან სტუმრობა ხომ მხოლოდ იმიტომ ისურვეთ, რომ გეთვალთვალათ და შეგემოწმებინათ, რაც კი საეჭვოდ მოგეჩვენებოდათ.

ბარონი აბადონაზე მეტად გაფითრდა, შემდეგ კი რაღაც უცნაური მოხდა. აბადონა ბარონს წინ აესვეტა და წამით მოიხსნა სათვალე. იმავ წამს რაღაცამ იელვა აზაზელოს ხელში, რაღაცამ ხმადაბლა გაიტკაცუნა, თითქოს ტაში შემოჰკრესო, ბარონი გულაღმა ჩაიკეცა იატაკზე, წითელი სისხლი ამოჩქაფუნდა მისი მკერდიდან და გახამებული პერანგი და ჟილეტი შეუღება. კაროვიევმა აზარფეშა შეუდგა მჩქეფარე სისხლს და სავსე თავის ქალა ვოლანდს მიართვა. ბარონის უსულო სხეული იატაკზე ეგდო.

– თქვენი სადღეგრძელო იყოს, ბატონებო, – ხმადაბლა თქვა ვოლანდმა, აზარფეშა ასწია და ტუჩებით შეეხო.

იმავ წამს სასწაული მოხდა. გაქრა საკერებლიანი პერანგი და ქუსლჩაგრეხილი ღამის ფეხსაცმელი. ვოლანდს შავი მოსასხამი ჰქონდა მხრებზე მოგდებული და რკინის დაშნა ეკეთა წელზე. ის სწრაფად მიუახლოვდა მარგარიტას, აზარფეშა მიაწოდა და უბრძანა:

– დალიე!

მარგარიტას თავბრუ დაესხა, შექანდა, მაგრამ აზარფეშა უკვე მის ტუჩებთან მიეტანათ და ვიღაცის ხმა, ვისი – ვერ გაარჩია, ყურში ჩასჩურჩულებდა:

– ნუ გეშინიათ, დედოფალო... ნუ გეშინიათ. სისხლი რა ხანია მიწაში ჩაიქცა. და იქ,



295

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

სადაც სისხლი ეპკურა, უკვე ხარობს ყურძნის მტევნები.

მარგარიტამ თვალის გაუხელელად მოსვა ერთი ყლუპი და ნეტარმა თრთოლამ დაუარა ძარღვებში, სმენას ზარის ბუბუნი მისწვდა, თითქოს მამლებიც ყიოდნენ სადღაც და სადღაც მარშს უკრავდნენ. დარბაზს თვალდათვალ მოედო ხრწნა და ირგვლივ სამარის სუნი დატრიალდა. სვეტები ჩამოიქცა, ცეცხლი ჩაქრა, ყოველივე დაიკრუნჩხა და აღარ იყო აღარც ჩანჩქერი, ტიტები თუ კამელიები. იყო მხოლოდ ის, რაც იყო – ოქრომჭედლის ცოლის უბრალო სასტუმრო ოთახი და ღრიჭოდ დარჩენილი კარიდან გამომკრთალი სინათლის ზოლი. და მარგარიტამაც ამ ღრიჭოდ დარჩენილ კარში შეაბიჯა.

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

ვოლანდის საძინებელში არაფერი შეცვლილიყო, ყველაფერი ისევე დახვდათ, როგორც წვეულებამდე იყო. პერანგის ამარა ვოლანდი ისევ საწოლზე იჯდა, მსოლოდ გელლა აღარ უზელდა მუხლს, იმ მაგიდაზე შლიდა ვახშამს, სადაც ადრე ჭადრაკს თამაშობდნენ. კაროვიევიცა და აზაზელოც მოშილიფებულიყვნენ, ფრაკები გაეხადათ, მაგიდასთან ისხდნენ, გვერდით კატაც მისკუპებოდათ, ჯერ კიდევ რომ არ მოეშორებინა კისრიდან უკვე ჭუჭყიან ჩვრად ქცეული ჰალსტუხი. მარგარიტა ბარბაცით მიუახლოვდა მაგიდას და ზედ დაეცა. ვოლანდმა მაშინვე თავისთან იხმო, როგორც უწინ და ანიშნა, მის გვერდით დამჯდარიყო.

– ძალიან ხომ არ დაგღალეთ? – ჰკითხა ვოლანდმა.

– არა, მესირ, – ძლივს ამოილუღლუღა მარგარიტამ.

– ნობლეს ობლიჟ, – თქვა კატამ და ლაფიტის ჭიქაში მარგარიტას რაღაც გამჭვირვალე სითხე დაუსხა.

– არაყია? – სუსტი ხმით იკითხა მარგარიტამ. განაწყენებული კატა ლამის სკამიდან გადმოვარდა.

– რას ბრძანებთ, დედოფალო, – დაიხრიალა მან, – ქალს არაყს როგორ ვაკადრებდი? სუფთა სპირტია.

მარგარიტამ გაიღიმა და ჭიქის გაწევა სცადა.

– თამამად დალიეთ, – უთხრა ვოლანდმა და მარგარიტამაც იმავ წამს გამოართვა ჭიქა,



296

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

– გელლა, დაჯექი, – უბრძანა ვოლანდმა და მარგარიტას აუხსნა, – მთვარის ავსების ღამე – დღესასწაულის ღამეა და მეც, ჩემს ამალასა და მსახურებთან ერთად გეახლებით ხოლმე ვახშამს. მაშ ასე, თავს როგორ გრძნობთ? როგორ ჩაიარა ამ დამქანცველმა წვეულებამ?

– გასაგიჟებლად, – აჟღრიალდა კაროვიევი, – ყველა აღტაცებული იყო, შეყვარებული და დათრგუნვილი, იმდენი ტაქტი, ცოდნა და მომხიბლაობა გამოამჟღავნა დედოფალმა.

ვოლანდმა უხმოდ ასწია ჭიქა და მარგარიტას მიუჭახუნა. მარგარიტამ მორჩილად შესვა, ეგონა იქვე, დალევისთანავე გააფრთხობდა სულს, მაგრამ ცუდი არაფერი მომხდარა. ცოცხალი სითბო ჩაეღვარა გულ-მუცელში, რაღაცამ ნაზად უბიძგა კეფაში, ძალის მოზღვავება იგრძნო, თითქოს დიდი ხნის ძილისა და დასვენების შემდეგ გამოფხიზლდაო. ამასთან საშინლად აეწვა კუჭი, მოშივდა და გაახსენდა, გუშინ დილის აქეთ არაფერი ეჭამა. მარგარიტა ხარბად ეცა ხიზილალას.

ბეჰემოთმა ანანასი მოიჭრა, ზედ მარილი და პილპილი მოაყარა, შეჭამა და ისე ყინჩად გადაკრა მეორე სირჩა სპირტი, რომ ყველამ ტაში დასცხო.

მარგარიტამაც გადაკრა მეორე ჭიქა. კანდელაბრებში ჩადგმული სანთლები თვალწინ აუციმციმდა და ბუხარშიც ცეცხლმა იმატა. თრობას ვერ გრძნობდა, თეთრი კბილებით ძიძგნიდა ხორცს, მისი უგემრიელესი წვენით ტკბებოდა და თან ბეჰემოთს აკვირდებოდა, როგორ უსვამდა ხამანწკაზე მდოგვს.

– ზემოდან ყურძენსაც ხომ არ დაადებდი? – ჰკითხა გელლამ და მუჯლუგუნი გაჰკრა.

– გთხოვთ, ნუ მასწავლით, – აღშფოთდა ბეჰემოთი, – ნუ ღელავთ, სუფრასთან მეც ვმჯდარვარ!

– ოჰ, რა სასიამოვნოა, აი, ასე, ბუხრის წინ ვახშმობა, – ჟღრიალებდა კაროვიევი, – ვიწრო წრეში...

– არა, ფაგოტ, – შეედავა კატა, – მეჯლისიც თავისებურად დიდებული და მომხიბლავია!

– არც მომხიბლავად მიმაჩნია და, მით უმეტეს, არც დიდებულად. იმ სულელმა დათვებმა და ბარში მომსახურე ვეფხვებმა ხომ ღრიალით ლამის შაკიკი დამმართეს, – თქვა ვოლანდმა.

– მესირ, მესირ, – უთხრა კატამ, – თუ თქვენ თვლით, რომ მეჯლისი დიდებული რამ არ



297

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

არის, მეც ახლავე შევიცვლი აზრს.

– ნუ გათავხედდი! – უპასუხა ვოლანდმა.

– გავიხუმრე, – თავმოდრეკით უთხრა კატამ, – ხოლო რაც შეეხება ვეფხვებს, ვუბრძანებ, შეწვან.

– ვეფხვის ხორცი არ იჭმება, – თქვა გელლამ.

– დარწმუნებული ხარ? აბა, ერთი მომისმინე, – უთხრა კატამ და კმაყოფილმა და თვალმოწკურულმა მოუთხრო, ერთხელ ცამეტი დღე როგორ დაძრწოდა უდაბნოში და მხოლოდ თავის მიერვე მოკლული ვეფხვის ხორცით იკვებებოდა. ყველამ ყურადღებით მოისმინა ეს საინტერესო ამბავი და როცა ბეჰემოთმა დაასრულა, ერთხმად იყვირეს:

– ტყუის!

– ამ ტყუილში კი ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, – თქვა ვოლანდმა, – რომ თავიდან ბოლომდე, ერთი სიტყვაც არ არის მართალი.

– აჰა, მაშასადამე, გგონიათ, რომ ტყუილია, არა? – წამოიძახა კატამ, ყველას ეგონა, მტკიცებას მოჰყვებოდა, მაგრამ მხოლოდ მორჩილად თქვა, – ისტორია განგვსჯის!

– მითხარით, – აზაზელოს მიმართა არყით გამოცოცხლებულმა მარგარიტამ, – ის ბარონი მართლა მოკალით?

– მოვკალი, – დაუდასტურა აზაზელომ, – რატომ არ უნდა მომეკლა? აუცილებელიც კი იყო.

– ამან ძალიან ამაღელვა! – წამოიძახა მარგარიტამ, – ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა.

– არაფერიც არ მომხდარა მოულოდნელად, – არ დაეთანხმა აზაზელო, კაროვიევი კი აკვნესდა და აკრუსუნდა:

– როგორ არ აღელდებოდით! მეც კი ამიკანკალდა მუხლები! ბუჰ! და ბარონი თვალის დახამხამებაში იატაკზე დაეცა!



298

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

– მე ლამის ისტერიკა დამემართა, – დასძინა კატამ და ხიზილალიანი კოვზი გატლიკა.

– იცით, რა ვერ გამიგია, – ამბობდა მარგარიტა და ბროლის ჭიქიდან ასხლეტილი ოქროსფერი ათინათი თვალებს უციმციმებდა, – ნუთუ გარეთ ამ წვეულების ღრიანცელი და მუსიკის ხმა არ ისმოდა?

– ცხადია, არ ისმოდა, დედოფალო, – აუხსნა კაროვიევმა, – ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, ვერავინ გაიგოს. აუცილებლად აკურატულად უნდა გააკეთო ყველაფერი.

– ჰო, ჰო... თორემ, იცით, ის კაცი, კიბეზე... აი, მე და აზაზელომ რომ ჩავუარეთ... ის მეორეც, სადარბაზოსთან... მგონი, ისინი თქვენს ბინას უთვალთვალებენ...

– მართალს ბრძანებთ, მართალს! – ყვიროდა კაროვიევი, – მართალს ბრძანებთ, ძვირფასო მარგარიტა ნიკოლაევნა! თქვენ მე ეჭვი დამიდასტურეთ! დიახ, ჩვენს ბინას უთვალთვალებენ. მე ლამის დაბნეულ პრივატ-დოცენტად ანდა კიბეზე მოყურყუტე შეყვარებულად მივიჩნიე, მაგრამ, ეტყობა, შევცდი! რაღაც ეჭვი მაინც მიღრღნიდა გულს! აჰა! ბინას უთვალთვალებენ. ის მეორეც, სადარბაზოსთან რომ დგას! ისიც, ეზოში რომ შემოგვხვდა, ისიც იმ დაწესებულებიდან იქნება!

– რა საინტერესოა, წარმოგიდგენიათ, თქვენს დასაპატიმრებლად რომ მოვიდნენ? – ჩაეძია მარგარიტა.

– აუცილებლად მოვლენ, დედოფალო, აუცილებლად! – უპასუხა კაროვიევმა, – გული მიგრძნობს, რომ მოვლენ. თუმცა, რატომღაც მგონია, საინტერესოს ვერაფერს იპოვიან.

– იცით, მართლა შემეშინდა, ბარონი რომ დაეცა, – ისევ თქვა მარგარიტამ, რომელიც აქამდე ვერ შეგუებოდა მის თვალწინ მომხდარ მკვლელობას, – თქვენ, ალბათ, კარგად ისვრით, არა?

– საკმაოდ, – უპასუხა აზაზელომ.

– რამდენ ნაბიჯზე? – ცოტა უცნაური კითხვა დაუსვა მარგარიტამ.

– გააჩნია, რას ვესვრი, – მშვიდად უპასუხა აზაზელომ, – ერთია, კრიტიკოს ლატუნსკის ფანჯრებს ჩაქუჩი დაუმიზნო, და სრულიად სხვაა, მისი გული ამოიღო მიზანში...

– გული ამოიღო მიზანში! – წამოიძახა მარგარიტამ და რატომღაც გულზე იტაცა ხელი,



299

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

– გული! – გაიმეორა ჩურჩულით.

– ეგ კრიტიკოსი ლატუნსკი ვიღაა? – იკითხა ვოლანდმა და თვალმოჭუტულმა გახედა მარგარიტას.

აზაზელომ, კაროვიევმა და ბეჰემოთმა დაირცხვინეს და თავი ჩაქინდრეს, მარგარიტა კი გაწითლდა და უპასუხა:

– ერთი კრიტიკოსია. დღეს საღამოს ბინა დავურბიე.

– რატომ? რა დაგიშავათ?

– ამ კრიტიკოსმა, მესირ, – აუხსნა მარგარიტამ, – ერთი ოსტატი დაღუპა.

– მერე, თქვენ რატომ შეიწუხეთ თავი? – ჰკითხა ვოლანდმა.

– თუ ნებას მომცემთ, მესირ... – წამოიძახა გახარებულმა კატამ და წამოხტა.

– იჯექი, იჯექი, – ჩაიბუზღუნა აზაზელომ და წამოდგა, – მე თვითონ წავალ...

– არა! – იყვირა მარგარიტამ, – არა, გემუდარებით, მესირ, არ არის საჭირო.

– როგორც გენებოთ, – უთხრა ვოლანდმა და აზაზელო ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.

– რაზე შევჩერდით, უძვირფასესო დედოფალო მარგო? – ჰკითხა კაროვიევმა, – აჰ, ჰო, გულზე ვლაპარაკობდით, – კაროვიევმა გრძელი თითი აზაზელოსკენ გაიშვირა, – სადაც გნებავთ, ნებისმიერ გულისგულში ანდა ნებისმიერ შიგნეულში მოარტყამს.

მარგარიტა უცებ ვერ მიუხვდა ნათქვამს და როცა მიხვდა, გაოცებულმა წამოიძახა:

– შიგნეული ხომ არ ჩანს?

– ძვირფასო, – აჟღრიალდა კაროვიევი, – საქმეც მაგაშია, რომ არ ჩანს. ეგ არის მთავარი! თორემ დაუფარავ საგანს ყველა მოარტყამს!

კაროვიევმა მაგიდის უჯრიდან აგურის შვიდიანი ამოიღო, მარგარიტას მიაწოდა და სთხოვა, ფრჩხილით რომელიმე აგური დაენიშნა. მარგარიტამ კიდურა ზედა ნახატი აირჩია,



300

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

გელლამ ბანქოს ქაღალდი ბალიშის ქვეშ ამოსდო და დაიძახა: – მზად არის!

აზაზელომ, რომელიც ბალიშისკენ ზურგშექცევით იჯდა, ფრაკის ჯიბიდან შავი, ავტომატური პისტოლეტი ამოიღო, მხარზე გაიდო, საწოლისკენ შეუბრუნებლად გაისროლა და თავისდა უნებურად, მარგარიტაც კი დააფრთხო. ტყვიით გაგლეჯილი ბალიშის ქვემოდან ბანქოს ქაღალდი გამოიღეს. დანიშნული აგური გახვრეტილი იყო.

– თქვენთან შეხვედრას ნამდვილად არ ვისურვებდი, როცა ხელში რევოლვერი გიჭირავთ, – აზაზელოს მიეკეკლუცა მარგარიტა. საოცრად უყვარდა ის ადამიანები, ვინც ბრწყინვალედ იცოდა თავისი საქმე.

– ჩემო ძვირფასო დედოფალო, – დაიკრუტუნა კაროვიევმა, – მასთან შეხვედრას არავის ვუსურვებდი, მაშინაც კი, როცა ხელში რევოლვერი არ უჭირავს! ყოფილი რეგენტისა და მომღერლის პატიოსან სიტყვას გაძლევთ, იმ ადამიანის ბედი არვის შეშურდებოდა.

ვიდრე ბანქოს ქაღალდზე ცდა მიმდინარეობდა, კატა გაბუსული იჯდა, მერე კი უცბად განაცხადა:

– შემიძლია აგურის შვიდიანის რეკორდი მოვხსნა!

პასუხად აზაზელომ რაღაც ჩაიდუდღუნა. მაგრამ კატა უკან დახევას არ აპირებდა, თან ერთის ნაცვლად, ორი რევოლვერი მოითხოვა. აზაზელომ მეორე რევოლვერიც ამოიღო შარვლის ჯიბიდან და ზიზღით ტუჩმოქცეულმა, ორივე ერთად გაუწოდა ბაქიას. კატამ ორი აგური მონიშნა შვიდიანზე და ბალიშიდან ზურგშექცეული დიდხანს ემზადებოდა სასროლად. მარგარიტას ყურებზე ხელები ჰქონდა აფარებული და ბუხრის შორენკეცზე ჩათვლემილ ბუს შესცქეროდა. კატამ ორივე რევოლვერი ერთდროულად გაისროლა, იმავ წამს გელლამ შეჰკივლა, მოკლული ბუ ბუხრიდან ჩამოვარდა და დამსხვრეული საათიც გაჩერდა. ხელგასისხლიანებული გელლა წიოკით ეცა კატას, იმანაც არ დაახანა, თმით დაითრია და ასე გადაჭდობილნი, იატაკზე დაგორდნენ. მაგიდიდან ზრიალით გადმოსკდა ორთომელი და დაიმსხვრა.

– მომაშორეთ ეს გადარეული ეშმა! – ჩხაოდა კატა და ზურგზე შემხტარი გელლასაგან თავის დახსნას ცდილობდა. მოჩხუბრები გააშველეს, კაროვიევმა გელლას ტყვიით გახვრეტილ თითს სული შეუბერა და თითიც მაშინვე შეხორცდა.



301

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

– შეუძლებელია სროლა, როცა ყურში ვიღაც ჩაგზუზუნებს, – ყვიროდა ბეჰემოთი და ზურგიდან ამობდღვნილი კარგა მოზრდილი ბღუჯის უკან მიმაგრებას ცდილობდა.

– სანაძლეოს ვდებ, – ღიმილით თქვა ვოლანდმა და მარგარიტას შეხედა, – ეს ორომტრიალი ძალით მოაწყო. საკმაოდ კარგად ისვრის.

გელლა და კატა შერიგდნენ და ამ შერიგების ნიშნად გადაკოცნეს კიდეც ერთმანეთი. ბალიშის ქვემოდან ოქროს ქაღალდი გამოიღეს და შეამოწმეს. მხოლოდ აზაზელოს ტყვიის ნაკვალევი აჩნდა.

– ეგ შეუძლებელია, – ამტკიცებდა კატა და ბანქოს ქაღალდს კანდელაბრის შუქზე გასცქეროდა.

მხიარული ღრეობა კი გრძელდებოდა. სანთლები იღვენთებოდა, ოთახში ტალღებად იღვრებოდა ბუხრიდან მონადენი მშრალი, სურნელოვანი სითბო და დანაყრებულმა მარგარიტამაც ნეტარი სიზანტე იგრძნო სხეულში. თვალმიბნედილი შესცქეროდა, აზაზელოს სიგარეტიდან ანადენი მტრედისფერი რგოლები როგორ მიცურავდა ბუხრისკენ და როგორ იჭერდა კატა დაშნის წვერით. წასვლა უკვე აღარ უნდოდა, თუმცა კი ხვდებოდა, რომ კარგა გვიანი იყო. ალბათ, საცაა გათენდებოდა. მარგარიტამ სიჩუმით ისარგებლა და მორიდებით მიმართა ვოლანდს:

– ალბათ, ჩემი წასვლის დროც დადგა... უკვე გვიანია.

– სად გეჩქარებათ? – თავაზიანად, მაგრამ ცივად ჰკითხა ვოლანდმა. არც დანარჩენებს დაუწყიათ თავპატიჟი, ისე იქცეოდნენ, თითქოს ბოლის რგოლების დაჭერით იყვნენ გართულები.

– დიახ, წასვლის დროა, – გაიმეორა უკვე წამოჭარხლებულმა მარგარიტამ და ოთახს თვალი მოავლო, მოსასხამი მოიძია – უეცრად ეუხერხულა სიშიშვლე. მერე წამოდგა და მაგიდას გასცილდა. ვოლანდმა ხმის ამოუღებლად აიღო საწოლიდან თავისი გაქუცული და დალაქავებული ხალათი და კაროვიევმა ეს ხალათი მარგარიტას მოასხა მხრებზე.

– მადლობას მოგახსენებთ, მესირ, – ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა მარგარიტამ და ყოყმანით შეხედა ვოლანდს. მან პასუხად თავაზიანად, მაგრამ გულგრილად გაუღიმა.

ანაზდად მარგარიტას შავი ნაღველი შემოაწვა გულზე, თავი მოტყუებულად იგრძნო.



302

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

ისე ჩანდა, არავინ აპირებდა მადლობის გადახდას ამ წვეულებაზე თავდაუზოგავი გარჯისათვის, არც მის შეკავებას აპირებდა ვინმე, იმასაც ცხადად გრძნობდა, რომ აღარსად წაესვლებოდა. სახლი გაახსენდა და შინ დაბრუნების ფიქრმაც კი შეზარა. ან იქნებ თვითონ სთხოვოს მოწყალება, როგორც აზაზელომ ურჩია ალექსანდრეს პარკში? „არა, არაფრის გულისათვის, „

– გაიფიქრა მარგარიტამ.

– კარგად ბრძანდებოდეთ, მესირ, – თქვა ხმამაღლა, გულში კი გაივლო: „აქედან თუ გავაღწიე, მდინარეში დავიხრჩობ თავს!“

– დაბრძანდით! – უცებ უბრძანა ვოლანდმა. მარგარიტას სახე ეცვალა და დაჯდა, – ნუთუ გამომშვიდობებამდე არაფრის თქმა არ გსურთ?

– სათქმელი არაფერი მაქვს, მესირ, – ამაყად უპასუხა მარგარიტამ, – ცხადია, თუ ისევ გჭირდებით, სიამოვნებით შეგისრულებთ ნებისმიერ სურვილს. სრულიადაც არ დავღლილვარ და ძალიან ვიმხიარულე წვეულებაზე. ამდენად, აქამდეც რომ გაგრძელებულიყო, სიამოვნებით მივუშვერდი მუხლს ათასობით ჩამოხრჩობილსა და მკვლელს, – მარგარიტა თითქოს ფარდის მიღმა ხედავდა ვოლანდს – თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.

– სწორია! სრულიად მართალი ბრძანდებით! – ბუბუნით, შემზარავად იყვირა ვოლანდმა, –

ასეა საჭირო!

– ასეა საჭირო! – ექოსავით გაიმეორა ვოლანდის ამალამ.

– გამოგცადეთ, – განაგრძო ვოლანდმა, – არასოდეს არაფერი არ ითხოვოთ! არაფერი! მით უმეტეს იმათგან, ვინც თქვენზე ძლიერია. თვითონ შემოგთავაზებენ და თვითონ მოგცემენ ყველაფერს! დაბრძანდით, ამაყო ქალბატონო, – ვოლანდმა მძიმე ხალათი შემოაგლიჯა მარგარიტას და მარგარიტაც ისევ მის საწოლზე აღმოჩნდა, – მაშ ასე, მარგო, – უთხრა ვოლანდმა და ხმა დაურბილდა, – რას ისურვებდი იმის სანაცვლოდ, რომ დღეს დიასახლისობა გასწიეთ ჩემს წვეულებაზე? რა გნებავთ მიიღოთ თქვენი დღევანდელი სიშიშვლის საზღაურად? რამდენად აფასებთ თქვენს მუხლს? რა ზარალი მოგაყენეს ჩემმა სტუმრებმა, რომელთაც ახლა თქვენ ჩამოხრჩობილები უწოდეთ? მითხარით! და ახლა უკვე დაუმორცხვებლად მითხარით, რადგან მე თავად შემოგთავაზეთ.



303

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

მარგარიტას გული აუფართხალდა, მძიმედ ამოიოხრა და დაფიქრდა.

– რაღას უცდით, თამამად! – წააქეზა ვოლანდმა, – გამოაფხიზლეთ ფანტაზია, დეზი ამოჰკარით! თუნდაც იმ გათახსირებული ავაზაკი ბარონის მკვლელობის ცქერა ღირს იმად, რომ ადამიანი დააჯილდოო, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი ქალია. აბა, გისმენთ.

მარგარიტას სუნთქვა შეეკრა და უკვე აპირებდა კიდეც კარგა ხანს გულში ნალოლიავები და წინასწარ გამზადებული სიტყვების ამოთქმას, მაგრამ ანაზდად გადაფითრდა, პირი დააღო და თვალები დააჭყიტა. „ფრიდა! ფრიდა! ფრიდა! – ყურში ჩაესმა ვიღაცის დაჟინებული, მავედრებელი ხმა, – მე ფრიდა მქვია!“ და მარგარიტამ ენის ბორძიკით თქვა:

– მაშასადამე, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გთხოვოთ?

– შეგიძლიათ მოითხოვოთ, მოითხოვოთ, ჩემო ქალბატონო, – უპასუხა ვოლანდმა და მრავლისმეტყველად გაუღიმა, – მოითხოვეთ ერთი რამ!

ო, რა მოხერხებულად და გარკვევით დაუზუსტა ვოლანდმა მარგარიტას: „ერთი რამ!“ მარგარიტამ ამოიოხრა და თქვა:

– მე მსურს, რომ ფრიდას აღარ მიუტანონ ის ცხვირსახოცი, რომლითაც საკუთარი შვილი გაგუდა.

კატამ ზეცისკენ აღაპყრო თვალები და ხმაურით ამოიქშუტუნა, მაგრამ სიტყვა არ დაუძრავს, ალბათ, წვეულებაზე აწეული ყური გაახსენდა.

– იმის გამო, – დაიწყო ვოლანდმა, – რომ იმ ტუტრუცანა ფრიდასგან ქრთამის მოცემა ყოვლად გამორიცხულია – ეს ხომ შეუფერებელი იქნებოდა თქვენი დედოფლური ღირსებისათვის – აღარც კი ვიცი, რა ვიღონო. ვგონებ, ერთიღა მრჩება – ჭინჭები ვიშოვო და ყველა ხვრელი ამოვქოლო ჩემს საძინებელში!

– რაზე ბრძანებთ, მესირ? – გაოცდა მარგარიტა, ეს მართლაც გაურკვეველი პასუხი რომ მოისმინა.

– გულმოწყალებაზე მოგახსენებთ, – ნათქვამი განმარტა ვოლანდმა და ანთებული თვალით შეაცქერდა მარგარიტას, – ხანდახან სრულიად მოულოდნელად და მაცდურად



304

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

მოძვრება ხოლმე ყველა ხვრელში. ჰოდა, მეც ამიტომ ვახსენე ჭინჭები.

– მეც იმავეს ვამბობ! – წამოიძახა კატამ და ყოველი შემთხვევისათვის, მაინც გაერიდა მარგარიტას, თან ვარდისფერ კრემში ამოგანგლული თათებით დაიფარა წვეტიანი ყურები.

– მომწყდი თავიდან! – უბრძანა ვოლანდმა.

– ჯერ რომ ყავა არ დამილევია, – წამოიკნავლა კატამ, – ასე წასვლა როგორ შეიძლება? ნუთუ, მესირ, საზეიმო სუფრასთან სტუმრებს ორ ხარისხად ყოფენ? ერთნი – პირველი, მეორე კი, როგორც ის ქვაწვია მებუფეტე ბრძანებდა – მეორე ხარისხის არიან?

– ჩუმად, – გაიმეორა ვოლანდმა და ისევ მარგარიტას ჰკითხა, – თქვენ, როგორც ვატყობ, ძალზე კეთილი ადამიანი ბრძანდებით. მაღალმორალური ადამიანი, არა?

– არა, – უპასუხა მარგარიტამ, – მე ვიცი, რომ თქვენთან მხოლოდ გულახდილად შეიძლება ლაპარაკი და გულახდილად გეტყვით: თავქარიანი ვარ. ახლა მხოლოდ იმიტომ ვუშუამდგომლე ფრიდას, რომ დაუფიქრებლად შევპირდი დახმარებას. ის მელის, მესირ, და მას სჯერა ჩემი ძლიერების. იმედი რომ გავუცრუო, ცუდ დღეში აღმოვჩნდები: მთელი სიცოცხლე ვეღარ ვეღირსები სიმშვიდეს. ვერაფერს ვიღონებ, ასე გამოვიდა.

– ა, – თქვა ვოლანდმა, – გასაგებია.

– მაშასადამე, თხოვნას შემისრულებთ? – ჩუმად ჰკითხა მარგარიტამ.

– არაფრისდიდებით, – უპასუხა ვოლანდმა, – მინდა გითხრათ, ჩემო დედოფალო, რომ აქ პატარა გაუგებრობა მოხდა. ყოველი უწყება თავის საქმეს უნდა აკეთებდეს. არ დავფარავ, მე

საკმაოდ დიდი შესაძლებლობები მაქვს, უფრო დიდი, ვიდრე ზოგ-ზოგ არცთუ მთლად თვალმახვილ ხალხს ჰგონია...

– დიახ, უფრო მეტი, – ვეღარ მოითმინა და სიტყვა ჩააკერა ამ შესაძლებლობებით გაამაყებულმა კატამ.

– გაჩუმდი, ეშმაკმა წაგიღოს! – უთხრა ვოლანდმა და ისევ მარგარიტას მიმართა, – უბრალოდ, რატომ უნდა ვაკეთო ის, რისი გაკეთებაც, როგორც მოგახსენეთ, მეორე უწყებას ევალება? მე ამას არ გავაკეთებ, თავად აღასრულეთ.



305

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

– მე გავაკეთო?

აზაზელომ ელამი თვალი მარგარიტასკენ გააპარა, ძლივს შესამჩნევად დაუქნია წითური თავი და ჩაიფხუკუნა.

– რაღას უცდით, ბრძანეთ, რა უბედურებაა, ბოლოს და ბოლოს? – აბუზღუნდა ვოლანდი, გლობუსი შემოატრიალა და რაღაცას დააკვირდა, ეტყობოდა, სხვა საქმეც აინტერესებდა მარგარიტასთან საუბრისას.

– აბა ჰე, ფრიდა იხმეთ! – უკარნახა კაროვიევმა.

– ფრიდა! – გამყინავად იკივლა მარგარიტამ.

კარი ყურთამდე გაიღო და თმაგაწეწილი, შიშველი, თუმცა უკვე სრულიად გამოფხიზლებული, თვალებში განწირულებაჩამდგარი ქალი ოთახში შემოიჭრა და მარგარიტასკენ გაიშვირა ხელები. მან კი ამაყად უბრძანა.

– შეწყნარებული ხარ, აღარ მოგიტანენ ცხვირსახოცს.

ფრიდას კივილი აღმოხდა, პირქვე დაასკდა იატაკს და ჯვარივით განირთხა მარგარიტას ფერხთით. შემდეგ ვოლანდმა ხელი აიქნია და ფრიდა გაქრა.

– მადლობას მოგახსენებთ, მშვიდობით, – თქვა მარგარიტამ და წამოდგა.

– ბეჰემოთო, მოდი, ამ საზეიმო ღამეს არაპრაქტიკული ადამიანის გამოუცდელობით ნუ ვისარგებლებთ, – თქვა ვოლანდმა და მარგარიტასკენ იქცია პირი, – მაშასადამე, ეს მე არ მეთვლება, მე არაფერი გამიკეთებია თქვენთვის. რას ისურვებდით?

სიჩუმე ჩამოწვა და ეს სიჩუმე კაროვიევმა დაარღვია, რომელმაც მარგარიტას ყურში ჩასჩურჩულა:

– ჩვენო თვალისჩინო ქალბატონო, ამჯერად მაინც უხმეთ გონიერებას, თორემ ეგებ ბედმა აღარც გაგიღიმოთ!

– მსურს, რომ ახლავე, ამწუთას დამიბრუნონ ჩემი საყვარელი ოსტატი, – თქვა მარგარიტამ და კრუნჩხვით მოექცა სახე.



306

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

ანაზდად ქარი შემოიჭრა ოთახში, კანდელაბრებში დანთებული სანთლების ალი გადააფერდა, მძიმე ფარდა გადასწია, ფანჯარა გააღო და შორეულ სიმაღლეში დილისპირის

კი არა, შუაღამისეული სავსე მთვარე გამოჩნდა. ფანჯრის რაფიდან იატაკზე ღამისეული ნათლის მომწვანო შლეიფი გაიფინა და ამ შუქში გამოჩნდა ივანუშკას ღამეული სტუმარი, ოსტატს რომ უწოდებდა თავს. მას საავადმყოფოს ტანსაცმელი ეცვა – ხალათი, ჩუსტები და თავზე ის შავი ქუდი ეხურა, რომელსაც არასოდეს იშორებდა ხოლმე. გაუპარსავი სახე მოქცეოდა, შეშლილ-აბნეული უცქეროდა სანთლის ალს, მთვარის შუქი კი დუღდა მის ირგვლივ.

მარგარიტამ მაშინვე იცნო, ამოიგმინა, ხელი ხელს შემოჰკრა და მასთან მიიჭრა. შუბლზე კოცნიდა, ტუჩებში, ჩხვლეტია ლოყაზე ლოყით ეკვროდა და დიდი ხნის შეკავებული ცრემლები ნაკადულებად ჩამოსჩქეფდა ღაწვებზე. ის მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა, განწირული იმეორებდა ერთსა და იმავე სიტყვას:

– შენ... შენ... შენ ხარ...

ოსტატი გაერიდა და დაგუდული ხმით უთხრა:

– ნუ ტირი, მარგო, ნუ მაწვალებ. მე მძიმედ ვარ ავად, – ის რაფას ჩაეჭიდა, თითქოს ზედ შეხტომას და გაქცევას აპირებსო. კბილები დაკრიჭა, იქ მსხდომთ მოავლო თვალი და იყვირა,

– მეშინია, მარგო, მგონი ისევ დამეწყო ჰალუცინაციები.

მარგარიტას ქვითინი ახრჩობდა და სულშეხუთული, ჩურჩულით იმეორებდა: – არა, არა, ნუ გეშინია! მე შენთან ვარ! შენთან!

კაროვიევმა მოხერხებულად და შეუმჩნევლად მიუწია ოსტატს სკამი, ისიც დაჯდა, მარგარიტა კი მის ფერხთით დაეცა მუხლებზე, სნეულს მიეხუტა და გაირინდა. აღელვებულმა ვერც კი შენიშნა, უკვე შიშველი რომ აღარ იყო. აწ უკვე აბრეშუმის შავი მოსასხამი ემოსა. სნეულმა თავი დახარა და ნაღვლიანი, სნებიანი თვალებით დააჩერდა იატაკს.

– ჰო, – დიდი ხნის დუმილის შემდეგ თქვა ვოლანდმა, – კარგად დაუმუშავებიათ, – შემდეგ კაროვიევს უბრძანა, – ამ კაცს რამე დაალევინე, რაინდო!



307

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

მარგარიტა ათრთოლებული ხმით ევედრებოდა ოსტატს:

– დალიე, დალიე, ნუ გეშინია. არა, არა, დამიჯერე, გიშველიან.

ავადმყოფმა ჭიქა გამოართვა და შესვა, მაგრამ ხელი შეუტოკდა და ცარიელი ჭიქა მის ფერხთით დაიმსხვრა.

– ბედნიერების ნიშანია, ბედნიერების! – მარგარიტას წასჩურჩულა კაროვიევმა, – ხედავთ,

უკვე გონს მოდის.

მართლაც, სნეულს მზერა დაუწყნარდა, აღარც ისე ველურად იმზირებოდა.

– ნუთუ მართლა შენა ხარ, მარგო? – იკითხა მთვარის სტუმარმა.

– ჰო, მე ვარ, მე, – უპასუხა მარგარიტამ.

– კიდევ! – ბრძანა ვოლანდმა.

მეორე ჭიქის შემდეგ ოსტატს თვალები გამოუცოცხლდა და აზრიანი გაუხდა.

– აი, ეს უკვე სხვა საქმეა, – თქვა ვოლანდმა და თვალები მოჭუტა, – ახლა ვილაპარაკოთ.

მითხარით, ვინ ხართ?

– ახლა არავინ, – უპასუხა ოსტატმა და ღიმილმა დაუმანჭა ტუჩები.

– საიდან მოხვედით?

– სალმობიერი სახლიდან, სულით ავადმყოფი გახლავართ, – უპასუხა მოსულმა.

ეს სიტყვები მარგარიტამ ვეღარ აიტანა და ისევ აქვითინდა, შემდეგ თვალები ამოიწმინდა და წამოიძახა:

– რა საშინელი სიტყვებია! ის ოსტატია, მესირ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! გემუდარებით, მოარჩინეთ, დამერწმუნეთ, ამას იმსახურებს.



308

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

– იცით, ვის ელაპარაკებით? – მოსულს დაეკითხა ვოლანდი, – და ვისთან იმყოფებით?

– ვიცი, – უპასუხა ოსტატმა, – საგიჟეთში ჩემს მეზობლად ის ბიჭი იწვა, ივან უსახლკარო. მან მიამბო თქვენ შესახებ.

– მახსოვს, მახსოვს, – უპასუხა ვოლანდმა, – ბედნიერება მქონდა იმ ყმაწვილს პატრიარქთა ტბორებთან შევხვედროდი. ლამის მე თვითონ შემშალა ჭკუიდან, დაბეჯითებით მიმტკიცებდა, ეშმაკი არ არსებობსო! თქვენ კი გჯერათ, რომ არსებობს?

– სხვა გზა არა მაქვს, უნდა დავიჯერო, – უთხრა მოსულმა, – მაგრამ, ცხადია, აჯობებდა,

ჰალუცინაციად ჩამეთვალეთ. მაპატიეთ, – უხერხულად დასძინა ბოლოს.

– თუ ეს დაგამშვიდებთ, ჩამთვალეთ, – თავაზიანად უპასუხა ვოლანდმა.

– არა, არა! – შეშინებული იმეორებდა მარგარიტა და ოსტატს ანჯღრევდა, – გონს მოდი! შენ წინაშე მართლაც ის დგას!

კატა აქაც ჩაეკვეხა:

– მე კი მართლა ვგავარ ჰალუცინაციას. აბა, მთვარის შუქზე დააკვირდით ჩემს პროფილს, – კატა მთვარის სვეტში შეძვრა და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გაჩუმება ურჩიეს და მანაც ესღა მოასწრო, – კი, ბატონო, კი ბატონო, შემიძლია, სულაც დავდუმდე და მდუმარე ჰალუცინაცია გავხდები, – და გაჩუმდა.

– მითხარით, მარგარიტა რატომ გიწოდებთ ოსტატს?- ჰკითხა ვოლანდმა. მან ჩაიცინა და უპასუხა:

– ეს მისი სისუსტეა. მარგარიტას ძალიან მოსწონს ის რომანი, მე რომ დავწერე.

– რომანი რაზეა?

– პილატე პონტოელზე.

უცებ ისევ აქანავდა და აცეკვდა სანთლის ალი, მაგიდაზე ჭურჭელი არაწკუნდა, ვოლანდის ხარხარი მეხივით გაისმა, მაგრამ არც არავინ შეუშინებია და არც გაუოცებია.

– რაზე, რაზე? რა ბრძანეთ? – დიდი ხნის ხარხარის შემდეგ ჰკითხა ვოლანდმა, – აი, ამ



309

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

დროს? გასაოცარია! სხვა თემა ვერ მონახეთ? მომეცით, თვალი მინდა გადავავლო, – ხელი გაუწოდა ვოლანდმა.

– სამწუხაროდ, ვერ გიჩვენებთ, – უპასუხა ოსტატმა, – ღუმელში დავწვი.

– მაპატიეთ, მაგრამ ვერ დაგიჯერებთ, – უთხრა ვოლანდმა, – ეს შეუძლებელია. ხელნაწერები არ იწვიან, – შემდეგ ბეჰემოთს მიუბრუნდა და უთხრა, – რომანი მომეცი.

კატა მაშინვე სკამიდან ჩამოხტა და ყველამ დაინახა, რომ ხელნაწერით სავსე სქელ საქაღალდეზე იჯდა. ზედა ეგზემპლარი კატამ თავმოდრეკით მიართვა ვოლანდს, მარგარიტა აკანკალდა და შეჰკივლა, აღელვებულს ისევ გადმოსცვივდა ცრემლები:

– ხელნაწერი! ხელნაწერი!

შემდეგ ვოლანდთან მიიჭრა და აღტაცებულმა შეჰყვირა: – ყოვლისშემძლე ხართ, ყოვლისშემძლე!

ვოლანდმა მიწოდებული ხელნაწერი აიღო, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, ხმის ამოუღებლად გვერდზე გადადო და ღიმილით მიაჩერდა ოსტატს. ის კი რატომღაც კვლავ დანაღვლიანდა და აღელდა, სკამიდან წამოხტა, ხელებს იმტვრევდა და თითქოს შორეულ მთვარეს მიმართავსო, კვნესოდა:

– ღამით, მთვარის შუქზე არ მაქვს მოსვენება, რატომ შემაწუხეთ? ჰოი, ღმერთებო... მარგარიტა მის ხელს მისწვდა, ლოყაზე მიიკრა და თვითონაც ნაღვლიანად ამოისლუკუნა:

– ღმერთო, რატომ არ გშველის წამალი?

– არა უშავს, არა უშავს, – ეჩურჩულებოდა კაროვიევი და ოსტატს გარს უვლიდა, – არა უშავს... ერთი ჭიქაც და... მეც თქვენთან ერთად გადავკრავ...

ჭიქამ თვალი ჩააპაჭუნა, მთვარის შუქზე გაბრწყინდა და ნაყოფიც გამოიღო. ავადმყოფს სახე გაუნათდა და ისევ სკამზე დასვეს.

– ახლა ყველაფერი ნათელია, – თქვა ვოლანდმა და გრძელი თითი ხელნაწერზე დააკაკუნა.



310

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

– სრულიად ნათელი, – დაუმოწმა კატამ, დაავიწყდა, მდუმარ ჰალუცინაციად ყოფნა რომ დაიქადა, – ახლა ამ ოპუსის მთავარ ხაზს ცხადად ვხედავ. რა თქვი, აზაზელო? – სწრაფად მიმართა ჩუმად მდგარ აზაზელოს.

– მე ვთქვი, – ჩაინიღნიღა მან, – რომ ურიგო არ იქნებოდა შენი დახრჩობა.

– შემიწყალე, აზაზელო, – უპასუხა კატამ, – და ჩვენს მბრძანებელს ამ აზრს ნუ ჩაუნერგავ. დამიჯერე, ყოველღამე მთვარეულის სამოსით გეწვეოდი, ისეთით, ამ საბრალო ოსტატს რომ აცვია, ხელს დაგიქნევდი და ჩემკენ გიხმობდი. მოგეწონებოდა?

– აბა, მარგარიტა, – ისევ ჩაილაპარაკა ვოლანდმა, – მითხარი, რას ისურვებდი?

მარგარიტას თვალები წამოენთო და ვედრებით შეხედა ოსტატს.

– ნება მომეცით, ჩუმად დაველაპარაკო.

ვოლანდმა თავი დაუქნია, მარგარიტამაც, ოსტატს ყურზე ტუჩმიდებულმა რაღაც უჩურჩულა, შემდეგ მისი პასუხი გაისმა:

– არა, უკვე გვიანია, ამ ცხოვრებისგან აღარაფერს ველი, მხოლოდ შენ მინდა გხედავდე. მიუხედავად ამისა, მაინც გირჩევ, დამტოვო. ჩემთან დაიღუპები.

– არა, არ დაგტოვებ, – უპასუხა მარგარიტამ და ვოლანდს მიმართა, – გთხოვ, ისევ ჩვენს სარდაფში დაგვაბრუნო, არბატის ჩიხში, რომ ისევ ისე ენთოს ლამპა და ყველაფერი ისევე იყოს, როგორც ადრე.

ახლა ოსტატმა გაიცინა, კარგა ხნის წინ ჩამოსწორებულ ხუჭუჭა თმაზე მიეფერა მარგარიტას და უთხრა:

– ამ საბრალო ქალს ყურს ნუ უგდებთ, მესირ. იმ სარდაფში უკვე დიდი ხანია სხვა ადამიანი ცხოვრობს დ საერთოდ, შეუძლებელია რამე ისევე იყოს, როგორც იყო, – ოსტატი ლოყით მიეკრო თავის მეგობარს და ჩასჩურჩულა, – საბრალო, ჩემო საბრალო...

– შეუძლებელიაო, ამბობთ? – ჩაეკითხა ვოლანდი, – ეგ მართალია. მაგრამ ჩვენ მაინც ვცდით,

– და დასძინა, – აზაზელო!



311

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

იმავ წამს ჭერიდან იატაკს ჩამოენარცხა დაბნეული და ლამის გონწართმეული მოქალაქე, რომელიც თეთრეულის ამარა იყო, მაგრამ რატომღაც ჩემოდანი და ქუდი წამოეღო თან.

– მაღარიჩი ხარ? – ციდან ჩამოვარდნილს ჰკითხა აზაზელომ.

– ალოიზი მაღარიჩი, – უპასუხა მან თრთოლით.

– თქვენ არ იყავით, ამ კაცის რომანზე ლატუნსკის სტატია რომ წაიკითხეთ და იქ შეატყობინეთ, სადაც ჯერ არს, თითქოს ეს კაცი არალეგალურ ლიტერატურას მალავდა სახლში? – ჰკითხა აზაზელომ.

ახალმოსული მოქალაქე გალურჯდა და მონანიების ცრემლები გადმოსცვივდა თვალთაგან.

– თქვენ მისი ბინის დასაკუთრება გინდოდათ? – რაც შეეძლო გულთბილად დაინიღნიღა აზაზელომ.

გამძვინვარებული კატის სისინი გაისმა ოთახში, მარგარიტა კი კივილით ეცა და ფრჩხილებით ჩამოუხოკა სახე.

დიდი არეულობა დაიწყო.

– რას შვრები? – ტანჯული ხმით იყვირა ოსტატმა, – მარგო, სირცხვილია!

– არ გეთანხმებით, სულაც არ არის სირცხვილი! – ყვიროდა კატა. მარგარიტა კაროვიევმა გამოათრია ჩხუბიდან.

– მე სააბაზანო მოვაშენე, – კბილების კაწკაწით ლუღლუღებდა სახედასისხლიანებული მაღარიჩი, შემდეგ კი რაღაც სისულელეებს მოჰყვა, – მარტო შეთეთრება რად ღირდა... აჯასპი[15] .

– კარგია, სააბაზანო თუ მოაშენე, – შეაქო აზაზელომ, – ამ კაცს ხშირად დასჭირდება აბაზანის მიღება, – და იყვირა, – მომწყდი თავიდან!

მაღარიჩი იმავ წამს თავდაყირა ამოტრიალდა და ვოლანდის საძინებელი ოთახის ფანჯრიდან გარეთ გავარდა.



312

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

თვალებდაჭყეტილმა ოსტატმა ჩაიჩურჩულა:

– მგონი, ეს იმაზე მაგარი ამბავია, ივანმა რომ მიამბო! – სრულიად გაოგნებულმა ოთახს მოავლო თვალი და ბოლოს კატას მიმართა, – მაპატიეთ... ეს შენ... ეს თქვენ... – მას ენა დაება, აღარ იცოდა, როგორ მიემართა კატისათვის. „შენობით“ თუ „თქვენობით“, – თქვენ ის კატა ბრძანდებით, ტრამვაიში რომ ჯდებოდით?

– დიახ, – დაუდასტურა ნასიამოვნებმა კატამ და დასძინა, – მიხარია, რომ ასე თავაზიანად მომმართავთ. ჩვეულებრივ, კატებს რატომღაც „შენობით“ მიმართავენ ხოლმე, თუმცა ჯერ არც ერთ კატას არავისთან ვახტანგური არ დაულევია.

– მე, რატომღაც მგონია, რომ თქვენ მთლად კატაც არ უნდა იყოთ, – ჭოჭმანით უთხრა ოსტატმა, – საავადმყოფოში მაინც მომიკითხავენ, – მიმართა ისევ ვოლანდს.

– რატომ უნდა მოგიკითხონ? – დაამშვიდა კაროვიევმა და მის ხელში რაღაც ქაღალდები და წიგნები გაჩნდა, – მგონი ეს თქვენი ავადმყოფობის ისტორიაა.

– დიახ.

კაროვიევმა ოსტატის ავადმყოფობის ისტორია ბუხარში შეაგდო.

– საბუთების გარეშე არც ადამიანი არსებობს, – თქვა კმაყოფილმა კაროვიევმა, – ეს კი, მგონი, თქვენი სარდაფის საბინაო წიგნია.

– დი-ა-ა-ა-ხ...

– ამ ბინაში ვინ არის ჩაწერილი? ალოიზი მაღარიჩი? – კაროვიევმა საბინაო წიგნის ფურცლებს სული შეუბერა, – გაქრა, აღარ არის, და ძალიან გთხოვთ, დაიმახსოვროთ, რომ არც არასოდეს ყოფილა. თუ ვინმე იკითხავს, უთხარით, რომ მაღარიჩი დაესიზმრა. მაღარიჩი? აქ მაღარიჩს არასოდეს უცხოვრია... – და კაროვიევმა სადღაც მოისროლა წიგნი, – ახლა ისევ მენაშენის მაგიდის უჯრაში დევს.

– მართალს ბრძანებთ, – თქვა კაროვიევის ნაღვაწით გაოცებულმა ოსტატმა, – რომ ადამიანი უსაბუთოდ არ არსებობს. ამიტომ აღარც მე ვარსებობ, არავითარი საბუთი არ გამაჩნია.

– ბოდიშს გიხდით, – წამოიძახა კაროვიევმა, – მაგრამ მგონი, სწორედ ეგ არის



313

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

ჰალუცინაცია, – აი, თქვენი საბუთები... – და კაროვიევმა რაღაც ქაღალდები მიაწოდა ოსტატს, შემდეგ თვალები ზეაღაპყრო და ტკბილად ჩასჩურჩულა მარგარიტას, – აი, თქვენი საგანძურიც, მარგარიტა ნიკოლაევნა, – და მან კიდეებშემომწვარი რვეული, გამხმარი ვარდი, ფოტოსურათი და, განსაკუთრებული სიფრთხილით, შემნახველი სალაროს წიგნაკი მიაწოდა, – ათი ათასი, თქვენ რომ შეიტანეთ, მარგარიტა ნიკოლაევნა. ჩვენ სხვისი არაფერი გვინდა.

– უწინ თათებიც მომახმება, ვიდრე სხვისას მივითვისებდე, – წამოიყვირა კატამ, გაიფუყა და ჩემოდანზე განაგრძო ცეკვა, რათა ამ სვედამწვარი რომანის ყველა ეგზემპლარი შიგ ჩაეტენა,

– სულ ეს არის, მესირ!

– არა, ჯერ არ დამთავრებულა, – უპასუხა ვოლანდმა და გლობუსს მოშორდა, – ჩემო ძვირფასო ქალბატონო, თქვენს ამალას რა ვუყოთ? პირადად მე ისინი არ მჭირდებიან.

უცებ ღია კარში ნატაშა შემოიჭრა, ისევე შიშველი, როგორც ადრე, ხელი ხელს შემოჰკრა და იკივლა:

– ბედნიერი იყავით, მარგარიტა ნიკოლაევნა! – შემდეგ ოსტატს დაუკრა თავი და ისევ მარგარიტას მიმართა, – მე ისიც ვიცოდი, სადაც დადიოდით!

– შინამოსამსახურეებმა ყველაფერი იციან, – თქვა კატამ და მრავლისმეტყველად ასწია თათი, – დიასახლისებს ჰგონიათ, რომ მოსამსახურეები ბრმები არიან და ვერაფერს ხედავენ.

– რას ისურვებდი, ნატაშა? – ჰკითხა მარგარიტამ, – შინ დაბრუნდები?

– ძვირფასო მარგარიტა ნიკოლაევნა, – შეემუდარა ნატაშა და მუხლი მოიყარა, – სთხოვეთ, – მან ვოლანდს გახედა, – რომ ალქაჯად დამტოვონ. ჩვენს ბინაში ცხოვრება აღარ მინდა. ვიღაც ინჟინერს და ტექნიკოსს მაინც არ გავყვები ცოლად! გუშინ წვეულებაზე ბატონმა ჟაკმა მთხოვა ხელი, – ნატაშამ მუჭი გახსნა და რაღაც ოქროს მონეტები უჩვენა.

მარგარიტამ ვოლანდს შეხედა. მან თავი დაუქნია. ნატაშა კისერზე ჩამოეკიდა მარგარიტას, ხმაურიანად აკოცა და გამარჯვების ყიჟინით გაიჭრა ფანჯარაში.

ნატაშას ადგილას ახლა ნიკოლაი ივანოვიჩი გაჩნდა. მას ისევ დაბრუნებოდა ადამიანური სახე, მაგრამ გასაოცრად მოღუშული იყო და ზედმეტად გაღიზიანებული.



314

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

– აი, ვის გავუშვებთ დიდი სიამოვნებით, – თქვა ვოლანდმა და ზიზღით გახედა ნიკოლაი ივანოვიჩს, – დიდი სიამოვნებით, რადგან აქ სრულიად ზედმეტია.

– გთხოვთ, ცნობა მომცეთ, – თქვა ნიკოლაი ივანოვიჩმა, თვალებს ველურად აცეცებდა, მაგრამ მაინც დაჟინებით იმეორებდა სტუმარი, – მომეცით ცნობა იმის შესახებ, რომ ღამე აქ გავატარე.

– ცნობა ვის უნდა წარუდგინოთ? – მკაცრად ჰკითხა კატამ.

– მეუღლესა და მილიციას, – მტკიცედ თქვა ნიკოლაი ივანოვიჩმა.

– ჩვეულებრივ, ცნობებს არ გავცემთ ხოლმე, – უპასუხა გაბუსულმა კატამ, – მაგრამ თუ ძალიან გსურთ, თქვენთვის გამონაკლისს დავუშვებთ.

და ნიკოლაი ივანოვიჩმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრო, შიშველი გელლა უკვე საბეჭდ მანქანასთან იჯდა, კატა კი კარნახობდა:

– „ვადასტურებ, რომ ამ ცნობის წარმომდგენმა, ნიკოლაი ივანოვიჩმა, ზემოთ აღნიშნული ღამე სატანასთან წვეულებაზე გაატარა, გადამყვანი საშუალების სახით... ფრჩხილები გახსენი, გელლა! ფრჩხილებში ჩაწერე – „კურატი“, ხელმოწერა: ბეჰემოთი“.

– რიცხვი? – წამოიკნავლა ნიკოლაი ივანოვიჩმა.

– რიცხვებს არ ვაწერთ, რიცხვის აღნიშვნით ქაღალდი გაყალბდება, – უპასუხა კატამ, ქაღალდი აიქნია, საიდანღაც ბეჭედი აიღო, ზედ დააორთქლა, ქაღალდს სიტყვა

„გადახდილია“ დასცხო და ნიკოლაი ივანოვიჩს გაუწოდა. ამის შემდეგ ნიკოლაი ივანოვიჩიც უკვალოდ გაქრა, მის ადგილას კი, სრულიად მოულოდნელად, ვიღაც კაცი გაჩნდა.

– ეს ვიღაა? – ზიზღით იკითხა ვოლანდმა და სინათლის შუქზე თვალი მოიჩრდილა. ვარენუხამ თავი ჩაჰკიდა, ამოიოხრა და ჩუმად თქვა:

– უკან გამიშვით, ვამპირად ყოფნა არ შემიძლია. მაშინ გელლას დახმარებით ლამის სიკვდილის პირას მივიყვანე რიმსკი. მე კი სულაც არ მიყვარს სისხლი. გამიშვით, თუ შეიძლება.



315

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

– ეს რას ბოდავს? – იკითხა ვოლანდმა და სახე მოჭმუხნა, – რიმსკი ვიღაა? რა სისულელეა?

– თქვენ ამაზე ნუ შეწუხდებით, მესირ, – უპასუხა აზაზელომ და ვარენუხას მიუბრუნდა, –

ტელეფონში არ უნდა იუხეშო, არც უნდა იცრუო. გაიგე? მეტს აღარ იზამ?

სიხარულმა ვარენუხას თავგზა აუბნია, სახე გაუნათდა და რაღაც აბდაუბდას მოჰყვა:

– ჭეშმარიტი... უფრო სწორად, მინდოდა მეთქვა, თქვენო დი... იმთავითვე, სადილის შემდეგ... – ვარენუხა მკერდში მჯიღს იცემდა და მუდარით შესცქეროდა აზაზელოს.

– კარგი, სახლში მოუსვი, – უბრძანა აზაზელომ და ვარენუხაც ჰაერში გალღვა.

– ახლა ამათთან მარტო დამტოვეთ, – ბრძანა ვოლანდმა და ოსტატსა და მარგარიტაზე მიუთითა.

ბრძანება წამის უსწრაფესად აღსრულდა და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ვოლანდმა ოსტატს მიმართა:

– მაშასადამე, არბატის სარდაფში ბრუნდებით? თუ ასე გსურთ, ვიღამ უნდა წეროს? რა ეშველება თქვენს ოცნებებს და აღმაფრენას?

– მე უკვე აღარ გამაჩნია ოცნებები და აღარც აღმაფრენა მაქვს, – უპასუხა ოსტატმა, – აღარაფერი მაინტერესებს, მარგარიტას გარდა, – მან ისევ თავზე დაადო ხელი თავის მეგობარს, – მე უკვე გამტეხეს, ყველაფერი მომწყინდა, მხოლოდ იმ სარდაფში მინდა ყოფნა.

– თქვენს რომანს რა ბედი ელის? ან პილატეს?

– სულით ხორცამდე მეზიზღება ეს რომანი, – უპასუხა ოსტატმა, – ძალიან ბევრი უბედურება დამატეხა თავს.

– გემუდარები, – საბრალოდ შეევედრა მარგარიტა, – ასე ნუ ამბობ. რატომ მაწამებ? ხომ იცი, რომ მთელი სიცოცხლე შევწირე ამ რომანს, – მარგარიტა ისევ ვოლანდს მიუბრუნდა, – არ დაუჯეროთ, მესირ, უბრალოდ, ძალიან ბევრი იტანჯა.



316

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

– რაღაც ხომ უნდა წეროთ? – უთხრა ვოლანდმა, – თუ პროკურატორის თემა ამოწურეთ, იქნებ ამ ალოიზზე დაწეროთ რამე?

ოსტატმა გაიღიმა.

– მაგას ლაპშენიკოვა არ დაბეჭდავს და ამას გარდა, არც არავის დააინტერესებს.

– აბა, რითი იარსებებთ? მათხოვრობას აპირებთ?

– არც მაგაზე ვიტყვი უარს, – უთხრა ოსტატმა, მარგარიტა თავისკენ მიიზიდა, მხარზე მოხვია ხელი და დასძინა, – ესეც გონს მოვა და მიმატოვებს...

– არა მგონია, – კბილებში გამოსცრა ვოლანდმა, შემდეგ განაგრძო, – მაშასადამე, კაცი, ვინც პილატე პონტოელზე რომანი დაწერა, სარდაფში ბრუნდება, რათა იქ ლამპის შუქზე სიღარიბეში ამოხდეს სული?

მარგარიტა ოსტატს გაერიდა და აღელვებულმა დაიწყო ლაპარაკი:

– რაც კი შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, ყველაზე სანუკვარი რამ ჩავჩურჩულე, მაგრამ ესეც უარყო.

– ვიცი, რაც ჩასჩურჩულეთ, – უთხრა ვოლანდმა, – მაგრამ ეგ არ არის ყველაზე სანუკვარი. თქვენ კი გეტყვით, – ოსტატს მოუბრუნდა ვოლანდი, – რომ ეს რომანი ჯერ კიდევ ბევრ სიახლეს მოგიტანთ.

– ძალიან საწყენია, – უპასუხა ოსტატმა.

– არა, სულაც არ არის საწყენი, – უთხრა ვოლანდმა, – საშინელი არაფერი მოხდება. ასე რომ, მარგარიტა ნიკოლაევნა, ყველაფერი აღსრულდა. გულს ხომ არ გეთანაღრებათ?

– რას ბრძანებთ, რას ბრძანებთ, მესირ!

– აი, ეს ჩემგან მიიღეთ საჩუქრად, – უთხრა ვოლანდმა და ბალიშის ქვემოდან მომცრო, ალმასებით მოოჭვილი ოქროს ნალი გამოიღო.

– არა, რას ბრძანებთ!

– ჩემთან ჩხუბს აპირებთ? – ღიმილით დაეკითხა ვოლანდი.



317

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

და რადგან მარგარიტას მოსასხამზე ჯიბე არ ჰქონდა, ნალი ხელსაწმენდში გაახვია და ყურები გაუკრა. ანაზდად რაღაცამ გააოცა, ისევ ფანჯარაში აღადღადებულ მთვარეს გახედა და თქვა:

– იცით, რა ვერ გამიგია... ერთთავად შუაღამე როგორ არის, სულ შუაღამეა... დროის მიხედვით კი უნდა თენდებოდეს.

– საზეიმო ღამის ცოტა ხნით შეყოვნებაც შეიძლება, – უპასუხა ვოლანდმა, – ბედნიერებას გისურვებთ.

მარგარიტამ ორივე ხელი მლოცველივით გაიწვდინა ვოლანდისაკენ, მაგრამ მიახლოება ვერ გაუბედა და ჩუმად უთხრა:

– მშვიდობით! მშვიდობით!

– ნახვამდის! – უპასუხა ვოლანდმა.

შავმოსასხამიანი მარგარიტა და საავადმყოფოს ხალათში გამოწყობილი ოსტატი იუველირის ცოლის სახლის წინკარში გავიდნენ, სადაც სანთლები ენთო და ვოლანდის ამალა ელოდათ. კარისკენ წავიდნენ, გელლას უკან ჩემოდანი მიჰქონდა, რომელშიც რომანი და ვოლანდის ნაჩუქარი გულსაბნევიც იდო, ბეჰემოთი კი გელლას ეხმარებოდა. კართან კაროვიევი მარგარიტა ნიკოლაევნას და ოსტატს გამოემშვიდობა და გაქრა, დანარჩენები კი კიბეზე ჩაჰყვნენ გასაცილებლად. კიბე ცარიელი იყო, მესამე სართულის ბაქანს რომ გაუსწორდნენ, რაღაცამ რბილად გაიწკარუნა, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია. მეექვსე სადარბაზოს გასასვლელთან აზაზელომ ჰაერს შეუბერა და ეზოში გასულებმა, სადაც ჯერ ისევ ზენიტში იდგა მთვარე, პარმაღზე ჩამომჯდარი და ალბათ ღრმად ჩაძინებული ჩექმიანი და კეპიანი კაცი და სადარბაზოსთან მდგარი უზარმაზარი, ფარებჩამქრალი შავი მანქანა დაინახეს. წინა მინაში ბუნდოვნად მოჩანდა ყვავის სილუეტი.

ის იყო უკვე მანქანაში ჩასხდომას აპირებდნენ, რომ მარგარიტამ საშინელი ხმით შეჰკივლა:

– ღმერთო ჩემო, ნალი დავკარგე.

– მანქანაში ჩასხედით! – უთხრა აზაზელომ, – და დამელოდეთ, ახლავე დავბრუნდები, მხოლოდ გავარკვევ, რაშია საქმე, – და ისევ სადარბაზოში შებრუნდა.



318

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

საქმე კი, აი, რაში იყო: ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ოსტატი, მარგარიტა და მათი გამცილებლები კიბეზე დაეშვებოდნენ, იუველირის ბინის ქვედა სართულზე მდებარე No 48 ბინიდან ერთი გამხდარი ქალი გამოვიდა, ხელში ბიდონი და ჩანთა ეჭირა. ეს ის ანუშკა გახლდათ, ვისაც ორშაბათს, ბერლიოზისდა საუბედუროდ, ზეთი დაექცა ლიანდაგზე.

არავინ იცოდა, და ალბათ, ჩვენც ვერასოდეს გავიგებთ, რას საქმიანობდა მოსკოვში ეს ქალი ან რა წყაროთი არსებობდა. მის შესახებ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ყოველდღე შეიძლებოდა მისი ნახვა ბიდონით ან ჩანთით ხელში, ხან კი ჩანთითაც და ბიდონითაც ერთად – ნავთის წერტთან, ბაზარში, სახლის კარიბჭესთან, კიბეზე ან უფრო ხშირად, იმ No 48 ბინის სამზარეულოში, სადაც ცხოვრობდა. ამას გარდა და, უფრო მეტად, იმით იყო ცნობილი,

რომ სადაც უნდა მისულიყო ან გამოჩენილიყო ეს არსება, იმავ წამს ერთი ალიაქოთი ატყდებოდა ხოლმე და ისიც იცოდნენ, ამ ქალს ყველა „შავ ჭირს“ ეძახდა.

ჭირი-ანუშკა რატომღაც ადრე დგებოდა. დღეს კი რაღაცამ მთლად დილაბნელზე წამოაგდო, შუაღამისას. კლიტეში გასაღებმა გაიჩხაკუნა, კარიდან ჯერ ანუშკას ცხვირი გამოჩნდა, შემდეგ თვითონაც გამოვიდა, მთლიანად, კარი მიხურა და უკვე სადღაც წასვლას აპირებდა, რომ ზედა ბაქანზე კარმა გაიბრახუნა, ვიღაც თავდაყირა დაგორდა კიბეზე, ანუშკას დაეჯახა, გვერდზე მიაგდო და კეფით კედელს შეანარცხა.

– სად ეშმაკებში მირბიხარ ასე, საცვლების ამარა? – დაიჩხავლა ანუშკამ და კეფაზე ხელი იტაცა. საცვლებიან-ჩემოდნიან და კეპიან კაცს თვალი არ გაუხელია, ნამძინარევი ხმით უპასუხა:

– გამათბობელი! აჯასპი! მარტო შეღებვა რა დამიჯდა! – და ატირდა, – მომშორდი! – ფეხზე წამოდგა და ისევ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, თუმცა კიბეზე კი არ დაეშვა, ზევით აირბინა, იქით, სადაც ეკონომისტის ფეხსაცმლით მინა იყო ჩამსხვრეული და ფანჯრიდან თავდაყირა გადაეშვა ეზოში. ანუშკას კეფის ტკივილიც კი გადაავიწყდა, ერთი ამოიგმინა, თვითონაც ფანჯარას მიაწყდა, მუცლით იატაკზე გაწვა და თავი ფანჯარაში გაყო, რათა ფარნით განათებულ ასფალტზე დანარცხებული ჩემოდნიანი კაცი დაენახა, მაგრამ კაცი არსად ჩანდა.

მხოლოდ ისღა რჩებოდა ეფიქრა, რომ ეს ნამძინარევი და საშინელი კაცი ჩიტივით გაფრენილიყო ფანჯრიდან და კვალიც არ დაეტოვებინა... ანუშკამ პირჯვარი გადაისახა და გაიფიქრა: „მაინც რა უბედურება სჭირს ამ ორმოცდამეათე ბინას? ხალხი ტყუილად კი არ



319

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

ლაპარაკობს? უცნაურია!“

ამის გაფიქრებაც ვერ მოასწრო და ზედა კარმა ისევ გაიჯახუნა, ვიღაც ისევ ჩამოასკდა ქვევით მომავალ კიბეს, ანუშკა კედელს აეკრა და დაინახა, რომ საკმაოდ სოლიდურმა, წვერიანმა მოქალაქემ, რაღაცით კურატს რომ მიუგავდა სახე, გვერდით ჩაუქროლა, მანაც, პირველის მსგავსად, ფანჯრიდან ამჯობინა სადარბაზოდან გასვლა და არც ის დანარცხებია ასფალტს. ანუშკას უკვე გადაავიწყდა კიდეც, საით აპირებდა წასვლას, კიბეზე დარჩა და პირჯვრის წერით, ოხვრა-ვაი-ვიშით განაგრძო ბუტბუტი.

მესამე, უკვე უწვერო, თავგადაპარსული, პერანგამოჩაჩული სულ ცოტა ხანში გამოიჭრა ზედა ბინიდან და ისიც ფანჯარაში გაფრინდა.

ანუშკას სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ცნობისმოყვარე იყო და გადაწყვიტა, ერთხანს კიდევ დაეცადა, ენახა, კიდევ რაიმე სასწაული ხომ არ მოხდებოდა. ზემოთა კარი ისევ გაიღო და ახლა კიბეზე მთელი ჯგუფი დაეშვა, მაგრამ სირბილით კი არა, ჩვეულებრივ, როგორც ადამიანები დადიან ხოლმე. ანუშკა ფანჯარას მოსცილდა, საკუთარი ბინის კართან მიირბინა, სასწრაფოდ გააღო, შიგ შეიმალა და ღრიჭოში მისი ცნობისმოყვარე ანთებული თვალებიღა დარჩა.

ვიღაც ავადმყოფი თუ ავადმყოფის მსგავსი, ძალიან უცნაური, ფერმკრთალი, წვერმოშვებული, შავქუდიანი და უცნაურხალათიანი კაცი მუხლის კანკალით ჩამოდიოდა კიბეზე. ამ კაცის ხელი ფრთხილად ეჭირა მის გვერდით მომავალ შავანაფორიან, როგორც ამ ბინდში მოეჩვენა ანუშკას, ქალს. ქალი ფეხშიშველა იყო, ან რაღაც გამჭვირვალე, ერთიანად გაცვეთილი საზღვარგარეთული ფეხსაცმელი ეცვა, თფუი ეშმაკს! ფეხსაცმელი რა მოსატანია, თავით ფეხამდე შიშველი იყო! „ეს რაღა უბედურებაა!“ – ანუშკას სული უმღეროდა იმ სასიხარულო მოლოდინით, რასაც ხვალ მეზობლებს მოუყვებოდა.

უცნაურად ჩაცმულ ქალს უკან სრულიად შიშველი ქალი მოჰყვებოდა და ჩემოდანი მოჰქონდა, ჩემოდნის გვერდით კი უზარმაზარი შავი კატა მოძუნძულებდა. ანუშკამ ლამის ხმამაღლა შეჰკივლა და თვალები მოიფშვნიტა.

სულ ბოლოს, კიბეზე მომავალთა უკან, ტანდაბალი, კოჭლი, თვალმობრეცილი, უპიჯაკო უცხოელი მოდიოდა, რომელსაც თეთრი ფრაკის ჟილეტი ეცვა და ჰალსტუხი ეკეთა. ამ ხალხმა ანუშკას ჩაუარა და ქვევით განაგრძო სვლა. უცებ რაღაც დაეცა ბაქანზე. ანუშკამ მილეული ნაბიჯის ხმას ყური მიადევნა, გველივით გამოსრიალდა კარიდან, ბიდონი



320

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

კედელთან მიდგა, მუცლით იატაკზე გაწვა და ხელი მოაფათურა. რაღაც მძიმეს წააწყდა. სასწრაფოდ გახსნა ხელსაწმენდი და თვალებდაჭყეტილი დააცქერდა ამ ძვირფას ნივთს. თვალები მგელივით უელავდა. ყველაფერი აერია თავში, თითქოს ქარბობოლა დაუტრიალდა: „არაფერიც არ ვიცი! არაფერიც არ მინახავს!. . ძმისშვილთან? თუ ნაწილ- ნაწილ დავხერხო... თვლები შეიძლება ამოვაძრო... და სათითაოდ... ერთი პეტროვკაზე, მეორე – სმოლენსკაიაზე... არაფერი მინახავს, არც არაფერი გამიგონია!“

ანუშკამ უბეში ჩამალა ნაპოვნი, ბიდონი აიღო და ის იყო უკან, ბინაში აპირებდა შებრუნებას, რომ ანაზდად ეშმაკმა უწყის საიდან გამომტყვრალი ის თეთრმკერდიანი, ჰალსტუხიანი და უპიჯაკო კაცი წინ აესვეტა და ჩურჩულით უთხრა:

– ნალი და ხელსაწმენდი მომეცი!

– რომელ ხელსაწმენდსა და ნალზე მელაპარაკები? – ჰკითხა ანუშკამ ძალიან მოხერხებული თვალთმაქცობით, – არავითარი ხელსაწმენდი არ მინახავს, მოქალაქევ, თქვენ რა, ნასვამი ხომ არა ხართ?

თეთრმკერდიანმა ძლიერი, ავტობუსის სახელურივით უდრეკი და გაყინული თითები უსიტყვოდ მოუჭირა ყელში, ისე მოუჭირა, რომ სხეულს ჰაერის მიწოდების ყოველგვარი საშუალება მოუსპო. ანუშკას ბიდონი გაუვარდა ხელიდან და იატაკს დაენარცხა. უპიჯაკო უცხოელმა ანუშკა ერთხანს უჰაეროდ ამყოფა, შემდეგ ხელი გაუშვა. ქალმა ჰაერი ჩაისუნთქა და გაიღიმა:

– ააა, ნალი... – დაიწყო მან, – ამწუთას! ეს თქვენი ნალია? მე ხელსაწმენდში გახვეული ვნახე... ავიღე, რომ არავის მოეპარა, თორემ კვალსაც ვერ მიაგნებდით!

როგორც კი ხელსაწმენდში გახვეული ნალი მიიღო, უცხოელმა ანუშკას თავი დაუკრა, ხელი ჩამოართვა და ძლიერი უცხოური აქცენტით გადაუხადა მადლობა:

– თქვენი უსაზღვროდ მადლიერი ვარ, მადამ, ეს ნალი სახსოვარია და ამდენად ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ნება მიბოძეთ, მისი შენახვისათვის ორასი მანეთი მოგართვათ, – მან ჟილეტის ჯიბიდან მაშინვე ამოიღო ფული და ანუშკას გაუწოდა.

ის კი განწირული იღიმებოდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა: – აჰ, უღრმესი მადლობა! მერსი, მერსი!



321

თავი ოცდამეოთხე - ოსტატის ხმობა

გულუხვმა უცხოელმა ერთი ამოსუნთქვით ჩაათავა კიბე და ვიდრე საბოლოოდ თვალს მიეფარებოდა, ქვევიდან უკვე უაქცენტოდ დაუყვირა:

– შენ, ეი, ბებერო ალქაჯო, თუ ოდესმე კიდევ აიღებ სხვის ნივთს, მილიციას უნდა ჩააბარო და არა უბეში შეინახო!

ანუშკას კიბეზე მომხდარი სასწაულებით ჯერ კიდევ უბზუოდა ტვინი, თავბრუ ესხმოდა და თითქოს კიბეს მიყინული, ადგილიდან ფეხის მოუცვლელად განაგრძობდა ყვირილს:

– მერსი! მერსი! მერსი! – უცხოელი კი რა ხანია, გამქრალიყო.

აღარც მანქანა ჩანდა ეზოში. აზაზელო ვოლანდის საჩუქრის დაბრუნებისთანავე გამოემშვიდობა მარგარიტას, დაინტერესდა, მოხერხებულად თუ იჯდა სკამზე, შემდეგ გელლამ გადაკოცნა გულიანად, კატაც ხელზე ეამბორა, გამცილებლებმა მანქანის კუთხეში მიყუჟულ ოსტატს ხელი დაუქნიეს, ჭილყვავს ანიშნეს, მანქანა დაეძრა და მაშინვე გალღვნენ ჰაერში, კიბეზე ასვლით თავი აღარ შეუწუხებიათ. ჭილყვავმა ფარები ჩართო, იმ კაცს აუარა გვერდი, მკვდარივით რომ ეძინა, ეზოდან გავიდა და უზარმაზარი, შავი მანქანის შუქი ახმაურებული სადოვაიას შუქებს შეერწყა.

ერთი საათის შემდეგ არბატის ჩიხში, მომცრო შენობის სარდაფის წინა ოთახში, სადაც ყველაფერი ისევე დახვდათ, როგორც შარშანდელი შემოდგომის იმ შემზარავ ღამეს დატოვეს, ხავერდის სუფრაგადაფარებულ მაგიდასთან, ენძელებით სავსე ლარნაკის გვერდით მდგარი აბაჟურიანი ლამპის შუქით განათებული მარგარიტა იჯდა და გადატანილი საშინელებებისა და ბედნიერებისაგან ჩუმად ქვითინებდა, წინ ცეცხლის ენებით კიდეებშემომწვარი რვეული ედო, იქვე, გვერდით კი, ჯერ ხელშეუხები ფურცლების დასტა. სახლი დუმდა. მომიჯნავე პატარა ოთახში, ტახტზე იწვა და ღრმა ძილით ეძინა ოსტატს, საავადმყოფოს ხალათწაფარებული მშვიდად სუნთქავდა, უხმაუროდ.

ტირილით რომ გული იჯერა, მარგარიტამ ახალთახალი რვეული აიღო და ის ადგილი მოძებნა, რომელსაც აზაზელოსთან შეხვედრამდე კითხულობდა. არ ეძინებოდა, ალერსიანად ეფერებოდა ხელნაწერს, როგორც საყვარელ კატას ეფერებიან ხოლმე. ხელში ატრიალებდა, ათვალიერებდა, ხან სატიტულო ფურცელს დახედავდა და ხანაც დასასრულს. ანაზდად საშინელმა აზრმა გაუელვა, მოეჩვენა, რომ ეს ყველაფერი ჯადოქრობა იყო, რომ რვეულები უცებ გაქრებოდა, თვითონაც ისევ თავის საძინებელ ოთახში აღმოჩნდებოდა და გაღვიძებულს, ისღა დარჩებოდა, მდინარეში დაეხრჩო თავი. მაგრამ ეს უკანასკნელი



322

თავი ოცდამეხუთე - როგორ ცდილობდა პროკურატორი იუდა კირიათელის ხსნას

საშინელი აზრი მისი ხანგრძლივი ტანჯვის გამოძახილი იყო მხოლოდ. არაფერი ქრებოდა, ყოვლისშემძლე ვოლანდი მართლაც ყოვლისშემძლე იყო და მარგარიტას რამდენიც ეწადა, თუნდაც დილამდე შეეძლო ეფურცლა ეს ახალთახალი რვეულები, დამტკბარიყო მათი ცქერით, ეკოცნა და ეჩურჩულა:

– ხმელთაშუა ზღვიდან დაძრულმა უკუნმა ერთიანად გადაფარა პროკურატორის საძულველი ქალაქი... ჰო, უკუნმა...

თავი ოცდამეხუთე - როგორ ცდილობდა პროკურატორი იუდა კირიათელის ხსნას

ხმელთაშუა ზღვიდან დაძრულმა უკუნმა ერთიანად გადაფარა პროკურატორის საძულველი ქალაქი. ანაზდად გაქრა თავკიდული ბაღები, რომლებიც ტაძარს ანტონიუსის უძველეს კოშკთან აერთებდა, ციდან წკვარამი დაეშვა და მთლიანად შთანთქა იპოდრომზე დავანებული ფრთოსანი ღმერთები, ქარვასლა, ჩიხები, ტბორი... გაქრა იერუშალაიმი – დიდებული ქალაქი, თითქოს არც არსებულა ამქვეყნად. შემოგარენი უკუნმა მოსრა, უკუნმა, იერუშალაიმსა და მის გარეუბნებში რომ დააფრთხო ყოველი ცოცხალი. ზღვიდან უჩვეულო ღრუბელი წამოიზლაზნა, გაზაფხულის თვის ნისანის თოთხმეტს, საღამოსპირზე.

ეს ღრუბელი უკვე ღიპით დასწოლოდა ტაბაკელას მთას, სადაც ჯალათები ჯვარცმულთ ნაჩქარევად ურჭობდნენ ხიშტებს, უკვე იერუშალაიმის ტაძარსაც ფარავდა, შემდეგ ბურუსიან ღვარად ჩამოდინდა მისი შემაღლებიდან და ქვედა ქალაქიც დატბორა. ღრუბელი აბეზრად იჭრებოდა სარკმელში და დაღრეცილი ქუჩაბანდებიდან შინისკენ მირეკავდა ხალხს. თუმცა ჯერ არ ჩქარობდა ტენის გაღებას, მხოლოდ თვისეულ შუქს ჰფენდა გარემოს. როგორც კი ბურუსიან, შავ ლავას ცეცხლის ენები გასერავდა, ყიამეთიდან ცას ასკდებოდა მბზინავი ქერეჭით მოგუმბათებული, დიდებული, უზარმაზარი ლოდი ტაძრისა, თუმც მაშინვე ქრებოდა ხილვა და ტაძარიც კვლავ უკუნში ინთქმებოდა. ასე რამდენჯერმე ამობზინდა წყვდიადიდან, ისევ უკუნმა შთანთქა და ყოველ ამ შთანთქმას კატასტროფის ღრიალი ახლდა თან.

ასეთივე მოცახცახე ათინათით ბრწყინდებოდა ტაძრის პირისპირ, დასავლეთის ბორცვზე ზეაღმართული ჰეროდე დიდის სასახლე, და შემზარავი, თვალდავსებული ოქროს ქანდაკებანი შავი ცისკენ მაღლდებოდნენ ხელაპყრობილნი. შემდეგ ისევ ქრებოდა ციური ცეცხლი და ქუხილის მძვინვარე ხმები უკუნში ნთქავდნენ ოქროს კერპებს.



323

თავი ოცდამეხუთე - როგორ ცდილობდა პროკურატორი იუდა კირიათელის ხსნას

დელგმა მოულოდნელად წამოსკდა და მაშინ ჭექა-ქუხილი ქარიშხლად იქცა. სწორედ იმ ადგილას, ბაღში, სადაც შუადღისას მარმარილოს საკარცხულთან პროკურატორი და ქურუმთქურუმი საუბრობდნენ, ყუმბარისდარი ზათქით, წკნელივით გადატყდა კვიპაროსი. წყლის შხეფებსა და სეტყვასთან ერთად სვეტოვანში, აივანზე, მოწყვეტილი ვარდები, მაგნოლიის ფოთლები, პატარ-პატარა ტოტები და ქვიშა შემოჰქონდა ქარს. ქარიშხალი წეწავდა ბაღს.

ამ დროს სვეტებქვეშ ერთი კაციღა იმყოფებოდა და ეს კაცი პროკურატორი იყო.

აწ საკარცხულში აღარ იჯდა, ღვინით სავსე დოქებითა და ნუგბარით დატვირთულ პატარა, დაბალ მაგიდასთან იწვა სარეცელზე. მეორე, ცარიელი სარეცელი მაგიდის გადაღმა იდგა. პროკურატორის ფერხთით ჯერ მოუწმენდი, სისხლივით წითელი ლაქა მოჩანდა, შიგ ჩარჩენილი დოქის ნამსხვრევებით. მსახური, რომელიც ჭექა-ქუხილის დაწყებამდე მაგიდას უშლიდა პროკურატორს, ანაზდად მის მზერას წააწყდა, რატომღაც დაიბნა, აღელდა კიდეც, რაღაცით რომ ვერ მოიგო მისი გული და, განრისხებულმა პროკურატორმა მოზაიკიან იატაკს დაალეწა დოქი:

– სახეში რატომ არ მიცქერი, როცა საჭმელს მაწვდი? განა რაიმე გაქვს მოპარული?

აფრიკელს შავი სახე ჩაუნაცრისფრდა, თვალებში სასიკვდილო შიში გაუკრთა, აცახცახდა და ლამის მეორე დოქიც არ მიაყოლა პირველს, მაგრამ პროკურატორს ისევე მალე გადაუარა რისხვამ, როგორც ეწვია. აფრიკელი მაშინვე დაიხარა, დაღვრილი ღვინის მოწმენდა და ნამსხვრევების აკრეფა სცადა, მაგრამ პროკურატორმა ხელი აუქნია და მონაც გაეცალა, გუბე კი დარჩა.

აწ, ჭექა-ქუხილში, აფრიკელი ნიშის სიახლოვეს მიყუჟულიყო, იქ, სადაც თეთრი, თავდახრილი და შიშველი ქალის ქანდაკება იდგა, ეშინოდა, უდროოდ არ მოხვედროდა თვალში პატრონს და იმავდროულად, არც ის წუთი გამოჰპარვოდა, როცა პროკურატორი იხმობდა.

ჭექა-ქუხილის უკუნში სარეცელზე მიწოლილი პროკურატორი თავად ისხამდა ღვინოს, ნება-ნება, აუჩქარებლად სვამდა, დროდადრო პურს მოიტეხდა, აქუცმაცებდა, ნაფხვენებს პირში იყრიდა, ხან ლოკოკინას გაწუწნიდა, ლიმონს მიაყოლებდა და ისევ ღვინოს ეძალებოდა.



324

თავი ოცდამეხუთე - როგორ ცდილობდა პროკურატორი იუდა კირიათელის ხსნას

ეს წყლის ღრიალი, ჭექა-ქუხილი, რომელიც სასახლის სახურავს ახდით ემუქრებოდა და აივნის კიბეზე არაწკუნებული სეტყვა რომ არა, იმის გაგებაც შეიძლებოდა, როგორ ბუტბუტებდა პროკურატორი და თავს ესაუბრებოდა. ალბათ ამ ციური ცეცხლის ჟამ-ჟამითი გაელვება ერთ გაბმულ ნათებად რომ ქცეულიყო, მოთვალთვალე უთუოდ შენიშნავდა, რაოდენი მოუთმენლობა ეწერა უკანასკნელი დღეების უძილობითა და ღვინით აგზნებულ თვალებში, დაინახავდა, რომ პროკურატორი არა მარტო ღვინის გუბეში ჩარჩენილ ორ ვარდს უმზერდა, არამედ ერთთავად ბაღისკენ ჰქონდა გულისყური მიპყრობილი, წვიმის შხეფებისა და აბუქებული ქვიშისკენ იმზირებოდა, თითქოს ვიღაცას ელოდა მოუთმენლად, ცოტა ხანიც გავიდა და პროკურატორის თვალწინ თანდათან გაიცრიცა წყლის ფარდა, ნიაღვარმაც იკლო. აღარც რტოები ცვიოდა ლაწუნით. ჭექა-ქუხილი და ელვის ნათებაც გაიშვიათდა. იერუშალაიმს უკვე თეთრქობიანი იისფერი საფარი აღარ ეფარა, ცაზე ჩვეულებრივი, რუხი ღრუბლები მიცურავდა. ქარიშხალმა მკვდარი ზღვისკენ გადაინაცვლა.

ახლა უკვე შეიძლებოდა წვიმის შხაპუნისა და წყლის ტყლაშუნის გამოცალკევება, რომელიც სადინარებიდან პირდაპირ იმ კიბეზე იღვრებოდა, პროკურატორი რომ მიუყვებოდა დღისით, მოედანზე, მსჯავრის გამოსაცხადებლად. ბოლოს შადრევნის ჩხრიალიც გაისმა. შუქი მომძლავრდა. აღმოსავლეთისკენ აჩქარებულ რუხ საფარში ალაგ-ალაგ ცისფერი სარკმლები გაჩნდა.

უცებ შორიდან, უკვე მთლად მილეულ წვიმის რაწკუნში, პროკურატორის სმენას მისწვდა საყვირების ხმა და ასობით ცხენის ფლოქვთა თქარათქური. პროკურატორი შეირხა და სახეზე სიცოცხლის ნიშანი დაეტყო. ალა ტაბაკელას მთიდან ბრუნდებოდა და ცხენთა ფეხის ხმაზე ეტყობოდა, ახლა სწორედ იმ მოედანზე უნდა ყოფილიყო, სადაც განაჩენი ეუწყა ხალხს.

ბოლოს და ბოლოს, პროკურატორის სმენას დიდხანს ნალოდინები ნაბიჯის ხმაც მისწვდა და ბაღის ზედა ტაფობზე, აივანთან მიბჯენილ კიბის საფეხურზე დამდგარ გუბეებში ფეხსაცმლის შხლაპაშხლუპი გაისმა. პროკურატორმა კისერი წაიგრძელა და თვალები სიხარულით წამოენთო.

მარმარილოს ორ ლომს შორის ჯერ კაპიუშონი გამოჩნდა, შემდეგ კი ერთიანად გაწუწული, ტანზე მოსასხამშემოტმასნილი კაციც. ის იყო, მსჯავრის გამოტანამდე სასახლის

ჩაბნელებულ დარბაზში რომ ესაუბრებოდა პროკურატორს, განაჩენის აღსრულების ჟამს კი სამფეხაზე იჯდა და წკნელს ათამაშებდა ხელში.



325

თავი ოცდამეხუთე - როგორ ცდილობდა პროკურატორი იუდა კირიათელის ხსნას

კაცმა ბაღის ტაფობზე, გუბეებში გამოაბიჯა, აივნის მოზაიკურ იატაკზე შემოდგა ფეხი, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და მაღალი, სასიამოვნო ხმით თქვა:

– ჯანმრთელობა და სიხარული პროკურატორს! – ახალმოსული ლათინურად ლაპარაკობდა.

– ჰოი, ღმერთებო! – იყვირა პილატემ, – როგორ დასველებულხართ? რა თავსხმა იყო? გთხოვთ, დაუყოვნებლივ შებრძანდეთ ჩემთან. ძალიან დამავალებთ, თუ ტანთ გამოიცვლით.

მოსულმა კაპიუშონი გადაიგდო, ერთიანად სველი, შუბლზე თმამიწებებული თავი გამოაჩინა, გაპარსულ სახეზე თავაზიანი ღიმილი გამოხატა და უარი მოახსენა ტანსაცმლის გამოცვლაზე, არწმუნებდა, წვიმა ვერაფერს დამაკლებსო.

– მოსმენაც არ მსურს, – მოუგო პილატემ და ხელი-ხელს შემოჰკრა. მის რისხვას გარიდებული მსახურები იხმო და უბრძანა, მოსულისათვის მიეხედათ, შემდეგ კი დაუხანებლად მიერთმიათ ცხელი საჭმელი. თმის გასაშრობად, ტანსაცმლის და სანდლების გამოსაცვლელად და საერთოდ, თავის წესრიგში მოსაყვანად, პროკურატორის სტუმარს ძალზე ცოტა დრო დასჭირდა და მოკლე ხანში უკვე პროკურატორის წინაშე იდგა თმადავარცხნილი, მშრალი სანდლებითა და მშრალი, მეწამული სამხედრო მოსასხამით.

ის წამი იყო, მზეც დაუბრუნდა იერუშალაიმს და ვიდრე საბოლოოდ ჩაიხრჩობოდა ხმელთაშუა ზღვაში, გამოსათხოვარ სხივებს სტყორცნიდა პროკურატორისათვის ესოდენ საძულველ ქალაქს და აივნის საფეხურებს ოქროთი ფერავდა. შადრევანიც საბოლოოდ მოგუნებდა, ხმიანად ამღერდა, მტრედებიც გამოგოგდნენ, ღუღუნებდნენ, ჩამოლეწილ რტოებს ახტებოდნენ და რაღაცას კენკავდნენ სველ ქვიშაში. წითელი გუბეც უკვე მოეწმინდათ, აღარც დოქის ნამსხვრევები ჩანდა და მაგიდაზე ხორცს ასდიოდა ოხშივარი.

– თქვენს ბრძანებას ველი, პროკურატორო, – თქვა მოსულმა და მაგიდას მიუახლოვდა.

– არაფერს გეტყვით, ვიდრე არ დაბრძანდებით და ღვინოს არ შესვამთ, – თავაზიანად უთხრა პილატემ და მეორე სარეცელზე მიუთითა.

მოსული მიწვა, მსახურმა თასი ბლანტი წითელი სითხით აუვსო. მეორე მსახური ფრთხილად გადაიხარა პილატეს ზურგს უკნიდან და პროკურატორს შეუვსო თასი. შემდეგ პილატემ მსახურთ ხელით ანიშნა გაცლა. ვიდრე სტუმარი საჭმელს შეექცეოდა, პილატე ღვინოს წრუპავდა და თვალმოწკურული აკვირდებოდა მოსულს. შუახნის კაცი იყო, ძალზე



326

თავი ოცდამეხუთე - როგორ ცდილობდა პროკურატორი იუდა კირიათელის ხსნას

სასიამოვნო, დახვეწილი სახე და მსხვილი ცხვირი ჰქონდა. თმის ფერს ვერ გაარკვევდით. ახლა, გაშრობის შემდეგ, თითქოს ქერა ჩანდა. ვერც მის ეროვნებას იტყოდით დანამდვილებით. უმთავრესი, რაც მიმზიდველს ხდიდა მის სახეს, ალბათ, მაინც სიკეთე იყო, თუმც ამ გამომეტყველებას თვალები აქრობდნენ, უფრო სწორად, თვალები კი არა, მათი უჩვეულო გამოხედვა. მოსული უმეტესწილად ძალზე უცნაური, თითქოს შეშუპებული ქუთუთოების ქვეშ მალავდა თავის წვრილ თვალებს. და მაშინ, ამ ქუთუთოთა შემაერთებელი ღრიჭოდან უბოროტო ეშმაკობა კრთებოდა. საფიქრალია, რომ პროკურატორის სტუმარი იუმორისკენ იყო მიდრეკილი. მაგრამ დროდადრო თვალთა ღრიჭოებიდან სრულიად დევნიდა ამ აციმციმებულ ეშმაკობას, პროკურატორის აწინდელი სტუმარი ფართოდ ახელდა ქუთუთოებს და თანამოსაუბრეს მოულოდნელი დაჟინებით აკვირდებოდა, თითქოს რაღაც შეუმჩნეველი ლაქის დანახვა ეწადა მოსაუბრის ცხვირზე. ეს მზერა მხოლოდ ერთ წამს გრძელდებოდა, რის შემდეგაც ქუთუთოები ისევ ვიწროვდებოდა და ღრიჭოდ დარჩენილ ვიწრო ზოლში ისევ ნათდებოდა სიკეთე და ეშმაკური გონიერება.

მოსულს არც მეორე თასზე უთქვამს უარი, თვალნათლივი კმაყოფილებით გადაყლაპა რამდენიმე ლოკოკინა, მოხარშულ ბოსტნეულს გემო გაუსინჯა და ხორცის ნაჭერი შეჭამა.

დანაყრებულმა, ღვინო შეაქო:

– დიდებული ყურძენია, პროკურატორო, მაგრამ არა მგონია „ფალერნო“ იყოს. –„ცეკუბაა“, ოცდაათი წლის, – თავაზიანად უპასუხა პროკურატორმა.

სტუმარმა მკერდზე მიიდო ხელი, ჭამაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ დანაყრდა უკვე. მაშინ პროკურატორმა თასი შეივსო და სტუმარმაც მას მიბაძა. ორივემ თასებიდან ხორციან თეფშზე გადაისხა ცოტაოდენი ღვინო, პროკურატორმა თასი ასწია და ხმამაღლა თქვა:

– ჩვენ გაგვიმარჯოს, შენ გაგიმარჯოს, კეისარო, რომაელთა მამას და ადამიანთაგან ყველაზე ძვირფას და საუკეთესო ადამიანს!

ღვინო შესვეს, აფრიკელებმა სუფრა აალაგეს, მხოლოდ ღვინო და ხილი დატოვეს მაგიდაზე. პროკურატორმა მსახურებს ისევ ხელით ანიშნა გაცლა და სტუმართან მარტო დარჩა სვეტოვანში.

– ამ ქალაქის გუნება-განწყობაზე რა შეგიძლიათ მითხრათ? – ჰკითხა პროკურატორმა, მას თავისდა უნებურად იქით გაექცა მზერა, სადაც ბაღის ტერასებს გაღმა, ქვევით,



327

თავი ოცდამეხუთე - როგორ ცდილობდა პროკურატორი იუდა კირიათელის ხსნას

უკანასკნელი სხივებით აოქროსფრებული სვეტები და სახლის ბანები იღველფებოდა.

– ვგონებ, პროკურატორო, – დაიწყო სტუმარმა, – რომ იერუშალაიმში ხალხის განწყობა უკვე დამაკმაყოფილებელია.

– იმდენად, რომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, არეულობა აღარ განმეორდება?

– დარწმუნებულები, – თქვა სტუმარმა და ალერსიანი მზერა შეავლო პროკურატორს, – მხოლოდ ერთ რამეში შეგვიძლია ვიყოთ – დიდებული კეისრის ძლევამოსილებაში.

– ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, – იმავ წამს სიტყვა შეაგება პილატემ, – და მშვიდობა მისცეს! – ერთხანს იყუჩა და შემდეგ განაგრძო, – მაშასადამე, თვლით, რომ ჯარის გაყვანა შეიძლება?

– ვგონებ, ელვისმტყორცნელი დივიზიის გაყვანა უკვე შეიძლება, – უპასუხა სტუმარმა და დასძინა, – ურიგო არ იქნებოდა, გამოსამშვიდობებლად, მარშით გაევლოთ ქალაქში.

– მშვენიერი აზრია, – მოუწონა პროკურატორმა, – ზეგ გავუშვებ და მეც გავემგზავრები. დამერწმუნეთ, თორმეტი ღმერთის სერობას ვფიცავ, ლარებსა ვფიცავ, ყველაფერს გავიღებდი, ოღონდ დღესვე შემეძლოს წასვლა.

– პროკურატორს არ უყვარს იერუშალაიმი? – უბოროტოდ დაეკითხა სტუმარი.

– ღმერთმა დამიფაროს, – ღიმილით წამოიძახა პროკურატორმა, – ამ მიწისპირზე უფრო უიმედო ადგილი არ მეგულება. ბუნებაზე აღარაფერს ვამბობ! ყოველთვის ავად ვხდები, როცა აქ ჩამოსვლა მიწევს. თუმცა, ამასაც ავიტანდი. ერთთავად ეს დღესასწაულები რომ არ იყოს – მოგვები, მუცლითმეზღაპრენი, ჯადოქრები, მლოცველთა ბრბო... ფანატიკოსები, ფანატიკოსები! თუნდაც ის მესია რად ღირს, წელს რომ ელოდნენ მის მოსვლას! აქ ხომ ყოველ წუთს შეიძლება შემზარავი სისხლის ღვრის მოწმე გახდე. ერთთავად ჯარს უნდა უცვალო ადგილმდებარეობა, დასმენები და დაბეზღებები იკითხო, რომელთაგან ნახევარი შენზეა დაწერილი! დამეთანხმებით, ეს ყველაფერი მოსაწყენია! ო, იმპერატორის სამსახური რომ არა...

– დიახ, დღესასწაულების დროს აქ ძალზე ჭირს, – დაეთანხმა სტუმარი.

– წრფელი გულით მსურს, მალე დასრულდეს ეს ყოველივე, – ენერგიულად დასძინა



328

თავი ოცდამეხუთე - როგორ ცდილობდა პროკურატორი იუდა კირიათელის ხსნას

პილატემ, – მაშინ საშუალება მომეცემოდა, კესარეაში დავბრუნებულიყავი. თუ დამიჯერებთ, ჰეროდეს ეს ბოდვიანი ნაგებობა, – პროკურატორმა სვეტოვანისკენ გაიშვირა ხელი და ცხადი გახდა, რომ სასახლეზე ლაპარაკობდა, – ნამდვილად ჭკუიდან მშლის. აქ ღამის გათევაც კი მიჭირს. მსოფლიოში ჯერ უფრო უცნაური არქიტექტურა არ მინახავს... დიახ, მაგრამ მოდი, ისევ საქმეს მივუბრუნდეთ. უპირველესად, ის წყეული ბარ-რა-ბა არ გაფიქრებთ?

აი, მაშინ სტყორცნა სტუმარმა ის თავისი უჩვეულო მზერა პროკურატორის ლოყას. თუმცა ის მოწყენილი გასცქეროდა შორეთს, ზიზღით მოეჭმუხნა სახე და მის ფერხთით გართხმულ, უკვე ბინდში ჩაძირულ ქალაქს გასცქეროდა. ამასობაში სტუმარმაც ჩააქრო მზერა და ქუთუთოები ჩამოაფარა.

– რატომღაც მგონია, ბარი ახლა კრავივით მშვიდი გახდება, – დაიწყო სტუმარმა და ნაოჭები დაეტყო მრგვალ სახეზე, – ახლა უხერხულიც კი იქნებოდა ჯანყი.

– ძალიან ცნობილია, არა? – ქირქილით ჰკითხა პილატემ.

– პროკურატორი, როგორც ყოველთვის, ახლაც ზუსტად მიმიხვდა სათქმელს.

– მაგრამ, ყოველი შემთხვევისათვის, – განაგრძო ჩაფიქრებულმა პროკურატორმა და შავბეჭდიანი, თხელი, გრძელი თითი მაღლა ასწია, – აუცილებელი იქნება...

– ო, პროკურატორს შეუძლია დარწმუნებული ბრძანდებოდეს, ვიდრე მე ვარ იუდეაში, ბარი უმეთვალყურეოდ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს.

– ახლა მართლა მშვიდად ვარ, თუმცა მუდამ ასეთ სიმშვიდეს ვგრძნობ, ვიდრე თქვენ აქ მეგულებით.

– ეს დიდი წყალობაა, პროკურატორო!

– ახლა კი გთხოვთ, მსჯავრის შესახებ მაუწყოთ, – უთხრა პროკურატორმა. – კერძოდ, რა აინტერესებს პროკურატორს?

– ბრბოს აღშფოთების გამოხატვა ხომ არ უცდია? ცხადია, ეს არის მთავარი. – არა, – უპასუხა სტუმარმა.



329

თავი ოცდამეხუთე - როგორ ცდილობდა პროკურატორი იუდა კირიათელის ხსნას

– ძალიან კარგი. თქვენ თვით დარწმუნდით, რომ სიკვდილი დადგა?

– პროკურატორს შეუძლია, დარწმუნებული ბრძანდებოდეს.

– ერთი მითხარით... სასმელი თუ მისცეს ჯვარზე გაკვრის წინ?

– დიახ, მაგრამ მან... – აქ სტუმარმა თვალი მოხუჭა, – უარი თქვა სასმელზე. – კერძოდ, ვინ? – ჰკითხა პილატემ.

– მომიტევეთ, იგემონ! – წამოიძახა სტუმარმა, – სახელი არ გითხარით! ჰა-ნოცრიმ.

– უგუნური! – თქვა პილატემ და რატომღაც სახე დაემანჭა, მარცხენა თვალქვეშ ძარღვი აუტოკდა, – მზის დამწვრობით მოკვდე! ან რატომ უნდა თქვა იმაზე უარი, რაც კანონით გეკუთვნის? მაინც რა თქვა?

– მან თქვა, – ისევ თვალები მოჭუტა სტუმარმა, – რომ მადლობელია და არ ადანაშაულებს, სიცოცხლე რომ წაართვეს.

– ვის?

– ეგ კი არ უთქვამს, იგემონო.

– ხომ არ უცდია, ჯარისკაცებისთვის ექადაგა?

– არა, იგემონ. ამჯერად ცოტას ლაპარაკობდა. მხოლოდ ისა თქვა, რომ ადამიანთა ცოდვათაგან ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა შიშია.

– ეს რის გამო თქვა?- ჩაესმა სტუმარს წამისად გაბზარული ხმა.

– შეუძლებელი იყო გარკვევა. საერთოდ, ძალზე უცნაურად იქცეოდა, თუმცა, როგორც ყოველთვის.

– როგორ უცნაურად?

– ერთთავად იმას ცდილობდა, ირგვლივმყოფთათვის თვალებში ჩაეხედა, ხან ერთისთვის, ხან მეორისთვის და რაღაც დაბნეულად იღიმებოდა.



330

თავი ოცდამეხუთე - როგორ ცდილობდა პროკურატორი იუდა კირიათელის ხსნას

– მეტი არაფერი? – იკითხა ხრინწიანმა ხმამ.

– არაფერი.

პროკურატორმა ღვინის დასხმისას თასი აარახუნა, სასმელი ბოლომდე გამოცალა და ისევ თქვა:

– აი, რა მინდა, გითხრათ: თუმცა ჩვენ არ ძალგვიძს აღმოვაჩინოთ, ყოველ შემთხვევაში, ამჟამად მაინც, მისი რომელიმე თაყვანისმცემელი ან მიმდევარი, მაინც იმის მტკიცება, თითქოს ისინი არ არსებობდნენ, შეცდომა იქნებოდა.

თავდახრილი სტუმარი გულისყურით უსმენდა.

– ამიტომ შესაძლებელი მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად, – განაგრძო პროკურატორმა, – გთხოვთ, დაუყოვნებლივ და უხმაუროდ გააქროთ პირისაგან მიწისა სამივე სიკვდილმისჯილის გვამი და საიდუმლოდ, ჩუმად დამარხოთ ისინი, რათა მათ შესახებ ვერავინ ვერაფერი შეიტყოს.

– გისმენთ, იგემონო, – თქვა სტუმარმა და წამოდგა, – საქმის სირთულისა და ძალზე დიდი პასუხისმგებლობის გამო, ნება დამრთეთ, დაუყოვნებლივ გავემგზავრო.

– არა, ჯერ დაბრძანდით, – უპასუხა პილატემ და ხელის აქნევით შეაჩერა სტუმარი, – კიდევ ორ საკითხზე მსურს მოგელაპარაკოთ. მეორე – თქვენი უდიდესი დამსახურება ამ ურთულეს სამუშაოზე, იუდეველთა პროკურატორის საიდუმლო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, სასიამოვნო საშუალებას მაძლევს, რომს მოვახსენო ამის შესახებ.

სტუმარს სახეზე ალმური მოედო, წამოდგა, თავი დაუკრა პროკურატორს და თქვა:

– მე მხოლოდ ჩემს ვალს აღვასრულებ იმპერატორის სამსახურში.

– თუმც ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან, – განაგრძო იგემონმა, – თუკი დასაწინაურებლად აქედან გადაყვანას დაგიპირებენ, უარი უთხარით და აქ დარჩით... ძალიან არ მინდა თქვენთან განშორება. აჯობებს, რაიმე სხვა გზით დაგაჯილდოონ.

– მე ბედნიერი ვარ თქვენს ხელქვეით სამსახურით, იგემონ.

– სასიამოვნოა. და მესამე – ეს საკითხი იმ კაცს ეხება, რა ჰქვია... იუდა კირიათელს.



331

თავი ოცდამეხუთე - როგორ ცდილობდა პროკურატორი იუდა კირიათელის ხსნას

სტუმარმა ისევ იმ თვისეული მზერით შეხედა პროკურატორს და მაშინვე დამალა თვალები.

– ამბობენ, თითქოს, – ხმას დაუწია პროკურატორმა, – ფული აიღო იმ უგუნური ფილოსოფოსის მასპინძლობაში.

– აიღებს, – ჩუმად შეუსწორა საიდუმლო სამსახურის უფროსმა. – დიდი თანხაა?

– ეგ შეუძლებელია ვინმემ იცოდეს, იგემონო.

– თქვენც კი? – თავისი გაოცებით შეაქო იგემონმა.

– სამწუხაროდ, არც მე ვიცი, – მშვიდად უპასუხა სტუმარმა, – მაგრამ ის კი ვიცი, რომ დღეს საღამოს მიიღებს ფულს. დღეს საღამოს იხმობენ კაიაფას სასახლეში.

– ო, ეს ხარბი კირიათელი ბერიკაცი, – ღიმილით თქვა პროკურატორმა, – ხომ მოხუცია?

– პროკურატორი არასდროს ცდება, მაგრამ ამჯერად ალღომ უმტყუნა, – თავაზიანად უპასუხა სტუმარმა, – კირიათელი ახალგაზრდა კაცია.

– მართლა? შეგიძლიათ დამიხასიათოთ? ფანატიკოსია? – ო, არა, პროკურატორო.

– გასაგებია... კიდევ რას მეტყვით?

– ძალიან ლამაზია.

– კიდევ? შეუძლებელია მისი სისუსტეები არ იცოდეთ.

– ძნელია ამ უზარმაზარ ქალაქში ასე დაწვრილებით იცნობდე ყველას, პროკურატორო...

– ო, არა, აფრანიუს! თავს ნუ ისაწყლებთ!

– ერთი კი დანამდვილებით ვიცი, პროკურატორო, – სულ ერთი წამით დადუმდა სტუმარი, –



332

თავი ოცდამეხუთე - როგორ ცდილობდა პროკურატორი იუდა კირიათელის ხსნას

ხარბია.

– რა ხელობის კაცია?

აფრანიუსმა თვალები ზეაღაპყრო, დაფიქრდა და უპასუხა:

– სამღებრო ფარდულში მუშაობს, ერთ-ერთ თავის ნათესავთან.

– ა, ასე, ასე, ასე, – პროკურატორი დადუმდა, მიმოიხედა, შეამოწმა, ვინმე ხომ არ იყო აივანზე, შემდეგ ჩუმად თქვა, – აი, რაშია საქმე. დღეს მე მაცნობეს, რომ ყმაწვილს ამაღამ ყელს გამოსჭრიან.

აქ კი სტუმარმა არამცთუ მზერა სტყორცნა პროკურატორს, ერთხანს აკვირდებოდა კიდეც და მხოლოდ შემდგომ უპასუხა:

– მგონი, ნაადრევად შემაქეთ, პროკურატორო. ვგონებ, ამ წარდგინებას არ უნდა ვიმსახურებდე. ამის შესახებ მე არაფერი მსმენია.

– თქვენ უმაღლეს ჯილდოს იმსახურებთ, – უპასუხა პროკურატორმა, – მაგრამ ასეთი ცნობა არსებობს.

– თავს ნებას მივცემ, გკითხოთ, ვისგან შეიტყვეთ ეს ამბავი?

– ნება მომეცით, ჯერ არაფერი გითხრათ ამის შესახებ, მით უმეტეს, რომ ძალიან შემთხვევითი, ბუნდოვანი და არც მთლად საიმედო ცნობაა. მაგრამ ვალდებული ვარ, ყველაფერი გავითვალისწინო. ჩემი თანამდებობა მავალდებულებს. უფრო მეტად კი, ვალდებული ვარ, ჩემს წინათგრძნობას დავუჯერო, რადგან არასდროს მოვუტყუებივარ. ცნობა კი ამგვარი შინარსისაა, რომ ჰა-ნოცრის ვინმე საიდუმლო მეგობართაგანი, ამ მღებავის შემზარავი ღალატით აღშფოთებული, თავის თანამზრახველებთან ერთად ამაღამ აპირებს მის მოკვლას. იმასაც აპირებენ, ღალატში მიღებული ფული ქურუმთქურუმს მიუყარონ უკან, თან ბარათიც გააყოლონ: „გიბრუნებთ წყეულ ფულს!“

საიდუმლო სამსახურის მეთაური მეტად აღარ სტყორცნიდა თავის უჩვეულო მზერას პროკურატორს, მხოლოდ თვალდახუჭული უსმენდა, პილატე კი განაგრძობდა:

– აბა, დაფიქრდით, როგორ ეამება ქურუმთქურუმს დღევანდელ ღამეს ამგვარი საჩუქრის მიღება?



333

თავი ოცდამეხუთე - როგორ ცდილობდა პროკურატორი იუდა კირიათელის ხსნას

– არამცთუ არ ეამება, – ღიმილით უპასუხა სტუმარმა, – ვფიქრობ, ეს ყოველივე დიდ აურზაურს გამოიწვევს, პროკურატორო.

– მეც ასე ვფიქრობ, ამიტომაც გთხოვთ, აუცილებლად მიხედოთ ამ საქმეს, ესე იგი, ყოველი ღონე იხმაროთ, იუდა კირიათელის დასაცავად.

– თქვენი ბრძანება ასრულდება, იგემონო, – თქვა აფრანიუსმა, – მაგრამ, მსურს დაგამშვიდოთ: არც ისე იოლი იქნება ბოროტგანმზრახველთა ჩანაფიქრის აღსრულება. აბა, წარმოიდგინეთ, – სტუმარი შემობრუნდა და განაგრძო, – ჯერ კვალი უნდა აიღონ, მერე ყელი გამოჭრან, ისიც უნდა შეიტყონ, რა თანხა გადაუხადეს, თან კაიაფასთანაც უნდა მოასწრონ ფულის დაბრუნება, ეს ყველაფერი ერთ ღამეში უნდა მოხდეს? დღეს?

– ეჭვიც არ მეპარება, რომ დღეს აუცილებლად გამოსჭრიან ყელს, – ჯიუტად გაიმეორა პილატემ, – გული მიგრძნობს, დამერწმუნეთ! ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, გუმანი გამცრუებოდეს, – ანაზდად კრუნჩხვით მოექცა სახე და ხელები მოიფშვნიტა.

– მესმის, – მორჩილად უპასუხა სტუმარმა, წამოდგა, წელში გაიმართა და უცებ მკაცრად იკითხა, – მაშასადამე, ყელს გამოსჭრიან, იგემონო?

– დიახ, – უპასუხა პილატემ, – და მე მხოლოდ თქვენი ყოვლად გასაოცარი გულმოდგინების იმედიღა მაქვს.

სტუმარმა მოსასხამის ქვეშ მძიმე სარტყელი შემოირტყა და თქვა:

– მაქვს პატივი, ჯანმრთელობა და სიხარული გისურვოთ!

– ჰო, – ხმადაბლა წარმოთქვა პილატემ, – ლამის დამავიწყდა! მე ხომ თქვენი ვალი მმართებს!. .

სტუმარი გაოცდა.

– რას ბრძანებთ, პროკურატორო, ჩემი არაფერი გმართებთ.

– როგორ არა! გახსოვთ, იერუშალაიმში შემოსვლისას, მათხოვართა ბრბო... მათთვის ფულის მიცემას რომ ვაპირებდი და ჯიბეზე ფული არ აღმომაჩნდა... მაშინ ფული თქვენ გამოგართვით.



334

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

– ამის გახსენებაც არ ღირს, პროკურატორო!

– არც დავიწყება შეიძლება.

პილატე შებრუნდა, მის ზურგს უკან, სავარძელზე გადაკიდებული მოსასხამი აიღო, იქიდან ტყავის ქისა ამოიღო და სტუმარს მიაწოდა. მან, ქისის გამორთმევისას, თავი მოუდრიკა პროკურატორს და ქისა მოსასხამში ჩამალა.

– გელით, – უთხრა პროკურატორმა, – ამაღამვე უნდა მომახსენოთ მსჯავრდებულთა დასაფლავების და იმ იუდა კირიათელის საქმის შესახებ, გესმით, აფრანიუს, ამაღამვე. ბადრაგს ვუბრძანებ, თქვენი დაბრუნებისთანავე გამაღვიძონ. გელით!

– მაქვს პატივი, – პროკურატორს დაემშვიდობა საიდუმლო სამსახურის უფროსი, შებრუნდა და აივნიდან გავიდა. ისმოდა, მის ფეხქვეშ როგორ ხრაშუნობდა სველი ქვიშა, შემდეგ ჩექმების ბრაგუნიც გაისმა მარმარილოზე, ლომებს შუა ჯერ ფეხები გაქრა, შემდეგ – ტანი, ბოლოს – კაპიუშონიც. და მხოლოდ ახლაღა შენიშნა პროკურატორმა, მზე ჩასულიყო და ბინდი იდგა.

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

ეგებ ეს ბინდი იყო იმის მიზეზი, პროკურატორს რომ ასე მკვეთრად ეცვალა სახე. თითქოს თვალდათვალ ჩამობერდა, მოიხარა და ანერვიულდა. ერთხელ უკანაც მიიხედა და რატომღაც შეკრთა, ცარიელ სავარძელს რომ ჰკიდა თვალი, რომლის საზურგეზეც მოსასხამი იყო გადაფენილი. დღესასწაულის ღამე ახლოვდებოდა, ბინდისეული ჩრდილები ათამაშდა და პროკურატორს მოეჩვენა, რომ ვიღაც იჯდა სავარძელში. წამიერ სისუსტეს მინებებულმა პროკურატორმა მოსასხამი ხელით მოსინჯა კიდეც, შემდეგ შებრუნდა და აივანზე მოჰყვა ბოლთის ცემას, ხან ხელებს იფშვნეტდა, ხან ისევ მაგიდასთან ბრუნდებოდა თასის ასაღებად, ხან კი, ერთ ადგილზე გახევებული, ისე აჩერდებოდა მოზაიკიან იატაკს, თითქოს იქ რაღაცის ამოკითხვა ეწადა.

დღეს უკვე მეორედ გათანგა ნაღველმა. მან საფეთქლები შეიზილა, ჯერ კიდევ დილანდელი, ჯოჯოხეთური ტკივილის უაზრო, ოდნავღა მკვნესავი მოგონებით რომ უფეთქავდა, და იმის მიხვედრა სცადა, რა უტანჯავდა ასე ძლიერად სულს. იმავ წამს მიხვდა კიდეც, მაგრამ თავის მოტყუება არჩია. ცხადად იცოდა, რომ ამ დილით უკანმოუბრუნებლად დაკარგა რაღაც და ახლა ამ დანაკარგის გამოსწორება ეწადა წვრილმანი, უმნიშვნელო და,



335

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

რაც მთავარია, დაგვიანებული მოქმედებებით. საკუთარ თავს კი იმით იტყუებდა პროკურატორი, რომ ცდილობდა ერწმუნა, თითქოს საღამოსეული ეს ქმედებანი არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე დილანდელი განაჩენი. მაგრამ მაინც ვერ დააჯერა თავი.

ბოლთის ცემისას ანაზდად მოწყვეტით შედგა და დაუსტვინა. ამ სტვენის პასუხად ბინდში ბოხი ყეფა გახმიანდა, ბაღიდან აივანზე უზარმაზარი, ყურწამახული რუხი ნაგაზი შემოიჭრა, მოოქრული საყელური რომ ეკეთა.

– ბანგა, ბანგა, – სუსტი ხმით იხმო პროკურატორმა.

ძაღლი უკანა თათებზე აიტოტა. წინა თათებით მხრებზე დაეყრდნო პატრონს, ლამის წააქცია და ლოყა აულოკა. პროკურატორი სავარძელში ჩაჯდა. აქლოშინებული, ენაგადმოგდებული ბანგა ფერხთით მიუჯდა და მისი თვალებიდან გამომკრთალი სიხარულით ცხადლივდებოდა, რაოდენ კმაყოფილი იყო, რომ ბოლოს და ბოლოს, დასრულდა ქარიშხალი, ერთადერთი, რისიც ეშინოდა ამ უშიშარ ძაღლს. და რომ ისევ აქ იყო, იმ ადამიანის გვერდით, ვინც უყვარდა, პატივს სცემდა, უძლეველად და მსოფლიოს მბრძანებლად მიაჩნდა და ვისი წყალობითაც საკუთარ თავსაც ერთობ პრივილეგირებულ, მაღალ და განსაკუთრებულ არსებად მიიჩნევდა. მაგრამ პროკურატორის ფერხთით გაწოლილ ძაღლს, თავის პატრონს რომ არც კი უცქეროდა და საღამოს ბინდისკენ ჰქონდა მზერა მიპყრობილი, იმავ წამს რაღაცამ მიახვედრა პატრონის უგუნებობა. მაშინვე წამოხტა, გვერდიდან მოუარა, წინა თათები და თავი კალთაში ჩაუდო და მოსასხამი სველი ქვიშით დაუსვარა. ამ მოქმედებით ალბათ ეწადა, მიეხვედრებინა პატრონი, რომ თანაუგრძნობდა და მზად იყო, მასთან ერთად აეტანა ყველა განსაცდელი. იმავეს გამოხატავდა პატრონისაკენ მიპყრობილი მისი თვალები და დაძაბული, დაცქვეტილი ყურები. ასე, აივნიდან ფეხმოუცვლელად შეხვდა დღესასწაულის ღამეს ერთურთის მოყვარული ორი არსება – ძაღლი და ადამიანი.

პროკურატორის სტუმარი კი, ამასობაში დიდ გაწამაწიაში იმყოფებოდა: აივანს მიჯრილი ბაღის ზედა ტაფობი რომ დატოვა, ბაღის ქვედა ტერასამდე ჩაუყვა კიბეს, შემდეგ მარჯვნივ გაუხვია და ყაზარმისკენ აიღო გეზი, სასახლის ტერიტორიაზე რომ იყო განთავსებული. ამ ყაზარმებში იმყოფებოდა პროკურატორთან ერთად იერუშალაიმში სადღესასწაულოდ ჩამოსული ორი კენტურია და პროკურატორის საიდუმლო დაცვა, რომელსაც სტუმარი მეთაურობდა. იგი სულ ცოტა ხნით შეყოვნდა ყაზარმებში, დაახლოებით, ათ წუთს, მაგრამ ამ ათი წუთის შემდეგ ყაზარმის ეზოდან სასანგრო იარაღებითა და წყლიანი კასრით



336

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

დატვირთული სამი ურემი გამოვიდა. ურემს თხუთმეტიოდე რუხმოსასხამიანი მხედარი მოჰყვებოდა. მხედრებადევნებულმა ურმებმა სასახლე უკანა კარიბჭიდან დატოვეს, დასავლეთისკენ გაეშურნენ, შემდეგ ქალაქის კედლის ბჭეც განვლეს, ჯერ ბეთლემის გზით განაგრძეს სვლა, შემდეგ ჩრდილოეთისკენ გადაუხვიეს, ჰებრონის კარიბჭის გზაჯვარედინს მიადგნენ და უკვე იქიდან იაფის გზას შეუდგნენ, რომელსაც დილას მსჯავრდებულნი და პროცესია მიუყვებოდა. უკვე ბნელოდა კიდეც და ჰორიზონტზე მთვარე გამოჩნდა.

როგორც კი ურმები და მხედრები თვალს მიეფარნენ, სასახლის ეზო პროკურატორის სტუმარმაც დატოვა. უკვე მუქი, გაქუცული ქიტონი ეცვა და ცხენზე ამხედრებულიყო. თვითონ ქალაქისაკენ წავიდა, ცოტა ხნის შემდეგ ანტონიუსის ციხესიმაგრეში შემავალს ნახავდით, ქალაქის ჩრდილოეთით, თვით დიდებული ტაძრის სიახლოვეს რომ იდგა. არც ამ ციხესიმაგრეში შეყოვნებულა დიდხანს და სულ მალე უკვე ქვედა ქალაქში გამოჩნდა, მის ოკრობოკრო და უთავბოლო ქუჩაბანდებში. აქ უკვე ჯორზე მჯდარი მოვიდა.

სტუმარი კარგად იცნობდა ქალაქს, ამიტომ არც გასჭირვებია სასურველი ქუჩის მოძებნა. მას ბერძენთა ქუჩა ერქვა, რადგან აქ ბერძნებს დუქნები ჰქონდათ გახსნილი. მათ შორის ერთში ნოხებით ვაჭრობდნენ. სწორედ ამ დუქანთან შეაყენა სტუმარმა თავისი ჯორი, ჩამოქვეითდა და ჯორი კარის რგოლს მიაბა. დუქანი უკვე დაკეტილი იყო. იქვე, დუქნის შესასვლელის გვერდით ჭიშკარში შევიდა და ოთხკუთხა, ირგვლივ ფარდულებშემოწყობილ, მომცრო ეზოში აღმოჩნდა. მერე ეზოდან გაუხვია, საცხოვრებელი სახლის ხავსმოდებულ ტერასაზე შედგა ფეხი და მიმოიხედა. სახლშიც და ფარდულებშიც სიბნელე იდგა. ჯერ კანდელები არ აენთოთ. სტუმარმა ხმადაბლა დაიძახა:

– ნიზა!

პასუხად კარმა გაიჭრიალა და ტერასაზე, საღამოს ბინდში თავდაუხურავი ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა. ის ტერასის მოაჯირს გადმოეყრდნო და დამფრთხალმა გახედა სიბნელეს. ცდილობდა გაერკვია, ვინ ეძახდა. მოსული რომ იცნო, გაუღიმა, თავი დაუკრა და ხელი დაუქნია.

– მარტო ხარ? – ხმადაბლა, ბერძნულად ჰკითხა აფრანიუსმა.

– მარტო, – ტერასიდან ჩურჩულით გაეხმაურა ქალი, – ჩემი ქმარი დღეს დილას გაემგზავრა კესარეაში, – მერე კარს გახედა და უფრო ხმადაბლა უთხრა, – მოსამსახურე კი შინ არის, – მან ხელი გაიქნია, ანიშნა, „შემობრძანდითო“. აფრანიუსმა კიდევ ერთხელ



337

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

მიმოიხედა და ქვის კიბეზე ააბიჯა. ქალი და სტუმარი კარს მიეფარნენ.

ამ ქალთანაც აფრანიუსმა სულ ცოტა ხანს დაჰყო – ხუთ წუთზე მეტხანს არ შეყოვნებულა. შემდეგ ეს სახლიც და ტერასაც მიატოვა, კაპიუშონი უფრო ჩამოიფხატა თვალებზე და ქუჩაში გავიდა. სახლებში უკვე სანათურებს ანთებდნენ, მოზეიმე ხალხი ჯერ ისევ ბლომად დაეხეტებოდა ქუჩაში და აფრანიუსიც მოსეირნეთა და მხედართა ბრბოს შეერწყა. შემდეგ საით წავიდა, აღარავინ იცის.

იმ ქალმა კი, ვისაც აფრანიუსმა ნიზა უწოდა, აფრანიუსის გასტუმრებისთანავე სასწრაფოდ დაიწყო ჩაცმა, თან ძალიან ჩქარობდა. თუმც კი უჭირდა ჩაბნელებულ ოთახში ტანსაცმლის მოძებნა, სანათური მაინც არ აუნთია და არც მოახლისთვის უხმია. მხოლოდ გამოწყობილმა და თავსაფარდახურულმა გაიღო ხმა:

– თუ ვინმემ მიკითხოს, უთხარი, ენანტასთან წავიდა-თქო. სიბნელეში ბებერი მოახლის ბუზღუნი გაისმა:

– ენანტასთან? ეგ ენანტა რაღა გაგიხდა? აკი, აგიკრძალა ქმარმა იმ ქალთან სიარული? მაჭანკალია ეგ შენი ენანტა! მოიცა, თუ ყველაფერი არ ვუთხრა შენს ქმარს...

– გეყოფა, გაჩუმდი, – უთხრა ნიზამ და აჩრდილივით გამოსხლტა კარში. ნიზას სანდლებმა მოკირწყლულ ეზოში გაიპაკუნა. მოახლემ ბუზღუნ-ბუზღუნით ჩაკეტა კარი და ნიზა ქუჩაში გავიდა.

სწორედ იმავ დროს, ქვედა ქალაქის კიდევ ერთ დაკლაკნილ ქუჩაში, ტერასებით რომ ეშვებოდა ქალაქის ერთ-ერთი ტბორისკენ, რომელიღაც შეუხედავი სახლის ჭიშკრიდან, ყრუ კედლით ჩიხისკენ რომ იყო მიქცეული და ფანჯრებით ეზოში იცქირებოდა, ლაზათიანად წვერშეკრეჭილი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა, რომელსაც სუფთა, მხრებამდე დაცემული თეთრი კეფი ეხურა, ქობებზე ფუნჯებმოვლებული სადღესასწაულო ცისფერი ტალიფი და ახალთახალი, ჭრაჭუნა სანდლები ეცვა. ეს ცხვირკეხიანი, სადღესასწაულოდ გამოწყობილი ლამაზი ყმაწვილი აჩქარებული მიუყვებოდა ქუჩას, გამვლელებს უსწრებდა და გზად ჩამწკრივებულ, განათებულ ფანჯრებს უთვალთვალებდა. ყმაწვილი იმ ქუჩას მიუახლოვდა, რომელიც ბაზრის გასწვრივ, პირდაპირ სატაძრო მთის ფერხთით აგებული კაიაფას სასახლისაკენ მიემართებოდა.

ცოტა ხნის შემდეგ უკვე კაიაფას ეზოს ჭიშკარში შეაბიჯა. კიდევ ცოტა ხნის შემდეგ კი –



338

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

უკან გამოვიდა.

სანათურებითა და ჩირაღდნებით განათებული, სადღესასწაულოდ აფუსფუსებული სასახლიდან გამოსულმა ყმაწვილმა უფრო მხიარულად განაგრძო გზა და ისევ ქვედა ქალაქისკენ დაეშვა. სწორედ იმ კუთხესთან, სადაც ქუჩა ბაზრის მოედანს ერწყმოდა, ბრბოს ამ ზიმზიმსა და ჯგლერთაში, თითქოს აცეკვებული ნაბიჯით მიმავალმა თხელ-თხელმა, თვალებზე თავსაბურავჩამოფარებულმა ქალმა გაუსწრო. ვიდრე ყმაწვილს გაუსწრებდა, ქალმა წამით ასწია საბურველი, მიმავალს სტყორცნა მზერა, თუმცა კი ნაბიჯი არ შეუნელებია, უფრო აჩქარდა, თითქოს ცდილობდა, სწრაფად გასცლოდა იმას, ვისაც გაუსწრო.

ყმაწვილმა არამცთუ შენიშნა, იცნო კიდეც და ცნობისთანავე, შეკრთა, ადგილზე გახევდა, გაოგნებული, წამით გაუნძრევლად იდგა და წინ გამკრთალ ზურგს გასცქეროდა. თუმცა მაშინვე ადგილს მოსწყდა, ლამის ვიღაც ხელჯოხიანი გამვლელი წააქცია, როგორც იქნა, წამოეწია ქალს და აღელვებულმა, აქლოშინებულმა დაუძახა:

– ნიზა!

ქალმა მოხედა, თვალები მოჭუტა, სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა და ცივად უპასუხა ბერძნულად:

– აჰ, შენ ხარ, იუდა? უცებ ვერც გიცანი. თუმცა, კარგია. ჩვენში ამბობენ, თუ ადამიანს ვერ იცნობ, მალე გამდიდრდებაო...

იუდას დიდი მღელვარებისგან გული ისე უცემდა, როგორც ჩიტი ფართხალებს ხოლმე შავი საფარის ქვეშ და ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ჩურჩულით ჰკითხა, რომ გამვლელებს არ გაეგონათ:

– საით მიდიხარ, ნიზა?

– მაგის ცოდნა რას მოგცემს? – ნაბიჯის შეუნელებლად უპასუხა ნიზამ და ამაყად გახედა იუდას.

იუდას ბავშვივით დაუწვრილდა ხმა და დაბნეულმა ჩაიჩურჩულა:

– როგორ?. . ხომ მოვილაპარაკეთ. ახლა შენთან ვაპირებდი შემოვლას. ხომ მითხარი, მთელ საღამოს შინ ვიქნებიო...

– აჰ, არა, არა, – უპასუხა ნიზამ და ჭირვეულად გამობურცა ქვედა ტუჩი, – და იმავ წამს,



339

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

იუდას ეს ლამაზი სახე ამქვეყნად ულამაზესად ეჩვენა, – შინ ჯდომა მომწყინდა, თქვენ დღესასწაულობთ, მე კი შინ უნდა ვიჯდე? ვიჯდე და ვისმინო, როგორ ოხრავ აივანზე? თან იმის მეშინოდეს, რომ მოახლემ ქმართან არ დამაბეზღოს? არა, ბატონო, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ქალაქგარეთ გავისეირნო და ბულბულების სტვენით დავტკბე.

– როგორ თუ ქალაქგარეთ? – ჰკითხა დაბნეულმა იუდამ, – მარტო აპირებ წასვლას?

– ცხადია, მარტო, – უპასუხა ნიზამ.

– ნება მომეცი, მეც გამოგყვე, – სთხოვა იუდამ და სუნთქვა შეეკრა, გონება აებნა, ყველაფერი დაავიწყდა ამქვეყნად და მუდარით მიაჩერდა ნიზას ცისფერ, აწ კი შავად ჩამუქებულ თვალებს.

ნიზამ აღარაფერი უპასუხა და ნაბიჯს აუჩქარა.

– რატომ არაფერს მეუბნები, ნიზა? – საბრალოდ ჩაეკითხა იუდა და თვითონაც ააჩქარა ნაბიჯი.

– შენთან არ მომწყინდება? – ანაზდად ჰკითხა ნიზამ და შედგა. აქ კი საბოლოოდ წაერთვა გონი იუდას.

– კარგი, ეგრე იყოს, – ბოლოს მოწყალება მოიღო ნიზამ, – წამოდი.

– სად, სად მივდივართ?

– მოიცა... მოდი, ამ ეზოში შევიდეთ და მოვილაპარაკოთ, თორემ მეშინია, ვინმემ არ დამინახოს და არ თქვას, საყვარელთან ერთად დადიოდა ქალაქშიო.

ნიზა და იუდა თვალს მიეფარნენ, რომელიღაც სახლის ეზოში შეიყუჟნენ და აჩურჩულდნენ.

– ზეთისხილის ბაღში წადი, – ეჩურჩულებოდა ნიზა, თან სახეზე იფარებდა საბურველს, რომ ეზოში შემოხეტებული ვიღაც სათლიანი კაცისაგან მოერიდებინა სახე, – გეთსიმანიის ბაღში, კედრებთან...

– ჰო, ჰო, ჰო...



340

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

– ჯერ მე წავალ, – განაგრძო ნიზამ, – ოღონდ, შენ უკან არ გამომყვე, ცოტა მოშორებით იარე. მე წინ წავალ... ნაკადულს რომ გაივლი... იცი, სად არის გამოქვაბული?. .

– ვიცი, ვიცი...

– ზეთისხილის საწნეხს ჩაუვლი და გამოქვაბულისკენ შეუხვევ, იქ დაგელოდები. ოღონდ არ გაბედო და ახლავე არ გამომყვე უკან, მოთმინება იქონიე და ერთხანს მოიცადე, – ამ სიტყვებით გავიდა ნიზა ეზოდან, თავი ისე ეჭირა, თითქოს არც ულაპარაკია იუდასთან.

იუდა ერთხანს მარტო იდგა გონებააბნეული და ცდილობდა, აზრი მოეკრიბა. ახლა იმაზეღა ფიქრობდა, როგორ აეხსნა შინაურებისთვის, რომ სადღესასწაულო სუფრას არ დაესწრებოდა. იდგა და შესაძლებელ ტყუილს იგონებდა, მაგრამ აღელვებულმა, ხეირიანი ვერაფერი მოიფიქრა და ფეხებმა, მისდა უნებურად, ისევ ბაზრის მოედნისაკენ გამოიყვანა.

ახლა უკვე საპირისპირო მიმართულებით წავიდა, ქვედა ქალაქისკენ აღარ მიიჩქაროდა, ისევ კაიაფას სასახლისაკენ იქცია პირი. ირგვლივ ვერაფერს ხედავდა. დღესასწაული უკვე შემოსულიყო ქალაქში. ფანჯრებში მხოლოდ სანათურები კი არ ბჟუტავდა, ხოტბა-დიდებაც ისმოდა სადღესასწაულო სუფრებიდან. დაგვიანებული, ქუჩაში შემორჩენილი უკანასკნელი გამვლელები ვირებს მიაჩაქჩაქებდნენ, შოლტს უტყლაშუნებდნენ, უყვიროდნენ. ფეხებს თავისით მიჰყავდა იუდა და ვერც შენიშნა, როგორ ჩამოიტოვა უკან ანტონიუსის ციხესიმაგრის შემზარავი, ხავსმოდებული კედლები. არც ციხესიმაგრეში აბღავლებული საყვირის ხმა გაუგია, არც ჩირაღდნებიან რომაელ ცხენოსანთა პატრულისათვის მიუპყრია გულისყური, მფრთხალი შუქით რომ გაუნათეს სავალი. ციხესიმაგრე უკან რომ მოიტოვა, იუდა შემობრუნდა და თვალი ჰკიდა, ძალზე მაღლა, ტაძრის გუმბათს ზევით, ორი უზარმაზარი ხუთსანთლეული ენთო. მაგრამ ესეც ბუნდად გაარჩია, მოეჩვენა, თითქოს იერუშალაიმის თავზე ათი თვალგაუწვდენი სიდიდის კანდელი აგიზგიზდა, იმ ერთადერთ, სულ ზევით მიმქრალ მთვარის კანდელს რომ ეცილებოდა. ახლა აქ იუდას აღარაფერი ესაქმებოდა, თავდავიწყებით ილტვოდა გეთსიმანიის ბჭისკენ. ერთი სული ჰქონდა, სწრაფად გასცლოდა ქალაქს. ხანდახან ეჩვენებოდა, რომ წინ, გამვლელთა ზურგებსა და სახეებს შორის აცეკვებული ნაბიჯით მოარული ქალის სხეულიც კრთებოდა და თავისკენ იხმობდა. მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენება იყო – იუდა ხვდებოდა, რომ ნიზამ კარგა ხნით გაუსწრო წინ. მან სამღებრო დუქნებს ჩაუარა და ბოლოს, გეთსიმანიის ბჭესაც მიადგა. კარიბჭესთან, მოუთმენლობით გულშეღონებულს, მაინც მოუწია გაჩერებამ. ქალაქში აქლემები შემოდიოდნენ, უკან კი სირიელთა სამხედრო პატრული მოჰყვებოდა, რომელთაც ფიქრში შეუკურთხა იუდამ...



341

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. მოუთმენლობით გულგაწვრილებული იუდაც მალე ქალაქის კედელს გასცდა. ხელმარცხნივ მომცრო სასაფლაო შენიშნა და იქვე, მლოცველთა რამდენიმე ზოლიანი კარავი. იუდამ მთვარის შუქდაცემული მტვრიანი შარა გადაკვეთა და კედრონის ნაკადულისკენ გაემართა. წყალი ჩუმად ბუტბუტებდა მის ფერხთით. მან ქვიდან ქვაზე ხტუნვით გადავლო ნაკადული, ბოლოს, გეთსიმანიის გადაღმა ნაპირზე აღმოჩნდა, გზას გააწვდინა მზერა, დაინახა, თავისუფალი რომ იყო და გული სიხარულით აევსო. უკვე ახლოს მოჩანდა ზეთისხილის ბაღის ნახევრად ჩამუქებული კარიბჭე.

ჩახუთული ქალაქის შემდეგ გაზაფხულის ღამის თავბრუდამხვევმა სურნელმა გააბრუა. გეთსიმანიის ველებიდან, ღობის გამოვლით, ბაღიდან მიტრისა და აკაციის სურნელება იპარებოდა.

კარიბჭეს არავინ იცავდა, არც არავინ იყო შიგ და რამდენიმე წუთის შემდეგ, იუდა უკვე ზეთისხილის უზარმაზარი გაბარჯღული ხეების იდუმალ ჩრდილში მირბოდა. გზა მთას მიუყვებოდა ზევით, აქლოშინებული იუდაც გზას მისდევდა, ხანდახან მთვარის შუქით მოჩითულ ნოხზე შეაბიჯებდა და ის ნოხები ახსენდებოდა, ნიზას ეჭვიანი ქმრის დუქანში რომ ენახა. სულ ცოტა ხანში, ხელმარცხნივ, ველზე, ქვის მძიმებორბლიანი ზეთისხილის საწნეხი და კასრების გროვაც გამოჩნდა. არც ბაღში იყო არავინ. მუშაობა ალბათ შებინდებისას დასრულდა. ახლა კი ბაღში კაცი აღარ ჭაჭანებდა და ხეთა კენწეროებიდან მხოლოდ იუდას ეფრქვეოდა ბულბულების მირიად გუნდთა ხმიანი გალობა.

უკვე ახლოს იყო მიზანთან. უკვე იცოდა, რომ მარცხნივ, სიბნელეში, საცაა გამოქვაბულში ჩავარდნილი წყლის ჩუმ ჩურჩულს გაიგონებდა. ასეც მოხდა. წყლის ჩხრიალი მისწვდა მის სმენას და თანდათან იმძლავრა.

მან ნაბიჯი შეანელა და ხმადაბლა დაიძახა:

– ნიზა!

მაგრამ ნიზას ნაცვლად ზეთისხილის სქელ ზროს ვიღაც დაგვაჯული კაცი გამოეყო და გზაზე გადმოხტა, რაღაცამ იელვა მის ხელში, თუმცა ისიც მალევე ჩაქრა.

იუდა უკან გახტა და უნიათოდ შეჰყვირა: – აჰ!



342

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

მეორე კაცმა გზა უკნიდან გადაუღობა. პირველმა, წინ რომ ედგა, ჰკითხა იუდას:

– რამდენი მოგცეს? თქვი, თუ გინდა, ცოცხალი დარჩე!

გულში იმედის ნაპერწკალი გაუკრთა იუდას და გონწართმეულმა იყვირა:

– ოცდაათი ტეტრადრაქმა! ოცდაათი ტეტრადრაქმა! რაც მივიღე, ყველაფერი თან მაქვს, აი, ფული! აიღეთ, ოღონდ სიცოცხლე შემინარჩუნეთ!

წინ მდგომმა კაცმა წამის უსწრაფესად გამოსტაცა ხელიდან ქისა. იმავდროულად იუდას ზურგს უკან დანა გაკრთა ელვასავით და შეყვარებულს ბეჭებქვეშ შეესო. იუდა წინ გადაქანდა და დაკრუნჩხული თითებით ჰაერს წაეპოტინა. წინა კაცმა იუდა თავისი დანით შეაკავა და ტარამდე გულში გაუტარა.

– ნი... ზა... – თავისი მაღალი, მჟღერი, ახალგაზრდული ხმით კი არა, უკვე დაბოხებული, მძრახველი ხროტინით ამოთქვა იუდამ და მეტად კრინტი აღარ დაუძრავს. მისი სხეული ისე მძიმედ დაეცა, რომ მიწამ დაიბუბუნა კიდეც.

მაშინ მესამე კაციც გამოჩნდა გზაზე. ამ მესამეს კაპიუშონიანი მოსასხამი ემოსა.

– აჩქარდით, – ბრძანა მესამემ. მკვლელებმა ქისა და მესამის მიერ მიწვდილი წერილი სწრაფად გაახვიეს ტყავში და თოკით ჯვარედინად გადაკრეს. მეორემ უბეში ჩაიჩურთა შეხვეული, შემდეგ ორივე მკვლელი გზიდან გადახტა და ზეთისხილის ხეების წყვდიადს შეაფარა თავი. მესამემ კი მოკლულთან ჩაიმუხლა და სახეზე დახედა. ჩრდილში ეს სახე ცარცივით თეთრი ეჩვენა დამხედავს და როგორღაც გასულიერებულად ლამაზი. რამდენიმე წამის შემდეგ ცოცხალთაგან გზაზე აღარავინ იყო. უსულო სხეული ხელებგაშლილი იწვა მტვერში. მარცხენა ფეხს მთვარის ათინათი დასცემოდა და თვალნათლივ აჩენდა სანდლის ყოველ შესაკრავს.

გეთსიმანიის ბაღი ერთიანად მოეცვა ბულბულთა ქორალს. საით წავიდნენ იუდას მკვლელნი, არავინ უწყის, მაგრამ იმ მესამის, კაპიუშონიანის კვალი ცნობილია. გზიდან გადასულმა, ზეთისხილის ხეთა ტევრი განვლო და სამხრეთისაკენ გაუყვა გზას. ბოლოს, ჭიშკრიდან კარგა მოშორებით, მის სამხრეთ კუთხეში გადაძვრა ღობეზე, იქ, სადაც ღობიდან ქვები იყო ჩამომზღვლეული. მალე კედრონის ნაპირზეც გავიდა, მდინარეში შეტოპა და ერთხანს წყალ-წყალ განაგრძო სვლა, ვიდრე მოშორებით ორი ცხენი და იქვე მდგარი კაცი არ დალანდა. ცხენებიც წყალში იდგნენ. წყლის დინება ფლოქვებს ურეცხავდათ. მომლოდინე



343

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

კაცი ერთ-ერთ ცხენზე შეჯდა, კაპიუშონიანი მეორეს მოახტა და ორივემ ისევ წყალ-წყალ განაგრძო ნელი სვლა, ისმოდა მხოლოდ, როგორ ხრაშუნობდა ფლოქვებქვეშ კენჭები. შემდეგ მხედრები იერუშალაიმის ნაპირზე გამოვიდნენ და ქალაქის კედელს გაუყვნენ ცხენდაცხენ. აქ კი ის მომლოდინე დასცილდა კაპიუშონიანს, ცხენი წინ გააჭენა და მალე თვალს მიეფარა კიდეც, კაპიუშონიანმა კი ცხენი შეაჩერა, უკაცრიელ გზაზე ჩამოხტა, მოსასხამი გაიხადა, ამოაბრუნა, შიგნიდან ბრტყელი, უფრთებო ზუჩი ამოიღო და თავზე დაიხურა. ახლა უკვე სამხედრომოსასხამიანი და გვერდზე მოკლედაშნიანი კაცი იჯდა ცხენზე. მან აღვირი მოქაჩა და ცხენი გააჭენა. წინ დიდი გზა აღარ ედო. იერუშალაიმის სამხრეთ ჭიშკარს უახლოვდებოდა.

კარიბჭის თაღქვეშ უთვალავ კანდელთა ალი ხტუნავდა და ცეკვავდა. სადარაჯოზე ელვისებური ლეგიონის მეორე კენტურიის ჯარისკაცები ქვის სკამებზე ისხდნენ და კამათელს აგორებდნენ. კარიბჭეში შემოსული სამხედრო პირი რომ შენიშნეს, ჯარისკაცები ფეხზე წამოხტნენ, მაგრამ იმ კაცმა მოდარაჯეებს ხელი აუქნია და ქალაქში შევიდა.

ქალაქი საზეიმო ალით იყო გაჩირაღდნებული. ყველა სარკმელში სანთლები ციმციმებდა და ყოველი მხრიდან ერთ ხმაშეწყობილ გუნდად შეკრული გალობა ისმოდა. ქუჩისკენ მზირალი ფანჯრებისკენ მხედარს იშვიათად თუ გაექცეოდა თვალი, და მაინც, ყველა ფანჯარაში საზეიმო სუფრას შემომსხდარი მოზეიმეები ჩანდნენ, მაგიდებზე ბატკნის ხორცსა და მხალეულს შორის ღვინით სავსე თასები ეწყო. მხედარი რომელიღაც სიმღერას უსტვენდა, აუჩქარებლად მიჰყავდა ცხენი, ქვედა ქალაქის დაცარიელებული ქუჩით ანტონიუსის ციხესიმაგრისკენ ეშურებოდა, იშვიათად თუ გახედავდა ხოლმე ყოვლად შეუდარებელ, ტაძარზე აგიზგიზებულ ხუთსანთლეულს, ან მთვარეს, რომელიც ხუთსანთლეულის თავზე ეკიდა.

ჰეროდე დიდის სასახლეში პასექს არავინ ზეიმობდა. სამხრე-თისკენ პირმიქცეულ დამხმარე სათავსებში, სადაც რომაული კოჰორტის ოფიცრები და ლეგიონის ლეგატი ბინადრობდნენ, ალი ბჟუტავდა. იქ კიდევ იგრძნობოდა მოძრაობა და სიცოცხლე. სასახლის წინა ნაწილი კი, სადარბაზო, სადაც ერთადერთი და უნებლიე ბინადარი – პროკურატორი ცხოვრობდა, ერთიანად, სვეტებიან-ოქროს ქანდაკებებიანად ჩალუსკუმებულიყო ამ მანათობელი მთვარის ქვეშ. იქ, სასახლის სიღრმეში, მდუმარება და უკუნი ბატონობდა. პროკურატორს, როგორც წასვლისას უთხრა აფრანიუსს, სასახლეში ვერ მოესვენა და იქვე, აივანზე ებრძანებინა ლოგინის გაშლა, სადაც ვახშამი მიირთვა, მაგრამ რული მაინც არ ეკარებოდა. მაღლა, კამკამა ცაში, გაშიშვლებული მთვარე ეკიდა და პროკურატორი



344

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

რამდენიმე საათს თვალმოუშორებლად ასცქეროდა მნათობს.

შუაღამისას, ბოლოს და ბოლოს, ძილმაც შეიბრალა იგემონი. პროკურატორმა კრუნჩხვისდარი მთქნარებით მოიშორა მოსასხამი, პერანგზე შემოჭერილი განიერი ქამარიც შემოიხსნა, რომელზეც რკინის ფართო დანის ქარქაში ჰქონდა დამაგრებული, სავარძელზე დადო, სანდლები გაიხადა და გაიზმორა. ბანგა მაშინვე ახტა მის სარეცელზე, გვერდით მიუწვა, თავი თავზე მიადო, პროკურატორმაც ხელი გადახვია ძაღლის კისერს და თვალი დახუჭა. მხოლოდ მაშინღა დაიძინა ძაღლმაც.

სარეცელი ბნელში იდგა, მთვარისგან სვეტით დაფარული, მაგრამ პარმაღის კიბიდან სარეცლისკენ მთვარის ბილიკი იპარებოდა. და როგორც კი პროკურატორს გარე სინამდვილესთან გაუწყდა ძაფი, მაშინვე ამ განათებულ ბილიკს აუყვა, ზევით, პირდაპირ მთვარისაკენ. ბედნიერად ჩაეცინა კიდეც სიზმარში, იმდენად კარგად და განუმეორებლად მოეჩვენა ყოველივე ამ გამჭვირვალე, ცისფერ ბილიკზე. მას ბანგა ახლდა თან, გვერდით კი მოხეტიალე ფილოსოფოსი მიჰყვებოდა. ისინი რაღაც ძალზე რთულსა და მნიშვნელოვანზე კამათობდნენ და არც ერთს არ შეეძლო მეორის დამარცხება. ისინი არაფრით ჰგავდნენ ერთმანეთს და ამის გამო მათი კამათი უფრო საგულისხმო და დაუსრულებელი ჩანდა. თავისთავად ცხადი იყო, რომ დღევანდელი მსჯავრი არაფერს ნიშნავდა, ფილოსოფოსი ხომ აქ იყო, მის გვერდით. მასთან იყო ის კაცი, ვინც გასაოცარი უგუნურება მოიაზრა, თითქოს ყველა ადამიანი კეთილი იყო. სწორედ ის მოჰყვებოდა გვერდით, მაშასადამე, ცოცხალი იყო, და, ცხადია, სრული საშინელება იქნებოდა იმის გაფიქრებაც, რომ ასეთი კაცის დასჯა შეიძლებოდა. ის ჯვარზე არ გაუკრავთ! არა, არ გაუკრავთ! აი, ამით იყო შესანიშნავი ეს სეირნობა, მაღლა, მთვარის ბილიკის აყოლებაზე.

თავისუფალი დრო იმდენია, რამდენიც გწადს, ჭექა-ქუხილი მხოლოდ საღამოსპირზე აიშლება და შიშიც, უცილობლად, ერთ-ერთი უდიდესი ცოდვაა. ასე ამბობდა იეშუა ჰა-ნოცრი. არა, ფილოსოფოსო, მე შემიძლია დაგიმტკიცო: შიში ყველაზე უმთავრესი ცოდვაა.

მაშინაც ხომ არაფრის ეშინოდა, აწ იუდეველთა პროკურატორს, იმ დროს კი – ლეგიონის ტრიბუნს, იქ, ქალწულთა ველზე, როცა გააფთრებულმა გერმანებმა ლამის ნაწილებად დაფლითეს გოლიათი ვირთხათმძლე? მაგრამ, მომიტევეთ, ფილოსოფოსო! ნუთუ თქვენ, ესოდენ გონიერს, შეგეძლოთ გეფიქრათ, თითქოს იუდეველთა პროკურატორი თავის კარიერას გასწირავდა იმ კაცისათვის, ვინაც შეურაცხყო კეისარი?

– დიახ, დიახ, – ძილში კვნესოდა და სლუკუნებდა პილატე.



345

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

ცხადია, გასწირავდა. დილით ვერ შეძლო, ახლა კი, ღამით, ყველაფერი აწონ-დაწონა და მზად იყო გასაწირად. აწ აღარაფერს მოერიდებოდა, ოღონდ კი მსჯავრისგან ეხსნა სრულიად უდანაშაულო, უგუნური მეოცნებე და მკურნალი!

– ამიერიდან მუდამ ერთად ვიქნებით, – სიზმარში ეუბნებოდა მაწანწალა, ჩამოძენძილი ფილოსოფოსი, ვინ უწყის, როგორ, ანაზდად გზად რომ შემოხვდა ოქროსშუბიან მხედარს, – სადაც ერთი იქნება, იქვე გაჩნდება მეორეც! ჩემს ხსენებაზე იმავ წამს, შენც გახსენებენ! მე – კარზე მიგდებულს, სრულიად უსახელო მშობლების შვილს და შენ – მეფეს – ვარსკვლავთმრიცხველი ხელმწიფისა და მეწისქვილის ასულის, მზეთუნახავი პილას ძეს.

– ჰო, ოღონდ არ დამივიწყო, მომიხსენიე ხოლმე, ვარსკვლავთმრიცხველის ძე, – სიზმარში ევედრებოდა პილატე და გვერდით მიმავალი ენ-სარიდელი მაწანწალის თანხლებით გულდაიმედებული პროკურატორი ტიროდა და იცინოდა ძილში.

რა კარგი იყო, მაგრამ მით უფრო საზარი ჩანდა გამოფხიზლება. ბანგამ მთვარეს შეღრინა და სრიალა, თითქოს ერბოთი გადაბრტყელებული ცისფერი ბილიკი ანაზდად გაქრა პროკურატორის თვალთაგან. წამისად გამოფხიზლდა და უპირველესად ის გაახსენდა, რომ განაჩენი აღსრულდა უკვე. პროკურატორმა ჩვეული მოძრაობით ჩაჰკიდა ხელი ბანგას საყელოს, შემდეგ სნებიანი თვალებით მოიძია მთვარე და დაინახა, გვერდზე იყო გადაფერდებული და ვერცხლისფერი შეპარვოდა. მისი ნათება ზედა აივანზე აციმციმებულ, უსიამო, მქრქალ შუქს ჩრდილავდა. კენტურიონ ვირთხათმძლეს ხელში იწვოდა და ხრჩოლავდა ჩირაღდანი. ჩირაღდნის მპყრობელი შიშითა და გაბოროტებით გასცქეროდა გადმოსახტომად გამზადებულ საზარელ ცხოველს.

– გაჩერდი, ბანგა, – სნებიანი ხმით უთხრა პროკურატორმა და ჩაახველა. შემდეგ ალს მოუჩრდილა ხელი და განაგრძო, – ღამით, მთვარის შუქზეც არ მაქვს მოსვენება. ჰოი, ღმერთებო! არც თქვენ გაქვთ სახარბიელო სამსახური, მარკუს, ჯარისკაცებს ამახინჯებთ...

მარკუსი გაოგნებული მიაჩერდა პროკურატორს და ისიც მაშინვე გონს მოეგო. ნამძინარევზე წამოცდენილის გასაბათილებლად, პროკურატორმა თქვა:

– ნუ გეწყინებათ, მარკუს, გიმეორებთ, მე თქვენზე უარეს დღეში ვარ. რა გნებავთ?

– საიდუმლო დაცვის მეთაური გეახლათ, – მშვიდად აუწყა მარკუსმა.

– მოვიდეს, მოვიდეს, – ბრძანა და ხველით ყელი ჩაიწმინდა პროკურატორმა. შემდეგ



346

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

შიშველი ფეხებით სანდლები მოიძია. ალის ათინათმა სვეტები ალოკა, კენტურიონის ჩექმა არაწკუნდა მოზაიკაზე. კენტურიონი ბაღში გავიდა.

– არც მთვარის შუქზე მაქვს მოსვენება, – კბილებში გამოსცრა პროკურატორმა. აივანზე კენტურიონის ნაცვლად, კაპიუშონიანი კაცი გამოჩნდა.

– ბანგა, ადგილზე, – ჩუმად თქვა პროკურატორმა და ძაღლს ქეჩოში სწვდა.

ვიდრე ლაპარაკს დაიწყებდა, აფრანიუსმა, ჩვეულებისამებრ, მიმოიხედა, ჩრდილში მიდგა და როცა დარწმუნდა, ბანგას გარდა აივანზე სხვა არავინ იყო, ჩუმად თქვა:

– გთხოვთ, სასამართლოს გადამცეთ, პროკურატორო. არც ამჯერად უმტყუნია თქვენთვის გუმანს. მე ვერ შევძელი იუდა კირიათელის დაცვა, ამ საღამოს მოკლეს. გთხოვთ, გამასამართლოთ და დამაქვეითოთ.

აფრანიუსს მოეჩვენა, რომ ოთხი თვალი უცქეროდა ერთად – ძაღლისა და მგლის.

ერთხანს შეიცადა და ქლამიდიდან სისხლით გახეშეშებული და ორგან ბეჭედდასმული ქისა ამოიღო.

– აი, ეს ფულით სავსე ქისა მიუგდეს მკვლელებმა ქურუმთქურუმს. ამ ქისაზე მიმხმარი სისხლი – იუდა კირიათელის სისხლია.

– მაინც რამდენია? – იკითხა პილატემ და ქისას დახედა. – ოცდაათი ტეტრადრაქმა.

პროკურატორმა ჩაიცინა და თქვა:

– ცოტაა.

აფრანიუსი დუმდა.

– მოკლული იპოვეთ?

– ეგ არ ვიცი, – აუღელვებელი, ღირსეული ხმით უთხრა კაცმა, არასოდეს რომ არ იშორებდა კაპიუშონს, – დილას დავიწყებ ძებნას.



347

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

პროკურატორი შეკრთა და სანდლების შეკვრას თავი ანება. – დანამდვილებით იცით, რომ მკვდარია?

ამ კითხვაზე პროკურატორმა ცივი პასუხი მიიღო:

– მე, პროკურატორო, თხუთმეტი წელია იუდეაში ვარ. ჯერ კიდევ ვალერიუს გრატუსის დროს დავიწყე აქ სამსახური. ჩემთვის სულაც არ არის აუცილებელი, გვამი ვნახო, რათა დავრწმუნდე, რომ ადამიანი მკვდარია. და აი, მე მოგახსენებთ, რომ ის, ვისაც კირიათელ იუდას უწოდებდნენ, რამდენიმე საათის წინ მოკლეს.

– მაპატიეთ, აფრანიუს, – უთხრა პილატემ, – ჯერ წესიერად არ გამოვფხიზლებულვარ. ცუდად მძინავს, – პროკურატორმა ჩაიცინა, – და ერთთავად სიზმარში მთვარის შუქს ვხედავ. წარმოგიდგენიათ, რა სასაცილოა. თითქოს ამ შუქზე დავსეირნობ. მაშ ასე, თქვენი აზრის მოსმენა მსურს ამ საქმის შესახებ. სად აპირებთ მის მოძებნას? დაბრძანდით, საიდუმლო სამსახურის უფროსო.

აფრანიუსმა თავი დაუკრა, საწოლთან ახლოს მიაჩოჩა სავარძელი, დაჯდა და ხმალი აურაჩხუნდა დაჯდომისას.

– გეთსიმანიის ბაღში, ზეთისხილის საწნეხის სიახლოვეს.

– გასაგებია, რატომ მაინცდამაინც იქ?

– იგემონ, მაინც მგონია, იუდა იერუშალაიმში არ იქნება მოკლული და არც ქალაქიდან ძალიან შორს. იერუშალაიმის სიახლოვეს გამოასალმებდნენ სიცოცხლეს.

– თქვენ მე ამ საქმის ერთ-ერთ დიდებულ მცოდნედ მიმაჩნიხართ. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა მდგომარეობაა რომში, მაგრამ კოლონიებში თქვენი ბადალი არავინ მეგულება. ამიხსენით, რატომ?

– ერთი წუთითაც არ დავუშვებ იმ აზრს, – ხმადაბლა ლაპარაკობდა აფრანიუსი, – რომ იუდა ვიღაც საეჭვო პირებს ქალაქის საზღვრებში ჩავარდნოდა ხელთ. ქუჩაში ვერავის მოკლავენ უჩუმრად. მაშასადამე, სადმე სარდაფში უნდა შეეტყუებინათ. მაგრამ საიდუმლო სამსახურმა უკვე მოჩხრიკა ქვედა ქალაქი და აუცილებლად იპოვიდა კიდეც, იქ რომ ყოფილიყო. ის ქალაქში არ არის, ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. ქალაქიდან



348

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

მოშორებით რომ მოეკლათ, ამ ფულიან ქისას ასე მალე ვერ მიუგდებდნენ ქურუმთქურუმს. მაშასადამე, სადმე ქალაქის სიახლოვეს იქნება. ალბათ ქალაქიდან გაიტყუეს.

– ვერ ვხვდები, ეს როგორ უნდა მოეხერხებინათ?

– დიახ, პროკურატორო, ეს ყველაზე რთული საკითხია ამ საქმეში და არც კი ვიცი, შევძლებ თუ არა ამ საიდუმლოს ამოხსნას.

– მართლაც უცნაურია! სადღესასწაულო ღამეს მორწმუნე უარს ამბობს პასექის სერობაზე, ქალაქიდან გადის, და იქ კვდება. ვის და როგორ შეეძლო მისი გატყუება? ქალი ხომ არ იქნებოდა გარეული? – უცებ ჩაეკითხა აღტაცებული პროკურატორი.

აფრანიუსმა მშვიდად და დამაჯერებლად უპასუხა:

– შეუძლებელია, პროკურატორო. ეს სრულიად გამორიცხულია. ლოგიკურად უნდა ვიმსჯელოთ: ვინ იყო იუდას სიკვდილით დაინტერესებული? ვიღაც მოხეტიალე მეოცნებენი და ამ ჯგუფში ქალები არ ერივნენ. ცოლის სათხოვნელად, პროკურატორო, ფულია საჭირო, ადამიანის გაჩენასაც ფული სჭირდება, მაგრამ კაცი რომ მოკლა ქალის მეშვეობით, უზომოდ დიდი ფულია საჭირო და იმ მათხოვრებს ამდენი ფული არაფრით არ ექნებოდათ. ამ საქმეში ქალი არ უნდა ერიოს. მეტსაც გეტყვით, მკვლელობის ასე განხილვამ შეიძლება სწორი გზიდან აგვაცდინოს, ძიებას ხელი შეუშალოს და მეც თავგზა ამიბნიოს.

– ვხედავ, სრულიად მართალი ბრძანდებით, აფრანიუს, – უთხრა პილატემ, – მე მხოლოდ ჩემი მოსაზრება გამოვთქვი.

– სამწუხაროდ, ამჯერად შეცდით, პროკურატორო.

– აბა, რაშია საქმე? – წამოიძახა პროკურატორმა და აფრანიუსს ხარბი მზერა მიაპყრო.

– მე მგონი, ისევ ფული უნდა იყოს მიზეზი.

– შესანიშნავი აზრია! მაგრამ ვის და რისთვის უნდა შეეთავაზებინა იუდასათვის ფული ღამით, ქალაქგარეთ?

– ო, არა, პროკურატორო, არც მთლად ასეა. მე ერთადერთი მოსაზრება გამაჩნია და თუკი ის მცდარი აღმოჩნდება, სხვა განმარტებას ალბათ ვეღარც მოვძებნი, – აფრანიუსი პროკურატორისკენ გადაიხარა და ჩურჩულით დასძინა, – იუდას სურდა თავისი ფული



349

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

დაფარულ, მხოლოდ მისთვის ცნობილ ადგილას დაემალა.

– სწორი მიგნებაა. ალბათ მართლაც ასე იყო. ახლა კი მესმის თქვენი: იგი ადამიანმა კი არა, საკუთარმა ზრახვებმა გაიტყუა ქალაქიდან. დიახ, დიახ, ასეა.

– დიახ, იუდა ეჭვიანი კაცი იყო. უნდოდა ხალხის თვალთაგან მოეფარებინა ფული.

– სწორია. თქვენ ბრძანეთ, გეთსიმანიაშიო. რატომ მაინცდამაინც იქ აპირებთ იუდას ძებნას? ამას კი, გულახდილად გეტყვით, ვერ ვხვდები.

– ოჰ, პროკურატორო, ეგ ყველაზე იოლია. ფულს არავინ დამალავს გზაზე ან ცარიელ, დაუცავ ადგილზე. იუდა არც ფებრონის გზაზე ყოფილა და არც ბეთანიის. ის აუცილებლად ხეებით დაფარული, ყრუ ადგილისკენ წავიდოდა. ეს ხომ ძალზე მარტივია. ასეთი კი, გეთსიმანიის გარდა, იერუშალაიმის სიახლოვეს არ მოიძებნება. შორს არ დაუწყებდა ძებნას.

– სრულიად გეთანხმებით. მაშასადამე, ახლა რა უნდა ვიღონოთ?

– მე სასწრაფოდ დავიწყებ მკვლელების ძებნას, ისინი ალბათ კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ იუდას, ამასობაში კი სასამართლოს წინაშეც წარვდგები.

– რისთვის?

– კაიაფას სასახლიდან გამოსული იუდა ჩემს დაცვას ბაზართან დაეკარგა. ვერ გეტყვით, ეს როგორ მოხდა. ჯერ ასეთი შეცდომა ჩემს დაცვას არ დაუშვია. ჩვენი საუბრის დასრულებისთანავე მივუჩინე მოთვალთვალეები. მაგრამ ბაზრის მიდამოებში სადღაც გაქრა, ისე უცნაურად მიუხვ-მოუხვია, რომ დაცვა დაიბნა.

– ამგვარად... გაუწყებთ, რომ საჭიროდ არ ვთვლი თქვენს გასამართლებას. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ და ამქვეყნად ვერავინ, – აქ პროკურატორმა გაუღიმა, – ვერ შეძლებდა თქვენზე მეტის გაკეთებას. იუდას მოთვალთვალეებს მოსთხოვეთ პასუხი. თუმცა, ამ შემთხვევაშიც გაფრთხილებთ, არ ვისურვებდი, რომ პასუხისმგებლობა ოდნავ მაინც მკაცრი იყოს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმ არამზადას დასაცავად. ჰო, დამავიწყდა მეკითხა,

– პროკურატორმა შუბლი შეიზილა, – კაიაფასათვის როგორღა მოახერხეს ფულის მიგდება?



350

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

– როგორ გითხრათ, პროკურატორო... ეგ არცთუ ძნელი იქნებოდა. შურისმაძიებლებს კაიაფას სასახლისათვის უკანა მხრიდან შემოუვლიათ, იქ, სადაც ჩიხი უერთდება უკანა ეზოს, და ქისა ეზოდან შეუგდიათ.

– წერილით?

– დიახ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გეგონათ, პროკურატორო. თუმცა... – აფრანიუსმა ბეჭედი შეხსნა ქისას და შიგთავსი უჩვენა პილატეს.

– რას შვრებით, აფრანიუს, ბეჭედი ხომ ალბათ, ტაძრისეულია.

– ეს თქვენს შეწუხებად არ ღირს, პროკურატორო, – უპასუხა აფრანიუსმა და ქისა ისევ შეკრა.

– ნუთუ მართლა ყველა ბეჭდის ასლი გაქვთ? – სიცილით ჰკითხა პილატემ.

– სხვაგვარად არ შეიძლება, პროკურატორო, – გაუღიმებლად, ძალზე მკაცრად უთხრა აფრანიუსმა.

– წარმომიდგენია, რა ამბავი ატყდებოდა კაიაფასთან!

– დიახ, პროკურატორო, ამ ამბავმა დიდი მღელვარება გამოიწვია. მაშინვე მიხმეს. სიბნელეშიც კი ჩანდა, როგორ აუციმციმდა თვალები პილატეს.

– საინტერესოა... საინტერესო...

– თავს ნებას მივცემ, შეგაწყვეტინოთ, პროკურატორო. სულაც არ არის საინტერესო. ძალზე მოსაწყენი და დამღლელი იყო ყველაფერი. ჩემს კითხვაზე, ხომ არ გადაუხადეს ვინმეს ფული, კაიაფას სასახლეში კატეგორიულად მიპასუხეს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

– აჰ, ასე? რას ვიზამთ, თუ არ გადაუხდიათ, მაშასადამე, არც გადაუხდიათ. მით უფრო გაძნელდება მკვლელის პოვნა.

– მართალს ბრძანებთ, პროკურატორო.

– ჰო, აფრანიუს. აი, რა აზრმა გამიელვა უცებ, ის იუდა თავს ხომ არ მოიკლავდა?

– ო, არა, პროკურატორო, – გაოცებისგან სავარძლის საზურგესაც კი მიეყრდნო



351

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

აფრანიუსი, – მაპატიეთ, მაგრამ ეგ სრულიად დაუჯერებელია.

– ეჰ, ამ ქალაქში ყველაფრის დაჯერება შეიძლება! სანაძლეოს დავდებ, ასეთი ჭორი უმოკლეს დროში გავრცელდება ქალაქში.

აქ აფრანიუსმა ისევ თავისებური მზერა სტყორცნა პროკურატორს, დაფიქრდა და უპასუხა:

– ეგ შესაძლებელია, პროკურატორო.

პროკურატორს, როგორც ჩანდა, არ ეთმობოდა ამ კირიათელ ყმაწვილზე – იუდას მკვლელობაზე საუბარი, თუმცა უკვე ყველაფერი ნათელი იყო, და მაინც, ისე თქვა, რომ რაღაც ოცნებისეული გახმოვანდა მის ნათქვამში:

– ვისურვებდი მენახა, როგორ მოკლეს ის ყმაწვილი.

– გასაოცარი ხელოვნებით არის მოკლული, პროკურატორო, – უპასუხა აფრანიუსმა და ოდნავ დამცინავად გახედა პროკურატორს.

– ეგ საიდანღა იცით?

– თუ ინებებთ და ამ ქისას დააკვირდებით, პროკურატორო, – უპასუხა აფრანიუსმა, – შემიძლია თავდებად დავდგე, რომ იუდას სისხლმა ჩანჩქერივით ამოხეთქა. ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მკვდარი მრავლად მინახავს, პროკურატორო!

– ასე რომ, ცხადია, ვეღარ ადგება?

– ადგება, პროკურატორო, – ფილოსოფიური ღიმილით უპასუხა აფრანიუსმა, – როცა მესიის საყვირი, რომელსაც აქ ელიან, დაიგუგუნებს მის საფლავთან, მაგრამ უფრო ადრე კი – ვერაფრით.

– საკმარისია, აფრანიუს, ეს საკითხი გავარკვიეთ. ახლა დასაფლავების შესახებ მომახსენეთ.

– ჯვარცმულნი დაასაფლავეს, პროკურატორო.

– ო, აფრანიუს, სასამართლოსთვის თქვენი გადაცემა დიდი დანაშაული იქნებოდა.



352

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

ჭეშმარიტად, უმაღლესი ჯილდოს ღირსი ხართ. ეგ როგორ მოხდა?

აფრანიუსმა თხრობა დაიწყო და აუწყა, რომ ვიდრე თავად იუდას საქმით იყო დაკავებული, საიდუმლო დაცვის რაზმმა, მისი თანაშემწის წინამძღოლობით, შებინდებამდე მთას მიაღწია. მაგრამ რაზმმა ერთ გვამს ვერ მიაგნო მთაზე. პილატე შეკრთა, ანაზდად ხმა ჩაეხლიჩა და ჩაილაპარაკა:

– ოჰ, ეს როგორ ვერ გავითვალისწინე!

– ნუ წუხხართ, პროკურატორო! – უპასუხა აფრანიუსმა და თხრობა განაგრძო, – ველური ჩიტებით თვალებდაკორტნილი დისმასის და გესმასის გვამები წამოკრიფეს და მაშინვე მესამის ძებნა დაიწყეს. ისიც მალე აღმოაჩინეს, ვიღაც კაცს...

– ლევი მათეს... – კითხვით კი არა, უფრო მტკიცებით უთხრა პილატემ.

– დიახ, პროკურატორო... ლევი მათე ტაბაკელას მთის ჩრდილო ფერდობზე, გამოქვაბულში იმალებოდა, ალბათ, დაღამებას ელოდა. იეშუა ჰა-ნოცრის შიშველი სხეული გვერდით ედო და როცა დაცვა ჩირაღდნებით შევიდა გამოქვაბულში, ლევის ბრაზი წაეკიდა. ის გაჰყვიროდა, რომ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და კანონის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მსჯავრდებული მიწას მიაბაროს, თუკი ამის სურვილი გააჩნია. ლევი მათე ამბობდა, რომ არ სურდა ამ სხეულს დაშორებოდა. ის ძალიან აღგზნებული იყო, რაღაცას გაურკვევლად გაჰყვიროდა, ხან იხვეწებოდა, ხან იმუქრებოდა და იწყევლებოდა...

– იძულებული შეიქენით, დაგეპატიმრებინათ? – ნაღვლიანად ჰკითხა პილატემ.

– არა, პროკურატორო, არა, – თითქოს დაამშვიდა აფრანიუსმა, – თავხედი შეშლილი დავაშოშმინეთ, ავუხსენით, რომ გვამის დასაფლავებას ვაპირებდით.

ლევი მათე მიხვდა და დამშვიდდა, მაგრამ განაცხადა, რომ არსადაც არ წავიდოდა, რადგან ეწადა, დასაფლავებას დასწრებოდა. მან თქვა, რომ ფეხსაც არ მოიცვლიდა, თუნდაც მოეკლათ და ამისათვის, პურის საჭრელი დანაც კი შემოგვთავაზა, რომელიც თან აღმოაჩნდა.

– გააგდეს? – დაგუდული ხმით ჰკითხა პილატემ.

– არა, პროკურატორო, არა, ჩემმა თანაშემწემ უფლება მისცა დასაფლავებას დასწრებოდა.



353

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

– რომელი თქვენი თანაშემწე ხელმძღვანელობდა? – ჰკითხა პილატემ.

– ტოლმაიუსი, – უპასუხა აფრანიუსმა და შეშფოთებულმა დასძინა, – რამე ხომ არ შეშლია?

– განაგრძეთ, – უპასუხა პილატემ, – არაფერი შეშლია. საერთოდ, ოდნავ ვიბნევი კიდეც. აფრანიუს, მე ალბათ, ისეთ კაცთან მაქვს საქმე, რომელიც არასოდეს ცდება. ეს კაცი – თქვენ ბრძანდებით.

ლევი მათე ურემზე დასვეს, მსჯავრდებულთა გვამების გვერდით და ორიოდე საათის შემდეგ, იერუშალაიმის ჩრდილოეთით მდებარე უდაბურ ხეობას მიაღწიეს. იქ ჯარისკაცებმა მონაცვლეობით, ერთ საათში ამოთხარეს ღრმა ორმო და სამივე მსჯავრდებული ერთად მიაბარეს მიწას.

– შიშვლები?

– არა, პროკურატორო, რაზმს ამ მიზნით ქიტონები ჰქონდა წაღებული. მიცვალებულებს თითებზე ბეჭდები ჩამოაცვეს, იეშუას ერთი ნაჭდევით, დისმასს – ორით და გესმასს – სამით. ორმო ამოავსეს და ქვები ზედ წააყარეს, სანიშნე ტოლმაიუსმა იცის.

– აჰ, ეგ რომ მცოდნოდა! – შუბლი შეიჭმუხნა პილატემ, – მე ხომ იმ ლევი მათეს ნახვა მინდოდა...

– ის აქ არის, პროკურატორო!

პილატეს თვალები გადმოეკარკლა, ერთხანს აფრანიუსს უცქეროდა, შემდეგ კი უთხრა:

– ყველაფრისათვის მადლობას გიხდით, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით გააკეთეთ. გთხოვთ, ხვალ ტოლმაიუსი გამომიგზავნოთ, წინასწარვე აუწყეთ, რომ კმაყოფილი ვარ მისი თავდადებით. თქვენ კი, აფრანიუს, – პროკურატორმა მაგიდაზე მიგდებული ქამრის ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და საიდუმლო სამსახურის უფროსს გაუწოდა, – გთხოვთ, სახსოვრად მიიღოთ ჩემგან.

აფრანიუსმა თავი დაუკრა.

– დიდი პატივია, პროკურატორო.



354

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

– დასაფლავებაში მონაწილე ჯგუფს, გთხოვთ, ჯილდოები გადასცეთ. მაძებრებს, რომელთაც იუდა გაუსხლტათ, საყვედური. ლევი მათე კი ახლავე აქ მომგვარეთ, მინდა დაწვრილებით დავკითხო იეშუას საქმეზე.

– მესმის, პროკურატორო, – უპასუხა აფრანიუსმა, ქედმოდრეკილმა უკან-უკან დაიხია, პროკურატორმა კი ხელი ხელს შემოჰკრა და იყვირა:

– ჩემკენ! სანათურები სვეტოვანში!

აფრანიუსი ჯერ კიდევ არ გასულიყო ბაღიდან, როცა პილატეს ზურგს უკან, მსახურთა ხელში უკვე ბოლავდა ჩირაღდნები. პროკურატორის წინ, მაგიდაზე სამი სანათური იდგა, მთვარიანმა ღამემ იმავ წამს უკან, ბაღში გადაინაცვლა, თითქოს აფრანიუსმა გაიყოლა თან. აფრანიუსის ნაცვლად, აივანზე უცნობი კაცი შემოვიდა, დაბალი და გამხდარი რომ ჩანდა გიგანტური კენტურიონის გვერდით. იმ მეორემ, პროკურატორის მზერას წამწყდარმა, უკან დაიხია და მაშინვე გაქრა.

პროკურატორი ხარბად და ოდნავ დამფრთხალი აკვირდებოდა მოსულს. ასე იმას უცქერენ ხოლმე, ვის შესახებაც ბევრი რამ სმენიათ, ვისზეც თვითონაც უფიქრიათ და ბოლოს, აი, ისიც, მოვიდა.

მოსული ორმოციოდე წლის იქნებოდა, შავგვრემანი, ჩამოძენძილი, ტანზე ტალახშემხმარი. წარბებს ქვეშიდან მგელივით იცქირებოდა. ერთი სიტყვით, ძალზე შეუხედავი იყო და უფრო მათხოვარს ჰგავდა, რომლებიც მრავლად ირეოდნენ ტაძრის ტერასებსა და ხმაურიანი და ჭუჭყიანი ქვედა ქალაქის ბაზარში.

დუმილი დიდხანს გაგრძელდა და ეს დუმილი ანაზდად პროკურატორთან მოგვრილის მოულოდნელმა საქციელმა დაარღვია. მას სახე მოექცა, შექანდა და ჭუჭყიანი ხელით სავარძლის საზურგეს რომ არ დაყრდნობოდა, ალბათ, დაეცემოდა კიდეც.

– რა გჭირს? – ჰკითხა პილატემ.

– არაფერი, – უპასუხა ლევი მათემ და ისე გაიქნია ხელი, თითქოს რაღაც გადასცდა. გამხმარი, შიშველი, ჭუჭყიანი კისერი წამით დაეძაგრა, მერე ისევ დაცხრა.

– რა გჭირს, მიპასუხე, – გაიმეორა პილატემ.



355

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

– დავიღალე, – უთხრა ლევი მათემ და პირქუშად დახედა იატაკს.

– დაჯექი, – მიიწვია პილატემ და სავარძელზე მიუთითა.

ლევიმ ურწმუნოდ გახედა პროკურატორს, სავარძლისკენ დაიძრა, დამფრთხალი დააკვირდა ოქროს სახელურებს და შიგ კი არა, სავარძლის გვერდით, იატაკზე დაჯდა.

– ამიხსენი, რატომ არ ჩაჯექი სავარძელში? – ჰკითხა პილატემ. – ჭუჭყიანი ვარ და დავსვრი, – თქვა მიწას ჩაჩერებულმა ლევიმ. – ახლავე საჭმელს მოგიტანენ.

– ჭამა არ მინდა, – უპასუხა ლევიმ.

– რატომ ტყუი? – ხმადაბლა ჰკითხა პილატემ, – შენ ხომ მთელი დღეა არაფერი გიჭამია ან იქნებ, მეტიც. კარგი, ნუ შეჭამ. მე მხოლოდ იმისთვის გიხმე, რომ დანა მაჩვენო, რომელიც თან გქონდა.

– აქ შემოსვლამდე ჯარისკაცებმა ჩამომართვეს, – უპასუხა ლევი მათემ და პირქუშად უთხრა,

– თუ შეიძლება, დამიბრუნეთ, პატრონს უნდა მივუტანო, ეგ დანა მოპარული მაქვს.

– რატომ მოიპარე?

– თოკები რომ გადამეჭრა, – უპასუხა ლევი მათემ.

– მარკუს! – იყვირა პროკურატორმა და კენტურიონმა სვეტოვანში შემოაბიჯა, – ამის დანა მომეცი.

კენტურიონმა ქამარზე დაკიდებული ერთ-ერთი ქარქაშიდან ჭუჭყიანი დანა ამოიღო, პროკურატორს გაუწოდა, თვითონ კი ისევ გაქრა.

– დანა ვის მოჰპარე?

– პურის ფარდულში, ჰებრონის კარიბჭესთან, ქალაქში როგორც კი შემოხვალ, იქვე, ხელმარცხნივ.



356

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

პილატემ დანას პირი მოუსინჯა, თითი დაუსვა, ფხა შეუმოწმა და რატომღაც თქვა:

– დანის ამბავი ნუ გადარდებს, ფარდულში დააბრუნებენ. ახლა ისიც მინდა ვიცოდე: მაჩვენე ის ქარტია, რომელიც თან დაგაქვს და რომელზეც იეშუას სიტყვებია ჩაწერილი.

ლევიმ ზიზღით შეხედა პილატეს და ისეთი ბოროტი ღიმილი გაუკრთა, რომ სრულიად დაუმახინჯდა სახე.

– ყველაფერი გინდათ წამართვათ? ის უკანასკნელიც, რაც გამაჩნია? – ჰკითხა მან.

– მე შენთვის არ მითქვამს, მომეცი-მეთქი, – უთხრა პილატემ, – მხოლოდ მაჩვენე.

ლევიმ უბეში ჩაიყო ხელი და პერგამენტის გრაგნილი ამოიღო. პილატემ გამოართვა, სანათურებთან გაშალა და თვალმოჭუტულმა დაიწყო ძლივს შესამჩნევი ნიშნების ამოკითხვა. ძნელი გასარკვევი იყო ეს დაღვლარჭნილი სტრიქონები. პილატე შუბლს იჭმუხნიდა, პერგამენტზე იხრებოდა, თითს აყოლებდა სტრიქონებს. მან მაინც შეძლო გაერჩია, რომ ჩანაწერი ერთმანეთთან დაუკავშირებელ რაღაც გამონათქვამებს, ციფრებს, სამეურნეო შენიშვნებს და პოეტურ ნაწყვეტებს შეიცავდა. ზოგი რამ პილატემ ამოიკითხა კიდეც: „სიკვდილი არ არსებობს... გუშინ ტკბილ, გაზაფხულის ბაკუროტებს შევექცეოდით“...

დაძაბულობისგან სახედაღრეჯილი პილატე თვალებს ჭუტავდა, კითხულობდა: „და ჩვენ ვიხილავთ სიცოცხლის თავანკარა მდინარეს... კაცობრიობა მზეს გამჭვირვალე კრისტალით შეხედავს“...

ანაზდად შეკრთა პილატე. პერგამენტის უკანასკნელ სტრიქონებში მან გაარჩია: „... უდიდესი ცოდვაა... შიში“.

პილატემ პერგამენტი დაგრაგნა და მკვეთრი მოძრაობით მიაწოდა ლევის.

– გამომართვი, – უთხრა და დუმილის შემდეგ დასძინა, – შენ, როგორც ვხედავ, წერა- კითხვის მცოდნე კაცი ხარ და სულაც არ გეკადრება მათხოვარივით მარტო იწანწალო და თავშესაფარი ეძებო. კესარეაში დიდი ბიბლიოთეკა მაქვს, ძალიან მდიდარი ვარ და მინდა სამსახურში აგიყვანო. შენ დაგევალება პაპირუსთა გადარჩევა და შენახვა, მაძღარი იქნები და ჩაცმული.

ლევი წამოდგა და უთხრა:



357

თავი ოცდამეექვსე - დასაფლავება

– არა, არ მინდა.

– რატომ? – სახეზე ჩრდილმა გადაუარა პილატეს, – არ მოგწონვარ? თუ ჩემი გეშინია? იმავე, უგვანო ღიმილმა მოუქცია სახე ლევის და უთხრა:

– არა, შენ შეგეშინდება ჩემი. შენ გაგიჭირდება სახეში შემომხედო, რადგან იცი, რომ შენ მოკალი იგი.

– გაჩუმდი, – უთხრა პილატემ, – ფული მაინც გამომართვი.

ლევიმ უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია, პროკურატორმა კი განაგრძო:

– ვიცი, იეშუას მოწაფედ თვლი თავს, მაგრამ ერთს გეტყვი: ვერაფერი შეგითვისებია იქიდან, რაც მან გასწავლა, რადგან სხვაგვარად, აუცილებლად მიიღებდი ჩემგან რაიმეს. არ დაგავიწყდეს, მან ხომ სიკვდილის წინ თქვა, რომ არავის ადანაშაულებდა, – პილატემ თითი მაღლა ასწია, სახე უთრთოდა, – თვითონ აუცილებლად აიღებდა რამეს. შენ ულმობელი ხარ, ის კი ულმობელი არ იყო. საით წახვალ?

ლევი უცებ მიუახლოვდა მაგიდას, ორივე ხელით ზედ დაეყრდნო, ანთებული თვალები შეანათა პილატეს და ჩურჩულით უთხრა:

– იცოდე, იგემონ, რომ იერუშალაიმში ერთ კაცს სიცოცხლეს გამოვასალმებ. ეს მინდა გითხრა, რადგან უნდა იცოდე, რომ სისხლი კიდევ დაიღვრება.

– მეც ვიცი, რომ დაიღვრება, – უპასუხა პილატემ, – მაგ სიტყვებით ვერ გამაოცებ. შენ, ცხადია, ჩემს მოკვლას აპირებ?

– შენს მოკვლას ვერ მოვახერხებ, – გაკრეჭილი ღიმილით უთხრა ლევიმ, – მე არც ისეთი სულელი ვარ, ამის იმედი მქონდეს. მაგრამ იუდა კირიათელს კი გამოვასალმებ სიცოცხლეს. ამისთვის თავს არ დავზოგავ.

უცებ თვალები ღიმილით აევსო პროკურატორს, მან თითით იხმო ლევი და წასჩურჩულა:

– ტყუილად გაირჯები, ამას ვეღარ მოახერხებ. ამაღამ უკვე მოკლეს იუდა. ლევი უკან გახტა, ველურად დააცეცა თვალები და ამოიხავლა:



358

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

– ვინ მოკლა?

– ნუ ხარ ეჭვიანი, – ნეტარი ღიმილით უთხრა პილატემ და ხელები მოიფშვნიტა, – მგონი, შენ გარდა სხვებსაც უყვარდათ იეშუა.

– მითხარი, ვინ მოკლა? – ჩურჩულით ჩაეძია ლევი. პილატემ უპასუხა:

– მე.

ლევიმ პირი დააღო, შეშლილივით მიაჩერდა პროკურატორს, მან კი განაგრძო:

– ეს, რა თქმა უნდა, ძალზე ცოტაა. მაგრამ ეს მაინც, მე გავაკეთე! – შემდეგ დასძინა, – ახლა მიიღებ ჩემგან რამეს?

ლევი დაფიქრდა, ოდნავ მოლბა და ბოლოს უთხრა:

– უბრძანე, სუფთა პერგამენტი მომიტანონ.

ერთი საათი გავიდა. ლევი აღარ იყო სასახლეში. ახლა სიჩუმეს მხოლოდ ბაღში მოდარაჯეთა ჩუმი ნაბიჯის ხმა თუ არღვევდა. მთვარე სწრაფად ხუნდებოდა, ცის დასალიერზე კი მთიების თეთრი ლაქა იკვეთებოდა. სანათურები კარგა ხანია ჩამქრალიყო. სარეცელზე პროკურატორი იწვა. ხელი ლოყის ქვეშ ამოედო და მშვიდად, უხმაუროდ სუნთქავდა. მის გვერდით ბანგას ეძინა.

ასე შეხვდა ნისანის თხუთმეტის განთიადს იუდეველთა მეხუთე პროკურატორი პონტოელი პილატე.

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

ის იყო, მარგარიტამ რომანის უკანასკნელი სიტყვები ჩაიკითხა: „... ასე შეხვდა ნისანის თხუთმეტის განთიადს იუდეველთა მეხუთე პროკურატორი პონტოელი პილატე“, და ინათა კიდეც.

ეზოდან წნორისა და ცაცხვის ტოტების დილისეული შრიალით აჟღურტულებული ბეღურების მხიარული გადაძახილი ისმოდა.

მარგარიტა სავარძლიდან წამოდგა, გაიზმორა და მხოლოდ ახლაღა შეიგრძნო,



359

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

როგორ ტეხდა სხეული და როგორ უნდოდა დაძინება. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მარგარიტას სრულიად დამშვიდებოდა სული. აღარც აზრი ერეოდა, არც ის ადარდებდა, ასე არაბუნებრივად რომ გაატარა ღამე. არ ენაღვლებოდა, წუხელ სატანასთან რომ იყო წვეულებაზე, რომ რაღაც სასწაულით კვლავ დაუბრუნეს ოსტატი, რომანიც აღდგა ფერფლიდან და ისევ ძველებურად ცხოვრობდნენ ამ სარდაფში, საიდანაც კინწისკვრით გააგდეს ის ენაჭარტალა ალოიზი მაღარიჩი. ერთი სიტყვით, ვოლანდის გაცნობას არავითარი ფსიქიკური ზიანი არ მიუყენებია მარგარიტასთვის. ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. მარგარიტა მეორე ოთახში გავიდა, ერთხელ კიდევ დარწმუნდა, რომ ოსტატს მშვიდად და ღრმა ძილით ეძინა, აწ სრულიად გამოუსადეგარი ლამპა ჩააქრო და თვითონაც მოპირდაპირე კედელთან მიდგმულ დივანზე მიწვა, ძველი, დახეული ზეწარი რომ ჰქონდა გადაფარებული. წუთის შემდეგ უკვე ეძინა და არც არაფერი დასიზმრებია იმ დილას. დუმდა სარდაფის ოთახები, დუმდა მთელი სახლი, დუმდა ყრუ ჩიხი.

თუმცა კი, სწორედ ამ დროს, ე. ი. შაბათ დილას, ფხიზლობდა მოსკოვის ერთ-ერთი დაწესებულების მთელი სართული და მოასფალტებული, უზარმაზარი მოედნისაკენ, საგანგებო მანქანები რომ გუგუნით უვლიდნენ და ჯაგრისებით რეცხავდნენ, მომზირალი მისი ფანჯრები, მთელ ღამეს ჩახჩახებდა და ახალამოწვერილ მზის სხივებს კვეთდა.

მთელი სართული ვოლანდის საქმის ძიებით იყო დაკავებული და ნათურებიც მთელ ღამეს ენთო ამ კაბინეტში.

ამ საქმეს უკვე გუშინ, პარასკევს, მოეფინა ნათელი, როცა ვარიეტეს ადმინისტრაციის გაქრობისა და წინა საღამოს ჩატარებული შავი მაგიის სეანსის შემდეგ მომხდარი ათასგვარი საძაგლობის გამო, ვარიეტეს დაკეტვა მოუხდათ. მაგრამ საქმე ის გახლდათ, რომ ამ ფხიზლად მოდარაჯე სართულს დაუსრულებლად აწოდებდნენ სულ ახალთახალ მასალებს.

ახლა მაძებრებს, რომლებიც ამ საქმეს იკვლევდნენ და რომელსაც სრულიად ცხადად უდიოდა ეშმაკის და თან რაღაც ჰიპნოზური ფოკუსებისა თუ სრულიად თვალნათლივი სისხლის სამართლის დანაშაულის სუნი, ევალებოდათ მოსკოვის სხვადასხვა რაიონში მომხდარი რთული და დაბურდული ამბები ერთიან საქმედ შეეკრათ.

პირველი, ვისაც ამ ფხიზლად მოდარაჯე, ელექტრობით გაჩახჩახებულ სართულზე მოუწია მისვლამ, არკადი აპოლონოვიჩ სემპლიაროვი იყო, აკუსტიკური კომისიის თავმჯდომარე.



360

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

პარასკევს, სადილის შემდეგ, კამენნი მოსტთან მდებარე სახლში მოთავსებულ მის ბინაში ზარმა გაიწკრიალა და მამაკაცის ხმამ არკადი აპოლონოვიჩი იხმო ტელეფონთან.

ყურმილთან მისულმა არკადი აპოლონოვიჩის მეუღლემ ნაღვლიანად აუწყა იმ ხმას, რომ არკადი აპოლონოვიჩი შეუძლოდ ბრძანდებოდა, წამოწოლილი იყო, ისვენებდა და ტელეფონთან ვერა და ვერ მივიდოდა. თუმცა არკადი აპოლონოვიჩს მაინც მოუწია ტელეფონთან მისვლამ. იმის პასუხად, თუ ვინ კითხულობდა არკადი აპოლონოვიჩს, ყურმილში ძალიან მოკლე პასუხი გაისმა.

– ახლავე... ამწუთას... ახლავე... – ჩაილუღლუღა საერთოდ ძალზე ზვიადმა აკუსტიკური კომისიის თავმჯდომარის მეუღლემ და ისარივით გაიჭრა საძინებელი ოთახისაკენ, არკადი აპოლონოვიჩის ლოგინიდან წამოსაყენებლად. მისი ქმარი ჯერ ისევ საწოლზე იწვა და ჯოჯოხეთურად იტანჯებოდა გუშინდელი სეანსისა და ღამეული აყალმაყალის გახსენებით, ბინიდან მისი ნათესავი ქალის გაძევებით რომ დასრულდა.

მართალია, ერთ წამში არა, მაგრამ არც ერთ წუთში, სულ რაღაც წუთის მეოთხედში, ცალ ფეხზე ფეხსაცმელწამოცმული, საცვლების ამარა არკადი აპოლონოვიჩი უკვე ტელეფონთან იდგა და აკანკალებული ხმით ბლუკუნებდა:

– დიახ, მე გახლავართ... გისმენთ, გისმენთ...

მისი მეუღლე, ამ ერთ წამში რომ დავიწყებოდა ყველა ის საზიზღარი, ოჯახური ერთგულების დამრღვევი ქმედება, წუხელ რომ გამოუმზეურეს უბედურ არკადი აპოლონოვიჩს, დაფეთებული იდგა დერეფნის კარში, ფეხსაცმელს იქნევდა და ეჩურჩულებოდა:

– ფეხსაცმელი ჩაიცვი, ფეხსაცმელი... გაცივდები, – რის პასუხადაც არკადი აპოლონოვიჩი შიშველი ფეხის ქნევით იგერიებდა ცოლს, თვალებს ველურად უბრიალებდა და ყურმილს ჩასძახოდა:

– დიახ, დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, მესმის... ახლავე გამოვდივარ.

არკადი აპოლონოვიჩმა მთელი საღამო იმ სართულზე გაატარა, სადაც ძიება მიმდინარეობდა. ლაპარაკი მძიმედ წარიმართა, ძალზე უსიამოვნო ლაპარაკი იყო, რადგან არკადი აპოლონოვიჩი იძულებული გახდა, სრულიად გულახდილად მოეთხრო, არა მარტო იმ უსაზიზღრესი სეანსისა და ლოჟაში გამართული ჩხუბის შესახებ, არამედ ამასთან ერთად,



361

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

ძალიან აუცილებელ ამბებზეც ელაპარაკა, კერძოდ, ელოხოვის ქუჩაზე მცხოვრებ მილიცა ანდრეევნა პოკობატკოსა და სარატოველი ნათესავი ქალის შესახებ და კიდევ მრავალ სხვაზეც, რისი აღიარებაც არკადი აპოლონოვიჩს ენით აუწერელ ტანჯვას აყენებდა.

ცხადზე ცხადია, რომ არკადი აპოლონოვიჩის – ამ ინტელიგენტი და კულტურული კაცის ჩვენებებმა, კაცისა, ვინც თავად იყო ამ ამაზრზენი სეანსის მოწმე, თანაც გონიერი და კვალიფიციური მოწმე, რომელმაც შესანიშნავად აღწერა ის ნიღბიანი იდუმალი მაგიცა და მისი ორი ავაზაკი თანამზრახველიც და დანამდვილებით ახსოვდა, რომ მაგის გვარი ვოლანდი იყო – მნიშვნელოვნად წინ წასწია ძიება. არკადი აპოლონოვიჩისა და სხვათა ჩვენებების შეჯერებამ, მათ შორის სეანსის შედეგად დაზარალებული ქალების ჩვენებებიც რომ იყო (ის იისფერსაცვლიანიც, რიმსკი რომ გადარია და ვაი, რომ მრავალი სხვაც), კურიერ კარპოვისაც, სადოვაიას ქუჩაზე No 50 ბინაში რომ გაგზავნეს – საგრძნობლად გააადვილა იმ ადგილის დადგენა, სადაც ამ აურზაურის მთავარი დამნაშავე უნდა ეძებნათ.

ბინა No 50-ში მივიდნენ, მივიდნენ და არაერთხელაც, არამცთუ ზედმიწევნით დაათვალიერეს იქაურობა, არამედ კედლებზეც აკაკუნეს და სამალავის ძებნაში, ბუხრის საკვამურიც კი გაჩხრიკეს, მაგრამ ჩატარებულ ღონისძიებებს ნაყოფი არ გამოუღია და რამდენჯერაც არ

შეამოწმეს ბინა, მაინც ვერაფერი აღმოაჩინეს. თუმცა კი სრულიად ცხადად იგრძნობოდა, რომ ბინაში ვიღაც იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის პირები, ვისაც ასე თუ ისე ევალებოდათ მოსკოვში ჩამოსული უცხოელ მსახიობთა ასავალ-დასავლის ცოდნა, კატეგორიულად ირწმუნებოდნენ, არანაირი შავი მაგი ვოლანდი მოსკოვში არ ჩამოსულა და არც შეიძლებოდა ჩამოსულიყოო.

ვოლანდის ჩამოსვლა არსად ყოფილა რეგისტრირებული, არც არავისთვის წარუდგენია თავისი პასპორტი, სხვა რომელიმე საბუთი, კონტრაქტი თუ ხელშეკრულება, და მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. სასცენო კომისიის საპროგრამო განყოფილების გამგე კიტაიცევს ლამის ხატზე შეეძლო დაეფიცა, რომ უკვალოდ გამქრალ სტიოპა ლიხოდეევს ვოლანდის სპექტაკლის პროგრამა საერთოდ არ გაუგზავნია მისთვის დასამტკიცებლად და არც ამ ვოლანდის ჩამოსვლის შესახებ უცნობებია ტელეფონით. ამდენად, კიტაიცევისთვის სრულიად გაუგებარი იყო, და ეს აოცებდა სწორედ, როგორ შეძლო სტიოპამ ვარიეტეში ამგვარი სეანსის ჩატარება. ხოლო როცა აუწყეს, რომ არკადი აპოლონოვიჩმა ამ სეანსზე საკუთარი თვალით იხილა ის მაგი, გაოცებულმა კიტაიცევმა მხოლოდ ხელები გაშალა და თვალები ზეცისკენ



362

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

აღაპყრო. სწორედ ამ თვალებით შეიძლებოდა იმის მიხვედრა და თამამად დაჟინება, რომ კიტაიცევი სუფთა იყო, ვითარცა ბროლი.

იმ პროხორ პეტროვიჩმა კი, მთავარი სასცენო კომისიის თავმჯდომარემ... დავაზუსტოთ: როგორც კი მილიცია მის კაბინეტში შევიდა, პროხორ პეტროვიჩი მაშინვე დაბრუნდა თავის კოსტიუმში, ანა რიჩარდოვნას გასახარად და ამაოდ შეწუხებული მილიციის გასაოცრად. ისიც უნდა აღვნიშნოთ: თავის ადგილას, თავის რუხ, ზოლიან კოსტიუმში დაბრუნებულმა პროხორ პეტროვიჩმა სრულიად მოიწონა ყველა რეზოლუცია, რომელიც კოსტიუმს დაედო მისი მცირევადიანი არყოფნის დროს.

... ამდენად, ამ პროხორ პეტროვიჩმა საერთოდ არაფერი იცოდა ვინმე ვოლანდის შესახებ.

როგორც გენებოთ და, რაღაც დაუჯერებელი გახლდათ: ათასობით მაყურებელმა, ვარიეტეს ყველა თანამშრომელმა და ბოლოს, არკადი აპოლონოვიჩ სემპლიაროვმა, ამ დიდად განათლებულმა ადამიანმა, საკუთარი თვალით იხილეს ეს მაგი და მისი სამგზის წყეული ასისტენტები და, მიუხედავად ამისა, მათ კვალს მაინც ვერ აგნებდნენ. ნება მიბოძეთ, დაგეკითხოთ, მიწა ხომ არ ჩაყლაპავდა ამ საზიზღარი სეანსის დამთავრებისთანავე, ან იქნებ, როგორც ზოგიერთები ამტკიცებდნენ, მართლაც საერთოდ არ ჩამოსულა მოსკოვში? თუ პირველ ვერსიას დაუშვებდნენ, ეჭვგარეშე იყო, რომ მიწაში ჩაყლაპვისას, მათ თან უნდა გაეყოლებინათ ვარიეტეს მთელი ადმინისტრაცია. მეორე ვერსიით კი ისე გამოდიოდა, რომ თავად ამ თეატრის ადმინისტრაციას ჩაედინა რაღაც საზიზღრობა (გაიხსენეთ, რიმსკის კაბინეტის ჩამსხვრეული ფანჯრები და ტუზბუბენის უცნაური ქცევა!) და მოსკოვიდან უკვალოდ გამქრალიყვნენ.

სიკეთე არ უნდა დავუკარგოთ იმ ადამიანს, ვინც ძიებას ხელმძღვანელობდა. გადაკარგული რიმსკი გასაოცრად სწრაფად მოძებნეს. ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა, კინემატოგრაფის სიახლოვეს მდებარე ტაქსის გაჩერებაზე ტუზბუბენის ქცევა დროის სხვადასხვა მონაკვეთთან შეედარებინათ, თუნდაც სეანსის დამთავრების დროსა და მატარებლის განრიგთან, და სასწრაფოდ აფრინეს დეპეშა ლენინგრადში. ერთ საათში პასუხი მოვიდა (პარასკევ საღამოსვე), რომ რიმსკისთვის სასტუმრო „ასტორიის“ ოთხას ოც ნომერში მიეგნოთ, მეოთხე სართულზე, იმხანად ლენინგრადში საგასტროლოდ ჩასული მოსკოვის ერთ-ერთი თეატრის სარეპერტუარო ნაწილის გამგის ნომრის გვერდით ნომერში, სადაც, როგორც ცნობილია, მოოქრული რუხ-ცისფერი ავეჯი იდგა და შესანიშნავი სააბაზანოც



363

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

ჰქონდა.

„ასტორიის“ ოთხას ოცი ნომრის ტანსაცმლის კარადაში შემალულ რიმსკის მიაგნეს თუ არა, მაშინვე დააპატიმრეს და იქვე, ლენინგრადშივე დაჰკითხეს. რის შედეგადაც მოსკოვში დეპეშა მოვიდა, რომელიც იტყობინებოდა, რომ ვარიეტეს ფინანსური დირექტორი შეურაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა, შეკითხვებზე გონივრულ პასუხს ვერ ან არ იძლეოდა, და მხოლოდ ერთს ითხოვდა, ტყვიაგაუმტარ საკანში ჩაეკეტათ და შეიარაღებული მცველები მიეჩინათ. მოსკოვიდან დეპეშით ბრძანება გაიცა, რიმსკი მცველების თანხლებით მოსკოვში ჩამოეყვანათ, რის შედეგადაც, რიმსკი, პარასკევ საღამოსვე, დაცვის თანხლებით გამოამგზავრეს მოსკოვში.

პარასკევ საღამოსვე მიაგნეს ლიხოდეევის კვალსაც. ყველა ქალაქში დეპეშები დაგზავნეს ლიხოდეევის ძიების შესახებ და იალტიდან პასუხი მოვიდა, რომ ლიხოდეევი იალტაში იმყოფებოდა და უკვე აეროპლანით გამოფრენილიყო მოსკოვში.

ერთადერთი, ვინც ვერსად იპოვეს, ვარენუხა იყო. მთელი მოსკოვისათვის ცნობილი თეატრალური ადმინისტრატორი. ისე გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.

ამასობაში, იძულებული გახდნენ, თეატრისაგან დამოუკიდებლად, მოსკოვის სხვადასხვა რაიონში მომხდარი შემთხვევებიც გაეანალიზებინათ. უნდა გარკვეულიყვნენ მოულოდნელად ამღერებული თანამშრომლების საქმეში (დავაზუსტოთ: პროფესორმა სტრავინსკიმ კანქვეშ რაღაც წამლის შეშხაპუნებით ორ საათში შეძლო მათი დამშვიდება), იმ პირთა საქმეში, ვინც სხვა პირებს თუ დაწესებულებებს, ფულის ნაცვლად, ეშმაკმა უწყის, რას არ სთავაზობდნენ, და იმ ადამიანთა საქმეებშიც, ვინც ამგვარი შეთავაზებით დაზარალებულიყვნენ.

როგორც თავისთავად ცხადია, ამ შემთხვევათაგან ყველაზე უსიამოვნო, ყველაზე სკანდალური და აუხსნელი განსვენებული ლიტერატორის – ბერლიოზის თავის მოტაცება იყო კუბოდან გრიბოედოვის დარბაზში, დღისით-მზისით რომ მოხდა.

თორმეტი კაცი აწარმოებდა ძიებას და საქმეს მთელ მოსკოვში მიმოფანტული წყეული თვლებივით ასხამდნენ ჩხირებზე.

ერთ-ერთი გამომძიებელი პროფესორ სტრავინსკის ეწვია და, უპირველეს ყოვლისა, იმ პირთა სია მოითხოვა, ამ უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში რომ მოხვედრილიყვნენ კლინიკაში. ამგვარად აღმოაჩინეს ნიკონორ ივანოვიჩ ბოსოი და უბედური, თავმოგლეჯილი



364

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

კონფერანსიე. თუმცა ესენი ნაკლებად შეაწუხეს. ახლა უკვე იოლად შეიძლებოდა იმის დადგენა, რომ ეს ორნიც იმავე ბანდის მსხვერპლი იყვნენ, იდუმალი მაგი რომ მეთაურობდა. მაგრამ აი, ივან ნიკოლაევიჩ უსახლკაროთი კი გამომძიებელი უზომოდ დაინტერესდა.

ივანუშკას No 117 ოთახის კარი პარასკევ საღამოს გაიღო და ოთახში ახალგაზრდა, პირმრგვალი, მშვიდი და ძალზე თავაზიანი კაცი შევიდა, სულ რომ არ ჰგავდა გამომძიებელს და მაინც, მოსკოვის ერთ-ერთი საუკეთესო გამომძიებელი გახლდათ. მან საწოლში მწოლიარე, გაფითრებული და ლოყებჩაცვენილი ახალგაზრდა კაცი დაინახა, რომელსაც თვალებში სრული გულგრილობა ეწერა და ამ თვალებით ხან სადღაც შორეთს გახედავდა ხოლმე, ხანაც საკუთარ სულში იბრუნებდა.

გამომძიებელი ალერსიანად გაეცნო ივანს და მისვლის მიზეზი აცნობა, უთხრა, რომ გუშინწინ, პატრიარქთა ტბორებზე მომხდარი ამბავი აინტერესებდა.

ო, როგორ აღფრთოვანდებოდა ივანი, გამომძიებელი უფრო ადრე რომ მისულიყო მასთან, თუნდაც, ოთხშაბათ ღამეს, როცა გადარეული ითხოვდა, ვინმეს ყურად ეღო მისი მონათხრობი, პატრიარქთა ტბორებზე მომხდარი ამბის შესახებ. აჰა, აღსრულდა კიდეც მისი ოცნება, უკვე შეეძლო დახმარება გაეწია კონსულტანტის დაჭერაში. არც არსად დასჭირდებოდა სირბილი, თვითონ მოვიდნენ მასთან, რათა მოესმინათ, რა მოხდა ორშაბათ საღამოს.

მაგრამ ვაი, რომ ივანუშკა სრულიად შეცვლილიყო იმ ხანში, რაც ბერლიოზის სიკვდილის შემდეგ გავიდა. ის მზად იყო თავაზიანად ეპასუხა გამომძიებლის ყველა შეკითხვაზე, მაგრამ გულგრილობა იგრძნობოდა ივანის მზერასა და ხმაში. პოეტს უკვე აღარ აწუხებდა ბერლიოზის ბედი.

გამომძიებლის მოსვლამდე ივანუშკა თვლემდა და უჩვეულო ხილვა ეზმანა. რომელიღაც უცნაურ, გაუგებარ, არარსებულ ქალაქს ხედავდა, მარმარილოს ზოდებით, ჩამოთლილი სვეტებით, მზეზე აბზინებული სახურავებით, ანტონიუსის შავი, ნაღვლიანი და უმოწყალო ციხესიმაგრით, დასავლეთ ბორცვზე აღმართული სასახლით, რომელიც სახურავამდე ბაღის ტროპიკულ სიმწვანეში იყო ჩაფლული, ამ სიმწვანის თავზე კი, აისით აბრიალებულ ბრინჯაოს ქანდაკებებსა და ძველი ქალაქის კედლებთან – მძიმედ შეჭურვილ რომაულ კენტურიებს.

ძილ-ბურანში ივანი სავარძელში უძრავად მჯდარ კაცსაც ხედავდა, თავგადაპარსულ,



365

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

ზაფრანისფერსახიან, განაწამებ კაცს, სისხლისფერქობიანი, თეთრი მოსასხამი რომ ემოსა და ზიზღით გასცქეროდა ამ დიდებულ და უცხო ბაღნარს. ხედავდა მოტიტვლებულ, ყვითელ მთასაც და უკვე დაცარიელებულ, გაშიშვლებულ ჯვრებს.

პატრიარქთა ტბორებზე მომხდარი ამბავი პოეტ უსახლკაროს უკვე აღარ ადარდებდა.

– მითხარით, ივან ნიკოლაევიჩ, თქვენ რა მანძილის მოშორებით იდექით ტურნიკეტთან, როცა ბერლიოზი ტრამვაიმ გაიტანა?

ძლივს შესამჩნევმა, გულგრილმა ღიმილმა ტუჩებზე გადაუარა ივანს და უპასუხა: – შორს ვიყავი.

– ის კუბოკრულკოსტიუმიანი ტურნიკეტთან იდგა?

– არა, მოშორებით იჯდა მერხზე.

– კარგად გახსოვთ, რომ ბერლიოზის დაცემამდე ტურნიკეტს არ მიახლოებია?

– მახსოვს, არ მიახლოებია. გაშხლართული იჯდა სკამზე.

გამომძიებელი მეტს აღარაფერს შეჰკითხვია, წამოდგა, ივანუშკას ხელი გაუწოდა, გამოჯანმრთელება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მალე ისევ წაიკითხავდა მის ლექსებს.

– არა, – ხმადაბლა უთხრა ივანმა, – ლექსებს აღარ დავწერ.

გამომძიებელმა თავაზიანად ჩაიცინა, თავს უფლება მისცა, რწმენა გამოეთქვა, რომ პოეტი ახლა ერთგვარ დეპრესიაში იმყოფებოდა და ეს ყოველივე მალე გაივლიდა.

– არა, – ისევ უპასუხა ივანმა, ოღონდ ახლა გამომძიებელს კი არ უყურებდა, შორს მიმქრალ ცისკიდურს გასცქეროდა, – სუსტი ლექსებია, ამას უკვე მივხვდი.

გამომძიებელმა ივანი დატოვა და თან ძალზე მნიშვნელოვანი მასალა წაიღო. ბოლოდან დასაწყისისკენ მნიშვნელოვან ძაფს მიყოლილებმა, ბოლოს და ბოლოს შეძლეს იმ სათავისათვის მიეღწიათ, საიდანაც დაიწყო ყველაფერი. გამომძიებელს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ეს მოვლენები პატრიარქთა ტბორებთან მომხდარი მკვლელობით დაიწყო. ცხადია, არც ივანუშკას და არც იმ კუბოკრულკოსტუმიანს ხელი არ უკრავთ „მასსოლიტის“



366

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

უბედური თავმჯდომარისთვის, ფიზიკურად, ასე ვთქვათ, ბორბლებქვეშ მისი შევარდნისათვის ხელი არავის შეუწყვია, მაგრამ გამომძიებელი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ბერლიოზი ტრამვაის დაჰიპნოზებული შეუვარდა (ანდა რელსებზე ფეხი დაუცდა).

დიახ, მასალა უკვე საკმარისზე მეტი დაგროვდა და უკვე ისიც იყო ცნობილი, ვინ და სად უნდა დაეკავებინათ. მაგრამ საქმე ის გახლდათ, რომ სწორედ დაპატიმრება იყო ყოვლად შეუძლებელი. იმ სამგზის წყეულ No 50 ბინაში, უნდა გავიმეოროთ, ვიღაც ნამდვილად იყო. ეს ბინა ხან გაბზარული, ხან ნიღნიღა ხმით პასუხობდა ტელეფონის ზარს. ხანდახან ფანჯრებიც იღებოდა, უფრო მეტიც, პატეფონის ხმაც კი ისმოდა. და, მიუხედავად ამისა, ყოველთვის, როცა ბინაში შევიდოდნენ, შინ არავინ ხვდებოდათ. თუმცა ბინას ერთხელ და ორჯერ არ სტუმრებიან. დღის ნებისმიერ დროს მიდიოდნენ, უფრო მეტიც, ბინა ბადით მოიარეს, ისე გაჩხრიკეს, კუთხე-კუნჭულიც არ დაუტოვებიათ. რა ხანია უთვალთვალებდნენ კიდეც, არა მარტო ეზოსა და სადარბაზოსთან იდგა მოთვალთვალე, არამედ, უკანა კართან და ასე გასინჯეთ, სახურავზე, საკვამურთანაც. დიახ, 50-ე ბინა თავს იგდებდა, მაგრამ მაძებრები ვერაფერს უხერხებდნენ.

ასეთი მდგომარეობა იყო პარასკევ საღამოდან შაბათ დილამდე, როცა ბარონი მეიგელი, საღამოს კოსტიუმსა და ლაქის ფეხსაცმელში გამოპრანჭული ესტუმრა No 50 ბინას. ყველამ გაიგო, როგორ გაიღო კარი და ბარონი მეიგელი ბინაში შეუშვეს. ზუსტად ათი წუთის შემდეგ, ზარის დაურეკავად თვითონაც შეაღეს კარი და ბინაში შევიდნენ, მაგრამ არამცთუ მასპინძელი არ დახვედრიათ იქ, ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ვეღარც ბარონ მეიგელს მიაკვლიეს.

ასე და ამრიგად, როგორც უკვე ითქვა, ასეთი იყო მდგომარეობა შაბათ დილამდე. ამ დროისათვის კი ძალზე საგულისხმო და ახალი მონაცემები გაჩნდა. მოსკოვის აეროდრომზე ყირიმიდან მომავალი ექვსადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავი დაეშვა. სხვა მგზავრებთან ერთად იქიდან უცნაური მგზავრიც გადმოვიდა. ეს იყო ახალგაზრდა, წვერმოშვებული, სამი დღის დაუბანელი მოქალაქე, ანთებულ და დამფრთხალ თვალებს რომ აცეცებდა. ბარგი არ ჰქონდა და საკმაოდ უცნაურადაც იყო ჩაცმული. მოქალაქეს ბოხოხი ეხურა, ღამის საცვლებზე ნაბადი ჰქონდა წამოსხმული და ფეხზე ცისფერი, ახალთახალი, სულ ახლახან ნაყიდი ტყავის საშინაო ფეხსაცმელი ეცვა. როგორც კი თვითმფრინავიდან დაშვებული კიბე ჩამოათავა, მოქალაქეს მიუახლოვდნენ. ამ მგზავრს უკვე ელოდნენ და მცირე ხნის შემდეგ ვარიეტეს მარად დაუვიწყარი დირექტორი სტეპან ბოგდანოვიჩ ლიხოდეევი გამომძიებლის წინაშე წარდგა. მან მიაწოდა გამოძიებას ახალი ცნობები. ახლა უკვე გაირკვა, რომ ვოლანდს



367

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

ვარიეტეში მსახიობის სახელით შეეღწია, სტიოპა ლიხოდეევი დაეჰიპნოზებინა, შემდეგ კი, იგივე ლიხოდეევი მოსკოვიდან, ღმერთმა უწყის, რამდენი კილომეტრის მოშორებით გადაესროლა. ამგვარად, სრულიად ახალი მასალა გაჩნდა, მაგრამ საქმეს ნათელი მაინც არ მოჰფენია. პირიქით, უფრო გართულდა კიდეც, რამეთუ ცხადზე უცხადესი ხდებოდა, რომ იმგვარი ამბების ჩამდენი პიროვნება, რომლის მსხვერპლიც გამხდარიყო სტეპან ბოგდანოვიჩი, ასე იოლად დასაჭერი არ იქნებოდა. სხვათა შორის, ლიხოდეევი, მისივე თხოვნით, საიმედო საკანში მოათავსეს და გამომძიებლების წინაშე ახლა ვარენუხა წარდგა, რომელიც საკუთარ ბინაში დაეპატიმრებინათ, სადაც ორი დღით უკვალოდ გაქრობის შემდეგ დაბრუნებულიყო.

ვარენუხა აზაზელოს მტკიცედ კი შეპირდა, აღარ ვიცრუებო, მაგრამ ადმინისტრატორმა სწორედ ტყუილებით დაიწყო. თუმცა, ვგონებ, ძალიან მკაცრადაც ვერ განვსჯით. აზაზელომ ხომ იმის პირობა ჩამოართვა, ტელეფონში აღარ ეცრუა და ეუხეშა, ადმინისტრატორი კი ამჟამად, ტელეფონით არ ლაპარაკობდა. თვალდაცეცებული ივან საველიევიჩი აცხადებდა, რომ ოთხშაბათ დილით თავის კაბინეტში მარტომ გადაკრა სასმელი, შემდეგ სადღაც წავიდა, სად – აღარ ახსოვს, მერე კიდევ სადღაც დაამატა ერთი-ორი ჭიქა, სად – არც ის ახსოვს, სადღაც ღობის ძირას გამოფხიზლდა, სად – ვეღარ იხსენებს, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი გააფრთხილეს, რომ თავისი უაზრო და უმეცარი ქცევით მნიშვნელოვანი საქმის გამოძიებას აფერხებდა და ამის გამო, ცხადია, პასუხსაც აგებინებდნენ, ვარენუხა აქვითინდა და თვალებდაცეცებულმა, აკანკალებული ხმით, ჩურჩულით განაცხადა, რომ მხოლოდ ვოლანდის ბანდის შურისძიების შიში აიძულებდა ეცრუა, რადგან მათ ხელში უკვე იმყოფებოდა და ახლა ერთსღა ითხოვდა, ევედრებოდა, ოცნებობდა – ტყვიაგაუმტარ საკანში ჩაეკეტათ.

– თფუი, ეშმაკს! რა ყველას ეს ტყვიაგაუმტარი საკანი აუტყდა! – ჩაიბუზღუნა ერთ-ერთმა გამომძიებელმა.

– ეტყობა, გვარიანად დააშინეს იმ ავაზაკებმა, – თქვა იმ გამომძიებელმა, ივანუშკა რომ მოინახულა.

ვარენუხა, როგორც შეეძლოთ, დაამშვიდეს, დაარწმუნეს, რომ უსაკნოდაც დაიცავდნენ და, ცხადია, მაშინვე გაირკვა, არაყი რომ არაფერ შუაში იყო, უბრალოდ, ვიღაც ორი სცემდა ვარენუხას ერთი – ღოჯიანი და წითური, მეორე კი – მსუქანი...

– ა, კატას რომ ჩამოჰგავს?. .



368

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

– დიახ, დიახ, დიახ, – ჩურჩულებდა შიშით სულგაპარული და თვალდაცეცებული ადმინისტრატორი და თანდათან წვრილად ყვებოდა, ორ დღეს როგორ იმყოფებოდა No 50 ბინაში ვამპირად და ლამის ფინანსური დირექტორის, რიმსკის მკვლელი არ გახდა...

ამ დროს ლენინგრადის მატარებლით ჩამოსული რიმსკი შემოიყვანეს. ამ შიშით ათრთოლებულ, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ჭაღარა კაცს, რომელშიც ძლივსღა შეიცნობდით ადრინდელ ფინანსურ დირექტორს, არაფრის გულისთვის არ უნდოდა სიმართლის თქმა და ამ მხრივ, ყველაზე ჯიუტი აღმოჩნდა. რიმსკი ამტკიცებდა, რომ გელლა თავისი კაბინეტის ფანჯარაში არ დაენახა და არც ვარენუხა სწვეოდა სტუმრად, უბრალოდ, შეუძლოდ შეიქნა და გონებადაბინდული ლენინგრადში გაემგზავრა. აღარც ღირს იმის თქმა, რომ თავისი ჩვენება სნეულმა რიმსკიმ იმავე თხოვნით დაასრულა, მასაც სურდა ტყვიაგაუმტარ საკანში ჩაეკეტათ.

ანუშკა იმ დროს დააპატიმრეს, როცა არბატის უნივერმაღში მოლარეს ათდოლარიანს აჩეჩებდა. მისი მონათხრობი სადოვაიას სახლის ფანჯრიდან გაფრენილი ხალხისა და ნალის შესახებ, რომელიც ანუშკამ, მისივე მტკიცებით, იმიტომ აიღო, რომ მილიციაში წარედგინა, დიდი ყურადღებით მოისმინეს.

– ნალი მართლაც ოქროსი იყო, ბრილიანტებით? – ეკითხებოდნენ ანუშკას. – მე თუ ბრილიანტები აღარ ვიცი! – პასუხობდა ანუშკა.

– როგორც ამბობთ, იმ კაცმა თუმნიანები მოგცათ.

– მე თუ თუმნიანებს ვეღარ ვცნობ! – პასუხობდა ანუშკა.

– აბა, დოლარებად როგორ იქცნენ?

– არაფერი ვიცი, რა დოლარი, რის დოლარი, თვალითაც არასოდეს მინახავს ეგ დოლარები, – ჩხაოდა ანუშკა, – ჩემი ნებაა! ჯილდოს ფასად ჩითის ყიდვა მინდოდა... – და ამის შემდეგ, ერთ აბდაუბდას მოჰყვა, რომ სახლმმართველის ნაცვლად თვითონ არ აგებდა პასუხს, მეხუთე სართულზე უწმინდური ძალა რომ გაამრავლეს და სიცოცხლე გაუმწარეს ხალხს.

გამომძიებელმა ანუშკას კალამი დაუქნია, უკვე ყველას მობეზრებოდა მისი ლაქლაქის მოსმენა. მომწვანო ქაღალდზე საშვი გამოუწერა გარეთ გასასვლელად, რის შემდეგაც



369

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

ყველამ თავისუფლად ამოისუნთქა – ანუშკა გაქრა იმ შენობიდან.

შემდეგ სხვებიც გამოჩნდნენ, მათ შორის – ნიკოლაი ივანოვიჩი, რომელიც სულ ახლახან თავისი ეჭვიანი ცოლის სისულელის გამო დაეპატიმრებინათ, ქმრის გაქრობის ამბავი დილაუთენია რომ შეეტყობინებინა მილიციისთვის. ნიკოლაი ივანოვიჩს დიდად არ გაუოცებია გამოძიება, როცა მაგიდაზე ის ჯამბაზური მოწმობა დადო, რითიც ამტკიცებდა, რომ ღამე სატანის წვეულებაზე გაატარა. თუმცა ნიკოლაი ივანოვიჩმა ოდნავ დაამახინჯა სინამდვილე, როცა იმის შესახებ ყვებოდა, როგორ მიიყვანა კისერზე გადამჯდარი მარგარიტა ნიკოლაევნას შიშველი მოსამსახურე სადღაც ეშმაკებში, რომელიღაც მდინარეზე საბანაოდ, ანდა მანამდე, როგორ დაინახა ფანჯარაში შიშველი მარგარიტა ივანოვნა. საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ იმის თქმა, რომ მარგარიტა ივანოვნას ბინაში ღამის პერანგის მისატანად ავიდა, არც ის, ნატაშას ვენერას რომ ეძახდა. მისი ნათქვამიდან ისე გამოდიოდა, თითქოს ნატაშა ფანჯრიდან გამოფრენილიყო, კისერზე გადასჯდომოდა და მოსკოვიდან გაეჭენებინა...

– ძალადობას დავნებდი და იძულებული შევიქენი – დავმორჩილებოდი, – ყვებოდა ნიკოლაი ივანოვიჩი და თავისი ნაამბობი თხოვნით დაასრულა, არაფერი ეთქვათ მისი მეუღლისთვის, რასაც შეჰპირდნენ კიდეც.

ნიკოლაი ივანოვიჩის ჩვენებამ შესაძლებელი გახადა, დაედგინათ, რომ მარგარიტა ნიკოლაევნა და მასთან ერთად მისი მოსამსახურე ნატაშაც უკვალოდ გამქრალიყვნენ. ყველა ღონე ისმარეს მათ მოსაძებნად.

ასე, ყოველწამიერ ძიებაში გაილია შაბათი დილა, ამასობაში კი ქალაქში სრულიად დაუშვებელი ხმები გავრცელდა, სადაც, ჩვეულებისამებრ, ერთი ციდა სიმართლე უზღვავი ტყუილით იყო შეზავებული. ყვებოდნენ, თითქოს ვარიეტეში გამართული სეანსის შემდეგ ორი ათასი მაყურებელი შიშველი გამოვარდნილიყო ქუჩაში, თითქოს სადოვაიაზე ყალბი ფულისმჭრელთა სტამბა აღმოეჩინათ, თითქოს ვიღაც ავაზაკებს გასართობი სექტორის ხუთი თავმჯდომარე მოეტაცებინათ, მაგრამ მილიციას მაშინვე მიეგნო მათთვის, და კიდევ ათას ტყუილსა თუ მართალს ყვებოდნენ, რისი გამეორება არც კია სასურველი.

ამასობაში, სადილის დროც მოახლოვდა და მაშინვე იქ, სადაც გამოძიება მიმდინარეობდა, ტელეფონის ზარი აწკრიალდა. სადოვაიადან იუწყებოდნენ, რომ ამ სამგზის წყეულ ბინაში ისევ იგრძნობოდა სიცოცხლის ნიშანწყალი. იუწყებოდნენ, რომ ფანჯრები შიგნიდან გაიღო, ოთახიდან პიანინოს ხმა და სიმღერა ისმოდა და ქუჩიდან გარკვევით ჩანდა რაფაზე წამოსკუპებული, მზეს მიფიცხებული შავი კატა.



370

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

ამ ხვატიანი დღის ოთხი საათი იქნებოდა, როცა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ მამაკაცთა ჯგუფი სამი მანქანიდან გადმოვიდა, სადოვაიას ქუჩაზე No 302-ბის სახლის ოდნავ მოშორებით. მოსულთა ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო. ერთი ეზოდან, პირდაპირ სადარბაზოში შევიდა, მეორემ კი, მუდამდღე აჭედილი, უკანა კიბეზე ამავალი პატარა კარი გამოაღო და ეს ორივე ჯგუფი სხვადასხვა მხრიდან No 50 ბინისკენ დაიძრა.

ამასობაში კაროვიევი და აზაზელო (კაროვიევს უკვე კოსტიუმი ეცვა და არა ფრაკი) სასადილო ოთახში ისხდნენ და საუზმეს ამთავრებდნენ. ვოლანდი, ჩვეულებისამებრ, საძინებელში იმყოფებოდა, კატა კი სად იყო, ეშმაკმა უწყის. მაგრამ სამზარეულოში არახუნებული ქვაბები მიანიშნებდა, რომ ბეჰემოთი სწორედ იქ უნდა ყოფილიყო და ჩვეულებისამებრ, რაღაც სისულელით ირთობდა თავს.

– კიბეზე რა ხმაურია? – იკითხა კაროვიევმა და შავ ყავაში კოვზი აათამაშა.

– ჩვენს დასაპატიმრებლად მოდიან, – უპასუხა აზაზელომ და კონიაკი გადაკრა. – ჰო, კარგია, – უპასუხა კაროვიევმა.

სადარბაზო კიბეზე ამომავალნი უკვე მესამე სართულის ბაქანზე იდგნენ. იქ ვიღაც ორი მუშა გათბობის მილს ეჯაჯგურებოდა, ამომავლებმა მუშებს და მუშებმა – ამომავლებს მრავლისმეტყველი მზერა სტყორცნეს.

– ყველა სახლშია, – ჩაიჩურჩულა ერთ-ერთმა მუშამ და ჩაქუჩი მილს შემოჰკრა.

მაშინ წინ მიმავალმა პალტოს ჯიბიდან მაუზერი ამოიღო, მეორემ კი, მის გვერდით მავალმა

– გასაღები. საერთოდ, 50-ე ბინისკენ მიმავალნი გვარიანად იყვნენ აღჭურვილები. ორ მათგანს ჯიბეში წვრილად ნაქსოვი, იოლად გასაშლელი აბრეშუმის ბადეები ედო, ერთს – ქამანდი, სხვას – დოლბანდის ნიღბები და ქლოროფორმის ამპულები.

უცებ გაიღო 50-ე ბინის კარი და მოსულები წინკარში აღმოჩნდნენ და იმწუთსავე სამზარეულოში გაჯახუნებულმა კარმა მიანიშნათ, რომ მეორე ჯგუფიც დროულად შემოსულიყო უკანა კარიდან.

ამჯერად სრულ თუ არა, ნაწილობრივ გამარჯვებას მაინც მიაღწიეს. მოსულები წამის



371

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

უსწრაფესად გაიფანტნენ ოთახებში და ცხადია, ვერსად ვერავის მიაგნეს, თუმცა სასადილო ოთახში, როგორც ეტყობოდა, სულ ახლახან მიტოვებული საუზმე დახვდათ და სასტუმროში, ბუხრის შორენკეცზე, ბროლის დოქის გვერდით, უზარმაზარი შავი კატა იჯდა. თათებით პრიმუსი ეჭირა.

სასტუმროში უხმაუროდ შემოსულები დიდხანს უცქეროდნენ კატას.

– ჰ-ჰოოო... მართლა მაგარია, – ჩაიჩურჩულა ერთ-ერთმა მოსულმა.

– არ ვცელქობ, არც არავის ვაწუხებ და გაფუჭებულ პრიმუსს ვაკეთებ, – განაცხადა მტრულად გაბუსულმა კატამ, – ამას გარდა, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია გაუწყოთ, რომ კატა უძველესი და ხელშეუხებელი ცხოველია.

– მაგარი ნამუშევარია, – ჩაიჩურჩულა ერთ-ერთმა მოსულმა, მერე კი ხმამაღლა და გარკვევით თქვა:

– აბა, ხელშეუხებელო და პირმეტყველო კატუნია, აქეთ მობრძანდით.

აბრეშუმის ბადე გაიშალა, გაფრიალდა, მაგრამ მტყორცნელს, ყველასდა გასაოცრად, ხელი მოეცარა, ბადე დოქს წამოედო, რომელიც იქვე დაიმსხვრა ზრიალით.

– რემიზ! – დაიჩხავლა კატამ, – ვაშააა! – იმავ წამს პრიმუსი გვერდზე მიდგა და ზურგს უკნიდან ბრაუნინგი იშიშვლა. მაშინვე მის სიახლოვეს მდგარს დაუმიზნა, თუმცა კატის გასროლამდე, იმან ისროლა, კატა შორენკეციდან იატაკზე თავქვე ჩამოვარდა და ბრაუნინგი და პრიმუსი ხელიდან გაუცვივდა.

– ყველაფერი დამთავრდა, – მილეული ხმით თქვა კატამ და სისხლის გუბეში ნაზად გაიზმორა, – ერთი წამით მომშორდით, მაცადეთ, მიწას გამოვეთხოვო. ო, ჩემო მეგობარო აზაზელო! – დაიკვნესა სისხლისგან დაცლილმა კატამ, – სად ხარ? – მერე ჩამქრალი თვალები მიაპყრო სასადილოსკენ მიმავალ კარს, – როგორ არ დამეხმარე ამ არათანაბარ ბრძოლაში?! მარტო მიატოვე საბრალო ბეჰემოთი და მართალია კარგ, მაგრამ მაინც ერთ ჭიქა კონიაკზე გაცვალე! რა გაეწყობა, დე ჩემი სიკვდილი შენს სინდისზე იყოს, მე კი ჩემს ბრაუნინგს გიტოვებ ანდერძად...

– ბადე, ბადე, ბადე, – აჩურჩულდნენ კატის გარშემო შეკრებილები, მაგრამ ბადე, ეშმაკმა უწყის, რატომ, ვიღაცას ჯიბეში გაეხლართა და ვერა და ვერ ამოიღო.



372

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

– ერთადერთი, რაც სასიკვდილოდ დაჭრილ კატას იხსნის, – ჩაილაპარაკა კატამ, – ერთი ყლუპი ბენზინია... – კატამ მოსულთა დაბნეულობით ისარგებლა, პრიმუსის მრგვალ ხვრელს ტუჩი მიადო და ბენზინი შესვა. იმავ წამს მარცხენა წინა თათიდან სისხლის დენა შეუწყდა. ცოცხალი და უვნებელი კატა ფეხზე წამოხტა, იღლიაში პრიმუსი ამოიჩარა, ისევ ბუხარზე ახტა, იქიდან შპალერის ფხოჭნა-ფხოჭნით კედელზე აცოცდა და ორიოდე წამის შემდეგ ზემოთ, ფოლადის კარნიზზე ჩამოსკუპდა.

წამისად უამრავი ხელი ჩაეჭიდა ფარდას, კარნიზთან ერთად ჩამოგლიჯა და ჩაბნელებული ოთახი მზემ გაანათა. მაგრამ არც ეშმაკურად გაცოცხლებული კატა ჩამოვარდნილა ძირს და არც პრიმუსი. თათებით პრიმუსს ჩაბღაუჭებული კატა ჰაერში გაიკლაკნა და ოთახის შუაგულში დაკიდებულ ჭაღზე გადახტა.

– კიბე! – იყვირეს ქვევიდან.

– დუელში გიწვევთ! – დაიჩხავლა ისევ კატამ და ჭაღი აქეთ-იქით გააქანა. უცებ თათებში ისევ ბრაუნინგი გაუჩნდა, პრიმუსი კი გატოტვილ ჭაღზე ჩამოსდო. კატამ მოსულებს იარაღი დაუმიზნა და მათ თავებს ზემოთ აქანავებულმა, სროლა დაიწყო. გრიალმა ბინა შეაზანზარა. იატაკზე ჭაღის ბროლის ნამსხვრევები ჩამოიფშვნა, ბუხარზე ვარსკვლავებად დაიბზარა სარკე, ბათქაში აბუქდა, იატაკზე ჩამოცვენილი ცარიელი ჰილზები ახტუნავდა, ფანჯრებში მინები დასკდა და გახვრეტილი პრიმუსიდან ბენზინი გადმოიქცა. ახლა ლაპარაკიც აღარ შეიძლებოდა კატის ცოცხლად შეპყრობაზე და მოსულნი საპასუხოდ ზუსტად და გაშმაგებით ესროდნენ მაუზერებიდან – თავში, მუცელში, მკერდში, ზურგში. სროლის ხმაზე ეზოშიც ატყდა აურზაური.

მაგრამ სროლა ძალზე ცოტა ხანს გაგრძელდა და როგორღაც თავისთავად მიილია. საქმე ის გახლდათ, რომ არც კატასა და არც მოსულებს ტყვია არაფერს ვნებდა. მოკლული კი არა, დაჭრილიც არავინ ჩანდა. ყველას, მათ შორის, კატასაც, ბეწვიც არ შერხევია თავზე.

ერთ-ერთმა მისულთაგანმა ამის შესამოწმებლად ხუთი ტყვია პირდაპირ შუბლში დაახალა კატას, იმანაც მთელი მჭიდი დააცალა და ვითომც არაფერი, ორივე ისევ ფეხზე იდგა. კატა ისევ ჭაღზე იყო გადასკუპებული და ქანაობდა, რატომღაც ბრაუნინგის ლულას სულს უბერავდა და თათზე იფურთხებდა. ქვევით, ჩუმად მდგარებს სახეზე სრული დაბნეულობა დაეტყოთ. ეს იყო ერთადერთი ან ერთი იმ ერთადერთთაგანი შემთხვევა, როცა სროლა სრულიად უშედეგო აღმოჩნდა. შეიძლებოდა ეფიქრათ, რომ კატას სათამაშო ბრაუნინგი ჰქონდა, მაგრამ მისულთა მაუზერებზე ამას ნამდვილად ვერ იტყოდა ვერავინ.



373

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

უკვე ეჭვი აღარც იმაში ეპარებოდათ, რომ კატის პირველი ჭრილობა სხვა არაფერი იყო, თუ არა

ერთ-ერთი ჩვეულებრივი ფოკუსი და ღორული თვალთმაქცობა, ისევე როგორც, ბენზინის დალევა.

კიდევ ერთხელ სცადეს კატის დაჭერა. ქამანდი სტყორცნეს, მაგრამ ქამანდი ნათურას წამოედო, ჭაღი ძირს ჩამოანარცხა. ზრიალმა მთელი სახლი შეძრა. მაგრამ ქამანდის სროლას შედეგი არ მოუტანია. დამსწრეებს ნამსხვრევები შეეყარათ სახეში, კატა კი ჰაერში გაიკლაკნა, ისკუპა და მაღლა, ჭერში, ბუხარზე მდგარი სარკის მოოქრულ ჩარჩოზე ჩამოჯდა. არსად აპირებდა გაქცევას, სულაც პირიქით, შედარებით უხიფათო ადგილას მჯდარმა, კიდევ ერთი შეგონება წარმოთქვა:

– მე, მაგალითად, საერთოდ არ მესმის, – ქადაგებდა მაღლიდან, – რატომ მექცევით ასე უხეშად...

და ანაზდად ეს შეგონება, ვინ იცის, საიდან მონადენმა დაბალმა, შემზარავმა ხმამ გადაფარა:

– რა ხდება ამ ბინაში? მუშაობას აღარ მაცდიან! მეორე, უსიამოვნო და ნიღნიღა ხმამ უპასუხა:

– ეშმაკმა დალახვროს ცხადია, ბეჰემოთი მაიმუნობს! მესამე ჟღრიალა ხმამ კი თქვა:

– მესირ! შაბათია, მზე გადაიწვერა. დრომ მოაწია.

– მაპატიეთ, თქვენთან საუბრის დრო აღარა მაქვს, – მოსულებს სარკიდან ჩამოსძახა კატამ, – ჩვენი წასვლის დროა, – მან ბრაუნინგი მოისროლა, ორი მინა ჩატეხა, შემდეგ იატაკზე ბენზინი მოაქცია, ცეცხლმაც თავისით იფეთქა და ალი ჭერს მიასკდა.

როგორღაც უჩვეულოდ გაჩაღდა ცეცხლი, სწრაფად და ძლიერად, ასე ბენზინიც არ იწვის ხოლმე. მაშინვე შპალერი აბოლდა, ჩამოგდებული ფარდა დანახშირდა და ჩამტვრეული ფანჯრის ჩარჩოები ატკაცუნდა. კატა ზამბარასავით შეიკუმშა, დაიკნავლა, სარკიდან რაფაზე გადაინაცვლა და იმ თავის პრიმუსთან ერთად თვალს მიეფარა. გარედან სროლის ხმა გაისმა. იმ კაცმა, სახანძრო კიბეზე რომ იჯდა, იუველირის ბინის ფანჯრების სიმაღლეზე, კატას ტყვიები დაუშინა, როცა რაფიდან რაფაზე ხტომით, სახლის წყალსადენი



374

თავი ოცდამეშვიდე - No50 ბინის დასასრული

მილისკენ მიხტოდა. ამ მილს კატა სახურავამდე აჰყვა.

იქ, სამწუხაროდ, საკვამურთან მოდარაჯემაც ასევე უშედეგოდ დაახალა ტყვიები და კატა ქალაქზე დაფრქვეული ჩამავალი მზის სხივებში გალღვა.

ამასობაში მოსულთა ფეხქვეშ პარკეტსაც მოედო ალი და ამ ცეცხლში, იმ ადგილას, სადაც თითქოს სასიკვდილოდ დაჭრილი კატა ეგდო, თანდათან თვალნათლივ გამოიკვეთა ყოფილი ბარონი მეიგელის ნიკაპაშვერილი, თვალებჩაყინული გვამი. გვამის გატანა უკვე შეუძლებელი იყო. სასადილო ოთახში მყოფნი ხტუნვა-ხტუნვით, აბოლებულ მკერდსა და მხრებზე ხელების ტყაპატყუპით კაბინეტიდან წინკარში გაცვივდნენ. არც საძინებელ და სასადილო ოთახებში მყოფთ დაუხანებიათ, დერეფნისაკენ გაიქცნენ, მალე იმათაც მოირბინეს, სამზარეულოში რომ იყვნენ და ყველა წინკარში შეჯგუფდა. სასტუმრო ოთახი უკვე ცეცხლითა და კვამლით იყო სავსე. ვიღაცამ ამ გაქცევ-გამოქცევაში სახანძრო ნაწილში დარეკა და ყურმილს ჩასძახა:

– სადოვაია, სამას ოცი ბისი!

მეტი შეყოვნება აღარ შეიძლებოდა. ალი წინკარში გამოიჭრა. სუნთქვა გაჭირდა.

როგორც კი მოჯადოებული სახლის ფანჯრიდან კვამლის პირველი ბოლქვები გამოიჭრა, ეზოში განწირული კივილი გაისმა:

– ხანძარია, ხანძარი, ვიწვით!

სახლის სხვადასხვა სართულზე ხალხი ტელეფონის ყურმილს ჩასძახოდა: – სადოვაია! სადოვაიას სამას ოცი ბისი!

იმ დროს, როცა სადოვაიაზე შემზარავად კიოდნენ ქალაქის ყოველი კუთხიდან სწრაფად მომქროლავი მანქანები, ეზოში მორბენალმა ხალხმა დაინახა, კვამლთან ერთად მეხუთე სართულის ფანჯრებიდან როგორ გამოფრინდა სამი მუქსამოსიანი, როგორც მოეჩვენათ, მამაკაცი და ერთი შიშველი ქალი.



375

თავი ოცდამერვე - კაროვიევისა და ბეჰემოთის უკანასკნელი თავგადასავლები

თავი ოცდამერვე - კაროვიევისა და ბეჰემოთის უკანასკნელი თავგადასავლები

მართლა გამოფრინდა ვინმე თუ ამ წყეული სახლის დაზაფრულ მცხოვრებლებს მხოლოდ ეჩვენებოდათ ეს ყველაფერი, ცხადია, ზუსტად ვერავინ იტყვის. თუმცა, თუ მართლა გამოფრინდნენ, საით გაეშურნენ, არც ეს იცოდა არავინ და ვერც იმას იტყოდნენ დანამდვილებით, სად დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ სადოვაიაზე ხანძრის დაწყებიდან დაახლოებით თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ, სმოლენსკის ბაზარზე, ტორგსინის მაღაზიის სარკისებურ კართან კუბოკრულკოსტიუმიანი მაღალი მოქალაქე გამოჩნდა, თან უზარმაზარი შავი კატა ახლდა.

მოქალაქემ მოხერხებულად უქცია გვერდი გამვლელთ და მაღაზიის კარი გამოაღო. მაგრამ აქ დაბალმა, გაძვალტყავებულმა და რატომღაც მტრულად განწყობილმა შვეიცარმა გზა გადაუღობა და გაღიზიანებულმა უთხრა:

– კატის შეყვანა არ შეიძლება!

– მაპატიეთ, – აჟღრიალდა ეს მაღალი კაცი და გეგონებოდათ, ყრუაო, ყურთან მიიდო ხელი, – თქვენ მითხარით, კატები არ შეიძლებაო, არა? კატას სად ხედავთ?

შვეიცარს ლამის თვალები გადმოსცვივდა და არც იყო გასაკვირი: კარის ნაცვლად ამ მოქალაქის ზურგს უკნიდან თავი გამოყო და მაღაზიისკენ მოიწევდა დახეულკეპიანი, სქელი კაცი, სახით მართლა რომ კატას ჩამოჰგავდა და ხელში პრიმუსი ეჭირა.

ეს ორი რატომღაც თვალში არ მოუვიდა მიზანთროპ შვეიცარს.

– ჩვენ მხოლოდ ვალუტაზე ვვაჭრობთ, – დაიხროტინა და გაბოროტებულმა გამოხედა აფანჩული, თითქოს ჩრჩილით შეჭმული წარბებს ქვემოდან.

– ჩემო კარგო, – აჟღრიალდა აწოწილი მოქალაქე და გაბზარული პენსნედან თვალები დააბრიალა, – დარწმუნებული ხართ, რომ ვალუტა არა მაქვს? თქვენ ალბათ ჩემი ჩაცმულობის მიხედვით მსჯელობთ. ასე როგორ შეიძლება? ჩემო უძვირფასესო მცველო! შეიძლება შეცდეთ და თან ძალიანაც! თქვენ ალბათ კარგა ხანია აღარ წაგიკითხავთ ცნობილი ხალიფა ჰარუნ ალ-რაშიდის თავგადასავალი. აბა, ერთი კიდევ გადაიკითხეთ. მაგრამ ამჯერად, თუკი ამ ამბავს ვერ გაიხსენებთ, ის მაინც მინდა გითხრათ, რომ გამგესთან



376

თავი ოცდამერვე - კაროვიევისა და ბეჰემოთის უკანასკნელი თავგადასავლები

გიჩივლებთ და ისეთ ამბებს მოვახსენებ თქვენზე, იქნებ ეს ბრჭყვიალა კარიც უკან მოგატოვებინონ.

– მე იქნებ პრიმუსი ვალუტით მაქვს სავსე, – საუბარში ჩაერია კატისმაგვარი, მსუქანი მოქალაქე, თავაღერილი პირდაპირ მაღაზიისკენ რომ მიიწევდა. მის უკან უკვე ხალხს მოეყარა თავი და ყაყანებდა. შვეიცარმა ზიზღით და ეჭვით შეათვალიერა ეს უცნობები, გვერდი უტია და ჩვენი ნაცნობი კაროვიევი და ბეჰემოთი მაღაზიაში აღმოჩნდნენ.

აქ, უპირველესად, მაღაზია მოათვალიერეს, შემდეგ კი, კაროვიევმა მჭახე ხმით, ისე, რომ ყოველ კუთხე-კუნჭულში გაეგოთ, განაცხადა:

– შესანიშნავი მაღაზიაა! ძალიან, ძალიან კარგი მაღაზიაა!

დახლებთან შეგროვილი ხალხი შემობრუნდა და რატომღაც გაოცებული შეაცქერდა ორატორს, თუმცა მაღაზიის შესაქებად მას ყველა საბაბი გააჩნდა:

ძვირფასი შეფერილობის ასობით ჩითი იწონებდა თავს თაროებზე. გაყოლებაზე მიტკალი, შიფონი და ფრაკის მაუდი დაეხვავებინათ. თვალის გასაწვდენზე ფეხსაცმლის ყუთები აეხოხოლავებინათ, იქვე, დაბალ სკამებზე ქალები ისხდნენ, მარჯვენა ფეხზე ძველი, ნახმარი ფეხსაცმელი ეცვათ, მარცხენაზე კი – ახალთახალი, გაზიზინებული „ლოდოჩკები“ და ფეხებს გულდაგულ უბაგუნებდნენ ნოხს. სადღაც, სიღრმეში, მოსახვევს იქით, პატეფონის ხმა ისმოდა.

მაგრამ კაროვიევმა და ბეჰემოთმა ამ თვალისმომჭრელ სანახაობას გვერდი აუარეს და პირდაპირ გასტრონომიული და საკონდიტრო განყოფილებისკენ გაეშურნენ. აქ უფრო სიხალვათე იყო, თავსაფრიანი და ბერეტიანი ქალები დახლებს ისე არ აწყდებოდნენ, როგორც ფართლეულის განყოფილებაში.

დაბალი, ერთიანად კვადრატული, კანის გალურჯებამდე გაპარსული, რქისსათვალიანი მამაკაცი, ჯერ დაულაქავებელი და დაუჭმუჭნავი შლაპა რომ ეხურა, იისფერი პალტო და ლაქის ჟღალი ხელთათმანები ეცვა, დახლთან იდგა და რაღაცას მბრძანებლურად ზმუოდა. თეთრხალათიანი და ცისფერქუდიანი გამყიდველი დახლის მეორე მხარეს იდგა და ამ იისფერპალტოიანს ემსახურებოდა. ბასრი დანით, ასე ძალიან რომ ჩამოჰგავდა ლევი მათეს მიერ მოპარულ დანას, ქონიან, აცრემლებულ, ვარდისფერ ზუთხს აცლიდა გველივით მოვერცხლილ კანს.



377

თავი ოცდამერვე - კაროვიევისა და ბეჰემოთის უკანასკნელი თავგადასავლები

– ესეც დიდებული განყოფილებაა, – საზეიმოდ აღიარა კაროვიევმა, – ეს უცხოელიც სასიამოვნო კაცი ჩანს, – თქვა და კეთილად გაიშვირა ხელი იასამნისფერი ზურგისაკენ.

– არა, ჩემო ფაგოტ, არა, – უპასუხა დაფიქრებულმა ბეჰემოთმა, – მგონი, ცდები, მეგობარო.

ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, იმ იისფერპალტოიან ჯენტლმენს რაღაც უსიამოვნო სახე აქვს.

იისფერი ზურგი შექანდა, მაგრამ ალბათ შემთხვევით, რადგან, აბა, უცხოელი ხომ ვერ გაიგებდა, რუსულად რას ლაპარაკობდნენ კაროვიევი და მისი თანამგზავრი.

– კარგია? – მკაცრად იკითხა იისფერმა კლიენტმა.

– მაგარია, – უპასუხა გამყიდველმა და კეკლუცად განაგრძო ბასრი დანით კანის ათლა.

– კარგი მიყვარს, ცუდი – არა, – მკაცრად ამბობდა უცხოელი.

– რა თქმა უნდა! – პასუხობდა აღფრთოვანებული გამყიდველი.

ჩვენი ნაცნობები ზუთხით დაინტერესებულ უცხოელს მოსცილდნენ და საკონდიტრო დახლს მიუახლოვდნენ.

– როგორ ცხელა, – ახალგაზრდა, წითელლოყება გამყიდველ ქალიშვილს მიმართა კაროვიევმა, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, ჰკითხა, – მანდარინი რა ღირს?

– კილო 30 კაპიკი, – უპასუხა გამყიდველმა.

– მაინც იკბინება, – ამოიოხრა კაროვიევმა, – ეჰ, ეჰ... – ცოტა ხანს დაფიქრდა, შემდეგ თანამგზავრი დაპატიჟა, – მიირთვი.

იმ სქელმა კაცმა პრიმუსი იღლიაში ამოიჩარა, პირამიდასავით ახოხოლავებული მანდარინის გროვიდან ზედა მანდარინს დაეპატრონა, თვალის დახამხამებაში გადასანსლა და ახლა მეორეს მისწვდა.

გამყიდველი თავზარდამცემმა შიშმა მოიცვა.

– ჭკუიდან ხომ არ შეიშალეთ! – იყვირა მან და აფაკლული ლოყები გაუმტკნარდა, –



378

თავი ოცდამერვე - კაროვიევისა და ბეჰემოთის უკანასკნელი თავგადასავლები

ჩეკი მომეცით! ჩეკი! – ისე ყვიროდა გამყიდველი, ხელიდან კანფეტების ასაღები ნიჩაბიც კი გაუვარდა.

– ძვირფასო, საყვარელო, მშვენიერო, – აქშიტინდა კაროვიევი, დახლზე გადაწვა და გამყიდველს თვალი ჩაუკრა, – დღეს ვალუტა გამოგველია... რას იზამ! ხდება ხოლმე. გეფიცებით, შემდეგში, არა უგვიანეს ორშაბათისა, ნაღდ ვალუტას მოგიტანთ, აქვე ვცხოვრობთ, სადოვაიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა.

ბეჰემოთს უკვე მესამე მანდარინი გადაეყლაპა და ახლა შოკოლადისგან აკოწიწებულ უცნაურ კოშკში ყოფდა თათს. იქიდან ერთი ქვედა ფილა გამოაძვრინა, რის გამოც, ცხადია, მთელი კოშკი ჩამოშვავდა, თავად კი, ოქროს ქაღალდი არც შემოუხსნია, ისე გადასანსლა მთელი ფილა.

თევზის განყოფილების გამყიდველებს დანები ხელში შეაცივდათ, იისფერპალტოიანი უცხოელი მძარცველებისკენ შემობრუნდა და მაშინვე ცხადი გახდა, რომ ბეჰემოთი ცდებოდა: რაღაც უსიამოვნო სახე კი არ ჰქონდა, არამედ ზედმეტად გადატვირთული – ჩამოტომრილი ლოყები და გაცეცებული თვალები.

ერთიანად გაგიჟებულმა გამყიდველმა კივილით გააყრუა მაღაზია:

– პალოსიჩ! პალოსიჩ!

ხალხი ფართლეულის განყოფილებიდან საკონდიტროს მიაწყდა, ბეჰემოთიც საცდურს გაეცალა, ახლა თათი კასრში ჩაყო, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა: „ქერჩის ქაშაყი, ნარჩევი“. ორი ქაშაყი ამოათრია, პირში გამოისვა და კუდები გამოაპურჭყა.

– პალოსიჩ! – განწირული კივილი განმეორდა საკონდიტრო დახლიდან, თევზის განყოფილებიდან კი გამყიდველმა დაიბღავლა:

– რა დღეში ხარ, შე არამზადავ!

პაველ იოსიფოვიჩი უკვე შემთხვევის ადგილისაკენ მიიჩქაროდა. წარმოსადეგი კაცი იყო, ქირურგივით სუფთა, თეთრი ხალათი ეცვა და გულის ჯიბიდან ფანქრის თავი მოუჩანდა. ეტყობოდა, გვარიანად იყო გამოჯეგილი ამგვარ საქმეებში. ბეჰემოთის პირიდან გამოჩრილ მესამე ქაშაყის კუდს რომ ჰკიდა თვალი, მაშინვე ყველაფერს მიხვდა, მდგომარეობა მაშინვე შეაფასა, თავხედებს არ შელაპარაკებია, სადღაც სიღრმისკენ გაიქნია ხელი და ბრძანა:



379

თავი ოცდამერვე - კაროვიევისა და ბეჰემოთის უკანასკნელი თავგადასავლები

– ჩასტვინე!

პრიალა კარი გაიღო, სმოლენსკის ბაზრის კუთხეს შვეიცარი მიაწყდა და ავისმომასწავებელი სტვენა ატეხა. ხალხი გარს შემოერტყა ავაზაკებს და მაშინ საქმეში კაროვიევი ჩაერთო:

– მოქალაქენო! – აკანკალებული, ჟღრიალა ხმით იყვირა მან, – ეს რა ხდება? გამაგებინეთ?! ნება მიბოძეთ, გკითხოთ! ეს უბედური ადამიანი, – კაროვიევს უფრო აუკანკალდა ხმა და ბეჰემოთზე მიუთითა, რომელმაც მაშინვე სატირლად გადმობრუცა ტუჩი, – ეს უბედური ადამიანი მთელ დღეს პრიმუსების შეკეთებას ანდომებს. ახლა მოშივდა... სად ჯანდაბიდან უნდა მოგიტანოთ ეს ვალუტა?

პაველ იოსიფოვიჩმა, საერთოდ თავშეკავებულმა და მშვიდმა კაცმა, პასუხად მკაცრად დაუყვირა:

– შენ მაგეებს მოეშვი! – და ხელი კიდევ ერთხელ აიქნია. კარიდან უფრო განწირული სტვენა გაისმა.

მაგრამ კაროვიევს არაფრად ჩაუგდია პაველ იოსიფოვიჩის ნათქვამი და განაგრძო:

– საიდან? ყველას გეკითხებით! ამ კაცს შიმშილი და წყურვილი აწუხებს! სცხელა და მერე რა მოხდა, თუ ამ უბედურმა, ერთი მანდარინი აიღო გასასინჯად? ბოლოს და ბოლოს, სამი კაპიკი ღირს, მეტი ხომ არა. ამათ კი ისეთი სტვენა ატეხეს, გაზაფხულის ბულბულები გეგონება კაცს. ცალკე მილიციას აწუხებენ და საქმის კეთებას არ აცდიან. აი, ამისთვის ხომ შეიძლება ჭამა? ჰა? – თქვა კაროვიევმა და იმ იისფერპალტოიან უცხოელზე მიუთითა, რის გამოც მითითებულს საშინელი თავზარდაცემა გამოეხატა სახეზე, – ეს ვინ არის? ერთი მითხარით, ვის დაჰკარგვია? საიდან ჩამოვიდა? რატომ? ვეხვეწებოდით, ჩამოდიო? დავპატიჟეთ? ცხადია – არა, – მთელი ხმით ღრიალებდა დამცინავად პირმოქცეული ყოფილი რეგენტი, – მაგას იისფერი პალტო აცვია, ზუთხის ჭამით არის გასივებული, ჯიბეებიც ვალუტით აქვს გაძეძგილი, ჩვენ რაღა ვქნათ?! გული მტკივა, ამხანაგებო! გული მტკივა! ძალიან მტკივა! – აქვითინდა კაროვიევი.

ამ სულელურმა, უტაქტო და ალბათ პოლიტიკურად გაუმართლებელმა გამოსვლამ პაველ იოსიფოვიჩი ძალიან განარისხა, მაგრამ, მისდა გასაოცრად, ირგვლივ შემოჯარულ საზოგადოებას შეეტყო, რომ უმეტესობა კაროვიევის ნათქვამს იზიარებდა. ხოლო როცა



380

თავი ოცდამერვე - კაროვიევისა და ბეჰემოთის უკანასკნელი თავგადასავლები

ბეჰემოთმა ტურტლიანი, იდაყვგამოხეული ხელი თვალთან მიიტანა და ტრაგიკულად წარმოთქვა:

– გმადლობ, ერთგულო მეგობარო, ჩაგრული ადამიანი რომ დაიცავი! – სასწაული მოხდა. ერთი სასიამოვნო შესახედაობის, ღარიბულად, მაგრამ სუფთად ჩაცმული ჩუმი ბერიკაცი, რომელიც ნუშის სამ ნამცხვარს ყიდულობდა საკონდიტრო განყოფილებაში, უცებ გარდაიქმნა, თვალებში ბრძოლის ცეცხლი გაუკრთა, სახე წამოენთო, გახვეული ნამცხვარი იატაკზე დაანარცხა და იყვირა:

– მართალია! – წვრილი, ბავშვური ხმა ჰქონდა. შემდეგ სინი აიტაცა, იქიდან ბეჰემოთის მიერ ჩამოშვავებული შოკოლადის ეიფელის კოშკის ნარჩენები გადმოხვეტა, აიქნია, მარჯვენა ხელით უცხოელს შლაპა მოჰგლიჯა თავიდან, მარცხენით კი სინი ბრტყლად დასცხო მოტვლეპილ თავში. ისეთი ხმა გაისმა, როგორც სატვირთო მანქანიდან გადმოყრილ ფურცლოვან რკინას აქვს ხოლმე. ერთ წუთში ფერმიმქრალი უცხოელი გულაღმა გადავარდა, ქერჩული ქაშაყის კასრში ჩაჯდა და წათხის შადრევანი გადმოაფრქვია იატაკზე. აქვე მეორე სასწაულიც მოხდა. კასრში ჩამხობილმა იისფერპალტოიანმა უცხოელმა სუფთა რუსულით, უაქცენტოდ და სიტყვების დაუმახინჯებლად იყვირა:

– მკლავენ! მილიცია! ბანდიტები მკლავენ! – ალბათ ტვინის შერყევისთანავე შეძლო მისთვის სრულიად უცხო ენაზე ლაპარაკი.

სწორედ ამ დროს სტვენაც შეწყდა და აღელვებულ მყიდველთა ბრბოში გამკრთალი ორი მილიციელიც მოახლოვდა. მაგრამ იმ ავაზაკმა ბეჰემოთმა პრიმუსიდან საკონდიტრო დახლზე ბენზინი მოაქცია, როგორც აბანოებში სათლიდან მოაქცევენ ხოლმე წყალს, და ბენზინიც თავისთავად აალდა. ცეცხლის ენები ჭერს აასკდა და დახლებს დაუყვა, ერთ წუთში გადაყლაპა ხილის კალათებზე დაკოსებული ქაღალდის ყვავილები. გამყიდველები წივილ- კივილით გამოცვივდნენ დახლებიდან და მათი გამოცვენისთანავე ფანჯრებზე ჩამოფარებული ტილოს ფარდები აბურბურდა, იატაკსაც ცეცხლი მოედო. მყიდველები კივილით გაცვივდნენ კარისაკენ, აწ უკვე არაფრის მაქნისი პაველ იოსიფოვიჩი გადაქელეს, ბასრდანიანი გამყიდველებიც კი უკანა კარისკენ მირბოდნენ; კასრიდან ამოძრობილი, თავით ფეხამდე ქაშაყის წათხში ამოვლებული იისფერპალტოიანი დახლზე დახვავებულ გოჯის გროვას გადაევლო და გამყიდველთა კვალს მიჰყვა. თავის გადასარჩენად გასასვლელს მიმწყდარი ხალხის მიწოლოთ პრიალა კარის მინები აზრიალდა და ძირს ჩამოემხო. ის ორი ავაზაკი კი – კაროვიევი და მუცელღმერთა ბეჰემოთი – სადღაც გაქრნენ, მაგრამ სად, ვერ გაარკვევდით.



381

თავი ოცდამერვე - კაროვიევისა და ბეჰემოთის უკანასკნელი თავგადასავლები

ცოტა მოგვიანებით, სმოლენსკის ბაზარზე, ტორგსინში დაწყებული ხანძრის მნახველი მოქალაქეები ყვებოდნენ, თითქოს ორივე ხულიგანი ჭერში აფრენილიყო და იქ გამსკდარიყვნენ საჰაერო ბუშტებივით. ცხადია, საეჭვოა, საქმე ასე წარმართულიყო, მაგრამ, რაც არ გვინახავს, ვერ დავიჟინებთ.

თუმცა ის კი ვიცით დანამდვილებით, რომ სმოლენსკის ბაზარზე მომხდარი ამბებიდან ზუსტად ერთი წუთის შემდეგ ბეჰემოთი და კაროვიევი უკვე ხეივნის ტროტუარზე მიაბიჯებდნენ, სწორედ გრიბოედოვის დეიდის სახლის სიახლოვეს. კაროვიევი ღობესთან შედგა და თქვა:

– ოჰო! ეს ხომ მწერალთა სახლია. იცი, ჩემო კარგო, რამდენი ხოტბა მსმენია ამ სახლზე. ერთი კარგად დააკვირდი ამ სახლს! რაოდენ სასიამოვნოა იმის გაფიქრებაც კი, რომ ამ ჭერქვეშ თავს აფარებს და ხარობს ტალანტების მთელი არმია.

– როგორც ანანასები ორანჟერეაში, – თქვა ბეჰემოთმა და უფრო უკეთ რომ დამტკბარიყო სვეტებიანი, სპილოსძვლისფერი შენობით, თუჯის ღობის ბეტონის საძირკველზე აძვრა.

– სიმართლეს ამბობ, – თავის მუდმივ თანამგზავრს დაეთანხმა კაროვიევი, – გული ტკბილად მეწურება, როცა ვფიქრობ, რომ ამ სახლში სადაცაა მომწიფდება „დონ-კიხოტის“,

„ფაუსტის“ ან, ეშმაკმა წამიღოს, „მკვდარი სულების“ ავტორი! ო-ჰო-ჰო! გასაგიჟებელია!

– ამაზე ფიქრიც კი მაშინებს, – კვლავ დაეთანხმა ბეჰემოთი.

– დიახ, – განაგრძო კაროვიევმა, – საოცარ ამბებს უნდა ველოდეთ ამ სახლის სათბურიდან, თავის ჭერქვეშ რამდენიმე ათასი მოღვაწე რომ შეუფარებია, ის ხალხი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, სიცოცხლე შესწიროს მელპომენეს, პოლიმნიას და თალიას. წარმოიდგინე, რა ამბავი ატყდება, როცა რამდენიმე მათგანი დასაწყისისათვის საზოგადოებას „რევიზორს“ წარუდგენს ან, უკიდურეს შემთხვევაში, „ევგენი ონეგინს“.

– რატომაც არა! – ისევ დაეთანხმა ბეჰემოთი.

– დიახ, – განაგრძო კაროვიევმა და თითი აღმართა, – მაგრამ! ვამბობ და ვიმეორებ –

„მაგრამს“! ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ სათბურის ამ ნაზ მცენარეებს რომელიმე მიკროორგანიზმი არ შეესევა, ძირშივე არ გადაუჭრის ფესვებს და არ დაალპობს! ასეთი რამ



382

თავი ოცდამერვე - კაროვიევისა და ბეჰემოთის უკანასკნელი თავგადასავლები

ანანასებს ხშირად ემართებათ ხოლმე! ოჰ, ოჰ, ოჰ, რა ხშირად ემართებათ!

– მართალია, – თქვა ღობეში თავშეყოფილმა ბეჰემოთმა, – ხომ არ იცი, ამ ვერანდაზე რას აკეთებენ?

– სადილობენ, – განუმარტა კაროვიევმა, – იმასაც დავძენ, ჩემო ძვირფასო, რომ აქ ძალიან კარგი და იაფფასიანი რესტორანია, მე კი, სხვათა შორის, როგორც ყველა ტურისტი, წინ შორი გზა რომ უდევს, დიდი სიამოვნებით წავიხემსებდი და ერთ კათხა ცივ ლუდსაც ზედ დავაყოლებდი.

– არც მე ვიტყოდი უარს, – უთხრა ბეჰემოთმა და ორივე ავაზაკი მოასფალტებულ გზას გაუყვა ვერანდისკენ. იმ რესტორანში დააპირეს შესვლა, ჯერ რომ ვერ გრძნობდა უბედურების მიახლოებას.

ფერმკრთალი, მოწყენილი ქალი, თეთრი წინდითა და თეთრი ბერეტით, ვერანდის შესასვლელში, ვენურ სკამზე იჯდა, იქ, სადაც სიმწვანეში კარი იყო დატანებული. მის წინ, უბრალო სამზარეულო მაგიდაზე, საკანცელარიოსდარი სქელი წიგნი იდო, რომელშიც ეს ქალი, ვინ იცის, ვისთვის და რატომ, რესტორანში შემსვლელთა გვარებს იწერდა. სწორედ ამ ქალმა შეაჩერა კაროვიევი და ბეჰემოთი.

– თქვენი მოწმობები? – ქალი გაოცებული მისჩერებოდა კაროვიევის პენსნეს, ბეჰემოთის პრიმუსს და კიდევ ბეჰემოთის გამოხეულ სახელოს.

– ათასგზის გიხდით ბოდიშს, მაგრამ რომელი მოწმობები გნებავთ? – ჰკითხა გაოცებულმა კაროვიევმა.

– თქვენ მწერლები ხართ? – თავის მხრივ დაეკითხა ქალი. – ცხადია, – ღირსეულად უპასუხა კაროვიევმა.

– თქვენი მოწმობები? – გაიმეორა ქალმა.

– ჩემო მშვენიერო... – ნაზად დაიწყო კაროვიევმა.

– მე მშვენიერი არ გახლავართ, – შეაწყვეტინა ქალმა.

– ო, რა საწყენია, – თქვა იმედგაცრუებულმა კაროვიევმა და განაგრძო, – რას იზამთ,



383

თავი ოცდამერვე - კაროვიევისა და ბეჰემოთის უკანასკნელი თავგადასავლები

თუ არ გსურთ მშვენიერი იყოთ, რაც ძალზე სასიამოვნო იქნებოდა, შეგიძლიათ, არც იყოთ. მაშასადამე, იმაში დასარწმუნებლად, დოსტოევსკი მწერალია თუ არა, აუცილებლად მისი მოწმობა უნდა ნახოთ? წაიკითხეთ მისი ნებისმიერი ხუთი გვერდი ნებისმიერი მისი რომანიდან და ყოველგვარი მოწმობის გარეშეც დარწმუნდებით, რომ მწერალთან გაქვთ საქმე. თუმცა, მგონი, იმას არავითარი მოწმობა არ ჰქონია! შენ როგორ გგონია, ბეჰემოთ? – მეგობარს მიმართა კაროვიევმა.

– სანაძლეოს დავდებ, არ ჰქონია, – უპასუხა მან, პრიმუსი მაგიდაზე, წიგნის გვერდით ჩამოდგა და გამჭვარტლულ შუბლზე ოფლი შეიწმინდა.

– თქვენ დოსტოევსკი არა ხართ, – უპასუხა კაროვიევის ლაქლაქით თავგაბეზრებულმა ქალმა.

– ეგ ვინ იცის, ვინ იცის – უპასუხა კაროვიევმა.

– დოსტოევსკი მკვდარია, – თქვა ქალმა, მაგრამ არც მთლად დარწმუნებით. – პროტესტს ვაცხადებ, – წამოიძახა ბეჰემოთმა, – დოსტოევსკი უკვდავია!

– თქვენი მოწმობები, მოქალაქეებო! – დაიჟინა ქალმა.

– ბოლოს და ბოლოს, ეს უკვე სასაცილოა, – არ ნებდებოდა კაროვიევი, – მწერალი მოწმობებით კი არ მოწმდება, არამედ იმით, თუ რას წერს! თქვენ რა იცით, რა აზრები მიბზუის ამ თავში! ან აი, ამ თავში! – და მან ბეჰემოთის თავზე მიუთითა, საიდანაც ბეჰემოთმა მაშინვე კეპი მოიშვლიპა, თითქოს ეწადა, ქალისთვის საშუალება მიეცა, უკეთ შეეთვალიერებინა მისი თავი.

– მოქალაქეები გაატარეთ, – უკვე ნერვიულად თქვა ქალმა.

კაროვიევი და ბეჰემოთი გვერდზე გადგნენ და რომელიღაც მწერალი გაატარეს, ნაცრისფერი კოსტიუმი და საზაფხულო თეთრი პერანგი რომ ეცვა, რომლის საყელოც ფართოდ გადმოეფინა პიჯაკზე და იღლიაში გაზეთი ამოეჩარა. მწერალი მეგობრულად მიესალმა ქალს, მოწოდებულ წიგნს შეუჩერებლად გაჰკრა კალამი და ვერანდაზე ავიდა.

– ვაი, რომ არა ჩვენ, არა ჩვენ! – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა კაროვიევმა, – ჩვენ კი არა, მას ერგება ის ერთი კათხა ლუდი, რომელზეც უბედური მაწანწალები ვოცნებობდით.



384

თავი ოცდამერვე - კაროვიევისა და ბეჰემოთის უკანასკნელი თავგადასავლები

ჩვენი მდგომარეობა სამწუხაროა და რთული, აღარც კი ვიცი, რა ვიღონო.

ბეჰემოთმა მხოლოდ მწარედ აიჩეჩა მხრები და კეპი ისევ ჩამოიფხატა თმახშირ, მრგვალ თავზე, ასე ძალიან რომ ჩამოჰგავდა კატის თავს. და იმავ წამს ქალის სიახლოვეს მბრძანებლური ხმა გაისმა:

– სოფია პავლოვნა, გამოატარეთ.

წიგნთან მჯდარი ქალი გაოცდა. სიმწვანეში ფლიბუსტიერის ფრაკის თეთრი მკერდი და წამახული წვერი გამოჩნდა. ის მეგობრულად შესცქეროდა ამ ორ საეჭვოდ ჩამოძენძილ კაცს და, უფრო მეტიც, თავაზიანადაც კი ეპატიჟებოდა. არჩიბალდ არჩიბალდოვიჩის ავტორიტეტი ისე მნიშვნელოვნად იგრძნობოდა მის მიერ მართულ რესტორანში, რომ სოფია პავლოვნამ მხოლოდ მორჩილად ჰკითხა კაროვიევს:

– თქვენი გვარი?

– პანაევი, – თავაზიანადვე უპასუხა კაროვიევმა.

ქალმა გვარი ჩაიწერა და ახლა ბეჰემოთს მიაჩერდა მომლოდინედ.

– სკაბიჩევსკი, – დაიწრიპინა მან და რატომღაც პრიმუსზე მიუთითა. სოფია პავლოვნამ ეს გვარიც ჩაიწერა და მომსვლელებს ხელის მოსაწერად მიუჩოჩა წიგნი. კაროვიევმა „პანაევის“ გასწვრივ მოაწერა „სკაბიჩევსკი“, ბეჰემოთმა კი „სკაბიჩევსკის“ გაყოლებაზე – „პანაევი“.

არჩიბალდ არჩიბალდოვიჩი, სოფია პავლოვნას გასაოცრად, მომხიბლავი ღიმილით მიუძღვებოდა სტუმრებს ვერანდის მოპირდაპირე მხარეს, საუკეთესო მაგიდისაკენ, სადაც სქლად იწვა ჩრდილი, ირგვლივ კი სიმწვანეში შემოღწეული მზის ათინათი ციალებდა მხიარულად. გაოცებისაგან თვალებახამხამებული სოფია პავლოვნა დიდხანს დასცქეროდა ამ მოულოდნელი სტუმრების დანატოვარ უცნაურ ჩანაწერს.

ოფიციანტი სოფია პავლოვნაზე ნაკლებ როდი გააოცა არჩიბალდ არჩიბალდოვიჩის ქცევამ. მან პირადად გამოსწია მაგიდასთან მიდგმული სკამი, კაროვიევს სთხოვა დაბრძანებულიყო, ერთ ოფიციანტს თვალი ჩაუკრა, მეორეს რაღაც ჩასჩურჩულა და ორივე სტუმრების მაგიდასთან დააბზრიალა, რომელთაგან ერთმა იღლიაში ამოჩრილი პრიმუსი თავისი აჭრელებული ფეხსაცმლის გვერდით დადგა იატაკზე. მაგიდიდან თვალის



385

თავი ოცდამერვე - კაროვიევისა და ბეჰემოთის უკანასკნელი თავგადასავლები

დახამხამებაში გაქრა დალაქავებული, ერთხელ უკვე ნახმარი სუფრა, ჰაერში სახამებლის ტკაცანით გაიშალა ბედუინის საფარველივით ახალთახალი და ქათქათა სუფრა, არჩიბალდ არჩიბალდოვიჩი კი უკვე კაროვიევის ყურთან დახრილიყო და ჩუმად, მაგრამ ძალზე მრავლისმეტყველად ეჩურჩულებოდა:

– რას ინებებთ? არაჩვეულებრივი ზურგიელი მაქვს... არქიტექტორთა ყრილობას გამოვგლიჯე...

– ჯერ... ე... საუზმე მოგვიტანეთ... ე... – ჩაიზმუილა კმაყოფილმა კაროვიევმა და სკამზე გადაიშხლართა.

– მესმის, – მრავლისმეტყველად უპასუხა თვალმილულულმა არჩიბალდ არჩიბალდოვიჩმა.

ოფიციანტებმა შენიშნეს, როგორი მოწიწებით ექცეოდა ამ საეჭვო სტუმრებს რესტორნის შეფი, ამიტომ თვითონაც დაფაცურდნენ და გულდაგულ შეუდგნენ საქმეს. ერთი ანთებულ ასანთს აწოდებდა ბეჰემოთს, როგორც კი მან ჯიბიდან ნამწვი ამოიღო და პირში გაიჩარა, მეორე რაწკარუწკით მოარბენინებდა მწვანე მინის ჭიქებსა და მაღალფეხიან ორთომელებს, საიდანაც ასე კარგად ისმება... თუმცა, მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, შევცდი... ისმებოდა „ნარზანი“ გრიბოედოვის იმ დაუვიწყარ ვერანდაზე.

– შემიძლია გარეული ქათმის სუკებით გაგიმასპინძლდეთ, – მუსიკალურად კრუტუნებდა არჩიბალდ არჩიბალდოვიჩი. პენსნეგაბზარული სტუმარიც ნეტარებით იწონებდა გემის ატამანის თავაზიანად შეთავაზებულს და ყოვლად უმაქნისი მინიდან კეთილად გამოსცქეროდა.

მეზობელ მაგიდასთან, მეუღლესთან ერთად სადილად მჯდარმა ბელეტრისტმა პეტრაკოვ-სუხავოიმ, ღორის ესკალოპს რომ მიირთმევდა, მწერლებისათვის ესოდენ დამახასიათებელი ალღოთი შენიშნა არჩიბალდ არჩიბალდოვიჩის თავგამოდება და ძალზე, ძალზე გაოცდა. მისმა მეუღლემ კი, ერთობ პატივსაცემმა ქალბატონმა, კაროვიევზე იეჭვიანა კიდეც და კოვზი აარაწკუნა თეფშზე... – აქაოდა, რატომ გვაყოვნებთო!. . ნაყინის მოტანის დროა, რას ჰგავს, ბოლოს და ბოლოსო!

მაგრამ არჩიბალდ არჩიბალდოვიჩმა პეტრაკოვას მხოლოდ მომხიბლავი ღიმილი სტყორცნა, ოფიციანტი გაუგზავნა, თვითონ კი ძვირფას სტუმრებთან დარჩა. ეჰ, ჭკვიანი კაცი



386

თავი ოცდამერვე - კაროვიევისა და ბეჰემოთის უკანასკნელი თავგადასავლები

იყო არჩიბალდ არჩიბალდოვიჩი! და არც ამ მწერლებზე ნაკლებად ჰქონდა გუმანი გამახვილებული! არჩიბალდ არჩიბალდოვიჩმა იცოდა ვარიეტეში ჩატარებული სეანსის შესახებ, ამ უკანასკნელ დღეებში მომხდარი მრავალი უსიამოვნებისთვისაც მოეკრა ყური. ყური მოეკრა, მაგრამ მრავალთაგან განსხვავებით, ცალ ყურში არ შეეშვა და მეორიდან არ გამოეშვა სიტყვა „კუბოკრული“, „კატა“. არჩიბალდ არჩიბალდოვიჩი თვალის შევლებისთანავე მიხვდა, ვინ იყვნენ მისი სტუმრები. და რაკი მიხვდა, ცხადია, არც მათთან ჩხუბი დაუპირებია. ეს სოფია პავლოვნაც კარგი ვინმეა! სულელი უნდა იყო ადამიანი, რომ ეს ორი ვერანდაზე არ შემოუშვა? თუმცა, რა უნდა მოჰკითხო? პეტრაკოვა ამაყად არჭობდა კოვზს უკვე გამდნარ ნაღების ნაყინში და უკმაყოფილოდ გასცქეროდა ამ ღვთის გლახებივით ჩაცმული ორი მოქალაქის მაგიდას, თვალის დახამხამებაში, თითქოს ჯადოსნური კვერთხი აიქნიეს, ისე რომ ივსებოდა ნუგბარი საჭმელით. სუფთად გარეცხილი სალათის ფოთლები უკვე ბზინავდა ხიზილალის თეფშებიდან... წამიც და საგანგებოდ მიდგმულ პატარა მაგიდაზე დაცვარული ვერცხლის თასიც გაჩნდა...

მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ყველაფერი წესით და რიგით მიდიოდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოფიციანტმა თავდახურული, აშიშხინებული ტაფით გვერდზე ჩაუქროლა, აი, მხოლოდ ამის შემდეგ მისცა თავს უფლება არჩიბალდ არჩიბალდოვიჩმა, ეს ორი იდუმალი სტუმარი მიეტოვებინა, ოღონდ წინასწარ ბოდიში მაინც მოუხადა:

– უნდა მომიტევოთ! სულ ერთი წუთით დაგტოვებთ! მე თვითონ მივხედავ სუკებს!

ის მაგიდას მოსცილდა და რესტორნის შიდა დერეფანში გაუჩინარდა. ვინმე მოთვალთვალეს არჩიბალდ არჩიბალდოვიჩისათვის რომ მიედევნებინა მზერა, ცხადია, აუცილებლად გაოცდებოდა.

შეფი სამზარეულოსკენ კი არ წასულა სუკების მისახედად, არამედ რესტორნის საკუჭნაოსკენ აიღო გეზი. კარი საკუთარი გასაღებით გააღო, შესვლისთანავე შიგნიდან ჩაკეტა, ყინულიანი თასიდან ფრთხილად, ისე, რომ მანჟეტები არ დაესვარა, ორი კარგა მსუქანი ზურგიელი ამოიღო, გაზეთში გაახვია, გულმოდგინედ გადაკრა თოკით და გვერდზე გადადო. შემდეგ მეზობელ ოთახში შეამოწმა, ადგილზე იყო თუ არა მისი საზაფხულო პალტო და შლაპა, და მხოლოდ ამის შემდეგ ავიდა სამზარეულოში, სადაც მზარეული გულმოდგინედ ჭრიდა სტუმრებისათვის სუკებს.

უნდა ითქვას, რომ არჩიბალდ არჩიბალდოვიჩის მოქმედებაში საოცარი და გამოუცნობი არაფერი იყო და საოცრებად ამ მოქმედებას მხოლოდ საქმეში ჩაუხედავი მოთვალთვალე



387

თავი ოცდამერვე - კაროვიევისა და ბეჰემოთის უკანასკნელი თავგადასავლები

მიიჩნევდა. არჩიბალდ არჩიბალდოვიჩის ქცევა სრულიად ლოგიკურად გამომდინარეობდა ადრე მომხდარი ამბებიდან. უკანასკნელ მოვლენათა ცოდნა და, რაც მთავარია – იგავმიუწვდენი ყნოსვა კარნახობდა გრიბოედოვის რესტორნის დირექტორს, რომ ამ ორი სტუმრის სადილი მდიდრული და მრავალფეროვანი კი იქნებოდა, მაგრამ დიდხანს არ გასტანდა.

იმ დროს, როცა კაროვიევი და ბეჰემოთი შესანიშნავი, მოსკოვური ორნახადი არყით სავსე ჭიქებს მეორედ უჭახუნებდნენ ერთმანეთს, ვერანდაზე აქელებული და ოფლგადამსკდარი ქრონიკიორი ბობა კანდალუპსკი გამოჩნდა, რომელიც მოსკოვში თავისი გასაოცარი ყოვლისმცოდნეობით იყო ცნობილი, და მოსვლისთანავე პეტრაკოვებს მოუჯდა. ბობამ მაგიდაზე დადო თავისი გაძეძგილი პორტფელი, ტუჩები ყურთან მიუტანა პეტრაკოვს და რაღაც ძალზე გასაოცარი ამბების ჩურჩულს მოჰყვა. მაგრამ პეტრაკოვამ, აქამდე რომ ცნობისმოყვარეობით ითანგებოდა, თავისი ყურიც მიუშვირა ბობას სქელ, ქონიან ტუჩებს. ბობა დროდადრო თვალს ავლებდა რესტორანს და ჩურჩულს განაგრძობდა, მხოლოდ ნაწყვეტ- ნაწყვეტი სიტყვების გარჩევას თუ მოახერხებდა კაცი, მაგალითად:

– სინდისს გეფიცებით! სადოვაიაზე... სადოვაიაზე, – ბობამ უფრო დაუწია ხმას, – ტყვია არ ეკარებათ, ტყვია... ტყვიები... ბენზინი, ხანძარი... ტყვიით...

– ერთი ის მატრაბაზები დამაჭერინა, ამ სისულელეებს რომ ავრცელებენ, – განრისხებისგან ცოტა ხმამაღლა, ვიდრე ამას ბობა ისურვებდა, წამოიძახა მადამ პეტრაკოვამ, – ურიგო არ იქნებოდა, მათთვის გვარიანი ახსნა-განმარტება მოეთხოვათ! არა უშავს, მაგათი დროც დადგება, მაგათაც მოიყვანენ გონს! რა მავნებლური ტყუილებია!

– რა ტყუილი, ანტონიდა პორფირევნა! – წამოიძახა მწერლის მეუღლის ურწმუნობით გულნატკენმა ბობამ და ისევ აჩურჩულდა, – გეუბნებით, ტყვია არ ეკარებათ... ახლა ეს ხანძარიც... დამიჯერეთ, ჰაერში... ჰაერში... – ბობა ჩურჩულებდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ისინი, ვის შესახებაც ყვებოდა, მის გვერდით ისხდნენ და მისი ჩურჩულით ტკბებოდნენ. თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა ეს ტკბობა. რესტორნის შიდა დერეფნიდან ვერანდაზე სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა სამი მამაკაცი, წელზე მჭიდროდ ჰქონდათ ქამრები შემოჭერილი და რევოლვერები ეჭირათ ხელში. წინმომავალმა ხმამაღლა და საზარლად იყვირა:

– არ გაინძრეთ! – და მაშინვე სამივემ ტყვია დაუშინა კაროვიევსა და ბეჰემოთს. ორივე მიზანში ამოღებული წამის უსწრაფესად გალღვა ჰაერში, პრიმუსიდან ავარდნილი ცეცხლის ალი კი პირდაპირ ტენტს შეასკდა. ტენტზე შავქობიანი, ხახასავით ღრმული გაჩნდა და



388

თავი ოცდამეცხრე ოსტატისა და მარგარიტას ბედი გადაწყვეტილია

სწრაფად დაიწყო გაფართოება. ამ ხახაში გამსხლტარი ცეცხლი გრიბოედოვის სახლის სახურავს მოედო. რედაქციის ოთახში, მეორე სართულის ფანჯრებზე დაწყობილი საქაღალდეები უცებ აალდა, შემდეგ ცეცხლმა ფარდებზე გადაინაცვლა და ალი, ბუბუნით, თითქოს ვიღაც სულს უბერავსო, სვეტებად გაიკლაკნა გრიბოედოვის დეიდის ბინის დერეფნებში.

რამდენიმე წამის შემდეგ ხეივნის თუჯის ღობისკენ მიმავალ მოასფალტებულ ბილიკზე, საიდანაც ოთხშაბათ საღამოს უბედურების პირველი მაცნე, ყველასაგან დაწიხლული ივანუშკა შემოვიდა ხეივანში, ახლა დაუნაყრებელი მწერლები, ოფიციანტები, სოფია პავლოვნა, ბობა, პეტრაკოვა და პეტრაკოვი მირბოდნენ.

უკანა კარიდან დროულად გასული არჩიბალდ არჩიბალდოვიჩი არც არსად გარბოდა და არც არსად ეჩქარებოდა, როგორც კაპიტანს, უკანასკნელი რომ ტოვებს გემს. მშვიდად იდგა აბრეშუმისსარჩულიანი საზაფხულო პალტოთი და იღლიაში ორი ზუთხი ამოეჩარა.

თავი ოცდამეცხრე ოსტატისა და მარგარიტას ბედი გადაწყვეტილია

მზის ჩასვლის ჟამს, მოსკოვის თავზე, ძალიან მაღლა, საუკუნე-ნახევარზე მეტი ხნის წინ აშენებული ერთ-ერთი ულამაზესი შენობის ტერასაზე ორნი ისხდნენ: ვოლანდი და აზაზელო. ქვევით, ქუჩიდან შეუძლებელი იყო მათი დანახვა, რადგან უსაქმურთა თვალთაგან თაბაშირის ლარნაკებიანი და თაბაშირისვე ყვავილებიანი მოაჯირი იფარავდათ. თვითონ კი კიდით კიდემდე ხედავდნენ ქალაქს.

ვოლანდი დასაკეც ტაბურეტზე იჯდა და თავისი შავი ქიტონი ემოსა. მისი გრძელი და ფართო დაშნა ვერტიკალურად იყო ჩასობილი ტერასის ორ გაბზარულ ფილას შორის და გაწოლილი ჩრდილი მზის საათს უცვლიდა. დაშნის ჩრდილი ნელა იცვლიდა ადგილს და სატანის შავი ფეხსაცმლისაკენ მიცოცავდა. ვოლანდს წვეტიანი ნიკაპი მუშტზე ჩამოედო, ტაბურეტზე წელში მოხრილი, ცალფეხაკეცილი იჯდა და თვალმოუშორებლად გასცქეროდა უთვალავ ტაძარს, გიგანტურ სახლებს და პატარ-პატარა, დასანგრევად განწირულ ქოხმახებს. აზაზელოს თანამედროვე სამოსელი, ე. ი. პიჯაკი, ქვაბურა ქუდი და ლაქის ფეხსაცმელი გაეხადა, მასაც ვოლანდივით შავი ტანსაცმელი ემოსა, უძრავად იდგა მბრძანებლისაგან ოდნავ მოშორებით და ისიც დაჟინებით გასცქეროდა ქალაქს.

ვოლანდმა თქვა:



389

თავი ოცდამეცხრე ოსტატისა და მარგარიტას ბედი გადაწყვეტილია

– რა საინტერესო ქალაქია, არა?

აზაზელო შეირხა და თავაზიანად უპასუხა:

– მესირ, მე რომი უფრო მომწონს!

– ჰო, ეგ გემოვნების საქმეა! – უთხრა ვოლანდმა. რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ გაისმა მისი ხმა:

– იქ, ხეივანში რატომ დგას ბოლი?

– გრიბოედოვი იწვის, – უპასუხა აზაზელომ.

– უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის განუყრელი წყვილი, კაროვიევი და ბეჰემოთი ეწვეოდნენ იქაურობას?

– ამაში დაეჭვებაც არ შეიძლება, მესირ.

ისევ სიჩუმემ დაისადგურა და ტერასაზე მყოფთ დაინახეს, გიგანტური სახლის ზედა სართულთა დასავლეთისკენ პირმიქცეულ ფანჯრებში როგორ აინთო დაბზარული, თვალისმომჭრელად აელვარებული მზე. ვოლანდის თვალიც ამ ფანჯრებივით ელავდა, თუმცა კი დაისისკენ ზურგშექცევით იჯდა.

მაგრამ ანაზდად რაღაცამ აიძულა, თვალი მოეშორებინა ქალაქისათვის და ყურადღება იმ მრგვალი კოშკისთვის მიეპყრო, მის ზურგს უკან, სახურავზე რომ იყო აღმართული. კოშკის კედელს ჩამოძენძილი, თიხაში ამოსვრილი, ნაღვლიანი, ქიტონით შემოსილი კაცი გამოსცილდა, რომელსაც ხელით ამოსხმული სანდლები ეცვა და შავი წვერი ჰქონდა.

– ოჰო! – წამოიძახა ვოლანდმა და დამცინავად შეხედა მოსულს, – აქ ყველაზე ნაკლებად შენ გელოდი! რისთვის მოსულხარ, დაუპატიჟებელო, თუმცა, მოსალოდნელო სტუმარო?

– შენთან მოვედი, ბოროტების სულო და ჩრდილთა მბრძანებელო, – უპასუხა მოსულმა და წარბებს ქვემოდან მტრულად გამოხედა ვოლანდს.

– თუ ჩემთან მოხვედი, რატომ არ მომესალმე, მეზვერედყოფილო? – მკაცრად დაეკითხა ვოლანდი.



390

თავი ოცდამეცხრე ოსტატისა და მარგარიტას ბედი გადაწყვეტილია

– იმიტომ, რომ დღეგრძელობა არ გისურვო, – თავხედურად უპასუხა მოსულმა.

– მაინც მოგიწევს, შეურიგდე ჩემს დღეგრძელობას, – უთხრა ვოლანდმა და ღიმილმა მოუქცია პირი, – სახურავზე გამოჩენა ძლივს მოასწარი და მაშინვე სისულელე ჩაიდინე. გეტყვი კიდეც, რაში მჟღავნდება ეგ სისულელე – შენს ხმაში. შენ ისე დაილაპარაკე, თითქოს არ გჯეროდეს ჩრდილისა და ბოროტების არსებობა. იქნებ კეთილი ინებო და ერთ საკითხზე დაფიქრდე: რად ეღირება ეგ შენი სიკეთე, ბოროტება რომ არ არსებობდეს, და რას დაემსგავსებოდა დედამიწა, ჩრდილი რომ გამქრალიყო? ჩრდილი ხომ საგნებისა და ადამიანებისაგან წარმოიქმნება. აჰა, ჩემი დაშნის ჩრდილი. მაგრამ არსებობს ხეებისა და ცოცხალ არსებათა ჩრდილიც. შენ, როგორც ჩანს, გსურს დედამიწა გააღარიბო, ხეები და ყოველი არსი წარტაცო, იმ შენი აჩემების გამო – დატკბე შიშველი ნათლით! შენ ბრიყვი ხარ.

– მე შენთან კამათს არ ვაპირებ, ძველო სოფისტო, – უპასუხა ლევი მათემ.

– ვერც შეძლებ კამათს, იმავ მიზეზით, ახლა რომ ვახსენე – ბრიყვი ხარ, – უპასუხა ვოლანდმა და ჰკითხა, – აბა, მოკლედ მითხარი, არ დამღალო, რისთვის მეახლე?

– მან გამომგზავნა.

– რა გიბრძანა, გადმოგეცა, მონავ?

– მე მონა არ ვარ, – თანდათან ბრაზი წაეკიდა ლევი მათეს, – მოწაფე ვარ მხოლოდ.

– ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ, როგორც ყოველთვის, – უთხრა ვოლანდმა, – მაგრამ ის საგნები, რომლის შესახებაც ვლაპარაკობთ, ამით არ იცვლება. მაშასადამე...

– მან ოსტატის ქმნილება წაიკითხა, – დაიწყო ლევი მათემ, – ამიტომ გთხოვს, თან წაიყვანო და სიმშვიდე უწყალობო. ნუთუ გაგიჭირდება ამის გაკეთება, სულო ბოროტო?

– მე არასოდეს არაფერი გამჭირვებია, – უპასუხა ვოლანდმა, – და ეს შენც კარგად უწყი, –

ერთხანს დადუმდა და დასძინა, – თქვენ რატომ არ მიგყავთ ნათელში?

– მას ჯერ ნათელი არ დაუმსახურებია, მან მხოლოდ სიმშვიდე მოიპოვა, – ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკა ლევიმ.



391

თავი ოცდამეცხრე ოსტატისა და მარგარიტას ბედი გადაწყვეტილია

– გადაეცი, რომ აღსრულდება, – უპასუხა ვოლანდმა და დასძინა, თან თვალი აენთო, – ახლავე დამტოვე.

– ის გთხოვს, ქალი, ვისაც უყვარდა და იტანჯა მისთვის, თან გააყოლო, – აწ უკვე ვედრებით მიმართა ლევიმ ვოლანდს.

– უშენოდ ამას ვერ მივხვდებოდით. წადი!

ლევი მათე გაქრა, ვოლანდმა კი აზაზელო იხმო და ბრძანა: – გაფრინდი და ყველაფერი მოაგვარე.

აზაზელომ ტერასა დატოვა და ვოლანდი მარტო დარჩა. მაგრამ ეს მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე ნაბიჯის ხმა და მხიარული საუბარი გაისმა და ვოლანდის წინაშე კაროვიევი და ბეჰემოთი წარდგნენ. ბეჰემოთს პრიმუსი აღარ ჰქონდა იღლიაში ამოჩრილი, ახლა სხვა საგნები ამოეიღლიავებინა. ასე მაგალითად, იღლიაში ოქროს ჩარჩოში ჩასმული პატარა ლანდშაფტი ამოედო, სანახევროდ შემომწვარი მზარეულის ხალათი ხელზე გადაეკიდა, მეორე ხელში კი უზარმაზარი თევზი ეჭირა, კანგაუცლელი და კუდმოუჭრელი.

– გამარჯობა, მესირ, – წამოძახა წყვილმა, ბეჰემოთმა კი თევზი დაუქნია.

– კარგი სანახავები ხართ, – უთხრა ვოლანდმა.

– წარმოიდგინეთ, მესირ, – აღტყინებული სიხარულით იყვირა ბეჰემოთმა, – მძარცველად ჩამთვალეს!

– მაგ საგნებით თუ ვიმსჯელებთ, თან რაც წამოგიღია, – უთხრა ვოლანდმა და ლანდშაფტს დააკვირდა, – ხარ კიდეც მძარცველი.

– დამიჯერეთ, მესირ... – ხმის კანკალით დაიწყო ბეჰემოთმა.

– ვერ დაგიჯერებ, – მოკლედ მოუჭრა ვოლანდმა.

– მესირ, გეფიცებით, მე გმირულად ვცდილობდი, გადამერჩინა ყველაფერი, რისი გადარჩენაც შეიძლებოდა და რაც ხელთ ვიგდე.

– გირჩევნია, ის მითხრა, რატომ დაიწვა გრიბოედოვი? – ჰკითხა ვოლანდმა.



392

თავი ოცდამეცხრე ოსტატისა და მარგარიტას ბედი გადაწყვეტილია

ორივემ, კაროვიევმა და ბეჰემოთმა ხელები გაშალეს, თვალი ცად აღაპყრეს და ბეჰემოთმა წამოიყვირა:

– არც კი ვიცი! ვისხედით მშვიდად, უხმაუროდ, ვსადილობდით...

– უცებ – ბახ, ბახ, ბახ! – სიტყვა გააწყვეტინა კაროვიევმა, – სროლა აგვიტეხეს! მე და ბეჰემოთი შიშით თავზარდაცემულები გამოვცვივდით ვერანდიდან, ისინიც ფეხდაფეხ მოგვყვნენ. ჩვენ ტიმირიაზევისკენ მივრბოდით...

– მაგრამ მოვალეობის გრძნობამ, – განაგრძო ბეჰემოთმა, – დაჩრდილა ჩვენი სამარცხვინო შიში და უკან დავბრუნდით!

– ა, უკან დაბრუნდით? – ჩაეკითხა ვოლანდი, – მაშასადამე, შენობა ძირფესვიანად დაიწვებოდა.

– ძირფესვიანად, – ნაღვლიანად დაუმოწმა კაროვიევმა, – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით

– ძირფესვიანად, როგორც ინებეთ გებრძანებინათ, მესირ. ნაცარიღა დარჩა!

– მე, – ყვებოდა ბეჰემოთი, – სააქტო დარბაზისკენ გავქანდი, სვეტოვანისკენ, მესირ, მინდოდა, რაიმე ღირებული გადამერჩინა. ეჰ, ჩემს მეუღლეს, საერთოდ რომ მყოლოდა მეუღლე, მრავალგზის დაემუქრებოდა დაქვრივება, მაგრამ, საბედნიეროდ, მესირ, ცოლი არა მყავს და გულახდილად გეტყვით, ბედნიერიც ვარ. ეჰ, მესირ, განა შეიძლება თავისუფლების გაცვლა ამ უმძიმეს უღელზე?

– ისევ რაღაც აბდაუბდა დაიწყო! – ჩაილაპარაკა ვოლანდმა.

– მესმის, და განვაგრძობ, – უპასუხა კატამ, – დიახ, აი, ეს ლანდშაფტი. სხვა ვერაფრის გამოტანა ვერ შევძელი დარბაზიდან. ცეცხლი სახეში მეცა. საკუჭნაოში ჩავირბინე და თევზი გადავარჩინე, შემდეგ სამზარეულოდან თეთრი ხალათი გამოვიტანე, დარწმუნებული ვარ, მესირ, რომ შეუძლებელი გავაკეთე და ვერ გამიგია, რით აიხსნება ეს სკეპტიკური ღიმილი თქვენს სახეზე?

– კაროვიევი რას აკეთებდა, როცა შენ ნივთებს იტაცებდი? – ჰკითხა ვოლანდმა.

– მე მეხანძრეებს ვეხმარებოდი, მესირ, – უპასუხა კაროვიევმა და შემოფლეთილ



393

თავი ოცდამეცხრე ოსტატისა და მარგარიტას ბედი გადაწყვეტილია

შარვალზე მიუთითა.

– მაშასადამე, ახალი შენობის აგება მოუწევთ.

– აუცილებლად მოუწევთ, მესირ, – უპასუხა კაროვიევმა, – თავს ნებას მივცემ, დარწუნებული ვიყო ამაში.

– სხვა რა გზაა, იმედი მაინც ვიქონიოთ, რომ ახალი შენობა ადრინდელს აჯობებს, – ჩაილაპარაკა ვოლანდმა.

– ასეც იქნება, მესირ, – დაუმოწმა კაროვიევმა.

– დამიჯერეთ, – დასძინა კატამ, – მე ნამდვილი წინასწარმეტყველი ვარ.

– ასეა თუ ისე, ჩვენ დავბრუნდით, მესირ, – მოახსენა კაროვიევმა, – და თქვენს განკარგულებას ველით.

ვოლანდი ტაბურეტიდან წამოდგა, მოაჯირს მიუახლოვდა, დიდხანს დუმდა, სრულიად მარტო, თავისი ამალისაკენ ზურგშექცეული გასცქეროდა შორეთს, შემდეგ სახურავის კიდეს მოსცილდა, ისევ ჩამოჯდა ტაბურეტზე და თქვა:

– ბრძანება არ იქნება, თქვენ აღასრულეთ ყველაფერი, რაც შეგეძლოთ და ჯერჯერობით, თქვენი სამსახური აღარ მჭირდება. შეგიძლიათ დაისვენოთ. ახლა ქარიშხალი დაიწყება, უკანასკნელი ქარიშხალი, ის დაასრულებს დასასრულებელს და ჩვენც გზას გავუდგებით.

– ძალიან კარგი, მესირ, – უთხრა ორმა ტაკიმასხარამ და სადღაც, მრგვალი კოშკის უკან თვალს მიეფარნენ.

ქარიშხალი, ვოლანდმა რომ ახსენა, უკვე ქუჩდებოდა თვალსაწიერზე. დასავლეთიდან ლუსკუმი ღრუბელი წამოიზლაზნა და სანახევროდ გადაფარა მზე, შემდეგ ერთიანად გადაყლაპა. ტერასაზე აგრილდა, რამდენიმე წუთში ჩამობნელდა კიდეც.

და უკუნმა, დასავლეთიდან რომ მოაწყდა, ერთიანად გადაფარა ეს თვალგაუწვდენი ქალაქი. გაქრა ხიდები და სახლები, ყველაფერი გაქრა, თითქოს არც არსებულა ამქვეყნად. ცა გრძლად გაკვეთა ცეცხლოვანმა ბწკალებმა, შემდეგ ქუხილმა შეაზანზარა ქალაქი. ეს ქუხილი კიდევ ერთხელ გახმიანდა და დელგმა ჩამოსკდა. აღარც ვოლანდი ჩანდა წყვდიადში.

თავი ოცდამეათე - დრომ მოაწია!

– იცი, – ამბობდა მარგარიტა, – გუშინ, შენ რომ დაიძინე, მე იმ ჭექა-ქუხილზე ვკითხულობდი, ხმელთაშუა ზღვიდან რომ მოასკდა ქალაქს... და იმ კერპებზე, ოქროს კერპებზე... რატომღაც სულ იმ კერპებზე ვფიქრობ. ასე მგონია, ახლაც გაწვიმდება, გრძნობ, როგორ აგრილდა?

– ეს ყველაფერი, კარგი, – უპასუხა ოსტატმა და პაპიროსის ბოლს ხელი აუქნია, – ეს კერპებიც, ღმერთი იყოს მათი შემწე, მაგრამ ახლა რა გველის, ამას კი ვეღარ ვხვდები!

ეს საუბარი მზის ჩასვლის ჟამს მიმდინარეობდა, სწორედ იმ დროს, როცა ტერასაზე ვოლანდს ლევი მათე ეწვია. სარდაფის სარკმელი ღია იყო და ვინმეს შიგ რომ შეეხედა, უთუოდ გაოცდებოდა, იმდენად უცნაურად გამოიყურებოდნენ მოსაუბრენი. მარგარიტას შიშველ ტანზე ისევ შავი მანტია ჰქონდა წამოსხმული, ოსტატს კი საავადმყოფოს პიჟამა ეცვა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ მარგარიტას არაფერი ჰქონდა ჩასაცმელი, ტანსაცმელი შინ დატოვა და თუმცა მისი სახლი იქვე, სულ ახლოს იყო, ცხადია, შინ წასვლა და ტანსაცმლის წამოღება არც უფიქრია. ხოლო ოსტატს, რომელსაც ყველა კოსტიუმი ისე დაუხვდა კარადაში, თითქოს აქედან ფეხიც არ მოეცვალა, უბრალოდ, არ სურდა ტანსაცმლის გამოცვლა და მარგარიტას უმტკიცებდა, საცაა ახალი საოცრებები დაიწყებაო. თუმცა წვერი კი გაიპარსა, პირველად, იმ შემოდგომის საღამოდან მოკიდებული (საავადმყოფოში წვერს მანქანით უკვეცავდნენ).

ოთახიც უცნაურად გამოიყურებოდა და იმ არეულობაში რაიმეს გარკვევა შეუძლებელი ხდებოდა. ნოხზე ხელნაწერები ეწყო, ხელნაწერები ეწყო ტახტზეც. იქვე პირქვე იდო რაღაც წიგნი. მრგვალ მაგიდაზე კი სადილი იყო გაშლილი და თეფშებს შორის რამდენიმე ბოთლიც მოჩანდა. საიდან გაჩნდა ეს საჭმელ-სასმელი, არც მარგარიტამ და არც ოსტატმა არ იცოდნენ. გაღვიძებულებს, სუფრა გაშლილი დახვდათ.

ოსტატს და მის მეგობარს შაბათ საღამომდე ეძინათ და ახლა სრულიად ჯანმრთელად გრძნობდნენ თავს, მხოლოდ ერთი რამ ახსენებდათ გუშინდელ თავგადასავალს – ორივეს მარცხენა საფეთქელი უფეთქავდა. რაც შეეხება ფსიქიკას, ორივე საგრძნობლად შეცვლილიყო, ამაში ყველა დარწმუნდებოდა, ვინც კი შეძლებდა სარდაფში მყოფთა

საუბრისათვის მიეგდო ყური. მაგრამ მიმყურადებელი არავინ ჩანდა. ეს ეზო სწორედ იმითი იყო კარგი, რომ იშვიათად თუ გაიჭაჭანებდა ადამიანი. თვალდათვალ ახასხასებული ცაცხვები და ტირიფები ფანჯრებს მიღმა გაზაფხულის სურნელს აფრქვევდნენ და ახლახან წამოქოჩრილ ნიავსაც სარდაფში შემოჰქონდა ეს სურნელი.

– ფუი, ეშმაკს! – ანაზდად წამოიძახა ოსტატმა, – გასაოცარია, – მან საფერფლეში ჩაჭყლიტა ნამწვი და თავზე ხელები შემოიჭდო, – მომისმინე, შენ ხომ ჭკვიანი ქალი ხარ და არც შეშლილს ჰგავხარ. ნუთუ მართლა გჯერა, რომ გუშინ სატანასთან ვიყავით სტუმრად?

– მართლა მჯერა, – უპასუხა მარგარიტამ.

– ცხადია, ცხადია, – დამცინავად უთხრა ოსტატმა, – მაშასადამე, ახლა ერთის ნაცვლად, ორივე გიჟი ვართ! ცოლიც და ქმარიც, – მან ხელები ცისკენ აღაპყრო და იყვირა, – არა, ეშმაკმა უწყის, რა ხდება, ეშმაკმა უწყის!

პასუხის ნაცვლად მარგარიტა ტახტზე გადაწვა, ახარხარდა, შიშველი ფეხები აიქნია და იმანაც იყვირა:

– ოჰ, აღარ შემიძლია! აღარ შემიძლია! ნეტა ერთი დაგანახა, რას ჰგავხარ!

ვიდრე დარცხვენილი ოსტატი საავადმყოფოდან გამოყოლილ ქვედა საცვალს ისწორებდა, მარგარიტამ ხარხარით გული იჯერა და უკვე დაწყნარებულმა უთხრა:

– სრული სიმართლეა, ეშმაკმა უწყის, რა ხდება და დამერწმუნე, ეშმაკი ყველაფერს მოაგვარებს! – უცებ თვალები წამოენთო, წამოხტა, აცეკვდა და კივილს მოჰყვა, – რა ბედნიერი ვარ, რა ბედნიერი ვარ, სული რომ მივყიდე! ეშმაკო, ეშმაკო! დღეიდან, ჩემო ძვირფასო, კუდიანთან მოგიწევს ცხოვრება, – მერე ოსტატთან მიიჭრა, კისერზე ხელები შემოაჭდო და გაშმაგებულმა დაუკოცნა ტუჩები, ცხვირი, ლოყები. მარგარიტას აწეწილი თმა ტალღებად ეცემოდა ოსტატს სახეზე, მისი ცეცხლოვანი კოცნა შუბლსა და ლოყებს უწვავდა.

– მართლა დაემსგავსე კუდიანს.

– ამას არც უარვყოფ, – უპასუხა მარგარიტამ, – კუდიანი ვარ და ძალიან მიხარია!

– კარგი, – უთხრა ოსტატმა, – ეგრე იყოს, თუ კუდიანი ხარ, იყავი. ძალიან კარგი! მაშასადამე, მე საავადმყოფოდან მომიტაცეს! ესეც კარგი! აქ დამაბრუნეს, ესეც დავუშვათ...

ისიც დავუშვათ, რომ არავინ მოგვიკითხავს, მაგრამ, ღვთის გულისათვის, ის მაინც მითხარი, როგორ და რითი ვიარსებოთ? ამას რომ ვამბობ, შენი დარდი მაქვს, დამიჯერე.

იმწუთას სარკმელში ბლაგცხვირა ფეხსაცმელი და ზოლიანი შარვლის ტოტები გამოჩნდა. შემდეგ ეს შარვალი მუხლებში მოიხარა და დღის სინათლე ვიღაცის ზონზროხა უკანალმა გადაფარა.

– ალოიზი, შინა ხარ? – სადღაც შარვლისა და ფანჯრის ზემოდან იკითხა ხმამ.

– აჰა, იწყება, – თქვა ოსტატმა.

– ალოიზის ეძებთ? – ჰკითხა მარგარიტამ და ფანჯარას მიუახლოვდა, – გუშინ დააპატიმრეს, ვინ კითხულობს? თქვენი გვარი მითხარით.

იმავ წამს მუხლები და უკანალი გაქრა, მხოლოდ სწრაფად მიხურული ჭიშკარი გარახუნდა და ისევ სიჩუმემ დაისადგურა. მარგარიტა ისევ ტახტზე დაეცა და ახარხარდა, ცრემლებიც კი სცვიოდა თვალებიდან. შემდეგ, როცა დამშვიდდა, სრულიად შეეცვალა სახე, უკვე სერიოზულად დაიწყო ლაპარაკი, ტახტიდან ჩამოცოცდა, ფორთხვით მიუახლოვდა ოსტატს, თვალებში ჩააცქერდა და თავზე ხელი გადაუსვა:

– როგორ ეწამე, ჩემო ძვირფასო, როგორ დაიტანჯე! ეს მხოლოდ მე ვიცი. აი, თმაში უკვე ვერცხლისფერი შეგრევია და ტუჩებთანაც ნაოჭი გაგჩენია, ჩემო ერთადერთო, ჩემო ძვირფასო, ნურაფერზე ნუ იფიქრებ. შენ ისედაც ძალიან ბევრი ფიქრი მოგიხდა და ახლა შენს ნაცვლად მე ვიფიქრებ ყველაფერზე! პირობას გაძლევ, გეფიცები, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად მოეწყობა.

– მე არაფრის მეშინია, მარგო, – უცებ უპასუხა ოსტატმა, თავი ასწია და ისეთი სახე გაუხდა, როგორც მაშინ ჰქონდა, იმას რომ წერდა, რაც არასოდეს ენახა, მაგრამ იცოდა, რომ ასე იყო, –

იმიტომ არ მეშინია, რომ უკვე ყველაფერი გამოვცადე. მე ზედმეტად მაშინებდნენ და ახლა უკვე ვერაფრით შემაშინებენ. მხოლოდ შენ მეცოდები, მარგო. აი, რატომ ვიმეორებ ერთსა და იმავეს. გონს მოდი! რატომ უნდა გაიუბედურო თავი სნეულსა და ღატაკთან ცხოვრებით? შინ დაბრუნდი! შენ მეცოდები და იმიტომ გეუბნები ამას.

– შენ, შენ... – ჩურჩულებდა მარგარიტა და გაძეძილ თავს იქნევდა, – უჰ, რა ურწმუნო

ხარ, რა უბედური. შენი გულისთვის წუხელ მთელ ღამეს ვძაგძაგებდი შიშველი, მე უარი ვთქვი ჩემს არსზე და სრულიად ახალ არსებად ვიქეცი. რამდენიმე თვე ჩაბნელებულ საკუჭნაოში ვიჯექი და მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი – იერუშალაიმის ჭექა-ქუხილზე. თვალები ამომიღამდა ტირილით, ახლა კი, როცა ბედნიერება გვეწვია, მაგდებ? თუ ასეა, წავალ, წავალ, წავალ, მაგრამ იცოდე, რომ გულქვა ხარ! იმათ შენ სულიერადაც გამოგფიტეს!

მწველი სინაზე ამოასკდა ოსტატს გულიდან, მარგარიტას თმაში ჩარგო თავი და ვინ იცის, რატომ, მაგრამ ანაზდად ატირდა. ისიც ქვითინით ეჩურჩულებოდა რაღაცას და ოსტატის საფეთქელზე შემოჭდობილი თითები უცახცახებდა.

– ჰო, უკვე ჭაღარა შეგერია, ჭაღარა. თვალდათვალ გაგითეთრდა თმა, ჩემს მრავალტანჯულ თავზე. ერთი შენს თვალებს დააკვირდი, შიგ – უდაბნოა... მხრები, ტვირთით დამძიმებული მხრები... დაგამახინჯეს, დაგამახინჯეს, – სიტყვები აღარ ებმოდა ერთმანეთს, მარგარიტა თრთოდა და ქვითინებდა.

მაშინ ოსტატმა თვალები შეიმშრალა, დაჩოქილი მარგარიტა წამოაყენა, თვითონაც წამოდგა და მტკიცედ თქვა:

– საკმარისია! უკვე შემარცხვინე. დამერწმუნე, სულმოკლეობას აღარასოდეს გამოვიჩენ და ამ საკითხს აღარ დავუბრუნდები. მე ვიცი, რომ ორივე სულიერი სნების მსხვერპლი ვართ, რომელიც ეგებ მე გადმოგდე... სხვა რა გზა მაქვს, ერთად ვატაროთ ეს სნება.

მარგარიტამ ოსტატის ყურს მიუახლოვა ტუჩები და ჩასჩურჩულა:

– შენს სიცოცხლეს გეფიცები, შენ მიერ ამოცნობილი ვარსკვლავთმრიცხველის სახელს ვფიცავ, ყველაფერი კარგად იქნება.

– ჰოდა, კარგია, კარგი, – უპასუხა ოსტატმა და სიცილით დასძინა, – ცხადია, როცა ადამიანები ჩვენსავით არიან გაძარცულები, ისინი იმქვეყნიურ ძალებში ეძიებენ ხსნას! დე, ასე იყოს, თანახმა ვარ, ხსნა იქ ვეძებო!

– ასე, ასე... ახლა ისევ იმ ძველ ოსტატს დაემსგავსე, იცინი კიდეც, – უპასუხა მარგარიტამ, – და ეშმაკსაც წაუღიხარ შენი სიბრძნეებით. იმქვეყნიური სამყარო თუ ამქვეყნიური – განა სულერთი არ არის? უკვე მომშივდა.

მან ოსტატს ხელი ჩაჰკიდა და მაგიდისაკენ გაიყოლა.

– ასე მგონია, ამ საჭმელს ახლა მიწა შთანთქავს ან ფანჯრიდან გაფრინდება, – თქვა ოსტატმა უკვე სრულიად დამშვიდებულმა.

– არ გაფრინდება!

და სწორედ ამ დროს ფანჯრიდან ნიღნიღა ხმა გაისმა:

– აქა მშვიდობა!

ოსტატი შეკრთა, საოცრებებს მიჩვეულმა მარგარიტამ კი შეჰკივლა:

– აზაზელოა! რა ბედნიერებაა! – და ოსტატს წასჩურჩულა, – ხედავ, მარტო არ გვტოვებენ! – და კარის გასაღებად გაიქცა.

– მოსასხამი მაინც შეიკარი, – დაადევნა ოსტატმა.

– რა აზრი აქვს, – მომცრო წინკარიდან გამოსძახა მარგარიტამ.

აზაზელო კი უკვე თავს უკრავდა, ესალმებოდა ოსტატს, ლიბრგადაკრულ თვალს აკვესებდა, მარგარიტა კი აღტაცებული გაჰკიოდა:

– რომ იცოდე, როგორ გამახარე, აზაზელო! ჩემს ცხოვრებაში ასე არაფერი გამხარებია! მაპატიე, აზაზელო, ტიტველი რომ ვარ!

აზაზელომ სთხოვა, არ შეწუხებულიყო, არწმუნებდა, არა მარტო შიშველი ქალები, ერთიანად გატყავებულებიც მრავლად მინახავსო. მერე სიამოვნებით მიუჯდა მაგიდას და ვიდრე ჯდებოდა, კუთხეში, ღუმელთან, მუქი ფარჩის ფუთა დადო.

მარგარიტამ აზაზელოს კონიაკი დაუსხა და მანაც ნეტარებით გამოცალა ჭიქა. ოსტატი თვალს არ აშორებდა სტუმარს და ხანდახან მაგიდის ქვეშ, მარცხენა ხელის მტევანზე იბწკენდა ხოლმე. მაგრამ ბწკენა საქმეს არ შველოდა, აზაზელო ჰაერში არ ლღვებოდა, თან, სიმართლე ითქვას, გალღობაც არ იყო საჭირო. საშიში არაფერი ეტყობოდა ამ პატარა ტანის, წითურ კაცს, მხოლოდ ეს ლიბრგადაკრული თვალი, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ჯადოქრობის გარეშეც ხდება ხოლმე, ტანსაცმელიც უჩვეულო ეცვა – რაღაც ანაფორა თუ მოსასხამი – თუმცა, თუ კარგად დავუფიქრდებით, ასეთი ჩაცმულობაც გვხვდება ცხოვრებაში. კონიაკსაც გემრიელად ხუხავდა, როგორც ყველა კეთილი ადამიანი, ბოლომდე ცლიდა ჭიქას და არც არაფერს ატანდა. სწორედ იმავე კონიაკმა დაასხა თავბრუ ოსტატს და მანაც გაიფიქრა:

„არა, მარგარიტა მართალია! ცხადია, ჩემ წინაშე ეშმაკის მოციქული ზის. მე ხომ მხოლოდ გუშინ ვუმტკიცებდი ივანს, რომ პატრიარქთა ტბორებზე სატანას შეხვდა, ახლა კი რატომღაც დავფრთხი და რაღაც სისულელეებით გამოვიტენე თავი ჰიპნოზისა და ჰალუცინაციების შესახებ. რომელი ჰიპნოზიორი შეძლებდა ამდენს?“

ის აზაზელოს დააკვირდა და დარწმუნდა, რომ სტუმარს თვალებში რაღაც დაძაბულობა ეტყობოდა, რაღაც აზრი უკრთოდა, რომელსაც დროზე ადრე არ ამხელდა. „უბრალოდ, სტუმრად კი არ გვეწვია, რაღაც დავალება აქვს“, – გაიფიქრა ოსტატმა.

გულისხმამ არ უღალატა.

აზაზელოს შესმული კონიაკი არც დასტყობია და მესამე ჭიქა რომ გამოცალა, მხოლოდ მაშინღა თქვა:

– მართლა მყუდრო სარდაფია, ეშმაკმა წაიღოს! ოღონდ ერთი კითხვა გებადება, რა უნდა აკეთო ამ სარდაფში?

– მეც იმავეს ვამბობდი, – სიცილით უპასუხა ოსტატმა.

– რატომ მაშინებთ, აზაზელო? – ჰკითხა მარგარიტამ, – როგორმე ვიცხოვრებთ!

– რას ბრძანებთ, რას ბრძანებთ, – წამოიძახა აზაზელომ, – ფიქრადაც არ მომსვლია თქვენი შეშინება. მე მხოლოდ მაინტერესებს, როგორ იცხოვრებთ? ჰო, ლამის დამავიწყდა. მესირი სალამს გითვლით და მიბრძანა მეუწყებინა თქვენთვის, რომ სასეირნოდ გიწვევთ, ცხადია, თუ თანახმა იქნებით. რას იტყვით?

მარგარიტამ მაგიდის ქვეშ ფეხი გაჰკრა ოსტატს.

– დიდი სიამოვნებით, – უპასუხა ოსტატმა და აზაზელოს დააკვირდა, მან კი განაგრძო:

– იმედი მაქვს, არც მარგარიტა ნიკოლაევნა იტყვის უარს.

– მე კი ნამდვილად არ ვიტყვი უარს, – თქვა მარგარიტამ და მისი ფეხი ისევ შეეხო ოსტატის ფეხს.

– შესანიშნავია! – წამოიძახა აზაზელომ, – აი, ეს მიყვარს! წამში გადავწყვიტეთ! იმდღევანდელისგან განსხვავებით, იქ, ალექსანდრეს პარკში.

– ოჰ, ნუ გამახსენებთ, აზაზელო! მაშინ ჯერ სულელი ვიყავი. თუმცა, ვერც დამადანაშაულებთ – ყოველდღე ხომ არ ხვდები უწმინდურ ძალას?

– ცხადია, – დაეთანხმა აზაზელო, – ყოველდღე რომ ხვდებოდე, სასიამოვნოც კი იქნებოდა!

– მე თვითონ მომწონს სისწრაფე, – ამბობდა აღტყინებული მარგარიტა, – სისწრაფე და სიშიშვლე. თითქოს მაუზერიდან ისვრი – ერთი! ოჰ, როგორ ისვრის, – კივილით უთხრა მარგარიტამ ოსტატს, – შვიდიანი ბალიშის ქვეშ იდო და შიგ გულში... – შეზარხოშებულ მარგარიტას უკვე თვალები უბრწყინავდა.

– და მაინც... დამავიწყდა, – წამოიძახა აზაზელომ და შუბლზე იტაცა ხელი, – გადავიღალე. მესირმა საჩუქარი გამოგიგზავნათ, – მერე პირდაპირ ოსტატს მიმართა, – ერთი ბოთლი ღვინო. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ ეს სწორედ ის ღვინოა, იუდეველთა პროკურატორი რომ სვამდა – ფალერნო.

ცხადზე ცხადია, ამ იშვიათ საჩუქარს დიდი ყურადღებით მოეკიდნენ ოსტატიცა და მარგარიტაც. აზაზელომ კუბოს მუქი ფარჩის ნაჭრიდან ერთიანად დაობებული დოქი ამოიღო. ღვინო დასუნეს, ჭიქებში ჩამოასხეს და ჭექა-ქუხილის წინ ფანჯარაში მიმქრალ შუქზე გახედეს. ირგვლივ ყოველივე სისხლისფრად შეიღება.

– ვოლანდის ჯანმრთელობისა იყოს, – წამოიძახა მარგარიტამ და ჭიქა ასწია.

სამივემ ასწია ჭიქა და დიდ-დიდი ყლუპებით მოსვეს. იმავ წამს ოსტატს ქარიშხლის ცრიატი ნათელი გაუქრა თვალთაგან, სუნთქვა გაუჭირდა და აღსასრულის მოახლოება იგრძნო. ერთხანს კიდევ ხედავდა, სასიკვდილოდ გადაფითრებული მარგარიტა რა საცოდავად იწვდიდა მისკენ ხელებს, როგორ ჩამოუვარდა თავი მაგიდაზე, შემდეგ კი მოსხლეტით ჩამოცურდა იატაკზე.

– მკვლელო, – ამის დაყვირებაღა მოასწრო ოსტატმა, – მაგიდიდან დანის აღება დააპირა, რომ აზაზელოსთვის დაერტყა, მაგრამ ხელი უღონოდ ჩამოუცურდა სუფრიდან, მის ირგვლივ

არსებული საგნები შავად შეიფერა, მერე კი საერთოდაც გაქრა. ის გულაღმა გადავარდა და დაცემისას კარადის კიდეს ჩამოჰკრა საფეთქელი.

როცა მოწამლულები დადუმდნენ, აზაზელო ამოქმედდა. უპირველესად, ფანჯარაში გახტა და რამდენიმე წამში იმ ბინაში ამოყო თავი, სადაც მარგარიტა ნიკოლაევნა ცხოვრობდა. მუდამ მოწესრიგებულ აზაზელოს იმის შემოწმება ეწადა, ყველაფერი ისე აღსრულდა თუ არა, როგორც საჭირო იყო. და მართლაც, ყველაფერი წესრიგში დახვდა. აზაზელო ხედავდა, ქმრის მოლოდინით გატანჯული ნაღვლიანი ქალი როგორ გამოვიდა საძინებელი ოთახიდან, უეცრად გადაფითრდა, მკერდზე იტაცა ხელი და საბრალოდ იყვირა:

– ნატაშა! მიშველეთ... მიშველეთ! – და კაბინეტთან მისვლამდე იატაკზე ჩაიკეცა.

– მორჩა! – თქვა აზაზელომ. წამის შემდეგ ისევ შეყვარებულთა გვერდით იდგა. მარგარიტა პირქვე იწვა, ნოხში ჩაერგო სახე. აზაზელომ თავისი ღონიერი ხელებით თოჯინასავით ამოატრიალა ქალი და სახეზე დახედა. მოწამლულს თვალდათვალ ეცვლებოდა სახე.

ჭექა-ქუხილის დაწყებამდე ადრეულად ჩამობნელებულ ოთახშიც კი გარკვევით ჩანდა, როგორ გაქრა მისი დროებითი, კუდიანობის დროინდელი სიელმე და სახის ნაკვთების მკაცრი, თავაწყვეტილი მოხაზულობა. მიცვალებულს სახე გაუნათდა, ბოლოს, დაურბილდა კიდეც და ტუჩებს მტაცებლური კი არა, უბრალოდ, ქალური, ნატანჯი იერი დაუბრუნდა. მაშინ აზაზელომ კბილები გაუხსნა და პირში იმ ღვინის რამდენიმე წვეთი ჩაასხა, რომლითაც მოწამლა. მარგარიტამ ამოიოხრა, აზაზელოს დაუხმარებლად წამოდგა, დაჯდა და სუსტი ხმით იკითხა:

– რატომ, აზაზელო, რატომ? რა დაგიშავე?

შემდეგ იატაკზე გაშხლართულ ოსტატს ჰკიდა თვალი, შეკრთა და ჩურჩულით უთხრა: – ამას აღარ ველოდი... მკვლელო!

– დამშვიდდით, – უთხრა აზაზელომ, – ახლავე ადგება. ოჰ, რა ნერვიული ხართ!

მარგარიტამ მაშინვე ირწმუნა, იმდენად დამაჯერებლად ჟღერდა ამ წითური დემონის ხმა, ფეხზე წამოდგა, ძლიერი და ცოცხალი, და აზაზელოსთან ერთად ღვინო შეასვა ოსტატს. ოსტატმა თვალი გაახილა, უმოწყალოდ და ზიზღით შეხედა აზაზელოს და კვლავ თავისი უკანასკნელი სიტყვა გაიმეორა:

– მკვლელო!

– ოჰ, შეურაცხყოფა ხომ მარადიული ჯილდოა კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, – უპასუხა აზაზელომ, – რამ დაგაბრმავათ? აბა, თვალი გაახილეთ.

ოსტატი წამოდგა, ცოცხალი, ნათელი მზერა მოავლო ოთახს და იკითხა:

– ეს რას ნიშნავს?

– იმას, – უპასუხა აზაზელომ, – რომ ჟამმა მოაწია. ჭექა-წუხილი უკვე დაიწყო, გესმით? ბნელდება. ცხენები მიწას ტორავენ და ძრწის პატარა ბაღი. გამოემშვიდობეთ სარდაფს, ვიგვიანებთ.

– ა, მესმის, – თქვა ოსტატმა და მიმოიხედა, – თქვენ მოგვკალით, ჩვენ უკვე მკვდრები ვართ. ოჰ, რა ჭკვიანურია! და რა დროული! ახლა ყველაფერს მივხვდი!

– რას ბრძანებთ, – უპასუხა აზაზელომ, – ნუთუ ეს თქვენ ხართ? თქვენ ხომ მარგარიტა ოსტატს გიწოდებთ, თქვენ ხომ აზროვნებთ, თუ ასეა, როგორღა ხართ მკვდარი? განა იმისთვის, რომ ცოცხლად მიიჩნიო თავი, აუცილებლად სარდაფში უნდა იჯდე და საავადმყოფოს ნიფხავ-პერანგი გეცვას? სასაცილოა!

– ყველაფერს მივხვდი! – წამოიძახა ოსტატმა, – ნუღა განაგრძობთ! მართალს ბრძანებთ!

– დიდებული ვოლანდი! – წამოიძახა მარგარიტამ, – დიდებული ვოლანდი! მან ჩემზე უკეთ გადაწყვიტა ჩვენი ბედი. მაგრამ რომანი, რომანი... – უყვიროდა ოსტატს, – თან წამოიღე, სადაც უნდა გავფრინდეთ!

– არ გვჭირდება! – უპასუხა ოსტატმა, – ზეპირად მახსოვს.

– ნუთუ არც ერთი სიტყვა... არც ერთი სიტყვა არ დაგავიწყდება რომანიდან, – ეკითხებოდა მარგარიტა, საყვარელს ეკვროდა და გადამსკდარი საფეთქლიდან სისხლს იწმენდდა.

– ნუ ღელავ, ახლა უკვე აღარაფერი დამავიწყდება, – უპასუხა მან.

– თუ ასეა, ცეცხლი! – იყვირა აზაზელომ, – ცეცხლი, რომლითაც დაიწყო ყველაფერი და რომელიც დაასრულებს ყოველივეს.

– ცეცხლი! – საზარლად იყვირა მარგარიტამაც. სარდაფში სარკმელმა გაიჯახუნა, ქარმა ფარდა კედელს შეახალა. ცამ მხიარულად, წამიერი ბუბუნით დაიგრუხუნა. აზაზელომ კლანჭიანი ხელი ღუმელში შეყო, ახრჩოლებული ნაკვერჩხალი გამოიღო და სუფრას წაუკიდა. შემდეგ დივანზე ძველი გაზეთების გროვა მისცა ცეცხლს, მას მერე კი – ხელნაწერები და ფარდა. მომავალი ჭენებით უკვე შეზარხოშებულმა ოსტატმა თაროდან რომელიღაც წიგნი გადმოიღო, მაგიდაზე აალებულ სუფრაზე გადმოაფრიალა და წიგნიც მხიარული ალით აგიზგიზდა.

– დაიწვი, დაიდაგე, ძველო ცხოვრებავ!

– დაიწვი, ტანჯვავ! – ყვიროდა მარგარიტა.

ოთახს უკვე მეწამული სვეტები აზანზარებდა და კვამლთან ერთად კარში სამნი გამოცვივდნენ, ქვის კიბეს აუყვნენ და ეზოში გავიდნენ. ასვლისთანავე დაინახეს მიწაზე მჯდარი მზარეული ქალი, იქვე გაბნეული კარტოფილი და რამდენიმე თავი ხახვი ეყარა. მზარეული ქალის გაოგნება არც იყო გასაკვირველი. სარდაფთან სამი შავრა ცხენი ფრუტუნებდა, თრთოდა და ფლოქვებით ტორავდა მიწას. მარგარიტა პირველი მოახტა ცხენს, მას აზაზელო მიჰყვა, ბოლოს კი ოსტატი ამხედრდა. მზარეულმა ქალმა ამოიკვნესა, პირჯვრის გადასაწერად აღმართა ხელი, მაგრამ უნაგირზე ამხედრებულმა აზაზელომ ხმამაღლა დასჭყივლა:

– ხელს მოგამტვრევ! – მერე დაუსტვინა, ცხენები ცაცხვების ტოტთა ლაწალუწით აიჭრნენ ცისკენ და დაბლა მიმცურავ შავ ღრუბლებს შეერწყნენ. იმავ წამს სარდაფის ფანჯრიდან ბოლი გამოვარდა და მზარეული ქალის სუსტი, საბრალო კივილიც გაისმა:

– ვიწვით!

ცხენები უკვე მოსკოვის სახურავებს ზემოთ მიქროდნენ.

– მინდა ქალაქს დავემშვიდობო, – წინ მიმქროლავ აზაზელოს გასძახა ოსტატმა. ქუხილმა შთანთქა ოსტატის ბოლო სიტყვები. აზაზელომ თავი დაუქნია და უფრო ძალუმად გააჭენა ცხენი. მფრინავთა შესახვედრად თავაწყვეტით მოქროდა ღრუბელი, მაგრამ ჯერ წვიმის წვეთებად არ იღვრებოდა.

ისინი ხეივნის თავზე მიაჭენებდნენ ცხენებს, ხედავდნენ, ქვევით როგორ მიმორბოდა ხალხი და მოსალოდნელი წვიმისაგან ცდილობდა თავის შეფარებას. უკვე პირველი წვეთებიც დაეშვა მიწისკენ. მერე ახრჩოლებულ ღრუბელს გადაუფრინეს – ესღა დარჩენილიყო გრიბოედოვისგან, და უკუნდაღვრილი ქალაქიც უკან მოიტოვეს. მათ ფეხქვეშ ელვა იკლაკნებოდა. თანდათან სახურავები სიმწვანემ შეცვალა, მხოლოდ მაშინღა წამოსკდა დელგმა და თავით ფეხამდე გალუმპა მფრინავები.

მარგარიტას უკვე გამოცდილი ჰქონდა ფრენის სილაღე, ოსტატი კი პირველად აღმოჩნდა ჰაერში, ამიტომაც ძალზე გაოცდა, რა სწრაფად მიაღწიეს დანიშნულ ადგილს, აქ ეგულებოდა ის, ვისაც სურდა გამომშვიდობებოდა, რადგან ამქვეყნად აღარავინ ჰყავდა გამოსამშვიდობებელი. წვიმის სქელი ფარდის მიღმა მაშინვე იცნო სტრავინსკის კლინიკა, მდინარე და იქ ყოფნის დროს ასე გულდაგულ შესწავლილი ფიჭვნარი. ისინი ჭალაში დაეშვნენ, კლინიკისაგან ოდნავ მოშორებით.

– მე აქ დაგელოდებით, – დაუყვირა აზაზელომ, მას ხან ელვა ანათებდა, ხანაც კვლავ უკუნი ფარავდა, – გამოემშვიდობეთ, ოღონდ სწრაფად.

ოსტატი და მარგარიტა უნაგირებიდან ჩამოხტნენ და წყლის აჩრდილებივით

ბზინვა-ნათებით გაფრინდნენ კლინიკის ბაღში. კიდევ რამდენიმე წამის შემდეგ ოსტატმა გამოცდილი ხელით გადასწია No 117 ოთახის ივანის თეჯირი და მარგარიტაც თან მიჰყვა. ისინი ივანუშკასთან შევიდნენ, ქარიშხლის ღრიალსა და ყმუილში – უხილავნი და შეუმჩნეველნი. ოსტატი საწოლს მიუახლოვდა.

ივანუშკა უძრავად იწვა, როგორც მაშინ, როცა პირველად გასცქეროდა ქარიშხალს სიმშვიდის ამ მისეულ სახლში. მაგრამ მაშინდელისაგან განსხვავებით, აღარ ტიროდა. როცა აივანზე შემოჭრილ შავ სილუეტებს დააკვირდა, წამოიწია, ხელი გაიშვირა და გახარებულმა თქვა:

– ა, ეს თქვენა ხართ? მე კი გელით და გელით. მადლობა ღმერთს, მოხვედით, ჩემო მეზობელო.

ოსტატმა უპასუხა:

– მე აქ ვარ! მაგრამ თქვენს მეზობლად ყოფნა, სამწუხაროდ, აღარ შემიძლია. მე სამუდამოდ მივფრინავ და მხოლოდ გამოსამშვიდობებლად მოვედი თქვენთან.

– ასეც ვიცოდი, მივხვდი, – ხმადაბლა უთხრა ივანმა და ჰკითხა, – იმას შეხვდით?

– დიახ, – უპასუხა ოსტატმა, – მე თქვენთან მოვედი გამოსამშვიდობებლად, რადგან თქვენ იყავით ერთადერთი ადამიანი, ვისაც ბოლოს ველაპარაკე.

ივანუშკას სახე გაუნათდა და თქვა:

– კარგია, ჩემთან რომ მოფრინდით. მე ჩემს პირობას შევასრულებ, ლექსებს აღარ დავწერ. ახლა უკვე სხვა რამ მაინტერესებს, – ივანუშკამ გაიღიმა და შეშლილი თვალები სადღაც შორს, ოსტატის მიღმა მიაპყრო, – ახლა სხვა რამის დაწერა მინდა. ვიდრე აქ ვწევარ, ბევრ რამეს მივხვდი.

ოსტატი ააღელვა ამ სიტყვებმა, ივანუშკას საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა და უთხრა:

– ეს კი კარგია, კარგი. მის შესახებ დაწერეთ გაგრძელება. ივანუშკას თვალები წამოენთო.

– თქვენ აღარ აპირებთ? – მერე თავი ჩაქინდრა და დაფიქრებულმა დასძინა, – აჰ, ჰო... თუმცა, რას გეკითხებით, – ივანუშკამ ცერად გახედა იატაკს და შემდეგ ოსტატს ამოხედა დამფრთხალმა.

– დიახ, – უთხრა ოსტატმა და მისი ხმა უცხო და ყრუ ეჩვენა ივანუშკას, – მე უკვე ვთქვი სათქმელი. ახლა სხვა საქმე მექნება.

ქარიშხლის ბღუილი შორეულმა სტვენამ გაჰკვეთა.

– გესმით? – ჰკითხა ოსტატმა.

– ქარიშხალი ხმაურობს...

– არა, მე მიხმობენ, დროა, – უთხრა ოსტატმა და საწოლიდან წამოდგა.

– მოიცადეთ! კიდევ ერთი რამ მინდოდა მეკითხა, – სთხოვა ივანმა, – ის ქალი თუ იპოვეთ? და თუ ახსოვდით?

– ისიც აქ არის, – უპასუხა ოსტატმა და კედელზე მიუთითა. თეთრ კედელს შავით მოსილი მარგარიტა გამოეყო და საწოლს მიუახლოვდა. მან მწოლიარე ყმაწვილს დახედა და თვალებში ნაღველი ჩაუდგა.

– საბრალო, საბრალო, – უხმოდ აჩურჩულდა მარგარიტა და საწოლისაკენ დაიხარა.

– რა ლამაზია, – შეუშურველად, მაგრამ ნაღვლიანად და რაღაცნაირი ჩუმი გულაჩუყებით ჩაილაპარაკა ივანმა, – ხედავთ, რა კარგად მოეწყო ყველაფერი? მე კი არ გამიმართლა, – ერთხანს გაყუჩდა და მერეღა დასძინა, – ან იქნებ გამიმართლა კიდეც...

– ასეა, ასე, – ჩურჩულით უთხრა მარგარიტამ და ყმაწვილისაკენ დაიხარა, – მე თქვენ შუბლზე გაკოცებთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა... დამიჯერეთ, მე უკვე ყველაფერი გამოვცადე და ყველაფერი ვიცი.

მწოლიარე ყმაწვილმა კისერზე შემოხვია ხელები და მარგარიტამ აკოცა.

– მშვიდობით, მოწაფევ, – ძლივს გასაგონად უთხრა ოსტატმა და თანდათან გალღვა ჰაერში. ის გაქრა და მასთან ერთად გაქრა მარგარიტაც. აივნის თეჯირი დაიხურა.

ივანუშკა შფოთვამ მოიცვა. საწოლზე წამოჯდა, დამფრთხალმა მიმოიხედა, ამოიკვნესა კიდეც, ლაპარაკს მოჰყვა, წამოდგა. ქარიშხალი უკვე მძლავრობდა და ალბათ იმან აუფორიაქა სული. მას ისიც აწუხებდა, რომ კარს მიღმა უკვე მუდმივ სიჩუმეს მიჩვეული ყურით გაარჩია აჩქარებული ნაბიჯის ხმა და ყრუ ლაპარაკი.

და მან, უკვე ტანში თრთოლაშემჯდარმა, დაიძახა:

– პრასკოვია ფიოდოროვნა!

პრასკოვია ფიოდოროვნაც უკვე ოთახში შემოდიოდა, გაოცებული და შეშფოთებული უცქეროდა ივანს.

– რაო? რა მოხდა? – ეკითხებოდა ის, – ქარიშხალი გაღელვებს? არა უშავს, დაწყნარდი... ახლავე გიშველით. ახლავე ექიმს დავუძახებ.

– არა, პრასკოვია ფიოდოროვნა, არ არის საჭირო, ექიმი არ მჭირდება, – უთხრა ივანმა და პრასკოვია ფიოდოროვნას კი არა, კედელს შეხედა შეშფოთებით, – ისეთი არაფერი მჭირს. უკვე თვითონ ვხვდები, დამიჯერეთ. თქვენ ის მითხარით, – გულთბილად სთხოვა ივანმა, – რა მოხდა ასმეთვრამეტე ოთახში?

– მეთვრამეტეში? – ჩაეკითხა პრასკოვია ფიოდოროვნა და თვალი აარიდა, – არაფერიც არ მომხდარა, – მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, რომ იტყუებოდა, ივანუშკამ მაშინვე იგრძნო სიყალბე და უთხრა:

– ეჰ, პრასკოვია ფიოდოროვნა, თქვენ ხომ მორწმუნე ქალი ხართ... დამიჯერეთ, არ გავნერვიულდები. არა, პრასკოვია ფიოდოროვნა, ეგ აღარ მოხდება. სიმართლე მითხარით, კედელს მიღმა მაინც ვგრძნობ ყველაფერს.

– გარდაიცვალა თქვენი მეზობელი, – ჩასჩურჩულა პრასკოვია ფიოდოროვნამ, ვეღარ უღალატა საკუთარ სიმართლესა და სიკეთეს, მერე დამფრთხალმა შეხედა წამით ელვის ბზინვარებით შემოსილ ივანს, მაგრამ ივანუშკას საშიში არაფერი დამართვია, მან მხოლოდ მრავლისმეტყველად აღმართა თითი და თქვა:

– ასეც ვიცოდი! გარწმუნებთ, პრასკოვია ფიოდოროვნა, ახლა, ქალაქში, კიდევ ერთი ადამიანი მოკვდა. და ვიცი კიდეც – ვინ, – იდუმალი ღიმილი დაეფინა ივანუშკას ტუჩებს, – ის ადამიანი – ქალია.

თავი ოცდამეთერთმეტე - ვარაბიოვის მთაზე

ქარიშხალი უკვალოდ მოისხიპა, ახლა მთელ მოსკოვს თავზე გუმბათივით დასდგომოდა შვიდფეროვანი ცისარტყელა და მდინარე მოსკოვში რწყულდებოდა. მაღლა, ბორცვზე, ორ ხეივანს შორის, სამი მუქი სილუეტი მოჩანდა. ვოლანდი, კაროვიევი და ბეჰემოთი შავრა ცხენებზე ისხდნენ, მდინარის გაღმა ნაპირზე გაწოლილ ქალაქს გასცქეროდნენ, დასალეთისკენ პირმიქცეულ ათასობით ფანჯარაში გადამტყდარ მზის მბზინავ სხივებს რომ აფრქვევდა ქალწულთა მონასტერს.

ჰაერი ხმაურმა გაკვეთა და აზაზელო, რომელსაც მუქი, ჰაერში აფრიალებული მოსასხამის უკან ოსტატი და მარგარიტა მოჰყვებოდნენ, ბორცვზე, მომლოდინეთა სიახლოვეს დაეშვა.

– თქვენი და ოსტატის შეწუხება მომიხდა, მარგარიტა ნიკოლაევნა, – ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა ვოლანდმა, – მაგრამ იმედი მაქვს, არ მიწყენთ! არა მგონია, ინანოთ. აბა, – მიმართა მან ოსტატს, – გამოემშვიდობეთ ქალაქს, დროა, – ვოლანდმა შავი ხელთათმნიანი ხელი იქით გაიშვირა, სადაც მდინარის გადაღმა უთვალავი მზე ალღობდა მინებს, სადაც იმ მზეთა თავზე მთელი დღის ხვატგადავლილი ქალაქიდან ანადენი ორთქლი, ბურუსი და კვამლი თრთოდა.

ოსტატი ჩამოქვეითდა, მხედრები მიატოვა და ქარაფისაკენ გაიქცა. შავი მოსასხამი მიწაზე მისთრევდა. ოსტატი ქალაქს გასცქეროდა. წამით გულისმომწურავი სევდა მოეძალა, მაგრამ ეს სევდა მალევე შეეცვალა ტკბილი, მოხეტიალე, ბოშური მღელვარებით.

– სამუდამოდ! ეს უნდა გაიაზრო! – ჩაიჩურჩულა ოსტატმა და მშრალი, დაშაშრული ტუჩები გაილოკა. იგი აყურადებდა, გამოწვლილვით აღნუსხავდა ყველაფერს, რაც მის სულში ხდებოდა. მღელვარება, როგორც მოეჩვენა, რაღაც უძირო, სისხლისმიერ წყენად ექცა, მაგრამ ამ შეგრძნებამაც მალე მიატოვა, ანაზდად გაქრა და რატომღაც ამაყი გულგრილობით შეეცვალა. ის უკანასკნელი კი – მარადიული სიმშვიდის შეგრძნებით.

მხედართა ჯგუფი უხმოდ ელოდა ოსტატს. მხედართა ჯგუფი ხედავდა, ქარაფზე მდგარი ეს შავი, მაღალი სილუეტი როგორ იქნევდა ხელებს, თავს მაღლა სწევდა და ეწადა მზერით მოეცვა მთელი ქალაქი, კიდით კიდემდე ჩასწვდომოდა, ხან კი თავს ქინდრავდა, თითქოს მის ფერხთით დატკეპნილ, გამეჩხერებულ ბალახს აკვირდებაო.

დუმილი მოლოდინით გულშეღონებულმა ბეჰემოთმა დაარღვია:

– ნება მიბოძეთ, მესირ, – დაიწყო მან, – გამოსამშვიდობებლად დავუსტვინო, ვიდრე ცხენებს გავაჭენებდეთ.

– ქალბატონს შეაშინებ, – უპასუხა ვოლანდმა, – ამას გარდა, არ დაგავიწყდეს, რომ შენი დღევანდელი უმსგავსობანი უკვე დასრულდა.

– რას ბრძანებთ, მესირ, – უპასუხა ამორძალივით უნაგირზე გვერდულად მოკალათებულმა მარგარიტამ, – ნება დართეთ, დაუსტვინოს. მაინც ცოტა დავნაღვლიანდი ამ შორი გზის წინ. დამეთანხმებით, მესირ, ეს ნაღველი სრულიად ბუნებრივია, თუნდაც ადამიანმა იცოდეს, რომ გზის დასასრულს ბედნიერება ელის. ცოტა მაინც გაგვამხიარულოს, თორემ ვშიშობ, ეს ყველაფერი ცრემლებით არ დამთავრდეს და ყველას არ გაგიფუჭოთ გუნება.

ვოლანდმა ბეჰემოთს თავი დაუქნია, ისიც იმავ წამს გამოცოცხლდა, უნაგირიდან მიწაზე ჩამოხტა, თითები პირში ჩაიწყო, ლოყები დაბერა და დაუსტვინა. მარგარიტას ლამის დაუსკდა ყურები. ცხენი ყალყზე შედგა, ხეებიდან გამხმარი ტოტები ჩამოცვივდა, ყვავებისა და ბეღურების მთელი გუნდი აასკდა ცას, მტვრის ბუღი ზუილით დაიძრა მდინარისაკენ და მხედრებმა თვალნათლივ დაინახეს, სანაპიროს გასწვრივ მოსეირნე კატერში მგზავრებს

ქუდები გადასძვრათ თავებიდან. ოსტატი შეაკრთო სტვენამ, მაგრამ არ შემობრუნებულა, უფრო შეშფოთებით აიქნია ხელი, ცისკენ აღაპყრო, თითქოს წყევლას უგზავნიდა ქალაქს. ბეჰემოთმა ამაყად მიმოიხედა.

– მაგრად დაუსტვინა, ვერ შეედავები! – მოწყალედ აღნიშნა კაროვიევმა, – კარგად დაუსტვინე, მაგრამ, თუ მიუკერძოებლად ვიმსჯელებთ, მაინც საშუალოდ შეიძლება ჩაითვალოს.

– მე ხომ რეგენტი არა ვარ, – ამაყად უპასუხა გაბუსულმა ბეჰემოთმა და მოულოდნელად თვალი ჩაუკრა მარგარიტას.

– აბა, ერთი, მეც ვცდი, ახალგაზრდობას გავიხსენებ, – თქვა კაროვიევმა, ხელები მოიფშვნიტა და თითებს სული შეუბერა.

– ცოტა ფრთხილად, ფრთხილად, – გაისმა ვოლანდის მკაცრი ხმა, – არავის არაფერი ავნო!

– მესირ, დამერწმუნეთ, – თქვა კაროვიევმა და გულზე მიიდო ხელი, – მხოლოდ გასართობად დავუსტვენ... – ანაზდად ზევით-ზევით აიწელა, მარჯვენა ხელის თითები უცნაურად შეკუმშა, ხრახნივით დაიგრაგნა და უკან დაბზრიალებულმა – დაუსტვინა.

ეს სტვენა მარგარიტას არ გაუგონია, მხოლოდ დაინახა, როცა ტალღამ ათი საჟენით შორს მოისროლა ცხენიდან. მის გვერდით მუხის ხე დაეცა და მიწა მდინარემდე გაბზარა. ნაპირის დიდი ნაწილი, სანაპიროთი და რესტორნითურთ, მდინარეში ჩაქანდა. წყალი აიტალღა და მოპირდაპირე, გადამწვანებულ დაბლობ ნაპირზე წყლის ტრამვაი შეაგდო, ოღონდ მგზავრებს არაფერი დაშავებიათ. მარგარიტას ახვიხვინებული ცხენის ფერხთით ფაგოტის სტვენით გულგამსკდარი ჭკა დაეცა. ოსტატი შეაშინა სტვენამ. თავზე იტაცა ხელი და უკან, მომლოდინე მგზავრებისაკენ გამოიქცა.

– ყველა ანგარიში გაასწორეთ? – თავისი ცხენის სიმაღლიდან ჰკითხა ვოლანდმა, –

გამოეთხოვეთ ქალაქს?

– გამოვეთხოვე, – უპასუხა ოსტატმა და დამშვიდებულმა პირდაპირ და თამამად შეხედა ვოლანდს.

მაშინ კი საყვირთა გუგუნივით მთებს გადაუარა ვოლანდის საზარელმა ძახილმა:

– დროა!!! – და ბეჰემოთის მკვეთრმა სტვენამ და ხარხარმა.

ცხენები ადგილს მოსწყდნენ, მხედრები მაღლა-მაღლა აიტაცეს და გააჭენეს. მარგარიტა გრძნობდა, როგორ ღრღნიდა და ექაჩებოდა აღვირს მისი გააფთრებული ცხენი. ვოლანდის მოსასხამი უკანმავალთა თავებს გადაეფარა და ბინდშეპარული ცარგვალი გააქრო. და როცა

წამით გადაფერდებული შავი საფარიდან მარგარიტამ უკან მიიხედა. აღარც ფერად- ფერადი გუმბათები ჩანდა, არც ამ გუმბათებზე მოგუგუნე აეროპლანი, აღარც ქალაქი – ყველაფერი მიწას შთაენთქა და მხოლოდ ჯანღიღა რიალებდა ამ ქალაქის მოსაგონებლად.

თავი ოცდამეთორმეტე - მიტევება და მარადიული სიმშვიდე

ჰოი, ღმერთებო! რა სევდიანია საღამოსეული მიწა! რაოდენ იდუმალია ჭაობიდან ამობოლქვილი ნისლი. ვისაც ამ ნისლში უბორიალია, ვისაც ბევრი უტანჯია სიკვდილის წინ, ვისაც უფრენია ამ მიწაზე აუზიდველი ტვირთით დამძიმებულს, მან უწყის მხოლოდ. უწყის მაშვრალმა. ამიტომ დაუნანებლად ტოვებს მიწიერ ბურუსს, მის ტბებსა და მდინარეებს და მშვიდი გულით ნებდება სიკვდილის ხელებს, რადგან მხოლოდ იქ ეგულვის სიმშვიდე.

ჯადოსნური, შავი ცხენებიც კი დაიქანცნენ, აწ უკვე ნელა მიაქროლებდნენ თავიანთ მხედრებს და უცილობელი ღამეც თანდათან წამოეწიათ. ზურგს უკან ღამის მიახლოების შეგრძნებამ, თვით დაუოკებელი ბეჰემოთიც კი დაადუმა, ბრჭყალებით უნაგირს ჩაჰფრენოდა, მდუმარედ მიფრინავდა ჩაგულისყურებული, მხოლოდ ღუნღულა კუდი უფრიალებდა ჰაერში. ღამე შავ ლეჩაქს აფარებდა ტყეებს და ველებს, ღამე ანათებდა სადღაც შორს, ქვევით, ნაღვლიან ნათურებს, აწ უკვე უინტერესოს და გამოუსადეგარ, ოსტატისა და მარგარიტასთვის უცხო ნათურებს. ღამე ეწეოდა მხედრებს, მაღლიდან ეკვროდა და დანაღვლიანებულ ცაზე ხან აქ, ხან იქ ამოკვეთდა ხოლმე ვარსკვლავთა თეთრ ლაქებს.

ღამე მკვრივდებოდა, გვერდით მიჰყვებოდა, მოსასხამებზე ეჭიდებოდა მქროლავთ, მხრებიდან აძრობდა ამ მოსასხამებს და სიყალბეს ააშკარავებდა. და როცა გრილი ნიავით შემობურვილი მარგარიტა თვალებს ახელდა, ხედავდა, როგორ ეცვლებოდათ გარეგნობა იმათ, ვინც მასთან ერთად მიქროდა მიზნისკენ. და როცა მათ შესახვედრად ცის კიდურიდან სისხლისფერი სავსე მთვარე ამოცურდა, ანაზდად გაქრა ყველა სიცრუე, ჭაობში ჩაემხო და ბურუსში ჩაიძირა ჯადოსნური, არამყარი სამოსი.

ახლა კაროვიევ-ფაგოტს, იმ იდუმალი კონსულტანტის თვითმარქვია თარჯიმანს, რომელსაც საერთოდ არ სჭირდებოდა თარჯიმანი, ძნელად თუ მიამსგავსებდით იმას, ვინც ვოლანდისა და მარგარიტას შუა მიფრინავდა. იმის ნაცვლად, ვინც ტაკიმასხარას დაფლეთილი სამოსით მიატოვა ვარაბიოვის მთები და კაროვიევ-ფაგოტის სახელით იყო ცნობილი, ახლა უზანგის ჯაჭვთა ჟღარუნით მიქროდა მუქიისფერმოსასხამიანი, სახენაღვლიანი და მარად მოღუშული რაინდი. ნიკაპი მკერდზე მიებჯინა, არც მთვარეს გასცქეროდა და არც ფეხქვეშ დარჩენილი მიწა ადარდებდა, საკუთარ საფიქრალში ჩაძირული მიაქროლებდა ცხენს ვოლანდის გვერდით.

– ასე რატომ შეიცვალა? – ქარის ზუზუნში ჩუმად ჰკითხა მარგარიტამ ვოლანდს.

– ამ რაინდმა ოდესღაც უგერგილოდ იხუმრა, – უპასუხა ვოლანდმა და მარგარიტასკენ იბრუნა მშვიდად ცალთვალანთებული სახე, – მისი კალამბური, თვითონვე რომ შეთხზა, ნათლისა და უკუნის შესახებ, არც მთლად სახარბიელო იყო და რაინდი იძულებული გახდა, უფრო ხანგრძლივად და დიდხანს ეხუმრა, ვიდრე ვარაუდობდა. მაგრამ ამაღამ ყველა ანგარიში სწორდება. რაინდმა თავისი ანგარიში გაანაღდა.

ღამემ ღუნღულა კუდი შემოაგლიჯა ბეჰემოთს, ბეწვი გაუწეწა და ბღუჯა-ბღუჯად მიმოფანტა ჰაერში. ის, ვინც ადრე წყვდიადის მეუფის ტაკიმასხარა კატა იყო, ახლა კაფანდარა ყმაწვილად იქცა, დემონ-პაჟად, საუკეთესო მასხარად, ვინც კი ოდესმე არსებობდა ამ ქვეყანაზე. ახლა ისიც დადუმებულიყო, ხმის ამოუღებლად მიფრინავდა და მთვარიდან მონადენი ნათლისთვის მიეშვირა სახე.

განაპირებით აზაზელო მოჩანდა. ფრენისას აბჯრის ფოლადი უბზინავდა. მთვარემ მასაც შეუცვალა იერი. უკვალოდ გამქრალიყო საშინელი, შემზარავი ეშვი და ლიბრგადაკრული თვალიც ყალბი აღმოჩნდა. ახლა უკვე ორივე ერთნაირი თვალი ჰქონდა აზაზელოს, ჩაშავებული და ცარიელი, სახე – უფერული და გულგრილი გახდომოდა. უკვე დაბრუნებოდა უდაბნოს დემონის, დემონი-მკვლელის ჭეშმარიტი სახე.

მარგარიტა თავის თავს ვერ ხედავდა, მაგრამ გარკვევით დაინახა, როგორ შეიცვალა ოსტატი. ახლა მას მთვარის შუქზე უქათქათებდა თმა, უკან ნაწნავად ეკვრებოდა და ამ ნაწნავს ქარი უფრიალებდა. როცა ქარი მოსასხამის კალთებს უწევდა ფეხებიდან ოსტატს, მარგარიტა მისი ბოტფორტების დეზებზე ხან მიმქრალ და ხან აბზინებულ ვარსკვლავებს ხედავდა. ყმაწვილი დემონის მსგავსად, ოსტატიც მთვარეს არ აშორებდა თვალს, ოღონდ დიდი ხნის ნაცნობივით და ახლობელივით უღიმოდა მას და 118-ე ოთახში შეძენილი ჩვეულებისამებრ, თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა.

დაბოლოს, უკვე ვოლანდსაც დაუბრუნდა ჭეშმარიტი იერი. მარგარიტას გაუჭირდებოდა ეთქვა, რა მასალის იყო ცხენის უზანგი, რომელიც მთვარის ნისლეულისგან დაწნულს ჩამოჰგავდა, თვით ცხენი წყვდიადის უზარმაზარ ზოდს წააგავდა, ფაფარი – ღრუბელს და მხედრის დეზები – თეთრად მოციმციმე, აცრიატებულ ვარსკვლავებს.

ასე მიქროდნენ და დუმდნენ დიდხანს, ვიდრე ქვევით მიმქროლავი მიდამოც არ შეიცვალა. ნაღვლიანი ტყეები მიწიერმა უკუნმა შთანთქა და თან მდინარეთა ბუნდოვანი ხმლისპირებიც გაიყოლა. ახლა ქვევით უზარმაზარი, მთვარის შუქზე აცრიატებული ქვის ზოდები გამოჩნდა, მათ შორის კი შუქჩაუღწეველი, ჩალუსკუმებული უფსკრულები.

ვოლანდმა ერთ კლდოვან, ბრტყელ კლდეზე ამოსდო ცხენს ლაგამი და მხედრებმა ჩორთით განაგრძეს სვლა. ესმოდათ, როგორ ხრაშუნობდა ფლოქვებქვეშ ქვა და კაჟი. მთვარე მწვანედ დანათოდა მინდორს და მარგარიტამ ამ უდაბურ ადგილას ანაზდად სავარძელი და შიგ მჯდარი კაცის თეთრი ფიგურა გაარჩია. ალბათ ეს კაცი ყრუ იყო, ანდა ერთიანად ჩაძირული საფიქრალში. არც კი გაუგონია, ამ გოლიათ ცხენთა სიმძიმით როგორ აზანზარდა კლდოვანი ნიადაგი და მხედარნი ასე, მის შეუშფოთებლად წაადგნენ თავზე.

მთვარე ეხმარებოდა მარგარიტას, უფრო მძაფრად ანათებდა, ვიდრე რომელიმე ელექტრონათურა და მარგარიტა ხედავდა, სავარძელში მჯდარი კაცი, ვისი თვალებიც უსინათლო ეჩვენა, ჩქარ-ჩქარა როგორ იფშვნეტდა ხელებს და იმ უსინათლო თვალებს მთვარეს არ აშორებდა. ახლა ისიც გაარჩია მარგარიტამ, რომ ამ მძიმე ქვის სავარძლის გვერდით, რომელზეც მთვარის შუქით აცრიატებული რაღაც მბზინავი ნაკვერჩხალი ელავდა, მუქი, უზარმაზარი, ყურებწამახული ძაღლი იწვა და ისიც, პატრონისდარად, შეშფოთებული ასცქეროდა მნათობს.

კაცის ფერხთით დოქის ნამსხვრევები ეყარა და სამარადისოდ აუშრობელი მუქი წითელი გუბე იდგა.

მხედრებმა ცხენები შეაყენეს.

– თქვენი რომანი წაიკითხეს, – თქვა ოსტატისკენ პირმიქცეულმა ვოლანდმა, – და მხოლოდ ერთი რამ თქვეს, რომ სამწუხაროდ, რომანი არ არის დასრულებული. ამიტომ მინდოდა, თქვენი გმირი მეჩვენებინა თქვენთვის. ორი ათასი წელია ამ მოედანზე ზის და სძინავს, მაგრამ მთვარის ავსების ჟამს, როგორც ხედავთ, უძილობა აწუხებს. სავსე მთვარე მარტო მას კი არა, მის ერთგულ მცველს, ძაღლსაც ტანჯავს. თუკი მართალია, რომ შიში ყველაზე დიდი

ცოდვაა ამქვეყნად, მაშინ იმ ძაღლს ბრალი არაფერში მიუძღვის. ამ მამაც ძაღლს მხოლოდ ქარიშხლის ეშინოდა. მაგრამ რას იზამ, მან, ვისაც უყვარს, იმისი ხვედრი უნდა გაიზიაროს, ვინც უყვარს.

– მაინც რას ამბობს? – ჰკითხა მარგარიტამ და სრულიად მშვიდ სახეზე თანაგრძნობის ნისლმა გადაუარა.

– ის მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებს, – გაისმა ვოლანდის ხმა, – რომ მთვარის შუქზეც არა აქვს მოსვენება და საშინელი თანამდებობა ერგო წილად. ამას იმეორებს ყოველთვის, როცა არ სძინავს, ხოლო, როცა სძინავს, ერთი და იგივე ესიზმრება – მთვარის ბილიკი, რომელზეც სურს ფეხი შედგას და ტყვე ჰა-ნოცრის გაესაუბროს, რადგან, როგორც თვითონ ამტკიცებს, ტყვემ რაღაც ბოლომდე არ უთხრა მაშინ, დიდი ხნის წინათ, გაზაფხულის თვის ნისანის თოთხმეტს. მაგრამ ვაი, რომ ამ ბილიკზე ის ფეხის შედგმას ვერ ახერხებს და მასთანაც არავინ მოდის. ამიტომ სხვა რაღა დარჩენია, იძულებული ხდება, საკუთარ თავს ესაუბროს. თუმცა, მრავალფეროვნებაც ხომ საჭიროა, და მთვარის შუქზე საუბრისას, ხანდახან იმასაც დასძენს ხოლმე, რომ ყველაზე მეტად თავისი უკვდავება და ენით აუწერელი დიდება სძაგს. ის ამტკიცებს, რომ სიამოვნებით გაუცვლიდა თავის ხვედრს იმ ჩამოძენძილ ლევი მათეს.

– თოთხმეტი ათასი მთვარე იმ ერთი მთვარის სანაცვლოდ ძალიან ბევრი ხომ არ არის? – იკითხა მარგარიტამ.

– ფრიდას ისტორია მეორდება? – თქვა ვოლანდმა, – თუმცა, მარგარიტა, შეგიძლიათ აქ თავი არ შეიწუხოთ. ყველაფერი წესითა და რიგით მოხდება, ამას ემყარება სამყარო.

– გაუშვით, – უცებ ხმამაღლა იკივლა მარგარიტამ, ისე, როგორც ოდესღაც ალქაჯად ქცეული კიოდა. ამ კივილით შეძრული ქვა კლდეს მოსწყდა, ფრიალოზე თავქვე უფსკრულისკენ ჩაქანდა და მთები რახრახით შეაზანზარა. თუმცა მარგარიტა დანამდვილებით ვერ იტყოდა, ქვის ჩახერგვის ღრიალი იყო, თუ სატანური ხარხარის გამოძახილი. ასე იყო თუ ისე, ვოლანდი ხარხარებდა, მარგარიტას უცქეროდა და ეუბნებოდა:

– მთებში ყვირილი არ შეიძლება. ის მაინც მიჩვეულია ზვავს და არ შეაშფოთებს. თქვენი თხოვნა არ არის საჭირო, მარგარიტა, რადგან მისი შეწყალება უკვე იმან ითხოვა, ვისთანაც ასე ელტვის საუბარს, – ვოლანდი ისევ ოსტატისაკენ შებრუნდა და უთხრა, – ასე რომ, უკვე შეგიძლიათ ერთი წინადადებით დაასრულოთ რომანი!

ოსტატი, თითქოს ელოდა ამას, ვიდრე უძრავად იდგა და სავარძელში მჯდარ პროკურატორს გასცქეროდა. მან ტუჩებზე მიიდო ხელი და ისე იყვირა, რომ ექო უკაცრიელ და მოტიტვლებულ კლდეებზე ხტუნვა-ხტუნვით გაიწელა:

– თავისუფალი ხარ! თავისუფალი! ის გელის!

კლდეებმა ქუხილად აქციეს ოსტატის ხმა და იმავ ქუხილმა ჩამოაშვავა მთები. წყეული კლდოვანი კედლები ჩამოინგრა. დარჩა მხოლოდ ქვისსავარძლიანი მოედანი. იმ შავი უფსკრულის თავზე, რომელშიც კედლები ჩაემხო, თვალგაუწვდენი ქალაქი გაჩახჩახდა, მაღლა აღმართული მბზინავი კერპებითა და მრავალი ათასი მთვარის მიღმა მდიდრულად გადაფურჩქნილი ბაღით. ზედ იმ ბაღისკენ გაწვა ამდენ ხანს ნალოდინები მთვარის ბილიკი და ბილიკისკენ სირბილით გაიჭრა ძაღლი. სისხლისფერქობიან თეთრმოსასხამიანი კაცი სავარძლიდან წამოდგა და რაღაც იყვირა ჩახლეჩილი, ლამის ჩაწყვეტამდე მისული ხმით.

ძნელი იყო გარჩევა, ტიროდა თუ იცინოდა, ან რას გაჰყვიროდა. ჩანდა მხოლოდ, თავისი ერთგული ძაღლის კვალად, ისიც სირბილით რომ გაუყვა ბილიკს.

– მეც იმას გავყვე? – იკითხა ოსტატმა და აღვირს მოჰკიდა ხელი.

– არა, – უთხრა ვოლანდმა, – რატომ უნდა სდიოთ კვალში იმას, რაც უკვე გასრულდა.

– მაშასადამე, იქით? – ჰკითხა ოსტატმა, შებრუნდა და უკან მიუთითა, იქ, სადღაც ზურგს უკან, ახლახან მიტოვებული ქალაქის გუმბათები და ათას სარკმელში გადამსხვრეული მზის ხილვა შეკოწიწდა.

– არც იქით, – უპასუხა ვოლანდმა, ხმა დაუკელტდა და კლდეებს გადაეღვარა, – არც იქით, რომანტიკულო ოსტატო! მან, ვის ნახვასაც ასე ელტვოდა თქვენ მიერ გამოგონილი ახლახან გათავისუფლებული თქვენი გმირი, რომანი წაიკითხა, – აქ ვოლანდი მარგარიტასკენ შებრუნდა, – მარგარიტა ნიკოლაევნა! შეუძლებელია დაეჭვება, რომ ოსტატისათვის საუკეთესო მომავალი გემეტებოდათ, მაგრამ, დამერწმუნეთ, ის, რასაც მე გთავაზობთ, და ის, რაც იეშუამ თქვენთვის ითხოვა – ბევრად უკეთესია. დავტოვოთ მარტო, – თქვა ვოლანდმა, ოსტატის უნაგირისკენ გადაიხარა და შორს მიმავალ პროკურატორზე მიუთითა,

– ხელს ნუ შევუშლით. და ეგებ შეთანხმდნენ კიდეც, – უცებ ვოლანდმა იერუშალაიმისკენ აიქნია ხელი და ისიც ჩაქრა.

– ან იქ, – ვოლანდმა ზურგს უკან გაიშვირა ხელი, – რა უნდა აკეთოთ იმ სარდაფში? – იმავ წამს სარკმლებში გადამსხვრეული მზე ჩაქრა, – რატომ? – რბილად და დამაჯერებლად განაგრძო ვოლანდმა, – ო, სამგზის რომანტიკულო ოსტატო! განა არ გსურთ, დღისით თქვენს მეგობართან ერთად ახალაყვავებულ ალუბლის ჩრდილქვეშ ისეირნოთ, საღამოობით კი შუბერტის მუსიკით დატკბეთ? ნუთუ არ გწადიათ, სანთლების შუქზე წეროთ ბატის ფრთით? ნუთუ არ გსურთ, ფაუსტის დარად იჯდეთ და ახალი ჰომუნკულუსის შექმნაზე იოცნებოთ? იქით. იქით. იქ უკვე გელით სახლი და მოხუცი მსახური. უკვე ანთია სანთლები, თუმცა მალევე ჩაქრება, რადგან იქ მისვლისთანავე შეხვდებით განთიადს. ამ გზას გაუყევით, ოსტატო, ამ გზას. მშვიდობით! ჩემი წასვლის დროა.

– მშვიდობით! – ერთად შესძახეს მარგარიტამ და ოსტატმა. და შავი ვოლანდი გზის გაუკვლევად გადაეშვა უფსკრულში. მის უკან ხმაურით შთაინთქა მისი ამალაც. არც კლდეები, აღარც მოედანი, არც მთვარის ბილიკი და აღარც იერუშალაიმი აღარსად ჩანდა. შავი რაშებიც გაქრნენ. და ოსტატმა და მარგარიტამ შეპირებული განთიადი იხილეს. ის აქვე იწყებოდა, შუაღამისეული მთვარის ჩასვლისთანავე. ოსტატი თავის მეგობარ ქალთან ერთად რიჟრაჟის პირველ სხივთა ნათელში მიაბიჯებდა ქვის ხავსმოდებულ ხიდზე. გადავლო კიდეც. ნაკადული უკან მოიტოვეს შეყვარებულებმა და ახლა ქვიშიან ბილიკს მიუყვებოდნენ.

– უბგერობას უსმინე, – ეუბნებოდა მარგარიტა ოსტატს და ქვიშა ხრაშუნობდა მისი შიშველი ტერფების ქვეშ, – მიაყურადე და დატკბი იმით, რაც არ გაღირსეს სიცოცხლეში – სიჩუმით. ხედავ, წინ შენი მარადიული სახლია, რომელიც ჯილდოდ გებოძა. მე უკვე ვხედავ ვენეციურ სარკმელს და მაღლარ ვაზს. ვაზი სახურავამდე აღწევს. აი, შენი სახლი, შენი მარადიული საყუდელი. მე ვიცი, საღამოს ისინი გესტუმრებიან, ვინც გიყვარს, ვისთან საუბარიც დაგაინტერესებს და არ აგაღელვებს. ისინი გიმღერებენ, დაგიკრავენ და შენ დაინახავ, როგორი შუქი წვება ოთახში, როცა სანთლები ანთია. ძილის წინ უკვე გაქონილ და მარადიულ ჩაჩს დაიხურავ და გაღიმებული ჩათვლემ. ძილი მოგამაგრებს და სიბრძნეს შეგმატებს. და ვეღარც ჩემს გაგდებას შეძლებ. შენს ძილს მე დავიცავ.

ასე ამბობდა მარგარიტა, იმ მარადიული სამყოფისაკენ ოსტატის გვერდით რომ მიაბიჯებდა და ოსტატს ეჩვენებოდა, თითქოს მარგარიტას სიტყვები უკან დარჩენილი ნაკადულივით რაკრაკებდა და ელამუნებოდა ოსტატის ხსოვნას, და ეს შეშფოთებული, ნემსებით დაჩხვლეტილი ხსოვნაც თანდათან იღველფებოდა. ვიღაც თავისუფლებას ანიჭებდა ოსტატს, როგორც ახლახან თავად უბოძა თავისუფლება თავის მიერვე შექმნილ გმირს. ეს გმირი თვალგაუწვდენს შეერწყა, უკანმოუბრუნებლად წავიდა მეფე-ვარსკვლავთმრიცხველის ძე, კვირაძალზე მიტევებული, იუდეველთა უწყალო მეხუთე პროკურატორი – პონტოელი პილატე.

ეპილოგი

და მაინც, საკითხავია, რა ხდებოდა მოსკოვში, მას შემდეგ, რაც შაბათ საღამოს, ბინდისპირზე, ვოლანდმა ქალაქი მიატოვა და თავის ამალასთან ერთად ვარაბიოვის მთებიდან გაქრა?

იმის შესახებ, რომ კიდევ დიდხანს, ყოვლად დაუჯერებელი ჭორები აზანზარებდა ქალაქს და მალე ეს ჭორები შორეულ და მიყრუებულ პროვინციებსაც მისწვდა, აღარც კი ღირს ლაპარაკი და გვრცხვენია კიდეც ამ ჭორების გამეორება.

ამ მართალი სტრიქონების ავტორმა თვითონ, პირადად ფეოდოსიაში მგზავრობისას საკუთარი ყურით მოისმინა, მატარებელში მონათხრობი ამბავი, იმის შესახებ, ორი ათასი მაყურებელი სრულიად შიშლიკანა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორ გამოცვივდა მოსკოვის ერთ-ერთი თეატრიდან და ასევე გაშიშვლებულნი, ტაქსით გაემგზავრნენ სახლებში.

ჩურჩული – „უწმინდური ძალა“ ყველგან ისმოდა: რძის პროდუქტების რიგში, ტრამვაიში, მაღაზიებში, ბინებში, სამზარეულოში, სააგარაკო და შორეული დანიშნულების მატარებლებში, სადგურებსა და ბაქნებზე, აგარაკებსა და პლაჟებზე.

უფრო განათლებული და კულტურული ხალხი დედაქალაქში სტუმრად ჩამოსული უწმინდური ძალის შესახებ შეთხზულ ამბებს, ცხადია, ყურად არ იღებდა, დასცინოდა კიდეც ამ ზღაპრებს და ცდილობდა, გონს მოეყვანა მთხრობელები. მაგრამ, როგორც ამბობენ, ფაქტები ფაქტებად რჩება და მათი უარყოფა ჯერ ვერავის მოუხერხებია. ფაქტი იყო, რომ დედაქალაქს ვიღაც სწვეოდა, და ამას გრიბოედოვიდან დარჩენილი შავი ნაკვერჩხალი და კიდევ ათასი სხვა რამ მოწმობდა.

კულტურული ხალხი გამოძიების თვალთახედვას იზიარებდა. დედაქალაქში ჰიპნოტიზიორთა და მუცლითმეზღაპრეთა ბანდა მოქმედებდა, რომელნიც, როგორც ჩანდა, დიდებულად ფლობდნენ თავიანთ პროფესიას.

ამ ბანდის დასაჭერად მოსკოვსა და მისგან კარგა მოშორებით მდებარე რაიონებშიც, ცხადია, ენერგიულად და სასწრაფოდ მიიღეს ზომები, მაგრამ, სამწუხაროდ, მიღებულ ზომებს შედეგი არ მოჰყოლია. ის, ვინც თავს ვოლანდს უწოდებდა, თავისი ამალიანად სადღაც გაქრა, მოსკოვში მეტად აღარ გამოჩენილა და არც სხვაგან გაუმჟღავნებია თავი. ცხადზე ცხადია, ეჭვი იმაზეც მიიტანეს, რომ საზღვარგარეთ შეეძლო გაქცეულიყო, მაგრამ მის კვალს ვერც იქ მიაგნეს.

მისი საქმის ძიება დიდხანს გრძელდებოდა. აბა, სხვაგვარად როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, როცა თვით საქმე იყო სასწაულებით სავსე? ოთხ დამწვარ სახლსა და ათასობით ჭკუიდან შეშლილ ადამიანზე რომ არაფერი ვთქვათ, იყვნენ დახოცილებიც. ორ ადამიანზე ზუსტად შეიძლებოდა ამის თქმა: ბერლიოზი და მოსკოვში ჩამოსულ უცხოელთათვის ქალაქის ღირსშესანიშნაობათა გაცნობის ბიუროს ის უბედური თანამშრომელი, ყოფილი ბარონი მეიგელი მკვდრები იყვნენ. მეიგელის დამწვარი ძვლები სადოვაიაზე No 50 ბინაში აღმოაჩინეს, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ. დიახ, იყო მსხვერპლი და ეს მსხვერპლი პასუხს მოითხოვდა.

მაგრამ ამ ორს სხვა მსხვერპლიც დაემატა და ეს მაშინ მოხდა, როცა ვოლანდმა დედაქალაქი დატოვა, და ეს მსხვერპლი, რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, შავი კატები იყვნენ.

ასზე მეტი ეს მშვიდობიანი, ადამიანის ერთგული და სასარგებლო ცხოველი თოკით ან სხვა საშუალებებით მოკლეს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ათასობით კატა, ზოგჯერ დამახინჯებულიც კი, სხვადასხვა ქალაქის მილიციის განყოფილებებში მოხვდნენ. მაგალითად, არმავირში ვიღაც მოქალაქემ თათებგაკოჭილი ერთი ყოვლად უდანაშაულო კატა მიათრია მილიციაში.

ამ კატას მოქალაქე მაშინ ჩასაფრებოდა, როცა ეს საბრალო ცხოველი ქურდულად (რა ქნან კატებმა, თუ ასეთი იერი აქვთ? არა იმიტომ, რომ ქურდები არიან, არამედ ეშინიათ, რომელიმე მათზე ძლიერმა არსებამ – ძაღლმა ან ადამიანმა, უბედურება არ დაატეხოთ თავს. ერთიცა და მეორეც ძალიან იოლია, მაგრამ პატივი ამ ქმედებისა, დამერწმუნეთ, ძალზე მცირეა. დიახ, ლამის უპატიოსნო საქციელადაც ითვლება). და იმ მოქალაქემაც მაშინ სტაცა კატას ხელი, როცა ის ოროვანდის ბუჩქისაკენ ქურდულად მიიპარებოდა.

მოქალაქე კატას სწვდა, თათების გასაკოჭად კისრიდან ჰალსტუხი შემოიგლიჯა, თან მტრულად და ზიზღით ეუბნებოდა:

– აჰ! მაშასადამე, ახლა ჩვენთან ინებეთ მობრძანება, ბატონო ჰიპნოტიზიორო? აქ თქვენი არავის ეშინია. კეთილი ინებეთ და თავს ნუ იკატუნებთ. ყველამ კარგად ვიცით, რა ჩიტიც ბრძანდებით!

მოქალაქე მილიციისკენ მიათრევდა მწვანე ჰალსტუხით თათებგაკოჭილ კატას, თან პანღურს ჰკრავდა და აიძულებდა, უკანა თათებზე ატოტებულს ევლო.

– თქვენ ის გირჩევნიათ, – ყვიროდა მოქალაქე და სტვენა-სტვენით ადევნებული ბიჭების ბრბოში გზას მიიკვლევდა, – სისულელეებს თავი გაანებოთ. მაინც არაფერი გამოგივათ! კეთილი ინებეთ და ისე იარეთ, როგორც დადიოდით.

შავი კატა კი დაფეთებული ათვალიერებდა გარემოს. ბუნებით ლაპარაკის უნარს მოკლებული, ვერც თავს იმართლებდა. ეს უბედური ცხოველი თავის გადარჩენას უპირველესად მილიციას უნდა უმადლოდეს, და კიდევ, თავის პატრონსაც, ღრმად პატივცემულ ქვრივ ქალს. პოლიციელები კატის განყოფილებაში მიყვანისთანავე მიხვდნენ, რომ მოქალაქეს სპირტის ოხშივარი ასდიოდა, რის გამოც მისი ჩვენებები ყურად აღარ უღიათ. ამასობაში, განყოფილებაში ქვრივი დედაბერიც მიიჭრა, რომელსაც მეზობლებისგან შეეტყო კატის დაპატიმრების ამბავი და სწორედაც სულზე მოუსწრო. მან საუკეთესოდ დაახასიათა კატა, მილიციელებს აუხსნა, რომ კნუტობიდან მოყოლებული, უკვე ხუთი წელი იყო, რაც კატა ცუდ საქმეებში არ იყო შემჩნეული და არც მოსკოვში გამგზავრებულა არასოდეს. არმავირში დაიბადა, აქვე აიდგა ფეხი და აქ ისწავლა თაგვების ჭერა.

კატას თათები შეუხსნეს და პატრონს დაუბრუნეს. მართალია, დიდად ჭირგამოვლილი, რადგან თავად, საკუთარ ტყავზე გამოსცადა, რა საშინელებაა შეცდომა და ცილისწამება.

კატების გარდა პატარ-პატარა უსიამოვნებები მოქალაქეებსაც შეექმნათ, რამდენიმე კაცი დააპატიმრეს კიდეც. მცირე ხნით დაპატიმრებულები აღმოჩნდნენ: ლენინგრადში – მოქალაქეები ვოლმანი და ვოლპერი, სარატოვში, კიევსა და ხარკოვში – სამი ვოლოდინი, ყაზანში – ვოლოხი, პენზაში კი, სრულიად გაურკვეველია, რატომ – ქიმიის მეცნიერებათა

კანდიდატი ვეტჩინკევიჩი... თუმცა ეს კაცი უზარმაზარი ტანისა იყო, ძალზე შავგვრემანი და შავთმიანი. ამას გარდა, სხვადასხვა ქალაქში დააპატიმრეს ცხრა კაროვინი, ოთხი კაროვკინი და ორი – კარავაევი.

ერთი მოქალაქე სევასტოპოლის მატარებლიდან გაკოჭილი ჩამოიყვანეს სადგურ ბელგოროდში. მოქალაქე ბანქოს ფოკუსებით აპირებდა თანამგზავრების გართობას.

იაროსლავლში, სწორედ სადილობის ჟამს, რესტორანში ერთი მოქალაქე იღლიაში პრიმუსამოჩრილი შევიდა, რომელიც წუთის წინ ხელოსნისაგან წამოეღო. ორმა შვეიცარმა მისი დანახვისთანავე მიატოვა სადარაჯო და გაიქცა, უკან კი რესტორნის ყველა თანამშრომელი და სტუმრები მიჰყვნენ. ამასთან, სალაროდან ყოვლად გაუგებარ მიზეზთა გამო, იმდღევანდელი შემოსავალიც გაქრა.

კიდევ მრავალი შემთხვევა მოხდა, მაგრამ ყველას ვერ გავიხსენებთ. დიდი არეულობა იყო გონთა!

კიდევ და კიდევ ერთი სიტყვით უნდა მოვიხსენიოთ სამძებრო ორგანოები. ყველაფერი გაკეთდა არა მხოლოდ ავაზაკთა დასაკავებლად, არამედ იმისათვისაც, რომ აეხსნათ მათ მიერ ჩადენილი უმსგავსობანი. ყველაფერს მოეძებნა ახსნა და ეს ახსნა-განმარტებები შეუძლებელია გონივრულად და ეჭვმიუტანლად არ მივიჩნიოთ.

გამოძიების წარმომადგენლებმა და გამოცდილმა ფსიქიატრებმა დაადგინეს, რომ ავაზაკური ბანდის წევრები, ანდა ერთი მათგანი მაინც (უმეტესად, ამ შემთხვევაში კაროვიევზე მიჰქონდათ ეჭვი), ჯერ არნახული ძალის ჰიპნოტიზიორები იყვნენ და უნარი შესწევდათ, იქ მოეჩვენებინათ თავი, სადაც სინამდვილეში არ იმყოფებოდნენ. ამას გარდა, ისინი თავისუფლად შთააგონებდნენ შემხვედრთ, რომ ზოგიერთი საგანი ან ადამიანი იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც არასოდეს ყოფილა, ანდა პირიქით, ვეღარ ხედავდნენ იმ საგნებსა და ადამიანებს, რომლებიც სინამდვილეში იქვე, ახლოს იმყოფებოდნენ.

ამგვარი განმარტებით ყველაფერს ნათელი მოეფინა, იმასაც კი, რაც ყველაზე მეტად აღელვებდა მოქალაქეებს, ყოვლად აუხსნელი უვნებლობა კატისა, რომელსაც No 50 ბინაში ტყვია არ ეკარებოდა დაკავების დღეს.

კატა ჭაღზე, ცხადია, საერთოდ არ მჯდარა, არც არავის უცდია, საპასუხო სროლა აეტეხა, მილიციელები მხოლოდ მოჩვენებას ესროდნენ. ეს კაროვიევმა შთააგონა მათ, რომ კატა ისროდა ჭაღიდან, თვითონ კი ეგებ მათ ზურგს უკან იდგა, იმანჭებოდა და თავისი გასაოცარი, მაგრამ მაინც ავაზაკურად გამოყენებული შთაგონების უნარით ტკბებოდა. ცხადია, მანვე მოასხა ბენზინი ბინაში და ცეცხლი წაუკიდა.

ცხადია, არც სტიოპა ლიხოდეევი გაფრენილა იალტაში (ამის უნარი კაროვიევსაც არ გააჩნდა) და არც დეპეშები გამოუგზავნია იქიდან. მას შემდეგ, რაც კაროვიევის ფოკუსებით დამფრთხალმა იუველირის ბინაში გრძნობა დაკარგა, იქვე იმყოფებოდა ფეხმოუცვლელად, ვიდრე ისევ კაროვიევმა არ ჩამოაფხატა თავზე თექის ქუდი და აეროპორტში არ გაგზავნა, თან სტიოპას დამხვდურ გამომძიებლებსაც შთააგონა, რომ სტიოპა სევასტოპოლიდან ჩამოფრინდა აეროპლანით.

მართალია, იალტის სამძებრო ამტკიცებდა, რომ მათ დანამდვილებით ნახეს ფეხშიშველა სტიოპა და დეპეშებსაც თვითონვე აგზავნიდნენ მოსკოვში, მაგრამ ამ დეპეშათა ასლები საქმეში არ აღმოჩნდა, რის გამოც, სამწუხაროდ, სრულიად უცილობელი დასკვნა გაკეთდა, რომ ჰიპნოტიზიორთა ბანდას უნარი შესწევდა, შორ მანძილზეც შთაეგონებინა ადამიანებისათვის და ადამიანთა ჯგუფისათვის. ამიტომ იყო, რომ დამნაშავეებს შეეძლოთ, ჭკუიდან შეეშალათ ყველაზე უდრეკი ფსიქიკური ორგანიზაციის თანამშრომლები.

ასე და ამგვარად, ისეთი უმნიშვნელო ოინები რაღა სახსენებელი იყო, როგორიცაა პარტერში მსხდომი ადამიანების ჯიბეებში ბანქოს აღმოჩენა, ან გამქრალი კაბები, ანდა აკნავლებული ბერეტი და ათასი სხვა სისულელე! ასეთი ფოკუსები საშუალო მონაცემების ნებისმიერ პროფესიონალ ჰიპნოტიზიორსაც შეეძლო გაეკეთებინა ნებისმიერ სცენაზე, მათ შორის კონფერანსიესათვის თავის მოწყვეტის სცენაც და მოლაპარაკე კატაც სრული სისულელე იყო. იმისათვის, რომ ხალხისთვის ამგვარი კატა ეჩვენებინათ, მუცლითმეზღაპრეობის საფუძვლების ცოდნაც კმაროდა, და არც არავის ეეჭვებოდა, რომ კაროვიევი ამ საფუძვლებში ღრმად იყო ჩახედული.

დიახ, არც ბანქო და არც ნიკანორ ივანოვიჩის გაჩენილი ყალბი ქაღალდები არ იყო მნიშვნელოვანი. უმთავრესი სხვა გახლდათ. კაროვიევმა ხომ ტრამვაის ლიანდაგისკენ უბიძგა ბერლიოზს და სასიკვდილოდ გასწირა, მანვე შეშალა ჭკუიდან საბრალო პოეტი ივან უსახლკარო, გონება დაუბინდა და შთააგონა, სიზმრად უძველესი ქალაქი იერუშალაიმი და ტაბაკელას მთის მზით გადაბუგული და დაშაშრული თხემი ეხილა, სამ ჯვარცმულთან ერთად. მან და მისმა ამალამ აიძულეს მარგარიტა ნიკოლაევნა და მისი შინამოსამსახურე ნატაშა მოსკოვიდან გადახვეწილიყვნენ. უნდა აღინიშნოს, ამ საქმეს ძიება განსაკუთრებული გულმოდგინებით იკვლევდა, გასარკვევი იყო, ამ მკვლელებმა და ცეცხლის გამჩაღებლებმა მოიტაცეს ეს ქალები თუ ისინი თვითონ გაჰყვნენ, თავიანთი ნებით? ნიკოლაი ივანოვიჩის აბდაუბდა ჩვენებებსა და მარგარიტა ნიკოლაევნას ქმრისთვის დატოვებულ უცნაურ და გაუგებარ ბარათზე დაყრდნობით. წერილზე, რომელშიც მარგარიტა ნიკოლაევნა ქმარს სწერდა, რომ კუდიანებთან მიდიოდა და იმის გათვალისწინებითაც, რომ ტანსაცმელი ხელუხლებლად იყო დატოვებული ბინაში – ძიებამ დაასკვნა, რომ დიასახლისიცა და მოსამსახურეც, სხვა მრავალთა მსგავსად, ჰიპნოტიზიორთა გავლენის ქვეშ მოექცნენ და ბანდიტებმა გაიტაცეს. ალბათ, სრულიად მართებულადაც, რადგან, როგორც ჩანდა, ბანდიტები ამ ქალების გარეგნობამ მოხიბლა.

მაგრამ ძიებისათვის მაინც სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა – რატომ უნდა გაეტაცებინათ დამნაშავეებს ფსიქიატრიული კლინიკიდან სულით ავადმყოფი, ოსტატს რომ უწოდებდა თავს. ამის ახსნა ვერ მოხერხდა, ისევე, როგორც ვერ მოხერხდა ავადმყოფის გვარის დადგენაც. ასე გაქრა სამუდამოდ „ნომერი ას თვრამეტი, პირველი კორპუსიდან“.

ასე და ამრიგად, ყველაფერს ნათელი მოეფინა და ძიებაც დასრულდა, როგორც ყველაფერი მთავრდება ამქვეყნად.

წლები გავიდა და მოქალაქეებს თანდათან დაავიწყდათ ვოლანდიც, კაროვიევიც და სხვებიც. მრავალი რამ შეიცვალა მათ ცხოვრებაში, ვინც ვოლანდისა და მისი დამქაშების წყალობით დაზარალდნენ, და რაოდენ უმნიშვნელო ან მცირე უნდა იყოს ეს ცვლილებები, მაინც ღირს მათი აღნიშვნა.

ჟორჟი, მაგალითად, ბენგალსკი, სამ თვეს საავადმყოფოში მკურნალობდა, გამოჯანმრთელებული შინ დაბრუნდა, მაგრამ ვარიეტედან მაინც მოუწია წამოსვლამ, თან ყველაზე ცხელ დროს, როცა ხალხი თავპირისმტვრევით აწყდებოდა სალაროებს – შავი მაგიის სეანსი ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ. ბენგალსკიმ კი ვარიეტე იმიტომ მიატოვა, რომ ესმოდა, ყოველ საღამოს ორი ათასი მაყურებლის წინაშე წარდგომა, რომლებიც უცილობლად იცნობდნენ და მუდამ ერთსა და იმავეს ჰკითხავდნენ, როგორ ჯობდა, თავით თუ უთავოდო, მის ძალებს აღემატებოდა.

დიახ, ამას გარდა აღარც ძველებურად შეეძლო მხიარულება, რაც ესოდენ აუცილებელი იყო მისი პროფესიისათვის. ავადმყოფობის შემდეგ ერთი უსიამოვნო, შემზარავი თვისება დასჩემდა. ყოველ გაზაფხულს, მთვარის ავსების ჟამს, უცნაური ღელვა წამოუვლიდა, უცებ კისერზე იტაცებდა ხელს, დამფრთხალი მოათვალიერებდა გარემოს და ქვითინს იწყებდა. თუმცა შეტევა მალე გაუვლიდა ხოლმე, მაინც, მისი გადამკიდე ძველ სამუშაოს ვეღარ შეასრულებდა, ამიტომ კონფერანსიობას თავი ანება, დანაზოგით დაიწყო ცხოვრება, რაც, მისი გამოანგარიშებით, თხუთმეტ წელს მაინც უნდა ჰყოფნოდა.

ის ვარიეტედან წავიდა და მეტად აღარ შეხვედრია ვარენუხას, რომელმაც დიდი პოპულარობა და სიყვარული მოიპოვა თავისი გასაოცარი, თვით თეატრის ადმინისტრატორისათვის უჩვეულო თავაზიანობითა და გულკეთილობით. კონტრამარკების მაძიებელნი, მაგალითად, მხოლოდ კეთილისმყოფელსა და მამას ეძახდნენ. რა დროსაც და ვისაც უნდა დაერეკა ვარიეტეში, ყურმილში მუდამ ისმოდა რბილი, მაგრამ ნაღვლიანი ხმა:

„გისმენთ“, და როცა სთხოვდნენ, ვარენუხასთვის დაეძახათ, იგივე ხმა სწრაფად უპასუხებდათ: „რას მიბრძანებთ?“ მაგრამ ნეტა იცოდეთ, როგორ ტანჯავდა ვარენუხას თავისი თავაზიანობა!

სტიოპა ლიხოდეევსაც მეტად აღარ დასჭირვებია ვარიეტეში ტელეფონით საუბარი. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც სტიოპამ რვა დღე გაატარა, როსტოვში გადაისროლეს და დიდი გასტრონომიული მაღაზიის დირექტორად დანიშნეს. დადის ხმები, რომ სტიოპამ საერთოდ თავი ანება პორტვეინის სმას, მხოლოდ მოცხარის არაყს მიირთმევს და ძალიან მოიკეთაო. იმასაც ამბობენ, ძალიან გულჩათხრობილი გახდა და ქალებს გაურბისო.

სტეპან ბოგდანოვიჩის ვარიეტედან წასვლამ რიმსკის ის სიხარული ვერ მიანიჭა, რაზეც წლების მანძილზე ოცნებობდა. კლინიკაში მკურნალობისა და კისლოვოდსკში დასვენების შემდეგ დაბეჩავებულ-დაჩაჩანაკებულმა, თავაკანკალებულმა ფინანსურმა დირექტორმა ვარიეტედან წასვლის განცხადება დაწერა. ყურადსაღებია, რომ ეს განცხადება ვარიეტეში რიმსკის მეუღლემ მიიტანა. თავად გრიგორი დანილოვიჩს ძალა არ ეყო, დღისით მაინც შესულიყო იმ შენობაში, სადაც მთვარით შუქდაღვრილი ფანჯრის გაბზარული მინა და გრძელი ხელი იხილა – ქვედა საკეტისაკენ რომ იწელებოდა.

ვარიეტედან წასულმა ფინანსურმა დირექტორმა ზამოსკვორეჩიეს თოჯინების თეატრში დაიწყო მუშაობა. ამ თეატრში მუშაობისას აკუსტიკის საკითხებზე უკვე აღარ უწევდა ღრმად პატივცემულ არკადი აპოლონოვიჩ სემპლიაროვთან შეხვედრა. ისიც მაშინვე გადაისროლეს ბრიანსკში და სოკოს დამზადების პუნქტის გამგედ დანიშნეს. ჭამენ ახლა მოსკოველები დამარილებულ ნიყვს და მჟავე თეთრას, ქება-დიდებას არ იშურებენ და სიხარულით ლამის ცას ეწიონ, იმდენად მოსწონთ ეს გადასროლა. წასული საქმეა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ არკადი აპოლონოვიჩს აკუსტიკაში ხელი მოეცარა და რამდენადაც არ ეცადა მის გაუმჯობესებას, მაინც ვერაფრით წასწია წინ.

იმ პირთა შორის, ვინც თეატრი დატოვა, ნიკანორ ივანოვიჩ ბოსოიც უნდა მოვიხსენიოთ, თუმცა ის თეატრთან არაფრით იყო დაკავშირებული, მხოლოდ უფასო ბილეთები უყვარდა. ნიკანორ ივანოვიჩი არა მარტო თეატრში აღარ დაიარებოდა, არც ფასიანად და არც უფასოდ, არამედ სახეც კი ეცვლებოდა, როცა თეატრზე იწყებდნენ ლაპარაკს. მაგრამ თეატრზე არანაკლებ და, შეიძლება ითქვას, უფრო მეტადაც კი, პოეტი პუშკინი და ნიჭიერი მსახიობი, სავა პოტაპოვიჩ კუროლესოვი შეიზიზღა. თანაც იმ ზომამდე, რომ როცა შარშან გაზეთში გამოქვეყნებული შავარშიიანი განცხადება დაინახა, სადაც შემოქმედების მწვერვალზე ასული სავა პოტაპოვიჩის გარდაცვალებას იუწყებოდნენ, ნიკანორ ივანოვიჩი ისე წამოჭარხლდა, ლამის თვითონაც უკან არ მიჰყვა ამ ცნობილ მსახიობს და იყვირა: „ახია მაგაზე!“ უფრო მეტიც, იმავე საღამოს ნიკანორ ივანოვიჩი, რომელსაც ცნობილი მსახიობის სიკვდილმა უთვალავი მწარე მოგონება ამოუტივტივა მეხსიერებიდან, სადოვაიას თავზე გადმომდგარი სავსე მთვარის შუქზე მარტოდმარტო გამოთვრა. და ყოველი გადაკრული ჭიქის შემდეგ უცოცხლდებოდა ამაზრზენ ადამიანთა ჯაჭვი და ამ ჯაჭვში იყვნენ სერგეი ჰერალდოვიჩ დუნჩილი, მომხიბლავი ადა ჰერკულანოვნა, მებრძოლო ბატების ის წითური პატრონიც და გულწრფელი ნიკოლაი კანავკინიც.

იმათ რაღა დაემართათ? ღმერთო ჩემო! არაფერიც არ დამართვიათ და არც შეიძლებოდა დამართოდათ, რამეთუ სინამდვილეში არ არსებულან, როგორც არ არსებობდა სიმპათიური არტისტი-კონფერანსიე, თვით თეატრი, პოროხოვნიკოვის ბებერი ქვაწვია დეიდა, ვალუტას რომ სარდაფში ალპობდა, არ არსებობდა ოქროს საყვირები და თავხედი მზარეულები. ეს ყველაფერი მხოლოდ იმ ნამუსგარეცხილი კაროვიევის შთაგონებით ესიზმრა ნიკანორ ივანოვიჩს. ერთადერთი ცოცხალი არსება, ვინც სიზმრად იხილა, სწორედ მსახიობი სავა პოტაპოვიჩი გახლდათ და ისიც იმიტომ, რომ ნიკანორ ივანოვიჩს მეხსიერებაში ღრმად ჩაბეჭდვოდა რადიოთი მისი ხშირი გამოსვლები. ის იყო, დანარჩენები კი არც არსებულან ამქვეყნად.

იქნებ არც ის ალოიზი მაღარიჩიც არ იყო? ო, არა, ეს კაცი არამცთუ არ იყო, ახლაც არის და სწორედ იმ თანამდებობაზე მუშაობს, რიმსკიმ რომ აღარ ისურვა, ე. ი. ვარიეტეს ფინანსურ დირექტორად.

ვოლანდთან სტუმრობის შემდეგ, მეორე დღეს, მატარებლიდან სადღაც ვიატკაში ჩასული მაღარიჩი დარწმუნდა, რომ რატომღაც მოსკოვიდან გამომგზავრებულიყო, თან შარვლის ჩაცმაც დავიწყებოდა, სამაგიეროდ, ყოვლად გამოუსადეგარი საბინაო წიგნაკი მოეპარა მეანაბრისაგან. ალოიზიმ უზღვავი ფული გადაუხადა გამცილებელს, მისგან იყიდა ძველი და გაქონილი შარვალი და ვიატკიდან ისევ მოსკოვში დაბრუნდა, მაგრამ იმ სახლს, სამწუხაროდ, ვეღარ მიაგნო. მისი მცირე ქონებაც პირწმინდად მოესრა ცეცხლს. თუმცა, ალოიზი ის კაცი არ იყო, გულზე ხელები დაეკრიფა. ორიოდე კვირის შემდეგ უკვე ბრიუსოვის ჩიხში, მშვენიერ ოთახში ცხოვრობდა, ხოლო რამდენიმე თვეში რიმსკის კაბინეტშიც იჯდა. და როგორც ადრე რიმსკის ტანჯავდა სტიოპა, ახლა ვარენუხას აწამებდა ალოიზი. ივან საველევიჩი ახლა მხოლოდ ერთზეღა ოცნებობდა, ეს ალოიზი იქნებ როგორმე მოეშორებინათ ვარიეტედან. რადგან, როგორც ხანდახან ძალიან ვიწრო წრეში ჩურჩულებდა ხოლმე ვარენუხა: „ასეთი ნამუსგარეცხილი, როგორიც ალოიზია, ჯერ არასოდეს შემხვედრია ცხოვრებაში და ამ ალოიზისაგან ყველაფერია მოსალოდნელი ამქვეყნად“.

თუმცა იქნებ აჭარბებდა კიდეც ადმინისტრატორი, რადგან ალოიზი ცუდ საქმეებში საერთოდ არ იყო შემჩნეული, ისევე, როგორც, საერთოდ რაიმე საქმის კეთებაში, თუკი არ ჩავთვლით, ცხადია, მებუფეტე სოკოვის ნაცვლად ვიღაც სხვა კაცის დანიშვნას, ის უბედური ანდრეი ფოკიჩ სოკოვი კი ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა მოსკოვის პირველ კლინიკაში, ვოლანდის მოსკოვში ჩამოსვლიდან ზუსტად ცხრა თვის შემდეგ...

დიახ, წლები გავიდა, პირი შეიკრა ამ მართალ წიგნში აღწერილი თავგადასავლებისაგან დარჩენილმა იარებმა და ხსოვნიდანაც გაქრა. მაგრამ ყველას არ დავიწყებია ყველაფერი.

ყოველ წელს, გაზაფხულის ბუნიობის ჟამს, საღამოსპირზე, პატრიარქთა ტბორებთან, ცაცხვების ჩრდილში ჯდება ხოლმე ერთი ოცდაათი წლის ან ოცდაათს გადაცილებული კაცი. წითური, მწვანეთვალება, უბრალოდ ჩაცმული კაცია. ეს გახლავთ ისტორიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი, პროფესორი ივან ნიკოლაევიჩ პონირევი.

ცაცხვებქცეშ მოსული აუცილებლად იმ სკამზე ჯდება, სადაც იჯდა იმ საღამოს, როცა აწ ყველასაგან მივიწყებულმა ბერლიოზმა თავის სიცოცხლეში უკანასკნელად იხილა ნაკუწებად დამსხვრეული მთვარე.

ახლა ეს მთვარე სავსეა, საღამოსპირზე მოთეთრო, შემდეგ კი – ოქროცურვილი, შავრა კვიცი-გველეშაპივით მიფრინავს ყოფილი პოეტის, ივან ნიკოლაევიჩის თავს ზემოთ და იმავდროულად, უძრავად დგას თვალსაწიერზე.

ივან ნიკოლაევიჩმა ყველაფერი იცის, ყველაფერს ხვდება და ყველაფერი ესმის. მან იცის, რომ სიყმაწვილეში დამნაშავე ჰიპნოტიზიორთა მსხვერპლი გახდა, შემდეგ მკურნალობდა და განიკურნა. მაგრამ ისიც იცის, რომ რაღაც-რაღაცებს ვერ ერევა. არ შეუძლია მოერიოს გაზაფხულის ამ ბუნიობას. როგორც კი ბუნიობა მოახლოვდება, რიგორც კი იზრდება და ოქროთი იფერება მნათობი, რომელიც ოდესღაც ორ ხუთსანთლეულს დანათოდა მაღლიდან, ივან ნიკოლაევიჩს მღელვარება იპყრობს, ნერვიულობს, მადას და ძილს კარგავს და ელის, როდის აივსება მთვარე. და როცა აივსება, ვეღარაფერი აჩერებს შინ. საღამოსპირზე გარეთ გამოდის და პატრიარქთა ტბორებისკენ მიეშურება.

სკამზე მჯდარი ივან ნიკოლაევიჩი უკვე დაუფარავად ელაპარაკება საკუთარ თავს, ეწევა და თვალმოჭუტული ხან მთვარეს გასცქერის, ხანაც ესოდენ სამახსოვრო ტურნიკეტს.

ივან ნიკოლაევიჩი ერთ-ორ საათს რჩება აქ. შემდეგ დგება და ყოველთვის ერთი და იმავე გზით, სპირიდონოვკის გავლით, თვალებამოღამებული, ჩინდაკარგული მიდის არბატის ჩიხებისაკენ.

ნავთის ფარდულს ჩაუვლის ხოლმე, იქ შეუხვევს, სადაც გადაფერდებული ძველი ფანარი ჰკიდია და ჯებირთან მიიპარება, რომლის მიღმაც მდიდარ, მაგრამ ჯერ შეუფოთლავ ბაღს ხედავს, ბაღში კი – მოპირდაპირე მხრიდან მთვარის სხივებით აბდღვრიალებული, სამკარედიანი ფანჯრებით დამშვენებული, ჩამუქებული გოთური შენობა დგას.

პროფესორმა არ იცის, რა იზიდავს ამ ბაღისკენ ან ვინ ცხოვრობს ამ სახლში, მაგრამ იცის, რომ მთვარის ავსების ღამეს თავს ვეღარ შეებრძოლება. თან ისიც იცის, რომ ბაღში, ჯებირის მიღმა აუცილებლად დაინახავს ერთსა და იმავეს.

ის დაინახავს სკამზე მჯდარ ხნიერ, პენსნეიან და წვეროსან კაცს, ნაკვთებით რატომღაც კურატს რომ ჩამოჰგავს. ივან ნიკოლაევიჩს მუდამ აქ ხვდება ეს კაცი, ერთსა და იმავე მეოცნებე პოზაში მთვარისკენ თვალმიპყრობილი. ივან ნიკოლაევიჩმა იცის, რომ მთვარის ცქერით დამტკბარი კაცი ახლა ფანჯრებზე გადაიტანს მზერას და დაჟინებით მიაცქერდება, თითქოს ელის, რომ საცაა ფანჯარა გაიღება და რაფაზე რაღაც გასაოცარი გამოჩნდება.

შემდგომ რაც მოხდება, ისიც ზეპირად იცის ივან ნიკოლაევიჩმა. ახლა უკვე ჯებირის უკან უნდა დაიმალოს, რადგან საცაა სკამზე მჯდარი კაცი აღელვებული დაიწყებს თავის ქიცინს, თვალებს დააცეცებს, რაღაცას მოიძიებს ცაში, აღფრთოვანებული გაიღიმებს, შემდეგ კი ანაზდად ტაშს შემოჰკრავს და საკმაოდ ხმამაღლა, ტკბილი ნაღველით დაიწყებს ლაპარაკს:

– ვენერა! ვენერა! ო, რა სულელი ვარ!

– ჰოი, ღმერთებო, ღმერთებო! – აჩურჩულდება ივან ნიკოლაევიჩი, ჯებირს ამოეფარება და თვალს აღარ აშორებს იმ იდუმალ უცნობს, – აი, მთვარის კიდევ ერთი მსხვერპლი... დიახ, ესეც ჩემსავით მსხვერპლია!

სკამზე მჯდარი კი განაგრძობს:

– ო, რა სულელი ვარ! რატომ, რატომ არ გავფრინდი მასთან ერთად? რამ შემაშინა მე უბედური? ცნობა ვთხოვე! ეჰ, ახლა გაუძელი, ბებერო კრეტინო!

ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე შენობის ჩაბნელებულ ნაწილში ფანჯარა არ გაირახუნებს, იქიდან რაღაც მოთეთრო არ გამოჩნდება და ქალის უსიამოვნო ხმა არ დაიძახებს:

– ნიკოლაი ივანოვიჩ, სადა ხართ? ეს რაღა მოიგონეთ? მალარია გინდათ დაიმართოთ? მოდი, ჩაი დავლიოთ.

აქ კი ცხადია, სკამზე მჯდარი გონს მოეგება და ყალბი ხმით გასძახებს:

– სუფთა ჰაერზე გამოსვლა მომინდა, ჩემო კარგო. მშვენიერი ჰაერია.

მერე სკამიდან წამოდგება, უკვე მიხურულ ფანჯარას მალულად მოუღერებს მუშტს და შინ ფეხათრეული შევა.

– ცრუობს, ცრუობს! ჰოი, ღმერთებო, როგორ ცრუობს! – ბურდღუნებს ჯებირს მოშორებული ივან ნიკოლაევიჩი, – ჰაერი სულაც არ იზიდავს ბაღში, რაღაცას ხედავს მთვარეზე მაღლა, ამ გაზაფხულის ბუნიობისას. ოჰ, არაფერს დავიშურებდი, ოღონდ კი შემეძლოს და მისი საიდუმლო შევიტყო; ოღონდ მაცოდინა, რომელი ვენერა დაკარგა, ახლა უშედეგოდ რატომ მისტირის და დაეძებს.

პროფესორი შინ უკვე სნეული ბრუნდება. მეუღლეს ისე უჭირავს თავი, თითქოს ვერც ამჩნევდეს მის ნაღვლიანობას და დასაძინებლად დაწოლას სთხოვს. თვითონ კი არ წვება, ლამპასთან ზის გადაშლილი წიგნით და დარდიანი თვალებით დასცქერის მძინარს. მან იცის, რომ განთიადისას ივან ნიკოლაევიჩს მტანჯველი ყვირილი გააღვიძებს, აქვითინდება და აწრიალდება. ამიტომ წინ, სუფრაზე, ლამპის ქვეშ უწყვია წინასწარ მომზადებული სპირტში ჩადებული შპრიცი და მუქი ჩაისფერი სითხით სავსე ამპულა.

სნეულის პატრონი საბრალო ქალბატონი ახლა თავისუფალია და მშვიდად შეუძლია დაძინება. ივან ნიკოლაევიჩი დილამდე მშვიდად იწვება, სახეზე ნეტარებაშეყინული და მისთვის უცნობ, მაგრამ რაღაც ამაღლებულ და ბედნიერ საზმარს ნახავს.

მეცნიერს მთვარის ავსების იმ ღამეს ყოველთვის ერთი და იგივე აღვიძებს და საბრალოდ აყვირებს. ის ხედავს არაბუნებრივად უცხვირო ჯალათს, რომელიც ღრიალით ხტება და ბოძზე გაკრულ, გრძნობადაკარგულ გესმასს გულში ატაკებს ხოლმე შუბს. მაგრამ იმდენად ჯალათი კი არ არის ხოლმე საზარელი, რამდენადაც ძილში დაფრქვეული ანაზდეული ნათელი, ის აქაფქაფებული, მიწას ჩამომხობილი ღრუბელი რომ გამოსცემს, როგორც მხოლოდ მსოფლიო კატასტროფების დროს ხდება ხოლმე.

ნემსის გაკეთების შემდეგ ყველაფერი იცვლება. საწოლიდან ფანჯრისკენ მთვარის ფართო ბილიკი წვება, ამ ბილიკზე სისხლისფერქობიან თეთრ მოსასხამით ადის კაცი და მთვარისკენ მიაბიჯებს. გვერდით ვიღაც ახალგაზრდა მიჰყვება, სახენაგვემი, ქიტონჩამოძენძილი. მიმავალნი რაღაცაზე საუბრობენ, კამათობენ, რაღაცაზე ვერ თანხმდებიან.

– ჰოი, ღმერთებო, – ამბობს ის მოსასხამიანი კაცი და ქედმაღალ სახეს თანამგზავრისკენ აბრუნებს, – რა სამარცხვინო მსჯავრი იყო! მაგრამ მოიღე მოწყალება და მითხარი, – მას უკვე მავედრებელი უხდება სახე, – ხომ არ ყოფილა? გემუდარები, მითხარი, რომ მსჯავრი არ ყოფილა.

– ცხადია, არა, – ხრინწიანი ხმით პასუხობს თანამგზავრი, – მოგეჩვენა მხოლოდ. – შეგიძლია, დაიფიცო? – კვლავ ემუდარება მოსასხამიანი კაცი.

– გეფიცები, – პასუხობს თანამგზავრი და რატომღაც თვალები უცინის.

– მხოლოდ ამის გაგება მსურდა! – ჩამწყდარი ხმით ამბობს მოსასხამიანი და სულ უფრო მაღლა მიიწევს მთვარისაკენ, გვერდით კი ის ყმაწვილი მისდევს. უკან უზარმაზარი, დიდებული, მშვიდი და ყურწამახული ძაღლი მიჰყვებათ.

მაშინ ადუღდება ხოლმე მთვარე, მდინარედ გადმოიღვრება და ირგვლივ ყოველივეს დატბორავს. მთვარე ბატონობს და თამაშობს, მთვარე ცეკვავს და ცელქობს, აი, ამ დინებაში ჩნდება გასაოცარი სილამაზის ქალი და ივანისკენ მოჰყავს თვალებდაცეცებული, წვერმოშვებული კაცი. ივან ნიკოლაევიჩი მაშინვე ცნობს მას. ის ასმეთვრამეტე ნომერია, მისი ღამეული სტუმარი. ივან ნიკოლაევიჩი ძილში მისკენ იწვდის ხელებს და ხარბად ეკითხება:

– მაშასადამე, ასე დასრულდა?

– ასე დასრულდა, ჩემო მოწაფევ, – პასუხობს ასმეთვრამეტე ნომერი. ქალი კი ივანს უახლოვდება და ეუბნება:

– ცხადია, ასე. ყველაფერი დასრულდა და ყველაფერი სრულდება... მე თქვენ შუბლზე გაკოცებთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა.

ის ივანისკენ იხრება და შუბლზე კოცნის. ივანი კი მისკენ იწევს, თვალებში ჩასცქერის, მაგრამ ქალი უკან-უკან იხევს და თავის თანამგზავრთან ერთად მთვარისკენ მიეშურება.

მაშინ ირევა მთვარე, ნათლის ნაკადს აფრქვევს ივანს, ყოველმხრივ განაბნევს სხივებს, ოთახში მთვარის წყალდიდობა იწყება, ნათელი ქანაობს, უფრო მაღლდება და ლოგინს ავსებს. აი, მაშინ სძინავს ბედნიერი ღიმილით ივან ნიკოლაევიჩს.

დილით გულჩათხრობილი იღვიძებს, მაგრამ სრულიად მშვიდი და ჯანმრთელი. მისი დასვრეტილი ხსოვნა მშვიდდება და მომავალ ბუნიობამდე პროფესორს აღარავინ შეაწუხებს, არც გესმასის უცხვირო მკვლელი და არც იუდეველთა მეხუთე უმოწყალო პროკურატორი პონტოელი პილატე.