114

თავი მეათე - ცნობები იალტიდან

– ასე... – დაიბნა ვარენუხა, – მერსი. დამდეთ პატივი და მესიე ვოლანდს გადაეცით, რომ დღეს გამოდის, მესამე განყოფილებაში.

– გასაგებია. როგორ არა. უსიკვდილოდ. ახლავე. აუცილებლად გადავცემ, – ნაწყვეტ- ნაწყვეტ არაკუნდა ყურმილი.

– კარგად ბრძანდებოდეთ, – უთხრა გაოცებულმა ვარენუხამ.

– გთხოვთ მიიღოთ, – ამბობდა ყურმილი, – ჩემი საუკეთესო სურვილები და მხურვალე სალამი! წარმატებებს გისურვებთ! მიღწევებს! სრულ ბედნიერებას, აბა, სულ კარგად იყავით!

– რა თქმა უნდა! აკი ვამბობდი! აკი ვამბობდი! – ყვიროდა აღგზნებული ადმინისტრატორი, –

რა იალტა, რის იალტა, ქალაქგარეთ წასულა!

– ეს თუ მართლა ასეა, – თქვა ბრაზისაგან ერთიანად გადამტკნარებულმა ფინანსურმა დირექტორმა, – ისეთი ღორობა იქნება, რომელსაც სახელი არ მოეძებნება!

ადმინისტრატორი ანაზდად ადგილზე შეხტა და ისე დაიღრიალა, რომ რიმსკი შეაშინა:

– გამახსენდა! გამახსენდა! პუშკინოში გახსნეს საჩებურეკე „იალტა“! ყველაფერი გასაგებია! იქ არის, გამოტყვრებოდა და ახლა იქიდან გზავნის დეპეშებს!

– ეს კი მეტისმეტია, – ყბა აუკანკალდა რიმსკის, თვალებში კი ნამდვილი გაბოროტება ეწერა,

– ეს გასეირნება ძალიან ძვირად დაუჯდება, – მაგრამ უეცრად ენა დაება და ჭოჭმანით დასძინა, – ჰო, მაგრამ, სამძებრო ხომ...

– სისულელეა! ეგეც მაგისი ოინები იქნება! – სიტყვა გააწყვეტინა ექსპანსიურმა ადმინისტრატორმა და ჰკითხა, – კონვერტი მაინც წავიღო?

– აუცილებლად, – უპასუხა რიმსკიმ.

და ისევ გაიღო კარი და ისევ იგივე ქალი შემოვიდა... „ისაა!“ – რატომღაც ნაღვლიანად გაიფიქრა რიმსკიმ და ორივე წამოდგა ფოსტალიონის შესახვედრად.



115

თავი მეათე - ცნობები იალტიდან

ამჯერად დეპეშაში ეწერა:

„დადასტურებისთვის გმადლობთ სასწრაფოდ ხუთასი სამძებროში ჩემთვის მოსკოვში ხვალ მოვფრინავ ლიხოდეევი“.

– ჭკუიდან ხომ არ შეიშალა? – ძლივს ამოილუღლუღა ვარენუხამ.

რიმსკიმ კი გასაღები აარაწკუნა, ცეცხლგამძლე სალაროს უჯრიდან ფული გამოიღო, ხუთასი მანეთი გადათვალა, დარეკა, შიკრიკს ფული ჩააბარა და ტელეგრაფში გაგზავნა.

– რას შვრები, გრიგორი დანილოვიჩ, – საკუთარ თვალებს არ დაუჯერა ვარენუხამ, – მე მგონი, ტყუილად გზავნით ფულს.

– ეს ფული უკან დაბრუნდება, – ხმადაბლა უპასუხა რიმსკიმ, – ლიხოდეევს კი პიკნიკი ძვირად დაუჯდება, – შემდეგ ვარენუხას პორტფელზე მიუთითა და დასძინა, – წადი, ივან საველიევიჩ, ნუღარ აყოვნებ.

და ვარენუხა პორტფელიანად გაიჭრა კაბინეტიდან.

ქვედა სართულზე ჩასულმა ადმინისტრატორმა გრძელ რიგს მოჰკრა თვალი, მოლარისგან შეიტყო, რომ ერთი საათის შემდეგ ანშლაგს ელოდნენ, რადგან დამატებითი აფიშების გამოსვლისთანავე ხალხი ტალღასავით მოსწყდომოდა ვარიეტეს, მანაც მაშინვე უბრძანა მოლარე ქალს, როგორმე ლოჟისა და პარტერის ოცდაათი ბილეთი მაინც გადაენახა და არ გაეყიდა, მერე სალაროდან გამოსხლტა, სირბილით დააღწია თავი უკან დადევნებულ მთხოვნელებს და ქუდის ასაღებად კაბინეტში შეირბინა. ამ დროს ტელეფონიც აწკრიალდა.

– დიახ! – იყვირა ვარენუხამ.

– ივან საველიევიჩი ბრძანდებით? – ყურმილიდან დაეკითხა ვიღაცის უსაზიზღრესი, ნიღნიღა ხმა.

– ვარენუხა თეატრში არ გახლავთ! – საპასუხოდ ჩასძახა ვარენუხამ, მაგრამ ყურმილმა მაშინვე შეაწყვეტინა:

– თავს ნუ იგდებთ, ივან საველიევიჩ, გირჩევნიათ, მომისმინოთ. ეს დეპეშები არსად წაიღოთ და არც არავის აჩვენოთ.



116

თავი მეათე - ცნობები იალტიდან

– ვინ ლაპარაკობს? – იღრიალა ვარენუხამ, – მოქალაქევ, შეწყვიტეთ მაიმუნობა! ახლავე აღმოგაჩენენ! თქვენი ნომერი მითხარით?

– ვარენუხა, – უპასუხა იმავე საზიზღარმა ხმამ, – რუსული ხომ გესმის? გეუბნები, დეპეშები არსად წაიღო!

– ა, არ ჩერდებით, არა? – იყვირა გაცოფებულმა ადმინისტრატორმა, – დამაცადეთ! მე თქვენ გიჩვენებთ, როგორ უნდა თავხედობა! – კიდევ რაღაც მუქარის თქმას აპირებდა, მაგრამ გაჩერდა, მიხვდა, ყურს აღარავინ უგდებდა.

იმწუთას კაბინეტში რაღაც ძალიან სწრაფად ჩამობნელდა. ვარენუხა ოთახიდან გაიჭრა, კარი მიიჯახუნა და გვერდითი კიბით საზაფხულო ბაღისკენ დაეშვა.

ადმინისტრატორი აღგზნებული იყო და ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა. ამ თავხედური ზარის შემდეგ ეჭვიც აღარ ეპარებიდა, რომ ვიღაც ხულიგნები სჩადიოდნენ ამ საზიზღარ ოინებს და ეს ყველაფერი ლიხოდეევის გაქრობასთან იყო დაკავშირებული. ერთი სული ჰქონდა, როდის ამხელდა ბოროტმოქმედთ და, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში შეუთრთოლდა კიდეც გული. ასე ხდება ხოლმე, როცა ადამიანი იმისკენ ილტვის, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს და სენსაციური ცნობა მიაწოდოს, ვისაც ჯერ არს.

ბაღში გასულ ადმინისტრატორს სახეში ქარი ეძგერა, თვალები ქვიშით ამოუვსო, თითქოს გზას უღობავდა და აფრთხილებდა. მეორე სართულზე იმგვარი რახუნით მიიხურა ფანჯარა, რომ ლამის მინები ჩამოიმსხვრა, ვერხვებისა და ცაცხვების წვერები შეშფოთებით აშრიალდა, ჩამობნელდა და აგრილდა. ადმინისტრატორმა თვალები მოიფშვნიტა და დაინახა, რომ მოსკოვს თავზე ჩამომხობოდა ჭექა-ქუხილის მაუწყებელი ყვითელფაშვიანი ღრუბელი. სადღაც შორს უკვე დაიქუხა კიდეც.

როგორ არ ჩქარობდა ვარენუხა, მაგრამ დაუოკებელმა სურვილმა მაინც აიძულა, საზაფხულო საპირფარეშოში შეერბინა, უნდოდა შეემოწმებინა, ნათურაზე ბადე დაამაგრა თუ არა ელექტრიკოსმა.

ვარენუხამ ტირს ჩაურბინა და იასამნის გაბარჯღულ ბუჩქში შეძვრა, სადაც საპირფარეშოს ცისფერი შენობა იდგა. ელექტრიკოსი სიტყვის კაცი აღმოჩნდა, მამაკაცთა განყოფილებაში, ჭერქვეშ უკვე დაემაგრებინა ლითონის ბადე, მაგრამ ადმინისტრატორს იმან



117

თავი მეათე - ცნობები იალტიდან

მოუშხამა გუნება, რომ საპირფარეშოს ბინდბუნდში მაინც მშვენივრად იკითხებოდა ნახშირითა და ფანქრით შესრულებული კედლის წარწერები.

– ეს რაღა... – დაიწყო ადმინისტრატორმა და უეცრად, ზურგს უკნიდან ხმა შემოესმა, კრუტუნა:

– თქვენ ხართ, ივან საველიევიჩ?

ვარენუხა შეკრთა, შებრუნდა და დაბალ, ზონზროხა, როგორც მოეჩვენა, კატის მსგავს კაცს მოჰკრა თვალი.

– მე ვარ, – აგდებულად უპასუხა ვარენუხამ.

– ძალიან სასიამოვნოა, ძალიან, – წიკვინა ხმით შეკნავლა იმ კაცმა, ასე რომ ჰგავდა მსუქან კატას, უეცრად შეირხა და ყურის ძირში ისე გაულაწუნა, ადმინისტრატორს ქუდი გადასძვრა თავიდან და უკვალოდ შთაინთქა საპირფარეშოს ორმოში.

დარტყმისთანავე მთელი საპირფარეშო წამიერად განათდა მოცახცახე შუქით და ცაში ქუხილიც გამოეხმაურა. შემდეგ კიდევ ერთხელ გაიელვა და ადმინისტრატორის პირისპირ კიდევ ერთი ტიპი გაჩნდა, დაბალი, მაგრამ ათლეტური აღნაგობის, კაცს ცეცხლივით წითური თმა ჰქონდა, ცალ თვალზე ლიბრი ჰქონდა გადაკრული და პირიდან ღოჯი ამოჩროდა. ამ მეორემ, ალბათ ცაცია რომ იყო, ახლა მეორე ყბაში გაულაწუნა. პასუხად ისევ დაიქუხა ცამ და საპირფარეშოს ხის სახურავს მერეხი დაასკდა.

– რას შვრებით, ამხანა... – ჩაიჩურჩულა გაოგნებულმა ვარენუხამ, თუმცა იმავ წამს მიხვდა, რომ სიტყვა „ამხანაგი“ არაფრით ესადაგებოდა ბანდიტებს, რომლებიც ადამიანს საზოგადოებრივ საპირფარეშოში თავს ესხმოდნენ, და ამოიხავლა, – მოქა... – თუმცა ალბათ არც ამ წოდებას იმსახურებდნენ და როგორც კი ეს გაიფიქრა, მესამე, საშინელი დარტყმაც მისწვდა, ორიდან რომელმა გაარტყა, ვერ გაარკვია, რადგან ცხვირიდან სისხლი წასკდა და

„ტოლსტოვკაზე“ ჩამოეწუწა.

– მაგ პორტფელში რა გიდევს, წურბელავ? – გამყინავად იღრიალა კატისმაგვარმა კაცმა, – დეპეშები, არა? ტელეფონით ხომ გაგაფრთხილეს, დეპეშები არსად წაგეღო? გაგაფრთხილეს თუ არა?



118

თავი მეათე - ცნობები იალტიდან

– გამაფრთხი... ლეს... ლეს... – სულის ხუთვით უპასუხა ადმინისტრატორმა.

– შენ კი მაინც გააქცუნე, არა? ახლავე პორტფელი მომეცი, დამპალო! – უყვირა მეორემ იმ ნიღნიღა ხმით, ტელეფონში რომ ისმოდა და ვარენუხას აცახცახებული ხელიდან პორტფელი გამოსტაცა.

იმ ორივემ ადმინისტრატორს აქეთ-იქიდან სტაცა ხელი, ბაღიდან გამოათრიეს და სადოვაიაზე წააჩაქჩაქეს. ჭექა-ქუხილი მთელი ძალით ბობოქრობდა, წყალი ღრიალითა და ღმუილით ინთქმებოდა საკანალიზაციო ღრმულებში, ირგვლივ წყლის ბუშტუკები სკდებოდა, ტალღები იყალყებოდა, სახურავებიდან მილების მიღმა იღვრებოდა და ეზოებში აქაფებული ღვარები მოედინებოდა. ყოველი ცოცხალი წალეკილიყო სადოვაიადან და ივან საველიევიჩს ვერავინ იხსნიდა. ელვის კლაკნილით განათებულმა ბანდიტებმა, ამღვრეულ მდინარეებზე ხტუნვა-ხტუნვით, თვალის დახამხამებაში მიაღწიეს No 302-ბის სახლს, ჭიშკარში შეფრინდნენ, სადაც ორი ფეხშიშველა ქალი აჰკვროდა კედელს და საკუთარი ფეხსაცმელები და წინდები ხელში ჩაებღუჯათ, შემდეგ მეორე სადარბაზოს მიაწყდნენ, შეშლილობის ზღვარს მიღწეული ვარენუხა მეხუთე სართულზე აამაღლეს და სტეპან ლიხოდეევის ბინის კარგად ნაცნობი, ნახევრად ჩაბნელებული წინკარის იატაკზე მოისროლეს.

აქ ორივე ყაჩაღი გაქრა და მათ ნაცვლად წინკარში დედიშობილა წითური, ფოსფორისთვალებიანი ქალი გამოჩნდა.

ვარენუხა მიხვდა, რომ ახლა იმაზე უარესი საშინელება ელოდა, რაც აქამდე გადაიტანა, დაიკვნესა და კედელს მიაწყდა. ქალი კი მთელი ტანით მიეკრა ადმინისტრატორს და ხელისგულები მხრებზე დაუწყო. ვარენუხას თმა აეყალყა, რადგან ცივ, წვიმით გაჟივებულ პერანგშიც კი შეიგრძნო ამ ხელისგულების გათოშილი, ყინულოვანი სიცივე.

– მოდი, ერთი, გაკოცო, – ნაზად უთხრა ქალმა და პირდაპირ თვალწინ გაუკრთა მისი მოელვარე თვალები. ვარენუხა იმავ წამს უკუნმა შთანთქა და კოცნა ვეღარ იგრძნო.



119

თავი მეთერთმეტე - ივანის გაორება

თავი მეთერთმეტე - ივანის გაორება

ჯერ კიდევ ერთი საათის წინ მზით გაჩახჩახებული ფიჭვნარი ჩამოიბურა, გაიქნა და ბურუსს შეერწყა.

ფანჯრების იქით ერთიან ნაკადად დიოდა წყალი. ცაში წვრილ ძაფებად წამდაუწუმ იკლაკნებოდა ელვა, ცა სკდებოდა და ავადმყოფის ოთახს ათრთოლებული, შიშნარევი შუქით ავსებდა.

ივანი უხმოდ ქვითინებდა, საწოლზე იჯდა და ამღვრეულ, ქაფმოდებულ მდინარეს გასცქეროდა. ყოველ დაქუხებაზე საბრალოდ წამოიკივლებდა ხოლმე და სახეს ხელებში მალავდა, ნაწერით აჭრელებული ფურცლები იატაკზე ეყარა, ჯერ კიდევ ჭექა-ქუხილის დაწყებამდე ქარი შემოიჭრა ოთახში და ფურცლები ააფრიალა.

პოეტის ცდა, საშინელ კონსულტანტზე დაეწერა განცხადება, უშედეგოდ დასრულდა. როგორც კი ზონზროხა ექთანმა, პრასკოვია ფიოდოროვნა რომ ერქვა, ნახევარი ფანქარი და ფურცლები შემოუტანა, ივანმა საქმიანად მოიფშვნიტა ხელები და საჩქაროდ მოეწყო მაგიდასთან. დასაწყისი საკმაოდ მარჯვედ გამოუვიდა:

„მილიციას. „მასსოლიტის“ წევრის, ივან ნიკოლაევიჩ უსახლკაროს განცხადება. გუშინ საღამოს განსვენებულ მ. ა. ბერლიოზთან ერთად პატრიარქთა ტბორებზე მივედი... „

უცებ პოეტს თავგზა აებნა, უმეტესად სიტყვა „განსვენებულის“ გამო. რაღაც უაზრობა გამოდიოდა. როგორ უნდა მისულიყო განსვენებულთან ერთად? შეასწორა და ასე დაწერა:

„... შემდგომში განსვენებულ მ. ა. ბერლიოზთან... „ არც ამან დააკმაყოფილა ავტორი. მესამე რედაქცია დასჭირდა, ის კი პირველ ორზე უარესი აღმოჩნდა: „... ბერლიოზთან, რომელიც ტრამვაიმ გაიტანა... „ მერე ის ყველასთვის უცნობი სეხნია-კომპოზიტორი აეკვიატა და იძულებული გახდა, ჩაეწერა: „... არა კომპოზიტორი... „

ამ ორი ბერლიოზის ვინაობით გაწამებულმა ივანმა ბოლოს ყველაფერი გადაშალა და გადაწყვიტა, თავიდანვე რაღაც შთამბეჭდავით დაეწყო, მაშინვე მიეპყრო მკითხველის ყურადღება, ამიტომ დაწვრილებით აღწერა, როგორ ჯდებოდა კატა ტრამვაიში, შემდეგ კი თავის მოკვეთის სცენას მიუბრუნდა. მოკვეთილმა თავმა და კონსულტანტის წინასწარმეტყველებამ პონტოელი პილატეს ამბის აღწერაც მოითხოვა და ივანმა, სრული



120

თავი მეთერთმეტე - ივანის გაორება

დამაჯერებლობისთვის, გადაწყვიტა, თავიდან ბოლომდე მოეთხრო პროკურატორის ამბავი, იმ წუთიდან, როცა პილატე სისხლისფერქობიან თეთრ მოსასხამით გამოვიდა ჰეროდეს სვეტოვანში.

ივანი გულმოდგინედ შრომობდა, ნაწერს შლიდა, სიტყვებს ცვლიდა. ისიც კი სცადა, პონტოელი პილატე დაეხატა, შემდეგ კი უკანა ფეხებზე ატოტებული კატა. მაგრამ ვერც ნახატმა უშველა, და რაც უფრო მეტს წერდა, მით მეტად ბუნდოვანი ხდებოდა პოეტის განცხადება.

იმ დროისათვის, როცა შორიდან აბოლქვებული, საშინელი ღრუბელი გამოჩნდა, ფიჭვნარი გადაფარა და ქარი აშალა, ივანი მიხვდა, რომ ძალა გამოელია, განცხადებას ვერა და ვერ მოაბამდა თავს, ამიტომ იატაკზე მიმოფანტული ფურცლებისთვის ხელი აღარ უხლია და ჩუმად, მწარედ აქვითინდა.

გულკეთილმა ექთანმა პრასკოვია ფიოდოროვნამ სწორედ ჭექა-ქუხილის დროს მოინახულა პოეტი, აზლუქუნებული ივანის დანახვამ შეაშფოთა, ფარდები ჩამოაფარა, ელვას რომ არ შეეკრთო ავადმყოფი, ფურცლები იატაკიდან წამოკრიბა და ექიმის დასაძახებლად გაიქცა.

ისიც მალე მოვიდა, ივანს მკლავში ნემსი გაუკეთა, დაარწმუნა, მეტად აღარ იტირებდა, მალე ყველაფერი გაივლიდა, შეიცვლებოდა და დავიწყებას მიეცემოდა.

ექიმმა სიმართლე უთხრა. გაღმა ნაპირზე მალე ისევ გამოჩნდა ფიჭვნარი, ყოველი ხე თვალნათლივ გამოიკვეთა ცისფრად მოკრიალებული გუმბათის ქვეშ და მდინარეც დაცხრა. ივანს ნემსის გაკეთებისთანავე გაუქრა შავნაღვლიანობა, ახლა მშვიდად იწვა და ცაზე გადაჭიმულ ცისარტყელას გასცქეროდა.

ასე გასტანა საღამომდე. ვერც კი შენიშნა, როგორ გალღვა ცისარტყელა, როგორ გამოხუნდა და მოიწყინა ცამ, როგორ ჩამუქდა ფიჭვნარი.

მოგვიანებით ცხელი რძე დალია, ისევ ბალიშზე მიწვა და თავადვე გაოცდა, ისევ გაუხალვათდა ფიქრი. როგორღაც შერბილდა ხსოვნაში წყეული სატანური კატა, აღარც მოკვეთილი თავი აშინებდა და ივანი ახლა იმაზეღა ფიქრობდა, რომ სულაც არ იყო ურიგო საავადმყოფოში ყოფნა, ამ ჭკვიან, სახელგანთქმულ სტრავინსკისთან ურთიერთობაც ძალზე სიამოვნებდა. თან საღამოსეული ჰაერიც ტკბილი და ცინცხალი იყო ჭექა-ქუხილის შემდეგ.



121

თავი მეთერთმეტე - ივანის გაორება

თვლემა ეპარებოდა სალმობიერ სახლს. მყუდრო დერეფანში დათრიმლული, თეთრი ნათურები ჩააქრეს და რეჟიმის თანახმად, მის ნაცვლად ღამის სუსტი, ცისფერი ნათურები აანთეს, დერეფნის რეზინის საფენებზე სულ უფრო იშვიათად გაისმოდა ექთანთა ფრთხილი ნაბიჯების ხმა.

ახლა ივანი ნეტარ ბურანში იმყოფებოდა, ხან აბაჟურის ქვეშ შეყუჟულ ნათურას გახედავდა, ჭერიდან რბილ შუქს რომ აფრქვევდა, ხან კი ჩამუქებული ფიჭვნარის გაღმა ამოწვერილ მთვარეს უცქეროდა და თავის თავს ესაუბრებოდა:

– გასაოცარია, მაინც ასე ძალიან რატომ ამაღელვა იმ ამბავმა, რომ ბერლიოზი ტრამვაიმ გაიტანა? – ფიქრობდა პოეტი, – ბოლოს და ბოლოს, ჯანდაბამდე გზა ჰქონია! რა თავი მოვიკალი, ნათლიმამა ვარ მისი თუ მაჭანკალი? ამ საკითხს თუ ჯეროვნად შევაფასებ, მივხვდები, რომ არსებითად, რიგიანად არც კი ვიცნობდი მიცვალებულს. აბა, რა ვიცოდი მის შესახებ? თითქმის არაფერი, მხოლოდ ის, რომ მელოტი იყო და საშინლად ენამჭევრი. ამას გარდა, მოქალაქენო, – ვიღაც უხილავს მიმართავდა ივანი, – მთავარ საკითხში უნდა გავერკვეთ. ერთი გამაგებინეთ, მაინც რას გადავეკიდე იმ ცალთვალა, გუგებჩაშავებულ კონსულტანტს, მოგვსა თუ პროფესორს? რა მრჯიდა, საცვლების ამარა, სანთლით ხელში რომ დავედევნე და მერე მთელი აურზაური ავტეხე რესტორანში?

– აბა, აბა, აბა, – საიდანღაც მკაცრად უპასუხა, გულში თუ ყურში ჩაჰყვირა ძველმა ივანმა ახალ ივანს, – იმან ხომ იცოდა, ბერლიოზს რომ თავს მოჰკვეთდნენ, აბა, როგორ არ ავღელვებულიყავი?

– ამხანაგებო, რაზე ვლაპარაკობთ! – ეწინააღმდეგებოდა ახალი ივანი ძველს, – ბავშვიც კი მიხვდება, რომ ამ საქმეს ცუდი სუნი უდის, მთელი ასი პროცენტით ვიცი, რომ არაჩვეულებრივი და იდუმალი პიროვნებაა. ჰოდა, სწორედ ეს არის საინტერესო! კაცი პირადად იცნობდა პონტოელ პილატეს და უფრო საინტერესო რაღა გინდათ? და იმის ნაცვლად, რომ ეს აურზაური ამეტეხა პატრიარქთა ტბორებთან, განა არ აჯობებდა, თავაზიანად გამომეკითხა, შემდეგ რა შეემთხვათ პილატესა და იმ დაპატიმრებულ ჰა-ნოცრის?

– მე კი, ეშმაკმა უწყის, რა აღარ ჩავიდინე! დიდი ამბავი, თუ ჟურნალის რედაქტორი ტრამვაიმ გაიტანა! მერე რა მოხდა, ამის გამო ჟურნალს ხომ არ გააუქმებდნენ? რას იზამ? ადამიანი მოკვდავია და, როგორც სამართლიანად აღნიშნა პროფესორმა, მოულოდნელად მოკვდავიც გახლავთ. ჰოდა, უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, ახლა სხვა რედაქტორს დანიშნავენ და ეს ახალი ეგებ წინანდელზე ენამჭევრიც აღმოჩნდეს.



122

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

ცოტა ხნის თვლემის შემდეგ ახალმა ივანმა ქირქილით ჰკითხა ძველ ივანს:

– ჰოდა, თუ ასეა, მე ვიღა გამოვდივარ?

– სულელი! – გარკვევით უთხრა ვიღაცის ბოხმა ხმამ, არც ერთ ივანს რომ არ ეკუთვნოდა და ასე ძალიან ჩამოჰგავდა კონსულტანტისას.

ივანს რატომღაც არ სწყენია, სულელად რომ მონათლეს, პირიქით, სასიამოვნოდ გაოცდა კიდეც, ჩაიცინა და ძილ-ბურანს გაუყუჩდა. თვლემა ეპარებოდა, უკვე ეზმანა კიდეც სპილოს ძვლის ფეხებიანი პალმები, კატამაც ჩაუარა გვერდით – საშინელმა კი არა, მხიარულმა კატამ, ერთი სიტყვით, ის-ის იყო, ძილი უნდა გადაფარებოდა, რომ უეცრად თეჯირი უხმაუროდ გასრიალდა, აივანზე მთვარის შუქს მორიდებული იდუმალი სილუეტი გამოჩნდა და ივანს თითი დაუქნია.

ივანს არ შეშინებია, ლოგინზე წამოჯდა და დაინახა, რომ აივანზე კაცი იდგა და ამ ტუჩებზე თითმიდებულმა კაცმა უთხრა:

– ჩუუუუუ!

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

ვარიეტეს სცენაზე ჩვეულებრივი, ორთვლიანი ველოსიპედით შემოგორდა პატარა კაცი, გაბუშტული ლილისფერი ცხვირი ჰქონდა, დაჩვრეტილი, ყვითელი ქუდი ეხურა და კუბოკრული შარვალი და გალაქული ბათინკები ეცვა. კაცმა ფოქსტროტის ჰანგის თანხლებით შემოუარა წრეს, შემდეგ გამარჯვების ნიშნად დაიხავლა და ველოსიპედიც ყალყზე შეაყენა. კაცუნამ ერთხანს უკანა ბორბლით ატარა ველოსიპედი, მერე თვითონაც თავდაყირა ამოტრიალდა, ველოსიპედის შეუჩერებლად მოხსნა წინა ბორბალი, კულისებისკენ გააგორა და დარჩენილი ერთადერთი ბორბლით განაგრძო სვლა – პედალს ხელებით ატრიალებდა.

მერე ცალბორბლიან ალუმინის მაღალ ჭოკზე ამხედრებული ქერა, მსუქანი ქალი გამოსრიალდა სცენაზე, მას ვარსკვლავებით მოჩითული ვარდისფერი სასცენო ტრიკო და ქვედაკაბა ეცვა და მანაც სცენაზე დაიწყო ტრიალი. კაცუნა შეხვედრისას მისალმების ღრიალს გამოსცემდა და ფეხით იხდიდა ქუდს.



123

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

ბოლოს სახედაბერებული რვა წლის ბავშვი შემოგორდა და უფროსებს შორის ერთი ციცქნა ორთვლიანი ველოსიპედით დაიწყო ბზრიალი, რომელზეც ავტომობილის უზარმაზარი საყვირი ჰქონდა მიმაგრებული.

მსახიობებმა რამდენჯერმე შემოუარეს წრეს, შემდეგ დოლის შემაშფოთებელი ბრახუნის თანხლებით გაქანდნენ ორკესტრის ორმოსაკენ და პირველი რიგის მაყურებლებს ოხვრა აღმოხდათ, ყველამ უკან გაიწია – ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მსახიობები თავიანთ ველოსიპედებიანად აპირებდნენ ორკესტრის ორმოში ჩახტომას.

მაგრამ მსახიობები სწორედ იმ დროს გაიყინნენ ჰაერში, როცა წინა ბორბლები საცაა უნდა მოსწყვეტოდა იატაკს და უფსკრულში შთანთქმულიყო. მსახიობებმა ერთხმად შესძახეს:

„ოპა!“, ველოსიპედებიდან გადმოხტნენ და მაყურებელს მადლობის ნიშნად თავი დაუხარეს, ქერათმიანი ქალი ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა დარბაზს, ბავშვმა კი სასაცილოდ ააჭყვიტინა საყვირი.

დარბაზი ტაშით აზანზარდა, ცისფერი ფარდა ორივე მხრიდან გამოსრიალდა, მსახიობები გადაფარა, შემდეგ კარის თავზე მოციმციმე წარწერა – „გასასვლელი“ ჩაქრა და გუმბათქვეშ ტრაპეციის ხლართებში მზესავით აინთო თეთრი ბურთები. უკანასკნელი მოქმედების წინა ანტრაქტი დაიწყო.

ერთადერთი ადამიანი, ვისაც არანაირად არ აინტერესებდა ჯულეტის ოჯახის საველოსიპედო ტექნიკის სასწაულები, გრიგორი დანილოვიჩ რიმსკი იყო. ის მარტო იჯდა თავის კაბინეტში, თხელ ტუჩებს იკვნეტდა და დროდადრო სახეც ემანჭებოდა. ლიხოდეევის უცნაურ გაქრობას ახლა ადმინისტრატორ ვარენუხას სრულიად გაგებარი გაუჩინარებაც დაემატა.

ფინანსურმა დირექტორმა კარგად იცოდა, სადაც წავიდა ვარენუხა, მაგრამ წავიდა და... აღარ დაბრუნებულა! რიმსკი მხრებს იჩეჩდა და თავისთვის ჩურჩულებდა:

– მაინც რატომ?

მართლაც საოცარია: ისეთ საქმიან კაცს, როგორიც ფინანსური დირექტორი გახლდათ, ცხადია შეეძლო, დაუხანებლად დაერეკა იქ, საითაც ვარენუხა გაეშურა და გაერკვია, რა შეემთხვა ადმინისტრატორს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღამის ათ საათამდე ვერა და ვერ გაბედა დარეკვა.



124

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

ათ საათზე დიდი ძალდატანების ფასად აიღო ყურმილი და მაშინვე დარწმუნდა, რომ ტელეფონი არ მუშაობდა. შიკრიკმა მოახსენა, არც დანარჩენი აპარატები მუშაობსო. ამ უცნაურმა, მაგრამ არა ზებუნებრივმა მოვლენამ რატომღაც საბოლოოდ მოუთავა ხელი ფინანსურ დირექტორს, თუმცა მეორე მხრივ, გაახარა კიდეც: ვეღარ დარეკავდა.

იმ დროს, როცა ფინანსური დირექტორის თავს ზემოთ შესვენების დაწყების მაუწყებელი წითელი ნათურა აინთო და აციმციმდა, კაბინეტში შიკრიკი შემოვიდა და უცხოელი მსახიობის მოსვლა აუწყა. რიმსკის რატომღაც შეაძაგძაგა და გულდამძიმებული გაეშურა კულისებისკენ, რათა გასტროლიორს შეჰგებებოდა, მის გარდა სხვა არავინ იყო ვარიეტეში. დერეფნიდან, სადაც უკვე სასიგნალო ზარები ჟღრიალებდა, დიდ საპირფარეშოში ცნობისმოყვარენი იჭყიტებოდნენ. იქ იყვნენ ჭრელხალათიანი და ჩალმიანი ჯამბაზები, თეთრჯუბიანი მოციგურავე, ფერ-უმარილით სახეგადამტკნარებული მთხრობელი და გრიმიორიც კი.

მოსულმა ყველა გააოცა თავისი უჩვეულოდ შეკერილი, აქამდე უნახავი ფრაკითა და იმითაც, რომ შავი ნიღაბი ეკეთა. მაგრამ უფრო გასაოცარი მისი ორი თანამგზავრი იყო: კუბოკრულკოსტიუმიანი, პენსნეგაბზარული, აწოწილი კაცი და შავი, მსუქანი კატა, რომელიც საპირფარეშოში უკანა თათებზე ატოტებული შევიდა, სრულიად ბუნებრივად ჩაჯდა სავარძელში და საგრიმიოროს მოშიშვლებულ ლამპიონებს თვალმოწკურული მიაჩერდა.

რიმსკიმ სცადა სახეზე ღიმილი გამოეხატა, ამის გამო უფრო დამჟავებული და გაბოროტებული გაუხდა გამომეტყველება და კატის გვერდით, სავარძელში უტყვად მჯდარ მაგს თავი დაუკრა. ხელი არ ჩამოურთმევია. სამაგიეროდ, მოურიდებელი კუბოკრული ტიპი თავად გაეცნო და „მის მოადგილედ“ წარუდგინა თავი. ამ ამბავმა გააოცა რიმსკი და ისევ უსიამოდ: ხელშეკრულებაში მოადგილის ხსენებაც არ იყო.

გრიგორი დანილოვიჩი ერთობ დაძაბულად და ცივად დაეკითხა ამ ცით მოვლენილ კუბოკრულ ტიპს, სად იყო მსახიობის აპარატურა.

– ჩემო თვალის სინათლევ, უძვირფასესო ბატონო ფინანსურო დირექტორო, – ჭახჭახა ხმით უპასუხა მსახიობის მოადგილემ, – ჩვენი აპარატურა მუდამ თან დაგვაქვს! აი, ისიც! აინ, ცვაი, დრაი! – რიმსკის თვალწინ დაუტრიალა დაღვლარჭნილთითებიანი ხელი და კატას ყურს უკნიდან ამოაცალა რიმსკის კუთვნილი, ძეწკვიანი ოქროს საათი, რომელიც აქამდე შეკრული პიჯაკის შიგნით, ჟილეტის ჯიბეში ედო და ძეწკვიც საღილეში ჰქონდა გაყრილი.

მოულოდნელობისაგან რიმსკიმ მუცელზე იტაცა ხელი, დამსწრეებმა ამოიოხრეს, ხოლო



125

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

კარში თავშემოყოფილმა გრიმიორმა მოწიწებით დაიკრუტუნა.

– ხომ თქვენი საათია? ინებეთ, გთხოვთ! – თავხედური ღიმილით უთხრა კუბოკრულმა ტიპმა და დაბნეულ რიმსკის ჭუჭყიანი ხელით გაუწოდა თავისივე საკუთრება.

– ამას ტრამვაიში უნდა ერიდო, – მხიარულად წასჩურჩულა მთხრობელმა გრიმიორს.

თუმცა კატამ საათის ნომერზე უკეთესი რამ ჩაიდინა: მოულოდნელად სავარძლიდან წამოდგა, უკანა თათებზე ატოტებული მიუახლოვდა სარკიან მაგიდას, წინა თათებით გრაფინს სახურავი მოხადა, წყალი დაისხა, დალია, სახურავი ისევ დაახურა და საგრიმიორო ნაჭრით ტუჩები შეიწმინდა.

ამჯერად არც ამოუოხრიათ, მხოლოდ პირები დარჩათ ღია, გრიმიორმა კი აღფრთოვანებით წაიჩურჩულა:

– აი, კლასი!

ზარი მესამედ, განგაშიანად აჟღრიალდა და საინტერესო ნომრის მოლოდინით აღგზნებული მსახიობები საპირფარეშოდან კულისებისკენ გაცვივდნენ.

წუთის შემდეგ მაყურებელთა დარბაზის ნათურები ჩაქრა, რამპები აინთო, ფარდას ქვემოდან მოწითალო ნათება მოეფინა და მის განათებულ ჭრილში მაყურებლის წინაშე წარდგა მსუქანი, უმანკო ბავშვივით მხიარული, სახეგაპარსული, დაჭმუჭნილფრაკიანი და არცთუ სუფთაპერანგიანი კაცი – მთელი მოსკოვისათვის კარგად ცნობილი კონფერანსიე – ჟორჟ ბენგალსკი.

– ახლა კი, მოქალაქენო, – ბავშვურად გაიღიმა ბენგალსკიმ, – თქვენ წინაშე წარდგება... – ბენგალსკიმ სიტყვა შუაზე გაწყვიტა და სრულიად სხვა ინტონაციით ალაპარაკდა, – როგორც ვხედავ, მესამე განყოფილებაში მაყურებლები მოგვმატებია? დღეს ნახევარი ქალაქი მაინც ზის დარბაზში. ამ ცოტა ხნის წინ ერთ ჩემს მეგობარს შევხვდი და ვკითხე: „რატომ არ დადიხარ ვარიეტეში, გუშინ ნახევარი ქალაქი იყო ჩვენთან!“ მან კი მიპასუხა: „მე მეორე ნახევარში ვცხოვრობ“, – ბენგალსკი გაჩუმდა, ალბათ ხარხარის გაგონებას ელოდა, მაგრამ რადგან არავის გაუცინია, განაგრძო, – ... ახლა კი თქვენ წინაშე წარდგება სახელმოხვეჭილი უცხოელი მსახიობი მესიე ვოლანდი, თავისი გასაოცარი შავი მაგიის სეანსით! ცხადია, ყველას კარგად გვესმის, – ბენგალსკიმ ბრძნულად გაიღიმა, – რომ შავი მაგია საერთოდ არ არსებობს ამქვეყნად და სხვა არაფერია, თუ არა ცრურწმენა, უბრალოდ, მაესტრო ვოლანდი



126

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

მშვენივრად ფლობს მუშაითობის ტექნიკას, რაც ყველაზე საინტერესო ნაწილში გამოჩნდება, კერძოდ, ამ ტექნიკის გამოაშკარავების დროს, და რადგან ჩვენ ყველა ერთად ვუჭერთ მხარს ტექნიკასა და მის გამოაშკარავებას, ვთხოვოთ ბატონ ვოლანდს!

მთელი ამ აბდაუბდის წარმოთქმის შემდეგ, ბენგალსკიმ ხელები ერთმანეთს მიატყუპა და მისალმების ნიშნად ფარდის ჭრილისკენ აიქნია, ფარდაც ჩუმი შრიალით გასრიალდა.

მაგის გამოსვლა, მისი აწოწილი თანაშემწისა და უკანა თათებზე ატოტებული კატის თანხლებით, ძალიან მოეწონა საზოგადოებას.

– სავარძელი, – ხმამაღლა ბრძანა ვოლანდმა და იმავ წამს, ვერავინ მიხვდა, როგორ და საიდან, სცენაზე სავარძელი გაჩნდა და ჯადოქარი დაჯდა, – მითხარი ერთი, კეთილო ფაგოტ,

– დაეკითხა ვოლანდი კუბოკრულ მასხარას, – რომელიც, როგორც გაირკვა, კაროვიევის გარდა სხვა გვარსაც ატარებდა, – როგორ გგონია, მოსკოველები ხომ საგრძნობლად შეცვლილან?

ჯადოქარმა გასუსულ, სავარძლის ჰაერიდან გაჩენით გაოცებულ საზოგადოებას მოავლო თვალი.

– სწორედ ასეა, მესირ, – ხმადაბლა უპასუხა ფაგოტ-კაროვიევმა.

– მეც ასე მგონია, მოქალაქეები გარეგნულად შეცვლილან, თუმცა ქალაქიც შეცვლილია. ტანსაცმელზე ხომ ლაპარაკიც აღარ ღირს. გაჩენილა ეს... რა ჰქვია... ტრამვაი, ავტომობილები...

– ავტობუსები... – მოწიწებით შეაშველა სიტყვა ფაგოტმა.

საზოგადოება ყურადღებით უსმენდა ამ საუბარს, ეგონათ, ეს იყო ჯადოსნური ფოკუსების შესავალი. კულისები მსახიობებითა და სცენის მუშაკებით იყო სავსე და მათ შორის რიმსკის დაძაბული, გადაფითრებული სახეც მოჩანდა.

სცენის კუთხეში მიყუჟულ ბენგალსკის სახეზე თანდათან გაოცება გამოეხატა. მან ოდნავ აძგიბა წარბები, შემდეგ პაუზით ისარგებლა და თქვა:

– უცხოელი მსახიობი თავის აღფრთოვანებას გამოხატავს ტექნიკური თვალსაზრისით



127

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

ესოდენ გაზრდილი მოსკოვითა და მოსკოველებით, – თქვა და ორჯერ გაიღიმა, ჯერ პარტერისთვის, შემდეგ – იარუსებისთვის.

ვოლანდმა, ფაგოტმა და კატამ ერთდროულად მოაბრუნეს თავი კონფერანსიესკენ.

– განა მე აღფრთოვანება გამოვხატე? – ფაგოტს დაეკითხა ჯადოქარი.

– რას ბრძანებთ, მესირ, თქვენ არავითარი აღფრთოვანება არ გამოგითქვამთ, – უპასუხა მან.

– აბა, ეს კაცი რას ამბობს?

– არაფერს, უბრალოდ, იტყუება! – მჭექარედ, მთელი თეატრის გასაგონად აუწყა კუბოკრულმა თანაშემწემ, შემდეგ ბენგალსკისკენ შებრუნდა და დასძინა, – გილოცავთ, მოქალაქე ცრუპენტელავ!

იარუსიდან სიცილი გადმოიღვარა, შემცბარმა ბენგალსკიმ კი თვალები დააჭყიტა.

– მე, ცხადია, ნაკლებად მაინტერესებს ავტობუსები, ტელეფონები და სხვა...

– აპარატურა, – უკარნახა კუბოკრულმა.

– სრული სიმართლეა, გმადლობ! – ბუბუნა ხმით განაგრძო ჯადოქარმა, – ... ვიდრე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი: შინაგანად თუ შეიცვალნენ ეს მოქალაქეები?

– დიახ, სწორედ ეს გახლავთ უმთავრესი, მესირ.

კულისებში უკვე გაოცებულები გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს და მხრებს იჩეჩდნენ, ბენგალსკის სახე აჭარხლებოდა, რიმსკის კი – გადამტკნარებოდა. მაგრამ უცებ თითქოს მზარდი შეშფოთება იგრძნოო, ჯადოქარმა თქვა:

– მგონი, ლაპარაკით გავერთეთ, ძვირფასო ფაგოტ, მაყურებელმა კი მოიწყინა, დასაწყისისათვის რამე იოლი ილეთი გვიჩვენეთ.

დარბაზმა შვებით ამოისუნთქა. ფაგოტი და კატა რამპის მოპირდაპირე მხარეს დადგნენ, ფაგოტმა თითები გაატკაცუნა და დარდიმანდულად იყვირა:

– სამი, ოთხი! – ჰაერში ბანქოს შეკვრა დაიჭირა, აჭრა და ლენტივით გადაუგდო კატას.



128

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

კატა ლენტს მისწვდა, უკან გაუგზავნა, ატლასის გველმა ჰაერში გაისრიალა, ფაგოტმა ბარტყივით დააღო პირი და კარტი ერთმანეთის მიყოლებით გადაყლაპა.

კატამ მარჯვენა უკანა თათი მეორე თათს შემოჰკრა, მაყურებელს თავი დაუკრა და წარმოუდგენელი ტაში დაიმსახურა.

– სასწაულია, სასწაული! – აღგზნებულები ყვიროდნენ კულისებიდან. ფაგოტმა კი პარტერისაკენ გაიშვირა თითი და გამოაცხადა:

– ახლა ეს შეკვრა, პატივცემულო მოქალაქენო, მეშვიდე რიგში შეგიძლიათ მოიძიოთ, მოქალაქე პარჩევსკისთან, სწორედ სამმანეთიანსა და სასამართლოს უწყებას შორის, მოქალაქე ზელკოვასთვის ალიმენტის გადაუხდელობის გამო რომ მიიღო.

პარტერში ამოძრავდნენ, ადგილებიდან წამოხტნენ და ბოლოს, ვიღაც გაოცებისაგან აჭარხლებულმა მოქალაქემ, რომელიც მართლა პარჩევსკი აღმოჩნდა გვარად, საფულიდან ბანქოს შეკვრა ამოიღო და ჰაერში აიქნია, აღარ იცოდა, სად წაეღო.

– სამახსოვროდ დაიტოვეთ! – დაუყვირა ფაგოტმა, – ტყუილად ხომ არ ამბობდით გუშინ, ვახშამზე, რომ თუ არა პოკერი, მოსკოვში თქვენი ცხოვრება აუტანლად მოგეჩვენებოდათ.

– ძველი ოინებია, – გაისმა იარუსიდან, – პარტერში მჯდომი მაგათი კაცია.

– დარწმუნებული ბრძანდებით? – იყვირა ფაგოტმა და თვალმოჭუტულმა გახედა იარუსს, – თუ ასეა, მაშინ თქვენც ჩვენი კაცი ყოფილხართ, რადგან ბანქოს შეკვრა ახლა თქვენ გიდევთ ჯიბეში.

იარუსზე აწრიალდნენ და მალე მხიარული ხმებიც გაისმა:

– სწორია, ამას აქვს! აქ არის, აქ... მოიცა! ეს ხომ თუმნიანებია!

პარტერში მსხდომებმა თავები მიაბრუნეს, იარუსზე ვიღაც შემცბარმა მოქალაქემ ჯიბეში ფულის შეკვრა აღმოაჩინა, რომელიც საბანკო წესით იყო გადაკრული და ზედ ეწერა: „ერთი ათასი მანეთი“.

მეზობლად მსხდომნი გარს შემოეხვივნენ, ის კი გაოცებული ცდილობდა ქაღალდის გახევას, უნდოდა გაერკვია, ნამდვილი თუმნიანები იყო თუ ჯადოსნური.



129

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

– ღმერთმანი, ნამდვილია! თუმნიანები! – გახარებული ყვიროდა იარუსიდან.

– ეგეთი ბანქო მეც მეთამაშეთ! – პარტერის შუაგულიდან მხიარულად ითხოვა ვიღაც სქელმა კაცმა.

– ავეკ პლეზირ! – უპასუხა ფაგოტმა, – მაგრამ, რატომ მარტო თქვენ? ყველა მიიღებს მონაწილეობას! – და ბრძანა, – გთხოვთ, ზემოთ აიხედოთ! ერთი! – საიდანღაც ხელში რევოლვერი გაუჩნდა, – ორი! – რევოლვერს მაღლა ააწევინა ტუჩი და იყვირა, – სამი! – განათდა, დაიქუხა და იმავ წამს გუმბათიდან, ტრაპეციებს შორის, დარბაზისაკენ ყვინთვით ჩამოშვავდა თეთრი ქაღალდები.

ქაღალდი ბზრიალებდა, აქეთ-იქით დაფარფატებდა, იარუსებზე ეცემოდა, ორკესტრსა და სცენაზე იბნეოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ფულის წვიმამ იმძლავრა, სავარძლებს უწია და მაყურებლები სკამებიდან წამოხტნენ.

ჰაერში ათასობით ხელი აღმართულიყო, ხალხი ქაღალდებს შუქზე ამოწმებდა და ძალზე სარწმუნო და ჭეშმარიტ ნიშნებს არჩევდა. არც სუნი აეჭვებდა: ეს იყო ყველა დანარჩენთან შეუდარებელი, ახლახან მოჭრილი ფულის სუნი. დარბაზი ჯერ მხიარულებამ, შემდეგ კი გაოცებამ მოიცვა. ყოველი მხრიდან ისმოდა სიტყვა: „თუმნიანები, თუმნიანები!“ ვიღაც ქოთქოთებდა: „აჰ, აჰ!“ მხიარულად იცინოდა... ზოგ-ზოგები უკვე გასასვლელებში დახოხავდნენ და სავარძლებს ქვევით დაეძებდნენ ფულს. ზოგი სავარძლებზე შემდგარიყო და მობზრიალე, ჭირვეულ ქაღალდებს იჭერდა.

მილიციელებს თანდათან გაოცება გამოეხატათ სახეზე, მსახიობები კი უკვე მოურიდებულად იჭყიტებოდნენ კულისებიდან.

ბელეტაჟიდან ხმა გაისმა: „რას ეცი? ჩემია! ჩემკენ მოფრინავდა!“ მერე მეორემ უპასუხა:

„ხელს ნუ იკვრევინები, თორემ ისეთს გაგკრავ!“ იმავ წამს სილის გაწვნის ხმაც გაისმა, ბელეტაჟში მაშინვე მილიციელის შლემი გაკრთა და ვიღაც გაიყვანეს.

საერთო აღგზნება მატულობდა და გაურკვეველია, რით დასრულდებოდა ეს ყველაფერი, ფაგოტს სულის ერთი შებერვით რომ არ შეეწყვიტა ფულის წვიმა.

ორმა ახალგაზრდა კაცმა მრავალმნიშვნელოვნად და მხიარულად გადახედა ერთმანეთს, დარბაზიდან გავიდნენ და პირდაპირ ბუფეტისკენ გაემართნენ. თეატრი



130

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

ბუბუნებდა, მაყურებლებს თვალები უელავდათ. დიახ, დიახ, არავინ უწყის, რა მოხდებოდა, ბენგალსკის რომ არ ემარჯვა და არ შერხეულიყო. სიმხნევის მოკრება სცადა, ჩვეულებისამებრ, ხელები მოიფშვნიტა და მთელი ხმით დასჭექა:

– როგორც ხედავთ, მოქალაქენო, ახლა ყველამ ერთად ვნახეთ, ეგრეთ წოდებული, მასობრივი ჰიპნოზი. ეს წმინდა მეცნიერული ცდა გახლავთ, რომელიც დიდებულად ამტკიცებს, რომ არავითარი სასწაული და ჯადოქრობა არ არსებობს. მოდი, ვთხოვოთ მაესტრო ვოლანდს, ცდა გამოააშკარავოს. თქვენ ახლა ნახავთ, მოქალაქენო, რომ ეს, ეგრეთ წოდებული ფული, ისევე თვალის დახამხამებაში გაქრება, როგორც გაჩნდა.

მან ტაში დასცხო, მაგრამ მხარი არავის აუბამს, ბენგალსკის სახეზე დაჯერებული ღიმილი დასთამაშებდა, თუმცა თვალებში სულაც არ ეტყობოდა ეს დაჯერებულობა, უფრო მუდარა ჩანდა.

საზოგადოებას ბენგალსკის ნათქვამი არ ეჭაშნიკა, სრული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც კუბოკრულმა ფაგოტმა დაარღვია.

– ეს ისევ, ეგრეთ წოდებული ტყუილის ცდაა, – გამოაცხადა მაღალი, კიკინა ხმით, – ფული,

მოქალაქენო, ნამდვილია!

– ბრავო! – სადღაც მაღლიდან იღრიალა ბასმა.

– სხვათა შორის, ამან, – ბენგალსკიზე მიუთითა ფაგოტმა, – კარგა გვარიანად მომაბეზრა თავი. არამკითხე მოამბესავით ყველგან ეჩრება და ყალბი შენიშვნებით ხელს გვიშლის სეანსის ჩატარებაში. რა შეიძლება მოვუხერხოთ?

– თავი წავაცალოთ! – იარუსიდან მკაცრად იყვირა ვიღაცამ.

– რა ბრძანეთ? რაო? – მაშინვე გამოეხმაურა ამ უგვან წინადადებას ფაგოტი, – თავი წავაცალოთ? კარგი აზრია! ბეჰემოთ! – უყვირა კატას, – შეასრულე! აინ, ცვაი, დრაი!

და თვალით უნახავი რამ მოხდა. შავ კატას ბეწვი აეყალყა, გულისგამგმირავად დაიჩხავლა, შემდეგ აიბუზა, ბენგალსკის ფოცხვერივით შეახტა მკერდზე და იქიდან თავზე აინაცვლა. აკრუტუნებული კატა ფუმფულა თათებით სწვდა კონფერანსიეს გამეჩხერებულ



131

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

ქოჩორს, ველურად დაიჩხავლა და ორი ბრუნით მოაწყვიტა თავი მსხვილი კისრიდან.

თეატრში ორი ათასმა კაცმა ერთად იყვირა. კისრის მოწყვეტილი არტერიებიდან სისხლმა შადრევანივით ამოხეთქა და პერანგის გულისპირსა და ფრაკზე ჩამოიღვარა. უთავო სხეულს როგორღაც უაზროდ გაებლანდა ფეხები და იატაკზე ჩაიჩოქა. დარბაზში ქალების ისტერიული კივილი გაისმა, კატამ ფაგოტს გადასცა თავი, მან თმით აქაჩა და დარბაზს დაანახვა, და ამ თავმა მთელი დარბაზის გასაგონად, განწირული ხმით იყვირა:

– ექიმი!

– კიდევ იტყვი სისულელეებს? – ატირებულ თავს მრისხანედ ჰკითხა ფაგოტმა.

– მეტს აღარ ვიზამ! – ახრიალდა თავი.

– ღვთის გულისათვის, ნუ აწამებთ! – უეცრად დარბაზში გამეფებული გუგუნი გადაფარა ლოჟიდან მონადენმა ქალის ხმამ და ჯადოქარმა ამ ხმისკენ იბრუნა პირი.

– რა ვქნათ, მოქალაქენო, ვაპატიოთ თუ არა? – დარბაზს დაეკითხა ფაგოტი.

– ვაპატიოთ! ვაპატიოთ! – ჯერ კანტიკუნტად გაისმა ქალების ხმა, შემდეგ კი ერთხმად მამაკაცებიც შეუერთდნენ.

– რას მიბრძანებთ, მესირ? – ნიღაბაფარებულს ჰკითხა ფაგოტმა.

– რას იზამ, – უპასუხა დაფიქრებულმა ვოლანდმა, – ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უყვართ ფული, მაგრამ ეს ხომ ყოველთვის ასე იყო... კაცობრიობას უყვარს ფული, რისგანაც უნდა იყოს ის გაკეთებული, ტყავისგან, ქაღალდისგან, ბრინჯისა თუ ოქროსაგან. კიდევ, თავქარიანებიც არიან... მერე რა მოხდა? მოწყალებაც ხანდახან გაუფაჩუნდებათ ხოლმე გულში... ჩვეულებრივი ხალხია... არსებითად იმ ძველებს მაგონებენ... ოღონდ ცოტათი საბინაო საკითხმა გააფუჭა... – და ხმამაღლა დასძინა, – თავი მოარგეთ!

კატამ გულდაგულ დაუმიზნა, თავი მოარგო, ისიც წამის უსწრაფესად შეეზარდა კისერს, თითქოს არც არასოდეს მოუშორებიათო. უფრო მეტიც, ნაჭრილობევიც კი არ დააჩნდა. კატამ თათებით ჩამოუბერტყა ბენგალსკის ფრაკი და გულისპირი. სისხლის კვალი გაქრა. ფაგოტმა იატაკზე მჯდარი ბენგალსკი ფეხზე წამოაყენა, ფრაკის ჯიბეში თუმნიანების შეკვრა ჩაუჩურთა და სცენიდან გააბრძანა.



132

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

– თავიდან მომწყდით! უთქვენოდ უფრო საინტერესოა!

კონფერანსიე უაზროდ აცეცებდა თვალებს, ძლივძლივობით, ლასლასით მიაღწია სახანძრო საგუშაგოს და იქ გახდა ცუდად, საცოდავად იყვირა:

– თავი, ჩემი თავი დამიბრუნეთ!

სხვებთან ერთად მასთან რიმსკიც მიიჭრა, კონფერანსიე ქვითინებდა, ჰაერში რაღაცას ებღაუჭებოდა ხელით და ლუღლუღებდა:

– ჩემი თავი დამიბრუნეთ! თავი დამიბრუნეთ! ბინა წაიღეთ, სურათებიც, ოღონდ თავი დამიბრუნეთ!

შიკრიკი მაშინვე ექიმის მოსაყვანად გაიქცა. მსახიობებმა სცადეს ბენგალსკი საპირფარეშოში ტახტზე დაეწვინათ, ის კი გადარეულივით იქნევდა ხელ-ფეხს, ვერა და ვერ დააწყნარეს. სასწრაფოს გამოძახება დასჭირდათ. როცა უბედური კონფერანსიე წაიყვანეს, რიმსკი ისევ სცენაზე დაბრუნდა და დაინახა, რომ იქ ახალი სასწაული ხდებოდა. დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ იმ დროისთვის, ან იქნებ უფრო ადრეც, ჯადოქარი თავისი გაქუცული სავარძლიანად გაქრა სცენიდან, თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, ფაგოტის წყალობით სცენაზე დატრიალებული უჩვეულო ამბებით გატაცებულმა მაყურებელმა მისი გაქრობა ვერც კი შენიშნა.

მას შემდეგ, რაც დაზარალებული კონფერანსიე სცენიდან გაისტუმრა, ფაგოტმა საზოგადოებას აუწყა:

– ახლა კი, რაკი ეს აბეზარი მოვიშორეთ, მოდი, ქალთა მაღაზია გავხსნათ.

მაყურებელმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, რომ სცენის იატაკი სპარსული ნოხებით დაიფარა. კულისებიდან მომწვანო მილებით განათებული უშველებელი სარკეები და ამ სარკეებს შუა დახლები გაჩნდა, ამ დახლებზე კი სასიამოვნოდ გაოგნებულმა მაყურებელმა სხვადასხვა ფერისა და შეკერილობის ფრანგული ტანსაცმელი დაინახა. ეს მხოლოდ ერთ დახლზე, მეორეზე – სხვადასხვა ფერის ქუდები დახვავდა – ბუმბულიანი, უბუმბულო, ბალთებით და უბალთოდ, მესამეზე – ფეხსაცმელები ეწყო – შავი, თეთრი, ყვითელი, ტყავის, ატლასის, ნატის, გადასაჭერებიანი, ძვირფასთვლიანები. ფეხსაცმელებს შორის ყუთებიც ეწყო და შიგ მოციმციმე წახნაგთა შუქით ბრწყინავდა ბროლის ბოთლები, იქვე იდგა ანტილოპის ტყავის, ნატის და აბრეშუმის ჩანთების, პომადის მოგრძო, ოქროთი



133

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

მოჭიქული ბუდეების მთა.

ეშმაკმა უწყის, საიდან გაჩნდა შავკაბიანი, წითური ქალი, ყველაფრით მიმზიდველი რომ იყო, ოღონდ ყელზე შერჩენილი ნაიარევი ამახინჯებდა, ქალი დახლებს შორის დადიოდა და დიასახლისივით იღიმებოდა.

ფაგოტმა დათაფლული ღიმილით გამოაცხადა, რომ ფირმა სრულიად უსასყიდლოდ ცვლიდა ძველ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ფრანგული კაბებითა და ფრანგული ფეხსაცმლით. იგივე ეხებოდა ჩანთებს, სუნამოებს და ათას წვრილმანს.

კატა უკანა ფეხებს ერთმანეთს ურტყამდა, წინა თათებს კი რაღაცნაირად იქნევდა, როგორც შვეიცარებს სჩვევიათ კარის გაღებისას.

ქალი ოდნავ ჩახლეჩილი, მაგრამ სასიამოვნო ხმით ღუღუნებდა, რაღაც ნაკლებგასაგებ სიტყვებს წარმოთქვამდა, მაგრამ როგორც იქ დამსწრე ქალებს შეეტყოთ სახეზე, ამ სიტყვების მნიშვნელობა ყველამ იცოდა.

– გარლენი, შანელი, ნომერი ხუთი, მიცუკო, ნარსის ნუარი, საღამოს კაბები, კაბა- კოქტეილი...

ფაგოტი კანიდან ძვრებოდა, კატა მაყურებლებს თავს უკრავდა, ქალი შემინულ ვიტრინებს ხსნიდა.

– გთხოვთ! – ღრიალებდა ფაგოტი, – ნუ შეგრცხვებათ და ნუ მოგერიდებათ!

საზოგადოება ღელავდა, მაგრამ სცენაზე ასვლა ჯერ ვერავის გაებედა. ბოლოს ვიღაც ხორბლისფერთმიანი ქალი პარტერის მეათე რიგიდან წამოდგა. ისე გაიღიმა, თითქოს მისთვის სულერთი იყო ყველაფერი, საერთოდ, კარგა ხანია ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, წამოვიდა და გვერდითი ტრაპით ავიდა სცენაზე.

– ბრავო! – იყვირა ფაგოტმა, – მივესალმებით პირველ მყიდველს! ბეჰემოთ, სავარძელი! ფეხსაცმლით დავიწყოთ, ქალბატონო!

ხორბლისფერთმიანი სავარძელში ჩაჯდა და ფაგოტმა იმავ წამს ფეხსაცმლის გროვა დაახვავა ნოხზე.

ქალმა მარჯვენა ფეხსაცმელი გაიხადა, იასამნისფერი ჩაიცვა, ნოხზე რამდენჯერმე



134

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

დაჰკრა ფეხი და ქუსლი შეათვალიერა.

– ხომ არ მომიჭერს? – იჭვნეულად იკითხა ქალმა. ნაწყენმა ფაგოტმა წამოიძახა: – რას ბრძანებთ! რას ბრძანებთ! – განაწყენებული კატაც აკნავლდა.

– ამ ფეხსაცმელს ავიღებ, მერსი, – თქვა ქალმა და მეორეც ღირსების გრძნობით მოირგო. ქალის ძველი ფეხსაცმელი ფარდის უკან მოისროლეს, იქითვე წავიდა ხორბლისფერთმიანიც

– დიასახლისისა და ფაგოტის თანხლებით, რომელსაც სამხრეებზე ჩამოკიდებული

რამდენიმე სამოდელო კაბა მიჰქონდა გასასინჯისკენ. კატა სცენაზე მირბი-მორბოდა, ყველას ეხმარებოდა და მეტი სოლიდურობისათვის, კისერზე სანტიმეტრიც კი ჩამოიკონწიალა.

წუთის შემდეგ ფარდის უკნიდან ხორბლისფერთმიანი ქალი გამოვიდა, ისეთი კაბა ეცვა, რომ პარტერს ოხვრამ გადაუარა, საოცრად დამშვენებული ქალი სარკესთან შედგა, გაშიშვლებული მხრები შეატოკა, კეფაზე თმა შეისწორა დ უკან გადაიხარა – ზურგის დასანახად.

– ფირმა გთხოვთ, ესეც საჩუქრად მიიღოთ ჩვენგან! – უთხრა ფაგოტმა და ხორბლისფერთმიანს სუნამოს გადახსნილი ყუთი მიაწოდა.

– მერსი, – ამაყად უპასუხა ხორბლისფერთმიანმა და ტრაპით პარტერში დაეშვა. ვიდრე მიდიოდა, მაყურებლები ადგილებიდან დგებოდნენ და სუნამოს ყუთს აკვირდებიდნენ.

მაშინ კი საბოლოოდ გადმოსკდა მოთმინების ფიალა და სცენისკენ ყოველი მხრიდან დაიძრნენ ქალები. საერთო გნიასში, სიცილსა და კვნესაში, მამაკაცის ხმაც გაისმა: „ასვლა არ გაბედო!“ შემდეგ ქალის: „დესპოტო, უმეცარო, ხელს მომტეხ!“ ქალები ფარდის უკან ქრებოდნენ, საკუთარ ტანსაცმელს ტოვებდნენ და მორთულ-მოკაზმულები ბრუნდებოდნენ. ოქროსფეხებიან ტაბურეტებზე ქალები ისხდნენ, ახალ ფეხსაცმელს ირგებდნენ და ნოხს ენერგიულად უტყაპუნებდნენ ფეხებს. მუხლმოდრეკილი ფაგოტი რქის მაშველს აბზრიალებდა ხელში და ქალებს ფეხსაცმლის ჩაცმაში ეხმარებოდა; ჩანთებისა და ფეხსაცმელების ყუთების სიმძიმით წელში გაზნექილი კატა ვიტრინებისკენ მირბოდა, მერე ისევ ტაბურეტებთან ბრუნდებოდა, ყელნაიარევი ქალი ხან გამოჩნდებოდა, ხან ისევ თვალს



135

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

მიეფარებოდა, ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, მხოლოდ ფრანგულადღა ჟღურტულებდა და გასაოცარი იყო, რომ ქალებს მაინც ესმოდათ ყველაფერი, იმათაც, ერთი ღერი ფრანგული რომ არ იცოდნენ.

საერთო გაოცება ვიღაც კაცმა გამოიწვია, რომელიც სცენისკენ მიიწევდა. მან განაცხადა, რომ მისი მეუღლე გაციებულიყო და ამიტომაც ითხოვდა, რაიმე გაეგზავნათ მისთვის. ხოლო იმის დასამტკიცებლად, მართლა ცოლიანი რომ იყო, მოქალაქე პასპორტის წარმოდგენას აპირებდა. მზრუნველი ქმრის განცხადებას დარბაზი ხარხარით შეეგება. ფაგოტი აღრიალდა, რომ უპასპორტოდაც, საკუთარი თავივით ენდობოდა ამ მოქალაქეს და ორი წყვილი აბრეშუმის წინდა გადასცა, კატამ კი, თავის მხრივ, პომადა აჩუქა.

დაგვიანებული ქალები სცენისკენ მიიწევდნენ, სცენიდან კი საღამურ კაბებში, დრაკონებით მოჩითულ პიჟამებში, მკაცრ კოსტიუმებში გამოწყობილი, შლაპიანი ბედნიერი ქალები ჩამოდიოდნენ.

უცებ ფაგოტმა განაცხადა, რომ დროის სიმცირის გამო, ერთ წუთში მაღაზია ხვალამდე იკეტებოდა და სცენაზე წარმოუდგენელი აურზაური დაიწყო. ქალები სწრაფად, მოუზომებლად იტაცებდნენ ფეხსაცმელებს, ერთი ქარიშხალივით გაიჭრა ფარდის უკან, ტანსაცმელი გაიძრო და იმას სწვდა, რაც ხელში მოხვდა – უზარმაზარი თაიგულებით მოჩითული აბრეშუმის ხალათი შემოიცვა და სუნამოს ორი ყუთის აღებაც მოასწრო.

ზუსტად ერთი წუთის შემდეგ რევოლვერის ზათქი გაისმა, სარკეები გაქრა, სადღაც შთაინთქა ვიტრინები და სავარძლები, ნოხი და ფარდები ჰაერში გალღვა. უკანასკნელად ნახმარი კაბებისა და ფეხსაცმელების მაღალი გორა გაქრა და სცენა ისევ მკაცრი, ცარიელი და შიშველი დარჩა.

და სწორედ ამ დროს ახალი მოქმედი პირი გამოჩნდა.

სასიამოვნო, მჭექარე და ძალზე დაჟინებული ბარიტონი გაისმა No 2 ლოჟიდან.

– მოქალაქე მსახიობო, მაინც სასურველი იქნებოდა, სასწრაფოდ გამოგეაშკარავებინათ თქვენი ფოკუსების ტექნიკა, განსაკუთრებით ის ნაწილი, ფულს რომ შეეხება. სასურველი იქნებოდა, კონფერანსიეც დაგებრუნებინათ სცენაზე. მისი ბედი ყველას ადარდებს.

ბარიტონი სხვას კი არა, დღევანდელი საღამოს საპატიო სტუმარს, არკადი აპოლონოვიჩ სემპლიაროვს ეკუთვნოდა, მოსკოვის თეატრალური აკუსტიკური კომისიის



136

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

თავმჯდომარეს.

არკადი აპოლონოვიჩი ლოჟაში ორ ქალთან ერთად იჯდა: ერთ მათგანს – ასაკოვან ქალს, ძალზე ძვირფასი და მოდაზე შეკერილი ტანსაცმელი ეცვა, მეორეს – ახალგაზრდას და თვალწარმტაცს – შედარებით სადად. პირველი, როგორც მალევე, ოქმის შედგენისას გაირკვა, არკადი აპოლონოვიჩის მეუღლე იყო, მეორე კი – მისი შორეული ნათესავი, დამწყები და იმედის მომცემი მსახიობი, რომელიც სარატოვიდან ჩამოსულიყო და არკადი ივანოვიჩისა და მისი მეუღლის სახლში ცხოვრობდა.

– პარდონ! – გაეხმიანა ფაგოტი, – მაპატიეთ, აქ არაფერია გამოსააშკარავებელი, ისედაც ყველაფერი ნათელია.

– არა, ცდებით! სწორედაც გამოაშკარავებაა საჭირო! უამისოდ თქვენი ბრწყინვალე ნომრები უმძიმეს შთაბეჭდილებას ახდენს: მაყურებელთა მასა განმარტებას მოითხოვს.

– მაყურებელთა მასას, – სიტყვა შეაწყვეტინა თავხედმა მასხარამ, – ვგონებ, არაფერი განუცხადებია. მაგრამ ყურად ვიღებთ თქვენს დიდად პატივსაცემ სურვილს, არკადი აპოლონოვიჩ, და, თუ გნებავთ, ყველაფერს გამოვააშკარავებთ. ამისათვის, ნება მომეცით, კიდევ ერთი პატარა ნომერი შემოგთავაზოთ.

– რატომაც არა, – ქედმაღლურად უპასუხა არკადი აპოლონოვიჩმა, – მაგრამ აუცილებლად გამოაშკარავებით!

– მესმის, მესმის. თუ ასეა, ნება მიბოძეთ, გკითხოთ, გუშინ საღამოს სად ბრძანდებოდით, არკადი აპოლონოვიჩ?

ამ უადგილო, უფრო მეტიც, თავხედური კითხვის საპასუხოდ, არკადი აპოლონოვიჩს სახე ეცვალა და გვარიანადაც ეცვალა.

– არკადი აპოლონოვიჩი გუშინ საღამოს აკუსტიკური კომისიის თათბირზე ბრძანდებოდა, – მედიდურად განაცხადა არკადი აპოლონოვიჩის მეუღლემ, – მაგრამ ვერ გამიგია, რა კავშირი აქვს ამას ჯადოქრობასთან?

– დიახ, მადამ, – დაუმოწმა ფაგოტმა, – ბუნებრივია, თქვენ ვერ გაიგებთ, მაგრამ თათბირის თაობაზე კი ნამდვილად ცდებით. აღნიშნულ თათბირზე გამგზავრებულმა არკადი აპოლონოვიჩმა, სიტყვამ მოიტანა და გეტყვით, რომ ეს თათბირი საერთოდ არ იყო გუშინ



137

თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება

დანიშნული, ჩისტი პრუდებზე, აკუსტიკური კომისიის შენობასთან დაითხოვა თავისი მძღოლი (დარბაზი გაისუსა), ავტობუსით გაემგზავრა ელოხოვის ქუჩაზე, რაიონული თეატრის მსახიობ ქალს, მილიცა ანდრეევნა პოკობატკოს ესტუმრა და მასთან თითქმის ოთხი საათი დაჰყო.

– ოჰ! – ტანჯვით ამოიკვნესა ვიღაცამ გამეფებულ სიჩუმეში.

არკადი აპოლონოვიჩის ახალგაზრდა ნათესავმა ქალმა კი უეცრად დაგუდული და საშინელი ხმით გადაიხარხარა.

– გასაგებია! – იყვირა მან, – ამას დიდი ხანია ვეჭვობდი. ახლა კი ნათელია, რატომ მიიღო იმ უნიჭომ ლუიზას როლი!

მოულოდნელად მოკლე, მაგრამ სქელი ლილისფერი ქოლგა მოიქნია და არკადი ივანოვიჩს თავში ჩასცხო.

იმ უნამუსო ფაგოტმა, იმავე კაროვიევმა, კი იყვირა:

– აი, პატივცემულო მოქალაქენო, გამოაშკარავების ერთ-ერთი შემთხვევა, რასაც ასეთი დაჟინებით მოითხოვდა არკადი აპოლონოვიჩი!

– არკადი აპოლონოვიჩისთვის ხელის შეხება როგორ გაბედე, შე უნამუსოვ! – მრისხანედ იკითხა არკადი აპოლონოვიჩის მეუღლემ და ლოჟაში გოლიათური სხეულით წამოიმართა.

ახალგაზრდა ნათესავი ქალის ხანმოკლე სატანურმა სიცილმა შეაზანზარა დარბაზი.

– ვინ-ვინ და, – ხარხარით უპასუხა მან, – მე ნამდვილად მაქვს უფლება, ხელი შევახო! – და მეორედაც გაისმა არკადი აპოლონოვიჩის თავზე ასხლეტილი ქოლგის მშრალი ტკაცანი.

– მილიცია, დააკავეთ! – ისეთი საზარელი ხმით იკივლა არკადი აპოლონოვიჩის მეუღლემ, რომ მაყურებლებს სული ფეხებში გაეპარათ.

ამასობაში კატაც მიიჭრა რამპასთან და უცებ მთელი თეატრის გასაგონად, ადამიანის ხმით დაიჩხავლა:

– სეანსი დამთავრებულია! მაესტრო, მოსხიპეთ მარში!



138

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

დაბნეულმა დირიჟორმა ჯოხი აიქნია და ორკესტრმა კი არ დაუკრა და არც დასჭექა, სწორედ, კატის უგვანო გამოთქმისა არ იყოს, მართლაც რომ მოსხიპა რაღაც წარმოუდგენელი, აღვირახსნილობით სრულიად განუმეორებელი მარში.

თითქოს წამით გახმიანდა კიდეც ოდესღაც, სამხრეთის ვარსკვლავებს ქვეშ, კაფეშანტანებში დაქუხებული რაღაც ნაკლებგასაგები და თავაწყვეტილი ამ მარშის სიტყვები:

Его превосходительство Любил домашних птиц:

И брал под покровительство Хорошеньких девиц!!!4

ანდა ეგებ არც ეს სიტყვები იყო. იყო სულ სხვა, ოღონდ ამავე მუსიკის თანხლებით, რაღაც უკიდურესად უწმაწური. მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ იმ წუთიდან ვარიეტე ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა. სემპლიაროვის ლოჟისკენ მილიცია მირბოდა, მოაჯირებზე ცნობისმოყვარენი ძვრებოდნენ, ყოველმხრივ ჯოჯოხეთური სიცილი და შეშლილი ყვირილი ისმოდა და ამ ყველაფერს ორკესტრის თეფშების ოქროსფერი ჟღრიალი ფარავდა.

სცენა თვალსა და ხელს შუა დაცარიელდა. ის ფოლორცი ფაგოტი და თავხედი კატაც ჰაერში გალღვნენ და ისევე გაქრნენ, როგორც მანამდე გაქრა ჯადოქარი, თავისი გაქუცული სავარძლიანად.

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

როგორც მოგახსენეთ, უცნობმა თითი დაუქნია ივანს და ჩაიჩურჩულა: „ჩუუუ!“

ივანმა საწოლიდან გადმოყო ფეხები და დააკვირდა. აივნიდან ოთახში გაპარსული, მუქთმიანი, ცხვირპაჭუა, თვალებდაცეცებული და შუბლზე ქოჩორჩამოყრილი, დაახლოებით ოცდათვრამეტი წლის მამაკაცი იცქირებოდა.

იდუმალი სტუმარი დარწმუნდა, ივანი მარტო რომ იყო, ხმებს მიაყურადა, გათამამდა და ოთახში შემოაბიჯა. და მხოლოდ მაშინღა შენიშნა ივანმა, რომ მოსულს საავადმყოფოს ტანსაცმელი ეცვა. შიშველ ფეხზე ამოეცვა ფეხსაცმელი, საცვლების ამარა იყო და ზედ საავადმყოფოს წაბლისფერი ხალათი შემოესხა. მოსულმა თვალი ჩაუკრა ივანს, გასაღების ასხმა ჯიბეში დამალა, ჩურჩულით დაეკითხა: „შეიძლება დავჯდე?“ და თანხმობის ნიშნად

4 მისი უდიდებულესობა გულგრილად ვერ უცქეროდა თავის ქათმებს, ამიტომაც მუდამ მზრუნველობდა ლამაზ-ლამაზ ქალებს!!! (რუს.).



139

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

თავის კანტური რომ შენიშნა, სავარძელში მოკალათდა.

– აქ როგორ გაჩნდით? – ჩურჩულით ჰკითხა მბრძანებლურ, მკაცრ თითს დამორჩილებულმა ივანმა, – აივნის თეჯირი ხომ დაკეტილია?

– თეჯირი დაკეტილია, – დაუმოწმა სტუმარმა, – პრასკოვია ფიოდოროვნა კი, უსაყვარლესი, მაგრამ ვაი, რომ დაბნეული ქალია. ერთი თვის წინ გასაღების ასხმა მოვპარე და მას შემდეგ საშუალება მომეცა, საერთო აივანზე გამოვსულიყავი. ეს აივანი მთელ სართულს გასდევს და ხანდახან მეზობლების მონახულებაც შემიძლია.

– რადგანაც აივანზე შეგიძლიათ გასვლა, გაქცევასაც მოახერხებთ, თუ მაღალია? – დაეკითხა ივანი.

– არა, – მკაცრად უპასუხა სტუმარმა, – აქედან იმიტომ კი არ გავრბივარ, რომ მაღალია, უბრალოდ, გასაქცევი არსად მაქვს, – და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დასძინა, – ვსხედვართ?

– ვსხედვართ, – უპასუხა ივანმა და მოსულის მუქთაფლისფერ, შფოთიან თვალებს დააკვირდა.

– ჰო, მართლა... – უეცრად აღელდა სტუმარი, – თქვენ, იმედი მაქვს, შლეგი არ ბრძანდებით. იცით, მე ხმაურს, ალიაქოთს, ძალადობას და ამის მსგავს ამბებს ვერ ვიტან. განსაკუთრებთ, ადამიანის ყვირილის ატანა მიჭირს, სულერთია, ტანჯვით ყვირის, გააფთრებით თუ სხვა მიზეზით. დამამშვიდეთ, მითხარით, რომ შლეგი არ ხართ.

– გუშინ რესტორანში ერთ ტიპს მოვდე სიფათში, – ვაჟკაცურად აღიარა გადასხვაფერებულმა ივანმა.

– მიზეზი? – მკაცრად ჰკითხა სტუმარმა.

– გულახდილად უნდა გითხრათ, უმიზეზოდ, – დაირცხვინა ივანმა.

– რა უმსგავსობაა, – განაჩენი გამოუტანა სტუმარმა და დასძინა, – ამას გარდა, ასე რატომ ამბობთ: სიფათში მოვდე? ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია, რა აქვს ადამიანს, სიფათი თუ სახე? ვგონებ, უფრო სახე. ასე რომ, მუშტებით... მოდი, ასეთ ქცევას მოეშვით და, აღარასოდეს...

კარგად რომ გამოთათხა, სტუმარმა ისევ ჩაძიებით ჰკითხა:



140

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

– რა პროფესიის ხართ?

– პოეტი გახლავართ, – რატომღაც უწადილოდ აღიარა ივანმა. მოსული დანაღვლიანდა.

– ოჰ, როგორ არ მიმართლებს! – წამოიძახა მან, მაგრამ მაშინვე მოეგო გონს, ბოდიში მოიხადა და იკითხა, – რა გვარი ბრძანდებით?

– უსახლკარო.

– ეჰ, ეჰ... – შუბლი შეიკრა სტუმარმა.

– თქვენ რა, ჩემი ლექსები არ მოგწონთ? – ჰკითხა ივანმა.

– ძალიან არ მომწონს.

– რომელი წაგიკითხავთ?

– საერთოდ არ წამიკითხავს! – უთხრა სტუმარმა და განერვიულდა. – აბა, ასე რატომ ამბობთ?

– მერე რა მოხდა? – უპასუხა სტუმარმა, – სხვების ლექსები ხომ წამკითხავს? თუმცა... სასწაულს თუ დავიჯერებთ... კარგი, თანახმა ვარ, სიტყვაზე გენდოთ, მითხარით, კარგ ლექსებს წერთ?

– საშინელს! – უეცრად თამამად და გულღიად აღიარა ივანმა.

– ნუღა დაწერთ! – შეევედრა მოსული.

– პირობას გაძლევთ და ვფიცავ! – საზეიმოდ შეჰფიცა ივანმა.

ფიცი ხელის ჩამორთმევით განამტკიცეს და სწორედ იმწამს, დერეფნიდან მსუბუქი ნაბიჯის ხმა და რაღაც ხმაური გაისმა.

– ჩუ, – ჩაიჩურჩულა სტუმარმა, აივანზე გახტა და თეჯირი მიხურა.

პრასკოვია ფიოდოროვნამ შემოიხედა, ივანს ჰკითხა, თავს როგორ გრძნობდა და



141

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

როგორ ეწადა დაძინება – შუქით თუ უშუქოდ. ივანმა სთხოვა, შუქი დაეტოვებინა, პრასკოვია ფიოდოროვნამ ავადმყოფს ღამე მშვიდობისა უსურვა და კარი გაიხურა. და როცა ყველაფერი მიყუჩდა, ისევ დაბრუნდა სტუმარი.

მან ჩურჩულით აცნობა ივანს, რომ 119-ე ოთახში ახალი ავადმყოფი მოეყვანათ, ერთი ზონზროხა, სახეაჭარხლებული ტიპი, რომელიც თურმე, რაღაცას უსასრულოდ ბურდღუნებდა ვალუტასა და ვენტილაციაზე და იფიცებდა, ჩვენთან, სადოვაიაზე, უწმინდურმა ძალამ დაისადგურაო.

– პუშკინს ლანძღავს უსაშველოდ და ყვირის: „კუროლესოვ, ბის, ბის!“ – უყვებოდა შეწუხებული სტუმარი, შემდეგ დამშვიდდა, დაჯდა და თქვა, – თუმცა, ღმერთი იყოს მისი შემწე, – და ივანთან საუბარი განაგრძო, – ახლა ისიც მითხარით, აქ რამ მოგიყვანათ?

– პონტოელმა პილატემ, – უპასუხა ივანმა და მოღუშული დააჩერდა იატაკს.

– როგორ?! – იყვირა სტუმარმა, მაგრამ ანაზდად მიხვდა, რომ ძალიან ხმამაღლა მოუვიდა და თვითონვე აიფარა პირზე ხელი, – რა თავზარდამცემი დამთხვევაა! გემუდარებით, გემუდარებით, მიამბეთ!

ივანი რატომღაც ნდობით განიმსჭვალა უცნობისადმი და ჯერ ბორძიკ-ბორძიკით და მორცხვად, შემდეგ კი უფრო თამამად დაიწყო მოყოლა, რა მოხდა გუშინ პატრიარქთა ტბორებზე. დიახ, მადლიერი მსმენელი შეიძინა ივან ნიკოლაევიჩმა გასაღების იდუმალი მფლობელის სახით! სტუმარი გიჟად არ თვლიდა ივანს, უდიდესი გულისყურით უსმენდა და ამ მოთხრობის განვითარების კვალად, თანდათან აღტაცებამაც შეიპყრო, ხან თხრობასაც აწყვეტინებდა ხოლმე:

– მერე, მერე! რა მოხდა, განაგრძეთ, გემუდარებით! ოღონდ, ღვთის გულისათვის, არაფერი გამოგრჩეთ!

ივანი დაწვრილებით ყვებოდა, ასე უფრო უადვილდებოდა თხრობა და თანდათან იმ ადგილსაც მიაღწია, როცა პილატე პონტოელმა სისხლისფერქობიან თეთრ მოსასხამით სვეტოვანში შემოაბიჯა.

სტუმარმა მლოცველივით აღაპყრო ხელი და ჩაიჩურჩულა: – ო, როგორ გამოვიცანი! ო, როგორ მივხვდი ყველაფერს!



142

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

ბერლიოზის სიკვდილის აღწერას მსმენელმა იდუმალი შენიშვნა დაურთო, თან ბოროტად აუციმციმდა თვალები.

– მხოლოდ იმას ვნანობ, ბერლიოზის ნაცვლად კრიტიკოსი ლატუნსკი ან ლიტერატორი მსტისლავ ლავროვიჩი რომ არ იყვნენ, – და გააფთრებით, მაგრამ მაინც ხმადაბლა სთხოვა, – განაგრძეთ!

იმ ამბავმა, კატა კონდუქტორს ფულს რომ უხდიდა, ერთობ გაამხიარულა სტუმარი, ლამის სულიც კი შეეხუთა სიცილისაგან, როცა დაინახა, მონათხრობით აღელვებული, ჩაკუნცხული ივანი, კატასავით როგორ დახტოდა და შაურიანს ისვამდა ულვაშზე.

– აი, ასე აღმოვჩნდი აქ, – თქვა ბოლოს გრიბოედოვში მომხდარი ამბის აღწერით დანაღვლიანებულმა და მოქუფრულმა ივანმა.

სტუმარმა თანაგრძნობით დაადო მხარზე ხელი საბრალო პოეტს და ასე უთხრა:

– უბედურო პოეტო! თუმცა, ისიც უნდა გითხრათ, რომ თავად ხართ დამნაშავე. ასე თავისუფლად და, უფრო მეტიც, თავხედურად არ უნდა მოქცეოდით, აკი გადაგიხადათ კიდეც სამაგიერო? მადლობა ღმერთს, შედარებით იოლად გადარჩენილხართ.

– ბოლოს და ბოლოს, ასეთი ვინ არის? – მუშტები აიქნია გაბრაზებულმა ივანმა. სტუმარმა ივანს შეხედა და კითხვითვე უპასუხა:

– არ განერვიულდებით? აქ ცოტა საშიში ხალხი ვართ... ექიმის გამოძახება, ნემსები და ათასი სისულელე არ დაგჭირდებათ?

– არა, არა! – იყვირა ივანმა, – მითხარით, ვინ არის?

– კეთილი, – უპასუხა სტუმარმა და დამაჯერებლად, დამარცვლით უთხრა, – გუშინ, პატრიარქთა ტბორებზე, თქვენ სატანას შეხვდით.

ივანი შეპირებისამებრ, არ განერვიულებულა, მაგრამ უკიდურესად კი გაოცდა.

– ეგ შეუძლებელია! ეშმაკი არ არსებობს!

– თქვენი გამკვირვებია! ვინ-ვინ და თქვენ მაინც არ უნდა ამბობდეთ ამას. ვგონებ, თქვენ



143

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

იყავით ერთი პირველთაგანი, ვინც მისი ძალა იწვნია. ახლა ზიხართ აქ, ბოდიში მომითხოვია და, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და მიმტკიცებთ, რომ ეშმაკი არ არსებობს. დამეთანხმეთ, ცოტა უცნაურია!

დაბნეული ივანი დადუმდა.

– როგორც კი მისი აღწერა დაიწყეთ, – განაგრძო სტუმარმა, – მაშინვე მივხვდი, ვისთან გქონდათ საუბრის ბედნიერება. მართალი გითხრათ, ბერლიოზი მაოცებს! თქვენ, ცხადია, უბირი და უმეცარი ბრძანდებით, – უთხრა და ისევ მოუბოდიშა სტუმარმა, – მაგრამ მასზე ამბობდნენ, ნაკითხი კაცი იყოო. ამ პროფესორის პირველივე სიტყვებმა ეჭვი გამიფანტა. შეუძლებელია არ იცნო, ჩემო მეგობარო! თუმცა თქვენ... ისევ მაპატიეთ, ხომ არ შევმცდარვარ, უცოდინარი კაცი ხართ, არა?

– ცხადია, – დაეთანხმა ივანი.

– აკი გითხარით... თქვენ მიერ აღწერილი გარეგნობაც... სხვადასხვა ფერის თვალები, წარბები! მაპატიეთ, თქვენ როგორც ჩანს, ოპერა „ფაუსტიც“ არ გაქვთ მოსმენილი?

ივანი რატომღაც საშინლად შეცბა და აჭარხლებულმა რაღაც უაზროდ ჩაიბუტბუტა იალტის სანატორიუმში გამგზავრების შესახებ.

– ჰოდა, გასაგებია... არც არის გასაკვირი! ბერლიოზი კი, გიმეორებთ, მართლა მაოცებს. მარტო ნაკითხი კი არა, ძალიან ეშმაკი კაციც იყო. მაგრამ, მის დასაცავად უნდა მოგახსენოთ, ვოლანდს ბევრი მასზე ჭკვიანი ადამიანისთვისაც შეუყრია თვალში ნაცარი.

– რა ბრძანეთ? – იყვირა ივანმა.

– ჩუმად!

ივანმა შუბლზე მიირტყა ხელი და ასისინდა:

– მესმის, მესმის. მას ასო „ჭ“ ეწერა სავიზიტო ბარათზე. ოჰ, ოჰ, ოჰ, აი, ოინი! – ერთხანს დაბნეული დუმდა ივანი, თეჯირს მიღმა მოლივლივე მთვარეს გასცქეროდა, შემდეგ თქვა, – მაშასადამე, მართლაც შეეძლო პილატე პონტოელთან ყოფნა? ის ხომ მაშინაც არსებობდა? მე კი გიჟს მეძახიან! – დასძინა ივანმა და აღშფოთებულმა კარზე მიუთითა.

სტუმარს მწარე ნაოჭი ჩაეკუჭა ტუჩებთან.



144

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

– მოდი, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, – უთხრა მან და ღრუბლებში მიმქროლავი ღამის მნათობისკენ იქცია პირი, – თქვენც და მეც შეშლილები ვართ, ამას ვერ უარვყოფთ. ხომ ხედავთ, იმდენად შეგაშფოთათ, რომ ჭკუიდან შეიშალეთ, ეტყობა, ამის შესაფერისი საფუძველიც გქონდათ... მაგრამ ის, რასაც ჰყვებით, მართლაც მოხდა. თუმცა ეს ყველაფერი იმდენად უჩვეულოა, რომ ამ გენიალურმა ფსიქიატრმა – სტრავინსკიმაც კი არ დაგიჯერათ. სტრავინსკიმ გაგსინჯათ? (ივანმა თავი დაუქნია). დამერწმუნეთ, თქვენი თანამოსაუბრე პილატესთანაც იყო, კანტთანაც საუზმობდა, ახლა კი მოსკოვს ესტუმრა.

– აქ ხომ ეშმაკმა უწყის, რას დაატრიალებს! როგორმე უნდა შევაჩეროთ! – არც მთლად დაჯერებულად, მაგრამ მაინც წამოყო თავი ახალ ივანში იმ ძველმა, ჯერ საბოლოოდ ჩაუკლავმა ივანმა.

– თქვენ ეს ერთხელ უკვე სცადეთ და კმარა, – დამცინავად უპასუხა სტუმარმა, – არც სხვებს ვურჩევდი! იმაში კი, ამბებს რომ დაატრიალებს, ეჭვი ნუ შეგეპარებათ. აჰ, აჰ! როგორ მწყდება გული, რომ ვოლანდს თქვენ შეხვდით და არა მე! ყველაფერი კი დაიბუგა და ნაწიბურები ფერფლით შეიკრა, მაგრამ ვფიცავ, ამ შეხვედრის სანაცვლოდ, პრასკოვია ფიოდოროვნას გასაღებსაც კი გავიღებდი, რამეთუ მეტი არაფერი მაქვს გასაღები. მე ღატაკი ვარ!

– თქვენ რაღად გჭირდებათ?

დანაღვლიანებული სტუმარი დიდხანს იჯდა ჩუმად, იშმუშნებოდა, ბოლოს ხმა ამოიღო:

– ხედავთ, რა უჩვეულო ამბავია, მე აქ იმისთვისვე ვზივარ, რისთვისაც თქვენ, კერძოდ, პონტოელი პილატეს გამო, – სტუმარმა შიშით მიმოიხედა და განაგრძო, – საქმე ის გახლავთ, რომ ერთი წლის წინ რომანი დავწერე პილატეზე.

– მწერალი ხართ? – გაოცდა პოეტი.

სტუმარს სახე ჩაუშავდა, ივანს მუშტი მოუღერა და უთხრა:

– მე ოსტატი ვარ, – სახე გაუმკაცრდა, ხალათის ჯიბიდან ერთიანად გაზინთული, შავი ქუდი ამოიღო, რომელზეც ყვითელი აბრეშუმით იყო ამოქარგული ასო „M“. მან ქუდი დაიხურა, წინიდანაც დაენახა ივანს, გვერდიდანაც, რათა დაემტკიცებინა, რომ ოსტატი იყო, – იმან შემიკერა თავისი ხელით, – საიდუმლოდ დასძინა მერე.



145

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

– რა გვარი ბრძანდებით?

– მე გვარი აღარა მაქვს, – ნაღვლიანი ზიზღით უთხრა სტუმარმა, – უარი ვთქვი, როგორც ბევრ სხვა რამეზე ამქვეყნად.

– იქნებ რომანზე მაინც მითხრათ რამე, – მორიდებით სთხოვა ივანმა.

– კი ბატონო, ჩემი ამბავი მართლაც არ არის ჩვეულებრივი, – დაიწყო სტუმარმა.

... განათლებით ისტორიკოსი, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, მოსკოვის ერთ-ერთ მუზეუმში მუშაობდა და წიგნებს თარგმნიდა.

– რომელი ენიდან? – ცნობისმოყვარეობამ სძლია ივანს.

– მშობლიური ენის გარდა კიდევ ხუთი ენა ვიცი, – უპასუხა სტუმარმა, – ინგლისური,

ფრანგული, გერმანული, ლათინური და ბერძნული. ცოტა იტალიურადაც ვლაპარაკობ.

– ოჰო! – შურით ჩაიჩურჩულა ივანმა.

ისტორიკოსი სრულიად მარტო ცხოვრობდა, მოსკოვში არც ნათესავი ჰყავდა და არც ნაცნობი. და ერთხელაც, წარმოიდგინეთ, ასი ათასი მანეთი მოიგო.

– ხომ ხვდებით, როგორ გავოცდებოდი, – ჩურჩულით განაგრძობდა თხრობას შავქუდიანი სტუმარი, – როცა ჭუჭყიანი თეთრეულის კალათაში ჩავყავი ხელი და დავინახე: ზედ იგივე ნომერი ეწერა, რაც გაზეთში იყო დაბეჭდილი! ობლიგაცია, – განმარტა მან, – მუზეუმში მომცეს!

ასი ათასის მოგების შემდეგ ივანის იდუმალი სტუმარი შემდეგნაირად მოიქცა: წიგნები იყიდა, მიასნიცკაიაზე თავისი ოთახი მიატოვა...

– უუ, წყეული სორო! – დაიღმუვლა სტუმარმა.

... და არბატის სიახლოვეს, ერთ პატარა ჩიხში, მენაშენეებთან დაიქირავა...

– იცით, რას ნიშნავს მენაშენე? – ჰკითხა სტუმარმა ივანს და იქვე განუმარტა, – ავაზაკების მცირერიცხოვანი ჯგუფია, რაღაც ხრიკებით რომ შემორჩნენ მოსკოვს...



146

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

მენაშენეებთან დაიქირავა ბაღში მდგარი პატარა სახლის სარდაფის ორი ოთახი. მუზეუმში მუშაობას თავი ანება და პილატე პონტოელზე დაიწყო რომანის წერა.

– ო, ეს ოქროს ხანა იყო, – ეჩურჩულებოდა თვალაციმციმებული სტუმარი, – ცალკე ბინა, წინკარი და იქვე წყლის ბაკი, – რატომღაც განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნა მან, – ფილაქნის სიმაღლეზე პატარა ფანჯრები, პირდაპირ, ოთხიოდე ნაბიჯის მოშორებით, იასამანი, ცაცხვი და ნეკერჩხალი იდგა. აჰ, აჰ, აჰ! ზამთრობით იშვიათად ვხედავდი ხოლმე გამვლელთა ფეხებს და არც თოვლის ხრაშუნი მესმოდა. ღუმელში მუდამ გიზგიზებდა ცეცხლი! მაგრამ მოულოდნელად, დადგა გაზაფხული და დაბურული ფანჯრების მიღმა ჯერ გაშიშვლებული, შემდეგ კი მწვანედ გაფოთლილი იასამნის ბუჩქი დავინახე. და აი, მაშინ, შარშან გაზაფხულს, მოხდა უფრო შესანიშნავი რამ, ვიდრე ასი ათასის მოგებაა. ეს კი, დამეთანხმებით, უზარმაზარი თანხაა!

– მართალი ბრძანდებით! – აღიარა გულისყურად ქცეულმა ივანმა.

– ფანჯარა გავაღე, მე კი მეორე, მომცრო ოთახში ვიჯექი, – სტუმარმა ხელებით დაიწყო ზომვა, – ასე... აქ ტახტი იდგა, პირდაპირ – მეორე ტახტი, შუაში კი მაგიდა, ზედ შესანიშნავი

ღამის ნათურა, ფანჯრის ახლოს – წიგნები, აქ პატარა საწერი მაგიდა, პირველ ოთახში კი – უზარმაზარი ოთახი იყო, თოთხმეტი მეტრი – წიგნები, წიგნები და ღუმელი. ოჰ, რა კარგად მქონდა იქაურობა მოწყობილი! იასამანი საოცარ ნელსურნელებას აფრქვევდა! დაქანცულობას მავიწყებდა და პილატეც დასასრულისკენ მიექანებოდა.

– სისხლისფერქობიანი თეთრი მოსასხამი! მესმის! – წამოიძახა ივანმა.

– მართალს ბრძანებთ! პილატე დასასრულისკენ მიექანებოდა, დასასრულისკენ. და მე უკვე ვიცოდი, რომ რომანს შემდეგი სიტყვებით დავამთავრებდი: „იუდეველთა მეხუთე პროკურატორი, მხედარი პონტოელი პილატე“. ცხადია, ხანდახან სასეირნოდაც დავდიოდი. ასი ათასი უზარმაზარი თანხაა და შესანიშნავი ნაცრისფერი კოსტიუმი მქონდა. ხან რომელიმე იაფფასიან რესტორანში შევდიოდი სასადილოდ. არბატზე ერთი არაჩვეულებრივი რესტორანი იყო, აღარ ვიცი, კიდევ არსებობს თუ არა.

სტუმარს თვალები გაუფართოვდა და მთვარეს მიაჩერდა, მერე ჩურჩულით განაგრძი:

– მას საზიზღარი, შფოთიანი ყვითელი ყვავილები მოჰქონდა, ეშმაკმა უწყის, რა ჰქვია იმ ყვავილებს, მაგრამ რატომღაც ყველაზე უწინ ყვავის მოსკოვში. და ეს ყვავილები



147

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

გარკვევით იკვეთებოდა მის შავ, საგაზაფხულო პალტოზე. მას ყვითელი ყვავილები მოჰქონდა! ცუდი ფერია! ტვერიდან ჩიხში შეუხვია და მოიხედა. ტვერი ხომ იცით? იმ დღეს ათასი კაცი მაინც მიაბიჯებდა ქუჩაში, მაგრამ გეფიცებით, მხოლოდ მე დამინახა და შემომხედა, შეშფოთებით კი არა, როგორღაც ავადმყოფურად. და მე მხოლოდ მისმა სილამაზემ კი არ გამაოცა, არამედ თვალებში ჩაღვრილმა უჩვეულო, აქამდე უნახავმა მარტოობამ!

ამ ყვითელ ნიშანს დამონებულმა მეც შევუხვიე ჩიხში და ფეხდაფეხ გავყევი. უსიტყვოდ მივაბიჯებდით დაკლაკნილ, მოწყენილ ჩიხში. მე ერთ მხარეს, ის კი – მეორე მხარეს. და, დამერწმუნეთ, სულიერი არ ჭაჭანებდა ქუჩაში. ვიტანჯებოდი, მომეჩვენა, რომ აუცილებლად უნდა გამოვლაპარაკებოდი, მივხვდი, თუ ვერაფერს ვეტყოდი, წავიდოდა და მეტად ვეღარასოდეს ვნახავდი...

წარმოიდგინეთ, უცებ თვითონ შემომეხმიანა:

– მოგწონთ ჩემი ყვავილები?

ცხადია მახსოვს, როგორ ჟღერდა მისი ხმა, შედარებით დაბალი, მაგრამ მთრთოლარე, და რაოდენ სულელურიც უნდა იყოს, მომეჩვენა, ექომ იქუხა ჩიხში და ყვითელ, ჭუჭყიან კედლებს შეასკდა. მე სწრაფად გადავჭერი ქუჩა, მივუახლოვდი და ვუთხარი:

– არა.

გაოცებულმა შემომხედა, მე კი უეცრად, სრულიად მოულოდნელად, ვიგრძენი, რომ მთელი სიცოცხლე მხოლოდ ეს ქალი მიყვარდა! რა საოცარია, არა? თქვენ, რაღა თქმა უნდა, მეტყვით, ხომ არ გაგიჟებულხართო?

– არაფერსაც არ გეუბნებით, – წამოიძახა ივანმა და დასძინა, – გემუდარებით, განაგრძეთ!

სტუმარმაც განაგრძო:

– დიახ, მან გაოცებულმა შემომხედა, მერე კი მკითხა:

– საერთოდ არ გიყვართ ყვავილები?

მომეჩვენა, რომ მტრულად მკითხა. მე გვერდით მივყვებოდი, ვცდილობდი, არ ჩამოვრჩენოდი და, ჩემდა გასაოცრად, სრულიად არ ვგრძნობდი უხერხულობას.



148

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

– არა, ყვავილები მიყვარს, მაგრამ არა ასეთი, – ვუთხარი. – აბა, როგორი?

– ვარდები მიყვარს.

უეცრად ვინანე, ეს რომ ვთქვი, მან დამნაშავესავით გაიღიმა და ყვავილები არხში მოისროლა. ოდნავ დავიბენი, მაინც ავიღე თაიგული და მივაწოდე, მან ჩაიცინა, ხელი ამიკრა და ყვავილები ხელში შემატოვა.

ასე მდუმარედ მივდიოდით ერთხანს, ვიდრე მან ყვავილები არ გამომართვა, ქვაფენილზე არ დაყარა, შემდეგ შავთათმანიანი ხელი მკლავში გამიყარა და გვერდით გამომყვა.

– შემდეგ? – ჰკითხა ივანმა, – ძალიან გთხოვთ, არაფერი გამოგრჩეთ.

– თვითონაც შეგეძლოთ მიმხვდარიყავით, – მან ეული კურცხალი შეიწმინდა მარჯვენა სახელოთი და განაგრძო, – წინ სიყვარული გადაგვეღობა, როგორც მოულოდნელად მოსახვევში გადაგეღობება ხოლმე მკვლელი, და ორივე განგვგმირა!

ასე ელვა გმირავს ან ფინური დანა!

ის მოგვიანებით მიმტკიცებდა, რომ ვცდებოდი, რომ ჩვენ ერთმანეთი, ცხადია, ოდითგან გვიყვარდა, თუმცა არ ვიცნობდით ერთმანეთს, თვალიც არ მოგვეკრა ერთმანეთისთვის და ის სხვა კაცის ცოლი იყო, მე კი, იქ, მაშინ... იმასთან, რა ჰქვია...

– ვისთან? – ჰკითხა უსახლკარომ.

– იმასთან... აი, იმასთან... აი... – უპასუხა სტუმარმა და თითები აატკაცუნა.

– მეუღლე გყავდათ?

– დიახ, ხედავთ, თითებს ვატკაცუნებ... ისა... ვარენკა... მანეჩკა... არა, ვარენკა ერქვა... ზოლიანი კაბაც ეცვა... მუზეუმში... თუმცა, აღარ მახსოვს...

მარწმუნებდა, იმ დღეს ყვითელი ყვავილები იმიტომ ეჭირა, რომ ბოლოს და ბოლოს, მიმეგნო მისთვის და თუ ვერ ვიპოვიდი, თავს მოიწამლავდა, იმდენად უაზრო იყო მისთვის



149

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

სიცოცხლე.

დიახ, სიყვარული მოულოდნელად ჩამოგვემხო თავზე. ეს იმავე დღეს ვიცოდი, ერთი საათის შემდეგ, როცა ვერც კი შევნიშნეთ, ისე აღმოვჩნდით კრემლის კედელთან, სანაპიროზე.

ჩვენ ისე ვსაუბრობდით, თითქოს გუშინ დავშორდით ერთმანეთს, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. შევთანხმდით, მეორე დღეს ისევ შევხვედროდით, იქვე, მდინარე მოსკოვთან, და შევხვდით კიდეც. მაისის მზე დაგვნათოდა. და მალე, სულ მალე ეს ქალი ჩემი იდუმალი მეუღლე გახდა.

ყოველდღე მოდიოდა ჩემთან, მე კი ლოდინს დილიდან ვიწყებდი. მოლოდინი იმაში გამოიხატებოდა, რომ მაგიდაზე საგნებს ვუცვლიდი ადგილს. ათი წუთით ადრე ფანჯარას მივუჯდებოდი და ვაყურადებდი, როდის გაიჭრიალებდა ძველი ჭიშკარი. უცნაურია: მასთან შეხვედრამდე ჩვენს ეზოში იშვიათად თუ შემოვიდოდა ვინმე, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ახლა კი მეჩვენებოდა, რომ მთელი ქალაქი ამ ეზოსკენ დაძრულიყო. კარიბჭე გაირახუნებდა, გული ჩამწყდებოდა და, წარმოიდგინეთ, ჩემი თავის სიმაღლეზე, ფანჯარაში, ვიღაცის ჭუჭყიანი ჩექმები გამოჩნდებოდა. მლესავის. აბა, ვის რაში სჭირდებოდა მლესავი ჩვენს სახლში? რა უნდა ჰქონოდა გასალესი? რომელი დანები?

ის მხოლოდ ერთხელ შემოდიოდა ჭიშკარში, მანამდე კი ათჯერ მაინც ამიფართხალდებოდა გული. არ გატყუებთ. მერე კი, როცა მისი მოსვლის საათი დაჰკრავდა და ისრები შუადღეს მიუახლოვდებოდა, გული აღარ წყვეტდა ფრიალს, ვიდრე ფანჯარაში სრულიად უხმაუროდ არ გაკრთებოდა ლითონის ბალთებით ბაფთებგადაჭერილი მისი შავი ნატის ფეხსაცმელი.

ხანდახან ცელქობდა, მეორე ფანჯარასთან შეყოვნდებოდა და ფეხსაცმლის ჭვინტით მომიკაკუნებდა მინაზე. მეც იმავ წამს იმ ფანჯარასთან გავჩნდებოდი, მაგრამ ფეხსაცმელი ქრებოდა, ქრებოდა შუქს აფარებული შავი აბრეშუმი – და მეც კარის გასაღებად გავრბოდი.

არავინ არაფერი იცოდა, ეს შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, თუმცა ასე იშვიათად ხდება ხოლმე. არ იცოდა არც ქმარმა, არც ნაცნობებმა. იმ ძველ სახლში კი, სადაც ეს სარდაფი მქონდა დაქირავებული, ალბათ ხვდებოდნენ, ხედავდნენ, ვიღაც ქალი რომ მოდიოდა ჩემთან, მაგრამ არც გვარი იცოდნენ მისი და არც სახელი.

– მაინც ვინ არის? – ჰკითხა ივანმა, რომელიც ძალზე გაიტაცა ამ უჩვეულო ამბავმა.



150

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

სტუმარმა ხელები გაასავსავა, ამით აგრძნობინა, რომ არასოდეს, არავის გაუმხელდა ამ საიდუმლოს და თხრობა განაგრძო.

ივანმა შეიტყო, რომ ოსტატსა და უცნობ ქალს ისე შეჰყვარებოდათ ერთმანეთი, რომ განუყრელნი შექმნილიყვნენ. ის უკვე ლამის ცხადად ხედავდა, ძველი სახლის სარდაფში შეყუჟულ, იასამნის ბუჩქითა და ღობით მუდმივად ჩაბნელებულ ორ ოთახს, წითელი ხის გაქუცულ ავეჯს, ბიუროს და ზედ საათს, ყოველ ნახევარ საათში რომ რეკავდა, შეღებილი იატაკიდან ჭერამდე ასვეტილ წიგნის თაროებს, წიგნებს და ღუმელს.

ივანმა ისიც შეიტყო, რომ სტუმარმა და მისმა იდუმალმა მეუღლემ დაახლოებით პირველსავე დღეებში დაასკვნეს, რომ ისინი ბედმა შეახვედრა ტვერისა და იმ ჩიხის კუთხეში, რადგან ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილები.

სტუმრის ნაამბობიდან ისიც შეიტყო, როგორ ატარებდნენ დღეს შეყვარებულები. ქალი მოსვლისთანავე წინსაფარს აიფარებდა და იმ ვიწრო წინკარში, სადაც ის ხსენებული ბაკი იდგა და რომლითაც ესოდენ ამაყობდა საბრალო ავადმყოფი, ხის მაგიდაზე ნათურას აანთებდა, საუზმეს ამზადებდა და პირველ ოთახში, ოვალურ მაგიდაზე შლიდა სუფრას. როცა მაისის ჭექა-ქუხილი ბობოქრობდა, დაცვარული ფანჯრების მიღმა ხმაურით მოშხუოდა წყალი და მათ უკანასკნელ თავშესაფარს დატბორვით ემუქრებოდა, შეყვარებულები ღუმელს ანთებდნენ და კარტოფილს წვავდნენ. კარტოფილს ორთქლი ასდიოდა, შავი კანი თითებს უსვრიდათ, სარდაფში სიცილი ისმოდა, ბაღში წვიმაგადავლილი ხეები ჩამომტვრეულ რტოებს – თეთრ ფუნჯებს – იცილებდნენ. მერე კი ჭექა-ქუხილის დრომ რომ გადაიარა და სულის შემხუთველი ზაფხული დადგა, ლარნაკში დიდხანს ნანატრი და ორივესთვის ძვირფასი ვარდები გაჩნდა.

ის, ვინც თავს ოსტატს უწოდებდა, მუშაობდა, ქალს კი თხელი, წამახულფრჩხილებიანი თითები თმაში შეეყარა და კითხულობდა, კითხვას რომ დაამთავრებდა, აი, ამ ქუდს უკერავდა. ხანდახან ქვედა თაროებთან ჩაცუცქდებოდა ან სკამზე შედგებოდა და ნაჭრით წმენდდა წიგნის დამტვერილ ყუებს. ის უწინასწარმეტყველებდა დიდებას, აჩქარებდა და სწორედ მაშინ დაუძახა პირველად „ოსტატი“. ის სულმოუთქმელად ელოდა ამ შეპირებულ, უკანასკნელ სიტყვებს იუდეველთა მეხუთე პროკურატორზე, წამღერებით, ხმამაღლა იმეორებდა ხოლმე ცალკეულ ფრაზებს, ყველაზე მეტად რომ მოსწონდა და ამბობდა, რომ ამ რომანში იყო დაფარული მისი სიცოცხლის არსი.

რომანი აგვისტოში დასრულდა, ვიღაც უსახელო მემანქანეს გადაეცა და მანაც ხუთ



151

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

ცალად გადაბეჭდა. და ბოლოს, დადგა ის ჟამიც, როცა ოსტატს საიდუმლო საფარი უნდა დაეტოვებინა და ხალხში გამოსულიყო.

– და მეც გავედი ხალხში, ხელში ატატებული მიმქონდა წიგნი და... იმ დღეს დასრულდა ჩემი სიცოცხლე, – ჩაიჩურჩულა ოსტატმა, თავი ჩაქინდრა და დიდხანს, ნაღვლიანად ირწეოდა შავ ქუდზე ამოქარგული ასო „M“. შემდეგ თხრობა განაგრძო, მაგრამ უკვე აბნეულად. მხოლოდ იმის გარკვევა შეიძლებოდა, რომ ამ დღიდან ივანის სტუმარს რაღაც უბედურება შემთხვეოდა.

– მაშინ პირველად მოვხვდი ლიტერატურულ სამყაროში, თუმცა ახლაც კი, როცა ყველაფერი დასრულდა და ჩემი ბედიც გარკვეულია, ჟრუანტელი მივლის გახსენებისას! – საზეიმოდ განაცხადა ოსტატმა და ხელი ზეაღმართა, – დიახ, მან უკიდურესად გამაოცა, ო, რომ იცოდეთ, როგორ გამაოცა!

– ვინ? – ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა ივანმა, არ უნდოდა, სიტყვა გაეწყვეტინებინა აღელვებული მთხრობელისათვის.

– რედაქტორმა, აკი გითხარით, რედაქტორმა. მოკლედ, ჩემი რომანი წაიკითხა. ისე მიცქეროდა, თითქოს ლოყა მქონდა დასივებული, როგორღაც კედლისკენ აცეცებდა თვალებს და დაბნეულმა, ყოვლად უადგილოდ ჩაიცინა კიდეც. ფურცლებს ჭმუჭნიდა და კრუსუნებდა. მისი შეკითხვები სულელური მეჩვენა. არსებითად, რომანზე არაფერი უთქვამს. მეკითხებოდა, ვინ ვიყავი, საიდან მოვედი, რა ხანია, რაც ვწერ და რატომ აქამდე არაფერი გაეგო ჩემ შესახებ, დაბოლოს, მთლად იდიოტური კითხვა დამისვა: ვინ შთამაგონა ვესოდენ უცნაურ თემაზე დამეწერა რომანი?

ბოლოს მომბეზრდა ეს ყველაფერი და პირდაპირ ვკითხე, დაბეჭდავდა თუ არა რომანს.

მას ნირი წაუხდა, რაღაცის ბურდღუნს მოჰყვა და განმიცხადა, რომ თვითონ პირადად ვერ გადაწყვეტდა ამ საკითხს, ჩემს ნაწარმოებს სარედაქციო კოლეგიის დანარჩენი წევრებიც უნდა გასცნობოდნენ, კერძოდ კი, კრიტიკოსები ლატუნსკი და არიმანი და ლიტერატორი მსტისლავ ლავროვიჩი. მან მთხოვა, ორ კვირაში შემევლო.

ორი კვირის შემდეგ მივედი და ერთმა ქალიშვილმა მიმიღო, მუდმივი ტყუილებით თვალები რომ ჰქონდა დაელმებული.

– ეგ ლაპშენიკოვაა, რედაქციის მდივანი, – ჩაიცინა ივანმა, რომელიც კარგად იცნობდა



152

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

იმ სამყაროს, ასეთი გაბოროტებით რომ აღწერდა სტუმარი.

– ალბათ, – დაეთანხმა ისიც, – ჰოდა, მან გადმომცა უკვე საკმაოდ შელახული და გაქუცული ჩემი რომანი. ლაპშენიკოვა ყოველ ღონეს ხმარობდა, თვალი არ გაესწორებინა ჩემთვის და ასე თვალდახრილმა მომახსენა, რომ რედაქცია ორი წლის მასალებით იყო უზრუნველყოფილი და ამიტომაც ჩემი რომანის დაბეჭდვის საკითხი, როგორც თქვა, გამოირიცხა.

– კიდევ რა მახსოვს ამის შესახებ? – ბუტბუტებდა ოსტატი და საფეთქლებს იზელდა, – სატიტულო ფურცელზე ჩამოცვენილი წითელი ფოთლები და კიდევ ჩემი მეგობრის თვალები. ჰო, აი, ის თვალები მახსოვს.

ივანის სტუმრის მონათხრობი სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდებოდა, თანდათან უფრო მოჭარბდა უთქმელი. სტუმარი რაღაცას ყვებოდა ირიბად მოწუნწუხე წვიმასა და სასოწარკვეთილებაზე სარდაფში, იმაზე, როგორ მივიდა კიდევ სადღაც. ჩურჩულით ყვებოდა, რომ სწორედ მისი მეგობარი მოუწოდებდა ბრძოლისაკენ, მაგრამ ახლა სულაც არ ადანაშაულებს, ო, არა, არ ადანაშაულებს!

– მახსოვს, მახსოვს, გაზეთის ის ჩანართი, წყეული გვერდი, – ბუტბუტებდა სტუმარი, ჰაერში ორი თითით ხაზავდა გაზეთის გვერდს და შემდგომი არეული მონათხრობიდან ივანი მიხვდა, რომ სხვა რედაქტორს იმ კაცის რომანის დიდი ნაწილი გამოექვეყნებინა, ვინც თავს ოსტატს უწოდებდა.

შემდეგ შეიტყო, რომ ორი დღეც არ იყო გასული, სულ სხვა გაზეთში კრიტიკოს არიმანის სტატია დაბეჭდილიყო, რომელსაც „რედაქტორის ფრთას ამოფარებული მტერი“ ერქვა. ამ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ივანის სტუმარს რედაქტორის წინდაუხედაობითა და უცოდინარობით ესარგებლა და პრესაში იესო ქრისტეს აპოლოგიის შემოტანა უცდია.

– ა, მახსოვს, მახსოვს! – წამოიძახა ივანმა, – თქვენს გვარს კი ვერ ვიხსენებ!

– გიმეორებთ, თავი დაანებეთ ჩემს გვარს, ის აღარ არსებობს! – უპასუხა სტუმარმა, – ეგ არ არის მთავარი. მეორე დღეს, ახლა სხვა გაზეთში, მსტისლავ ლავროვიჩის სტატია გაჩნდა, სადაც ავტორი მკითხველს სთავაზობდა, დაეცხოთ და მაგრადაც დაეცხოთ პილატშჩინისათვის და იმ ღმერთიჯღაბნიასათვის, რომელიც პრესაში ცდილობდა გამოეჩხირა (ისევ ეს წყეული სიტყვა) პილატეს აპოლოგია.



153

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

ამ სიტყვამ, „პილატშჩინამ“ გამაოგნა და მომდევნო გაზეთი გადავშალე. იქ ორი სტატია აღმოჩნდა: ერთი ლატუნსკის, მეორეს კი ვიღაც „ნ. ე. „ აწერდა ხელს. დამერწმუნეთ, არიმანისა და ლავროვიჩის წერილები ხუმრობად შეიძლებოდა მოგჩვენებოდათ ლატუნსკის ნაჯღაბნთან შედარებით. საკმარისია გითხრათ, რომ ლატუნსკის სტატიას „მებრძოლი სტაროვერი“ ეწოდებოდა. ისე გავერთე საკუთარ თავზე წერილების კითხვით, რომ ვერც კი შევნიშნე (კარის დაკეტვა დამვიწყებოდა), როგორ გამომეცხადა ჩემი იდუმალი მეუღლე სველი ქოლგითა და სველივე გაზეთებით. თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა, თითები უკანკალებდა და გაჰყინვოდა. თავდაპირველად სახე დამიკოცნა, შემდეგ მაგიდაზე ხელის ბრახუნს მოჰყვა და ჩახლეჩილი ხმით გაჰყვიროდა, ლატუნსკის მოვკლავო.

ივანმა რატომღაც მორცხვად დაიკრუტუნა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

– და უსიცოცხლო დღეები დაიწყო. რომანი დასრულდა, დასაწერი აღარაფერი მქონდა და ჩვენ, ორივე იმითღა ვცოცხლობდით, რომ ღუმელთან, იატაკზე გაფენილ ნოხზე ვსხდებოდით და ცეცხლის ალს შევცქეროდით. თუმცა ახლა უფრო ხშირად ვშორდებოდით

ერთმანეთს, ის სასეირნოდ მიდიოდა ხოლმე. მე კი უცნაური რაღაც დამემართა, ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში... მეგობარი გამიჩნდა. დიახ, დიახ, წარმოიდგინეთ, ერთი საზიზღარი თვისება მჭირს, ძნელად ვუახლოვდები ადამიანებს, ეჭვიანი ვარ, მიუნდობელი. და მიუხედავად ამისა, სულში მაინც ჩამიძვრება ხოლმე ვიღაც მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი, გარეგნობით, ეშმაკმა უწყის, რას ჰგავს, მაგრამ სწორედ იმაზე შემივარდება ხოლმე გული.

ასე მოხდა იმ დაწყევლილ დროსაც. მოულოდნელად ნელა გაიღო ჩვენი ეზოს კარი, ისიც მახსოვს, შემოდგომის მშვენიერი დღე იდგა. ჩემი მეუღლე შინ არ იყო. ჭიშკარში ვიღაც კაცი შემოვიდა, ჩემს მენაშენესთან ჰქონდა საქმე. შემდეგ ბაღში ჩამოვიდა და როგორღაც ძალიან ადვილად დამიახლოვდა. თავი ჟურნალისტად გამაცნო. წარმოიდგინეთ, ეს კაცი იმდენად მომეწონა, რომ დღემდე მახსოვს და მენატრება კიდეც. შემდეგ ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩემთან. შევიტყვე, რომ უცოლო იყო, ჩემ გვერდით ცხოვრობდა, თითქმის ასეთსავე სარდაფში, მაგრამ ევიწროებოდა. რატომღაც თავისთან არ მპატიჟებდა. ჩემს მეუღლეს საოცრად არ მოეწონა ჩემი ახალი მეგობარი, მაგრამ მე თავგადაკლული ვიცავდი. ბოლოს მითხრა:

– შენი ნებაა, მაგრამ გეუბნები, რომ ეს ადამიანი ჩემზე ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს.



154

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

მე გამეცინა. ჰო, მაინც რითი მიმიზიდა ამ კაცმა? იცით, ვერ ვეგუები, როცა ადამიანს საკუთარ ნაჭუჭში, შიგნით, რაღაც მოულოდნელი არა აქვს, ეს მოულოდნელი კი თავის ნაჭუჭში ალოიზს (დამავიწყდა მეთქვა, ჩემს ახალ მეგობარს ალოიზ მაღარიჩი ერქვა), ბლომად ჰქონდა. კერძოდ, მანამდე არ შევხვედრივარ და, დარწმუნებული ვარ, ვეღარც შევხვდები ისეთ ჭკვიან კაცს, როგორიც ალოიზი იყო. მე თუ ვერ ვხვდებოდი გაზეთში გამოქვეყნებული რომელიმე შენიშვნის აზრს, ალოიზი წუთში ამიხსნიდა, თანაც ეტყობოდა, ახსნა სულაც არ უჭირდა. იგივე შეიძლება ითქვას ცხოვრებისეულ მოვლენებზეც. თუმცა მთავარი ის იყო, რომ ალოიზმა ლიტერატურის დიდი სიყვარულით მომაჯადოვა. მანამ არ მომასვენა, ვიდრე თავიდან ბოლომდე არ წამაკითხა რომანი, ამასთან, ერთობ შემაქო, მაგრამ გასაოცარი სიზუსტით გაიმეორა რედაქტორის ყველა შენიშვნა, თითქოს ჩვენს საუბარს ესწრებოდაო. ასიდან ასში ახვედრებდა. ამას გარდა, სრულიად ზუსტად განმიმარტა, რატომ ვერ დაიბეჭდებოდა ჩემი რომანი და მეც მივხვდი, სიმართლეს მეუბნებოდა. პირდაპირ მითხრა: ესა და ეს თავი არ დაიბეჭდებაო.

სტატიები არ წყდებოდა. თავდაპირველად ვიცინოდი, მაგრამ, რაც მეტი სტატია იბეჭდებოდა, მით მეტად მეცვლებოდა გუნება. მეორე ეტაპი გაოცება იყო. ამ სტატიების მრისხანე და დამაჯერებელი ტონის მიუხედავად, რაღაც უკიდურესად ყალბი და თვითდაეჭვებული იგრძნობოდა ყოველ სტრიქონში. ერთთავად მეჩვენებოდა, და ამ შეგრძნებას ვერაფრით ვიშორებდი, რომ ამ სტატიების ავტორები იმას არ ამბობდნენ, რასაც ფიქრობდნენ და მათი აღშფოთების მიზეზიც ეს იყო. შემდეგ კი მესამე ეტაპი დადგა – შიში. არა, ამ სტატიების შიში კი არ დამჩემდა, არამედ რაღაც განყენებულის, სრულიად რომ არ ეხებოდა არც სტატიებსა და არც რომანს. სიბნელის მეშინოდა. ერთი სიტყვით, ფსიქიურად ვსნეულდებოდი. ძილის წინ თუ პატარა ოთახში ლამპას ჩავაქრობდი, მეჩვენებოდა, რომ ფანჯრიდან რაღაც რვაფეხა მოცოცავდა გრძელი და ცივი საცეცებით. იმ დროიდან ღამღამობით შუქს აღარ ვაქრობ ხოლმე.

ჩემი სატრფოც ძალიან შეიცვალა (რვაფეხაზე, ცხადია, მისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ მატყობდა, რომ რაღაც უბედურება მჭირდა), გახდა და ფერი დაკარგა, აღარ კისკისებდა და ერთთავად იმას მემუდარებოდა, მეპატიებინა, ნაწყვეტების დაბეჭდვა რომ მირჩია.

მთხოვდა, ყველაფერი მიმეტოვებინა და იმ ასი ათასიდან დარჩენილი ფულით, სამხრეთში, შავ ზღვაზე გავმგზავრებულიყავით.



155

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

დაჟინებით მთხოვდა გამგზავრებას, მე კი, რომ აღარ მეკამათა (თითქოს ვგრძნობდი, რომ შავ ზღვაზე ვერ წავიდოდი), შევპირდი, დღე-დღეზე გავემგზავრებით-მეთქი. მაგრამ მან აიჩემა, მე თვითონ ავიღებ ბილეთებსო. მაშინ მთელი ფული ამოვიღე, ესე იგი, დაახლოებით ათი ათასი მანეთი და მას მივეცი.

– ამდენი რად მინდა? – გაოცდა ის.

რაღაც მივუკიბ-მოვუკიბე, თითქოს ქურდების მეშინოდა და ვთხოვე, გამგზავრებამდე შეენახა. მან ფული გამომართვა, ჩანთაში ჩადო, შემდეგ კი დიდხანს მკოცნიდა და მეუბნებოდა, რომ მისთვის სიკვდილზე ძნელი იყო ამ მდგომარეობაში ჩემი დატოვება, მაგრამ აუცილებლად უნდა წასულიყო, მას ელოდნენ და ისიც ძალაუნებურად უნდა დამორჩილებოდა აუცილებლობას. მაგრამ ხვალ მოვიდოდა, თან მთხოვდა, არაფრის შემშინებოდა.

ეს საღამოსპირზე მოხდა, ოქტომბრის შუა რიცხვებში. ჩემი სატრფო წავიდა. მე ტახტზე წამოვწექი და ჩამეძინა. შუქი არ ამინთია და იმ შეგრძნებით გავიღვიძე, რომ რვაფეხა უკვე ოთახში იყო. სიბნელეში ხელის ფათურით, რის ვაივაგლახით ავანთე ნათურა. ჯიბის საათი ღამის ორს უჩვენებდა. უგუნებოდ დავწექი დასაძინებლად და მძიმე ავადმყოფმა გავიღვიძე. უეცრად მომეჩვენა, რომ შემოდგომის უკუნი მინებს შემოლეწავდა, ოთახში ჩამოიღვრებოდა და ამ უკუნში, როგორც მელანში, ისე დავიხრჩობოდი. თავს ვეღარ ვერეოდი. წამოვიყვირე და სადღაც გაქცევა მომინდა, თუნდაც ზედა სართულზე, ჩემს მენაშენესთან. შეშლილივით ვებრძოდი თავს. მაინც მეყო ძალა, ღუმელთან მივსულიყავი და ცეცხლი ამენთო. თითქოს გულზე მომეშვა, როცა შეშა ატკაცუნდა და ღუმელის კარი ახტუნავდა. წინკარში გავვარდი, იქაც ავანთე შუქი, ღვინის ბოთლი მოვძებნე, გავხსენი და პირდაპირ ბოთლიდან დავლიე. ღვინომ ოდნავ დამიცხრო შიში – იმდენად მაინც, რომ მენაშენესთან არ გავქცეულვარ, ისევ ღუმელთან მივბრუნდი. კარი გამოვაღე, სიმხურვალემ სახე და ხელები დამიწვა და ავჩურჩულდი:

– მიხვდი, რომ უბედურება შემემთხვა, მოდი, მოდი, მოდი!

მაგრამ არავინ მოდიოდა. ღუმელში ცეცხლი ბუბუნებდა, ფანჯრებს წვიმა ეხეთქებოდა. და მაშინ უკანასკნელიც აღსრულდა. მაგიდის უჯრიდან გადაბეჭდილი რომანი და ხელით ნაწერი რვეულები ამოვიღე და ერთიმეორის მიყოლებით შევყარე ღუმელში, დავწვი. ეს საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა, რადგან ნაწერი ფურცლები ძალზე უწადილოდ იწვოდა. რვეულებს ფრჩხილების მტვრევით, შუაზე ვხევდი, ერთიმეორეზე ვაწყობდი შეშებს შორის და



156

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

ასტამით ვფურცლავდი. ფერფლი დროდადრო სახეში მეყრებოდა, ალი სულს მიხუთავდა. მე კი ცეცხლს ვებრძოდი და რომანიც, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც იღუპებოდა. ნაცნობი სიტყვები კრთებოდა ჩემ თვალწინ, სიყვითლე დაუოკებლად ნთქავდა ფურცლებს ქვევიდან ზევით, მაგრამ სიტყვები ამ სიყვითლიდანაც დაჟინებით მოიწევდნენ ზედაპირისკენ, და მხოლოდ მაშინღა ქრებოდა, როცა ქაღალდი ერთიანად ჩაინავლებოდა და ასტამით დავაქუცმაცებდი.

უცებ ვიღაცამ გააფხაჭუნა მინაზე. გული გამეპარა. უკანასკნელი რვეული ცეცხლში მოვისროლე და კარის გასაღებად გავიქეცი. სადარბაზოდან ეზოში გამავალი კარისკენ აგურის კიბე ადიოდა. ბორძიკ-ბორძიკით მივირბინე კართან და ვიკითხე:

– ვინ არის?

და ხმამ, ჩემი სატრფოს ხმამ, მიპასუხა. – მე ვარ.

აღარ მახსოვს, რა მოვუხერხე ჯაჭვსა და გასაღებს. როგორც კი შემოაბიჯა, თავით ფეხამდე გალუმპული, ლოყებდაცვარული და თმაგაწეწილი მომეკრო. მე მხოლოდ ერთ სიტყვას ვიმეორებდი:

– შენ... შენ? – მერე ხმა ჩამიწყდა და ქვევით ჩავირბინე. მან წინკარში მოისროლა პალტო და ჩვენ სწრაფად შევედით პირველ ოთახში. უცებ კივილით ეცა ღუმელს და უკანასკნელი, გვერდებშემომწვარი რვეული შიშველი ხელით გამოიღო. იმავ წამს ბოლმა აავსო ოთახი, მე ფეხით ჩავაქრე ცეცხლი, ის კი ტახტზე დაეცა და თავშეუკავებლად, მწარედ აქვითინდა.

მერე, როცა დამშვიდდა, ვუთხარი:

– მე შემძაგდა ეს რომანი და მეშინია. ძალიან ავად ვარ.

– ღმერთო, რა ცუდად ხარ, – მითხრა მან, – რისთვის, რისთვის? მე შენ გადაგარჩენ, გადაგარჩენ. ღმერთო, რა საშინელებაა!

ვხედავდი ბოლითა და ტირილით შეშუპებულ მის თვალებს და მისი თითების ალერსიან შეხებას ვგრძნობდი შუბლზე.



157

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

– მე შენ გაგკურნავ, გაგკურნავ, – მეჩურჩულებოდა და მთელი ტანით მეკვროდა, – და შენ აღადგენ რომანს. ერთი პირი მაინც რატომ არ დამიტოვე, რატომ? – გამწარებული ბუტბუტებდა რაღაცას, შემდეგ ტუჩები მოკუმა და გვერდებშემომწვარი ფურცლების დალაგებას და გასწორებას შეუდგა. ერთ-ერთი თავი იყო შუა რომანიდან, აღარც კი მახსოვს, რომელი. მან გულმოდგინედ დაალაგა შემომწვარი ფურცლები, ქაღალდში გაახვია და ზონარი გადაუჭირა. მისი მოქმედება მიდასტურებდა, რომ თავს მოერია და წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა. შემდეგ ღვინო მომთხოვა, დალია და უფრო მშვიდად მითხრა:

– აი, ასე ვზღავთ ხოლმე ტყუილს. მე აღარ მინდა სიცრუეში ცხოვრება. ახლაც შენთან დავრჩებოდი, მაგრამ არ მინდა ასე წამოვიდე. არ მინდა, სამუდამოდ დაამახსოვრდეს, რომ ღამით გამოვექეცი. ჩემს ქმარს ჩემთვის არაფერი დაუშავებია. ახლაც მოულოდნელად გამოიძახეს, ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. მაგრამ მალე დაბრუნდება. ხვალ დილას ყველაფერს ავუხსნი, ვეტყვი, რომ სხვა მიყვარს და შენთან გადმოვალ საცხოვრებლად. ოღონდ ჯერ ის მითხარი, იქნებ არც გინდა, შენ გვერდით რომ ვიყო?

– საბრალოვ, ჩემო საბრალოვ, – ვუთხარი მე, – ამის უფლებას არასოდეს მოგცემ. ვინ იცის, რა მელის და არ მინდა, ჩემთან ერთად დაიღუპო.

– მიზეზი მხოლოდ ეგ არის? – მკითხა მან და თვალებში ჩამხედა.

– მხოლოდ.

ლამის გადაირია სიხარულით, მომეკრა, კისერზე ხელები შემომხვია და მითხრა: – მეც შენთან ერთად დავიღუპები. დილას მოვალ.

და უკანასკნელი, რაც ჩემი ცხოვრებიდან მახსოვს – წინკარში გაღვრილი სინათლის სვეტი და ამ სვეტში გაშლილი თმა, მისი ბერეტი და მტკიცე გადაწყვეტილებით სავსე თვალები იყო. კიდევ მახსოვს, პარმაღზე, კართან, შავი სილუეტი და თეთრი შეკვრა.

– გაგაცილებდი, მაგრამ უკვე ღამით სიარულის მეშინია.

– ნუ შიშობ. სულ რამდენიმე საათს გაუძელი. ხვალ დილით შენთან ვიქნები, – უკანასკნელად მითხრა მან.

– ჩუ! – უცებ თხრობა შეწყვიტა ავადმყოფმა და თითი ასწია, – შფოთიანი მთვარიანი



158

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

ღამეა დღეს.

სტუმარი აივანზე გაუჩინარდა. ივანმა გაიგონა, დერეფანში როგორ მიგორავდა ბორბლები, მერე ვიღაცამ ამოისლუკუნა თუ სუსტად წამოიყვირა.

როცა ყველაფერი მიწყნარდა, სტუმარი ისევ დაბრუნდა და აცნობა, რომ 120-ე ოთახში ახალი ბინადარი შეესახლებინათ. ვიღაც კაცი მოეყვანათ, რომელიც თავის დაბრუნებას ითხოვდა. ორივე შეშფოთებული იჯდა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ოდნავ რომ დამშვიდდნენ, შეწყვეტილი საუბარი განაგრძეს. სტუმარმა ის იყო პირი დააღო და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ღამე მართლაც შფოთიანი აღმოჩნდა. დერეფნიდან ისევ მისწვდათ ხმები და სტუმარმა ჩურჩულით განაგრძო თხრობა, იმდენად ჩუმად, რომ საუბრის დასაწყისის გარდა არავის არაფერი გაუგონია:

– მისი წასვლიდან თხუთმეტიოდე წუთში, სარკმელზე მომიკაკუნეს...

ის, რასაც ყურში ეჩურჩულებოდა, ალბათ ძალიან აწუხებდა ავადმყოფს, სახე ემანჭებოდა, თვალებში შიში და მრისხანება ედგა. მთხრობელი სადღაც იქით, მთვარისკენ იშვერდა ხელს, რომელიც დიდი ხნის წინ გასცლოდა აივანს. და როცა გარედან შემოჭრილი ბგერები მიილია, სტუმარი ივანს მოშორდა და ისევ ჩურჩულით განაგრძო:

– ჰოდა, შუა იანვარს, ღამით, იმავე პალტოთი, ოღონდ დაწყვეტილი ღილებით, ჩემს ეზოში ვიდექი და ყინვისგან ვიბუზებოდი. ზურგს უკან თოვლის ზვინს დაეფარა იასამნის ბუჩქი, წინ კი, ქვევით – სუსტად განათებული, ფარდებჩამოფარებული ჩემი ფანჯრები მოჩანდა. პირველ ფანჯარასთან დავიხარე და მივაყურადე – ჩემს ოთახში პატეფონი უკრავდა. მხოლოდ ამას მოვკარი ყური, მაგრამ ვერაფერი დავინახე. ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი, მერე ჭიშკრიდან ჩიხში გავედი. ჩიხში ქარბუქი დათარეშობდა. ფეხებში ძაღლი მეცა და იმდენად შემაშინა, მოპირდაპირე მხარეს გადავირბინე. ჩემი მუდმივი თანამგზავრები – სიცივე და შიში – თავზარს მცემდა. წასასვლელი არსად მქონდა და, რა თქმა უნდა, უფრო იოლი იქნებოდა, იმ ქუჩაზევე შევვარდნოდი ტრამვაის, სადაც ჩემი ჩიხი გადიოდა. შორიდან ვხედავდი იმ გაჩირაღდნებულ, გაყინულ ყუთებს და მათი შემზარავი ღრჭიალი ჩამესმოდა. მაგრამ, ჩემო ძვირფასო მეზობელო, მთელი უბედურებაც ის გახლდათ, რომ შიში ყველა უჯრედში გამჯდომოდა. და ისევე, როგორც ძაღლისა, ტრამვაისაც მეშინოდა. დიახ, ჩემს ავადმყოფობაზე უფრო საშინელი ავადმყოფობა ამ შენობაში არ მოიძებნება, დამერწმუნეთ.

– ხომ შეგეძლოთ, იმ ქალისთვის შეგეტყობინებინათ, – თანაგრძნობით უთხრა ივანმა



159

თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება

საბრალო ავადმყოფს, – ამას გარდა, თქვენი ფულიც ხომ მას ჰქონდა? ალბათ აუცილებლად შეგინახავდათ.

– ეჭვიც არ შეგეპაროთ, ცხადია, შემინახავდა, მაგრამ ალბათ ვერ გამიგეთ. ან, უფრო სწორად, მე დავკარგე გადმოცემის უნარი. თუმცა, არ ვნანობ, მაინც აღარაფერში გამომადგება. იმას, – სტუმარმა კრძალვით გახედა ღამის წყვდიადს, – ფსიქიატრიულიდან უნდა მისვლოდა წერილი. განა შეიძლება წერილის გაგზავნა, როცა ასეთი მისამართი გაქვს? სულით ავადმყოფი. ხომ არ ხუმრობთ, მეგობარო? რა უფლება მაქვს გავაუბედურო? არა, არა, ამას ვერ ვიზამ!

ივანმა ვერაფრით უარყო ნათქვამი, მაგრამ მდუმარედ თანაუგრძნობდა სტუმარს და გული შესტკიოდა. ის კი, მოგონებებით განაწამები, შავქუდიან თავს აკანტურებდა და ასე ამბობდა:

– საბრალო ქალი, თუმცა, იმედი მაქვს, ალბათ უკვე დამივიწყებდა.

– ხომ შეიძლება გამოჯანმრთელდეთ... – გაუბედავად უთხრა ივანმა.

– მე ვერ განვიკურნები, – მშვიდად უპასუხა სტუმარმა, – იცით, სტრავინსკი მიმტკიცებს, რომ ცხოვრების ხალისს დამიბრუნებს, მაგრამ არ მჯერა. კეთილი კაცია და მამშვიდებს. თუმცა, არ უარვყოფ, რომ ახლა შედარებით უკეთ ვგრძნობ თავს. ჰო, რაზე შევჩერდით? ყინვა, ის მიმქროლავი ტრამვაი... ვიცოდი, რომ ეს კლინიკა უკვე გახსნილი იყო, მთელი ქალაქი გამოვიარე და ფეხით მოვედი აქ. უგუნურებაა? ქალაქგარეთ ალბათ გავიყინებოდი, მაგრამ უბრალო შემთხვევითობამ მიხსნა. სატვირთო მანქანას რაღაც გაფუჭებოდა, მძღოლს მივუახლოვდი, აქამდე ალბათ ოთხიოდე კილომეტრი მრჩებოდა, ჩემდა გასაოცრად, მძღოლმა შემიბრალა. მანქანა აქეთ მოდიოდა. იმან წამომიყვანა. მხოლოდ მარცხენა ფეხის თითები მომყინოდა. აქ მიმკურნალეს. და აი, უკვე მეოთხე თვეა, აქ ვარ. და იცით, მჯერა, რომ აქ არც ისე ცუდია ყოფნა. დამერწმუნეთ, ჩემო ძვირფასო მეზობელო, დიდი გეგმები არ უნდა დაისახო კაცმა! მე, მაგალითად, მეწადა, მსოფლიო მომევლო. მერე კი გაირკვა, რომ სულაც არ მეწერა ამის გაკეთება. ახლა მხოლოდ დედამიწის ამ უმნიშვნელო ნაწილსღა ვხედავ. ვგონებ, არც უკეთესი ნაწილია მისი, მაგრამ გიმეორებთ, არც ესაა მთლად ურიგო. მალე ზაფხული დადგება და, როგორც პრასკოვია ფიოდოროვნა გვპირდება, აივანზე სურო აცოცდება. გასაღები ძალიან გამომადგა. ღამღამობით მთვარე ამოდის. აჰ, უკვე ჩასულა! თენდება. შუაღამე გადავიდა. ჩემი წასვლის დროა.



160

თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!

– მითხარით, შემდეგ რა შეემთხვათ იეშუასა და პილატეს? – სთხოვა ივანმა, – გემუდარებით,

ძალიან მაინტერესებს.

– ოჰ, არა, არა, – ავადმყოფურად გაღიზიანდა სტუმარი, – რომანს რომ ვიხსენებ, ტანში ჟრუანტელი მივლის. დარწმუნებული ვარ, თქვენი ნაცნობი პატრიარქებიდან ჩემზე უკეთ მოგიყვებოდათ. საუბრისათვის გმადლობთ. ნახვამდის.

და ვიდრე ივანი გონს მოეგებოდა, ჩუმი რაწკუნით მიიკეტა თეჯირი და სტუმარი თვალს მიეფარა.

თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!

როგორც იტყვიან, ნერვებმა უმტყუნა რიმსკის, ოქმის ბოლომდე შედგენას აღარ დალოდებია და თავის კაბინეტში შეიმალა. ის მაგიდასთან იჯდა და თვალანთებული დასცქეროდა მაგიდაზე დაყრილ ჯადოსნურ თუმნიანებს. ფინანსურ დირექტორს გონი ებნეოდა. გარედან თანაბარი ბუბუნი აღწევდა. საზოგადოება მდინარესავით გაედინებოდა ვარიეტეს შენობიდან. რიმსკის საოცრად გამახვილებულ სმენას უეცრად მილიციელთა სასტვენის მჭახე ხმა მისწვდა. თავისთავად ეს სტვენა კარგს არასოდეს მოასწავებდა. სტვენა გამეორდა, მერე მეორეც წამოეხმარა – უფრო მბრძანებლური და ხანგრძლივი, შემდეგ კი ცხადლივი ხარხარი და რაღაც ყიჟინაც შეერწყა და ფინანსური დირექტორი მაშინვე მიხვდა, რომ ქუჩაში რაღაც სკანდალური და ამაზრზენი ხდებოდა. არც იმაში შეპარვია ეჭვი, რომ ეს აურზაური, რაგინდ არ ეწადა ამის დავიწყება, მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული იმ საზიზღარ სეანსთან, ჯადოქარმა და მისმა თანაშემწეებმა რომ ჩაატარეს. ფინანსური დირექტორი არ შემცდარა.

როგორც კი სადოვაიაზე გამავალ ფანჯარაში გაიხედა, სახე მოექცა და კი არ ჩაიჩურჩულა, წაისისინა:

– ასეც ვიცოდი!

ქუჩის ფარნების ძლიერ შუქში, ქვევით, ქვაფენილზე, მან იისფერსაცვლებიანი და პერანგის ამარა ქალი დაინახა, თუმცა ქალს თავზე ქუდი ეხურა და ხელში ქოლგა ეჭირა.



161

თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!

ამ სრულიად თავზარდაცემული ქალის ირგვლივ, ხან რომ ჩაიცუცქებდა, ხან კი თითქოს სადღაც გაქცევას აპირებდა, ბრბოს მოეყარა თავი და ისე ხორხოცებდა, რიმსკის ტანში გაბურძგლა კიდეც. ქალის შორიახლო ვიღაც მოქალაქე დაფაცურობდა, საგაზაფხულო პალტოს იხდიდა და აღელვებისაგან ვერაფრით მოეხერხებინა სახელოში გაჩხერილი ხელის გამოღება.

ყვირილი და ხორხოცი სხვა მხრიდანაც მოისმა, კერძოდ, მარცხენა სადარბაზოს მხრიდან. გრიგორი დანილოვიჩმა თავი იქით მიაბრუნა და ახლა სხვა, ვარდისფერსაცვლებიანი ქალი დაინახა. ქალი ქვაფენილიდან ტროტუარზე ახტა, სადარბაზოში სცადა დამალვა, მაგრამ თეატრიდან გამოსულმა ხალხმა გზა გადაუღობა და იმ ბილწი ფაგოტის ფირმის მიერ მოტყუებულ, საკუთარი თავქარიანობის და ლაზათიანი ჩაცმის მსხვერპლს ისღა დარჩენოდა, იმაზე ეოცნება – მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა. მილიციელები დაზარალებულისკენ მირბოდნენ, სტვენით ბურღავდნენ ჰაერს, უკან კი ვიღაც მხიარული, კეპიანი ახალგაზრდები მისდევდნენ. სწორედ ისინი როხროხებდნენ და ყიჟინებდნენ ასე საზარლად.

ვიღაც ულვაშა, აწოწილმა ავყიამ პირველსავე გაშიშვლებულ ქალთან მიირბინა და ის გაჩხიკული, დაოსებული ფაშატი ჩაბღუჯა. თვალები სიხარულით უელავდა.

რიმსკიმ შუბლზე მიირტყა მუშტი, გადააფურთხა და ფანჯარას მოსცილდა. ერთხანს მაგიდასთან იჯდა და ქუჩის ალიაქოთს აყურადებდა. სხვადასხვა მხრიდან მონადენმა სტვენამ უმაღლეს წერტილს მიაღწია, შემდეგ აურზაური თანდათან ჩაცხრა, მისდა გასაოცრად, ერთობ სწრაფადაც კი მინელდა. დრო იყო, ემოქმედა. პასუხისმგებლობის მწარე ფიალა უნდა შეესვა. ტელეფონის აპარატი მესამე მოქმედების დროს შეაკეთეს, ახლა იქ უნდა დაერეკა, სადაც ჯერ არს, და მომხდარი შეეტყობინებინა (დახმარება ეთხოვა, ეცრუა, ყველაფერი ლიხოდეევისთვის გადაებრალებინა, ეთვალთმაქცა). ფუი, ეშმაკს! შეწუხებულმა რიმსკიმ ორჯერ წაიღო ხელი ყურმილისაკენ და ორჯერვე ვერ გაბედა აღება. და უეცრად, კაბინეტის სამარისებურ სიჩუმეში ტელეფონი თვითონ აჟღრიალდა შემზარავად. ჟღრიალი ფინანსურ დირექტორს შეასკდა სახეში, ისიც შეკრთა და გაიყინა. „ნერვები აღარ მივარგა“, – გაიფიქრა და ყურმილი აიღო. იმავ წამს მოიცილა ყურიდან და ქაღალდივით გადამტკნარდა. ქალის ჩუმმა, შემპარავმა და გარყვნილმა ხმამ ყურმილიდან ჩასჩურჩულა:

– არსად დარეკო, რიმსკი, ინანებ.

ყურმილი იმავ წამს დაცარიელდა. ფინანსურ დირექტორს ჭიანჭველებმა დაუარა



162

თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!

ზურგზე, ყურმილი დადო და რატომღაც ზურგს უკან, ფანჯრისკენ გაიხედა. მეჩხერი და ახლახან გაფოთლილი ნეკერჩხლის ტოტებს მიღმა გამჭვირვალე ღრუბლებში მოსრიალე მთვარე დაინახა. რიმსკიმ, რატომღაც, ტოტებზე შეაჩერა მზერა და რაც უფრო მეტს უცქეროდა, მით მეტად ივსებოდა შიშით.

ბოლოს რიმსკიმ თავს სძლია, მთვარით განათებულ ფანჯარას მოაშორა მზერა და წამოდგა. დარეკვაზე ლაპარაკიც აღარ შეიძლებოდა და ახლა იმაზეღა ფიქრობდა – როგორმე სასწრაფოდ გასცლოდა აქაურობას.

მიაყურადა: თეატრის შენობა დუმდა. რიმსკი ანაზდად მიხვდა, რომ კარგა ხანია მარტო იყო მთელ მეორე სართულზე და ამის გაფიქრებისთანავე ბავშვურმა, დაუოკებელმა შიშმა მოიცვა. თავზარდაცემული ფიქრობდა, რომ მარტო უნდა გაევლო დაცარიელებული დერეფანი და კიბეზე ჩასულიყო. ცხროიანივით ეცა ჰიპნოტიზიორის თუმნიანებს, პორტფელში ჩაჩურთა და თავის გასამხნევებლად ჩაახველა. ხრინწიანი, სუსტი ხველა გამოუვიდა.

ანაზდად მოეჩვენა, რომ კაბინეტის კარის ქვედა ღრიჭოდან დამყაყებული სინესტის სუნი შემოიჭრა. ტანში თრთოლამ დაუარა, იმავ წამს საათმაც დაიგრგვინა თორმეტჯერ. რეკვამაც შიშის ზარი დასცა. მაგრამ გული საბოლოოდ მაშინ გაეპარა, როცა იგრძნო, რომ კარის საკეტში თითქმის უხმაუროდ გადატრიალდა ინგლისური გასაღები. გაოფლილი, გაყინული ხელებით პორტფელს ჩაფრენილი რიმსკი მიხვდა, თუკი ეს შრიალი კიდევ გაგრძელდებოდა, ვეღარ გაუძლებდა და შეშლილივით მოჰყვებოდა ყვირილს.

ბოლოს კარი დანებდა ვიღაცის ცდას, გაიღო და კაბინეტში უხმაუროდ შემოვიდა ვარენუხა. რიმსკი უსიტყვოდ ჩაიკეცა სავარძელში – მუხლი მოეკვეთა. მერე ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ლამის ლაქუცა ღიმილით გაიღიმა და თქვა:

– ღმერთო ჩემო, როგორ შემაშინე!

დიახ, ეს მოულოდნელი მოჩვენება ვის არ დააფეთებდა, მაგრამ, ამასთან ერთად, დიდი სიხარულიც იყო. ძლივს ერთი ძაფის ბოლო გამოჩნდა ამ აბურდულ საქმეში.

– დროზე, მომიყევი, რა მოხდა! – დაიხრიალა ამ ძაფის ბოლოს ჩაჭიდებულმა რიმსკიმ, –

იქნებ მითხრა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?



163

თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!

– თუ შეგიძლია, მაპატიე, – დაგუდული ხმით უპასუხა მოსულმა და კარი მიხურა, – მეგონა, წასული იქნებოდი.

ვარენუხამ ქუდი მოიხადა, სავარძლისაკენ გაეშურა და მაგიდის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა.

უნდა მოგახსენოთ, რომ ვარენუხას ხმაში ოდნავ შესამჩნევი უჩვეულო ბგერები გახმიანდა და ფინანსურ დირექტორსაც, მსოფლიოს არც ერთ სეისმოლოგიურ სადგურს რომ არ ჩამოუვარდებოდა, უსიამოვნოდ გაკენწლა გულში. უცნაურია! რატომღა უნდა შემოსულიყო რიმსკის კაბინეტში, თუ ეგონა, რომ წასული იყო? თავისი კაბინეტი ხომ ჰქონდა? ეს ერთი. მეორეც: რომელი კარიდანაც უნდა შემოსულიყო, აუცილებლად შეხვდებოდა ღამის დარაჯს, ისინი კი გაფრთხილებულები იყვნენ, რომ გრიგორი დანილოვიჩი თავის კაბინეტში მუშაობდა.

მაგრამ ამ უცნაურობებზე დიდხანს აღარ უფიქრია, ამისთვის აღარ ეცალა.

– აქამდე რატომ არ დარეკე? რას ნიშნავს ეს იალტის სისულელეები?

– როგორც ვამბობდი, – თითქოს კბილი აწუხებსო, პირის წკლაპუნით უთხრა ადმინისტრატორმა, – პუშკინოში ნახეს, რესტორანში.

– როგორ თუ პუშკინოში? მოსკოვის გარეუბანში? მაგრამ დეპეშები ხომ იალტიდან მოდიოდა?

– იალტა კი არა, ეშმაკი არ გინდა?! პუშკინოს ტელეგრაფისტი დაუთვრია და ორივე ერთად მაიმუნობდა, დეპეშებს გზავნიდნენ „იალტის“ გრიფით.

– ჰო... ჰო... კეთილი, კეთილი... – კი არ თქვა, თითქოს წაიმღერა რიმსკიმ. თვალებში მოყვითალო შუქი აუციმციმდა. გონებაში უცებ განათდა სტიოპას სამარცხვინო მოხსნის სცენა. გათავისუფლება! დიდი ხნის ნანატრი და ნალოლიავები გათავისუფლება იმ ჭირისაგან, რასაც ლიხოდეევი ერქვა! იქნებ სტეპან ბოგდანოვიჩმა მოხსნაზე უარესსაც გამოჰკრას ხელი.

– დაწვრილებით მომიყევი! – უთხრა რიმსკიმ და საქაღალდე მაგიდას დაჰკრა.

და ვარენუხამ დაწვრილებით დაიწყო მოყოლა. როგორც კი იქ მივიდა, სადაც ფინანსურმა დირექტორმა გაგზავნა, მაშინვე მიიღეს და დიდი ყურადღებით მოუსმინეს. რა



164

თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!

თქმა უნდა, ერთი წუთითაც არ დაუშვიათ, რომ სტიოპა შეიძლებოდა იალტაში ყოფილიყო. მაშინვე ვარენუხას ეჭვს დაეთანხმნენ, რომ ლიხოდეევი აუცილებლად პუშკინოს „იალტაში“ იქნებოდა.

– ახლა სად არის? – სიტყვა შეაწყვეტინა ადმინისტრატორს ფინანსურმა დირექტორმა. – აბა, სად უნდა იყოს? – ჩაიქირქილა ადმინისტრატორმა, – ბუნებრივია, გამოსაფხიზლებელში.

– ჰო! დიდი მადლობა!

ვარენუხა კი თხრობას განაგრძობდა. რაც მეტს ყვებოდა, რიმსკი მით ცხადლივ ხედავდა ლიხოდეევის თავხედობისა და უმსგავსობების გრძელ ჯაჭვს, რომელშიც მომდევნო რგოლი წინაზე თავზარდამცემი ჩანდა. თუნდაც პუშკინოს ტელეგრაფის წინ, პატარა მოედანზე, ტელეგრაფისტთან ჩახუტებული ცეკვა რად ღირდა ვიღაც მოხეტიალე მეგარმონის აკომპანემენტის თანხლებით! ან ვიღაც ქალების დევნა, შიშით რომ ჭყიოდნენ? „იალტაში“ მებუფეტესთან აყალმაყალის დაწყების ცდა? იმავე „იალტაში“ იატაკზე მწვანე ხახვის მოყრა? რვა ბოთლი თეთრი, მშრალი „აი-დანილის“ დამტვრევა! ტაქსის მრიცხველის გატეხვა, რადგან მძღოლმა დროზე არ მიართვა მანქანა სტიოპას. მუქარა, დაეპატიმრებინა მოქალაქეები, რომლებიც ცდილობდნენ, სტიოპას აღვირახსნილობა შეეწყვიტათ? ერთი სიტყვით, სრული საშინელება.

სტიოპას კარგად იცნობდნენ მოსკოვის თეატრალურ სამყაროში და ყველამ იცოდა, რა ჩიტიც იყო, მაგრამ რასაც ადმინისტრატორი ყვებოდა, სტიოპასთვისაც მეტისმეტი ჩანდა. დიახ, მეტისმეტი, ზედმეტად მეტისმეტიც...

რიმსკის მსუსხავი მზერა მაგიდის გადაღმა მჯდარი ადმინისტრატორის სახეს შეეყინა და რაც უფრო მეტს ყვებოდა ვარენუხა, მით მეტად იღუშებოდა ეს თვალები, რაც უფრო ცხოვრებისეული და ხატოვანი ხდებოდა ის ბილწი წვრილმანები, ადმინისტრატორი თავის მონათხრობს რომ ალამაზებდა... მით ნაკლებად სჯეროდა ფინანსურ დირექტორს. და როცა ვარენუხამ აუწყა, სტიოპა იმდენად გათავხედებულიყო, რომ მოსკოვში მის დასაბრუნებლად ჩასული იმ ხალხისთვისაც ეცადა წინააღმდეგობის გაწევა, რიმსკიმ უკვე მტკიცედ იცოდა, რომ ყველაფერი, რასაც ამ შუაღამეზე მობრუნებული ადმინისტრატორი უყვებოდა, ცოცხალი ტყუილი იყო! ტყუილი თავიდან ბოლო სიტყვამდე.



165

თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!

ვარენუხა პუშკინოში არ გამგზავრებულა, არც თვით სტიოპა იყო პუშკინოში. არც ტელეგრაფისტი გალეშილა, არც რესტორანში ჩაუმსხვრევიათ ფანჯარა, არც სტიოპა გაუკოჭავთ თოკით... ამგვარი არაფერი მომხდარა.

როგორც კი ფინანსური დირექტორი მიხვდა, რომ ადმინისტრატორი ატყუებდა, ფეხის თითებიდან მთელ ტანში დაუარა შიშმა და კვლავ, უკვე ხელმეორედ შეიგრძნო, რომ იატაკს დამყაყებული ნესტის სუნი გამოჰყვა. თვალმოუშორებლად უცქეროდა ადმინისტრატორს, როგორღაც უჩვეულოდ რომ წრიალებდა სავარძელში, ჯიუტად ცდილობდა მაგიდის ნათურის ცისფერ ჩრდილს არ გასცილებოდა და თითქოს შუქი თვალს სჭრისო, გაზეთით იფარავდა სახეს. ფინანსური დირექტორი ახლა მხოლოდ იმაზეღა ფიქრობდა, რას მოასწავებდა ეს ყოველივე, რატომ ატყუებდა ასე ურცხვად ამ დაცარიელებულ და ჩაჩუმებულ შენობაში ესოდენ გვიან მობრუნებული ადმინისტრატორი? და მოსალოდნელი ხიფათის შეგრძნებამ, იდუმალი, მაგრამ საშინელი ხიფათის შეგრძნებამ მოუწურა გული. რიმსკიმ თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერც ამჩნევდა ადმინისტრატორის წრიალსა და სახეზე აფარებულ გაზეთს და დაჟინებით დააკვირდა სახეზე. რაღაც უფრო გაურკვეველი თანგავდა ფინანსურ დირექტორს, ვიდრე ეს, ეშმაკმა უწყის, რისთვის გამოგონილი ცილისწამება პუშკინოს თავგადასავლებზე და სწორედ ის რაღაც ვლინდებოდა ადმინისტრატორის გარეგნობასა და ქცევაში.

ძალიან კი იფხატავდა თვალებზე ბატისტუჩა კეპს, ძალიან კი იფარავდა გაზეთს, მაგრამ რიმსკიმ ვარენუხას მარჯვენა ლოყაზე, ცხვირთან უზარმაზარი სილურჯე შენიშნა. თანაც მუდამ ღაჟღაჟა ადმინისტრატორს ახლა ცარცისფერი დასდებოდა, ავადმყოფურად გაფერმკრთა- ლებულიყო, კისერზე კი ამ სულის შემხუთველ ღამეს რატომღაც ძველისძველი, ზოლიანი კაშნე მოეფუთნა. თუკი იმასაც დავუმატებთ, რომ ადმინისტრატორი ამ რამდენიმე საათში პირის წკლაპუნსა და ქშუტუნს დასჩვეოდა, ხმაც საგრძნობლად გაუხეშებოდა და ჩახლეჩოდა, გამოხედვაც ქურდული და მფრთხალი გახდომოდა, თამამად შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ივან საველიევიჩ ვარენუხას ვეღარ იცნობდით.

კიდევ რაღაც უღრღნიდა გულს ფინანსურ დირექტორს, მაგრამ, კერძოდ რა, ვერ მიმხვდარიყო. ერთი კი უყოყმანოდ შეეძლო ეთქვა, რომ იყო რაღაც თვალით შეუმჩნეველი, არაბუნებრივი ვარენუხასა და ამ კარგად ნაცნობი სავარძლის შერწყმაში.

– ჰოდა, ბოლოს დაიმორჩილეს და მანქანაში ჩააგდეს, – ბუბუნებდა ვარენუხა, გაზეთაფარებული თვალებს ბრეცდა და სილურჯის დაფარვას ცდილობდა.



166

თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!

უეცრად რიმსკიმ ხელი გაიშვირა, თითები აათამაშა, თითქოს შემთხვევით შეეხო ელექტროღილაკს და გაშრა, ცარიელ შენობაში აუცილებლად უნდა გახმიანებულიყო მჭახე ჟღრიალი. მაგრამ ზარის ხმა არ გაუგია და ღილი უსიცოცხლოდ ჩაეშვა მაგიდის ფიცარში. ღილი მკვდარი იყო, ზარი – გაფუჭებული.

ვარენუხა მაშინვე მიუხვდა ეშმაკობას, შეკრთა, თვალებში ცხადლივ გაუელვა ბოროტმა ცეცხლმა და ჰკითხა:

– რას რეკავ?

– მექანიკურად დამეჭირა თითი, – დაგუდული ხმით უპასუხა რიმსკიმ, ხელი უკან გამოსწია და ახლა თავად დაეკითხა აცახცახებული ხმით, – სახეზე რა დაგემართა?

– მანქანა მოსრიალდა და კარის სახელურს მივეჯახე, – თვალი აარიდა ვარენუხამ.

„ცრუობს!“ – გონებაში იყვირა ფინანსურმა დირექტორმა. უეცრად თვალები დაუმრგვალდა, შეეშალა და ვარენუხას სავარძლის საზურგეს მზერა ვეღარ მოსწყვიტა.

სავარძლის უკან, იატაკზე, ორი გადაჯვარედინებული ჩრდილი მოჩანდა, ერთი ფართო და შავი, მეორე – სუსტი და ნაცრისფერი. იატაკზე გარკვევით იკვეთებოდა სავარძლის ზურგისა და მისი წაწვეტებული ფეხების ანარეკლი, მაგრამ ზურგის გაყოლებაზე ვარენუხას თავის ჩრდილი არ ჩანდა, არც ფეხების ჩრდილი მოჩანდა სავარძლის ქვედა ნაწილში.

„ჩრდილი არა აქვს!“ – გონებაში განწირულად იკივლა რიმსკიმ დ გააჟრჟოლა.

ვარენუხამ რიმსკის შეშლილ მზერას გააყოლა მზერა, ქურდულად გახედა სავარძლის საზურგეს და მიხვდა, რომ გამოაშკარავდა.

უცებ წამოდგა სავარძლიდან (ფინდირექტორმაც იგივე გააკეთა), მაგიდას ერთი ნაბიჯით გამოსცილდა და პორტფელი ჩაბღუჯა.

– მაინც მიმიხვდი, არა, შე წყეულო! ყოველთვის საზრიანი იყავი, – ბოროტად შესცინა სახეში ფინანსურ დირექტორს, მოულოდნელად კარისკენ ისკუპა და ინგლისური საკეტი ჩარაზა. დაზაფრულმა რიმსკიმ ოთახს მოავლო თვალი, ბაღში გამავალი ფანჯრისკენ უკან- უკან დაიხია და მთვარით განათებულ ამ ფანჯარაში მინას აკრული შიშველი ქალის სახე და მისი შიშველი ხელი დაინახა, სარკმელში რომ შემოეყო და ფანჯრის ანჯამის გახსნას



167

თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!

ცდილობდა. ზედა საკეტი უკვე ღია იყო.

რიმსკის მოეჩვენა, რომ მაგიდის ნათურის შუქი მიილია და თვით მაგიდაც გადაფერდდა. სხეული გაეყინა, მაგრამ მაინც სძლია თავს და დარჩენილი ძალა მხოლოდ იმისთვისღა ეყო, რომ ყვირილით კი არა, ჩურჩულით ეთქვა:

– მიშველეთ...

ვარენუხა კართან დარაჯობდა, ხტუნავდა, კარგა ხნით ყოვნდებოდა ჰაერში და დაკიდებული, აქეთ-იქით ირწეოდა. თან დაკრუნჩხულ თითებს იშვერდა რიმსკისაკენ, სისინებდა, პირს აწკლაპუნებდა და ფანჯარაზე აკრულ ქალს თვალს უკრავდა.

ქალი აჩქარდა, წითური თავი სარკმელში შემოყო, რაც შეეძლო გაჭიმა ხელი, ფრჩხილებით კაწრავდა ქვედა საკეტს და ჩარჩოს აზანზარებდა. მერე ხელი თანდათან დაუგრძელდა და ლპობაშეპარული სიმწვანით დაეფარა. ბოლოს და ბოლოს, მიცვალებულის მწვანე თითები ქვედა საკეტის თავს მისწვდა, შეაბრუნა და ფანჯარა გააღო. რიმსკიმ საცოდავად შეჰყვირა, კედელს აეკრა და პორტფელი სახეზე აიფარა. უკვე ხვდებოდა, რომ სიკვდილი უახლოვდებოდა.

ფანჯარა ყურთამდე გაიღო, მაგრამ ღამის სიგრილისა და ნეკერჩხლის სურნელის ნაცვლად, ოთახში სარდაფის სუნი შემოიჭრა. მიცვალებული რაფაზე შედგა. რიმსკი ცხადლივ ხედავდა მკერდზე დაჩნეულ ხრწნის ლაქებს.

ანაზდად ბაღიდან, იმ დაბალი შენობიდან, ტირის უკან რომ იდგა და პროგრამაში მონაწილე ფრინველებს აბინავებდნენ, მამლის მხიარული ყივილი მოისმა. გაწვრთნილი მამალი ყიოდა ომახიანად და აღმოსავლეთიდან განთიადის მოახლოებას აუწყებდა მოსკოვს.

ქალს ველური გაბოროტებით მოექცა სახე, ხრინწიანი ხმით შეიგინა, კართან კი ვარენუხამ დაიჭყივლა და ჰაერიდან იატაკს დაასკდა.

მამლის ყივილი განმეორდა, ქალმა კბილები დააკრაჭუნა და წითური თმა ყალყზე დაუდგა. მესამე დაყივლებაზე შებრუნდა და ოთახიდან გაფრინდა. მის კვალად უცებ ვარენუხაც შეხტა ჰაერში, მფრინავი კუპიდონივით ჰორიზონტალურად გაცურდა, საწერ მაგიდას გადაუფრინა და ისიც ფანჯარაში გაუჩინარდა.

ერთიანად გაჭაღარავებულმა მოხუცმა, სულ ცოტა ხნის წინ რიმსკის გვარით რომ



168

თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!

იცნობდნენ, კართან მიირბინა, საკეტი გააღო, კარი გამოგლიჯა და ჩაბნელებულ დერეფანში გაიჭრა. კიბის მოსახვევთან, შიშით ათრთოლებულმა, ხელის ფათურით მოიძია ჩამრთველი და კიბე გაანათა. აცახცახებული, აკანკალებული ბერიკაცი კიბეზე დაეცა, მოეჩვენა, რომ ზურგიდან მხრებზე მსუბუქად დააფრინდა ვარენუხა.

ქვევით, ვესტიბიულში რომ ჩაირბინა, სალაროსთან ჩაძინებულ მორიგეს მოჰკრა თვალი. მან ფრთხილად, ფეხის წვერებზე აუარა გვერდი და სადარბაზოდან გაიჭრა. ქუჩაში ოდნავ მოეგო გონს. იმდენად გამოფხიზლდა, რომ თავზე იტაცა ხელი და მიხვდა, ქუდი კაბინეტში დარჩენოდა.

ცხადზე ცხადია, ქუდის ასაღებად უკან აღარ მიბრუნებულა, აქლოშინებულმა გადაჭრა ფართო ქუჩა და კინოთეატრის მოპირდაპირე კუთხეში, მოციმციმე მოწითალო მკრთალი შუქისკენ გაიქცა. წუთის შემდეგ იქ იყო და პირველსავე მანქანაში ჩახტა.

– ლენინგრადის სადგურზე, ზედმეტს გადაგიხდი, – ქლოშინ-ქლოშინით უთხრა მძღოლს ბერიკაცმა და გულზე იტაცა ხელი.

– გარაჟში მივდივარ, – ზიზღით უპასუხა მძღოლმა და სახე შეაბრუნა.

მაშინ რიმსკიმ პორტფელი გახსნა, ორმოცდაათი მანეთი ამოიღო და წინა, ღია ფანჯრიდან გაუწოდა მძღოლს.

წუთის შემდეგ მანქანა ქარივით მიქროდა სადოვაიაზე. მგზავრი სკამზე ვერ იკავებდა თავს და მძღოლის წინ დაკიდებული სარკის ნაგლეჯში ხან მძღოლის ბედნიერ თვალებს ხედავდა, ხანაც თავის შეშლილ მზერას.

სადგურთან რიმსკი მანქანიდან გადმოხტა და პირველსავე შემხვედრ თეთრწინსაფრიან და ბალთიან კაცს დაუძახა:

– პირველი კატეგორია. ერთი, ოცდაათს მოგცემ, – თან თუმნიანებს იღებდა პორტფელიდან,

– თუ პირველი არ იყოს, მეორე ამიღე, არა და – მაგარი.

ბალთიანი კაცი განათებულ საათს უცქეროდა და რიმსკის ხელიდან სტაცებდა თუმნიანებს.



169

თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

ხუთი წუთის შემდეგ სადგურის შემინული თაღიდან ლენინგრადის მატარებელი გაქრა და სიბნელეში შთაინთქა. მასთან ერთად უკვალოდ გაქრა რიმსკიც.

თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

ალბათ ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ ის სახეაღაჟღაჟებული სქელუა, რომელიც კლინიკის 119-ე ოთახში მოათავსეს, ნიკანორ ივანოვიჩ ბოსოი გახლდათ.

თუმცა კი ბოსოი პირდაპირ პროფესორ სტრავინსკისთან არ მოხვედრილა, მანამდე სულ სხვა ადგილას მიაბრძანეს.

იმ სულ სხვა ადგილიდან ნიკანორ ივანოვიჩის მეხსიერებას ცოტა რამ შემორჩა. მხოლოდ საწერი მაგიდა, კარადა და ტახტი ახსოვდა.

იქ ნიკანორ ივანოვიჩს, რომელსაც სისხლის მოწოლისა და ზედმეტი აღგზნებისაგან თვალთ უბნელდებოდა, საუბარი გაუბეს, მაგრამ საუბარი საკმაოდ უცნაურად წარიმართა, რაღაც აბდაუბდა გამოვიდა, უფრო სწორად, საერთოდ არ აეწყო.

ნიკანორ ივანოვიჩს პირველად ის ჰკითხეს:

– თქვენ ხართ ნიკანორ ივანოვიჩ ბოსოი, სადოვაიაზე ნომერ 302-ბის საბინაო კომიტეტის თავმჯდომარე?

პასუხად ნიკანორ ივანოვიჩმა ერთი შემზარავად გადაიხარხარა და სიტყვასიტყვით ასე უპასუხა:

– ნიკანორი ვარ, ცხადია, ნიკანორი! მაგრამ რა ეშმაკის თავმჯდომარე მე მნახეთ?

– როგორ? – თვალის მოჭუტვით ჰკითხეს ნიკანორ ივანოვიჩს.

– აი, ეგრე, – უპასუხა მან, – თავმჯდომარე თუ ვიყავი, თავიდანვე უნდა მეაზრა, რომ უწმინდურ ძალას ველაპარაკებოდი! აბა, ეს რას ჰგავს?! გაბზარული პენსნე... დახეული ტანსაცმელი... სადაური უცხოელი მსახიობის თარჯიმანი ეგ იყო!

– ვისზე ამბობთ? – ჰკითხეს ნიკანორ ივანოვიჩს.

– კაროვიევზე! – იყვირა მან, – ჩვენთან, ორმოცდამეათე ბინაში დასახლდა. ჩაიწერეთ:



170

თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

კაროვიევი! დაუყოვნებლივ უნდა დააკავოთ! ჩაიწერეთ: მეექვსე სადარბაზოში. იქ არის.

– ვალუტა სად იშოვე? – გულთბილად ჰკითხეს ნიკანორ ივანოვიჩს.

– ღმერთს ვფიცავ, ყოვლისშემძლე ღმერთს, – ალაპარაკდა ნიკანორ ივანოვიჩი, – ის ყველაფერს ხედავს, ჩემზე კი ახია! ვალუტა ხელში არასდროს მჭერია და ისიც არ ვიცი, რა ფერისაა! ღმერთმა დამსაჯა ცოდვებისათვის, – გრძნობით განაგრძო ნიკანორ ივანოვიჩმა, პერანგის ღილებს ხან იხსნიდა, ხან იკრავდა და პირჯვარს ისახავდა, – ვიღებდი! როგორ არ ვიღებდი, მაგრამ ჩვენებურს ვიღებდი, საბჭოურს! უფულოდ არ ვწერდი, ასეც მომხდარა! ჩვენი მდივანი პროლეჟნევიც კარგი ვინმეა! პირდაპირ გეტყვით, სახლმმართველობაში ყველა ქურდობს, მაგრამ ვალუტა არ ამიღია.

თხოვნაზე, სისულელეებისთვის თავი დაენებებინა და მოეთხრო, როგორ აღმოჩნდა დოლარები მის საჰაერო მილში, ნიკანორ ივანოვიჩი მუხლებზე დაემხო, შექანდა, თან პირს ისე აბჩენდა, გეგონებოდათ, პარკეტის კოჭების გადაყლაპვას აპირებსო.

– თუ გინდათ, მიწას შევჭამ, ოღონდ დამიჯერეთ, – დაიღმუვლა მან, – მართლა არ ამიღია. კაროვიევი კი ეშმაკის მოციქულია.

ყოველგვარ მოთმინებას თავისი საზღვარი აქვს, მაგიდის მიღმიდან ხმას აუწიეს და ნიკანორ ივანოვიჩს მიუთითეს, რომ დრო იყო, ადამიანურ ენაზე ელაპარაკა.

უეცრად ეს ტახტიანი ოთახი ფეხზე წამომხტარი ნიკანორ ივანოვიჩის ღრიალმა შეაზანზარა:

– აგერ, აგერ, კარადის უკან დგას! ქირქილებს! პენსნეც... დაიჭირეთ! ნაკურთხი წყალი აპკურეთ შენობას!

ნიკანორ ივანოვიჩს სახე გადაუმტკნარდა, აცახცახებული ხელით პირჯვარს სახავდა ჰაერში, ოთახში ტარაბუასავით დაბზრიალდა, ხან კართან მიიჭრებოდა, ხან ისევ უკან ბრუნდებოდა, რაღაც ლოცვაც კი წაიმღერა და ბოლოს სრულიად აბდაუბდის ჩმახვას მოჰყვა.

ყველა მიხვდა, რომ ნიკანორ ივანოვიჩთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. ამიტომ იმ ოთახიდან გამოიყვანეს, სხვა ოთახში მოათავსეს, სადაც ოდნავ დაწყნარდა, მხოლოდ ლოცულობდა და სლუკუნებდა.



171

თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

ცხადია, სადოვაიაზეც მივიდნენ და 50-ე ბინაც მოინახულეს. მაგრამ არავითარი კაროვიევი იქ არ დახვედრიათ, ამ კაროვიევის ასავალ-დასავალი არც მობინადრეებმა იცოდნენ, თვალიც არ მოეკრათ და გვარიც არ გაეგონათ. ბინა, რომელშიც გარდაცვლილი ბერლიოზი და იალტაში გამგზავრებული ლიხოდეევი ცხოვრობდნენ, სრულიად ცარიელი აღმოჩნდა და კაბინეტში კარადა ისევ დალუქული იყო, ხელი არავის ეხლო. ასე, პირში ჩალაგამოვლებულები გამობრუნდნენ სადოვაიადან, თუმცა გამობრუნებულებმა, დაბნეული და ერთიანად მობუზული პროლეჟნევი, სახლმმართველობის მდივანიც თან გამოიყოლეს. საღამო ხანს ნიკანორ ივანოვიჩი სტრავინსკის კლინიკაში მიაბრძანეს. იქ იმდენად შფოთავდა, რომ იძულებულები გახდნენ სტრავინსკის რეცეპტით დამზადებული წამალი შეეშხაპუნებინათ და შუაღამე კარგა ხნის გადასული იქნებოდა, როცა ნიკანორ ივანოვიჩს 119-ე ოთახში ძილმა წაართვა თავი, მხოლოდ ხანდახან თუ ამოიზმუვლებდა მძიმედ და წამებით.

ძილმა თანდათან დაამშვიდა. წარამარა გვერდს აღარ იცვლიდა, აღარც კვნესოდა, მსუბუქად და თანაბრად დაიწყო სუნთქვა და ექიმებმაც მარტო დატოვეს.

აი, სწორედ მაშინ ნახა სიზმარი, რომელსაც, რა თქმა უნდა, საფუძვლად მისი თავგადასავალი ედო. სიზმარი იმით დაიწყო, რომ ნიკანორ ივანოვიჩს ეჩვენა, თითქოს ვიღაც ოქროსსაყვირიანი ხალხი უზარმაზარი გალაქული კარისკენ მიაცილებდა, თანაც ძალზე საზეიმოდ. ამ კართან თანამგზავრებმა თითქოს ნიკანორ ივანოვიჩის პატივსაცემად ტუში დასცხეს, შემდეგ კი ბუბუნა ხმამ მხიარულად ჩამოსძახა ციდან:

– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ნიკანორ ივანოვიჩ! ვალუტა ჩაგვაბარეთ!

უკიდურესად გაოცებულმა ნიკანორ ივანოვიჩმა მაღლა აიხედა და თავს ზემოთ შავი რადიო დაინახა.

შემდეგ, რატომღაც თეატრალურ დარბაზში აღმოჩნდა, სადაც მოოქრულ ჭერქვეშ ბროლის ჭაღები ბდღვრიალებდა, კედლებზე კი კენკეტები. ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, როგორც პატარა, მაგრამ მდიდრულ თეატრს შეეფერებოდა. იყო სცენა ხავერდის ფარდით, რომლის მუქალუბლისფერ ფონზე ვარსკვლავებივით ჭიატებდა გადიდებული ოქროს თუმნიანები, იყო მოკარნახის ჯიხური და მაყურებელიც კი.

ნიკანორ ივანოვიჩი კიდევ იმან გააოცა, რომ დარბაზში მხოლოდ ერთი სქესის მაყურებელი იჯდა – მამაკაცები, და რატომღაც, ყველა წვეროსანი. ამას გარდა, ისიც იყო საკვირველი, რომ დარბაზში სკამები არ იდგა და მაყურებელი პირდაპირ გაწკრიალებულ,



172

თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

დიდებულად მოპრიალებულ იატაკზე იჯდა.

ამდენ უცხო ხალხში მოხვედრილი ნიკანორ ივანოვიჩი ერთხანს დარცხვენილი იშმუშნებოდა, შემდეგ თვითონაც სხვებს მიბაძა და იატაკზე თურქულად მოირთხა ფეხი, ვიღაც წითური ახმახი წვეროსნისა და ფერმკრთალი, წვერგაუპარსავი მოქალაქის შუა. თუმცა, იატაკზე მსხდომთაგან ახალი მაყურებლისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

მალე ზანზალაკის სასიამოვნო წკრიალი გაისმა, შუქი ჩაქრა, ფარდა გაიხსნა და განათებული სცენა გამოჩნდა, რომელზეც სავარძელი და მაგიდა იდგა, მაგიდაზე – ოქროს ზარი იყო დამხობილი, სცენის უკანა კედლად კი შავი ხავერდის ფარდა იყო ჩამოფარებული.

ფარდის გახსნისთანავე კულისებიდან სმოკინგიანი, სუფთად გაპარსული და შუაზე თმაგაყოფილი, დახვეწილნაკვთებიანი ახალგაზრდა მსახიობი გამოვიდა, დარბაზში მყოფი ხალხი გამოცოცხლდა, ყველა სცენისკენ შებრუნდა. მსახიობი მოკარნახის ორმოსთან მივიდა და ხელები მოიფშვნიტა.

– სხედხართ? – იკითხა რბილი ბარიტონით და დარბაზს გაუღიმა.

– ვსხედვართ, ვსხედვართ, – ერთხმად უპასუხეს დარბაზიდან ტენორებმა და ბასებმა.

– ჰმ... – დაფიქრდა მსახიობი, – ვერ გამიგია, როგორ არ გბეზრდებათ აქ ჯდომა? ყველა ადამიანურად ცხოვრობს, ქუჩაში დადიან, გაზაფხულის მზითა და სითბოთი ტკბებიან, თქვენ კი აქ ყრიხართ, ამ იატაკზე, ჩახუთულ დარბაზში. იმასაც ხომ ვერ იტყვით, რომ აქაური პროგრამა მოგწონთ? თუმცა, რას გაიგებ, ვის რა მოსწონს, – ფილოსოფიურად დაასკვნა მსახიობმა.

შემდეგ ხმის ტემბრიც შეიცვალა, ინტონაციაც და მხიარულად განაცხადა:

– ამრიგად, ჩვენი პროგრამის შემდეგი ნომერია ნიკანორ ივანოვიჩ ბოსოი, სახლმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე და ერთი პატარა დიეტური სასადილოს გამგე. გთხოვთ, ნიკანორ ივანოვიჩ!

დარბაზმა პასუხად ერთხმად დასცხო ტაში. გაოცებული ნიკანორ ივანოვიჩი გაოცებისგან გაბეცდა, კონფერანსიემ კი თვალები ხელით მოიჩრდილა, დარბაზში მსხდომთა შორის მოიძია და თითით ალერსიანად იხმო. ნიკანორ ივანოვიჩი თვითონაც ვერ მიხვდა, ისე აღმოჩნდა სცენაზე.



173

თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

რამპის ფერად-ფერადი ნათურების შუქმა ყოველი მხრიდან მოსჭრა თვალი და დარბაზი მაშინვე სიბნელემ შთანთქა.

– ნიკანორ ივანოვიჩ, აბა, გვიჩვენეთ მაგალითი, – გულთბილად მიმართა ახალგაზრდა მსახიობმა, – და ვალუტა ჩაგვაბარეთ!

სიჩუმე ჩამოწვა. ნიკანორ ივანოვიჩმა სული მოითქვა და ალაპარაკდა:

– ღმერთს ვფიცავ...

მაგრამ სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო და დარბაზი აღშფოთებულმა ყვირილმა აავსო. ნიკანორ ივანოვიჩი დაიბნა და დადუმდა.

– როგორც ვხვდები, – ისევ დაიწყო ლაპარაკი პროგრამის წამყვანმა, – გსურთ, ღმერთი დაიფიცოთ, რომ ვალუტა არა გაქვთ, არა? – უთხრა და თანაგრძნობით შეხედა ნიკანორ ივანოვიჩს.

– მართალს ბრძანებთ, არა მაქვს, – უპასუხა ნიკანორ ივანოვიჩმა.

– ასე, – უპასუხა მსახიობმა, – მაპატიეთ, მაგრამ აბა, ის ოთხასი დოლარი საიდან გაჩნდა თქვენი ბინის საპირფარეშოში, რომლის ერთადერთი მფლობელიც თქვენ და თქვენი მეუღლე ბრძანდებით?

– ჯადოქრობით! – დაუფარავი ქირქილით წამოიძახა ვიღაცამ ჩაბნელებული დარბაზიდან.

– დიახ, დიახ, ჯადოქრობით, – მორცხვად დაუმოწმა ნიკანორ ივანოვიჩმა მსახიობს თუ ჩაბნელებულ დარბაზს და განმარტა, – უწმინდურმა ძალამ მომიგდო, კუბოკრულკოსტიუმიანმა თარჯიმანმა.

და კვლაც გულისწყრომით აღრიალდა დარბაზი. როცა სიჩუმემ დაისადგურა, მსახიობმა თქვა:

– ხედავთ, ლამის ლაფონტენის არაკების მოსმენა მიწევს! წარმოგიდგენიათ, ოთხასი დოლარი მიუგდეს! აი, თქვენ ყველა ვალუტის მფლობელები ხართ და ისე მოგმართავთ, როგორც სპეციალისტებს – როგორ გგონიათ, ასეთი რამე თუ ხდება ხოლმე?



174

თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

– ჩვენ ვალუტის მფლობელები არა ვართ, – დარბაზიდან გაისმა ეული, ნაწყენი ხმები, –

მაგრამ ასეთი რამე მაინც შეუძლებელია.

– მეც გეთანხმებით, – მტკიცედ თქვა მსახიობმა, – და ამიტომ გეკითხებით: აბა, მითხარით, რა შეიძლება მიუგდონ კაცს?

– ბავშვი! – იყვირა ვიღაცამ დარბაზიდან.

– სრული ჭეშმარიტებაა, – დაუდასტურა პროგრამის წამყვანმა, – შეიძლება ბავშვი მოგიგდონ ან ანონიმური წერილი, პროკლამაცია, ჯოჯოხეთის მანქანა და ვინ იცის, კიდევ რა, მაგრამ ოთხას დოლარს არავინ მოგიგდებს, რადგან ასეთი იდიოტი ბუნებაში არ არსებობს, – მსახიობი ნიკანორ ივანოვიჩს მიუბრუნდა და ნაღვლიანად უსაყვედურა, – გული მატკინეთ, ნიკანორ ივანოვიჩ! მე კი თქვენი იმედი მქონდა. ამგვარად, ეს ნომერი ჩაიშალა.

ნიკანორ ივანოვიჩი დარბაზიდან სტვენით დააჯილდოეს.

– აქვს ვალუტა, აქვს! – ყვიროდნენ დარბაზიდან, – სწორედ მაგისთანების გამო ვიტანჯებით უდანაშაულოდ.

– ასე ნუ ლანძღავთ, – რბილად თქვა კონფერანსიემ, – აუცილებლად მოინანიებს, – შემდეგ ლამის აცრემლებული ცისფერი თვალები მიაპყრო ნიკანორ ივანოვიჩს და დასძინა, – ადგილზე დაბრუნდით, ნიკანორ ივანოვიჩ.

ამის შემდეგ მსახიობმა ზარი ააწკარუნა და გამოაცხადა:

– შევისვენოთ, არამზადებო!

შეცბუნებული ნიკანორ ივანოვიჩი, ასე მოულოდნელად რაღაც თეატრალური პროგრამის მონაწილე რომ გახდა, ისევ იატაკზე, თავის ძველ ადგილზე აღმოჩნდა. მერე დაესიზმრა, თითქოს დარბაზი უკუნმა მოიცვა და კედელზე წითლად აინთო წარწერა: „ჩააბარეთ ვალუტა!“ შემდეგ ისევ გაიხსნა ფარდა და კონფერანსიემ ხელახლა იხმო ვიღაც.

– სცენაზე ვიწვევთ სერგეი ჰერალდოვიჩ დუნჩილს.

დუნჩილი წარმოსადეგი, მაგრამ ერთობ მოუვლელი ორმოცდაათი წლის კაცი



175

თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

აღმოჩნდა.

– სერგეი ჰერალდოვიჩ, – მიმართა კონფერანსიემ, – აი, უკვე თვე-ნახევარია აქ ზიხართ და ჯიუტად არ გსურთ, დარჩენილი ვალუტის ჩაბარება. ალბათ იცით, როგორ სჭირდება ვალუტა ჩვენს ქვეყანას, თქვენ კი არაფერში გარგიათ და მიუხედავად ამისა, მაინც ჯიუტობთ. თქვენ ხომ ინტელიგენტი ბრძანდებით, მშვენივრად გესმით ყველაფერი, მითხარით, რატომ არ გინდათ დაგვეხმაროთ.

– სამწუხაროდ, ვერაფერს გავაწყობ, მეტი ვალუტა აღარ მაქვს, – მშვიდად უპასუხა დუნჩილმა.

– ეგრე იყოს, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში, იქნებ ბრილიანტები მაინც შემოგრჩათ? – დაეკითხა მსახიობი.

– არც ბრილიანტები მაქვს.

მსახიობმა თავი ჩაჰკიდა და დაფიქრდა, შემდეგ ტაში შემოჰკრა. კულისებიდან შუახნის ქალი გამოვიდა, მოდურად იყო ჩაცმული, ესე იგი, უსაყელო პალტო ეცვა და ქუდი ეხურა. ქალი შეშფოთებული ჩანდა. დუნჩილმა შემოსულს შეხედა და წარბიც არ შეუხრია.

– ხომ ვერ მეტყვით, ვინ არის ეს ქალი? – დუნჩილს დაეკითხა პროგრამის წამყვანი.

– ჩემი ცოლია, – ღირსეულად უპასუხა დუნჩილმა და ოდნავი ზიზღით შეავლო თვალი ქალის მაღალ კისერს.

– ჩვენ მხოლოდ იმიტომ შეგაწუხეთ, ქალბატონო დუნჩილ, – ქალს მიმართა კონფერანსიემ, –

რომ გვინდა გკითხოთ, კიდევ აქვს თუ არა თქვენს მეუღლეს ვალუტა?

– მაშინ ყველაფერი ჩაგაბარათ, – უპასუხა აღელვებულმა ქალმა.

– გასაგებია, – თქვა მსახიობმა, – კარგი, ასე იყოს. რაკი ყველაფერი ჩაგვაბარა, ვალდებულები ვართ, სასწრაფოდ დავემშვიდობოთ სერგეი ჰერალდოვიჩს. მეტი აღარაფერი დაგვრჩენია! სერგეი ჰერალდოვიჩ, თუ გნებავთ, შეგიძლიათ თეატრი დატოვოთ! – თქვა მსახიობმა და დიდებულად აიქნია ხელი.



176

თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

დუნჩილი მშვიდად და ღირსეულად შებრუნდა და კულისებისკენ გაემართა.

– ერთი წუთით! – შეაჩერა კონფერანსიემ, – ნება მომეცით, ვიდრე ერთმანეთს დავემშვიდობებოდეთ, ჩვენი პროგრამის კიდევ ერთო ნომერი შემოგთავაზოთ, – და ისევ ტაში შემოჰკრა.

უკანა შავი ფარდა გაიხსნა და სცენაზე ახალგაზრდა, ლამაზი ქალი გამოჩნდა, საღამოს კაბა ეცვა, ხელში ოქროს სინი ეჭირა, რომელზეც კანფეტების ბაფთით შეკრული სქელი დასტა და ბრილიანტების ყელსაბამი იდო, ცისფრად, ყვითლად და წითლად რომ ბზინავდა.

დუნჩილმა ნაბიჯი უკან გადადგა და სახეზე ფერი დაეკარგა. დარბაზი ჩაკვდა.

– თვრამეტი ათას დოლარსა და ორმოცდაათ ოქროდ შეფასებულ ყელსაბამს, – საზეიმოდ განაცხადა მსახიობმა, – სერგეი ჰერალდოვიჩი ხარკოვში ინახავდა, თავისი საყვარლის, იდა ჰერკულანოვნა ვორსის ბინაში, რომლის ხილვის ბედნიერებაც ახლა თქვენც გაქვთ და რომელიც თავაზიანად დაგვეხმარა, აღმოგვეჩინა ეს უძვირფასესი, მაგრამ პირადი საკუთრებისათვის სრულიად გამოუსადეგარი განძი. დიდი მადლობა, იდა ჰერკულანოვნა.

ლამაზმანმა გაიღიმა, თეთრი კბილები დააელვა და ღუნღულა წამწამები ააფახულა.

– ხოლო თქვენი, თითქოსდა ღირსეული გარეგნობის მიღმა, – დუნჩილს მიმართა მსახიობმა,

– ხარბი ობობა, გასაოცარი თითლიბაზი და ცრუპენტელა იმალება. ამ თვე-ნახევარში თქვენი სიჯიუტით ხელში შეგვიკალით. ახლა შეგიძლიათ შინ წაბრძანდეთ, სასჯელად კი ის ჯოჯოხეთიც გეყოფათ, თქვენი მეუღლე რომ მოგიწყობთ.

დუნჩილი შექანდა, თითქოს წაქცევას აპირებდა, მაგრამ ვიღაცის თანამგრძნობმა ხელებმა შეაკავა. ამასობაში ფარდაც დაიხურა და სცენაზე მყოფნი თვალს მოარიდა.

ტაშის გრიალმა შეაზანზარა დარბაზი და ნიკანორ ივანოვიჩს მოეჩვენა, თითქოს ჭაღებში ალი ახტუნავდა. და როცა შავი ფარდა ისევ მაღლა ასრიალდა, სცენაზე მხოლოდ მსახიობიღა იდგა. მას ისევ ტაშით მიესალმნენ, მან კი მაყურებელს თავი დაუკრა და დაიწყო:

– ჩვენს პროგრამაში თქვენ ახლა, დუნჩილის სახით, სახედრის ტიპური განსახიერება იხილეთ. გუშინ მქონდა ბედნიერება, თქვენთვის განმემარტა, რომ ვალუტის დამალვა



177

თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

უაზრობაა. დამერწმუნეთ, მის გამოყენებას ვერანაირად ვერ შეძლებთ. აი, თუნდაც ეს დუნჩილი ავიღოთ. დიდი ხელფასი აქვს და არ უჭირს. აქვს შესანიშნავი ბინა, მშვენიერი ცოლი ჰყავს და მზეთუნახავი საყვარელი, მაგრამ მაინც უფრო მეტი უნდა. იმის ნაცვლად, რომ ვალუტა და ძვირფასი ქვები ჩაებარებინა და წყნარად, მშვიდად და უსიამოვნებების გარეშე ეცხოვრა, ეს ანგარებიანი ბრიყვი მანამ არ გამოტყდა, სანამ საჯაროდ არ გამოააშკარავეს და თან ოჯახური უსიამოვნებებიც დაიტეხა თავზე. აბა, კიდევ ვის გსურთ ვალუტის ჩაბარება? მსურველი არავინ ხართ? თუ ასეა, ჩვენი პროგრამის შემდეგ ნომრად იხილავთ თქვენთვის საგანგებოდ მოწვეულ მსახიობს სავა პოტაპოვიჩ კუროლესოვს, რომელიც ნაწყვეტებს წაგიკითხავთ პოეტ პუშკინის პოემიდან „ხარბი რაინდი“.

შეპირებულ კუროლესოვსაც აღარ დაუგვიანია, სცენაზე გამოვიდა. ერთი ჯანიანი, ფერხორციანი, კარგად გაპარსული კაცი აღმოჩნდა, ფრაკი ეცვა და თეთრი ჰალსტუხი ეკეთა.

ზედმეტი შესავლების გარეშე უცებ მოქუფრა სახე, წარბი შეიკრა და ოქროს ზანზალაკებისკენ თვალდაცეცებულმა არაბუნებრივი ხმით დაიწყო:

– Как молодой повеса ждет свиданья с какой-нибудь развратницей лукавой???5

და კუროლესოვი ათას სისაძაგლეს მოჰყვა თავის თავზე. ნიკანორ ივანოვიჩს ესმოდა, როგორ აღიარა კუროლესოვმა, რომ ერთხელ, წვიმაში, ვიღაც უბედური ქვრივი მუხლმოყრილი იდგა მის წინაშე და მოთქვამდა, მაგრამ ღრჯო გული ვერა და ვერ მოულბო. ნიკანორ ივანოვიჩმა ამ თავის საზმრამდე თითქმის არაფერი იცოდა პუშკინის შემოქმედების შესახებ, თავად პუშკინს კი მშვენივრად იცნობდა და დღეში ასჯერ მაინც ახსენებდა: „ბინის ფულს პუშკინი გადაიხდის?“ ან „მაშასადამე, კიბეზე ნათურა პუშკინმა ამოხრახნა?“

„ეტყობა, ნავთს პუშკინი იყიდის“. და ახლა, როცა მის ერთ-ერთ ნაწარმოებსაც გაეცნო, ნიკანორ ივანოვიჩმა მოიწყინა, ცხადლივ დაუდგა თვალწინ დაობლებულ შვილებიანად თავსხმაში მუხლებზე დამხობილი ქალი და უნებლიეთ გაიფიქრა: „ეს კუროლესოვიც საზიზღარი ტიპი ჩანს!“

ის კი თანდათან უწევდა ხმას, ყველაფერს აღიარებდა და ბოლოს მთლად დააბნია ნიკანორ ივანოვიჩი, რადგან უეცრად ვიღაც ისეთს მიმართა, სცენაზე რომ არ იმყოფებოდა, შემდეგ იმ ვიღაცის ნაცვლად გასცა საკუთარ თავს პასუხი, თან ხან „ხელმწიფეს“ უწოდებდა

5 როგორც ყმაწვილი უცოდველი, პაემანს ელის გარყვნილ დიაცთან. (ა პუშკინი „ძუნწი რაინდი“).



178

თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

თავს, ხან

– „ბარონს“, ხან – „მამას“, ხან – „შვილს“, ხან „თქვენობით“ მიმართავდა, ხანაც – „შენობით“.

ნიკანორ ივანოვიჩი მხოლოდ ერთს მიხვდა, რომ მსახიობი საშინელი სიკვდილით მიიცვალა და სიკვდილის წინ მაინც გაჰყვიროდა: „გასაღები! ჩემი გასაღები!“ – შემდეგ ხროტინით დაეცა იატაკზე და კისრიდან ჰალსტუხი ჩამოიგლიჯა.

მოკვდა თუ არა, მაშინვე წამოხტა, ფრაკის შარვლიდან მტვერი ჩამოიბერტყა, ხალხს თავი დაუკრა, ყალბად გაიღიმა და კანტიკუნტად გახმაურებული ტაშის თანხლებით, სცენიდან გავიდა. კონფერანსიემ კი განაგრძო:

– ახლა ჩვენ, ყველამ ერთად მოვისმინეთ სავა პოტაპოვიჩის მიერ დიდებულად განსახიერებული „ხარბი რაინდი“. ამ რაინდს დიდად ეიმედებოდა, რომ ფეხმარდი ფერიები მიეახლებოდნენ და ამგვარი ბევრი სასიამოვნო რამ მოხდებოდა მის ცხოვრებაში. მაგრამ, ხომ ხედავთ, როგორ შეცდა, არც ფერიები მიახლებიან, არც მუზებს მიურთმევიათ ძღვენი და არც ხომალდები აუგიათ, პირიქით, ცუდად დაასრულა სიცოცხლე, ძაღლივით დააკვდა ვალუტით და ძვირფასი ქვებით გაჭედილ ზანდუკს. გაფრთხილებთ, თქვენც იგივე დაგემართებათ, იქნებ უარესიც, თუ ვალუტას არ ჩაგვაბარებთ!

არავინ იცის, პუშკინის პოეზიამ მოახდინა ასეთი დიდი შთაბეჭდილება, თუ კონფერანსიეს პროზაულმა დასკვნამ, მაგრამ უეცრად დარბაზიდან დარცხვენილი ხმა გაისმა:

– მე ჩაგაბარებთ ვალუტას.

– სცენაზე ამობრძანდით! – თავაზიანად მიიწვია კონფერანსიემ და ჩაბნელებულ დარბაზს გახედა დაჟინებით.

სცენაზე დაბალი ტანის ქერა მოქალაქე გამოჩნდა, სახეზე ეტყობოდა, სამი კვირის გაუპარსავი მაინც უნდა ყოფილიყო.

– მაპატიეთ, თქვენი გვარი? – დაეკითხა კონფერანსიე.

– ნიკოლოზ კანავკინი, – მორცხვად უპასუხა ახალმოვლენილმა. – აჰა! ძალიან სასიამოვნოა, მოქალაქე კანავკინ. გისმენთ.



179

თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

– გაბარებთ, – ჩურჩულით თქვა კანავკინმა. – რამდენს?

– ათას დოლარსა და ოც ოქროს თუმნიანს. – ბრავო! სულ ეგ გაქვთ?

პროგრამის წამყვანმა თვალი თვალში გაუყარა კანავკინს და ნიკანორ ივანოვიჩს მოეჩვენა, თითქოს ამ თვალების გამჭოლმა მზერამ კანავკინი რენტგენის სხივებივით გააშუქა. დარბაზმა სუნთქვა შეიკრა.

– მჯერა! – იყვირა ბოლოს მსახიობმა და მზერა ჩააქრო, – მჯერა! ასეთი თვალები არ ცრუობენ. მე ხომ რამდენჯერმე აგიხსენით თქვენი შეცდომა, თქვენ ღირსეულად არ აფასებთ ადამიანის თვალებს. დამერწმუნეთ, ენას შეუძლია სიმართლე დამალოს, თვალებს კი – არასოდეს! აი, მაგალითად, უეცრად რაღაცას გეკითხებიან, თქვენ არც კი კრთებით, წამის უსწრაფესად იაზრებთ ყველაფერს, თავს ერევით, იცით, რა უნდა თქვათ სიმართლის დასაფარად, დამაჯერებლადაც ცრუობთ, სახეზე ძარღვიც არ გიტოკდებათ, მაგრამ ვაი, რომ ამ კითხვით შეშფოთებული სიმართლე სულის სიღრმიდან წამიერად თვალებს აასკდება და თქვენი თვალთმაქცობაც მთავრდება. თვალებში გამკრთალ შიშს ამჩნევენ და გიჭერენ!

მსახიობმა დიდი გრძნობით წარმოთქვა ეს ერთობ დამაჯერებელი მონოლოგი, შემდეგ კი ალერსიანად დაეკითხა კანავკინს:

– სად გაქვთ დამალული?

– დეიდაჩემთან, პოროხოვნიკოვასთან, პრეჩისტენკაზე...

– ა! ეს... მოიცადეთ... კლავდია ივანოვნასთან? ხომ არ ვცდებით?

– არა!

– დიახ, დიახ! პატარა სახლი აქვს. მოპირდაპირე მხარეს ბაღია? როგორ არა, ვიცით, ვიცით! სად გაქვთ დამალული?

– სარდაფში, სინემის ყუთში აწყვია... მსახიობმა გაოცებისაგან ხელი ხელს შემოჰკრა.



180

თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

– გაგაგიჟებს ეს ხალხი! – გულისტკივილით წამოიყვირა მან, – სარდაფში ფული ხომ დაობდება და დაინესტება? განა შეიძლება ასეთ ხალხს ვალუტა ანდო? ღმერთმანი, ბავშვებივით არიან!

კანავკინი თვითონაც მიხვდა, ცუდად რომ მოიქცა, საყვედურიც დამსახურებულად მიიღო და ქოჩორა თავი ჩაქინდრა.

– ფული, – განაგრძო მსახიობმა, – სახელმწიფო ბანკში უნდა ინახებოდეს, საგანგებოდ მშრალ და გულდაგულ დაცულ შენობაში და არა დეიდის სარდაფში, სადაც, სხვა თუ არაფერი, ვირთხებმა შეიძლება შეჭამონ! მართლაც სამარცხვინოა, კანავკინ! ბავშვი ხომ არა ხართ?

კანავკინმა აღარ იცოდა, სად წაეღო თვალები, იდგა დარცხვენილი და თითით პიჯაკის ბორტს აწვალებდა.

– კეთილი, – მოლბა მსახიობი, – კაცს ძველი ცოდვა არ უნდა გაუხსენო... – და მოულოდნელად ჰკითხა, – ჰო, მართლა, მანქანა ტყუილად რომ არ გავსარჯოთ, იქნებ დეიდათქვენსაც აქვს რამე?

კანავკინი არაფრით ელოდა საქმის ამგვარ შემობრუნებას, შეკრთა და თეატრში დუმილი ჩამოწვა.

– ოჰ, კანავკინ, – ალერსიანად უსაყვედურა კონფერანსიემ, – მე კი რამდენი გაქეთ? აჰა, ადგა და ისევ გაჯიქდა არაფრის გამო. სისულელეა ეგ ყველაფერი, კანავკინ! სულ ახლახან არ გელაპარაკეთ თვალებზე? სწორედ თვალებში გეტყობა, რომ დეიდაშენსაც უნდა ჰქონდეს ვალუტა. ტყუილად რას გვაწვალებ?

– აქვს! – გული მიეცა კანავკინს.

– ბრავო! – იყვირა კონფერანსიემ.

– ბრავო! -საზარლად იხუვლა დარბაზმა.

როცა მიჩუმდნენ, კონფერანსიემ კანავკინს გამარჯვება მიულოცა, ხელი ჩამოართვა, სახლში მანქანით წაყვანა შესთავაზა, შემდეგ ვიღაცას კულისებში გასძახა, იმავე მანქანით დეიდისათვისაც შეევლოთ და ეთხოვათ, პროგრამაზე დასასწრებად ქალთა თეატრში



181

წაბრძანებულიყო.

თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

– ჰო, მართლა, ისიც მინდოდა მეკითხა, დეიდას ხომ არ უთქვამს, თავის ფულს სად ინახავდა? – კანავკინს დაეკითხა კონფერანსიე, თავაზიანად მიაწოდა პაპიროსი და მოუკიდა. მან გააბოლა და როგორღაც ნაღვლიანად ჩაიცინა.

– მჯერა, მჯერა! – ამოიოხრა მსახიობმა, – ეგ ბებერი ქვაწვია დისშვილს კი არა, ეშმაკსაც არაფერს გაუმხელს. რას ვიზამთ, ვეცადოთ მასაც გავუღვიძოთ ადამიანური გრძნობები. იქნებ ჯერ კიდევ შერჩა სინდისი იმ წუწურაქ სულში. კარგად იყავით, კანავკინ!

და ბედნიერი კანავკინი შინ გაემგზავრა. მსახიობმა იკითხა, კიდევ ხომ არავინ იყო ვალუტის ჩაბარების მსურველი, მაგრამ პასუხად დარბაზმა დუმილი შეაგება.

– ღმერთმანი, უცნაური ხალხი ხართ! – მხრების ჩეჩვით ჩაილაპარაკა მსახიობმა და ფარდა დაეშვა.

ნათურები ჩაქრა, ერთხანს უკუნმა დაისადგურა და შორიდან ისმოდა, როგორ მღეროდა ვიღაცის ნერვიული ტენორი:

Там груды золота лежат и мне они принадлежать!6

შემდეგ, სადღაც შორიდან ორჯერ გაისმა ტაშისცემა.

– ქალთა თეატრში ვიღაც ქალი აბარებს, – მოულოდნელად უთხრა ნიკანორ ივანოვიჩს წითურწვერიანმა მეზობელმა, ამოიოხრა და დასძინა, – ეჰ, ჩემი ბატები რომ არა! მე, ჩემო კარგო, მებრძოლი ბატები მყავს ლიანოზოვოში. მეშინია, უჩემოდ სული არ გააფრთხონ. მებრძოლი ფრინველია, ნაზი, მოვლა-პატრონობა სჭირდება... ეჰ, ბატები რომ არა! მე პუშკინით ვერ გამაკვირვებ, – და ისევ ოხვრას მოჰყვა.

დარბაზი ისევ გაჩირაღდნდა და ნიკანორ ივანოვიჩს დაესიზმრა, თითქოს ყოველი კარიდან დარბაზში თეთრჩაჩიანი მზარეულები შემოცვივდნენ, რომელთაც ხელში სხვადასხვა ზომის ჩამჩები ეჭირათ. პატარა მზარეულებმა დარბაზში წვნიანის ქვაბი შემოათრიეს და სინებზე დაწყობილი დაჭრილი შავი პური შემოიტანეს. მაყურებლები გამოცოცხლდნენ. მხიარული მზარეულები თეატრალებს შორის დაძვრებოდნენ, თასებში წვნიანს უსხამდნენ და

6 „იქ ოქროს მთები დგას და მე მეკუთვნის“ (ა.პუშკინი, „ძუნწი რაინდი“).



182

თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

პურს ურიგებდნენ.

– ისადილეთ, ბიჭებო! – ყვიროდნენ მზარეულები, – და ვალუტა ჩააბარეთ! ტყუილად აქ რას უსხედხართ? ძალიან მოგწონთ ამ სალაფავის ხვრეპა? შინ წახვალთ, კარგს შეჭამთ, კარგს დალევთ, რა სჯობია!

– აბა, შენ რაღას ჩამომჯდარხარ აქ, მამი? – პირდაპირ ნიკანორ ივანოვიჩს მიმართა მსუქანმა, ღაჟღაჟაკისრიანმა მზარეულმა და თასი გაუწოდა, რომელშიც ეულად დაცურავდა კომბოსტოს ფურცელი.

– არა მაქვს! არა მაქვს! არა მაქვს-მეთქი! – საზარი ხმით იყვირა ნიკანორ ივანოვიჩმა, –

გესმით, თუ არა?

– არა გაქვს?! – მრისხანე ხმით დაიღრიალა მზარეულმა, – არა? – უცებ წვრილი და ალერსიანი ხმით დაეკითხა, – არა აქვს, არა, – მშვიდად ჩაიბუტბუტა და ექთან პრასკოვია ფიოდოროვნად იქცა.

ექთანი ალერსიანად ანჯღრევდა ძილში აკვნესებულ ნიკანორ ივანოვიჩს. მაშინვე ბინდი გადაეფარათ მზარეულებს, ფარდებიანი თეატრიც უკუნში შთაინთქა. ნიკანორ ივანოვიჩმა აცრემლებული თვალებით დაინახა თავისი ოთახი და ორი თეთრხალათიანი ადამიანი, ოღონდ ის თავხედი მზარეულები კი არა, ხალხს რომ თავიანთი რჩევებით თავს აბეზრებდნენ, არამედ მის ოთახში ექიმი იდგა, მის გვერდით კი პრასკოვია ფიოდოროვნა, რომელსაც ხელში თასის ნაცვლად, მარლაგადაფარებული ნემსიანი თეფში ეჭირა.

– ეს რა უბედურებაა, – მწარედ ამოიგმინა ნიკანორ ივანოვიჩმა, ვიდრე ნემსს უკეთებდნენ, –

არა მაქვს, არა! პუშკინმა ჩააბაროს ვალუტა. მე არა მაქვს.

– მართალია, არა გაქვთ, – ამშვიდებდა გულკეთილი პრასკოვია ფიოდოროვნა, – თუ არა გაქვთ, ვერც ვერავინ განგსჯით!

წამლის შეშხაპუნების შემდეგ ნიკანორ ივანოვიჩი დამშვიდდა და ისე ჩაეძინა, აღარაფერი დასიზმრებია.



183

თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი

მაგრამ მისი შფოთიანი ყვირილი 120-ე ოთახსაც მისწვდა, იქაც გაიღვიძა ავადმყოფმა და საკუთარი თავი მოიძია, 118-ეშიც აღელდა უცნობი ოსტატი, ნაღვლიანად იმტვრევდა თითებს, მთვარეს გასცქეროდა და მის ცხოვრებაში უკანასკნელი შემოდგომის იმ მწარე ღამეს, კარის ღრიჭოდან სარდაფში შემოჭრილ სინათლის ზოლს და გაშლილ თმას იხსენებდა.

მღელვარებამ 119-ე ოთახიდან აივნით ივანის პალატამდეც მიაღწია, მანაც გაიღვიძა და ატირდა.

მაგრამ ექიმმა მალე დააწყნარა აღელვებულები და უბედურები და მათაც, ერთმანეთის მიყოლებით დაიძინეს. ყველაზე გვიან ივანი მიყუჩდა, როცა მდინარესთან უკვე რიჟრაჟი იპარებოდა. წამალმა მთელი სხეული მოულბო, ტალღასავით გადააფარა სიმშვიდე, სხეული შეუმსუბუქდა, გონებას კი თვლემის თბილი ნიავი მიელამუნა. მან დაიძინა და უკანასკნელი, რაც სიფხიზლიდან შემორჩა სმენას, რიჟრაჟს აყოლილი ჩიტების ჟღურტული იყო. მაგრამ ეს ხმაც მალე მიილია და დაესიზმრა, რომ მზე უკვე დაშვებულიყო ტაბაკელას მთაზე და იყო ეს მთა ორმაგი ქამრით შემოსალტული...

თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი

მზე უკვე დაშვებულიყო ტაბაკელას მთაზე და იყო ეს მთა ორმაგი ქამრით შემოსალტული.

ის ცხენოსანთა ალა, ნაშუადღევს პროკურატორს რომ გადაეღობა, ახლა ჭენებით მიუახლოვდა ქალაქის ჰებრონის კარიბჭეს. გზა გაეწმინდათ, კაპადოკიელთა კოჰორტის ქვეით ჯარს გზის კიდეებზე მიეტმასნა თავმოყრილი ხალხი, სახედრები და აქლემები. ალამ ჭენებით განვლო გზა, მტვრის თეთრი ბოლქვები ცამდე ააბუქა დ იმ გზაჯვარედინთან მივიდა, სადაც ორად იტოტებოდა შარა: ერთი სამხრეთით, ბეთლემისაკენ მიდიოდა, მეორე ჩრდილო- დასავლეთით – იაფისაკენ. ალა ჩრდილო-დასავლეთის გზას დაადგა. კაპადოკიელები გზის გაყოლებაზე იყვნენ ჩამწკრივებულები და დროულად გაეფანტათ იერუშალაიმში სადღესასწაულოდ მომავალი ქარავნები. მლოცველებს დროებით მიეტოვებინათ ზედ ბალახზე გაშლილი ჭრელი კარვები და კაპადოკიელთა ზურგს უკნიდან იცქირებოდნენ. ალამ ერთი ფარსანგი7 განვლო, ელვისებურ ლეგიონს გაუსწრო და კიდევ ერთი ფარსანგის გავლის შემდეგ, პირველი მიადგა ტაბაკელას მთის ძირს. იქ ჩამოქვეითდნენ. მეთაურმა

7 ფარსანგი (სპ.) – ძვ.მანძილის საზომი ერთეული. უდრიდა დაახლოებით სამ მილს.



184

თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი

რაზმებად დაჰყო ალა, რაზმებმა არცთუ მაღალ მთას ალყა შემოარტყეს, მხოლოდ ერთი გასასვლელიღა დატოვეს – იაფის გზიდან მომავალთათვის.

ცოტა ხანში მეორე კოჰორტაც მოახლოვდა, მთაზე ავიდა და გვირგვინივით შემოერტყა კალთებს.

ბოლოს მარკუს ვირთხათმძლის კენტურიამაც მოაღწია. გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებულები მოდიოდნენ, შუაში კი, საიდუმლო მცველთა თანხლებით, სამი სიკვდილმისჯილი მოჰყავდათ. ურემზე მსხდომთ კისრებზე დაფები ეკიდათ, რომელზეც არამეულად და ბერძნულად ეწერა: „ყაჩაღი და მოჯანყე“. ბრალდებულთა ურმებს ახალგამოთლილი ხარიხიანი ბოძებით, თოკებით, ნიჩბებით, წირთხლებითა და ბარებით დატვირთული სხვა ურმებიც მოსდევდა. ამ ურმებზე ექვსი ჯალათი იჯდა. მათ უკან ცხენებზე ამხედრებულნი მოდიოდნენ კენტურიონი მარკუსი, იერუშალაიმის ტაძრების დაცვის უფროსი და ის კაპიუშონიანი კაცი, სასახლის ჩაბნელებულ დარბაზში წამისად რომ ესაუბრა პილატეს. სულ ბოლოს ჯარისკაცები მიაბიჯებდნენ, მათ კი კვალდაკვალ ორი ათასამდე ცნობისმოყვარე მოჰყვებოდა, ამ ხორშაკიან ხვატს რომ არ ეპუებოდნენ და სეირის საცქერლად მოიჩქაროდნენ.

ქალაქიდან მომავალ უსაქმურებს ახლა ცნობისმოყვარე მლოცველებიც შეერთებოდნენ და მსვლელობას ადევნებულნი, ისინიც შეუფერხებლად ავიდნენ მთაზე. ასე, მოღაღადეთა ხრინწიანი ამოძახილის თანხლებით, რომლებიც იმავეს გაჰყვიროდნენ, რაც შუადღისას პილატემ აუწყა ხალხს, მიადგა მსვლელობა ტაბაკელას მთას.

ალამ ხალხი ზედა საალყე ქამრამდე გაატარა, მეორე კენტურიამ კი მთის წვერზე ისინი აუშვა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა დასჯაში, ბრბო მთის ირგვლივ, კალთებზე მიმოიფანტა და ზევით განლაგებულ ქვეითებსა და ქვევით შემოწყობილ ცხენოსანთა შორის მოექცა. ამგვარად, ბრბოს შეეძლო არცთუ მჭიდროდ მდგარი ჯარისკაცების ზურგს უკნიდან ეცქირა მსჯავრის აღსრულებისათვის.

სამ საათზე მეტი ხანი იყო გასული, რაც პროცესია მთაზე ავიდა. მზე უკვე გადაწვერილიყო ტაბაკელას მთიდან, მაინც გაუსაძლისი ხვატი იდგა, ზედა და ქვედა ალყის ჯარისკაცები სიცხით იტანჯებოდნენ, უსაქმობა თანგავდათ, გულში სწყევლიდნენ ამ სამ ყაჩაღს და გულწრფელად უსურვებდნენ სწრაფ აღსასრულს.

მთის ფერხთით, ღია გასასვლელთან მდგარი ალას ყმაწვილი მეთაური, ოფლით რომ



185

თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი

ჩაშავებოდა თეთრი პერანგის ზურგი და შუბლიც დასველებოდა, წარამარა მიდიოდა პირველი ოცეულის ტყავის ტიკჭორასთან, მუჭით იღებდა წყალს, სვამდა და დოლბანდსაც ისველებდა. მერე, გაგრილებული, ცოტა ხნით შვებამოგვრილი შორდებოდა იქაურობას და ისევ მთისკენ მიმავალ მტვრიან გზაზე იწყებდა ბოლთის ცემას. გრძელი ხმალი ტყავის შეშარტულ ჩექმაზე ეხლებოდა. მეთაურს ეწადა თავისი მხედრებისათვის ამტანობის მაგალითი ეჩვენებინა, მაგრამ ბოლოს მაინც შეიბრალა ჯარისკაცები და უფლება მისცა, მიწაში ჩასობილი შუბები პირამიდებივით აეკოკოლავებინათ და ზედ თეთრი მოსასხამები გადაეფინათ. სირიელები ამ კარვებშიღა ეფარებოდნენ უმოწყალოდ მსუსხავ მზეს. ტიკჭორები სწრაფად ცარიელდებოდა და სხვადასხვა ოცეულის ცხენოსნები რიგრიგობით მიდიოდნენ ხევთან, სადაც კანტიკუნტად მდგარი თუთის ხეების მეჩხერ ჩრდილში უკანასკნელ დღეებს ითვლიდა ამ ეშმაკისეული ხვატით დამშრალი, მღვრიე ნაკადული. აქვე, ამ უიმედო ჩრდილს შეფარებული ცხენების მეთვალყურენი იდგნენ მოწყენილები და გათანგული ცხენები ეჭირათ სადავეებით.

ჯარისკაცთა უილაჯობა და ყაჩაღების მისამართით წარმოთქმული წყევლა-კრულვა გასაგები იყო. პროკურატორის შიში, რომ ამ, მისთვის საძულველ იერუშალაიმში მსჯავრის აღსრულებას შეიძლებოდა არეულობა მოჰყოლოდა, საბედნიეროდ, არ გამართლდა. და როცა მეოთხე საათი დაიწყო, მთაზე შემოწყობილ ორ მოალყე ქამარს შუა, ზემოთ მდგარ ქვეითებსა და ქვემოთ მდგარ ცხენოსნებს შორის უკვე აღარავინ ჩანდა. მზემ ბრბოც დაფუფქა და უკან, იერუშალაიმში გააძევა. ორი რომაული კენტურიის ჯაჭვის მიღმა მხოლოდ უპატრონოდ დარჩენილი და მთაზე საიდანღაც მოხეტებული ორი ძაღლიღა დაწანწალებდა. თუმცა ისინიც ხვატმა გათანგა და ენაგადმოგდებულები და აქლოშინებულები აქეთ-იქით მიწვნენ, აღარც მწვანე ხვლიკებს აყოლებდნენ თვალს, ამ ერთადერთ არსებებს, სიცხისა რომ არ ეშინოდათ და გავარვარებულ ქვებსა და მიწაზე დახვეულ რომელიღაც ეკლიან მცენარეებში დასხმარტალებდნენ.

არავის უცდია მსჯავრდებულთა დახსნა, არც ჯარით დატბორილ იერუშალაიმში და არც აქ, გარშემორტყმულ მთაზე, ბრბო ქალაქში დაბრუნდა, რადგან საგულისხმო მართლაც არაფერი ხდებოდა. იქ კი, ქალაქში უკვე პასექის დიდებული დღესასწაულისთვის იწყებოდა მზადება.

მთის კალთებზე ზედა ალყად მდგარი რომაელთა ქვეითები ცხენოსნებზე მეტად იტანჯებოდნენ. კენტურიონმა მარკუსმა მხოლოდ ერთადერთი შეღავათი დაუშვა ჯარისკაცებისთვის – ზუჩები მოახდევინა და მათ ნაცვლად წყალში დასველებული, თეთრი



186

თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი

თავსაფრების წაკვრის უფლება მისცა, ეს იყო და ეს, მუხლი არ ჩაახრევინა ჯარისკაცებს, შუბშემართულები, უძრავად იდგნენ სადარაჯოზე. თვითონაც ასეთივე თავსაფარი ჰქონდა წაკრული, ოღონდ წყალში არ დაუსველებია, არც ვერცხლით ნაჭედი ლომის თავები შეუხსნია პერანგიდან, არც საბარკლული, ხმალი და დაშნა, ერთიანად აღჭურვილი მიმოდიოდა ჯალათთა ჯგუფის სიახლოვეს. მზე თავზე დანათოდა კენტურიონს, ვერაფერს ვნებდა და ლომთა ხახების შეხედვა შეუძლებელი ხდებოდა, იმდენად სჭრიდა თვალს მზეზე თითქოს ადუღებული ვერცხლის დამაბრმავებელი ბზინვა.

ვირთხათმძლეს დამახინჯებულ სახეზე არც დაქანცულობა ეტყობოდა, არც უკმაყოფილება. გეგონებოდათ, ამ ახმახ კენტურიონს იმის უნარი შესწევდა, მთელ დღეს, ღამეს და კიდევ ერთ დღეს ევლო მუხლჩაუხრელად, იმდენი ევლო, რამდენიც საჭირო იქნებოდა. ასევე ევლო, სპილენძისბალთებიან აშურმაზე ხელშემოწყობილს, ასევე მკაცრად ეცქირა ხან ჯვარზე გაკრულთა ბოძებისათვის, ხანაც დაწალიკებული ჯარისკაცებისთვის და ასევე გულგრილად გაეკრა ბეწვიანი ჩექმის ჭვინტი დროის დინებით გათეთრებულ ადამიანთა ძვლებისა და მიმობნეული წვრილ-წვრილი ფიქალისათვის.

ის კაპიუშონიანი კაცი ბოძების შორიახლოს, სამფეხაზე ჩამომჯდარიყო, კეთილად უძრავი ელოდა დასასრულს, მხოლოდ ჟამი-ჟამს, მოწყენილობისაგან წკეპლით თუ გაჩიჩქნიდა ხოლმე ქვიშას.

ლეგიონერთა ალყის მიღმა კაცი არ ჭაჭანებდაო, რომ აღვნიშნეთ, არც მთლად შეესაბამებოდა სიმართლეს. ერთი ადამიანი მაინც იმყოფებოდა იქ, უბრალოდ, მას ყველა როდი ხედავდა. ის იმ ფერდობზე კი არ იდგა, სადაც გასასვლელი დაეტოვებინათ და საცქერლადაც მოსახერხებელი იყო, არამედ ჩრდილოეთით, ორმოებით და ღრანტეებით დასერილ ოღროჩოღრო ფერდზე, სადაც ამ ღვთით წყეულ, დაშაშრულ მიწას ჩაბღაუჭებოდა გამხმარი ლეღვის ხე.

სწორედ მისი უჩრდილო ტოტების ქვეშ განმარტოებული ეს ერთადერთი მაყურებელი და არა ჯვარცმის მონაწილე, დასაწყისიდანვე ლოდზე იჯდა, ესე იგი, მისი აქ ყოფნიდან უკვე მეოთხე საათი ილეოდა. დიახ, ჯვარცმის საცქერლად უკეთესი კი არა, უარესი ადგილი აირჩია მაცქერალმა. მაგრამ აქედან ბოძები მოჩანდა, ლეგიონერთა ალყის მიღმა კენტურიონის მკერდზე აბზინებული ორი ლაქაც, ეს კი ადამიანისთვის, ვისაც ცხადლივ ეტყობოდა, რომ შეუმჩნევლად დარჩენა ეწადა, და სურდა არავინ შეეწუხებინა, სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო.



187

თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი

თუმცა, ჯვარცმის დაწყებამდე, ოთხიოდე საათის წინ ეს ადამიანი სრულიად სხვაგვარად იქცეოდა და ძალზე შესამჩნევიც იყო. ალბათ სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა, ყურადღება ზედმეტად აღარ მიექცია და განმარტოვდა.

პირველად მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა პროცესია მთის წვერზე ავიდა და ზედა ალყას გასცდა, ეტყობოდა, იგვიანებდა. კი არ მიდიოდა, აქელებული მირბოდა ბორცვისკენ, წინმავალთ ხელს ჰკრავდა და როცა შეამჩნია, რომ მისი და სხვების მიახლოებისთანავე ალყა შეიკრა, ისე დაიჭირა თავი, თითქოს არ ესმოდა გაღიზიანებული შეძახილები და ჯარისკაცთა შორის სამსჯავროსკენ გაძრომა სცადა, იქ კი უკვე ურმებიდან ჩამოჰყავდათ ბრალდებულნი. ამიტომ სცეს მკერდში შუბის ბლაგვი პირი და ისიც უკან გადახტა ყვირილით, არა სტკენია, უსასოობის ყვირილი იყო. იმ ლეგიონერს, ვინც შუბი ჰკრა მკერდში, ამღვრეული და სრულიად გულგრილი მზერა შეავლო, როგორც ადამიანმა, ფიზიკური ტკივილი რომ არად უჩანს.

მკერდზე ხელმიდებულმა ხველებითა და ქოშინით შემოურბინა ბორცვს. ეწადა ჩრდილოეთის ფერდობზე მაინც მოენახა პატარა ხვრელი ალყაში გასასხლტომად, მაგრამ გვიანღა იყო. ალყა შეიკრა და უბედურებით სახემოქცეული კაცი იძულებული შეიქნა, ურმებთან გაჭრის სურვილი უკუეგდო, საიდანაც უკვე ბოძებიც გადმოელაგებინათ. ახლა ვეღარაფერს გააწყობდა, გაღიზიანებულ ჯარისკაცებს შეიძლებოდა, დაეპატიმრებინათ კიდეც, დღეს კი სულაც არ უნდოდა, ხელგაკოჭილი ყოფილიყო.

ამიტომ ნაპრალის სიახლოვეს განმარტოვდა, იქ სიმშვიდე სუფევდა და ხელსაც არავინ შეუშლიდა.

ახლა მზის სხივებითა და უძილობით თვალებჩაჩირქებული ეს შავწვერა კაცი ქვაზე იჯდა და ნაღვლიანობდა. ხან ამოიოხრებდა, ხეტიალში დაძენძილ, ჭუჭყისფერ რუხად ქცეულ, ოდესღაც ცისფერ ტალიფს გადაიღეღავდა, დაჟეჟილ მკერდს იშიშვლებდა, რომელზეც შავად მოწვეთავდა ოფლი, ხან აუტანელი ტანჯვით აღაპყრობდა ზეცისკენ ხელებს და სამ ორბს გახედავდა, მალი აღაპის მოლოდინში კამარას რომ ჰკრავდნენ, ხანაც უიმედოდ დააცქერდებოდნენ ხოლმე ყვითელ მიწას და ძაღლის ნახევრად ჩაშლილ თავის ქალას და მის გარშემო მოსხმარტალე ხვლიკებს უმზერდნენ.

კაცი იმდენად იტანჯებოდა, რომ დროდადრო საკუთარ თავთან იწყებდა ლაპარაკს.

– ო, რა რეგვენი ვარ! – ბუტბუტებდა, გამწარებული ირწეოდა ქვაზე და ფრჩხილებით



188

თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი

იხოკავდა ხორბლისფერ მკერდს, – ბრიყვი, უჭკუო, დიაცი, ლაჩარი! კაცი კი არა, ქვეწარმავალი ვარ!

მერე დუნდებოდა, თავს ჩაქინდრავდა, ხის მათარიდან აშმორებულ წყალს მოსვამდა და თითქოს ძალმიცემული, ხან ტალიფის უბეში დამალულ დანას სტაცებდა ხელს, ხანაც პერგამენტის ნაჭერს, მის წინ, ქვაზე რომ იდო პატარა წკირთან და ტუშის ქილასთან ერთად.

ამ პერგამენტზე უკვე ეწერა:

„წუთები დიან და მე, ლევი მათე, ტაბაკელას მთაზე ვზი, სიკვდილი არ ჩანს!“ შემდეგ: „მზე გადაიწვერა, სიკვდილი კი არა და არ მოდის!“

ახლა ლევი მათემ უიმედოდ დაწერა წამახული წკირით:

„უფალო! რად განურისხდი? მოუვლინე სიკვდილი!“

ეს რომ დაწერა, უცრემლოდ ამოისლუკუნა და ისევ ფრჩხილებით ჩამოიხოკა მკერდი.

ლევის სასოწარკვეთილება იმ ავბედობის შედეგი იყო, რაც იეშუასა და მას თავს დაატყდათ და იმ მძიმე შეცდომისაც, რომელიც თავად ლევიმ დაუშვა. გუშინწინ, დღისით იეშუა და ლევი იერუშალაიმის სიახლოვეს, ბეთანიაში იყვნენ ერთ მებაღესთან სტუმრად, რომელსაც საოცრად მოეწონა იეშუას ქადაგება. სტუმრებმა შუადღემდე ბოსტანში იმუშავეს, მებაღეს წაახმარეს ხელი, საღამოს კი, აგრილებულზე, იერუშალაიმში აპირებდნენ დაბრუნებას, მაგრამ იეშუა რატომღაც აჩქარდა, გადაუდებელი საქმე მოიმიზეზა და ნაშუადღევს მარტო დაადგა ქალაქის გზას. აი, ეს იყო ლევი მათეს პირველი შეცდომა. რად, რად გაუშვა მარტო?

მათემ საღამოს ვეღარ შეძლო იერუშალაიმში წასვლა, რაღაც უეცარმა და საშინელმა სენმა გაუთანგა სხეული. ტანთ აჟრჟოლებდა, ცეცხლი ეკიდა, კბილს კბილზე აცემინებდა და განუწყვეტლივ ითხოვდა წყალს. ვეღარსად წავიდა. მებაღის ფარდულში მიეგდო ჩულზე და პარასკევ დილამდე არ წამომდგარა, ვიდრე სენი ისევე უეცრად არ დაეხსნა, როგორც დაატყდა. და თუმცა თავს ერთობ სუსტად გრძნობდა, მუხლიც ეკვეთებოდა, მაინც რაღაც ბედითის მოლოდინით დევნილი დაემშვიდობა მებაღეს და იერუშალაიმისკენ გაუდგა გზას. ჩასვლისთანავე შეიტყო, რომ წინათგრძნობას არ ეღალატა. უბედურება მომხდარიყო. ლევი ბრბოში იდგა და ესმოდა, პროკურატორი როგორ აცხადებდა განაჩენს.



189

თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი

როცა მსჯავრდებულნი მთისკენ წაიყვანეს, ლევი მათე მწკრივად მავალ ჯარისკაცთა გვერდით მირბოდა ცნობისმოყვარეებთან ერთად, ცდილობდა, როგორმე მაინც ენიშნებინა იეშუასთვის, რომ ის, ლევი აქ იყო. მის სიახლოვეს, უკანასკნელ გზაზე არ მიატოვა და ლოცულობდა, სწრაფი სიკვდილი მოვლენოდა ტანჯულს. მაგრამ იეშუა იმ შორეთს გასცქეროდა, საითაც მიჰყავდათ, და მათე, ცხადია, არ დაუნახავს.

და როცა პროცესიამ ერთი უტევანი განვლო, ჯარისკაცთა სიახლოვეს, ხალხის ბრბოში ნაჯგლერთ-ხელნაკრავ მათეს სულ უბრალო და დიდებულმა აზრმა გაუნათა გონება. იმავ წამს გულფიცხად დაიწყევლა თავი, რომ აქამდე არ ეფიქრა ამაზე. ჯარისკაცები მიჯრით არ მიჰყვებოდნენ ერთმანეთს, მათ შორის მაინც რჩებოდა მანძილი. მოხერხებულ და თვალმახვილ კაცს შეეძლო წელში მოკუზული გამსხლტარიყო ლეგიონერთა შორის, ურემთან მიერბინა და ზედ შემხტარიყო. მაშინ იეშუა გადარჩებოდა ტანჯვას.

თვალის დახამხამება იქნებოდა საჭირო, რომ იეშუასთვის ზურგში ჩაეცა მახვილი და დაეყვირა: „იეშუა, გიხსენი და უკან მოგყვები! მათე ვარ, შენი ერთგული და ერთადერთი მოწაფე“.

და თუკი ღმერთი კიდევ ერთ წამსაც უბოძებდა, თავსაც მოიკლავდა, რომ ბოძზე გაკვრა აეცდინა. თუმცა თავი ნაკლებად ადარდებდა ლევის, ყოფილ მეზვერეს. სულერთი იყო, როგორ მოკვდებოდა. მას მხოლოდ ის ეწადა, რომ იეშუა, რომელსაც ამქვეყნად მისხალი ბოროტებაც არ ჩაედინა, სატანჯველისგან ეხსნა.

კარგად მოიფიქრა, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ ლევის დანა არ ჰქონდა თან. არც ფული ედო ჯიბეში.

საკუთარ თავზე გაცოფებულმა ლევიმ ბრბო გაარღვია და ისევ უკან, ქალაქისკენ გაიქცა. მის აღგზნებულ გონებაში ერთადერთი აზრი გიზგიზებდა, ახლავე, უცილობლად ეშოვა დანა და მსჯავრდებულთ დასწეოდა.

მან ქალაქის ბჭესთან მიირბინა, იერუშალაიმისკენ დაძრული ქარავნების დინება გაკვეთა და ანაზდად მხარმარცხნივ, პურის ფარდულის კარს ჰკიდა თვალი. გავარვარებულ შარაზე სირბილით აქელებულმა ლევიმ სუნთქვა დაიოკა, ერთობ ღირსეულად შეაბიჯა ფურნეში, დახლთან მდგარ დიასახლისს მიესალმა, თაროდან ზედა ლავაშის ჩამოღება სთხოვა, რომელიც რატომღაც სხვებზე მეტად მოეწონა, და როცა ქალი შებრუნდა, ჩუმად და სწრაფად აიღო დახლიდან ის, რის უკეთესსაც ვერ ინატრებდა – სამართებელივით მჭრელი,



190

თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი

პურის გრძელი დანა, და იმავ წამს ფურნიდან გამოიჭრა. წუთის შემდეგ ისევ იაფის გზაზე იყო, მაგრამ პროცესიას თვალი ვეღარ მიაწვდინა. გამწარებული მირბოდა. დროდადრო, სულის მოსათქმელად, პირდაპირ ქვიშაში უწევდა პირქვე ჩამხობა და უძრავად წოლა. ასე იწვა და სახედრებზე ამხედრებულ თუ იერუშალაიმში ფეხით მიმავალ ხალხს აოცებდა. იწვა და აყურადებდა, მკერდში კი არა, თავსა და ყურებში როგორ უფეთქავდა გული. მერე, ოდნავ სულმოთქმული, ისევ ფეხზე დგებოდა და ისევ მირბოდა, ოღონდ სულ უფრო ნელა. და როცა ბოლოს, შორს მოზიმზიმე ხალხს მოჰკრა თვალი, ისინი უკვე მთის ფერხთით იყვნენ.

– ო, ღმერთო... – ამოიკვნესა ლევიმ, რამეთუ მიხვდა, იგვიანებდა, და დაიგვიანა კიდეც.

ჯვარცმის მეოთხე საათი რომ მიილია, ლევიმ ტანჯვას ვეღარ გაუძლო და მთლად გადაირია. ლოდიდან წამოხტა, მიწას დაანარცხა, როგორც ხვდებოდა, ეს ყოვლად უაზროდ მოპარული დანა, მათარა გასრისა ფეხით, წყალი დაღვარა, კეფა მოიშვლიპა, გამეჩხერებულ თმაში იტაცა ხელი და წყევლას მოჰყვა.

თავს იწყევლიდა, უაზროდ გაჰყვიროდა სიტყვებს, ყმუოდა და იფურთხებოდა, საკუთარ დედ-მამას იხსენებდა აუგად, ასეთი ბრიყვი რომ მოავლინეს ამქვეყნად.

მერე მიხვდა, რომ ფიცი და წყევლა არ მოქმედებდა, არაფერი იცვლებოდა მზისგულზე, ამიტომ ხმელ-ხმელი ხელები დამუშტა, თვალდახუჭულმა აღაპყრო ცისა და მზისკენ, სულ უფრო ქვევით და ქვევით რომ იწევდა, ჩრდილებს აგრძელებდა და ხმელთაშუა ზღვაში აპირებდა შთანთქმას. ლევიმ ღმერთს შეევედრა სასწაული, სთხოვა, ბოლოს და ბოლოს, აღსასრული მოევლინებინა იეშუასთვის.

თვალი რომ განახვნა, მიხვდა, ბორცვზე არაფერი შეცვლილიყო, მხოლოდ კენტურიონის მკერდზე აღარ ელავდა მბზინავი ლაქები. მზე ახლა იერუშალაიმისკენ პირშექცეულ ჯვარცმულთა ზურგებს მისდგომოდა და ლევიმ იყვირა:

– წყეულიმც იყავ, ღმერთო!

ჩახლეჩილი ხმით გაჰყვიროდა, რომ ირწმუნა ღვთის უსამართლობა და მეტად აღარ სჯეროდა მისი.

– შენ ყრუ ხარ! – ყმუოდა ლევი, – ყრუ რომ არ იყო, შეისმენდი ჩემს ვედრებას და ახლავე დაასრულებდი მის ტანჯვას.



191

თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი

ლევიმ თვალები დახუჭა და ცეცხლის ენებს დაელოდა, ციდან რომ უნდა დაცემულიყო და ბოლო მოეღო მისთვის, მაგრამ არაფერი მომხდარა. და ლევი თვალდახუჭული შეხაოდა ცას. ღმერთს გმობდა, ასძახოდა, რომ სხვა ღმერთები და რელიგიებიც არსებობდა ამქვეყნად. დიახ, სხვა ღმერთი ამას არ დაუშვებდა, რომ იეშუას დარი ადამიანი ბოძზე დაეწვა მზეს.

– ო, როგორ ვცდებოდი! – ყვიროდა ხმაჩახლეჩილი ლევი, – შენ ბოროტების ღმერთი ყოფილხარ! ნუთუ ტაძართა საკმევლებიდან ანადენმა ბოლმა დაგაბრმავა და შენს ყურებს მხოლოდ ქურუმთა საყვირების ხმა ესმის? შენ არ ხარ ყოვლადმძლე! შენ შავი ღმერთი ხარ! წყეულიმც იყავ, ავაზაკთა ღმერთო, მათო მფარველო და სულდგმავ!

მოულოდნელად რაღაც შეეფრქვა სახეში მეზვერედყოფილს და რაღაც გაუფაჩუნდა ფერხთით. კიდევ ერთხელ წამოუბერა, ლევიმ თვალი გაახილა და დაინახა, რომ მისი წყევლა-კრულვისა თუ სხვა მიზეზთა გამო, ირგვლივ ყველაფერი შეცვლილიყო. მზე თავის ყოველდღიურ საყუდელთან, ზღვასთან მისვლამდე გამქრალიყო, დასავლეთიდან ცაზე მრისხანედ და შეუბრკოლებლად მოიწევდა ჯანღი. მის კიდეებს უკვე თეთრი დუჟი მოსდებოდა, შავი, ორთქლიანი ფაშვი კი სიყვითლეს ირეკლავდა. ღრუბელი ბღუოდა და ჟამი-ჟამს ცეცხლის ენებს აფურთხებდა. იაფის გზაზე, გიონის ხრიოკ ველზე მლოცველთა კარვებს თავზე ევლებოდა მოულოდნელად ამოვარდნილი ქარით აბორიალებული მტვრის ბუქი. ლევი დადუმდა, ცდილობდა გაერკვია, იერუშალაიმზე თავს დატეხილი ჭექა-ქუხილი რაიმეს თუ უშველიდა უბედურ იეშუას. იმავ წამს ღრუბლებში დაკვესებული ცეცხლის ძაფებს შეავლო თვალი და ცას შეევედრა, იეშუას ბოძისთვის დაემხო მეხი. მან ისევ მონანიედ ახედა ცას, ჯერ რომ მთლად არ შთაენთქა ღრუბელს, ცას, საიდანაც ქარიშხლისაგან თავის დასაღწევად, ფრთების ფათქუნით ეშვებოდნენ ორბები და გაიფიქრა, რომ ალბათ ძალზე იჩქარა წყევლა. ამიერიდან, ღმერთი აღარ შეისმენდა მის ვედრებას.

მან ბორცვის ძირს გახედა, სადაც ცხენოსანთა ალა იყო მიმოფანტული და იქაც შეცვლილი დაუხვდა ყველაფერი. მაღლობიდან ლევის კარგად შეეძლო დაენახა, როგორ მიმორბოდნენ ჯარისკაცები, შუბებს მიწიდან აძრობდნენ, მოსასხამებს იგდებდნენ მხრებზე, ცხენმატარები გზისკენ მიიჩქაროდნენ და შავრა ცხენებს მიაგელვებდნენ. ცხენოსანთა ალა მიდიოდა, ეს გასაგები იყო, სახეში შეხლილი ქვიშისაგან თავის დასაცავად ხელაფარებული ლევი იფურთხებოდა და ცდილობდა გაერკვია, რას მოასწავებდა ცხენოსნების წასვლა? შემდეგ მზერა მთაზე გადაიტანა და ალისფერ სამხედრო ქლამიდში გახვეული კაცი დაინახა, სამსჯავროსკენ რომ მიემართებოდა და უცებ ბედნიერი აღსასრულის წინათგრძნობამ გული გაუყინა მეზვერედყოფილს.



192

თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი

ყაჩაღთა წამების მეხუთე საათს ბორცვზე ამავალი კაცი კოჰორტის მეთაური იყო, რომელმაც, შიკრიკის თანხლებით, იერუშალაიმიდან მოაჭენა ცხენი. ჯარისკაცთა ალყა ვირთხათმძლის ნიშანზე გაიხსნა და კენტურიონმა პატივი მიაგო ტრიბუნს. მან ვირთხათმძლე გვერდზე გაიხმო და რაღაც უჩურჩულა ყურში. კენტურიონმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი და ჯალათთა ჯგუფისკენ გაეშურა, ბოძებთან, ქვებზე რომ ისხდნენ. ტრიბუნი კი იმასთან მივიდა, ვინც სამფეხაზე იჯდა და მჯდომარე კაციც, ტრიბუნის შესახვედრად, თავაზიანად წამოდგა ფეხზე. მასაც ხმადაბლა რაღაც უთხრა ტრიბუნმა და ორივე ბოძებისკენ გაეშურა. მათვე შეუერთდა სატაძრო დაცვის უფროსი.

ვირთხათმძლემ ზიზღით დახედა ბოძებთან დახორავებულ, ტურტლიან ჭინჭებს, ცოტა ხნის წინ ჯვარცმულთ რომ ეცვათ და რომლის აღებაც ჯალათებმა არ იკადრეს, ორი ჯალათი გამოიხმო და უბრძანა:

– მომყევით!

კიდურა ბოძიდან ხმაჩახლეჩილი სიმღერა ისმოდა. მასზე გაკრულმა გესმასმა მესამე საათს ბუზებსა და მზეს ვეღარ გაუძლო, ჭკუიდან შეიშალა და ახლა ხმადაბლა მღეროდა ყურძენზე, მაგრამ ჩალმიან თავს ხანდახან მაინც გაიქნევდა ხოლმე, მაშინ ბუზები ზანტად სცილდებოდნენ სახიდან, მაგრამ მალევე ისევ ესეოდნენ.

მეორე ბოძზე გაკრული დისმასი ორივეზე მეტად იტანჯებოდა, გონი არ ებინდებოდა და ხან მარჯვნივ გადააგდებდა თავს, ხან მარცხნივ, ცდილობდა, როგორმე სახიდან გაედევნა მოძალებული ბუზები.

ამ ორზე ბედნიერი იეშუა იყო. პირველსავე საათს დაეწყო გულყრა, შემდეგ გონიც დაებინდა, უჩალმო თავი მკერდზე ჩამოუვარდა. ამიტომაც ბუზებსა და ბუზანკალებს თავით ფეხამდე დაეფარათ, სახის ნაცვლად, შავი, ზიმზიმა მასა მოუჩანდა. ფერდებზე, მუცელზე, იღლიებქვეშ გატიკნული ბუზანკალები ესხდნენ და ტიტველ, გაყვითლებულ სხეულს უწუწნიდნენ.

კაპიუშონიანი კაცის ნიშანს დამორჩილებულმა ერთ-ერთმა ჯალათმა შუბი აიღო, მეორემ კი ბოძთან წირთხლი და ღრუბელი მიათრია. პირველმა ჯალათმა შუბი ასწია, ბოძის ხარიხაზე გაჭიმულ და თოკით გადაჭერილ ჯერ ერთ ხელზე შემოჰკრა იეშუას, მერე – მეორეზე. ნეკნებგამოჩრილი სხეული შეკრთა. ჯალათმა მუცელზე დაუსვა შუბისპირი. მაშინ იეშუამ თავი აიღო, ბუზები ზუზუნით დაეხსნენ, ჯვარცმულს სახე გამოუჩნდა – ნაკბენებით



193

თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი

დასივებული, თვალებჩასისხლიანებული და სრულიად ვერსაცნობი სახე.

ჰა-ნოცრიმ ქუთუთოები განაპო და ქვევით ჩაიხედა. ნათელი თვალები ამღვრეოდა. – ჰა-ნოცრი! – უთხრა ჯალათმა.

ჰა-ნოცრიმ შეშუპებული ტუჩები შეარხია და ყაჩაღის ხრინწიანი ხმით უპასუხა:

– რა გინდა? რატომ მოხვედი ჩემთან?

– დალიე! – უთხრა ჯალათმა და შუბის პირზე წამოცმული, წყლით გაჟივებული ღრუბელი ტუჩებთან მიუტანა იეშუას. მას სიხარული გაუკრთა თვალებში, ღრუბელს დაეწაფა და ხარბად შეიწოვა სითხე. მეზობელი ბოძიდან დისმასის ხმა გაისმა:

– უსამართლობაა! მეც ისეთივე ყაჩაღი ვარ, როგორიც ეგ!

დისმასი დაიძაბა, მაგრამ განძრევა ვერ შეძლო – ხარიხაზე სამგან ჰქონდა მკლავები გადაჭერილი. ღრმად შეისუნთქა, ფრჩხილები ხარიხის ბოლოებს ჩაასო და თავი იეშუას ბოძისკენ შეაბრუნა, გაბოროტება ეწერა თვალებში.

მტვრის ღრუბელმა მოედანი გადაფარა და ჩამობნელდა. როცა მტვერი ოდნავ გაიფანტა, კენტურიონმა იყვირა:

– სიჩუმე მეორე ბოძზე!

დისმასი დადუმდა. იეშუა ღრუბელს მოსწყდა, სცადა ალერსიანი და დამაჯერებელი გამოსვლოდა ნათქვამი, მაგრამ ვეღარ შეძლო და ხრინწიანად შეევედრა ჯალათს:

– დაალევინე.

ბნელდებოდა. ღრუბელმა ნახევარი ცა გადაფარა, შავი სითხითა და ცეცხლის ენებით სავსე თეთრი, მოთუხთუხე ღრუბლები წინ, იერუშალაიმისკენ მიისწრაფოდნენ. გაიელვა და ზედ მთის თავზე მეხმა იქუხა. ჯალათმა შუბს ღრუბელი მოხსნა.

– კეთილ იგემონს უმადლოდე! – საზეიმოდ, ხმადაბლა უთხრა და იეშუას ნელა დაჰკრა გულში. ის შეკრთა, ჩაიჩურჩულა:

– იგემონ...



194

თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი

სისხლი მუცელზე ჩამოწანწკარდა, ქვედა ყბა დაეკრუნჩხა და თავი ჩამოუვარდა.

მეორედ რომ დაიქუხა, ჯალათი უკვე დისმასს არწყულებდა და იმავე სიტყვებით, – ადიდე იგემონი! – ისიც გამოასალმა სიცოცხლეს.

გონწართმეულმა გესმასმა ჯალათის მიახლოებისთანავე შიშით შეჰკივლა, მაგრამ როცა ღრუბელი ტუჩებზე შეეხო, რაღაც დაიღმუვლა და კბილებით სწვდა. წამის შემდეგ მისი სხეულიც ბოძზე ეკიდა, ცხადია, რამდენადაც თოკები უშვებდა.

კაპიუშონიანი კაცი ჯალათს დაჰყვებოდა, მის უკან კი სატაძრო დაცვის უფროსი მიაბიჯებდა. კაპიუშონიანი პირველ ბოძთან შედგა, ყურადღებით შეათვალიერა გასისხლიანებული იეშუა, თეთრი ხელით ფეხის ძირებზე შეეხო და თანამგზავრებს უთხრა:

– მკვდარია.

იგივე გაიმეორა ორ დანარჩენ ბოძთანაც.

შემდეგ ტრიბუნმა კენტურიონს ნიშანი მისცა, შებრუნდა და სატაძრო დაცვის უფროსსა და კაპიუშონიან კაცთან ერთად მთის თხემი დატოვა. ბინდი ჩამოწვა და ელვის ენები კვალავდა ცას. უეცრად ზეციდან ცეცხლი წამოსკდა და კენტურიონის ყვირილი: „მოხსენი ალყა!“ ჭექა-ქუხილმა შთანთქა. გახარებულმა ჯარისკაცებმა სირბილით დატოვეს მთა, სირბილ-სირბილში იხურავდნენ ჩაფხუტებს. უკუნმა გადაფარა იერუშალაიმი.

დელგმა მოულოდნელად დაიწყო და კენტურიებს მთის დაღმართზე მოუსწრო. წყალი ისეთი ზათქით მოწყდა, რომ თავდაღმა დაშვებულ კარისკაცებს აღრიალებული ღვარები მისდევდათ უკან. ჯარისკაცებს ფეხი უსხლტებოდათ, დამბალ თივაში ეცემოდნენ, მაინც მირბოდნენ, სწორ გზაზე ჩქარობდნენ გასვლას, რომელსაც უკვე იერუშალაიმისაკენ მიუყვებოდნენ წვიმის ფარდის მიღმა ძლივსღა გასარჩევი, თავით ფეხამდე სველი ცხენოსნები. რამდენიმე წუთის შემდეგ ჭექა-ქუხილის, წყლის და ცეცხლის აბოლილ ლაფში, ბორცვზე მხოლოდ ერთი კაციღა დარჩა. აწ გამოსადეგად მოპარული დანის ქნევით, სველ ფერდობზე სრიალ-სრიალით, ხელების ცეცებითა და ბღაჭაბღუჭით, ხანაც კი დაოთხილი მიიწევდა თხემისაკენ. ხან უკუნი შთანთქავდა, ხან კი ანაზდად გამკრთალი, მოცახცახე შუქი ანათებდა.

ბოძებთან მისულმა, კოჭებამდე წყალში მდგარმა, ტანიდან დამძიმებული, წყლით გაჟივებული ტალიფი შემოიგლიჯა და პერანგის ამარამ იეშუას ფეხები გულში ჩაიხუტა. წვივებზე გადაუჭრა თოკი, შემდეგ ქვედა ხარიხამდე აცოცდა, იეშუას ხელი შემოხვია, ზედა



195

თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე

სამაგრები გადასხიპა და ხელები გაუთავისუფლა. იეშუას სველი სხეული ლევის დააწყდა და მიწას დაანარცხა. ლევის მაშინვე ეწადა მისი წაღება, მაგრამ ერთმა ფიქრმა შეაჩერა. იეშუას თავგადაგდებული და ხელებგაშლილი სხეული მიწაზე დატოვა და აზელილ ლაფში სრიალ- სრიალით გაიქცა დანარჩენი ბოძებისაკენ. იქაც გადაჭრა თოკები და შიშველი სხეულები მიწაზე ჩამოყარა.

რამდენიმე წუთიც გავიდა და მთის თხემზე, დაცარიელებული სამი ბოძის სიახლოვეს ეს ორი სხეულიღა დარჩა. ცხედრებს წყალი ეხეთქებოდა და თავუკუღმა ატრიალებდა.

იმ დროს უკვე არც ლევი და აღარც იეშუას ცხედარი აღარ ჩანდნენ ტაბაკელას მთაზე.

თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე

პარასკევ დილას, ესე იგი, იმ წყეული სეანსის მეორე დღეს, ვარიეტეს თანამშრომელთა სრული შემადგენლობა – ბუღალტერი ვასილი სტეპანოვიჩ ლასტოჩკინი, სამი მემანქანე ქალი, ორი მოლარე, შიკრიკები, კაპელდინერები და დამლაგებლები – ერთი სიტყვით, ყველა, ვინც კი სახეზე იყო, თავ-თავიანთ ადგილებზე კი არ ისხდნენ და საქმეს არ აკეთებდნენ, არამედ სადოვაიაზე გამავალი ფანჯრის ლავგარდანზე ჩამწკრივებულივნენ და თვალს ადევნებდნენ, რა ხდებოდა ვარიეტეს კედლებს მიღმა. ამ კედლებს ორ მწკრივად აჰკვროდა მრავალათასიანი რიგი, რომლის ბოლოც კუდრინის მოედანზე მთავრდებოდა. რიგის თავში თეატრალური მოსკოვისათვის კარგად ცნობილი ორი ათეული გადამყიდველიც მოჩანდა.

რიგი ძალზე აღელვებული ჩანდა, ქუჩაში მოსიარულეთა ყურადღებას იქცევდა და გუშინდელი შავი მაგიის სეანსის სულის შემხუთველ ამბებზე მსჯელობით ირთობდა თავს. იგივე ამბები დიდად აღელვებდა ბუღალტერ ვასილი სტეპანოვიჩსაც, რომელიც წინა საღამოს ვერ დასწრებოდა სპექტაკლს. კაპელდინერები, ეშმაკმა უწყის, რას არ ყვებოდნენ, სხვათა შორის, იმასაც ამბობდნენ, რომ სეანსის დამთავრების შემდეგ ქალები ლამის შიშველ- ტიტველნი დარბოდნენ ქუჩაში. მორცხვი და სიტყვაძუნწი ვასილი სტეპანოვიჩი მხოლოდ თვალებს ახამხამებდა ამ საოცრებების მოსმენისას და აღარ იცოდა, რა ეღონა. იძულებული კი იყო, რამე ეღონა და აუცილებლად თვითონ, რადგან ახლა მასზე უფროსი არავინ ჩანდა ვარიეტეში.

დილის ათი საათისათვის ბილეთების მსურველთა რიგი იმდენად გაიბერა, რომ ხმა მილიციასაც მისწვდა და იქიდან გასაოცარი სისწრაფით გამოგზავნეს ქვეითი და ცხენოსანი



196

თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე

რაზმები, რომელთაც ასე თუ ისე მოაწესრიგეს არეულობა, თუმცა მოწესრიგებული კილომეტრნახევრიანი რიგიც თავისთავად უდიდესი საცდური გახლდათ და სადოვაიაზე გამვლელი მოქალაქეების გაოცებას იწვევდა.

ეს ყველაფერი გარეთ ხდებოდა, თუმცა, არც ვარიეტეს შიგნით სუფევდა სიმშვიდე. დილიდან მოყოლებული შეშლილივით რეკდა ტელეფონები ლიხოდეევის, რიმსკის და ვარენუხას კაბინეტებში, შემდეგ ბუღალტერიასა და სალაროებში. ვასილი სტეპანოვიჩი და მოლარე თავდაპირველად პასუხობდნენ, კაპელდინერებიც რაღაცას ლუღლუღებდნენ პასუხად, შემდეგ და შემდეგ კი საერთოდ აღარ იღებდნენ ყურმილს, რადგან კითხვაზე, სად იმყოფებოდა ლიხოდეევი, ვარენუხა ან რიმსკი, პასუხი არავინ იცოდა. ისიც სცადეს, თავიდან მოეშორებინათ აბეზარი მრეკველები, ეთქვათ, – ლიხოდეევი შინ არისო, მაგრამ ყურმილიდან დაჟინებით უმტკიცებდნენ, რომ ბინაში უკვე დაერეკათ და იქ ეთქვათ, რომ ლიხოდეევი ვარიეტეში იმყოფებოდა.

მერე ვიღაც აღელვებულმა ქალმა დარეკა, რიმსკი იკითხა. ურჩიეს, რიმსკის მეუღლისთვის დაერეკა, პასუხად ქალის აქვითინებულმა ხმამ აუწყათ, რომ თავად იყო რიმსკის მეუღლე და ქმარს ეძებდა. რაღაც აბდაუბდა იწყებოდა. დამლაგებელი ქალი უკვე ყველას უამბობდა, რა არეულობა დახვდა ფინანსური დირექტორის კაბინეტში, როცა დასალაგებლად შევიდა, კარი ყურთამდე ღია იყო, ნათურები ენთო, ბაღში გამავალი ფანჯარა ვიღაცას ჩაემტვრია, სავარძელი იატაკზე იყო ამოპირქვავებული და ოთახი – ცარიელი.

თერთმეტი საათისათვის ვარიეტეში ქალბატონი რიმსკაია შემოიჭრა. მოთქვამდა და ხელებს იმტვრევდა. დაბნეულმა ვასილი სტეპანოვიჩმა აღარ იცოდა, რით დახმარებოდა ქალს. თერთმეტ საათზე კი მილიცია მოვიდა. პირველი კითხვა ძალზე ლოგიკური იყო:

– რა ხდება აქ, მოქალაქენო, რაშია საქმე?

თანამშრომლებმა უკან დაიხიეს და მილიციას გადაფითრებული და აღელვებული ვასილი სტეპანოვიჩი შეატოვეს პირისპირ. იძულებულნი გახდნენ ყველაფრისათვის სახელი დაერქმიათ და ეთქვათ, რომ ვარიეტეს ადმინისტრაცია, კერძოდ კი – დირექტორი, ფინანსური დირექტორი და ადმინისტრატორი უგზო-უკვლოდ გამქრალიყვნენ, მათი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა, კონფერანსიე კი, გუშინდელი სეანსის შემდეგ, ფსიქიატრიულში წაეყვანათ. მოკლედ, იმის აღიარებაც მოუხდათ, რომ გუშინდელი სეანსი ერთობ სკანდალური იყო.

მილიციელებმა აქვითინებული ქალბატონი რიმსკაია შეძლებისდაგვარად დაამშვიდეს,



197

თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე

შინ გაისტუმრეს და ყველაზე მეტად დამლაგებელი ქალის მონათხრობით დაინტერესდნენ, იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში დახვდა ფინანსური დირექტორის კაბინეტი. თანამშრომლებს სთხოვეს ყველა თავის სამუშაო ადგილს დაბრუნებოდა, საქმეს შესდგომოდნენ, შემდეგ ვარიეტეს შენობაში გამომძიებლები გამოჩნდნენ, ყურდაცქვეტილი, დაკუნთული, თამბაქოს ფერფლისფერი, ძალზე ჭკვიანთვალებიანი ძაღლის თანხლებით. ვარიეტეს თანამშრომელთა შორის მაშინვე გავრცელდა ჭორი, რომ ეს ძაღლი სახელგანთქმული „ტუზბუბენი“ იყო და არც შემცდარან, მაგრამ მისმა ქცევამ ყველა გააოცა. როგორც კი ტუზბუბენი ფინანსური დირექტორის კაბინეტში შეიჭრა, დაიღრინა, საშინელი, მოყვითალო ღოჯები გამოაჩინა, შემდეგ მუცელზე დაწვა, თვალებში საოცარი ნაღველი და გამძვინვარება აღებეჭდა და დაწოლილი გაფორთხდა ფანჯრისაკენ. შემდეგ, თითქოს შიშს სძლიაო, უეცრად რაფაზე შეხტა, წაწვეტებული დრუნჩი მაღლა აიშვირა და ველურად, ბოროტად დაიყმუვლა. ძაღლს ფანჯრიდან ჩამოსვლა არ უნდოდა, ყმუოდა, თრთოდა და ქვევით იწევდა ჩასახტომად.

ტუზბუბენი კაბინეტიდან გაიყვანეს და ვესტიბიულში გაატარეს, საიდანაც სადარბაზო კარისკენ აიღო გეში, მერე ქუჩაში გავიდა და ტაქსის გაჩერებაზე მიიყვანა უკან ადევნებული გამომძიებლები. აქ დაკარგა ის კვალი, რომელსაც მისდევდა. ამის შემდეგ ტუზბუბენი წაიყვანეს.

გამომძიებლები ვარენუხას კაბინეტში შეიკრიბნენ და რიგრიგობით დაიწყეს იმ თანამშრომლების გამოძახება, ვინც გუშინდელ სეანსზე მომხდარ აურზაურს ესწრებოდნენ. უნდა ითქვას, რომ გამომძიებლები ყოველ ნაბიჯზე აწყდებოდნენ გაუთვალისწინებელ სირთულეებს და ძიების ძაფი წამდაუწუმ უწყდებოდათ.

აფიშები იყო? იყო. მაგრამ ღამით ზედ ახალი აფიშები გადააკრეს და აღარც ერთი არ ჩანდა, ეს მაგი საიდან გაჩნდა? ეშმაკმა იცის. ხელშეკრულება ხომ უნდა გაეფორმებინათ?

– უნდა გაეფორმებინათ, – პასუხობდა აღელვებული ვასილი სტეპანოვიჩი. – თუ ხელშეკრულება გაუფორმეს, ბუღალტერიაში ხომ უნდა შემოეტანათ? – აუცილებლად, – პასუხობდა ვასილი სტეპანოვიჩი.

– მერე სად არის ხელშეკრულება?

– ვერსად ვნახეთ, – პასუხობდა ერთიანად გადაფითრებული ბუღალტერი და ხელებს



198

თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე

შლიდა. მართლაც, არც ბუღალტერიის საქაღალდეში, არც ფინანსურ დირექტორთან, არც ლიხოდეევთან, არც ვარენუხასთან, ხელშეკრულება არ აღმოჩნდა.

– ის მაგი რა გვარის იყო? – ვასილი სტეპანოვიჩმა არ იცოდა, რადგან გუშინდელ სპექტაკლზე არ ყოფილა. არც კაპელდინერებმა იცოდნენ არაფერი, მოლარემ კი ერთხანს იჭმუხნა შუბლი, იჭმუხნა, იფიქრა და ბოლოს თქვა:

– ჰო... მგონი, ვოლანდი.

ან იქნებ არც იყო ვოლანდი? არა, არა, მგონი, ვოლანდი კი არა, ფალანდი იყო.

გაირკვა, რომ უცხოელთა ბიუროში არც ვოლანდზე იცოდნენ რამე, არც ფალანდზე, მით უმეტეს მაგზე არაფერი გაეგოთ.

კურიერმა კარპოვმა აცნობა, რომ ეს მაგი ლიხოდეევის ბინაში გაჩერებულიყო. ცხადია, ბინას მაშინვე ეწვივნენ, მაგრამ არავითარი მაგი იქ არ დახვედრიათ, არც ლიხოდეევი იყო შინ, არც მოსამსახურე გრუნია, ვერც ვერავისგან შეიტყვეს, როდის მოვიდოდნენ – ადგილზე არც სახლმმართველობის უფროსი ნიკანორ ივანოვიჩი დახვედრიათ, არც პროლეჟნევი!

რაღაც სრულიად გაუგებარი ხდებოდა: ერთად გამქრალიყო მთელი ადმინისტრაციული აპარატი. გუშინ უცნაური, სკანდალური სეანსი ჩაეტარებინათ და ვინ დართო ნება ან ვისი წაქეზებით მოხდა ეს ყველაფერი – ვერაფრით გაეგოთ.

ამასობაში შუადღე მოახლოვდა, სალაროს გაღების დრო დადგა. მაგრამ, ცხადია, სალაროს გაღებაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. ვარიეტეს კარზე სასწრაფოდ გამოკიდეს მუყაოს დიდი ნაჭერი, რომელზეც ეწერა: „დღევანდელი სპექტაკლი გაუქმებულია“, რიგში ჩოჩქოლი ატყდა, მაგრამ აღელვებული ხალხი მაინც დაიშალა და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ სადოვაიაზე კაცი აღარ ჭაჭანებდა. გამომძიებლებიც წავიდ-წამოვიდნენ, რომ ახლა სხვაგან გაეგრძელებინათ მუშაობა, თანამშრომლები დაითხოვეს, ადგილზე მხოლოდ მორიგეები დატოვეს და ვარიეტეს კარი დაკეტეს.

ბუღალტერ ვასილი სტეპანოვიჩს ორი საქმე ჰქონდა სასწრაფოდ გასაკეთებელი. უპირველესად სასცენო და მსუბუქი გასართობი პროგრამების კომისიაში უნდა მისულიყო და გუშინდელი ამბები მოეხსენებინა, მეორეც – სასცენო კომისიის საფინანსო სექტორში შეევლო, რათა გუშინდელი შემოსავალი – 21. 711 მანეთი ჩაებარებინა.



199

თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე

გულმოდგინე და მუყაითმა ვასილი სტეპანოვიჩმა ფული გაზეთში გაახვია, თოკი გადაუჭირა, პორტფელში ჩადო და, რადგან კარგად იცოდა ინსტრუქცია, ტაქსის სადგომისკენ გაემართა.

მძღოლებმა, როგორც კი მათკენ მიმავალი სქელპორტფელიანი კაცი დაინახეს, მაშინვე დაძრეს მანქანები და სამი ცარიელი ტაქსი გაჩერებას გასცილდა. თან, რატომღაც ბოროტად გამოხედეს მომავალს.

ამ უცნაურობით გაოცებული ბუღალტერი ერთხანს გახევებული იდგა და ვერ მიმხვდარიყო, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.

სამიოდე წუთის შემდეგ გაჩერებას ცარიელი მანქანა მოუახლოვდა, მაგრამ მძღოლს მგზავრის დანახვისთანავე მოექცა სახე.

– თავისუფალია? – ხველა-ხლუჩუნით იკითხა გაოცებულმა ვასილი სტეპანოვიჩმა.

– ფული მაჩვენეთ, – ბოროტად უთხრა შოფერმა, მგზავრისათვის ზედაც არ შეუხედავს.

მთლად გაოგნებულმა ბუღალტერმა ძვირფასი პორტფელი იღლიაში ამოიჩარა, საფულიდან თუმნიანი ამოიღო და შოფერს უჩვენა.

– არ წაგიყვან! – მოკლედ მოუჭრა მან.

– მაპატიეთ... – დაიწყო ბუღალტერმა, მაგრამ მძღოლმა შეაწყვეტინა:

– სამმანეთიანები გაქვთ?

თავზარდაცემულმა ბუღალტერმა საფულიდან ორი სამმანეთიანი ამოიღო და შოფერს დაანახვა.

– დაბრძანდით, – უყვირა მძღოლმა და მრიცხველის ალამს ისე დასცხო, ლამის ჩატეხა, –

წავედით.

– ხურდა არა გქონდათ? – დაეკითხა შეშინებული ბუღალტერი.

– ხურდა იმდენი მაქვს, ჯიბეში აღარ მეტევა, – დაუღრიალა მძღოლმა და სარკეში მისი



200

თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე

სისხლმოწოლილი თვალები აირეკლა, – დღეს მესამე შემთხვევაა, სხვებსაც დაემართათ. თუმნიანს გადამიხდიან, მე ხურდას ვუბრუნებ – ორ მანეთსა და ორმოცდაათ კაპიკს... ჩავა ის დამპალი! ხუთი წუთის შემდეგ კი თუმნიანის ნაცვლად „ნარზანის“ ეტიკეტი შემრჩება ხელში, – მძღოლმა რამდენიმე უცენზურო სიტყვა წარმოთქვა, – ერთი ზუბროვკასთან ჩამოვსვი. თუმნიანი მომცა და სამი მანეთი უკან დავუბრუნე. წავიდა და საფულეში რომ ჩავიხედე, იქიდან ბზიკი ამოფრინდა. თითზე მიკბინა, მე მაგის... – მძღოლმა ისევ უცენზურო სიტყვა იხმარა, – თან, ის ათმანეთიანიც გაქრა. გუშინ ამ ვარიეტეში (უცენზურო სიტყვა) ვიღაც დამპალ ტაკიმასხარას თუმნიანების სეანსი ჩაუტარებია (უცენზურო სიტყვა).

ბუღალტერი გაოგნდა, მოიბუზა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს სიტყვა „ვარიეტე“

პირველად ესმოდა და გაიფიქრა: „ოჰო-ო!“

ადგილზე მისულმა, საბედნიეროდ, ყოველგვარი გართულების გარეშე გადაიხადა ფული, შემდეგ შენობაში შევიდა და დერეფნის გავლით იქით გაეშურა, სადაც მმართველის კაბინეტი ეგულებოდა, მაგრამ გზაშივე მიხვდა, რომ უდროო დროს მოუწია მოსვლამ. დიდი აურზაური იდგა სასცენო კომისიის კანცელარიაში. დერეფანში თვალებდაჭყეტილი, თავსაფარმოქცეული ქალი მირბოდა და გაჰკიოდა:

– არ არის, არა, არა, არ არის, ჩემო კარგებო! – გაუგებარი იყო ვის მიმართავდა, – პიჯაკი და შარვალი არის, თვითონ კი არ ჩანს!

კურიერი რომელიღაც კარში მიიმალა და მაშინვე იმ კარიდან ჭურჭლის მსხვრევის ხმა გაისმა. მდივნის ოთახიდან კომისიის პირველი სექციის ხელმძღვანელი გამოიჭრა, რომელსაც

კარგად იცნობდა ბუღალტერი, მაგრამ იმ ოთახიდან გამოსული ისე იყო რეტდასხმული, რომ ბუღალტერს არც მისალმებია, სადღაც თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.

ნანახით გაბეცებული ბუღალტერი მდივნის ოთახს მიუახლოვდა, საიდანაც კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში აპირებდა შესვლას, აქ კი საბოლოოდ დაიბნა.

კაბინეტის მოხურული კარიდან მრისხანე ხმა ისმოდა, კომისიის თავმჯდომარის, პროხორ პეტროვიჩის ხმა იყო. „ალბათ ვიღაცას უბრაზდება“, – გაიფიქრა შეწუხებულმა ბუღალტერმა, ოთახში მიმოიხედა და უცნაურზე უცნაური რამ დაინახა. ტყავის სავარძელში საზურგეს მისვენებული ანა რიჩარდოვნა იწვა, პროხორ პეტროვიჩის მზეთუნახავი პირადი მდივანი, ფეხები ლამის შუა ოთახამდე გაეშოტა და აქვითინებული სრესდა სველ



201

თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე

ცხვირსახოცს.

ანა რიჩარდოვნას ნიკაპი პომადით მოთხვროდა, ატმისფერ ლოყებზე კი ტუშის საღებავის შავი ლაქები შერჩენოდა.

შემოსული რომ დაინახა, ანა რიჩარდოვნა სავარძლიდან წამოხტა, ბუღალტერთან მიიჭრა, პიჯაკის ლაცკანში სწვდა და დაიყვირა:

– მადლობა ღმერთს! ძლივს ერთი ვაჟკაცი გამოჩნდა! ყველა გაიქცა, ყველამ მიმატოვა! წამომყევით, წამომყევით, იქნებ მირჩიოთ, რა ვქნა? – და აქვითინებულმა კაბინეტისკენ წაიყვანა ბუღალტერი.

კაბინეტში შესვლისთანავე ბუღალტერს პორტფელი ხელიდან გაუვარდა და თვალები დაუელმდა. გულახდილად უნდა მოგახსენოთ, არც გაემტყუნებოდა.

უზარმაზარ საწერ მაგიდასთან ცარიელი კოსტიუმი იჯდა და სამელნეში კალმის ჩაუწებლად რაღაცას წერდა ქაღალდზე. კოსტიუმს ჰალსტუხი ეკეთა, ჯიბეში ავტოკალამიც ედო, მაგრამ საყელოდან არც კისერი მოუჩანდა, არც თავი, ისევე, როგორც მანჟეტების გაყოლებაში არ ჩანდა ხელის მტევნები. კოსტიუმი მუშაობაში იყო გართული და სრულიად ვერ ამჩნევდა იმ არეულობას, მის ირგვლივ რომ სუფევდა. ნაბიჯის ხმა რომ გაიგო, კოსტიუმი სავარძლის ზურგს გადაეყრდნო და საყელოს ზემოდან ბუღალტერს პროხორ პეტროვიჩის კარგად ნაცნობი ხმა შემოესმა:

– რაშია საქმე? კარზე ხომ წერია, რომ არავის ვიღებ?

– ხედავთ? ხედავთ? აქ არ არის, არა, დააბრუნეთ, გემუდარებით, დააბრუნეთ!

უეცრად კაბინეტის კარში ვიღაცამ შემოყო თავი, ამოიგმინა და უკან გავარდა. ბუღალტერმა იგრძნო, როგორ აუკანკალდა მუხლები და სკამის კიდეზე ჩამოჯდა, თუმცა არც დავარდნილი პორტფელის აღება დავიწყებია. ანა რიჩარდოვნა ბუღალტერს ვერ სცილდებოდა, პიჯაკზე ექაჩებოდა და გაჰყვიროდა:

– პროშა! სადა ხართ?

– ვინ არის თქვენი „პროშა“, – მაშინვე ზვიადად უპასუხა კოსტიუმმა და უფრო მოხერხებულად მოეწყო სავარძელში.



202

თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე

– ვერ მცნობს! მე ვერ მცნობს, გესმით? – ისევ აქვითინდა მდივანი ქალი.

– ძალიან გთხოვთ, კაბინეტში ნუ ტირით! – უკვე მრისხანედ უთხრა ზოლიანმა კოსტიუმმა და სახელოთი ახალი დასტა მიიწია თავისკენ, ცხადად ეტყობოდა, რეზოლუციის დადებას აპირებდა.

– არა, ამის ცქერა აღარ შემიძლია! – დაიკივლა ანა რიჩარდოვნამ და ისევ თავისი ოთახისკენ გაქანდა, უკან კი ტყვიასავით მიჰყვა ბუღალტერი.

– წარმოგიდგენიათ, ვზივარ, – ყვებოდა ბუღალტრის სახელოს ჩაფრენილი, აცახცახებული ანა რიჩარდოვნა, – და უცებ კატა შემოვიდა. შავი, უზარმაზარი, ბეჰემოთივით კატა. მე, რა თქმა უნდა, აცხა-მეთქი, ვუყვირე. კატა გავიდა, მაგრამ კარში მაშინვე ვიღაც სქელი კაცი გამოჩნდა, ისიც ძალიან ჰგავდა კატას და მეუბნება: „როგორ შეიძლება, მოქალაქევ, მომსვლელებს „აცხას“ რომ ეუბნებით?“ და პირდაპირ პროხორ პეტროვიჩის კაბინეტისკენ წავიდა, მე, ცხადია, უკან გავყევი და დავუყვირე: „ხომ არ გაგიჟდით?“ ის თავხედი კი პირდაპირ პროხორ პეტროვიჩის მაგიდასთან მივიდა და მის სავარძელში ჩაჯდა! იმან, იმან... პროხორ პეტროვიჩი კეთილზე კეთილი კაცია, მაგრამ ნერვიული. წამოენთო. არ უარვყოფ. ბევრს მუშაობს და თავი ვეღარ შეიკავა. „როგორ ბედავთ დაუკითხავად ჩემს კაბინეტში შემოსვლასო?“ ის თავხედი კი, წარმოიდგინეთ, სავარძელში გადაიშხლართა და ღიმილით ეუბნება: „მე თქვენთან საქმეზე მოსალაპარაკებლად მოვედიო“. პროხორ პეტროვიჩმა ისევ გაბრაზებულმა უთხრა: „დაკავებული ვარო“. მან კი, თქვენ წარმოიდგინეთ, უპასუხა:

„არაფერიც არა ხართ დაკავებული... „ გესმით? აქ უკვე მოთმინების ფიალა აევსო პროხორ პეტროვიჩს, წამოხტა და იყვირა: „ეს რას ჰგავს? ახლავე გაიყვანეთ გარეთ, ეშმაკმა წამიღოს!“ იმან კი გაიღიმა და უთხრა: „ეშმაკმა წაგიღოთ? ეგ ადვილი მოსახერხებელია, კი, ბატონო!“ და ბაც, დაყვირებაც ვერ მოვასწარი, ვხედავ: ის კატისსახიანი ტიპი სადღაც გაქრა და პროხორ პეტროვიჩი ზი... ზის... კოსტიუმი... ოოო, – ანა რიჩარდოვნამ ისევ დააღო პირი და აქვითინდა.

თუმცა ცოტა ხანში სული მოითქვა და გაუგებრად ალუღლუღდა:

– და წერს, წერს, წერს! გაგაგიჟებთ პირდაპირ! ტელეფონითაც ლაპარაკობს! კოსტიუმი! ყველა გაიქცა, კურდღლებივით!



203

თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე

ბუღალტერი იდგა და ცახცახებდა, მაგრამ ანაზდად ბედმა გაუღიმა. სამდივნოში მშვიდად და საქმიანად შემოვიდა ორი მილიციელი. მათ დანახვაზე მზეთუნახავი უფრო ხმამაღლა აქვითინდა და ხელით კაბინეტისკენ მიუთითა.

– მოდი, ნუ იტირებთ, მოქალაქევ, – მშვიდად უთხრა ერთმა. ბუღალტერმა კი იგრძნო, რომ აქ სრულიად ზედმეტი იყო, სამდივნოდან გამოსხლტა და წუთის შემდეგ უკვე სუფთა ჰაერს ისუნთქავდა. თავში ყველაფერი ერეოდა, ხმაურობდა და ამ ხმაურში გარკვევით ხმიანდებოდა კაპელდინერის სიტყვები იმ კატაზე, თითქოს გუშინდელ სეანსში რომ მონაწილეობდა. „ოჰო-ო! თუ აქაც ჩვენმა კატამ შემოიარა“.

კომისიაში ასე უსარგებლოდ ხეტიალის შემდეგ, კეთილსინდისიერმა ვასილი სტეპანოვიჩმა გადაწყვიტა, ვაგანკოვის შესახვევში მდებარე ფილიალში მაინც შეევლო და დასამშვიდებლად, ფეხით გაუყვა გზას.

სასცენო საქალაქო ფილიალი დრო-ჟამით ბათქაშჩამოყრილ შენობაში იყო მოთავსებული, ეზოს სიღრმეში იდგა და იმით იყო ღირსშესანიშნავი, რომ ვესტიბიულში პორფირიანი სვეტები იყო დატანებული.

მაგრამ იმ დღეს პორფირიანი სვეტები კი არ აოცებდა მიმსვლელთ, არამედ ის, რაც შენობაში ხდებოდა.

რამდენიმე მიმსვლელი გახევებული იდგა და აქვითინებულ ქალიშვილს შესცქეროდა, რომელიც გასაყიდად გამოტანილი სპეციალური სასცენო ლიტერატურით სავსე მაგიდას უჯდა. ამჟამად ქალიშვილი არაფერს ყიდდა, არც არავის სთავაზობდა ამ ლიტერატურას, თანაგრძნობის კითხვებზე მხოლოდ ხელებს ასავსავებდა, ამასობაში კი, ყოველი მხრიდან – მაღლიდან, ქვევიდან, გვერდებიდან, ფილიალის ყოველი განყოფილებიდან, ტელეფონების ზარის წკრიალი ისმოდა – ოცი ტელეფონი მაინც რეკავდა ერთდროულად.

ატირებული ქალიშვილი უცებ შეკრთა და ისტერიულად დაიკივლა:

– ისევ დაიწყო! – თქვა და მოულოდნელად ათრთოლებული სოპრანოთი ამღერდა:

Славное море: свяшенный Байкал???8

კურიერმა კიბე ჩამოირბინა, ვიღაცას მუშტით დაემუქრა და დაგუდული, უსიამო

8 „დიადი ზღვა, წმინდა ბაიკალი“ (რუს.).



204

თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე

ბარიტონით აჰყვა ქალიშვილს:

Славен кораб ль: омулевая б очка!9

კურიერის ბარიტონს საიდანღაც გამოეხმაურნენ, გუნდმა იმძლავრა და ბოლოს ფილიალის ყოველი კუთხიდან დასჭექა. უახლოეს ოთახ No 6-ში, სადაც სათვლელ- მაკონტროლებელი განყოფილება იყო მოთავსებული, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ვიღაცის მჟღერი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა. გუნდს აკომპანემენტს უწევდა ტელეფონის ზართა მომძლავრებული წკრიალი.

Хей Баргузин??? пошевеливай вал!10

ღრიალებდა კიბეზე მდგარი კურიერი.

ქალიშვილს ცრემლები სცვიოდა, მთელი ძალით ცდილობდა პირი მოეკუმა, მაგრამ ტუჩები თავისით ეხსნებოდა და კურიერზე ერთი ოქტავით მაღლა მღეროდა:

Молодцу быть недалечко!11

ენაჩავარდნილ მომსვლელთ ისიც აოცებდათ, რომ სხვადასხვა ოთახში გაფანტული ხალხი ისე შეხმატკბილებულად მღეროდა, თითქოს მთელი გუნდი ერთად იდგა და თვალს არ აშორებდა დირიჟორს.

გამვლელები შემოღობილ ეზოსთან ჩერდებოდნენ, ქუჩიდან უთვალთვალებდნენ შენობას და ფილიალში დასადგურებული მხიარულება აოცებდათ.

როგორც კი სიმღერის პირველი კუპლეტი ჩაამთავრეს, სიმღერა უცებ ჩაცხრა, თითქოს დირიჟორმა აიქნია ხელიო. კურიერმა ხმადაბლა შეიგინა და თვალს მიეფარა. იმავ წამს სადარბაზოს კარი გაიღო და თხელპალტოიანი მოქალაქე შემოვიდა, რომელსაც პალტოს ქვემოდან თეთრი ხალათის კალთები მოუჩანდა, გვერდით კი მილიციელი მოჰყვებოდა.

– გვიშველეთ, ექიმო, გევედრებით! – ისტერიულად იყვირა ქალიშვილმა.

9 „დიდებული ხომალდი სავსე კასრებით“ (რუს.). 10 „ჰეი, ბარგუზინ... დააჩქარე სვლა!“ (რუს.).

11 „არც ის ყმაწვილი იქნება შორს!“ (რუს.).



205

თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე

კიბეზე ფილიალის მდივანმა ჩამოირბინა და ალბათ სირცხვილისა და დაბნეულობისაგან, ენის ბორძიკით თქვა:

– იცით, რაშია საქმე, ექიმო, ჩვენთან მასობრივი ჰიპნოზის შემთხვევაა... ასე რომ, აუცილებელია... – მაგრამ სიტყვა ვეღარ დაამთავრა, რაღაც წაიბლუკუნა და უცებ ტენორით ამღერდა:

Шилка и Нерчинск???12

– სულელი! – ძლივს მოასწრო ქალიშვილმა წამოყვირება, ოღონდ არავისთვის

განუმარტავს, ვის ლანძღავდა, თვითონაც თითქოს ამოისლუკუნა და ისევ ამღერდა.

– თავს მოერიეთ! შეწყვიტეთ სიმღერა! – ურჩია ექიმმა მდივანს.

ეტყობოდა, მდივანი ყველაფერს გაიღებდა, ოღონდ კი სიმღერა შეეწყვიტა, მაგრამ ვერ ახერხებდა და ჩიხში გამვლელთ გუნდთან ერთად, ხმაშეწყობილად აუწყა იმის შესახებ, რომ უსიერ ტყეში ვერც მსუნაგმა მგელმა გაჰკრა კბილი და ვერც მსროლელთა ტყვია მისწვდა.

როგორც კი კუპლეტი დასრულდა, ქალიშვილმა პირველმა გადაკრა ვალერიანი, შემდეგ კი ექიმს წინ გაუძღვა – სხვების დასამშვიდებლად.

– მაპატიეთ, მოქალაქევ, – ანაზდად მიმართა ქალიშვილს ვასილი სტეპანოვიჩმა, – თქვენთან შავ კატას ხომ არ შემოუვლია?

– რომელ კატას? – იყვირა გაბრაზებულმა ქალიშვილმა, – ვირი გვიზის ფილიალში, ვირი! – შემდეგ დასძინა, – გაიგოს, რა მენაღვლება! ყველაფერს ვიტყვი, – და მართლაც მოჰყვა, რაც მომხდარიყო.

აღმოჩნდა, რომ საქალაქო ფილიალის მმართველი, რომელმაც (ქალიშვილის ნათქვამს თუ დავუჯერებთ) „საბოლოოდ ძირი გამოუთხარა მსუბუქ გასართობ პროგრამებს“, ათასგვარი წრეების ჩამოყალიბების მანიით იყო შეპყრობილი.

– თვალში ნაცარს აყრიდა უფროსობას, – ყვიროდა ქალიშვილი.

ამ ერთ წელიწადში თავმჯდომარეს მოესწრო ლერმონტოვის შემსწავლელთა წრის,

12 სილკა და ნერჩენსკი (რუს.).



206

თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე

ჭადრაკისა და შაშის, ჩოგბურთისა და ალპინიზმის წრეების ჩამოყალიბება.

და აი, დღეს, შესვენებისას...

– ხელჩაკიდებული შემოიყვანა ვიღაც არამზადა, – თხრობას განაგრძობდა მდივანი გოგონა, – ეშმაკმა უწყის, საიდან მოათრია. მოსულს კუბოკრული შარვალი ეცვა. გაბზარული პენსნე ეკეთა... და... აუტანელი სიფათი ჰქონდა!

და მაშინვე, როგორც ქალიშვილმა თქვა, ფილიალის სასადილოში თავშეყრილ თანამშრომლებს საგუნდო წრეების ცნობილ სპეციალისტად გააცნო.

მომავალ ალპინისტებს სახე დაუგრძელდათ, მაგრამ თავმჯდომარემ ყველას სიმხნევისაკენ მოუწოდა, იმ სპეციალისტმა კი იმდენი იოხუნჯა და იანგლა, ბოლოს დაიფიცა კიდეც, რომ სიმღერის შესწავლას ძალიან ცოტა დრო სჭირდებოდა, სარგებელი კი იმდენი მოჰქონდა, ერთი ურემი ხარ-კამეჩი ვერ მოერევაო.

როგორც მდივანმა აცნობათ, პირველები ფანოვი და კოსარჩუკი, ფილიალის ცნობილი მლიქვნელები გამომხტარიყვნენ და უთქვამთ, წრეში ვეწერებითო. მერე დანარჩენი თანამშრომლებიც მიხვდნენ, რომ სიმღერას თავს ვერ დააღწევდნენ, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და ისინიც წრეში ჩაეწერნენ. გადაწყვიტეს, შესვენების დროს ემეცადინათ, რადგან დანარჩენ დროს ლერმონტოვისა და შაშის წრეების მეცადინეობა ტარდებოდა. თავმჯდომარემ, სხვებისთვის რომ მაგალითი მიეცა, განაცხადა, ტენორი მაქვსო, შემდეგ კი ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც კოშმარულ სიზმარში ხდება ხოლმე. კუბოკრულკოსტიუმიანმა სპეციალისტ-ქორმაისტერმა დაიღრიალა:

– დო-მი-სოლ-დო! – სიმღერისგან თავის დასაღწევად კარადებს ამოფარებული ზოგიერთი მორცხვი თანამშრომელი იმ კარადების უკნიდან გამოათრია, კოსარჩუკს უთხრა, აბსოლუტური სმენა გაქვსო, დიდხანს იწუწუნა, ივიშვიშა, ყველას ევედრებოდა, შეებრალებინათ ყოფილი რეგენტი-მომღერალი, თან თითებზე კამერტონს იკაკუნებდა და

იხვეწებოდა „Славное море“13 დაეჭექათ.

დასჭექეს, მაგრამ რა დასჭექეს. აღმოჩნდა, რომ იმ კუბოკრულკოსტიუმიანმა ტიპმა

მართლაც კარგად იცოდა თავისი საქმე. პირველი კუპლეტი დაასრულეს თუ არა, უცებ

13 „დიადი ზღვა“(რუს.).



207

თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე

რეგენტმა ბოდიში მოიხადა, თქვა, ერთი წუთითო და... გაქრა. ეგონათ, მართლა ერთ წუთში დაბრუნდებოდა. მაგრამ ათი წუთიც გავიდა, ის კი არ ჩანდა. ფილიალში ლამის გადაირივნენ სიხარულით – ყველას ეგონა, რომ სიმღერის სპეციალისტი გაიქცა!

და უეცრად, როგორღაც თავისთავად წამოიწყეს მეორე კუპლეტი. გუნდი კოსარჩუკმა აიყოლია, რომელსაც ეგებ არც ჰქონდა აბსოლუტური სმენა, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო, მაღალი ტენორი აღმოაჩნდა. იმღერეს, რეგენტი მაინც არ ჩანდა! მერე თავ-თავიანთ ადგილებზე დაბრუნდნენ, მაგრამ სკამებზე დასხდომაც ვერ მოასწრეს, თავისდა უნებურად ისევ დაიწყეს სიმღერა. ცხადია, სიმღერის დრო აღარ იყო, მაგრამ მთელი უბედურებაც ის გახლდათ, რომ სამიოდე წუთით წყვეტდნენ სიმღერას და ისევ თავიდან იწყებდნენ. დარცხვენილი თავმჯდომარე თავის კაბინეტში შეიკეტა.

უცებ ქალიშვილს სიტყვა გაუწყდა და მიხვდა, რომ ვალერიანის წვეთებმა ვერ უშველა.

თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ვაგანკოვის თეჯირთან სამი სატვირთო მანქანა მოაყენეს. შიგ ფილიალის თანამშრომლები ჩასვეს, თავმჯდომარის მეთაურობით.

როგორც კი პირველი სატვირთო მანქანა ჭიშკარს გასცდა და ჩიხში შეუხვია, ბაქანზე მდგარმა ხელიხელჩაკიდებულმა თანამშრომლებმა პირი დააღეს და ახლა ჩიხში დასცხეს ეს პოპულარული სიმღერა. მათ მეორე სატვირთოც აჰყვა, შემდეგ – მესამე. ასე მიდიოდნენ. ქუჩაში საქმეებზე მიმავალი გამვლელები, სატვირთო მანქანებს სწრაფად შეავლებდნენ ხოლმე თვალს და სულაც არ აოცებდათ ეს მხიარულება. ფიქრობდნენ, რომ მგზავრები ქალაქგარეთ მიემგზავრებოდნენ ექსკურსიაზე. ისინი მართლაც ქალაქგარეთ მიემგზავრებოდნენ, მაგრამ არა ექსკურსიაზე, არამედ პროფესორ სტრავინსკის კლინიკაში.

ნახევარი საათის შემდეგ საბოლოოდ თავზარდაცემული ბუღალტერი საფინანსო ინსპექციაში მივიდა იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფო ფული ჩაებარებინა.

სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და უპირველესად მალულად შეიხედა გრძელ დარბაზში, სადაც ოქროსფერი წარწერებით აჭრელებული მქრქალი მინების მიღმა მოსამსახურეები ისხდნენ. არეულობა ან აურზაური ვერ შენიშნა. სიმშვიდე სუფევდა, როგორც ნებისმიერ წესიერ დაწესებულებას შეეფერებოდა.

ვასილი სტეპანოვიჩმა იმ ფანჯარაში შეყო თავი, სადაც „თანხის მიღება“ ეწერა, ვიღაც სრულიად უცხო მოსამსახურეს მიესალმა და ზრდილობიანად სთხოვა საშემოსავლო



208

თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე

ორდერი.

– რისთვის გჭირდებათ? – სარკმლიდან ჰკითხა მოსამსახურემ. ბუღალტერი გაოცდა. – თანხა უნდა ჩაგაბაროთ, ვარიეტედან გახლავართ.

– ერთი წუთით, – უპასუხა მოლარემ და სარკმელს ცხაური ჩამოაფარა.

„საოცარია“, – გაიფიქრა ბუღალტერმა და სრულიად სამართლიანადაც. თავის სიცოცხლეში ასეთი რამ არ ენახა. ყველამ კარგად იცის, როგორ ჭირს ფულის მიღება. შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ოცდაათწლიანი პრაქტიკის განმავლობაში, ბუღალტერს ჯერ არასდროს ენახა, რომ ვინმეს, გინდ იურიდიულ პირს და გინდ არაიურიდიულს, ფულის აღება გასჭირვებოდეს.

როგორც იქნა, ცხაური აიწია და ბუღალტერი ისევ სარკმელს მიაწყდა.

– ბევრი გაქვთ? – ჰკითხა მოლარემ.

– ოცდაერთი ათას შვიდას თერთმეტი.

– ოჰო! – რატომღაც ირონიულად უთხრა მოლარემ და ბუღალტერს მწვანე ფურცელი გაუწოდა.

ბუღალტერმა კარგად იცოდა თავისი საქმე, თვალის დახამხამებაში შეავსო ბლანკი და გაზეთში გახვეულ ფულზე გადაკრული კანაფის გახსნას შეუდგა. როცა გახსნა, თვალი აუჭრელდა და რაღაც გაურკვევლად ამოილუღლუღა.

გაზეთში უცხოური ფული ეწყო. აქ იყო კანადური დოლარის შეკვრა, ინგლისური გირვანქა სტერლინგი, ჰოლანდიური გულდენი, ლატვიური ლატი, ესტონური კრონი...

– ვარიეტელი ოინბაზი გვწვევია, – ჩაესმა მრისხანე ხმა ენაჩავარდნილ ბუღალტერს. ვასილი სტეპანოვიჩი იქვე დააპატიმრეს.



209

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

სწორედ იმ დროს, როცა ვარიეტეს ბუღალტერი გაბეჯითებული დაქროდა ტაქსით, რომ საკუთარი თვალით ეხილა გაცოცხლებული კოსტიუმი, მოსკოვში ჩამომდგარი კიევის მატარებლის მე-9 რბილი ვაგონიდან სხვა მგზავრებთან ერთად კარგად ჩაცმული მოქალაქეც გადმოვიდა, რომელსაც ხელში პატარა ჩემოდანი ეჭირა. ეს მგზავრი აწ განსვენებული ბერლიოზის ბიძა გახლდათ, მაქსიმილიან ანდრეევიჩ პოპლავსკი, მგეგმავ-ეკონომისტი, რომელიც კიევში ცხოვრობდა ყოფილი ინსტიტუტის ქუჩაზე და მოსკოვში იმიტომ ჩამოსულიყო, რომ გუშინწინ, გვიან ღამით დეპეშა მიეღო, რომელშიც ეწერა: „მე ახლახან ტრამვაიმ გამიტანა პატრიარქებზე. დასაფლავება პარასკევს, 3 საათზე. ჩამოდი. ბერლიოზი“.

მაქსიმილიან ანდრეევიჩი კიევში ერთ-ერთ უჭკვიანეს კაცად ითვლებოდა და სამართლიანადაც. მაგრამ, დამეთანხმებით, თვით უჭკვიანეს კაცსაც კი თავგზას აუბნევდა ამგვარი დეპეშა. თუ ადამიანი დეპეშით იტყობინება, ტრამვაიმ გამიტანაო, მაშასადამე, სიკვდილსაც გადაურჩა, თუ ასეა, დასაფლავება რაღა შუაში უნდა ყოფილიყო? იქნებ ძალიან ცუდად გრძნობს თავს და გული ცუდს უგრძნობდა? ესეც დასაშვებია, მაგრამ საიდანღა უნდა სცოდნოდა, რომ პარასკევს, ზუსტად სამ საათზე დაკრძალავდნენ? მართლაც გასაოცარი დეპეშა იყო!

მაგრამ ჭკვიანი ადამიანები იმიტომ არიან ჭკვიანები, რომ საჭოჭმანო საკითხებში გაერკვნენ. რა იყო გასაკვირი. დეპეშა ალბათ შეცდომით გადმოსცეს, სიტყვა „მე“ ეჭვგარეშეა, სხვა დეპეშიდან ჩაბეჭდეს „ბერლიოზის“ ნაცვლად, რომელიც დეპეშის ბოლოში აღმოჩნდა. ამგვარი შესწორების შემდეგ დეპეშის აზრი გასაგები ხდებოდა, თუმცა, ცხადია, ტრაგიკული.

როცა მაქსიმილიან ანდრეევიჩის მეუღლის მოთქმა-გოდება შეწყდა, მან მოსკოვში გასამგზავრებლად დაიწყო მზადება.

სხვა გზა არა გვაქვს, მაქსიმილიან ანდრეევიჩის ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ. რაღა თქმა უნდა, ებრალებოდა ცოლის ასე უდროოდ დაღუპული დისშვილი, მაგრამ, როგორც საქმიან კაცს, ისიც ესმოდა, რომ გასვენებაზე დასწრება სულაც არ იყო აუცილებელი. და მაინც, მაქსიმილიან ანდრეევიჩი გასაოცრად ჩქარობდა მოსკოვში ჩასვლას. რატომ? ბინა! ბინა მოსკოვში! აი, ეს გახლდათ მთავარი. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ კიევი გულზე არ ეხატებოდა მაქსიმილიან ანდრეევიჩს და მოსკოვში გადასახლების სურვილი ამ ბოლო ხანს იმდენად უღრღნიდა ტვინს, რომ უკვე ძილიც კი გაკრთობოდა. მას არც დნეპრის



210

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

წყალუხვობა ახარებდა გაზაფხულზე, როცა წყალი კუნძულთა დაბალ ნაპირებს ტბორავდა და ლამის ჰორიზონტს ერწყმოდა; არც ის თვალისმომჭრელი ხედი, თავადი ვლადიმირის ძეგლის გადასახედიდან რომ იშლებოდა; არც ვლადიმირის მთის აგურით მოკირწყლულ ბილიკებზე გაზაფხულზე ათამაშებული ათინათების ციმციმი ხიბლავდა. არაფერი უნდოდა, ერთი რამის გარდა – მოსკოვში სურდა ცხოვრება.

გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებას კიევში, ინსტიტუტის ქუჩაზე მდებარე ბინის მოსკოვში უფრო პატარა ფართობზე გაცვლის შესახებ, შედეგი არ მოჰყოლია. მსურველები არ ჩანდნენ. მაგრამ თუკი ვინმე გამოჩნდებოდა, მათი წინადადება უფრო ძარცვას ჰგავდა.

დეპეშამ თავგზა აუბნია მაქსიმილიან ანდრეევიჩს. ეს ისეთი შემთხვევა იყო, რომლის ხელიდან გაშვებაც ცოდვა იქნებოდა. საქმიან ხალხს კარგად მოეხსენება, რომ ასეთი შემთხვევები არ მეორდება.

ერთი სიტყვით, ყველაფერი უნდა ეღონა და სადოვაიაზე მდებარე ცოლის დისშვილის ბინა თავის სახელზე გადაეფორმებინა. ცხადია, ამის გაკეთება იოლი არ იქნებოდა, მაგრამ, რადაც უნდა დასჯდომოდა, ეს საქმე უნდა გაეჩარხა – დროებით მაინც უნდა ჩაწერილიყო გარდაცვლილის სამოთახიან ბინაში.

და აი, პარასკევ დილით, მაქსიმილიან ანდრეევიჩი იმ ოთახში შევიდა, სადაც სადოვაიას ქუჩაზე მდებარე 302-ბის სახლის სახლმმართველობა ეგულებოდა.

ვიწრო ოთახის კედელზე პლაკატი ეკიდა, რამდენიმე სურათით მდინარეში დახრჩობისგან გადარჩენას რომ ასწავლიდა მნახველთ, ხის მაგიდასთან კი სრულიად მარტო იჯდა შუახნის გაუპარსავი, თვალდაცეცებული კაცი.

– თავმჯდომარის ნახვა მინდა, – თავაზიანად უთხრა მგეგმავ-ეკონომისტმა, ქუდი მოიხადა და ჩემოდანი ცარიელ სკამზე დადგა.

ამ თითქოსდა უბრალო თხოვნამ რატომღაც ცუდ გუნებაზე დააყენა მაგიდასთან მჯდარი, სახეც კი მოექცა, მერე შეშფოთებულმა დააცეცა თვალები და ლუღლუღით უპასუხა, თავმჯდომარე არ არისო.

– შინ არის? – ჰკითხა პოპლავსკიმ, – სასწრაფო საქმე მაქვს.

მაგიდასთან მჯდარმა ისევ რაღაც მიუკიბ-მოუკიბა, მაგრამ მაინც შეიძლებოდა მიხვედრა,



211

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

რომ თავმჯდომარე არც შინ უნდა ყოფილიყო.

– ხომ ვერ მეტყვით, როდის მოვა?

მაგიდასთან მჯდარმა არაფერი უპასუხა და ერთობ ნაღვლიანად გაიხედა ფანჯარაში. „აჰა“, – გაიფიქრა ჭკვიანმა პოპლავსკიმ და ახლა მდივანი იკითხა.

მაგიდასთან მჯდარი უცნაური კაცი გაწითლდა კიდეც ზედმეტი დაძაბულობისგან და ისევ მიკიბ-მოკიბულად აუხსნა, რომ არც მდივანი იყო... და როდის მოვიდოდა, არავინ იცოდა... და საერთოდ, მდივანი შეუძლოდ შექნილიყო...

„აჰა“, – ისევ გაიფიქრა პოპლავსკიმ, – მაგრამ ვიღაც ხომ უნდა იყოს?

– მე გახლავართ, – ხმა გაეპარა კაცს.

– იცით, რაშია საქმე, – დამაჯერებლად დაიწყო პოპლავსკიმ, – მე ჩემი განსვენებული დისშვილის, ბერლიოზის ერთადერთი მემკვიდრე გახლავართ, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, პატრიარქებზე დაიღუპა და, კანონის თანახმად, ვალდებული ვარ ჩვენს ბინაში არსებული მემკვიდრეობა მივიღო...

– მე ვერაფერს გეტყვით, ამხანაგო, არაფერი ვიცი, – ნაღვლიანად შეაწყვეტინა მაგიდასთან მჯდომმა.

– როგორ? – ხმას აუწია პოპლავსკიმ, – მმართველობის წევრი ბრძანდებით და ვალდებული ხართ...

უცებ ოთახში ვიღაც მოქალაქე შემოვიდა. შემოსული რომ დაინახა, მაგიდასთან მჯდომი გადაფითრდა.

– მმართველობის წევრი პიატნაჟკო ხართ? – ჰკითხა მოსულმა.

– დიახ, – ძლივს ამოთქვა კაცმა.

შემოსულმა რაღაც წასჩურჩულა მაგიდასთან მჯდომს, ისიც საოცრად შეწუხებული წამოდგა სკამიდან და რამდენიმე წამში სამმართველოს ოთახში მხოლოდ პოპლავსკიღა დარჩა.



212

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

„რაღა ახლა! რაღა დღეს და რაღა ყველა ერთად... „ – სინანულით ფიქრობდა პოპლავსკი, როცა

50-ე ბინისკენ მიაბიჯებდა.

როგორც კი მგეგმავ-ეკონომისტმა დარეკა, კარი მაშინვე გაუღეს და მაქსიმილიან ანდრეევიჩმა ნახევრად ჩაბნელებულ წინკარში შეაბიჯა. ოდნავ იმ გარემოებამ გააოცა, რომ ვერ გაერკვა, კარი ვინ გაუღო, წინკარში არავინ ჩანდა, მხოლოდ უზარმაზარი შავი კატა წამოსკუპებულიყო სკამზე.

მაქსიმილიან ანდრეევიჩმა ჩაახველა, ფეხები ააბრაგუნა, მაშინღა გაიღო კაბინეტის კარი და წინკარში კაროვიევი გამოვიდა. მაქსიმილიან ანდრეევიჩმა თავაზიანად, მაგრამ ღირსეულად დაუკრა თავი და უთხრა:

– ჩემი გვარია პოპლავსკი. მე...

სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო, რომ კაროვიევმა ჯიბიდან ტურტლიანი ცხვირსახოცი ამოიღო, სახეზე აიფარა და აქვითინდა.

– განსვენებული ბერლიოზის ბიძა გახლავართ...

– როგორ არა, როგორ არა, – ისევ გააწყვეტინა კაროვიევმა და სახიდან ცხვირსახოცი მოიშორა,

– როგორც კი შემოხვედით, მაშინვე მივხვდი, ვინც იყავით! – უცებ ისევ აქვითინდა და სლუკუნ-სლუკუნით მოჰყვა მოთქმას, – რა უბედურება დაგვატყდა თავს! რა არ ხდება ამქვეყნად?!. .

– ტრამვაიმ გაიტანა? – ჩურჩულით ჰკითხა პოპლავსკიმ.

– ჰო, – ისევ ამოისლუკუნა კაროვიევმა და პენსნეს ქვემოდან ღვარად წამოსკდა ცრემლი, – გაიტანა! ჩემი თვალით ვნახე. დამიჯერეთ – ჯერ თავი მოძვრა! მერე მარჯვენა ფეხმა გაიტკაცუნა – შუაზე გადატყდა! მარცხენაც – თხლაშ, და ისიც გადაიფშვნა! აი, სადამდე მივყავართ ამ ტრამვაის! – როგორც ჩანდა, კაროვიევმა თავი ვეღარ შეიკავა, სარკის გვერდით კედელს აეკრა და მთელი სხეულით აცახცახდა.

ბერლიოზის ბიძა გულწრფელად გააოცა უცნობის საქციელმა. „ჯერ არ გადაშენებულა



213

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

გულიანი ხალხიო!“ – გაიფიქრა და იგრძნო, რომ თვითონაც აეწვა თვალები, მაგრამ იმავ წამს უსიამოდ გაჰკენწლა გულში, გონებაში გველივით გაიკლაკნა ფიქრი, ნეტა ამ გულიან კაცს უკვე ხომ არ მოესწრო განსვენებულის ბინაში ჩაწერა, ასეთი შემთხვევა ხომ ხშირია ცხოვრებაში?

– მაპატიეთ, თქვენ მიშა ბერლიოზის მეგობარი იყავით? – ჰკითხა მან, თან სახელოთი იწმენდდა მარცხენა მშრალ თვალს, მარჯვენით კი უბედურებით გათანგულ კაროვიევს აკვირდებოდა. მაგრამ კაროვიევი ისე ქვითინებდა, ვერაფერს გაარკვევდი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ისმოდა: „თხლაშ, და გადაიფშვნა“, ბოლოს, როცა ტირილით გული მოიოხა, კედელს გამოსცილდა და სლუკუნით უთხრა:

– არა, მეტი აღარ შემიძლია! წავალ და ეთერული ვალერიანის სამას წვეთს მივიღებ! – შემდეგ ტირილით დასივებული სახე პოპლავსკისკენ მიაბრუნა და უთხრა, – ესეც თქვენი ტრამვაი!

– მაპატიეთ, თქვენ გამომიგზავნეთ დეპეშა? – ჰკითხა მაქსიმილიან ანდრეევიჩმა, თან გამწარებული ფიქრობდა, ვინ უნდა ყოფილიყო ეს უცნაური მოტირალი.

– ამან! – უთხრა კაროვიევმა და კატაზე მიუთითა.

პოპლავსკიმ გაოცებისაგან თვალები დააჭყიტა, მაგრამ იფიქრა, მომესმაო.

– არა, მეტი აღარ შემიძლია, დავილიე კაცი, – ქშუტუნ-ქშუტუნით ამბობდა კაროვიევი, – როგორც კი გამახსენდება, როგორ გადაუარა ბორბალმა ფეხზე... ერთი ბორბალი ათ ფუტს იწონის... თხლაშ! წავალ, ლოგინში ჩავწვები და დავიძინებ, – თქვა და წინკარიდან გაქრა.

კატა კი შექანდა, სკამიდან ჩამოხტა, უკანა თათებზე შედგა, დოინჯი შემოიყარა, პირი დააღო და თქვა:

– ჰო, მე გამოგიგზავნე დეპეშა, მერე, რა გინდა?

მაქსიმილიან ანდრეევიჩს იმავ წამს თავბრუ დაესხა, ერთიანად გაშეშდა, ჩემოდანი ხელიდან გაუვარდა და კატის წინ მდგარ სკამს დაასკდა.

– მე მგონი, რუსულად გეკითხები, – მკაცრად უთხრა კატამ, – მერე რა გინდა? მაგრამ პოპლავსკი ხმას ვერ იღებდა.



214

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

– პასპორტი! – შეკნავლა კატამ და ფუმფულა თათი გაუწოდა.

გონდაბინდული, ერთიანად დაბეცებული პოპლავსკი კატის თვალებში აელვარებულ ორ ნაკვერჩხალსღა ხედავდა და ამ ნაკვერჩხლებს დამორჩილებულმა, ჯიბიდან ხანჯალივით იშვლიპა პასპორტი. კატამ მაგიდიდან სქელი, შავჩარჩოიანი სათვალე აიღო, დრუნჩზე წამოიკოსა, რის გამოც უფრო მკაცრი შესახედაობა გაუხდა და პოპლავსკის აცახცახებული ხელიდან პასპორტი გამოსტაცა.

„ნეტა გრძნობას დავკარგავ თუ არა?“ – გაიფიქრა პოპლავსკიმ. შორიდან კაროვიევის ქშუტუნ-სლუკუნი აღწევდა, წინკარი ერთბაშად აივსო ეთერის, ვალერიანის და კიდევ რაღაც გულის ამრევი საძაგლობის სუნით.

– რომელ განყოფილებაშია გაცემული? – იკითხა კატამ და äფურცელს დააკვირდა. პასუხი არ მიუღია.

– ოთხასმეთორმეტეში, – თვითონვე უპასუხა თავს და ფურცელს თათი გააყოლა, – პასპორტი თავდაყირა ეჭირა, – ცხადია, ეგრე იქნებოდა! მაგ განყოფილებას კარგად ვიცნობ! ყველა ვიგინდარას პასპორტს აძლევენ! მე კი, მაგალითად, თქვენისთანა ტიპს პასპორტს არ მივცემდი! არასგზით არ მივცემდი! სახეში ერთხელ შემოგხედავდით და მაშინვე უარს გეტყოდით! – კატა ისე განრისხდა, რომ პასპორტი იატაკზე მოისროლა, – დაკრძალვაზე თქვენი დასწრება გაუქმებულია, – ოფიციალური ტონით განაგრძო კატამ, – კეთილი ინებეთ და საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდით, – და კარს გასჭყივლა, – აზაზელო!

მის ძახილზე წინკარში დაბალი, კოჭლი, შავ ტრიკოში გამოკონჭილი, ტყავის ქამარში დანაგაჩრილი, ყვითელღოჯიანი, მარცხენა თვალზე ლიბრგადაკრული წითური კაცი შემოვიდა.

პოპლავსკიმ იგრძნო, რომ ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, სკამიდან წამოდგა, გულზე ხელი იტაცა და უკან-უკან დაიხია.

– აზაზელო, გააცილე! – ბრძანა კატამ და წინკარიდან გავიდა.

– პოპლავსკი, – ჩურჩულით ჩაინიღნიღა აზაზელომ, – მგონი, უკვე ყველაფერს მიხვდი, არა? პოპლავსკიმ თავი დაუქნია.

– ჰოდა, ახლავე კიევში დაბრუნდი, – განაგრძო აზაზელომ, – გასუსული იჯექი და



215

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

მოსკოვის ბინაზე ოცნებაც აღარ გაბედო.

ეს დაბალი კაცი, თავისი ღოჯით, დანითა და ელამი თვალით თავზარს რომ სცემდა პოპლავსკის, ეკონომისტს მხრებამდე სწვდებოდა, მაგრამ ენერგიულად, გააზრებულად და საქმიანად მოქმედებდა.

უპირველესად პასპორტი აიღო იატაკიდან და მაქსიმილიან ანდრეევიჩს გაუწოდა. მანაც გახევებული ხელით გამოართვა. შემდეგ აზაზელოდ წოდებული ცალი ხელით ჩემოდანს დასწვდა, მეორით კარი გამოაღო, ბერლიოზის ბიძას ხელი გაუყარა და კიბის ბაქანზე მიაბრძანა. პოპლავსკი კედელს აეყუდა. აზაზელომ უგასაღებოდ გახსნა ჩემოდანი, იქიდან გაქონილ გაზეთში გახვეული უზარმაზარი ქათამი ამოიღო, რომელსაც ერთი ბარკალი აკლდა და კართან დადო. შემდეგ ორი ხელი თეთრეული, საპარსი ქამარი, რაღაც წიგნი და სათვალის ბუდე ამოიღო და ეს ყველაფერი, ქათმის გარდა, ფეხის კვრით გადაუძახა კიბის ხვეულში, იქითვე მოისროლა უკვე დაცარიელებული ჩემოდანიც. ისმოდა ჩემოდნის რახარუხი და ხმაურით იმის მიხვედრაც შეიძლებოდა, რომ ჩემოდანს სახურავი მოძვრა.

შემდეგ წითურმა ყაჩაღმა ქათამს ბარკალში სტაცა ხელი და მთელი ძალით, ღონივრად ისე ჩასცხო კისერში პოპლავსკის, რომ ქათამი ჰაერში გაფრინდა და აზაზელოს ბარკალიღა შერჩა ხელში. ყველაფერი აირია ობლონსკების სახლში, როგორც სამართლიანად აღნიშნა სახელგანთქმულმა მწერალმა, ლევ ტოლსტოიმ. ახლაც, ეს ყველაფერი რომ ენახა, ალბათ ზუსტად იმავეს იტყოდა! დიახ! ყველაფერი აირია პოპლავსკის თავში. თვალებიდან ფერადი ნაკვერჩხლები სცვიოდა, შემდეგ თვალთ დაუბნელდა, წამით თითქოს ჩაქრა კიდეც მაისის ეს დღე – დიახ, პოპლავსკი თავქვე გაფრინდა კიბეზე, ხელში პასპორტი ეჭირა. მოსახვევთან რომ ჩაიხრიგინა, მომდევნო ბაქანზე ფეხი ფანჯარაზე მოუხვდა, მინა ჩატეხა და საფეხურს დაასკდა. გვერდით უფეხო ქათამმა ჩაუქროლა და ისიც კიბის ხვეულში გაუჩინარდა. ზევით დარჩენილმა აზაზელომ თვალის დახამხამებაში პირში იტაცა ბარკალი, მერე ძვალი ტრიკოს უკანა ჯიბეში ჩაიჩურთა, ბინაში შებრუნდა და კარი მოაჯახუნა. ამასობაში ქვევიდან ზევით მომავალი ადამიანის ფრთხილი ნაბიჯის ხმაც გაისმა.

პოპლავსკიმ კიდევ ერთი ბაქანი ჩაირბინა, იქვე მდგარ ხის მერხზე ჩამოჯდა და სული მოითქვა.

ვიღაც ჩია ტანის, ხანში შესული, საოცრად სახედანაღვლიანებული კაცი, ჩესუჩის გაქუცული კოსტიუმი რომ ეცვა და მწვანე ლენტშემოვლებული ჩალის შლაპა ეხურა, კიბეზე ამოდიოდა და პოპლავსკი რომ დაინახა, შედგა.



216

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

– ნება მომეცით, გკითხოთ, მოქალაქევ, – ნაღვლიანად უთხრა ჩესუჩისკოსტიუმიანმა, – 50-ე ბინა სად უნდა იყოს?

– მაღლა! – სწრაფად უპასუხა პოპლავსკიმ.

– მადლობას მოგახსენებთ, მოქალაქევ, – ისევ ნაღვლიანად უთხრა კაცმა და ისევ კიბეს შეუყვა, პოპლავსკი კი თავქვე დაეშვა კიბეზე.

თქვენ ალბათ გაინტერესებთ, მილიციაში ხომ არ მირბოდა მაქსიმილიან ანდრეევიჩი იმ ავაზაკების დასასმენად, დღისით-მზისით ასე უმოწყალოდ რომ დაესხნენ თავს. არა და არა, ეს კი შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ. მილიციაში მისულიყო და ეთქვა, რომ ახლახან სათვალიანი კატა მის პასპორტს ამოწმებდა... შემდეგ კი ტრიკოში გამოწყობილი, ქამარში დანაგაჩრილი კაცი... არა, მოქალაქენო, აკი გითხარით, მაქსიმილიან ანდრეევიჩი ჭკვიანი კაცი იყო!

ქვევით ჩასულმა სადარბაზოს კართან მეორე პატარა კარს მოჰკრა თვალი. ფანჯარა იქაც ჩამტვრეული იყო. პოპლავსკიმ პასპორტი ჯიბეში შეინახა და მიმოიხედა, გადმოყრილი ნივთები მოიძია. მათი კვალიც აღარსად ჩანდა. პოპლავსკი თვითონვე გაოცდა, იმდენად არ შეუწუხებია ამ ამბავს. მას ახლა სხვა, უფრო საგულისხმო და მაცდუნებელი აზრი აეკვიატა – ამ კაცის მეშვეობით კიდევ ერთხელ შეემოწმებინა ეს დაწყევლილი ბინა. მართლაცდა: თუკი ამ კაცმა 50-ე ბინის ადგილმდებარეობა იკითხა, ესე იგი, პირველად იყო აქ. მაშასადამე, ახლა პირდაპირ ბინაში დაბუდებულ ავაზაკებს უნდა ჩავარდნოდა ხახაში. რაღაც კარნახობდა პოპლავსკის, რომ ეს კაცუნა მალე დაბრუნდებოდა უკან. ცხადია, მაქსიმილიან ანდრეევიჩი აღარ აპირებდა ცოლის დისშვილის გასვენებაზე დასწრებას, ხოლო კიევისკენ მიმავალი მატარებლის გასვლამდე თავზე საყრელი დრო რჩებოდა. ეკონომისტმა მიმოიხედა და საკუჭნაოში შეძვრა. ამ დროს სადღაც მაღლა კარმა გაიბრახუნა. „შევიდა!“ – გულის ფანცქალით გაიფიქრა პოპლავსკიმ. საკუჭნაოში გრილოდა, თაგვისა და ჩექმის სუნი იდგა. მაქსიმილიან ანდრეევიჩი რაღაც კუნძზე ჩამოჯდა და გადაწყვიტა, დალოდებოდა. ხელსაყრელი პოზიცია იყო, საკუჭნაოდან პირდაპირ მოჩანდა მეექვსე სადარბაზოს კარი.

მაგრამ უფრო მეტხანს მოუწია ლოდინმა, ვიდრე ვარაუდობდა. კიბე რატომღაც ერთთავად ცარიელი იყო, ყველაფერი კარგად ისმოდა. ბოლოს, როგორც იქნა, მეხუთე სართულზე კარი გარახუნდა. პოპლავსკი ადგილზე გაქვავდა და ნაბიჯის ხმას მიაყურადა. „ქვევით მოდის“, ქვედა სართულის კარიც გაიღო, ნაბიჯის ხმა შეწყდა. ქალის ხმა გაისმა. მერე იმ ნაღვლიანი კაცის ხმაც... ჰო, მისი ხმა იყო... რაღაც თქვა, მგონი „თავი გამანებეთ, ღვთის



217

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

გულისათვის“. პოპლავსკი ყურით ეკვროდა გატეხილ მინას. ჯერ ქალის სიცილი მისწვდა, შემდეგ სწრაფი, დაჯერებული ნაბიჯის ხმა. და აი, გასასვლელში ქალის ზურგი გაკრთა. მუშამბის მწვანეჩანთიანი ქალი სადარბაზოდან ეზოში გავიდა. შემდეგ ისევ გაისმა იმ კაცის ნაბიჯის ხმა. „უცნაურია, ნუთუ უკან ბრუნდება! იქნებ თვითონაც იმ ბანდის წევრია? ჰო, ბრუნდება. ისევ გაიღო კარი. კი, ბატონო, ცოტაც დაველოდოთ!“

ამჯერად მართლა ცოტა ხანს მოუწია ლოდინმა. კარი გაჯახუნდა, ნაბიჯის ხმა. სიჩუმე. გამწარებული შეკივლება. კატის ჩხავილი. სწრაფი, თავქვედაშვებული ბრაგაბრუგი, ქვევით, ქვევით, ქვევით!

პოპლავსკი ელოდა. ნაღვლიანმა კაცმა პირჯვრის წერითა და ბურდღუნ-ბურდღუნით გვერდზე ჩაურბინა, ქუდი აღარ ეხურა, მელოტი თავი დაჩხაპნილი ჰქონდა, შარვალი კი – სველი. კაცი სადარბაზოს კარის სახელურს დაეჯაჯგურა, თავზარდაცემულმა ვეღარ გაარკვია, საით უნდა გაეღო – გარეთ თუ შიგნით, ბოლოს, როგორც იქნა, გააღო და ეზოში, მზეზე გაიჭრა.

ბინის შემოწმება დასრულდა. მაქსიმილიან ანდრეევიჩი უკვე აღარც ცოლის განსვენებულ დისშვილზე ფიქრობდა, აღარც მის ბინაზე, მხოლოდ ტანში ზარავდა მოსალოდნელი საფრთხის გახსენება. „ყველაფერი ცხადია! ყველაფერი!“ – ბუტბუტებდა და ეზოში გარბოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე ტროლეიბუსში იჯდა და კიევის სადგურისაკენ მიქროდა.

იმ ჩია კაცს კი, ვიდრე ეკონომისტი საკუჭნაოში ელოდა, საშინელი ამბავი გადახდა თავს. ეს კაცი ვარიეტეს მებუფეტე იყო და სახელად ანდრეი ფოკიჩ სოკოვი გახლდათ. ვიდრე ვარიეტეში გამოძიება მიმდინარეობდა, ანდრეი ფოკიჩს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ რატომღაც უფრო დაუნაღვლიანდა ისედაც ნაღვლიანი სახე, შემდეგ კურიერ კარპოვს გამოჰკითხა, სად იყო დაბინავებული ჩამოსული მაგი.

ასე და ამრიგად, კიბეზე ეკონომისტს რომ დასცილდა, მებუფეტე მეხუთე სართულზე ავიდა და 50-ე ბინის კარზე დარეკა.

იმავ წამს გაუღეს. მებუფეტე შეკრთა, უკან დაიხია და კარში მაშინვე არ შესულა. ეს გასაგებიც იყო. კართან ერთიანად შიშველი ასული იდგა, რომელსაც მაქმანიანი წინსაფარი აეფარებინა და თავზე თეთრი მაქმანისვე თავსაბურავი დაემაგრებინა, ფეხზე ოქროსფერი ფეხსაცმელი ეცვა, სულ ეს იყო. ქალიშვილს უნაკლო ტანი ჰქონდა, ერთადერთ ნაკლად



218

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

ყელზე დარჩენილი იისფერი ნაიარევი შეიძლებოდა ჩაგეთვალათ.

– რაკი დარეკეთ, შემოდით კიდეც! – უთხრა ასულმა და მებუფეტეს მწვანე, ურცხვი თვალები შეანათა.

ანდრეი ფოკიჩმა ამოიოხრა, თვალები აახამხამა, შლაპა მოიხადა და წინკარში შეაბიჯა. სწორედ ამ დროს დაიწკრიალა ტელეფონმა. ამ ურცხვმა მოსამსახურემ ცალი ფეხი სკამზე შედგა, ყურმილი აიღო და თქვა:

– ალო!

მებუფეტემ აღარ იცოდა, თვალები სად წაეღო, წარამარა ფეხს ინაცვლებდა და რამდენჯერმე ისიც გაიფიქრა: „ხედავ, რა მოსამსახურე ჰყოლია ამ უცხოელს? ფუ, რა სამარცხვინოა!“ და მერე, ამ სიბინძურისაგან თავის დასაცავად, წინკარს მოავლო თვალი.

ეს უზარმაზარი, ნახევრად ჩაბნელებული წინკარი უჩვეულო საგნებითა და ტანსაცმლით იყო სავსე. ასე, მაგალითად, სკამის საზურგეზე სისხლისფერქობიანი შავი სამგლოვიარო

მოსასხამი იყო მიგდებული. სარკესთან, მაგიდაზე, გრძელი დაშნის ოქროსფერი კოტა ბზინავდა. ვერცხლისფერკოტიანი სამი დაშნა კუთხეში იყო მიყუდებული, ისევე, როგორც ჯოხებს ან ქოლგებს აყუდებენ ხოლმე. ირმის რქებზე კი არწივისნაკრტენიანი ბერეტი ეკიდა.

– დიახ, – ტელეფონში საუბარს განაგრძობდა მოსამსახურე, – როგორ? ბარონი მეიგელი ბრძანდებით? გისმენთ, დიახ! ბატონი არტისტი დღეს შინ გახლავთ. დიახ, დიახ, ალბათ გაუხარდება თქვენი ნახვა. დიახ, სტუმრები ეყოლება... ფრაკი ან შავი კოსტიუმი. რა ბრძანეთ? ღამის თორმეტი საათისათვის... – მოსამსახურემ საუბარი დაასრულა, ყურმილი დადო და მებუფეტეს მიუბრუნდა, – რა გნებავთ?

– მოქალაქე არტისტის ნახვა მინდოდა.

– როგორ? პირადად მისი?

– დიახ, – ნაღვლიანად უპასუხა მებუფეტემ.

– ვკითხავ, – ჭოჭმანით უთხრა მოსამსახურემ, განსვენებული ბერლიოზის კაბინეტის კარი შეაღო და მოახსენა, – მესირ, ერთი ჩია რაინდი გახლავთ, დაუჟინია, მესირის ნახვა მსურსო.



219

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

– მერე შემოვიდეს, – გაისმა კაბინეტიდან კაროვიევის ჟღრიალა ხმა.

– სასტუმროში მობრძანდით, – ისე უბრალოდ უთხრა ასულმა, თითქოს ადამიანურად ეცვა. სასტუმრო ოთახის კარი გაუღო და თვითონ წინკარში გაქრა.

როცა მებუფეტე იქ შევიდა, სადაც მიიწვიეს, იმდენად გაოცდა, ისიც კი გადაავიწყდა, რისთვის იყო მისული. უზარმაზარი ფანჯრის ფერად მინებში (ოქრომჭედლის უკვალოდ გამქრალი მეუღლის ფანტაზიით რომ იყო ნაკეთები), უჩვეულო, ეკლესიური შუქი იფრქვეოდა. ძველებურ, დიდ ბუხარში, გაზაფხულის ამ ცხელი დღის მიუხედავად, ცეცხლი გიზგიზებდა. და მაინც, ოთახში არ ცხელოდა. პირიქით, შემოსულმა სარდაფის სინესტე იგრძნო. ბუხრის წინ, ვეფხვის ტყავზე, უზარმაზარი შავი კატა ნებივრობდა და ცეცხლის ენებს კეთილად უჭუტავდა თვალს. იდგა მაგიდაც, რომლის დანახვაზე ღვთისმოსავი მებუფეტე შეცბა: სუფრად საეკლესიო სტავრა იყო გადაფარებული. ამ სტავრაზე უამრავი ბოთლი ეწყო – მუცელგაბერილი, ობმოდებული და მტვრიანი. ბოთლებს შორის ლანგარი ბზინავდა და მაშინვე მიხვდებოდით, რომ იგი ბაჯაღლო ოქროსი იყო. ბუხართან ვიღაც ქამარში დანაგაჩრილი, დაბალი და წითური კაცი გრძელ დაშნაზე წამოგებულ ხორცის ნაჭრებს წვავდა, ქონი ცეცხლში წვეთავდა და ადენილი ბოლი საკვამურს აწყდებოდა. შემწვარი ხორცის სუნთან ერთად ოთახში რაღაც მკვეთრი სუნამოსა და საკმევლის სუნიც ტრიალებდა, რის გამოც მებუფეტემ, უკვე გაზეთებიდან რომ შეეტყო ბერლიოზის მისამართი და მისი დაღუპვის ამბავი, გაიფიქრა კიდეც, ბერლიოზის სულის მოსახსენებლად ხომ არ გადაიხადეს საეკლესიო პანაშვიდიო, თუმცა, მაშინვე უაზროდ ეჩვენა ნაფიქრი. გაოცებულ მებუფეტეს ანაზდად მძიმე ბანი შემოესმა:

– აბა, რით შემიძლია გემსახუროთ?

და მებუფეტემ ოთახის ჩაბნელებულ კუთხეში ის დაინახა, ვისაც ეძებდა.

შავი მაგიის მსახური გასაოცრად დიდ და დაბალ ტახტზე მიწოლილიყო, სადაც უწესრიგოდ იყო მიყრილ-მოყრილი ბალიშები. როგორც მებუფეტეს მოეჩვენა, მსახიობს მხოლოდ შავი საცვლები და შავი ფერისვე ჭვინტწამახული ფეხსაცმელი ეცვა.

– მე, – მწარედ დაიწყო მებუფეტემ, – ვარიეტეს ბუფეტის გამგე გახლავართ...

უცებ არტისტმა წინ გაიშვირა ძვირფასთვლიანი ბეჭდებით დამძიმებული ხელი, თითქოს ამით შეაწყვეტინა მოსულს სიტყვა და უთხრა:



220

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

– არა, არა და არა! მეტი აღარაფერი მითხრათ! არასოდეს და არასგზის! თქვენს ბუფეტში აღარაფერს შევჭამ! პატივცემულო, გუშინ თქვენი დახლის წინ ჩავიარე და აქამდე ვერ დამივიწყებია ბრინზა და თართი! უძვირფასესო, მწვანე ფერის ბრინზა არ არსებობს, თქვენ, ალბათ, ვიღაცამ მოგატყუათ. ყველა წესით და კანონით, ბრინზა თეთრი უნდა იყოს. ან ჩაი რას ჰგავდა? ნარეცხი! საკუთარი თვალით დავინახე, ვიღაც გაჩეჩილმა გოგომ როგორ ჩაასხა ვედროდან სამოვარში აუდუღარი წყალი, თან არც ჩაის დასხმა შეუწყვეტია. არა, ძვირფასო, ასე არ შეიძლება!

– ბოდიშს კი გიხდით, – დაიწყო ამ მოულოდნელი თავდასხმით გაოცებულმა ანდრეი ფოკიჩმა, – მაგრამ მე სულ სხვა რამეზე გეწვიეთ და თართი აქ არაფერ შუაშია!

– როგორ თუ არაფერ შუაშია, თუ თართი გაფუჭებული იყო?

– მეორე ხარისხის თართი გამოგვიგზავნეს, – აცნობა მებუფეტემ.

– ძვირფასო, ეგ სისულელეა!

– რა არის სისულელე?

– მეორე ხარისხია სისულელე! ხარისხი მხოლოდ ერთი არსებობს – პირველი, და მაშასადამე,

უკანასკნელიც! თუ თართი მეორე ხარისხისაა, ესე იგი, აყროლებულია.

– მაპატიეთ... – ისევ დაიწყო მებუფეტემ, როგორმე თავი რომ დაეღწია ამ აბეზარი მსახიობისგან.

– ვერ გაპატიებთ! – მტკიცედ უთხრა მსახიობმა.

– მე ამ საქმეზე არ მოვსულვარ! – უთხრა საბოლოოდ გუნებაწამხდარმა მებუფეტემ.

– როგორ? – გაოცდა უცხოელი მაგი, – აბა, სხვა რა საქმეს უნდა მოეყვანეთ ჩემთან? თუ მეხსიერება არ მღალატობს, თქვენი პროფესიის მონათესავე პირთაგან მხოლოდ ერთ მარკიტანკას ვიცნობდი, ისიც ძალიან დიდი ხნის წინ, როცა თქვენ ჯერ დაბადებულიც არ იქნებოდით ამქვეყნად. თუმცა, მაინც მიხარია თქვენი ნახვა. აზაზელო! ტაბურეტი მოართვი ბატონ მებუფეტეს!



221

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

ის, ვინც ხორცს წვავდა, შემობრუნდა, თავისი ღოჯით დასცა თავზარი მებუფეტეს და მოხერხებულად მიაწოდა ერთ-ერთი შავი, მუხის დაბალი ტაბურეტი. სხვა სკამი ოთახში არ იყო.

მებუფეტემ ამოილუღლუღა:

– დიდად გმადლობთ, – და სამფეხაზე დაეშვა. სამფეხას უკანა ფეხი იმავ წამს ტკაცანით ჩატყდა და მებუფეტე მძიმედ დაებერტყა იატაკს. დაცემისას მის წინ მდგარ მეორე სამფეხასაც წამოჰკრა ფეხი და შარვალზე ღვინით სავსე თასი გადაიღვარა.

მსახიობმა შესძახა:

– ოჰ! ხომ არ დაშავდით?

აზაზელო წამოდგომაში მიეხმარა მებუფეტეს და მეორე სამფეხა მიართვა. გაწბილებულმა მებუფეტემ უარი მოახსენა მასპინძელს, ბუხართან გასაშრობად გაეკიდა შარვალი და სველ თეთრეულსა და შარვალში აწურული, ამჟამად უკვე ფრთხილად ჩამოჯდა შეთავაზებულ სკამზე.

– მე დაბალი სკამები მიყვარს, – უთხრა მსახიობმა, – დაბლიდან ისე საშიში არ არის გადმოვარდნა. ჰო, ჩვენ, მგონი, თართზე შევჩერდით. ჩემო კარგო! დამიჯერეთ, თევზი ახალი უნდა იყოს, მხოლოდ ახალი. აი, ეს გახლავთ ყოველი მებუფეტეს დევიზი. ამის გასინჯვას ხომ არ ინებებთ...

ბუხრიდან დაფრქვეულ მეწამულ ალზე მებუფეტეს თვალწინ დაშნა გაკრთა, აზაზელომ ოქროს თეფშზე დააწყო აშიშხინებული ხორცის ნაჭრები, ზედ ლიმონის წვენი მოასხა და მებუფეტეს ოქროს ორთითა ჩანგალი მიაწოდა.

– გმადლობთ... მე...

– უარს ნუ მეტყვით, მიირთვით!

მებუფეტემ ზრდილობისათვის ჩაკბიჩა ხორცი და მაშინვე მიხვდა, მართლაც ძალზე ქორფა და, რაც მთავარია, ძალზე გემრიელ ხორცს რომ ჭამდა. მაგრამ ამ სურნელოვანი, წვენდადენილი ხორცის ღეჭვისას მებუფეტე ლამის დაიხრჩო და ლამის ხელმეორედ გადმოვარდა სკამიდან. მეზობელი ოთახიდან უზარმაზარი შავი ჩიტი შემოფრინდა და მელოტ



222

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

თავზე ფრთხილად გაჰკრა ფრთა. შემდეგ ბუხრის შორენკეცზე, საათის გვერდით ჩამოჯდა და მებუფეტე მიხვდა, რომ ეს ჩიტი ბუ იყო. „ღმერთო ჩემო! – გაიფიქრა სხვა მებუფეტეებივით ნერვიულმა ანდრეი ფოკიჩმა, – რა ხდება ამ სახლში?“

– ღვინო ინებეთ, რომელი გნებავთ, თეთრი თუ შავი? იქნებ, დღის ამ დროს სხვა ქვეყნის ღვინო გირჩევნიათ?

– გმადლობთ... არ ვსვამ...

– სულ ტყუილად! მაშინ კამათელი გავაგოროთ, ან იქნებ სხვა თამაში გიყვართ? დომინო? ბანქო?

– არც ვთამაშობ, – უთხრა უკვე სიქაგაცლილმა მებუფეტემ.

– ეგ მთლად უარესი, – დაასკვნა მასპინძელმა, – თქვენი ნებაა, მაგრამ მე მაინც მგონია, რაღაც უსიამოვნო იმალება იმ კაცებში, ვინც ღვინოს, ქაღალდს და მომხიბლავ ქალებს, ან მაგიდასთან საუბარს ერიდებიან. ასეთი ადამიანები ან მძიმედ არიან ავად, ან ირგვლივმყოფთ ვერ იტანენ და ამის დაფარვას ცდილობენ. თუმცა გამონაკლისიც შესაძლებელია. იმ ხალხს შორის, ვინც ჩემთან ერთად შემოსხდომია საქეიფოდ სუფრას, ხანდახან ენით აუწერელი გაიძვერებიც შემხვედრია! ასე რომ, გისმენთ, რა გნებავთ?

– გუშინ თქვენ ფოკუსების ჩატარება ინებეთ...

– მე? – წამოიძახა გაოცებულმა მსახიობმა, – რას ბრძანებთ? ეგ როგორღაც არც კი შემფერის!

– მომიტევეთ, – უთხრა გაოგნებულმა მებუფეტემ, – შავი მაგიის სეანსი ხომ...

– ა, ჰო, ჰო, ცხადია! ჩემო ძვირფასო! ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. მე მსახიობი არ გახლავართ. უბრალოდ, ერთად მინდოდა მოსკოველების ნახვა. ეს კი ყველაზე მოსახერხებელი თეატრში იყო. ჩემმა მსახურებმა, – მან თავი კატისკენ გაიქნია, – ეს სეანსი მოაწყვეს. მე კი მხოლოდ ვიჯექი და მოსკოველებს ვაკვირდებოდი. გთხოვთ, ფერს ნუ კარგავთ, ისე მიპასუხეთ, ამ სეანსის გამო რატომ მეწვიეთ?

– როგორც იცით, სხვა დანარჩენ ფოკუსებთან ერთად, ჭერიდან ფულიც ჩამოყარეთ, – მებუფეტემ ხმას დაუწია და დამფრთხალმა მიმოიხედა, – ჰოდა, ყველამ ახვეტა ის თუმნიანები.



223

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

შემოდის ჩემთან ბუფეტში ახალგაზრდა კაცი, ათმანეთიანს მაწვდის, მე ხურდას ვუბრუნებ, რვა მანეთსა და ორმოცდაათ კაპიკს, შემდეგ მეორე...

– ისიც ახალგაზრდა იყო?

– არა, ხნიერი. მესამე, მეოთხე... ყველას ხურდა დავუბრუნე. დღეს კი სალარო შევამოწმე და წარმოიდგინეთ, ფულის ნაცვლად დაჭრილი ქაღალდი დამხვდა. ას ცხრა მანეთით აზარალეთ ბუფეტი.

– ოჰ-ოჰ-ოჰ! – წამოიძახა მსახიობმა, – ნუთუ ნამდვილი ფული ეგონათ? ვერ დავიჯერებ, რომ შეგნებულად ჩაიდინეს ეს საშინელება.

მებუფეტემ როგორღაც ცერად და ნაღვლიანად მიმოიხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

– ნუთუ ასეთი გარეწრები არიან? – ერთხელ კიდეც დაეკითხა სტუმარს შეშფოთებული მსახიობი, – ნუთუ შესაძლებელია, რომ მოსკოველები გარეწრები იყვნენ?

პასუხად მებუფეტემ ისე მწარედ ჩაიცინა, რომ ეჭვი აღარ რჩებოდა: დიახ, მოსკოველებს შორის ბევრი გარეწარი იყო!

– რა საშინელებაა! – აღშფოთდა ვოლანდი, – ღარიბი კაცი ბრძანდებით... გიჭირთ, არა? მებუფეტემ კისერი მხრებში ჩამალა, ცხადი იყო, მართლაც ძალიან უჭირდა ცხოვრება.

– დანაზოგი რამდენი გაქვთ?

კითხვა თანაგრძნობით იყო დასმული, თუმცა, შეუძლებელია, ასეთი კითხვა არადელიკატურად არ ჩაგეთვალათ. მებუფეტეს ენა დაება.

– ორას ორმოცდაათი ათასი მანეთი აქვს ხუთ შემნახველ სალაროში, – მეორე ოთახიდან გამოეპასუხა ჟღრიალა ხმა, – შინ კი, იატაკის ქვეშ ორასი ოქროს თუმნიანი უდევს.

მებუფეტე თითქოს მიეწება თავის სამფეხას.

– გასაგებია, ეგ რა ფულია, – თანაგრძნობით უთხრა ვოლანდმა თავის სტუმარს, – თუმცა,

გულახდილად გეტყვით, არც ეგ ფული გჭირდებათ. როდის აპირებთ სიკვდილს?



224

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

ახლა კი აღშფოთდა მებუფეტე.

– ეგ არც არავინ იცის და არც არავის ეხება, – უპასუხა მან.

– როგორ თუ არ იცის? – იგივე უსიამოვნო ხმა გაისმა კაბინეტიდან, – დიდი ცოდნა მაგას უნდა! ეგ ცხრა თვის შემდეგ მოკვდება, მომავალი წლის თებერვალში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კლინიკის მეოთხე პალატაში, ღვიძლის კიბოთი.

მებუფეტეს მწვანე ფერი დაედო.

– ცხრა თვე, – დაფიქრებული ანგარიშობდა ვოლანდი, – ორას ორმოცდაცხრა ათასი... თუ დავამრგვალებთ, თვეში ოცდაშვიდი ათასი გამოდის? ცოტაა, მაგრამ ხელმომჭირნე ცხოვრებისთვის კმარა. თან ის თუმნიანებიც გაქვთ.

– თუმნიანების გამოყენებას ვეღარ მოასწრებს, – უპასუხა იმავე ხმამ და მებუფეტეს გული გაეყინა, – ანდრეი ფოკიჩის სიკვდილისთანავე იმ სახლს დაანგრევენ და ოქროს თუმნიანებს სახელმწიფო ბანკში გადაგზავნიან.

– კლინიკაში დაწოლას არ გირჩევდით, – უთხრა მსახიობმა, – რა აზრი აქვს პალატაში სიკვდილს, უიმედოდ დაავადებული ავადმყოფების კვნესასა და ხრიალში. აჯობებს ამ ოცდაშვიდი ათასით გვარიანი სუფრა გაშალოთ, შემდეგ კი საწამლავი შესვათ და მუსიკის თანხლებით, თრობაშეპარული ლამაზმანებისა და შექეიფიანებული მეგობრების სიახლოვეს განუტევოთ სული.

უძრავად მჯდარი მებუფეტე ანაზდად დაბერდა, თვალები ჩაუღამდა, ლოყები მოემჩვარა და ქვედა ყბა ჩამოუვარდა.

– თუმცა, ოცნებამ გაგვიტაცა, – წამოიყვირა მასპინძელმა, – საქმეს მივხედოთ, ერთი ის თქვენი ქაღალდები მაჩვენეთ.

მებუფეტემ ჯიბიდან ხელის ცახცახით ამოაძვრინა შეკვრა, გახსნა და ადგილზე გახევდა. გაზეთში თუმნიანები ეწყო.

– ჩემო კარგო, მგონი, მართლა ცუდად გრძნობთ თავს, – მხრები აიჩეჩა ვოლანდმა. შეშლილივით გაღიმებული მებუფეტე სკამიდან წამოხტა.

– მე... – ენის ბორძიკით დაიწყო მან, – თუ მერე ისევ...



225

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

– მმ! – ჩაფიქრდა მსახიობი, – მაშინ ისევ გვესტუმრეთ. თქვენი ნახვა გაგვიხარდება! კარგია, რომ გაგიცანით.

იმავ წამს კაბინეტიდან კაროვიევი გამოხტა, მებუფეტეს სახელოში ჩააფრინდა, დიდხანს აჯანჯღარებდა და ემუდარებოდა, ყველასთვის, ყველასთვის გადაეცა მოკითხვა და კაროვიევისაგან თავდახსნილი მებუფეტე კარისკენ წალასლასდა.

– გელლა, გააცილე! – ყვიროდა კაროვიევი.

წინკარში ისევ ის წითური, შიშველი პირისფარეში დახვდა. მებუფეტე კარისკენ გაიძურწა,

„კარგად ბრძანდებოდეთო“, ამოიკნავლა, და მთვრალივით ფეხათრეული გავიდა გარეთ.

რამდენიმე საფეხური რომ ჩაიარა, შედგა, კიბეზე ჩამოჯდა, ქაღალდის დასტა ისევ ამოიღო ჯიბიდან და შეამოწმა – გაზეთში ათმანეთიანები ეწყო.

უეცრად ამ ბაქანზე გამომავალი ერთ-ერთი კარი გაიღო და მწვანეჩანთიანი ქალი გამოვიდა. გაეღიმა, საფეხურზე უაზროდ ჩამომჯდარი და ფულს დაჩერებული კაცი რომ დაინახა და შეწუხებულმა ჩაილაპარაკა:

– რა არ ხდება ამ სახლში. ესეც დილიდანვე გამომთვრალა. კიბეზე ისევ მინა ჩაამსხვრიეს, – შემდეგ გულმოდგინედ დააკვირდა მებუფეტეს და უთხრა, – როგორც ვხედავ, მოქალაქევ, ფული ჩეჩქივით გაქვთ. ცოტას ხომ ვერ მიწილადებდით?

– თუ ღმერთი გწამთ, თავი გამანებეთ, – დაფრთხა მებუფეტე და სასწრაფოდ დამალა ფული. ქალს გაეცინა:

– ჭირსაც წაუღიხარ, ქვაწვია! გაგეხუმრე, – უთხრა და თავქვე დაეშვა.

მებუფეტე ნელა წამოდგა, ხელი ასწია შლაპის გასასწორებლად და მიხვდა, რომ ქუდი არ ეხურა. ძალიან კი ესიკვდილებოდა უკან დაბრუნება, მაგრამ შლაპაც დაენანა. ერთხანს ყოყმანობდა, შემდეგ მაინც აბრუნდა უკან და კარზე დარეკა.

– კიდევ რა გნებავთ? – ჰკითხა იმ წყეულმა გელლამ.

– შლაპა დამრჩა, – ჩურჩულით უთხრა მებუფეტემ და მელოტ თავზე მიუთითა. გელლა



226

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

შებრუნდა, მებუფეტემ გადააფურთხა და თვალი აარიდა. როცა ისევ გაახილა თვალი, გელლა უკვე შლაპასა და შავკოტიან დაშნას აწვდიდა.

– ეს ჩემი არ გახლავთ, – ჩაიჩურჩულა მებუფეტემ, დაშნას ხელი გაჰკრა და სასწრაფოდ დაიხურა ქუდი.

– თქვენ განა უდაშნოდ მობრძანდით?

მებუფეტემ რაღაც ჩაიბურდღუნა და სწრაფად დაეშვა კიბეზე. რატომღაც ქუდი უხერხულად ეხურა თავზე და ძალიან სცხელოდა კიდეც. მან შლაპა მოიხადა და შიშით თავზარდაცემულმა შეჰყვირა. ხელში მამლის გაქუცულფრთიანი ხავერდის ბერეტი შერჩა. მებუფეტემ პირჯვარი გადაისახა. იმავ წამს ბერეტმა დაიკნავლა, შავ კნუტად იქცა, ისევ თავზე შეახტა ანდრეი ფოკიჩს და მოტვლეპილ თავში კლანჭები ჩაასო. მებუფეტეს სიმწრის კივილი აღმოხდა, შეშლილივით დაეშვა თავქვე, კატა კი კიბეზე ჩახტა და ფხაჭაფხუჭით აიჭრა ზევით.

მებუფეტე სირბილით გაიჭრა ეზოში და სამუდამოდ მიატოვა ეს ეშმაკისეული 302-ბის სახლი.

შესანიშნავად ვიცი, რა შეემთხვა შემდეგ. ჭიშკრიდან გაჭრილმა ველური მზერა მოავლო იქაურობას, თითქოს რაღაცას ეძებსო. წუთის შემდეგ უკვე ქუჩის მეორე მხარეს მდებარე აფთიაქში შედიოდა. და როგორც კი თქვა, „მითხარით, გეთაყვა... „ – დახლთან მდგარმა ქალმა იკივლა:

– მოქალაქევ, თავი დაჩხაპნილი გაქვთ!

ხუთიოდე წუთის შემდეგ, მებუფეტეს თავი ბანდით ჰქონდა გადახვეული. ისიც იცოდა, რომ ღვიძლის დაავადებათა საუკეთესო სპეციალისტებად პროფესორები ბერნადსკი და კუზმინი ითვლებოდნენ, ისიც იკითხა, რომელი უფრო ახლოს ცხოვრობდა. სიხარულით ლამის გადაირია, როცა შეიტყო, რომ კუზმინი აქვე, ეზოს გადაღმა ცხოვრობდა თეთრ, ლამაზ სახლში და ორიოდე წუთის შემდეგ უკვე იმ სახლის კართან იდგა. ბინა ძველებური იყო, მაგრამ ძალიან მყუდრო. მებუფეტეს კარგად დაამახსოვრდა, რომ კარი მოხუცმა ქალმა გაუღო. უნდოდა შლაპა გამოერთმია, მაგრამ რადგანაც მისული უქუდოდ იყო, უკბილო პირი ააცმაცუნა და გაეცალა.

მის ნაცვლად, სარკესთან, პატარა თაღში შუახნის ქალი გამოჩნდა, რომელმაც აცნობა, რომ ექიმთან ჩაწერა მხოლოდ ცხრამეტი რიცხვისთვის შეიძლებოდა. მებუფეტე მაშინვე



227

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

მიხვდა, რა უშველიდა, მიმქრალი თვალები მოავლო თაღის უკან მდებარე ოთახს, სადაც სამი კაცი ელოდა თავის რიგს და ქალს უთხრა:

– მძიმე ავადმყოფი ვარ...

ქალმა გაოცებული მზერა შეავლო გადაბინტულ თავზე, ერთხანს იყოყმანა, მერე თქვა:

– თუ ასეა... – და მებუფეტე თაღში გაატარა.

იმავ წამს გაიღო მოპირდაპირე კარიც, იქიდან ოქროსფერი პენსნე გაკრთა და თეთრხალათიანმა ქალმა თქვა:

– მოქალაქეებო, ეს ავადმყოფი ურიგოდ შევა.

და მებუფეტემ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდა პროფესორ კუზმინის კაბინეტში. არაფერი საშიში, საზეიმო ან სამედიცინო არ იყო ამ მოგრძო ოთახში.

– რა დაგემართათ? – სასიამოვნო ხმით ჰკითხა პროფესორმა კუზმინმა და ოდნავი შეშფოთებით შეხედა შეხვეულ თავზე.

– ახლახან სარწმუნო წყაროებიდან შევიტყვე, – დაიწყო მებუფეტემ და გაბოროტებული მიაჩერდა მინის ქვეშ თავმოყრილ სურათებს, – რომ მომავალი წლის თებერვალში ღვიძლის კიბოთი მოვკვდები. გეხვეწებით, როგორმე შემიჩერეთ დაავადება.

პროფესორი კუზმინი გაოცებული მიეყუდა მაღალი, გოთური სკამის ტყავის საზურგეს.

– მაპატიეთ, ვერაფერი გავიგე... ექიმთან იყავით? თავი რატომ გაქვთ შეხვეული?

– ექიმი კი არა... ნეტა განახვათ ის ექიმი... – კბილები აუკაწკაწდა, – თავს კი ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ეს არაფერ შუაშია, – უპასუხა მებუფეტემ, – თავისთვის მიმიფურთხებია, ამას რა მნიშვნელობა აქვს. გემუდარებით, ღვიძლის კიბო შემიჩერეთ.

– მაპატიეთ, მაგრამ ვინ გითხრათ ეს ყველაფერი?

– დაუჯერეთ, გთხოვთ, – უცებ შეევედრა მებუფეტე, – დანამდვილებით იცის.

– ძალიან დამაბნიეთ, – მხრები აიჩეჩა პროფესორმა და სკამიანად გასცილდა მაგიდას, –



228

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

შეუძლებელია ვინმემ ის იცოდეს, როდის მოკვდებით? მით უმეტეს, თუ არც ექიმია.

– მეოთხე პალატაში, – უპასუხა მებუფეტემ.

პროფესორმა პაციენტს შეხედა, მერე თავზე დააკვირდა, სველ შარვალზე გაეყინა მზერა და გაიფიქრა: „ესღა მაკლდა! გიჟია!“ მერე ჰკითხა:

– არაყი გიყვართ?

– გემოც არ გამისინჯავს, – უპასუხა მებუფეტემ.

წუთის შემდეგ უკვე გახდილი იყო, მუშამბის ცივ ტახტზე იწვა და პროფესორი მუცელს უსინჯავდა. უნდა მოგახსენოთ, ახლა კი საგრძნობლად გამხიარულდა მებუფეტე. პროფესორი კატეგორიულად უმტკიცებდა, ამჟამად, ყოველ შემთხვევაში, დღეისთვის მაინც, კიბოს არანაირი ნიშანი არა გაქვთო. მაგრამ რაკიღა ასე გეშინიათ და ვიღაც გაიძვერამ დაგარწმუნათ, მოკვდებითო, ურიგო არ იქნებოდა, ანალიზები აგეღოთო. პროფესორი ქაღალდზე რაღაცას წერდა და უხსნიდა, სად უნდა მისულიყო და რა უნდა გაეკეთებინა. ამას გარდა, პროფესორ-ნევროლოგ ბურესთანაც გაატანა ბარათი და აუხსნა, რომ ნერვები ჰქონდა სამკურნალო.

– რამდენი უნდა მოგართვათ, პროფესორო? – ნაზი, მთრთოლარე ხმით ჰკითხა მებუფეტემ და ჯიბიდან სქელი საფულე ამოიღო.

– რამდენიც გნებავთ, – მოკლედ და ცივად მოუჭრა პროფესორმა.

მებუფეტემ ოცდაათი მანეთი ამოიღო, მაგიდაზე დადო, შემდეგ კი, მოულოდნელი სიმსუბუქით, თითქოს კატის თათი მოძრაობსო, ათმანეთიანებს გაზეთში გახვეული წკრიალა რგოლი დაადო.

– ეგ რაღაა? – ჰკითხა კუზმინმა და ულვაში მოიწიწკნა.

– არ მიწყინოთ, ბატონო პროფესორო, – ჩაიჩურჩულა მებუფეტემ, – გემუდარებით,

შემიჩერეთ კიბო.

– ახლავე მომაშორეთ ეგ ოქროს ფული, – უთხრა პროფესორმა და გულში სიამაყე იგრძნო, – გირჩევნიათ, ნერვებს მიხედოთ. შარდი ხვალვე ჩააბარეთ ანალიზისთვის. ბევრი



229

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

ჩაი არ დალიოთ და უმარილო დიეტა დაიცავით.

– არც წვნიანში ჩავყარო მარილი? – ჰკითხა მებუფეტემ.

– სრულიად უმარილო მიირთვით! – უბრძანა კუზმინმა.

– უუუჰ! – ნაღვლიანად ამოიოხრა მებუფეტემ, ოქროს ფული მოხვეტა და ისე, რომ პროფესორისათვის თვალი არ მოუშორებია, უკან-უკან წავიდა.

იმ საღამოს პროფესორს ცოტა ავადმყოფი ელოდა და შებინდებულზე უკანასკნელიც გაუშვა. ხალათს რომ იხდიდა, პროფესორმა იმ ადგილს დახედა, სადაც მებუფეტემ ათმანეთიანები დააწყო და იქ ფულის ნაცვლად „აბრაუ-დიურსოს“ რამდენიმე ეტიკეტი დაინახა.

– ეშმაკმა უწყის, რა ხდება! – ჩაიბურდღუნა კუზმინმა, იატაკზე ხალათის თრევით მიუახლოვდა მაგიდას და ეტიკეტებს დასწვდა, – ეს კაცი მარტო გიჟი კი არა, არამზადაც

ყოფილა! თუ ასეა, მაინც ვერ გამიგია, რა უნდოდა ჩემგან? შარდის ანალიზის მიმართვისათვის ხომ არ მოვიდოდა? აჰ, პალტოს მოიპარავდა! – პროფესორი წინკარში გაიჭრა, ცალ ხელზე წამოცმულ ხალათს ისევ იატაკზე მიათრევდა, – ქსენია ნიკიტიშნა! – ხმამაღლა დაუძახა მან, – ნახეთ, პალტოები ადგილზეა?

გაირკვა, რომ ყველა პალტო თავის ადგილზე ეკიდა. მაგრამ, სამაგიეროდ, როცა პროფესორი კაბინეტში დაბრუნდა და ბოლოს და ბოლოს, ხალათი გაიხადა, გაოგნებისგან ლამის პარკეტს შეეზარდა და მაგიდაზე გაუშტერდა თვალი. იმ ადგილას, სადაც ადრე ეტიკეტები ეწყო, ახლა გაქუცული, სახედანაღვლიანებული კნუტი იჯდა და რძიან თეფშს დაკნაოდა.

– რა ღვთის წყრომაა, რა ხდება? ეს უკვე... – თქვა პროფესორმა და იგრძნო, როგორ გაეყინა კეფა.

პროფესორის უსასოო, საბრალო კვნესის გაგონებისთანავე ქსენია ნიკიტიშნამ მოირბინა, პროფესორი დაამშვიდა და დაარწმუნა, ალბათ რომელიმე პაციენტი მოიყვანდაო.

– ვინ იცის, იქნებ ღარიბები არიან, – ამშვიდებდა ქსენია ნიკიტიშნა, – ჩვენ კი, ცხადია... ახლა იმაზე დაიწყეს ფიქრი, ვის უნდა მოეყვანა კნუტი. ეჭვი კუჭისწყლულიან დედაბერზე



230

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

მიიტანეს.

– ის იქნება, – უმტკიცებდა ქსენია ნიკიტიშნა, – ალბათ ფიქრობს, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩენია და კნუტს მაინც დავაბინავებო.

– დავუშვათ ასეა, – დაიყვირა კუზმინმა, – მაგრამ რძეს რაღა ვუყოთ? რძეც იმ ქალმა მოიტანა? ფინჯანიც?

– ალბათ რძე ბოთლით მოიტანა და ფინჯანზე აქ დაასხა, – აუხსნა ქსენია ნიკიტიშნამ.

– ყოველ შემთხვევაში, კნუტი და თეფში აქედან მომაცილეთ, – უთხრა კუზმინმა და კარამდე მიჰყვა ქსენია ნიკიტიშნას. უკან რომ მობრუნდა, მდგომარეობა შეცვლილიყო.

ხალათს ლურსმანზე რომ ჰკიდებდა, ეზოდან ხარხარი შემოესმა, ფანჯარაში გაიხედა და ცხადია, გახევდა. ეზოში, მოპირდაპირე ფლიგელისკენ ქალი მორბოდა, პერანგის ამარა იყო. პროფესორმა ისიც იცოდა, რომ იმ ქალს მარია ალექსანდროვნა ერქვა. ეზოში მდგარი ვიღაც ბიჭი კი თავაწყვეტილი ხარხარებდა.

– რა ხდება? – ზიზღით იკითხა კუზმინმა.

უცებ კედელს მიღმა, პროფესორის ქალიშვილის ოთახიდან, ფოქსტროტი „ალილუია“ დასჭექა პატეფონმა და იმავ წამს პროფესორს ზურგს უკნიდან ბეღურის ჟღურტული შემოესმა. პროფესორი შებრუნდა და დაინახა – მის მაგიდაზე კარგა მოზრდილი ბეღურა ხტუნაობდა.

„ჰმ... მშვიდად... – თავს შეუძახა პროფესორმა, – მაშინ შემოფრინდებოდა, ფანჯარას რომ მოვცილდი. უჩვეულო არაფერია“, – თავს იმშვიდებდა, თუმცა კი გრძნობდა, ყველაფერი უჩვეულო ხდებოდა. ცხადია, უმთავრესად, ამ ბეღურის გამო. პროფესორი ბეღურას დააკვირდა და მაშინვე მიხვდა, რომ უბრალო ბეღურა არ უნდა ყოფილიყო. საზიზღარი ჩიტი მარცხენა ფეხით კოჭლობდა, ფეხათრეული, თვალნათლივ იპრანჭებოდა, ილეთები

გამოჰყავდა, ერთი სიტყვით, პატეფონის ხმაზე ფეხაწყობილი დახლთან მდგარი ლოთივით ფოქსტროტს ცეკვავდა, კუზმინმა ხელი ტელეფონისკენ წაიღო, თავის თანაკურსელ ბურესთან აპირებდა დარეკვას, უნდოდა ეკითხა, რას მოასწავებდა, ასეთი ბეღურები რომ გეჩვენება კაცს, სამოცი წლის ასაკში, თან, როცა თავბრუც გესხმის?



231

თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები

ამასობაში ბეღურა ნაჩუქარ სამელნეზე ჩამოჯდა, შიგ ჩაასკინტლა (არ გეხუმრებით), შემდეგ აფრინდა. ჰაერში დაეკიდა, თითქოს რკინის ნისკარტი ჰქონდა, მთელი ძალით დაეძგერა მინას, რომლის მიღმაც უნივერსიტეტის 1894 წლის კურსდამთავრებულთა სურათი იყო გამოფენილი, ჩალეწა და ფანჯარაში გაიჭრა. პროფესორმა ახლა სხვა ნომერი აკრიფა, ბურესთან დარეკვის ნაცვლად წურბლების განყოფილებაში დარეკა, უთხრა, ვინც იყო და სთხოვა, წურბლები შინ გამოეგზავნათ მისთვის.

ყურმილი რომ დადო, პროფესორი ისევ მაგიდისკენ შებრუნდა და ყვირილი აღმოხდა. მაგიდასთან მოწყალების და იჯდა, ხელში ჩანთა ეჭირა, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა:

„წურბლები“. ქალს კაცის ტუჩები ჰქონდა, მობრეცილი, ყურებამდე ახეული და ღოჯიანი. თვალები უაზროდ მისჩერებოდნენ პროფესორს.

– ფულს მე წავიღებ, – კაცის ხმით უთხრა მოწყალების დამ, – აქ რომ ტყუილად არ ეყაროს, –

ჩიტის ფეხით მოხვეტა ეტიკეტები და ნელ-ნელა გალღვა ჰაერში.

ამ ამბებიდან ორი საათის შემდეგ პროფესორი კუზმინი საძინებელ ოთახში, საწოლზე იჯდა, საფეთქლებზე, ყურებს უკან და კისერზე წურბლები ეკიდა. მის ფერხთით შალის დალიანდაგებულ საბანზე თეთრულვაშა პროფესორი ბურე მოკალათებულიყო, თანაგრძნობით უცქეროდა კუზმინს და ამშვიდებდა, ყველაფერი სისულელეაო. ფანჯრების მიღმა ღამე ჩამოწოლილიყო.

კიდევ რა საოცრებები მოხდა იმ ღამეს მოსკოვში, არ ვიცი და, ცხადია, არც მინდა ვიცოდე, მით უმეტეს, დრომაც მოაწია ამ ჭეშმარიტი ამბის მეორე ნაწილი დავიწყოთ. მომყევი, მკითხველო!