საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშთი 14 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 28 მარტს ღამის 2 საათზე ოჯახის წევრები და ოფიციალური წარმომადგენლები დახვდნენ ზვიადის ნეშთს საქართველო-რუსეთის საზღვრის "ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე და 50 ავტომანქანისაგან შემდგარი სამგლოვიარო კორტეჟის თანხლებით დილით თბილისში შემოაბრძანეს. მიუხედავად ღამისა და ცუდი ამინდისა, გზაზე კორტეჟს უამრავი ხალხი ხვდებოდა, მათ შორის პატარა ბავშვებიც, ხელში სანთლებით, შინდისფერი დროშებითა და ზვიადის სურათებით.
ზვიადის ნეშთი კოლხურ კოშკში დაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა კოლხურ კოშკში და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
1 აპრილს, ბზობას, ზვიად გამსახურდიას ნეშთი დაიკრძალა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ათიათასობით საქართველოს მოქალაქემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს პირველი პრეზიდენტისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემა.
ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობების ლიდერი საქართველოში (1960-1990), დემოკრატიულად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, მეცნიერი (ფილოლოგი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, თეოლოგი), მწერალი და მთარგმნელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროში შედიოდა: ქართული მწერლობის ისტორია, იბერიულ-კავკასიური ცივილიზაციის ისტორია, ქართული კულტურის ისტორია, ამერიკული პოეზიის ისტორია, რუსთველოლოგია, ანთროპოსოფია, ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ისტორია და ა.შ. ის იყო ავტორი 40 მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომისა (4 მონიგრაფიის) და 200-ზე მეტი პუბლიცისტური ნარკვევის.
ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წლის 31 მარტს თბილისში.
მამა - კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975), XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი.
დედა - მირანდა ფალავანდიშვილი.
1955 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობარმა მერაბ კოსტავამ დააარსეს არალეგალური ახალგაზრდული პატრიოტული ორგანიზაცია "გორგასლიანი".
1958-1962 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.
1963-1977 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. 1973 წლიდან ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 1991 წლიდან - დოქტორი (სრული პროფესორი).
1981-1990 - ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
1966-1977, 1981-1992 - საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
1973 წელს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით დაარსდა პირველი ლეგალური ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია კავკასიაში - "ადამიანის უფლებების საინიციატივო ჯგუფი". ჯგუფის ბაზაზე, 1976 წელს გამსახურდიას ხელმძღვანელობით დაარსდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, რომელიც წარმოადგენდა პირველ ჯგუფს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. დაარსების დღიდან, ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად იბრძოდა ადამიანის უფლებების დასაცავად, განსაკუთრებით საბჭოთა იმპერიის პოლიტ-პატიმრების. ისინი აქტიურად იცავდნენ აგრეთვე ქართულ ენას და სრულიად დაუცველ ქართული კულტურის ძეგლებს. ჯგუფი გამოსცემდა და ავრცელებდა არალეგალურ ჟურნალებს "ოქროს საწმისი" და "საქართველოს მოამბე".
1977 წელს ზვიადი და მერაბი დააპატიმრეს. გასამართლებამდე ისინი ჯერ მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში ჰყავდათ დაკავებული, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს საბჭოეთის ყველაზე რეპრესიულ დაწესებულებაში - მოსკოვის სერბსკი ინსტიტუტის სასამართლო ფსიქიატრიის სპეციალურ განყოფილებაში (ექვემდებარებოდა საბჭოთა კგბ-ს). 1978 წლის მაისში გაასამართლეს. 1979 წლის ივნისში გამსახურდია გადაასახლეს დაღესტანში, ყიზლარის რაიონის სოფელ კოჩუბეიში.
1978 წელს ამერიკის შეერთებყლი შტატების კონგრესმა ზვიად გამსახურდია წარადგინა ნობელის მშვიდობის პრიზის ოფიციალურ კანდიდატად.
1982-1983 წლებში იმყოფებოდა შინა პატიმრობაში. მიუხედავად წინააღმდეგობისა, 1983 წელს გამოსცა ჟურნალი "საქართველო".
1986-1990 წლებში ჰელსინკის ჯგუფი (1989 წლის სექტემბრიდან - კავშირი) იყო ხელმძღვანელი ყველა მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა საპროტესტო აქციისა და ანტი-იმპერიალისტური მოძრაობისა. 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დარბევის შემდეგ, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, სხვა ორგანიზატორებთან ერთად, დააპატიმრეს. ისინი 40 დღე ჰყავდათ კგბ-ს იზოლატორში.
1989 წლის ბოლოს გამსახურდიამ დიდი წვლილი შეიტანა სსრკ-ში პირველი მრავალპარტიული არჩევნების კანონის შემუშავებაში, მიღებასა და განხორციელებაში.
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საარჩევნო ბლოკს "მრვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო". 1990 წლის ნოემბერში უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე გამსახურდია აირჩიეს საქართვე;ოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ.
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა და გამოაცხადა საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად. კანონის ავტორი იყო ზვიად გამსახურდია.
1991 წლის 14 აპრილს უზენაესმა საბჭომ ზ. გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც განმტკიცდა 1991 წლის 26 მაისის სახალხო არჩევნებით.
1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო სამხედრო გადატრიალება. დიდი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტმა, უმაღლესმა საბჭომ და მთავრობის წევრებმა დატოვეს პარლამენტის შენობა. პრეზიდენტმა მოახერხა თავის დაღწევა ოჯახთან და კანონიერი მთავრობის წევრებთან ერთად სომხეთში, მოგვიანებით ჩეჩნეთში. პრეზიდენტი დევნილობაში განაგრძობდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას.
1993 წლის 24 სექტემბერს გამსახურდია დაბრუნდა საქართველოში. კანონიერმა მთავრობამ და უმაღესმა საბჭომ განაახლეს საქმიანობა ქ. ზუგდიდში. შევარდნაძის რეჟიმს დახმარების ხელი გაუწოდა რუსეთმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. 1993 წლის ნოემბერში რუსეთის ჯარებმა დაიკავეს დასავლეთ საქართველო. პრეზიდენტი გამსახურდია იძულებული გახდა დაეტოვებინა ზუგდიდი.
1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია ტრაგიკულ ვითარებაში აღესრულა ხობის რაიონის ძველ ხიბულაში.
1994 წლის თებერვალში გამსახურდიას ნეშთი გადაასვენეს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში (ჯოხარ ყალა).