სულთგანმანათლებელი მოძღვრების ავტორისა, ჭეშმარიტად სანატრელისა,
რომელიც დანიელ რაითელმა მონაზონმა აღწერა

საყვარელნო ძმანო, ვერაფერს გეტყვით, თუ რომელი იყო ის ქალაქი, სადაც იშვა და აღიზარდა ღვთისმსახურების ეს მამაცი მხედარი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლამდე, ხოლო თუ რომელ ქალაქს შეუწყნარებია იგი საკვირველი და ასაზრდოებს უხრწნელი საკვებით - დანამდვილებით ვიცი. იგი იმყოფებოდა იმ ქალაქში, რომლის შესახებაც პავლე მოციქული ბრძანებს: „მოქალაქეობაჲ ცათა შინა არს“ (ფილ. 3,20).

იქ იმყოფება იგი ნეტარი და ცხადად ხარობს დაუსრულებელ სიკეთეში, ხოლო გონებით უხილავ და მიუწვდომელ მადლს განიცდის. მისი ღვაწლის შესაფერისი პატივი - ცათა სასუფეველი მოუხვეჭია და არის და მარადის იქნება მათთან, ვინც სიწრფელეში ჰგიებს. ხოლო თუ როგორ დაიმკვიდრა ამ ხორციელმა არსებამ უხორცოთა შორის და „ფერჴნი დადგა სიწრფელით“ (ფს. 12,25), ამას კეთილად მოგითხრობთ.

ხორციელად თექვსმეტი წლის ასაკში იმყოფებოდა ნეტარი მამა, ხოლო გონებით ათასი წლის სიბრძნე ჰქონდა მოპოვებული, როდესაც მან საკუთარი თავის მისივე ნებით მსხვერპლად შეწირა დიდ მღვდელთმოძღვარს, რომელსაც მიაშურა და ხორცი სინას მთას, სული კი ზეციურ მთას მიუძღვნა.

ამგვარად, უცხოობის საშუალებით, რომელსაც ყოველგვარ სათნოებათა წინამძღვრად ვთვლით, კადნიერების ვნება ძირიანად აღმოფხვრა და სიმდაბლე შეიძინა, მან თვითრჯულობისა და პირადი ნების მიყოლის მაცდური ვნება განდევნა; ქედი კი სულიერ მოძღვარს მოუდრიკა, რათა ამ ცხოვრების სასტიკ ზღვაში სრულიად თავისუფლად და უვნებლად ევლო.

ისე დაუმორჩილა საკუთარი თავი მოძღვარს, თითქოს უტყვი და პირადი ნებისგან სრულიად თავისუფალი სული ჰქონოდა.

საოცარი იყო ის, რომ იგი - ფილოსოფოსთაგან განსწავლული, დაემოწაფა სრულიად განუსწავლელ კაცს, რომელმაც ზეციური ამა სოფლის სიბრძნით ზრახვითა და სიმდაბლით ფილოსოფოსობის ამპარტავნობას სძლია. სახელი ამ მოძღვრისა, რომელმაც იგი აღკვეცა, იყო მარტვირი, იგი წმიდა მამის ანტონის ერთ-ერთ უშორეს უდაბნოში, მეწამული ზღვის სიახლოვეს მკვიდრობდა. ამ დროს მათ მონასტერს თავს დაესხნენ წარმართები, რომლებიც იმ მთებში ბინადრობდნენ. მათ მონასტრები ააოხრეს და ექვსი მონაზონი მოკლეს. მოკლულთაგან ერთ-ერთს სახელად ერქვა კონონი, იგი დაფარულთა მცნობელი და წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოვებული იყო.

მამა მარტვირიმ აიღო მათი გვამები, ერთ-ერთ გამოქვაბულში დამარხა, დიდი ლოდებით დახშო სამარე, კირით შელესა და ამ წმიდანთა სახელები ზედ დააწერა.

ორი დღის შემდეგ მოვიდა მათი საფლავის სანახავად, რათა შეეტყო, რომელიმე მხეცს ხომ არ გამოეთხარა ისინი. ნახა, რომ ყოველივე ხელშეუხებელად დარჩენილიყო და წარწერა ასევე უცვლელად შენახულიყო, მაშინ მან გახსნა საფლავი და მათ გამოსატანად შევიდა, როდესაც შიგნით შეაღწია, ღვთის ნებით აღსრულებულთაგან ორი გვამი ვერ იპოვა - ეს იყო გვამი ამბა კონონისა და გვამი კიდევ ერთი დიდებული ძმისა.

ახლა კი ისევ ჩვენს სათქმელს დავუბრუნდეთ.

როდესაც ჩვენი ნეტარი მამა იოანე მონაზვნად აღიკვეცა, იგი თექვსმეტი წლის იყო. მამა მარტვირიმ იგი წაიყვანა ვინმე კურთხეულ ბერ იოანესთან, რომელიც იმჟამად კედარის უდაბნოში მკვიდრობდა თავის მოწაფე სტეფანთან ერთად. როდესაც ნეტარმა ბერმა იხილა ისინი, ადგა, პატარა თასში წყალი ჩაასხა, ფეხი დაბანა იოანეს და ხელზე ემთხვია, ხოლო მისი მოძღვრისთვის კი ფეხი არ დაუბანია, სტეფანე ამის დანახვაზე დაბრკოლდა. როდესაც მარტვირი და მისი მოწაფე წავიდნენ, მამა იოანემ, რომელსაც დაფარულ გულისსიტყვათა შეცნობის უნარი ჰქონდა, შეიტყო, რომ მისი მოწაფე დაბრკოლებული იყო და უბრძანა მას: რად დაბრკოლდი, შვილო, ჭეშმარიტად გეტყვი, რომ სხვა არად მესახება ეს ყრმა, თუ არა - სინას მთის მამასახლისად და ფეხი ამად დავბანე; მართლაც, ორმოცდასამი წლის შემდეგ ეს ყრმა სინას მთის მამასახლისი გახდა, როგორც ბერმა იწინასწარმეტყველა. მარტო ამ ღირსმა მამამ კი არ იწინასწარმეტყველა მის შესახებ, არამედ ევსტრატი მარტოდმყოფმაც, რომელიც მას შემდეგ, რაც იგი ანსტასი სინას მთის მამასახლისმა მონაზვნად აღკვეცა გარეთ აღარ გამოსულა. მან იხილა წმიდა მთიდან ჩამომავალი იოანე მოძღვართან ერთად, უხმო ამბა მარტვირის და ყრმასაც და უბრძანა: მითხარ, მამაო, ვინ არის ეს ყრმა, ან ვინ აღკვეცა იგი? მამა მარტვირიმ მიუგო: მონა შენი არის იგი, მამაო, და ჩემი მოწაფე. წმიდა მამა ევსტრატიმ უთხრა: ნეტარ ხარ შენ, მამაო მარტვირი, ვინმე მივიდეს და ანასტასი სინელ მამასახლისს უთხრას, რომ დღეს სინას მთის მამასახლისი აღიკვეცა. და ჭეშმარიტად! როგორც იწინასწარმეტყველეს წმიდა მამებმა ნეტარი იოანეს შესახებ, ყველაფერი ისე მოხდა... და ყოველგვარი სათნოებით იმგვარად იყო იგი შემკული რომ სინას მთის მამები მეორე მოსეს უწოდებდნენ.

როდესაც ნეტარი თვრამეტი წლის შესრულდა, მისი მოძღვარი და მასწავლებელი ზეციური მამის წინაშე წარსდგა როგორც შუამდგომელი და მავედრებელი. თვით კი საბრძოლველად გავიდა უდაბნოში, დიდი მონასტრიდან ხუთი მილის სავალზე, საჭურველად აიღო ლოცვა და დაყუდების ღვაწლს შეუდგა ხუთი მილის სავალზე - დიდი მონასტრისაგან; მან სამყოფელი აიშენა იმ ადგილას, რომელსაც თულისი ეწოდება და ორმოცი წელი ყოველგვარი სულმოკლეობის გარეშე აქ იმყოფებოდა; და ღვთისადმი მძაფრი სიყვარულით, როგორც ცეცხლი მარადის აღენთებოდა. ვინ შეძლებს, სიტყვით წარმოგვიდგინოს ის ღვაწლი, რომელსაც აღასრულებდა იგი, ან ვინ მოგვითხრობს მის საქმეებს, როცა ყველა სათნოება კაცისაგან ფარულად აღსრულდებოდა. საჭმელი იმდენი ჰქონდა, რამდენიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად იყო საჭირო და, უფრო ნაკლებიც.

უდიდესი ნაკლოვანებით იგი ალაგმავდა და ამშევდა მუცელს. უდაბნოში ცხოვრებით და ადამიანის სახის უნახაობით ვნებათა ცეცხლის ალი სრულად დაშრიტა ვიდრემდე ფერფლად და მტვრად აქცია იგი.

ხოლო კერპმსახურება, რაც ოქროსა და ვერცხლის სიყვარულით ცხადდება, ღვთის სასოებით და უპოვარების სათნოებით მამაცურად დაძლია. სულიერი სიძაბუნე სიკვდილის ხსენებით განაგდო. ახლობელთა, თუ სხვა სოფლიურ საქმეთა სიყვარული კი უნივთო და საუკუნო კეთილთა გამუდმებული მოხსენებით განდევნა.

ხოლო გულისწყრომის მოძალება ადრევე ჩაეკლა მორჩილების მახვილით და დაყუდებისა და დუმილის გამრავლებით ამპარტავნებისა და თვალთმაქცობის მახე დაერღვია. ვინ გამოთქვას ღირსეულად საზომი მისი სიმდაბლისა, ანდა მის სრული სიწმინდის სიმაღლე, რომელიც დაიწყო მორჩილების ბესელიელმა, ხოლო ზეცისა იერუსალიმისა უფალმა აღასრულა თავისი მოსვლით, რომლის გარეშე არ დაეცემოდა ეშმაკი და ეგზომ დიდი ძლიერება მისი.

სად მივუჩინო ჩვენს მიერ დაწნულ ამ გვირგვინში ადგილი მის ცრემლთა წყაროს (რომელიც ბევრი მოღვაწის ხვედრი როდია), ფარული სამოღვაწეო ადგილი, სადაც იგი ამ საქმეს აღასრულებდა, დღემდე არსებობს. ეს არის კლდოვან ადგილას გამოკვეთილი ქვაბული, სენაკიდან მცირედ დაშორებული, იმდენად, რომ სმენა დიდების მოყვარებისაგან იყოს დაცული. იგი ზეცას იყო მიახლოებული ცრემლთა სიმრავლის გამო და ლოცვა მისი ღვთის ყურთასმენას სწვდებოდა. მისი ტირილი უმხურვალესი იყო, ვიდრე მახვილით დაჭრილი, ან ცეცხლში დამწვარი, ან თვალდათხრილი ადამიანებისა. ძილით იმდენი ეძინა, რომ გადამეტებული მღვიძარებისაგან გონებას არ ვნებოდა რამე, ძილამდე კი ბევრს ლოცულობდა და წერდა წიგნებს, რადგან მისთვის სწორედ ეს საქმე იყო მოწყინებისგან დამხსნელი.

მთელი მისი ღვაწლი იყო მაღალი ლოცვა და ღვთისადმი უზომო ტრფიალება, რადგან ღამე და დღე ქალწულებით განწმენდილ საკუთარი სულის სარკეში ხედავდა უფალს და ვერ ძღებოდა მისი ჭვრეტით. რის გამოც ვინმე ძმა მოსემ საღმრთო შური აიღო და ევედრა მას, რომ დაემოწაფებინა იგი და ემსახურა მისთვის, რათა მისგან ჭეშმარიტი საღმრთო სიბრძნე ესწავლა, და მრავალი შუამდგომელი მიაგზავნა მასთან, რათა მისი ეს თხოვნა შეეწყნარებინა.

მაშინ ღმერთშემოსილმა მამამ ამგვარი ვედრების გამო შეისმინა მისი და ყოველგვარ კეთილს ასწავლიდა მას.. ერთ დღეს ნეტარმა ძმამ მოსეს უბრძანა, რომ მიწის მცირედი ნაკვეთი საბოსტნედ დაემუშავებინა; იგი წავიდა იმ ადგილას, სადაც უბრძანეს და მისი თხოვნის შესრულებას შეუდგა.

როდესაც შუადღე დადგა და სიცხემ ძალა გამოაჩინა, მოსე დიდი ლოდის ქვეშ შევიდა და იქ დაიძინა, ხოლო უფალმა, რომელსაც არ სურს, დაამწუხროს მისი ერთგული მსახურნი, მისი დახმარება ინება; ნეტარი იოანე ამ დროს თავის სენაკში ლოცულობდა, მან წათვლიმა და იხილა მშვენირი სახის მღვდელი, რომელიც აღვიძებდა და საყვედურობდა, რომ ჩათვლიმა: - ჰოი, იოანე, შენ უზრუნველად გძინავს, ხოლო შენი მოწაფე მოსე გასაჭირშია; წმიდა მამას მეყსეულად გამოეღვიძა და მოწაფისთვის ლოცვა წამოიწყო, ხოლო მწუხრის ჟამს, როდესაც იგი დაბრუნდა, ნეტარმა მამამ ჰკითხა მას: რამე ჭირი ხომ არ მოიწია შენზედ, შვილო?

ხოლო მან მიუგო: დიდი ლოდი მეცემოდა თავზე, მამა, რადგან მის ქვეშ მეძინა, მაგრამ შენი ხმა მომესმა, თითქოს მეძახდი, სირბილით წამოვედი იმ ადგილიდან და როცა გამოვედი, ის ლოდი მეყსეულად ჩამოვარდა. ხოლო წმინდა მამამ სიმდაბლით არ უთხრა ამ ხილვის შესახებ, არამედ ფარულად, სულიერი გალობით უგალობდა და ადიდებდა ღმერთს.

ხოლო იგი - ნეტარი, იყო კეთილი მაგალითი და სულიერ წყლულებათა მკურნალი. ამიტომ ამ წმინდანთან მოვიდა ერთი მონაზონი, სახელად ისააკი, რომელიც ხორციელ ბრძოლაში ეცემოდა და ამ ბრძოლაში მეტად დაუძლურებულიყო.

იგი ფეხებში ჩაუვარდა ღმერთშემოსილ მამას და ცრემლითა და ტირილით აღიარა ეს ბრძოლები; მისი ასეთი სარწმუნოება გაუკვირდა ნეტარს და უთხრა: ორივე ლოცვად დავდგეთ, საყვარელო. და როდესაც ლოცვა აღასრულეს და ისააკმა მუხლი მოიყარა, მაშინ ღმერთმა აღასრულა ნება მისი მოშიშისა, - როგორც დავითი ბრძანებს. და ლოცვით განდევნილი გველი განერიდა მათ, ხოლო სნეულმა იხილა თავისი განკურნება და მადლობდა მისთა მადიდებელთა განმადიდებელ ღმერთს და თაყვანს სცემდა თავის ნეტარ მკურნალს.

ხოლო ზოგიერთი შურით შეპყრობილი ადამიანი მრავლისმეტყველებასა და ამპარტავნებას აბრალებდა მას. ისინიც განსწავლა თავისი საქმით, რათა ყველას ერწმუნა, რომ მისი განმაძლიერებელი ქრისტეს მიერ ყველაფერი შეეძლო. ამიტომ მთელი წლის განმავლობაში აღარ ასწავლიდა და დუმდა, რადგან მას აკითხავდნენ ხოლმე როგორც მკურნალს და მის მიერ განათლდებოდნენ.

მაშინ კი დადუმდა იმ დრომდე, ვიდრე თვით მისი მბრალდებელნი არ ევედრნენ და არ აღიარეს, რომ სულთა სარგებლად აღმომდინარე წყარო დაწყდა და ეს მრავალთა დაღუპვით წარწყმედით ემუქრებაო. მაშინ მრავალი ადამიანის ნებას დაემორჩილა კვლავ და ისევ ყველას დამოძღვრასა და განათლებას შეუდგა.

როდესაც ყველამ იხილა სათნოებათა სიმრავლე მისი და სიღრმე მისი მოძღვრებისა, ორმოცწლიანი დაყუდების შემდგომ იგი, ახლადგამოჩინებული მოსეს მსგავსად, სინას მთის მონაზონთა საძმომ მონასტერში აიყვანა და ბრწყინვალე სანთელი წინამძღვრობის სასანთლეზე დაადგინა და აღამაღლა. მართლაც არ სცდებიან ისინი, ვინც მეორე მოსე უწოდა მას, რადგან ისიც უხილავ ნისლში შევიდა, ღვთისაგან დაწერილი რჯულისდება მიიღო, ღვთის სიტყვის აღმოსათქმელად გახსნა ბაგე, მოიღო სული და აღმოთქვა კეთილი სიტყვა მისი გულის საუნჯიდან ამოდიოდა.

ამგვარად დაასრულა მან თავისი ცხოვრება იმ ჭეშმარიტ ისრაიტელთა წინამძღვრობაში, მონაზვნები რომ არიან და ცათა სასუფეველში - ღვთის მიმართ მიიცვალა. მხოლოდ ერთი რამით არ ემსგავსებოდა იგი მოსეს, რადგან იერუსალიმში შეუსვლელობა არ მოწეულა მასზე, როგორც მოსეზე, რომელიც ქვეყნიერ იერუსალიმში ვერ შევიდა. არამედ იგი მოსესთან ერთად ზეციურ იერუსალიმში შესვლის ღირსი გახდა. მრავალია მისი სათნოებების მოწამე, რომლებიც ცხონდნენ და კვლავაც ცხონდებიან მისი საღმრთო სწავლებით, ვისაც უხილავთ იგი და იცნობდნენ მას. მოწამეა მამა დავით განშორებული, რომელმაც იცის ნეტარის სიბრძნე და ცხოვრება, მოწამეა ნეტარი იოანე, ჩვენ - რაითელთა მწყემსი, რომელიც ევედრა ღმერთშემოსილს, რომ მონაზონთათვის სწავლანი დაეწერა. და, მართლაც, ეს ახალი ღვთისმხილველი სინას მთიდან გარდამოვიდა ჩვენთან გონებით და მანაც მოგვართვა ღვთით დაწერილნი ფიცარნი, რომლებზეც გარედან მოღვაწეობის მოძღვრება ეწერა, შიგნიდან კი - ჭვრეტისა... სადიდებლად ღვთისა, რომლისა არს დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ეპისტოლე წმიდისა მამისა იოანე რაითელ მამასახლისისა
ნეტარი იოანე სინელი მამასახლისის მიმართ

ღვთივსანატრელს, ანგელოზთა თანასწორს, მამათა მამას და ყოველი ჩვენგანის მოძღვარს მივწერ მე, რაითელი მამასახლისი - ცოდვილი იოანე. უფლის მიერ გახარებ. ვუწყით ჩვენ გლახაკთა, რომ სხვა ყოველგვარ სათნოებასთან ერთად უერთგულესი მორჩილება იცი. უფრო კი ის, რომ შენთვის ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭს ააღორძინებ და გაამრავლებ. ამიტომ ვწერ შენს სიწმინდეს წმ. წერილს სიტყვების მსგავსად, სდაც ნათქვამია: ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს, შენს უხუცესებს, ისინი გეტყვაინ. (რჯულ. 32,7)

ამიტომ ვევედრებით შენს სათნოებათა სიმაღლეს, რომ მოგვწერო ჩვენ - უსწავლელებს, რაც დიდი მოსეს მსგავსად შენი ღვთისმხილველობით გიხილავს სინას მაგ წმიდა მთაზე. და როგორც რჯულის ფიცრებზე - შენს მიერ დაწერილ წიგნში აღწერე სწავლება ახალ ისრაელთათვის, რომელიც დღეს გამოსულან უხილავი ეგვიპტიდან და ამა სოფლის ზღვისაგან. და როგორც კვერთხის ნაცვლად, მაგ შენი ღვთისმეტყველი ენით და ღვთის მადლით მრავალი სასწაული აღგისრულებია და მრავალი გიხსნია ამა სოფლის აღძრული ზღვისგან, გევედრებით, ახლაც ნუ უგულებელსვყოფ, არამედ ყოველივე, რაც მონაზვნური ცხოვრებისათვის არის საჭირო, ღვთის მიერ, როგორც დიდმა მოძღვარმა, კეთილად აღწერე ყველასათვის, ვინც ანგელოზებრივი ცხოვრების გზას დაადგა. ნუ იფიქრებ, რომ სიცრუითა და ორპირობით ვამბობ ამ სიტყვებს, რადგან, მამაო, შენც იცი, რა შორს ვდგავართ ამგვარ საქმეთაგან. არამედ, იმას ვამბობთ, რაც ჭეშმარიტია და ყველას სჯერა. ამიტომ ღვთის იმედით ვართ, რომ მალე მივიღებთ სულიერ ფიცრებს, რომელთაც მოველით, რათა ისინი შეუცდომელად გაუძღვეს წინ ყველას, რათა ეს სწავლანი იყოს ზეცის ბჭემდე აღმყვანებელი კიბე მათთვის, ვინც შეუდგება, და ზე ასვლას ისურვებს, რათა შენი სწავლების საშუალებით დაუბრკოლებლად განერიდონ უკეთურ სულებს, ბნელ სოფლისმპყრობელებს და ჰაერის მთავრებს.

რადგან იაკობი მწყემსი იყო და ესოდენ საშინელი ხილვა ჰქონდა ამ კიბის შესახებ. შენ კი უმეტესი ხარ - როგორც მწყემსი პირველმეტყველი ცხოვრებისა და ძალგიძს არამარტო ხილვა, არამედ ისიც, რომ საქმითა და ჭეშმარიტებით ღვთისკენ მიმავალი შეუმცდარი გზა გვიჩვენო. ღმერთმა გაცოცხლოს, პატიოსანო და წმიდაო მამაო.


ეპისტოლე წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე სინელი მამასახლისისა,
რომელსაც ახლავს სულიერნი ფიცარნი, იოანე იოანეს ახარებს

ჩვენამდე მოაღწია შენმა პატიოსანმა წერილმა, რომელიც შენს უვნებელ და სათნოებებით აღსავსე ცხოვრებას და შენს წმიდა და მდაბალ გულს შეეფერება. გვწერდი ჩვენ, რომლებიც მოკლებულნი ვართ სათნოებებს, რითაც შენი სიწმინდის ჩვეულებისამებრ სიმდაბლის მაგალითი გვიჩვენე. იმისთვის ჰქმენ ეს საქმეც, რომ ჩვენგან, სიტყვისა და საქმის უმეცართაგან, სიტყვის სწავლება ითხოვე და ჩვენს შეძლებაზე აღმატებული საქმის აღსრულება გვიბრძანე. მე ამას ვიტყვი: ყოველგვარ სათნოებათა დედის - მორჩილების - უღელზე უარის თქმის რომ არ მეშინოდეს, ვერ გავბედავდი ჩემს ძალებზე ესოდენ აღმატებული საქმის წამოწყებას.

უმჯობესი იქნებოდა, საკვირველო მამაო, რომ თუ ამგვარ საქმეებს გამოიძიებ, მათგან გესწავლა, ვინც ნამდვილად იცის სათნოებაა ღვაწლი, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ მოწაფეთა როგებში ვიმყოფებით და არა - მოძღვართა. მაგრამ რადგანაც ღმერთშემოსილი მამები და მორჩილების მასწავლებლები მორჩილების იმას უწოდებენ, რომ კაცი წინამძღვრის სიტყვისაებრ ერთგულად შეებას საკუთარ ძალებზე აღამტებულ ღვაწლს, ამიტომ ჩემს ძალებზე უდიდესი ღვაწლი სიმდაბლით ვიტვირთე, არა იმიტომ, რომ შენ გჭირდება ჩემი ნათქვამი: რადგან მეც ვიცი, წმიდაო მამაო, და ყველა იმან, ვისაც გონების სიბრძნე მოუხვეჭია, რომ შენი გონება ვნების ყოველგვარი სიბნელისაგან განწმენდილია, საღმრთო ნათელს დაუბრკოლებლად მიჰყვება და ბრწყინავს მის მიერ.

მე კი ვშიშობ, რომ ურჩობის ცოდვამ სიკვდილი არ მომიტანოს და ამიტომ ვემორჩილები შენი სიწმინდის ბრძანებას - შიშითა და სურვილით, როგორც მორჩილი, ერთგული, დახელოვნებული მხატვრის გლახაკი და უვარგისი მონა - ჩემი მცირე და გამოუსადეგარი ცოდნით და უძლური სიტყვით. მელნით მხოლოდ ცოცხალი სიტყვები გამოვსახე და შენს მიერ კეთილად შესამკობელი და განსაცხადებლად დავტოვე ისინი, შენ წინამძღვარო მოძღვართაო, რომ, როგორც სულიერი ფიცრებისა და რჯულის აღმასრულებელმა შეავსო ყოველგვარი ნაკლი.

როგორც ვთქვი, აქ აღწერილი შენს სასწავლებლად კი არ მომიცია... ნუ იყოფინ! რადგან შენ, წმიდაო, შეგიძლია, ასწავლო მრავალს და მათ შორის ჩვენც და საღმრთო სწავლებასა და ღვაწლში განგვამტკიცო, არამედ მაგ საღმრთო კერებულისთვის ვწერ, რომელიც ჩემთან ერთად შენს მორჩილებაში ცხოვრობს, მოძღვართ მოძღვარო!

ამისთვის შენი და მათი ლოცვით და უფლის იმედით მცირედ შემიმსუბუქდა ჩემი უსწავლელობის სიმძიმე და ჩემი კალმის აფრა აღვმართე, ხოლო ჩემი სიტყვის საჭე თქვენს ლოცვებს მივანდე. მაშ ვიწყებ სიტყვას თქვენი სიტყვისაებრ.

და ვითხოვ ყველასაგან, ვინც ჩემს ნათქვამს წაიკითხავს, რომ, თუ იქ რაიმე სასარგებლო ნახოთ, მისი ნაყოფი ჩვენი წმიდა მამის კუთვნილებად შერაცხეთ, ვინც ამ საქმის წამოწყებისათვის ილოცეთ და ნუ განსჯით ამ სიტყვათა მიხედვით, რომლებიც მართლაც გამოუსადეგარნი და უსწავლელობით სავსენი არიან. არამედ, ილოცეთ ჩემი გულმოდგინეობისათვის, რადგან ღმერთი სამაგიეროს ძღვნისა და ღვაწლის სიმრავლისათვის კი არ მოგვიზღავს, არამედ გულმოდგინებისათვის.


შენიშვნები ღირსი მამის იოანე კიბისაღმწერელის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით

ეკლესიის ისტორიის მკვლევარები ღირსი მამის იოანეს ცხოვრების აღსასრულს VI-VII სს-ის მიჯნაზე ვარაუდობენ, რაც შეეხება სიცოცხლის ხანგრძლივობას, რაითელი ბიოგრაფი ამბობს, რომ მან მონაზვნობის ღვაწლი 16 წლის ასაკში იტვირთა და 19 წლის განმვალობაში ამბა მარტვირის ხელმძღვანელობით ცხოვრობდა. მოძღვრის აღსრულების შემდეგ დაყუდებაში გაატარა ორმოცი წელი. ამგვარად, სინას მთის იღუმენად ღირსი იოანე შობიდან სამოცდამეთხუთმეტე წელს დადგინეს. რამდენი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იგი სავანეს და ხელახალ დაყუდებაში რამდენ ხანს იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც სინას მთაზე ამბა გიორგის ჩააბარა იღუმენობა, ზუსტად არავინ იცის. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ამბა იოანე ოთხმოცი ან ოთხმოცდახუთი წლის ასაკში აღესრულა, ფსალმუნის დანართში ნათქვამია, რომ მან 95 წელი იცხოვრა. აღმოსავლეთის ეკლესია მის ხსენებას 30 მარტს აღასრულებს, ამავე დღეს იხსენიებს მას დასავლეთი.

სინას მონასტრის შესახებ ცნობილია, რომ ჯერ კიდევ IVს-ში ის მეუდაბნოეთა დიდი სიმრავლის მუდმივ სამყოფელად იყო ქცეული, რომელსაც აქ იზიდავდა, როგორც ძველ აღმოსავლეთის სასწაულების და მოსესა და ელიას ხსოვნა, ასევე, დაყუდებლთა ხვედრი და ნახევარკუნძულის მეჩხერი დასახლება. პირველ ხანებში სინელ მოღვაწეებს საერთო მონასტერი არ ჰქონდათ. ისინი მთებსა და ველებზე მიმობნეულ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ შაბათს, საღამოს იკრიბებოდნენ ტაძარში, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, დედოფალმა ელენემ იმ ადგილად ააშენა, სადაც მოსე წინასწამეტყველს ღმერთი ესიტყვებოდა ცეცხლშემოგზნებული მაყვლის ბუჩქიდან. ამ ტაძარში მეუდაბნოეები მთელ ღამეს ერთობლივ ლოცვაში ატარებდნენ, დილით წმიდა საიდუმლოს ეზიარებოდნენ და კვლავ სენაკებში იფანტებოდნენ. IV და V ასწლეულებში სინელი მეუდაბნოეები არაერთგზის აღმოჩნდნენ სარაცინების თავდასმხების მსხვერპლი, მათგან მრავალმა მოწამეობრივი აღსასრული მიიღო. ამიტომ, როგორც კი ტახტზე მართლმორწმუნე მეფე იუსტინიანე I ავიდა, მამებმა შეიტყვეს მისი ღვთისმოსაური განწყობის შესახებ წმიდა ადგილთა მიმართ და სთხოვეს, რომ გამაგრებული მონასტერი აეგო. იუსტინიანემ თხოვნა ყურად იღო, მისი ბრძანებით მთის ძირში აიგო სინას მონასტერი და დღევანდლამდე იქვე არსებობს.

რაითის მონასტერი, რომლისგანაც დღეს მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი, სინადან ორი დღის სავალზე მდებარეობდა, შავი ზღვის მეტად თვალწარმტაც ყურეში. გადმოცემის თანახმად, იმ ადგილის სიახლოვეს, რომელსაც ელიმი ეწოდება და სადაც ებრაელმა ერმა ორმოცწლიანი მოგზაურობისას 70 პალმა და 12 წყარო იპოვა (გამოსვლ. 15,27). ეს მონასტერი, ისევე როგორც - სინასი, თავის დროზე დიდი მოღვაწე მამებით მდიდარი იყო. მოღვაწეობის სულითა და მცირედი დაშორების წყალობით ამ ორ სავანეს ერთმანეთთან მჭიდრო და განუწყვეტელი კავშირი ჰქონდა.

იოანე მოსხის „სულიერ მდელოში“ (თ. 125) მარტის მე-17 დღის პროლოგში ამბა გიორგის შესახებ (რომელიც, გადმოცემის მიხედვით, წმ. იოანე სინელის ხორცილეი ძმა იყო და რომელსაც მან სინას მთის იღუმენობა ჩააბარა) ჭეშმარიტად სასწაულებრივი თხრობაა შემონახული.

ერთხელ, დიდ შაბათს, მას მოესურვა, რომ აღდგომის დღესასწაული იერუსალიმში ეზეიმა და წმიდა საიდუმლოს ქრისტეს აღდგომის ტაძარში ზიარებოდა. მთელი დღე ბერი ამ აზრით იყო შეპყრობილი და ლოცულობდა. აღდგომის ბრწყინვალე დღეს იგი ყოვლსიშემძლე ღვთის ხელმა აღიტაცა, იერუსალიმის აღდგომის ტაძრის კარიბჭესთან დააყენა და ზიარება ნეტარი პატრიარქის პეტრეს ხელიდან მის პრესვიტერებთან ერთად მიიღო. როდესაც პატრიარქის ბრძანებით იღუმენი მღვლდემთავარებთან ერთად სადღესასწაულო ტრაპეზზე მიიწვიეს, ამბა გიორგიმ წარმოსთქვა: „იყოს ნება ღვთისა!“ მაგრამ, როგორც კი თაყვანი სცა უფლის საფლავს, იერუსალიმის ტაძრიდან გაუჩინარდა და თავის სენაკში აღმოჩნდა. დამწუხრებულმა პატრიარქმა ბერს წერილი მისწერა, რომლის პასუხადაც მან აღწერა მომხდარი სასწაული და იწინასწარმეტყველა, რომ ორივე ექვსი თვის შემდეგ ერთად შეიყრებოდნენ და ცათა სასუფეველში იხილავდნენ ერთმანეთს. პატრიარქთან დაბრუნებულბმა მას აუწყეს, რომ ბერი უკვე სამოცდაათი წელია არ გამოსულა თავისი სავანიდან. ამასთან ყველა ეპისკოპოსი და ეკლესიის მსახური ამოწმებდა, რომ იგი ქრისტეს აღდგომის ტაძარში იხილეს და ამბობდნენ: „ჩვენ ყველა ვემთხვიეთ მას“. ექვსი თვის შემდეგ ამბა გიორგის წინასწარმეტყველება აღსრულდა. ისიც და ნეტარი პატრიარქი პეტრეც უფლის წინაშე წარსდგნენ.