ბაღთან ძეგლია,
ცათამდე ადის,
ხელში უჭირავს
რა თავის ქალა,
განთიადიდან
განთიადამდის
სდგას - გარინდება
მან დაივალა.

მას გაზაფხული
ვარდის ღილებით
რთავს, მოწიწება
არ აქვს მონური;
მისთვის ერთია:
ეს ყვავილები
ნამდვილი არის,
თუ ხელოვნური!

ის ლაპარაკობს
დროთ საზღვარს იქით
დემონიური,
სასტიკი, ხმელი,
და სივრცეებში
თანაბრად იგი
შეშლილია და
წინასწარმთქმელი.

მაგრამ როს ნისლი
დაიფანტება
და ჟამი მოვა
ალთა დანთების,
მის წინ ქუჩაზე
გაილანდება
მთელი მდინარე
დემონსტრანტების.

მასში მიმავალთ
ის ხელებს უწვდის.
იგი აქ არის,
ამ გამთენიას.
ის ეხლავ ხედავს
და აღარ უცდის
თავისუფლების
მებრძოლ გენიას.