რაიხსტაგის წინ რომ ეგდო ჩვარი -
ესაა დროის მსუბუქი მტვერი,
გარდამავალი, ვით ზენა-ქარი
და შეშლილობა მიხაკისფერი.
გამარჯვებათა ხეივნის არეს
მეფეთ ძეგლები მიწისფერია,
აქ მარადისი არარა არის,
აქ სიკვდილია, აქ ჰიტლერია.
მომავალ დღეთა იტყვის ჭახჭახი -
რას ნიშნავს მხეცის დღე და სოფელი,
რომ შეუბრუნოს ჯალათს ნაჯახი
უფრო მრისხანე და ულმობელი,
რომ მხეცს აწყვეტილს შეაბას თოკი,
რომ კარებს დახშულს მოგლიჯოს რაზა -
ის ჰიტლერია, თუ დელაროკი,
განადგურდება იმათი რასა!