ნაწილი პირველი

I

- გამ...მმარჯვება, ჯაყო!

- ნათლია კნიაზს გახლავარ!

- კაცო, სადა ხარ, სად და...დდაიკარგე?

და ნათავადარი თეიმურაზ ხევისთავი ღიმილით და ხელგაშლით გადაეღობა თავის ნახიზნარსა და ნამოურავალს - ჯაყო ჯივაშვილს,რომელმაც ძველადვე ნაჩვევი ხელით ოსური ქუდი მარდად მოიშვლიპა, უცნაურად დაიჭიხვინა და თავისი ნაბატონევის ორივე ხელი, - დამდნარი, დონდლო და უძვლო ხელები ბუმბულზე გაზრდილ და წიგნებით შეჭმულ თეიმურაზ ხევისთავისა უმალვე თავის დათვურ თათში ჩაიმალა და ჩაიბღუჭა.

სალამის შემდგომ ბეცმა თეიმურაზმა ოდნავ უკან დაიხია.

მარცხენა ხელით სათვალეები შეისწორა, მარჯვენა ხელის სალოკი თითი მაღლა ასწია, გოლიათ ოსს ქვევიდან აჰხედა და გაიკვირვა:

- საკ... კკკვირველია!.. საოც... ცცარია! როგორ გადიდებულხარ, ჯაყო, როგორ გასუქებულხარ!

ჯაყომ ცალის ხელით დოინჯი შემოიყარა, ცხენის კბილები გააელვა და დაიჭიხვინა:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

მისი ნაჭიხვინევი მთელმა ქუჩამ გაიგო. მავალებმა მოიხედეს, იმ ორ ადამიანს აჰხედ-დაჰხედეს და გაიღიმეს.

**

ჯაყო ჯივაშვილი ქალაქში შემოვარდნილ დათვს ჰგავდა. დედაბოძივით სქელი და გაჩაჩხული ფეხები ძლივს იმაგრებდნენ უშნოდ და ისე განივრად დადგმულ თეძოებსა და მხარ-ბეჭს, რომ ვიწრო ტროტუარი მარტო ჯაყოს ძლივს იტევდა.



რამდენიმე ნაჭრილობევით დასერილი თავი და პირსახე ისეთი შავის, ხშირისა და აბურძვნილის ჯაგრით ჰქონდა შემოსილი, თითქო ჯაყოს ბეჭებზე კუპრში ამოვლებული უუზარმაზარი ზღარბი აცოცებულიყოო.

შავი ჯაგრის ბუჩქნარი თვალებამდე სწვდებოდა და იმ ჯაგნარიდან მხოლოდ ხარის თვალებს, წინ-წამოყრილ ცხენის კბილებსა და აჭყლეტილ ცხვირს ამოეყოთ თავი.

ერთი მტკაველის სიგრძე ულვაშები გადმობრუნებულ ჯამებივით გამოყრილ ლოყებზე გაცვეთილ ცოცხებივით ეყარნენ, ხოლო იმ ჯამებს დინჯად და მედიდურად ლამბაქების ყურები დასცქეროდნენ.

შუბლი დაბალი და ჩაზნექილი ჰქონდა; ცხვირი - მოკლე და აჭყლეტილი; თვალები - მსხვილი კაკლის ოდენა და ამოყრილი, თანაც ცოცხალი და ცუღლუტი, მოელვარე და მოუსვენარი; თვალებს ზედ დასწოლოდა დაბურვილი, ხშირი და გრძელი წარბების ლარი, რომელიც მაღალსა და წინ-წამოვარდნილ კვინიხზე შუაზე გადატეხილიყო.

თავთ ეხურა ყავისფერი ოსური ნაბდის ქუდი, ტანთ ეცვა ოსური შალის გაპოხილი ჩოხა, ხოლო ფეხებზე - ხალვათი პაიჭები, თათრული ჭრელი წინდები და ახლად ნაყიდი დაბახანური ჩუსტები.

ერთი ადლის სიგრძე და ვერცხლით შეჭედილი თეიმურაზის პაპისეული ხანჯალი ტლანქსა და ბეჭგანიერ გოლიათს ხალვათ სიარულისთვის თეძოზე ჩამოეკიდნა.

ჯაყოს ერთ ხელში რკინით ნაჭედი მაჯის სისქე კომბალი ეჭირა, ხოლო მეორე იღლიაში ჭედილა - ცხვარი ამოეჩარნა, რომელიც ისე ადვილად მიჰქონდა, თითქოს ის ცხვარი ვარიაზე მძიმე არ ყოფილიყოო.

ბეჭებზე რუსული თოფი ჰქონდა გადაგდებული, გულმკერდსა და წელზე სამი სავაზნე ჰქონდა შემორტყმული, ხოლო თეძოზე გრძელი მაუზერი ეკიდა.

ნაბატონევი თეიმურაზ ხევისთავი თავის ნამოურავალს იღლიამდე ძლივს სწვდებოდა. თეიმურაზი უმზეო ყვავილივით ნაზი და ლამაზი იყო, ნატიფად ასხმული და ნაქანდაკევი, მაგრამ გამხდარი და გაძვალებული, მხრებაყრილი და მკერდჩავარდნილი, ბეცი და მელოტი, გაფუფქულ ქათმის მინამგვარი, მწიგნობრობით დაღლილი, დაშრეტილი, გამოწურული და დამდნარი ნაკაცარი, რომელსაც მომავლად თვალწინ მხოლოდ შავი ნისლი ჰქონდა აფარებული, ხოლო ყველაფერი, რაც კი ოდესმე გაჩნდა, წარსულში ჰქონდა დარჩენილი: ტკბილი მოგონებანი, საერთო პატივი, მეგობართა სიყვარული, მუდმივი მოლოდინი უცნაურ მომავლისა და მარადიული დევნა ბუნდოვან ლანდებისა.

თეიმურაზ ხევისთავი ლბილისა და ჩუმის ხმით, ტაატით და ბორძიკით ლაპარაკობდა:

- საკ...კვირველია! - ერთხელ კიდევ წაიჩურჩულა თეიმურაზმა და ორივე ხელით ჯაყოს მორგვის მკლავს ჩამოეკიდა: - როგორ გამოცვლილხარ! წამო, ჯაყო, წამოდი ჩემთან. აქვე ვ...ვდგევარ. მარგოსაც ძალიან გაუხარდება შენი ნახვა. ხომ წამოხვალ, ჯაყო?

- წამოხვალ, შენი წირი მე, რატომ არ წამოხვალ!

- მართალია, წინანდებურად ვეღარ დაგიხვდები.

მაგრამ, ხომ იცი, ყველი და პურიო, კეთილი გულიო.

- წამოხვალ, შენი წირიმე, ეხლავე წამოხვალ! - კვლავ როყიო ხმით ახვიხვინდა ჯაყო. - ჩემი კნიაზი ისე არ გაღარიბდება, რომ ჯაყოს ვერ დავუხვდებოდე.

თეიმურაზმა ხმა უფრო დაიმდაბლა:

- ოჯახი დადნა, ჯ...ჯჯაყოჯან, დადნა! ცხოვრებამ ყველანი დაგვადნო.

- ნათლია მარგო როგორა ხარ?

- კარგად ვერ არის. ისიც დნება და ილევა. აი, შენ თვითონვე ნახავ.

ნათლია მარგოსაც ესიამოვნება შენი ნახვა. ბარემ ხ...ხხუთი წელიწადიც იქნება, რაც მარგოს არ უნახავს შენი თავი. იქნება ვერც კი გიცნოს, რადგან მეტის-მეტად გა...მმოცვლილხარ. - მერმე მიიხედ-მოიხედა და ხმას ჩურჩულამდე დაუწია:

- მართლა, ჯაყო, კნიაზს ნუღარ მ...მმეძახი, თორემ... ხომ იცი... ვინ იცის, რას იტყვიან.

ღვინით შებრუჟებული ჯაყო შესდგა და უარესად აყვირდა:

- ფეხებზე გკიდია ჯაყოს ყველანი! რაც გინდა, ის იტყოდეს! შენ ჯაყოს ნათლია კნიაზი ხარ, მარგოც ნათლია კნეინა ხარ.

დანარჩენი ჯაყოსა ფეხებზე გკიდია! არავისიც არ გეშინია ჯაყოსა, მაშ, მაშა!

თეიმურაზი დაფეთდა. მიიხედ-მოიხედა და აჩიფჩიფდა:

- ჯაყო, ნუ გაგიჟდი! ხმა აღარ ამოიღო, გაჩუმდი, თორემ...

- რათ უნდა გაჩუმდე?! აკი გითხარი, ჯაყოს არ გეშინიან მეთქი!

და უმიზეზოდ ერთხელ კიდევ ისე აყროყინდა, რომ მავალებმა გაცრეცილ ნაბატონევსა და იმის უცნაურ ნამოჯამაგირევს კვლავ ღიმილით აჰხედეს და თვალი გააყოლეს.

კარგა ხანს იდგა გალაჯული ჯაყო ვიწრო ტროტუარზე. გზას აღარავის არ აძლევდა, არავის არ ერიდებოდა, კეტის სისქე კომბალს ანჯღრევდა, ხარხარებდა, რახრახებდა და იქადნიდა:

- ფეხებზე გკიდია მეთქი ყველანი ჯაყოსა! მოდი, ვისაც გინდებოდეს! თუნდ კომბალით გახვიდეთ, თუნდ ხანჯლითა, თუნდაც მუშტითა, მაშ, მაშა!

თეიმურაზმა ძლივს დასძრა გათამამებული ნამოურავალი. ორივენი კვლავ მიდიოდნენ და იგონებდნენ წარსულ დროებას: ერთად შეზრდას, ყრმობას, სოფლურ გასართობს, თევზაობას, ფრინველზე ნადირობას, უდარდელ წარსულსა და ბედის ცვალებადობას.

თეიმურაზი ხშირად აჩერებდა თავის ნამოჯამაგირევს.

ერთხელ კიდევ აჰხედავდა, სათვალეებს შეისწორებდა, თითს მაღლა ასწევდა და ისევ გაოცდებოდა:

- ს...სსაოცარია საკ...კკვირველია!

ჯაყოც ცალი ხელით დოინჯს შემოიყრიდა, ღოჯის კბილებს გააელვებდა და უმიზეზოდ დაიხვიხვინებდა:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

ზოგჯერ ჯაყოს თიოქო დაავიწყდებოდა თეიმურაზის ტაატი და თოხარიკით მოსხლტებოდა.

აქაქანებული თეიმურაზი ჯაყოს ძლივს მისდევდა, თან ბავშვივით მკლავზე ეკიდებოდა და მოაგონებდა:

- ნელა, ჯაყო! ნუ სჩქარობ, თორემ დავიღალე.

მიუხვ-მოუხვიეს და ერთ ძველ შენობას მიადგნენ.

განიერი ჯაყო პატარა სახლის პატარა კარებში ძლივს შეეტია და ვიწრო კარებიც კინაღამ თან შეიტანა და შეანგრია.

თეიმურაზმა თავის ცოლს მარგოს ქოშინით ჰკითხა:

- მარგო, იც...ცცანი ეს კაცი?

მარგო შავსა და ნუშის თვალებს ჰჟუტავდა, ხან მოღიმარე ჯაყოს შესცქეროდა, ხან თეიმურაზს იშველებდა და ისე ბუტბუტებდა, თითქო ქურდობაში წაასწრესო:

- მაგონდება... ვიცნობ... მაგრამ...



- ჯაყოა, მარგო, ჩვენი ჯაყო, ჩვენი ნათლი-მამა, აღარ გახსოვს?

- ღმერთო ჩემო! გამარჯვება, ჯაყო!

გაბადრულმა ჯაყომ ხაფი ხმით წამოაყრანტალა:

- კნეინა ნათლიას გახლავარ!

და ნაკნეინარ მარგოს გაცომებული ხელი კინაღამ მოსტეხა. მარგომ ნათლიდედა და ნათლულები მოიკითხა და ნათლიმამას უსაყვედურა:

- სადა ხარ ჯაყო? რას აკეთებ? სულ დაგვივიწყე, აღარა სჩანხარ.-

- მუშაობ, შენი წირი მე, მუშაობ, მაშ! ბევრი საქმე გაქვს

ჯაყოსა, ძალიან ბევრი. სოფელს პატრონობა გინდა. სამი დღეა ქალაქში დადიხარ. ჯაყოი მთავრობასთან იყავი, მაშა! ვერ მოიცალე, შენი წირი მე, თქვენთვის ვერ მოიცალე ჯაყომა.

- მთავრობასთან რა გინდოდა, ჯაყო?

- ეხლა სოფლის "პოვერენია" ხარ ჯაყოი, მაშა! სოფელს სკოლაც გინდა, ჩითიც, ნავთიც და მარილიცა. ღარიბი სოფელია ნაშინდარი, ამიტომ ჯაყომ სთხოვე მთავრობას, რომა ნალოგი არ წაიღო, თორემ სოფელს მოსავალი არ გქონდა.

წრეულს ნაშინდარს სეტყვაც მოგივიდა, დიდი წვიმაც და გოლვაც. სულ გაგიფუწდა მოსავალი, სულ!

- მეტის-მეტად გამოცვლილხარ, ჯაყო, გასუქებულხარ. - გაუღიმა მარგომ.

- მაშ, მაშა! ძალიან გაიზარდე ჯაყოი, შენი წირი მე, ძალიან გაიზარდე.

- ალბათ კეთილი ცხოვრება გექნება, ჯაყო, იმიტომ გასუქებულხარ.

- რატომ არ გექნება ჯაყოსა კეთილი ცხოვრება, შენი წირი მე, ჯაყო ახლა კარგათა ხარ, ძალიან კარგათა ხარ. იმიტომ გასუქდი ჯაყოი.

ეხლა ჯაყოს ბევრი გაქვს პურიც, ხორციც, დუმაც, კარაქიც, რძეც და მაწონიცა. ჯაყოც მთელი დღე სწამ და სწამ, სწამ და სწამ! სუქდები და სუქდები, სუქდები და სუქდები, მაშა!

მარგო სუფრის გაშლას შეუდგა. ჯაყომ ნათლიდედას თვალი მიაბჯინა და იმის ტანის მისახვევებში გაშტერდა.

- დაბ... ბბრძანდი, ჯაყო, დაბრძანდი და გვიამბე შენი ამბავი, - მიიპატიჟა თეიმურაზმა.

- დაბრძანდები, შენი წირი მე, ეხლავე დაბრძანდები.

ჭედილა კუთხეში მიაგდო, კომბალიც იქვე მიაყუდა, მორგვის მკლავები დაიმკლავა, დინჯად ჩამოჯდა და სკამს ჭაჭა-ჭუჭი დააწყებინა.

ჩამოჯდა და თვალი მიავლო ბინდიანს, ტენიანსა და ობიან ოთახს, რომელიც თავის მდგმურებივით სევდიანად, ქუშიანად და ნაღვლიანად გამოიყურებოდა.

მერმე ჯაყომ თეიმურაზს გადაჰხედა და მოკლედ მოუჭრა:

- ძალიან გაღარიბდი, შენი წირი მე.

მარგო მოიღრუბლა. პირი მიიბრუნა და ცრემლ-მორეული თვალები სარკმელს გაუშტერა.

თეიმურაზი სირცხვილით აილეწა. თავი ჩაჰღუნა და დიდხანს სდუმდა. შემდეგ გამოტყდა და დანაშაული აღიარა:

- ჰო, ჯაყო, გავღარიბდით...

ძალიან გავღარიბდით...

II

თეიმურაზ ხევისთავი ორმოცი წლის ახალგაზრდა მოხუცი გახლდათ. ნათავადარი, ნამამულევი, ნამოღვაწარი და ნავექილარი.

ერთ დროს ლიახვის ნაპირზე, სოფელ ნაშინდარში, მას ჰქონდა პაპისეული ციხე-დარბაზი, ქვიტკირის მოზრდილი ბოსელი, მუხის ბეღელი, თავმონგრეული კოშკი, მარანი, ხუთიოდე დღიური ბაღ-ვენახი, კაკლის დიდი ჭალა და სამიოდე ათასი დღიური სახნავი. ლიახვის სათავეში, როკის ხეობაში მასვე ეკუთვნოდა ოთხი ათასი დღიური ხელუხლებელი ნაძვნარი, რომელიც თეიმურაზის მამამ ავთანდილმა ისე შეჰკრა და შეინახა, რომ - სანამ ცოცხალი იყო - იმ ტყეში ერთი ხეც არავის მოაჭრევინა. მერმე, როცა ავთანდილი გარდაიცვალა და თავისი მეუღლე სოფიოც თან წაიყვანა, ერთადერთმა მემკვიდრემ, ახალგაზრდა თეიმურაზმა ხევისთავთა მოურავობაში დაბერებულ პეტრე დევდარიშვილს უთხრა:

- ტყეც და სსს... სახნავ-სათესიც ხალხს ეკუთვნის, თავი და...

დდაანებე, ღალას ნუღარ გამოართმევ. ხალხი არ შეაწუხო. აყალმაყალს მოერიდე, თორემ ჩემი მტრები ისარ... რრგებლებენ, გაზეთებში გ...გგამლანძღავენ და საქვეყნოდ თავს მომჭრიან.

ჭკვიანი პეტრე უმალ მიხვდა, რომ უპატრონო მამულში საქმე აღარ ექნებოდა, და მოურავობა ახალგაზრდა ჯაყოს გადაულოცა, რომელიც ყრმობიდან ხევისთავთა ოჯახს მოჯამაგირედ შეეზარდა.

ჯაყო თხუთმეტი წლისა ძლივს იქნებოდა, როცა მისი ბიძა ქეშელა ჯავის ხეობიდან დედიან-ბუდიანად დაიძრა და ავთანდილ ხევისთავს შეეხიზნა. ობოლი ჯაყოც თავის ბიძას გადმოჰყვა, ბატონს მენახირედ დაუდგა და თავიდანვე ისეთი ძაღლური ერთგულება, ხელმარჯვება და მუყაითობა გამოიჩინა, რომ ქანც-მილეული პეტრე მალე ხელში ჩაიგდო და მისი მაგივრობაც დაიმკვიდრა.



თეიმურაზი თავის ძვირფას ნაძვნარის სანახავად როკის ხეობაში არასოდეს არ ასულიყო, რადგან ვერც ცხენზე ჯდებოდა და ვერც სამიოდე დღე მოიხელთა შორეულ მგზავრობისთვის. ერთხელ თეიმურაზმა მართლა დააპირა ჯავის ხეობაში გამგზავრება, მაგრამ იმ ხეობიდან დაბრუნებულმა ჯაყომ თავის ბატონს შეატყობინა:

- იმ ტყეში, შენი წირი მე, ერთი ბუჩქიც აღარ დარჩებოდე წამლად. ჯაველებმა სულ გაგჩეხე შენი ტყე. საწყალი ტყე! ჰაი დედასა, რა ტყე გაფუწდი!

ამის შემდეგ თეიმურაზმა გადასწყვიტა, რომ იმ სიშორეს წასვლა ზედმეტი იყო, და არც წასულა.

ჯაყომ ისიც დააჯერა თეიმურაზს, ვითომ ხელსაყრელი აღარ ყოფილიყო საბალახედ გადაქცეულ როკის მამულის დევნა, მოვლა და ასიოდე მანეთის ღალისათვის იმ სიშორეს ხეტიალი.

დაიჯერა თეიმურაზმა და ის მამული ვინმე ბრინკა ჯივაშვილს ორას თუმნად მიჰყიდა.

ამის შემდეგ კარგა ხანი გავიდა.

ერთხელ ნაშინდარის მღვდელმა ივანემ თეიმურაზს უთხრა: მამულის მყიდველი ბრინკა, - ტუტუცი და გამოჩერჩეტებული ლოთი, - ჯაყოს ბიძაშვილი არისო, ვითომ იმ ბრინკას ნამდვილი მყიდველი - ჯაყო ჯივაშვილი ამოეფარაო, ვითომ ჯაყომ ის მამული მეორე დღესვე ვინმე ფარასტაშვილს ექვს ათას მანეთად მიჰყიდა და იმ ტყეში ასი ათასი უზარმაზარი ნაძვი, ფიჭვი და სოჭი კიდევ დარჩაო.

თეიმურაზმა ეს ამბავი მარჯვენა ყურში შეიშვა და მარცხენა ყურიდან გაიფრინა. არც ეცალა თეიმურაზს ჭორების გამოძიებისთვის. სწორედ იმ დროს თავისი სახლის ჭერის თავზე სამი ყუთი აღმოაჩინა დამპალ და ჩრჩილ-ნაჭამ გუჯრებით და ძველი წიგნებით გავსებული.

თეიმურაზმა ამ გუჯრებსა და წიგნებში ისე ღრმად ჩაჰყო ცხვირი და ისეთის გულმოდგინებით ჰქექავდა იმ ნაგავს, რომ კინაღამ თვითონაც დალპა, გაჩრჩილდა და გაჭიავდა.

ახალგაზრდა მეცნიერს ჯერ ეგონა, ვითომ საქართველოს ისტორიის მეჩვიდმეტე საუკუნე გადმოატრიალა, ზოგ ბუნდოვან ამბავს შუქი მოჰფინა და ძველის-ძველი ქრონიკების უუძველესი ვარიანტები აღმოაჩინა. მაგრამ, როცა ერთ მოხუც მწიგნობარს თავისი სიხარული გაუზიარა და ის ნაწერებიც წააკითხა, მოხუცებულმა მეცნიერმა აქაფებული იმედი ხუთ წუთში გაუქარწყლა და ადუღებული თავიც დაუმშვიდა.

იმოდენა ნაწერებში არაფერი ახალი არ აღმოჩნდა, - გარდა ხევისთავთა უთავბოლო დავისა ამილახორებსა, ერისთავებსა, მაჩაბლებსა, ამირეჯიბებსა და ყველა შორეულ-მახლობელ ქართველ მეზობლებთან - შესახებ ყმების, საციციანო და სამაჩაბლო ტყეების, ღალების, სამონასტრო ადგილების, ზვრებისა და ათიოდე კუთხეში გაფანტულ მამულებისა, რომელთა რაოდენობას და ნუსხას თეიმურაზმა თავიც ვერ მოუყარა.

**

როგორც შეეფერებოდა ნასწავლ თავადიშვილს, თეიმურაზს მუდმივი ბინა ტფილისში ჰქონდა, ხოლო ნაშინდარი მეწველ ფურად და აგარაკად იყო გადაქცეული.

ერთ დროს ახალგაზრდა, ქველი, თავის დროის აზრებით გაჟღენთილი ბატონი ზაფხულში და შემოდგომაზე ნაშინდარში სცხოვრობდა და დღე-ღამეს წერა-კითხვაში ასწორებდა. მაგრამ ნაშინდრელი გლეხები ბატონს მოსვენებას არ აძლევდნენ. დღე არ გაივლიდა, რომ მემამულის ციძე-გალავანში გლეხები არ შესულიყვნენ, თეიმურაზის ფანჯრის ძირში არ ატუზულიყვნენ და ყაყანი არ დაეწყოთ.

- რა იყო, რა მ... მმოხდა? - იკითხავდა თეიმურაზი.



ასტყდებოდა ჩივილი, ვაჭრობა, ღიჯინი და თხოვნა-მუდარა ორიოდე კოდი ხორბლის, ან რომელიმე ღალისა და ვალის შემცირება-პატიებაზე.

ბოლოს, გლეხებს მაინც თავიანთი გაჰქონდათ. მაგრამ შემდეგ ჯაყოს ჭიხვინი და საყვედური იქაურობას გასტენავდა ხოლმე:

- რათ გაპატიე ილასა?.. რათ მისცემოდე თედოსა? ყველას რომ ეგრე დაურიგებოდე ღალასა, ზამთარში რაღას მოგართმევდე ქალაქში? ის ტყაპუჭებიც მაშინ მოდიხარ შენთანა, როცა ჯაყო სახლში არა ხარ. იმათაც ისწავლე ეშმაკობაი, განა! მორჩი და გათავდი! აღარ გინდა ჯაყოს სამსახური! აბა ეხლა სხვა ჯაყო იშოვნებოდე!

სხვა ჯაყოს თეიმურაზი ვეღარ იშოვნიდა, ამიტომ დატუქსულ შეგირდივით ბოდიშს იხდიდა და გამწყრალ მოურავს ამშვიდებდა:

- ნუ ჰყვირი, ჯ... ჯჯაყო. ამიერიდან უშენოდ არავის აღარავითარ შეღავათს არ მივცემ.



ჯაყო ძლივს დამშვიდდებოდა. მაგრამ მეორე დღესვე ხელმეორედ აყვირდებოდა, რადგან გულუხვი თეიმურაზი დადებულ პირობას ვერ ასრულებდა. ბოლოს, ჯაყომ თეიმურაზს თავისი განაჩენი გამოუცხადა:

- ბატონო, შენ უნდა წახვიდე აქედანა, თორემა მე და შენ ვერ მორიგდებით.

თეიმურაზი ტფილისში წამოვიდა. მას შემდეგ ნაშინდარის პატრონი, - მუდამ მოუცლელი და ყოვლად გადაუდებელ საქვეყნო საქმით დატვირთული და პოლიტიკურ გაზაფხულით გატაცებული - ორ-სამ წელიწადში მამა-პაპეულ ნაბინადარში ერთხელ ძლივს-ღა ავიდოდა. იქ ორიოდე კვირას მოისვენებდა, მეზობლებს დახედავდა, სოფლელებს კვლავ სათხოვარს შეუსრულებდა და თავის მოურავს ჯაყოს გლეხების აწიოკების გამო ასეთ დიალოგს გაუმართავდა:

- ჯ... ჯჯაყო, რამდენჯერ მითქვამს შენთვის - გლეხებს ლბილად მოექეცი მეთქი.



- ლბილად კი არა, ახლა იმ ტურტლიანებს გაკოცებ კიდეცა!

- ნუ აკოცებ, მაგრამ ნურც დასჩაგრავ.

- ვინა? მე დაგჩაგრე გლეხები? - გაცხარდებოდა ჯაყო. - მე კი არა, გლეხებმა დაგჩაგრეს საწყალი ჯაყოი, გლეხებმა! რამდენჯერ გცემეს ჯაყოსა, რამდენჯერ გაგიტეხეს თავი!

- ჯაყო, ყური დამიგდე. ათჯერ მითქვამს შენთვის, რომ მე პ...პპოლიტიკური მოღვაწე ვარ, მე და ჩემი მტრები ერთმანეთს ვებრძვით. ამას წინათ ჩემი ოინები გაიგეს და გ... გგაზეთში ჩამიწერეს. რა პასუხი უნდა გავცე ეხლა ჩემს მტრებს?

- რა პასუხი? ჯაყო გითხრამს: ასე დასწერებდე შენ გაზეთში: წადი, თქვენი დედა და მამა...

თქო!

- ჯაყო, ჯაყო! ნუ ხარ უზ...ზზრდელი, აგეთი ლანძღვა არ შეიძლება.

- ძალიანაც შეიძლება! მე შენი პალტიკა-მალტიკა არ ვიცის. ჯაყო ქალაქში რომ ჩამოხვალ, ერთი ის კაცი აჩვენებდე იმასა, გაზეთში რომ დაგწერებდა. მერე შენ ნახავდე სეირსა: ისე გაბურთავო ის ოხერი, როგორც ჩილიკა-ჯოხი, მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

თეიმურაზი გაიცინებდა, ბრძანების ნაცვლად ჯაყოს კვლავ დარიგებით გაბერავდა, მერე მარჯვნივ და მარცხნივ ნასწავლის რჩევას უხვად გააბნევდა, გლეხებს ათასს იმედს მისცემდა, მიწების განაწილებას დაჰპირდებოდა და, სვინდის-დამშვიდებული, ისევ ტფილისისკენ მოეშურებოდა.

**

თეიმურაზი სოფლიდან დაბრუნებას ძალიან მოიჩქაროდა: ტფილისში მოუთმენლად ელოდებოდნენ მჭლე გაზეთი, კოტრი კოოპერატივი, ძილმორეული კულტურული საზოგადოება, სახალხო სახლი, უფასო კურსები და ათასი უთავბოლო ჩხირკედელობა, ფუსფუსი, ჩურჩული, ლაყბობა და ენის მოსაფხანი ამბავი.

ხევისთავი რწმენით უუკიდურესი რადიკალი და ხალხოსანი იყო. თუმცა მუდმივსა და აქტიურ პოლიტიკურ მუშაობას არ მისდევდა, მაგრამ მაინც ერთ ჯგუფში თანაგრძნობის ცხვირი ჰქონდა ჩაყოფილი და ზოგჯერ სახიფათო საქმეშიც ოდნავ თითსაც ურევდა, კალამი მსუბუქი და ხალისიანი ჰქონდა, ხოლო საგნის ცოდნა - ღრმა და ფესვიანი, ამიტომ როცა საჭიროება მოითხოვდა, შესაფერ მოხსენების ან მემორანდუმის შედგენას მას მიანდობდნენ ხოლმე.



თეიმურაზს მთელი ტფილისი იცნობდა: ზრდილი, პატიოსანი, დინჯი, ჭკვიანი და ენამჭევრი საზოგადო მოღვაწე იყო. თუმცა ლაპარაკში ოდნავ ენას უკიდებდა, მაგრამ ბორძიკი არაფერს არ ჰვნებდა, ზოგის თქმით კი - უხდებოდა კიდევაც.

სამი კაცი იშვიათად მოიყრიდა თავს, რომ მეოთხედ თეიმურაზი არ ჩარეულიყო, შუაში არ ჩამდგარიყო, სათვალეები არ შეესწორებინა, თითი მაღლა არ აეწივნა და მაშინვე ბაასის სადავე ხელთ არ ეგდო:

- მ... მმოითმინეთ, მ... მოვისაზროთ. ჯერ კამათის საგანი გამ... მმოვარკვიოთ.



და რაზედაც უნდა ყოფილიყო ბაასი, - შესახებ სუდანის ირიგაციისა, ინგლისის პოლიტიკისა ეშმაკის კუნძულზე, გერმანელების დამკვიდრებისა აფრიკაში, პორტ-ჯიბუტის გარშემო ატეხილ დავისა, ზანზიბარის სულთანის გარდაცვალებისა, თუნდ ჩარტისტულ მოძრაობისა. თუნდ ახალ ზელანდელ ქალების საარჩევნო უფლებისა, ან ახალ მნათობის აღმოჩენისა, ან რომელიმე მეცნიერულ გამოკვლევისა, კომბის ან ლოიდ-ჯორჯის გეზისა, ან რომელიმე ქვეყნის რომელიმე მოღვაწის რომელიმე სიტყვის ახსნა-განმარტებისა, - თეიმურაზი მუდამ უდავო მსაჯული და მცოდნე იყო ყველასი და ყველაფრისა.



თუ ვინმე გაჰბედავდა და თეიმურაზს კამათს აუტეხავდა, ქაღალდის ჩრჩილი მოპირდაპირეს უმალ ავტორებისა და ციტატების სეტყვით გააბრუებდა.

სადაც მცირედი დავა და კამათი ასტყდებოდა შესახებ რომელიმე ამბავის სისწორისა ან მცნების განმარტებისა, იმის მაგივრად, რომ მოდავეებს ენციკლოპედიურ ლექსიკონში ჩაეხედნათ, დავის გადასაჭრელად თეიმურაზთან მირბოდნენ. თეიმურაზიც ცნობას და განმარტებას ხალისით აძლევდა. თან ორ-სიტყვიან ცნობას რთულ ლექციად გადააქცევდა. ერთ ნათქვამს მოიმიზეზებდა, უბრალოს გაართულებდა, გაჰყვებოდა, გასჭიმავდა და მსმენელს ისე გაჰგუდავდა, რომ ერთმანეთს ძლივს-ღა დაშორდებოდნენ ხოლმე.

ამის გამო ვიღაცამ თეიმურაზს ცოცხალი ენციკლოპედია დაარქვა. მას აქეთ თეიმურაზს ეს ზედმეტი სახელი სამუდამოდ შერჩა და ისიც ამ სახელს ამაყად და თავმომწონედ ატარებდა.

თეიმურაზის კარებს ვექილის წარწერა ჰქონდა. ათასში ერთხელ ვინმე გზა-დაბნეული გაბრიყვდებოდა და თეიმურაზს საქმეს ჩააბარებდა. მერმე იმ საქმის პატრონი ნანობდა და თავში ხელს იცემდა: თეიმურაზი საქმეს ხალისით აიღებდა, მაგრამ ბოლომდე ვერასოდეს ვერ მიატანდა. ხან არზას დროზე არ დასწერდა, ხან განსაჩივრების ვადას გადააცილებდა, ხან ნაკისრი საქმე სულ დაავიწყდებოდა, ხან კიდევ საქმის გარჩევას ვერ დაესწრებოდა, რადგან იმ დღეს ან გადაუდებელი საგაზეთო წერილი ჰქონდა დასაწერი, ან კრებაზე იყო წასასვლელი, ან კიდევ, სასამართლოში მიმავალი, ქუჩაში ვინმეს წააწყდებოდა და ისე გაჰყვებოდა კამათსა და მუსაიფში, რომ საქმესაც დაივიწყებდა და ოჯახშიც საღამოზე ძლივს დაბრუნდებოდა.

**

ნაშინდარიდან წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ჯაყო ჩამოვიდოდა.

ხელმარჯვემ, ჭკვიანმა, ყბედმა, ქვეშქვეშამ და ხერხიანმა ოსმა ძალიან კარგად იცოდა, რომ იმისმა ბატონმა ღალისა და მაზანდისა არაფერი არ იცოდა.

ჩამოვიდოდა და ჩამოიტანდა ღვინოს და ხილს, მწნილს და მურაბას, ჩურჩხელებს და ფულს. ჯერ ბატონს მოიკითხავდა:

- როგორა ბრძანდებოდე, შენი წირი მე? ალბათ ძალიან ბევრი მუშაობ ბატონი, რომ აგრე გახდებოდი.

მერმე თეიმურაზს პასუხსაც აღარ დააცლიდა და აწუწუნდებოდა:

- წრეულს ძალიან ცუდი მოსავალი გექნებოდა, შენი წირი მე. სეტყვაც გქონდა, დიდი წვიმაც და გოლვაცა. გლეხებიც ძალიან გაეშმაკდი, ღალას არ მოგცემდი... სულ ძალაზე იყურები.



თეიმურაზი ჯაყოს კვლავ დაარიგებდა:

- უნდა მ... მოითმინო, ჯაყო, ტკბილი სიტყვით და კეთილი გულით უფრო მეტს გაარიგებ, ვიდრე მუქარით და ძალით.

- მეც ეგეთი ხარ, შენი წირი მე. გლეხებს სულ გარიგებ და გიცინი, მაგრამ ისინი სულ კომბალზე და ხანჯალზე იყურები.

თეიმურაზი მორცხვად ჩაურთავდა:

- შენი სისტემა ძალიან მომწონს, ჯაყო, მაგრამ...

- მაშ, მაშა! ჯაყოს ძალიან კარგი ჩისტემა გაქვს!

- მაგრამ გლეხები მაინც სჩივიან, ჯაყო გვცემსო, გვაწიოკებსო, ერთხელ მიცემულს მეორეჯერ გვართმევსო.

- ვინა, მენა? ჯაყოი?! ჯაყო გცემს გლეხებსა?! ვაი, საწყალი ჯაყოი! ვაი, სადა ხარ სამართალი! - ჰყვიროდა გულნატკენი ჯაყო და ხუთ-გირვანქიან მუშტს განიერ მკერდზე იბრაგუნებდა.

- მე კი არა გცემ, გლეხები გცემენ ჯაყოსა! ღმერთმანი, გლეხები გცემენ! ამას წინათაც ისე გცემეს, ისე გცემეს, რომ საწყალი ჯაყოი კინაღამ მოკვდი, მაშა! აბა ერთი ფერშალსა ჰკითხე, ის გეტყვის ყველაფერსა.

და ბატონის უმადურობით ნაწყენი ჯაყო ან ქუდს მოიშვლეპდა, ან სახელოს აიწევდა, ან ბარძაყს გაიტიტვლებდა, ან კიდევ მკერდს გაიღეღავდა და საბუთს გამოიჩენდა:

- აი, შენი წირი მე, აი! შენ თითონ ნახავდე. ისეთი დიდი კომბალი დაგარტყეს თავში, რომ საწყალი თავი კინაღამ გოგრასავით გაგისკდა... აი, აქაც დიდი ქვა დაგარტყეს... აქ კიდევ ხანჯალი გატაკეს... ძალიან გცემეს ჯაყოსა, შენი წირი მე, ძალიანა! უნდა თავი დაგანებო სამსახურსა, თორემა ყაჩაღები საწყალი ჯაყო მოგკლავდეს.

და მოჰყვებოდა გაუთავებელ წუწუნს იმის გამო, ვითომ გლეხები უკლებლივ ყაჩაღები ყოფილიყვნენ, ვითომ ერთგული ჯაყო თეიმურაზის გულისთვის იმ ყაჩაღებს დღე-და-ღამ ებრძოდა და სისხლსა ჰღვრიდა, ხოლო უმადური თეიმურაზი მოურავის ერთგულებას არ აფასებდა და ჯაყოს ისევ გლეხების დარბევას აბრალებდა.



- სამსახურიდან დაგითხოვე ჯაყოი, შენი წირი მე, თორემა ჯაყოს მოგკლავდნენ და შენც იმის ცოდო დაგედებოდეს.

დაჯერებული თეიმურაზი შიშით ჰკანკალებდა, ნაცემ ჯაყოს სიბრალულით ჰკვნესოდა და გულში მოურავის ძაღლურ ერთგულებას ამაყობდა.

ის კი არ იცოდა თეიმურაზ ხევისთავმა, რომ თუ გამწარებულ გლეხებისაგან ჯაყოს ერთი მოხვდებოდა, - აბეზარი, ჭირვეული, კბილმახვილი და დაუნდობელი ნადირი ჯაყო თავის მტერს ხუთჯერ მაინც მიუზღვნიდა სამაგიეროს, ერთს სამად გადაახდევინებდა და ერთ განაკაწრს, ასე თუ ისე, დიდის ქონებით აინაზღაურებდა.

ჯაყო რომ ჭრილობებზე ყბედობას გაათავებდა, მაზანდასა და მოსავალზე მოჰყვებოდა:

- მოსავალს არავინ არ ყიდულობდე, შენი წირი მე. მაზანდაც ძალიან ფინთი იქნებოდე. ცხინვალში კოდი ორ მანეთად ძლივს გაგყიდე.

თეიმურაზი ღალის დასათვლელად და მაზანდის გასაგებად ვერ იცლიდა, ამიტომ ჯაყოს ცნობას უცილობლივ იჯერებდა და ანგარიშსაც ისე მიიღებდა, როგორც მოურავი ჩაუთვლიდა.



ჯაყოც ტაბიკის თითებს მოიხმარებდა და ერთი საათი ჰხვნეშოდა: დავიწყებულს იგონებდა, მოგონებულს ივიწყებდა და ცივ ოფლში იწურებოდა. ბოლოს, როცა ანგარიშს თავსა და ბოლოს გადააბავდა, გახარებულ კვიცივით ახვიხვინდებოდა:

- ესეც ხომ მოგრჩი და გაგათავე. მადლობა ღმერთსა!

თეიმურაზი სოფლის საერთო ამბავს გამოჰკითხავდა. ჯაყოც პირს მოიხსნიდა და აღარ გაჩუმდებოდა:

- სოფელი ძალიან ფინთი გახდებოდე, შენი წირი მე, ძალიან ფინთი! ყველანი გაფუწდი, ძალიან გაფუწდი! ყველანი ქურდობდე და იტაცებდე. ამას წინად ჩვენი ერთი მოზვერი და ათი ცხვარი მოიპარე. ჯაყომ ქურდებს ბევრი გცემე, მაგრამ ქურდები არ გამოტყდი.

- ჯაყო, ცემა და ძალადობა არ შ...

შშეიძლება მეთქი. -

მეასეჯერ ეტყოდა თეიმურაზი და ისევ ვრცელ დარიგებას მისცემდა:

- გლეხობა არ გადამკიდო მეთქი, ჯაყო! ჩემზე ცუდი არავის ათ... თთქმევინო; არ დაგავიწყდეს, რომ ჩემი პოლიტიკური მტრები საბაბს ეძებენ ჩემს დას... სსამცირებლად და დასამარხად.

თავჩაღუნული ჯაყო მწიგნობარის შადრევანს მოთმინებით უგდებდა ყურს, თანხმობის ნიშნად ზღარბის თავს იქნევდა და ულვაშებში იცინოდა, გულში კი ბატონს "დურაკს" უწოდებდა და ხანგამოშვებით მკერდს იბაგუნებდა:

- ახ, ნეტა შენი პალტიკა მტერი ჩაგივარდეს ჯაყოსა ნაშინდარის ორღობეში!

ბოლოს, თეიმურაზის ქადაგებით გაკრავებული, დარიგებით გაგუდული და ცოლშვილისთვის ათნაირ საჩუქრებით დატვირთული ჯაყო ისევ ნაშინდარში ადიოდა, - ისევ გლეხების დასაწიოკებლად და საკუთარ გოლიათური ტანის გასასუქებლად.



თეიმურაზი კი მეორე დღესვე გაზეთში ორ-ადლიან წერილს გასჭიმავდა შესახებ მოუსავლობის, დაბალ მაზანდის, გლეხების გაჭირვებისა და მემამულეთა გაუმაძღრობის, გულქვაობისა და დაუნდობლობისა.

III

ერთხელ თეიმურაზის მყუდრო ცხოვრებაში დიდი გაუგებრობა მოხდა: თეიმურაზმა მოულოდნელად ცოლი შეირთო.



ერთ დღეს ვიღაცამ გაკვრით ჰკითხა თეიმურაზს:

- თეიმურაზ, რატომ ცოლს არ შეირთავ?

თეიმურაზს ეს სიტყვები გულში ჩაუვარდა და იმავე ღამეს, როცა ლოგინში ჩაწვა, თითქოს ობლობა იგრძნო და თავის თავს ჰკითხა:

- მართლა, რატომ ც... ცცოლს არ შევირთავ?

და იმ დღიდან ეს აზრი თეიმურაზს აღარ ასვენებდა. ქალის არჩევისთვის და არშიყობისთვის არ ეცალა. ზოგჯერ მაინც აქეთ-იქით იხედებოდა და ახალგაზრდა ქალებს გაკვრით უთვალთვალებდა. ვისაც თვალი დაადგა, ყველანი მოიწონა. ზოგჯერ მისი გული ჩიტივით შეიფართხალებდა, მაგრამ მაშინვე ფრთა მოტეხილივით მოსწყდებოდა, რადგან მოწონებული ქალი ერთი საათის შემდეგ ავიწყდებოდა, ხოლო მეორე დღეს იმ ქალს ვეღარც კი სცნობდა.

ქალებისთვის ვერ მოიცალა თეიმურაზმა, მაგრამ ერთხელ საბედო თვითონვე თავთ წაადგა.

ეს ამბავი უბრალოდ და მოულოდნელად მოხდა.

გაქანებული თეიმურაზი რედაქციაში ცხარე წერილს სწერდა შესახებ ინტენსიურ და ექსტენსიურ მეურნეობისა. ეს დღე და ის წერილიც ხევისთავმა სამუდამოდ დაიხსომა.

უცებ ახლად აჭრელებულ ფურცელს ჩრდილი გადაეფარა. თეიმურაზმა აიხედა. უცნობი ლამაზი ქალი თავთ დასდგომოდა. მორცხვად იღიმებოდა და თეიმურაზს ჭრელი ქაღალდის ნაგლეჯს ხელში აჩეჩებდა, თანაც ნუშის შავ თვალებს ეშმაკურად აციმციმებდა:

- გთხოვთ...

ბილეთი იყიდეთ...

- ბილეთი?.. ვისთვის?.. რა ბილეთი?

- წარმოდგენას ვმართავთ ღარიბ მოსწავლე ქალების სასარგებლოდ. უნდა თქვენც დაგვეხმაროთ.

- დ... დდაბრძანდით.

დიდის სიამოვნებით დავეხმარები თქვენისთანა...

თეიმურაზმა ენაზე იკბინა. კინაღამ წამოსცდა: თქვენისთანა ლამაზსაო.

ის წერილი აღარ დაასრულა. ამ ქალს რედაქციაში ხუთიოდე ბილეთი გაუყიდა და უთხრა:

- თუ ნებას მომცემთ, ბ... ბბანკშიც წამოგყვებით... ბილეთებს გაგ...

გგიყიდით.

გაჰყვა და სადილობამდე დასდევდა, თანაც ეუბნებოდა:

- ეხლა დ... დდრამატიულ საზოგადოებაში წავიდეთ... ეხლა ... წწერა-კითხვის საზოგადოებაში შევიხედოთ.

ქუჩაში ნაცნობებს გზას უღობავდა:

- ბ... ბბილეთი უნდა იყიდო...

უეჭველად უნდა იყიდო.

ბოლოს იმ ქალს ვინაობა ჰკითხა.

- თქვენი გ... გვარი და სახელი?

- მარგარიტა ყაფლანიშვილი გახლავართ.

- დავითის ასული?

- დიაღ, დავითის ასული.

- საკ..კკვირველია! ს.. სსაოცარია!

- რა არის საოცარი?

- ის არის საოცარი, რომ ორივენი ობლები ვართ.



- უბრალო შემთხვევა გახლავთ. ამ ქეეყნად ობლები ბევრნი არიან.

- მარ... რრთალია, მაგრამ ორივენი ჩვენი გვარის უკანასკნელი ჩამონავალნი ვართ.

- ეგ კი მართლა საკვირველია.

ამ შემთხვევამ და დაობლებულთა მოულოდნელმა შემთხვევამ ორივეს გულზე უკბინა და ორივენი ერთ-და-იმავე იდუმალმა აზრმა გაიტაცა.

- გუშინდელი თქვენი წერილი წავიკითხე.

- დაარღვია სიჩუმე მარგომ.

- მარტო გუშინდელი?

- არა, თქვენს წერილებს ყოველთვის ვკითხულობ, მაგრამ გუშინდელი წერილი დამახსოვდა, რადგან...

- რადგან?.. მიზეზი?

- რადგან მეტად კაპასი კილოთი იყო დაწერილი.

- მართალია. - დაადასტურა თეიმურაზმა.

- მაგისთანა კილოთი წერა თქვენ არ შეგშვენით.



- ეგეც მართალია. გადავაჭარბე, რადგან ჭორი მომიგონეს და ჩემი მოღვაწეობა უდიერად მოიხსენიეს.

- თქვენი მკითხველების თვალში ჭორი ვერ გასჭრის, ამიტომ ჭორიკანას ან პასუხი არ უნდა აკადროთ, ან არ გაჰყვეთ იმის კილოს. მე ასე მგონია. ბოდიშს ვიხდი, რომ ასეთი სიტყვა გკადრეთ, მაგრამ ეს იმიტომ მომდის, რომ თქვენ ჩემთვის...

- დაამთავრეთ. რა ვარ თქვენთვის?

მარგარიტა აილეწა.



- ბოდიშს ვიხდი, რომ გაკადრეთ...

- ბოდიში რა საკადრისია! პირიქით, თქვენი აზრი ჩემთვის ძვირფასია. - შეანელა მარგოს უხერხულობა თეიმურაზმა და გულში გაიფიქრა: - აი, ღირსეული შენიშვნა ჭკვიანი ქალისა, მომწონს. ძალიან მომწონს.

კიდევ ორი საათი იარეს. თეიმურაზი მხოლოდ ახლა დააკვირდა მარგოს ტანისამოსს, იერს, მიხვრა-მოხვრას, და გაიფიქრა:

"დაკვირვებული თვალი უმალ შეატყობს ამ ქალს ჯიშსა და აღზრდას. სადა და სუფთა ტანისამოსი, მარტივი და ბუნებრივი მიხვრა-მოხვრა, თავდაჭერილი სიტყვა-პასუხი, ზომიერი თავმოყვარეობა, მოკრძალებული მორცხვობა, თავით-ფეხებამდე ჩატარებული ნატიფი გემოვნება და...

ცუღლუტი, ოდნავ დასანახი არშიყობა თვალებით, მხოლოდ თვალებით. ის არის! სწორედ ის არის, ვასაც ვეძებდი! ეს არის ჩემი საბედო და ამას იქით მე გზა არა მაქვს".

იმ საღამოს თეიმურაზი თეატრში იყო და მარგოს კუდივით დასდევდა. ხოლო ორი კვირის შემდეგ, ერთ მთვარიან საღამოს დრო იხელთა და დაჩრდილულ ხეივანში ასე აბორძიკდა:

- ერთი რამ უნდა მ...მმოგახსენოთ... ყური მიგდეთ... ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი ჟამია. ალბათ მიცნობთ...

მარტოხელა კაცი ვარ...

დიდხანს იბორძიკა და იბორიალა. ბოლოს, ძლივს წაილუღლუღა:

- ერთისს... სსიტყვით... თუ თქვენც მ.. მმოგწონვართ... მე მომწონხართ...

მ... მიყვარხართ. - მრთოლვარე ხელი ჩამოართვა და დაუმატა: - მ...მმოიფიქრეთ... ნუ აჩქარდებით.

თუმცა გაზაფხულის ღამე იყო, თუმცა ხავერდის ცაში სიყვარულით მთვრალი მთვარე დაბარბაცებდა, თუმცა ჰაერიც ვნების სიცხით იწვოდა, მტკვარიც გაუგებარს ჰბოდავდა და ყოველი სულიერიც უცნაურისა და იდუმალის გრძნობით იყო გაბანგული, თეიმურაზი მაინც გულის-ხმას არ აჰყვა: არც თვითონ აჩქარდა და არც მარგო ააჩქარა.

მეორე დღეს მთვრალმა მთვარემ მაინც თავისი გაიტანა და ის წყვილი ერთმანეთს ჩაჰხუტა.

**

თეიმურაზი მთელ ზაფხულს გარინდული დადიოდა.

მისი თავი, გული და ნებისყოფა შუაზე გაიხლიჩა. დანიშნულმა ხევისთავმა იცოდა, რომ იმის სიცოცხლეში და ხევისთავთა მილეულ გვარის ისტორიაში უდიდესი გარდატეხა ხდებოდა. მომავალი ჯვრის-წერა და დაოჯახება მისთვის იდუმალ ნეტარებით იყო სავსე, მაგრამ იმავე დროს საზოგადოებრივი საქმეებიც ისე ჩამოეკიდნენ თეიმურაზს გამხმარ კისერზე, რომ დანიშნულს ხვედრი დრო ვერ მოანდომა და ისე წაიყვანა ეკლესიაში მარგარიტა ყაფლანიშვილი, როგორც უცხო და ოდნავ ნაცნობი საბედო.

საზეიმო ქორწილმა სამი დღე და ღამე გასტანა. უძილობით და სიყვარულით გამოწურული თეიმურაზი ლასლასით დადიოდა და სტუმრებს უმასპინძლდებოდა:

- არ მ...

მმოიწყინოთ... დალიეთ, მიირთვით, იმხიარულეთ...

შუა ლხინში თეიმურაზმა ყანწი ასწია:

- ეს ღმერთმა ადღეგრძელოს მომავალი ხევისთავი და ყაფლანიშვილი, რადგან ორივე გვარი ამ თაობაში სწყდება, ამიტომ ჩვენმა მომავალმა შვილმა უნდა ორივე გვარი დაიმკვიდროს. ამას ამ თავითვე ვ.... ვაცხადებ. გაუმარჯოოოს!

სტუმრებმა ჟრიამული ასტეხეს და თეიმურაზს ნასაზრი მოუწონეს. ხოლო მარგომ საღამოზე დრო იხელთა, თეიმურაზი ცხელ გულში ჩაიხუტა და ჩასჩურჩულა:

- მადლობელი, ჩემო თეიმურ.. ჩემო თემურ... მადლობელი! მაგაზე უკეთესს ვერაფერს მოიგონებდი.

ეგ აზრი მეც მქონდა, მაგრამ დამასწარი. გულთამხილავი ჰყოფილხარ!

**

მეოთხე დღეს თეიმურაზმა ახალგაზრდა კნეინა ნაშინდარში აიყვანა, ნათესავებს გააცნო და თავის მამულიც აჩვენა.

ძველმა ციხე-დარბაზმა, კოშკმა, ხევისთავთა საგვარეულო საგანძურმა და კარგად მოვლილმა ბაღ-ვენახმა მარგო აღტაცებაში მოიყვანეს და მისი გული ახალგაზრდა და სახელმოხვეჭილ ქმრის გულს უფრო მჭიდროდ მიაბეს.

მოლოცვას და მოლხენას ბოლო აღარ უჩანდა. სადილი სადილს მოსდევდა და ვახშამი ვახშამს. გლეხები საქმეს სცდებოდნენ და თეიმურაზის ქვევრებსა და ასი წლის კაკლების ჩრდილს ვეღარ შორდებოდნენ.

თეიმურაზთან შეზრდილი და მისი მამის ავთანდილის გაზრდილი მღვდელი ივანე თეიმურაზს და მარგოს აჩრდილივით დასდევდა, ეკლესიურ დარიგებას აძლევდა, სუფრაზე სთამადობდა, ულეველ ლოცვით ლოცავდა და ზოგჯერ ჩუმ-ჩუმად თეიმურზს ჯაყოს ოინბაზობას ყურში აწვეთებდა.

მაგრამ თეიმურაზი ისე იყო ბედნიერებით, ლაქუცით და ქლესაობით დამთვრალი და გაყრუებული, რომ ნათქვამი ან არ ესმოდა, ან უმალვე ავიწყდებოდა.

ჯაყო თავისი კანიდან ამოვარდა და ბატონების წასვლამდე თავის კალაპოტში ვეღარ ჩავარდა. ცისმარე დღიდან ხან ბაღს, ხან ეზოს, ხან ვენახს, ზოგჯერ მარანსა და ხან კიდევ ძველ დარბაზს მისი ჭექა და გრგვინვა აყრუებდა:

- აბა, ქეშელა, რაშუ... გიგა, თახრაშუ!.. ბრინკა, მარნიდან ღვინო მოიტანებდე!.. ტურა, ჩქარა ცხვარი დაკლავდე!.. პელო, ჩქარა საქონელი მოგწველე!

მარგოს რომ თვალს მოჰკრავდა, თოვლივით დადნებოდა, თეფშივით გაიბადრებოდა და ფეხქვეშ გაეშლებოდა:

- კნეინაჯან, კარგი ყურძენი ხომ არ სწამდე, შენ გენაცვალოს ჯაყოი?! იქნება ნაღები გინდებოდეს, ან კარაქი, ან ტაბაკა? ან იქნება კარგი თევზი ან კურდღელი მოგინდებოდეს? ეხლავე წახვალ და დაგიწერ.

ისეთი თევზაობა და ნადირობა ვიცის ჯაყომა, რომ შენი მოწონებული. მაშა!

- მადლობელი, ჯაყო, დიდი მადლობელი. არაფერი არ მინდა, ნუ სწუხდები.

- ჯაყო ხარ შენი მადლობელი, კნეინაჯან, ჯაყოი! შენისთანა კნეინასთვის ჯაყო წყალში ჩავარდები, თორემ ერთი კურდღელის დაწერა რა დიდი საქმეა, შენი წირი მე, შენი!

და ჯაყო ბუტბუტით გაბრუნდებოდა:

- შენ კი გენაცვალოს ჯაყოი, შენა!

ერთხელ ჯაყო და მასი ცოლი პელო მარგოსთან მივიდნენ და დაბლა დაუკრეს თავი. მერმე ჯაყომ ცხენის კბილები ააელვა და ახვიხვინდა:

- შენთან სათხოვარი გაქვს ჯაყოსა და პელოსა, შენი წირი მე.

- სთქვი, ჯაყო. თუ შემიძლიან, შეგისრულებთ.



- რატომ არ შეგიძლიან, შენი წირი მე. ძალიანაც შეგიძლიან! ჯაყოს და პელოს ორი შვილი გყავს მოუნათლავი. ორივენი შენ და თეიმურაზმა უნდა მოგნათლოთ.

- ეგ ადვილი საქმეა, ჯაყო. როდის გინდა გავმართოთ ნათლობა?

- ხვალ, შენი წირი მე, ხვალა.

- ძალიან კარგი, თემურსაც ვეტყვი.

მეორე დღიდან თეიმურაზისა და ჯაყოს ოჯახები დანათესავდნენ.



ერთი კვირის შემდეგ თეიმურაზი აცქმუტდა:

- უნდა წავიდეთ ქალაქში, ჩემო მარგუში. თორემ ათასი გადაუდებელი საქმე მაქვს.

- ისეთი რა საქმე გაქვს, თემურ, რომ ორიოდე კვირაც ვეღარ მოიცადე შენს მამულში?

- ათასი საქმე მაქვს. ვინ იცის, როგორ მიდის გ... გგაზეთი, კოოპერატივი. ჩვენი საზოგადოება და... ერთი სიტყვით, უჩემოდ ყველაფერი დ...

დდაინგრევა.

- შენ იცი. თუმცა მე ნაშინდარში ათასჯერ მირჩევნიან.

- რა არის აქ საიმისო, მარგუში?

- ყველაფერი: მშვენიერი ბუნება, საღი ჰავა, მშვიდობა და... შენ.

- მე? მე ქალაქშიც შენი ვიქნები, ჩემო მეგობარო.

- არა, არა! ქალაქში ჩემთვის ვერ მოიცლი.

დანიშნულები რომ ვიყავით, კვირაში ერთხელ ძლივს შემოივლიდი. ვიცი, რომ ეხლაც ისე გაგიტაცებს საქმე, რომ დაგავიწყდები. მე კი მინდა, რომ შენ დღე-და-ღამე ჩემთან იყო, ჩემ გვერდით, აი აქვე... აი ასე... ჩემო თემურ.

თემური დადნა მარგოს ალერსში, მაგრამ გულმა ორ დღეზე მეტი მაინც ვერ მოუსვენა. მესამე დღეს კვლავ ქალაქისკენ გამოიწია და მარგოც დაითანხმა.



**

სანამ მარგო გასათხოვარი იყო, ისიც თეიმურაზივით ფუსფუსებდა, ქველობდა და ქვეყნის გაბედნიერებას ჰლამობდა. მაგრამ, როცა გასთხოვდა და ხანში შევიდა, ნელ-ნელა დამშვიდდა და დაწყნარდა.

კნეინას მუდმივ სამიოდე მომვლელი და მოსამსახურე ჰყავდა, ამიტომ იგი მალე უსაქმობის ჭაობმა ჩაითრია და ჩასწუწნა.

ჯერ თეიმურაზის შუქით და სახელით იკვებებოდა: მუდმივ მეუღლეს კატასავით პირში შესცქეროდა, იმის ნაწერს ათჯერ გადაიკითხავდა, გადასაწერს გადაუწერდა, ყველგან თეიმურაზის ნათქვამს, ნააზრევსა და ნაწერს სიტყვა-სიტყვით იმეორებდა, იმის დღეს ფიცულობდა და იმის ხატს ლოცულობდა.

დრო გავიდა. ქურუმი ნელ-ნელა გაცვდა. მარგომაც თანდათან ქმრის ხატზე ლოცვას დაუკლო და საკუთარ თავის გართობას მიჰყო ხელი.

კარგად იცვამდა და იხურავდა, სვამდა და სჭამდა, სტუმრად დადიოდა, თვითონაც უხვად მასპინძლობდა და არც ერთს სანახავსა და გასართობს არ აკლდებოდა.

კიდევ გავიდა ხანი. ქურუმი დადნა და დაპატარავდა. უხატო მარგოსაც ყველაფერი მოსწყინდა და მოჰბეზრდა: უხალისო სიცოცხლეც, უცეცხლო თეიმურაზიც, მისი მჩატე ნააზრევიც, მისი მუდმივი ფუსფუსი და საქვეყნო მოღვაწეობაც. კაბები და გასართობიც. შვილის მოლოდინი და აზრიანი მომავლის ძიებაც. ბოლოს, ახალგაზრდა კნეინაც ისე შეურიგდა ამ ქვეყანას და დაემორჩილა თავის ხვედრს, როგორც ემორჩილება მას - გარდუვალსა და უძლეველ ბედს - ათი და ათასი მილიონი ადამიანი.



მარგომ მხოლოდ რამდენიმე ჩვეულება და უფლება შეინარჩუნა იმ ბრძოლიდგან, რომელიც მას ჰქონდა ცხოვრებასთან: დღე- და ღამეში თხუთმეტი საათი მაინც ეძინა; შიგა და შიგ გამოიღვიძებდა, თუნდ მამლის ყივილისას ლოგინში წამოჯდებოდა, ელექტრონს გაანათებდა და ხილის ჭამას შეუდგებოდა; ამოჩემებულ სამიოდე გლახას ყოველ დღე განიკითხავდა; დილის ჩაის ლოგინში დაჰლევდა, მერმე დაუდევრად ჩაიცვამდა და მთელი დღე ექვს ოთახში უსაქმოდ დაბორიალებდა.

უწინ თეიმურაზის ნაწერს რამდენჯერმე მაინც გადაიკითხავდა, ზოგჯერ ბაასშიც აჰყვებოდა, მაგრამ შემდეგ, საოჯახო საქმეების გარდა, ქმრის ნაწერსაც ერიდებოდა და მსჯელობასაც გაურბოდა.

თუ თეიმურაზი დღეში ათზე ნაკლებ გაზეთს წაიკითხავდა, ის დღე მისთვის დაკარგული იყო. გაახელდა თუ არა დილით თვალებს, უმალ ახალ-ახალ გაზეთებს დასწვდებოდა, და ჭამა-სმის დროსაც, ცხვირი რომ მათლაფაში ჰქონდა, ერთი თვალი გაზეთზე ეჭირა. სადილს ისე დაასრულებდა, რომ მეუღლეს ორიოდე სიტყვასაც ვერ ეტყოდა. ზოგჯერ მარგო გაზეთ-ჟურნალებში ჩაწოლილ თეიმურაზს მიუჯდებოდა და ბაასის გაბმას ჰლამობდა, მაგრამ თეიმურაზს არ ეცალა:

- დაიცა, მარგო... დამაცა, რა ვქნა!.

არა მცალიან. მერმე მ... მოვილაპარაკოთ. - თითქოს ძილში ბურტყუნებდა ნაბეჭდში ჩამძვრალი წიგნის ჩრჩილი.

"მერმე" არასოდეს უდრიდა. ზოგჯერ მარგო ბავშვივით აცელქდებოდა, თეიმურაზს წიგნებს და გაზეთებს მოსტაცებდა, განზე გადაჰყრიდა, ქმარს თავს შემოევლებოდა და ანჯღრევდა:

- თემურ, გეყო ამდენი კითხვა. აბა, გამოფხიზლდი და შემომხედე, განა მე შენს გაზეთებს არა ვსჯობივარ? აბა, ერთმანეთს შეადარე ცოცხალი ქალი და მკვდარი ქაღალდი.

მე ლაპარაკი შემიძლიან, ქაღალდი-კი მუნჯია, მე ვიცინი, ვიღიმები და დავდივარ, ქაღალდი კი უსულო საგანია. მე სიმღერაც ვიცი. გინდა გიმღერო?

- არა, მარგო, სიმღერისთვის არა მცალიან. გეყო ხუმრობა, მ... მომაწოდე ჩემი გაზეთები.

- ან, თუ გინდა, როიალზე დაგიკრავ შენს საყვარელს შოპენის nocturne-ს, ან ბეტჰოვენის სიმფონიას, თუ გინდა - ლისტის რაპსოდიას, ან შუმანის ვალსს.

მარგო როიალს მიუჯდებოდა და საკრავს საამურად ააჟღარუნებდა.



მაგრამ თეიმურაზს არც ლისტის რაპსოდია ესმოდა, არც ბეტჰოვენისთვის ეცალა. მას ინგლისის ახალ არჩევნების შესახებ წერილის კითხვა გააწყვეტინეს!

და თეიმურაზი ჰლამობდა გაწყვეტილ ძაფის გადაბმას:

- მარგო, მომეცი ჩემი გ... გგაზეთი!

- არ მოგცემ. უნდა უეჭველად გაგართო. თუ როიალის ხმა არ გესიამოვნება, გიმღერებ. რომელი მოგწონს, რომანსი "მხოლოდ შენ ერთს", თუ კარმენის არია? - და ხავერდის ხმით დაიწყებდა:

მხო-ოლოდ შენ ე-ერთს, რაც რომ ჩემთვი-ი-ის

მოუცია-ა-ა მაღლიდან ღმე-ე-ერთს...

- მარგო, ნუ მაჯავრებ, მომეცი მეთქი ჩემი გაზეთი!

- არც სიმღერა მოგეწონა? მაშ შენი გულისთვის ერთს უზუნდარას ჩამოვუვლი, ან ტარანტელლას, ან კარმენის ცეკვას.



და დაირას ან კასტანეტებს აიღებდა და თეიმურაზის გარშემო ჩამოივლიდა. ხან ვნებიან და გველურ უზუნდარით დაიწვებოდა, ხან ესპანურის ცეკვით აიგრიხებოდა, ხან კიდევ გიჟმაჟურ ტარანტელას ისეთის ალქაჯური სიმარდით დაატრიალებდა, რომ თეიმურაზს თვალი უჭრელდებოდა და თავბრუ ეხვეოდა. სცეკვავდა გაწეწილ-გაღეღილი მარგო და ხან ინისლებოდა, ხან ვნებით სდნებოდა. ხან ჟინით გიჟდებოდა და ნუშის შავი თვალებით ხან ღონდებოდა, ხან სევდით იბურებოდა, ხან ცელქად იღიმებოდა და ხან კიდევ ისე ინთებოდა, რომ მისი თვალები ოთახში ატეხილ ელვასავით დახტოდნენ.

დაღლილი მარგო თეიმურაზს ეხვეოდა, თეიმურაზი კი ჟინიან ბავშვივით ისევ თავისას გაიძახოდა:

- მარგო, მომეცი მეთქი ჩემი გაზეთი!.. მარგო, გეყო ჩემი წვალება!.. მომაწოდე გაზეთი და დამშვიდდი!..



მაგრამ მარგო არ მშვიდდებოდა. ტახტზე წამოწოლილ თეიმურაზს ხან ნელსასუნებელს მიაპკურებდა, ხან ფეხში ხელს წაავლებდა და კივილ-სიცილით დაითრევდა, ხან ჩაეკონებოდა და ბურანში გახვეულ ქმრის გამოფხიზლებას ჰლამობდა. ხოლო მარგოს ცხარე კოცნას თეიმურაზი უგულო ლოშნით და დარიგებით უპასუხებდა:

- კარგი, გეყოფა... მოისვენე... ჩემი გაზეთი და.. დდამიბრუნე. ყინულნაკრავი და ნაკბენი მარგო გაზეთს თავში მიახლიდა, მეორე ოთახში გავარდებოდა და სიმწარისგან ცრემლს იწმენდდა და თითებს იმტვრევდა.



მუდმივ დინჯმა, ცივმა და ქვეყნის ბედით გატაცებულმა წიგნის ჭიამ თან-და-თან გადააჩვია მარგო მუსიკას, სიმღერას, ცეკვას, ანცობას; თავის მოგიჟიანებას, სიყვარულის სიცილსა და სიცოცხლის ლაღობას. რაც დრო მიდიოდა, თეიმურაზიც საზოგადო საქმეებსა და წიგნებში უფრო-და-უფრო ღრმად მისძვრებოდა, დღითი დღე ჭიავდებოდა, წიგნის მღილს ემსგავსებოდა და მარგოს გულის ჩახვევას, განაპირებასა და სულიერ დაობლებას ვერც კი ამჩნევდა.

უკანასკნელ ხანებში თეიმურაზი ქართულ კულტურის სამტომიან ისტორიას ადგენდა და შიგა-და-შიგ ათობით სწერდა საგაზეთო წერილებს, მოხსენებებს, დასკვნებს, გამოკვლევებსა და შენიშვნებს, თან საიდუმლო კრებებზედაც დადიოდა და სხვებთან ერთად დღითი დღე სჭამდა და ჰღრღნიდა იმ ტოტს, რომელზედაც არხეინად ეძინა და უდარდელად ფუსფუსებდა.

თეიმურაზი ოდესღაც განთქმულ ხევისთავთა გვარის უკანასკნელი ჩამონავალი იყო. ეს გვარი წარსულში საქართველოს წარჩინებულებს პირველობას ედავებოდა, ერთ დროს ქართლის ბედსაც განაგებდა და ზოგჯერ მეფეებს ძალაუფლებასაც ეცილებოდა. თეიმურაზის მამა და პაპაც ხევისთავის გვარს ისეთის ღირსებით და ფახით ატარებდნენ, თითქო გვარის გარდა წინანდელი ძალაც ხელში ჰქონოდათო. გულში არც თეიმურაზი იწუნებდა საზეიმო გვარიშვილობას, მაგრამ უზრდელ კვეხნას და თავისქებას საქვეყნოდ არ კადრულობდა.



თეიმურაზი სწუხდა და იდუმალის დარდით სდარდობდა უშვილძირობას და ამაყ ხევისთავთა ნაშიერობის გაქრობას. რაც ხანი გადიოდა, უშვილო თეიმურაზიც ჯიშის გაგრძელების ალღოსაც უფრო და უფრო ცხარედ ჰგრძნობდა და, შვილის ძებნით გატაცებული, გულმოდგინედ ოფლში იწურებოდა, მაგრამ ოხუნჯისა და ულმობელ ბედის წყალობით მას "ბერწი მეუღლე შეჰხვდა". მუღამი - გულისნადები არ შეუსრულდა. მეუღლენი წლითი-წლობით შვილს ელოდებოდნენ, უშვილობას ერთმანეთს აბრალებდნენ და რჩევისა და დარიგებისათვის ხან ერთს ექიმს მიადგებოდნენ, ხან მეორეს, ზოგჯერ კი არც სახალხო წამლებს ერიდებოდნენ.

ბოლოს, უნაყოფო შრომით და გაუთავებელი მოლოდინით თეიმურაზს ქანცი გამოელია და იმედი გადაუწყდა. ხევისთავთა გულნატკენმა მონაფხეკმა ბრალი საბოლოოდ თავის მეუღლეს დასდო და გული დაიმშვიდა, თანდათან დაცხრა და ულმობელ განგებას დაემორჩილა.

თეიმურაზის და მარგოს ცხოვრება მას აქეთ მდორე წყალივით მიიზლაზნებოდა: უდარდელად, დინჯად, უქაროდ და უტალღოდ.



თეიმურაზს ძარღვებიც სისხლის მაგივრად თითქო გაზეთების ნაგლეჯებით ჰქონდა გატენილი. დედაკაცი იმის მდორე ბუნებას უძალო ნიავივით აღელვებდა. იმის დაშრეტილ და დონდლო სისხლში ვნების ქარიშხალი არაოდეს არ ატეხილა, და მისი გული, - ისიც მჩატე გაზეთივით დაჭმუჭნილი და გაჩვარებული, - ღვთაებრივ ხანძრით არ ანთებულა.

იქ, სადღაც ჯურღმულში ოდნავ-ღა ჰბჟუტავდა მილეული ჭრაქი და მასზე ძლივს-ღა შიშინებდა ნელ-თბილი სიყვარული. იმ მილეულ ჭრაქის ალი გაყინულ მარგოს ერთხელაც ვერ მოეკიდა, ვერ გააცხელა და ვერ აადუღა მისი ობოლი სისხლი ვნების დუღილით, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სიცოცხლის ხალისი, დინჯი ბედნიერება და ხევისთავთა გვარის უკვდავება.

და რადგან მარგოს არ ეღირსა არც ბედნიერება, არც ნიშატის გაღვივება და არც ხევისთავთა დედობა, ამიტომ ისიც ისე მშვიდად და არხეინად შედიოდა ხანში, როგორც თეიმურაზი მარგოს საწოლში: სიყვარულის იალქნების ურხევლად, ფრთამოტეხილ ბატივით, უგემური ზლაზვნით და ნელთბილი ცოხნით.

როცა თეიმურაზი იშვიათად მიუწვებოდა მარგოს და ცხარე ალერსის მაგივრად მოდუნებულ ხელებით უგემურად ცოდვილობდა და ილოღნებოდა, ამავ ჟამს თავი სკასავით გატენილი ჰქონდა უთვალავ ფუტკარით და საზრუნავით: თეიმურაზი ამ დროს ორჩოზე იყო შემდგარი და საქვეყნო ზრუნვით იყო ორსული.

იმ წუთს მწიგნობარი გატაცებით ჰფიქრობდა ზანზიბარის გაყვლეფისა, მაროკკოს დამორჩილებისა, მონღოლთა ბედისა და ლურ-ბახტიართა აჯანყებაზე; ცხარედ ეკამათებოდა გუჩკოვს, ლლოიდ-ჯორჯს, კლემანსოს, წერა-კითხვის საზოგადოების თავმჯდომარეს, სამეურნეო ბანკის დირექტორს და იმ დღეს ქუჩაში შენახვედრ პოლიტიკურ მოპირდაპირეს; სწერდა ხვალინდელ წერილს, ამზადებდა საქვეყნოდ სათქმელ სიტყვას და ანგარიშობდა კოოპერატივის წაგება-მოგებას; სთვლიდა, სწონავდა, ზომავდა და ზრუნავდა ყველაფერსა და ყველაფერზე, გარდა მარგოს ალერსისა და ქმრის ვალის შესრულებისა წინაშე თავის ცოლისა, რომელსაც ასეთ დროს თეიმურაზის დაჩვარებულ მკლავებში ხან ძლიერი ძილი ერეოდა, ხან კიდევ ჩაუქრებოდა ვნებით გაავებული ბრაზი და გაკაპასებული ანჩხლობა ხერხავდა.

ნამდვილი სიყვარულის უნახავმა მარგომ, ბოლოს, თავისი თავი დააჯერა, ვითომ ასეთი მჩატე სიყვარული და ასეთი უსისხლო ცოლ-ქმრობა ამ ქვეყნიური და ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყო, ხოლო ის გაგიჟება და ცაში ავარდნილი ვნება, რომელიც წიგნებში ჰქონდა წაკითხული, პოეტების მშვენიერი ნაჭორალი და მათი ადუღებული ტვინის ნაბოდვარი ეგონა. დააჯერა მარგომ თავისი თავი და ძლივს გააყუჩა მოუსვენარი გული, რომელიც ხანდახან ისევ უცნაურად ჰკვნესოდა და გაუგებარს ჰბოდავდა, ისევ თავისას მოითხოვდა და ნისლოვან ლანდებს მისდევდა.

თეიმურაზი კი მარგოს ლანდებს არ ჰხედავდა. იმის გულსა და ყურს მარგოს გულის ტირილი და სისხლის ჩქეფა არ სწვდებოდა. წიგნის ჭია ისევ ზანზიბარის ბედზე ჰზრუნავდა, მუდმივ ვიღაც-ვიღაცას ეკამათებოდა, წამდაუწუმ სათვალეებს ისწორებდა, თითს ჭერს ან ცას აბჯენდა და ჰბორძიკობდა:

- მოვ...ვისაზროთ... გ..გგამოვარკვიოთ...

მოვ...ვვიფიქროთ... რა არს ცხოვრება ესე?

ასე იფიქრა და ისაზრა ჩხირკედელა წიგნის მატლმა და ქაჩალმა თაგვმა, სანამ თავისივე თათებით გამოჩხრეკილი კატა თავთ არ წაადგა.

**

თეიმურაზი სიხარულით ცას დაეწია: სიცოცხლის ნატვრა შეუსრულდა. სამოთხის კარები გაეღო. დღე-და-ღამე ქუდმოგლეჯილი დარბოდა, წითელ ბაირაღს იქნევდა და ჩახლეჩილი ხმით ჰკიოდა:

- თავისუფლებას გ...გგაუმარჯოს!.. ვაშაა!. რევოლჲუციას გაუმარჯოს!..

ძ...ძირს მეფე და ძძალადობა!

და მეათასეჯერ სწერდა და ილოღნიდა:

- მთელ ქვეყანაზე არავის არ ჰყოლია რუს...სისთანა ინტელ... ლლიგენცია. ბედნიერი ხალხია, ბ..ბბედნიერი!

განუწყვეტელ ლაპარაკით, სირბილით და წერით ხმა ჩაუწყდა, ენა დაება, მუხლები მოსწყდა და ხელის თითები დაუდუნდა.

მერმე თანდათან დაინახა და დარწმუნდა, რომ იმდენი ხნის ნანატრი და ნალოდინევი მისი გასართობი და სათამაშო კი არ იყო, არამედ თავისას მოითხოვდა.

თეიმურაზი ჯერ გაჩუმდა. შემდეგ გატვრინდა და აიმრიზა. "გაუმარჯოსს" აღარ გაიძახოდა და აღარც წითელ ბაირაღს იქნევდა.



თან წითელ ფერს გაურბოდა, უწინდელ დროშებს სწვავდა, თაგვის სოროში სძვრებოდა, შიშისაგან კანკალებდა. გადარეულმა თეიმურაზმაც უმალ ზურგი მიიბრუნა: ქუდ-მოგლეჯილი ჩხირკედელა უგზო-უკვლოდ თავდაღმა დაეშვა და სასოწარკვეთით გაჰკიოდა:

- გვიშველეთ! დავიღუპე-ე-ე-თ! გვიშველე-ე-თ!

მაგრამ მშველელი არსად სჩანდა. განწირულის კივილი და გოდება თანდათან მისუსტდა, მიიბნიდა და, ბოლოს, სადღაც ჯურღმულში მისწყდა. რევოლჲუციის გრიგალში თეიმურაზ ხევისთავის კნავილი ვერავინ გაიგო, ხოლო მისი ათი წლის ნაშენები და ნაცოდვილარი წითელმა გოლიათმა ქინძისთავის-ოდენა ლუკმასავით ჩაჰყლაპა.

თეიმურაზი ნელ-ნელა ისევ წიგნების სანაგვეს დაუბრუნდა, რომელსაც განათლებულ ქათამივით გულმოდგინედ ჰქექავდა. ჰქექავდა და ამონაკითხს ახალ ცხოვრცბას ადარებდა. ახალი და ცოცხალი ცხოვრება არა ჰგავდა თეიმურაზის და იმის მასწავლებელ მწიგნობართა ნაროშვარს.

ჰხედავდა ამ უცნაურობას თეიმურაზი და გულუბრყვილოდ ბრაზობდა იმის გამო, რომ ცხოვრება წიგნებს არ ემორჩილებოდა, არც კი ეკითხებოდა, და ბრძენთა ნებადაურთველად, თავისი გზით თავხედურად მიაბიჯებდა. თეიმურაზი კი თითს ისევ ცას აბჯენდა და ისევ ჰკვირობდა:

- საკ...კვირველია! ს...სსაოცარია!

ამ ქვეყანამ და თეიმურაზ ხევისთავმა თანდათან ისე შეიძულეს და შეიზიზღეს ერთმანეთი, როგორც კერპმა მამამ შეიძულა უძღები შვილი, რომელმაც განუზომელი ურჩობა, უმადურება, კადნიერება და ამპარტავნება გამოიჩინა და საკუთარ ფეხებზე დადგომა და საკუთარი გზით სიარული გაჰბედა.

იმ დღიდან თეიმურაზს მისი სიცოცხლე კისერზე ისე ჩამოეკიდა, როგორც ლეკვის აყროლებული ლეში, რომელიც, ვერ იქმნა, ვერ ჩამოიგლიჯა, ვერ მოიშორა, და თვითონაც იმ ლეშიან ცხოვრებას ვერსად გაექცა და ვერსად დაემალა.

IV

თეიმურაზი ცოლის შერთვამდე შეძლებულ მემამულედ ითვლებოდა. მაგრამ შემდეგ, როცა საკუთარი ბუდე აიშენა და საზოგადო საქმეებშიც უფრო ღრმად შესტოპა, მისი მამულიც, უპატრონობის გამო და ჯაყოს წყალობით, თანდათან დაილია. უთავბოლო და განურჩეველი ქველმოქმედება, გაზეთის გამოცემა, რჩეული წიგნების ბეჭდვა, რამდენიმე ნიჭიერი ჯაბუკის გაზრდა, მარჯვნივ და მარცხნივ დახმარების გაწევა, ხშირი სტუმრობა და პატიჟი, ღარიბ ნათესავთა შენახვა და კარღია ოჯახი მუდმივ ახალ-ახალ დამატებას მოითხოვდნენ. თეიმურაზიც ქართლში განთქმულ საყანურებს იქამდე ჰყიდდა ნაჭრობით, სანამ ხელთ არ შერჩა მხოლოდ სახლ-კარი, ბაღი, ვენახი და ასიოდე დღიური სახნავი.



რადგან მამულის წყარო ჯერ თეიმურაზის ბედოვლათობით, მერმე კი რევოლჲუციის წყალობით თანდათან დაშრა და, ბოლოს, სულაც მოისპო, თეიმურაზიც, მისი ოჯახიც და საქმენიც ზეთ-გამოლეულ ჭრაქივით დაილივნენ და დადნენ.



მწიგნობარმა და საზოგადო მოღვაწემ ჯერ გაზეთის გამოცემა მოსპო, მერმე სტიპენდიებზე აიღო ხელი, შემდეგ მარგოს თვალ-მარგალიტი გაჰყიდა და ბოლოს, თავის მამა-პაპეულ განძეულობასაც დაადგა თვალი. ის განძეულობა, რკინით ნაჭედ უზარმაზარ სკივრში ჩაწყობილი, ნაშინდარში ინახებოდა. როცა ქვეყანა აირია, თეიმურაზმა ის სკივრი დაიბარა. ერთი კვირის შემდეგ დაფეთებული ჯაყო ხელცარიელი ჩამოვიდა, თეიმურაზის ოთახში შევარდა და აღრიალდა:

- მოგკალი, შენი წირი მე, მოგკალი! ჯაყო საცხოვრებელი აღარ ხარ! მოგკალი, შენი წირი მე, მოგკალი!

და ბანჯგვლიანი დათვი ბავშვივით ატირდა.

- რა იყო, ჯაყო, რა მოხდა?.. სთქვი, ჯაყო, რა მოხდა მეთქი? - ეკითხებოდნენ შეშინებული თეიმურაზი და მარგო თავიანთ მოურავს.

ჯაყო პასუხის ნაცვლად თავში თათებს იცემდა, წვერ-ულვაშს იგლეჯდა, მკერდსა და მუხლებს იმტვრევდა და გაბმულ ღმუილით ღრიალებდა:

- დაიღუპე ჯაყოი-ი-ი-ი-ი! მოკვდი ჯაყო-ი-ი!

ბოლოს, ძლივს დაუკლო ღრიალსა და დათვურ სლუკუნით გადმოაგდო:

- ყაჩაღებმა სკივრი მოგტაცეს ჯაყოსა.

მარგოს ეს ამბავი მეხივით დაეცა, თეიმურაზს კი გულს მოეშვა.

- კარგი, ჯაყო, გაჩ...ჩუმდი. მე უარესი მეგონა. - ანუგეშა მოურავი თეიმურაზმა.

- ამაზე უარესი რაღა იყოს, თემურ? - მთრთოლვარე ხმით სთქვა მარგომ. - ის განძეულობა ათ წელიწადს მაინც გვაცხოვრებდა, ეხლა კი...



- დამშვიდდი, ჯაყო. მე მეგონა, ცოლი ან შ...შშვილი მოგიკვდა მეთქი.

- შვილის სიკვდილი გერჩივნა ჯაყოსა. მაშა! ნეტა ცოლ-შვილი დაგხოცოდა და ასეთი სირცხვილი არ გეწამა ჯაყოსა! ღმერთმანი, მართალს ამბობს ჯაყოი. ვაი ჩემი ბრალი! ვაიმე, საწყალო ჯაყოი-ი-ი!

- ჯაყო, გაჩუმდი და მიამბე, რ...რროგორ მოხდა ეგ ამბავი?

- როგორ მოხდი და ასე მოხდი, შენი წირი მე, რომა ყველას გეძინა. შუაღამეს ყაჩაღები მოხვედი, ქეშელას ყელში ხანჯალი დაგადე, პირში ჩვარი ჩაგიდეს, სკივრი გაგტეხე და ყველაფერი წაიღე. მერე ქეშელა დაიღმუვლე, ჯაყო გაიღვიძე და ყველანი წამოგაყენე.

მაგრამ ყაჩაღები ცხენებზე შეხტი და გაიქეცი. ბევრი ეძებე ის ყაჩაღები, მაგრამ მიწამ ჩაგყლაპა. აი, მთავრობის პრატაკოლიც მოგიტანე ჯაყომა. მანდ სწერიხარ ყველაფერი.

- ახია შენზე, ახი! - ბრაზით მიახალა მარგომ თეიმურაზს, რომელიც გულმოდგინედ კითხულობდა გრძელ ოქმს. - რამდენჯერ გითხარი: ქვეყანა აირია, იმ განძეულობას ხიფათი მოელის, წადი და ჩამოიტანე მეთქი, მაგრამ შენ ვერ მოიცალე, თავი ვერ შეიწუხე.

- დამშვიდდი, მარგო, დამშვიდდი.

ოღონდაც, ვერ მოვიცალე. ისეთ დროს შემირჩევდი ხოლმე, რომ... მახსოვს, ერთხელ არჩევნები იყო, მეორეჯერ პრესაში ცხარე კამათი გვქონდა ჩვენ მტრებთან, მესამეჯერ ჩემი წიგნი იბეჭდებოდა.

- მერმე. სამი დღით კამათი ვერ შესწყვიტე?! შენ, როგორც გატყობ, არც კი გესმის დანაკარგის ფასი, ყოველთვის ბედოვლათი იყავი და შემდეგშიც დარჩები.

- მ...მმარგო!

- ნაცარქექიავ! - და გამწარებულმა მარგომ კარები გაიხურა.

**

დრო კვლავ მიდიოდა.

დაკარგულ განძეულობის ხსოვნაც მინელდა. ლუკმა პურის შოვნა კი დღით-დღე ძნელდებოდა. თეიმურაზმა რომ მარგოს სამკაული და თავიანთი ნიშნობის ბეჭდებიც კი გასცვალა დაშხამულ პურზე, ოჯახის ნგრევას მიჰყო ხელი და რიგ-რიგობით გაიტანა ბაზარზე ხალიჩები, როიალი, რბილი ავეჯი, თეთრეული, ფაიფური და ბროლის ჭურჭელი. ხოლო როცა თეიმურაზს ცხოვრებამ მიწამდე მოუღუნა კისერი და ულმობლად დაჰკეცა იგი, მოდრეკილმა მწიგნობარმა თავის წიგნებსაც წაავლო ხელი, - იმ წიგნებს, რომელნიც თეიმურაზისთვის ღვიძლ შვილებს ედარებოდნენ და უფრო საჭირონი და ძვირფასნი იყვნენ, ვიდრე ავეჯეულობა, მამა-პაპეული განძეულობა, მარგოს თვალ-მარგალიტი, ბროლი, ფაიფური და თეთრეული.

ოცი წელიწადი მოუნდა თეიმურაზი წიგნსაცავის შერჩევას და გამდიდრებას. კვირა იშვიათად გავიდოდა, რომ საფრანგეთიდან, გერმანიიდან და რუსეთიდან ფოსტას ერთი დასტა წიგნები არ მოეტანა. არც ქართული წიგნი, ჟურნალ-გაზეთი, ან ფურცელი დაიბეჭდებოდა, რომ ერთი ცალი თეიმურაზის კაბინეტში არ შესულიყო.

რამდენიმე ბუკინისტი მუდმივ გამალებით დაეძებდა თეიმურაზისთვის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას. დიდის სიყვარულით, ცოდნითა და მოწიწებით აგროვებდა თავადი-მწიგნობარი საიდუმლო ნაბეჭდებს და ნაშინდარში ჰგზავნიდა ცხრაკლიტულში დასაკეტად.

წიგნსა და თეიმურაზს ისე უყვარდათ ერთმანერთი, როგორც მამაშვილს. ამიტომ, წიგნების გაყიდვის ჯერი რომ მოვიდა, თეიმურაზმა მხოლოდ მაშინ იგრძნო და გაიგო, რომ იგი კარგა ხანია შეუდგა თავის გოლგოთას, რომლის მწვერვალი, შავის ნისლით დაბურული, ჯერ არც კი მოსჩანდა.

გულაჩუყებული ბიბლიოფილი კვირაში ერთახელ წიგნებს აცახცახებული ხელით გადაარჩევდა, იღლიაში ამოიჩრიდა, სახლიდან ქურდივით გაიპარებოდა და საკომისიო მაღაზიას ჩალის ფასად მიუგდებდა, თან ჩუმ-ჩუმად ცრემლს იწმენდავდა და აფორიაქებულ სულს იმ იმედით იმშვიდებდა, ვითომ ხვალ ან ზეგ დრო გამოიცვლებოდა, ცხოვრების ბორბალს ვიღაც უჩინარი პირუკუღმა დაატრიალებდა, ან თეიმურაზს მამული დაუბრუნდებოდა, ან როგორმე ფულს მოიგდებდა და გაყიდულ ქონებას და წიგნებსაც ხელახლად დაიბრუნებდა...

მაგრამ ცხოვრებას გუმანშიც არ ჰქონდა პირუკუღმა მოტრიალება და ხევისთავის უზურის გამართლება.

ისევ დღე დღეს მისდევდა, კვირას - კვირა, წელიწადს - წელიწადი.

თეიმურაზი კი მუდმივ სასწაულს ელოდებოდა. და სასწაულის მოლოდინში, მამულის დაბრუნებისა და ხელახალ გამდიდრების იმედიანობაში ნელ-ნელა დაილივნენ და დაცალიერდნენ თეიმურაზის გულიც, იმედებიც, წიგნსაცავიც და ბინაც.

**

ერთ ხანს თეიმურაზი ყოველ დღე ხუთიოდე საკომისიო მაღაზიაში მაინც შეირბენდა გასასყიდად მიბარებულ წიგნებისა და ნივთების ბედის გასაგებად და ორიოდე გროშის მისაღებად.

იმ მაღაზიებში თეიმურაზი დიდის დაკვირვებით და გულის კვნესით ათვალიერებდა ათას უცნობ ოჯახიდან გასასყიდად გამოტანილ ნივთებს. მაღაზიების ვიტრინებსა და თაროებზე ხევისთავი ცხადად ჰხედავდა და ჰკითხულობდა საკუთარ ცხოვრებისა და ბედის წიგნს.

რა არ იყო იმ მაღაზიებში საქვეყნოდ გატანილი ერთ ლუკმა პურისთვის! კაბები და საცვალი, ჭურჭელი და სურათები, წიგნები და ალბომები, სამკაული და სათამაშო, ნაქარგი და ნაქსოვი, ნაჩუქარი და სახსოვარი; ცოლ-ქმრობის, დანიშვნის, ჯვრისწერის, დაჲ-ძმობის, მამა-შვილობის და მეგობრობის ათასნაირი წვრილმანი, უთვალავი მოგონებით აღსავსე, ნატიფი ნახელოვნევი, ინტიმური და ძვირფასი ნივთი.

ყოველ ნივთს - ბეჭედსა და საყურეს, სამაჯურსა და კოხტა სარკეს, ვერცხლის სათუთუნეს, ქალის ნაქსოვ ხელის-ქისას, ფარჩის კორსეტსა და ქარვის კრიალოსანს, სპილოს ძვლის სათამაშოს და ბრინჯაოს ქანდაკს, ფაიფურის ვაზას და მოქარგულ ოქრონემსულს, ფერუმარილის ჭურჭელსა და ატლასის სათამაშო ქაღალდს, საქორწილო თეთრ კაბას და აბრეშუმის წინდებს - უკლებლივ ყველაფერს ჰქონდა თავისი რომანი და წარსული, სიხარული და დარდი, სიცილი და ცრემლი, ინტიმური ისტორია და უცნო თავგადასავალი.

იმედიანი დასაწყისი და სევდიანი დასასრული.

ხანგამოშვებით თეიმურაზი იმ მაღაზიებში ნაცნობთა სამკაულს და ნივთებსაც წააწყდებოდა. მან იცნო კნეინა ახატნელის განთქმული სპილოს ძვლის მარაო - დიდი მთავრის ნაჩუქარი, ოქროს ძაფით მოქარგული და ფრანგული წარწერილი: n'oubIier jamais, იცნო აგრეთვე კნეინა არაგველის უუძველესი ქართული ქათიბი, - კვერნით შემოვლებული, მუქიშინდის ფერი ხავერდი, თეთრის აბრეშუმით მოქარგული და მსხვილი მარგალიტებით დაწინწკლული; იცნო თავადი გიგო სურამელის საგვარეული რახტიც. კნეინა ელენეს ჯიღაც, კნეინა ქეთევანის მანიაკიც და თავად ელიზბარის ქულაჯაც.

უკვე უსაქმური თეიმურაზი ზოგჯერ მთელ დღეს ტრიალებდა საკომისიო მაღაზიებში, სცნობდა მეგობართა და ნაცნობთა საქვეყნოდ გატანილ ნივთებს, ჩუმის კვნესით ჰკვნესოდა, გულამომჯდარი სჩიოდა და საკუთარის თვალით ჰხედავდა თავისივე თვალწინ დატრიალებულსა და საკუთარ კისერზე დაწერილს ახალს ულმობელ ისტორიას, რომლის წყალობით ერთნი ამ ქვეყნის ასპარეზიდან უკვე მიდიოდნენ და თავიანთ წარსულს ჰყიდდნენ, ხოლო მეორენი ახალ ქვეყნიდან მოდიოდნენ და თავიანთ მომავალს ჰყიდულობდნენ. თეიმურაზიც დღითი-დღე ჰყიდდა თავის ბედნაკრავ ოჯახსა და ისტორიას. დღითი-დღე სწვავდა მომავლის იმედებს და, თავჩაქინდრული, გულდაწყვეტილი, სულდამწვარი, ზლაზვნით და ბორძიკით ჩამოდიოდა თავდაღმა ცხოვრების ეკლიან კიბეზე.



ჯერი ტანისამოსზე მისდგა. ჯერ რამდენიმე ხელი გაჰყიდა, დანარჩენი გადმოაბრუნა და მარცხენა ჯიბეები მარჯვნივ მოაქცია; მერმე, საყელოების გახამება რომ გაძვირდა, გაუხამებელს იკეთებდა. ბოლოს, საყელოები და ყელსაბამიც მოიშორა, ხალათი ჩაიცვა, ქამარი შემოირტყა, წვერიც გაუშვა და გაკოტრებულ მეწვრილმანე ურიას დაემსგავსა.

**

თეიმურაზი და მისი მეუღლე ოდესღაც ექვსთვალიან ბინაში სცხოვრობდნენ. იმ ექვს ოთახიდან ორ-სამ ოთახშიც იშვიათად შეიხედავდნენ. თუმცა თეიმურაზი თითქმის მილეული იყო, მაგრამ ბინის გამოცვლას მაინც არ აპირებდა.

დროება ერთხელ კიდევ გამოიცვალა.

თეიმურაზ ხევისთავი რევოლჲუციის სალეწავ მანქანაში ჩავარდა. ერთ დღეს თეიმურაზს ძაბრიანები და შავხელა მუშები მიადგნენ და უთხრეს:

- ამხანაგო, შემოკლდით!

თეიმურაზი და მარგო "დამოკლდნენ" და სამ ოთახში დაბინავდნენ. კიდევ გავიდა ხანი. კიდევ მიადგნენ თეიმურაზს და უთხრეს:

- ამხანაგო, ცოტა კიდევ შემოკლდით.

თეიმურაზი და მარგო ერთ პატარა ოთახში მისჭეჭყეს, ხოლო ხუთ ოთახში მუშები და მათი ცოლ-შვილი ჩასახლდნენ.

იმ ხნიდან დაიწყო თეიმურაზის და მარგოს ახალი წამება: წინანდელი მშვიდობა და ხალვათობა გაჰქრა. ყველას საერთო სამზარეულო, ჩეჩმა, აივანი და საკუჭნაო ჰქონდათ.

დღე არ გავიდოდა, რომ მარგოს თეიმურაზისთვის არ შეეჩივლნა მეზობელთა დაუდევრობა და უწესობა, მაგრამ თეიმურაზი სდუმდა და ამბობდა:

- გ..გგაჩუმდი, ქალო, თორემ აქედანაც გაგვაგდებენ.

თეიმურაზს შიში გაუმართლდა: ერთხელ კიდევ მივიდნენ და უთხრეს:

- ამხანაგო, აიბარგეთ!

და თვალცრემლიანმა თეიმურაზმა ბაზარს გადარჩენილი ერთი მუჭა ბარგი თითქმის ხელით გადმოიტანა იმ ერთ ოთახში, სადაც ეხლა მისი ნამოჯამაგირევი ჯაყო ისე ძალუმად ჰხვრინავდა, რომ მისი ხრიალი ზემო სართულსაც კი სწვდებოდა.

თეიმურაზმა თავის დროზე სამსახურიც სცადა, მაგრამ მალე იგრძნო და გაიგო, რომ ის სხვის სკამზე იყო ჩამომჯდარი. ახალმა ქვეყანამ და თეიმურაზმა ერთმანერთისა ვერაფერი გაიგეს, ერთმანერთს გული და სული ვერ შეუგუეს და ვერ მოახვედრეს. ორივენი თითქო სხვადასხვა ენას ლაპარაკობდნენ, თითქო სხვადასხვა ქვეყნისა და ჟამის სულითა და ხასიათით იყვნენ გაჟღენთილნი. ამიტომ იყო, რომ ერთის "ღვთის წყალობა" მეორეს "ღვთის რისხვად" ელანდებოდა, ხოლო მეორეს მადლი პირველს მატლად მიაჩნდა.

თეიმურაზმა რამდენჯერმე ფეხი გადაინაცვლა და სამეურნეო დარგში დაიწყო მუშაობა.

ახალ სამსახურში თეიმურაზის ავლადიდება და ცოდნა გაჩხრიკეს და მალე დარწმუნდნენ, რომ ჭიანახრავმა მწიგნობარმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ ისიც მალე გაიგეს, რომ ახალ წესრიგის შეგუება არ ძალუძდა და არ შეეძლო.

დიდხანს იხეტიალა თეიმურაზმა ერთ შენობიდან მეორეში და მეორე დარგიდან მესამეში. ერთ ალაგს თვითონ თეიმურაზი იწუნებდა. მეორეში თეიმურაზს იწუნებდნენ. ბოლოს, სამსახურს სამუდამოდ უნებურად ჩამოშორდა და სხვა საქმეს რომ ვეღარ მიეკედლა, გატკეპნილ გზას დაადგა და ერევნის მოედნის ბირჟაზე გავიდა.

თეიმურაზს გარკვეული ხელობა არა ჰქონდა. ამიტომ ძალაუნებურად დალალობას მიჰყო ხელი.

თუ სადმე ნაცნობ-ნათესავებს შეჰხვდებოდა ჩურჩულით და გესლიანი ღიმილით ეუბნებოდა:

- ვ...ვვაჭრებში ფეხი მ...მმოვიკიდე. თუ გასაყიდი ან დდ...დდასახურდავებელი გაქვთ რამე, შემიძლიან დ...დდაგეხმაროთ, მაკლერობით უნდა გავათავო ჩემი სიცოცხლე.

და ოფლში გაწურული, ენაგამოგდებული მწიგნობარი ნახევარ-მისხლიან ბეჭდის გასაყიდად ან ორიოდე ოსმალურ ლირის დასახურდავებლად დილიდან საღამომდე შუა ბაზარსა და ერევნის მოედანზე ქაქანით დალასლასებდა, კედლებსა და მავალებს აწყდებოდა და ორიოდე გირვანქა პურის გულისთვის ვინმე ბაზაზის დუქანში ორ საათს იჭაჭებოდა, იხვეწებოდა, სტყუოდა და ჰფიცულობდა.

- ნეტა მამა ჩემს ჩემთვის რაიმე ხელობა მაინც ესწავლებინა, ან მწიგნობარის მაგივრად ნეტა ხარაზი, დურგალი ან ზეინკალი ვყოფილაყავ. - სთქვა იმ ხანებში თეიმურაზმა და ეს ნათქვამი თანდათან ნატვრად გადაექცა. და ამ ნატვრას შემდეგში ისე ხშირად იმეორებდა, რომ მახლობლებს და თვითონ თეიმურაზსაც კი იმ ნატვრის გაგონებაც კი მოჰბეზრდათ.

ბოლოს, ლირების დახურდავებაც მოისპო და გასასყიდი ბეჭდებიც გამოილია.



თეიმურაზი მას აქეთ მთელი დღე უსაქმოდ ქუჩაში დასჩანჩალებდა და ნაცნობ-ნათესავებს ყურში საიდუმლოდ ჩასჩურჩულებდა:

- ორი მანეთი მ...მმასესხე ხ...ხხვალამდის.

და ორი მანეთის მაგივრად ორ აბაზსაც სიხარულით ეჭიდებოდა.

ზოგჯერ იღლიაში ამოჩრილ პურსა და იაფ სანოვაგეს ბედნიერი ღიმილით მოათრევდა. ზოგჯერ კი, პირქუში და თვალ-ცრემლიანი, თავის ბნელ ოთახში შეიძურწებოდა და მუდმივ დაღვრემილ მარგოს თრთოლვით და კანკალით ძლივს შეჰკნავლებდა:

- დღეს ვ...ვვერაფერი ვერ მოვახერხე, დ...დდაწყევლილი დღეა. უნდა მ...მოვითმინოთ.

მარგოც სდუმდა და ითმენდა.

**

ერთ დროს თეიმურაზი მეგობრებს ათობით ჩამოივლიდა ხოლმე.

ვინ იცის, რამდენმა შეინარჩუნა და გაიყოლა თეიმურაზის მადლი! ჟამთა ტრიალის წყალობით მრავალი მათგანი თეიმურაზივით წისქვილის ქვეშ დაიფქვა, მაგრამ ზოგნი წელმაგარნი გამოდგნენ და ისევ ფეხმარდად დაიარებოდნენ, ზოგნი კი, უცნაურ ბედის წყალობით, წელშიც კი გასწორდნენ, გამაგრდნენ და გასუქდნენ.



მკვდრები მკვდარ თეიმურაზს ეჭიდებოდნენ და სამარემდე მითრევას ემუდარებოდნენ, ხოლო ცოცხალი მეგობრები სულთა-მხუთავის კლანჭებში ჩავარდნილ თეიმურაზს ფიცხლად შემოეფანტნენ. ქუჩაში მიმავალ დაღვრემილ ნაკაცარს ისე ერიდებოდნენ, თითქო მათი მოკეთე და მადლის დამთესავი ხევისთავი გაცოფებულიყო. ხშირად თითქო ვერც კი სცნობდნენ: შორიდანვე თავს ჩაჰღუნავდნენ და ნაბიჯს მოუმატებდნენ, ან მაღაზიის დასათვალიერებლად შეტრიალდებოდნენ და თეიმურაზს ზურგს შეაქცევდნენ.

სამიოდემ თეიმურაზის ძველი მადლი გაიხსენეს, ნაკაცარს ოდნავ ხელი მოუმართეს და თითქოს უსიტყვოდ უთხრეს:

"ჩვენი ვალი მოვიხადეთ. მეორედ აღარ შეგვაწუხოო".

ერთდროს სხვისი მოჭირნახულე და მომჭირნე თეიმურაზი ეხლა რომ მარტოხელა მაინც ყოფილიყო, როგორმე თავს შეინახავდა და გაჭირვებას ასე ადვილად არ გაეთელვინებოდა.

მაგრამ მუდმივ გაჩუმებული მარგო თავის დუმილით ქმარს სულს უხუთავდა და ყოველდღე შხამს ასმევდა.

თეიმურაზიც თანდათან ბნელდებოდა და ისე იღუნებოდა, თითქო მას უჩინარი ვინმე დღითი-დღე ახალ-ახალ ლოდს ჰკიდებდაო.

მარგოც იბურებოდა, ითმენდა და ილეოდა.

უდარდოდ და ფაქიზად გაზრდილ მარგოს არასოდეს არ ჰქონდა ნაცადი ცხოვრებასთან ბრძოლა და ლუკმა პურის დევნა. მას ხასიათშივე ჰქონდა დაყოლილი უჩინარი ბედის შიში და მორჩილება, ხოლო უკანასკნელ ხანებში ეს მომთმენი დედაკაცი საბოლოოდ ხელთ ჩაუვარდა უჩვეულო ცხოვრებას, სავსებით დაემორჩილა მას და უსიტყვოდ და ხელის გაუნძრევლად მისცა თავი სრულ აპპატიას, გულგრილობას, სულერთიანობას და გარინდულობას.

"თეიმური ჩემი ქმარია. რაც უნდა იყოს, ჩემთვის მუშაობს და იტანჯება.

მეც მისი მეუღლე ვარ, მეც უნდა მოვითმინო", - ასე ინუგეშებდა ზოგჯერ მარგო თავს და უპურობასაც კი ითმენდა, მაგრამ ამ შეგნებას არ მოსდევდა სიყვარულის ტალღა, მეგობრულ ძაფების გამაგრება და მეუღლეობის ვალის განხორციელება. ამიტომ ხელის განძრევის ნაცვლად მარგოს გულში ბოროტმა ინსტინქტმა გაიფაჩუნა. მარტოდ-მარტოდ დარჩენილმა დედაკაცმა გული ჩაიხვია და პირზე კლიტე დაიდო. როცა თეიმურაზი მწარედ სჩიოდა და ჰკვნესოდა, მისი მეუღლე დახმარების, გამხნევებისა და ნუგეშის მაგიერ დღითი-დღე სდუმდა. და ის დუმილი, ცივი, უღვთო და სასტიკი, - უფრო შხამიანი და გაუძლისი იყო თეიმურაზისთვის, ვიდრე მარგოს ბრაზიანი კივილი, ლანძღვა და საქვეყნო საყვედური, მარგო კი ისევ დუმილით ჰფარავდა ბალღამის შადრევანს, რომელიც ამოხეთქვას ჰლამობდა. მაგრამ დედაკაცის გაცრუებულ იმედსა და სიყვარულზე, მარგოს უნებურად, ნელ-ნელა ლენცოფა, ზიზღი და ფიზიკური მძულვარება აღმოცენდა.

- მარგო, მეტის-მეტად გაგვიჭირდა.

- ეტყოდა ზოგჯერ თეიმურაზი დამუნჯებულ მეუღლეს ბაასის გასაბმელად.

- აკი ვითმენ ამ გაჭირვებას, მეტი რა გინდა? - უპასუხებდა პირგაყინული მარგო.

- ითმენ, მაგრამ ვაი მაგ მოთმენას!

- შენ შენს თავს მოუარე, ჩემზე ნუ ზრუნავ.

- ისე მელაპარაკები, თითქოს უცხონი ვიყოთ ერთმანერთისთვის.

- როცა გელაპარაკებოდი, შენ სდუმდი. ჩემი თავი გაზეთებს ანაცვალე. დუმილი შენ შემასწავლე, ბაასს შენ გადამაჩვიე.

ან რა გვაქვს სალაპარაკო! როცა მოსაცემი გქონდა, არაფერი არ მომეცი, როცა ყველაფერი გამოგელია, ცარიელ ბაასს მთავაზობ.

- დარიგება, გამხნევება და სულიერი ნუგეში მჭირდება, თორემ წავიქცევი, მარგო!

მარგო უარესად მოიღრუბლებოდა და გამწარებულ მეუღლისთვის ერთ სიტყვასაც ვეღარ გაიმეტებდა.

რაც დრო მიდიოდა, გაჭირვებაც მატულობდა, ხოლო მარგოს გულში საიდუმლოდ და წვეთ-წვეთად კაპასი გესლი და ავი ბალღამი ჟონავდა.

ჟონავდა და გუბდებოდა. და იმ ბალღამსა და გესლს მარგო მოთმინების, გულგრილობისა და დუმილის ხუფით ჰფარავდა. მაგრამ იგი გესლი სდუღდა, ხუფს აწვებოდა და ამოვარდნას ჰლამობდა.

ბოლოს, ხუფიც ამოვარდა: გამწარებულმა დედკაცმა ერთხელ თავის უბედო და უნდილ მეუღლეს ერთი წვეთი გესლი შეასხა.

როგორ ან როდის გამოეცალა ხევისთავის უდუღაბო ციხეს პირველი აგური, არც თეიმურაზს ახსოვდა, არც მარგოს. პირველ აგურს მოჰყვა მეორე, მეოთხეს მეხუთე და მეცხრეს მეათე. ბოლოს, ისე დღე არ გავიდოდა, რომ თეიმურაზის მოშლილ ბუდეში ზიზღის ნიაღვარი არ შევარდნილიყო; მძულვარების შადრევანს არ ამოეხეთქნა და ისედაც მორღვეულ ციხე-ოჯახში კიდევ ერთი კედელი არ ჩამონგრეულიყო.

და განუწყვეტელ ნგრევის, შიმშილისა და უძალო ბრძოლის გამო ორივეს თანდათან შესძულდათ და შეეზიზღათ თავიანთი თავიც და ერთმანერთიც, სიცოცხლეც და ჭიდილიც, უხალისო წარსულიც და უიმედო მომავალიც.

თეიმურაზი თითქოს აღარ იბრძოდა. მოძულებული თავი მოძულებულ ცხოვრების მდინარეს გულგრილად მისცა და საამურ დასასრულს ნატვრით ელოდებოდა.

ბოლო ხანებში ცოლიც და ქმარიც მისწყდნენ, დადნენ, მიილივნენ და სიცოცხლის დღეებსაც კი აღარ ითვლიდნენ.



პირქუშმა ბედმა ორივეს ხელი ჩამოართვა და მათი ხელები თავის კლანჭებში დაიტოვა.

V

წინად რომ ჯაყო ჯივაშვილს ჰკითხავდნენ, სადაური ხარო, ჯაყო ტაბიკის თითს როკის მთისკენ გაიშვერდა და იტყოდა:

- იქაური ხარ, შენი წირი მე. საწყალი ჯაყო ობოლი ხარ, არც ძმა გყავს, არც მამა და არც ბიძა. ჯაყოს მარტო საწყალი ქეშელა გყავს, შენი წირი მე.

მერმე კი, როცა გლეხობას მიწის ციებ-ცხელება აუტყდა, როკის მთაში ჯაყოს ძმებიც აღმოუჩნდნენ და ბიძებიც.

როცა დრო მოვიდა, მთებიდან მოულოდნელად კბილებამდე იარაღში ჩამსხდარი ხუთი ჯივაშვილი ჩამოვარდა. ჩამოცვივდნენ და ჯაყოს გვერდით ამოუდგნენ.



თვითონ ჯაყოს დილით-დილამდე ზედ ეკიდა რუსული თოფი, მაუზერის დამბაჩა, თეიმურაზის მამა-პაპეული ხმალ-ხანჯალი, სამასი ვაზნით გატენილი სამი სავაზნე და ოთხი საომარი ყუმბარა.

არსენალად გადაქცეული ჯაყო თეიმურაზის მამულს გარს უვლიდა და, ვითარცა უპატრონო ქონებისა და თავისი ნაოფლარის კანონიერი მემკვიდრე, გააფთრებული გაჰკიოდა:

- ჩემია! ჩემია! ჯაყო დედას გიტირებდე, ვინც მოხვიდოდე!

გვერდით ძმები და ბიძები ჰყავდა: ქეშელა, გიბა, ტელა, მეშთა და ბრინკა. ისინიც ჯაყოს გაბერილ მადას იარაღით ადასტურებდნენ:

- მაშ, მაშა! ყველაფერი ჩვენია, ჩვენი! დედას გიტირებდით, დედასა!!

ჯაყომ ძალას და მუქარას ხერხი და კეთილი გულიც დააყოლა: მთელი სოფელი რამდენჯერმე დაჰპატიჟა, სამი ქოცო დააცალიერა, ათიოდე ცხვარი დაჰკლა, გლეხების გული მოინადირა, მტრებიც შეირიგა და ხელისუფლებაც გაამაგრა.

- გაგიმარჯოს ჟორდანიას მთავრობასა! - გაჰკიოდა წარამარა.



- გაგიმარჯოს! საწყალი ხალხი მიწა მოგეცი ჟორდანიამა.

ხელისუფლება და პირველობა ჯაყოს თავის-თავად ჩაუვარდა ხელში.

ამიერიდან ჯაყო ნაშინდარის თავიც გახდა, მსაჯულიც, ვექილიც და მზრუნველიც.

კვირა არ გავიდოდა, რომ შეიარაღებული ჯაყო გორის ან ცხინვალის ხელისუფლებს კრიჭაში არ ჩასდგომოდა და არ ახვიხვინებულიყო.

- ნაშინდარის ხალხმა გიბრძანა ჯაყოსა... ჩვენი ხალხი სამართალი გინდა!.. ჩვენი ხალხი მაგოდენა ნალოგი არ გადაიხდი!.. მორჩი და გათავდი!

საცა მუქარა და ხალხის სახელი არ გასჭრიდა, იქ ახმახი ჯაყო გაბავშვდებოდა, გაკრავდებოდა და აცრემლდებოდა:

- გიშველეთ, შენი წირი მე, თორემა მთელი სოფელი დაიღუპე... ყველასა გშიან, ტანისამოსიც აღარა გაქვს, საქონელიც შიმშილით გაგიწყდა. გიშველეთ ნაშინდარსა!

მუდარა გასჭრიდა თუ არ გასჭრიდა, ჯაყო მაინც სოფელს დაუვლიდა:

- ჯაყოს დიდი ხარჯი გაქვს.

შენ, კაკუჩა, ერთი ჩანახი ჩამოდი! შენც, ბრეცია, ერთი ქათამი მოიტა... შენზე ერთი გოწი გაგაწერე, წრიწინა!

ბოლოს, თვითონ თეიმურაზის თხოვნით, ჯაყოს ქვემო ნაფუზრებში თოთხმეტი დღიური მიუზომეს. ჯაყომ სახნავ-სათესი იშოვნა, ხოლო სახლ-კარისა და ბაღ-ვენახის დაჩემება სამერმისოდ გადასდო. მერმე ქალაქში ჩამოვიდა, თეიმურაზს ზღვენი ჩამოუტანა და ერთი კვირის ღიჯინით, მუდარით და მუქარით ისე გააბრუა ჯერ კიდევ ძლიერი თეიმურაზი, რომ დაშინებულმა თავადმა თავის მოურავს სახლ-კარიც და ბაღ-ვენახიც თითქმის უფასოდ დაუთმო იჯარით.

**

გავიდა ორი წელიწადი. ჯაყომ ორიოდე ზღვენი კიდევ მიართვა თეიმურაზს, თანაც მილეულ ზურგზე დათვის თათს უბარტყუნებდა, ღოჯის კბილებს აელვებდა და იღრიჯებოდა:

- ღალას მერე მოგიტანებდე, შენი წირი მე, მოსავალი არ მოხვიდოდე. ზოგი გლეხები მოაძევებდე, ზოგს მოიპარებდე, ზოგსაც ნალოგი წაიღებდე.

ჯაყო ცოლს შეირთავდე, შენი წირი მე. ხარჯიც დიდი გქონდა.

- ეგ მეორეა თუ მესამე, ჯაყო?.. - ჰკითხა მარგომ.

- მეორე ხარ, შენი წირი მე. ისეთი ლამაზი ქართველი ქალი მოიყვანე, როგორც მთვარე.

და ერთი ისე დაიჭიხვინა, რომ ფანჭრის მინები ააწკარუნა.

კიდევ გავიდა ხანი. ვარდის ფერი საქართველო დამუქდა და გაწითლდა. როკის მთებიდან კიდევ ერთხელ ჩამოგორდნენ ჯაყოს ძმები და ბიძები, და კიდევ ერთხელ მიეშველნენ თავიანთ ბელადს, რომელიც ისევ იარაღში ჩაიჭედა, ისევ გაცოფებული ურბენდა გარშემო თეიმურაზის სახლ-კარს, ბაღ-ვენახს და ისეთის ხაპი ხმით გაჰკიოდა, რომ მისი მუქარა მთელ სოფელს სწვდებოდა:

- დედას გიტირებ, დედასა! აბა ახლოს მოხვიდოდე ვინმე! აბა ერთი გამოხვიდოდე, თუ ვაჟკაცი იქნებოდე!

- ჩვენია! ჩვენია სახლიც და ბაღიც! - კვლავ უდასტურებდნენ გიგა, ქეშელა, ტურა, მეშთა და ბრინკა.

ხუთივენი წამდაუწუმ თოფსა და მაუზერს აჩხაკუნებდნენ, ხელში ყუმბარებს იმარჯვებდნენ და ხმალ-ხანჯალს ჰფერავდნენ. ხოლო ღამ-ღამობით, უხილავი მტრებისა და ლანდების დასაფრთხობად, თოფსა და მაუზერს აგრიალებდნენ.

ჯაყომ ღრიალს და ქადილს ისევ ზედ დააყოლა ცხვარი და ღვინო, არაყი და მწვადები, ოსური ლუდი და ხაბიზგინები, მტერებთან შერიგება და ხელისუფლებასთან ღიჯინი:

- ჩვენი ხალხი ძალიან რევალცია ხალხია, შენი წირი მე. მუდამ მზათა ხართ თოფი გესროლოთ მტრებსა და ყაჩაღებსა.

ნაშინდარში ყველანი ძმები ხართ და ძმა-ბიწურად ცხოვრობთ... ჩვენ, შენი წირი მე, არაფერი არ გინდა ბალშენიკებისგან. მარტო ნალოგი ნუ წაიღებდე. წლეულს ძალიან ცუდი მოსავალი გქონდა. ყველასა გშიან, შენი წირი მე. სეტყვაც მოგივიდა და გოლვაც გქონდა. სულ დაგილპა იქაურობა, შენი წირი მე, სულ!

ასეთის ღრეჭითა და ასნაირ ხრიკებით სოფლისთვის ჯერ შეღავათს მიიღებდა, მერმე სამაგიეროს სოფლისგან თხოულობდა და გლეხებს საყვედურით თავს აბეზრებდა:

- ჯაყო სოფელს გიშველა...

ჯაყო ნალოგი გაპატიე... ჯაყო ყველაფერი გაგიკეთე... ჯაყო დიდი კაცი გახდი, მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! - და ქადილსა და საყვედურს ისევ წუწუნი მოსდევდა:

- მოგეცი ჯაყოს ვალი, თორემ ჯაყოს მეტი აღარ შეგიძლიან.

და ჯაყოს ოჯახში უხვად შედიოდა ხორბალი და ლობიო, მატყლი და წვრილფეხა, კარაქი, ერბო, ფრინველი და მრავალი გლეხური ნაცოდვილარი და ნაოფლარი. ჰკრეფდა ჯაყო ღალას და ახალ ჰანგზე გაიძახოდა:

- ღმერთმა გაკურთხოს ბალშენიკების მთავრობაი, რომელმაცა საწყალ ჯაყოს სახლიც მოგცა, ბაღიც, ვენახიცა და კარგი ზაკონიცა! ძირს ჟორდანია! აღარ გინდა ჯაყოს ბურჯუაძის მთავრობაი, აღარა!

ჯაყომ ნატვრა შეისრულა და იმ სახლსა და ბაღ-ვენახში არხეინად მოიკეცა. გულიც დაიმშვიდა. იარაღიდან ამოძვრა, დაიმკლავა და ისე დააძგერა თავისი ნათესავები იმ მიწას და ბაღ-ვენახს, როგორც მოსისხლე მტერს: რიჟრაჟიდან ბინდამდე ჰხნავდნენ, სთესავდნენ, ჰბარავდნენ, სხლავდნენ, მკიდნენ და...

ჩუმად ვაჭრობდნენ და უღვთოდ ვახშობდნენ.

იმავ როკელ-ჯაველ ნათესავების დახმარებით ჯაყო მალულად ვაჭრობდა ყველით, ერბოთი, მატყლით, ქსოვილით, ხორბალით, მსხვილფეხა საქონლით და ყველაფრით, რაც ხელში მოჰხვდებოდა და რასაც წვენს გამოადენდა. ვაჭრობდა ჯაყო და სუქდებოდა, შეძენის ხურუშს იქრობდა და უდროოდ და უალაგოდ ჭიხვინით ქადილობდა და ილოცებოდა:

- მაშ, მაშ! აგრე ვიცის ჯაყომა! ღმერთმა გაცოცხლოს ჩვენი თავრობაი და რევალცია, რომელიცა რომა ჯაყოსთანა საწყალსა მიწა და სახლი მოგეცი. შეგეწიოს ჯაყოსა იმისი მადლი და ანგელოზი!

VI

იმ დღეს თეიმურაზმა უკანასკნელი ტყავი გაიძრო და ნამოურავალი ჯაყო სადილად დაჰპატიჟა. დამკლავებული ჯაყო სამის თითით მესამე მათლაფა შილაფლავს ხრამა-ხრუმით ათავებდა, დანა-ჩანგალს დასცინოდა, ცხენის კბილებით გირვანქიან ძვლებს ჩიტის ფრთასავით ახრამუნებდა, ბოთლს ბოთლზე ხლუპით სვამდა, თეიმურაზს მოხრილ ზურგზე თეფშის ოდენა თათს უბარტყუნებდა და ისე ჰყვიროდა, თითქოს ლიახვის ნაპირიდან გაღმა ვინმეს ხმას აძლევდაო:

- ამ ბოთლსაც ნავთის სუნი აგადინე, ნათლია კნიაზო!

- მ...მიირთვი, გენაცვა. ღმერთს შენთვის კარგი მადა მოუცია.

და გაუმაძღარ ჯაყოს მასპინძლები ახალ-ახალს სთავაზობდნენ.

თანაც შიშის ოფლში იწურებოდნენ: ვაი თუ ჯაყოს სამყოფი არა გვქონდესო.

- ღმერთმა ჯაყოს კარგი მადა მოგცა, შენი წირი მე, მაშა! ენაცვალე იმის მადლსა! რამდენი ხანია, რაც ჯაყომ დეკეული უნდა დაგიკლა არბორ ხატსა, მაგრამ აქამდე ვერ მოიცალე.

სამი დიდი ჭიქა გაავსო, თეფშზე დაალაგა, ასწია და ახროტინდა:

- კნეინა მარგოჯან! ეს ღმერთმა ბევრი მოგცეს ჯაყოსთანა საწყალსა შენისთანა ლამაზი ქალი, რომელიცა რომა ჭკვიანიცა ხარ და ნასწავლიცა.

ამენ!

სამივე გამოსცალა, აბოყინდა და თავის ოჯახის ამბავიც შეატყობინა:

- ჯაყომ ორი ცოლი მოიყვანე, შენი წირი მე. ორივენი მოკვდებოდე. ჯაყო ვერ გაუძლებდე! ეხლა მესამე ცოლი გყავს - ნინაი. ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი ლამაზი რომა, როგორც მთვარე, მაშა!

და გულიანად გადიხარხარა.



თეიმურაზი და მარგო ვერ მიუხვდნენ ჯაყოს და ვერ გაიგეს მისი სიცილის და წამოძახილის აზრი; რას ვერ გაუძლეს მიცვალებულებმა, ჯაყოს ხასიათს თუ სხვა რამეს, ან რა აცინებდა ჯაყოს - თვისი მიცვალებულთა გახსენება, თუ მესამე ცოლის შედარება მთვარესთან.

ჯაყო თავის მასპინძლებს ნაწყვეტ-ნაწყვეტად მრავალ პატარა თავგადასავალს უამბობდა; უმიზეზოდ სჭიხვინებდა, სუფრას მესამეჯერ ასუფთავებდა და მაინც ვერ სძღებოდა. ხანგამოშვებით ბაასის ძაფს შესწყვეტავდა, ქონიან თათს მარგოს მუხლზე დაჰკრავდა, ან თეიმურაზს ზურგზე ჩაუბარტყუნებდა და ანუგეშებდა:

- ნუ დაღონდებოდი, ნათლიჯან! ნუ შეშინდებოდი! ყველაფერი კარგად გათავდები! თქვენა ბრძანდებოდე კარგათა, თორემა ნაშინდარის მამული თქვენი წირიც წაიღებდე.

თეიმურაზი უკვე სთვლემდა, ხოლო სიცილს გადაჩვეული მარგო ჯაყოს ქცევით და ყურის გდებით გამხიარულდა და აყბედებულ დათვს აჰყვა: თვითონაც დალია, თეიმურაზსაც დაალევინა და თვისი ბნელი, ნესტიანი და ბნელი ოთახი ნერვიულ კისკისით გაავსო, იცინოდა მარგო და თანაც იმეორებდა:

- რა მხიარული ყოფილხარ, ჯაყო! ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. გამაცინე და გამამხიარულე.

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! თეიმურაზ, ამ ბოთლსაც ნავთის სუნი აგდის! აბა, ერთი კიდევ მოგიტანე ჯაყოსა.

- მ...მიირთვით, ინებე, ჩემო ჯაყო, ღვინო კიდევა მაქვს.

არც ისე გავ..კკოტრებულვარ, რომ ჩემს ნათლიას ვერ დავალევინო.

- ეხლაც დიდი საქმე გაგიკეთე ნაშინდარსა. - დაიკვეხა ჯაყომ. - თავრობა მალე სკოლას გაგიხსნის იქა. წიწყინა ნინიკა ბრაზით გასკდები.

- მართლა, - გაიხსენა თეიმურაზმა, - როგორ არის ჩემი ნათლული?..

- ვინა, ნინიკაი? კარგი ნათლულიცა გყოლია, ღმერთმანი.

აგიკლო ნაშინდარი, სულ აგიკლო. ჯაყოს მოსვენებას აღარ გაძლევ, სულ იმასა ყვირი, თეიმურაზის სახლი ჯაყოს უნდა ჩამოგართვა და სკოლა და კაპრატივი უნდა გაგიხსნაო.

- მარგო, აღარ გახსოვს ნინიკა? - მიუბრუნდა თეიმურაზი მეუღლეს.

- ნინიკა? რომელი ნინიკა?

- ჩემი ნათლული. გ...გგაღმა სკოლაში რომ ვზრდიდი.

მარგო დაფიქრდა. მერმე უპასუხა:

- არა, არ მახსოვს.



- ჩემი ნათლული, მარგო, ჩემი ნათლული, ჩვენ რომ ჯვარი დავიწერეთ, ორჯერ თუ სამჯერ მოვიდა ჩემთან.

- არ მახსოვს... არ მაგონდება.

- არც გინდა გახსოვდე იმისთანა აბეზარი ბიწი! - გაცხარდა ჯაყო. - ჯაყო უნდა გადაგასახლოს და ჩემ დვარეცში კაპრატივი გახსნა?! კჩორტუ, კჩორტუ კაპრატივი! არ გინდა ჯაყოს კაპრატივი, არ გინდა ჯაყოს კაპრატივი, არა მეთქი!

კარგა ხანს იბორგა ჯაყომ კოოპერატივისა და ნინიკას გახსენებაზე. მერმე დადუმდა, მარგოს დააცქერდა და სთქვა:

- კნეინაჯან, ამ ოხერ ქალაქში რას აკეთებდე?.. მოდი, ჩემთან სტუმრად წამოხვიდოდე, ღმერთმანი! ჯაყო ისე შეინახავდე ნათლიებსა, როგორც ბატკნებსა, მაშა!

ცოლ-ქმარი ბაასის ასეთ დასასრულს არ მოელოდნენ.

გაოცდნენ და ერთმანეთს გადაჰხედეს.

თეიმურაზმა სათვალეები შეისწორა და წაილუღლუღა:

- მად...დლობელი, ჯაყო, მ...მმოვიფიქრებთ.

- რაღა ფიქრი გინდოდეს! "კჩორტუ" ფიქრები! მაგ ფიქრებმა გაგაფუწე და დაგაბერე! "კჩორტუ!"

და ხუთგირვანქიანი მუშტი ისე მაგრად დაჰკრა მაგიდას, რომ ბოთლი იატაკზე გადმოვარდა და გატყდა. მერმე ზრდილობიანად ამოაბოყინა, ცხენის მთქნარებით დაამთქნარა, განივრად გაიზმორა და სთქვა:

- ეხლა ერთი კარგი ძილი როგორ გარგებს ჯაყოსა! იიიფ!

მარგო წამოდგა:

- ინებე, ჯაყო, ინებე. მოისვენე, რამდენიც გინდოდეს. და ტახტზე საწოლი შეუმზადა.

- არა, ნათლიაჯან, არა! რა ჯაყოს საქმეა, შენი წირი მე, კნიაზის კრავოტზე წოლა.

ჯაყოს პოლზე გიყვარს წოლა. აქ გაგიშალე, შენ კი გენაცვალოს ჯაყოი.

ნათლია მარგომ სუფთა ლოგინი იატაკზე გაუშალა ჯაყო ჩუსტიან-ჩოხიანად ზედ გაიშხლართა და უმალვე ახვრინდა.

**

სანამ კუთხეში გაშოტილი ჯაყო საბერველივით ფშვინავდა და მომაკვდავ ხარივით ხრიალებდა, თავჩაქინდრული ცოლ-ქმარი პაწაწინა აივანზე ისხდნენ და ჰფიქრობდნენ.

ჯაყომ ხევისთავებს საღეჭი ძვალი მიუგდო.

- რ...რრას იტყვი, მარგო?

მარგომ მხრები შეიშმუშნა და ერთხელ კიდევ უპასუხა გულგრილად:

- ჩემთვის სულ ერთია მეთქი. როგორც გერჩივნოს, ისე გადასწყვიტე.



- ქალაქში აღარ გ...გგვეცხოვრება. ყელამდე ვალებში ვართ ჩაფლულნი. ლ...ლუკმა პურსაც ვეღარ ვშოულობთ. მართალია, თითქო სამადლოდ მივდივარ ჯაყოსთან, მ...მმაგრამ ეს არაფერია. ბოლოს და ბოლოს, ჯაყომ ჩემი ქონება მიითვისა, ზოგი ქურდობით და ზოგიც ეშმაკობით. ესეც რომ არ იყოს, სახლში ჯაყოს მუშა სჭირდება. შენ ოჯახში დატრიალდები, მეც დავეხმარები, ან სოფლის კ...კკანცელარიაში გავაკეთებ რამეს.

შეიძლება როგორმე ფეხი მოვიკიდოთ სოფელში, თორემ აქ მშ...შშივრები დავიხოცებით.

მარგოს შხამიანი ღიმილით დაეღრიჯა პირსახე.

თეიმურაზი აილეწა და აფეთქდა:

- მარგო, ნუ დამცინი! ვინ იცის, როგორ მ...მოეწყოს იმ სოფელში ჩვენი ცხოვრება! იქნება სწორედ იქ მოხდეს გარდატეხა. იქ გადიშალოს ჩვენი ოჯახის ისტორიის ახალი თაბახი, ადამიანი ზოგჯერ იქ იპოვის ბედს, სადაც არ ეძებს.

- შეიძლება. - გულგრილად მოუჭრა მარგომ.

- მაშ თანახმა ხარ?

- არც თანახმა ვარ, არც უარს ვამბობ.

შენვე გადასჭერი. მე გემორჩილები. მაგრამ თუ შენი საქმე უარესად წავიდეს, მე ნუღარაფერს ნუ დამაბრალებ.

- შენი პოზ..ზზიციის აზრი არ მესმის. თითქო ჯიბრში მიდგები.

- ჯიბრში კი არ გიდგები, ხელს ვიბან მეთქი. თუ ჩვენი საქმე უარესად წავიდა, მე ნუღარაფერს ნუ დამაბრალებ მეთქი.

შენგან გამიგონია: ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობსო.

- ამაზე უარესი რაღა იქნება. მე მომწონს ჯაყოს პატიჟობა. მეტი გზა არ არის, უნდა წ...წწავიდეთ.

მარგომ სპილოს ძვლის ხელები უსისხლო პირსახეზე აიფარა, მერმე წამოდგა და ამოიკვნესა:

- ღმერთო დიდებულო! ისევ ჩვენივე ნასახლარში ჩვენივე ნამოჯამაგირევს უნდა შევეკედლოთ და ჯაყოს სამადლოდ უნდა გავიხადოთ თავი?!

- ძნელია, ჩემო კარგო, ძალიან ძნელია. მაგრამ ბედმა რაკი ჩვენი ცხოვრება ასე დაატრიალა, ჩვენც უნდა დავემორჩილოთ.

- შენ მუდამ მორჩილება გაკერია პირზე.

აღარ მესმის რომელია ჩემი ქმარი, უხილავი ბედი თუ ხილული თეიმურაზ ხევისთავი?

- მახვილი სიტყვა სთქვი, ჩემო მარგო, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენს დროში უფრო ბედია ჩვენი პატრონი, ვიდრე ჩვენ თვითონ.



- ჩვენს დროში! ისე ამბობ, თითქო სხვა დროს შენვე ჰქმნიდი ჩვენს ბედს. ყველაფერი მზა-მზარეული მოგვდიოდა სოფლიდან, ჩვენ კი ვხარჯავდით და ვსუქდებოდით!

- ნუ აჭარბებ, ჩემო კეთილო. ვხარჯავდით, მაგრამ მეც ხომ შრომით წელს ვ...ვვიწყვეტავდი!

- მერმე ვისთვის, ან რისთვის? დღევანდელ დღისთვის, არა?

- ხეირიანად დათესილი თესლი არასოდეს არ დ...დდაიკარგება. ადრე თუ გვიან მოსამკალს მოგვცემს.

- აკი ამოვიდა შენი დათესალი თესლი, აკი მიიღე მოსავალი! შენივე ნახიზნართან ხიზნად შედიხარ. განა ეს მოსავალი არ არის?!

- ნუ იგესლები, მარგო.

ამ ქვეყნად ყოველივე წარმავალია. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დ...დდარჩებიანო.

- ჯერჯერობით შენმა გადმოგდებულმა წყალმა ჩვენც წაგვიღო, ხოლო რომელი ქვიშანი დარჩებიან, ამის ნახვას ჩვენ ვერც კი მოვესწრებით.

- მოვესწრებით, ნუ ჩქარობ.

- რამდენი წელიწადია, სულ მაგას გაიძახი. ჯერ-ჯერობით კი იმასაც მოვესწარი, რომ ჯაყოს სამადლოდ გამიხადე თავი.

- მერმე, მე რა ბრალი მედება?

- ათასი.

სხვები თუ შეეგუვნენ ახალ ცხოვრებას, რატომ შენ ვერ მოიდრიკე ეგ უხეში კისერი?

- არრრა-სო-დეს!

- მაშ ჯაყოს ხიზნობა გირჩევნიან?

- მირჩევნიან. რაც მოსავალია - მოვიდეს!

თეიმურაზმა ხელი ჩაიქნია, წამოდგა და გაიარა.

მარგომ გაკვირვებული თვალი გააყოლა. მერმე ჰკითხა:

- მე? მე რაღას მიპირებ?

- საცა მე ვიქნები, შენც იქ უნდა იყო.

- შენ კიდევ შეგრჩა რაღაც რწმენა. მაგრამ მე რომ აღარაფერი არ მჯერა!

- მაინც უნდა მომყვე, სამშვიდობოს გ...გაგიყვან.

- არა მჯერა.

თემურ, არა მჯერა შენი სამშვიდობო. გული ცუდ რამეს მეუბნება. ნუ მისდევ ჯაყოს, თავი დაანებე, თორემ იქნება ინანო. აქ თუ ვერ მოიკიდე ფეხი, იქ ხომ უარესად გაგიძნელდება. მერმე რას აპირებ? სამუდამოდ ჯაყოს ხომ ვერ ჩამოეკიდები კისერზე!

- ქვეყანა დიდია, გზას გ...გავიკაფავ.

- თუ ქალაქში ვერ გაიკაფე გზა, სოფელში რა უნდა გააკეთო? შენი ხნისა და ხასიათის კაცი უნდა ტალღას აჰყვეს, უნდა სხვას მოეჭიდოს კალთაზე და ისე გავიდეს ნაპირზე, თორემ მარტოხელა რომ დარჩე და საკუთარ გზას დაადგე, სულ ადვილად დაიღუპები. შენ ბრძოლისთვის და თავისუფალ შემოქმედებისთვის არა ხარ შექმნილი, თეიმურაზ!!

- რატომ არა? განა აქამდე დამოუკიდებელი არ ვიყავი?

- დამოუკიდებლობას ნაშინდარი გაძლევდა.

ისიც ვერ გამოიყენე. მამაპაპეული მამულიც ვერ შეინახე და გაჰყიდე. იმოდენა განძეულობაც ისე მოგპარა ჯაყომ, რომ კვალსაც ვერ მიაგენი. შენ შეჩვეული ხარ ხარჯს. შოვნა და მოგება კი შენი საქმე არ არის.

- ჯაყოს ქ...ქურდობას ნუ აბრალებ, მარგო. საბუთი არა გაქვს.



- საბუთიც რომ გქონოდა, ხელიდან გაგივარდებოდა.

- მაშ რას მ...მირჩევ, მარგო?

- გამოუცხადე ლოიალობა და ერთგულად იმსახურე.

- კარგი მრჩეველი მ...მეუღლე მყოლია! არ მესმის, მაგას როგორ მირჩევ. როგორ მიბედავ, მარგო?

- გიბედავ, რადგან შენი ერთგული მეუღლე და მეგობარი ვარ.

- მაშ პ...პპოლიტიკურად თავი უნდა მოვიკლა, არა?

- თუნდ ეგრეც იყოს. რა მოგცა პოლიტიკამ?

- ჯერ არ...რრაფერი, მაგრამ...

- მაგრამ არც შემდეგში მოგცემს.



- შეიძლება, მაგრამ ს...სსახელი?

- ვისთვის, ან რისთვის გინდა კერპი კაცის სახელი, რომელმაც ბოლოს-და-ბოლოს სიბრმავით კისერი უნდა მოიტეხოს და სხვებიც დაღუპოს?

- ორგულობა და ორპირობა არ შ...შშემიძლიან, ეს შენც კარგად იცი.

- არც გაჩუმება შეგიძლიან?

- ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ვერ მ...მმოვახერხე.

- თემურ, ქვეყანამაც იცის, რომ შენ უვნებელი კაცი ხარ, რომ შენ თითსაც ვერ გაანძრევ და ჩიტსაც ვერ დააფრთხობ.

- მაშ რად ეშინიანთ ჩემი? - იწყინა თეიმურაზმა.

- შენი არავის არ ეშინიან.

- მაშ რად დ...დამითხოვეს ათჯერ სამსახურიდან?

- იმიტომ, რომ ყბედი და ენაჭარტალი ხარ. ერთხელ კიდევ გირჩევ, გამოაცხადე ერგულება, პირზე კლიტე დაიდე და დადუმდი.



- არ შ...შშემიძლიან.

- მე ჩემი ვთქვი, ეხლა შენ იცი. თუ ჩვენი საქმე კარგად ვერ წავიდეს, ისევ შენს თავს დააბრალე.

**

სანამ ცოლ-ქმარი რყევაში იყვნენ და სახიფათო ნაბიჯის გადადგმას აპირებდნენ, ჯაყომაც გაიღვიძა. ზმორებით, ბოყინით და მთქნარებით წამოდგა და წამოიხრიალა:

- ჰა ნათლიებო, რას ეტყოდეთ ჯაყოსა? წამოხვიდოდეთ?

თეიმურაზმა უპასუხა:

- ჯაყო, ჩვენ თ...თთანახმა ვართ. ჯერ მე წამოვალ, იქაურობას დავხედავ და მერე მარგოსაც დ...დდავიბარებ.

- მაშ, მაშა! აგრე იქნებოდეს! - მოუწონა ჯაყომ და თავისი ცხვარი და კომბალი იღლიებში ამოიჩარა.

- მაშ ზეგ დილით მე შენთან მოხვიდოდე, თეიმურაზ. შენც მზათ ვიქნებოდე. ისე დრიგინ-დრიგინით გაგიტევდე ნაშინდარისკენ, რომა ქარიც ვერ დაგეწეოდეს. მაშა! აბა, მშვიდობით იქნებოდე, ნათლიაჯან. მადლობელი ხარ სადილისთვის, კნეინაჯან! შენც მალე წამოხვიდოდე ნაშინდარში, თორემა ამ ოხერ ქალაქში ძალიან გამხდარხარ, შენი წირი მე, ჯაყო ისეთი ლხინი გამართავდე ჩემ სახლში, რომ ქუდით წერს დაანგრევდე, მაშა!

და ოყრაყი ნამოურავალი ხარხარით, რახრახით და ჭიხვინით ძლივს გაძვრა ოთახიდან და კინაღამ კარებიც თან გაიტანა.

მეორე დილით თეიმურაზმა მარგოს მრავალი დარიგება მისცა, აბგაში რამდენიმე წიგნი და ცოტაოდენი წვრილმანი ჩაილაგა და ჯაყოს გაჰყვა.

ერთი კვირის შემდეგ მარგომ თეიმურაზისგან წერილი მიიღო.

წერდა: აქ სრული წესრიგი და მშვიდობიანობა ყოფილა. ყველანი თავაზიანად და პატივით დამიხვდნენ და შენც გელიან. გორშიაც და ცხინვალშიც ორივეს სამსახურს გვპირდებიან. რაც ზედმეტი ნივთი დაგვრჩა, - წიგნების გარდა, ეხლავე გაჰყიდე და წამოდი, ხოლო წამოსვლის დღე წინდაწინვე შემატყობინეო.

მარგომ მცირეოდენი ნივთეულობა გადაარჩია ნაშინდარში წასაღებად, ხოლო დანარჩენის გაყიდვა ერთს ნათესავს მიანდო, რომელმაც მესამე დღეს მარგოს ხუთიოდე თუმანი ჩააბარა.

ეს ხუთიოდე თუმანი, ოციოდე წიგნი და მარგოს ძონძებით სავსე სამიოდე ბოხჩა და კალათი ხევისთავთა გვარის უკანასკნელი ყლუპი იყო.

მარგომ იმ დღეს თავის მშობელ ქალაქს გულისკვნესით შეაქცია ზურგი და დილის მატარებელში ჩაჯდა.



მარგო ორჯერ თუ სამჯერ იყო ნაშინდარში. უწინ რომ წავიდოდა ხოლმე, იცოდა და ჰგრძნობდა, რომ საკუთარ სახლში მიდიოდა, საცა მას მოელოდა ფუფუნება, პატივი, მოსვენება და უდარდო ცხოვრება. ეხლა კი მარგო თავისივე სახლში სტუმრად მისდევდა თავისივე მოურავს.

მარგომ მწვავე ტკივილი იგრძნო იმის გამო, რომ ისედაც მინგრეული ბუდე საბოლოოდ მოშალა, ხოლო თვითონ ჰაერში ჩამოეკიდა, დედამიწას მოსწყდა და თვალუწვდენ მომავალში გადავარდა, რომელსაც არც ძირი ჰქონდა, არც თავი, არც კედელი და არც ხელმოსაჭიდი.



მატარებელი მარგოს ქართლისაკენ მიაქროლებდა, ხოლო დეკაცის აჩუყებული გული კვნესით უკანვე იწევდა.

VII

სამიოდე საათის მგზავრობის შემდეგ გულმილეულ მარგოს ერთ სადგურზე გაბადრული ჯაყო დაუხვდა:

"მშვიდობა შენი მობრძანება, კნეინა მარგო! გამარჯვება შენი! როგორ გიკითხებოდეს ჯაყომა? როგორა ბრძანდებოდე?

- გამარჯვება, ჯაყო! გენაცვა, კნეინას ნუღარ მეძახი. გაიგე, ჯაყო, რომ კნეინობა აღარ არის, გადავარდა.



- არა, შენი წირი მე, სხვა კნეინები და კნიაზები გადავარდი, თორემა ჩემი ნათლია ჯაყოსთვის ისევ კნეინა ვიქნები, მაშ, მაშა!

- თეიმურაზი სადღაა, არ ჩამოვიდა?

- თეიმურაზი არ ჩამოხვედი, შენი წირი მე. თეიმურაზი სახლში დარჩი და შენი თავი ჯაყოს მიანდე. ან რათ გინდოდეს, შენი წირი მე, თეიმურაზი? განა ჯაყო თეიმურაზზე ნაკლები ბიწი ხარ?! განა ჯაყო იმას არ სჯობნებოდე?! ისე წაიყვანდე ჯაყოი ჩემ კნეინასა, რომა ზედ წიაც არ შეგაჯდებოდე, მაშ, მაშა!

და მარგოს კალათები და ბოხჩები ბუმბულივით აიტაცა:

- წამობრძანდე, შენი წირი მე, აქეთ მობრძანდე.

**

განიერ ურემზე ლოგინია გაშლილი. ურემს ფარდაგის ჩარდახი აქვს დადგმული. ლოგინზე მარგო გაწოლილა. თავი კოფოსთან ბალიშზე აქვს მიდებული.

განიერი კოფო ჯაყოს გაუტენია, რომელსაც კისერი უკან მოუღრეცია.

გაბადრული ჯაყო შეუსვენებლივ ლაპარაკობს, მთიულურად ოხუნჯობს, ცხენივით იღრიჯება და წარა-მარა ჭიხვინებს:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

ჭიხვინებს და თანაც შუბლზე აყრილ თვალებით ხარბად სჭამს მარგოს გაღეღილსა და მოყვითანო მარმაროს მკერდს, სპილოს ძვლის მკლავებსა და კისერს, ამობურცულ ძუძუებსა და განიერ თეძოებს, შავ კაბაში გამოკრულ ბარძაყებსა და ჯიშიან წვივებს.

ურემი ძლივს მიიზლაზნება. ხანგამოშვებით მარგო იტყვის:

- ჯაყო, ააჩქარე, თორემ საღამომდე ვერ ავალთ.

- შენ ნუ გეშინოდეს, კნეინაჯან; ახვალთ, ისე ახვალთ, რომ მზე მაღლა იქნებოდე, მაშა! ხარებიც ცოდო ხარ, შენი წირი მე. იმ სიშორეზე მოგიყვანე, დაიღალე საწყალი ხარები. შენ არხეინად იქნებოდე, თორემა ჯაყო თუნდ ხელით წაგიყვანდე, მაშა!

მერმე ისევ მოჰყვა თავის პატარა ამბებს, - ნახულსა და გაგონილს, ჭორსა და მართალს, თან უალაგო-ალაგას რახრახებდა, ხვიხვინებდა და მარგოს მკვდარ პირისახესაც აღიმებდა და აცოცხლებდა.



ბოლოს, დუმილის შემდეგ, ჯაყომ ღრმად ამოიოხრა, კოფოდან გადმოიხარა და დაბალი ხმით შეიბრალა ნათლია:

- ეეეჰ, კნეინაჯან! თეიმურაზი შენი ყადრი არ ვიცის, თორემა...

- რატომ, ჯაყო? რაში მეტყობა?

- იმაში გეტყობება, შენი წირი მე, რომა გამხდარხარ, გენაცვალოს ჯაყოი, ძალიან გამხდარხარ.

მარგომ მხიარულად გადიკისკისა:

- რას ამბობ, ჯაყო? მე რომ გამხდარი ვიყო, თეიმურაზისა რა ბრალია?

ჯაყომ ეშმაკურად ჩაიღიმა:

- ვიცის ჯაყომ, ვიცის! კარგი ვაჟკაცის ხელში დედაკაცი გასუქდები, შენ კი... ეგრე ცხენი გახდებოდე როცა კალოობას მორჩებოდე. შენისთანა ქალს სხვანაირი მოვლა გინდა.

- რას ამბობ, ჯაყო? ჰა-ჰა-ჰა!

- მართალს ამბობ ჯაყოი, მაშა, მართალსა! შენ კარგი წამა და სმა არა გქონდეს, იმიტომ გახდებოდი აგრე. არც თეიმურაზი ხარ ვაჟკაცი, ღონიერი არა ხარ ჩემი საწყალი კნიაზი.

შენი სახლიც არ ვარგებოდეს. შენ უნდა სულ ფარცა და ხავერდი გეცმოდეს, მაშა!

- ჰი-ჰი-ჰი! რა მასხარა ჰყოფილხარ, ჯაყო!

- ყელზე და ხელებზე სულ ოქრო-ვერცხლის ბეწდები უნდა გექნებოდეს, მაშა! შენი ქმარი ისეთი ღონიერი უნდა ვიქნებოდე, როგორც ჯაყო ხარ, მაშ, მაშა!

მარგო გულიანად კასკასებდა. ხუთიოდე წელიწადი იქნებოდა, რაც მარგოსგან ასეთი გულღია სიცილი აღარავის არ გაეგო. იცინოდა მარგო, თანაც ხელ-ფეხს იქნევდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისროდა:

- რა მასხარა ყოფილხარ, ჯაყო! ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ძლივს არ გამაცინე!

ჯაყოსაც მარგოს გამხიარულება ბავშვივით უხაროდა და ხვიხვინსა და კბილების ღრეჯას უმატებდა:

- მაშ, ხომ გაგაცინებდე ჯაყომა! მაშა, აგრე ვიცის ჯაყომა!

- ჯაყო, მაშ შენი ცოლი რომ ვყოფილიყავი...

ჯაყო კინაღამ კოფოდან გადმოვარდა:

- ჩემი ცოლი?! შენ რომ ჯაყოს ცოლი იქნებოდე?!

- ჰო, მე რომ შენი ცოლი ვყოფილიყავ, როგორ შემინახავდი? აბა მიამბე, ჯაყო! - სიცილით ჰკითხა მარგომ, მერმე წამოჯდა და გაბადრული პირსახე გაბადრულ ჯაყოს შეუბრუნა. - აბა მიამბე ჯაყო, როგორ შემინახავდი?

ჯაყო მთვარესავით გაიშალა, მარგოს კბილები დაუკრიჭა და აჭიხვინდა:

- ჰაი დედასა! შენ რომ ჩემი ცოლი იქნებოდე?! შენ რომ ჯაყოს ცოლი იქნებოდე?! როგორ შეგინახავდე? მაშ ყური დაგიგდე: ჯაყოი სულ გაწმევდე ხინკალი, რძე და მაწონი.

- ხინკალი?! მაწონი?! ჰა-ჰა-ჰა!

- მაშა! ხინკალი გაწმევდე, ნამდვილი ხინკალი.

კიდევ კარაქი და ნაღებიცა, დუმა და ერბოცა.

- ჰო-ჰო-პო! ნაღები და დუმა!

- მაშ, მაშა! წვადიც გექნებოდეს, კატლეტიცა, ჩიხირთმაცა, ბორშიც, კარგი ოსური ყველიც, ხაბიზგინა და თეთრი რუსული პაურიცა. ჩიტის რძე რომ მოგინდებოდეს, ისიც გიშოვიდე, მაშ, მაშა!

- ჩიტის რძეც? ღმერთო ჩემო, ეს რა კარგი ბატონი მეყოლებოდა!

- მაშა! დღეში ხუთი ქათამი, ბატი, ინდოური, გოწი და ცხვარი დაგიკლავდე.

- ჯაყო, მე ფრანგულ საჭმელს ვარ შეჩვეული. "პოვარის" დაქირავება დაგჭირდება.

- პოვარისა?! სამი პოვარი დაგიწერდე, სამი! მაშა!

- როგორ ჩამაცმევდი, ჯაყო?

- როგორ ჩაგაცმევდი ჯაყოი ჩემ მარგოსა? ჯაყოი ხავერდის ქართული კაბა ჩაგაცმევდე, მაგ წელზე ვერცხლის ქამარიც შემოგარტყამდე, მაგ მკლავებზე ვერცხლის სამაჯურები და ოქროს ბეწდებიც გაგიკეთებდე.

- ვერცხლის ქამარი! ნეტა მართლა შენი ცოლი ვყოფილიყავი, ჯაყო! ჰა-ჰა-ჰა! ჰი-ჰი-ჰი!

- რას იცინებოდე? შენ რომ მართლა ჯაყოს ცოლი იქნებოდე, შენც გაიხარებდე და ჯაყოცა, როგორც ნამდვილი კნეინა, ისე შეგინახავდე, მაშა! მეც შენი კნიაზი გახდებოდე.



- კნიაზი?! ჰა-ჰა-ჰა! კნიაზი ჯაყო?! ჰი-ჰი-ჰი! მიამბე, ჯაყო, რას ჩაიცვამდი შენა?

- მენა? ჯაყო აბრეშუმის ახალუხი და კარგი ჩოხა შეგიკერავდე, ვერცხლის ხმალი და ხანჯალი ხომ გაქვს ჯაყოსა... კარგი რუსული ჩექმები, მზეზე რომ ლაპლაპი გაგაქვს... ვერცხლის მასრები იყიდებოდე. ხუთი მოჯამაგირე დაგიყენებდე...

- მოახლე ქალი? ჯაყო, მე ქალები უნდა დამტრიალებდნენ.

- ჯაყოს სახლში ხუთი ქალი გყავს. ყველანი შენი მოსამსახურე იქნებოდე - ჩემი რძლებიც და ჩემი ცოლიცა.

ერთი კარგი ფაიტონიც გიყიდებოდე.

- არ მინდა ფაიტონი, ჯაყო! მე ავტომობილი მომწონს.

- ატამაბლი იყოს რა! ეგეც გიყიდებოდე ჯაყოი, მაშა!

- მერმე მაგისთანა დიდმა თავადმა და კნეინამ გუთანზე უნდა იმუშაონ?

- რათა გუთანზე? არც მე მუშაობდე და არც შენა.

კნიაზი ჯაყო ზაფხულში სოფელში იცხოვრებ. ზამთარში ქალაქში წახვალ. ორივენი ნამდვილი კნიაზი და კნეინა გახდებოდეს, მაშ, მაშ!

**

ასეთ ხუმრობასა და ოცნებაში მზეც ჩავიდა და ბინდმაც მოაღწია. ბაღ-ვენახებით, ჭრელი სოფლებით, პატარა ხევ-ხუვებით და თხელი ჭალებით დაწინწკლული ქართლის უუზარმაზარი მწვანე ხავერდი დამუქდა.

საურმე გზა სადღაც დაიკარგა. ურემი ჯერ ბილიკზე გადავიდა, მერმე ერთ სოფლის ბოლოში გავიდა, რიყეს დაჰყვა და ჯაგნარს შეერია.

მარგომ გზის გადახვევა გვიან შეამჩნია.

- ჯაყო, საით მიგყავს ურემი?

- აქეთა სჯობდე, შენი წირი მე. აქეთ უფრო მოკლე გზა ვიქნებოდე.

- რა ვქნა, ჩვენი გზა პირდაპირ უნდა მიდიოდეს, შე კი მარცხნივ მიუხვიე.

- არა გიშავს-რა, შენი წირი მე, შენ არხეინად იქნებოდე.

ჯაყომ შენზე კარგად ვიცის აქაური გზები, მაშა!

კიდევ კარგა ხანს იარეს. ჯაყომ ურემი დიდხანს ატრიალა ჯაგებსა და ნახნავებში, რამდენჯერმე გადასჭრა რიყე, და ერთ ბნელ ჭალაში შესდგა.

- კნეინაჯან, შენი წირი მე, შენ ცოტა აქ მოიცადებდე, მეც ახლავე მოხვიდოდე.

და ბინდში შთაინთქა. მერმე უცებ ურმის თავთან ამოძვრა და ჩაიხრიალა:

- გზა აგერეოდეს, ჯაყოსა, ნათლიაჯან.

მარგო შეჰკრთა:

- ეხლა სადა ვართ, ჯაყო?

-ეშმაკმა ნუ ვიცის ხარების თავი! წალაში ხარ. ლიახვის ნაპირზე ხარ, შენი წირი მე.



- რა ვქნა, აქა ხარ გაზრდილი და ამ მინდორში გზა როგორ აგერია, ჯაყო?

- იმიტომა რომა მე და შენ ლაპარაკობდი.

- რას შვრები, ჯაყო. ხარები უნდა გამოუშვა?

- მაშა! ეხლა სადღა წახვიდოდე? ბნელა, შენი წირი მე, არც გზა ვიცის ჯაყომა.

მარგოს გულში შიში შეეპარა.

- მაშა! ნუ გეშინოდეს, შენი წირი მე. ჯაყოს თოფიცა გაქვს, მაუზერიც და ხანჯალიცა. ვინ გაბედავ რამესა?! ჯაყო აქ არ იქნებოდეს?! დედას გიტირებ ყაჩაღსა ჯაყოი, დედასა! აბა, ვინც ვაჟკაცია, ახლო მოხვიდოდე.

აბა მოხვიდოდე! - ჰყვიროდა ჯაყო და იარაღს ისე იმზადებდა, თითქოს ის ჭალა სავსე ყოფილიყო ყაჩაღებით, რომელნიც მარგოს მოტაცებას უპირებდნენ, ხოლო ჯაყო რაინდივით გარს უვლიდა თავის კნეინას და საკუთარის სისხლით იცავდა.

მარგოს კი უფრო თავის რაინდისა ეშინოდა, ვიდრე ნადირის ან ავაზაკებისა. მაგრამ ჯაყოს ხელში ჩავარდნილ დედაკაცს გაჩუმებისა და მორჩილების გარდა სხვა გზა აღარ ჰქონდა.

მარგოც გაჩუმდა და თავისი თავი ბედს მიაბარა.

ჯაყო ურემთან ცოდვილობდა და ისევ მარგოს ამშვიდებდა:

- შენ ნუ გეშინოდეს, გენაცვალე, ნუ გეშინოდეს. ყველას ჯაყო დედას გიტირებდე, დედასა! ჯაყო ეხლავე ცეცხლი აანთებდე. ჩემი კნეინა კარგი ვახშამი სწამდე და არხეინად დაიძინებდე, მაშა!

ჯაყომ ურმის თავი ორკაპიან ვერხვში ჩააგდო, მერმე ყოჩაღად დატრიალდა, სიბნელეში ლაწალუწი ასტეხა, ფიჩხი მოაგროვა და მალე იქაურობა გაანათა.

მერმე ურმიდან მოხარშული ქათამი, მწვანილი და ღვინო გადმოიღო და ცეცხლის პირას პატარა სუფრა გაშალა და მიუჯდა, თან მადიანად იღმურძლებოდა და ამბობდა:

- ჩვენი სოფელი აქვეა, შენ გენაცვალოს ჯაყოი. მაგრამ ამ ბნელაში გზას ვერ იპოვნი, შენ ნუ გეშინოდეს, გენაცვალე. კარგად სწამდე და დაიძინებდე. ჯაყო კი თოფი აიღებდე და დილამდის კარგი ძაღლივით გარშემო გივლიდე, მაშა! აბა, გაბედოს ყაჩაღი ახლო მოსვლა! დედას გიტირებ ჯაყოი, დედასა!

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ჯაყომ თითი ბნელ ცას ატაკა და სთქვა:

- აგერ ჯაყოს ვარსკვლავი. გენაცვალე იმის მადლსა! გვერდითაც ნათლია მარგოს ვარსკვლავი მოგდევს, გენაცვალე იმასაც!

აღმოსავლეთით ალის ფერი მარიხი ციმციმებდა.

მარგომ ხმა ჩაიკმიდა და ჯაყოს პასუხს აღარ აძლევდა.

ვახშამი რომ გაათავეს, მარგო ისევ ურემზე ავიდა და მიწვა, ჯაყომ ნაბადი წამოისხა და ურმის ქვეშ შეძვრა.



- ღამე მშვიდობისა, კნეინაჯან! - სხვისი ხმით ამოსძახა ჯაყომ.

- ძილი ნებისა, ჯაყო! - სხვისივე ხმით ჩაუგდო მარგომ.

მარგოს ძილი არ ეკარებოდა. ხშირ-ხშირად მხარს იცვლიდა, სტრიალებდა და თვალებს ჰხუჭავდა, მაგრამ მოსვენებას ვერ ჰპოულობდა, ისევე ჰშფოთავდა, უჟმაჟურს რამეს მოელოდა და ამ მოლოდინში გული უჩქროლავდა და უფართხალებდა.

ჯაყო მძიმედ ჰქშინავდა და განგებ ახველებდა, თან დროგამოშვებით მარგოს ეკითხებოდა:

- დაიძინე, მარგოჯან, გენაცვალოს ჯაყოი?

- არა, ჯაყო, არ მეძინება.

**

ბნელი და თბილი ღამეა. მთის ნიავი ჭალას აშრიალებს.

ლიახვი შხუის. შორიდან ხანდახან ტურის ჩხავილი და ჭოტის კივილი მოისმის. სადღაც ძაღლი ზანტად ჰყეფს. იქვე ჭალაში ზოგჯერ ღამის ფრინველი ფართხალებს. წვრილფეხა ცხოველი ბუჩქებში ფაჩუნებს.

სადღაც ქვემოთ თოფმა დაიქუხა. მერმე ყოველივე შესწყდა და გაინაბა.

მხოლოდ ძაღლმა მოუმატა წკმუილს. ნიავიც გაძლიერდა.

- მარგოჯან, დაიძინებდე? - ერთხელ კიდევ მოესმა მარგოს ურმის ქვეიდან ჯაყოს ხმა.

მარგომ ჯაყოს ხმა ვეღარ იცნო. რაღაც საზარელს მიჰკვლია. თავი მოიმძინარა, გაირინდა და გაინაბა. სულიც კი შეიგუბა, ხიფათს ჰგრძნობდა და ჯაყოსგან საშინელს ნაძალევს მოელოდა.



ერთი წუთის შემდეგ ურემი ოდნავ შეინძრა. ისედაც ბნელ ფარდულში მუქი ჩრდილი ჩამოწვა. იმავე დროს მარგომ თავის ფეხზე ჯაყოს მძიმე თათი იგრძნო.

ჯაყო ურემზე ამოდიოდა.

- ჯაყო, რა გინდა?

- სუ შენი წირი მე, სუ! არ დაიყვირებდე...

- ჯაყო, სად მოხვალ?

- ცოტა იქით მიიწევდე. მარგოჯან...

საწყალ ჯაყოს შეგცივდა... ცოტა გაგათბობდე ჯაყოსა, გენაცვალოს იმის თავი.

მარგომ წამოიწია:

- მაშ მე გადავალ ურმიდან.

გვიანღა იყო. ჯაყომ დაფეთებული მარგო ისევ გულაღმა გადააქცია. მძიმე დათვივით დააწვა, ჩაჰბღუჭა და ჩაჰბუბნა.

- მხეცო, რას შვრები?! პირუტყვო!..

ვერაგო!.. ავაზაკო!..

ჯაყომ ერთი სიტყვის აზრიც ვერ გაიგო. მარგოს ნათლიმამა დინჯად სცდილობდა ნათლიდედის დამორჩილებას: დაუნდობლად სთელავდა, ხელ-ფეხს უმტვრევდა. თანაც არხეინად არიგებდა:

- კარგი, გენაცვალოს ჯაყოი, კარგი!... აბა, რათ გინდებოდეს ჩხუბი? რა კნეინას საქმე ხარ ჩხუბი?.. აბა, აქ ვინ მოგეშველებოდეს?!...

სუ, შენი წირი მე, სუ! გაჩუმდებოდეს, თორემა...

- მხეცო!... ჰარამზადავ! გამიშვი... მიშველეთ! მიშველე-ე-ეთ!-

ჯაყო ოდნავ განრისხდა.

- სუ! გაჩუმდებოდე მეთქი, თორემა დაგახრჩობდე!... სუ მეთქი! - და ერთი თათით მარგოს მთელი პირისახე დაუფარა და მისი ყელი და კისერი ჩაჰბღუჯა.

ჯაყომ იმძლავრა.



ხუთიოდე წუთის შემდეგ ჟინმობანილი და დამშვიდებული ჯაყო ოფლიანსა და კაჟიან თათს მარგოს მკერდზე უსვამდა და დაბალის ხმით ხვიხვინებდა:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! ჩხუბი რად გინდებოდეს?! პატარა ხომ არ ვიქნებოდე, რომ ჯაყოს ეწიდებოდე?! აბა, რა კნეინას საქმე ხარ ჩხუბი?...



მარგო ჰკვნესოდა. ჯაყო კი კვლავ უნუგეშებდა:

- ხელი გეტკინებოდეს? არა უშავს-რა, მალე მორჩებოდე... ჯაყომ მხარში გიკბენდე? ჯაყო აგრე ხარ დაჩვეული, ეგეც მალე მორჩებოდე... კაბაც დაგეხეოდეს? ახალს გიყიდიდე ჯაყოი... რა გატირებდეს, ჩემო მზე და მთვარე? კარგი, გენაცვალოს ჯაყოი, კარგი... სუ, შენი წირი მე, სუ!...



მერმე, როცა ყბედობით და ალერსით გული მოიჯერა, ოფლიან თითით მარგოს ცრემლი მოსწმინდა, ისევ ურმის ქვეშ შეძვრა და გოლიათის ხვრინვა ამოუშვა.

მარგო კი, - ნაცემი, ნაბეგვი, დაძალებული და გაჭუჭყიანებული მარგარიტა ხევისთავი - ახდილ ნამუსს, შელახულ პატივსა და გასრესილ თავმოყვარეობას ცხელის ცრემლით ჰგლოვობდა, მოწამლულივით ჰბორგავდა, სიმწარისაგან იკლაკნებოდა და გულში იმუქრებოდა:

დაიცადოს ჯაყომ! ძვირად დაუსვამს ამ ნადირს თეიმურაზი საშინელ თავხედობას და სიმხეცეს! საცაა გათენდება და ორივენი ნაშინდარში ავლენ... ვაი ჯაყოს ბრალი მაშინა! ვაი შენ, უბადრუკო ნადირო! მხეცო! პირუტყვო!

შუაღამემ მოატანა. ნიავი ისევ მოჰქრის. ლიახვიც შხუის. ძაღლები აღარ ჰყეფენ და აღარც ჭოტი გაჰკივის.

ჯაყომ გამოიღვიძა და ურმის ქვეიდან მარგო ტკბილის ხმით მოიკითხა:

- მარგოჯან! შენი წირი მე, ნეტა გეძინებოდეს, თუ გეღვიძებოდეს?

მარგომ ისევ მოიმძინარა თავი.



უძღომელი ჯაყო ურმის ქვევიდან ერთხელ კიდევ გამოძვრა და ჩარდახის ქვეშ ერთხელ კიდევ შებობღდა.

მარგო აღარ ჰკიოდა და არც იბრძოდა. აღარც ბრძოლის თავი ჰქონდა და არც შველას მოელოდა. ბავშვივით სტიროდა, სლუკუნებდა და გაუგებარს ჰლუღლუღებდა.

ჯაყომ ერთხელ კიდევ იჯერა გული და ისევ მარგოს დამშვიდებას შეუდგა:

- რა გატირებდე, ქალო? ძუძუმწოვარა ბალღი ხომ არ იქნებოდე! დედაკაცი ვიქნები შენა, დედაკაცი!.. აღ-უ-უ-უ-უ, ნეკზე არ მიკბინოდე! აღ-უ-უ-უ-!. აღუ-უ-უ-!

მარგომ ტირილი შეიმაგრა.

ჯაყოს გაუხარდა. მარგოს იღლიაში თითი ჩაუყარა და ღიტინი დაუწყო:

- ღიტი-ღიტი მარგოსა! ღიტი-ღიტი პატარასა!

დედაკაცს ნერვიული სიცილი აუტყდა. ტირილი და კისკისი ერთმანეთში აურია, აძაგძაგდა და აიგრიხა.

ჯაყომ ასეთი სიცილი მარგოს გამხიარულებად მიიჩნია და თვითონაც არახრახდა:

- აი, აგრე! გენაცვალოს ჩემი თავი! გაიცინე, გაიცინე, შენი წირი მე, შენი! ხომ გაგაცინა ჯაყომა! მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა.

მერმე ისევ ურმის ქვეშ შეძვრა და მალე კვლავ ახვრინდა.

რიჟრაჟზე ჯაყო ერთხელ კიდევ აცოცდა ურემზე, და იმ ჩარდახიდან კივილისა და ტირილის ნაცვლად დედაკაცის ვნებიანი კვნესა და თავდავიწყებული ბოდვა მოისმა.

იმ ჭალაში, ლიახვის პირზე, როცა ცამ თვალი მოიფშვნიტა და ფერი იცვალა, მიძინებულმა მარგომაც პირველად გამოიღვიძა.

გაკვირვებით თვალი გაახილა და ხარბად დასწვდა ცხოვრების ერთ საუნჯეს, რომელიც ამ ქვეყნად არც კი ეგულებოდა, რაც უნდილმა და ჭიანაჭამმა თეიმურაზმა თავის უმის ვნებით ათ წელიწადში ვერ გაუთბო მარგოს, ტყიდან გამოვარდნილმა ნადირმა, - ჩაკირულმა ჯაყომ - ათ წუთში აუდუღა და აუჩქროლა.

მარგო უძილობით იყო გალახული. მაგრამ მაინც მდედრულის თვალით დაინახა და ცხადად იგრძნო უცნაური ცვლილება:

ჩაზნექილ გულიდან თითქო მძიმე ლოდი აეხსნა. გაღვიძებულმა ძარღვებმა სიცოცხლის ჟრიამული მოჰრთეს და დუბელა სისხლმაც ჩუხჩუხი ასტეხა. იგრძნო და გაიგო მარგომ, რომ იმ ღამიდან მას გრილ სულში შარავანდედი ჩაესახა. რომ მისი დაობებული ტანი საამურის შანთით დაიდაღა, დაუტევნელის სიხარულით გაიჟღინთა და სხივნაკრავ კოკორივით გაიფურჩქნა.

VIII

ეზოში შემოსულ ურემს თეიმურაზი მიეგება:

- მადლობა ღ...ღმერთსა! სადა ხართ, რად დ...დდაიგვიანეთ?

ჯაყომ უმალვე პასუხი დაუხვედრა:

- ურემი გაგიფუწდეს, შენი წირი მე, ურემი! გუშინ ვერ

ამოხვედი.



- მაშ ღამე სად გ...გაათენეთ?

- ღამე ლევანაშენში გაათენებდე, ჩვენებიანთ თომასთან იქნებოდე სტუმრათა. ძალიან კარგად დაგიხვდებოდეს თომაი, შენი წირი მე, ძალიან კარგათა. მოკითხვაც მოგიტანებდე თომასაგან, დიდი მოკითხვა.

გაწითლებული და დადუმებული მარგო განზე იხედებოდა და ქმარს პირსახეს არიდებდა. სდუმდა მარგო და ამ სიჩუმით პირველად გრძნობდა ფლიდობის სიმწვავეს და ღალატის სირცხვილს.

გაახსენდა წუხანდელი ნაჩუმარი და თავისი ქადილიც. ყოველივეს უამბობს თეიმურაზს, ყოველივეს! მარტონი რომ დარჩებიან, მარგო ეტყვის:

- ჩქარა, თემურ, ჩქარა წავიდეთ აქედან.



და ნაღამურს გადაუშლის თავის ქმარს, თანაც შეეხვეწება:

- თემურ, გაჩუმდი. შენც თავს ნუ მოიჭრი - და მეც ნუ შემარცხვენ.

- "რაც მოსავალია, მოვიდეს!" - აგონდება მარგოს თეიმურაზის ნათქვამი. - აი, აკი მოვიდა კიდევაც!.. არა, მარგო დღესვე ჩამოირეცხავს ღამის ჩირქსა და უჟმურს, დღესვე!

თეიმურაზი მარგოს ათვალიერებს და ცოლის თვალებს ეძებს.

მარგო მიტრიალდა.

თეიმურაზს თვალი თვალში ვეღარ გაუყარა, აილანძა და აინთო.

ბოლოს თავს ძალა დაატანა. მხიარულად და ცოცხლად ჩამოხტა ურმიდან და ნატკენი მკლავი აითრია.

თეიმურაზი შეშინდა:

- მ...მმარგო, ეგ რა არის? კ...კკაბა სად დაიხიე? მხარზე რაღაც იარა გაქვს, მკლავიც ხომ არ დ...დაგიშავდა?

მარგოს შიშველ მხარზე ჯაყობ ნაკბილარი მოსჩანდა, ხოლო მკლავი გუშინდელ ბრძოლაში ჰქონდა ნაღრძობი.

სირცხვილისაგან აჭარხლებულსა და შიშისაგან განაბებულ მარგოს ისევ ჯაყო მიეშველა:

- კნეინა ურმიდან ჩამოხტებოდე, შენი წირი მე, კაბა წალს მოედებოდე და ხელიც მიარტყამდე. არა გიშავს-რა, შენი წირი მე, მალე მოგირჩებოდე ნათლიასა.

სანამ ჯაყოს ბიძა ქეშელა საქონელს აბინავებდა, ხოლო ჯაყო ყვირილით იქაურობას იკლებდა და ყველას აფეთებდა, თეიმურაზი მარგოს თავის ნასახლარში დაატარებდა, იქაურობას აჩვენებდა და გულისკვნესით ეუბნებოდა:

- აი, გ...გგასინჯე, ნახე, რა დაემართა ჩვენს უპატრონო ს...სახლს.

**

მარგო ძლივსღა სცნობს ხევისთავთა ნაუფლარს.

ძველი ავეჯეულობა და სურათები დახეულ-დახვრვტილნი და ჩამტვრეულნი არიან. ჭვარტლით შემურულ კედლებზე მრავლად ჰკიდია ტყავეულობა, სამუშაო იარაღი და ხმელი ხილი.

ხარატით ნაკეთები და გრეხილ-ხვეულით შემკული მუხის ბოძები დალურსმულნი და დაჭდეულნი არიან ურიდოდ და დაუნდობლად. სახლი გატენილია კასრებით, ქილებით, კოკებით, კალათებით და გოდრებით. ერთ კუთხეში გაურჩეველი სიმინდი ჰყრია, მეორეში - გაურჩეველი ლობიო.

ოთახების ზოგი მორთულობა - სუზანები, სარკეები, ლბილი ავეჯი, ქანდაკებანი, ხალიჩები და უუძველესი შირაზის ჭურჭელი აღარსად არ მოსჩანს.



კედელში ჩატანებული მუხის ფართე განჯინები, ისიც ხარატით ნაკეთები, იარაღის ასეთივე საჭურჭლე და საწიგნე სავსეა მყრალი ლოგინით, ჯაგრით და მატყლით.



აქა-იქ გაფანტულია ხევისთავთა გვარეულობის განთქმული იარაღი: ჯავშნები, მუზარადები, პერანგები, საბარკულები და სამკლაურები, ჩაფხუტები და ასნაირი თოფი და მახვილი: ლახვარი ორპირი, ბუნგრძელი, პირპრტყელი და ბუნზომიერი; სათხედები, ხელშუბები, გეონები, ხიშტები, ზუფანები, ლიბადაკები, გმურები. სირმა, სიათა, ყირიმი, ფრანგული, დამასკი, დაღესტნური, გორდა და მრავალნაირი ხანჯალი და ხმალი.

ერთი პირმომტვრეული ძველი ხანჯალი და გორდას ხმალი აივანზე ეყარნენ. საცა ფიჩხსა და წნელს გორდა-ხმლით სჭრიდნენ. რამდენიმე ძველი ფარი სარქველის მაგივრად ჭურებისთვის და კასრებისათვის დაეხურნათ. ძველი ფრანგული და ყირიმული ხარიხებად გადაეკეთებინათ და ზედ აკიდოები ჩამოეკიდნათ.

სახლში არც ერთი წიგნი აღარ მოიპოვებოდა.

თეიმურაზის მამის სურათი, ფერადებით ნახატი და მშვენიერ მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული, ხონჩად არის გამოყენებული. ხატები და უძველეს წიგნების ყდები მწნილების და ყველის ქილებისათვის დაუხურავთ.

სახლის უკან გაშენებული ყვავილნარი, სადაც წინათ იშვიათი ჯიშის ვარდ-ყვავილი იყო მოშენებული, ეხლა სავსეა დიდი ყვითელ-წითელ გოგრებით, მზესუჭვრიტეთი, სიმინდით და ლობიოთი.

წინად სანახევროდ მიცემული და კარგად ნაპატრონევი ბაღ-ვენახი ეხლა ჯაგნარად გადაქცეულა, ხეხილი და ვაზი გაფარჩხულა და ლიახვის ჭალას დაჰმსგავსებია.

თეიმურაზს გული აუჩუყდა და ცრემლი მოერია. მარგოც ხან წარბებს იჭმუხნის, ხანაც ნაძალადევად იღიმება.

ბოსტნის კუთხეში ერთ საფრთხობელას წააწყდნენ.

დაბალ ბოძზე ჯვარივით გაკრულია გადატეხილი სიათას თოფი. ამ ბოძზე და თოფის ხარიხაზე ჩამოუცვამთ რკინის აბჯარ-ჯავშანი - თვალმრგვალი ჯაჭვი, სამკლაურები, შუბი და საბარკულები, დასკლინტულ რკინის მუზარადზე, რომელსაც უუძველესი წარწერა ჰქონდა - "ალლაჰ ილ-ალლაჰ" - კაჭკაჭი სჩხავის.

ორივემ შხამიანი სიცილით გაიცინეს. მერმე თეიმურაზმა სათვალეები შეისწორა, საფრთხობელასაკენ თითი გაიშვირა და ნაღვლიანად წაიბორძიკა.

- საკ...კვირველია! ეს საფ...ფფრთხობელა ნამდვილი ემბლემაა ჩვენი ბედისა.

მარტონი არიან. ეხლა ეტყვის მარგო, ყოველივეს ეტყვის.

მხოლოდ არ იცის, საიდან და როგორ დაიწყოს. ჯერ ტფილისს ნაბაასევი გაახსენოს და საყვედურით გაავსოს, თუ წუხანდელ ნაღამურიდან დაიწყოს.

სდგას თეიმურაზის გახევებული მეუღლე და იხერხება. სამჯერ დააღო პირი და სამჯერვე დაახველა: ენაზე მომდგარი სიტყვა დასაკლავ ხარივით ჯიუტობს და უკანვე გაურბის, ბოლოს, ძლივს ამოიხრიალა:

- თეიმურაზ...

თეიმურაზს არ ესმის. განზე იხედება.

ჩუმი ცრემლი ჩუმად მოიწმინდა და მარგოს მიუბრუნდა.



- წამო, მარგო, წამო, ჩვენ დიდ აივანზე ავიდეთ, ერთ დროს შენ ძალიან გიყვარდა იმ აივანზე ჯდომა.

- ეხლაც მიყვარს. წავიდეთ. - და გულში დაუმატა: - მერმე ვეტყვი.

**

ეზოში სისხლი იღვრება: ჯაყომ რამდენიმე ქათამი, ინდოური და ცხვარი დაჰკლა, ქვევრსაც თავი აჰხადა და თავის სტუმრების საჩვენებლად სოფლის წარჩინებულნიც მოიწვია.

როცა საკლავს ჰხოცავდნენ, ჯაყომ თეიმურაზს დაუძახა და ერთი ცოცხალი ქათამი გაუწოდა:

- აბა კნიაზ, ერთი ქათამი შენც დაგკალი. შენი დაკლული ქათამი ამ ოჯახს შეგეწევა.



თეიმურაზი შედრკა:

- არ შ...შშემიძლიან, ჯაყო.

ჯაყომ სიცილი დააყარა:

- მაშ რა ვაჟკაცი იქნებოდე?! ერთი ქათამიც ვერ დაჰკლავდე? ჰაი, შე ქალაჩუნავ, შენა! აბა, უყურებდე ჯაყოსა.

და ჯაყომ ქათმებს კისრები დააწყვიტა და ცხვარს არხეინად ყელში ხანჯალი გაუყარა.

თეიმურაზმა პირუტყვების სისხლსა და ფართხალს ვერ გაუძლო და სახლისკენ გასწია. სისხლის დანახვაზე გული მიელია და პირსახე გაუფითრდა.

ჯაყო იცინოდა და თეიმურაზს მასხარად იგდებდა. მარგო კი მაღალ აივნიდან თავის მეუღლეს არცხვენდა:

- რა დაგემართა? ქათმის სისხლმა ეგრე როგორ დაგაშინა?

თეიმურაზიც აივანზე ავიდა და დაშინებულ ბავშვის ხმით თავს იმართლებდა:

- არ შ...შშემიძლიან.

შ...შშეჩვეული არა ვარ.

მარგომ მხრები შეიშმუშნა და ტუჩებზე ღიმილი აისახა:

- შეჩვევა რა შუაშია? მამაკაცის გული რომ გქონდეს, სისხლის დანახვა ეგრე არ გაგაფითრებდა. სირცხვილია, თემურ!

- ცოტა ხანს რომ ვიცხოვრებ ამ გაკაჟებულ ხალხში, გულიც გ...გგგამიმაგრდება და სისხლსაც შევეჩვევი. იქნება მერმე კაციც ადვილად მოვკლა.

- შენა? კაცის მკვლელი?! - წამოიძახა მარგომ და გადიკისკისა.

**

სანამ სადილი მზადდებოდა, ჯაყომ ხევისთავებს თავისი ჯალაბ-ჯულაბი გამოუყვანა და მათ თვალწინ თავისი ბიძები, ძმები, მამიდები, დეიდები და ჩიქორთული ნათესავები გამოჰფინა: ტურა, ქეშელა, გიბა, ტელა, მეშთა, ელისო, მარიამი და თინა.

მერმე ჯაყოს ცოლი ნინაც გამოვიდა და ცხრა ქალ-ვაჟი გამოიყვანა, - ყველანი ერთი - ერთმანერთის მიმდევარნი, ზოგი თავისი საკუთარი, ზოგნი კიდევ გერები.



ჯაყომ დოინჯი შემოიყარა და პირსახე გაიბადრა:

- აბა, კნიაზებო, როგორი ბიწი ყოფილხარ ჯაყოი! აბა, დახედეთ ჯაყოს გოწებსა! ბიწები ჩემისთანა ვაჟკაცები გამოხვალთ, ქალები კი ისეთი ლამაზი ვიქნები, როგორც ნათლია მარგოი, მაშა!

- ჯაყო, რა ბევრი გყოლია. - გაიკვირვა მარგომ.

- მაშა! - აჭიხვინდა გახარებული ჯაყო.- ცხრა შვილი გაგიკეთე ჯაყომა. მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

- ჯაყო, ც...ცცხრა შვილი გეყოფა. - უთხრა თეიმურაზმა.

- რათ გვეყოფა ცხრა? ჯაყოს ცხრა ბიწი კიდევ გეყოლება, მაშა! შენ რას იტყოდი, ნინა?

ჯაყოს ცოლმა, გაწურულმა კნაჭა დედაკაცმა, რომელიც ქალაქში ჯაყომ გაბადრულ მთვარეს შეადარა, ტუჩები აიპრუწა, ჩაიხითხითა და პირსახე მიიბრუნა. ჯაყომ თეიმურაზს და მარგოს გადმოჰხედა:

- შენა, ნათლია? რატომ ერთი ბიწი მაინც არ გეყოლებოდეს?

თეიმურაზმა ამოიოხრა:

- რა ვიცი, ჯაყო, ალბათ ღმერთს ასე ჰსურს.



- ღმერთმა რა ვიცის შენი საქმე? შენ იქნებოდე ქალაბიწა. ღმერთს ნუ დააბრალებდე.

მარგომ და თეიმურაზმა ერთმანერთს გადაჰხედეს და გულიანად გაიცინეს.

ჯაყომ თავის ნაჯიშევს ისევ ამაყად გადაჰხედა და ერთხელ კიდევ დაიქადნა:

- ყველანი ჯაყოს შვილები ხართ, მაშა! ღმერთმანი, ჯაყოს კიდევ გეყოლება ცხრა შვილი, მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

მარგო ჯაყოს ჩამონავალის ხროვაში შეერია, თეიმურაზის და თავის ნათლეულებს გაუღიმა, სხვებსაც მოუალერსა და ტკბილეულობა დაანახვა.

ცხრა ბავშვი მარგოს ცხრა გოჭივით მიესია. ჭყვიტინით, ჭიჭყინით, ღნავილით ეხვეოდნენ გარშემო და ტკბილეულობას ერთმანერთს პირიდან სტაცებდნენ. ჯაყო კი დოინჯ-შემოყრილი იდგა, მარგოს და თავის ცოლს ერთმანეთს ადარებდა და ორივეს ცხენების დალალივით ჰსინჯავდა: ღიმილით, ურცხვად და მოურიდებლად.

შემდეგ სამს უცნობს ვაჟზე მიუთითა თეიმურაზს და სთქვა:

- ესენი მოუნათლავი დაგრჩა.

- მერე, რატომ არ მ...მმონათლე, ჯაყო?

- რათ უნდა მონათლო? ეხლა ნათლობა მოდაში აღარა ხარ. ჯაყომ ვიცის ეხლანდელი კანონი. ჯაყო ჭკვიანი კაცი ხარ. ჯაყოს მონათლულებიც გყავს და მოუნათლავებიც. ვინ იცის, როდის დაგჭირდეს ჯაყოსა მოუნათლავი შვილები! მაშ, მაშა!

ერთმანეთის გაცნობა რომ გათავდა, ჯაყომ აივნის ჩრდილში ხევისთავთა საგვარეულო სითიკანი დაიდგა, ზედ ჩამოჯდა, გვერდით სტუმრები მოისვა, მყრალი ყალიონი გააბოლა და მუსაიფი გააბა, თანაც ზევიდან წამდაუწუმ ისეთის ომახიანის ხმით გადასჭყიოდა ფეხმარდ და უხმო ნათესავებს, რომ ჯაყოს ხმა მთელს სოფელს სწვდებოდა:

- ტურა, ჩქარა! თახრაშუ!.. ქეშელა, ადამრაშე!...

გიბა, ქადამჩაუ?!...

IX

სოფლელები - ჯაყოს სტუმრები მარდად მოუსხდნენ ასწლოვან ნიგვზის ხეების ჩრდილში გაშლილ სუფრას და მგლებივით დაეძგერნენ დიდი ხნის უნახავ ხორცეულსა და ღვინოს. თან ილუკმებოდნენ, ჯამებით ღვინოს სვრეპავდნენ, ჩახლეჩილ სუფრულს გაჰკიოდნენ და ზოგჯერ ბორძიკით ლუღლუღებდნენ.

- ეს გაუმარჯოს ჯაყოს სტუმრებსა... რომელიცა რომა.. აგრეთვე და ისა.

გაბღენძილი ჯაყო მამასახლისივით სუფრის თავზე იჯდა, ბეჭს ითლიდა და ჰყვიროდა:

- აბა, თქვენი წირი მე! არ მოიწყინებოდეთ! სწამეთ და სვამეთ! ტურა, თახრაშუ!..

ქეშელა, ადამრაშუ!

და ზოგჯერ სიამოვნების ნიშნად ამპარტავნულად ხროქინებდა:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

ერთ გვერდით მარგო ჰყავდა, მეორე გვერდით - თეიმურაზი.

ჯაყო მარგოს საუკეთესო ნაჭრებს სთავაზობდა და არშიყობდა:

- სწამა, შენი წირი მე, სწამა! ისე უნდა გაგასუქებდე, როგორც სააღდგომო ინდაური, მაშა!

თეიმურაზს ყურადღებას არ აქცევდა, ზოგჯერ სიბრალულით გადმოჰხედავდა და დაცინვით გადმოჰკრავდა:

- კნიაზო, სწამა, თორემა რაც ღალას აღარ გაძლევდე, იქნება იმ დღიდან შენც არ გაძღებოდე.

მერმე თეიმურაზის შიში გაიხსენა და აჭიხვინდა:

- ნეტა ამისთანა ვაჟკაცს კნიაზობა ვინ მოგცემდე? სისხლისა გეშინიან თეიმურაზსა, შენი წირი მე, სისხლისა! ქათამიც ვერ დაჰკლავდე, ქათამიცა! შენა, თეიმურაზ, კნიაზი კი არა ხარ, ბრინკა ხარ, ბრინკა!

ბრინკა ჯაყოს ნათესავი იყო, - დავრდომილი, გონჯი, საბრალო და ყველაფრით უბადრუკი, - სწორედ ის ბრინკა ჯივაშვილი, რომელმაც ოდესღაც თეიმურაზისგან ოთხი ათასი დღიური ტყე "იყიდა" და ეხლაც ქვაბებთან ფუსფუსებდა.

ჯაყომ თეიმურაზს იმ დღიდან ბრინკა დაარქვა:

- ბრინკა, სადა ხარ?.. ბრინკა, მოდი პური წამა!... ბრინკა, გაზეთი წაგიკითხე!.. ბრინკა, ერთი ამბავი გითხარი, ჩვენც გაგაგებინეთ რამე...



თეიმურაზს მისი ნამოურავალი პეტრე დევდარაშვილი და ნახუცარი ივანე მოუსხდნენ. ორივენი თეიმურაზის მამის ხელში იყვნენ გაზრდილნი: ერთი მოურავობაში, მეორე კი ჯერ დიაკვნობაში, და შემდეგ - მღვდლობაში.

თეიმურაზმა რომ მამისეული ქონება დაიმკვიდრა და ხელი მიჰყო მამულის გაყიდვას და დარიგებას, პეტრემ მაშინვე თავი დაანება სამსახურს და საკუთარ კერას დაუბრუნდა, ხოლო მღვდელმა ივანემ უფრო გვიან აუღო ალღო ახალ ცხოვრებას და ანაფორა ჩოხაზე გასცვალა.

კარგად მობერებული პეტრე თავიდანვე ალმაცერად უცქეროდა თეიმურაზს და ჩუმ-ჩუმად ყორანივით დასჩხაოდა იმის მომავალს. ამბობდა: ბარემ ასიც მინახავს მაგისთანა გააჭენე ბიჭიო. ეგეც სხვებსავით დაილევა და მერმე ლობიოსაც ინატრებსო. პეტრეს ეს ულვაშები დააჭერით, თუ გავმტყუნდეო.



არ გამტყუნდა ბებერი გლეხი. ეხლა თავისივე თვალით დაინახა ჯაყოსთან შეხიზნული ნაბატონევი, მაგრამ პეტრეს თეიმურაზი მაინც ენანებოდა. უკბილო პირს აცაცუნებდა და თითქო თავისთვის ჰლუღლუღებდა:

- მაშ ისე წაგივიდა საქმე, რომ სასხვისოდ გაგიხდა ეგ თავი? ვაი დედასა, ავთანდილ ხევისთავო! რას იფიქრებდი, რომ ოჯახი ასე დაგენგრეოდა?

თეიმურაზი პეტრეს ანუგეშებდა:

- ნუ შესწუხდი, ჩემო პეტრე. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო.

- მართალია, მაგრამ იმ ქვიშაზე გაგუდული თევზიც ბევრი მინახავს. - დაუნდობლად და მოურიდებლად ჩაურთო ნახუცარმა ივანემ, რომელიც იმ სუფრას სთამადობდა. - წყლის წასვლის მოლოდინს ისევ ის გერჩივნა, რომ სამსახურში ფეხი მოგეკიდნა, თორემ, ვინ იცის, იქნება წყალნი ან არ წავიდნენ, ან კიდევ ძალიან დაგვიანებით წავიდნენ.



- სანამ პეტრე მიეშველა, პავლეს ტყავი გააძრესო, გამიგონია ცხონებული მამაშენისგან. - ჩაურთო პეტრემ.

გაკრეჭილი მღვდელი წამოდგა:

- ხალხო! სმენა იყოს და გაგონება. ეს ქვეყანა ასე ყოფილა მომართული: ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო. ასე უთქვამს დიდებულ შოთა რუსთაველს შვიდასი წლის წინათ. ისიც უთქვამთ: წინანი უკანაო, და უკანანი წინაო.

- დღეს მენაო და ხვალ შენაო.

- ჩაურთო სუფრის ბოლოში ერთმა ახალგაზრდამ.

- წინათ თავად-აზნაურები გლეხებს უღელში აბავდნენ, ეხლა კი ბედი პირუკუღმა მოტრიალდა.

- მაშ, მაშა! - წამოიძახა ჯაყომ. - ეხლა კნიაზებსა და აზნაურებს ჩვენ დავადგამდეთ უღელსა, მაშა!

- ცხოვრებამ ახალი აზნაურები დაგვიბადა. - განაგრძო ივანემ. - რით არა სჯობიან წინანდელ თავადებს დღევანდელი ჩვენი მასპინძელი? განა ჯაყოს აზნაურობა არ შეჰშვენის?

ნინიკამ ახალგაზრდებს გადაჰხედა.

ჯაყო გაიბადრა და აირია.

იჭვის თვალი გადაავლო ყველას, პირი ღია დარჩა და ცხენის კბილებით ძლივს შეიმაგრა ენაზე მომდგარი "მაშ, მაშა"!

- ჯაყო ნამდვილი აზნაურია. - განაგრძო გაკრეჭილმა ივანემ. - ძალაც შესწევს და შნოც. ზოგს აზნაურს არც უწინ ეტყობოდა აზნაურობა, ეხლა ხომ სულ დაიძირნენ და გადაგვარდნენ. ზოგი კი გვარიშვილობით აზნაური არ არის, მაგრამ ჯანღონით, ჭკუით, გონებით, გავლენით და ქონებით აზნაურიც არის და თავადიცა. ასეთმა ძლიერმა გლეხებმა თვითონვე დაიდგეს აზნაურობის ტახტი და თვითონვე დაიწერეს თავადობის გუჯრები. ასეთ აზნაურებს მე პატივსა ვცემ, წინანდელი ჩვენი თავადი კი...

ჩვენი აზნაურები წყალწასაღებნი იყვნენ და აკი ჩაჰბარდნენ კიდევაც მიმავალ დროსა! ქვეყანამ იცის, რომ ჯაყო ჯივაშვილი ისე დასტრიალებს ჩვენს ღარიბ-ღატაკ გლეხობას, როგორც კარგი მეოჯახე თავის კერას.



სუფრის ბოლოს ჩურჩული მოისმა.

- ვინ მოსთვლის, რამდენი მრუდე საქმე გაუსწორა ჯაყომ ჩვენს სოფელს და რამდენ გაჭირვებულ ქვრივ-ობოლს გაუმართა ხელი! ქლესაობდა ივანე. - ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამდენი სიკეთის დამთესი ჯაყო არც შემდეგში დაიხევს უკან და ისევ ძველებურად გაგვიწევს დახმარებას. მაშ გაუმარჯოს ჩვენი სოფლის ახალ პატრონს, ახალ აზნაურს ჯაყო ჯივაშვილს.

- მაშ. მაშა! - წამოხტა ჯაყო.

- ჯაყო დიდი მადლობელი ხარ. თუ სოფელს გინდა, ჯაყო კიდევ გემსახურებდე, კიდევ გაგიწევდე საწყალ ხალხს სამსახურსა, მაშ, მაშა!

სუფრის ბოლოში ახალგაზრდობამ ყაყანი და ალიაქოთი ასტეხა. ჯაყო ისევ წამოვარდა:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

და ივანეს გადაეხვია, თანაც მიაძახა:

- ალავერდი შენთანა, ღვდელო!

ერთმა წაიბურტყუნა:

- ნიძლავი, თუ ივანემ ხვალ ჯაყოს ერთი ტომარა ფქვილი არ გამოართვას.

- ძირს აზნაურები! - დაიძახა სუფრის ბოლოში პეტრეს შვილმა ნინიკამ.

- ძირს აზნაურები!.. არ გვინდა!.. ძირს!..

არ გვინდა!... - ხმა აიმაღლეს დანარჩენმა ახალგაზრდებმაც.

დაიწყო ივანეს ნათქვამის განმარტება, ბოდიში, მიწევ-მოწევა, ყაყანი, ერთმანეთის დაჭერა და ჩურჩული.

მხოლოდ ნინიკა იდგა განზე და ულვაშს იკვნეტავდა, თან სუფრის თავისკენ ელვას ისროდა.

თეიმურაზი ნინიკასთან მივიდა.

- ნინიკა, ჩემი ხათრი შეინახე, ჩ...ჩჩემი! არ ჩაერიო, თორემ...

ნინიკა ისევ სდუმდა.



ბოლოს, ყველანი ისევ ჯაყომ დააშოშმანა:

- სმენა იყოს! გაჩუმდებოდე!... მე რომელი კნიაზი ხარ? ხომ არ გაგიჟდებოდე! ივანე ხუმრობდეს, თქვენ კი ვერ მიხვდებოდეს. სმენა იყოს! ჩვენი სტუმარი ნათლია თეიმურაზი ლაპარაკი გინდა.

თეიმურაზმა გრძელი სიტყვა წარმოსთქვა შესახებ ერთობის და თანასწორობისა, სოციალურ მშვიდობიანობის, და ახალა თაობის შემოქმედებისა. მერმე თავი ბოლოს ვეღარ მიაბა, აბორძიკდა, წაიფორთხილა და თავისი სადღეგრძელო ასეთის დარიგებით და ლოცვით დაასრულა:

- დაიცავით ძმობა, მ...მშვიდობა და ამხანაგობა! დ...დდანარჩენი თვითონვე დ...დდალაგდება. ყველამ გულში ჩაიწერეთ შ...შშრომა და პ...პპატიოსნება. ღმერთმა ყველას მოგცეთ მ...მშვიდობა და მ...მმოთმინება.



ჯაყოს აზნაურობა მალე დაივიწყეს და ხელხლად მისი ღვინო გაიხსენეს. კვლავ სმას შეჰყვნენ და შეყაყანდნენ.

**

სუფრის ბოლოში ნინიკამ დაიძახა:

- ცანგალა და გოგონა!

მეორემ უმალვე ხმა მისცა.

- გოგნი, გოგნი, გოგონა!

სხვებმაც ბანი მიაყოლეს და მძლავრად ტაში დაჰკრეს.

ჯაყო უმალ იქვე გაჩნდა და დასძახა:

- აბა, განი, განი!

მერმე ქუდი მოიშვლიპა და ტეტიურად ჩამოუარა.

მომღერალმა ცეცხლი შეიკეთეს და ჯაყოსაც შეუკეთეს.

ბიჭმა გოგო გაიტყუა,

ჩიტის ბუდე ვიცი მეო:

ჩიტის ბუდე არსად იყო!

გოგო, ეგრე ვიცი მეო!

გუნდი დგრიალით მისდევს ნინიკას:

გოგო, ეგრე ვიცი მეო!

ჯაყომ ორჯერ ჩამოუარა და მარგო წრეში გაიწვია.

ოდნავ შებრუჟებულ მარგოს უცებ ძველის-ძველი ეშმაკები შეუსხდნენ. ხელები ფრთებივით გაშალა, თავი ოდნავ უკან გადიხარა, სახეზე ბედნიერი ღიმილი აისახა და მარდად, კოხტად და ტანის რხევით ჩამოუარა.

ოდესღაც მარგოს ძლიერ უყვარდა და უხდებოდა ცეკვა, როცა დროს მოიხელთავდა, განზე არ გაიწევდა, მაგრამ ის ბედნიერი და უდარდელი დრო დიდი ხანია გაჰქრა. აღარ ახსოვს მარგოს, სად და როდის იცეკვა უკანასკნელად, ან რამდენი წელიწადი გავიდა მას აქეთ - ხუთი თუ ათი? იქნება მეტიც, დაავიწყდა მარგოს ხანი, მაგრამ იმისმა სისხლმა შორეული წარსული გაიხსენა და აჩუხჩუხდა.

გედივით მისცურავს მარგო განიერ მოედანზე. იმის ფეხებს კვალ-და-კვალ მისდევს მქუხარე ტაშის და სიმღერის მკვეთრი რიტმი:

ცანგლი, ცანგლი გოგონავ!

გოგნი, გოგნი, გოგონავ!

ტაში-ტუში! ტუში-ტაში!

ტუში-ტაში! ტაში-ტუში!

მიჰქრის მარგო და ვერც კი ხედავს თავის ჯაყოს, რომელიც გაგიჟებულ დათვივით დაჰხტის, მორგვის ხელებს მოშლილ ბორბლებივით იქნევს. კუნძის ფეხებით მიწას სთხრის, განიერ თეძოებს ბურთებივით ახტუნავებს, ზღარბის თავს გოგრასავით აგორავებს, ღოჯის კბილებს თეთრად აელვებს და დროგამოშვებით ცხენივით ჭიხვინებს:

- ტაში ჯაყოს! ტუში მარგოს! ტაში ჯაყოს! ტუში მარგოს!

პეტრეს შვილი ნინიკა ჯაყოს და მარგოს მკაფიო და მკვეთრი შაირებით მისდევს.



ეს ჯაყო კარგად თამაშობს,

თითის წვერებზე დგებაო:

ჯაყომ რომ ფეხი იტკინოს,

ეს მე ნუ დამბრალდებაო.

თეიმურაზიც გაცხარებით უკრავს ტაშს და ნახუცარ ივანეს ეუბნება:

- ს...სსაკვირველია! ს...სსაოცარია! აქამდე არ დაჰვიწყებია მარგოს ახალგაზრდული შნო და მ...მმარდობა.

ნინიკა აღარ იღლება და მისი შაირიც აღარ ილევა. რიხით და ფახით იმუქრება:

ორი ცხენი, ერთი კვიცი!

ოციოდე კიდევ ვიცი!

გუნდიც კვლავ ჰქუხს და ჰგრგვინავს:

ცანგალა და გოგონა!

გოგნი, გოგნი, გოგონა!

ჯაყოც ისევ დაჰხტის და ჭიხვინებს:

ტაში ჯაყოს! ტუში მარგოს!

ტუში ჯაყოს! ტაში მარგოს!

ილამ ნიკას მეორე ხმა ჩამოართვა.

ნინიკამა ერთი გოგო

ორღობეში დაიჭირა,

ი გოგომა ვეღარ იქნა,

სარტყელი ვერ მოიჭირა.

ნინიკა ჯაყოს და მარგოს შუაში შეუვარდა და დათვი წრიდან გააძევა. შველს ფოცხვერი დასდევს, დასდევს დაჟინებით, მარდად, ოდნავი რხევით და მოქნილი ფოლადივით.



თავდავიწყებული მარგო აღარავის ჰხედავს. მხრებიდან უცებ თხუთმეტი წელიწადი ჩამოიგდო, გულიდან ლოდი ჩამოიხსნა, პირიდან ქუში ჩამოირეცხა და ჟამის ჟანგიც ჩამოიფხიკა. გაჭაბუკდა, გალაღდა, გაიფურჩქნა და ანაზდეულად დაიბრუნა დროის მიერ შეჭმული სიმკვირცხლე, მოქნილობა, სიფიცხე, უდარდელობის იერი და ახალგაზრდობის ცეცხლი.

ბოლოს, პირ-ალანძული და ბავშვური სიხარულით ალეწილი წრიდან გამოვარდა და სკამზე დაეშვა.

გახარებული თეიმურაზი ცქმუტავდა. ამაყი მასპინძელი იბერებოდა, ისევ წრეში დარბოდა და დროგამოშვებით ისროდა:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის მარგომა!

**

სიმღერა, ცეკვა და სმა კიდევ დიდხანს გაგრძელდა.

მარგო სუფრიდან ადგა.

დანარჩენნი მხოლოდ საღამოზე აიშალნენ.

უღონო თეიმურაზს ნაძალადევი ღვინო ადვილად მოერია. ფეხებ-გახლართული ნაბატონევი ჯაყოს მკლავზე ჩამოეკიდა და ალუღლუღდა:

- შ...შშეგვინახე, ჯაყო... დრო მოვა და გადაგიხდი... მეც ვიმუშავებ და გიშველი...

გოდრებთან მიწვა, უმალ მიიძინა და ბავშვური ფშვინვა ამოუშვა.

**

შუაღამემ მოატანა.

მსუნაგი ჯაყო ჩოჩვით შემოცურდა, დაფეთებულ მარგოს გვერდით მიუწვა და ყურში ჩასჩურჩულა:

- ტსს... გაჩუმდებოდი, თორემა...

თეიმურაზი ისევ ფშვინავდა.

ათიოდე წუთის შემდეგ ჯაყო სიბნელეში უკანვე გაცოცდა და ერთი საათის შემდეგ ისევ შემოცოცდა. შიშნაჭამი მარგო წყვდიადში ბინდ-ბუნდად ჰხედავდა ჯაყოს, რომელიც ფოფხვით მომავალს ორანგუტანგს ჰგავდა.

მარგოს გული საგულედან ამოვარდნას ჰლამობდა. უნდოდა დაეყვირნა, თეიმურაზი გაეღვიძებინა, მაგრამ აუგით, შიშით და იდუმალ ბორკილებით იყო შებოჭვილი და განაბული.

დაყვირების მაგიერ თვისი პირი თეიმურაზის პირსახეს მიუახლოვა და ყური მიუგდო.

თეიმურაზი კვლავ არხეინად ფშვინავდა.

მერმე მარგომ სიბნელეში მკლავები გაშალა და ფაშვნიერი ჯაყო ძალუმად ჩაიხუტა.

მარგოს შერყეულმა სულმა იმ ღამეს ვეღარ მოისვენა, მარგომ თავის წარსულს თვალი გადაავლო. თვალწინ დაუდგა თეიმურაზი, სხეულით მჩატე, წიგნებზე დალეული და სულით დაჭიავებული. ძალაუნებურად შეადარა თვისი ნაკაცარი ქმარი, მისი ნაცოხნევი და უნაყოფო სიყვარული გამხეცებულ ჯაყოს, - ნადირივით თავაგლეჯილს, კადნიერსა და რეგვენს, ხეპრეს და მოუხეშავს, სამაგიეროდ დათვივით ღონიერს, სულით და ხორცით ჭაბუკს, ბუნების შიშველ ნაყოფს, ზომიერად შეზავებულს, თანაბარს, გაუბზარელს, მთლიანსა და ურყევს.

თეიმურაზმა თითქმის ყველაფერი იცოდა.

სამაგიეროდ არაფერი არ შეეძლო; ჯაყომ არაფერი არ იცოდა, სამაგიეროდ ბევრის შემძლე იყო; პირველი თვალხილული და სმენიანი იყო, ხოლო მეორე - თითქმის უთვალჩინო და სმენადახშული; სანაცვლოდ ჯაყოს დაგუბებული ჰქონდა სიცოცხლის ნიშატი, წყურვილი, უნარი და სამართებლივით გალესილი ცხოვრების ფხა, ხოლო ალღო - გარეულ ძაღლივით განვითარებული და გატიფული.

არსებულ გარემოებაში ერთი ბალღივით უძლური იყო, ახალ ცხოვრებისგან მოტეხილი, წაქცეული, წყალწაღებული და უკვე მიმავალი, ხოლო მეორე - თავის კალაპოტში ჩავარდნილი, თავით-ფეხებამდე სადღეისო იარაღში ჩამჯდარი და სამშვიდობოს გამორიყული, ფეხამდგარი და მომავალი.

თეიმურაზი დასრულებული ადამიანია! განათლებული, ტვინდიდა, ჭკვიანი, ჯიშიანი, ათიოდე საუკუნის განმავლობაში ბამბაფარჩაში ნაზარდი, ნატიფი, ნამუშავარი, ნათალი და დაფერილი; ხოლო ჯაყო მხოლოდ მეათე თაობა თუ იქნებოდა მაიმუნისა, პიტეკანტტროპოსის მინამგვანი, პირუტყვივით ბნელი და უმეცარი, მიუვალ მთებსა და უღრან ტყეში გაზრდილი. იგი ბნელ ხეობიდან გამოვარდნილი ველურია, რომელმაც პირველად მხოლოდ ათი წლის წინათ დაინახა კრამიტი და დანა-ჩანგალი, საათი და სურათი, საყელო და ცხვირსახოცი. აი, ამისთანა ნადირ-კაცმა, რომელიც დღეს მინდორსა და ტყეში აღამებდა, ხოლო ღამეს ბოსელში ათენებდა, მარგოს ასე ხეპრულად, ასე უდიერად და მხეცურად აჰხადა პატივი.

მარგოსთვის ცხადი იყო, რომ გუშინდელ დღიდან ის გადაიქცა ჯაყოს ხასად. ამის გამო მარგო გუშინ სტიროდა და იმუქრებოდა, მაგრამ დღეს აღარც კი იცოდა, კარგი იყო ჯაყოს ხასობა თუ ავი, ბედნიერი იყო მარგო თუ უბედური, კეთილად დასრულდებოდა ეს ამბავი თუ მარგო უარეს დღეში ჩავარდებოდა და განათლებულ-პატიოსანთა სიიდან ამოიშლებოდა.



მარგო დედაკაცი იყო, ამიტომ იმის გულსაც უღიტინებდა იდუმალი წყურვილი საყვარლის აჩენისა. აქამდე ადვილად შეეძლო თუნდ ათიოდეს შოვნა, მაგრამ მან უჩინარი მაცდური დასძლია, გაუძლისს გაუძლო და ათი წელიწადი ჰზიდა მძიმე ტვირთი ძალით ალაგმულ ბუნებისა.

ეხლა კი პატიოსანი მარგო ასე ტუტუცურად და მოულოდნელად ჯაყოს საყვარლად გადაიქცა!

მერე როგორ! იქვე, თეიმურაზის გვერდით! ოოჰ, ღმერთო მაღალო! შენ ხარ მოწმე, რომ მარგოს აზრად არ ჰქონია ქმრის ღალატი, რომ რაც მოხდა, თავის-თავად მოხდა, რომ მარგო ფიცის გატეხაში უბრალოა. ან რა უნდა ექმნა დათვის მკლავებში ჩავარდნილს, უმწეო დედაკაცს?! მეორე დღესვე ყველაფერი ეამბნა თეიმურაზისთვის? ამას მოჰყვებოდა საშინელი დრამა, საქვეყნოდ თავის მოჭრა მარგოსთვის და სირცხვილი თეიმურაზისთვის. თეიმურაზი და მარგო სხვაფრივაც რომ კეთილად გადარჩენილიყვნენ, უმალ ტფილისშივე უნდა დაბრუნებულიყვნენ, სადაც ხევისთავები თავს ვეღარავის შეაფარებდნენ.

ახია თეიმურაზზე, ახი! რად მიანდო თავის ცოლი ნადირს?! მაშ რა ეგონა თეიმურაზს, რომ საქმე სასხვისოდ გაიხადა?! რომ თავი აიღო და სამადლოდ შეეკიდლა ჯაყოს, თავის ნამოჯამაგირევს, რომელმაც მისი სახლ-კარიც და ბაღ-ვენახიც საკუთარის მკლავათ, მუქარით და ოინბაზობით შეიძინა!

ვინ იყო მათთვის ჯაყო?

არც ნათესავი, არც ტოლ-ამხანაგი, არც ქველმომქმედი. მაშ რას უშველის მარგოს ან თეიმურაზს წინააღმდეგობა ბედის და დაცვა პატიოსნებისა, რომელიც ორივემ ერთ ლუკმა პურზე მიჰყიდეს ჯაყოს, მიჰყიდეს იმ დღეს, როცა გადასწყვიტეს თავიანთ ნასოფ-

ლარში და ნასახლარში ამოსვლა...

სტუმრად! ჯაყოს სტუმრად!

მარგომ გაიგო და შეიგნო, რომ გვიან-ღა იყო თითზე კბენა და კბილთა ღრჭენანი, რომ ის მხოლოდ ვალს უხდიდა ჯაყოს, რომ აუცილებელი ისევ აუცილებელი იყო, რომ მოსასვლელი უნდა მოსულიყო.

ოოჰ, ნეტა გუშინვე ეთქვა მარგოს თავის ქმრისთვის! ეთქვა და გაეთავებინა! რაც მოსახდენი იყო, მომხდარიყო, ეხლა კი... გრძნობდა მარგო, რომ ეხლა გვიან-ღა იყო თქმაც და თითზე კბენანიც. თეიმურაზი რომ არ დამთვრალიყო, წუხელივე გაათავებდა ყოველივეს ერთგული მეუღლე, ეხლა კი... ეხლა რით იმართლოს თავი! რა უთხრას? როგორ უთხრას? ვითარ გაჰბედოს? ვერა, ვეღარ ეტყვის. მარგო უკვე ჯაყოს ხელდებულია. მორჩა, გათავდა.



მარგომ ყოველივე ასწონა და გაზომა. თითქოს ბედს შეურიგდა და გარდუვალს დაემორჩილა. რაც მოსახდენია - მოხდეს, ოღონდ არ გაიგონ, თეიმურაზს და მარგოს სირცხვილი არ აჭამონ და საქვეყნოდ თავი არ მოსჭრან, თორემ...

ვიღაცამ გულში ჩააწვეთა:

- "რომ გაიგონ კიდეც... ვინ იცის, იქნება სჯობდეს კიდევაც, რომ სამუდამოდ შერჩე ჯაყოს... ჯაყო ყველაფერს მოგცემს, რაც შენ გინდა: სიყვარულის ცეცხლს, კეთილ ცხოვრებას, ახალგაზრდა ვაჟკაცის ჯან-ღონეს და... დღევანდელზე უკეთესს მომავალს...

თეიმურაზი კი... მას აქვს წარსული, მიმავალთა შორის პატივი, საჭურისის ცოდნა და... ზანზიბარი! დაანებე თავი თეიმურაზს!"

არა, არა! მარგო ასე ადვილად ვერ დაანებებს თავს საწყალ თეიმურაზს! არასოდეს! არასოდეს! აბა, რა სათქმელია: ველური ჯაყო და განათლებული თეიმურაზი?! ტყის დათვი და საზოგადო მოღვაწე?! ყაჩაღი და პატიოსანი პატიოსანთა შორის?! ხა-ხა-ხა! რა შედარებაა! სადაური არჩევანია!

ის უხილავი და მარგო დიდხანს ებრძოდნენ ერთმანეთს.



ძაღლები აღარ ჰყეფენ, აღარც ჭოტი გაჰკივის. მხოლოდ ლიახვი ჰშხუის. ბაღში დილის სიო ჰფუსფუსებს და კუთხეში თაგვი ცოდვილობს. ბინდი შეთხელდა; ცამ ფერი შეიცვალა; ბაღში ჩიტებმა ჟივილ-ხივილი ასტეხეს; სადღაც კაკაბი კაკანებს; მარგო კი ისევ ვიღაც უჩინარს ებრძვის და თანდათან ბრძოლის ველს თითო ნაბიჯით უთმობს.

მაგრამ გონების და უჩინარის ცხარე ბრძოლაში წილს არ იდებენ მარგოს გული და სისხლი. ისინი თითქოს უცხონი არიან, თითქო განაპირდნენ, განზე გადგნენ და თითქოს იმ უჩინარსაც კი ემხრობიან.

მარგოს გულს საამური ჟივილი გააქვს. სისხლი მძლავრად უჩქეფს და აქამდე მოდუნებული და გახევებული ტანი სასიცოცხლოდ თითქოს ეხლა იღვიძებს და იფურჩქნება. კვირტს ხანგრძლივ და სუსხიან ზამთარში მძიმე ძილით ეძინა. მაგრამ ყინული უცებ გალხვა და სუსხიც აიკრიფა. ცხელმა მზემ გაათბო, ხოლო მიწამ იდუმალი წვენი მიაწოდა, გრძნეულმა ძალამ კვირტი გაშალა და გააცოცხლა.



ფეხშიშველი, თმაგაშლილი და გაღეღილი მარგო აივანზე გადის. უცნაური მშვიდობა და სიხარული სწერია იმის გაშლილ პირსახეზე. გაგანიერებული და მღელვარე მკერდი ამომავალ მზეს მიუშვირა. თვალებს ამოებით ჰჟუტავს, ორივე ხელით გაღეღილ მკერდს იზელავს და ტკბილად იზმორება.

ზაფხულის ღამეს ხის ფოთოლსა და ბალახზე ნამი უთვალავ ბრწყინავ თვალმარგალიტად გაუბნევია. ეზოში და ბაღში მოისმის ძროხების და ბოჩოლების ბღავილი, ღორების ჭყივილი, გოჭების ჭყვიტინი, ბატების ყიყინი, ასნაირ ფრინველთა ჭივილი, ჭიკჭიკი, ჭრინვა, ჟღურტული და ხივილი, და მათი ჟრიამული, კამათი, სიხარული და ლოცვა ერთ გაუთავებელ სიმღერად იკონება. და იმ ფსალმუნ-გალობას არც თავი აქვს, არც დასასრული, არც ფორმა და არც კილო.



ქათმები და წიწილები მარგოს ჟივილ-ხივილითა და კაკანით ეხვევიან. აივნის მოაჯირზე ჩხიკვი შემოჯდა და გულგაღეღილ დედაკაცს დაჟინებით გაუგებარსა და უცნაურ რამეს შესძახის.

უცებ მარგომ ჯაყოს მოჰკრა თვალი. ნამოურავალი ხის ჩრდილში იდგა, გულმოდგინედ იქექებოდა და თითქმის შიშველს, ქანდაკებულ მარგოს ხარბად სჭამდა მშიერი თვალებით.

მარგო შეჰკრთა. მკერდი პერანგით დაიმალა. ჯერ ჯაყოს მორცხვი სიხარულით გაუღიმა, მერმე ჩაუკისკისა, მობრუნდა და ოთახში შევარდა.

მაშ, მაშა! - მოესმა უკნიდან ჯაყოს მხიარული ჭიხვინი, - აგრე ვიცის ჯაყომა!



ნაწილი მეორე

I

- მარგო, - უთხრა თეიმურაზმა საღამო ჟამზე თავის ცოლს, - წამო, კოშკზე ავიდეთ და ძველ ქართლს ერთხელ კიდევ გადავხედოთ. მახსოვს, შენ ძალიან გიყვარდა ამ კოშკზე ჯდომა, აი, ჩვენი ივანეც წამოვა. წამოიღე ჭოგრი.

- რა სთქვი? ჭოგრი რა არის?

- ქართულად ჭოგრი დურბინდს ჰქვიან. დურბინდი ჩვენებური სიტყვა არ არის, მე ჭოგრი მირჩევნია, შენ რას იტყვი, ივანე?

- ჭოგრი მოკვდა, თეიმურ, ვეღარ აღადგენ. დურბინდი კი ცოცხალია ხალხის თავში.

- კეთილი, ჩემო ივანე, მაგაზე მერმე ვილაპარაკოთ.

აბა, წამოდით.

უკვე დაზიანებულ ქვიტკირის ხვეულ კიბეს შეუდგნენ და ხვნეშით და კანკალით კოშკის თავზე ძლივს ავიდნენ.

- აი, საქართველოს გული. - სთქვა თეიმურაზმა და მიდამოს თითი შემოავლო. - აიღე ჭოგრი და გაიხედე.

თავად ხევისთავთა უწინდელი საბუდარი - დიდი სოფელი ნაშინდარი დაბალი სერის ფერდობზეა გაშენებული. თვითონ სოფელი ლიახვის ნაპირზე ვიწრო ზოლად გაჭიმულა, ხოლო თეიმურაზის ნასახლარი იმ სოფლის თავზე მაღალ ტახტივით აღმართულა.

ძველს, ორსართულიან დარბაზს, ხუთიოდე სხვა შენობას და ვეებერთელა ეზოს მაღალი, ქვიტკირის გალავანი სარტყელივით არტყია. ამ გალავნის ამაღლებულ კლდოვან კუთხეში ქარით და ჟამით პირმოჭმული კოშკი სდგას. ოდესღაც იმ ციხე-კოშკზე ქართლისა და ხევისთავთა მტრები კბილებს იმტვრევდნენ და რკინის დუღაბით ნაშენ გალავანს სისხლით რწყავდნვნ. ეხლა კი გალავნის კარები ყველასთვის გაღებულია, ხოლო კედლებს იმიტომ არ ანგრევდნენ მასალის წასაღებად, რომ ძველს დუღაბზე რკინის წერაქვიც კი ჩლუნგდება და იღუნება.

ირგვლივ გადაჭიმულ მინდორს ოთხივ მხრიდან მაღალი მთები სდარაჯობენ. ჩრდილოეთით, მთელი ქართლის გაყოლებაზე, კავკასიონის უღელტეხილი აღმართულა. აღმოსავლეთით, ქსნისა და არაგვის სათავეებთან ბებერი დევი - მყინვარი წამომჯდარა.

დასავლეთით ბრუტ-საბზელას ჭაღარა თავი აწეულა. ხოლო მათ შორის როკისა და რაჭის მთებს სამ-ოთხ რიგად ჩაუბამთ ფერხული. უკანა რიგში თეთრად შესუდრული ქედი ასვეტილა. მეორე რიგში თალხი მწვანე საძოვრები ჩალაგებულან. ხოლო წინა რიგში მუქი ტყით შემოსილი გორები ჩამწკრივებულან. იმ მთებსა და გორებს აქა-იქ ღრმა ჭრილობებივით სერავენ დიდი და პატრა ლიახვის, ქსნისა და მრავალი სხვა ხეობები და ნაოჭები. ეს ნაოჭები და უბენი მთავარი ქედის გულამდე შეჭრილან და მის კალთებში ღრმა ზოლებად ჩაწოლილან.



მზე ჩასავალს არის. სამხრეთით და დასავლეთით ცა უცნაურად დაიბურა და აჭრელდა. სურამის, ბორჯომისა და ჯავახეთის ქედების თავებზე ღრუბლები შეიკვრნენ და ერთმანეთს უთვალავ ფერებით ჩაექსოვნენ: ჩალა და ალი, აგური და სპილენძი, ფირუზი და ლალი, ია და ვარდი, ზაფრანა და იასამანი, ოქრო, თითბერი და ფოლადის საარაკო ფრთებივით გაიშალნენ და შემოეხვივნენ სისხლიან საზღაპრო ფრინველს, რომელსაც თავი უკვე სურამის ქედზე ჰქონდა დაბჯენილი. ჭალებით შემოსილი დიდი ლიახვი და შიშველი მტკვარი ალაგ-ალაგ ოქროთი და ალით იწვოდნენ. უზარმაზარი ქართლის ხალიჩა ჭრელის სოფლებით, რუხის რიყეებით, მუქის ჭალებით, მოტვლეპილ გორაკებით და მწვანე ნათესებით იყო მოქარგული.

- გადაჰხედე, ივანე, დღევანდელ ქართლს. უწინდელ ქართლისა მეოთხედიც აღარ არის.

მას ჩამოეცალნენ სამცხე და საათაბ...ბაგო, არტაანი, ჯავახეთი, ტაშირი, მ...მმცირე სომხეთი, აბოცი, ბამბაკი, ბორჩალო, ყაზახი და ტფილისის მიდამოები. ეხლა ყველანი ცალ-ცალკე სცხოვრობენ.

- ისტორიამ დაანგრია ძველი ქართლი.

- ჰო, მეც მაგას ვამბობ. ვინ არ გადმოიარა იმის ზურგზე! საწყალი, მთელი ქვეყნისთვის შარა-გზად გადაიქცა. როცა ქართლი ძლიერი იყო, ს...საქართველოც ძლიერი იყო. ქართლი დაეცა და საქართველოც დასუსტდა.



- ქართლის პატრიოტობა გალაპარაკებს, თეიმურ.

- არრრა, ღმერთმანი, არა! ყური მიგდე, ჩემო ივანე. ყოველ ქვეყანას აქვს თავისი პრუსია და ჰყავს პრუსიელები, რომელნიც ხალხის ცხოვრებაში დუღაბის მაგივრობას ასრულებენ. გერრ...გერმანია პრუსიელებმა შეჰქმნეს, რუსეთი მოსკოველებმა მოაგროვეს, დიდი ბრიტანეთი უელსის საჰერცოგომ ააშენა, რომის იმპერიის ისტორია თვითონ რომისა და კაპუას ისტორიას უდრის, ხოლო ძველი საბერძნეთი ათინამ და ატტიკამ ააყვავეს.

ასეთივე როლი დ...დდააკისრა ბედმა ქართლსაც. მისი ისტორია საქართველოს ისტორიის ნახევარს მაინც უდრის. ქართლი იყო საქართველოს პრუსია, ხოლო ქართლელნი ქართველთა ტომის პრ...რუსიელნი იყვნენ.

მე იმას ვჩივი, რომ საქართველოს პრუსია აღარ აქვს და არც პრუსიელები ჰყავს.

- ეყოლება. პრუსიელები არც სხვაგან გაჩენილან ათიოდე წელიწადში.

- არა სჩ...ჩჩანან.

- მე ვხედავ. პრუსიელები ხალხის გულიდან ამოდიან. ასობით და ათასობით მოდიან.



- შეიძლება, მაგრამ პრუსია მაინც არ მოსჩანს.

- ეგეც თავის-თავად გამოჩნდება.

- საწ...წწყალი ქართლი! - ამოიოხრა თეიმურაზმა. - იგი მომაგონებს დაბერებულს, ქაჩალს, უკბილოს, ბრუტიანსა და დაყრუებულ ნაკაცარს, რომელსაც ჭამისა და განძრევის შნოც აღარ აქვს.

- გუშინდელი საფრთხობელა მომაგონდა. - სთქვა მარგომ და გაიცინა. - ივანე, ჯაყოს ბაღში რომ საფრთხობელა სდგას, ხომ არ გინახავთ?

- როგორ არა, ვნახე, მთელი სოფელი იცინის.



ის კი აღარა სთქვა ნახუცარმა, რომ სოფლის ხუმარებმა იმ საფრთხობელას თეიმურაზ ხევისთავი დაარქვეს და მასზე ენებს ილესავდნენ.

- წელში გასწყდა ქართლი. - კვლავ ამოიოხრა თეიმურაზმა.

- ნუ შეშინდი, თეიმურ! - გაამხნევა ივანემ. - მე აქა ვსცხოვრობ და აქაურობას შენზე უკეთ ვხედავ. ქართლიც იზრდება და მაგრდება. აბა, მოიგონე, უწინ რა იყო და ეხლა რა არის, ქართლი მხოლოდ ეხლა ამოდის მიწიდან, მრავლდება, ბაღებს აშენებს, თვალს იფშვნეტს და სკოლებს ამრავლებს.

გახსოვს, მე და შენ რომ გვინდოდა თხუთმეტი წლის წინად ნაშინდარში სკოლის დაარსება. მაშინ შენ აქაურობას თავი გააშორე, მე კი კინაღამ ჩამაქვავეს - სკოლის გახსნაზე ხელი აიღეთო. რაც მაშინ ვერ მოხერხდა, წრეულს შესრულდება. ნაშინდარს შემოდგომიდან სკოლა ექნება.

- მართლა, თემურ, არ გინდა იმ სკოლაში მასწავლებლად შეხვიდე? - ჰკითხა მარგომ.

- მართლა, მეც ეგ მინდოდა მეთქვა. - გაუხარდა ივანეს.

- მაგაზე უკეთესი რაღა გინდა, თეიმურაზ? ჰა, რას იტყვი?

- არას...სსოდეს!

- მაინც, რატომ?

- მიზეზი თქვენც კარგად იცით. ოცი წელიწადი იმისთვის კი არ ვიმუშავე, რომ ბოლოს სოფ...ფფლის მასწავლებლობით დავასრულო ჩემი სიცოცხლე და მ...მმოღვაწეობა.

- მაშ ჯაყოს ხიზნობა გირჩევნია? - გესლით წამოიძახა მარგომ და კიბისკენ წავიდა. - წამო, ჩამიყვანე, თორემ ბნელა.

თეიმურაზმა დასავლეთისკენ გაიხედა. დიდხანს უცქერდა სურამის ქედს. იმ ქედის თავზე ფირუზის, ვარდის და ალის ზოლი გაწოლილიყო.

მტკვრის ხეობა უკვე ჩაბნელებულიყო. ჩრდილოეთიდან ყინულის სუსხი მოდიოდა.

- იქით გაიხედე, ივანე. - ხმის კანკალით სთქვა თეიმურაზმა დუმილის შემდეგ და თითი დასავლეთისკენ გაიშვირა. - გაიხედე, რა მ...მშვენებით არის შემოსილი დასავლეთი. - მერმე ღრმად ამოიოხრა და თითქო თავისთვის წაიბუტბუტა: - ყოველივე დასავლეთიდან მოდის: სიმდიდრე, გ...გგანათლება, ზნეობა. თ...თავისუფლება და მშვიდ...

დდობა.

- თეიმურ, მოდიხარ? - დაიძახა კიბიდან მარგომ.

თეიმურაზმა მარგოს ხმა ვერ გაიგო და ვერც მარგოს და ივანეს წასვლა შეამჩნია. გულხელდაკრეფილი იდგა და ისე გასცქეროდა დასავლეთს, თითქო თავის საარაკო საბედოს და სიცოცხლის ნატვრას იქიდან მოელოდაო.

**

თეიმურაზისა და მარგოს ამოსვლის მეორე დღიდან ჯაყო და მისი სტუმრები ახალ ცხოვრებას შეუდგნენ.

ჯაყო არც იმ დღემდის ითვლებოდა ბეჯით მუშაკად. მძიმე და ჭუჭყიან სამუშაოს ერიდებოდა, სამაგიეროდ თავის ნათესავებს - მამაკაცებს და დედაკაცებსაც ისე ამუშავებდა, რომ მუყაითი და გულკეთილი გლეხი იმ რიგად თავის საქონელსაც არ გაიმეტებდა.

ხოლო იმ დღიდან, როცა მარგო ჯაყოს გულსა და ოჯახში ჩასახლდა, მან საბოლოოდ ხელი აიღო შრომაზე.

სამაგიეროდ თავის ცოლისა და ნათესავების დატუქსვას და დატვირთვას მოუმატა. რიჟრაჟიდან დაღამებამდე მთელს სოფელს მისი ომახიანი გრგვინვა ესმოდა:

- ტურა, ჩქარა!.. ქეშელა, თახრაშუ!.. გიბა, ადამრაშუ!.. აბა, ხელი გაანძრევდე! წელი ნუ გიწყდებოდეს!

თვითონ კი, ზურგზე ხელდაწყობილი, ეზოსა და ბაღში ბატივით დაბაჯბაჯებდა, ან თავის სამფლობელოს მაღალ აივნიდან ფაშასავით გადმოსცქეროდა და იქიდან ბრძანებას ბრძანებაზე ჰგზავნიდა. ან კიდევ ხევისთავთა ჩუქურთმიან სავარძელში გაიჭიმებოდა, მყრალ ყალიონს ააბოლებდა და ზანტად იქექებოდა.



მუშაობაში ჯაყომ სხვებზე უფრო მეტად თავის ცოლს დაადგა თვალი - უენოს, მორჩილსა და დაშინებულ ნინას, რომელიც უხილავ მიზეზით აითვალისწუნა და შეიძულა. ისედაც გატეხილსა და მილეულ დედაკაცს ხევისთავთა ამოსვლის დღიდან ტვირთი ერთი ორად აჰკიდა და მუდამ, თითქო განგებ სცდილობდა, რომ ის უნჯი დედაკაცი, უპატრონო და ჭინჭველასავით ფუსფუსა, მარგოს თვალში გაელახნა და დაემცირებინა.

ჯაყოს საქონელიც ბლომად ჰყავდა და დავაჟკაცებული ნათესავებიც, მაგრამ წისქვილისთვის თითქო განგებ არავის იმეტებდა: კოდიან საფქვავს თავის ცოლს აჰკიდებდა და დასჭყივლებდა:

- აბა, თახრაშუ!

ის ორფეხა პირუტყვიც წელში სამად მოიკაკვებოდა და, თავჩაღუნული, სანამ წისქვილში ჩალასლასდებოდა, დაღლილ ცხენივით ორი საათი მაინც ჰხვნეშოდა და ოფლში იწურებოდა.

ნინო მუდმივ წელსა და ფეხებს იტკივებდა, მაგრამ ხმას აღარ იღებდა, რადგან იცოდა, რომ ჯაყო უდიერად მიახლიდა:

- ძაღლი კოწლობით არ მოკვდები!

ჯაყოს აღარაფერი მოსწონდა თავის ცოლისა: არც იმის ხელით დაგვილი ოთახები, არც იმის ხელით დამზადებული საჭმელი, არც მისი ხმა, არც დუმილი, არც კაბა და არც სიარული.

ერთხელ თეიმურაზმა უთხრა ჯაყოს:

- ჯაყო, ეგრე რათა სტანჯავ შენს ცოლს? ძალიან ბევრი სამუშაო აქვს.

- დედაკაცი მუშაობისთვის ხარ გაჩენილი, მაშა!

- ყველანი მუშაობისთვის ვართ გაჩენილი, ჯაყო. მაგრამ დედაკაცს უფრო ადვილი საქმე ერგო, რადგან მამაკაცზე სუსტია.



- დედაკაცი ხარ სუსტი? შენ რა გესმის, ბრინკა! ქალაქელებმა გააფუწეთ დედაკაცი, თორემა ჩვენ ჩვენი ძველი ადათი შეგინახეთ.

- ცოდოა ნინო, ჯაყო, ცოდო!

- ჯაყომ ცოდო არ ვიცის.

- ჯაყო, ახალი კანონით დედაკაცი და მამაკაცი თანასწორნი არიან.

- ვიცის ჯაყომა, ვიცის! დედაკაცი და მამაკაცი ლოგინში ხართ თანასწორი.

- დედაკაცის დაჩაგვრა მხოლოდ თათრებმა იციან.

- ეგეც ვიცის ჯაყომა. გენაცვალე თათრებსა, კარგი ვაჟკაცები ხართ თათრები.



- ჯაყო შენ ხომ ქრისტიანი ხარ?

- მაშ, მაშა! ქრისტიანი ხარ ჯაყოი.

- მაშ ყური მიგდე. სახარებაში სწერია, რომ...

- ვიცის ჯაყომა, ვიცის! ჯაყომ სამჯერ დაიწერე ჯვარი და ღვდელმა სამჯერ გითხრა ეკლესიაში, რომ ქმარმა ცოლი უნდა დაგაშინოო და, აი, ასე უნდა შეინახოო, აი! მაშ, მაშა!

და ჯაყომ ხუთგირვანქიანი მუშტი ისე შეანძრია, თითქო შიგ ქვა ედო და მისი გაჭყლეტა უნდოდაო.



თეიმურაზი მალე დარწმუნდა, რომ მგელს სისხლიანის ჭამას უკრძალავდა, ამიტომ ნინოს გამოსარჩლებას თავი დაანება.

ჯაყომ ნინო მარგოს მოსამსახურედ დაუყენა და წარა-მარად ბრძანებას აძლევდა:

- ნინო, ქალბატონს პოლსაპოჩკები გაგხადე!.. ნინო, კნეინას წყალი დაგისხი!..

ნინო, ნათლიას კაბა გაგიწმინდე!.. აბა, რაშუ! ჩქარა! თახრაშუ!

მარგომაც რამდენჯერმე სცადა ჯაყოს მორბილება და ნინოს წასარჩლება, რადგან იმის მოსამსახურეობას ერიდებოდა და ისედაც დაბრიყვებული დედაკაციც ეცოდებოდა. მაგრამ ჯაყო უარესად გაკაპასდა: ყვირილს და ტვირთს მოუმატა და წვრილ-შვილის პატრონი დედაკაცი ფეხქვეშ გაიშალა.

ბოლოს, ცოლის ავადმყოფობა გაიხსენა და წამალიც თვითონვე დაუწერა: ერთხელ ქეშელა ცხენზე შესვა, ავადმყოფი დედაკაცი ფეხით უკან გააყოლა და ჰავის გამოსაცვლელად როკის მთებში გაისტუმრა.

ნინოს გასტუმრების შემდეგ პირი მოიხსნა და დღე-და-ღამ მარგოზე ლაპარაკობდა, მასზე ზრუნავდა და მისთვის უშოვნელს შოულობდა. აღარავის და აღარაფერს არ ერიდებოდა: თეიმურაზის ცოლი დედოფლად დაისვა და ყველანი ყმებად დაუყენა.

**

- შენი კნეინა ძალიან ფინთად გაცვია.

- ეუბნება ჯაყო თეიმურაზს - ჯაყო ფული გასესხებდე. ჩააცმევდე მარგოსა, თორემა შენი სირცხვილი ხარ.

თეიმურაზს ბავშვივით უხარიან:

- მადლობელი, ჯაყო, დიდი მადლობელი. ერთს ორად გ... გგადაგიხდი. შენს სიკეთეს არასოდეს არ დავივიწყებ. ოდესმე ბედი ჩ...

ჩჩემსკენაც მოიხედავს. შენ არხეინად იყავი, ჯაყო. ყური მიგდე, ჯაყო, ერთი ამბავი უნდა გითხრა. გუშინ ქალაქიდან ამბავი მომივიდა, რომ...

და თეიმურაზმა ჯაყოს ლამბაქის ყურში ქალაქიდან მოფრენილი ჭორჩიტი ჩაუფრინა. ჯაყომ ის ჩიტი მეორე ყურიდან გააფრინა და გულში სთქვა:

- "მამა გიცხონდება, კარგი ამბავი მოგიტანე ჯაყოსა! ვიცის ჯაყომ, ვიცის! ეგ საქმე რომ გაკეთდებოდე, ჯაყოს ეს სახლ-კარი და ბაღი ისევ ბრინკა-თეიმურაზს უნდა დაგიბრუნო. ვერ მოგართვი! აპრუწუწუნ! ვიცის ჯაყომა, ვიცის!"

თეიმურაზს თვალებზე მადლობის ცრემლი მოერია და მარგოც გაახარა:

- აი, რა კ...

კკეთილშობილი ადამიანი ყოფილა ჯაყო. მაგის მადლს როგორ დავივიწყებთ! არა უშავს-რა, მოვა დრო და სიკეთეს ერთს სამად გად... დდავუხდი. მოდის ის დრო, მოდის!

- შენ სახლში დარჩებოდე და აქაურობას თვალი გადევნებდე. - ეუბნება თეიმურაზს ჯაყო. - მე ნათლია მარგო სტანციაში წაგიყვან და იქ მოგიცდი კნეინასა! ერთი დღე გინდა ქალაქში, მეტი ხომ არა!

და სანამ ჯაყო და მარგო ქალაქიდან დაბრუნდებიან, თეიმურაზი მეცამეტე გოჭივით ყველას ფეხებში ედება და ეხვეწება:

- ქეშელა, ს... საქონელს წყალი დაალევინე...

გიბა, გ... გგომური დაჰხვეტე... მართა, საქათმე დ... დდაასუფთავე.

- ვიცის, შენი წირი მე, მეც ვიცის. - უპასუხებენ თეიმურაზს ჯაყოს ჯალაბნი და ჩუმ-ჩუმად დასცინიან ახალ მოურავს, რომელმაც რამდენიმე დღით ძლივს იშოვნა ფუჭი საქმე.

საღამოობით თეიმურაზი კვლავ კოშკის თავზე ადიოდა და იქიდან დიდხანს გასცქეროდა დასავლეთს, სადაც სურამის ქედი გაწოლილიყო: ზოგჯერ ვარდის ფერი, ზოგჯერ მუქი ლილისა და ზოგჯერაც ათასნაირად შეღებილი, მაგრამ მუდმივ ბინდიანი, ნისლიანი და ლანდიანი.



ჯაყო და მარგო ხუთი დღის შემდეგ დაბრუნდნენ. თეიმურაზმა რომ მარგოს ნავაჭრი დაინახა, გაიხარა და გაიკვირვა:

- რ... რრამდენიმე წელიწადს გეყოფა ამოდენა საქონელი. ნეტა როდის უნდა ამოვიდეთ ჯაყოს ვალიდან?

- ამოვალთ, მალე ამოვალთ. - გაამხნევა თეიმურაზი გაცოცხლებულმა მარგომ და დაუმატა: - ნიკო შივაშვილი შემხვდა.

- რა დ... დდაგაბარა? სთქვი.

მალე სთქვი!

და როცა დანაბარი მოისმინა, აცქმუტდა, აიშალა და ნახუცარ ივანესთან გაიქცა მოშლილ ენის დასაღლელად და აქავებულ გულის მოსაფხანად.

თეიმურაზის ვალის გამო ჯაყომ გულში გაიცინა და როცა თეიმურაზი ოთახიდან გავარდა, მარგოს უთხრა:

- ვიცის ჯაყომ მაგისი ვალი, ვიცის! ან რად გინდა ჯაყოს თეიმურაზის ვალი? ჯაყო თავის კნეინას ჩაგაცვა, მორჩი და გათავდი, მაშ, მაშა!

მარგომ მართლა კარგად ივაჭრა. ჯაყოს ნებართვით და მოთხოვნით ყველაფერი მრავლად იყიდა და მოიტანა: ჩითი და მიტკალი, ფარჩა და ხავერდი, საზაფხულო და საზამთრო, ფეხსაცმელი და ათასი წვრილმანი.

**

თეიმურაზმა ნახუცარ ივანესთან შეირბინა. ივანე და მისი მეუღლე ნაფოფოდიევი თინა თეიმურაზს ყოველთვის დიდის პატივით და სიხარულით უხვდებოდნენ.

- აქა მშვიდობა და სიყვარული! - მიესალმა ცოლ-ქმარს თეიმურაზი.

- მობრძანდით, ბატონო თეიმურაზ, მობრძანდით.

- მიიპატიჟა თინამ.

- დაბრძანდი, ჩემო თეიმურ, დაბრძანდი. - მიიწვია ივანემაც.

- ივანე, ახ... ხხალი ამბავი მომიტანა მარგომ. ნიკო შივაშვილს დაუბარებია, რომ...

და თეიმურაზმა ივანეს ქალაქიდან მოფრენილი ჩიტი შეუფრინა ყურში.



- შენგან არ მიკვირს, ჩემო თეიმურ, რომ მაგისთანა ამბებს აჰყოლიხარ!

ცხარე ბაასი გააბეს. თეიმურაზი სცდილობს, რომ ივანეს თვისი გულის ცეცხლი მოუკიდოს. ივანე კი თეიმურაზის აპრიალებულ სულს ყინულს აყრის და ანელებს. ბოლოს, ივანემ სთქვა:

- მოდი, მაგას თავი დავანებოთ, თეიმურ. ჩვენში ვინ გამართლდება, მაგასაც მალე ვნახავთ. ეხლა კი, აბა, თინა, მოიტა არაყი, მწვანილი, ყველი, პური და კეთილი გული, - შეუკვეთა ივანემ თავის მეუღლეს.

- ოოჰ, გული, გული! - ამოიკვნესა თეიმურაზმა.

- რკინის დროებაში ვცხოვრობთ, ჩემო ივანე, რკინისა! ამიტომ ეხლა ყველაზე ძნელი საშ...შოვნელი გული ყოფ...ფილა. სიყვარული მოკავდა, ჩემო ივანე, მოკვდა!

- რად მოკვდა, თეიმურ? მართალია, ანაფორა გავიხადე, მაგრამ ქრისტეს მოძღვრება ეხლაც ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი. საცა სიყვარული არ არის, იქ არც მეგობრობაა, არც ოჯახი, არც საზოგადოება და არც სახელმწიფო.

- მ... მმართალია, მაგრამ ეხლა სიყვარულის ნაცვლად ქვეყანაზე და ხალხის გულშიც მხოლოდ შხამი, გესლი, ცოფი და ბალღამი დაგ... გგუბებულა. ვერ გამიგია, როგორ ცხოვრობენ ერთ გულში ასეთი თავგანწირული სიყვარული და ასეთი საშ...

შშინელი მძულვარება და ზიზღი? ცეცხლი და წყალი ერთმანერთში არეულან და მშვიდობიანად შეწყობილან.

- ვისაც უყვარს, იმას სძულს კიდევაც, ჩემო თეიმურ.

- არ მეს... სსმის, როგორ უნდა აშენდეს სიყვარული მძულვარებაზე?

- მე კი ასე მესმის. სიყვარული უეჭველად ჰშობს შურს, იჭვსა და სიძულვილს. ვისაც უყვარს მოძმე თვისი, იმას უძირო სიძულვილით უნდა სძულდეს მტერი თავის მოძმესი.

- მაშ სიყვარული და სიძულვილი ერთმანეთის მშობლები ყოფილან, არა?

- არა, სიყვარულია სიძულვილის მშობელი, ხოლო სიძულვილი სიყვარულს ვერ ჰშობავს.

ქრისტიანული სიყვარული ლანდია, მოჩვენებაა. იგი განყენებული რელიგია გახლავს და მიწის ხალხს არ უდგება. კბილი კბილისა წილ და თვალი თვალისა წილ, - აი ნამდვილი საამქვეყნო რელიგია. იქნება მე ჩემი პირადი მტერი შევიყვარო, მაგრამ ჩემი მოყვასის მტერი უნდა გავსრისო და მოვსპო, ვინაიდგან მოყვასი ჩემი მე უფრო მიყვარს, ვიდრე თავი ჩემი.

- მაშ შენ ანაფორა მარტო იმიტომ კი არ გ... გგაგიხდია, რომ დღევანდელ ცხოვრებას შეჰგუებოდი, არამედ იმიტომაც, რომ ქრისტეს მცნებასაც გადასცდენიხარ, წეღან სთქვი, ქრისტიანი ვარო, ეგ არის შენი ქრისტიანობა?

- შენ, თეიმურ, შენ კი ქრისტიანი ხარ?

თეიმურაზი დიდხანს სდუმდა. მერე სთქვა:

- ღმერთი არა მწამს, მაგრამ ქრისტე მაინც ღმერთ-კაცი იყო.

ერთი მითხარი, ქ...ქქართველ ხალხზე რას იტყვი, ივანე? განა ქრისტიანია იგი თავის სულითა და ხასიათით?

- არა, წარმართები ვართ.

- მაშ, ვინ გაავსო საქართველო ეკლესიებით და მონასტრებით?

- თავად-აზნაურებმა, მთავრებმა და მეფეებმა. მართალია, ქრისტეს სჯულის დაცვას ქართველებმა მრავალი მილლიონი შესწირეს, მაგრამ, ჩემის ღრმა რწმენით, ქართველთა ქრისტიანობა მხოლოდ ფარი იყო ეროვნულ პირსახის დასაცავად და შესანარჩუნებლად. ჩვენ სემიტები ვართ, მაშასადამე, ჩვენ უფრო მუსლიმანური ან ებრაული მატერიალისტური რელიგია გვიდგება, ვიდრე არიული ქრისტიანობა. ამიტომ გასცვალა ქართველთა მესამედმა ისე ადვილად ქრისტიანობა მუსლიმანობაზე. გაიხსენე იეზუიტების მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში. იქ ქრისტიანობა ისე არ ჰხარობდა, როგორც ვაშლზე დამყნილი მუხა არ ჰხარობს.

წარმართობის ატავიზმი ჩვენში ყოველთვის მძლავრად ჰფეთქავდა, და, აი, მაგალითიც. მთელმა სამეგრელომ ორ კვირაში ყველა ეკლესიები დაჰკეტა და არც დანარჩენმა საქართველომ გამოიდო ეკლესიისათვის თავი.

- ხალხი მაინც ინათლება და ჯ... ჯვარს იწერს.

- მართალია, მაგრამ ეგ ქრისტიანული რწმენით კი არ მოსდით, არამედ ადათის, ჩვეულებისა და ტრადიციის შესანახად სჩადიან. გარდა ამისა, ქართველს ვერ ნახავ, რომ წარმართული სახელი არ ჰქონდეს: კუროკი, ტოგო, ჭიპი, ჯვებე, პუპი, ცანგალა, ჩიკორა, დრუნჩა, დრუზა, ყბაჩა და სხვა ათასი. ევროპიელებში ან რუსებში ამისთანა ამბავს თითქმის ვერ გაიგებ.

ზოგს უკვირს, რატომ საქართველოში სექტანტობა არ იყოო? იმიტომ არ იყო, ჩემო თეიმურ, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის ურწმუნო იყო, ხოლო სადაც რწმენა არ არის, იქ ჭეშმარიტი ღმერთის ძიებაც არ არის, ხოლო სადაც ძიება არ არის, იქ სექტაც არ იქმნის.

- კეთილი, ვთქვათ შენ მართალი ხარ, მაგრამ სადაც სარწმუნოება არ არის, იქ ხომ არც სიყვარულია!

- მაგას ნუ იტყვი, ჩემო თეიმურ. დღევანდელი ქვეყანა ჩემთვის უცნაურია და გაუგებარი, მაგრამ ბოლოს-და-ბოლოს იგიც სიყვარულზე შენდება.

- ეგეც მესმის, მაგრამ ისიც ვიცი, რომ სიყვარული აი ამ ტომარას ჰგავს: თუ შიგ ჩაჰყარე რამე, ტომარა ზეზე დადგება, თუ არა და - წაიქცევა. მე არ მესმის ც... ცცალფეხა და ც... ცცალხელა სიყვარული.

ცოცხალ ადამიანს მარჯვენა ხელ-ფეხს სჭრიან და ასე ანუგეშებენ: სამაგიეროდ მ...მმარცხენა ხელ-ფეხი გაგეზრდებაო.

- შენ შენს ხელ-ფეხს მოუარე, თეიმურ, სხვის ხელ-ფეხს ნუ მისდევ, თორემ ისიც გეყოფა, რაც დაჰკარგე.

- მართალი ხარ, ჩემო ივანე. მეყო, რაც შევსწირე ჩვენს ხალხს. რა მივიღე სამაგიერო? მათხოვრის აბგა და ჯ... ჯჯაყოს ხიზნობა.

- მწარე ხვედრი ჰქონია საზოგადო მოღვაწეს, ჩემო თეიმურ.



- შეუსმენლობა, უნდ... დდობლობა და უმადურობა, აი მისი ხვედრი.

- კეთილი, მაგრამ ზოგჯერ სხვისი წუნის დადება და უთავბოლო წუწუნი საკუთარი უსაქმობისა და ჟინის ფარია ხოლმე. ეს შენზე ვსთქვი, ჩემო თეიმურ. ერთი მითხარი, რატომ არაფერს არ აკეთებ?

- რატომ არ ვაკეთებ? რა უნდა გავაკეთოთ? ჩემს საქმეს არ მაძლევენ. სხვისას კი ხელს ვერ მ... მმოვკიდებ.

თუმცა დღეს ისეთი დროა, რომ პროვიზორს მატარებელი მიჰყავს, ხოლო მემანქანე აფთიაქში მუშაობს. ერთი მატარებელს ამტვრევს, ხოლო მეორე ხალხსა სწამლავს. ასე სჩადიან სხვები. მე კი სხვის სკამზე ვერ დ... დდავჯდები.

- იწამე ახალი ქვეყანა და...

- ესე იგი ქ...

ქქედი მოვიდრიკო?

- ეს ქედის მოდრეკა არ არის. მხოლოდ გაჩუმდი და საცა არ გეკითხებიან, იქ ნუ ჩაერევი.

- გ... გგავჩუმდე? მე? მე ნუ ჩ.. ჩჩავერევი? გაჩუმება ჩემთვის ხომ ს... სსულიერი სიკვდილია!

- თუ მეტი გზა არ არის, მოკვდი.

- მე თვითონვე მოვკვდე? ეს ძალიან კარგი ფონია, მხოლოდ ერთ ალაგას ახრჩობსო.

ხომ გ... გგაგიგია?

- გამიგია. სად ახრჩობს ეს ფონი?

- ერთგან. მე თვითონ ჩემის ხელით თავს არ მოვიკლავ.

- ეხლა, თეიმურ, ეხლა არა ჰკვდები განა?

- ხორცით ვკვდები, ივანე, ხორცით! მაგრამ სული ისევ ჩემია, ჩემი!

- შენია?

- დიაღ, ჩემია!

- მართლა შენია? - ერთხელ კიდევ ჰკითხა ივანემ და თეიმურაზს თვალი თვალში გაუყარა.

- ჩემია მეთქი! - ერთხელ კიდევ წამოიძახა თეიმურაზმა, მაგრამ ივანეს თვალებს რომ თვალი გაუსწორა, შეირყა და შედრკა: - შენ ალბათ სხვა რამეს მეკითხები, ივანე: მშვიდად და დინჯად განისვენებს ჩემი სული, თუ...

- ჰო, თეიმურ, სწორედ მაგას გეკითხები.



აშლილი და აფორიაქებული თეიმურაზი უცებ მოსწყდა და მოეშვა:

- მესმის, ძალიან კარგად მესმის. საიდან, ან როგორ უნდა ჰქონდეს მშვიდი გული და სული ჯაყოს ხიზანს? - მორჩილის კნავილით განაგრძო მწიგნობარმა, - მესმის, კარგად მესმის, მაგრამ...

- მაგრამ?

- მაგრამ ისა, რომ... მალე გ... გგადავუხდი.

- როგორ? საიდან?

- ცხინვალში ან გორში სამსახურს მომცემენ.

- შე კაი კაცო, რაღა ცხინვალში ან გორში მირბიხარ? აკი გითხარი ამას წინათ, ნაშინდარში სკოლას გავხსნით მეთქი.

აქვე დარჩი და შემოდგომაზე მასწავლებლობას შეუდექი.

- არა, ივანე, არ შ...შშემიძლიან მეთქი. ქუჩის დამგველად წავალ, მაგრამ მ... მასწავლებლობას ვერ ვიკისრებ. მიზეზიც გ... გგითხარი: მე ბავშვს ისეთ რამეს ვერ ვასწავლი, რაც მე თვითონ არა მწამს.

- ანგარიში და გეოგრაფია ასწავლე.



- ვნახოთ; მოვ... ვვიფიქრებ, მოვ... ვვისაზრებ. შემოდგომა ჯერ შორს არის. ეხლა კი აი რა უნდა გითხრა, ჩემო ივანე...

და თეიმურაზს ხელმეორედ აუვარდა ენის ქავილი და ლაყბობის მუნი, რომელიც შუაღამემდე ძლივს მოიფხანა და ჩამოირეცხა.

II

მარგო ერთ თვეში ისე გამოიცვალა, რომ მოუცლელი თეიმურაზიც კი ამჩნევდა და ხანდახან გაკვირვებას ეძლეოდა:

- საკ...კკვირველია! საოც...ცცარია! ნეტა ვიცოდე, მარგო, რამ გარგო აგრე რიგად?

იდუმალ მიზეზის გამო მარგოს სპილოს ძვალი სისხლით გაიჟღინთა და მზისგან გაირუჯა.

მიმქრალ თვალებს ნაკვერცხალის შუქი დაგდო. მაღალ ყელზე ორკეცი ღაბაბი გამოუჩნდა. პირსახე აუღაჟღაჟდა, მიმდნარი ტანი დაუსრულდა, დაშრეტილი მკერდი გაუფუვდა, თეძოებიც გაეწია და მიხვრა-მოხვრას ჯიშიანი კატის სილბილე და გველის მოქნილობა მიეცა.

რამ არგო აგრე რიგად მარგოს? თეიმურაზი ამბობდა:

- აი, რა ძალა პქონია სოფლის სიმშვიდეს, ს.. სსუფთა ჰავას და ნოყიერ ჭამა-სმას!

ჯაყო კი გულში იღიმებოდა და გულშივე ამბობდა:

- ვიცის ჯაყომა, რაც მოუხდა მარგოსა, ვიცის! ჰავა, წამა-სმა და... ჯაყოს მკლავები, მაშ, მაშა! ჯაყომ მარგოს ჯადო გავიკეთე, უკვდავების წყალი დაგალევინე და მარგოც იმიტომ გაცოცხლდი. მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

ზოგჯერ კი ეშმაკური ღიმილით ხმამაღლა იტყოდა:

- დედაკაცი ბაღი ხარ, თუ არ მორწყე, გახმები.



და უბირი ჯაყო ხშირ-ხშირად და მოურიდებლად ეტანებოდა მარგოს: ხან ბნელ ოთახში შეუცოცდებოდა, ხან გოდრების უკან მიატანდა, ხან ვენახში მიუსწრებდა და ხანაც ბოსელში შეიმწყვდევდა.

ჯაყოს თეიმურაზის ჩანჩალი და ხეტიალიც ხელს უწყობდა. თუ თეიმურაზი სახლიდან წასვლას დააგვიანებდა, ჯაყო თოფს ან ფაცერს გამოუტანდა და ეტყოდა:

- ნათლია, ჯაყოს ძალიან მოგინდა ახალი თევზი... კნეინას გულით გინდა მწყერი. აბა, მოგიტანე მარგოს ცოტა საჩუქარი.

თეიმურაზსაც უხაროდა:

- ეხლავე, ჯაყო, ეხლავე მივ...ვვდივარ.

სახლში თეიმურაზი მოწყენით იყო, ჯაყო მას ერიდებოდა, მარგოც თითქმის ხმას არა სცემდა.



როცა დაქანცული თეიმურაზი უკან დაბრუნდებოდა, ხშირად გაიგონებდა ხოლმე ჯაყოს ღინცილს და მარგოს მოხდენილ სიცილს. მაგრამ როცა გალაღებული არშიყნი თეიმურაზს დაინახავდნენ, სიცილ-კისკისს დაუკლებდნენ და ერთმანერთს დაშორდებოდნენ.

**

ერთხელ ჯაყომ უთხრა მარგოს:

- შენისთანა კნეინა არ გიხდება ასეთი ფინთი ოთახი.

და იმავე დღეს დაკეტილიდან გამოიტანა ხალიჩები და ფარდაგები, ნაქსოვი ფარდები და ხავერდის ავეჯი, ლბილი სავარძლები და მოოქროვილი სარკეები, მარმარილოს პირსაბანი და ერთი განიერი ინგლისური ტახტი.

მარგო სიხარულით ფეხზე აღარ იდგა. გახარებული ბავშვივით სცქმუტავდა, კისკისებდა, ლაღობდა.

ოთახის დალაგება რომ გაათავეს, გულაჩუყებული და მადლიერი მარგო ჯაყოს გაპოხილ კისერზე ჩამოეკიდა:

- ჯაყო, ჩემო კარგო!..

ჩემო ჯაყო!

ჯაყომ მარგო ბავშვივით აიტაცა, დალოშნა და მიაძახა:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის მარგოსთვის ჯაყომა!

თეიმურაზი თევზაობიდან დაბრუნდა. ოთახი ვეღარ იცნო, თვალებს იფშვნეტდა და ჰკვირობდა:

- საკ...კკვირველია! ს...საკვირველია!

მერმე იცნო თავისი ხალიჩები და ავეჯეულობა, სუზანები და პირსაბანი, რომელიც - ჯაყოს სიტყვით - რამდენიმე წლის წინად იქაურმა ხელისუფლებმა წაიღეს.

იცნო და ისევ გაიკვირვა:

- საკვირველია, სად იყო აქამდე ჩვენი ნივთები? ჯაყო ამბობდა: ზოგი მოიპარესო, ზოგიც ხელისუფლებამ წაიღოო.

- კარგი, გაჩუმდი! - შეუტია მარგომ. - ხმა არ ამოიღო... სირცხვილია. სტუმრები ვართ, უფასოდ გვასმევენ და გვაჭმევენ.

ესეც საკმარისია.

თეიმურაზმაც თავი მოიკატუნა, ჯაყოს მადლობა გადაუხადა და არც ნივთეულობის დაკარგვა გაახსენა, არც მისი პოვნა გამოჰკითხა.

**

ამის შემდეგ ჯაყო თეიმურაზს და მარგოს აღარ ერიდებოდა. და რომელიღაც ჯურღმულიდან თავისთვისაც ზედი-ზედ გამოჰქონდა ოქროს ვარაყიანი სურათები, ატლასის სავარძლები, მოქარგული სუზანები, ფაიფურის ჭურჭელი, აბრეშუმის საბნები და მრავალი ისეთი წვრილმანი, რომელიც აღარც თეიმურაზს ახსოვდა, არც მარგოს.

უმთავრესი განძეულობა, რომელიც რკინით ნაჭედ უზარმაზარ მუხის სკივრში იყო ჩაწყობილი, მაინც არსად არ სჩანდა. ბოლოს, ჯაყომ ერთი ძვირფასი ნივთი კიდევ გამოაჩინა.

ერთხელ თეიმურაზი საღამო ჟამზე აივანზე იჯდა და მივიწყებულ ძველ წიგნს ჰკითხულობდა.

ჯაყო წინა დღით ქორწილში წასულიყო. უცებ ცხენისა და ჯაყოს ჭიხვინი მოისმა:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

და გალეშილმა ჯაყომ გაქაფებული ბედაური ეზოში შემოაჭენა, სარკმელში გადმომდგარ მარგოს თვალი მოჰკრა და დაიხვიხვინა:

- ჯაყო გენაცვალე ნათლია მარგოსა, მაშა!

მერმე თეიმურაზიც დაინახა და იმასაც სალამი მისცა:

- ჯაყო გენაცვალე ორივე ნათლიასა. როგორ ვიქნებოდე ქეიფზედა?

და ცხენიდან მარდად გადმოგორდა. თეიმურაზმა თვალი მოჰკრა ცხენის საუცხოვო რახტს და იცნო იგი. მთელი რახტი, საძუე გულისპირი, ლაგამი, უნაგირის თავი და უზანგები მოოქროვილ ვერცხლით იყო შეჭედილი, ხოლო ალაგ-ალაგ იმ რახტზე მსხვილი ლალი, ფირუზი, მარგალიტი და ზურმუხტი იყო გაბნეული.

ჯაყო კიბეზე ამოგორდა, ხოლო მეშთამ ცხენი უმალვე სახლს მიაფარა. იცნო თეიმურმა მამა-პაპეული განძი და მოიგონა გუშინწინდელი დღე.

ჯაყო ქორწილში უნდა წასულიყო. მას ალბათ არ უნდოდა რახტის გამოჩენა, ამიტომ მარგოსთვის ახალი თევზი მოიმიზეზა და თეიმურაზი ლიახვზე გაჰგზავნა, ხოლო თვითონ, იმ ძვირფას რახტზე გაჭიმული, ქორწილში გაემგზავრა.

იმავ საღამოს მარგომ ერთხელ კიდევ შეუტია თეიმურაზს:

- ხმა არ ამოიღო, სირცხვილია!

მარგოსაც რომ არაფერი ეთქვა, თეიმურაზიც კულტურულად გაჩუმდებოდა.

და გაჩუმდა კიდევაც.

**

ერთი ხანია, რაც ჯაყოს ცვლილება დაეტყო. წინათ, სანამ მარგოს დაიახლოვებდა, თავით-ფეხებამდე ქონში იყო ამოვლებული. პირსახე და ხელებიც მუდმივ ზეთით გაპოხილი და ჭუჭყით ჩაშავებული ჰქონდა.

მარგომ თანდათან ხელი მიჰყო ჯაყოს გასუფთავებას, გაკაცებას, გალამაზებას და გარეცხვას. ხშრად ეტყოდა ხოლმე:

- ჯაყო, თავი დაიბანე!.. ჯაყო, კბილები გამოიწმინდე!.. ჯაყო, საცვალი გამოიცვალე!.. ყურები გამოიჩიჩქნე!.. წვერი გაიპარსე!.. ცხვირს თითებით ნუ იხოცავ!...



და თვითონაც ჰშველოდა, ასწავლიდა და ნესსესერის იარაღს ათხოვებდა.

ჯაყოც თანდათან შეეჩვია სისუფთავეს და მალე იერის გამოცვლაც დაიწყო.

ქალაქში რომ წავიდნენ, მარგომ ჯაყო კბილის ექიმთან წაიყვანა და ყავისფერი კბილები გაათეთრებინა. მერმე თითქმის ძალით აყიდვინა ახალი ჩოხა, თეთრეული, ხელის საპნები, კოხტა ჩექმები, თხელი წინდები, ბუხრის ქუდი, ცხვირსახოცები, წიგნები, რვეულები, ცარცი და კბილის საწმენდი.

იმ დღიდან სოფლის დალაქი ყოველდღე ჰპარსავდა ჯაყოს.

და ჯაყოც გამოიცვალა: ბანჯგვლიანი დათვი პირგაპარსულ მაიმუნს დაემსგავსა.

ჯაყომ მყრალი ყალიონიც გადააგდო და მარგოს ხელით ნაკეთები სოხუმის პაპიროსი ჩაიდო ლოქოს პირში.

თანდათან ოფლის სუნიც მოიშორა და ტანის ქონიც ჩამოირეცხა.



მარგომ ჯაყოს ახალუხი და საცვლები თვითონვე შეუკერა, თავითფეხებამდე ჩააცვა, ხევისთავთა ხმალ-ხანჯალი ჩამოჰკიდა, და ჰკითხა:

- აბა შეადარე შენი თავი წინანდელ ჯაყოს, როგორ მოგწონს ახალი ჯაყო?

და სარკეში ჩაახედა.

ჯაყო მთვარესავით გაიბადრა:

- აი, ეხლა კი კაცი გახდი ჯაყოი! როგორ გიხდება ჯაყოსა ყველაფერი! ეხლა ჯაყოს მარტო ხევისთავის გვარი და შენისთანა კნეინა გაკლია. მაშ, მაშა!

და იმ სარკეს ძლივს-ღა მოჰშორდა.

მერმე სოფელში გავიდა, მთელი დღე დოინჯ-შემოყრილი კარდა-კარ დადიოდა და თავის თავს ქვეყანას აჩვენებდა. თანაც წარამარად ბაქიობდა:

- როგორი ბიწი ხარ ჯაყოი?! მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! დაიცადე, ჯერ წიგნიც ისწავლო ჯაყომა. მერე ნახეთ ჯაყოი!

დედა-ენას ჩაუჯდა და გულმოდგინედ იწურებოდა:

-აი თითი...

თათი... აი თათი... თუთა...

ერთი კვირის შემდეგ მარგოს შეგირდი რვეულში გოჯის ოდენა ასოებით სჯღაბნიდა: "ჯაყო ხევისთავი ...გენაცვალე მარგოსა".

მერმე თავის ოთახიდან ათიოდე სხვა-და-სხვა გვარი ჩხირი და ჯოხი გამოიტანა, რომელზედაც თავისი დავთარი ჰქონდა დაჭდეულ, და ორი დღე იმ ჯოხებიდან ცალკე რვეულში აღებ-მიცემის ანგარიში გადაჰქონდა: "გიბა ფუხაშვილი გმართებს ჯაყოსი ცხრა კოდი სიმინდი... სოლო გელაშვილი გმართებს ხუთი ჩანახი ლობიო... სანდრო თვაურსა რვა ფუთი მატყლი"...



დასწერა და განაცხადა:

- მორჩი და გათავდი! ახლა ჯაყო ნასწავლი კაცი ხარ. ახლა ჯაყოსა ვერავინ მოგატყუებდე. ახლა ჯაყომ ბუღლატერიაც ვიცის, მაშ, მაშა!

და მარგოს შეეხვეწა:

- მარგოჯან, ერთი ქაღალდი დაგწერე ქალაქში, რომ ჯაყოს გაზეთი გამოგიგზავნეს. ჯაყოს ძალიან გინდა იცოდე ქვეყნის ამბები და ახალი ზაკონები. თორემა ილაი და ნიკაი გჯობნიან. ისინი სულ იციან ზაკონები და საწყალ ჯაყოს გიბრიყვებენ და გიბრიყვებენ!

**

ჯაყოს ნათესავები თვალხილულნი იყვნენ, მაგრამ თავიანთ მრისხანე ბატონს თვალს არიდებდნენ, ხოლო თეიმურაზს მარგოსთვის არც ეხლა ეცალა:

ან დილიდანვე სათევზაოდ წავიდოდა, თან ყველსა და პურს წაიღებდა, და საღამოზე ზეიმით და რიხით ორიოდე ჭიჭყინას მოათრევდა, ან თოფს გაიდებდა მხარზე და ორიოდე მწყერს მოაჩანჩალებდა.

ხან მინდორში გაჰყვებოდა გლეხებს და თიბვა-მკაში ცოდვილობდა, ხან უსაქმოდ დატანტალებდა ჭალებსა, კალოებსა და მინდვრებში, ხან ბუნების მეცნიერებას აიჩემებდა და ქაქანით ათასნაირ ჭიაღუას, მწერსა და პეპელას დასდევდა, ხან კიდევ ყოველგვარ ბალახ-ბულახს, ხავსს, ქარაგოზსა და მცენარეულობას აგროვებდა, ახმობდა და ამბობდა:

- გერ...რრბარი უნდა შევადგინო.

კარგ ფასში გავ...ვვყიდი.

სოფლის ბიჭები სიცილით იხოცებოდნენ:

- გამხმარ ჭიაყელაში და მატიტელაში ფული უნდა მოიგოს ხევისთავმა. აბა, ბიჭებო, ჩვენც ვუშველოთ!

და ყოველდღე ახალ-ახალი ბუზები, ჭიები და ბალახ-ბულახი მოჰქონდათ.

თეიმურაზი საათობით ძველ ლექსიკონს ჰქექავდა, საპოვნელს იპოვნიდა. ნიმუშს თავის ალაგას დააბინავებდა და შესაფერ წარწერას წაწერდა, - ლათინურს, რუსულსა და ქართულს.

როცა ლექსიკონის ჩხრეკა მოსწყინდებოდა, ცუდმავალი თეიმურაზი ისევ სოფელს და ბაღებს მოედებოდა.

ჭია-ღუების დევნა რომ მოჰბეზრდებოდა, ჯაყოს ბაღში ჩხირკედელობით ოდნავ ოფლს მოიდენდა, ხან საზაფხულოდ ნაშინდარში ამოსულ მასწავლებელს აუხირდებოდა.

ხან გაკრეჭილ ივანეს ან სხვას ვინმეს შეებმეოდა და იქამდე არიგებდა და ეკამათებოდა, სანამ ენა არ დაებმეოდა და ყელის ძარღვები არ დაუწყდებოდა.

ჯაყოს ხიზანს ქალაქიდან ახალი ჩვეულება მოჰყვა, რომელიც შეუმჩნევლად და თანდათანობით განუვითარდა და გაუძლიერდა: საკუთარ თავთან საუბარი, მსჯელობა, კამათი და დავა. სოფლელები ხშირად ხედავდნენ ერთ ალაგზე გახევებულსა და გაშეტერებულ ნაკაცარს, რომელიც ცხვირ-წინ თითებს იფათურებდა, ხელებს იქნევდა და უცნაურსა და გაუგებარს რამეს ჰბოდავდა, ზოგჯერ კი მათ ყურამდის ორიოდე სიტყვაც მიაღწევდა: "ს... სსაკვირველია! ს...სსაოცარია!"

გლეხები ხმამაღლა იცინოდნენ და ოხუნჯობდნენ, მაგრამ ორეულთან ბაასში გართობილ მწიგნობარს მათი სიცილი და მასხრობა არ ესმოდა.

კვირა-დღეობით და საღამოობით თეიმურაზი სოფლის რომელიმე კუთხეში ან ერთ-ერთ გლეხის ეზოში ლექციებს ჰკითხულობდა შესახებ ქვეყნის ტრიალისა, ცხოვრების კანონებისა, ჩვენის ჩამორჩენისა და ევროპის დაწინაურებისა, ხალისით უამბობდა პირდაღებულ გლეხებს ნასმენს და ნახულს, უხვად აბნევდა დარიგებას და ჰქადაგებდა მშვიდობას, ძმობას, ერთობას და თავისუფლებას.

მადააშლილი გლეხები ყურს უგდებდნენ გაქადაგებულ თეიმურაზს და ხანგამოშვებით წამოიძახებდნენ:

- ეჰეე, ერთი დახე ი ჩემა ნალებსა! მაშ აგრე ადვილად დადიან ი ეშმაკები წყალქვეშა?

- ეგ კ...კკიდევ არაფერი. ჰაერშიც დაფრინავენ.



და აუწერდა ავიაციის დღევანდელ ვითარებას.

- ეჰეე! ჩვენ არა გგვანებიან, ე ურმებით რომ ძლივს დავცოცავთ!

- ამ... მმერიკაში რვა სულზე ერთი ავ...ვვტომობილი მოდის... იქ ერთ დღიურზე ოთხმოცი კოდი ხორბალი მოჰყავთ, ჩვენში კი თხუთმეტი კოდიც ძლივს მოვა.

- პა, პა, პა! ერთი დახე, რა ხალხი ყოფილა, და!

მერმე იმ გლეხებს წინ გადაუშლიდა საერთაშორისო ვითარების რთულ ნაქსოვს, სოფლურ ბნელ გონებას უარესად დაუბნელებდა და თვითონაც თავისივე დახლართულ ქსელში გაებმეოდა.

თეიმურაზმა არ იცოდა, რომ მან იმ დროს ბევრი აღარაფერი იცოდა, რომ იგი ძველსაც მოსწყდა და ახალსაც ვერ მიეკედლა, რომ მას ყველა გზები აერია და ახალ ქვეყანას განუზომელ მანძილზე ჩამორჩა, და რომ ეს უცნაური ცხოვრება და თეიმურაზი ერთმანერთს ვეღარ სცნობდნენ, ვერ ურიგდებოდნენ და ერთ კალაპოტში ვეღარ ეტეოდნენ. თევზივით ნაპირზე გარიყული ნაადამიანევი სულს ძლივსღა ჰღაფავდა და წყალწაღებულ თავს უიმედო იმედით ინუგეშებდა.

თან სხვებსაც ანუგეშებდა:

- არა უშ..შშავს-რა, კიდევ წამოვდგები ფეხზე. თქვენ სიკეთეს არ დ...დდავივიწყებ და ერთს ათად გადაგიხდით.

და თვისი იმედი, უხვი დაპირება და უკეთესი მომავალი გულში თვითონაც აღარ სჯეროდა.

როცა მოღლილი და მოქანცული თეიმურაზი ლაპარაკით გულის ჟანგს მოიფხეკდა, სულის ობს მოიბანდა და აქავებულ ენას მოიფხანდა, სახლისკენ გასწევდა. გლეხები კი ლასლასით მიმავალ ნაბატონევს თვალს გააყოლებდნენ და სიბრალულით იტყოდნენ:

- ჰაი დედასა! ეგეც კაცი იყო და სცხოვრობდა, ეხლა კი ჯაყოს სამადლოდ გაიხადა თავი.

- თვითონ არ გაიხდიდა. ცხოვრებამ მოზნიქა, თორემა ე სახლ-კარი და ბაღ-ვენახი მაინც შერჩებოდა.



- ერთი დახე, წინანდელს რომ მაინც არ ივიწყებს! იმედს არა ჰკარგავს, რომ ჯაყოი, ნანიკაი და თედოი ი ბაღებს და ნაფუზრებს ისევ დაუბრუნებენ.

- ვერ მივართვი!

- ვინა, მენა?! სხვისი რა ვიცი და, მე კი იმ მიწაში მოვიკლავ თავსა და ცოცხალი თავით ი ნაფუზრებს არავის დავანებებ.

გლეხები თეიმურაზს ხშირად მიჰმართავდნენ ხოლმე რჩევისა და დარიგებისათვის.

- თეიმურაზ, ახალი კანონი გამოსულა მიწების გაყოფაზე. შენი ჭირი მე, გაგვაგებინე.

- ახალი კან...ნნონებისა მე არაფერი არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე.

- რატომ?

- იმიტომ, რომ კანონი ქაღალდზე იწერება, ცხოვრება კი თავის გზით მიდის და წავა.



- თეიმურაზ, ერთი გვასწავლე, შენი ჭირი მე, როგორ უნდა გასუქდეს მიწა?

- დიდის სიამოვნებით გ...გგასწავლით.

და თეიმურაზი ისეთ რთულსა და განყენებულ ლექციას წაუკითხავდა, თითქო მეცნიერთა ყრილობაზე მოხსენებას კითხულობდაო.

- სასუქის ამ თეორიას ჰქვიან ლიბ...ბბიხის კანონი... მცენარეს უმთავრესად სჭირდება აზოტი, ფოსფორის სიმჟავე, კალიი და კირი.

- ჩვენ მაგისი არაფერი გვესმის. გვითხარი, როგორ გავასუქოთ მიწა, ან რა დავაყაროთ? - ეკითხებოდა გლეხი.

- დააყარეთ გუანა, ნეხვი...



- ჩვენ არა გვაქვს გუანა თუ რაღაც ჯანდაბაა. ნეხვი გაგვაქვს მინდორზე, მაგრამ, ამბობენ, სხვანაირად უნდა შევინახოთო, თორემ ჩვენებური ნეხვი, ჰაერზე რომ ჰყრია, იფიტებაო. გვითხარი, როგორ შევინახოთ.

ეს კი თეიმურაზმა არ იცოდა. არც ის იცოდა მწიგნობარმა, რომ ქართლში რუსული ფურგონი და ცხენი ურმის და ხარ-კამეჩის მაგივრობას ვერ გასწევდნენ, რომ შვეიცარული ან ჰოლანდური ძროხები ქართლის მინდვრებში ვერ გასძლებდნენ, რომ ჩვენი გლეხი მსუბუქსა და იაფ ქალამანს არ გაიხდიდა და მძიმე ჩექმას არ ჩაიცვამდა, რომ ნაშინდარში მუსკატის ღვინო არ მოვიდოდა, რომ ქართლი ბელგია არ იყო, ხოლი ქართველი ინგლისელს არ წააგავდა. მაინც მუდმივ თავისას გაიძახოდა და გამოცდილ გლეხებს ისეთს დარიგებას აძლევდა, რომ მისი გამოყენება ან არავის შეეძლო, ან კიდევ საზარალო და სახიფათო იყო. რაც გლეხს სჭირდებოდა, თეიმურაზმა არ იცოდა, რაც თეიმურაზმა იცოდა, გლეხს არ სჭირდებოდა.

გლეხებმა მალე გაიგეს თეიმურაზის უვარგისობა, და იმის დანარიგევს რომ ერთ ყურში შეიშვებდნენ, - უმალვე მეორე ყურიდან გაიფრენდნენ.

თეიმურაზის აზრი და სიტყვა ხშირად დასტრიალებდა მიწას, სახლ-კარსა და ციხე-დარბაზს. ნათავადარი ჯერ კიდევ იმედს არ ჰკარგავდა. სახნავ-სათესი გულიდან ამოიყარა, მაგრამ ქვეყნის გადაბრუნებას და სახლ-კარისა და ბაღ-ვენახის დაბრუნებას დღითი-დღე ელოდებოდა. ჯერ-ჯერობით კი კვლავ ჩანჩალით დაეხეტებოდა და თავის დახაშმულ სიცოცხლეს ძლივს-ღა დაათრევდა, რომელიც თავმობეზრებულ ჯაყოს ხიზანს აყროლებულ ძაღლივით ისევ კისერზე ეკიდა.

III

ერთხელ ჯაყომ თეიმურაზს ჰკითხა:

- ბრინკა, სამსახური იშოვნე?

- მართლა, სამსახური, დ...დდამავიწყდა.

მეორე დღესვე თეიმურაზი სიცხე-პაპანაქებაში გორის გზას დაადგა და საღამოზე ლასლასით ძლივს ჩავიდა.



მესამე დღეს ნახუცარ ივანეს ურემს ჩამოეკონწიალა და უკანვე წამოვიდა.

ივანემ და თეიმურაზმა იმ გზასავით გრძელი ბაასი გააბეს, კვლავ ახალი მოიგონეს, ერთმანერთს შეადარეს და მომავალში შეიხედეს.

- ვიღუპებით, - კვნესით სთქვა თეიმურაზმა.

- ვშენდებით. - ნუგეშიანად უპასუხა ივანემ. - ქართული სული და კულტურა მხოლოდ ეხლა იღვიძებენ.

- ხა-ხა! - გესლით ჩაიხითხითა თეიმურაზმა.

- ქართული სული! ქართული კულტურა! ქართული სული ზღაპარია, ქართული კულტურა ჭორია! ერთი სული მხოლოდ ერთს მთლიან ერს აქვს, ქართველობა კი, როგორც ფსიქიური და ეროვნული ერთეული, არ არსებობს. აბა, დააკვირდი,რა აქვთ საერთო ქართლელსა და მეგრელს, კახელსა და ქვემო იმერელს, ხევსურსა და გ...გგურულს? დომხალივით არეულან არიელი და სემიტი, აზია და ევროპა, სლავი თუ თურანი, სპარსელი თუ ურია, თურქმენი, ავღანელი, ლეკი და თათარი. ვისი სისხლი არ გვიდგა ძარღვებში, ვისი სული არ გვიტრიალებს სასულეში?!

- მერე რაო? რომელმა ხალხმა შეინახა აურევნელად თვისი სისხლი და სული? დღევანდელ ბერძნებს სლავიური სისხლი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ელინური.

- სწორედ იმიტომ ჰგვანან ძველს ელინებს, არა? ხა-ხა! თავით-ფეხებამდე ლევანტიელები არიან. ოდესღაც ჯიშიანი მერანი უჯიშო ჯორცხენად გადაიქცა. ათ სისხლიან მეტისს არც წარსული აქვს, არც მომავალი. ელლინთა გენიალობამ თვისი თავი მოიჭამა და კაცობრიობისთვის უკვე დაიშრიტა.

იგი მოკვდა.

- ერი უკვდავია.

- უკვდავია მხოლოდ მეტაფიზიკური ბოდვა, დრო და მისტიური ზღაპარი. ეხლა უკვდავება შეყვარებულ სტუდენტსაც აღარ სჯერა. რაღა შორს წავიდეთ. აქვე, ჩვენივე გვერდით, წინა აზიის გულში სამუდამოდ აღიგავა დედამიწის ზურგიდან და კაცობრიობის ხსოვნიდან ასიოდე ერი, შეიძლება ორასიც და ხ...ხუთასიც. ისტორიამ მათი სახელებიც კი არ იცის.

ან გაიხსენე განსვენებული ფინიკეთი, კართაღენი, ეგვიპტე, აცტეკები, ინკები, ასურეთი, ბაბილონი, ამორეველნი და ქალდეველნი, თუნდ ურარტელნი ან ალაროდნი. ან სუმერიელნი, ხეტნი და ასნი და ათასნი მათნი ნათესავნი, წინაპარნი და მეზობელნი. ყველანი დრომ შ... შესჭამა და მოინელა, ხოლო დროს წინაშე უკვდავი არაფერია. მასთან შედარებით ღმერთიც კი უძლურია. ჩვენც იმ გადაშენებულთა ბედი მოგ...გველის.

- თუ აგრეა, მაგისთანა ბედი ყველას მოელის.



- მართალია, მაგრამ ჩვენ ხვალ ან ზეგ უკუნეთს უნდა ჩავბარდეთ, ზოგნი კი მხ...მხოლოდ გუშინ დაიბადნენ.

- თუნდ აგრეც იყოს. ჩვენ წავალთ, კაცობრიობა კი დარჩება.

- კაცობრიობა! კაცობრიობა! - წამოიძახა თეიმურაზმა. - ისე ახირებულხარ, თითქო კაცობრიობა მართლა არსებობდეს! ერთი ამბავი მაგ...გგონდება. ოციოდე წლის წინათ გენერალმა ალიხანოვმა გურია დაანგრია და გადაჰბუგა. იმავ ხანებში საფრანგეთში ერთი მაღარო ჩამოინგრა და ასიოდე კაცი გასჭყლიტა.

გორელებმა წარმოდგენა გაჰმართეს და ორმოციოდე თუმანი იმ მუშების ქ...ქქვრივ-ობლებს გაუგზავნეს. გორელებს ვკითხე, გურულებს რამდენი გაუგზავნეთ მეთქი? არაფერიო. გურულებსაც ვკითხე, ფრანგებმა რა დახმარება მოგცეს მეთქი? არაფერიო. იმ ფრანგებსაც რომ ჰკითხო, ჩვენი წვლილი რომ მიუვიდათ, ს...საქართველო სად არისო, ან სამხრეთ აფრიკას დაატაკებენ თითს, ან კიდევ რომელიმე ტროპიკულ კუნძულს!.. არა, ჩემო ივანე, კაცობრიობა და ჩვენ ერთმანერთის ნათესავები არა ვართ. მილიარდერს მორგანს, ან გენიოსს ედისონს ასი-ორასი მილიონი კაცი იცნობს, ისინი კი ათასსაც არ იცნობენ.

ასე ვიცნობთ ერთმანერთს ჩვენც - ქართველები და კაცობრიობა.



- თეიმურ, განა ცხადი არ არის, რომ კაცობრიობის კეთილდღეობით ჩვენი ხალხიც მოიგებს?

- ცხადია, ცხადზედ ცხადია! მოვ...ვვიგებთ. უეჭველად მოვიგებთ, თუ ამერიკელებმა და ფრანგებმა თავიანთ გატენილ ჯიბეს ჩვენი გახვრეტილი ჯიბე შეუერთეს და მერმე ორივე ჯიბის ქონება შუაზე გაგვიყვეს. ოღონდაც, რომ ჩემთვის ხელსაყრელია მორგანთან გაამხანაგება, ჩვენი ქონების გაერთიანება და მერმე მისი განაწილება!

- ვინც კაცობრიობისთვის მუშაობს, ის თავის ქვეყნისთვისაც მუშაობს.

- არც ეგ არის მართალი. ყველანი თავისთვის ცხოვრობენ, მხოლოდ რუსები და ქართველები ზრუნავენ სხვებისთვის. მე რომ ჩემი სიყვარული და ენერგია მთელ კაცობრიობას გავუნაწილო, ჩემს ძმას ერთი მემილიარდედიც არ ერგება. მე კი გეუბნები, ივანე, რომ ვინც თავის ძმისთვის მუშაობს, ის კაცობრიობისთვისაც მუშაობს მეთქი.



- ვთქვათ, შენ მართალი ხარ, მერმე, რატომ შენ აღარ მუშაობ ქართულ კულტურისთვის?

- ჰმ! ემსახურე ქართულ კულტურას! - გულაჩუყებულ ბავშვის კილოთი წამოიძახა თეიმურაზმა. - ისე ადვილად ლაპარაკობ, თითქო ჯაყოს ხიზანს კულტურის სამსახური შეეძლოს.

- ნუ მოიყვანდი საქმეს ჯაყომდე. თავიდანვე უნდა თადარიგი დაგეჭირა.

- ეჰ, შე დალოცვილო! დ... დაგიჟინია თადარიგის დაჭერა. რატომ შენ თვითონ არ დაიჭირე თადარიგი? რა გინდოდა, მღვდლად რომ შეხვედი? შენ მაინც დროზე უშველე შენს თავს, მე კი - დ...დდავიგვიანე.

ეს არის განსხვავება, მეტი ხომ არაფერი?

- განსხვავება დიდია, ჩემო თეიმურ, ძალიან დიდი. მე ეკლესიის მსახურებას მოვწყდი და ხალხს დავუბრუნდი, შენ კი ძველსაც მოსწყდი და ახალსაც ვერ შეურიგდი.

მცირე ხნით დუმილი ჩამოვარდა.

- ქართველ ერსა და ქართულ კულტურაზე ვლაპარაკობდით. - გაიხსენა ბაასის სათავე თეიმურაზმა. - საიდან და როგორ უნდა შექმნილიყო ერთიანი ქართველი ერი და კულტურა?! ორი ათასი წელიწადი მაინც იქნება, რაც ამერეთ-იმერეთი ერთ ნაჭერ მიწაზე ვსცხოვრობთ. ერთად კი, ერთიან სახელმწიფოებრივ და ეროვნულ შენობაში ორასი წელიწადიც არ გვიცხოვრნია.

ერთმანერთს ჭირიანებივით გავურბოდით და ისე ვერიდებოდით, თითქო სხვადასხვა ტომისა და სისხლისანი ვყოფილიყავით. მუდმივ ცალ-ცალკე ვიღუპებოდით და ცალ-ცალკე ვშენდებოდით. საქართველო ყოველთვის ორპირი ან სამპირი იყო. ერთი რომ აღმოსავლეთისკენ ჰქონდა მიღრეცილი, მეორე დასავლეთისკენ იხედებოდა, მესამე კი ან სამხრეთისკენ ჰქონდა მიბრუნებული, ან ჩრდილოეთისკენ. ეროვნული ნებისყოფაც და ენერგიაც ასე დაგვეფანტა.

- ეხლა ხომ გაერთიანებული ვართ, შენც შეები საერთო უღელში და შენი წილი გასწიე. თუ სულიერ კულტურას ჩამორჩი, ქონებრივს მაინც დააწვებოდი.



- კაცო, ივანე, მე რა მოსატანი ვარ? მე დავიღუპები თუ ავშენდები, ქართველ ხალხს არც ევნება, არც შეერგება.

- აბა მაგას როგორ ამბობ, თეიმურ? ხალხი შენისთანა უჯრედებისგან შესდგება.

- მართალია, მაგრამ გავაფართოვოთ მსჯელობის ფარგალი. ერთი მითხარი, თავის ხასიათით და სულიერ აგებულებით ქართველი ხალხი დემოკრატია თუ არისტოკრატი?

- ვისაც ვუცნივართ, არისტოკრატებში ჩაურიცხივართ.

- გიშველა ღმერთმა! მაშ ცხადია, რომ ქართველი ხალხი საშინელ ძალას ატანს და ამახინჯებს თავის თავს. ერთი გამაგებინე, როგორ მოხდა ასეთი უცნაური სასწაული: ზნე-ჩვეულებით, სულითა და სისხლით არისტოკრატმა ქართველმა როგორ მოახერხა დამყარება უდემოკრატიულეს რესპუბლიკისა? ხომ გახსოვს, რამდენიმე წლის წინათ მთელი ქვეყანა რომ შევსძარით რიხიან ყვირილით და ბაქიობით: მოდით, გვნახეთ და ჩვენგან ისწავლეთ ნამდვილი დ...დემოკრატიული რესპუბლიკის აშენება და ნამდვილი ხალხოსნური წესრიგიო?! შუა აზიაში მეორე შვეიცარიის შექმნა განვიზრახეთ. ხა-ხა! სასაცილოა.

მაგრამ სატირალიც არის ეს ამბავი, ჩემო ივანე. იგი ცხადად ამტკიცებს ჩვენს ფლიდურს, ორპირსა და ორგულ ბუნებას. ეს იყო ყირამალა დგომა და საკუთარ ქერქიდან ამოხტომა. ჩვენ ჩვენს თავსაც ვატყუებდით და ქ...ქქვეყანასაც. ესეც ჩვენი კუდაბზიკურ-აზნაურული მაიმუნობა გახლავთ. ბოლოს-და-ბოლოს, საქ...ქართველოს ეს მაიმუნობა დაჰღუპავს, თუ დროზე არ ვუშველით ჩვენს თავს. წამბაძველობის ნიჭი, ჩემო ივანე, უუდიდესი საჩუქარია, მაგრამ ღმერთმა გადააჭარბა: ჭკუა დაგვაკლო და წაბაძვის ნიჭი ნაჭ...ჭარბევად მოგვცა.

ჩვენც ამიტომ დავემსგავსეთ მაიმუნს. სადაც არ გვყოფნის საკუთვარი ჭკუა, მხნეობა, გამძლეობა და ნებისყოფა, იქ უცხოელთა წაბაძვით ვლამობთ ფონის გასვლას და ლელოს გატანას. უწინაც ეგრე იყო. ისტორიაში განმეორების მეტი არაფერია. დღევანდელი დღე წარსულის მეათე თუ მეასე შენიშვნაა - არც მეტი, არც ნაკლები.

ივანემ კვლავ გაიცინა.

- შენ იცინი, მე კი ცრემლი მომდის.

- განაგრძო თეიმურაზმა. - ჩვენს აზნაურობაზედ მოგახსენებდი. ყველანი ბუნებითვე აზნაურები ვიყავით, ვართ და დავრჩით. ყველა შრომას გ...გგაურბის და მინისტრობას და კომისრობას ეტანება. მთელი საქართველო სამსახურს ეძებს. მილიცია, კანცელარია, თვეში ხუთი ან ათი თუმანი ჯამაგირი, ერთი სიტყვით - სამსახური, ისევ სამსახური და მუდამ სამსახური, - აი ჩვენი საქმე და იდეალი.

- ვაიმე, ჩემო თეიმურ, - გააწყვეტინა ივანემ, - შენ ამ ქვეყნისა აღარ ჰყოფილხარ.

შე კაი კაცო, თუ აქამდის არ იცნობდი ჩვენს მშრომელ ხალხს, ეხლა მაინც დააკვირდი. ამბობ, ჩვენი ხალხი შრომას გაურბისო. შენ რომ შუა ძილში ხარ შესული, მთელი სოფელი მინდორშია გაკრეფილი. ჩვენ დილის ოთხი საათიდან საღამოს ცხრა საათამდე ვმუშაობთ. მერმე როგორ! ძვლებს ვიმტვრევთ, ძარღვებს ვიწყვეტავთ და სამად ვიკეცებით.

- ზამთარში კი ისვენებთ.

ეგეც ტყუილია.

ზამთარშიც კი კამეჩივით შევებმევით ხოლმე ურემში და ტყეში დავდივართ, სხვა ჩვენ მაგივრად იმ ყინვაში და თოვლში ერთ საათსაც ვერ გასძლებდა. ჩვენი გლეხისთვის ეს ცხოვრება მუშაობა კი არ არის, არამედ განუწყვეტელი წამებაა. შენ კი ამბობ, შრომა გვეჯავრებაო. ჩვენ შრომას კი არ გავურბით, უნაყოფო წამებას ვერიდებით, მართალია, სამსახურს ძალიან ვეტანებით, მაგრამ ამასაც აქვს მიზეზები.

- რა თქმა უნდა, ამასაც თვისი მ...მიზეზები აქვს. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ბედმა ჩვენს ბუნებას არ დააცალა, რათა მას თავისი გაეტანა, და ისეთი ქურქი ჩაგვაცვა, რომელიც ჩვენს ხასიათს არ უხდება. ამ მძიმე ქურქის ზიდვაში მალე დავილევით და დავვარდებით, ვ...ვინაიდან ეს ქურქი ჩვენს აზნაურულ მხარ-ბეჭზე არ არის გ...გამოჭრილი.



- ვითომ აგრე ღრმად გვაქვს აზნაურობა გამჯდარი?

- ქეჩოდან მოყოლებული ფეხის ფრჩხილებამდე აზნაურები ვართ.

შრომის სიძულვილზე ხომ მოგ...გახსენე. ორიოდესაც გეტყვი. სხვების მდიდარნი სიმდიდრეს ჰმალავენ, ჩვენებური კუდაბზიკები კი ისე იცვამენ და იბერებიან, თითქო ქვეყნის ნახევარი მათი იყოსო, ხოლო თუ მათი ავლადიდება გასჩხრიკე, ხელში შეგ...გგრჩება ორი დღის უჭმელობით გამხმარი კუჭი და სამგან გახვრეტილი ჯიბე. უკეთეს მაგალითსაც მ...მოგახსენებ. დააკვირდი: ჩვენში ყველანი მათხოვრობენ, გარდა ქართველებისა. ჩვენები შიმშილით იხოცებიან, მაგრამ იმდენად ამაყნი და ამპარტავნები არიან, რომ მათხოვრობას არ იკადრებენ და ქუჩაში ხელს არ გაიშ...შვერენ.

ამიტომ არის, რომ ქართველებმა ასე მოუხ...ხშირეს თავის მოკვლას, ცარცვა-გლეჯას და ასნაირ ოინბაზობას. კიდევ გინდა მაგალითი? მოგახსენებ: ქართველს სულივით უყვარს ფული, მაგრამ უძირო სიძულვილით სძულს და ეზიზღება ფულიანი კაცი, ესე იგი ფულის შოვნის ხერხი, ესე იგი ვაჭრობა და მრეწველობა. ხოლო ვაჭრობისთვის და მრეწველობისთვის საჭიროა დიდი თაოსნობა, გარჯა და მომჭირნეობა, ესე იგი ორის შოვნა და ერთის დახარჯვა, ესე იგი თავდაჭერილი, დინჯი და ანგარიშიანი ცხოვრება, სულისა და ხორცის დისციპლინა, ესე იგი შრომა და ნებისყოფა.

- ისევ შრომა!

- ჰო, შრომა, ისევ შრომა და შრომა! შრომა ახალი დროის ახალი სარწმუნოებაა, ახალი რელიგია, ქრისტიანობაზე უფრო მძლავრი, უფრო საჭირო და სასარგებლო. ვინც ეს გაიგო და მას ხორცი შეასხა, გამარჯვებულია. ვინც ვერ მოერია, - დაღუპულია. ჩვენთვის კი შრომა მხოლოდ უუმძიმესი ტვირთია, ღვთის წყევლაა.

აი, თურმე სად ყოფილა ჩამარხული ძ...ძაღლის თავი! აი, თურმე რა გვკლებია. - შრომა და ნების-ყო-ფა, ესე იგი კულტურა! ჩვენს მამა-პაპებსაც სძულდათ ფულიანი ხალხი. მეცხრამეტე საუკუნის მწერლობაც ასეთი ზიზღით და შხამით არის სავსე. გაიხსენე, როგორ გაამასხარეს ვაჭარი გიორგი ერისთავმა, ცაგარელმა, ანტონოვმა და ასმა სხვა მწერალმა. გინდა გაიგო ღრმა მიზეზი ასეთი სიძულვილისა? ინებე: ადამიანს სძულს ყოველივე, რაც არ ეხერხება და არ ძალუძს, ესე იგი, მას ეზიზღება საკუთარი თავის უძლურება, უმწეობა და ჩამორჩენა! მორჩა და გათავდა! ამიტომ მოხდა, რომ ფულიანების მახვილს ჩვენ დავუპირდაპირეთ ჩვენი აზნაურული ფარი, - დენდობა და რაინდობა, ესე იგი ფუქსავატი ცხოვრება, მფლანგველობა, ყოყოჩობა, კუდაბზიკობა, ნებამოშლილ ადამიანის უძლური ამპარტავნება და ღატაკის ჭექა-ქუხილი.

- აი, გიშველა ღმერთმა! - წამოიძახა ივანემ. - ძლივს არა სთქვი სიმართლე?! ჩვენც მანდა ვართ და სწორედ მაგას ვებრძვით: აღარ გვინდა ფუქსავატები, მფლანგველები, ყოყოჩები, კუდაბზიკები და ამპარტავნები.

ვინც მუშაობს, იმას არც კუდაბზიკობისთვის სცალიან, არც ქეიფისთვის.

- მერმე, რა გამოვიდა ამ ბრძოლიდან?

- თეიმურ, დროებითსა და მუდმივს ერთმანერთში ნუ აურევ. თუ ჯერ-ჯერობით ბევრი არაფერი გამოვიდა, ხვალ და ზეგ გამოვა. ორ დღეში სოფელი არავის აუშენებია. დაე ყველამ ერთმანერთს მხარი მივცეთ, ცოტა კიდევ მოვითმინოთ, და როცა მთელ ქვეყანას გადავებმევით, ცვლილება ერთ წელიწადში დაგვეტყობა. შენ მოთმინება და გამძლეობა გაკლია, ჩემო თეიმურ, ამიტომ სტოკავ და შფოთავ.

- რა გაკეთდა მეთქი?

- ძალიან ბევრი.

მიიხედ-მოიხედე. შარშან არხი გავიყვანეთ და ათასი დღიური მოვრწყეთ. ახლო-მახლო ათიოდე სკოლა გავხსენით, კოოპერატივები დავაარსეთ, ჩარჩები მოვიშორეთ, აგრონომები მოვიწვიეთ, ხალხს წერა-კითხვას ვასწავლით. ორი თვის შემდეგ ნაშინდარშიც გაიხსნება სკოლა და კოოპერატივი. ერთი სიტყვით, ჩვენი მოსისხლე მტრებიც კი აღიარებენ, რომ ყველგან მუშაობა სდუღს და გადმოდის.

- ეგ მართალია, ძალიან მუშაობთ, მაგრამ ეგ არის დანგრევის მუშაობა. ერთს რომ ააშენებთ, ორი ინგრევა.

კოოპერატივი კი ქვეყანას ვერ ააშენებს.

- თეიმურაზ, ბრმას რამდენიც უნდა ეჩიჩინო, თეთრს შავისგან მაინც ვერ გაარჩევს. ტყუილია ჩვენი ლაპარაკი.

- მეც აგრე მგონია. ორივეს ერთმანერთი ბრმები გვგონია. მე მკაფიოდ ვხედავ ჩვენს დაქვეითებას, შენ კი მეუბნები, ოდესმე ყველაფერი გასწორდებაო. სანამ პავლე მოვიდა, პეტრეს ტყავი გააძრესო.

ამიტომ გეუბნები, ჩემო ივანე, რომ ქართველ ხალხს მალე გაანახევრებს მეთქი სიღარიბე და მასზე ამოსული შიმშილი, ჭლექი, ათაშანგი, სურავანდი და ათასი სხვა ჭირი და ვარამი.

- ინტელიგენცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ დაიცვას ხალხი სენისგან და უმეცრებისგან.

თეიმურაზი წამოვარდა და ჭალს დაეჭიდა:

- ნუ გამახსენებ ქართველ ინტელიგენტს, ნუ! - ბრაზით წამოიძახა ხევისთავმა. - თუ რამ ავი დაგვემართა, ისევ ინტელიგენციის წყალობით გვერგო. თევზი თავიდან აყროლდებაო, - ასე დაგვემართა ჩვენც. ვისაც მეტი ერგო, მეტიც მოეთხოვება. ჩვენ სათავეში მოვექეცით ხალხს.

ლხინში წინ მივუძღოდით, ჭირში კი კუდში ძლივს მივდევდით.

- მაგალითები?

- ათასი. თუნდ ერთს დავასახელებ. მეგობარი ჭირში გამოიცდებისო. ჭირი კი მრავალჯერ გვეწვია. სამ წელიწადში საქართველომ რამდენიმე ომი მოიხადა. რომ გამოჰკითხო, ოცი ათასი მაინც ჩაეწერება ინტელიგენციაში.

ეხლა მითხარი, რამდენმა ინტელიგენტმა გასწირა თავი იმ ომებში, რამდენმა წინმავალმა უჩვენა მაგალითი უკანმავალს? სთქვი, მითხარი, რამდენმა მოიხადა მეთქი თვისი ვალი იმ ომებში?

- ასიოდემ?

- გიშველა ღმერთმა? ეგეც ბევრია. მე კი გეტყვი: მსოფლიო ომის დროს ფრანგებს მოუკლეს შვიდასი მწერალი. დანარჩენი შენ იანგარიშე და მითხარი; რა იმედი უნდა ჰქონდეს ხალხს ისეთი ბელადისა, რომელიც ყველაზე ადრე გარბის ბრძოლის ველიდან, ან სულაც არ გადის იმ ველზე?! ან რა უფლება აქვს ასეთ ბელადს თვისი ჯარი საყვედურით გაავსოს?! არავითარი. კანონი და სამართალი რომ იყოს, ხალხმა თავისი ბელადები სამართალში უნდა მისცეს.

- ისტორია გაასამართლებს.

- ოღონდაც, ოღონდაც! მე მრწამს მისი პირუთვნელი განაჩენი. ისტორიის სიტყვა ცხელი შანთით დასდაღავს ჩვენს დამპალ თაობას.

ახიც იქნება ჩვენზე, ახი!

- შენზე რას იტყვი, თეიმურ, შენზე!

- ჩემზე? სხვას რომ ათი მოხვდეს, მე ასიც არ მეყოფა, აი ამას ვიტყვი. თუ ვინმე ჩემზე პირნათელია, პირველი ქვა იმან მესროლოს. მე მზათა ვარ განაჩენისთვის.

- გამაგრდი, თეიმურ, თორემ ურწმუნოების და ეჭვის ჭია შეგჭამს.

- ოღონდაც! ოღონდაც, შემჭამს! ნეტარ არიან მორწმუნენი. რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. მე კი ამ ჭ...ჭჭიებმა შემჭამეს და გამათავეს.

მაგრამ კიდევ ერთი დიდი ჭია მიღრღნის სულსა და გულს.

- რომელი ჭია, თეიმურაზ?

- მოგ...გგახსენებ, ჩემო ივანე, ეს მარქსისტები სხვაგან რომ სცდებოდნენ, ერთგან მაინც ცამდე მ...მართალნი არიან.

ამბობენ: სულიერი, ეროვნული და ყოველგვარი კულტურა ქონებრივ კულტურის ზედნაშენიაო. კეთილი და პატიოსანი. აბა, გავყვეთ ბოლომდის ამ ჭეშმარიტებას. გეკითხები, შეუძლიან თუ არა ქართველს ქონებრივ კულტურის შ...შშექმნა? შეუძლიან თუ არა ორი იშოვნოს და ერთი დახარჯოს, ის მეორე კი დაატრიალოს და კიდევ ერთი მოაგებინოს, ან შეინახოს? შეუძლიან თუ არა მიწის ნაყოფს მ...მოუმატოს, ქვესკნელიდან სასარგებლო მასალა ამოიღოს, შრომით წელი მოიწყვიტოს და გამდიდრდეს? გეკითხები, შეუძლიან თუ არა მას გაამრავლოს თვისი ქონებრივი სიმდიდრე, რომელზედაც უნდა აშენდეს ჩვენი გონებრივი, სულიერი და ზნეობრივი კულტურა?

- რატომ არა, მიიხედ-მოიხედე და დაინახავ. ასი და ორასი წლის წინათ ხალხი უნიფხოდ დადიოდა, ეხლა კი ერეკლე მეფეზე უკეთესად საქართველოში ათასი ოჯახი მაინც სცხოვრობს.



- ვთქვათ მართალია, მაგრამ ისიც საკითხავია, შევედრებით, ან დავეწევით ოდესმე ჩვენ ევროპიელებს?! ვერასოდეს! მაშ ტყუილი ყოფილა ჩ...ჩვენი ჭინთვა და პრანჭიობა. ჯერ ხეირიანი ფეხისალაგი ვერ აგვიშენებია, ჯერ მკბენარი ვერ მოგვიშორებია, ჯერ ათას ჭირისთვის და სახადისთვის თავი ვერ მოგვირიდებია, და ამავე დროს ისეთს დიდრონს ვ...ვვეჭიდებით, რომ ჩემი აზრი მას ვერც მისწვდომია და ვერც გაუზომია.

იმიტომ ვერ მისწვდომია, რომ ცალი თვალი დახუჭული გაქვს და გულში ჩვენი ხალხის უნდობლობის შხამი დაგიგუბებია. ამდენს ჩვენი ხალხი არასოდეს არ მუშაობდა.

- მართალია. მაგრამ მისი ნაოფლარი არსად არა სჩანს. არც ამდენი მშიერი გვყოლია.



- იმიტომ, რომ ფული გვაკლია.

- თუ ვმუშაობთ, ფულიც უნდა გვქონდეს. ფული კი იმას აკლია, ვინც არ მუშაობს.

- თეიმურაზ, მე შენისთანა ნასწავლი არა ვარ, მაგრამ ერთი ისეთი რამ ვიცი, რაც შენ არ იცი, ან იცი, მაგრამ არ გინდა გაიგო. სად გინახავს, რომ ხალხმა ასე ძირიან-ფესვიანად ამოაგდოს ძველი ქვეყანა და მეორე დღიდანვე გამდიდრდეს?

- ეგ საბუთი არ არის. მერვე წელიწადი მიდის.

- საფრანგეთის რევოლჲუცია ოცდახუთ წელიწადს გაგრძელდა.



- სამაგიეროდ ხალხმა ქონებრივად ხუთიოდე წელიწადში მოითქვა სული.

- საფრანგეთი მთელ ევროპას სცარცვავდა, ჩვენ კი მხოლოდ იმის ცდაში ვართ, რომ სხვებმა არ გაგვცარცვონ.

- მაგას თავი დავანებოთ. მე ისევ ჩვენი ხალხის შრომის უნარს ვუბრუნდები. ჩვენი ხალხი ორ ჯგუფად დავყავი. ერთნი დედ-მამას გაჰყიდიან განათლებისთვის და მძიმე მუშაობის თავიდან აცდენისთვის. მეორენიც ასე მოიქცევიან, ოღონდ მათ სკოლას და განათლებას ნუ გაახსენებ.



- რას დაიჩემე, შე კაი კაცო, ჩვენი ზარმაცობა? ჯერ ერთი, შრომას ყველა გაურბის, ვისაც კი შეუძლიან, მეორეც ისა, რომ ჩვენი ხალხი ციებ-ცხელებამ გასწყვიტა წელში. ციებ-ცხელებიანს კი იმდენი მუშაობა არ შეუძლიან, რამდენიც ჯანსაღს.

- ეგ მართალი სთქვი, ჩემო ივანე, მაგრამ საკითხს მეორე მხრიდანაც მოვუაროთ. გამაგებინე ასეთი მოვლენის მიზეზი: გ...გადაავლე თვალი ჩვენს მეურნეობას. იმერეთში ერთს ხეირიანად ნაშენებ მამულს ვერ იპოვნი. რაც არის, უცხოელების გაშენებულია. ამერეთში სამოცი წელიწადი სცხოვრობენ გერმანელები.

ბაღებივით გაბბ..ბნეულან უდაბნოში. გარშემო ქართველები ახვევიათ. მერმე რა შეიძინეს გერმანელებისგან? არაფერი. სდგანან პირისპირ, როგორც ევროპა და აზია, როგორც ედემის ბაღი და უდაბნო, ღმერთკაცი და ველური. ნახევარი საუკუნეა, რაც ერთმანერთს შესცქერიან, მაგრამ ქართველმა გერმანელისგან ვერაფერი ვერ შეიძინა. ან სად ნახავ ასეთ მაგალითს: ჩვენი მთიელები ევროპაში უმაღლეს სკოლებს ამთავრებენ, მერმე კი ცხვარს დასდევენ მწყემსად. შენ ამას წინათ სიტყვა ატავიზმი იხმარე.

აი კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი დაბრუნებისა ევროპიდან აზიისკენ.

- სამაგიეროდ იმერლებს აქვთ დაუშრეტელი წყურვილი განათლებისა.

- მართალია, მაგრამ განათლება მათ მხოლოდ იმისთვის უნდათ, რომ მძიმე სამუშაოს გაექცნენ და თავი შეაფარონ ადვილს ს...სსამსახურს - მილიციას, მოხელეობას და პოლიტიკას. მაშასადამე, არც ისინი ჰქმნიან ქონებრივ სიმდიდრეს. აი კიდევ ერთი პარადოქსი: განათლებული იმერეთი და... სიმინდის კულტურა! ერთხელ კიდევ გადაავლე თვალი ჩვენს ისტორიას. საქართველოს ისტორიის ეტლში ყოველთვის მხოლოდ ერთი მერანი იყო შებმული, მეორე კი განაპირებული იდგა.

ესეც იმას ამტკიცებს, რომ ჩვენ ორნი ვართ და იმერ-ამერეთის გაერთიანებას ხუთიოდე საუკუნე მაინც დასჭირდება.

- ძალიან გაგშავებია ეგ სული, თეიმურ! ამოიგდე მეთქი გულიდან ეგ ნაღველი, თორემ შეგჭამს.

- აკი გითხარი, შემჭამა და გამათავა მეთქი. ჩემი განკურნება ძნელია. თვალებზე - შავი ბინდი, გულში - შავი ნაღველი და სულშიც - შავი ბურუსი, აი დღევანდელი თეიმურაზ ხევისთავი. ოოჰ, ღმერთო დიდებულო! ნეტა როდის დამიბრუნდება სულიერი მშვიდობა და სიხარული?!!

- მაშინ დაგიბრუნდება, როცა შენც ჩემსავით დაუბრუნდები ხალხს და ეზიარები იმის სულითა და გულით, იმის ჭირითა და სიხარულით, იმედითა და რწმენით. მე შენსავით განათლებული არა ვარ, ამიტომ ისტორიას და მეცნიერებას ვერ წავწვდები, მაგრამ ეს ცხოვრება შენზე კარგად მესმის.

ვინც იგი არ მიიღო, ცხოვრებამ არც ის მიიღო, შენც არ იცი, რა გინდა და რას ეპოტინები. ქართველ ხალხისთვის სიკეთე გინდა, მაგრამ იმავე დროს სწყევლი და ცილსა სწამებ. აღარაფერი გწამს: არც ღმერთი, არც ეშმაკი, არც ხალხის შემოქმედების უნარი, არც მისი მომავალი და სიცოცხლე, შენ ხალხს შენის ოთახიდან ჰხედავდი. ჩვენი ხალხი რომ გცნობოდა, ასეთს ცილს არ დასწამებდი. შენ იმასაც ვერ ჰხედავ, რომ ძველი ლეშის მაგიერ ათასობით ამოვიდა ხალხის გულიდან ახალი მუხნარი. ეს მუხები დღითი-დღე იფურჩქნებიან და ძველ ჯაგნარის ალაგს იჭერენ. შენ კი ეს ახალი ბაღი უდაბნოდ მიგაჩნია.

ნეტა ვიცოდე, რას იზამდი, რომ ხელისუფლება შენ ჩაგივარდეს ხელში? ყველა კარებს გააღებდი და ქართველ ხალხს უცხოელებს ყმებად დაუყენებდი. ზოგს უცხო ერს ძალიან ემტერები, მაგრამ შენც ძალაუნებურად მათი ერთგული მონა გახდებოდი.

- ეგ მართალი სთქვი.

- თუ ესეც მართალია, შენ რაღა შეგრჩა? რად შფოთავ, რად ჰბორგავ, მაშ რისთვის-ღა სწვალობ, რისთვის-ღა იკლავ თავს და სხვასაც არ აძლევ მოსვენებას? შეირიგე ეს ქვეყანა და გაათავე!

თეიმურაზი ჯერ ჩაფიქრდა, მერმე გაბზარულის ხმით სთქვა:

- მეც ძალიან დამტანჯა მაგ საკითხმა, ჩემო ივანე.

- მერმე, რა გადასწყვიტე. ურიგდები თუ არა დღევანდელ ცხოვრებას?

- შესწორებით და დამატებით.

ივანე კოფოზე მოტრიალდა.

იმის ხმაში სიმტკიცე და ღრმა რწმენა მოისმა:

- არავითარი შესწორება, არავითარი დამატება, არც არავითარი გამონაკლისი! ან უნდა უარჰყო სავსებით, ან მიიღო და შეურიგდე ყველაფერს: ავსაც და კარგსაც, მზესაც და ჭუჭყსაც.

ბნელსაც და ნათელსაც! უნდა მიიღო იგი უკლებლივ, მთლიანად, უეჭვოდ, გულღიად, გულწრფელად და სიყვარულით. დიაღ, გულწრფელად და სიყვარულით, თორემ ერთი წვეთი ეჭვი ისევ მოგიწამლავს სიცოცხლეს და დღევანდელივით დაგაბნელებს. სთქვი, ურიგდები თუ არა დღევანდელ საქართველოს ამ პირობებით?

- ივანე, ეგრე არ შეიძლება...

- გეუბნები, თუ რამ შეიძლება, მხოლოდ ასე შეიძლება: უკლებლად, დაუმატებლად და შეუსწორებლად. შეგიძლიან თუ არა ირწმუნო მეთქი ეს ქვეყანა?

- არ შ...შშემიძლიან.

- მაშ ისე მოკვდები, რომ მაგ შხამსა და გესლსაც საფლავში ჩაიტან.



- აგრე იყოს. ზოგზე იტყვიან, აღსრულდაო, ზოგზე - განისვენაო, ზოგზე - მოკვდაო. ჩემზე კი იტყვიან - ჩაძაღლდაო.

თეიმურაზი კიდევ დიდხანს დაჰხტოდა, ხელ-ფეხს იქნევდა, სჩიოდა, ჰბორგავდა და ყველას და ყოველივეს ჰგმობდა და სწყევლიდა: თავის გაჩენის დღეს და გამჩენსაც, აწმყოს და წარსულსაც, მომავალს და იმედსაც, ამ ქვეყანასაც, და ზეციურსაც; სწყევლიდა თეიმურაზი ყოველივეს, ჟინიან ბავშვივით ანჩხლობდა, ავადმყოფივით ჰკაპასობდა და ხრინწიანი ხმით გაჰკიოდა:

- ახია ჩვენზე, ახი!.. აგრე უნდა გასრესილს, აგრე! ეს ერთი და სხვა ათასი! ეს ერთი და სხვა ათასი!

შორიდან საძნე ურემი თვლებზე შემდგარ დიდ გალიას ჰგავდა. ხოლო ხელ-ფეხ აშლილი და აყვირებული თეიმურაზ ხევისთავი იმ გალიაში დამწყვდეულს, აჯანყებულ ტყვეს ემსგავსებოდა, რომელიც ძლივს დამშვიდდა, ურემზე მიწვა, თავი ჩაჰყო და მიიბნიდა.

უცებ იმ ტყვემ წამოიწია და დაიკნავლა:

- ერთი რამე კიდევ უნდა გითხრა, ივანე, წეღან დამავიწყდა.



- რა უნდა გეთქვა, თეიმურ?

- ისა რომ... ჩემი უუდიდესი და უმთავრესი უბედურება ის არის, რომ საქ...ქქართველოში დავიბადე.

- რაო? რა სთქვი?

- ღმერთმა თავიდანვე სასტიკად დამსაჯა მეთქი, როცა ქარ...რრთველად გამაჩინა.

სთქვა და მოშხამული თავი ისევ თივაში წაჰყო.

ივანემ პირი მიიბრუნა და პასუხის ნაცვლად დიდი დუჟი გადააფურთხა.

IV

თეიმურაზი საღამოზე დაბრუნდა და ამოიკვნესა:

- ვერაფერი ვ...ვვიშოვნე.

ჯაყო გესლით ახვიხვინდა:

- ბრინკა, შენ ადგილი ვინ მოგცემდე?

- რატომ, ჯაყო, რატომ არ მ...მმომცემენ? აი, ც...ცცხინვალშიც მოვსძებნი.

ზეგ წავალ. დავიღალე, თორემ ხვალვე წავიდოდი. ნუ გეშინიან ჯაყო, შენს ვალს ადრე თუ გვიან გ...გგადაგიხდი.

- ვიცის ჯაყომ, რასაც გადაგიხდი, ვიცის! რა გაქვს ბრინკასა. რა უნდა გადაგიხადო ჯაყოსა?

მარგომ სიბრალულით გადაჰხედა თეიმურაზს. მერმე წამოდგა და, პირმოღუშული, ოთახიდან გავიდა, მოღრუბლული და გულადუღებული თეიმურაზიც გავიდა, კოშკზე აცოცდა და დასავლეთს გაჰხედა. სურამის ქედი ისევ ნისლით იყო შემოსილი, მაგრამ ის ნისლიც ადრინდელივით ვარდისა და ოქროს ფერით იყო შეღებილი.



ნახირი ღმუილით და ბღავილით შემოდის სოფელში. ნაჯაფევი გლეხებიც მინდვრებიდან თავიანთ სახლებს უბრუნდებიან და ზოგჯერ ერთმანერთს ერთ ეზოდან მეორეს ორიოდე სიტყვას ესვრიან. დედაკაცები ჰფუსფუსებენ, საქონელს სწველავენ და აღნავებულ ბავშვებს აჩუმებენ. დაქანებულმა მზემ ჩალის მიდამოები ჯერ გააყვითლა, მერმე მოოქროვა, შესწითლა, შემდეგ თვითონაც გასისხლიანდა და ჩრდილოეთის მყინვარების ჭაღარა თავებიც სისხლში ამოავლო.

უკვე შუაღამემ მოატანა, როცა დასავლეთის ნისლით გაბრუებული თეიმურაზი კოშკიდან ოთხით ჩამოცოცდა, ეზო გადასჭრა და კიბეს მიადგა. კიბის ძირში დაბმულმა ძაღლმა ანჩხლი ღრენით და ავი ყეფით თეიმურაზს გზა გადაუღობა. უცებ მარგოს და თეიმურაზის ოთახის სარკმელი გაიღო და ზევიდან ჯაყოს ხვიხვინი მოისმა:

- თეიმურაზ, შენ ვიქნები?

- მე ვარ, ჯაყო, მე.



- ძაღლი არ გაგიშვებდე?

- არ მიშვებს, ჯაყო. მიშველე.

- კარგი ძაღლი გყავს ჯაყოსა, იმიტომ არ გიშვებდე. ყაჩაღი აღარ მოხვალ აგრე ადვილათა. ბოღრია, სუ! სუ, მეთქი, შე სამგლე, შენა!

თეიმურაზი კიბეზე ადიოდა და თავის თავს ეკითხებოდა:

- "რა ვქნა, ეს ჯაყო ასე უცებ საიდან გაჩნდა მარგოს ოთახში? ან იქნება აქამდე მარგოს ელაპარაკებოდა?"

ერთი წუთის შემდეგ თეიმურაზმა ეს ამბავი დაივიწყა, ხოლო ხუთიოდე წუთის შემდეგ ტკბილი ხვრინვა ამოუშვა.

მარგომ ჩურჩულით იკითხა:

- თემურ, გძინავს?

პასუხი რომ არ მიიღო, ფრთხილად წამოდგა და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა.

**

თეიმურაზი ცხინვალიდანაც ხელცარიელი დაბრუნდა.

შეშფოთებული და შერცხვენილი ხიზანი იმ დღიდან უგზო-უკვლოდ დასჩანჩალებს, მარგოს და ჯაყოსაც ერიდება და სადილ-ვახშმად პეტრესთან და ივანესთან დადის.

უკვე შუა ზაფხულმა მოაღწია.

სულ-შეგუბებულ სოფელში ბუღი სდგას.

დამწიფებულ და სიცხით დამსკდარ მინდვრებს ალმური ასდით.

ძნით დატვირთული ურმები ერთმანერთს მოსდევენ.

ქაფმორეული კამეჩები მძიმე ტვირთს ზლაზვნით და ტაატით მოაჭრიალებენ.

თავახვეული და პერანგის ამარა მეურმეები დასიცხულ ღიღინით ღიღინებენ, საქონელს ზოგჯერ ზანტად შოლტსა და სახრეს მოუქნევენ.



ზოგნი კალოს სთოხნიან, ზოგნი უკვე ჰლეწავენ.

გოგოები და დედაკაცები კევრებზე სხედან, დგანან, და დილით-საღამომდე კნაჭა ცხენებსა და ხარებს წისქვილის ქვასავით ატრიალებენ.

ქათამი ხორბალს ეტანება. ენა-გადმოგდებული ძაღლი ჩრდილში მოწოლილა და ჰქაქანებს.

ტალახ-შემხმარი ღორი კიტრის და საზამთროს ნაფცქვენებს ახრამუნებს და თანაც ტლაპოს ეძებს.

დუბელა რუში ბატ-იხვები ჰყიყინებენ და ტიტველი ბავშვები ჭყუპალობენ.

მინდვრებში ზოგან ჩალას სწვავენ, ზოგან კიდევ ჰხნავენ და ოროველას იძახიან.



ჭალებში ქედანი ღუღუნებს.

მეწველ საქონელს ლიახვის ნაპირებისთვის შეუფარებია თავი და ფშან-ვერხვების ჩრდილში ჩაწოლილა.

საღამოობით, როცა ოდნავ ნიავი დაუბერავს, განიავებული ნალეწი აქა-იქ შადრევანივით სცემს.

ღამეს ნახევარი სოფელი კალოზე ატარებს, ხოლო მოზრდილი მამაკაცები კვლავ ძნას ეზიდებიან, ურმის ჭრიალით და შეძახილით სოფელს აღვიძებენ და მაღალის ხმით ურმულს ამბობენ.

პეტრეს შვილი ნინიკა შუაღამეს წკრიალა ხმით სოფლის ბოლოში რომ დასძახებს, სოფლის თავიც იღვიძებს და, გარინდული, ყურს უგდებს მეურმისა და კამეჩის ბაასს:

კამეჩო, მუხრანელი ხარ,

გუთანი გეცოდი-ინებაა.

მე გუთნის არა ვიცი-რააა,

უღელიც მეჩოთი-ირებააა.

ფეხაკვეთილი თეიმურაზი ქაქანით და ხვნეშით დალასლასებს სოფელსა, მინდვრებსა, ჭალებსა და კალოებზე.

ხან საძნე ურემს მოაჯდება, ხან კალოზე დაბორიალებს, ხან ნალეწს ანიავებს, ხან ძნას აწოდებს და ხანაც მეხრეებს დასდევს, თან თავისას ჰლუღლუღებს, დასიცხულ ენას იფხანს და იქარვებს.



შვება-მიცემული ჯაყოც დროს იმარჯვებს, დღისით და ღამითაც დასიცხულ ვნებას იქარვებს და ალ-მოდებულ ჟინს იფხანს.

**

- ვიცი, რა გითხრამ, თეიმურ? - უთხრა ერთ საღამოს ჯაყომ თეიმურაზს. - მუშაობა შენი საქმე არ ვიქნობოდე. მთავრობაც სამსახურს არ მოქცემდე. საცა თავი შეგიყავი, ყველგან გამოგაგდე. ქალაქშიც ვეღარ წახვიდოდე და აქაც უსაქმოდ დაეხეტებოდე.

ერთი გითხარი ჯაყოსა, ვაჭრობა როგორ მოგწონდე?

- ვ...ვვაჭრობა? ვაჭრობა ჩემი საქმეა. ძალიან კარგად მაქვს შ...შშესწავლილი. ბანკში და კოოპერატივში ვმუშაობდი.

- თავი დაგანებე კაპრატივი! "კჩორტუ" კაპრატივი! შენ ყური გიგდე ჯაყოსა. ჯაყომ კარგად ვიცის ვაჭრობაც და კაპრატივიც. მოდი, ამ სოფელში ერთი დუქანი გახსნა. რას იტყოდე?

- დ...დუუქანი? მე?

- მაშ, მაშა! მე ხაზეინი და შენ დახლიდარი.

ყური გიგდე ჯაყოსა.

და ჯაყომ თეიმურაზს თვისი გამოცდილება და ნასაზრი გაუშალა:

- ფული ჯაყომ ასე იშოვნე: გლეხი ტუტუცი ხარ, ძველი ფულისა არაფერი გესმის. ჯაყომ კი ადრე გაიგე, რომ წინანდელი ფული სულ ქვეით მიდიხარ და მიდიხარ, მიდიხარ და მიდიხარ! "კჩორტუ" ასეთი ფული, სთქვა ჯაყომა და ის ფული ერთი დღეც არ შეგინახე. ან რა ფული იყავი, შენი წირი მე, ის ფული?! დილაზე რომ ერთი არშინი ჩითი ერთი მილიონი ეღირებოდი, საღამოზე ორი მილიონი გახდებოდი. ჩვენი საწყალი გლეხები კი ის ფული ინახავდი და ინახავდი, გაკოტრდი და გაკოტრდი! ბოლოს ის ფული ისე გაფუწდი, რომა წრეულს გაზაფხულზე ჯაყომ ერთ არშინ ჩითში შვიდი ათასი მილიონი მიეცი, მაშა! ასეთი ფული ჯაყომ აღარ მიგიღე. ჯაყომ ეშმაკობა გაგიკეთე და მარტო საქონელით ივაწრე. ერთ გირვანქა ნავთში ნახევარი ჩანახი ლობიო აიღე, ან სამი გირვანქა მატყლი, ან ათი გირვანქა კარგი ხილი.

გლეხები დათვლა აღარ ვიცის, ყველაფერი ისე აგერია თავში, რომ ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობდი. ყველანი გაკოტრდი, ჯაყო კი გადარჩი და ბევრიც მოიგე. ახლა ყველაფერი გამოიცვალე, ახლა ნამდვილი ფული გაჩნდი. აი, გენაცვალე ამის მადლსა!

ჯაყომ ჩერვონცების დასტა ამოიღო და ააშრიალა.

- ისეთი ძალა გაქვს ამ თუმანსა, როგორც ნიკოლოზის დროს გქონდა. ეხლა კარგი დრო გაქვს დუქანსა. დაჯექი, გაყიდე და ასეთი ჩერვონცები დაგაგროვე და დაგაგროვე, დაგაგროვე და დაგაგროვე, მაშ, მაშა! გენაცვალე ჯაყოი ჩერვონეცსა.

ივანეი, ილაი და ნინიკაი კაპრატივი გინდა გახსნა ნაშინდარში, მაგრამ ჯაყოს არ გეშინიან კაპრატივისა.

კიდევ დიდხანს სწყევლიდა ჯაყო ძველს მილიარდებს და ჰლოცავდა თეთრ ჩერვონცებს. მერმე თეიმურაზს ჰკითხა:

- ჰა, რას იტყოდე? კარგი საქმე გითხრამს ჯაყოი თუ არა?

- მოვიფიქრებ, ჯაყო.

და იმავე დღეს თეიმურაზმა მარგოს ჰკითხა:

- შენ რას იტ...ტყვი, მარგო?

- ცუდუბრალოდ ხეტიალს ისევ დახლიდარობა სჯობია, ჯაყოს მადლს მაინც არ დაგაყვედრიან.

- მეც აგრე მგონია.

ჯაყომ და თეიმურაზმა კიდევ იფიქრეს და ილაპარაკეს.

ჯაყოს კარგი შეძლება ჰქონდა და მრავალი ნაცნობი და ნათესავი ჰყავდა.

როკელები, ჯაველები და ბარის მეზობლები ჯაყოს ნისიად მისცემენ მატყლს, ერბოს, ყველს და სხვა საქონელს. ამ საქონელს ჯაყო გორში ან ქალაქში გაჰყიდის, სამაგიეროდ იქიდან სოფლისთვის საჭირო ქსოვილებს, ნავთს, მარილს, საპონსა და წვრილმანს ამოიტანს. გარდა ამისა, ნაშინდარში დიდი გზა გადის და დუქანს მუშტარიც ბლომად მოჰხვდება. ღვინო და არაყიც ბევრი გასაღდება. ჯაყო ჩუმ-ჩუმად აქამდისაც ვაჭრობდა, მაგრამ ბნელ ღამეში მუშაობა და მუდამ შიშში ყოფნა მოსწყინდა.

- აბა, ნათლია, პასუხი მოგეცი ჯაყოსა.

თეიმურაზმაც მისცა:

- თთ...თანახმა ვარ, ჯაყო.

საქმე დავიწყოთ. ჯერ ჯამაგირი არ მინდა, მაგრამ თუ საქმე კარგად წავიდა, ცოტა რამე დამინიშნე და ვალში გამომიბარე.

- ჯაყოც თანახმა ხარ. მაშ ღმერთი იყავი ჩვენი საქმის ამხანაგი, დავიწყებდეთ!

**

ორი კვირის შემდეგ ჯაყომ სოფლის ბოლოს ერთი ძველი ნასახლარი გააცოცხლა. მერმე ჯაყო და თეიმურაზი ქალაქში ჩავიდნენ და ორი ურემი საქონელი ამოიტანეს. გარდა ამისა, ჯაყომ თავის ოჯახიდან იმ დუქანში ზედმეტი საქონელი და სანოვაგე გადაიტანა: ღვინო და არაყი, ხილი და ჭურჭელი, ძველი იარაღი და ფალას-ფულასი.

ვაჭრობა გაჩაღდა.

თეიმურაზმა ანგარიშის საქმე წესიერად დააყენა. რამდენიმე რვეული გაიჩინა და ორი საათი ჯაყოს ეჩიჩინა:

- ეს არის ს...სსალაროს წიგნი, ეს კიდევ ს...სსაქონლის დავთარია. ეს იქნება პ..პპირადი ანგარიშების წიგნი. ამას ჰქვიან ბ...ბბუღჰალტერია.

- ვიცის, გაიგებდის ჯაყოი. კარგი რამ ყოფილა ეგ ბუღლატერია.

- ბუღ...ღჰალტერია?! ჯაყო, ეს ქვეყანა ბუღჰალტერიაზე არის აშენებული! - ადუღდა დახლიდარი.

- სადაც ბუღჰალტერია იციან, იქ ყველაფერი იციან: წესი, დის...სსციპლინა, შრომა და მომავალი; სადაც არ იციან, იქ უწესობა, ანარქია, არევ-დარევა და წყვდიადი მეფობს.

- ვიცის, ჯაყომა, ვიცის.

- ჯაყო! - არ სცხრებოდა თეიმურაზი. - კაცობრიობის ისტორიაში რამდენიმე სხივმოსილი თაბახია: პოვნა ხორბლის მარცვლისა, ცეცხლისა, ურმის თვლისა და აღმოჩენანი გალილეის, კოპერნიკის, ნიუტონის, სტეფენსონისა და ლუკა პაჩიოლასი, რომელმაც 1494 წელს ბუღჰალტერია მოიგონა!

- ალბათ ძალიან ჭკვიანი ვიქნებოდი ის კაცი.

- რა თქმა უნდა! სტეფენსონმა მოიგონა ორთქლმავალი და პირველი რკინის გზა იმან ააშენა.

- მალადეც, სტეფანე, მალადეც!

- ეს კიდევ არაფერი: გალ...ლილეიმ დაამტკიცა, რომ დედამიწა ბრუნავს.

ჯაყომ გადიხარხარა:

- ბრინკა, ხომ არ გაგიჟდი?!

- მაშ, ჯაყო, მაშ! განა აქამდე არ იცოდი, რომ მზე ერთ ალაგზე სდგას, დედამიწა კი თავის ღერძზე სტრიალებს და მზეს გარშემო უვლის?

ჯაყომ ისე დაიხვიხვინა, რომ მისი ხმა ლიახვის ჭალას ჩასწვდა.



- მზე ერთ ალაგზე სდგეხარ?! ხა-ხა-ხა! დედამიწას ღერძი გაქვს?! ხო-ხო-ხო!

თეიმურაზი დიდხანს ეჩიჩინებოდა ჯაყოს, გონებას უხსნიდა, მაგალითებით უმტკიცებდა და ცხარედ ედავებოდა, მაგრამ მისი საბუთები ჯაყოს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა:

- დედამიწა ურემი ხომ არა ხარ, რომ ღერძი გქონდეს!

- ჭკუაში, ჯაყო, ჭკუაში წარმოიდგინე.

- ჭკუაში მე კი არა გაქვს ღერძი, შენა გაქვს, შენა, შე ბრინკავ, შენა! შენი თავი ტრიალებს, თორემ დედამიწა ვინ დაგძრავს ადგილიდან! აი, აგრე ვიცის ბევრი წიგნის კითხვამა.

- ჯაყო! გაიგე, რომ...

- კარგი, მორჩი და გაგათავე! შენც გაგიჟდებოდე და საწყალი ჯაყოც გინდა გაგაგიჟო?! არ გინდა ჯაყოს შენი სწავლაი! "კჩორტუ" შენი ღერძიცა და ბუღლატერიაც! "კჩორტუ"! მორჩი და გაგათავე!

ჯაყოს სიბნელით და კერპობით გულნატკენი თეიმურაზი დახლში ჩადგა და ყოჩაღად დატრიალდა.

მუშტარს თავაზიანად უხვდება:

- რა გ...გგნებავთ? რამდენი? ნავთი ეღირება თ...თთერთმეტი კაპეიკი... მარილი ღირს ერთი მ...მმანეთი და შვიდი შაური.

ღვინოს და არაყს მუშტარი ბლომად მოაწყდა.



- დ...დდალიეთ, თქვენ გენაცვალეთ, მ.. მიირთვით! ღმერთმა გ...გგადღეგრძელოთ. ალ...ლავერდი შენთან, თედო!

მსმელებს აჰყვა და აღიღინდა.

ავ...ვანთოთ შუშის ფაარნები,

ჰარიჰარალე-ე-ე-ე,

მოვძებნოთ ღვიიინის მარნები,

ჰარ...რიჰარალე-ე-ე-ე...

**

საღამო ჟამზე დუქანში ხუთიოდე გლეხი შემოვიდა.

- ნათლია, ჯაყოს დახლიდრად დაუდექი? - ჰკითხა ნინიკამ.

- მაშ რა ვქნა, ნინ...ნნიკა? უსაქმობას ისევ ეს სჯობია.



- რაღა ჯაყოს მიეშველე? - იკითხა ილამ. - განა ის კი არ ეყოფა ამ წურბელას, რაც სისხლი გამოგვწოვა?!

- შენი ოჯახიც მაგან შეჭამა და ეხლაც დახლიდრად დაგიყენა, განა! - დაუმატა თედომ.

- მოვ...ვვისაზროთ, ყმაწვილებო, მოვ...ვვიფიქროთ.

და ჯაყოს დახლიდარმა ახალგაზრდა გლეხებს თვისი მდგომარეობა განუმარტა.

- ვიცით, ჩვენც კარგად ვიცით. - უპასუხა ნინიკამ. - საცაა კააპერატივი უნდა გავხსნათ.

ჩვენ კაცი არა გვყავს, შენ კი ჯაყოს მიემხრე.

- ჰაზირ ჩვენ გვიშველო, შე კაი კაცო!

- ალბათ ჯერ არ იცნობს ჯაყოსა, თორემ მხარს არ მისცემდა.

- ჯაყო წინანდელ ჩარჩზე უარესია. - წამოაძახა ნინიკამ. - რაღა მე გიამბო, შენც იცნობ მაგ ჰარამზადას. ჯერ იყო და შენი ტყე მუქთად ჩაიგდო ხელში.

- ვიცი, ნინიკა, ვიცი.



- გიშველა ღმერთმა, თუ იცი! მერმე იყო და, სოფელი აიკლო. შენ რომ ქალაქში იყავი და არაფერს ჰხედავდი, ეგ კაცი ჩვენ ტყავს გვაძრობდა. აღარაფერი შეგვარჩინა. საქონელს იტაცებდა, ღალას ორჯერ და სამჯერ გვახდევინებდა, ქალებს ნამუსს ჰხდიდა, გვცემდა და შენი შემოსავლის ნახევარს იჯიბავდა.

- ჩემი ბრალია, ძმებოჯან, ჩემი! თქვენს საჩივარს დროზე ყური ვერ დავუგდე და არ მოგ...გგაშორეთ.

- გიშველა ღმერთმა, ეგეც გცოდნია. მერე იყო და, ყველაზე კარგი მიწები მაგან დაიჩემა.

ბოლოს ხომ ისე წაიყვანა საქმე, რომ შენი სახლ-კარი და ბაღიც დაისაკუთრა.

ერთმანეთს აღარ აცლიდნენ, ჰაერში მუშტებს იქნევდნენ და ბრაზიან დორბლებს ჰყრიდნენ:

- მამა ჩემი იმ ვენახში დაბერდა და ჯაყო კი ზედ დააჯდა? სამართალი სად არის? - ჰღელავდა ნინიკა.

- ჩვენ ავაშენეთ შენობები და შიგ კი ჯაყო ჩასახლდა?! რათაო? რითვინაო?

- მაგას თავი დაანებე, თეიმურაზის სახლის მორთულობაც რომ დაიჩემა, ეს რაღა არის?!

- მაშა, შენ ეგა თქვი, და! ისე იეშმაკა, ვითომ სახლი ყაჩაღებმა გაჰქურდეს, ნამდვილად კი თვითონ დაიტაცა ყველაფერი და შენი სიმდიდრე ისევ ჩვენს დაჩაგვრას მოახმარა.

- ჩვენ რომ ტიტვლები და მშივრები დავდიოდით, მაგას სახლი სავსე ჰქონდა ჩითით და საქონლით. ერთ არშინ ჩითში ერთ ფუთ ხორბალს გვართმევდა.

- რაღა გვართმევდა, ახლაც აგრე არა სჩადის?

- იმიტომ კი არ გავყარეთ თავადები და ბურჯუები, რომ ახალი ბატონი დაგვესვა კისერზედა?!

- მერმე, რატ...ტტომ აქამდის არ ალაგმეთ ეგ კაცი? - იკითხა თეიმურაზმა.

- იმიტომა, რომა მთელი სოფელი ხელში ჰყავს.

გაიძახიან, ბევრი სიკეთე გვიყოო. გაჭირვებაშიც ხელს გვიმართავსო.

- აღარ გვინდა მაგის სიკეთე! ქარისა არც მოტანილი გვინდა, არც გატანილი.

- ცოტა ხანიც მოიცადოს და ჰნახავს. იმ სახლს ჩამოვართმევთ და სკოლას გავხსნით.

- ამ დუქანსაც დავუკეტავთ.

- ი სახლის მოწყობილებას და სიმდიდრესაც ადგილს ვუპოვნით.



- ი ბაღ-ვენახსაც სხვები ჯაყოზე კარგად მოუვლიან.

ბოლოს, თეიმურაზს პირდაპირ ჰკითხეს:

- სკოლის და კაპერატივის საქმეში დაგვეხმარები?

თეიმურაზი შეყოყმანდა:

- მოვ..ვვიფიქრებ, მოვ...ვვიფიქრებ.

- რაღა ფიქრი გინდა, შე კაი კაცო!

- უნდა მოვ...ვვიფიქრო, ნუ დამაჩქარებთ.

- მაშ კარგი, მოიფიქროს.

- მოიფიქრე, მაგრამ ე ჯაყოს თავი დაანებე, თორემა...

და ყაყანით, მუქარით და ქადილით წავიდნენ.

**

ერთი საათის შემდეგ ჯაყომ თავისივე ზურგით ჩაუტანა თეიმურაზს ლოგინი, დაჟანგებული დამბაჩა, ხანჯალი, ძველი საეკლესიო წიგნები, ლექსიკონი, გერბარიუმი და ქინძისთავებზე მწერთა და ბუზთა კოლლექცია.

ჩაუტანა და დარიგება მისცა:

- როცა მუშტარი არ ვიქნებოდე, ეს წიგნები წაიკითხებდე, არ მოგწყინდებოდეს.

თეიმურაზმა გაიკვირვა:

- ლ...ლლოგინი რაღათ მინდა?

- მაშ, მაშა! - განუმარტა ჯაყომ. - მაშ დუქანი უპატრონოდ ხომ არ დარჩები?!

ეს ამბავი თეიმურაზმა წინდაწინვე არ გაზომა. თეიმურაზი მთელი დღე დახლში უნდა მდგარიყო: ღამ-ღამობით კი მაინც აპირებდა მარგოს ნახვას და... ზანზიბარზე ზრუნვას, მაგრამ საქმის გამოტრიალება გვიან-ღა იყო.

- ეს დამბაჩა გატენილი ვიქნებოდი. თუ ყაჩაღი მოხვიდე, შენ ბანზე ავიდოდე და გაისროლებდე.

ჯაყოც მაშინვე აქ გაჩნდები და იმ ყაჩაღებს დედას გიტირებ, მაშ, მაშა! დედას გიტირებ, დედასა!

თეიმურაზმა ამოიოხრა:

- კეთილი, მ...მმაგრამ... გიბამ ან ქეშელამ დაიძინონ დუქანში.

- გიბას და ქეშელას თავისი საქმე გაქვს, დუქნისთვის არ გცალიან. აბა, ეხლა ნავაჭრი გაჩვენე.

თეიმურაზმა დავთრები გადმოალაგა.

- გ...გგავყიდე ათი გირვანქა ნავთი. ეს ექვსი აბაზი.

ორი ფუთი მ...მმარილი. ეს ორი მანეთი და თოთხმეტი შაური...

სულ იმ დღის ნავაჭრი სამ თუმნამდე შესდგა.

- ...გგაყიდული საქონელი აი ამ წიგნში ჩავწერე, ნავაჭრი ფული კი დღიურ კკასაში ჩავიტანე. ამ წიგნში ჩაწერილია...

ჯაყოს მოთმინება გამოელია:

- შენ ფული მოგეცი ჯაყოსა, თორემა საცა გინდებოდე, იქ ჩაგწერდე.

- კეთილი, მაგრამ ბ...ბბუღჰალტერია?..



- ბუღლატერია შენთვის შეინახე, მე რა ოხრად გინდა ბუღლატერია!

ჯაყომ ფული ჯიბეში ჩაიდო და დაღონებული თეიმურაზი ერთხელ კიდევ დაარიგა:

- ბანზე ავიდოდე და დამბაჩას გესროდე. მეც მაშინვე აქ გაჩნდები და იმ ყაჩაღებს დედას გიტირებ, მაშა! ღამე ნუ წაიკითხებდი, ნავთი ტყვილად დაიწვებოდი და თვალებიც გეტკინებოდი. შენ ნუ შეგეშინდების, ჯაყო ახლო ვიქნები, მაშ, მაშა!

დარიგებას ნუგეშიც დააყოლა:

- შენ კარგად ივაჭრებდე, დანარჩენი კი ჯაყომ ვიცის. კარგი მოგება მოგცემ ჯაყოი. როცა ქეშელა ან გიბა მოიცლი, დუქანში ჩადგები, შენ კი მარგოს სანახავად მოხვიდოდე. საწმელი ბრინკა მოგიტანდე. აბა, ყოჩაღათ იქნებოდე!

თეიმურაზი მარტოდ დარჩა.

დუქნის დირეზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა.

V

ეს რა დაემართა თეიმურაზ ხევისთავს?! ეს რა ტუტუცური მასხრობაა ბედისა?! ეს რა უცნაური ნაროშვარი და ნაბოდვარია უკუღმა დატრიალებულ ცხოვრებისა?!

თეიმურაზმა უკან მიიხედა და გავლილი გზა გაზომა.

საშინელი, თვალუწვდენი, უცნაური და გაუგებარი იყო იგი, თავი და ბოლო ერთმანერთს არ ებმებოდა, ერთმანერთს ვერ ხვდებოდა.

როგორ დაიწყო თეიმურაზის ცხოვრების გზა და როგორ თავდება! რამ მოიყვანა თავმოყვარე, განათლებული, ცნობილი და პატივცემული საზოგადო მოღვაწე თეიმურაზ ხევისთავი ამ დუქანში დახლიდარად? როდის და როგორ მოვიდა ფრიად პატივდებული თეიმურაზი ამ ძველ ნასახლარში, მიყრუებულ სოფლის ბოლოში? რა უნდა მას ამ ბნელ ღამეში ამ მურდალ სამიკიტნოში? რად სვამდა დღეს თეიმურაზი უცნობ-ნაცნობ გლეხებთან და გამვლელ-გამომვლელთან მყრალ არაყს?! მათი გულის მოსაზიდად ნაძალადევადვე რად იპრანჭებოდა, რად იკრიჭებოდა, რად ლაზღანდარობდა?!

უკან მიიხედა თეიმურაზმა. მიიხედა და ნავალი გაზომა. გაზომა, და ვერ გაიგო, ვერ მიხვდა, როდის და როგორ განვლო ასეთი დიდი მანძილი? რუსთაველის პროსპექტიდან ამ ორღობის ბოლომდე! საუცხოვოდ მორთულ ექვს ოთახიდან სოფლის ჭუჭყიან დუქნამდე! რედინგოტ-სმოკინგიდან სელის ხალათამდე! საზოგადო საქმის მეთაურიდან თავის ნამოჯამაგირევ ჯაყოს დახლიდრობამდე?!

გაზომა თეიმურაზმა ის განუზომელი და იგრძნო, რომ კისერზე ჩამოკიდებული ძაღლის ლეში იმ წუთში უფრო დამძიმდა და უარესად აყროლდა.

ძაღლის მძორის ჩამოსაგლეჯად და მისი მყრალი სუნის გასაქარწყლად თეიმურაზმა ჭრაქი აანთო, წიგნი აიღო, გადაჰფურცლა და წაიკითხა:

სახარება მათესაგან.

თავი 5.

"და ვითარცა იხილა იესო ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჰსჯდა იგი მუნ, და მოუხდეს მას მოწაფენი მისნი.

და აღაღო პირი თვისი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:

ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.

ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქეეყანა".

თეიმურაზმა წიგნი დაჰკეცა.

- ვითომ? მშვიდთ დაიმკვიდრონ ქვეყანა? თეიმურაზი მგლოვარეა, მაგრამ არავისგან ნუგეშინის ცემულ არ იქმნა.

ჰო, მართლა; "მათი არს სასუფეველი ცათა". ცაზეა ლაპარაკი, მხოლოდ ცაზე, ხოლო ამ ქვეყანამ და იესომ ერთმანერთი დაჰგმეს და უარჰყვეს.

თეიმურაზი რომ მარტო ყოფილიყო, ძაღლის მძორსაც და იმის სიმყრალესაც მოითმენდა, მაგრამ ის მარტო არ არის. მას თვისი ერთადერთი მეგობარი, ერთგული და განუყრელი მეუღლე ჰყავს, რომელიც დღეს გაჰყარეს და ჩამოაშორეს; თეიმურაზი ამ შმორიან დახლს მაგრად მიაბეს და ძველს ნასახლარში, ტალახიან ორღობის ბოლოში, მყრალ სამიკიტნოში ჩაჰკეტეს, რომელსაც სოფლის ხმაურობაც კი ძლივს მისწვდება.

ძაღლის მძორი თანდათან მძიმდება და მისი სუნი თეიმურაზს ჰგუდაგს.

ჯაყოს ხიზანმა ისევ სახარებას დაავლო ხელი და ანაზდეულად ისევ მეხუთე თავი გადაშალა:

"ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განჰსძღენ.

ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.



ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ-ღვთისად იწოდნენ.

ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისთვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა".

წიგნი ისევ დაჰკეცა და წანაკითხს ჩაუკვირდა:

- განა ეს ჩვენთვის არის დაწერილი? განა ჩვენი მოშხამული სული მისწვდება ამ ღვთიურ ბოდვას? ვისთვის არის იგი ნათქვამი? მართლა ჩემისთანა ტანჯულთა და ღატაკთათვის, თუ ბედნიერთა და მდიდართათვის? მაშ რატომ ვერ სწვდება მას ჩემი ჯვარცმული სული? ან იქნება ნახუცარმა ივანემ მართალი სთქვა, ვითომ ქართველები ბუნებითვე წარმართნი იყვნენ და ვითომ ჩვენში ყოველთვის მძლავრად სჩქეფდა წარმართობის ატავიზმი?

თეიმურაზს რელიგიური ძაფი გაუწყდა. მისი აზრი კვლავ ჯაყოს და მარგოს დაუბრუნდა.

ამიერიდან თეიმურაზი იშვიათად ავა ჯაყოს სახლში, იშვიათად დაენახვება თავის კანონიერ მეუღლეს, რომელიც ეხლა... იქნება...

ვინ იცის... ეგების...

თეიმურაზი გველნაკბენივით წამოხტა.

რასა ჰბოდავს თეიმურაზი?! ეს რა წამოროშა იმის სულიერმა ორეულმა?! ეს რა გველი ჩაუძვრა გულში, რა შხამიანი აზრი გაინასკვა იმის გახურებულ თავში?!

შეუძლებელია! დაუჯერებელია! სულელური იჭვია! მოშლილი ნერვების ამონახეთქია!

- ვითომ? ნერვების მეტი არაფერია? - ხითხითებს თეიმურაზის ორეული. - მაშ მეტი არაფერია? აბა, დაფიქრდი.

თეიმურაზი ებრძვის დაავადებულ იჭვიანობას და სცდილობს გულიდან გველი ამოიგდოს, მაგრამ იგი უფრო ღრმად უძვრება, ახრჩობს და ბირდაბირით ჰხერხავს იმის გულსა და სულს.

ვეღარ უძლებს თეიმურაზი მოურევნელ ტანჯვას.

უნებურად წამოიჭრება, ჭრაქს გააქრობს. დუქანს დაჰკეტავს და ბნელ ორღობეს ბორძიკით მისდევს. თითქმის მირბის და გულში ბუტბუტებს:

- ნერ...რრვების ბოდვაა! ავი ლანდია! თუმცა... მაინც... ვინ იცის, კაცნი ვართ, ვ...ვვნახოთ.

თავის ნასახლარის კიბესთან ძაღლი დაუხვდა. ბოღრიამ ანჩხლი ყეფა და ჯაჭვის ჩხარუნი ასტეხა.



მარგოს ოთახის ღია სარკმელიდან ჯაყომ გადმოიხედა და გადმოსძახა:

- ვინა ხარ მანდა?

თეიმურაზი შეკრთა და აირია:

- მე ვარ, ჯაყო, თეიმ...მმურაზი ვარ.

- რა გინდოდეს ამ დროსა, ბრინკა? ყაჩაღები ხომ არ მოვიდოდეს?

- არა, ჯაყო, ჩემი სარკე-სავ...ვვარცხელი მინდა.

- ბრინკა, აქამდის ვერ დაგივიწყე კნიაზობას? - ზიზღით ჩამოუგდო ჯაყომ. - დუქანში ათი სარკე გექნებოდეს, რომელიც გინდოდეს, იმაში ჩაიხედე. დაიცადე მანდა.

ოთახში შებრუნდა და ისევ გამოვიდა.

- აჰა, დაიჭირე სავარცხელი.

წადი ეხლავე, ნუ შეშინდების, შენი კნეინას არავინ მოიტაცებდე. ჯაყო აქა ხარ. ისეთი ყარაული ხარ ჯაყოი, რომა ათი ყაჩაღიც ვერაფერს დაგაკლებს. ჩქარა წადი, თორემ დუქანი ყაჩაღები წაგიღებს.

თეიმურაზმა იმ ეზოში დიდხანს იცოცა მუხლისთავებზე, მაგრამ გადმოგდებული სავარცხელი ვერ იპოვა. ძაღლი მაინც არ სცხრებოდა, ისევ ძალზე იწევდა და ანჩხლად ჰყეფდა.

ჯაყოს მოთმინება დაეკარგა:

- გაანებე თავი მაგ ოხერ სავარცხელსა! წადი, დუქანი უპატრონე.

თორემა თუ ქურდები გასტეხე და ყველაფერი წაიღე, მე ვიცის მაშინა!

- მივ...ვვდივარ, ჯაყო, მივ... ვვდივარ, არხეინად იყავი.

წელში უარესად მოიხარა, ფეხები ძლივს აითრია და ფეხდათათხულ ძაღლივით გამოტრიალდა.

დუქანში კვლავ ჭრაქი აინთო და დირეზე ჩამოჯდა.

ძაღლის მძორმა ისე ღრმად ჩასჭიდა ბასრი კლანჭები ყელში, რომ თეიმურაზი იხრჩობოდა და სიმწარისგან იკლაკნებოდა. მესამედ აიღო წიგნი და მესამედვე კვლავ იგივე ფურცელი გადაშალა:

"ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდენ და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის.



გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე ჰსდევნეს წინასწარმეტყველნი უწინარეს თქვენსა.



თქვენ ხართ მარილი ქვეყნისა; უკეთუ მარილი იგი განჰქარდეს, რაჲთამე დაიმარილოს? არღარა შემძლებულ არიან მერმე, არამედ განგდებად გარე, და დათრგუნვად კაცთა მიერ.

თქვენ ხართ ნათელი სოფლისა; ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა".

თეიმურაზმა კვლავ დაჰკეცა სახარება.

- მაშ დევნილნი არიან მარილი ქვეყნისა და ნათელი სოფლისა! ჰოი, უფალო ძლიერო, მე არ მესმის სიტყვა ესე: ჰოი, დიდებულო, მასწავე მე უღირსსა მონასა შენსა სიმართლენი შენნი! გუშინ სხვანი იდევნებოდნენ, დღეს კი მე ვარ დევნილი! მაშ რომელნი ვართ მარილი ქვეყნისა და ნათელი სოფლისა: რომელნი ვართ ღირსნი შენის სიყვარულისა ცათა შინა? ალბათ არც ერთნი, რამეთუ ჩვენ არ ვირწმუნეთ წმინდა სახელი შენი. ჰოი, უფალო! უზღურბლო არს მადლი შენი ცათა შინა, გარნა რად გვტანჯვიდე ჩვენ, უღირსთა მონათა შენთა, წიაღსა ამა ქვეყნისასა?

სულმილეული თეიმურაზი დიდხანს ჰვედრებდა, ეძიებდა, ეკითხებოდა და ედავებოდა უფალსა ღმერთსა, გარნა ვერ იხილნა იგი უფალი სულსა თვისსა გვემულსა, ტანჯულსა და გოლგოთისა მთაზედ ამავალსა.

**

კალოდან მომავალმა ნახუცარმა ივანემ დუქანს ურემი მიაყენა და ერთი ხელადა ღვინო მოითხოვა.

ორივენი დირეზე ჩამოსხდნენ, ღვინო წინ დაიდგეს და ნელ-ნელა შეაყოლეს.

ჯერ დიდხანს სდუმდნენ, მერმე ივანემ ნელი ხმით ჰკითხა თეიმურაზს:

- თეიმურაზ, რა შენი საქმეა დახლიდარობა?

- რა შენი საქმეა, ძმაო ივანე, შავი მუშაობა და მიწის ხვნა?

- აკი გითხარი, საქართველოში ატავიზმის კანონი მძლავრად მუშაობს მეთქი. ჩემი წინაპრები მიწის მუშები იყვნენ, ამიტომ მეც მიწას დავუბრუნდი.

თეიმურაზმა პასუსი არ გასცა. ორივენი გაჩუმდნენ და თითო ჭიქა კიდევ დალიეს.

- რას ჩხირკედელაობდი ერთ დროს, თეიმურაზ? რას მოითხოვდი? რას ეძებდი და რას მოელოდი?

- აი, ამ დღეს მ...მმოველოდი, აი ამ დღეს ვეძებდი.

მახსოვს შენი წერილები. ნამდვილი ქართული კალამი გქონდა.



- ქართული კ...კკალამი, რომელიც ორეულია გოლგოთის ჯვრისა, ხოლო მისი პატრონი ყოველთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს. იმ კალმითაც ისე ინგრეოდა ძველი ქვეყანა, როგორც ჰინდენბურგის ზარბაზნებით.

- გეგონა, არც შამფურს დასწვავდი და არც მწვადსა? მგელსაც გააძღობდი და ბატკანსაც გადაარჩენდი?

- ჰო, ეგრე მ...მმეგონა. შენ რა გიშავს, შენ დროზე გამოიცვალე ქურქი.

- ჭკუამ გამიჭრა. სწორე გეზი ავიღე. შენც ხედავ, გავგლეხდი და ხვნა-თესვას დავადექ.



- გრიგალს გადარჩი და ცოლ-შვილიც გადაარჩინე. ბედნიერი ხარ.

- რწმენა დავკარგე, ჩემო თეიმურ. გარდა ამისა, ძველადვე უთქვამთ ჭკვიანებს: საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანო.

- ხოლო გიჟებს ასე უპასუხნიათ: სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო.

- მერმე, თეიმურ, რომელს უთქვამს მართალი?

- ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

კვლავ იყუჩეს.



- ბატონო თეიმურაზ, არც ეხლა გწამს ღმერთი?

თეიმურაზი დიდხანს სდუმდა და ბნელ ცას გასცქეროდა. მერმე მწარე ოხვრით უპასუხა:

- არა, არც ეხლა მწამს. ბუნება სმენადახშულია, ხოლო ზეცა შორია და უჩინო. დამრჩა მხოლოდ ჩემივე თავის გამასხარავება და უძირო მოთმინება.

- მაშ ეგ სახარებაც არაფერს აძლევს შენს სულს?

- აკი გითხარი, ქართველები სემიტები ვართ მეთქი. ქრისტიანობა ისე არ გვიდგება, როგორც ქალს წვერ-ულვაში. მაგრამ ჩვენც რომ სემიტების რწმენის ძალა გვქონდეს, უკვდავნი ვიქნებოდით.

არც ერთ ერს არა სწამს ასეთი სიმძლავრით თვისი ღმერთი, როგორც სემიტ ებრაელს სწამს თვისი იეგოვა და სემიტ არაბს - თვისი ალლაჰ. ნეტა წარმართები მაინც ვყოფილიყავით. წარმართებს კერპები ჰყავდათ. ისინი ლოცულობდნენ ზევესს, იუპიტერს, ცეცხლს, ელვას და ათასს ცხადსა და უჩინარ ღმერთს. წარმართებს, ჩემო ივანე, ვიღაც ან რაღაც სწამდათ, ჩვენ კი ურწმუნონი ვართ. ქ...ქქართველ ხალხს აღარც ქრისტე სწამს, არც მაჰმადი, არც იეგოვა, არც ბუდდა, არც ზევესი, არც საერთოდ რომელიმე ღმერთი ან ეშმაკი.

- ეგეც კარგი ნუგეშია, თუ ეშმაკიც აღარა გვწამს.



- სცდები, ძალიან სცდები, ჩემო ივანე, ჩვენი უუდიდესი უბედურებაც სწორედ ის არის, რომ ეშმაკიც აღარა გვწამს. ვისაც ეშმაკი სწამს, იმას რაღაც ან ვ...ვვიღაც სწამს, ესე იგი - მას ჰქონია რწმენის წყურვილი და უნარი, ესე იგი - მას ჰქონია ადამიანის სული, ესე იგი - თვითონაც უკვე ადა-მი-ა-ნ-ი ყოფილა, ვინაიდგან მხოლოდ სულით და რწმენით განირჩევა ადამიანი პირუტყვისაგან. ჩვენ კი ეშმაკიც აღარა გვწამს, მაშასადამე, აღარც სული გვქონია. და აღარც ა-და-მი-ა-ნი ვყოფილვართ. ამიტომ გეუბნები, ჩემო ივანე, ვიღუპებით მეთქი, ვ...ვი-ღუ-პე-ბით!

- ჩემო თეიმურ, ვინ გიშლის რწმენას? რატომ არ ირწმუნებ რომელიმე ღმერთს ან ეშმაკს?

- იმიტომ, ჩემო ივანე, რომ - რა მაქვს შენთან დასამალი! - ვეძებ და ვერ ვპოულობ.

- ითხოვდით, და მოგეცეს თქვენ; ეძიებდით, და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქვენ.

- არც მომეცა, ვერც ვპოვე და არც განმეღო.

მ...მეც მაგას ვსტირი, ჩემო ურწმუნო მოძღვარო. დიდი ხანია, რაც რწმენის სულს მოვუწოდებ, მაგრამ უფალმან ჩვენმან არ ღირს მყო მოსვლად ჩემდა.

- თეიმურ, შენ თვითონ უნდა ამაღლდე უფლისადმე.

- ვერ ავიწიე მიწიდან, ჩემო ივანე. წიგნმა მომტაცა რწმენის სული და მეცნიერებამ დამწყვიტა უფლისადმდე ასაფრენი ფრთები. ცოდნისა და იჭვის ჭიამ ისე დამიღრღნა გონება და გამომფიტა სული, რომ ნივთიერ ქვეყანას ერთი გოჯითაც ვერ მოვსწყდი.

- ცოდნას და რწმენას ერთმანერთს ნუ შეახვედრებ, ნუ დაუპირდაპირებ, თორემ ერთმანერთს დაანგრევენ და დასწვავენ.



- მეც მაგ ჭირის ქვაბში ვიხარშები, ჩემო ივანე. ცოდნა და რწმენა ვერ მოვარიგე, ერთად ვერ შევად...დუღე და ვერც ერთმანერთს დავაშორე. რწმენისა და ურწმუნოების ორღობეში გავიჩხირე და ვერც რწმენის სათავესთან გავედი, ვეღარც უკან დავბრუნდი.

- მაინც, საით უფრო მიგიწევს გონება?

- ურწმუნოებისკენ.

- გული?

- ღმერთისკენ.

- ბოლოს-და-ბოლოს, საით მიდიხარ? არსებობს თუ არა ღმერთი?

თეიმურაზმა დიდხანს იტორტმანა. მერმე უცებ წამოიძახა:

- ღმერთი რომ იყოს სადმე, განა ამ დღეში ჩავცვივ...ვვდებოდით?

- შენც უმეცარ გლეხივით აზროვნებ: ღმერთი რომ იყოს სადმე, განა ყანას დამისეტყვავდაო? ღმერთი რომ არც არსებობდეს, იგი ჩვენვე უნდა მოვიგონოთო, ასე უთქვამთ.



- ვიცი, მაგრამ ჩემს გულში ღმერთის მაგივრად ჯერ-ჯერობით გველებმა და ბაყაყებმა დაიბუდეს.

- მაშ არც სამოთხე გწამს და არც ჯოჯოხეთი?

- ჯ...ჯოჯოხეთი?! ჰმ! კიდევ ჯ...ჯოჯოხეთი, ამ ქვეყნის შემდეგ? თუ ჯოჯოხეთი მართლა არსებობს, მაშ შენი ღმერთი უუსასტიკესი არსება ყოფილა.

- არც საიქიო გწამს და არც ამ ქვეყანას ურიგდები? მაშ რა გაქვს გულში?

- რა მაქვს? აკი გითხარი: ბაყაყი, გველი, მორიელი, მაჯლაჯუნა, შავი ქვა და ნ...ნნაცარი ცხელი, აი, ესა მაქვს.

- მერმე, როგორ უძლებ, თეიმურ?

- მალე გ...გგავათავებ.

- თუ აღარაფერს ელი...

- აღარაფერს... მე ჩ...ჩჩემი შევასრულე, მ...მმეყოფა.

ეხლა სხვებმა ჰზიდონ ამ ქვეყნის ტვირთი.

სულთ-მობრძავის სასოწარკვეთილი უიმედობა მოისმა თეიმურაზის ხმაში.

- მალე გ...გგავათავებ ამ მასხრობას, ზოგნი რომ სიცოცხლეს ეძახიან. მე აღარაფერს არ ველი. წარსულმა მომატყუა, აწმყო მაწამებს, მყობადი მაშინებს.

- თქვენი თაობა უკვე მკვდარია, თეიმურ.

- დღეს ცოცხლები მკვდრები ვართ, მ...მმაგრამ მკვდრები უკვდავნი არიან და ცოცხლებზე ბატონობენ.



- თუ აგრეა, ისევ სჯობია, რომ გარემოებას შეურიგდე და დამშვიდდე.

- არრა-სო-დეს! გესმის? არრასოდეს-მეთქი!

ისევ დიდხანს იყუჩეს და ერთი ხელადა კიდევ დალიეს.

- ახლა შენ მითხარი, ივანე, შენ მარტო ანაფორა გაიხადე, თუ რწმენაც იმ ანაფორას გააყოლე?

ივანემ ღიმილით უპასუხა:

- რწმენა კი არ გავაყოლე ანაფორას, არამედ ანაფორა გავაყოლე რწმენას. თუმცა ისიც უნდა გითხრა, რომ მე შენსავით არ დავცალიერებულვარ. ღვთის რწმენა დავკარგე, სამაგიეროდ უფრო ძლიერი რწმენა შევიძინე.

- რომელი?

- მრწამს ჩვენი მშრომელი ხალხის ძალა და მისი მომავალი. თეიმურაზმა ღრმად ამოიოხრა:

- რა ბედ...დდნიერი ადამიანი ჰყოფილხარ, ივანე!

- გშურს, განა!

- არასოდეს არაფერი არ შემშურებია აგრე ძლიერ, როგორც შენი და შენისთანების რწმენა შემშურდა.

ბედნიერი ხართ, ბედნიერი! მე კი, მე ჭიებმა შემჭამეს, დამაცარიელეს, დამღრღნეს.

- გამოტყდი, თეიმურაზ, დამარცხებული ხარ.

- მ...მმე? - თითქო გაცოცხლდა ხევისთავი და დუმილის შემდეგ გაბზარული ქვაბის ხმით განაცხადა: - დამარცხებული ის არის, ვინც თვითონვე აღიარა თვისი დამმარცხება. მე კი... მე... მე...

- მაინც არა სტყდები?! აკი გეუბნები, ახია მეთქი შენზე, ახი, ახი!

ნასროლი ისარი სწორედ იმ ალაგას მოჰხვდა, რომელიც იმ წუთს თეიმურაზს სტკიოდა და უკვნესოდა.



უცებ მუშტი წაიშინა და აღმუვდა:

- ოღ...ღღონდაც, ახია! ოღ...ღღონდაც! აგრე გვინდა ყველას, აგრე! მაგრამ შენ შენი თავი ნუ გაინაპირე, ივანე! შენც ჩვენი ს...სსისხლი და ხორცის კაცი ხარ. შენც საერთო საფლავში გიდგია ფეხი, ამიტომ "თქვენის" მაგიერ უნდა სთქვა: "ახია ჩვენზე, ახი!" ტყუილად სცდილობ საერთო ს...სსაფლავიდან ამოხტომას, ტყუილად! რაც აქამდე დაგვემართა, ეს კ...კკიდევ არაფერია, მ...მმეტის ღირსნი ვართ, მეტისა!

- ეგეც გეყოფათ. - დინჯად მოუჭრა ივანემ. - მართალი რომ ვთქვათ, თქვენ ადრევე იყავით გასაქრობი. ახლა სალაპარაკოდაც აღარ ჰღირხართ. მკვდარს მხოლოდ შესანდობარზე გაიხსენებენ. დავლიოთ.

ღმერთი იყოს თქვენი გამკითხველი.

თეიმურაზმა ჩაიცინა:

- ისევ თქვენობით ლაპარაკობს! მაშ შენ რომელ ბანაკში სთვლი შენს თავს? ვინა ხარ, მიმავალი თუ მომავალი?

- მე არც მიმავალი ვარ და არც მომავალი! მე დიდი ხანია მოვედი და ჩემი ალაგი მოვნახე.

- მაშ მეორე ბანაკში ჰყოფილხარ.

- მე ჩემი ხალხის ბანაკში ვარ და ყოველთვის ამ ბანაკში დავრჩები.

- ღმერთმა ხელი მოგიმართოს. აკი გითხარი, შენი რწმენა და სულიერი მშვიდობა მშურს მეთქი.

- თქვენი მოდგმა დიდი ხანია მოკვდა, თეიმურ, გვიან გასაფლავებენ.



- იმიტომ ავყროლდით, ივანე, რომ გვიან გვმარხავენ.

- ბედის წინაშე მორჩილება დიდი ძალა ყოფილა, თეიმურაზ. მორჩილებას ათასი ხალხი გადაურჩენია. ბედთან ჭიდილი და ურჩობა სახიფათოა. ვინც მას შეეგუა, გადარჩა, ვინც არა - დაიღუპა. ვეფხი და კატა ერთის ჯიშისანი არიან, აგრეთვე ძაღლი და მგელიც. ვეფხი და მგელი თითქმის ამოწყდნენ.

ძაღლისა და კატის ჯიში კი გამრავლდა და გაძლიერდა.

- ბედის წინაშე მორჩილება და უძლურება ერთმანერთში ნუ აურიე. მორჩილება ზოგჯერ დასვენება და ძ..ძალების დაგროვება გახლავთ, ზოგჯერ კი სულიერ გამოფიტვის და დაქანცულობის ნიშანია, გარდა ამისა, ძაღლისა და კ...კკატის ბედს იქნება გადაშენებული ვეფხი სჯობდეს. რაც უნდა იყოს, მკვდარს ვეფხს მაინც პ...პპატივით მოიხსენებენ, - ცოცხალ ძაღლს კი ორღობეში ამოუვა სული.

- მკვდარ ლომს ცოცხალი ძაღლი სჯობია მეთქი.

ისევ დიდხანს იყუჩეს. თეიმურაზი წყვდიადს გასცქეროდა.

მერმე წაიბუტბუტა:

- ჰმ! ს...სსაოცარია! ს...სსაკვირველია! ჩვენი დასაფლავება ჩ...ჩჩვენივე თვალწინ ხდება. ანდერძს გვიგებენ და ჩვენვე ვესწრებით ჩვენს ქ...ქქელეხს.

უცებ ხმა აიმაღლა:

- მაგრამ მე, თეიმურაზ ხევისთავი, ჯერ-ჯერობით სიკვდილს არ ვაპირებ! გესმის? მე არ მინდა მეთქი სიკვდილი!

- მესმის, ნუ ჰყვირი. მაგრამ თქვენ რომ არავინ გეკითხება? - დინჯად მოაგონა ივანემ.

თეიმურაზი თითქო გამოფხიზლდა, თითქოს უძლეველ ბედს დაემორჩილა:

- ჰო, მ...მმართლა. ჩვენ არ გ...გგვეკითხებიან.

- გეუბნები, ახია მეთქი თქვენზე!

თეიმურაზი ფეხზე წამოიჭრა და აფეთქდა:

- ივანე, ერთი რამ დაიხსომე სამუდამოდ: მე მომღუნეს, შეიძლება მომტეხონ, მაგრამ ვერ...რრასოდეს ვერ დამიმორჩილებენ, ვე-რრრა-სოდეს; გესმის? ვერ-რრა-სოდეს მეთქი! როცა იქნება, მე ჩემს ნამდვილ სათქმელს ვიტყვი.

ის დრო მოვა, მოვა მეთქი! ისე მჯერა ამ დღის მოსვლა, როგორც ხვალ დილით მზის ამოსვლა. ჯერჯერობით კი ახ...ხხია ჩვენზე, ახ...ხხია! უძლური ყოველთვის ბ...ბბრალიანია! ხა-ხა! გაგიგონია, რომ გონიერი ადამიანი თვითონვე ითხრიდეს სამარეს? არ გაგიგია, განა! მაშ ეხლა გაიგონე: მე ვარ მაგისთანა გიჟი, მე! ჩვენ თვითონვე გავითხარეთ საფლავი. ახია მეთქი ჩვენზე, ახი! გვმარხავენ? აგრე გვინდა, აგრე! - და აბოდებული ნაკაცარი ფეხით მიწას სტკეპნიდა, თითქო თავისავე საფლავს მიწას აყრიდა, თან იმედ-დაკარგულ მორიელივით თავის თავს ჰკბენდა და, გაკაპასებული, კვლავ გაჰკიოდა:

- აგრე გვინდა!. აგრე!... აგრე!..

ივანემ ძალით დასვა თეიმურაზი.

- რა დაგემართა, შე კაი კაცო! დაჯექი, დამშვიდდი, თითო კიდევ დავლიოთ.

აიღე თასი. ნუ ჰყვირი.

თეიმურაზი უცებ გამოფხიზლდა. გაოცებული შესცქეროდა ივანეს, თან ისე სცახცახებდა, თითქოს უძლიერესი ციება აუვარდაო. ნახევარი ჭიქა მუხლებზე გადმოეღვარა.



- რა სთქვი? მე ვ...ვვყვიროდი?.. როდის?..

ეხლა? არ მახსოვს.. რაო? დავლიო? კეთილი. მაშ ღმერთმა ადღეგრძელოს ჩ...ჩჩემსავით დამარცხებული გიჟი, რომელმაც თვითონ გ...გგაითხარა საფლავი, ადღეგრძელოს და...

- ადღეგრძელოს კი არა, განუსვენოს, განუსვენოს.

თეიმურაზს თითქო ჩაქუჩი ჩაჰკრეს თავში:

- ჰო, მ...მმართლა...გ...გგანუსვენოს! გ..გგანუსვენოს!.. სულიერი მშვიდობა მისცეს მიმავლებს, რადგან... იმიტომ რომ...

ვაი ჩვენ! ვაი ჩვენი ბრალი!

უცებ ჭიქას ხელი გაუშვა და აქვითინდა. ივანე წამოხტა და დუქანში შევიდა. ისევ გამოვიდა და წყალი გამოიტანა.

- აჰა, დალიე. პირიც მოისველე. რა დაგემართა, შე კაი კაცო?! სირცხვილია. ვაჟკაცი ხარ.



თეიმურაზი მიყუჩდა. თვალები მოიწმინდა, გასწორდა და გამაგრდა.

- არა მიშავს-რა. დ...დდაივიწყე. წუთიერმა სისუსტემ დამძლია. დაჯე, დავლიოთ. მთვრალი ნუ გ...გგონივარ.



- ბრძენი მეგონე. თურმე შენც გცოდნია თავის მოგიჟიანება.

- ნუ გ...გგიკვირს. არავინ არ იცის, რა სჭარბობს ცხოვრებაში, სიბრძნე თუ სიგიჟე. მათი საზღვარი ჯერ ვერავის ვერ მოუძებნია. დ...დდამისხი, მომწყურდა.

კვლავ დიდხანს სდუმდნენ, ნელ-ნელა სვამდნენ და წყვდიადს გასცქეროდნენ.



შორიდან ლიახვის შხუილი მოისმოდა. ჭოტი თავისას ჰკიოდა. ზევით, სოფელში ძაღლებს წკავწკავი გაჰქონდათ.

ივანემ ბაასის ძაფი გამოსცვალა:

- ჯაყოსთანა ბატონი ამ სოფელს არა ჰყოლია, ვერც ახლომახლო მოიძებნება. ერთი თვით ერთი კოდი ხორბალი ვთხოვე. ერთი ორად დამისვა. სხვებსაც ასე უშვრება.

აქაური ხალხი თან-და-თან ხელში ჩაიგდო, ყველა ჯაყოს მოვალეა.

- ეტ... ტტყობა, დიდი შეძლება უნდა ჰქონდეს.

- ნახევარ სოფელს იყიდის. შენი ნივთეულობა ვითომ ყაჩაღებმა და ქურდებმა წაიღეს.

- ვიცი, ეხლა აღარ მერიდება. თითქმის ყველაფერი გამოაჩინა.



- შემოდგომაზე რამდენიმე ვაგონს გაავსებს ხორბლით, მატყლით, ყველით და ერბოთი. ყველგან დიდი ძალა აქვს. ძალიან მოხერხებული კაცია. სოფელს ტყავს აძრობს, მაგრამ ამავე დროს ძალიან ესარჩლება, რადგან თვითონაც ხშირად სჭირდება ჩვენი სოფელი.

- ამას წინათ ც...ცცოლი გააგდო.

- ერთი კი არა, ორი ცოლი გააგდო. ორივე სხვებს მოსტაცა.

ეხლა მეოთხეს ეძებს. ამბობენ, იშოვნა კიდეცაო.

- არ გ...გგამიგია. ვინ არის, ვის გადაეკიდა?

ივანემ კარგა ხანს პასუხი არ მისცა.

- არ ვიცი. იკითხე აქეთ-იქით, იქნება გითხრან. ეს ღმერთმა ადღეგრძელოს...

ესეც გახსოვდეს: მტერი მოყვრულაღ მოსული, მტერზედაც უარესიაო.

თეიმურაზი ივანეს ყურს უგდებს. იმის ნაუბარს გაჰყვა, ჩაფიქრდა და გულში ჩაიხედა. იგი ისევ გველის წიწილებით გავსილიყო. ის წიწილები შავი გორგალივით დახლართულიყვნენ, ნელ-ნელა დაფუსფუსებდნენ, იკლაკნებოდნენ, თეიმურაზს შიგნეულობას ჰკბენდნენ და შხამით უვსებდნენ.

- მეტის მეტად წუწკი და აბეზარი კაცია. - თითქო თავისთვის განაგრძობდა ივანე.

- სოფელი აიკლო და წამურტლა. ვინ იცის, რამდენი ოჯახი წაჰბილწა! ზოგი იყიდა, ზოგიც ძალით ჩაიგდო ხელში. მუდმივ იარაღზე და კომბალზე უჭირავს თვალი. ზოგნი მოსაკლავადაც დასდევდნენ, მაგრამ დრო და ალაგი ვერ მოიმარჯვეს. ახლა ცარცვა-გლეჯის ხერხი შეიცვალა. ასეთი მევახშე ჯერ არ მინახავს. ვითომ ქვეყანას იმადლიერებს, ყველას ელაქუცება და ჰპატიჟობს, ნამდვილად კი...



რას ჩააცივდა ჯაყოს ნახუცარი ივანე?! ვინ ეკითხება, რომ ჯაყოს თავგადასავალს მოჰყოლია?! ნეტა ჯაყოს გარდა სხვა სალაპარაკო ვეღარ მოიგონა?!

- აქამდე თავისი ტოლები ჰყავდა ცოლად. სანამ მესამეს მოიყვანდა, ჩვენს თამარას დაადგა თვალი, მაგრამ დროზე მოვაშორე. გორში გავგზავნე. ჯაყო დადიოდა და ყველგან ჰყვიროდა: "ეხლა ჯაყო ხარ აზნავირი! ჯაყო კნიაზის ან ღვდლის ქალი გინდა, მაშ. მაშა!" ხიფათს ძლივს ავცდი. ეხლაც გაეხსნა წინანდელი მადა, ეხლაც გაჰკივის წარამარად: "ჯაყომ ისეთი თავადის ქალი იშოვნე, რომა!"

- ვინ იშოვნა? - ძლივს ამოიხრიალა თეიმურაზმა.

- არ ვიცი...

იქნება სხვებმა იციან... გამოიკითხე.

თეიმურაზმა ვერც კი გაიგო ივანეს წასვლა.

VI

რომელი თავადის ქალი მოსძებნა ჯაყომ? რატომ აქამდის არაფერი არ იცის თეიმურაზმა? ეს ამბავი რომ მართალი ყოფილიყო. ჯაყო დღეში ათჯერ მაინც გაახარებდა თეიმურაზს და ამდენჯერვე დაიჭიხვინებდა:

- ჯაყომ კნიაზის ქალი შეირთე. მაშ. მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

ან იქნება ივანემ მოიგონა ეს ამბავი? არა, ივანე ჭორიკანა არ არის.

ან რად მოიგონებდა ასეთ უშნო ხუმრობას? რა აზრით? ვისთვის? თუ ივანემ გაიგო ჯაყოს მეოთხეჯერ დაოჯახება, - ისიც თავადის ქალის დანიშვნა, - უეჭველად იმ ქალის ვინაობასაც გაიგებდა. ორჯერ ჰკითხა თეიმურაზმა ივანეს, მაგრამ ივანემ ორჯერვე პასუხი მოირიდა და ორჯერვე ყოყმანით მიუგო: "არ ვიცი, სხვებს გამოჰკითხე, იქნება გაიგოო".

თეიმურაზმა ეს სიტყვები გაშალა და ასეთი პასუხი მიიღო: "ვიცი, მაგრამ ვერ გეტყვი. სხვებს ჰკითხე და გაიგებო. ისიც იცოდე, მტერი სამოყვროდ მოსული, მტერზედაც უარესიაო".

რატომ ვერ უთხრა თეიმურაზს ივანემ ჯაყოს მეოთხე საცოლეს - თავადის ქალის სახელი?

თეიმურაზის გულში კვლავ იჭვმა გაიჩუჩუნა. მერმე იმ ნაეჭვმა თანდათან ცეცხლის ფრთები გაშალა.



ცხადია. ცხადია! ეხლა კი მართლა ყველაფერი ცხადია! ივანემ ყველაფერი სთქვა. მხოლოდ მარგოს სახელი არ ახსენა. თეიმურაზი აქამდე ბრმა იყო. ეხლა კი თვალის ბინდი გაეფანტა და თვალწინ მზაკვრობისა და ორპირობის, ვერაგობისა და ღალატის საზარელი სურათი გაეშალა.

გულმა ტეხა დაუწყო და სისხლი შურვილით აენთო.

- ცხადია.

ცხადი!

ღმერთო დიდებულო! ღმერთო ძლიერო! ნუთუ?! ნუთუ მართალია?! ვინ, მარგომ?.. ვის, ჯაყოს?. დაიჯეროს თეიმურაზმა? ხა-ხა-ხა! სასაცილოა! ოღონდაც, სასაცილოა! საარაკო სისულელეა! ავი სულის ბოდვაა! ადუღებულ ოცნების როშვაა! ეშმაკის ბოროტი ოხუნჯობაა; - მეტი არაფერია!..

- ჰო, მეტი არაფერია; რა თქმა უნდა, მეტი არფერია! მაგრამ...

თეიმურაზმა თვალწინ ორი თვის წარსული გადაიშალა და ცოლქმრული ურთიერთობა მოიგონა.

ორ თვეში მარგო ისე გაიშალა და დასრულდა, რომ ასეთი ლამაზი და სანდომიანი არასოდეს არ ყოფილა. მარგოს დიდრონსა და შავ თვალებში ეხლა პირუტყვის დამცხრალი ვნება და მძუვნობიდან დაბრუნებულის მაძღრობა უღვივის.



- ეხლა კი ცხადია, ყველაფერი ცხადია! ჰოი, შე უნამუსო! უნამუსო!

ეს კიდევ არაფერი.

რაც მარგო ამ სოფელში ამოვიდა, თეიმურაზისთვის ერთი ტკბილი სიტყვა აღარ უთქვამს და თვალიც თვალში ვეღარ გაუყრია: თეიმურაზი რომ ელაპარაკება, მარგო თვალებს აქეთ-იქით აცეცებს, წინათ კი ხმას არ ამოიღებდა, რომ ის თვალები თეიმურაზისთვის ისარივით არ გაეყარნა.

აქამდე თეიმურაზის გონება ყრუ იყო და გულისყური დახშული, ეხლა კი გონებაც გაუნათლდა და გულისყურიც გაეშალა. მაშ რად არიდებს მარგო თვალს თეიმურაზს?

- ცხადია, ცხადია! სინდისი ჰქენჯნის მარგოს, სინდისი! სცხვენია, სცხვენია!

ესეც არაფერი.

თეიმურაზი მარგოს ზოგჯერ მოუალერსებს. მარგო კი პირსახეს გაიმრუდებს. განზე გაიწევს და თეიმურაზს ოდნავ აპრიალებულ ვნებას ჩაუქრობს:

- კარგი, გეყოფა...

თავი დამანებე.

ხოლო ღამ-ღამობით საბანში გაეხვევა და თავს მოიმძინარებს, ან ნერვიულად წაიჩურჩულებს:

- თავი დამანებე! ავადა ვარ... რა დროს ეგ არის! მეძინება... არ შემიძლიან.

თუ თეიმურაზმა ნაჭარბევი ჟინი გამოიჩინა და მაშინვე არ დაწყნარდა, მარგოც ხმას აიმაღლებს:

-კარგი, გეყოფა! თავი დამანებე მეთქი!

თეიმურაზს ხმაურობისა ეშინიან, ამიტომ უმალვე ბუზღუნით თავის ლოგინს უბრუნდება.

წინათ თეიმურაზი ამას ყურადღებას არ აქცევდა. ეხლა კი...

ეხლა მისი გულთამხილავი თვალი ყველაფერს ხედავს.

- ეხლა ყველაფერი ცხადია, ცხადი!

თეიმურაზმა მოგონების ბასრი და სისხლიანი მახვილი უფრო ღრმად ჩაირჭო გულში და ულმობლად დაიტრიალა.

კიდევ მოიგონა:

- დედაკაცი ბაღი ხარ. - ურცხვად იღრიჭება ხოლმე ჯაყო. - თუ არ მოირწყო, გახმები.

ამაზე მეტი ურცხვობა გაგონილა! კიდევ საჭიროა სხვა საბუთებიც?!

- ცხადია, ცხადი!

თეიმურაზმა ღამით რამდენჯერმე გაიღვიძა. მარგო ოთახში არ დაუხვდა.

საიდგანღაც დაგვიანებით შემოვიდოდა და იტყოდა:

- არა გძინავს, თეიმურ? ვერც მე დავიძინე... თავი მტკიოდა, ცოტა გავიარე.

ან კიდევ:

- ძალიან ცხელა... ოდნავ გავგრილდი.

სად იყო იმ დროს მარგო?

მართლა ნიავზე გავიდა, აივანზე გაგრილდა, თუ?..

ოოჰ, იცის ეხლა თეიმურაზმა, სადაც იყო მარგო, იცის! იცის!

- ოოჰ, მოღალატევ! ჰოი, ჭუჭყიანო დედაკაცო! ჰოი, მრუშო, ბილწო დედაკაცო!

კიდევ ბევრი რამ მოაგონდა თეიმურაზს.

გაახსენდა მარგოს ამოსვლის დღეც: კაბა - შემოხეული, მხარი - ნაკბენი, მკლავი - ნაღრძობი! სად იყვნენ იმ ღამეს ჯაყო და მარგო? იქნება ყველაფერი იმ ღამეს დაიწყო?

- ალბათ, ალბათ? რა თქმა უნდა, იმ დღიდან დაიწყო, რა თქმა უნდა, იმ დღიდან!

რა სთქვა მაშინ ჯაყომ?

"ლევანაშენში იყავი, თომასთან გეძინაო".



ვითომ? მართლა? დაიჯეროს ხევისთავმა? კეთილი და პატიოსანი. ამასაც გაიგებს თეიმურაზი.

ჯაყომ მარგო დედოფალივით მორთო. დიდი ფული დახარჯა... ხა-ხა! თეიმურაზს ასესხა! ორივემ ხუთი დღე გაატარეს ქალაქში... მარგომ ჯაყოს სუფთა საცვალი და ტანისამოსი აყიდვინა, სუფთად თავის შენახვასაც შეაჩვია... ხა-ხა! წერა-კითხვაც ასწავლა!..

მუდმივ თავთ დასტრიალებს, ერთგულ ცოლივით დასტრიალებს!

"ცოლივით?"

- დიაღ, ცოლივით! ცოლივით მეთქი!

უკანასკნელ დროს, თეიმურაზი რომ შეჩვეულს გაიმეორებდა ხოლმე, მარგო მოუთმენლად მხრებს შეიშმუშვნიდა:

- კარგი, გაათავე! რაც იყო. - წავიდა და აღარ დაბრუნდება! დაგიზეპირებია მოცვეთილი სიტყვები და თუთიყუშივით იმეორებ. ყბედობას ისევ ის სჯობია, რომ ხელი გაანძრიო და ლუკმა პური იშოვნო!

მაშინაც კი, როცა თეიმურაზს მართლა ლუკმა პურიც არა ჰქონდა, მარგოსგან ასეთი დაშხამული სიტყვები არ გაუგონია. ეხლა რაღა მოხდა? რად შეიძულა და შეიზიზღა მარგომ ასე მძაფრად თვისი ქმარი? სად არის ამის მიზეზი?

ესმის თეიმურაზს, ყველაფერი ესმის!

როცა სიტყვა მოიტანდა, და თეიმურაზი ერთმანერთს დაუპირდაპირებდა ცოდნას და ძალას, განათლებულის ჩამოქვეითებას და გაუნათლებლის დაწინაურებას, მწიგნობართა უძლურებას და უმეცრების წარმატებას, მაძღართა დამშევას და მშიერთა გაძღომას, როცა თეიმურაზი შეადარებდა ხოლმე ტყიდან გამოვარდნილ ჯაყოს და თავის თავს, მარგო აიშლებოდა და თეიმურაზს პირში მიჰვარდებოდა:

- გეყოფა, გაათავე! ვნახე და გავიგე შენი წიგნების ძალაც და ნამდვილი ცხოვრებაც. ბუხარს შეუკეთე შენი წიგნებიც და ნაწერებიც!

ან კიდევ:

- რა ჭირად მინდა შენი ფუღურო სიტყვები და ჭიანაჭამი ცოდნა? მჩატესა და უძვალო ჭიაყელას ბუზიც კი იბრიყვებს. ჯაყომ არაფერი არ იცის, მაგრამ ყველაფერი შეუძლია. შენ ყველაფერი იცი, მაგრამ სანაგვეზე გადასაგდები ჩვარი ხარ, რა კაცი ხარ, ქათამიც ვერ დაგიკლავს!

თუ ჯაყო იქ იყო, ისიც მაშინვე წამოხტებოდა, ხელ-ფეხს აიშლიდა და აჭიხვინდებოდა:

- კნეინა მართალი ბრძანებ, მართალი! ბრინკა ხარ, ბრინკა! მალე მართლა გადაგაგდებდე სანაგვეზე.

კაცსა სისხლისა გეშინოდე და ქათამიც ვერ დაგკლავდე?! ფუჰ, შენი ვაჟკაცობა! ჯაყო არ ვიცის წიგნი, მაგრამ ჯაყოს ყველანი აი ასე გყავდეს ხელში, აი ასე!

და ხუთგირვანქიან მჯიღს ჰაერში მოსრესდა და, - სიტყვა რომ შემოაკლდებოდა, - წამოიძახებდა:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

მარგო თითქოს ოხუნჯობდა. მაგრამ მისი ღიმილი გულის ბრაზს ვერ ჰფარავდა.

- ეხლა კი ცხადია ყოველივე, ცხადი!

მარგოს თვალში ჯაყო წასაბაძ არსებად, ძალ-ღონის მაგალითად, ახალ ცხოვრების გმირად და დაუფლებულ ბატონად გადაიქცა. და ამ ბატონს უნდა დაეთმოს გზა და მოედანი, უნდა მიეცეს ფართე ასპარეზი მოქმედებისა და სრული უფლება ნავარდობისა, ვინაიდან მხოლოდ ჯაყო იყო ახლად შობილი ახალი ჯურის ადამიანი, მხოლოდ მას ჰქონდა დროს შესაფერი კუნთები, ბასრი კლანჭები და ფოლადის კბილები. ჯაყოები ამ კლანჭებით და კბილებით უძლურ ჭიაყელებს დაიპყრობენ, აღვირაწყვეტილ მხეცს დაიმორჩილებენ, მოშლილ უფლებას დაისაკუთრებენ, დაფანტულ ქონებას ხელახლად დააგროვებენ, ზარმაცებს აამუშავებენ, მოდუნებულ ძარღვებს გააცოცხლებენ, ახალ წესრიგს შეჰქმნიან და ახალ თანასწორობას, სამუდამო მშვიდობას და კეთილ ცხოვრებას დაამყარებენ, თანაც ყველას გემრიელ ლუკმას გაუჩენენ, ყველას, - ხევისთავსაც კი, რომელმაც ყველაფერი იცის, მაგრამ არაფერი არ ძალუძს!

აი, აკი გაუჩინეს კიდევაც თეიმურაზს დღიური ლუკმა! ტყუილად კი არ შესცქეროდა გაოცებულ მონასავით მარგო ანთებულ ჯაყოს, რომელიც ზოგჯერ გალიაში დამწყვდეულ მხეცივით დარბოდა და დორბლებს ჰყრიდა:

- ნეტა ჯაყოს გქონდეს ერთი წლით ნაჩალნიკობაი! ჯაყომ ვიცის მაშინა, როგორ გინდა კანონის გაკეთება! ისე მოგიგრიხო ნინიკასა, თომასა და ილასა კისერი, როგორც კარგი წნელი, მაშ. მაშა! შენ კი, ბრინკავ, შენც კარგი ლუკმა პური გიშოვნებოდე მაშინა. შენ ჩემი ბრძანება დაგწერდეს მაშინა.

გინდა ჩემი პისარი გაგხადო?

ხა-ხა-ხა! თეიმურაზმა აკი იპოვნა ბოლოს შესაფერი საქმე და ლუკმა პურიც... ჯაყოს დუქანში! დახლიდრად! ჯაყოს დახლიდრად! როდის, როგორ და რად მოხდა ასეთი ამბავი?

ღმერთო დიდებულო! ძლიერო ღმერთო! ეს რა რისხვა დაატეხე თეიმურაზს? რა შეგცოდა კრავივით უმანკომ და მტრედივით უცოდველმა თეიმურაზმა ისეთი რამ შეუნდობარი, რომ იმის კნაჭა კისერზე ასეთი დიდი წისქვილის ქვა დაატრიალე?! როგორ გაუძლო თეიმურაზის მილეულმა გულმა ამოდენა დარდს და ვარამს?! როგორ უნდა ჰზიდოს იმისმა უძვალო და მოდრეკილმა ხერხემალმა ესოდენი მოურევნელი ტვირთი?! როგორ უნდა განვლონ იმისმა გაძვალებულმა ფეხებმა დაულეველი, თეიმურაზისთვის გაუგებარი, მიხვეულ-მოხვეული და ბნელი გვირაბი დღევანდელ ცხოვრებისა.

- ისიც მარტომ, ერთად-ერთმა, ეულმა და დაობლებულმა, ვინაიდან მისი ერთად-ერთი მეგობარი, სულიერი ძმა და ერთგული მეუღლე მარგო ეხლა... ამ საშინელ გაჭირვების ჟამს. - ოდეს თეიმურაზს ფეხქვეშ დედამიწა გაუსკდა და თავზე ცა ჩამოენგრა. - ეხლა მარგო იქ არის... ჯაყოსთან...

ცალკე ოთახში...

უცებ თეიმურაზის ტვინი ცხელის შანთით დასდაღა ორმა მოგონებამ:

თეიმურაზმა ადრეც და ორი საათის წინათაც საკუთარი თვალით დაინახა მარგოს ფანჯრიდან გადმოყუდებული ჯაყო. რას აკეთებდა ჯაყო მარგოს ოთახში? ჰო, ჰო! მარგოს ოთახში იყო იმ წუთს ჯაყო, თორემ რატომ აივანზე არ გადმოდგა? ან როგორ მოასწრო ერთ წუთში თავის ოთახიდან მარგოს ოთახში გამოსვლა? ან რად გაჰბედა მარგოს ოთახში შესვლა და მძინარე დედაკაცის გაღვიძება? მაშ ორივენი ისე ურცხვად მაკინტლობენ და ჰყვარობენ ერთმანეთს, რომ ცოცხალ ქმარსაც კი აღარ ერიდებიან!

- ჰოი, უნამუსო დიაცო! ჰოი, ბილწო, სალახანავ! აღარც მორიდება, აღარც სინიდისი, აღარც სირცხვილი?!

ცხადად და ნათლად ხედავს თეიმურაზი: თმაგაშლილი და შიშველი მარგო ჯაყოს ბანჯგვლიან და ადლიან მკერდზეა მისვენებული. დათვის მორგვიან მკლავებში ვნებით და განცხრომით იწურება. ნადუმარი იჭვი ლანდად გადაექცა ხევისთავს და ლანდი თვალწინ მკაფიოდ გაეშალა.

თეიმურაზმა გულის კბენას ვუღარ გაუძლო და იმ სურათისკენ ცეცხლ-ნაკრავივით გაიწია. გაიწია და ბავშვივით ამოიკვნესა:

- ოოჰ, დედილო!

როდის, ან რად ჩაქრა სანთელი დუქანში?

დახლზე რაღაც შავი წამომჯდარა და ორს მწვანე სანთელს თეიმურაზს შამფურივით თვალებში უყრის.

თეიმურაზმა მოშლილი მკლავები უნებურად აიქნია. უცნაური ხმით შეჰკივლა და დაჭრილ პირუტყვივით შეჰბღავლა:

- ვაიმე!.. ჰეი, დაიკარგე აქედან!

დახლიდან შავმა კატამ ისკუპა და წყვდიადში შთაინთქა.

ეს რა დაემართა თეიმურაზს?! დათვრა თუ გაგიჟდა!? ისე ცხადად დაინახა ტიტველი და თმა-გაშლილი მარგო, რომელიც ჯაყოს მკლავებში იკლაკნებოდა, თითქო თეიმურაზი ორივეს თავთ წაადგაო, თითქო საკუთარის თვალით დაჰყურებდა მათს ხვევნას და მოძრაობას, თითქო მათი სუნთქვა და ქოშინიც კი ესმოდა.

მაშ გაგიჟდა თეიმურაზი, თუ დათვრა? თვითონვე ესმის, ხედავს და გრძნობს, რომ ხელებს დაწყვეტილ ფრთებივით იქნევს და ხმამაღლა ჰბოდავს, ჰსურს ხმაც ჩაიკმიდოს და ხელებიც დაიმშვიდოს, მაგრამ აღარც ენა ემორჩილება და ვერც ხელ-ფეხი შეუმაგრებია.

ბოლოს, ოდნავ გონს მოვიდა.

ოფლში გაწურული თეიმურაზი ჩაბნელებულ დუქანში რეტიანივით იდგა, თვალებს იფშვნეტავდა, შუბლს ისრესავდა, წნორის ფოთოლივით სთრთოდა და ჰკანკალებდა.



სიბნელეს და მარტოობას ვეღარ გაუძლო და დუქნიდან ბარბაცით გამოჩანჩალდა.

ფეხებში პირუტყვი გაეხლართა.

შეშინებული ძაღლი წკმუტუნით შეერია სიბნელეს.

ელდანაკრავმა თეიმურაზმა ერთხელ კიდევ შეჰბღავლა პირუტყვივით და დუქნის დირეზე ჩაიკეცა, თან მთრთოლვარე ხელით შუბლიდან ცივს ოფლს იწმინდავდა და გაუგებარს რასმეს ჰლუღლუღებდა.

ღამე ხევისთავის სულივით ჩაბნელებულა. ყოველივე მყუდროებით არის გაჟღენთილი. მხოლოდ ლიახვი შხუის და დუქნის უკან ხის თავზე ჭოტი გაჰკივის.



თეიმურაზი ვერ უძლებს ჭოტის კივილს. ხელების ფათურით გზაზე რამდენიმე ქვა აჰკრიფა და კაკალს დაუშინა. ჭოტის ფრთების შრიალი ჰაერში დაიკარგა.

დიდხანს იჯდა დუქნის დირეზე მიბნედილი, მოშლილი, გაბრუებული და გულმკვნესარი თეიმურაზი. ბოლოს, დაჭრილივით წამოიწია, მჩატე სხეული ძლივს აითრია, ლასლასით დუქნის უკანა ოთახში შეძურწდა და გახურებული ტანი გაუშლელ ლოგინზე დასდო.

რიჟრაჟზე ძლივს ჩაიძინა თეიმურაზმა, მაგრამ ძილშიც აგოდებულ გულზე ლოდივით ედო აყროლებული ლეში, თვისი ბედის ხვედრი, განუყრელი ძმა და მეგობარი, რომელიც თეიმურაზს ალბათ სამარემდე მიჰყვება, კუბოშიც ზედ დააწვება და იქაურ სიცოცხლესაც მოუშხამავს. გაუმწარებს და აუყროლებს.



ასე ჰფიქრობს ბურანში წასული თეიმურაზი, რომელმაც ძილის, ბურანისა და სიცხადის გარჩევის უნარიც კი დაჰკარგა.

ავზნიანმა სიზმრებმა ცივს ოფლში გასწურეს. მაჯლაჯუნამ სულთქმა შეუკრა. ჯაყო და მარგო თვალიდან არ ჰშორდებიან: სტლინკაობენ, ლაღობენ, ხარხარებენ, კუნტრუშობენ. ურცხვად ალერსობენ და მაიმუნებივით მაკინტლობენ.

ერთ უჯმაჯურ ლანდს მეორე მოსდევს, მეორეს - მესამე, და მეოთხეს - მეხუთე, ერთ-ერთმანეთზე უფრო ჭუჭყიანი, ბილწი და მურდალი.

დუქანი დაუკეტავი დარჩა.



ოთახში უპატრონო ძაღლი და კატა შემოვიდნენ და მიმკვდარებულ თეიმურაზის თავზე ბღარძუნი, ღრენა, კნავილი და ფრუტუნი ასტეხეს.

თეიმურაზს ერთ ხანს თითქო გამოეღვიძა, თითქო გონება დაუბრუნდა. თვალების გახილვა მოინდომა, მაგრამ ვერ გაახილა; გადატრიალება უნდოდა, მაგრამ ვერ გადაბრუნდა; ხსოვნაში მარგოს სურათი გამოიწვია, მაგრამ ვერც ეს მოახერხა: თავისი ცოლის სახეც კი დაავიწყდა!

მიბნედილსა და მოთენთილს, იმდენი ხალისი და ძალაც აღარ შესწევდა, რომ ხელი გაენძრია, ან დაეყვირნა, ძაღლი და კატა გაეგდო და დუქანი დაეკეტნა.

VII

დილით თეიმურაზი ერთმა გლეხმა გააღვიძა.

ხევისთავმა თვისი დაბეგვილი, მიხრწნილი და დაოსებული ტანი ძლივს აიტანა. ჯაყოც მალე ჩამოვიდა.

- როგორა ხარ, ბრინკა? ყაჩაღები ხომ არ მოხვიდოდე წუხელი? ხომ არ შეგაშინე ჩემ ნათლიასა?

- ავ...

ვვად ვარ, ჯაყო, - უპასუხა პირქუშმა თეიმურაზმა. - ექიმს უნდა ვეჩვენო. გ...გგორში მივდივარ...

ჯაყომ ეს ამბავი არც მოიწონა, არც დაიწუნა.

ერთი საათის შემდეგ ზევიდან გიბა ჩამოვიდა და თეიმურაზის მაგივრად დახლში ჩადგა. იმავ დილით თავის ნასახლარში ასული თეიმურაზი მარგოს ეუბნებოდა:

- ახ...ხხირებულ მდგომარეობაში ჩ...ჩჩავცვივდით, ცოლ-ქმარი ვართ. ერთ სოფელში ვცხოვრობთ და ერთმანერთი ვეღარ გვინახავს.

ს...სსტუმრობა მეტის-მეტად გაგვიგრძელდა. დროა წ...წწავიდეთ.

- სად? საით უნდა წავიდეთ? - ჰკითხა მარგომ ოდნავ შესამჩნევი ღიმილით.

- ს...სსადმე წავალთ. ჯერ არ ვიცი, დღეს გორში მივდივარ. ადგილს ვიშოვნი და...

მარგომ ცივად უპასუხა:

- წადი, როცა იშოვნი, მერმე ვილაპარაკოთ.



- უხ...ხხერხულია, მარტო ხარ ამ ოჯახში, მარგო...

მარგომ ნაძალადევად გაიღიმა:

- ეხლა მოგაგონდი? ან იქნება იჭვიანობ? ვისი გეშინიან? ჰა-ჰა-ჰა! ჯაყოსი გეშინიან მართლა?

- არა, მარგოჯან, ჯაყო ღირსი არ არის, რომ იმისი მეშინოდეს. მაგრამ...

მარგო უნებურად აინთო:

- ჯაყო შენი შიშის ღირსი არ არის? ვითომ რას უწუნებ?

- არ მ...მმესმის.

განა ამას ლაპარაკი სჭირდება! არ მესმის მეთქი... ეგ რა საკითხავია?

მარგო თავის უტაქტობას მიჰხვდა. უმალ უგულოდ გაიცინა და თეიმურაზს მკლავი მოჰხვია.



- კარგი, გენაცვა, კარგი... ვხუმრობ. წადი, იქნება მართლა სადმე ფეხი მოიკიდო.

თეიმურაზი უგულოდ გამოეთხოვა და წამოვიდა.

ჯაყომ აივნიდან გადმოსძახა:

- ბრინკა, ღმერთმა ხელი მოგიმართე! არხეინად იქნებოდე. მარგოს დარდი ნუ გექნებოდეს. ისე მოგივლი ჯაყო ნათლიდედასა, რომ შენი მოწონებული.



**

თეიმურაზმა საურმე გზას ოდნავ გვერდი აუქცია და ლევანაშენში შეუხვია.

შუადღე გადასული იყო, როცა თეიმურაზი ლევანაშენს მიადგა. ერთმა მოხუცმა თეიმურაზს ჯაყოს ნათესავის - თომას სახლი მიასწავლა.

ბებერმა თომამ თეიმურაზი მოწიწებით მიიწვია. ფეხთ დაჰბანეს და ამბავი გამოჰკითხეს.

- ჯაყომ მ...მმოგიკითხა, თომა. კარგა ხანია თომასთან არ ვვ...ვვყოფილვარო.

- შორიდან მოუარა გულის იარას თეიმურაზმა.

- მადლობელი, შენი წირი მე, მოკითხვისთვის, დიდი მადლობელი ხარ. ჯაყო ერთი წელიწადი არ ყოფილხარ ლევანაშენში.

- ჯაყო ამბობს, დიდი ხანია თომა არ მინახავსო. - მახეს აგებს თეიმურაზი.

- დიდი ხანია არც მე გინახავს ჯაყოი. ეხლა ჯაყო დიდი კაცი ხარ, აღარ გკადრულობ ღარიბი ნათესავები.

- შესჩივლა თომამ.

მერმე თეიმურაზს შეხედა, სიტყვა შესწყვიტა და წამოიწია:

- შენი წირი მე, ბატონო, რა დაგემართა? ავად ხომ არა ხარ?.. დედაკაცო, წყალი!

თეიმურაზმა მიბლეტილი თვალები ძლივს გაახილა, შეკრული კრიჭა ძლივს გაიხსნა და მილეული გული ძლივს მოიბრუნა. ზაფრანის ფერი ედო. ვეღარ ინძრეოდა და ძლივს-ღა ლუღლუღებდა:

- მ...მმადლობელი... წყალმა მიშველა... მზემ დამსიცხა...

ნუ სწუხდები, ჩემო თომა, ეხლა კარგათ ვარ... მმ...მმადლობელი.

- მოისვენე, შენი წირი მე, თორემა უარესი მოგივა.

თეიმურაზი მუთაქაზე მიწვა. დიდხანს ეგდო გულაღმა - თვალდახუჭული და უძრავი. სადღაც ძარღვი ჩასწყდა. გული თითქოს აღარ უცემს.

სისხლის დენა შეუჩერდა, კუნთები მოეშალა და თავი სკად გადაექცა. იმ სკაში ფუტკარის ხროვა ფუსფუსებს, ბზუის და თეიმურაზის ტვინს შხამიანი ისრებით ჰკბენს და ის ტვინიც ისე გახევდა და მიიბურა, რომ ერთ აზრსაც ვეღარ იკარებდა.

- აზრებიც ამ ფუტკარივით გამრავლდნენ, აირივნენ. ნაკუწ-ნაკუწად დასწყდნენ და ერთ უთავბოლო კორიანტელივით დატრიალდნენ.

თეიმურაზმა კრაზანების ბუდე ვერ დაიმორჩილა, ფიქრს თავი და ბოლო ვერ უპოვნა, აზრის მთლიანი ძაფი ვერ გააბა და გონებას ბილიკი ვერ გაუკვლია. ხევისთავი მხოლოდ გრძნობს კრაზანების უთვალავ ნაკბენს, მას ესმის მათი შხამიანი, კაპასი და მწვავე ბზუილი; ესმის და ეშინიან გამწარებულ კრაზანების უარესად გაღიზიანების, დაფრთხობისა და აფორიაქების. გაშეშებული წევს და გულისცემის შეწყვეტას ელოდება.



მერმე თვალებს ძლივს ახელს და თომას ჩურჩულით ეკითხება:

- მაშ რამდენი ხ...ხანია, რაც ჯაყო აქ არ ყოფილა?

- ერთი წელიწადიც ვიქნები, შენი წირი მე.

- მაშ ჯაყოს ორი თვის წინად ურმით არ შ...შემოუვლია შენთან?

- არა, შენი წირი მე; არ შემოგივლია. მე სულ სახლში იყავი.

- კარგი... ძალიან კარგი, ცოტა წყალი კიდევ მ...მმომაწოდე... ჩქარა!

კეთილი და პატიოსანი! თეიმურაზმა ეხლა ყველაფერი იცის. ძალიან კარგი! გუშინ თეიმურაზი ეჭვიანობდა, დღეს კი ყველაფერი ცხადია.



გუშინ მიმქრალ გულში ოდნავ კიდევ უღვიოდა იმედის ჭრაქი, ეხლა კი ისიც ჩაჰქრა და ხევისთავის გულში მოწამლული წყვდიადი ჩაწვა.

ოოჰ, ნეტა, ნეტამც ის სანთელი მაინც არ ჩამქრალიყო და თეიმურაზის გული ასე უღვთოდ არ ჩაბნელებულიყო! მაგრამ რაც მოხდა, მოხდა! ეხლა ეჭვის ნატამალიც გაჰქრა და უძირო ბნელეთმა შავი და საზარელი პირი დააღო.

მაშ ასე! მაშ მარგომ თეიმურაზი ჯაყოზე გასცვალა! ხა-ხა-ხა! ჯაყოზე!

- ვისზე გასცვალა?

- ჯაყოზე, ჯაყო ჯივაშვილზე!

მაშ დაიჯეროს თეიმურაზმა?

თუ უნდა, ნუ დაიჯერებს...

მაშ როგორ უთხრა მაშინ ჯაყომ თეიმურაზს?

- ურემი გაფუწდებოდე... ღამე ლევანაშენში გაგატარე, ჩვენ თომასთანა.

ესეც ლევანაშენი... აი, თომაც აქა ზის...



მაშ დაიჯეროს თეიმურაზმა?

მაშ გასცვალეს თეიმურაზი?

- ვინ, მარგომ?... ვისზე, ჯაყოზე?!

- დიაღ, ჯაყოზე, ჯაყო ჯივაშვილზე! იმ ჯაყოზე, რომელიც ეხლა ალბათ დოინჯშემოყრილი სდგას და ჭიხვინებს:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

- ხა-ხა! - როგორ არ გაიცინოს თეიმურაზმა! - ხი-ხი-ხი!

თომამ თეიმურაზს შუბლზე ხელი დაადო და გამოაფხიზლა:

- რას ვიცინი, შენი წირი მე?

თეიმურაზი წამოჯდა:

- მე? მე ვ...ვვიცინი? რად ვ...ვიცინი?

- მეც მაგას გეკითხები, შენი წირი მე, რათ ვიცინის მეთქი ბატონი?

რად იცინის თეიმურაზი? როგორ არ გაიცინოს! განა სასაცილო არ არის?! ჯაყომ თეიმურაზს ცოლი წაართვა! დიაღ, წაართვა!

მაშ ვინ წაართვა ცოლი თეიმურაზ ხევისთავს?

ტყიდან გამოვარდნილმა ნადირმა, უგუნურმა პირუტყვმა, გუშინდელმა მოჯამაგირემ, რეგვენმა, ბრიყვმა, და ბნელმა ჯაყო ჯივაშვილმა! იმ ჯაყომ, რომელიც გუშინ თეიმურაზის ნახირს დასდევდა, მუდმივ ნეხვით იყო შეთხუპნილი და ჭუჭყისაგან იყო შეჭმული! რომელიც არასოდეს საპონს არ იკარებდა და არც პერანგს იცვლიდა! ჯაყომ წაართვა, ჯაყომ! ჯაყომ, რომელიც ისე იყო აყროლებული, რომ მისი სუნი, - როცა ჯაყო თეიმურაზის სახლში შევიდოდა ხოლმე, - სამი დღე მაინც სტრიალებდა იმ ოთახებში! და ის სუნი, ის თავბრუდამხვევი სიმყრალე ეხლაც თან დაჰქონდა გამდიდრებულ ჯაყოს!

მერმე, ვის წაართვა ცოლი ჯაყომ?!

განთქმულ საზოგადო მოღვაწეს. ცნობილ მწერალს, პატიოსანთა შორის პატივდებულს, ამაყსა და ქედუდრეკ თავადიშვილს - თეიმურაზ ხევისთავს! ჯაყომ არ იმყოფინა წართმეული სახლ-კარი, ბაღი და ვენახი, ეზო და ნაფუზრები, ავეჯი და წიგნები...

- რათ ვიცინის, შენი წირი მე? - კვლავ ეკითხება თომა.

თეიმურაზს მისი ხმა აღარ ესმის.

თეიმურაზმა პატიოსნების და ცოლის გარდა ყველაფერი დაჰკარგა. ეხლა კი მათი ჯერიც მოვიდა.

ცოლიც ჯაყომ მოსტაცა და პატივიც იმან აჰხადა! განა ასეთი ამბავი სასაცილო არ არის?! მაშ არ უნდა გაიცინოს თეიმურაზ ხევისთავმა?!

ისევ თომას ალერსიანი ხმა ესმის:

- ალბათ კარგათა ხარ, შენი წირი მე, რომ აგრე ვიცინის, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. მხიარული კაცი ყოფილხარ.

ჰო, რა თქმა უნდა, თეიმურაზი მხიარული ადამიანია! წეღან მზემ დაჰსიცხა და ოდნავ უქეიფოდ გახდა, თორემ ბუნებით თეიმურაზი ძალიან მხიარული ადამიანია!

- ეხლა როგორ ბრძანდები, შენი წირი მე?

ეხლა? ეხლა არაუშავს-რა თეიმურაზს.

ეხლა ძალიან ყოჩაღად არის.

მაშ თეიმურაზს ცუდი ფერი ადევს? ეს არაფერია, მალე გაივლის ...

ვითომ ფეხზედაც ძლივსა სდგას? ეს კი ტყუილია! აბა შეხედოს თომამ, რა მარდად გაივლის თეიმურაზი...

რა სთქვა თომამ? მაწონი მაინც შესჭამოს თეიმურაზმა?

- მ..მმადლობელი, თომაჯან, მ...მმადლობელი, არა მშიან...

მ...მმშვიდობით და გამარჯვებით! გამაცილებ? არა, გენაცვა, არა!.. საჭირო არ არის გაცილება, ნუ სწუხდები.

თეიმურაზმა ძალ-ღონე მოიკრიბა, წელში გასწორდა, ფეხები მოიმაგრა და ეზო ყოჩაღად გადასჭრა. ღობეს რომ გადასცდა, უცებ ხელახლად მოიშალა. კისერი ისევ მოსწყდა, კვლავ ორად მოიკაკვა. ფეხები ერთმანერთში გაეხლართა და ყელში რაღაც ბურთი მოაწვა. საჩქაროდ გზას გადაუხვია, დადამბლებული და ნაგვემი ტანი გატეხილ ღობეზე ძლივს გადაითრია, ვაზებში შეერია, ბალახებში პირქვე დაეცა, მძაფრად დაჭიმული ნერვების სიმები მოუშვა და დაგუბებულ დარდს პირი მოურღვია.



ბავშვივით ატირდა თეიმურაზი.

სლუკ-სლუკით ქვითინებდა და გამხდარ მხრებს ისე ახტუნავებდა, თითქო ბნედა დაემართაო.

მხოლოდ ბავშვობაში სტიროდა პაწაწა თეიმური ასეთი შვებით და ასე გულიანად. როცა თხუთმეტი წლისას დედ-მამა დაეხოცა, პატარა გული ასე მძაფრად მაშინაც არ ამოსჯდომია. ეხლა კი, როცა მუგუზი გული აუპრიალდა, ჯავრით ნაგვემი თეიმურაზი სიმწარისაგან ვაზის ყლორტებს ამტვრევდა და ბალახს ფესვიანად ჰგლეჯდა.

**

დიდ ხანს ეგდო ბალახებში გაბრუებული, გონება-გაფრენილი, გარინდული და განაბული თეიმურაზი. შხამიანი კოღოები თავში აღარ უბზუოდნენ და ტვინსაც აღარ ჰკბენდნენ.



ბოლოს, როცა ტირილით გული მოიოხა და ფიქრთა ბრძოლა გაათავა, წელმოწყვეტილი ნაკაცარი ძლივს წამოდგა და ზლაზვნით გზას გაუდგა.

გადაწყვეტილი არ ჰქონდა, ნაშინდარში დაბრუნებულიყო თუ ისევ თავის გზით წასულიყო, გორში ფეხი მოეკიდნა და მერმე, მარგოს წასაყვანად, ისევ ნაშინდარში ამოსულიყო.

თეიმურაზმა ოდნავ პირშეკრულ იარაში კვლავ ჩაირჭო მახვილი და დაიტრიალა. ურჩი მაჯლაჯუნა ისევ ჩაუძვრა მინელებულ სულში და ცეცხლი მოუკიდა.

რაო, რა სთქვა თეიმურაზმა? ნაშინდარში უნდა ავიდეს მარგოს წამოსაყვანად? ვინ ჰბოდავს თეიმურაზის გულში ასეთს უკადრისს სისულელეს? ალბათ ვიღაც უჩინარი ჰროშავს ასეთს ტუტუცურს, თორემ თეიმურაზი ამას როგორ იტყვის!

მარგოს წასაყვანად?.. კეთილი, მაგრამ მარგოც რომ გაჰყვეს თეიმურაზს, განა ისე უნდა დაიმციროს თეიმურაზ ხევისთავმა თავი, რომ კვლავ მარგოს ხმა გასცეს? განა ისე უნდა გაილახოს სახელი და დასთმოს ნათავადური თავმოყვარეობა, რომ ჯაყოს ნახასარს შეუნარჩუნოს ხევისთავის სახელი? ჭუჭყიან ნამრუშალს და ნამძუნვარს განა ისევ უნდა მოუალერსოს და ისევ გვერდით მოუწვეს!? შებილწულ მკერდზე ისევ თავი მიადოს და ჯაყოს დალოშნილ ტუჩებს მიეკაროს?!

- ჰოი, უწმინდურო, ჰოი, მურდალო დედაკაცო! ჰოი, გარყვნილო პირუტყვო! როგორ ატარებდი ამდენ ხანს თეიმურაზ ხევისთავის სახელს და ანგელოზის ნიღაბს?! რამდენი ტალახი და შხამი გქონია დაგროვილი მარმარილოს მკერდის ქვეშ! როგორ ვერ გაარჩია აქამდე თეიმურაზმა გველი კრავისგან, ლენცოფა სუნნელ ყვავილისგან და სალოცავი ხატი ქუჩის სალახანა გომბიოსგან, რომელიც პირველივე ღამეს გაჰყვა ტყის კაცს ჯაყოს, რადგან იმ ნადირს თეიმურაზზე უფრო განიერი მხარ-ბეჭი ჰქონდა, უფრო სქელი ბარძაყები, ძლიერი მკლავები და... ალბათ მეტი ცეცხლიც!

უეჭველია, ცხადია! ცხადია, რომ ასეთი ფეხსუსტი მაწანწალა აქამდესაც დაეთრეოდა კარით-კარ და ყოველ ულაყს, თუნდ მეეზოვეს ან მეჩექმესაც ადვილად მისდევდა.

მხოლოდ ეხლა აგონდება თეიმურაზს მრავალი შორეული, საეჭვო ამბავი, მარგოს ორპირი ღიმილი და ნაჭარბევი პრანჭიაობა... თეიმურაზს მარგოს შორეული ნაცნობი და ნათესავებიც აგონდებიან, რომელნიც ვითომ... აი, თუნდ მიხა ზედაუბნელი, ან ნიკო ჩუხიშვილი, ან კოტე შიქარაძე...

ცხადზე ცხადია, რომ მარგო ყველას სწყალობდა, ემორჩილებოდა, ჰყვარობდა!

- ჰოი, ბიწიერო! ჰოი, ჭრელო გველო! გაუმაძღარო, მსუნაგო გომბიო! ხომ იპოვნე ბოლოს შენი ღირსეული ტოლ-ამხანაგი! თუ ჯაყო არ გეყოს, მიიშველე ქეშელაც, ტურაც, გიბაც, ტელაც, მეშთაც და ყველა ნაშინდრელი გლეხებიც! ორასი კაცი მაინც მოგროვდება! ყველანი ჯერში ჩაიყენე და აქავებული ავი ვნება მოიფხანე! ფუჰ, შენს ნამუსსა და ქალობას!

და თეიმურაზმა მტვერში შხამი და გესლი გადააფურთხა.

აშლილი თეიმურაზი მარდად მიაბიჯებდა გორისკენ, თან ოფლს იწმენდავდა, ხანგამოშვებით გულ-ღვიძლით ოხრავდა და გზის ჩაყოლებაზე ჩარიგებულ წნორის ფოთოლსა და ყლორტებს შინდის ჯოხით სხეპავდა. ირგვლივ არც კი იხედებოდა და გამვლელ მგზავრებსაც ვერ ამჩნეოდა. შორიდან მხოლოდ ატენის მთებს და გორის ციხეს ჰხედავდა, რომელნიც თან-და-თან თეიმურაზისაკენ მოდიოდნენ.



გორის ბაღებს და ციხეს რომ გასცდა და მთავარ ქუჩაზე გავიდა, თეიმურაზმა ნაძალადევად გული გაიმაგრა და პირსახე გაიშალა.

თეიმურაზი ერთ კვირას დარჩა გორში, ხან ძველ მეგობარს მიადგებოდა კარზე, ხან კიდევ შორეულ ნათესავს მოიკითხავდა. მაგრამ ფეხი ვერსად მოიმაგრა და თავ-მისადები კუთხე ვერ იპოვნა.

ხევისთავის ნაცნობნი, მეგობრები და ნათესავებიც შრომით წელებზე ფეხს იდგამდნენ და ერთი ლუკმის გულისთვის ერთ თასს ოფლსა ჰღვრიდნენ. თეიმურაზი გაფაციცებით ეძებდა სამსახურს და თუნდ შავ საქმეს, თუნდ გადამწერის, დარაჯის ან გზირის ადგილსაც დიდის მადლობით მიიღებდა. უცნობსა და ნაცნობს დილით საღამომდე კუდად დასდევდა, ან, ქედმოხრილი, სამ საათს ერთს "არას" უცდიდა, ხან კიდევ უცნობ ადამიანს ბინის კარებს უკაკუნებდა, ცრემლიანი ხმით ეხვეწებოდა, შვიდ საფიცავს ფიცულობდა და ყველა თავის წარსულს აცნობდა.

ტყუილად ირჯებოდა თეიმურაზ ხევისთავი და ტყუილად უამბობდა ახალ ხელისუფლებას თავის ვინაობას.

მას მაინც ეგონა, ვითომ ცხვირწინ კარებს იმიტომ უკეტავდნენ, რომ თეიმურაზს არ იცნობდნენ. მხოლოდ მერმე მიხვდა ლუკმა პურის მაძიებელი, რომ მას არ ენდობოდნენ, რადგან იმის წარსულს ზედმიწევნით იცნობდნენ.

ბოლოს, როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ვერსად ვერაფერს გააწყობდა, რომ ქვის გულს ვერ გასტეხავდა, ყინულს ვერ გაალხობდა და ერთ დაკეტილ კარებსაც ვერსად ვერ შეაღებდა, სულშეღონებული მწიგნობარი წინანდელზე უარესად მოიბუზა, დაბნელდა და უიმედობის სევდით და შავის ნაღველით გაიგუდა.

VIII

კვირა დღე იყო. თავჩაღუნული თეიმურაზი რიჟრაჟიდან გორის ბაღების გარშემო დახეტიალობდა, - უგზო-უკვლოდ, უაზროდ და უმიზნოდ.

მერმე, მინგრეულ ხუთკარიან ციხეში ქაქანით ავიდა, გალავანზე აცოცდა და ჩაფიქრდა.

მარგოზე აყრილი გული იმ ხეტიალსა და მარტოობაში თავისთავად მოუბრუნდა.

გუშინდელი დარდი დღევანდელმა ვარამმა დაჩრდილა.

სადღა წავიდეს თეიმურაზი? ვის მიადგეს კარზე? ვის აეკიდოს სამადლოდ? კიდევ ვის შეახიზნოს მოძულებული თავი? არსად და არავის. ყველა გზები გადაჭრილია და მშველელი ხელიც არსაიდან არ მოსჩანს.

ოოჰ, ნეტა შეეძლოს თეიმურაზს ქვის ზიდვა, აგურის ზელვა, შალაშინის, ან ჩაქუჩის მოხმარება! ისიც ხალისით და სიხარულით ჩაერეოდა მაშინ აგერ იმ მუშებში, რომელნიც მიწისძვრისგან დანგრეულ გორის სახლებზე მუშაობენ. ჩაერეოდა და შავს ლუკმას თავის ოფლით გააგემრიელებდა.

თეიმურაზმა ითხოვა კიდეც შავი მუშაობა, მაგრამ ზედ რომ შეჰხედეს და სათვალეები დაუნახეს, მასხრად აიგდეს და ცივად გააბრუნეს.

ცოლის ღალატის შხამიც თითქმის დაავიწყდა.

გული წინანდელივით აღარ უბორგავს. იქ დაბუდებული გველის წიწილებიც გაიძურწნენ და შხამიანი ნაღველიც თავის-თავად დაიწურა. დარჩა მხოლოდ შავი სევდა, - ისიც დალექილი და დაწრეტილი.

თეიმურაზის ფეხქვეშ მინგრეული გორი ფუსფუსებს. ციხის მარცხნივ და უკან ბაღები გადაჭიმულან. მარჯვნივ მტკვარი და ლიახვი ერთმანერთს ეხუტებიან. გაღმა რკინის გზისა და ნავთის სადგურები მოსჩანან.

უფრო ქვეით მატარებელი შავი გველივით ოხვრით და ქშენით მოსცოცავს. გამოღმა ნაცრისფერ კლდეში უფლის ციხეს მესამე თუ მეოთხე ათასეულით სძინავს. მტკვარი თვალუწვდენ სიგრძეზე ვერცხლის ქამარივით ჩაწოლილა ქაჩალ ჭალებსა და უდაბურ კალაპოტში. აღმოსავლეთით მტრედის-ფერ ნისლში ოდნავ მოსჩანან ქსნის ქედი და ზედაზენი. დასავლეთით და ჩრდილოეთით ქართლის მინდორი დილის ბურუსში და მთების კალთებში იკარგება, ხოლო სამხრეთით, იქვე, სადგურის თავზე, ტყით შემოსილი თრიალეთის ტოტი აღმართულა.

თეიმურაზი გორში რომ მარტო დარჩებოდა, სადმე კუთხეში მიწოლილი, ლუკმა პურის დევნით მოქანცულ-მოშხამული, ან როცა "არას" მოლოდინში ორ-სამ საათს იჯდა გახევებული, აზრით ისევ ნაშინდარში გადაფრინდებოდა ხოლმე, ისევ მარგოსკენ მიილტვოდა, ისევ თავის ერთად-ერთზე ჰფიქრობდა და ზრუნავდა, ისევ თავის მეუღლეს ევლებოდა, მაინც მას დაჰთრთოდა და დაჰკანკალებდა.

მისი მოღლილი გული ეხლაც ჰკვნესის და წუწუნებს:

- იქნება მოსტყუვდი? იქნება ბებერ თომას დაავიწყდა ორი თვის ამბავი? ან ეგებ მაშინ ჯაყომ ხუმრობით დაასახელა თომა, ან მატარებელმა დაიგვიანა, ან კიდევ...

ვინ იცის, რა იყო და როგორ იყო? რათ დაიჯერე ასე ადვილად მარგოს ღალატი? რათ აფორიაქდი და აფეთქდი თოფის წამალივით? ვსთქვათ, ასეც მოხდა: ჯაყომ მარგო დაიმორჩილა. მისი სუსტი ნებისყოფა დაიმონა. მერმე? რა მიზეზია? რათ გაგცვალა მარგომ ჯაყოზე? რათ გამოდგა უგეში ჯაყო იმ ბრძოლაში ჯადოსანი და დაუჯაბნელი? სად არის ფესვი ასეთ უცნაურ არჩევანისა? ცხადზე ცხადია მხოლოდ ერთი რამე: მარგოს რომ ჯაყოს მაგიერ სხვა ვინმე შეჰხვედროდა, - შენზე შეძლებული და ჯანიანი, - ისევ ეს ამბავი დაგემართებოდა: მარგო თავს დაგანებებდა და იმ უცნობს მიეკედლებოდა. მაშ ჯაყო რა შუაშია? ცხადია, ჯაყო უბრალო შემთხვევაა და თეიმურაზის უბედურებაში ბრალი არ მიუძღვის.

უცებ რასპუტინი გაახსენდა, - ბნელი, მურდალი და რეგვენი ციმბირელი მუჟიკი. გაიხსენა და ჯაყოს დაუპირისპირა. ხევისთავი კარგად იცნობდა შავი რუსეთის შავს ბედს - ჭუჭყიანსა და სალოს გრიშკას.

ალღო არ ატყუებდა თეიმურაზს: ცხადია, ცხადზედ ცხადია, რომ რასპუტინიადის რელიგიურსა და მისტიურ ბოდვას სარჩულად ედო ბნელი და მძლეთა-მძლე სქესი, რომელმაც იმ ქადაგს სეფე ქალებიც კი დაუმორჩილა, ტახტამდე ააგდო და უგვირგვინო მეფედ აქცია. რამდენი ათასი ყოფილა ასეთი მაგალითი! რამდენ ათას წარჩინებულ დედაკაცს აუყვანია საყვარლად მეჯინიბე ან მზარეული, მებაღე ან შოფერი! აი თუნდ მარგოს ნათესავი კნეინა "გიჟი ბაბალე". მთელ ქალაქს ეხლაც ახსოვს უმაგალითო სკანდალი: ბაბალე თავის მეჯინიბეს ჰყვარობდა, მეჯინიბეს! ერთი რომ არ იმყოფინა, თავისი მოურავი ნაზარიანციც კუროდ დაისვა და თავისი ჭუჭყიანი ნაჩუმარი არც კი დაჰმალა. ხოლო მისი ქმარი - მეფის გენერალი, კეთილშობილი, განათლებული და პატივდებული ელიზბარ ყაფლანიშვილი მხოლოდ განზე გადგა და თავის გამეძავებულ მეუღლეს თვისი გვარიც არ ჩამოართვა. უფრო მეტიც - ფულსაც კი აძლევდა და ეტლებსა და სასახლეს უნახავდა!

კნეინა ელისაბედ ტაშისკარელი, ათიოდე წარჩინებული საქმრო რომ დაიწუნა, შარშან ყასაბს გაჰყვა ცოლად, ყასაბს - სისხლიანს, ქონიანსა და ტურტლიან სალახს!

კიდევ მრავალი მაგალითი აგონდება თეიმურაზს. აგონდება და თავის თავს ეკითხება:

- რით სჯობიან ჯაყო ჯივაშვილს ბნელი გრიშკა რასპუტინი, ქონიანი სალახი და ნეხვიანი მეჯინიბე?

- არაფრით, არაფრით!

რა თქმა უნდა, არაფრით! ხევისთავი გამწარებულია, მაგრამ სამართლიანობის უნარი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს.

- ოღონდაც არაფრით, ოღონდაც!

მაშ ვინ, რამ დაატეხა თეიმურაზს ასეთი უმაგალითო სირცხვილი, ასეთი გაუძლისი უბედურება? ისევ თავის თავს უნდა უჩიოდეს და ემდუროდეს თეიმურაზი, ისევ თვითონ არის ბრალიანი და დამნაშავე.

ის მეტის-მეტად გადაჰყვა მწიგნობრობას, საზოგადო საქმეს და ქვეყნის ცხოვრებას, ზანზიბარსა და ეშმაკის კუნძულს, ლლოიდ ჯორჯსა და მაროკკოს, კლემანსოს და ლიბერიის რესპუბლიკას. გადაჰყვა თეიმურაზი და დაივიწყა, რომ გვერდით ცოლი ჰყავდა, რომ მარგოც დედაკაცი იყო, რომ იმასაც უნდოდა მოვლა და პატრონობა, მზრუნველობა და სიყვარული, რაც მარგოს თეიმურაზმა დააკლო, ჯაყომ შეუვსო. - აი უბრალო, მარტივი და ბუნებრივი ამბავი, რომელიც გაცხარებულმა თეიმურაზმა მეტის-მეტად გაჰბერა და გასჭიმა.

კიდევ აგონდება თეიმურაზს:

მარგო სხვებისთვის გულცივი, ალაგმული, მშრალი და მიუკარებელი დედაკაცი იყო. ამიტომ ერიდებოდნენ მამაკაცები და სიყვარულის ნაცვლად პატივს სთავაზობდნენ. ხოლო სისხლჭარბიანმა ჯაყომ მეორე მხრიდან მოუარა და პატივსა და შორი გზას ძალა ამჯობინა.

თეიმურაზს ისიც ახსენდება, რომ ქალი დაუმთავრებელი ბავშვია, - სუსტი, უღონო, გულჩვილი, მორცხვი და ლბილი; რომ მას აქვს თავისებური თვალი და ყური, აზროვნება და გრძნობა.

ქალური ალღო და ზნეობა, მდედრული შეგნება ამ ქვეყნის, მისი ხმის, ფერის, წეს-რიგისა და კანონების - ყოველივე მამაკაცისთვის უცხო, უხილავი და მიუგნებელი.

გაიხსენა თეიმურაზმა ის მოურევნელი გაჭირვებაც, რომელიც ქმრის დაუდევრობით თავთ დაატყდა მარგოს: ავეჯეულობისა და მორთულობის თანდათანობითი დალევა, ბნელსა და ნესტიან ოთახში სულის შეხუთვა, დაკერებული ორიოდე კაბა, დაგლეჯილი ფეხსაცმელი, დაძონძილ-დაკონკილი საცვალი, უხეირო საჭმელი, ზოგჯერ შიმშილიც, ჭუჭყი, სიცივე, დაკნინება და გაველურება.



- ღმერთო ჩემო! - წამოიძახა გულში თეიმურაზმა. - რამდენი უბედურება აიტანა საბრალო მარგომ, რამდენი! დაიტანჯა და ჯვარს ეცვა საწყალი დედაკაცი! არა, მარგო უბრალოა: მას არა აქვს ნებისყოფა, სიმტკიცე და გამძლეობა. დაიტანჯა საწყალი მარგო! დაიტანჯა და დაილია, დადნა და ჯვარს ეცვა! უბედური მარგო! საბრალო დედაკაცი!

ბოლოს, თეიმურაზმა გულის ნაუბარს დაუჯერა და მარგოს ბრალი სავსებით თავის კისერზე გადიჭდია. კვლავ ციხის კედელზე იჯდა, ისევ შუბლში მჯიღს იცემდა და ზოგჯერ გულში, ზოგჯერ კიდევ ხმამაღლა გაჰკიოდა:

- ახია ჩემზე, ახი! ეგრე მინდა, ეგრე! ეს ერთი და სხვა ათასი!

გაახსენდა თეიმურაზს ლევანაშენის წამებაც და ის საზარელი ღამეც, რომელიც ჯაყოს დუქანში გაატარა; გაახსენდა ჩირქი და ტალახი, რომელიც იმ ღამეს და იმ დღეს მარგოს შეასხა; მოიგონა თვისი დაჩაგრული მეუღლის შებღალვა და შებილწვა; მოიგონა და თვითონვე შერცხვა თვისი სიფიცხისა და აპრიალებისა. მაშინდელ როშვას დღეს გულში ჰნანობდა და უდანაშაულო მარგოს წინაშე ბოდიშს იხდიდა:

- ჩემო საბრალო მარგო! ჩემო უმანკო მარგუში! ჩემო საწყალო მარგალიტო! ჩემო ერთად-ერთო მეგობარო! მიუტევე შენს თეიმურაზს, თუ მან შეურაცჰყო და წაჰბილწა შენი წმინდა სული და უმწიკვლო სახელი!

ვიღაც უჩინარი, ავი და ბოროტი სული გვერდით მოუჯდა უკვე განსპეტაკებულ თეიმურაზს.

გაშმაგებით ებრძვის იმის გულს და ხანგამოშვებით მოაგონებს მამაკაცის თავმოყვარეობას:

- სირცხვილი? საქვეყნოდ თავის მოჭრა? შენი გამასხარავება? ყველანი ზურგის უკან დაგცინიან, ხევისთავის სახელს სთელავენ, პატივს აღარ გაძლევენ, კარებს გიკეტავენ და ზურგს გიჩვენებენ.

ხანგრძლივსა და მწარე ბრძოლაში, ბოლოს, გულმა ამპარტავნობას დასჯაბნა და საბოლოოდ დაიმორჩილა.

**

თეიმურაზი იმ დღეს პირველად გრძნობს მარტოობის სიმწვავეს, ეულობის ტკივილსა და უპატრონობის გაუძლისობას. არც წინად და არც ეხლა თეიმურაზს თურმე მარგოს მეტი ამ ქვეყნად არავინ ჰყოლია. მისი თანაზიარნი და მიმყოლნი თურმე მხოლოდ ქუჩაში, კრებებსა და ჭამა-სმაში ყოფილან თეიმურაზის მეგობრები. ეხლა კი როცა მას ლხინი ჭირად შეეცვალა, როცა მიშველება, გამხნევება და ნუგეში დასჭირდა, - ყველანი გაიფანტნენ და ცხოვრების ულმობელ მოედანზე თეიმურაზი მარტოდ-მარტო დასტოვეს. მხოლოდ ერთგული მარგო ედგა გვერდით, მხოლოდ მან გასწია თეიმურაზის ავბედითი უღელი, მან გაიზიარა მისი ჭირი და ვარამი, შიმშილი და უძილო ღამე, შავი სევდა და მწარე ცრემლი.



განა მარგომ ცხადად არ დაუმტკიცა თავის ქმარს ცოლის ერთგულება, მეგობრის მოვალეობა, უსაზღვრო მოთმინება და საარაკო გამძლეობა? ეხლა კი თეიმურაზს ეს ერთად-ერთი მეგობარიც უნდა ჩამოაშორონ?! და თეიმურაზმა ანაზდეულად იგრძნო თავზარდამცემი შიში ბავშვისა, რომელიც დედამ უცხო და ბნელ ქვეყანაში თავის კაბის კალთას ჩამოაშორა და მარტოდ-მარტო დასტოვა. იგრძნო ასეთი შიში თეიმურაზმა და აჟრჟოლდა, დაიბნა და აჩუყდა. და როგორც უპატრონოდ მიგდებული ბავშვი დარბის ჩაბნელებულ ქალაქში და მთრთოლვარე ხმით გაჰკივის: "დედა! დედილო! სადა ხარ, დედილოო", თეიმურაზიც ასე ეულად იჯდა გორის ციხის კედელზე და იძახდა:

- მარგო! ჩემო მარგუში!... ჩემო მარგარიტავ! ჩემო მარგალიტო! მომწყინდა უშენობა... დავიტანჯე უშენოდ. ალბათ უჩემოდ შენც გიკვნესის გული. ალბათ შენც დაგელია თვალი ჩემს მოლოდინში.



ვერა, თეიმური ვერ გაუძლებს ობლობას! ვერ დარჩება თავის დახაშმულ ბედის ანაბარად, მარტო ვერ გასწევს ცხოვრების უღელს! იგი რკინასავით დამძიმდა და კლდესავით დააწვა თეიმურაზის ჩამტვრეულ ხერხემალს.

- წავალ ნაშინდარში, ხელს ჩავავლებ ჩემს ცოლს და წამოვიყვან. ქვეყანა დიდია. შიმშილით არ დავიხოცებით. დღე და ღამეს გავასწორებ, თუნდ მოჯამაგირედ დავდგები... ჩემს მარგოს კი დედოფლად დავისვამ და ერთგულად ვემსახურები. ალბათ თავი და ხელი ვერ გავანძრიე წესიერად, თორემ ჩემისთანა კაცი მართლა როგორ მოკვდება შიმშილით! ვიშოვნი ერთ ლუკმა პურს, ყოველთვის ვიშოვნი! ვიშოვნი და ამიერიდან მხოლოდ მარგოსთვის ვიცხოვრებ და მხოლოდ იმას შევსწირავ დანარჩენ ჯან-ღონეს და სიცოცხლის დღეებს.

კმარა! გათავდა ჩემი საზოგადო მოღვაწეობა! ეხლა ჩემთვის და მარგოსთვის უნდა ვიცხოვრო. თუნდ ერთ საათში დაღუპულან და წყალსაც წაუღია ზანზიბარიც, ლიბერიაც, რურიც, მოსსულიც, სუდანიც, ბესსარაბიაც, ეშმაკის კუნძულიც და ბოტოკუდებიც, ლოიდ ჯორჯიც და ერრიოც, პუანკარეც და კერზონიც, მაკდონალდიც და მუსოლინაც, წიგნიცა და... ქართული საქმეც! დიახ, ქართული საქმეც! მორჩა და გათავდა!

დიახ, მორჩა და გათავდა!

მაგრამ... თეიმურაზის გული გონებას არ ემორჩილება. ცარიელია იგი. შიგ ბნელი ღამე ჩაწოლილა.

რწმენას ეძებს თეიმურაზ ხევისთავი; ეძებს ღმერთს ან სატანას, ზეციურს ან ქვეყნიურს.

სულის სიბნელეს ისევ ის სჯობია, რომ გულში შავი ქვა ედოს, ურწმუნო სულის ტარება და ცარიელის გულით სიარული აღარ შეუძლიან, არა!

იმ საშინელ ღამის შემდეგ, როცა ივანემ თვალი აუხილა, თეიმურაზს პატარა სახარება თან დააქვს ჯიბით, მალვით კითხულობს ღვთის სიტყვას თეიმურაზ ხევისთავი, თითქო სასირცხვილო საქმეს სჩადის და დღის ნათელს ერიდება. ეხლაც ამოიღო და გადაშალა. ქაღალდის არშიაზე ორ წარწერას წააწყდა:

"განიყვეს სამოსელი ჩემი და კვართსა ზედა იყარეს წილი".

თეიმურაზმა თავის მამის ხელი იცნო. როდის წააწერა, როდის იწინასწარმეტყველა ავთანდილმა? სულ ერთია. ცხადია მხოლოდ, რომ ბაგრატოვანთა დევიზი უკვე გამართლდა თეიმურაზის კისერზე. უკვე განიყვეს სამოსელი მისი და კვართსა ზედა იყარეს წილი.

ავმა ბედმა ცოლიც კი წაართვა ხევისთავს, ხოლო მისი თავი ნახიზნევ ჯაყოს შეუგდო ხიზნადვე.

- უცნობელ არიან გზანი შენნი, ჰოი უფალო!

"ჰსაჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მებრძოლთა მათ ჩემთა" - წაიკითხა მეორე მინაწერიც და გაახსენდა საფლავის წარწერა ტრაპიზონში დამარხულ ქართველთა მეფის სოლომონისა.

გაიხსენა სამშობლოდან განდევნილ მეფის ხვედრი და თავის თავს შეადარა.

- მეც, ემიგრანტი ვარ, - გაიფიქრა, - ემიგრანტი ჩემივე ქვეყაში, უცხოელი ჩემივე მოძმეთა შორის. ღმერთო, მიშველე!

მერმე გადაშალა მეექვსე თავი მათესაგან. ჯერ გულმოდგინებით, სასოებით და პირჯვრის წერით წაიკითხა "მამაო ჩვენო", მერმე მეშვიდე თავი გადაფურცლა და ასეთივე სასოებით ჩაიკითხა:

"ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ.

რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, - განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, - მოგეწყოს თქვენ.



ანუ რასა ჰხედავ წველსა თვალსა შინა ძმისა შენისასა, და დვირესა თვალსა შინა შენსა არა განიცდი?

ანუ, ვითარ ჰქვა ძმასა შენსა: მაცადე და აღმოგიღო წველი თვალისაგან შენისა; და აჰა ეგერა დვირე თვალსა შინა შენსა.

ორგულო! აღმოიღე პირველად დვირე თვალისაგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წველი თვალისაგან ძმისა შენისა.

ნუ მიჰსცემთ სიწმინდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორთა, ნუ უკვე დაჰთრგუნონ იგი ფერხითა მათითა, და მოიქცენ და განგხეთქნენ თქვენ.

სთხოვდით და მოგეცეს თქვენ; ეძიებდეთ, და ჰპოოთ, ირეკდით, და განგეღოს თქვენ".

ამ დროს ქვემოდან ზარის რეკვა მოისმა. თეიმურაზი ციხის კედლიდან ჩამოცოცდა და ნელის ნაბიჯით თავქვე დაეშვა.

ურწმუნო თეიმურაზი თავის ჯვრისწერის დღიდან ეკლესიაში არ შესულა.

თუ ქვაშვეთს ან სიონში ოდესმე საზეიმო პანაშვიდი გამოცხადდებოდა, საზოგადო მოღვაწე ეკლესიის ეზოში გამოჩნდებოდა და დროს ლაყბობაში გაატარებდა. ეხლა კი ისე მიაბიჯებდა ღვთის ტაძრისკენ, როგორც ოცდახუთის ან ოცდაათი წლის წინათ თავის დედასთან ერთად მიდიოდა აღდგომის ღამეს ნაშინდარის ეკლესიაში, - სასოებით, გულის ფანცქალით, სიხარულით და რწმენით.

თეიმურაზ ხევისთავი ჰგრძნობდა, რომ იმის ნაგვემ გულში სული წმინდა ჩაფრინდა, ან თვითონ თეიმურაზი მოსწყდა ცოდვილ ქვეყანას და მისწვდა ზეციერ მამას, რომელსაც კარგა ხანს ეძებდა და მოუწოდებდა.

იმ ეკლესიის ფართე გზა ჯერ გაბილიკებულიყო, მერმე ისიც წაშლილიყო, აბალახებულიყო და ნარ-ეკლით მოდებულიყო.

ეკლესიაში ოციოდე მოხუცი იდგა. თეიმურაზი ბნელ კუთხეში დადგა. ძველი, მივიწყებული, უბრალო ლოცვები მოიგონა და უჩინარს მთრთოლვარე ჩურჩულით შეჰღაღადა:

- წმიდაო მამაო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩვენ! დიდება მამასა, და ძესა, და სულსა წმიდასა, ამინ!

დიაკონმა სამოციქულო გაათავა.

მღვდელმა სახარება ჩურჩულით და სასოებით წაიკითხა. თეიმურაზი სულგანაბული უგდებდა მრუში დედაკაცის იგავს.

მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოუყვანეს იესოს მრუში დედაკაცი, რომელიც, მოსეს კანონით, უნდა ჩაექვავებინათ, და ჰკითხეს იესოს:

- შენ უკვე რასა იტყვი?

"ხოლო იესო აღემართა ზე და ჰრქვა მათ:

- ვინ უცოდველ არს თქვენგან, პირველად მან დაუტევენ ქვა მაგას ზედა.

ხოლო მათ, ვითარცა ესმა, მხილებულნი სვინდისისაგან, განვიდოდეს თითო, იწყეს მოხუცებულთაგან, ვიდრემდის დაჰშთა თავადი მარტო დედაკაცი ჰსდგა შორის, ხოლო იესო აღემართა და არავინ იხილა, გარდა დედაკაცი იგი, და ჰრქვა მას:

- სადა არიან შესასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ? ხოლო მან ჰრქვა:

- არავინ, უფალო!

ხოლო იესო ჰრქვა მას:

- არცა მე განგიკითხავ შენ. წარვედ, ამიერიდან ნუღარა ჰსცოდავ".

ამ იგავის გაგონებაზე თეიმურაზს გული აუჩუყდა. გამხმარ მუხლისთავებით ცივ ქვაზე დაემხო და მეტანიით ჩურჩულებდა:

- ჩემო მარგო!..

მარგუში! არც მე განგიკითხავ შენ. ოღონდ ნურღარა ჰსცოდავ, ოღონდ ხელი ჰკარ ჯაყოს, დაივიწყე ყოველივე და გაჰყე შენს ერთგულ თეიმურაზს. ის თვითონაც დაივიწყებს ყოველივეს და ამიერიდგან იცხოვრებს მხოლოდ შენით და შენთვის. წმიდაო მამაო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილთა და უღირსთა, რამეთუ დღემდის არა მრწმენიან შენი, ხოლო ამიერიდგან ვარ მლოცველი შენის წმიდა სახელისა და წმიდა ტაძრისა. ამინ!

თეიმურაზს სული შვებით აღევსო. მხურვალე ლოცვამ და რწმენის დაბრუნებამ გული აუდუღა და თვალები ცრემლით გაუვსო. ეჭვის ჭიებიც გულიდან ამოფუსფუსდნენ და გაჰქრნენ.



წირვა რომ გათავდა, მხოლოდ ერთი ჭია-ღა შერჩა სულის ჯურღმულში. ეკლესიიდან რომ გავიდნენ, ხელახლა მონათლული ძმა ქრისტესი თეიმურაზი მიუახლოვდა მოხუც მღვდელს და უთხრა:

- მამაო სვიმონ! აი, სახარება მათესაგან, თავი მეშვიდე, მუხლი თხუთმეტიდან ოცდაერთამდე. ამიხსენ და განმიმარტე იგი, რამეთუ ვერა გავიგე.

და თეიმურაზმა წაუკითხა:

"ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდენ თქვენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ.

ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუ უკვე შეჰკრიბიან ეკალთაგან ყურძენი, ანუ კუროსთავთაგან ლეღვი?

ესრეთ ყოველმან, ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს.

ვერ ხელეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად, და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად.



ყოველმან ხემან, რომელმან არა ჰყოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედვას. ნაყოფთა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი.

არა ყოველმან, რომელმან მჰრქვას მე: უფალო! უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა; არამედ რომელმან ჰყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსა".

გაათავა თეიმურაზმა კითხვა და ჰკითხა მღვდელს:

- მითხარ, მამაო, ვითარ შევუფარდო ეს სიტყვა იესოსი დღევანდელ ცხოვრებას?

მღვდელმა გახსნილი სახარების ერთი ფურცელი გადმოფურცლა, გამხმარი და მთრთოლვარე თითი ერთ ალაგს დაადო და უთხრა:

- წაიკითხე პასუხი, შვილო თეიმურაზ!

უთხრა, მოტრიალდა და ლასლასით წავიდა. ხოლო თეიმურაზმა ნაჩვენები წაიკითხა: თავი შვიდი, მუხლი პირველი:

"ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ".

თეიმურაზმა იმ დღეს სულის სიცხე გაინელა, ოდესღაც მორღვეული რწმენა გაიმთელა, ნაგვემ კისრიდან ძაღლის მძორი ჩამოიხსნა და წაბილწულ გულიდან ყარტლი ამოირეცხა.

აღარც მყრალი ლეშის სუნი ესმის თეიმურაზს.

ის დღეც თითქო განათლდა და ქვეყანაც გამხიარულდა.

ხვალ თეიმურაზი ნაშინდარში ავა, მარგოს თავის გარდაქმნას უამბობს, წამოიყვანს, ფეხმოსხლეტილ მეუღლესაც გარდაქმნის, და ბედნიერებით, რწმენით, შრომით, მშვიდობით და სიყვარულით აღსავსე ცხოვრებას შეუდგება.

**

თეიმურაზი არხეინად და ყოჩაღად მოძუნძულებს ნაშინდარისკენ, თან ჩახლეჩილი ხმით ღიღინებს:

შაბათი რომ დაღამდებაა,

კვირა გათენდეეება-ა...

მოდის თეიმურაზი და ჰქარგავს გულისამჩუყებელ სიტყვას, რომელსაც მარგოს ეტყვის.

დაიწყო, დახატა და მოჰქარგა.

თუ მარგო მართლა დაძალებულია, თუ ჯაყოც ახირდა და მარგო არ გამოუშვა, თეიმურაზი ეტყვის ჯაყოს:

- ამხანაგო ჯაყო! ახალმა ცხოვრებამ გარგუნა ჩემი სახლ-კარი, ბაღი და ნაფუზრები. ღმერთმაც შეგარგოს.

იმუშავე და მოიხმარე. მაგრამ ჩემი ცოლი ჩემია. მარგო ჩემთვის არავის არ წაურთმევია და შენთვის არ მოუცია.

ჯაყო! შენი ძალა უსაზღვრო არ არის. ჩვენ მთავრობაც გვყავს და კანონიც გვაქვს, - აგონდება ხევისთავს ერთიც და მეორეც. - ნუ აუხირდები ხელისუფლებას, თორემ ინანებ. ინებე ჩემი გულწრფელი და უუღრმესი მადლობა უხვი მასპინძლობისთვის.

სამაგიეროდ ერთს ხუთად გადაგიხდი... დღეს თუ არა, ხვალ მაინც გადაგიხდი... მარგო, წავიდეთ!

მარგოც მადლობას გადაუხდის ჯაყოს, ხელს ჩაავლებს თეიმურაზს და ორივენი წამოვლენ...

- საით წავლენ ხევისთავები?

ამას მერმე მოისაზრებს თეიმურაზი.

შეიძლება ჯაყომ სთქვას:

- მარგოს ჩემთან გინდა დარჩენა.

- ვისთან? შენთან? ჯაყოსთან?! ხა-ხა-ხა! მარგო, გაიგე ჯაყოს ნაბოდვარი? "მარგოს ჩემთან გინდა დარჩენაო!" რა მასხარა რამ არის ჯაყო! მაგრამ მაინც შენ რას იტყვი, მარგო?

მარგო წინ წამოდგება და იტყვის:

- ჯაყო! მე დღემდე პატრონი არა მყავდა. ჩემი თეიმურაზი წიგნებმა, საზოგადო მოღვაწეობამ და საქვეყნო ზრუნვამ დააბრმავეს.

თეიმურაზი ოცი წელიწადი იბრძოდა, შენ კი არხეინად იჯექი ჩვენს მამულში, გლეხებს ტყავს აძრობდი და სუქდებოდი. ბოლოს, თეიმურის თავგანწირულმა ბრძოლამ ნაყოფი გამოიღო, რომელიც შენ მიითვისე. ჩვენ კი სამათხოვროდ გაგვიხადე საქმე. შენც კარგად იცი, რაც მოხდა. შენ უხეშად ისარგებლე ჩვენის დროებითი უძლურებით და დამიმონე. ეხლა თეიმურმა თვალები აახილა, ყველაფერი დაინახა და გაიგო. რაც მოხდა - მოხდა! ეხლა ყოველივე დაივიწყე.

ჯაყო! მე შენი ტოლი არა ვარ. მე ვუბრუნდები ჩემს ერთგულს, ნაცად მეგობარს, ჩემს თეიმურს, რომელიც დღეს ხელახლად დაიბადა ახალ ცხოვრებისთვის, ბრძოლისთვის და ჩემი სიყვარულისთვის. ჯაყო! ჩემი ქმარი ეხლა ძლიერია და ახალგაზრდა! თეიმური უძლეველ და დაუშრეტელ ჯანღონით არის სავსე. ამიტომ დღევანდელ დღიდან სამუდამოდ ვუბრუნდები მას. მშვიდობით, ჯაყო!

ამაყი მარგო მოტრიალდება, თეიმურაზს ხელს ჩაავლებს და ორივენი წავლენ...

- მაინც, სად წავლენ ორივენი?

- ქვეყანა დიდია. - კვლავ ჰფიქრობს თეიმურაზი.

- სამსახურის კარები ყველგან დამიკეტეს. მე სხვა კარებს მოვძებნი: სამრეწველო ან სავაჭრო ამხანაგობას შევადგენ და პრაქტიკულ საქმეს შევუდგები. მართალია, კერძო ვაჭრებიც დღითი-დღე ილევიან, მაგრამ ვაჭრობის გარდა სხვა ხელობასაც ვიპოვნი. ან ხარაზობას შევისწავლი, ან გაკვეთილებით ვიცხოვრებ, ან კიდევ, თუ მეტის-მეტად გამიჭირდა, ქუჩაში გავალ და პაპიროსს გავყიდი, ან ფეხსაცმელის მწმენდავად დავდგები. ბევრი კეთილშობილი და ნასწავლი ცხოვრობს ეხლა ამ ხელობით. ერთი სიტყვით, კმარა ესოდენი ფუტურო სიტყვა და ავი ოცნება, კმარა! ხალხი დავახრჩეთ სიტყვების ზღვაში. ერთი წყვილი ქალამნის მოქსოვით უფრო მეტს ვარგებდი ჩემს თავსაც და ხალხსაც, ვიდრე თხუთმეტი წლის "მოღვაწეობით".



და თეიმურაზმა "მოღვაწეობა" ფრჩხილებში ჩასვა. მერმე კვლავ განაგრძო თავის თავთან საუბარი:

- კმარა! ჩემმა ნამოურავალმა პეტრემ წერა-კითხვაც არ იცის, მაგრამ ჩემზე ხუთჯერ მეტი ჭკუა ჰქონია. ადრევე მეუბნებოდა: თაგვმა თხარა, თხარაო, და კატა გამოთხარაო. ამას წინათ კი თავისთვის ჩაიბურტყუნა: რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ივანემაც სწორედ მომიჭრა: ურემი რომ გადაბრუნდებაო, გზაც მაშინ გამოჩნდებაო. ჩემი ურემიც გადაბრუნდა, დაიმსხვრა და გზაც ეხლაღა გამოჩნდა. ვხედავ ახალ გზას, ვხედავ! კმარა, კმარა! ეხლა კი ჭკუა ვისწავლე და თვალიც გავახილე.



- მაშ რომელ საქმეს შეუდგება თეიმურაზი?

- საქმე ათასია: საკომისიო მაღაზია... ან ბაყლეულის დუქანი... ლიმონადის ან საპნის ქარხანა... ან ერბოთი და ყველით ვაჭრობა... ან გაკვეთილები, ან პაპიროსის გაყიდვა. ერთი სიტყვით, საქმე უთვალავია... ყველაფერი ადვილად მოეწყობა, ოღონდ...



ოღონდ - დღესვე წამოიყვანოს თეიმურაზმა მარგო, ოღონდ დღესვე დაიბრუნოს ერთგული, შეუცვლელი მეგობარი და... სულიერი მშვიდობა.

ოჰ! სულიერი მშვიდობა! სულიერი მშვიდობა! როგორ მოსწყურდა საწყალ თეიმურაზს სულის მშვიდობა! რამდენი წელიწადი ეძებს მას მშიერი თეიმურაზი, მაგრამ ვერ იქმნა, ვერ იპოვნა და ვერ დაისვენა. ეხლა კი...

დღეს თუ დაიგვიანა თეიმურაზმა, ხვალ დილით მაინც... ხვალ დილით უეჭველად... უეჭველად!

**

თეიმურაზი დაიღალა.

ვერხვის ჩრდილში მიწვა და მიიძინა.

გრილმა სიომ გამოაღვიძა, ბინდი ჩამოწოლილიყო. ნაშინდრელ ურემს წამოეწია და შეახტა.

სოფლის თავს რომ მიაღწიეს, ათი საათი იქნებოდა.

დუქანში შუქი მოსჩანს. თეიმურაზი ჩამოხტა და დუქანში შევიდა. შიგ ქეშელა და ბრინკა ფუსფუსებენ.

ქეშელა დასაძინებლად ემზადება, ბრინკამ კი ჯაყოს სახლში მარილი უნდა აიტანოს.

- მაშ ერთად წ...წწავიდეთ, ბრინკა!

- წახვიდეთ, შენი წირი მე, რატომ არ უნდა წახვიდეთ!

ერთად წამოვიდნენ. თეიმურაზი ჰფიქრობს: "ჯაყომ ბრინკა დამარქვა, მასხარად ამიგდო. ჯაყოს ბრინკასავით ნაცარქექია და ბედოვლათი ვგონივარ. მაგრამ ჯაყო სასტიკად მოსტყუვდვბა, სასტიკად! ვნახოთ... ხვალ ვნახოთ".

თეიმურაზი ცუნცულით მიმავალ ბრინკას მისდევს.

გულში კი თან-და-თან უმიზეზო შიშს, უცნაურ მორიდებას და მოკრძალებას ჰგრძნობს. ისე ეჩოთირება ჯაყოს სახლში შესვლა, თითქო მრისხანე ბატონთან მიდის სახვეწნელად და თავის შესაბრალებლად.

ხუთი წუთის შემდეგ თეიმურაზი ჯაყოს და მარგოს ნახავს. მერმე? რას ეტყვის თეიმურაზი? იშოვნა სამსახური?

- ვერ ვიშოვნე.

მერმე რად მიჰყავს მოულოდნელად მარგო?

- იმიტომ რომ... თავი მოგაბეზრე, ჯაყო... სტუმრობა გაგვიგრძელდა...



ეხლა სად მიდიან? ვის მიადგებიან კარზე?

თეიმურაზმა არ იცის, ვის შეეკედლებიან და ხვალინდელ ლუკმას როგორ იშოვნიან. ის კი იცის, რომ წეღანდელი მოქარგული სიტყვები აპრიალებულ ტვინის ნაბოდვარი იყო, ხოლო ეხლანდელი, უცბად შეთითხნილი გეგმა მარგოს გააცინებდა, ჯაყოს აახვიხვინებდა და თეიმურაზსაც გააწითლებდა.

მაგრამ არა უშავს-რა: თეიმურაზი დასაჯერებელ მიზეზს ამაღამ მოისაზრებს და დილით მარგოს წაიყვანს. ეხლა კი ასეთი რთული საქმის გადაჭრა ძალიან ძნელია და დაგვიანებულიც, რადგან ბრინკა და თეიმურაზი უკვე კიბეს მიადგნენ.

ბრინკამ ძაღლს დაუყვავა. ბოღრიამ თეიმურაზი დაუყეფავად გვერდით გაიტარა.

გვიანღაა ფიქრი, გეგმის შემუშავება და შესრულება.



სახლი ჩაბნელებულია... ალბათ ჯაყოსაც სძინავს და მარგოსაც... ყველაფერს ამაღამ მოისაზრებს თეიმურაზი.

ბრინკა სადღაც გასხლტა. თეიმურაზმა პირველი ოთახი ფეხაკრეფით გაიარა და თავის ოთახში შევიდა.

ეს ოთახი თეიმურაზის ახალგაზრდობაშიც მისი საწოლი იყო.

ეხლაც ორივენი იმ ოთახში იყვნენ დაბინავებულნი.



მარგოს ალბათ სძინავს... სძინავს ათიოდე წლის წინათ ნაყიდ ინგლისურ საწოლზე, რომელიც მარჯვნივ... დიდი სარკის პირდაპირ... აი აქვე ფანჯრის ძირში... აი ამ კუთხეში, საიდანაც...

იმ კუთხიდან თეიმურაზს გოლიათური ფშვინვა ესმის. თეიმურაზმა სათვალეები შეისწორა, რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადასდგა და განიერს, ინგლისურ ტახტს დააცქერდა.



დააცქერდა და მთვარის შუქზე ბეცის თვალებით ძლივს გაარჩია იმ ტახზე გაშოტილი ორი ადამიანი. დააკვირდა თეიმურაზი და სიგრძე-სიგანეზე იცნო გულაღმა გაშლართული ჯაყო, მისი მტკავლის სიგრძე ულვაშები, პეშვის ოდენა ღია პირი, ცხენის დაკრეჭილი კბილები და ბალიშივით ამოგდებული მკერდი.

ორივენი წელამდე შიშვლები არიან, ხოლო წელქვევით თეთრი ზეწარი ახურავთ. მარგოს ჯაყოს მარცხენა მკლავზე მიუდვია თავი და მაძღრად სძინავს. პირსახეც მშვიდი, უმანკო და მაძღარი აქვს. გაფუებული ძუძუები მთვარესთვის ამოუგდია. მკრთალი, თითბერის მკერდი გაუღეღნია და ხშირი თმა უდარდელ ღიმილით მოსილ პირსახეზე შავი გველივით შემოუვლია.

თეთრი, გატიკული და თლილი მარმაროს მკლავი ჯაყოს ბანჯგვლიან მკერდზე უდევს.

თეიმურაზი უცებ თავით-ფეხებამდე ჯიანჭველების ბუდეში ჩაჯდა.

თავში ალი აუვარდა. გულზე ცეცხლის სალტე მოუჭირეს და შიგნეულობას მარწუხებით დასწვდნენ. მისი ტვინი ხანძარმოდებულ საგიჟეთს დაემსგავსა. თვალთ დაუბნელდა, თავბრუ დაესხა და მუხლები დასწყდა. მაინც თავს ძალა დაატანა, ორივე ხელით ტახტს დაებჯინა, კისერი წინ გაიწვდინა, თვითონაც გაიჭიმა და ორივეს ჩაციებით დააცქერდა.



ორივეს ავის თვალით ათვალიერებს თეიმურაზი და ხარბის დაკვირვებით სინჯავს. თითქო ხანგრძლივ უსმელ-უჭმელობის შემდეგ გემრიელ სანოვაგეს წააწყდა და ავხორციანი სურათით სძღებოდაო, - შხამიან წყურვილს იქრობდა, რაღაც უცნაურ ჟინს იკლავდა და ავზნიან სასმელით იწამლებოდა.

როდის, ან სად ნახა თეიმურაზმა ასეთი სურათი? ჰო, მართლა! დუქანში, დუქანში ნახა წარსულ კვირას! ეძინა თუ ეღვიძა მაშინ თეიმურაზს? აღარ ახსოვს. ან ავზნიანი სიზმარი იყო, ან ცხადი უჟმური.

- ნეტა ეხლაც ხომ ლანდი არ არის?

თვალები მოიფშვნიტა და ჯაყოს მკერდს აკანკალებული თითი დაადო.

არც ლანდია, არც უჟმური.

- ცოცხალი ჯაყოა, ცოცხალი!

მიიხედ-მოიხედა.

კედელზე ჯაყოს იარაღი ჰკიდია.

- მოჰკალ, მოჰკალი!

რა თქმა უნდა, მოჰკლავს, უეჭველად მოჰკლავს!

მხოლოდ არ იცის ხევისთავმა, ხმლით მოჰკვეთოს თავი, ხანჯლით გაჰგმიროს თუ მაუზერით გახვრიტოს.

ხელი თავის-თავად წაეტანა ადლიან ხანჯალს. ამოწვდილი ფოლადი იდუმალი ანარეკლებით ლაპლაპებს.

- მოჰკალ, მოჰკალ ეგ ვერაგი, ეგ ჰარამზადა, მხეცი, საზიზღარი პირუტყვი!

მოჰკლავს, ეხლავე მოჰკლავს!

მაგრამ რათ უკანკალებს მარჯვენა? რათ უთრთის ფეხები? რათ უკვნესის შიშით მოცული გული?

- მოჰკალ. თეიმურაზ ხევისთავო, მოჰკალ!

ეხლავე, ეხლავე მოჰკლავს!

ღმერთო, აპატიე ხევისთავს! ადამიანის სისხლი უნდა დაჰღვაროს... კაცი უნდა მოჰკლას, კაცი!

- კაცი კი არა, მხეცია, მხეცი!..

აბა, ასწიე ხელი!. . ასწიე და დაჰკა!.. დაჰკა!

თეიმურაზის ხელი მაღლა იწევს, გული კი თავისთავად ჩურჩულებს:

- ღმერთო დიდებულო!.. უფალო ძლიერო! შემინდვე მე შეცოდებანი ჩემნი და მომეც მე ძალა რათა... რადგან... მეც ადამიანი ვარ, ადამიანი!

უცებ თავში ყინულის ჟრუანტელმა დაჰკრა და ქუსლებამდე ჩაურბინა.

თვალებზე ბინდი გადაეფარა, მკლავი მოუდუნდა, ფეხები უკან წაუცურდა, თვითონაც შავ ბურანში შთაინთქა და მოსხლტა.

იმავ წუთს თითქოს იმ იატაკზე ვიღაცამ ნაფოტით გატენილი ტომარა დააგდოო. მახვილმა ბზრიალი გაიღო.

**

თეიმურაზმა იმავე ლოგინში გაახილა თვალები, სადაც ერთი საათის წინ ჯაყო და მარგო ჩახუტულები იწვნენ. გაახილა და თავი საგონებელს მისცა.

იქაურობას ათვალიერებს, რაღაცას იგონებს, რაღაც ლანდს ებღაუჭება. ის ლანდი კი თეიმურაზის დაღლილს და დასუსტებულ მეხსიერებას გაურბის.



ჩაცმული მარგო ქმრის თავთან ზის და კაკლის ტოტებში ჩაწოლილ მთვარეს ჩაციებით გასცქერის. თეიმურაზი არ ინძრევა, კვლავ ოთახსა და მარგოს ათვალიერებს და დავიწყებულს იგონებს.

უცებ წეღანდელმა სურათმა თეიმურაზს თვალწინ ელვასავით ჩაურბინა. ოდნავ წამოიწია, ერთი დაიგმინა, დაიკვნესა და თითქოს იმ გმინვას თვისი მილეული სულიც ამოაყოლა.

მარგომ თეიმურაზს ხელი შუბლზე დაადო, მაგრამ არ მოიხედა და კაკლის ფოთლებში მილულულ მთვარეს თვალი არ მოაშორა.

თეიმურაზი მარგოს ხელს ორივე ხელით დასწვდა და მიიზიდა. მარგო მაინც არ შეინძრა, კისერი უარესად მიიღრიცა და სულთმობრძავ ქმარს უფრო მეტად აარიდა თვალი.



თეიმურაზმა ხმა ძლივს იპოვნა:

- მარგო, ჩემო მ...მმარგუში! ეს რა ამბავია? ეს რა დ...დდამემართა? - მარგოს ხმა ჩაუწყდა.

- ეს რა ღვთის რრრისხვა დამატყდა?! ეს რრროგორ მოხდა, რომ შენ, ჩემმა ერთგულმა მ...მმეგობარმა ჯაყოზე გამცვალე?! მ...მმარგუში, ჩემო მარგუში! ხმა ამოიღე! სთქვი, როგორ მოხდა მეთქი?

მარგო კვლავ სდუმდა.

- ჩემო მ...მმარგუში! პასუხი მაინც მომეცი, დ...დდამამშვიდე... რათ მოხდა? როგორ მოხდა ეს ამბავი?

მარგომ უძირო ოხვრით ამოიოხრა და ოდნავ გასაგები ჩურჩულით ორი სიტყვა ძლივს ამოისუნთქა:

- არ ვიცი...

- მესმის, მ...მმესმის. გეძნელება ლაპარაკი... მ...მმესმის.

იმ მხეცმა შენზე ძალა იხმარა. რა თქმა უნდა...

- მართალია. - ამოიბგერა მარგომ.

- რა თქმა უნდა, ძალით დ...დდაგიმორჩილა. შენც დამიმალე, რადგან შ...შშეგეშინდა ულუკმა-პუროდ დარჩენისა და ს...სსირცხვილისა არა? აგრე მოხდა ეს ამბავი, არა?

- ჰო... აგრე მოხდა.



- ეხლა კი ყველაფერი მესმის... ძალიან კ...კკარგად მესმის. მართალს ვამბობ თუ არა?

და ერთხელ კიდევ გაიმეორა:

- მ...მმართალს ვამბობ თუ არა?

მარგომ ერთხელ კიდევ ამოიოხრა და ძლივს ამოისუნთქა:

- ჰო, მართალია.

- პირველად ეს ამბავი მაშინ მოხდა, ტ...ტტფილისიდან რომ მოდიოდით, არა?

მარგომ პირსახე ხელებში ჩაიმალა.

- იმ ღამეს ლევანაშენში არ ჰყოფილხართ... არც თომა გინახავთ. ესეც ხომ მართალია?

ისევ დუმილი.



- რაკი ჯაყოს ერთი ძ...ძძალადობა შერჩა, მერმე შ...შშეგეჩვია, არა? შენ, რა თქმა უნდა, უძალიანდებოდი, იტ...ტტანჯებოდი, მაგრამ იმ მხეცს ტყვედ ჩაუვარდი. ს...სსირცხვილით ვეღარ გამიმჟღავნე, სისხლისა გ...გგეშინოდა. რა თქმა უნდა, ასე მოხდებოდა. უეჭველად ასე მ...მმოხდებოდა. ამიტომ გაჩუმდი, არა?..

მართალს ვამბობ თუ არა?

მარგო კვლავ სდუმდა.

- მითხარი, გ...გგენაცვალე, მითხარი, მართალს ვამბობ თუ არა? მარგოს ხმამ სიოსავით გაიფუჩუნა:

- მართალს ამბობ.



თეიმურაზს თითქო გულს მოეშვა, თითქო რაღაც გაუხარდა. წამოიწია და ნიდაყვზე დაეყრდნო. დაეყრდნო და აბუტბუტდა:

- მ...მმადლობა უფალსა! მ...მადლობა უფალსა!.. ეხლა კი ყველაფერი ცხადია... ეხლა ყველაფერი მესმის... გულმა არ მიმტყუნა, მე უარესი მეგონა. ვ...ვვიფიქრე: იქნება ჩემმა მ...მმარგუშამ ჯაყო მამჯობინა? იქნება ხორციელ კავშირის გარდა გრძნობათა კავშირიც დამყარდა მეთქი? ვინ იცის, როგორ არის მ...მმომართული ქალის გული! მაპატიე, ჩემო მარგუში, ჩემო ერთგულო მ...მმეგობარო...

მაპატიე, რომ ასეთმა უმსგავსმა აზრმა გამიარა თავში... შიშის ბრალია, შიშისა! შიშის და სიყვარულისა... მ...მადლობა უფალსა! მადლობა უფალსა, რომ შევცდი. ჯაყოს კი ამ მ...მმხეცობას არ შევარჩენ, არასოდეს არ შევარჩენ! წავიდეთ აქედან, მარგუში! დ...დდილითვე წავიდეთ. არა, დილით კი არა, ეხლავე წავიდეთ, ეხლავე!

და დაფაცურდა:

- ეხლავე მეთქი, ეხლავე, ეხლავე! შორს ამ ბუნაგიდან, შორსს. ადექი, ჩ...ჩჩაიცვი... ჩქარა! ჩქარა!..



თვითონაც წამოდგა და გამოცოცხლდა:

- მარგუში! ჩემო მარგუში! ოღონდ ეხლავე წავიდეთ ამ ბილწი ოჯახიდან და ყველაფერი თავისთავად მოეწყობა: ყველაფერს გაპატიებ, დ...დდაავივიწყებ. მე უკვე ნაპატიევი და დავიწყებული მაქვს... მე არაფერი არ ვ..ვვიცი, არც არაფერი მინახავს. ყ...ყყველაფერი ამოვიგდე თვალიდან და ხსოვნიდან. მეტსაც გეტყვი: ყ...ყყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემი! მარტო მე ვარ დამნაშავე; მარტო მე ვარ ბრალიანი! ახ...ხხია ჩემზე, ახი!.. მაგრამ დღეს წინანდელი თეიმურაზი მ...მმოკვდა და ახალი დაიბადა. რაც მოხდა - მოხდა! მორჩა და გ...გგათავდა! მე არაფერი არ მახსოვს მეთქი.

ყ...ყყველაფერი გაპატიე და დავივიწყე... მარგო! მარგუში! შენც მაპატიე და დაივიწყე. დავიწყოთ ახალი ცხოვრება, მარგუში, დავიწყოთ. ჯაყოს კი... არ შევარჩენ ჩემს შერცხვენას. არ შევარჩენ მეთქი!

და მუქარით თითს უქნევდა:

- არ შევარჩენ! არ შევარჩენ მეთქი!

- ვის არ შეგარჩენ შენა?! - დაიჭიხვინა ამ დროს ჯაყომ და ოთახში შემოგორდა. შემოგორდა და მთვარის შუქზე ადლიანი ხანჯალი ააპრიალა.

ის ხანჯალი, რომელიც წეღან თეიმურაზს გაუვარდა ხელიდან.

ჯაყო თითქო სალაშქროდ მიდიოდა: თხემით-ტერფამდე იარაღში იყო ჩამჯდარი. ზურგზე თოფი ჰქონდა გადაგდებული, თეძოზე - თეიმურაზის პაპისეული ხმალი, მკერდზე - სამი სავაზნე, ხოლო მარცხენა ხელში - მაუზერის რევოლვერი.

- ვის არ შეგარჩენ-მეთქი, ბრინკა, ვისა?! ჯაყოს არ შეგარჩენ? ჯაყოსა?!

მარგომ შეჰკივლა. უმალ წამოხტა, ჯაყოს გადაეღობა და მკლავზე ჩამოეკიდა:

- ჯაყო!.. ჯაყო, დამშვიდდი, დამშვიდდი!

- ჯაყოს არ შეგარჩენ მეთქი, ჯაყოსა?! - კვლავ გაჰკიოდა ნახიზნარი. - დედას გიტირებ ჯაყოი, დედასა!..

გაგიშვი ჯაყოი! გაგიშვი მეთქი, რო ღორივით დაგკლა ეს ბრინკაი, ესა!

აპრიალებულ ხანჯლის დანახვაზე თეიმურაზს სისხლი გაეყინა. უმალ კუთხეში აიტუზა და კბილების წკაპუნით ალუღლუღდა:

- მე... მე არ...რრაფერი... დამმშვიდდი, ჯაყო, დამ...მშშვიდდი! იარაღით როგორ შეიძლება... გ...გგაუგებრობა მოხდა, ჯაყო, გაუგებრობა. გამ...მმოვარკვიოთ, შე კაი კაცო, მ...მმოვისაზროთ, მოვ...ვვიფიქროთ... ვიმ...მმსჯელოთ.



ჯაყო მაინც არ სცხრებოდა კვლავ შფოთავდა და თეიმურაზისკენ იწევდა.

- გამიშვი ჯაყოი! გამიშვი მეთქი ჯაყოი!

- ჯაყო, გეყოფა, იკმარე. - ამშვიდებდა მარგო.

- ჯაყოს გემუქრება ბრინკაი? ჯაყოსა?! დედას გიტირებ ჯაყოი, დედასა!

ბოლოს, როცა ჯაყომ კუთხეში აბუზულ და აცახცახებულ თეიმურაზისგან უვნებლობა იგრძნო, ხანჯალი ქარქაშში ჩააგო. დოინჯი შემოიყარა და გადიხარხარა, - ისე გადიხარხარა, რომ სახლში ყველანი გამოაღვიძა.

- ხა-ხა-ხა! ბრინკაი ჯაყოს სამაგიეროს გადაგიხდი? ხო-ხო-ხო! ბრინკაი ჯაყოს არ შევარჩენ?! ხი-ხი-ხი!

მერმე უცებ ხარხარი შესწყვიტა, თეიმურაზს კისერში ორი თითი დაავლო და წინ წამოაყენა:

- რა გინდოდეს შენა? ჰა? რა გინდოდეს მეთქი? მარგოი? მარგო გინდოდეს?

- მარგო ჩემი ც..ცოლია, ჯაყო. უნდა წწავიყვანო.



- მარგო უნდა წაგიყვანო?! მერე, რათ გინდებოდეს? ჰა, რად გინდებოდეს მეთქი მარგოი? რა შენი საქმე იქნებოდე ასეთი ცოლი? ვერ აჭმევდე და ვერ შეინახვებდე. აქამდის შენთან იყავი მარგოი. როგორ გახდი მერე? მარტო ძვალი-ღა დაგრჩა. შენ ხელში კალოს ცხენივით გახდი მარგოი. აბა ახლა გიყურე! ამასავით ინდაურიც ვერ გასუქდები. მაშა! აგრე ვიცის კარგი ცხოვრებამა! მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! შენ კი... ი-ი-იჰ, შე ბრინკავ, შენა! შენც კაცი იქნებოდე, რაღა! ფუჰ!

და ისეთი ზიზღით გადააფურთხა, თითქო თეიმურაზის მაგივრად იმ ალაგას უწმინდური რამ ეგდოო.



- არც ძ...ძძალით შეიძლება, ჯაყო, - უსაყვედურა თეიმურაზმა და ბორძიკით სცადა დარიგების მიცემა შესახებ თავის ოჯახურ უფლებისა.

ჯაყომ ისევ დაცინვით და ზიზღით მოუჭრა:

- რომელი პრავა ლაპარაკობდა შენა?! რის ზაკონი?! აი შენი პრავა და ზაკონი: ფუჰ!

და იატაკზე დანაფურთხი ფეხით გაგლისა.

- აი ჯაყოს ზაკონი. - და ოდნავ ხანჯალი ამოსწია. - შენა, გააღვიძებდე და გაიგებდე, რომა ზაკონის დრო აღარა ხარ მეთქი! წინათ თქვენა სწერდებოდეთ ზაკონებსა, ახლა კი მორჩებოდით და ჩაძაღლდებოდით! ეხლა მე გწერ კანონებსა, მენა! ჯაყო გწერს კანონსა, ჯაყოი! მაშ, მაშა! გაიგებდეს ამასაც, გაიგებდეს მეთქი!

და, ბოლოს, დავა ასე გადასჭრა:

- ნუღარ ლაპარაკობდე მეთქი! გაათავებდე! მარგო ჯაყოსია და ჯაყო აღარ მოგცემდი; აღარა! ეხლა წახვიდოდე და საცა გინდებოდე, იქ გიჩივლებდე ჯაყოსა, მორჩი და გათავდი!

თეიმურაზმა უკანასკნელი ხერხი სცადა:

- მარგოს მაინც ვ...ვვკითხოთ, ჯაყო.

ჯაყო ამას არ მოელოდა. ჯერ მარგოს დააცქერდა, ოდნავ შეყოყმანდა, მერმე განზე გადგა და დაიმკლავა:

- მარგოსა? ძალიან კარგი.

ვკითხოთ მარგოსა.

თეიმურაზი მარგოს მიუბრუნდა.

- მარგო, დავა შენ უნდა გ...გგადასჭრა.

- აბა მარგო, გითხარი, ვინ გინდოდე, მე თუ ბრინკაი?

და ორივენი მარგოს მიაჩერდნენ.

ჯაყომ ნახევრამდე ამოსწია ხანჯალი და მარგოს დაუბღვირა.

მარგომ ხელები პირსახეზე აიფარა.

- მარგუში, რას გ...გგაჩუმებულხარ?

და თეიმურაზის ხმაში თრთოლვა და შიში მოისმა.



ჯაყომ მარგოს პირსახიდან ხელები ააგლიჯა და უბრძანა:

- გითხარი! გითხარი, ეხლავე, ვინ გინდოდე, მე თუ ბრინკაი?

- თავი დამანებეთ... გრცხვენოდეთ... - დაიკვნესა მარგომ.

- მარგუში!. ჩემო მ...მმეგობარო!. ხომ ხედავ, რომ სხვანაირად დავა ვერ გ...გგადასწყდება.

სთქვი და გაათავე.

- მერმე ჯაყოს მიუბრუნდა: - ჯაყო, მე პ..პპროტესტს ვაცხადებ მაგ ხანჯლის გამო. სადაც იარაღია, იქ ნ...ნნებისყოფა თავისუფალი არ არის.

- ვიცის ჯაყომა შენი თავისუფლებაი, ვიცის! გაჩუმდებოდე ბრინკაი, თორემაა...

ხანჯალი კიდევ ამოსწია და ერთი ნაბიჯი თეიმურაზისკენ გადადგა. თეიმურაზი მიყუჩდა და კუთხეში აიბუზა. ჯაყომ ისევ მარგოს შეუტია:

- ჰა, იტყოდე თუ არა ჯაყოსკენა?

მარგომ ისევ საცოდავად დაიკვნესა:

- თავი დამანებეთ მეთქი. გრცხვენოდეთ...

გრცხვენოდეთ! - და კარებისკენ გაიწია, მაგრამ ჯაყომ გზა მოუჭრა:

- სად წახვიდოდე! ეხლავე იტყოდე მეთქი ყველაფერი, ეხლავე!

თეიმურაზი მარგოს მიეშველა:

- მ...მმარგუში, მე მივდივარ ამ სახლიდან... მოდიხარ თუ რრრჩები?

ქუდი დაიხურა, კარებს მიადგა და მოტრიალდა:

- მარგო, მე მ...მმივდივარ მეთქი. მოდიხარ თუ რჩები?

ჯაყომ მარგოს გზა მისცა:

- ჯაყო ძალა არ დაგატან... თუ გინდებოდე, წახვიდოდე! ეს შენა და ესეც თეიმურაზი. აბა, გაგათავე! - და ხანჯალი წვერამდე ამოსწია.

მარგო პირქვე დაეცა ლოგინზე და პირსახე ბალიშში ჩაიმალა, თეიმურაზმა ძლივს გაუძლო ერთი წუთის დუმილს. ბოლოს, ერთხელ კიდევ ჰკითხა აჩუყებული ხმით:

- მარგო, უკანასკნელად გ...გგეკითხები, მოდიხარ, თუ რჩები?

მარგო კვლავ სდუმდა.



ჯაყომ გამარჯვებული ცხენივით კბილები გააელვა.

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ თეიმურაზმა ძლივს ამოიკნავლა:

- მაშ რ...რრჩები?.. დავა გ...გგათავებულია...

- მაშ, მაშა, - შეაზანზარა ფანჯრის მინები ჯაყოს ჭიხვინმა: - გათავებული ხარ, ბრინკა, გათავებული! მარგო აქ დარჩი, აქა! მაშ, მაშა, აგრე ვიცის ჯაყომა!

ხევისთავის ნახიზნარმა რიხიანი დოინჯი შემოიყარა და ორად მოხრილ თეიმურაზს ძლევამოსილის თვალით გადახედა:

- გათავებული ხარ, ბრინკა გათავებული! დროა აქედან წახვიდებოდე! აბა, ჩქარა. გაგათრიე ამ სახლიდან.

თეიმურაზმა მოწამლულის ხმით წაილუღლუღა:

- მაშ მ...მმშვიდობით, მარგო! მ...მმშვიდობით, მ...მმარგუში!.. პასუხად ბალიშიდან მარგოს ქვითინმა ამოხეთქა.



- მარგო!... მ...მმარგუში!

და თეიმურაზმა უმალ ტახტის წინ ჩაიჩოქა, მარგოს ფეხებს ხელები მოხვია, ზედ დააკვდა. აქვითინდა და აყმუვდა:

- მარგო!... მარგუში!... ჩემო მარგუში!... უშენოდ ვერ წწავალ... ვერსად ვერ წავალ...

გაიხსენე ყველაფერი... მოიგონე ჩემი წარსული. ყოველივე დავივიწყოთ... ახალი ცხოვრება დავიწყოთ... დამიჯერე, ჩემო მარგო, დამიჯერე, მე ხელ-ახლად დავიბადე... გონს მოდი, ჩემო ძვირფასო! ვისზე მცვლი? ვინ ამჯობინე ჩემს თავს? მარგო! მ...მმარგუში!

ჯაყო ჯერ შედრკა. მერმე ცალი ხელით თეიმურაზს დასწვდა და მარგოს ფეხებს ააგლიჯა:

- კარგი, გეყოფოდეს! ჩქარა წახვიდოდე აქედანა! - და კარებისკენ მიატრიალა.



თეიმურაზი უცებ აინთო. ჯაყოს ხელიდან გაუსხლტა და ისტერიული კივილით აკივდა:

- მხეცო!.. ველურო!. ეს რა მიყავი?!. რას მმმიშვრები?! პირუტყვო! ჰარამზადავ! ტყიდან გამოვარდნილო დათვო!

და უცებ ჯაყოს ხანჯალს ეცა.

ჯაყომ თეიმურაზი კუნძივით მხარზე აიგდო და კარებისკენ წაიღო, თან დათვივით ბურტყუნებდა:

- არ წახვიდოდე ჩემი სახლიდანა? არ წახვიდოდე? გაჩუმდებოდე მეთქი, თორემა, ღმერთმანი, ისე სცემდი, ისე სცემდი, როგორც ძაღლსა!

ჯაყომ ის ორი ოთახი გაირბინა, აფართხალებული თეიმურაზი კიბეზე ჩაუშვა და თანაც მიაყოლა:

- ესეც შენა! არც ეხლა წახვიდოდე?

ისევ სახლში შებრუნდა და კარები გადარაზა.

IX

კიბის ძირში დაბმული ძაღლი თეიმურაზს თავზე დასდგომოდა და გააფთრებით პირსახეში ჰყეფდა.

ნაბეგვი და დამტვრეული ნაქმრევი ზლაზვნით, კლაკვნით და კვნესით წამოდგა და ნაღრძობი მკლავი ძლივს აითრია.

ჯაყომ აივნიდან გადმოიხედა და გადმოიძახა:

- ბოღრია, სუ!

ძაღლი მაშინვე გაინაბა.

- ბრინკა, აბა, ჩქარა დაიკარგებოდე აქედანა, ჩქარა გაგათრიე ჯაყოს სახლიდანა, თორემ ჯაყო მოხვიდოდე და ვაი შენი ბრალი მაშინა!

თეიმურაზს აღარ მოაგონდა კიბეზე დაკარგული ქუდი და სათვალეები.

ბოღრიას გაუსხლტა, ეზო გადაირბინა და ბნელ ორღობეს შეერია. ფერწასული მთვარე მთის თავზე შემდგარა. ზემო ხეობიდან ნიავი მოჰქრის. სოფელს ღრმა ძილით სძინავს.

ბოღრია-ძაღლი მოუსვენრად იღრინება და ჯაჭვს აჩხარუნებს.

ბორძიკით მირბის ცეცხლ-მოკიდებული თეიმურაზი. მირბის და ვეღარაფერს ვერ ჰხედავს. მხოლოდ ლიახვის შხუილი, საკუთარი ფეხის ხმა, თავისივე გულის ცემა და ხვნეშა ესმის. მირბის და ხან მაღალ ხორხს წამოჰკრავს მოდუნებულ ფეხს, ხან ქვას აწყდება და ხან კიდევ ეკლიან ღობეს ეხეთქება.

უცებ ფეხებში ლბილი რამ მოედო. შიშისგან შეჰკივლა, გვერდით გასხლქა და სირბილს მოუმატა.



მირბის თეიმურაზი და უკან კნავილით ჯაყოს შავი კატა მისდევს.

წინ ბაყაყების ყიყინი ისმის. კატამ თეიმურაზს გაუსწრო, მერმე შემობრუნდა, თვალებში ორი მწვანე სანთელი შემოანათა და ჩვილი ბავშვივით შეჰკნავლა.

- მიაუ-უ-უ...

თეიმურაზმა ჯაყოს კატა იცნო. იცნო, მაგრამ უნებურად შეჰკივლა და კოჭებამდე მყრალ გუბეში შესტოპა.

ბაყაყებმა ყიყინი შესწყვიტეს და ტყაპა-ტყუპით ტლაპოში მიიმალნენ.



ისევ მირბის უსინათლო თეიმურაზი. ორღობეს გასცდა და პეტრეს კალოს ჩაურბინა. კალოდან გამოვარდნილი ძაღლი თეიმურაზს ყეფით მოსდევს. საბზლიდან ვიღაც ხმას აძლევს:

- რომელი ხარ?

თეიმურაზმა პასუხი არ გასცა და ისევ გაიქცა. ხორხს ფეხი წამოჰკრა, წაიქცა და ისე შეჰბღავლა, რომ საკბენად მინაწვდენი ძაღლი შეშინდა და გაოცდა. მერმე მოტრიალდა, კუდი ამოიძუა, უკანვე გაიქცა, შორი-ახლოს ჩაცუცქდა და აყმუვდა.

- რომელი ხარ მეთქი მანდა? - მეორეჯერ ისმის კალოდან.



საით მირბის სულადუღებული თეიმურაზი?!

- ლიახვისკენ!... ლიახვისკენ!

რად მირბის თეიმურაზი ლიახვისკენ?

- იმიტომ რომ... კმარა! კმარა! დროა ყველაფერი გათავდეს. დროა!

თეიმურაზს ყველაფერი გაუთავდა, ყველაფერი დაენგრა და დაეღუპა.

გორში აშენებულს ქრისტიანულ ხუხულასაც უჩინარმა ბედმა თითი წაჰკრა და ისე დააბნია, რომ გუშინდელ მორწმუნე თეიმურაზს იმ ნაცოდვილარ რწმენისა ეხლა ერთი ნაპერწკალიც აღარ ახსოვს.

აღარაფერი შერჩა ოდესღაც უდარდელ თეიმურაზს: არც ცოტაოდენი ქონება, არც ამოდენა ჯაფით ნაშოვნი სახელი, არც მამაპაპეული სახლ-კარი, აღარც ორიოდე დღით განახლებული სული, აღარც ოდესღაც ერთგული ცოლი და აღარც ხალხის პატივი - აღარაფერი, აღარაფერი!

ერთგული მეგობრის ნუგეშით და უმწიკვლო სახელით კიდევ შეეძლო თეიმურაზს უგემური სიცოცხლის თრევა.

ეხლა კი როცა მარგოც წაართვეს და პატივიც აჰყარეს, თეიმურაზს მხოლოდ ძაღლის მყრალი მძორი-ღა შერჩა კისერზე, რომელიც სიკვდილამდე უნდა ათრიოს.



აღარ შეუძლიან თეიმურაზს ასეთი მძიმე და მყრალი ბარგის ზიდვა, აღარ!

- კმარა! მეყოფა, მეყოფა!

ორმოც არ არის უძირო, ხოლო თეიმურაზის წამების ორმოს ძირიც აღარ უჩანს.

კმარა! აღარ ძალუძს თეიმურაზს მარად ამ ბნელ ორმოში ჩასვლა და ჩაძირვა. სჯობს ორიოდე წუთში გათავდეს ყველაფერი: უაზრო წარსულიც, შხამიანი აწმყოც, ბნელი მომავალიც და... ძაღლის ლეშიც. მყრალი ძაღლის მძორიც, რომელმაც ლამის გაჰგუდოს ხევისთავიც და ის ხეობაც.

რას იტყვიან თეიმურაზის ნათესავები და მიმდევარი, მეგობრები?

- რომელი მეგობრები? ვინ ნათესავები?

აღარა ჰყავს თეიმურაზს არც მეგობრები, აღარც ნათესავები. თანაზიარნიც ისე დაილივნენ და გაიფანტნენ, რომ მათი კვალიც კი აღარსად მოსჩანს.

მხოლოდ ზოგი გაიხსენებენ თეიმურაზის ღვაწლს, ფლიდურად მოიგონებენ იმის დათესილ მადლს და გაკვრით იტყვიან:

"საწყალი თეიმურაზი! რა უბედურად დატრიალდა მისი ცხოვრება! როგორ დაიღუპა ასეთი ადამიანი! ღმერთმა საიქიოს მაინც მისცეს შვება და მოსვენება".

და ერთი საათის შემდეგ სამუდამოდ დაივიწყებენ თეიმურაზის მადლსაც და სახელსაც.

- კმარა! კმარა!

ეყოფა თეიმურაზს გოლგოთის აღმართი, ეყოფა!

იქნებ ვინმემ თეიმურაზის სიტყვები გაიმეოროს, რომელსაც თვითონ თეიმურაზი ხშირად იტყოდა ხოლმე, როცა უკანასკნელ ხანებში ვინმეს სიკვდილს გაიგებდა:

- ეხლა მივუხვდი აზრს ჩინელების ერთს ადათს: როცა ვინმე დაებადებათ, წინდაწინვე სტირიან იმის მწარე ბედს; ხოლო როცა მოუკვდებათ, იმის ტანჯვა-წამების დასრულებას მოილხენენ. ამიტომ არც მე ვსტირი ვინმეს სიკვდილს, მშურს კიდევაც.

ოღონდაც! ოღონდაც! ჰშურს თეიმურაზს მიცვალებულთა ბედი! იცხოვრეს, თავისი ხვედრი მიიღეს და წავიდნენ, წავიდნენ და ამ ჯოჯოხეთს აღარ დაუბრუნდებიან.

ეხლა თეიმურაზის წამების დასასრულიც მოვიდა. გათავდა ყველაფერი! ხუთიოდე წუთში გათავდება ყოველივე! ეყოფა თეიმურაზს საამქვეყნო ურვა და ძვინვა, ეყო!

- მარგო? მართლა, რას იზამს მარგო, როცა თეიმურაზის სიკვდილს გაიგებს?

რა თქმა უნდა, მწარედ იტირებს და შავად იგლოვებს.

მაგრამ... ოოჰ, შავგულო ფარისეველო! ოოჰ, ორპირო, ფლიდო, ავზნიანო დედაკაცო! ჭრელო გველო! მრუშო, ბილწო, ჭუჭყიანო ორმოვ! წყეულიმც იყავ, ჰოი, უმადურო მეძავო! იყავ წყეული უკუნითი უკუნისამდე. ამინ! ამინ! შხამად ამოგივა ერთ დროს ეგ ვერაგობა და მზაკვრობა, შხამად! შხამად!

თეიმურაზს ერთ წუთში თვალწინ ათასმა წვრილმანმა აზრმა, სურათმა და მოგონებამ გაურბინა.

კიდევ რაღაც სათქმელი მოაგონდა, მაგრამ ამ დროს იმ მორევს მიადგა, სადაც წინათ ნემს-კავით თევზაობდა.

"აბა, ერთი!.. ორი!..

მიადგა და შესდგა.

ოდნავ სული მოითქვა. ადუღებული სისხლი პირსახეში აუვარდა. გული საგულედან ამოვარდნას ჰლამობს. ქვაბივით გახურებული თავი საცაა უნდა გასკდეს.

- ერთი!.. ორი!.

სიცოცხლის უჩინარმა სიმებმა უკან დასწიეს თავგანწირული თეიმურაზი.

იდუმალმა ლანდებმა ფეხები შეუკრეს და მიწას მიაბეს. ვიღაცამ გულში ჩაუწვეთა.

- იქნება აჩქარდი... იქნება შეიძლებოდეს მარგოს მობრუნება...

მეორემ შხამიანად ჩაიხითხითა:

- ნუ ფლიდობ!.. ყველაფერი დაიღუპა, დაინგრა, გათავდა!.. მომავალში მხოლოდ სირცხვილი, შიმშილი და ათასი დამცირება მოგელის.

მოიგლიჯე კისრიდან ძაღლის მძორი, მოიგლიჯე!.. მხოლოდ ერთი წუთი, ერთად-ერთი! ყველაფერი უცებ გათავდება... აბა, გაჰბედე!

- ერთი!.. ორი!..

თეიმურაზს ესმის უხილავის კივილი - "ჩამოიგლიჯე, ჩამოიგლიჯე!" - და გულმკერდს ისე იხოკავს და იკაწრავს, თითქო იმ მძორის ჩამოგლეჯას ჰლამობსო.

წეღან თეიმურაზს ღმერთიც და პირჯვრის წერაც დავიწყებული ჰქონდა, მაგრამ ეხლა, შავის უკუნეთის წინაშე, ვიღაც უჩინარმა მოაგონა, მარჯვენა ხელი ააწევინა და ფართე პირჯვარი გადააწერინა, გადააწერინა და ხელი წაჰკრა:

- სამი!

თეიმურაზმა თვალები დახუჭა და ისკუპა. წყალმა პირი დააღო და უმალვე შეჰკრა.



იმავე წუთს სიბნელეში სასოწარკვეთილი გმინვა მოისმა. თეიმურაზი ფრჩხილებით და კბილებით ებღაუჭება სიცოცხლეს:

- მიშველე-ე-ე-თ!.. მიშველე-ეთ!..

ფართხალობს თეიმურაზი წყლის პირზე და ბღავის; ბღავის და კლდის წვეტიან ნაგლეჯებს ებღაუჭება, მაგრამ ძლიერი ტალღა სუსტ თითებს ჰგლეჯს და მჩატე სხეულს მიათრევს. ცეცხლის ქარიშხალი ტრიალებს ხევისთავის სულში. იდუმალი და უძლეველი ძალა აყვირებს წყალწაღებულს.

- მიშველეთ! მიშველე-ე-ეთ!..



მისი კივილი ღამის დუმილს აფრთხობს.

შავ კატას თითქოს ესმის თეიმურაზის უიმედო მოწოდება. მდინარეს ნაპირ-ნაპირ მისდევს და სჩხავის. კალოდან ძაღლიც უკან გამოჰყოლია, ბექობზე ჩაცუცქებულა და გაბმული ყმუილით ჰყმუის.

თეიმურაზის ბღავილი პეტრეს შვილს ნინიკასაც მისწვდა კალოზე. მორბის ნინიკა და ჰყვირის:

- რომელი ხარ?.. ვინა ხარ?

- მიშვე-ლე-ე-ეთ!

- სადა ხარ?..

სადა ხარ?..

- მიშვე-ლე-ე-ეთ!

- მოვდივარ! ნუ შეშინდები, მოვდივარ!

თეიმურაზმა ნაპირის ქვას ხელი წაავლო და ამოტივტივდა. ტალღა პირსახეში სცემს და სცდილობს თავისი კერძი კლდეს ჩამოჰგლიჯოს და ჩაიხუტოს.

ნინიკა მოვარდა და თავთ წაადგა:

- რომელი ხარ? სადა ხარ?

თეიმურაზი ძლივს-ღა ხრიალებს:

- თ..თთეიმურაზი... თ...თთთეიმურაზი ვარ. მიშველე, ნინიკა, მიშველ-ე-ე!

ნინიკა წყლის ნაპირზე ჩაცოცდა, თეიმურაზს ხელში ხელი წაავლო და გაამხნევა:

- გამაგრდი... არ შეშინდე...

აქა ვარ...

**

რიჟრაჟმა მოატანა.

ოდნავ მოსულიერებული და გონმოსული თეიმურაზი ნინიკას საბზელში გაშოტილა. მისი ნამოურავალი პეტრე, ნინიკა, ჯაყო, მარგო, ნახუცარი ივანე და ხუთიოდე გლეხი წყალში გაწურულ თეიმურაზს თავთ დასტრიალებენ.

დოინჯ-შემოყრილი ჯაყო იქვე სდგას და იღიმება.

- აკი გითხარი, ძაღლი კოწლობით არ მოკვდები მეთქი!

ნინიკამ ტუჩები მოიკვნიტა და ჯაყოსკენ ერთი ნაბიჯი გადასდგა.

დაჩოქილმა მარგომ თეიმურაზის სველი თავი მუხლებზე დაიდო და მოუალერსა:

- თეიმურაზ!..

თემურ!.. არა გრცხვენიან?!.. რას იტყვიან, რას იფიქრებენ?

თეიმურაზი იკლანკება, ხელებს ძლივს ალივლივებს, პირს შოშიასავით აღებს და წყალს აღებინებს. ბოლოს, თევზის თვალები მარგოს შეანათა, სახე უარესად დაიღრიჯა და ძლივს წაილუღლუღა:

- დაიკარგე... დამეკარგე აქედან, შე უნამუსოვ!..

უსინდისო!

მარგო გველნაკბენივით წამოხტა.

ჯაყომ მარგოს შეუტია:

- აკი გითხარი, ნუ წახვიდოდე მეთქი! თეიმურაზი, არ გინდა მეთქი შენი ნახვა, არა! გაიგებდე, ადამიანო, გაიგებდე, რომ ბრინკას აღარ გინდა მეთქი შენი ნახვა, აღარ!

მერმე თეიმურაზს ზიზღით დაჰხედა:

- მაშ ეგდებოდე მაგრე! მოკვდებოდე ძაღლივითა! ლობიო! ქალაჩუნა! ქალაბიწა, ფუჰ, შენი ვაჟკაცობა!

- გაეთრიეთ...

დამეკარგეთ... მხეცებო! ნადირებო! - ლუღლუღებს თეიმურაზი.

- ჯაყო! - ადუღებული ხმით წამოიხრიალა ნინიკამ და ცეცხლმოკიდებული თვალები ჯაყოს მიანათა. - გეყო! გეყოფა მეთქი თორემ... თორემ...

ჯაყო ჯერ აღრინდა და ნინიკას ეშვი აჩვენა. მაგრამ იმის თვალებს რომ წააწყდა, უცებ მოლბა, მოიდრიკა, თვალი მოარიდა, გაბრუნდა და ატირებული მარგო ძალით გაიყვანა.

მერმე კარებიდან ისევ შემოიხედა, მიბნედილ თეიმურაზს კბილები გაუელვა და ნეკი გაუშვირა:

- აღუ-უ! ნეკზე არ გიკპინო! შე ბრინკა, შე ნაცარქექია, შენა!. აღუ-უ, აღუ-უ თეიმურაზსა, აღუ-უ-უ! აკი გითხრამდა ჯაყოი, რომა...

ნინიკამ ჯაყოსკენ გაიწია. ჯაყომ სიტყვა შუაზე გასწყვიტა და კარები გაიჯახუნა.

ნაწილი მესამე

I

ერთი კვირის შემდეგ ჯაყო ნახუცარ ივანეს ეუბნებოდა:

- ეს საქმე თუ გაგიკეთე ჯაყოსა, სამოცი ჩანახი პური მოგცემ.

- კარგი, ჯაყო, ვნახავ, ვცდი.

- კიდევ ერთი რამე უნდა გითხრამდე: თუ ნაშინდარს სკოლა გაგიკეთე, მეც ერთი ურემი და ერთი კაცი მოგცემ სამუშაოთა.

მაგრამ კაპრატივი არ გინდა ჯაყოსა!

- ვიცი.

- კჩორტუ კაპრატივი! არ გინდა კაპრატივი ნაშინდარსა! ვიცის ჯაყომა, რათ გინდა აქ კაპრატივი. ვიცის! ხალხი ტყავი გინდა გაგაძრო, განა! ვიცის ჯაყომა, ვიცის!

- ჯაყო, კოოპერატივის საქმეში მე ვერ დაგეხმარები, თეიმურაზის საქმეში კი მოგეშველები.

- კარგი მაშა! კაპრატივი მერე იყავი. შენ ჯერ თეიმურაზის საქმე გაგიკეთე. აბა, ხელი მოგეცი.

ერთმანერთს ხელი მისცეს და დაშორდნენ.



იმავე საღამოს ივანემ ნიადაგი გასინჯა: თავის ოჯახში შეკედლებულ თეიმურაზს გვერდით მოუჯდა და ტკბილად უთხრა:

- ძმაო თეიმურაზ! თავი რომ აგიღია და მიდიხარ, სად მიდიხარ? ფული შენ არა გაქვს, სახლი და კარი. სამსახურსაც ვერსად იშოვნი. შენი დრო წავიდა.

- წავიდა. - უმალ დაეთანხმა მოსულიერებული თეიმურაზი.

- ახლოს არავინ გიკარებს.

- მ...მმართალს ამბობ, არ მიკარებენ.



- ამ სოფელს რომ მოსწყდე, მშიერი მოკვდები.

- ეგეც მართალია, მშიერი მოვ...ვვკვდები. მაგრამ...

- თუ ესეც მართალია, მაშ რაღად ახირებულხარ, უნდა წავიდეო?

თეიმურაზი უცებ აფიცხდა და აღელდა:

- ივანე, ჩემი გადაწყვეტილება ურყევია. ძალიან გთხოვ და გეხვეწები, რომ...

- კარგი, თეიმურ, კარგი. - გააწყვეტინა ივანემ და ბაასს კვალი გადაუგდო.

- კარგი, მაგაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. - მერმე მოიფიქრა და შორიდან მოუარა! - დიდი სიკეთე გაქვს დათესილი, თეიმურაზ, მაგრამ...

- ჩემი დათესილი სიკეთის მეათ...თთედიც რომ დამბრუნებოდა, ამ დღეში არ ჩავ...ვვარდებოდი და გულმშვიდად ვიცხოვრებდი. ეხლა კი სინანულის მეტი აღ...ღარაფერი დამრჩენია. ჰმ! საკ...კკვირველია, ღმერთმანი: ადამიანმა რომ თავისი ბოროტი საქმენიც ისე ხშირად მოინანოს, როგორც სიკ...კკეთეს ნანობს ხოლმე, მისი სიცოცხლე განუწყვეტელ სინანულად გადაიქცეოდა.

- მარტო ჯაყომ შენგან იმდენი სიკეთე ნახა, რომ დღე-და-ღამე შენი ღმერთი უნდა ილოცოს.

- ჯაყო? ჰმ! ჰოი, ჯაყო? რა უნდა მ...მმოვსთხოვო უსუსურ ბავშვს, ტყის დათვს, ველურს?! ივანე, დააკვირდი ცხოვრებას და ხალხს.

ზოგის ხელში ღმ...ღღმერთი გატიკინდება. ზოგის ხელში კი ტიკინაც გაღ...ღღმერთდება. ჯაყოს ხელში ღმერთიც უმალ ტიკინად გადაიქცა. წარა-მარა გაიძახის: "ღმერთმა რევალცია ადღეგრძელოსო" და... "ძირს კაპრატივიო!"

- ამას წინათ თხა გაუხდა ავად. გაღმა სოფლიდან მღვდელი გამოიყვანა და უთხრა: "ჯაყოს თხა ავად გახდი: გაზიარე, ღვდელო, ჯაყოს თხაი".

ორივემ გულიანად გაიცინეს.



- ძალიან უდიერად კი მოიქცა. - სთქვა მერმე ივანემ.

- ნუ გგონია, ივანე, ვითომ ჯაყოს ს... საქციელი ძ...ძძალიან მწყენოდეს. გახსოვდეს, ძმაო ივანე, რომ პატიოსანის წკიპურტი უფრო მწვავეა, ვიდრე ხეპრეს კომბალი.

- ეგეც მართალია.

- ესეც იცოდე: შეუგნებელთან პურის ჭამას შეგნებულთან ომი გერჩივნოს.

თუ შენ პატიოსანი და ჭ...ჭკვიანი ადამიანი ხარ, და ბედმა გაგიჟებულ ავაზაკთა ბრბოში ჩაგაგდო, ასეთ ხალხში ცხოვრება შენთვის უუდიდესი სასჯელი იქნება. პირადად მე ჭკვიანთა და პატიოსანთა შორის გ...გგიჟობა მირჩევნიან, ვიდრე ჭკვიანობა და პატიოსნება გაგიჟებულ ავაზაკთა შორის. ჯაყოს ოჯახში კი ყველაზე პატიოსანი და ჭკვიანი ისევ ის ჭკუათხელი და უბბადრუკი ბრინკა ყოფილა.

- ძალიან ნუ დაემდურები ბედს, თეიმურ, თორემ...

- რატომ არ უნდა დ...დდავემდურო? ვითომ ამაზე მეტს რას მიზამს? რაღა დამრჩა, რაღა უნდა წამართვას! თავში ყინული, გულში შხამი და სულში ხანძარი, - აი რა შეჰრჩა თეიმურაზ ხევისთავს!

- სიცოცხლე? ესეც ერთ რამედ ჰღირს, თეიმურ.

- ხა-ხა! სიცოცხლე! სიცოცხლე ძაღლის მძორივით მკიდია კისერზე და ის მ...მძორი, ვერ იქმნა, ვერ ჩამოვიგლიჯე კისრიდან, აი ჩემი სიცოცხლე!

და თეიმურაზმა ორივე ხელის თითებით ისე ჩამოიფხანა გულ-მკერდი, თითქო მართლა მძორი ეკიდა და იმის ჩამოგლეჯას სცდილობდაო.

- ისიც ნუგეშია, ჩემო თეიმურ, რომ სანთელ-საკმელი თავის გზას არ დაჰკარგავსო.

შენი დათესილი სიკეთე ადრე თუ გვიან ამოვა, ან უკვე ამოვიდა.

- შეიძლება, მაგრამ... ჰმ! ესეც საოც...ცცარია! ზოგი თავის ნათესს თავის დროზე მოიმკის, ისიც ერთს ათად; ზოგი მოსამკალს ზამთარში იმკის, ზოგი კი - არასოდეს. მეც იმოდენა ნათესიდან ერთი მარცვალიც არ მერგო.

- ყველაფერს ბედი უნდა, ჩემო თეიმურ, ბედი.

- ოღონდაც, ჩემო ივანე, ოღონდაც! აი მაგალითიც: გარეთ გაიხედე, შენი ძაღლი ეხლა სალ...ლაფავს სჭამს. გუშინაც სჭამდა და, ალბათ, ხვალაც და ზეგაც შესჭამს.

მშიერი არ მოკვდება, რადგან კ...კარგი პატრონი ჰყავს. აგერ, შენი ღორები და კამეჩებიც არხეინად და უდარდელად მიირთმევენ. იმათაც მზრუნველი ჰყავთ. აგერ, ღობეზე და ბაღში მთელი დღე და მთელი თავიანთი სიცოცხლე ჩხიკვი, ყვ...ვვავი და ბეღურები დაჰხტიან, ჰგალობენ, იმღერიან, სიხარულით ლოცულობენ და მხიარულად ჰლაღობენ. არც იმათ იციან დარდი, ვარამი, ურვა და ჭმუნვა. ნეტა იმათ! ეს ჩიტები, ეს ძაღლი, კამეჩი და ღორიც ჩემზე და შენზე ათწილ და ასწილ ბედნიერი არიან.

- მეტის-მეტად შეგიტოპნია შავ ნაღველში, ჩემო თეიმურ.

იქნება იმ ძაღლს და იმ ღორს შენზე ნაკლები დარდი ჰქონდეთ, მაგრამ რაც უნდა იყოს, ძაღლი მაინც ძაღლია და ღორი - ღორია.



- მხოლოდ ადამიანს მიაჩნია ღორი და ძაღლი, ღორობა და ძაღლობა უწმინდურებად, საზიზღარ ქმნილებად და უუდიდეს უბედურებად, თორემ აბა იმ ღორს და ძაღლს გააგებინე ადამიანის ნ...ნნამდვილი ბედი და მერმე ჰკითხე, რა ურჩევნიათ, ღორობა თუ ადამიანობა? შენ თვითონ რადა სჭრი ღორის მაგივრად ღორის ავკარგიანობას?

- ეგ რომ ეგრეც იყოს, მარტო ადამიანის ენა, შეგნება და ცოდნაც ხომ რადმე ჰღირს!

თეიმურაზი ზეზე წამოვარდა:

- ოოჰ, ღმერთო დიდებულო! ნეტა როდის განიბნევა კაცთა შორის ეს უუდიდესი ცრუმორწმუნეობა და მარადიული ლანდი?! ცოდნა!.. ენა!.. შეგნება!.. შემეცნება!.. ხუთი წლის ბავშვს თავის გასართობად ტიკინას ჩასჩრიან ხ...ხხოლმე ხელში და თავს მიანებებენ. არც კაცობრიობა გასცდენია ბავშვის ხნოვანებას.

ღმერთმა რომ ადამიანი გააჩინა, პროგრესის, ცოდნისა და ჭეშმარიტების ლანდი ჩასჩარა ტიკინასავით, მერმე არხეინად განისვენა და სთქვა: ეხლა კი ეს ცუღლუტი და მოუსვენარი სულიერი თავს აღარ მომაბეზრებსო. დასჩოჩავს მას აქეთ ხუთი წლის კაცობრიობა ხუთ მილ... ლლიონ წელიწადს და ამაყად გაიძახის: "ცოდნა! ჭეშმარიტება! შეგნება! მეტყველება!" გაიძახის თუთიყუშივით ამ სიტყვებს, თვისი თავი ქვეყნის ბატონი ჰგონია და სამყაროსაც ისე ეპოტინება, როგორც პ... პპატარა ბავშვი მთვარეს.

- თუ ცოდნასაც არ წაეტანა ადამიანი, მაშ რიღას მაქნისია?

- ადამიანი არაფრის მაქნისი არ არის. ამ ქვეყნად მისი მიზანი და დანიშნულება ცოდნა კი არ არის, არამედ ბედნიერება, ბედნიერება და ისევ ბედნიერება! იმიტომ გითხარი წეღან, რომ აგერ ის ძაღლიც და ის ღ...ღღორიც ჩემზე ბედნიერები არიან მეთქი.

- მე კი მგონია, რომ ცოდნა ბედნიერებაა და ბედნიერება ცოდნაა.



- ტყუილია! ტყუილია მეთქი! უუდიდესი და უუსაშინელესი სიყალბეა, რომელსაც უთვალავი უბედურება მოსდევს. ცოდნა რაც არის, ეს ხომ მეც ვიცი და შენც იცი. ბედნიერება კი ადამიანის ყოველივე სურვილის შესრულებას ჰქვიან, მაშასადამე...

- მაშასადამე, ეს ღორიც, ძაღლიც და აფრიკელი ველურიც შენზე ბედნიერები არიან. რადგან შენზე ნაკლები სურვილი და მოთხოვნილება აქვთ, არა?

- დიაღ, და ჩემზე მეტი საშუალებაც აქვთ სურვილის მიღწევისა. დიაღ, დიაღ! ყველანი ჩემზე ბედნიერები არიან: ღორიც, ძაღლიც, ზულუსიც და... ჯაყოც, დიაღ ჯაყოც!

- მესმის...

გამიგია. მაგრამ ეს ქვეყანა მაგ გზით არ მიდის.

- მართალია, მაგრამ შენ ეს მითხარი, ჩემზე ბედ...დდნიერია თუ არა ჩვენი ჯაყო, - ხეპრე, უგუნური, ავ... ვვაზაკი, ტყიდან გამოვარდნილი დათვი, რეგ... გგვენი და ბრიყვი?... სთქვი, სიმართლე სთქვი... ნუ მერიდები.

შორიდან, ობიექტურად და მიუდგომლად რომ გავზომოთ, ჩემზე ბ... ბბედნიერია თუ არა ჯაყო?

ივანემ კარგა ხანს იფიქრა და მორჩილებით წაიბუტბუტა:

- ჰო... მართალი ხარ... შენზე ბედნიერია.

- მეც მაგას მოგახსენებდი. მაშ რა ოხრად მინდოდა ცოდნა, განათლება და ესოდენი წ...წწამება ცოდნის შესაძენად?

ივანემ დრო იხელთა და ბაასი კვლავ ძველ კალაპოტში ჩააგდო.

- რაკი ჯაყოზე ჩამოაგდე ლაპარაკი, უნდა მოგახსენო, რომ ჯაყო ზოგს კერპად ჰყავს გადაქცეული.



- იმიტომ, რომ ჯაყო მუდმივ იმარჯვებს და წინ მიიწევს. მოგ...გგეხსენება გამარჯვებულის და ბრბოს ფსიქოლოგია. კაენს და იუდას რომ გაემარჯვნათ, ხალხი ორივეს კაენობას და იუდობას აპატიებდა. ჯაყოს საქმეც აგრეა. ჯაყომ გ... გგაიმარჯვა, მე კი დავმარცხდი, მორჩა და გათავდა!

- ჰო, იმას გეუბნებოდი: ნუ კი გამიწყრები. ხომ იცი, სიკეთე მინდა შენთვის, თორემ შენს საქმეში როგორ ჩავერეოდი!

- მჯერა, ჩემო ივანე, მ...მმჯერა, სთქვი.



- ჰო და, ჩემო თეიმურ, აი რა უნდა მეთქვა: შენ თუნდ წადი, თუნდ დარჩი. როგორც გნებავდეს, ისე მოიქეცი, მაგრამ...

- მაგრამ?

- მაგრამ მარგოს ბედი უნდა გამოარკვიო, თორემ ისევ შენი სირცხვილი იქნება, თუ... დღევანდელივით გამოურკვეველ დღეში დასტოვე.

- მესმის... ვიცი... მესმის...

- ჩაიკნავლა თეიმურაზმა, თავი ხელებში ჩაიგდო და გახევდა.

რა იცის ივანემ, რა ჯოჯოხეთი ტრიალებს თეიმურაზის სულში! რა იცის ივანემ, რომ თეიმურაზის ენა წასვლაზე ჰყბედობს, გული კი უკვნესის, ნაშინდარს ებღაუჭება და გაჰკივის:

- "არა, არა! აქედან ვერსად წავალ! მარგოს ვერ მოვშორდები! თუნდ ფეხქვეშ გამიგდოს, თუნდ ფურთხივით გამგლისოს და მონად გამიხადოს, მაინც ვერ მოვშორდები ჩემს მარგოს... ჩემს მარგუშის... ჩემს მარგალიტს, ჩემს ერთადერთ ღმერთსა და ბატონს".

- ჰო და, იმასაც გეტყვი, რომ უფულოდ წასვლა არ შეიძლება, - ჩასჩურჩულებს ივანე. - ესეც რომ არ იყოს, აგრე ადვილად ცოლს თავს როგორ ანებებ?

თეიმურაზი გამოცოცხლდა და ანთებული თვალებით ივანეს მიაჩერდა:

- მაშ... რა ვქნა? ხომ არ...

რრაფერი არ გაიგე? მარგომ ხომ არ...რრაფერი არ გითხრა?

- არა, მარგომ... რაც მოხდა, მოხდა! სირცხვილია, კნეინა მარგო რომ ჯაყოს ხასად დაუსვა, შენს გვარს მაინც ნუ შეარჩენ, გაეყარე.

თეიმურაზი ისევ ჩაფიქრდა და წუთიერი იმედიც გაჰქრა.

- ძმურად გირჩევ, ძმაო თეიმურ, ჯერ ასწონე და მერმე გადასჭერი.

თეიმურაზმა სათვალეები შეისწორა, თითი მაღლა ასწია და წაილუღლუღა.

- მ..მმოვიფიქრებ... მ...მმოვისაზრებ.



II

მეორე დღეა ჯაყო და მარგო ივანემ სტუმრად მიიწვია, თეიმურაზი მათს მოსვლას არ მოელოდა. როცა ჯაყო და მარგო თავთ წაადგნენ, ნაავადმყოფარი თეიმურაზი ტახტზე ისვენებდა.

- გამარჯობა, ბრინკა! - მიახალა ჯაყომ. - როგორა ხარ? მადლობა ღმერთსა, რომ აგრე გადარჩებოდე.

თეიმურაზმა ძლივს წამოიწია. შერცხვა, გაწითლდა და ენა კბილებში გაეჩხირა:

- მ... მმადლობელი, ჯაყო, მადლობელი.



მარგო გვერდით მიუჯდა. მილეული ხელი გამოართვა და თვალებზე ხელსახოცი მიიდო.

ივანემ ჯაყო მაშინვე აივანზე გაიყვანა.

ნაცოლქმარნი დიდხანს სდუმდნენ და უხმო, უსიტყვო ტირილით სტიროდნენ. ბოლოს, თეიმურაზმა აჩქროლებული ხმით ჰკითხა:

- მარგუში! მაშ ყველაფერი გ...გგათავებულია?.. იმედი აღარ არის?

მარგომ ჩაღუნული თავი უფრო დაბლა ჩასწია.

თეიმურაზმა მარგოს ფაფუკსა და თბილ ხელს ოდნავ ხელი მოუჭირა.

მარგომ პასუხი არ გასცა, ხელი გამოართვა და პირსახე მიიბრუნა. თეიმურაზის გულის ალღომ მარგოს პასუხი უმალვე გაიგო. გაიგო და აჩვილდა, აფორიაქდა და აკვნესდა.

უცებ თეიმურაზი მარგოს მუხლებზე პირქვე დაემხო, პირსახე კაბის ნაოჭებში ჩაუმალა და აბუტბუტდა:

- მარგო. ჩემო მარგუში! ჩემო ერთადერთო მეგობარო!. შენ გ...გენაცვალოს თეიმურაზი... შენი ჭირი მე, მარგუშ! თავს შემოგ...გგევლოს შენი თეიმური...

მაპატიე ხეპრული და ბრიყვული საქ...ქქციელი...

ამას წინად იქ, საბზელში უდიერად მოგიხსენე, წაუშლელი შეურაცხყოფა მოგაყენე... შენც ხომ იცი, რომ ის სიბ...ბრიყვე მეტის სიმწარით და სიყ...ყყვარულით მომივიდა. უსაზღვრო დარდმა და გულის ტკივილმა დამაყრუეს, დამაბრმავეს, გამაგიჟეს, იმიტომ წამოო...ვვროშე ის ბილწი სიტყვები, იმიტომ მოგცხე ტალახი და ჩირქი, თორემ შენ როგორ გაგიბედავდი, როგორ გაგიმ...მეტებდი, როგორ გაკადრებდი იმისთანა უმსგავსს გმობას და შერცხვენას!

მარგო აირია, და სულით აიწეწა.

თეიმურაზის ქვითინი და მუდარა მოულოდნელი მეხივით დაეცა. წეღან რომ გულის ფანცქალით მოდიოდა ნაქმრევის სანახავად, გულში ჰფიქრობდა: "მუხლებში ჩავუვარდები თეიმურაზს და ცრემლით მოვინანიებ ჩემს ცოდვასო”. თუმცა ჯაყოს ძლიერ მკლავებიდან მარგოს გამოსხლეტა აღარ შეეძლო, მაგრამ იმ ორ თვეში წარსული ვერ დაივიწყა, ვერ წაიშალა და ვერ ამოიგდო გულიდან ათი წლის ცოლ-ქმრობა, - ხორცით მსუბუქი, ბაცი, უღონო და უხალისო, - მაგრამ მაინც ერთგული, მყუდრო და უდარდელი.

ერთ ჭერ-ქვეშ და ერთ საწოლში ათი წლის ცხოვრებამ ორივენი ათას უხილავს სიმით და ფესვით შეჰკრა და შეჰბოჭა, და როცა მარგომ ეს ფესვები ამოსაგლეჯად ამოსწია და ძაფები დასაწყვეტად დასჭიმა, თავისს ტანისა და სულის ყოველ წერტილში გაუძლისი ტკივილი და გოლგოთური კვნესა იგრძნო.

სულით ნაცემი და დატანჯული მარგო ეხლაც იმისთვის მოვიდა თეიმურაზთან, რომ როგორმე გაეადვილებინა ამ ძაფების დაწყვეტა, თუმცა ჯერ არც კი იცოდა, როგორ და რანაირი ხერხით დაიხსნიდა მარგო თავს შეჩვევის, შეთვისებისა და სულიერ მეგობრობის ტყვეობისგან, რომელსაც თითქმის ისეთივე ძალა და გამძლეობა ჰქონდა, როგორც ჯაყოს ბრმა ჟინსა და ველურ სიყვარულს.

თვითონ მარგო აპირებდა ფეხქვეშ ჩავარდნას და ხვეწნა-მუდარას. ეხლა კი თვითონ თეიმურაზი ულბობდა მარგოს მუხლებს და ისეთი სასოებით ნანობდა ქინძისთავის-ოდენა ცოდვას, ვითარცა ნაავაზაკარი წმინდანი ნანობდეს უფლის წინაშე განუზომელ ბოროტებას. გაოცებული და დაბნეული მარგო თეიმურაზის შეთხელებულს, ჭაღარა თმას მთრთოლვარე ხელს უსვამდა და იმის გახურებულ ბოდვას გულის ფანცქალით უგდებდა ყურს.

თეიმურაზმა მარგოს მეორე ხელიც ჩაიბღუჯა.

- ხომ აპატიე, მარგუში, ხომ შეუნდე შენს ძველსა და ერთადერთ მ...მმეგობარს გაგიჟების დროს წამოსროლილი როშვა?..

ოოჰ, გმადლობთ! გმადლობ, ჩემო ანგელოზო, ჩემო დაუვიწყარო დაო, დედავ და მეუღლევ!

მარგომ თეიმურაზს ოდნავ თავი აუწია:

- ადე, ადექი... გეყოფა, დავივიწყოთ ყველაფერი.

- არა, არა! დაიცა... დამაცა... ცოტა ხანს კიდევ დამაცადე.

და ჟინიან ბავშვივით თავი უფრო ღრმად ჩაუხუტა მუხლებში და ორივე ხელით უფრო მაგრად დაებღაუჭა კალთებში.

- ცოტა კიდევ დამაცა...

ეს არის ჩემი უკანასკნელი წილი, უკანასკნელი ალერსი... მერმე ყველაფერი გათავდება... სამუდამოდ გათავდება. აღარ შეგაწუხებ, აღარც შენ მოინდომებ, აღარც ჯაყო დამანებებს შენს თავს... მალე ყველაფერი გათავდება... გათავდება!.. გა-თავ-დე-ბა...

მაგრამ... ჯერ მითხარი, გამაგებინე, რას მიპირებ, რა ბედს მიუძღვნი შენს თეიმურაზს, შენს წინანდელ თეიმურს, შენს ჯვარცმულსა და იმ ქვეყნისკენ მიმავალ თეიმურაზს?

და ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ კიდევ შეეკითხა:

- სთქვი, მარგუში, სთქვი! ნუ მომერიდები, მე წინდაწინვე დავემზადე და უკვე შევეჩვიე ჩემს ხვედრს, ჩემს ავს ბედს, რომელმაც ასე უღვთოდ დამრია ხელი და გამთელა, გამსრისა და აღმგავა ცოცხალთა ასპარეზიდან. მე ამ ქვეყნისა აღარა ვარ. აღარც ის არსებობს ჩემთვის. ორთავენი ერთმანერთისთვის მკვდრები ვართ. დამრჩა მხოლოდ შენი თავი და პატიოსნება. ეხლა ესეც დამეკარგა.

ამიერიდან შენ ჩემი აღარ იქნები, მაგრამ მე?.. რა ვარ მე შენთვის? ვინა ვარ? ოოჰ, მარგო, სთქვი?.. სთქვი... სთქვი, ჩემო ერთო, ჩემო ჯვარცმულო ანგელოზო!

- ჯერ შენ მითხარი, ჩემო თემურ, რას აპირებ, რა გაქვს გულში? რა გინდა?

- მე?.. მე რა მინდა? მე?..

თეიმურაზმა თავი გადაიწია, მომაკვდავის სასოწარკვეთილი თვალები შეანათა მარგოს და ნაცემი ძაღლის მუდარით შეემუდარა:

- მე რა მინდა? შენთან ყოფნა და შენს გვერდით სიცოცხლე. მეტი არაფერი...

ჰო, მეტი არაფერი...

მარგო თითქო შეშინდა:

- ჩემთან ყოფნა? თეიმურაზ!..

- ნუ, ნუ შეგეშინდება. ჯერ ყური დამიგდე. მე მხოლოდ ის მინდა, რომ შენთან ახლოს ვიყო სადმე; რომ ზოგჯერ შორიდან მაინც დაგინახო; რომ ათასში ერთხელ ორიოდე სიტყვა მაინც გითხრა. მეტი არაფერი.

მაგრამ პასუხი ვეღარ იპოვნა.

ენადაბმულივით ძლივს ლუღლუღებდა:

- მე... მე არ ვიცი... არ მესმის... ჩემთან როგორ უნდა იყო? არ მესმის... რათ გინდა... რათ გინდივარ?.. ჯაყო რას იტყვის? ქვეყანა რას იფიქრებს?..



თეიმურაზი ძაღლის თვალებს არ აშორებდა მოულოდნელობით შემკრთალ მარგოს:

- მე ისევ შენი სულიერი ქმარი ვიქნები, არა, ქმარი კი არა, შენი ერთგული სულიერი ძმა და მ...მმეგობარი ვიქნები... მეტი არაფერი არ მინდა, მეტს არაფერს არ გთხოვ. ეს არის ჩემი უკკ...კანასკნელი მუდარა. მეტი არაფერი. ეხლა შენ იცი. ჩემი სიცოცხლე შენს ხელშია: თუნდა მომკალი, თუნდა მაცოცხლე. მეტი არაფერი.



უცებ ჯაყო შემოვიდა. თეიმურაზი რომ მარგოს მუხლებზე დაინახა, ორივენი თვალებით დაჰღრღნა და შემუსრა:

- ვერ გაათავებდეთ აქამდის?

თეიმურაზი წამოდგა. მელიას ღიმილით შეჰხვდა და კატის კნავილით შეჰკნავლა:

- ნუ გაჯჯ...ჯავრდები, ჯაყო!.. ნუ შეშინდები. მე ძმურის ალერსით მოვუალერსე მარგოს. თუ შენი თანხმობაც იქნება, ამას იქით მე და მარგო და-ძმები ვიქქ-ქნებით, შენ ნუ გეშინიან, ჯაყო, ნუ გეშინიან.

ჯაყომ დოინჯი შემოიყარა და ბალიშის ოდენა მკერდი გადმოიგდო:

- ჯაყოს ბრინკასი არ გეშინიან! ჯაყოს არც ათი ყაჩაღისა გეშინიან! ყველას დედას გიტირებს ჯაყოი, დედასა! მაშ, მაშა!

- არც უნდა გეშშ-შინოდეს, ჯაყო! მე შენთვის ს ს...საშიში აღარა ვარ.



- გინდებოდეს თუ არა, რომა მარგოს გაეყრებოდე? - მიახალა ჯაყომ. - გინდებოდეს თუ არა? ჯაყო ფული მოგცემდე, ბევრი ფული მოგცემდე.

- ჯაყო, მარგოს გულისთვის თთ...თუნდ კლდეზე გადავვარდები, მაგრამ ფ...ფფულზე ხმა აღარ ამოიღო, კრინტიც არ დასძრა.

ჯაყოს გაუხარდა:

- მაშ, მაშა! უნდა გადავარდე, მაშა! არც ფული უნდა აიღებდე, ეგეც მართალი ხარ, მაშ საქმე გათავებული ხარ. ხვალვე გაეყრებოდე და საღამოზე აქედან წახვიდოდე.

- არა. ჯაყო, არა! მე აქედან არსად არ წწ...წავალ, მარგოს ვერ მოვშორდები.



- მაშ რა გააკეთებდე აქა? როგორ იცხოვრებდე?

- ისევ დუქანში ვვ...ვიმუშავებ... ვივაჭრებ, მაგრამ ერთის პირობით: მარგო ყოველ დღე უნდა ვვ...ვნახო, ნუ გეშინიან, ჯაყო, ნუ გეშინიან.

ჩვენში მხოლოდ დაჲ-ძმობა იქნება... მეტი არრრაფერი... მეტი არრრაფერი, მარგოს გვერდით მივუჯდები, ორიოდე სიტყვას ვეტყვი, ან, თუ გინდა, ხმასაც არ ამოვიღებ, ოღონდ ამის გვერდით მამყოფინე და მაცქერინე... მხოლოდ მაცქერინე. მეტი არაფერი.



- მაშ ჯაყო მარგოს ქმარი იქნები, შენ კი ძმა იქნებოდე, არა?

- ჰო. ჯაყო, ჰო! შენ ქმარი და მე ძ..ძმა.

- კარგი, ჯაყო ყაბული ხარ. მაგრამ შენ როცა მარგოსთან დაჯდებოდე, ან მეც იქ ვიჯდებოდი, ან ერთი პატარა ბიწი დაგსვამდე.

- თ... თთანახმა ვარ. ჯაყო.



- მეც ყაბული ხარ. ხელი მოგეცი. ივანე. შენ გადაგწერი ხელი! ჯაყომ და თეიმურაზმა ერთმანერთს ხელები მისცეს.

უცებ მარგოს უცნაური რამ დაემართა. თითქოს უსაზღვრო შეურაცხყოფა მიაყენეს და წაუშლელი ჩირქი მისცხესო: წელში გასწორდა, ნაკვეთი თავი მაღლა აიგდო და ალეწილ პირსახეზე მიუკარებელი ამაყობა, ნაკბენ თავმოყვარეობის ნისლი და აზღარბებული ამპარტავნება აისახა; თვალებში რისხვის ნაპერწკლებმა გაუელვეს და ტუჩების ნაოჭებში მძულვარებისა და ზიზღის ზოლები ჩაუწვნენ. თეიმურაზს ზურგი შეაქცია, ჯაყოს მკლავში ხელი გაუყარა და უბრძანა:

- ჯაყო, წავიდეთ!

და ორივენი მეფე-დედოფალივით გამობრძანდნენ.



დაბნეული და გაშტერებული თეიმურაზი დიდხანს გაუნძრევლად სდგას იმავე ალაგზე, სათვალეებს ისწორებს, თითებს ჰაერში ათამაშებს და ბუტბუტებს:

- ს...სსაკვირველია!. ს...სსაოცარია! არ მესმის... არაფერი არ მ...მმესმის.

III

ერთი კვირის შემდეგ მარგომ დასთმო: სამივენი გორში ჩავიდნენ და ათი წლის ჯაჭვები დაიწყვიტეს, ღრმად გამჯდარი მუხის ფესვები ამოიგლიჯეს, დასისხლიანებული გულებით ისევ ნაშინდარში დაბრუნდნენ და ქორწილის სამზადისს შეუდგნენ.

ჯაყო მეოთხე ცოლს - თავად თეიმურაზ ხევისთავის გაყრილ მეუღლეს, თავად ელიზბარ ყაფლანიშვილის ასულს - მარგოს ირთავდა.

ორი წლის წინათ, როცა საქართველოში ეკლესიებს ჰკეტავდნენ, ჯაყო სხვებზე გულმოდგინედ გაჰკიოდა:

- აღარ გინდა ეკლესია! კჩორტუ ეკლესია! ...ეკლესია დაძველდი, მორჩი და გათავდი!

და ხევისთავთა ათი საუკუნის ეკლესია დააკეტინა და დააბეჭდვინა. ეხლა კი, რომ გადასწყვიტა დიდის რიხით, ზავთით და ზეიმით თავადის ასულის შერთვა, სოფლის ყრილობაზე უცებ ყაყანი ასტეხა:

- ჯაყოს ეკლესია გინდა! ჯაყოს ღმერთი არ გინდა, მაგრამ მღვდელი ძალიან გინდა!

და ხუთიოდე დღეში ეკლესიის კარებს ბეჭედი აახსნევინა.



მთელ ნაშინდარს ხევისთავების საგვარეულო ეკლესიაში მოუყრია თავი. წირვა თავდება, მაგრამ ხალხი მხოლოდ ეხლა შემოდის მეფე-დედოფლის სანახავად. მინგრეულ ეკლესიას, კარგა ხანია, ამოდენა ხალხი აღარ უნახავს. ხალხის ნახევარი ეზოში ირევა.

ერთი ჯგუფი ღელავს და ყაყანებს:

- მეტის-მეტად თავს გავიდა თქვენი ჯაყო. - იძახის ნინიკა.

- ჩვენი რათ არის ვითომა? - ეკითხება ერთი ხნიერი გლეხი.



- იმიტომ არის თქვენი, რომა ყველაფერში ზურგს უმაგრებთ.

- ეგ მართალია, - ჩაურთო მეორე გლეხმა. - მაგრამ ე მეოთხე ცოლს რომ ირთავს, ეს კი მეტის-მეტი მოუვიდა.

- ჰო და, თუ მეტის-მეტი მოუვიდა, უკან უნდა დავწიოთ და პირში ლაგამი ამოვდოთ. - სთქვა ილამ.

- ეკლესიის კანონით მეოთხე ცოლის შერთვა არ შეიძლება.

- ეჰ, შვილოსან, ვიღა დაგიდევს ეხლა ეკლესიის კანონებს?

- მესამე ცოლი ჯერ ცოცხალი ჰყავს.

მოტყუებით გაეყარა. ათიოდე თუმანი გადაუგდო და გაისტუმრა.

- ისევ ჩვენ თუ ამოვალთ მაგის ოხტიდან, თორემ თქვენ მაგას ვერაფერსაც ვერ დააკლებთ. - სთქვა ბოლოს ნინიკამ და თავის ამხანაგებს მიუბრუნდა. - ილა, წამოდი! თანდილა, თედო, წავიდეთ! აქ ჩვენ საქმე არა გვაქვს.

და ათიოდე ახალგაზრდა ლანძღვით და მუქარით გავიდა ეკლესიის გალავნიდან.

ეკლესიას ერთის გვერდით ბუჩქნარი და ხნარცვი აქვს აკრული.

ჯვრის წერა რომ დაიწყო, იმ ბუჩქნარიდან თეიმურაზი ქურდივით გამოძვრა და ჩქარი ნაბიჯით ეკლესიაში შევიდა, თითქმის შევარდა. თავჩაღუნული ნაქმრევი ხალხში შეერია, გაძვრა, გამოძვრა და სვეტის უკან ძლივს მოითქვა აღელვებული სული.

შორეულ სოფლიდან მოყვანილმა, გაცვეთილმა და გაცრეცილმა მღვდელმა დაბალის ხმით ჰკითხა ჯაყოს:

- გსურს თუ არა შეუღლება?

ჯაყომ შეკითხვა ვერ გაიგო.

- გინდა თუ არა მარგარიტაზე ჯვრის დაწერა? - განუმეორა მღვდელმა.

- გინდა, მაშ! - ისე წამოიძახა ჯაყომ, რომ მისი ხმა ეზოშიც კი გაიგეს.

ეკლესიაში ჩუმი სიცილი ასტყდა.

- გსურს თუ არა შეუღლება? - მიუბრუნდა მღვდელი მარგოს.



მარგოს პასუხი, ნიავივით ჩუმი, მღვდელმაც ძლივს გაიგო.

- იქორწინების მონა ღვთისა ჯაყო. - სამჯერ სთქვა მღვდელმა და სამჯერვე განიმეორა: - იქორწინების მხევალი ღვთისა მარგარიტა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმინდისათა ამინ!

მხოლოდ ეხლა აიხედა მაღლა თეიმურაზმა. აიხედა და მეფე-დედოფალს შეჰხედა. შეჰხედა და თვალი აუჭრელდა.

მარგო და ჯაყო ძლივს იცნო თეიმურაზმა. ჯაყო სუფთად იყო გაკრეფილ-გაპარსული.

მოკლე და შავი თმა ზღარბივით ჰქონდა აყრილი. გოლიათის ტანზე მუქი ლილის-ფერი ძველებური კაბა, ვერცხლით ნაქარგი აბრეშუმის ახალუხი, განიერი ხავერდის შალვარი და ლაკის ახალი ჩექმები. ნიდაყვამდე გაჭრილი ცისფერი ყურთმაჯები მხრებზე ჰქონდა გადაგდებული. წელზე ოქროს ძაფით ნაჭედი ქამარი და ხმალ-ხანჯალი ერტყა, რომელიც ჯაყოს ახოვან ტანზე ზედგამოჭრილი იყო.

მარგო სწორედ ისე იყო გამოწყობილი და მორთული, როგორც ათი წლის წინად, როცა ჯაყოს მაგივრად თეიმურაზს ედგა გვერდით: ტანთ ეცვა თეთრი ატლასის ქართული კაბა; განიერ მკერდს უმშვენებდა ოქროს ზონრით გადახლართული და მარგალიტებით შეკრული პირისფერი გულისპირი; განიერი, იასამნის ფერი სარტყელი, თავით-ბოლომდე ოქროთი და აბრეშუმით ნაქარგი, კოჭებამდე სწვდებოდა. შუბლზე გვირგვინის მსგავსი იალქანი ერტყა, მარგალიტებით და ალმასებით მოჭედილი, ხოლო თავზე და მხრებზე თხელი თეთრი მანდილი ედო, ისიც ოქროს ფოთლებით მოქარგული; თავსაკრავის შუაგულს აღმართული ჰქონდა საუცხოვო ჯიღა ძვირფასი თვლების თაიგული. ამ თაიგულს მსხლის მსგავსი ნეკის ოდენა მარგალიტი დასცქეროდა, რომელიც ნისლოვან ვარსკვლავივით უცნაურისა და იდუმალი შუქით ციმციმებდა.



თეიმურაზმა იცნო ჯაყოს კაბაც. მარგოს სარტყელიც, ჩიხტიც, მანდილიც და ჯიღაც; იარაღიც და ჯიღაც ხევისთავთა საგვარეულო განძი იყო, მამით-შვილამდე გადმონავალი, ძვირფასი ნახელოვნევი და ნატიფი ნამუშევარი, რომელსაც ნაშინდარის ბატონები და ქალბატონები თავიანთ საგანძურიდან - რკინით შეჭედილ მუხის სკივრიდან - მხოლოდ საზეიმოდ ამოიღებნენ ხოლმე.



ეს საგანძურიც და მრავალი საგვარეულო ოქრო-ვერცხლეულობაც იმ სკივრში ინახებოდა, რომელიც ერთ დროს "ყაჩაღებმა მოიტაცეს".

- და გამრავლდით ვითარცა აბრამ და ისაკ, სარა და რებეკკა, და შვილი თქვენი ვითარცა ახალი ხილი ზეთისხილისანი. - ჩურჩულებდა მღვდელი, სანამ გაშტერებული თეიმურაზი ჯაყოს და მარგოს ათვალიერებდა.

მაშ აი, როდის და სად აღმოჩნდა იმ განძეულობის ნაწილი! აი, ვინ ყოფილა ნამდვილი ყაჩაღი! აი, ვინ მოსტაცა თეიმურაზს და ქართულ კულტურას დაუფასებელი განძი! ესმის თეიმურაზს, ეხლა ესმის ყველაფერი! ესმის თეიმურაზს, მაგრამ ამის გამო გულის ტკივილს არა ჰგრძნობს: იმის თვალწინ მარგო სდგას, ჯაყოსაგან ხელდებული მარგო!

და თეიმურაზს უმალ დაავიწყდა ძველი ამბავიც და დაკარგული განძეულობაც. იმისთვის ეხლა სულ ერთი იყო, რა დაიკარგა ოდესღაც.

ან ვინ მოიტაცა დანაკარგი, ჯაყომ თუ ქეშელამ, ტურამ თუ გიბამ.

ეხლა მისი თვალიც, სმენაც და აზრიც მარგომ მიიზიდა, მიიჯაჭვა და ჩაიწურა.

ხელიხელ-ჩაკიდებული მეფე-დედოფალი ლიტანიას უვლიან. თავთ ქართული გვირგვინები ადგიათ. გვირგვინების ოქრო-ვერცხლის ტოტები და ფოჩები ოდნავ ირხევიან და ბრწყინავენ.

მღვდელი და დიაკვანი გალობენ:

- ისაია მხიარული...

ხარბად შესცქერის თეიმურაზი თავის ნაცოლარს და უნებურად ადარებს იმდროინდელ მარგოს, როცა ახალგაზრდა ქალი, ათი წლის წინად, ფერმკრთალი და აგზნებული, წელ-წვრილი და ხმელ-ხმელი, პირველად შესდგა გვირგვინის ქვეშ; როცა მორცხვად იღიმებოდა, ღელვით სთრთოდა და თვალებს იატაკს ვერ აშორებდა.

აგონდება ხევისთავს შორეული წარსული და გულში ნაადრევ სიბერის ჟრჟოლას გრძნობს.

ეხლანდელი მარგო უკვე დედაკაცია, ნამდვილი დედაკაცი. დასრულებული და დამწიფებული, ფერწითური და ატლასოვანი, ღონიერი და ჩაფუთქნული, ამაყი და თავმომწონე.

მარგომ ხალხს ქურდულად გადაავლო თვალი და ერთის წამით თვალი თვალში გაუყარა თეიმურაზს, რომელიც ისე შეჰყურებს ნაცოლარს, როგორც დაჭრილი შველი შესცქერის მოღერებულ ხანჯალს: შიშით, უიმედოთ და სასოწარკვეთილი მუდარით.

მარგო ჯერ ოდნავ შეჰკრთა, მერმე შუბლი შეიკრა, წარბები აიკრიფა და ტუჩებზე თითქო ტანჯვა და ზიზღი აისახა. და იმავ წამს თვალები ისევ დაიბურა, თავი დაჰღუნა და თეიმურაზს საჩქაროდ ისევ ზურგი შეაქცია.

მესამედ რომ უვლიდნენ ლიტანიას, მარგომ თვალი იატაკს ვეღარ მოსწყვიტა.

ხოლო ტუჩებზე კვლავ იგივე გაუგებარი გრძნობა ჰქონდა აღბეჭდილი, რომელიც თეიმურაზმა ვერ გახსნა და ვერ გაიგო, რადგან ერთსა და იმავე დროს იგი გრძნობა ტანჯვასაც ჰგავდა და ზიზღსაც, სირცხვილსაც და მძულვარებასაც, სინანულსაც და სიბრალულსაც.

თეიმურაზმა ვერ გაარჩია, ვერ წაიკითხა მარგოს პირსახეზე ანასახის ნამდვილი აზრი და გულისთქმა. მაგრამ მას ის დანაწერი უფრო ზიზღად და სიძულვილად მოეჩვენა, ვიდრე სინანულად ან სიბრალულად. და თეიმურაზს ძალაუნებურად გაახსენდა მარგოს იმ დროინდელი იერი, როცა მარგო ნახუცარ ივანეს სახლში თეიმურაზის სანახავად მოვიდა და უცებ უცნაურად გარდიქმნა და გადადუღდა.

- რა მაქვს საზიზღო? რად ამიძულა მარგომ? - ერთხელ კიდევ ჰკითხა თეიმურაზმა თავის თავს.

- იმიტომ შეგიძულა და შეგიზიზღა, - მიუგო უჩინარმა ორეულმა, - რომ წარმავალი ხარ, საბრალო, სუსტი და მომაკვდავი; იმიტომ შეგიზიზღა, რომ ბრძოლა წააგე; იმიტომ. რომ უბრძოლველად დაუთმე შენი ცოლი და პატიოსნება აგერ იმ პირუტყვს, ახმახს, ველურ ჯაყოს, რომელსაც შენზე უფრო ღონიანი აქვს მკლავებიც და ყბებიც, წვივებიც და ხმაც, გულიც და სულიც.



- ვითომ?.. ვითომ ამიტომ? - ჰკითხა თეიმურაზმა.

- დიაღ, ამიტომ, მხოლოდ ამიტომ. ეს კიდევ არაფერი. შენც მარგოს მზითვად მისდევ და ჯაყოს ყმად უდგები, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ ათასში ერთხელ შენს მარგოს გოშია-ძაღლივით შეხედო. ვის?! მარგოს! შენს მარგოს, რომელმაც...

- ოოოჰ, დიდებულო ღმერთო!

და თეიმურაზმა ისე მძლავრად ამოიოხრა, რომ გვერდით მდგომმა გლეხებმა გაოცებით გადმოჰხედეს.

გადმოჰხედეს და თვითონაც ამოიოხრეს, თან გაკვირვებით და თანაგრძნობით თავები გააქნიეს და გამოაქნიეს.

- ცოტაოდენი პატივი მაინც დასდე შენს თავს, სახელსა და წარსულს. - ბრაზით ჰკორტნის თეიმურაზის გულს ორეული. - ნუ იბრმავებ თვალებს. თავს ნუ იტყუებ, ნურც მარგოს ამართლებ. მთელმა ქეეყანამ იცის, რომ ცოლმა გიღალატა.

- ო-ო-ო-ჰ! - ერთხელ კიდევ ამოიკვნესა თეიმურაზმა.

და მისი კვნესა მთელს ეკლესიას მოედო.

აქეთ-იქიდან ნაქმრევ თეიმურაზს ისევ სიბრალულით გადმოჰხედეს.

- საწყალი! -- წაიჩურჩულა თეიმურაზის გვერდით ერთმა დედაკაცმა და იმანაც ამოიოხრა.

ორეული არ სცხრება:

- ღალატს თავი დავანებოთ: მარგოს ეზიზღები.

- ვაი მე! - ხმა-მაღლა დაიკვნესა თეიმურაზმა და ორივე ხელი გულზე მიიკრა, რომელიც ამოვარდნას ჰლამობდა.

ეკლესიაში ჩურჩული ასტყდა. თეიმურაზს ხალხი შემოეხვია, მაგრამ ხევისთავი ყურს არავის არ უგდებს და ვერც ვინმეს ჰხედავს.



- ეზიზღები, რადგან ქალაჩუნა ხარ. - ჩაჰკივის ორადი.

- მართალია! - ხმამაღლა ეთანხმება თეიმურაზი.

- არ მესმის, რა დაგემართა? - განაგრძობს ორეული. - შენი წინაპარნი რკინას სჭამდნენ, დათვებს ხანჯლით ჰხოცავდნენ და ყინულზე იძინებდნენ. წინ დაიხედე. ისე სდგეხარ შენი მამის საფლავზე, როგორც წიწილა დევის მკერდზე.



- წიწილა! ხა-ხა! - გესლით იცინის თეიმურაზი.

- საბრალო... საწყალი... - ისმის აქეთ-იქიდან ჩურჩული.

- მამა შენი და შენი წინაპარნიც სულითაც და ხორცითაც ფოლადისგან იყვნენ ჩამოსხმული. შენ კი გაქალდი და გაფუვდი. წყალსაც ძლივს ჰყლაპავ და ბუმბულიც მძიმე ლოდად მიგაჩნია, არც კბილები გაქვს საგლეჯად, არც მკლავი მოსაქნევად, არც ხმა შესატევად.

საგულეს გულის მაგივრად დამპალი ძონძი ჩაგიგდია, სასულეს სულის ნაცვლად სიმყრალე დაგიგუბებია, ხოლო ძარღვებში ცხელი სისხლის მაგივრად ჭაობის დუბელა ჩაგისხავს, ისე დაკნინდი და დაილიე, რომ ვაჟკაცობისა აღარაფერი არ გაცხია.

- ეგეც მართალია! - ხმამაღლა უდასტურებს თეიმურაზი.

- მაშ ახი ყოფილა შენზე, რომ ასე გაგსრისეს და გაგათრიეს.

- ახია, ახი! - ისევ ხმამაღლა ეთანხმება თეიმურაზი.

- მაშ დაანებე თავი შენს მარგოს და დაიწყე ახალი ცხოვრება.

- ღმერთო, მიშველე!

- თეიმურაზ! - ჩასჩურჩულებს ყურში ივანე აბოდებულ ხევისთავს. მაგრამ თეიმურაზს ივანესთვის აღარ სცალიან.



- დაიწყე ბრძოლა, გაიკაფე საკუთარი გზა და დასდექ საკუთარ ფეხზე!

- ეგრე... ეგრე... მართალია, მართალია! - თანახმაა ხევისთავი.



- რათა ცოლსა ამას ეშინოდეს ქმრისა... -- არიგებს მღვდელი მარგოს.

- მაგრამ თავდაპირველად დღესვე უნდა წახვიდე აქედან და სამუდამოდ დაივიწყო მარგო.

- ვაი მე, დედა! - ვერ უძლებს თეიმურაზი.



- თეიმურაზ, რა დაგემართა? --- ეკითხება ივანე.

- ეხლავე გადი ეკლესიიდან. - უბრძანებს თეიმურაზს ორეული.

- ცოტას კიდევ მოვიცდი... მერმე, მერმე გავალ, -ეუბნება ორეულს ნაკაცარი და გამძვინებულ სულს ორეულის ტყვეობიდან ვერ ინთავისუფლებს.

ნახუცარი ივანე და რამდენიმე გლეხი ჩურჩულით ელაპარაკებიან თეიმურაზს და ეკლესიიდან გასვლას ურჩევენ. მღვდელმა წირვა შესწყვიტა და მოთმინებით მოელის სიჩუმეს.

ჯაყო მოტრიალდა და ხარის თვალებს აბრიალებს. მარგოს ღრმად დაუხრია თავი და თვალებზე ხელსახოცი აუფარებია.

თეიმურაზი მაინც არავის არ ჰხედავს, არც ვისიმე ლაპარაკი ესმის. ცალის ხელით სათვალეებს ისწორებს, მეორე ხელს ცხვირწინ იქნევს და ცხარედ ებრძვის ჟინიან ორეულს.

ივანემ ყურში ჩასძახა:

- ძმაო თეიმურაზ! ვერ მიცანი? ვერა მცნობ?

როგორ არა, როგორ არა! თეიმურაზმა იცნო ნახუცარი ივანე! ივანეს როგორ არ იცნობს თეიმურაზი!

- რაო, აქედან წწ..წავიდეთო?.. რათ უნდა წავიდეთ? მე ეკ...კკლესიაში არ ვ...ვვლოცულობ... რა სთქვი? წ...წირვა გათავდა? კეთილი ...მაშ წავიდეთ!

და უცებ ძლიერი ხმით შესძახა:

- კმარა! კმარა მეთქი!

რა სთქვა ივანემ? ნუ ჰყვირის თეიმურაზი? განა თეიმურაზი ჰყვირის? იქნება სხვამ შესძახა?

- ს...სსაკვირველია! საოცარია!

თეიმურაზს არ გაუგია თვისი ყვირილი.



- კარგი, კარგი... მოვდივარ, მო!

გეყო, ივანე, გეყო! თეიმურაზი გაჩუმდება... აი, გაჩუმდა კიდევაც. მოდის თეიმურაზი, ეხლავე მოდის.

და ერთხელ კიდევ შემოსძახა:

- კმარა! კმარა მეთქი!

ისევ უკვირს თეიმურაზს. თვისი ყვირილი ყრუდ მოესმა, მაგრამ განა ის ხმა თეიმურაზისა იყო? მაშ ის ყვირილი მართლა თეიმურაზისა იყო? მართლა თეიმურაზმა დაიყვირა?!

- საკვირველია! ს..საოცარია!

არა, თეიმურაზს ხმაც არ ამოუღია... სტყუის ივანე! პეტრეც სტყუის! ყველანი სტყუიან! რად ჩააცივდნენ თეიმურაზს?! რა უნდათ იმისგან?!.

კარგი, მოდის თეიმურაზი, მოდის...

- ხა-ხა! საკუთარ პანაშვიდს დავესწარი! ჩემივე თავის დასაფლავება ვნახე! ხა-ხა-ხა! - ჩაიხითხითა თეიმურაზმა.

- დაანებე თავი თეიმურაზს, ივანე! რად ჩააცივდი მაგ ადამიანს?! თეიმურაზს ხმაც არ ამოუღია... თეიმურაზმაც იცის, რომ ეკლესიაში პანაშვიდი კი არ არის, არამედ ჯვრის წერაა. ქორწილია... ისიც იცის თეიმურაზმა, რომ ჯაყო ჯივაშვილი ჯვარს იწერს მარგო ხევისთავზე... მარგარიტა ყაფლანიშვილის ასულზე! იცის, იცის! მაგრამ ისიც მართალია, რომ ეს ქორწილი თეიმურაზის პანაშვიდია...

დიაღ! პანაშვიდია, პანაშვიდი!

მაგრამ თეიმურაზი ჯერ არ მომკვდარა! არც მოკვდება ასე ადვილად! დიაღ, არ მოკვდება მეთქი! თუმცა... რაო? იქ ვინა სთქვა - "საწყალიო"?! აქეთ ვინ წამოიძახა - "უბედურიო"?!

- წამო, თეიმურ. წავიდეთ.

- ივანე, დამანებე თავი, მე თვითონ წამოვალ!.. არც საწ...წწყალი ვარ და არც უბედური. თუმცა მე... მე..

სნეული ვარ... მართლა უბედური და საწყალი ვარ... ვიყავი, დღემდის ვიყავი... დღეს კი... ეხლა კი... ვაიმე, დედავ!

ტვინში ცივი გრიგალი აუვარდა. თვალები გაუთეთრდა და გადმოუბრუნდა.

ტუჩები აუტოკდა და აუცახცახდა. პირსახეზე ზაფრანამ გადაჰკრა. თავი გვერდით გადმოიგდო, თითქო კისრის ძარღვები დაუწყდა. ხელები გაასავსავა, მუხლები მოიკეცა და ეკლესიის კარებში ცარიელ ტომარასავით ჩაიჩოქა და გაიშალა.

და ეკლესიიდანაც, იმავე წამს, ერთმანერთში უცნაურად არეულმა დედაკაცის კივილმა, ქვითინმა და კისკისმა გამოჰხეთქა.

IV

მეორე დღეს, შუაღამემ რომ მოატანა, ჯაყოს ქორწილიც მიიწურა. მთვრალი სტუმრები სოფელს მოედვნენ.

ყოველ მხრიდან მათი თავაშვებული კიჟინი, აბეზარი ყვირილი, მხიარული შეძახება, სიმღერის ამონახეთქი და ენადაბმული ღიღინი მოისმის.

ნიგვზის ხეების ქვეშ, ღრმა წყვდიადში, რამდენიმე სანთელი ძლივს-ღა ბჟუტავს, ლურჯ სუფრას კიდევ შერჩენია ოციოდე მოქეიფე. ტორტმანით, ქანაობით და ლასლასით ერთი-მეორეს ეჭიდებიან, ეხვევიან და ბლუ ენებით გაუგებარს რამეს ლუღლუღებენ.

ჯაყომ მრავალი დაათრო და კაკლის ქვეშ წააქცია. ეხლაც იქ ჰყრიან გაშოტილნი და მძიმედ ხვრინავენ, ოხრავენ და ჰბორგავენ. თვალებ-გადმოყრილი და გაღეღილი ჯაყო მაინც არ სტყდება. ნახევართუნგიანი შევერცხლილი ჯიხვი უჭირავს და დაკლულ ხარივით ხრიალებს:

- აბა, ეს ღმერთმა გადღეგრძელოს ისა, რომელიცა რომა...

ვინც სამ ცოლს გაუძლებდე და მეოთხესაც მოიყვანდე. - და ერთი თათი თავის გვერდით მჯდომ მარგოს ალერსით დაჰკრა, ხოლო მეორეთი ჯიხვი მოიყუდა.

ჭრაქმა ოდნავ გაანათა მტკიცე ნაბიჯით მომავალი ადამიანი, რომელიც ჯვარდაწერილებს ლანდივით წინ აეტუზათ. ღამის ლანდს შორი-ახლოს ფეხ-აკრეფით ნახუცარი ივანე მოსდევდა.

მარგო მაშინვე წამოდგა და, თავჩაღუნული, სახლისკენ წავიდა. ჯაყომ პირიდან ჯიხვი მოიშორა:

- ოოჰ, ბრინკა, შენა?

თეიმურაზმა მარგოს გზა გადაუღობა:

- მოიცადე, ორიოდე სს...სიტყვა მაქვს სათქმელი. შენც ყური დამიგდე...

მერმე წადი.

სხვებმაც გაიკვირვეს თეიმურაზის მოსვლა. ჯაყო დაფაცურდა:

- აბა ალაგი ბრინკას! აბა, ქეშელა, საჭმელს მოართმევდე ბრინკასა!. დაგლოცე, ნათლია, დაგლოცე ახალი ქორწილი.

და ღვინით სავსე ადლიანი ჯიხვი თეიმურაზს გადულოცა.

თეიმურაზმა ჯაყოს ორივე ხელით ჩამოართვა მძიმე ჯიხვი და მკერდზე მიიყუდა. მერმე სათვალეები შეისწორა და სიჩუმის შემდეგ დინჯი ხმით ჯაყოს მიჰმართა:

- ჯაყო! ხვალ დილით აქედან მ...მმივდივარ.

მაგრამ სანამ წავიდოდე, ორიოდე სიტყვა უნდა მოგახსენოთ შენც და მმ...მარგოსაც... შენ და ქალბატონ მარგალიტა ჯივაშვილისას.

და მარგოს გვარი გაჭიანურებით და ხაზგასმით წარმოსთქვა - ჯი-ვა-შვი-ლი-სას!

- ნეტა ვიცოდე, რა საჭიროა ეს კომედია? - შეაწყვეტინა მარგომ.

- კომედია საჭიროა, უეჭველად საჭიროა, - განაგრძო თეიმურაზმა. - ჩემს ცხოვრებაში ისე აირია კომედია და ტრაღედია, რომ ერთი მეორესგან ვეღარ გამირჩევია. და რაც შენ კომედიად გეჩვენება, ჩემთვის ტრაღედია გახლავს. მაშ ესე: სიტყვას არ გავაგრძელებ, არც ბევრ დროს წაგართმევთ.

თუ ქალბატონმა მარგარიტამ ათი წელიწადი გაუძლო ჩემს ყბედობას, იქნება ხუთი წ...წწუთიც გაუძლოს ტრაღი-კომედიის უკანასკნელ მოქმედებას. ნუ შეშინდებით, ქალბატონო, კომედია სისხლით არ გათავდება.

სისხლის ხსენებაზე ჯაყომ ხელი ხანჯალზე დაიდო და თვალები დააჭყიტა.



- არც თქვენს გგგ-გალანძღვას ვაპირებ, არც საყვედურს, ამიტომ გთხოვთ ნუ შეშინდებით.

ჯაყომ თეიმურაზის ნათქვამი იტკიცა - ”ნუ შეშინდებითო”.

- ჯაყოს არც ბრინკასი გეშინიან, არც ყაჩაღებისა! მაშ, მაშა!

- არც გაშინებ, ჯაყო! მე პატარა კაცი ვარ, სუსტი და უძლური, გულჩვილი და უწყინარი. ქათამს ვერ დავკლავ და ბუზს ვერ ავაფრენ, მაშ შენისთანა დევ-კაცს აბა რა უნდა დავაკლო?!

- აგრე! - დაკმაყოფილდა ჯაყო.



- ჯაყო, - შესძახა თეიმურაზმა დუმილის შემდეგ და ოდნავ კილოს აუწია, - შენ ჩემი მოჯამაგირე იყავი.

- მართალი ხარ.

- მთიდან ჩამოსული უცხო ვინმე ხარ.

- ეგეც მართალი ხარ. მაგრამ ამ სოფელში ჯაყო უცხო არა ხარ.

- სანამ ეს ქვეყანა გადატრიალდებოდა, ჩემი გულკეთილობით და დაუდევრობით ისარგებლე და გასუქდი.

- ჯაყო მუშაობით გასუქდი.



- მე ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ ვსდუმდი, რადგან ნაჭარბევად კეთილი გული მქონდა.

- ვითომ ამიტომ? - თავისთვის ჩაიღიმა მარგომ.

- მაშ რ...რრატომ, - გაიკვირვა თეიმურაზმა. - სთქვი, რატომ ვსდუმდი?

- იქნება იმიტომ სდუმდი, რომ ნებისყოფა და გამბედაობა არა გყოფნიდა.

თეიმურაზი ჩაფიქრდა, მერმე თავი ჩაიქნია და სთქვა:

- მ...მართალი ბრძანეთ, ქალბატონო, სუსტი ნებისყოფა, გაუბედაობა და გულკეთილობა ერთი და იგივე ყოფილა. სამივენი ტოლნი ყოფილან. ეგრე იყოს.

სულ ერთია, ახ...ხხია ჩემზე! რაც მაშინ დავთესე, დღეს მოვიმკე, მაშ ასე, ჯაყო, ჩემის გულკეთილობით ან ჩემის ბეჩაობით ისარგებლე და ჩემს მამულზე გაკეთდი, მერმე, როცა ქვეყანა აირია დანარჩენებსაც ხელი დაჰრიე და ისიც კი მიითვისე, რაც არ გერგებოდა.

- ჯაყო ამ მამულში მუშაობდი, ჯაყომ აქ ოფლი დაღვარე, მაშ!

- ქვეყანამაც იცის იმ ოფლის ფასი. ის ოფლი ჩემი ჯიბიდან და გლეხების ზურგიდან ერთ-ათასად აინაზღაურე. მათ დაივიწყეს შენი... შენი "ოფლი". ამან გიშველა. გარდა სახლკარისა, შენ დაისაკუთრე ჩემი ავეჯეულობა, საქონელი და ხევისთავთა საგვარეულო განძეულობა, რაც ეხლა შენს კ...კკნეინას ტანთ აცვია, და ეგ იარაღიც, ზედ რომ აგისხამს, ეს ძვირფასი ჭურჭელი და ეს ჯიხვიც, ხელში რომ მიჭირავს, - ყველაფერი ჩემია, მამა-პაპეულია.



- არც ჯაყოს გაწყენს.

- ვიცი, რომ არ გაწყენს.

- მარგოსაც მოგიხდება. - მოუჭრა ჯაყომ.

- ძალიანაც მ...მმოუხდება. მაგრამ თითო ნივთს ასი და ხუთასი წლის ისტორია აქვს.

- თუნდ ხუთასისა იყავი, თუნდ ათასისა, ჯაყოსთვის სულ ერთი ხარ.



- ეგეც მართალია, ჯაყო, მაგრამ ეს განძეულობა ან მე მეკუთვნის, ან ქართველ ხალხს. შენ მეცამეტე გ...გგოჭივით გამოსტყვერი და სხვის ქონებას დაეპატრონე.

- ჩემია! ჩემია! - თვალების ბრიალით გააწყვეტინა ჯაყომ და ხაჯალზე ხელი დაიდო.

- ვიცი რომ შენია. ეხლა გვიანღაა ამაზე ლაპარაკი, რაც წავიდა, წავიდა! ეს კიდევ არაფერი. ჩემი ნაფუძრებიც დაისაკუთრე.

- ნაფუძრები ჯაყოს რევალციამ მოგცა!

- ეს ნაფუძრები ეკუთვნოდა ჩემს მეზობლებს, გლეხებს, რომელნიც ათას წელიწადს ამუშავებდნენ ამ მიწებს.

რაც აქ ოფლი ჩაუღვრიათ იმ უჩინარ და უხმო მუშაკებს, ერთი ტბა დადგებოდა.

- ჯაყომაც იმუშავე იმ ნაფუძრებში.

- ერთხელაც არ გაგივლია გუთანი იმ მიწებში. თუმცა ამასაც თავი დავანებოთ, ესეც არაფერი. შენ დაისაკუთრე ჩემი ბაღი, ვენახები და სახლ-კარი.

- ეგეც რევალციამ მოგცა ჯაყოსა!

- ჯაყო, დაანებე თავი რევოლჲუციას! თქვენ ერთმანერთს არც კი იცნობთ. რევოლჲუცია შენთვის მღვრიე წყალია, ხელსაყრელი ნიღაბია.

მეწველი ფურია. შენ კი, შენ რევოლჲუციის მუნი ხარ, მისი წურბელა ხარ, მისი ტკიპი, მისი ბაღლინჯო და ტილი!

ჯაყომ დაიღრინა:

- გაჩუმდებოდე, თორემა! ტილიცა ხარ და ბაღლინჯოცა!

- ნუ ცხარობ, ჯაყო! დაანებე თავი რევოლჲუციას. შენ არც კი მუშაობ, ჯაყო!

- ჯაყოს ნათესავები ხომ მუშაობ?! - გააწყვეტინა ჯაყომ.

- ვიცი, მაგრამ ყველაფერი შენ დაისაკუთრე. შენი ნათესავებიც და მთელი სოფელიც დაიბრიყვე, დაიმორჩილე და რკინის უღელში შეაბი. თვითონ შენ კი არ მუშაობ. შენ მხოლოდ ბრძანებლობ, ვაჭრობ, სუქდები და წარამარად გაიძახი: "ნინიკა კონტრევალცია ხარ...

თეიმურაზიცა, ილაცა, დათაცა!" - შენი კი ამ დროს ჩარჩობ და ვაჭრობ.

- მაგასაც მუშაობა გინდა!

- რა თქმა უნდა! მევახშენი, ჩარჩები და ავაზაკებიც მუშაობენ.

ჯაყოს თეიმურაზის ნათქვამის ნახევარიც არ ესმის. თვალებს ბუღასავით ატრიალებს, მარგოს შესცქერის და მისგან მოელის დახმარებას.

მარგომ ერთხელ კიდევ გასწია წასასვლელად და წაიბუტბუტა.

- არ მესმის, რა გაროშვინებს ამოდენა სისულელეს!

- მომითმინეთ, ქ...ქალბატონო, მომითმინეთ!..

თეიმურაზი ერთი წუთით ჩაფიქრდა.

მერმე შუბლი მოისრისა, ტუჩებზე მწარე ღიმილი დაიგრიხა და მორჩილებით დაეთანხმა:

- მართალია... სრული სიმმართლეა. სისულელეა, ყველაფერი სისულელეა, რაც გითხარით... ჩემი აქ ყოფნაც სისულელეა, არც მე მესმის, რა მრჯის და რა მალაპარაკებს!

- თავიდანვე აგრე უნდა გეთქვა. - სიტყვა ჩამოართვა მარგომ.

ჯაყომაც სიხარულით დაიხვიხვინა:

- მაშ, მაშა! აგრე იტყოდე თავიდანვე რაღა. შე ბრინკავ, შენა! დალიე, დალიე ე ღვინო, შე ქალბიწავ, შენა!

თეიმურაზი შხამიან ღიმილს არ იშორებს პირსახიდან:

- ჭეშმარიტად, ჯაყო, ჭეშმარიტად! ბრინკაც ვარ და ქალაჩუნაც ჯაყო! ბოდიშს ვიხდი შენს წინაშე.

mea culpa. მარგუში, mea culpa! ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია! ჯაყო თავით ბოლომდე მართალია, ყველაფერში მართალია!

- მაშ, მაშა! ჯაყო ყოველთვის მართალი ხარ, მაშ! მაშა!

- მართალია მეთევზე, რომელმაც მღვრიე წყლით ისარგებლა. ბრალიანი არც მგელია, რომელიც უპატრონო ბატკანს წააწყდა. განგებას ერთისთვის ბადე მიუცია, მეორისთვის კი ბასრი კბილები. კისრებიც მოუტეხნიათ თევზებსაც და ცხვრებსაც! თვითონვე იტირონ თავიანთი უგუნურება და უღონობა! ქვეყანას იმათთვის არა სცალიან. ის თავისთვის ტრიალებს და შეჭმულ ბატკნებს და თევზებს არც ამჩნევს და არცა სთვლის.

- მაშ, მაშა! სადა გცალიან ღმერთს ბატკნებისათვის და თევზებისათვის!

- სრული ჭეშმარიტებაა, ჯაყო! ღმერთს სუსტებისთვის არ სცალიან.

ღმერთი მხოლოდ ძლიერთათვის სცდილობს და მხოლოდ მათთვის ჰზრუნავს.

- მაშ, მაშა! მართალი ხარ, ბრინკა, მართალი!

- მაგრამ... ჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამ ქვეყნად ღმერთის გარდა. ის "ვიღაცა" ურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს.

- ურმითა?

- ჰო, ჯაყო, ურმით დასდევს, დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარი "ვიღაც" იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს.

ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო!

მარგომ გესლიანად ჩაიღიმა.



- ესეც ახალი სარწმუნოება! ბატკნების და თევზების სარწმუნოება! შენ კი მათი ღმერთის წინასწარმეტყველად მოგვევლინე არა?

თეიმურაზი მათრახნაკრავ კვიცივით ატორტმანდა.

- რას იკრიჭებით, ქალბატონო фალუს?!

- უჰ! - ოდნავ შეჰკივლა გველნაკბენმა მარგომ და ორივე ხელი პირსახეზე აიფარა.

თეიმურაზმა ლაგამი აიწყვიტა, თითქოს ადუღებულმა ქვაბმა ხუფი აიგლიჯაო:

- თქვენ რა უფლება გაქვთ, რომ მაგოდენა გესლს ანთხევთ, მადამ фალუს?! ბატკნების და თევზების რელიგია მაძღარ ჯაყოს რელიგიაზე გასცვალეთ და მასხარადაც ამიგდეთ?! თქვენი ერთადერთი ღმერთი ფალუსია, თქვენ მხოლოდ მასზე უნდა ილოცოთ, იზრუნოთ და იმსჯელოთ. თქვენ კი ბატკნებისა და თევზების ღმერთს ურცხვად ჰგმობთ და საქვეყნოდ გამოგაქვთ თქვენი სასირცხო. იცოდეთ ამიერიდან, ქალბატონო фალუს, რომ მე... მე ღირსეულ მოპირდაპირედ მიმაჩნია თქვენი ღმერთი ჯაყო, მაგრამ თქვენისთანა გოშიას.. რომელმაც...

რომელიც... ოოჰ, ღმერთო დიდებულო!

ორივე ხელი გულზე მიიკრა და, მიბნედილი, სუფრის ნაპირას ჩაიკეცა.

იმავ წამს მარგო სიბნელეს შეერია.

თითქმის გულწასული თეიმურაზი დიდხანს ეგდო ხეების ქვეშ. ნახუცარი ივანე წყლით აბრუნებდა. ჯაყოს სტუმრები აიშალნენ და აირივნენ. ზოგნი წავიდნენ, ზოგნი კი თეიმურაზს ბარბაცით თავთ დასტრიალებდნენ, ერთმანერთს ეხეთქებოდნენ და ფუსფუსებდნენ.



ჯაყო ჯერ დაიბნა. უაზროდ დაბორიალებდა და ჰყვიროდა:

- ტურა, ადამრაშუ!.. ჩქარა, ურემი შეგაბამდე!.. გიბა, წყალი მოიტანებდე! აბა, რაშუ!.. მეშთა, მკითხავი კეკელა მოიყვანებდე, ჩქარა!.. ტელა, შენ დალაქი დაუძახებდე!.. ქეშელა, თავრობის კაციც მოიყვანებდე, თორემ შარი არ გიყოს! აბა, თახრაშუ!

მერმე, თვალ-ახილული თეიმურაზი რომ დაინახა, უცებ გამხიარულდა:

- ბრინკა, გაცოცხლდებოდე? ხა-ხა-ხა! მე-კი მეგონა, ბრინკა ჩაძაღლდი მეთქი! ხო-ხო-ხო! ქეშელა! ჰაი, ქეშელა, არ გინდოდეს არავინა, არა! დაუძახებდე ყველასა, ნუ წახვიდოდნენ, ნურც ურემი შეაბამდე.

აბა რაშუ!

და ისევ თეიმურაზს დაუბრუნდა:

- ნუ შეგეშინდებოდეს, ბრინკა! მე სულ იმას გითხრამ, რომა ძაღლი კოწლობით არ მოკვდებოდე მეთქი. მე ვიცის მაგის წამალი. აბა, ერთი ეს ყანწი დასცალებდე და ეხლავე ლეკურს ითამაშებდე, მაშა! აბა დალიე, დალიე... სად მიდიოდე, ბრინკა? ერთხელ მაინც დალოცავდე ჩვენ სუფრასა.

თეიმურაზმა ლასლასით რამდენიმე ნაბიჯი გადასდგა. იღლიაში ივანე ჰყავდა შემჯდარი. მერმე ძლივს მოტრიალდა და .ჩურჩულით, მაგრამ მკაფიოდ უთხრა ჯაყოს:

- ამ ქვეყნად მაინც არსებობს სამართალი, ჯაყო! ის ურმით დასდევს მეთქი ბოროტებას...

ბოლოს უეჭველად წამოეწევა და ღღ...ღირსეულს მიუძღვნის. დაიხსომე ჩემი უკანასკნელი სიტყვა. მე მმ...მივდივარ, ჯაყო! წავალ და, ან აღარ დავბრუნდები, ან გამარჯვებული დავბრუნდები. მაგრამ შენ ამიერიდგან დღე-და-ღამ იმ სამართალს მოელოდე. ჩემს მაგივრად იგი მოვა და ანგარიშს გგ...გაგისწორებს. ბედმა მდევარმა შენ თუ არ მოგისწრო, შენს შვილებს მაინც წამოეწევა და კბილებით დაჰგლეჯს, შამფურზე შესწვავს, ნელ ცეცხლზე მოჰხრაკავს, ბნელ ორმოში ჩაჰყრის და თან გველის წიწილებს ჩააყოლებს... იყავ წყეული უკუნითი უკუნისამდე.

ჯაყო! იყავ წყეული და შეჩვენებული!

სთქვა, მიბრუნდა და ფორთხილით წყვდიადში შთაინთქა.

- აპრუწუწუნ! პრასა და ნიახური! მამა გიცხონდა, ყურებზე ხახვი არ დაგაჭრებოდე! - მიაყარა უკნიდან ჯაყომ. - ფეხებზე გკიდია ჯაყოსა შენი წყევლა, მაშ, მაშა! ხომ გაგისტუმრე ჯაყომა! თუ ბევრი ილაპარაკებდე, კარგებსაც მოგცხებდე, მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

თეიმურაზის ფეხის ხმაც აღარ ისმის. ჯაყო კი ისევ ჰბორგავს, ილანძღება, იფურთხება, იმუქრება და წამდაუწუმ ჭიხვინით გაჰკივის:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!. ფეხებზე გკიდია ჯაყოსა შენი კნიაზობაცა და სწავლაცა!.. რევალცია ჯაყომ გაგიკეთა, მაშა! ჯაყოს ყველაფერი რევალციამ მისცა, მაშა!. ორი წიგნი წაგიკითხავს ბრინკასა და ისევ ბატონი გგონია თავისი თავი! ის კი არ ვიცის, რომა იმისი წიგნები ბუხარში წახვედი.



და წყრომის გრიგალი, ბოლოს, ასე დაიმშვიდა:

- სმენა და გაგონება!

- მუშტი და გაგორება! - მიაძახა ერთმა.

- სმენა და გაგონება! ეს ღმერთი და წმინდა ჯივარგი შეგეწიოს რევალციასა, რომელიცა რომა საწყალ ხალხს მისცემდე მიწა, სახლი და კეთილი ცხოვრება. ღმერთი, წმინდა ჯივარგი და არბოს ხატი გწყალობდე ჩუენსა მთავრობასა, რომელიცა რომა ყარაულია რევალციისა და ჩვენისთანა საწყალი ხალხისა. საცა სამართალია, არბოს ხატს ერთი კურატი უნდა დაგიკლა, რომ ის ხატი და წმინდა ჯივარგი ყარაულად დაუდგე ჩვენს რევალციასა, თორემა, თუ ბრინკა დაბრუნდებოდე ამ სოფელში და მიწა წაიღებდე, ჩვენისთანა საწყალი ხალხი აქ აღარ დადგებოდე.

და მეორე დღესვე ჯაყომ ერთი მოზვერი ამოარჩია და არბოს ხატს შესწირა.

V

მესამე დღეს დილით თეიმურაზმა ივანეს უთხრა:

- დიდი მადლობელი დახ... ხხმარებისთვის და მასპინძლობისთვის, ივანე, ისე არ მოკვდება თეიმურაზი, რომ სიკეთე ერთი ასად არ გადაგიხადოს.

მივდივარ... არ ვიცი, როდის ან სად შეგხვდები. არც ის ვიცი, გნახავ ოდესმე თუ არა, რაც უნდა მოხდეს, ჩემი მემკვიდრე შენა ხარ. ამბობენ: შენს სახლს რომ ცეცხლი მოეკიდოს, ხელი მაინც გაითბეო, ეგ მაინც შეგრჩებაო.

- შენც გამოგადგა შენი ცეცხლი, თეიმურ, არა?

- შენს მტერს, მე რომ ცეცხლი ვნახე! ყ... ყყველაფერი გადამებუგა. აი ეს ჯოხი-ღა შემრჩა, ხელში რომ მიჭირავს.

სამაგიეროდ ჭკუა ვისწავლე და ხელიც ისე გავითბე, რომ საფლავში ვერ მოვიშორებ იმის სიმწვავეს. ეხლა მივდივარ ახალი გზების გასაყვანად, ახალი ბედის საძებნელად და ახალი ცხოვრების მ...მმოსაწყობად. რაც მოხდა - მოხდა! რაც იყო - წავიდა და აღარ დაბრუნდება!

- მადლობა ღმერთსა!

- ან სულ ვეღარ მნახავთ, ან გამარჯვებული დავბრუნდები. ჯაყოსავით უნდა გავძლიერდე, ჩემი სიბრმავის გამო ცხოვრებამ გამჭყლიტა. ეხლა წელი უნდა ავიწიო და ცხოვრება მე თვითონ უნდა დავსთრგუნო.

- მადლობა ღმერთსა! ჩემი ნათქვამი ჭკუაში დაგჯდომია. - გაიღიმა ივანემ.



- შენი ნათქვამიც, ჩემი გამოცდილებაც და დაკვირვებაც ამას მეუბნებიან, რომ უძვალო სხეულში უნდა ფოლადის ხერხემალი ჩავიდგა და უძლურ საგულეში რკინის ნაჭერი უნდა ჩავიდო.

- აი, ეგ მომწონს! - დაუდასტურა ივანემ.

- კმარა ესოდენი მცონარეობა, ყბედობა, ლანდების დევნა, უნიადაგო გატაცება, სრული უცოდინარობა ამ ქვეყნის გარდუვალ კანონებისა და მუდმივი ფრენა ვარდისფერ ღრუბლებში, რომელნიც სინამდვილეს დაეტაკნენ და უმალვე გაიფანტნენ.

იმ ღრუბლებში აშენებული კოშკები თავზე ჩამომენგრნენ და უკანასკნელი იმედი და რწმენა დამიმსხვრიეს. ძალა, მ...მმხნეობა, გამარჯვება, ბასრი კბილები და ძლიერი მკლავი, უნდობლობა და დაუნდობლობა, - აი ამიერიდან რა ეწერება ჩემი ცხოვრების სახელმძღვანელო წიგნაკში.

- გასასტიკებულხარ, თეიმურ.

- ვინც თავის მტერს იბრალებს, ის თავისივე თავს ჰღუპავს.

გულჩვილნი და გულკეთილნი ამ ქვეყნად ვეღარ გასძლებენ. მეც ცხოვრების წიგნაკში ასეთი სადღეისო ათი მცნება ჩავიწერე. მაგალითად: მგლებთან მგლობა და ცხვრებთანაც მგლობა.

- კარგად არის ნათქვამი.

- ცხვარი ღმერთს მოსაწველად, გასაკრეჭად და შესაჭმელად გაუჩენია.

- ეგეც კარგია.

- ვინც ღილი მოგწყვიტოს, ის თავით-ფეხებამდე გაატიტვლე, ხოლო ვინც არაფერი დაგიშავოს, ის გაატყავე.



- აი, გიშველა ღმერთმა!

- ცხოვრების მდინარეში პირაღმა ცურაობა გიჟების საქმეა. წყალს გაჰყევი, სამშვიდობოს გაგიყვანს.

- რაც მართალია, მართალია!

- ვისაც ერთი ტყავი აქვს, ორი გააძერი; ვისაც ორი აქვს, ხუთი ააგლიჯე; ვისაც არაფერი არა აქვს, ათი წააძრე.

- ხა-ხა-ხა!

- მადლს ნურავის უზამ, თორემ, დამადლებულ მადლს არ გაპატიებს და სამაგიეროს შხამით გადაგიხდის.

- მაგას კი არაფერი არ სჯობია! ეგ ჭეშმარიტება მეც ათჯერ და ასჯერ გამომიცდია.

- სიკეთეს ნუ დასთესავ, თორემ ლენცოფა ამოვა.

- ხა-ხა! - ჩაიღიმა ივანემ.

- არა მჯერა, ჩემო თეიმურ, რომ შენ შენივე ხასიათის ყირამალა გადაბრუნება შესძლო. ქრისტიანობაც ძირიან-ფესვიანად ამოგიგდია გულიდან. მაინც ღმერთმა ხელი მოგიმართოს. წადი და ბედი სცადე, მაგრამ არ დაივიწყო დღევანდელი შენი ანდაზები და დევიზები. შენთვის საზოგადო საქმე მოკვდა და აღარც შენ არსებობ იმისთვის, დაივიწყე ყოველივე და დაიხსომე მხოლოდ საკუთარი თავი და სარგებლობა, ხომ არ გადაუხვევ ამ გზას?

- არ გადავუხვევ თუმცა...

- როგორ თუ "თუმცა"?! ისევ რყევაში ხარ?

- არა, ივანე, არა! აღარც რყევა, აღარც ეჭვი. მტკიცე რწმენით და ერთის გულით მივდივარ.



ივანემ თეიმურაზის გეზის გამოცვლა არ დაიჯერა, მაგრამ აღარ შეედავა და ხელი გაუწოდა:

- მაშ ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მშვიდობით იყავი, ჩემო თეიმურ!

- ჩვენს დროში, ძმაო ივანე, მოკეთე ასე უნდა დაჰლოცო: ღმერთმა მ... მმოთმინება და სულიერი მშვიდობა მოგცეს-თქო. მეც მოთმინებას და სულიერ მშვიდობას გისურვებ.

გადაეხვივნენ და ერთმანერთი დაჰკოცნეს.

თეიმურაზი მობრუნდა და გზას გაუდგა. ზურგზე პატარა ბოხჩა ეკიდა და ხელში ჯოხი ეჭირა.



**

მზემ თავი ამოჰყო, მიდამო გაანათა, გაათბო და გააცოცხლა. დილის ნისლით შემოსილი სოფელი და კაშკაშა მზე ერთმანერთს უცინოდნენ. დიდი არხის წყალი ღიღინებდა, მოუსვენარი ლიახვი დილის ზღაპარს მღეროდა.

ერთმა ფეხშიშველმა გოგონამ თეიმურაზს ასკინკილით გზა გადაუჭრა და თვალებში გაუღიმა. პატარა ბიჭმა გამოსროლილი ჩილიკა ფეხებში მოახვედრა და გადიკისკისა. ბატი სისინით დაედევნა, ხოლო შინაური ჯაფარა ღობის მარგილზე ხტუნაობით მისდევდა და ჩხაოდა:

- გიჟო! გიჟო! ნუ მიხვალ! ნუ მიხვალ! დაბრუნდი! დაბრუნდი!

- დავბრუნდები, თუ... თუ გავიმარჯვე, - უპასუხა ჯაფარას თეიმურაზმა და სივრცეს გაუცინა.



ორღობის ბოლოში პეტრეს ნინიკა ისევ სევდიან ურმულს ღიღინენდა.

კამეჩო მუხრანელი ხაარ,

გუთანი გეცოდიინება;

მე გუთნის არა ვიცირააა,

უღელიც მეჩოთირებაა.

სოფლისა და ბუნების ლაღობა და მხნეობა თეიმურაზსაც გაუჯდა სულში. ისიც გამხნევდა, გალაღდა და გამტკიცდა. გამტკიცდა და დავიწყებულ ჰანგზე აღიღინდა.

წყალსა ნაფოტი მოჰქო-ო-ონდა,

ჩამონათალი ხისა-ა-აო.

აღიღინდა და თვითონაც გაიკვირვა თვისი ღიღინი.



ათი წელიწადი მაინც იქნება, რაც თეიმურაზს აღარ გაუგია თვისი ხმა, რომელსაც ხრინწი და ჟანგი მოსდებოდა. ჯაყოს დუქანში რომ იყო, მაშინ სცადა ხმის ამოღება მუშტრის გასართობად, მაგრამ ის ნაძალადევი სიმღერა იყო. ეხლა კი მისი დაობებული ხმა გულის სიღრმიდან ამოდიოდა.

ხევისთავმა თანდათან ხმას და ნაბიჯს მოუმატა. ჩახლეჩილი ხმით მხიარულად მღერის და მიბაკუნობს. მაგრამ იქ, თეიმურაზის სულის და გულის სიღრმეში ძველებურად ისევ ჩამი-ჩუმი და ფუსფუსი გააქვთ ეჭვისა და რყევის განუყრელსა და უკვდავ ჭიებს, მარადიულ გულის კვნესას, განუკურნებელ სიდამბლესა და უცნაურ ჭიაყელას, - ვინ იცის, ვისგან და რისგან დაშინებულს, უნიათს, უძლურს, მორიდებულს, მოკრძალებულს, თანაც ბაყაყივით სველსა და ცივს, - რომელსაც თავისი კუდი ბრძნულად თვისივე შუბლზე მიედო და მუდმივ თავისავე თავს ეკითხებოდა:

- რა არს ჭეშმარიტება?

სად არს სამართალი?

რა არს ცხოვრება ესე?

იმ ჭიაყელას არც ძვალი ჰქონდა, არც კუნთი და არც ხერხემალი, თვითონაც არ ჰქონდა, და შეუსვენებლივ თეიმურაზის ძვალ ხერხემალსაც ჰღრღნიდა და ანგრევდა. ჭიანაჭამი, გამოხრილი, დაფუტუროებული და ხერხემალ-მოშლილი თეიმურაზი მაინც გულს არ იტეხდა; თვალდახუჭული, ღიმილით და ღიღინით, უგზო-უკვლოდ მიდიოდა უცნობ მომავლისკენ ბედის მოსაძებნად, ახლისა და უცნაური ქვეყნის საპოვნელად.

მიდიოდა და იმედოვნებდა, ვითომ მოდუნებული მკლავებით, მჩატე გულით, მწიგნობრული ცოდნით, მილეული სულითა და გატეხილი ხერხემლით დღევანდელ ცხოვრებას ფოლადის კბილებს დააძრობდა, დამდნარი რკინის მდინარეს პირაღმა მიატრიალებდა, ახალ გზას გაიკვლევდა და ცხარე ბრძოლით ოქროს სავარძელს მიაგნებდა, რომელიც მან, თეიმურაზმა, ესოდენი შრომით, ოფლით, ცოდნით, პატიოსნებითა და საქვეყნო მზრუნველობით უეჭველად დაიმსახურა.

მიდიოდა თეიმურაზი და თან მიჰქონდა განუყრელი, საკუთარი, მარად ერთგული ჭიაყელა, - კუდზე შუბლ-დაბჯენილი ბრძენი, უძვალო და უკუნთო, ცივი და ლორწოიანი, მუდმივ მბოდავი და საკითხავი თავისავე თავისა:

"რა არს ჭეშმარიტება?...

სად არს სამართალი?....

რა არს ცხოვრება ესე?"

უცებ შესდგა, ორივე ხელი მკერდზე მოისვა და ზედ დაიხედა. დაიხედა, გაიღიმა და გაიხარა: აყროლებული ძაღლის მძორი აღარსად იყო, და მწიგნობარს აღარც ლეშის სუნი მოსდიოდა.

ახალი გზით წავიდა თეიმურაზ ხევისთავი და კვლავ ახალი ლანდების ნისლში შთაინთქა.

**

ხევისთავის ნასახლარი პატარა ტბასავით აიფურთნა.

ეზო სავსეა გლეხური თავებით, მოძრავი ხელებით და ყაყანით.

- ხალხო, სამართალი სადა ხარ! - ჭიხვინებს ჯაყო აივანზე. - სადა ხარ მეთქი სამართალი?!

- აქ არის აქა! - სჭექავს მოაჯირთან მოვარდნილი ნინიკა და ქვის მუშტს რვალის მკერდზე ირახუნებს - აქ არის სამართალი, აქა!

- აგრეა! მაგრეა! - უბეჭდავენ იქვე მდგომი ილა და თედო.



- მანდ არის, მანდა!

- აგრე, გენაცვალოს პავლეი, აგრე!

- აქ არის, აქა! - შესძახიან ქვეიდან პირტიტველა ჭაბუკები.

- ხალხო, ათქმევინეთ ჯაყოსა!

- მე მინდა ორი სიტყვა გითხრამდე, - იძახის ჯაყო, ქუდს იშვლეპს და ზღარბის თავზე ხელს ისვამს.

- ათქმეინეთ, ათქმეინეთ!

- სთქვი!.. გაჩუმდით! ილაპარაკოს!

- ხალხო! რევალციამ ყველას მიწა და სამართალი მისცა - იწყებს ჯაყო.



- მე სამი დღიური და შენ ასი? - უცებ ჩაურთო ნინიკამ.

ჯაყო გაოცდა, აირია. მერე გაბზარული ხმით

- მე მეტი შეგიძლიან მოხნა.

- ჩვენც შეგვიძლიან. ეს ხელები რითვინა გვაქვს!

- ჯაყო მუშაობდი, ეხლაც მუშაობ...

- ვიცით, ვიცით როგორ მუშაობდი! - აწყვეტინებენ აქეთ-იქიდან.

"მგელი რომ მოგესევა, ერთი ბატკანი მიუგდე, თუ გინდა მთელი ფარა გადაარჩინო" - ფიქრობს ხაფანგში გაბმული დათვი, ხმამაღლა კი ეზოში ისვრის:

- რას ჩაგაცივდი ამ ოხერ მიწასა! ნახევარი წაიღეთ და შეხეთქეთ!

- ნახევარსაც წავიღებთ და სულაც! - ჩასძახის ნინიკა.



- სულ ჩვენია, სულა!

- ჩამოართვით!

- წაართვით!

"ერთი ბატკანიც მიუგდე, თუ გსურს ფარა გადაარჩინო", ხმამაღლა კი -

- კარგი, ხალხო, კარგი! სულ მიჩუქებია, სულა!

- აგრე! - მოჰკვეთა ნინიკამ და მოაჯირს მჯიღი დაჰკრა.

- ოხო-ხო! ახა-ხა! - ხარხარით გაივსო ეზო - უჩუქებია, უჩუქებია!

- მადლობელი საჩუქრისათვის, მადლობელი!

ჯაყოს თითქო არ ესმის, ორივე ხელს ეზოსკენ იქნევს, თითქო პეშვებით ოქროს უყრისო, და თავისას იძახის:

- ჩვენ სოფელში ბევრი ხარ საწყალი. წაიღეთ! შეხეთქეთ! მიჩუქებია! წადით, მომშორდით! - და წასასვლელად მიბრუნდა.

- სად მიხვალ, მობრუნდი! - ნინიკას ხელი კისერში დასწვდა და ისევ მოაჯირთან მიიყვანა. - აქ იდექი და ყური გვიგდე.

- კიდევ რა გინდათ ჩემგან? - შიშნარევი ხმით წამოიხრიალა ჯაყომ.

- მიწა არაფერია.

კიდევა გვაქვს საანგარიშო.

"ვიღუპები!" ხმამაღლა კი -

- ჯაყოს თქვენთან საქმე აღარა გაქვს.

- შენ არა გაქვს, ჩვენ კი გვაქვს, - და ეზოს მიუბრუნდა, - ხალხო და ჯამაათნო, ამ სასახლეში რა უნდა ჯაყოს?! ვინ მისცა ამოდენა შენობები ამ წურბელას!

- არავინ! დაიჩემა! ძალით წაიღო! წაართვით! გააგდეთ!

- ხალხო! - უიმედოდ ბღუის გაფითრებული ნამოურავალი. - ხალხო! ხმა ამოიღეთ! რას გაჩუმებულხართ! დღეს მე გართმევენ, ხვალ თქვენ წაგართმევენ.

- ვინ მოგცა მეთქი, ვინა?! - დაჟინებით ეკითხება ნინიკას მუშტი, რომელიც ბუღა კისერს ანჯღრევს და სწეწავს.

- ვინა და რევალიციამ. - ბუტბუტებს ჯაყო.



- ოხო-ხო! - ახა-ხა! - და ხარხარი თანდათან მატულობს.

- ხალხო, სმენა! - აცხადებს ნინიკა. - აქ სკოლა იქნება, ქვეით კი კოოპერატივი. მართალს ვამბობ თუ არა?

- მართალია! აგრეა! აგრე იყოს, აგრე!

- სად შეგვიძლიან სკოლითვინ ახალი სახლის აშენება! - გაჰკივის ვიღაცა. - ჩამოერთვას!

- გათავებულია.

- ჩამორთმეულია!

- აქვე იქნება აღმასკომიც. ჯაყო კი ან თავის დუქანში გადასახლდეს, ან დროებით აგერ იმ კოშკში შებრძანდეს.

- განკარგულებას იძლევა ნინიკა და კითხულობს - გინდათ თუ არა, ხალხო?

- გვინდა! გვინდა!

"ერთი ბატკანიც მიუგდე, ჯაყო," ხმამაღლა კი -

- ხალხო, ესეც. შენი ჭირის სანაცვლო იყოს! შეხეთქეთ! გასკდით! მე კი თავი დამანებეთ! - და ისევ გაბრუნდა. მაგრამ ნინიკას ტორი ხელახლად დასწვდა და მოაბრუნა

- დაიცა. ჯერ არ გამითავებია!

- რაღა გინდა საწყალ ჯაყოსგან, რას ჩააცივდი! - უკვე ბღავის ნაბატონევი.

- ხალხო! ამ კაცს სახნავ ნორმას დავუტოვებთ, სამაგიეროდ ეს დიდი ბაღ-ვენახი სკოლას უნდა დაულოცოს. სკოლისათვის უფრო უპრიანია. თქვენი შვილები ბაღ-ვენახის მოვლა-მოშენებას ისწავლიან.

მართალია თუ არა?

- აგრეა! მართალია!

- სკოლას მიეცით, სკოლას!

- ხალხო! - გმინავს ჯაყო. - ნინიკას მადა მატულობს.

- მადაც მატულობს და სამართალიც! - აწყვეტინებს ულმობელი მსაჯული.

- დღეს მე გართმევენ, ხვალ კი თქვენი ჯერი დადგება!

ჯაყოს ხერხი არა სჭრის. არავინ არ იცის, ვისი ჯერი დადგება, ჯაყოს ჯერი კი ცხადზედ უცხადესია.

- ხალხო, მგელს ნუ ჰგევხართ, მგელსა! - თავგანწირვით იძახის უკვე განწირული დუმილის შემდეგ. - მგლებმა ვიცით: თუ ერთი დაიჭერი და წაიქეცი, სხვებიც მოგესევიან და შეგწამენ.

ამოიღეთ ხმა! თქვით რამე,! - და მძიმე დუმილის შემდეგ: - მაშ აგრე გინდათ? მაშ ყველაფერს ართმევთ ჯაყოსა? მაშ აგრე მალე დაივიწყეთ ჯაყოს მადლი?

- გვახსოვს, გვახსოვს შენი მადლი! - ქვეიდან შესძახა პავლემ.

- ვიცით! ვნახეთ! ვიგემეთ!

- მაშ საწყალი ჯაყო უნდა დაღუპოთ? მაშ აღარ გენანებით? მაშ კარგი. მე სხვაგან წახვალ და იქ იპოვნი სამართალსა.

- მამა გიცხონდა!

- როგორ არა!

- ქალაქში ეგ ჩოხაც არ გაგხადონ!

- იქ იპოვი ჯაყო სამართალსა, იქა! - და ისევ გატრიალდა. ნინიკას ტორმა ერთხელ კიდევ მოატრიალა და მოაჯირს მიაყენა.

- დაიცა, აქ იდექი! ჯერ არ გათავებულა! ხალხო, ამ კაცმა ჩვენი ნაბატონევი გაქურდა. თქვენც იცით რამდენი ავეჯი და სიმდიდრე დაიჩემა.



- ვიცით! ვიცით!

- ჩამოართვით! წაართვით!

- რაც ჩვენთვის გამოსადეგია, აქ დარჩეს. დანარჩენი კი, მამა-პაპეული განძი და ხაზინა, ქალაქში გავგზავნოთ. რას იტყვი, ხალხო?

- აგრე, გენაცვალე, აგრე!

- მიღებულია!

- გათავებულია!

- შენც გათავებული ხარ, ჯაყო!

- ჯაყოც გათავდა, ჯაყოც!

- მორჩა!

- წავიდა!

ჯაყო ტორტმანობს, თრთის, პირს აღებს, მაგრამ ხმა ვეღარ უპოვნია.

- რაც ამ სახლში აშკარად აწყვია, ვერსად წაგვივა, - განაჩენსავით აცხადებს ნინიკა, - მაგრამ რაც გადამალული აქვს, ის უნდა გამოიტანოს. აბა, ჯაყო, დრო დაგიდგა. მოიტა თეიმურაზის უნაგირი, ჭურჭელი, სამკაული, ვერცხლეული.

ჯაყო სდუმს და ირგვლივაც დუმილია.



- ჯაყო, დრო დაგიდგა მეთქი. სანამ ხალხი აქ არის, გამოიტა. დავთვლით და ჩავწერთ.

ჯაყო ისევ ჩუმათა სდგას და ძირს იხედება.

- ჯაყო, შენ გეუბნები! - და შეანჯღრია.

ჯაყო დამუნჯდა. აღარა ესმის რა.



- მოიტა მეთქი, თორემ მე თვითონ გამოვიტან.

ჯაყო დაყრუვდა. აივნის ბოძად გადაიქცა.

- მაშ კარგი. ჰეი, ილა, თედო, დათა! მოიტათ ლომი და წერაქვი! იქ, ქვეით, მარცხნივ... კედელში!

- აქა ვართ! მზათ არის! - და ოთხივენი ბრაგუნით ჩამოცვივდნენ კიბეზე.

ჯაყო თითქო გამოფხიზლდა.

თვალები მოიფშვნიტა, შუბლზე თითი გადაისვა, მერე გატრიალდა, გაიქცა და ნახევარი წუთის შემდეგ დათვივით ჩამოგორდა კიბეზე, თან ბღაოდა:

- არ მოგცემთ! ვერ წაიღებთ! ნუ ღუპავთ ჯაყოსა! ქეშელა! გიბა! ტურა! თახრაშუ! აბა ჩქარა!

ბიძები და ბიძაშვილები უმალ შემოეხვივნენ თავიანთ ბელადს, რომელიც გაგიჟებული ხარივით დარბოდა ეზოში, უაზროდ იქნევდა მორგვის მკლავებს და ბურტყუნებდა:

- სადა გაქვთ თოფები? რა უყავით მაუზერები? რასა დგეხართ ჩუმათა! გასწით! მოიტათ! რაშუ! თახრაშუ! - და უცებ, ლომ-წერაქვის რახუნი და მუხის კარის ჭრაჭუნი რომ გაიგო, გატრიალდა, მოიღუნა და ნინიკასკენ წავიდა.

თვალები სისხლით ჰქონდა სავსე, ღოჯები - დაკრეჭილი, მკლავები - მომართული, და ისე პარვით მიდიოდა, როგორც მონადირე მხეცი ეპარება ხოლმე სანადიროს.

- ნინიკა, ფრთხილად!

და იმავ წამს ჯაყომაც ისკუპა და ნინიკამაც მოიხედა. მოიხედა და ერთი ნაბიჯით გვერდზე გასხლტა. მოქნეულმა ტორმა მხარზე გაჰკრა, თვითონ ჯაყო კი ბოძს დაეტაკა და იმავ წამს ყურის ძირში ნინიკას მუშტი იგრძნო, თითქო ის რკინა, მუხის კარს რომ სცემდნენ, ჯაყოს მოხვდაო. თავმა კივილი გაიღო, თვალთ დაუბნელდა, წატორტმანდა, მაგრამ გასწორდა და მიწაზე სახრე დაინახა. დასწვდა, მოტრიალდა, ჰაერი შეაზუილა და ნინიკას ბეჭებზე გადაუჭირა.

ნინიკა შეიკლაკნა და - დასწყევლოს ღმერთმა! ვინ მიაჩეჩა ასე უცებ კომბალი. ან აქ სად იპოვა! - და თავგახეთქილი ჯაყო ბოძის ძირთან დაეცა. მერე-ღა მოასწრეს ჩოჩქოლი, მიშველება, შეძახილები. გვიანღა იყო. ან რა საჭიროა.

- თავი დაანებეთ! ეგეც ეყოფა! - ბრძანებს წინამძღოლი.

- გეტკინა? სად მოგხვდა? დედას ვუტირებთ, დედასა!

- თავი დაანებეთ მეთქი! - და წუთის შემდეგ - აბა, დავიწყოთ.



სარდაფის კარი გაღებულია. კედელი გამოშიგნულია. თვალ-მარგალიტით შემოსილი ვერცხლის რახტი მზეზე კრიალებს. სთვლიან და სწერენ ძვირფას ჭურჭელს, სამკაულს, ფაიფურს, ბრინჯაოს, ოქრო-ვერცხლით ნაჭედ წვრილმანს და ხევისთავთა საგვარეულო განძეულს. ხოლო ერთი საათის შემდეგ თავშეხვეული, მოთვინიერებული ჯაყო კოშკის კართან ზის, ჩიბუხს აბოლებს და სევდიანად შესცქერის გიბას, ქეშელას და მთელ თავის საგვარეულოს, რომელიც სასახლიდან კოშკსა და გომურში ეზიდება ნაყარ-ნუყარს - ვარცლებს, გოდრებს, ძველ ლოგინს, მატყლსა და ასნაირ გლეხურ წვრილმანს.

ხოლო ნინიკა მთავარსარდალივით დადის დარბაზებში და ილას, თედოს და თანდილას ეუბნება:

- ეს მიეცით... ეს დარჩეს...

ეს გაატანეთ... ის არ მისცეთ.

და როცა მისაცემი მისცეს, დანარჩენი ჩაკეტეს, დარაჯი მიუყენეს და ეზო გამოიარეს, ნინიკა კოშკის კართან შესდგა და გაკრავებულ დათვს მიუბრუნდა:

- ჯაყო, ეხლა რას იტყვი?

- არაფერს, შენი წირი მე. - და ისე წამოუდგა ფეხზე, როგორც უწინ ავთანდილ ხევისთავს გაეჭიმებოდა ხოლმე.

- მაშ ჭკუით იყავი, თორემ სულაც გადაგასახლებთ აქედან.

- ჯაყო ჭკუით იქნები, შენი წირი მე.

- ამ სახრეს კი არ შეგარჩენ.

ესეც იცოდე.

- ვიცის ჯაყომა, შენი წირი მე.

- აგრე. დანარჩენი მერე იყოს.

და გატრიალდა, თან ჯაყოს უკანასკნელი სიტყვა წამოიღო:

- მშვიდობით ბრძანდებოდე, შენი წირი მე.

და როცა მიიმალა, ჯაყომ კბილები დაკრიჭა, მკერდი აიბაგუნა და ახრიალდა:

- დედას გიტირებ, დედასა! დაგაცადე ჯაყოსა! ჩემი დროც მოხვალ - და ცერას ფრჩხილით კბილი აილაწუნა - დედას გიტირებ მაშინა, დედასა!

VI

რამდენიმე თვის შემდეგ ოთხმოცი წლის მოხუცივით დაბერებული ხევისთავი იმავე ნაშინდარს მიადგა.

ქადილით წასული მებრძოლი ერთგულ ძაღლივით უბრუნდებოდა ჯაყო ჯივაშვილს.



თავზე ქუდის ნაგლეჯი ეხურა. დაგლეჯილ ჩუსტებიდან ფეხის თითები უჩანდა და ტანზე დაკონკილი ინგლისური ფარაჯა ეცვა.

წელში სამად მოხრილიყო, დამსხვრეულ სხეულს ძლივს მოათრევდა და სქელ ჯოხს ყავარჯნად ხმარობდა.

ორმოციოდე წლის მოხუცს თეთრი წვერი ჩაზნექილ მკერდზე სცემდა: გამოლაყებული თავი თხის თავივით უცანცარებდა და ღრმა ორმოებში მღვრიე თვალები უსულო მინებივით ჰქონდა ჩაწყობილი.

ზამთარი მიწურულია. გაცრეცილ ბაღებსა და ჭალებში ნისლიანი ბინდი ჩაწოლილა. ქართლის მინდვრებს ტყვიის ღრუბლები დასწოლიან.

ქუშიანი ცა ცივი წვიმით იწურება. ორღობის გზა ტლაპოთი ავსილა. აქა-იქ ღობეებსა, მარგილებსა და ტანთ-გახდილ ხეებზე მობუზული კაჭკაჭები, ბეღურები და ყვავები გაზაფხულს ელიან.

პირდაღვრემილი სოფელი შარშანდელივით აღარ იცინის. არხი და ლიახვიც სიმღერის მაგივრად გესლით იღრინებიან.

მოდის თეიმურაზი და მარად განუყრელი ძაღლის მძორს კვლავ კისრით მოათრევს, თან დროგამოშვებით გულ-მკერდს ისე იხოკავს, თითქოს იმ მძორის ჩამოგლეჯას ჰლამობდესო.

ორღობეში ისევ ბატებს წააწყდა.

მაგრამ დედა-ბატი სისინით აღარ დაედევნა და გოგო-ბიჭებიც სიცილით და ღრეჭით აღარ მისდევდნენ. ჯაფარა კი ისევ მარგილზე დაჰხტის და დამარცხებულს ჩხავილით დასცინის:

- მოხვედი? დაბრუნდი? მოხვედი? დაბრუნდი?

სანამ თეიმურაზი ახალი ქვეყნის და ბედის ძებნაში სადღაც დაბორიალებდა, ჯაყოსთვის თეიმურაზის ბაღ-ვენახი და ნასახლარი ჩამოერთვათ. დარბაზის ზემო სართული სკოლად გადაეკეთებინათ, ხოლო ქვემო სართულში კოოპერატივი გაეხსნათ. ჯაყო და მისი ჯალაბ-ჯულაბი ახალი სახლის აშენებამდე კოშკსა, ბეღელსა და მარანში ჩასახლებულიყვნენ.

თეიმურაზი თავისი ნასახლარის ეზოში თრთოლვით და ბორძიკით შედის.

სკოლიდან ბავშვების ღრიანცელი მოისმის.

ახალი მასწავლებელი აივანზე გადმომდგარა, მომავალ თეიმურაზს ათვალიერებს და უცნაურად იღიმება.



ქეშელამ თეიმურაზი კოშკში შეიყვანა. ჯაყო ბუხართან ზის და პაპიროსის მაგივრად ისევ მყრალ ყალიონს აბოლებს. მარგოს დარიგებით გაპარსული მაიმუნი კვლავ ბანჯგვლიან დათვად გადაქცეულა: წვერი გაუზრდია, გაპოხილი ქურქი და ტლანქი ჩექმები ჩაუცვავს და თავზე ტყავის ბულულა დაუდვია.

მარგო ისე გამხდარა და გაყვითლებულა, თითქო სამი თვის ნალოგინარი ყოფილაო. უსისხლო ტუჩები გასცრეცია და ლოყები ღრმად ჩაჰზნექია, ხოლო ღრმად ჩაცვივნული ნუშის თვალები მიმქრალ ჭრაქივით ძლივს ბჟუტავენ. ტანთ ჩითის დაკონკილი კაბა აცვია და მხრებზე გახუნებული შალი აქვს წამოსხმული.

თეიმურაზის დანახვაზე ორივენი მობრუნდნენ და გახევდნენ.

ხევისთავმა ჯაყოს და მარგოს მდაბლად დაუკრა თავი და მორჩილებით ჩაიკნავლა.

- აი, დავ... ვვბრუნდი...

სდგას თეიმურაზი და მღვრიე თვალებს თავის ტალახიან ფეხებს ვეღარ აშორებს.

მარგომ ხმა არ გასცა, კედლისკენ მიბრუნდა და თვალები მოიფშვნიტა. მერმე გატრიალდა და გარეთ გავიდა. ჯაყო ჯერ გაიბადრა, მერმე ძლევამოსილ კვიცივით ახვიხვინდა:

- ბრინკა, მოხვიდოდე?! აბა, დაჯდებოდე და მეტყოდე, აქამდე სად იხეტიალებდე და დაეთრეოდე? - პასუხს აღარ მოუცადა და თვითონვე განაგრძო:

- მაშ, მაშა! აკი გითხარი ჯაყომა, ნუ წახვიდოდე მეთქი! რა გინდებოდა ვითომა, რომ ფეხი დაგკარი და გაიქეცი? რა მოგიგე? ანდე, როგორ გახდებოდე! აკი გეტყოდე ჯაყოი: ნუ წახვიდოდე, აქ დარჩებოდე, დუქანს მოუვლიდე და ბუღლატერიასაც გააკეთებდე მეთქი, თორემა ქეშელამ რა ვიცის ვაჭრისა და ბუღლატერიისა!

უცებ კილო გამოიცვალა და ატირდა:

- ყველანი გატყუებდე ქეშელასა.

საწყალი ჯაყოი! ჯაყო წააგე. ძალიან ბევრი წააგე. დუქანი დაკეტე ჯაყომა. იმ სიშორეზე ხალხი აღარ მიდიხარ. შენ სახლში ეხლა კაპრატივი გახსენი მთავრობამა. ისე იაფად გყიდი კაპრატივი საქონელსა, რომ საწყალი ჯაყო კინაღამ გაკოტრდი.

წუწუნის ნაცვლად უცებ გესლით ახვიხვინდა:

- ვიცის ჯაყომა, როგორი კაპრატივიც გექნება ნაშინდარსა, კარგად ვიცის ჯაყომა! გინდა ტყავი გააძრობდე ხალხსა, განა! ეგენი კი იძახოდე: ხალხი იაფი საქონელი უნდა მოგცეო.

მამა გიცხონდა! ვითომ არ ვიცის ჯაყომა, როგორ უნდა მოატყუებდე ხალხი?!

- აი, დავბრუნდი. - ჩურჩულით განიმეორა თეიმურაზმა და ტახტის თავზე ჩამოჯდა.

- მეც ხედავ, რომ ბრინკა დაბრუნდი. ეხლა ჯაყოს სახლი აღარა გაქვს, სახლიც წაგართვეს, ავეჯიც და ყველაფერიცა: ოქროც, ვერცხლიცა, სარკეცა, რკინის კრაოტებიც, ხმალ-ხანჯალიც და ყველაფერიცა, ყველაფერიცა! რაც ძველი და კარგი რამ გქონდა ჯაყოსა, ეხლა წაგართვეს, უნდა ქალაქში წაგიღოთო. ვიცის ჯაყომა, საცა წაიღებდე, ვიცი!

- ხი-ხი! - ჩაიხითხითა გულში თეიმურაზმა.

- სახლიც წაგართვეს და სკოლა გაგიკეთეს! - კვლავ ზიზღით აღელდა და ახვიხვინდა ჯაყო. - რა ოხრად გინდა ჯაყოსა სკოლაი? ხალხსაც ფეხებზე გკიდია სკოლაი! თუ ჯაყოს განათლება არა გაქვს, კარგი ბიწი ვერა ხარ, რაღა! ბავშვები ნახირში გინდა წახვიდოდე, ან წყალი მოიტანდე, ან დედ-მამას უშველებდე, ეგენი კი მთელი დღე მოგაცდენდეს.

არა გიშავს-რა ჯაყოსა! დაიცადებდე!... მოიცადებდე! ყველას სეირს გაჩვენებდე ჯაყოი, ყველასა: ნინიკასაცა, ილასაც, თომასაც, თედოსაც და თანდილასაც. ეს ხუთი კაცი მთელი სოფელი ხელში ჩაგიგდეს, აღარავის მოსვენებას არ გაძლევენ. სულ ძალაზე გიჭირავს თვალი. ამას წინათ ნინიკასთან ჯაყოს ჩხუბი მოგივიდა. მე ერთი სახრე დაგკარი, იმან კი ჯაყოს კომბალით თავი გაგიხეთქე. დაიცადოს! დაიცადოს! მე გიჩვენებ კომბალსა! ყოველთვის ხომ არ იქნება ეს მთავრობაი! ნინიკამ უნდა ჯაყოს გაჯობოს?! უნიფხო!..

ფეხშიშველა!.. ქეციანი! მთელი დღე მოჯამაგირესავით მუშაობ და ერთი ლუკმა ძლივს იშოვნიდე! რა კაცი ხარ ნინიკაი, თომაი და ილაი?! სულ ის გინდა, რომ სხვას წაგაგლიჯონ და სკოლას და კაპრატივს მოგცენ! ჯაყოს სახლი წაგართვი, მაგრამ მე მალე მაგაზე კარგი სახლი ააშენებ. პავლეი, თომაი, ილაი და იმისი ყაჩაღი ამხანაგები კი ისევ გომურებში დალპებოდე. მაშ, მაშ! დაიცადებდეთ!.. მომიცადებდეთ!..

ჯაყო ვეღარ მშვიდდება. დაჭრილ დათვივით დაბორიალებს, ხუთგირვანქიან მუშტებს ჰაერში ატრიალებს, ჰბორგავს, იმუქრება და ხვიხვინებს:

- ჯაყო გიჩვენებდე სეირსა, თქვე ყაჩაღებო, თქვენა! აბა ახლა ივლის ჯაყოი ხალხის გულისთვის, ახლა დაგიკლებდე ჯაყოი ნალოგსა, როგორ არა! მამა გიცხონდათ! ჯიბე მაგრად დაიჭირებდეთ! დაიცადეთ!..

მომიცადეთ!..

უცებ თვისი თათი ისე მძლავრად დაჰკრა თეიმურაზს მხარში, რომ დალეული ნაკაცარი ერთი მტკავლით ჩაიზნიქა:

- ბრინკა, იცი, რას გითხრამდე? მოდი ეს სახლი ისევ შენ წაიღებდე, ღმერთმანი. მთავრობა ისევ მოგცემდე ეს სახლი.

- არ მომცემენ, ჯაყო.

- მოგცემდენ მეთქი! ისევ ერთად იცხოვროთ მე და შენა. შენ მარგოს ძმა ვიქნები, მე კი ქმარი, ასე არ გინდოდეს წინათა?

- ჰო, მაგრამ... სახლს არ მომცემენ, ჯაყო.



- მოგცემდენ მეთქი! დაიცადე... დამაცადებდე... ჯაყო მოიფიქრებ...

დიდხანს დარბოდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტად გაუგებარს ისროდა. ბოლოს, ჩრდილივით შემოპარულ მარგოს მიუბრუნდა:

- მარგო, შენ რას იტყოდე? რა ვუყოთ თეიმურაზსა?

მარგომ პასუხი არ მისცა. პირმიბრუნებული, კედელს შესცქეროდა. მერმე ადგა და ისევ გარეთ გავიდა.



ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. თეიმურაზი ისევ ფეხის თითებს ისინჯავს, თან გულში შხამიანად ხითხითებს:

- ეხლა გაყაჩაღდნენ თომა და ილო? წინათ კი, როცა ეს სახლი თეიმურაზს ჩამოართვეს და ჯაყოს გადაულოცეს, პატიოსნები და ყოჩაღები იყვნენ, განა! ჰოი, ჯაყო! ჰოი, აფრიკელო ზულუსო! ბუშმენო! შენი ჯერიც მოვიდა, განა! ხომ გითხარი: უხილავი სამართალი შენისთანა ავაზაკს ურმით დასდევს მეთქი. დაგეწია, განა! ეს ერთი და სხვა ათასი!

- ეხლა ჯაყოს კიდევ მოგდეს შარი: ჯაყო არ მუშაობო, ჯაყო ვაჭარი ხარო. ამიტომ ჯაყოს ვენახიც და ბაღიც წაგართვეს, სამართალი აღარსად არ ვიქნებოდე?!

- ჯაყო და სამართალი? - ჰფიქრობს გულში თეიმურაზი. - ეხლა ჰყვირი? არა გიშავს-რა, ღმერთმა მოგიძღვნა. ეგ ერთი და სხვა ათასი! ეგ ერთი და სხვა ათასი!

- ღმერთი აღარა ხარ?! - ჰგოდებს მაგრად ნაკბენი ჯაყოი.

- ხი-ხი-ხი! - იცინის გულში თეიმურაზი.

- ჯაყო და ღმერთი?! ჯაყო და სამართალი?! განგებამ მხოლოდ კლანჭი გაგკრა და გოჭივით აგაჭყივლა, მაგრამ ნეტა მაჩვენა შენი ბღავილი, როცა მისი ბასრი კლანჭი ყანყრატოში დაგწვდება. მოახლოვებულ არს ჟამი განკითხვისა, ჰოი, ავაზაკო! ჰოი, მგელკაცო ჯაყო! ჰოი, მხეცო, ავო პირუტყვო!

ჯაყოს გული ბრაზით გაუსკდა და ენის ქავილი აუვარდა. ძლივს გაჩუმდა და ისევ ყალიონი ააბოლა. ბოლოს, გადააფურთხა, ყალიონი ჩექმაზე დაიბერტყა და სთქვა:

- ბრინკა, მოდი შერიგდეთ. რაც მოხდა, მოხდა! ჯაყო ჯავრიანი კაცი არა ხარ, ღმერთმანი არა ხარ!

- რა თქმა უნდა, - ჩაიცინა თეიმურაზმა.

- ღმერთმანი, ჯაყომ ყველაფერი დაივიწყე. შენ ისევ დუქანში ჩადგე და ივაჭრებდე.

ჯაყოს ძალიან გინდა ისევ გახსნა დუქანი და კაპრატივი გაგაკოტრო. რა სეირი იქნები! ჯაყომ და თეიმურაზმა რომ მთავრობის კაპრატივი გაგაკოტრო, რა სეირი იქნები! მაშ, მაშა! ჯაყოს ეხლა ბევრი ფული გაქვს. ქეშელა ბევრი მოგატყუეს. ჯაყომ ძალიან წააგე, მაგრამ კიდევ დაგრჩა ჯაყოსა. დუქანს სულ საქონლით გაგავსებ. კვირას ქალაქში წავიდებოდეთ და საქონელი მოვიტანებდეთ. შენც ტანისამოსი გიყიდებოდე.

ჯამაგირიც მოგცემდე. თვეში ხუთი მანათი ხომ გეყოფოდეს?

- მეყოფა, კარგად მეყოფა. - იკმარა თეიმურაზმა.

- მაშ ხვალვე წახვიდოდე დუქანში და ბუღლატერიას დაიწყებდე. ქეშელა და გიბა გომურში ცხოვრობ. შენც იქ დაიძინებდე. ზამთარში გომურში სჯობდეს, არ შეგცივდებოდეს.

როცა ახალი სახლი ააშენებდე ჯაყოი, შენც ჩვენთან იცხოვრებდე. ჰა, რას იტყოდე? ღმერთმანი, ჯაყო კარგი კაცი ხარ, ჯაყო კარგი გული გაქვს.

- ვიცი, ვიცი! ვიგემე და ვნახე შენი გული. - იხერხება თეიმურაზი.

- ოღონდ აღარ გააჯავრებდე ჯაყოსა, თორემა...

- არა, ჯაყო, არ გა... გგაჯავრებ.



- ღმერთმანი, იმ კაპრატივს ერთ თვეში გაგაკოტრებ.

უცებ იქვე, ტახტის ბოლოში, ბავშვის ტირილი მოისმა. ჯაყო აკვანს ეცა. მარგოც შემოვიდა.

ჯაყო გაიბადრა:

- მართლა, ბრინკა, აბა ერთი ნახავდე პატარა ჯაყოსა! ეს ერთი და სხვა ათასი! მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! აბა, ერთი ნახავდე, როგორი დიდი გოწი ხარ ჯაყოს შვილი! ისეთი ვაჟკაცი გამოხვალ, როგორც ჯაყოი, მაშ, მაშა!

თეიმურაზმა წელი ძლივს აითრია.

აკვანში ჩაკრულს ორი თვის პატარას ხარბის თვალებით აშტერდება, პირსახეზე ცივ თითებს უსვამს, "აღუ-აღუს" ბუტბუტებს, მარგოს პირს არიდებს, ჩამოხჩობილის ღიმილით იღიმება და თანაც ათი წლის დავა აგონდება.

თეიმურაზი ხევისთავთა გვარის შეწყვეტას მუდამ მარგოს აბრალებდა.

ეხლა კი... ეხლა იმ ფუნჩულა პაწია ჯაყომ, რომელიც ფეხებით აკვანს ამტვრევს და ყვირილით სახლს აყრუებს, დიდი ხნის ინტიმური დავა საბოლოოდ გადასწყვიტა და ბნელი ჭეშმარიტება გამოარკვია.

- სუ! სუ, შე მამა-ძაღლო, შენა! - აჩუმებს ჯაყო თავის ანჩხლ მემკვიდრეს და დათვურ თათს ფუნჩულა ლოყებზე უსვამს.

- აღუუ!.. აღუუ!.. აღუუ, პაწაწინა ჯაყოსა. - კვლავ ბუტბუტებს თეიმურაზი და ისევ ჩამოხჩობილის ღიმილით იღიმება.



მარგო აკვნის მეორე მხარეს ჩაკუნტულა, მკერდის საკინძი გაუხსნია და ძუძუს მოწოვებას აპირებს, მაგრამ რაღაცას ერიდება.

- ჩემთან ძუძუ ვერ ამოუღია... ჩემი სცხვენიან.- გულში ამოიკვნესა თეიმურაზმა და ადგა.

მარგომ დაჩვარული ძუძუ მაშინვე მისცა ბავშვს და აკვანს ზედ დააკვდა.

ჯაყო თეიმურაზს მოუბრუნდა:

- მართლა, ბრინკა, იცი რას გითხრამ? შენ რომ მოკვდებოდე ხევისთავის გვარიც აღარ იქნებოდეს. მოდი, საქმეს ისე გაგაკეთებდე, რომ ამ პატარა ჯაყოსა ხევისთავი დაგარქმევდე, ჰა, რას იტყოდე?

თეიმურაზის თავსა და გულში უკვე ყველაფერს დაეკარგა ფასი და გარჩევა, ყველაფერი გაჰქრა, გადნა და დომხალივით აირია: ხევისთავიც და ჯივაშვილიც, ჯაყოს დუქანიც და კოოპერატივიც, სკოლაც და ხევისთავთა ნასახლარიც, წარსულიც და აწმყოც.

თეიმურაზი აყბედებულ ჯაყოს ყურს აღარ უგდებს, ხარბი თვალით მარგოს მისჩერებია.

- თავის წინანდელ მარგოს, მარგუშას, მარგალიტს, თავის ერთად-ერთ მეგობარს, რომელმაც გამხდარი ძუძუ ბავშვს ძალით ჩასჩარა და თვისი პირსახეც ბავშვის ძონძებში ჩაჰმალა.

რად არიდებს მარგო თვალს თეიმურაზს? რად ბრწკინავს მარგალიტივით მარგოს ჩაყვითლებულ ლოყებზე ორი კურცხალი? სცხვენიან? მაშ რატომ შარშან არ შერცხვა? ნეტა რა მოხდა მას აქეთ? ნეტა იცოდეს თეიმურაზმა, მოხდა რამე რამდენიმე თვეში, თუ... თეიმურაზის ჩონჩხს ჯაყომ თათი დაჰკრა და გამოაფხიზლა:

- ჰა, რას იტყოდე? ხევისთავი დაგარქვათ, თუ არა, პატარა ჯაყოსა.

- კარგი, ჯაყო... ძალიან კარგი... ორი გვარი ატაროს: ჯივაშვილი-ხევისთავი... მე თანახმა ვარ...

თანახმა ვარ, თუ მარგო... თუ მარგოც დასთანხმდა.

მარგომ უცნაური ღიმილით აჰხედა თეიმურაზს და ჯაყოს უთხრა:

- სულ ერთია. ეგრე იყოს.

- მაშ კვირას ქალაქში რომ წავიდოდეთ, მთავრობას ქაღალდი მოგართმევ. ბრინკა, ეხლავე დასწერდე იმ ქაღალდსა. აბა, დაჯექი.



თეიმურაზმა შესაფერი არზა დასწერა. დასწერა და თვითონვე გაიკვირვა. თითქო გონს მოვიდა და თავიდან ბურუსი მოიშორა. თვალები მოიფშვნიტა, დაწერილი დაკეცა, დახია და ბუხარში შეაგდო, თანაც წაიბუტბუტა:

- არ ვარგა... მერმე დდ...დავწეროთ...

- მერე დავწეროთ. - დაეთანხმა ჯაყოც და გარეთ გავიდა.



**

თეიმურაზი დიდხანს უჩხიკინებს ბუხარს, მერმე მარგოს უბრუნდება:

- ავად ხომ არა ხარ, მმ... მარგო?

და სიჩუმის შემდეგ კვლავ იმეორებს:

- ავად ხომ არა ხარ, მმ... მარგო?

- არა. - კედელს უპასუხებს ნაცოლარი.

- მაშ რად გ... გგახდი ეგრე?

მარგომ თეიმურაზს ისევ მოარიდა პირი და ბავშვს მძლავრად მოუჭირა არტახები.

- ხომ კ...

კარგათა ხარ?

- მარგომ აკვანი დაუდევრად მიაგდო კუთხეში და კარებისაკენ გასწია.

- მარგო, რატტტომ პასუხს არ მაძლევ? ისეთი რა დ...დდავაშავე, რომ ორი სიტყვაც არ მაღირსე?

მარგო ოდნავ წატორტმანდა და ბოძს მიეყუდა. მერმე უცებ მოტრიალდა და ბრაზნარევი ცრემლით ამოიკვნესა:

- იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ მართლა ღირსი არა ხარ... ღირსი არა ხარ მეთქი... საკუთარი თავის აგეთი დამცირება ამპარტავნობაზე უარესია... უარესია მეთქი! შენზე ცუდმედიდი სატანაც არ იქნება...

შენ... შენის თავმდაბლობით შენი თავიც დაიღუპე და მეც გამაუბედურე.

- შენ? გ... გგაგაუბედურე? მე?.. მე?..

- დიაღ, შენ! სწორედ შენ! მხოლოდ შენ!

თეიმურაზი წამოდგა და მარგოს მიუახლოვდა.

- როგორ?..

რით? მ... მოვისაზროთ... გამმმოვარკვიოთ. - ბუტბუტებდა ნაქმარალი და ცხვირწინ თითებს ითამაშებდა. - მ...მმოვიფიქროთ... გგ... გამოვარკვიოთ...



- ოოჰ, ღმერთო ჩემო! რაღა მოფიქრება და გამორკვევა გინდა, თეიმურ?! აქამდე როგორ ვერ გაიგე და ვერ გამოარკვიე, რომ შენ... მამაკაცი ხარ... რომ მამაკაცი უნდა იყო, შენ კი... შენ... ოოჰ, თეიმურ!... თეიმურაზ! ეს რა მიყავი!.. ეს რა დღეში ჩამაგდე!..

ღმერთმა ჩემი ცოდვა შენ დაგაკისროს, თეიმურ!

- მარგო!.. მარგუში!.. გგ...გამაგებინე...

- რაღა გაგაგებინო, თეიმურ?! ნუთუ... ნუთუ აქამდე ვერ გაიგე, რომ შენ... შენ... ოოჰ, ღმერთო ძლიერო!

უცებ მოტრიალდა, კუთხეში დალაგებულ ლოგინების გროვაზე დაემხო და ყრუდ აქვითინდა.



თავზარდაცემული და გაბრუებული თეიმურაზი შუა ოთახში იდგა, სათვალეებს ისწორებდა. ისევ ცხვირ-წინ თითებს იტრიალებდა და ბუტბუტებდა:

- მე?.. მე გაგ... გგაუბედურე? არ მესმის... ვერ გ... გგავიგე... არაფერი არ მესმის.



მარგო მოტრიალდა, გასწორდა, პირსახეზე მკაცრი სიმტკიცე აისახა და ბრაზით მიახალა:

- ვერც გაიგებ! ვერასოდეს ვერ გაიგებ! ეხლა კი წადი აქედან... ეხლავე წადი!.. წადი და აღარ დაბრუნდე, აღარ დამენახო, თორემ... თორემ...

თეიმურაზი კარისკენ მიბარბაცებს, კვლავ თვალწინ თითებს იტრიალებს და ლუღლუღებს:

- კარგი, წავალ... მე წავალ, მაგრამ რომ არაფ.... ფფერი არ მესმის ...რომ ვ...

ვვერაფერი ვერ გავიგე...

კარებში ერთი წუთით შესდგა, შეყოყმანდა, მერმე თავი მოიბრუნა და სლუკუნით ამოიკვნესა:

- მაშ... მ... მშვიდობით, მარგო!.. მშვიდობით!

და მოწყვეტილი ფეხები კარების დირეზე ძლივს გადაათრია.

VII

თეიმურაზს ის ღამე გაახსენდა, ჯაყომ რომ კიბეზე დააგორა და გონება-დახშული თეიმურაზი ლიახვისკენ გაიქცა. ეხლაც ეზო სწრაფად გადაჭრა და ორღობისკენ გასწია.

დიდი ეზო სავსეა შეგირდებით. ჟივილ-ხივილით ავსებენ იქაურობას და თეიმურაზს ბუზებივით ეხვევიან. ხევისთავი ვერავის ვერ ჰხედავს და არც ჟრიამული ესმის.

ჯაყომ ბოსლიდან ხმა მისცა:

- თეიმურაზ, საით წახვიდოდე?

თეიმურაზს ჯაყოს ხმა ყრუდ მოესმა, მაგრამ არ მიიხედა და კედელს მიეფარა.

ისევ ლიახვისკენ მირბის თეიმურაზი.

წადი, თეიმურაზ ხევისთავო, წადი! წადი და გაათავე ეგ დამპალი სიცოცხლე! გაიქეცი და ლიახვში ჩაახრჩე ეგ მყრალი ძაღლი, რომელსაც განუყრელად დაათრევ მკერდით! გასწი, გაიქეცი! უკან ნუღარ მოიხედავ! სულ ერთია, ვეღარაფერს ვერ დაინახავ, იმედის სანთელიც კი გაგიქრა, მარგოს შენი ნახვაც კი ეზიზღება.

მაშ სადღა უნდა წახვიდე?! ვისღა უნდა შეაბრალო და შეაკედლო ეგ ჭირიანი და ქვეყნისგან მოძულებული თავი?! ჩქარა! ჩქარა! გასწი! გაიქეცი! ლიახვისკენ! ლიახვისკენ!

მირბის თავჩაღუნული თეიმურაზი.



ორღობეში პირისპირ შეეჩეხა ნახუცარ ივანეს.

- ოოჰ, თეიმურაზ, შენა ხარ? მშვიდობაში შენი დაბრუნება! საით მიეჩქარები?

ივანეს ხმაში თეიმურაზს დაცინვის კილო მოელანდა. პირსახეში შეჰხედა და დააკვირდა. ივანე უცნაურად იღიმება.

- კაცო, გამარჯვება შენი! რა იყო, რა მოხდა? ...პასუხსაც არ მაძლევ?

თეიმურაზმა ცრემლით ამოიკნავლა:

- ნუ დ... დამცინი, ივანე!

- აბაიმე! - გაკვირვებით წამოიძახა ივანემ და თეიმურაზს მკლავში ხელი გაუყარა. - რა გაქვს სასაცილო, შე კაი კაცო, რომ დაგცინო? ან შენ როგორ გაკადრებ დაცინვას, ან ჩემს თავს როგორ ვაკადრებ შენისთანა პატიოსან ადამიანის გაბიაბრუებას?!

- დასაცინი ისა მაქვს, რომ დ...

დდავბრუნდი.

- ძალიან კარგი ჰქენი, რომ დაბრუნდი.

- მაშ რად იღ... ღიმებოდი?

გამეხარდა შენი ნახვა და იმიტომ ვიღიმებოდი. წამო, ჩემო თეიმურ, წამოდი ჩვენსა, იქ მოვილაპარაკოთ.

ლიახვისკენ მიმავალი თეიმურაზი ნახუცარ ივანეს წელათრევით გაჰყვა.

სახლში შევიდნენ და, სადილის მოლოდინში, ბუხარს მიუსხდნენ.



- სხვა, როგორა ხარ, ჩემო თეიმურ?

- აი, დავ... ვვბრუნდი. - ბუხარს ჩასჩურჩულა თეიმურაზმა.

- როგორ დაბრუნდი? რა გუნებაზე ხარ?

- ნუღარ მეკ...კითხები.

- რა ჰქმენ, როგორ მოიარე ქვეყანა?

- აი, ხომ მ...მხედავ, ქადილით წავედი და გას...სრესილი დავბრუნდი.

- მაშ ვერ გაგიმარჯვნია.

- დ...

დავმარცხდი, ყველგან და ყველაფერში დავმარცხდი.

- ფონს ვერ გასულხარ.

- სიტყვით ჩემზე კარგი მოცურავე ქვეყანაზე არ მოიპოვებოდა. მაგრამ წყალში რომ შევტოპე, უმალვე ლოდივით დავეშვი ფსკერისკენ.

- აკი იმუქრებოდი, ამიერიდან მარტო ჩემთვის უნდა ვიცხოვროო.

- ფ...ფფუჭი ქადილი გამოდგა. მე ჩემთვის არ ვყოფილვარ გაჩენილი.



- ადრევე ვიცოდი. არც მაშინ დაგიჯერე.

დიდხანს იყუჩეს. მერმე ივანემ თითქო თავისთვის ჩაიბუტბუტა:

- ვინ იცის! ვინ იცის, იქნება შენი დამარცხება და დაბრუნება სჯობდეს უთავბოლო ხეტიალსა და ლანდების დევნას?

- ვისთვის სჯობდეს?

- შენთვის, ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვისაც. ყველაფერს დასაწყისი და დასასრული აქვს. ერთხელ ლოთიც გამოფხიზლდება.

- რაღად მინდა გ...

გამოფხიზლება? ვისთვის? რისთვის? ჩემი სიცოცხლე მორჩა და გათავდა.

- ვინ იცის, მაგას ნუ იტყვი.

- ჩემთვის მაინც ყ...ყყველაფერი გათავდა. აღარაფერი არ დამრჩა: არც ოჯახი, არც თავშ... შესაფარი, არც მეგობარი და არც... არც ტანისამოსი. აი, შემომხედე, ბოგანოს დავ...

ვვემსგავსე.

- იმედი ნუ გადაიწყვიტე, ჩემო თეიმურ, თუ მოვინდომეთ, ყველაფერი დაგიბრუნდება: თავშესაფარიც და.. მეგობარიც. აბა, ჯერ თითო არაყი დავლიოთ. გარგებს, ნამგზავრი ხარ.

დალიეს და ნელ-ნელა ჭამა-სმას შეაყოლეს.

თეიმურაზს ნაკვერცხალივით ჩაუვარდა სულში გაკვრით ნათქვამი სიტყვები: "ყველაფერი დაგიბრუნდება: თავშესაფარიც და...

მეგობარიცო".

ვისზე იყო ნათქვამი? რომელი მეგობარი დაუბრუნდება თეიმურაზს? ივანე? ივანეს რაღა დაბრუნება უნდა! თეიმურაზი და ივანე ერთიმეორეს არც დაჰშორებიან, ეხლაც ერთად სხედან. მეგობრულად საუბრობენ, სადილობენ და სვამენ. დანარჩენი მეგობრები თეიმურაზს დიდი ხანია შემოეფანტნენ. ან როგორ უნდა დაუბრუნდნენ ერთმანერთს უგზო-უკვლოდ გადაკარგული წინანდელი მეგობრები? ან ვისთვის, ან რისთვის არის საჭირო მათი გაერთიანება და დაახლოვება? არა, არც ეს არის დასაჯერებელი. ამას არც სულიერი აზრი აქვს, არც ფიზიკური.

- არა, აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს, ალბათ...

მაშ... ნუთუ? ნუთუ?.. ღმერთო დიდებულო!

- მიირთვი, თეიმურაზ, ჩიხირთმა გაცივდა.

ივანე, ნუ სტანჯავ თეიმურაზს! რათა გაქვს მაგისთანა უცნაური ხასიათი! რათ გადაუგდებ ხოლმე შიმშილით მომაკვდავ თეიმურაზს ერთ ლუკმას და მერმე ერთ საათს აცდევინებ, თითქო მის ტანჯვით და მეორე ლუკმის მოლოდინით სტკბებაო. სთქვი, რაც სათქმელი გაქვს, სთქვი და გაათავე! მიეცი თეიმურაზს, რაც მისაცემი გაქვს, მიეცი და გაათავე!

მწვავე იმედით ანთებული თეიმურაზი გაწყვეტილ ძაფს ხარბად მოეჭიდა და კვლავ ივანეს ნათქვამს დაუბრუნდა:

- დ... დდავმარცხდი, ჩემო ივანე, სასტიკად დ... დავმარცხდი.

აღარც ჩემს თავს გამოვადგები და აღარც ჩვენს ქვეყანას. ცხოვრებამ ხ... ხხერხემალი გამიტეხა და დამაგონჯა.

- გეუბნები, იმედი ნუ გადაიწყვიტე მეთქი, ჯერ ორმოცი წლისაც არა ხარ.

- გ... გგავთეთრდი.

- ეგ არაფერია.

ქართველი ხალხი ადრე თეთრდება.

- თეთ... თრდება და ბერდება.

- ეგ კი მართალი არ არის. შენს თავს განგებ ნუ იბერებ, ჯერ კიდევ გამოადგები შენს თავსაც და ქვეყანასაც. კერძი გაგიცივდა, თეიმურ, მიირთვი.

- რით? როგორ გგ...გამოვადგები?

- ხომ გაიგე, რომ სკოლა გავხსენით და კოოპერატივიც დავაარსეთ.

მხარში მოგვიდექ და იმუშავე. ხალხი ღარიბია ცოდნით. მიეშველე.

- რა ჩემი ს... სსაქმეა სკოლა და დახლი.

- თუ ჯაყოს ჩაუდექი დუქანში, რატომ კოოპერატივში არ გინდა მუშაობა?

თეიმურაზს ენა მუცელში ჩაუვარდა. პასუხს გაფაციცებით ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს.



- იმისთვის ხომ არ იბრძოდი იმდენ ხანს, ჩემო თეიმურ, რომ კოოპერატივები დაიკეტოს და ჯაყოს დუქნები გამრავლდეს?

- არა, არა! ღ... ღღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ ჩემი ძალა, ცოდნა და გამოცდილება ეგრე რიგად როგორ უნდა დ... დდავახურდავო, რომ სოფლის კოოპერატივს ან სკოლას შ... შშევსწირო?

- მაშ ისევ ჯაყოსთან დაბრუნება გირჩევნიან?

- ღმერთმა დ... დდამიფაროს! ღმერთმა ამაშოროს!

- არც მესამე გზა მოსჩანს, მაშასადამე... მიირთვი, თორემ ჩიხირთმა გაცივდა.

- მაშშ...

შასადამე?

- მაშასადამე, ან მასწავლებლობა, ან კოოპერატივი, რომელი გინდა?

თეიმურაზი ღრმად ჩაფიქრდა, მერმე მორჩილად განაცხადა:

- კოოპ... პპერატივი.

- მადლობა უფალსა! მოიტა ხელი... კერძი გაგიცივდა, თეიმურაზ!.. საქმეს რამდენიმე დღეში გაგითავებ. ალბათ ისევ შენს ნასახლარში იცხოვრებ, შენს წინანდელ ოთახს დაგიბრუნებთ. იქნება შენი ავეჯიც ჩაგაბაროთ.



- ავეჯი? ჯაყოს აღარ ეკ... კითხებით?

- ჯაყოს დრო წავიდა, რაც შენ გეკუთვნოდა, ერთი ნივთიც არ გაატანეს ჩვენმა ახალგაზრდებმა. განძეულობა მუზეუმში გაჰგზავნეს, ზოგი ავეჯი სოფლის საბჭოს მისცეს, ზოგი სკოლას და ზოგიც მასწავლებელს. ჯაყომ ბევრი იყვირა და იტლინკა, მაგრამ ყური არავინ არ მიუგდო, ნინიკამ ცოტაოდენიც მისცხო.



თეიმურაზმა დრო იხელთა და სულის ჩურჩულით ივანეს ძლივს გააგებინა:

- მ... მმარგო?

ივანემ განზე გაიხედა. კარგა ხანს სდუმდა, მერმე კედელს უპასუხა:

- მარგო მოსტყუვდა.

მე ადრევე ვიცოდი ამ საქმის დასასრული. მაგრამ სხვის საქმეში ჩარევა ხასიათად არა მაქვს.

და ისევ გაჩუმდა.

- მაშ... მოსტყუვდა?

- ძალიან მოსტყუვდა. სასტიკად დაისაჯა. საწყალი დედაკაცი! აბა, თითო კიდევ დავლიოთ.



- რათ მ... მმოსტყუვდა მარგო?

- იმათ მოსტყუვდა, რომ ჯაყო პირველად მშველელ რაინდად მოეჩვენა. ძლიერი კაციაო. შემინახავსო, მფარველობას გამიწევსო. ეხლა კი...

- ეხლა კი?

- რაღა დაგიმალო: ეხლა ჯაყომ მარგოც საქონლად გადააქცია. ისე ამუშავებს, როგორც წინანდელ ცოლებს ამუშავებდა.



- რას ამბობ, ივანე?!

- ეგ კიდევ არაფერი, ზურგზე საფქვავსაც აჰკიდებს ხოლმე და წისქვილში ჰგზავნის.

- ღმერთო დ... დდიდებულო! ეს რა მ... მმესმის?! - ამოიხრიალა თეიმურაზმა.

- მეტსაც გეტყვი: ზოგჯერ სცემს კიდევაც.

- ვაიმე!

რისხვამ და სიმწარემ თეიმურაზს თავში ჟრუანტელი დაჰკრეს და ფეხზე წამოაყენეს.

- ერთი სიტყვით, როგორც წინანდელი სამი ცოლი დაასნეულა, მარგოსაც ისე ჩაუმწარა სიცოცხლე.



- ვაიმე, მარგო!

- ბოლოს მარგოსაც სახლიდან გამოაგდებს.

- გ...გგამოაგდებს?!

- ნამდვილად.

თეიმურაზი ისევ ჩაიკეცა. სათვალეები შეისწორა. თითები ჰაერში აათამაშა და წაიბუტბუტა:

- ეს რ...რა გავიგე?! ეს რა ამ..მმბავია?! ჯაყო მ..მარგოს მართლა სცემს ხოლმე?

- სცემს. საწყალ დედაკაცს პატრონიც არავინა ჰყავს, რომ წაესარჩლოს და ის მხეცი როგორმე მოარჯულოს. ამას წინათ ნინიკა წაესარჩლა.

ჯაყომ სახრე მოიხმარა, მაგრამ ნინიკამ ერთი ისეთი დაჰკრა იმ გოგრა თავში, რომ შენი ჯაყო ქათამივით გადატრიალდა. კარგი ბიჭია ნინიკა, ვენაცვალე იმის მარჯვენას!

- ვენ... ნნაცვალე! - ამოიბგერა თეიმურაზმაც.

- მარგოს მაინც პატრონი არა ჰყავს.

პატ... ტტრონი?! - მოაგონდა თეიმურაზს და კვლავ წამოიწია. - ჩემს მეტი მარგოს ვერავინ უპატრონებს.

ისევ მე უნდა ვუშველო, თორემ... ჰო, ისევ მე უნდა წავ...ვვესარჩლო, ისევ მე, თორემ...

- გაანებე თავი, თეიმურ! შენ ვერაფერს ვერ უშველი. ჯაყო უარესად გამხეცდება და ჯავრს ისევ მარგოზე ამოიყრის. ან რად უნდა წაესარჩლო? ცოტა ლაფი დაგასხა თავზე? მაგისთანა დედაკაცი დასანდობი არ არის, რატომ წინდაწინვე არ იფიქრა?

- მ... მმართალი ხარ! - აინთო თეიმურაზი.

- ჯაყოს ზღაპრებს დაუჯერა, განა! "ჯაყო სულ ოქრო-ვერცხლში ჩაგსვამდე.

ჯაყო სულ ბორშჩი და კატლეტი გაწმევდე!" - ყველას ასე ჰპირდებოდა, და ჩემს თამროსაც ამით უბამდა თვალებს. თამრო ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, მაგრამ შენს გამოცდილ დედაკაცს რა დაემართა. - ეს კი არ მესმის. ჩაიცვას ეხლა ფარჩა და ხავერდი!

- ჩ... ჩჩაიცვას! ვერ მივ... ვვართვი! - შხამით დაუმატა თეიმურაზმაც.

- სჭამოს ეხლა კატლეტი და ხაბიზგინა!

- ს...

სჭამოს! - წამოიძახა ჟინით გატაცებულმა თეიმურაზმაც.

- იმსახუროს მოახლე და პირფარეში!

- იმ... მმსახუროს!

- მუშაობით ხელები აქვს გადაქლეტილი.

- ახია! ახ... ხხია მარგოზე! - წამოიხრიალა მწუხარებით გამწარებულმა თეიმურაზმა.

მერმე უცებ შუბლი შეიკრა. მოაგონდა მარგოს წეღანდელი დახვედრა, პირის მორიდება, ქვითინი და მწარე საყვედური.

მოაგონდა და მიუხვდა ანჩხლობის და ცრემლის მიზეზს. მიუხვდა, ჩაფიქრდა და მარგოს გულში ჩაიხედა, მაგრამ ივანემ აღარ დააცადა.

- გეუბნები, ჯაყო მარგოს გამოაგდებს მეთქი.

წეღან ეს სიტყვა თეიმურაზს ასცდა, ეხლა კი ნაღვერდალივით ჩაუვარდა სულში. პირსახეზე ნაღვლიანი იმედი და სიხარული აესახა.

- გ... გგამოაგდებს?..

მართლა?...როდის გ...გამოაგდებს?

- მალე გამოაგდებს, ვიცი რომ გამოაგდებს.

ივანემ სარკმელში გაიხედა და უცებ წამოდგა:

- აგერ, აგერ! თეიმურ, გაიხედე, გარეთ გაიხედე!

თეიმურაზი ფანჯარას ეცა.

მძიმე ტვირთის ქვეშ ორად მოხრილი მარგო ბილიკზე ძლივს მიაბიჯებს.

მარგოს დანახვაზე თეიმურაზს წეღანდელი შხამი და გესლი უმალ გაუქარწყლდა: ვინმე უხილავმა მძლავრად წაჰკრა ხელი.

უქუდო და უფარაჯო თეიმურაზი სახლიდან ელდანაკრავივით გავარდა, მარგოს გზა გადაუღობა და საფქვავს მისწვდა:

- მარგო!... მარგუში! მ... მმოიტა...

მ... მმომეცი... ხელი გაუშვი.

- თეიმურ, შენი საქმე არ არის.

- არც შენი ს.. სსაქმეა. მოიტა, ხელი გაუშვი მეთქი!

- თეიმურ, თავი დამანებე!

- არ დ...

დდაგანებებ. მე წ... წწავიღებ.

- თეიმურ, გზა მომეცი!

- არ მოგცემ! ხელი გაუშვი მეთქი!

მარგო დიდხანს ჰყოყმანობდა. ბოლოს, გადმოიხარა და ტომარა გადმოსწია. თეიმურაზმა გადმოხრილ ტომარას ზურგი შეუშვირა და ზედ აიგდო.

მარგო წელში გასწორდა, ხვირთქლი მოიწმინდა და მაშინვე ბარბაცით უკანვე გატრიალდა.



- მ... მმარგო, შენც წამომყე წისქვილში... ვილ... ლლაპარაკოთ... სათქმელი მაქვს.

მარგომ არც კი მიხედა.

- მ...

მმარგო!

მარგომ თავი დაჰხარა და ნაბიჯს მოუხშირა.

თეიმურაზი დიდხანს გასცქეროდა მიმავალ მარგოს, მერმე მიტრიალდა და ჩანჩალით, ხვნეშით და ბორძიკით წისქვილის გზას გაუდგა, თან დროგამოშვებით ერთმანერთში არეულ ოფლსა და ცრემლს იწმენდავდა.

**

რამდენიმე დღის შემდეგ თეიმურაზი თავის ნასახლარში გადასახლდა. ზემო სართულში, კუთხის დიდი ოთახი, სადაც თეიმურაზი აღიზარდა და სადაც შარშან საზარელი ცხადი ლანდი ნახა, ისევ მას ჩააბარეს. ოთახი თითქმის ცარიელი იყო: განიერი ქართული ტახტი, ფეხმოტეხილი მაგიდა და ორი სკამი - ეს იყო იმ ოთახის ავეჯეულობა. ქვემო სართულში ახლად მოეწყოთ კოოპერატივი, რომელსაც ნახუცარი ივანე განაგებდა. თეიმურაზმა ნოქრობა და ბუღალტერია ჩაიბარა.



ივანემ კოოპერატივიდან ნისიად მისცა ნახმარი ფეხსაცმელი, ფარაჯა, თბილი ხალათი, შალვარი, მატყლი, საბნის პირი და წვრილმანი. ივანეს და ნინიკას ცოლებმა თეიმურაზს ერთ კვირაში ლოგინი გაუკეთეს და საცვალიც შეუკერეს.

დილიდან საღამომდე თეიმურაზი კოოპერატივში ტრიალებს და მუშტარს ემსახურება:

- მარილი ეღ...ღღირება ექვსი აბაზი... ნავთი ერთი შაური... ეს ნარმა ჰღირს ათი შაური, ეს კიდევ ცხრა შაური.

ზოგჯერ საქმეს გადაუხვევს და გულისკვნესით ამოიოხრებს:

- ვიღ... ღღუპებით.



ხოლო ზოგჯერ გლეხებს ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებს აძლევს:

- ისტორიული ქართლი შ...შშესდგება სამი ნაწილისაგან: შიდა ქართლი, ზემო ქართლი და ქვენა ქართლი. შიდა ქართლში შედის გორის და დუშეთის მ...მმაზრები; ზემო ქართლში - მესხეთი, ჯ...

ჯავახეთი და არტაანი, ხოლო ქვემო ქართლი, ანუ ქვენა სოფ... ფფელი, ბორჩალოს გარდა, შეიცავს ტაშირს, მცირე სომხეთს, ბამბაკსა და აბოცს.

ზოგჯერ ეზოში გავა, მოსწავლეებს შემოიკრებს და ეკითხება:

- აქედან ტფილ...ლლისამდე ოთხმოცი ვერსია, რამდენი ვერსი უნდა გავიაროთ, რომ შ... შშუა გზაზე ჩავიდეთ?

ეზოში ხანგამოშვებით ჯაყოს ხვიხვინი ისმის:

- გიბა, რაშუ!.. ქეშელა, ადამრაშუნ!..

მარგო, თახრაშუ!

თეიმურაზი რომ მარგოს სახელს გაიგებს, ან საერთო ეზოში მოჰკრავს თვალს, უმალვე მუშტარს თავს მიანებებს, სიტყვას შუაზე გასწყვეტს და ფანჯარას მივარდება. სანამ მარგო მოსჩანს იმ ეზოში, გახევებული თეიმურაზიც იდუმალ ჯაჭვებით არის მიბმული ფანჯრის ბაქანზე. აღარ ესმის მუშტრის ლაპარაკი. მარგო რომ სადმე მიიმალება, თეიმურაზი უძირო ოხვრით ამოიოხრებს, მთრთოლვარე ხელით შუბლს მოისრესავს და გაწყვეტილ ბაასს იგონებს:

- რაზე ვლაპ... პპარაკობდით?.. რა გინდოდა? ჰო, მართლა, მარილი...

ზოგჯერ მარგო შეშას ეზიდება, ან, პირუტყვივით საფქვავით დატვირთული, ეზოს გადასჭრის.

ცრემლ-მორეული თეიმურაზი ფანჯრიდან გასცქერის და ჰკვნესის:

- საწ...წწყალი... საბ...ბბრალო მარგო!.. მარგუში!

**

გარეთ ხევისთავის სულივით ბნელა. ლიახვსაც ძილი მოჰრევია. სოფელი დამუნჯებულია. თეიმურაზი ბუხართან ზის და სამჯერ წაკითხულ ძველ წიგნებს მეოთხეჯერ ათვალიერებს. მაგრამ კითხვას გულს ვერ უდებს, წიგნს კალთაში ჩაიგდებს და დაღლილ თვალებსა და შხამიან აზრებს ცეცხლის ალს გააყოლებს.



ზის გაქვავებული თეიმურაზი შუაღამემდის და მარგოს მოსვლას ელოდება. ელოდება თეიმურაზი და ღრმად სწამს, რომ დღეს ან ხვალ მისი ერთად-ერთი, დაუვიწყარი და განუყრელი მარგო დაობლებულ ოთახში შემოვა და თეიმურაზს ეტყვის:

- "თეიმურ! ჩემო ერთგულო და დაუვიწყარო ქმარო და მეგობარო! რაც მოხდა - მოხდა! ყველაფერი დაივიწყე და შეუნდე შენს მარგოს, შეუნდე და მიიღე შენი უძღები და უღირსი ცოლი, რომელმაც შეგცოდა. მე ერთი გამოუცდელი და საბრალო დედაკაცი ვარ. მე არც ხალხს ვიცნობდი და არც ცხოვრებას. ერთიც და მეორეც ორგულნი, ორპირნი, უნდონი, მკაცრნი და სასტიკნი ყოფილან. ცხოვრების ურემი გადამიბრუნდა და ჭეშმარიტი გზაც ეხლა გამოჩნდა. ჩემო ერთგულო და ერთადერთო თეიმურ! შენ ასჯერ დაამტკიცე შენი ერთგულება, ქველობა და პატიოსნება.

ერთხელ ჩემთვისაც გაიხსენი ეგ უძირო გული, მძლავრად ჩამკიდე ხელი და თამამად გამიძეხი ახალ ცხოვრების ულმობელ გზაზე. წადი, იარე და მეც მატარე".

თეიმურაზი მარგოს ნათქვამს მოისმენს და ეტყვის:

- "ჩემო ერთავ! ჩემო წამებულო მარგო! ჩემო ჯვარცმულო ანგელოზო! მე ვერ მივიღებ შენს ბოდიშს, ვინაიდან მე თვითონ ვარ შენგნით შესაწყნარებელი. უსაზღვრო და უძიროა ჩემი ბრალი. გშიოდა და პური ვერ მოგეცი; გწყუროდა და წყალი ვერ დაგალევინე; გციოდა და კარი ვერ გაგიღე. განუზომელია ჩემი ბრალი შენს წინაშე, გოლგოთიდან მომავალო ჩემო მარგუში! შემინდე და დაივიწყე ურიცხვნი ცოდვანი ჩემნი. ძმას გავყევი და ცოლი დავივიწყე, სხვას მივეშველე და მეუღლე გავსწირე.

თუ ძალგიძს, ჩემო წამებულო, მივცეთ ყოველივე დავიწყებას და შევუდგეთ ახალ ცხოვრებას. ეს დაობლებული საწოლიც შენ მოგელის... მომიჯექი გვერდით. აი, ჩემი ხელი და ჩემი მკერდი. ჩამოჯექი ამ სავარძელში... აი, ბუხარი და ცეცხლი... გასთბი და დაისვენე".



გაყინული მარგო თეიმურაზს მიუჯდება, დაღლილ თავს მხარზე მიადებს, გადაქლეტილ ხელ-ფეხს ცეცხლს მიუშვერს, თვითონაც ტკბილად ატირდება და თეიმურაზსაც აატირებს.

ცეცხლთან ელის ნაცოლარს ხევისთავი. და მისი მოლოდინი იმ ცეცხლზე უფრო მწვავეა.

ბურანში წასული თეიმურაზი მალე გამოფხიზლდება და იგრძნობს, რომ ლოყები თავისივე ცრემლით უსველდება.

გამოფხიზლდება თეიმურაზი და შეშინებულ თვალებით სკამს აცქერდება; აცქერდება და ჰხედავს, რომ იმ სკამზე, სადაც ერთის წუთით ადრე მისი მარგო იჯდა, ეხლა შეჩვეული ძაღლის მძორი ჰგდია.

დაფეთებულ თვალებს იფშვნეტავს ხევისთავი და ბნელ ოთახს ათვალიერებს. არეულ თვალებს აცეცებს და ჰხედავს, რომ ხის ტახტზე და იატაკზედაც ძაღლების უთვალავი ლეში ჰყრია.

ორივე ხელს მკერდზე მოისვამს ადუღებული ნაკაცარი და იქაც განუყრელს ძაღლის ლეშს წააწყდება.

სიმყრალით იხრჩობა თეიმურაზ ხევისთავი. დაბნედილი მწიგნობარი ზეზე წამოვარდება, ფანჯარას გამოაღებს და ბნელ ეზოში გაიხედავს.

მაღალი კოშკი შავ სივრცეში უუზარმაზარ გარუჯულ ბოძივით ასვეტილა.

იმ კოშკში სცხოვრობს თეიმურაზის ნაცოლარი - მარგო ჯივაშვილი.

კოშკის სარკმლიდან კვლავ მოსჩანს იმედის შუქი.

ისევ თავის ოთახში შეიხედავს სულმოთქმული თეიმურაზი.



შეიხედავს და კედელზე მარგოს წარწერას წააწყდება:

"ვნახე. განვიცადე. მწამდა. ვსტიროდი".

და ნაქვითინევის გვერდით თვითონაც სწერს მთრთოლვარე ხელით:

- "მეც ვნახე, მეც განვიცადე. ეხლაც მწამს. ეხლაც ვსტირი".



მერმე მობრუნდება და ძველს კიდობანს მიადგება.

იმ კიდობანში ძველი ხატი აქვს დამალული. იმ ხატს კუთხეში დაასვენებს, სანთელს აუნთებს და პირქვე დაემხობა.

მეტანიით, სასოებით და ცრემლით ლოცულობს თეიმურაზ ხევისთავი:

- წმიდაო ღმერთო! წმიდაო ძლიერო! წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ!.. უფალო ძლიერო! ყოვლისა შემძლევ და სათნოიანო! მოგვეც ჩვენ, დავრდომილთა და უღირსთა ძეთა შენთა, მოთმინება ულეველი, მშვიდობა უსაზღვრო და რწმენა უძირო.

კვლავ გარეთ გაიხედავს ნუგეშისცემული თეიმურაზი.

ისევ ასვეტილა ბნელ სივრცეში ბნელი კოშკი.



იმ კოშკიდან კვლავ მოსჩანს იმედის სანთელი.

ისევ მობრუნდება თეიმურაზ ხევისთავი და გულშვებით გაიღიმებს:

აღარსად სჩანან ძაღლის მძორები.

აღარც მათი სუნი მოსდის იმედნაკრავ ნაკაცარს.

ისევ ელის ნაქმრევი ნაცოლარს.

ისევ დაყუდებულ შიო მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი.


1924 წ.