– მაიტა ხელი, გავათავოთ, ოცდახუთმეტი!

– ორმოცი მეთქი.

– ოცდაათიც არა ღირს, გაათავე.

– არა ღირს და, შენ შენთვინა, მეც ჩემთვინა.

და თევდორემ ცხენი მოაბრუნა. დალალი მეხუთეჯერ მისწვდა აღვირს და მედუქნეს შეუტია:

– შენც რას ახირდი, ზაქრო! უწინ ამბობდი, მაგ ცხენში ორმოც თუმანსაც არ დავიშურებო, ეხლა კი რა ღმერთი გიწყრება! მიეცი და გაათავე!

– ჯანდაბას შენი თავი, ჩამოდი!

თევდორემ ჯერ შვილი ჩამოსვა, უკან რომ ეჯდა ცხენის გავაზე, მერმე თვითონაც ჩამოხტა და ხელი მისცა ზაქროს:

– შაგარგოს! შვილივით გამიზრდია, ალალია შენზედაც, ცხენის ყადრი იცი, თორემ სხვას არ მივცემდი.

კავშა ცხენი ბოძზე მიაბეს და სამივენი დუქანში შევიდნენ. თევდორეს შვილი კი, პატარა შიო, ცხენთან დარჩა.

– მაშ ეხლა ეს ცხენი ჩვენია? – ეკითხებოდა მისი ტოლი ზურაბი, მედუქნის შვილი.

– თქვენია. – სინანულით ოხრავს შიო.

– რა ცხენია! გავიზრდები, ჩემი იქნება.

შიოს ცრემლი მოსდის, ზურაბი კი გარს უვლის თაფლა კვიცს, რომელიც გრძელი კუდით ბუზებს იგერიებს, ნიშა თითქო ნანობს გაყიდვას და თეთრწინდიან ფეხებს ინაცვლის.

დუქანში კი ნასყიდობის ბარათს სწერდნენ და ჩარექიანებს სცლიდნენ. მზე შუბის წვერზე დავიდა, როცა სამივენი გამოვიდნენ.

თევდორე დიდზვარელმა ორმოცი თუმანი ჩაილაგა უბეში. დალალმა თუმნიანი დაჭმუჭნა და ბუზღუნით პირი ჰქნა სოფლისაკენ.

– აბა, მშვიდობით იყავით, შაგარგოს. ვინძლო გაუფრთხილდე. – ეუბნებოდა ცხენის ნაპატროვენი მედუქნეს. – შვილივით გამიზრდია, თქვენც მოუარეთ.

– გაგიმარჯოს. აგაშენოს. არხეინად იყავი, მეც შვილივით მოვუვლი.

თევდორე კვიცს კისერზე ეხვევა, თავზე ხელს უსვამს, რაღაცას ბურტყუნებს – თითქო ბოდიშს იხდის გაყიდვისათვის, ემშვიდობებაო, – და ნამტირალები შვილი ხელით მიჰყავს.

მედუქნე ზაქრო კი თვალებით ჰბურღავს მიმავალს, ცალის ხელით ულვაშებს იწიწკნის და აზრით რაღაცას თუ ვიღაცას ეჭიდება.

უცებ მოტრიალდა, თავი ჩაიქნია, თითქოს ის აზრი მოერია ან თვითონ დასძლიაო მას:

– დედაკაცო!

ბნელ კარებში მისი ცოლი ნატო გამოჩნდა – თვითონაც გარუჯულ კარებივით შავი, უნჯი, ხმელი და ქმარივით მაღალი, პირუკმეხი, ძვლებისა და ძარღვებისაგან ნაქსოვი.

– იქნება დავიგვიანო. – კედელს ეტყვის ზაქარია და იქიდან ხანჯალ-რევოლვერს ჩამოხსნის. – ცხენს უპატრონე. დუქანზედაც თვალი გეჭიროს.

დედაკაცი ხმას არ გასცემს, გაბრუნდება. ზაქრო კი გზას გადასჭრის, ღობეს ჩასტეხავს და ვენახს დათვივით შეერევა…

*

ზაქარია მედუქნემ თევდორეს მეტი მისცა. თვლაში შესცდა, სამი თუმანი გადააყოლა. იმ თუმნიანებს გზაზედ ხომ არ პოულობს! ამ ხნის კაცი რიჟრაჟიდან შუაღამემდის ფეხზე სდგას: ყბედობს, გვის, ვაჭრობს, ხარშავს, რეცხავს და ალაგებს. როცა ეტირება – იცინის, თუ ეცინება – ტირის, როგორც მუშტარს შეეხამება.

ზოგჯერ აბაზის მოსაგებად, მუშტარი რომ არ დააფრთხოს, ორ საათს მასხრობს, ან ბიჭივით ტრილებს.

აბაზს აბაზი ედება, მანეთს მანეთი მოსდევს, თუმანი თუმნისაკენ მიილტვის, სიცოცხლე კი მიდის, თითქმის წავიდა, დაიშრიტა. ოცდაათი წელიწადი დალია ამ დუქანში, ჯერ ბიჭად ჰყავდათ, მერმე დახლიდარად, შემდეგ მოზიარედ.

ერთ დღეს მისი ამხანაგი ქალაქის გზაზე იპოვნეს გაგუდული. მუღანლოელი თათრები საპატიმროში დაალპეს, ზაქარიას კი მოკლულის წილი, ქამარ-ხანჯალი და გაქონილი ჩოხა-ქურქიც არ ეყო ვალის ასანაზღაურებლად.

ზურაბს შველა უნდოდა, თუ მამამ საძირკველი არ შეუმზადა, თუ ათასი თუმანი მაინც არ შეუგროვა, მისი შვილი კაცებში ვერ გაერევა, ადრევე დაიჩაგრება და ჩამორჩება. ამიტომ…

ამიტომ თუ იმიტომ… ორმოცი თუმანი გზაზე არ ჰყრია. ამ ორმოც თუმანს, დღეს რომ წამოიღო თევდორემ, ზაქარიამ სამი თვე შესწირა, ამიტომ…

აჰა, პაპას ბოგირიც. ბინდიც მოდის. აი აქ, ბუჩქთან წამოწვება, მოუცდის, თევდორე ჯერ არ გაივლიდა. გზა გრძელია, ბილიკი კი მოკლეა, შეისვენებს კიდევაც. სამაგივროდ, სამ თუმანს დაიბრუნებს.

წევს და ისვენებს.

აგერ თევდორეც მოაბიჯებს. გატეხილი კაცია – თხელი, მოხრილი, დათოვლილი.

შვილიც მოსდევს. მიწას დასცქერის და ბუჩქებს წკეპლით ფოთოლს აყრევინებს. ეხლაღა შეამჩნია ზაქარამ: რუსული ქუდი ჰხურავს, ჭრელი ხალათი აცვია და მარჯვენა ლოყაზე გროშის ოდენა ხალი აზის.

– გამარჯვება, თევდორე!

ორივენი შესდგნენ – შვილიც და მამაც.

– ზაქრო, შენა ხარ? აქ რა გინდა, კაცო?

– გეტყვი. მოდი, დაჯექი.

– ბილიკით წამოხვიდოდი.

– ბილიკით წამოვედი, მოდი ნუ გეშინიან.

თევდორეს თითქოს ეშინიან. გზაზე სდგას და პირღია შესცქერის. ან როგორ არ შეეშინდეს! ავი კაცია ზაქრო. ცუდი ხმები დადის ირგვლივ. ძალიან ცუდი!

– მოდი მეთქი, ნუ გეშინიან. მართლაც და, მგელი ხომ არა ვარ!

– მგელი არა ხარ, მაგრამ… მაინც, რამ წამოგიყვანა ამ დროს აქეთა მხარეს?

– იმან, რომა… ფული გადაგაყოლე, სამი თუმანი მეტი მოგეცი.

– რას ამბობ, კაცო! ე ოხერი სამჯერ არ დავთვალეთ?!

– მაინც შევცდი. თუ ვტყუოდე, ის ფული მანდ არა გაქვს? დავთვალოთ.

– აქა მაქვს, მაშა!.. დავთვალოთ… ამაზე ადვილი რაღა იქნება… აჰა, შე კაი კაცო.

გზას გადაუხვია, ზაქროს გვერდით მიუჯდა და უბეში ხელი ჩაიყო.

– აჰა, დავთვალოთ… მაგისთვის როგორ გაწყენინებ, შე კაი კაცო… აი, დავთვალოთ… არამი იყოს ჩემზე, თუ სამ თუმანზე ხელი გავისვარო, – ყლაპავს სიტყვებს თევდორე და ჭრელი ხელსახოცი ამოაქვს უბიდან. – დასთვალე.

– ჯერ შენ დასთვალე, – მიმხრჩვალი ხმით უთხრა ზაქრომ და წამოდგა.

თევდორე თავჩაღუნული ზის. მწვანე ჭრელ ხელსახოცს შლის, დასტა ფულიდან თითო-თითოს იღებს, ხელსახოცზე სდებს და ხრინწიანი ხმით სთვლის:

– ეს… ეს ერთი… ეს ორი… სამი… ოთხი…

შვილი წინ უდგა და ფულს ჩასცქერის, მამა კი ქაღალდს ქაღალდზე სდებს და აგრძელებს:

– ესეც ხუთი…ექვსი…

– თავიდან დაიწყე… – ეუბნება ზაქრო და კიდევ ერთი ნაბიჯით იწევს უკან.

– აჰა, შე კაცო, დავიწყოთ… ეს ერთი… ორი… სამი… ესეც ერთი! ორი! სამი!

და განიერ ფოლადს თევდორეს გადაღუნულ კისერზე სამჯერ გააქვს კრიალი და ჩახუნი.

ბიჭი უმალ ფერდობზე ჩაგორდა და ბუჩქებში შესხლტა, მისმა მამამ კი ჯერ თავი ჩაიქნია, თითქო დასტური მისცაო, მერმე გვერდზე გადავარდა, აფართხალდა.

ერთი წუთის შემდეგ ზაქრო იმ კაცის ფეხებში ცხენივით შაება და მარხილივით დაითრია. ბუჩქებში შეაგდო და თვითონაც იმ ბიჭს გამოუდგა. მისდევს, როგორც მგელი კურდღელს, და გახურებულ აზრს მიაქანებს:

– დამღუპავს… თუ გამექცა, დამღუპავს!

**

ნატო და ზურაბი ახლად ნაყიდ ცხენს უვლიან: წყალს ასმევენ, აურვებენ, თავლაში შეჰყავთ და ბზე-ქერს უყრიან. მერე დედა ეუბნება შვილს:

– მეზობელთან გადავალ, შვილო, ყური უგდე გენაცვალე აქაურობას. დუქანს არ მოშორდე.

მხნე ბიჭია ზურაბი: იქაურობას რწყავს, გვის, ალაგებს და მუშტარსაც ისტუმრებს. ერთს თამბაქო მიჰყიდა, მეორეს არაყი დაუსხა, მესამეს მარილი აუწონა. მერმე დირეზე ჩამოჯდა და სოფლის ნახირს ააყოლა თვალი.

ვიღაც კაცი თითქოს მიწიდან ამოძვრა და თავთ წაადგა.

– გამარჯვება, პატარავ!

– ღმერთმა გაგიმარჯოს.

– ვისი ხარ, ბიჭო?

– ზაქროსი.

– სად არის ზაქრო?

– მგონი ვენახშია.

– დედა-შენი?

– მეზობელთან გადავიდა.

– შენი სახელი? – და გვერდით მიუჯდა.

– ზურაბი.

– ზურაბი. ზურაბი… კარგი სახელია, მომწონს.

– კიდევ რა მოგწონს? – ჩაიცინა პატარამ.

– შენი ჭკუა, თუ გაქვს.

– ჩემთვის მეყოფა, სხვისთვის კი რა გითხრა. – აჰხედა და დაუმატა:

– შენ აქაური არ უნდა იყო.

– რაზე მეტყობა?

– ყველაფერზე. არსად მინახვიხარ. სადაველი ხარ?

– მეც არ ვიცი. – და ხელი გადაუსვა ქოჩორა თავზე – არაფერს დამალევინებ?

– რატომ არა.

უცნობი ჭიქას ჭიქაზე სცლიდა. ერთ ჩარექას მეორე მოჰყვა. სვამდა, პურსა და ყველს ატანდა და ათას რამეს ეკითხებოდა: როგორ ცხოვრობენ? რას აკეთებენ? როგორი მოსავალი ან ვაჭრობა აქვთ?

ბავშვი ჯერ ერიდება, პასუხს თითქმის არ აძლევს. უცხოა, აქაური ამბავი რას ეკითხება? ზურაბი ზაქროს შვილია, მედუქნის ნუგეშია. ფრთხილობს. ვინ იცის, სადაურია ეს კაცი, ან ხუთიჭალაში რა უნდა, ან ამდენს რად კითხულობს? მაინც, სხვა რა გზა აქვს, მუშტარი უნდა გაართოს. სიტყვა პასუხს უნებურად მისდევს და უამბობს. მერმე ეკითხება:

– სირაჯი ხომ არა ხარ?

– ჰო. სირაჯი ვარ. – იღიმება მუშტარი. – ღვინის სასყიდლად მოვედი.

– რა დროს ღვინოა, ჯერ ყურძენიც არ შემოსულა.

– ძველი ღვინო მინდა. გაქვთ თუ არა?

– მგონი ერთი ქოცოღა დარჩა.

როგორც ეტყობა, მუშტარი დაღლილია – თვალებს ჰბლიტავს, ფულის დასტა ამოიღო, სამთუმნიანი გაუწოდა და უთხრა:

– აჰა, ზურაბ, რაც გერგება, აიღე. დანარჩენი შენთვის მიჩუქებია.

– ჩემთვის? – და ბიჭმა პირი დააღო.

– შენთვის, შენთვის. როგორც გინდა მოიხმარე. წიგნები და ტანისამოსი იყიდე – ტახტზე იჯდა. იქვე მიწვა და დათენთილი ხმით დააყოლა: – ძალიან დაღლილი ვარ. ცოტას მივიძინებ. მამა ან დედა თუ მოვიდეს, გამაღვიძე.

გადაბრუნდა, პირქვე მიწვა და სამი წუთის შემდეგ აფშვინდა.

ზურაბმა სამთუმნიანი გასინჯა, ჩაფიქრდა, მერმე მუშტრის ზურგს გადაჰხედა, ფული დაჰკეცა და ჯიბეში ჩაიდო.

– აი, დედილო, რა მაჩუქა ამ კაცმა. – უთხრა ათიოდე წუთის შემდეგ დაბრუნებულ დედას და მფშვინავზე მიუთითა, მერმე ყოველივე უამბო.

– რას ამბობს, ვინა ვარო? – ჩურჩულით ეკითხება დედა.

– სირაჯია. ღვინის სასყიდლად მოვედიო. როცა დედა და მამა მოვიდეს, გამაღვიძეო.

– დაანებე თავი. ჩემთან რა საქმე აქს ვიღაც სირაჯს? წადი, ცეცხლი დაანთე და წყალი დაადგი.

ზურაბი მოშვებულია ბარბაცობს. ეხლაღა დააცქერდა დედა შვილს.

– რა იყო, რა დაგემართა?.. აბა, მაჩვენე, ავად ხომ არა ხარ?

შუბლზე ხელი დაადო. თონესავით ცხელია. ლოყებიც ანთებული აქვს, თვალები მიბნედილი.

– ისევ ცხელება გაქვს, წადი, დაწექი. მეც ეხლავე შემოვალ. ზურაბი ბარბაცით გავიდა, ნატო კი ერთ ალაგზე გახევდა და ორივე თვალი უცნობის ზურგს მიაბჯინა, ვიღაც თუ რაღაც აწვალებდა, ან თვითონ სჯიჯგნიდა რაღაც ზრახვას, და ცოლიც ეხლა ისე იდგა, როგორც წეღან მისი .ქმარი, როცა თევდორეს ზურგს უბურღავდა, ოღონდ ულვაშის ნაცვლად დედაკაცი განიერ ნიკაპს ისრესავდა და მეორე ხელში სამთუმნიანს აშრიალებდა, რომელიც შვილს გამოართვა “ახალი ხალათისა და წიგნებისათვის”.

**

დაიღუპა ზაქრო, ნამდვილად დაიღუპა: ბიჭი გაექცა, დაემალა. კურდღელივით მოჰქრის შიო, მწევარივით მოსდევს მედუქნე. აღარც გზა სჩანს, არც ბილიკი. ჯერ თხელი ტყე გაირბინეს, მერმე ბუჩქნარს შეერივნენ, შემდეგ ნახნავ ვენახებს მოედვნენ.

მედუქნემ ორჯერ დალია მანძილი, მაგრამ ბიჭი ორჯერვე გაუსხლტა: ერთხელ გვერდზე გაუხტა და ჩირგვნარში შეერია, მეორედ კი ისკუპა და ხევში ჩაგორდა.

ზაქრო რევოლვერს ვერ ხმარობს. ჯერ არ გაგიჟებულა: მისი ხმა ორ-სამ სოფელს მისწვდება. ისევ დაჰკლავს, ან დაახრჩობს.

მის ხელში ხანჯალი კრიალებს, უკნიდან ჩოხის კალთები მისდევენ. წინ კი ბავშვის ქუსლები პრიალებენ და ჭრელი ხალათი შრიალებს.

მირბის შიო და ზოგჯერ ერთის წუთით მოიხედავს, თუ ხანჯალი სადმე ახლოს გაიპრიალებს, ბალღი დაჭერილ მელასავით შესჩხავლებს და მეტის სისწრაფით გასხლტება. ზოგჯერ კი რაღაცას შესძახებს, მაგრამ ის ძახილი უფრო ხრიალს ჰგავს, ვიდრე კივილს, და იქვე სადმე იკარგება.

ბინდი მუქდება. სიბნელეში ორი ლანდიღა მოსჩანს. ორი ჩრდილი მოჰქრის ხატიჭალისკენ. აჰა, სოფლის ნაპირიც. აგერ ზაქროს ვენახიც. აი მისი დუქანიც. გარეთ ფანარი აინთო და ბალღის აჩრდილიც ღამის ფარვანასავით მიდის იმ შუქისაკენ.

ჩქარა, ზაქრო, ჩქარა, თორემ იღუპები! თუ ის ლანდი დუქანს გასცდა, თუ სოფელში შევარდა ან მეზობელთან შეუხვია, გირჩევნია ეგ ხანჯალი შენთვისვე მოიხმარო – ან ყელი გამოიჭრა ან თავი ჩამოიხრჩო.

აბა, ნაბიჯს მოუმატე, მჩატე კუნთები დაიჭიმე! გასწი, თორემ ბეწვზეღა ჰკიდია შენი თავიც და შენი ოჯახიც.

**

– დედი, მიშველე!

– რა იყო. შვილო? ვინა ხარ, რა დაგემართა?

– დედი, მიშველე… მკლავენ… მომდევენ – და აქშენილი უცხო ბავშვი მთრთოლვარე ხელებით ეჭიდება უცხო დედაკაცს, თან ქოშინით იხრჩობა და კალთებს აგლეჯავს – მოსაკლავად მომ… მომდევენ. დამმალე… მალე! მალე!

დედაკაცი თითქმის მირბის. ბავშვი კაბაზე ჰკიდია. დახლის უკან კარი გააღო, ბნელში შეაგდო და მიაყოლა:

– დაიმალე… მარჯვნივ გადი. ნუ გეშინიან. გომურია. – კარები გამოიხურა და ისევ დუქანში გამოვიდა.

შიო კედელს მიეყრდნო. დაღლილ ძაღლივით ქაქანებს და გულს იმაგრებს. თანაც სიბნელეს აშტერდება, არემარის გარჩევას სცდილობს.

გაახსენდა დარიგება. მარჯვნივ კარი შეაღო და წყვდიადში შეცურდა.

ბუხარში ნაღვერდალი ღვივის. იქვე ტახტი სდგას. ტახტის უკან დარაბებია. დარაბების იქით – გომური.

იქ, გომურში, სიბნელეში ცხენი ფრუტუნებს. იქვე კამეჩიც იცოხნება. შორს კუთხეში სანათური მოსჩანს და იმ სანათურში ერთი ვარსკვლავი კამკამებს.

**

– დედაკაცო, დავიღუპე! – ლაქლაქით ჩურჩულებს მედუქნე.

– რა იყო, რა დაგემართა? – დაბალივე ხმით ეკითხება ცოლი, თან პირზე ხელს ადებს და მძინარეზე აჩვენებს თვალით.

ზაქრო ქოშინით იხრჩობა. ფეხზე ძლივსღა სდგას. ხელში ხანჯალი უჭირავს და თვითონაც ამ ფოლადის ფერი ადევს.

– რა დაგემართა, კაცო? აქეთ წამო.

ხელში ხელი წაავლო და დუქნიდან გაიყვანა.

– ის ბიჭი… პატარა ბიჭი რა იქნა?

– ბიჭი? – და უმალვე მიუხვდა. – უი, დამიდგა თვალები! მაინც, რა დაგემართა, კაცო?

– ღვთის წყრომა და წმინდა გიორგის რისხვა. აი რა დამემართა!.. კაცი შემომაკვდა.

– კაცი? ვინ კაცი? როგორ? სად?

– დიდზვარელი თევდორეი… ცხენი რომ მომყიდა.

– ვაიმე, ჩემო თავო! მაშ დავიღუპეთ!

– დავიღუპეთ, თუ ის ბიჭი დამემალა აქეთ მორბოდა… აქ უნდა დამალულიყო სადმე… ის ამბავი მაგის მეტს არავის დაუნახავს.

დუმილი ჩამოვარდა – ისევ იმ მახვილივით მჭრელი და მრისხანე. ნატოს თავის გულის ბაგუნი და ქმრის ქშენაღა ესმის. ყურებშიაც რაღაც თუ ვიღაც ჩასწივის.

– თითქოს აქ სადღაც დამემალა. სახლს შემოვურბინე, მაგრამ ვერსად ვიპოვნე.

და ზაქროს ხმაში სასოწარკვეთილი უიმედობა ისმის.

– ვერსად ვიპოვნე… დავიღუპე… დავიღუპეთ!

ისევ დადუმდა. უცებ მოეშვა, მოსწყდა, მოიდრიკა. ხელები მათრახებივით ჰკიდია და მოდუნებული ხელიდან საცაა ხანჯალი ჩაუვარდება.

და უცებ ყურში ცოლის ჩურჩული ჩაეღვარა:

– წადი, გაათავე… იქ არის… გომურში.

– გომურში? მართლა?

– და ეხლაღა დაინახა, რომ თვითონაც გომურის კარებთან იდგნენ.

– ტსს… ფრთხილად! ეს ვიღაც კაცი არ გააღვიძო. – ძლივსღა გაიგო ცოლის ხმა.

აგრეა. მართალია: ეს ვიღაც არ უნდა გააღვიძოს, თორემ… ის ბიჭი ალბათ დაიყვირებს, ამ კაცს გააღვიძებს და…

– ვინ არის, ვინ ოხერია? – ეკითხება ნატოს.

– აბა რა ვიცი. წეღან მოსულიყო, მე შინ არ ვიყავი… ორი ჩარექა დაულევია და ზურაბისთვის სამი თუმანი უჩუქებია…

– სამი? სამი თუმანი?

– ჰო, სამი. სირაჯი ვარო.

– ჩემი სირაჯი ხომ არ არის, საქულაი?

– არა. საქულა ერთი პატარა კაცია, ეს კი ძალიან მაღალია.

– ნახე?

– პირქვე წევს. ოდნავ თვალი მოვკარი. რაკი პატარა ბიჭს სამი თუმანი აჩუქა, მაშ ეტყობა…

“მაშ ეტყობა დიდი ფული აქვს” – ერთსა და იმავე დროს გაიელვა ორივეს თავში. “რა თქმა უნდა, დადძალი ფული ექნება. სირაჯია… პირველად მოდის აქეთა მხარეს, თორემ ნათლისმამასთან ან ნაცნობთან მივიდოდა. ესეც რომ არ იყოს, ისეთ დროს შემოგვესწრო, რომ… ან ეგ დაგვღუპავს, ან… ან კიდევ ჩვენვე უნდა მოვიშოროთ გზიდან”.

– დრო მიდის, ადამიანო… გაათავე, – გაახსენა ნატომ. მაგრამ ზაქროს თითქოს აღარა ესმის რა.

ღმერთო, აპატიე ზაქროს, ნატოსაც! შენცა ხედავ, რომ გულში ბოროტი არა უდევთ რა.

“სტუმარი ღვთისაა, მაგრამ”…

მაგრამ რა ჰქნან! ეს კაცი უდროოდ შეეჩეხათ შუა გზაზე. ისე მოეწყო თავისთავად, რომ ვიღაც უნდა გადავარდეს ხრამში – ან ეს კაცი, ან ზაქრო და მისი ოჯახი.

არჩევანიც აღარ არის: ამ კაცს სძინავს, ზაქრო კი ფხიზელია და ხანჯალიც ხელში უჭირავს. გარდა ამისა, სულ ერთი არ არის, ექვსი იქნება თუ შვიდი?

“თევდორე მეექვსეა… მგონი მეექვსეა. – გაუელვა მედუქნეს. – ეს მეშვიდე იქნება… ის ბიჭიც – მერვე, მერვე და უკანასკნელი”.

– დრო მიდის, კაცო!

უეჭველად უკანასკნელი იქნება, უეჭველად! ღმერთი შეეწევა და ფიცს შეასრულებინებს. ცოდვილია ზაქრო, ცოდვილი! მაგრამ ამასაც მოინანიებს, მოირეცხავს: შუამთაში წავა, შანაბადას მოივლის, ალავერდსაც ეწვევა, მცხეთასაც – ყველას თითო საკლავს მიუტანს, სანთლებს დაუნთებს და შენდობას მიიღებს.

“დაგეწევა ჩემი ცოდო, დაგეწევა!” – უცებ გაახსენდა მეცხვარის ბღავილი, როცა ერთხელ… ერთი სიტყვით, როცა ის მეცხვარე უცბად შემოაკვდა”.

– ზურაბი მომაშორე, დედაკაცო. წაიყვა სადმე.

– არაფერია… ავად არის… სძინავს, ვერას გაიგებს.

ბევრი მსგავსი აგონდება ზაქროს: ქვრივ-ობოლთა წყევლა-კრულვა, მუქარა და სიძულვილი, აღარ იცის, რომელი ერთი გაიხსენოს, ვისი რა მოიგონოს.

– ადამიანო, გესმის?.. რა გემართება?.. იქნება ამ კაცმა გაიღვიძოს, ან ვინმე შემოგვესწროს!

გაიხსენოს?! ან რა საჭიროა გახსენება! რაც ერთ წუთში მოაგონდა, თავისთავად მოაგონდა, ან ეშმაკმა გაახსენა, ისარგებლა მედუქნის მოდუნებით და ჩააწვეთა, თორემ…

თორემ რა დროს წარსულის გახსენებაა! აქვე, კარების უკან, ის ბიჭი იმალება. ეხლავ უნდა მოაშოროს, თორემ დაიღუპა ზაქრო, აგერ იქაც, დუქანში, ვიღაც კაცი შემოესწრო, კიდევ კარგი, რომ სძინავს, თორემ საქმეს გაართულებს:

– არ გესმის, კაცო!.. რა ვქნა, რა დაგემართა?

ესმის, როგორ არ ესმის, მაგრამ… რაღაც უცნაური დაემართა. ადგილიდან ვეღარ იძვრის. ალბათ დაიღალა, სირბილმა თუ დაღალა. კუნძზე ჩამოჯდა, დაიკვნესა:

– იქნებ შენ გაათავო… შენ თვითონვე გაათავო დუქანში… მერმე მე შევალ გომურში.

ნატომ მხარზე ხელი დაადო და მძლავრად შეანჯღრია:

– ადექი!

– შენ გაათავე… წალდიც იქვეა.

– ადექი მეთქი!

– არ შემიძლიან, დედაკაცო!

– რა ღმერთი გაგიწყრა! რამ დაგჯაბნა?

– წადი მეთქი… გაათავე.

– დაგწყევლოს ჩემმა გამჩენმა! – წაიბურტყუნა დედაკაცმა და დუქნისაკენ გაბრუნდა.

რამდენი დრო გავიდა, სანამ ნატო გამოვიდოდა და ფარანს ჩააქრობდა, ზაქრომ ვერ შეამჩნია. ცოლი გვერდით მოუჯდა და გაყუჩდა. მედუქნე ჰგრძნობს, ეხლა მისი რიგი მოვიდა, მაგრამ უცდის – რას ან ვის, თვითონაც არ იცის. ცოლი ხმას აღარა სცემს, მაგრამ ხანგამოშვებით ფერდში მუჯლუგუნს ჰკრავს, თითქოს ეუბნება – ადექი, გაათავეო.

ცხადია, დუქანში გასათავებელი გათავდა. ახლა გომურის ჯერი დადგა. მაშ… ღმერთო, უშველე ზაქროს და შეიწყალე ცოდვილი!

გომურის კარი ჭრიალებს. ზაქრო შედის და კარებს ურდულს უყრის. გარედან ნატო სდარაჯობს.

ცხენი ისევ ფრუტუნებს. კამეჩებიც ილოღნებიან. ბაგაში რაღაც ფაჩუნია. სანათურში ისევ ერთი ვარსკვლავი იხედება. სიბნელეში ოდნავ მოსჩანს შავი ბუხრისა და დარაბების ხაზები.

სიღრმეში ისევ ისმის ფაჩუნი, და ზაქროც კედელ-კედელ იმ ხმაურისაკენ მიიპარება.

ზაქრო ხბოს წააწყდა. გვერდი აუქცია და დარაბისაკენ გასხლტა. იქ რაღაც თუ ვიღაც მოეჩვენა. ეხლა უკეთ არჩევს ჩრდილებს. თვალი სიბნელეს შეაჩვია.

აჰა ლომა კამეჩი… აგერ კავშა ცხენი… აი ბზის გოდორიც. გოდრის უკან აჩრდილი რამ მისცოცავს… მიიპარება.

მაგრამ გვიანღაა, პატარა ბიჭო! დათვლილია შენი წუთები! ვეღარსად წაუხვალ ზაქროს თვალს, ვერც იმის ხელს!

აჩრდილი კარებისაკენ მირბის და მეორე აჩრდილს -ზაქროს მკლავებს აწყდება.

ერთი! ორი! სამი!

კმარა, ეყოფა!

მგონი რაღაც დაიგმინა, დაიკნავლა და დაიკივლა. დედა თუ მამა ახსენა.

ძველი ამბავია; იცის ზაქრომ საკვდილის დროს ყველას დედა აგონდება.

დიდხანს სხედან ცოლ-ქმარი გომურის კარებთან.

– კაცო, მოისაზრე – ეუბნება ცოლი, – დრო მიდის.

ზაქრომ უკვე მოისაზრა. იქვე თივის ბულული დგას. გვერდით მიწას ამოსთხრის, ჩაჰფლავს და იმ ბულულს ზედ დაადგამს. ამ თივას გაზაფხულზეღა დახარჯავს. მანამდე კი კვალიც წავა, დაილევა.

და იმ ზვინთან უკვე ბარი წკრიალებს. ბელტი ბელტს მოსდევს. მიწის გროვა იზრდება. მედუქნე წელამდე ჩასულა გრძელ ორმოში.

მედუქნეს ცოლი ეშველება. ნიჩბით, ზაქრო კი მძიმე ტვირთს ეზიდება: ერთი ნაბადში გაახვია და იღლიით მოიტანა. იქვე დასდებს და გაბრუნდება. მეორესაც ნაბადში გაახვევს და ზურგით მიათრევს.

არა უშავს რა, ნაბადსაც თან ჩააყოლებს. ოღონდ სისხლის კვალი არსად დარჩეს. ჭრაქის შუქი ან სანთელი სახიფათოა. სოფელს ჯერ არა სძინავს, გზაზე მგზავრები არ შემწყდარა. დანარჩენი მერმე იყოს, შუაღამეს რომ გადასცდება.

– გეყოფა, დედაკაცო, ამოდი…

– მიშველე… ამომიყვანე – ისმის წყვდიადში მიმხრჩვალი ხმები.

ხელი მისცა, ამოსწია. ოოჰ, რა მძიმეა დედაკაცი! ნეტა, ცოლი დაუმძიმდა თუ თვითონ დასუსტდა?

ზაქრო ფიქრობს: აღარ იცის, ნაბადი საფლავის ძირზე გაუშალოს თუ ზევიდან დააფინოს.

“სულ ერთია”, – გადასჭრა და ჯერ ნაბადი ჩააგდო. მერმე უცნობს დასწვდა ფეხებში და…

და გახევდა, მოკუზული გაქვავდა.

გზაზედ ცხენის თქარა-თქური ისმის. აგერ ჟინჟღილებიც მოჰქრიან – ორი, სამი ხუთი.

ღმერთო დიდებულო, შენ უშველე ზაქროსა! აქ რაღაც ამბავია! აქეთ საით მოდიან! ზაქროს დუქანი სოფლის ნაპირზეა, მაშ… ალბათ… ზაქროსთან თუ მოდიან.

– დედაკაცო, მოეფარე!

და თივის ზვინი ორივეს ჰფარავს.

ცხენების ფეხები თითქოს ცოლ-ქმრის მკერდს ურახუნებს და მაშხალებიც მათს გულში ანთია.

“გაივლიან… სხვაგან სადმე მიდიან”, – ორივეს თავში რეკავს იმედის ზარი.

– ალბათ გაივლიან.

“რა თქმა უნდა, სხვაგან სადმე მიდიან”.

მაგრამ… ჯერჯერობით…

ჯერჯერობით დუქნის წინ შესდგნენ.

ჟინჟღილები გველის ენებივით სისინებენ და დუქანს ცეცხლით ემუქრებიან.

ვიღაცა კარებს არახუნებს – გაშმაგებით და ყვირილით:

– გააღეთ ეხლავე!

ფიცრული კარი მხოლოდ მიხურულია, არავის დაუკეტია – არც შიგნიდან, არც გარედან. ვიღაცამ გამოაღო, ერთი ჟინჟღალი პრიალით შევარდა დუქანში და ორი თუ სამი კაცი შეითრია.

– ზაქრო, სადა ხარ?.. გამოდი?.. ტყუილადღა გვემალები!

ეხლა კი ცხადია. ტყუილადღა იმალება. გაიქცეს? ცოლი მარტოდ დასტოვოს? რა საკადრისია! ან სად წავა? ვისთან დაიმალება? ვინ შეინახავს?

– და უცბად – თვითონაც არ იცის, ვინ ან რამ წაჰკრა ხელი, ან ვინ ააყვირა – უცბად გაიქცა დუქნისკენ და დაიძახა:

– დაიცადეთ!.. მოიცადეთ! ბიჭი არ შამიშინოთ, ბიჭი!

– აქ არის, აქა! – შესძახეს გარეთ დარჩენილებმა და შვილისათვის შეშინებული მედუქნე შუაში მოიმწყვდიეს.

– აქა ვარ აქა! – დუქნის ღია კარებს შესძახოდა ზაქრო. – აქა ვარ მეთქი, ხალხნო! გამოდით, ჩქარა გამოდით, თორემ ავადმყოფ შვილს შამიშინებთ!

– მკვდრები რა უყავი? დახოცილები სად არიან მეთქი? – და უფროსმა ისე დაჰკრა და ჩასჭიდა ხუთგირვანქიანი მუშტი სახელოში, რომ ზაქრომ კინაღამ ჩაიკეცა. სად არიან მეთქი?

და ერთხელ კიდევ შეანჯღრია.

– იქ არიან… აგერ იქა… სათივესთან. – ლუღლუღებს მომაკვდავივით.

– გვაჩვენე!

და მედუქნე ძაღლის მძორივით წაათრია სათივესაკენ.

– ახლა თქვენს ხელში ვარ. რაც გენებოთ… მიყავით. ოღონდ ბიჭი არ შამიშინოთ. – თავისთვის ბუტბუტებს ზაქრო. – აი… აჰა!..

აი, აჰა! დედაკაცი თივას მიჰყუდებია, თითქო ზედ მიუკრავთო, და ჟინჟღილების შუქზე თვითონაც თივის ფერი დასდებია. ორმოსთან ორი გვამი სდევს: ერთი ნაბადწახურული. მეორე კი – პაწაწინა, პირქვე ჰგდია.

– სად არის შენი შვილი?! – და ის ხელი, უფროსი მილიციელის ხელი, ცარიელ ტომარასავით ჰბერტყავს მედუქნეს, – სად არის მეთქი შენი შვილი?!

– რომელი შვილი?.. ანტონა?.. – ლუღლუღებს გაოცებული ზაქრო.

მართლა საოცარია! თუ მედუქნის უფროს შვილს ანტონას კითხულობენ, თვითონაც კარგად იციან მისი ამბავი: დაიკარგა თორმეტი წლის წინათ, ომში წაიყვანეს და დაჰკარგეს.

თორმეტი წელიწადი სდია ზაქრომ შვილის კვალს, მაგრამ ბოლო ვერსად უპოვა, ვეღარაფერი გაიგო.

ვექილიც კი აიყვანა ქალაქში, ჯერ ოც თუმანს დაჰპირდა, მერმე ოცდახუთს, ბოლოს ორმოცდაათიც აძლია და ასიც გაიმეტა, მაგრამ…

დაიკარგა ანტონი! ზაქარია მედუქნე და მისი ნატო დღისით ვაჭრობდნენ, ღამით კი, როცა დუქანს დაჰკეტავდნენ და გარეთ წყვდიადი ჩამოწვებოდა, მათს შავ გულშიც შავი ბინდი შევიდოდა, მოიკეცავდა და განთიადამდე აღარ გავიდოდა. დაქანცული ცოლი და ქმარი სტიროდნენ – ზოგჯერ ჩუმად, ხან ხმამაღლა, დაუღალავად დადიოდნენ – ხან ისევ ვექილთან, ზოგჯერ მღვდელთან, ზოგჯერ კიდევ მკითხავთან.

სალოცავი აღარ გამორჩათ და მარჩიელი. ცხვარი და მოზვერი მრავალი დაიკლა. თუმნიანიც ბევრი დაიხარჯა. მაგრამ ანტონისაგან ერთი სიტყვაც აღარ მოვიდა.

სამუდამოდ დაიკარგა ანტონი. ღმერთმა მისცა და ისევ ღმერთმა წაიყვანა. მადლობა უფალსა, თორმეტი წლის ზურაბი მაინც შერჩათ! პატარაა, ანტონის მაგივრობას ვერ გასწევს, მაგრამ ესეც ნუგეშია: ათიოდე წელიწადსაც მოითმენენ, მერმე დაისვენებენ. ყოჩაღი ბიჭია ზურაბი – აზრიანი, გამჭრიახი, მხნე და გამძლე!

მთელმა ქვეყანამ იცის ეს ამბავი – ერმაც და მთავრობამაც. ეხლა კი ამ ხელისუფალს მედუქნისათვის კისერში ხელი წაუვლია და მრისხანედ ეკითხება – ისიც ვის? – მამას, მშობელ მამას:

– სად არის მეთქი შენი შვილი?!

– ანტონი? – ისევ ლუღლუღებს მედუქნე.

– ჰო, თუნდაც ანტონი.

– დაიკარგა. შენც იცი, დაიკარგა.

– ვიცი, მაგრამ… – და თივის ზვინზე გაკრულ ნატოს მიუბრუნდა: – დედაკაცო, სად არის შენი შვილი?

– დაიკარგა. – თითქოს ქვევრიდან ისმის დედის ხმა.

– მაშ… კეთილი… სად არის შენი მეორე შვილი?!

და დაჩუტული მედუქნე ერთხელ კიდევ შებერტყა.

– ზურაბი?

– ჰო, ზურაბი, ზურაბი.

– ზურაბი… ჩემი ზურაბი…

და უცებ თვალი მოჰკრა ვიღაც ბალღს. სდგას ორმოს ნაპირზე პატარა ბიჭი. რუსული ქუდი ჰხურავს. ჭრელი ხალათი აცვია. თეთრი წინდები… ლოყაზე გროშის ოდენა ხალი.

-“ღმერთო დიდებულო!” – იძახის გულში, ხმამაღლა კი ძლივს ლუღლუღებს: – აკი გითხარი, ავად არის მეთქი… არ შეაშინოთ… ცოდოა.

– მართლა? ავად არის? – და მძლავრი ხელი ისე ანჯღრევს, თითქო ზაქრო კედელზე ეკიდოს და ეს კაცი მის ჩამოგლეჯას ლამობდესო. – სთქვი, ეხლა სად არის მეთქი ზურაბი?

– “ეს ბიჭი, აქ რომ დგას, – ფიქრობს მედუქნე და იმ ბიჭს თვალს ვეღარ აშორებს. – ეს ბიჭი… ის ბიჭი… რუსული ქუდი… ჭრელი ხალათი… თეთრი წინდები… ლოყაზე ხალი… ღმერთო მიშველე! ლანდია ალბათ… მელანდება, თორემ”… – და ენას ძლივსღა ამოძრავებს: – იქ არის… ოთახში წევს… არ შეაშინოთ… ცოდოა.

– ეს ბიჭი ვიღა არის? არ იცნობ?

ზაქრომ თვალები მიიფშვნიტა, ხუთიოდე წუთით დაჰხუჭა, მერმე ისევ გაახილა, მოჩვენება არ გაჰქრა. ბიჭი ისევ სდგას ლანდივით: რუსული ქუდი, დიდი ხალი, თეთრი წინდები და ჭრელი ხალათი – სწორედ ის ხალათი, რომელსაც დღეს ერთ საათს დასდევდა მწევარივით. ეს ხალათი იმას უნდა ეცვას, აგერ იმ ბიჭს, ორმოს ნაპირზე პირქვე რომ ჰგდია.

-“მაშ ცხადია”…

– “დაგეწევა ჩემი ცოდო, დაგეწევა!” – აგონდება მეცხვარის კრულვა.

“მაშ ცხადია”…

რასაკვირველია, ცხადია: ვიღაცამ მკვდარს გაჰხადა ის ხალათი და სხვა ბიჭს ჩააცვა… ქუდიც დაჰხურა. სწორედ ის ქუდი… წინდებიც ჩააცვა… და ის ხალიც ააგლიჯა და ამ ბიჭს მიაკრა.

რა თქმა უნდა, აგრეა, აგრეა! უეჭველად აგრე იქნება!.. აი საბუთიც: ის ბიჭი. აგერ ის… პირქვე რომ ჰგდია. საცვლების ამარად დაუტოვებიათ…

– ”დაგეწევა ჩემი ცოდო, დაგეწევა!” – ისევ ჩაპკივის მეცხვარე. ალბათ ავი სიზმარია ეს ლანდიც და მეცხვარის კივილიც. ან განგებ მოაწყეს ზაქროს გამოსაცდელად და შესაშინებლად.

მაგრამ ვერა, ზაქროს ვერ მოატყუებთ, მასხარად ვერ აიგდებთ.

და მედუქნე ჯერ ჭრელ ხალათას გაუღიმებს, მერმე სხვებსაც გადაჰხედავს და ისევ ღიმილით თავს გაიქნევს, თითქოს ეუბნებაო: ვერ მომატყუებთ. ვიცი თქვენი ეშმაკობა, ვიციო!

– იცნობ თუ არა ამ ბიჭს?

არა, არ იცნობს. გონება ეუბნება: “სთქვი, არ ვიცნობთქო, თორემ”… მაგრამ ვიღაც უხილავი უპასუხებს მედუქნის პირით:

– ვიცნობ… ეს ის ბიჭია, რომელიც… წეღან რომ…

– ვინ არის, სთქვი!.. გაათავე!

– ის არის… დიდზვარელი თევდორეს შვილია… შიო, რომ მოვკალი…

– მამა მომიკლა, – ჩაერია ჭრელხალათა. – მამა მომიკლა და მე დამედევნა. გავექეცი, აგერ იმ დედაკაცმა დამმალა გომურში… იქ მაგის შვილი იწვა… იმ ბიჭმა ბაგაში დამმალა… მერმე სანათურში ამაძვრინა და გადამარჩინა.

– ”დაგეწია ჩემი ცოდო, დაგეწია!” – უკვე მტკიცედ ჩასძახის მეცხვარე.

– ეს საწყალი გადააბრუნეთ. – იძლევა ბრძანებას დიდხელა. – ამ უბედურსაც აჰხადეთ ნაბადი.

და როცა ბრძანება შეუსრულეს, დაუმატა:

– ახლოს მოიტათ მაშხალები.

და როცა ესეც შეუსრულეს, როცა სამმა ჟინჟღალმა ორი წითელი შვილი, ორი ძმა წითლადვე გაანათა, დიდხელამ მედუქნეს ხელი გაუშვა, პირი მიიბრუნა და სივრცეს უთხრა:

– აჰა, უბედურებო, დაჰხედეთ და გაიგეთ… აი თქვენი შვილები.

მოწმენდილი ცა გასკდა: დაიქუხა, დაიჭექა და ჩამოვარდა, დედამიწაც გაირღვა და მთელი ქვეყანა ჩაიტანა.

თივის ზვინზე მიკრული დედაკაცი თითქოს ჯვრიდან ჩამოცურდაო: თვალები დაჰხუჭა, მოდუნდა, დაიკეცა და ზვინის ძირში გაიშოტა.

ზაქროს კისერი აუტოკდა, თვალები აუხამხამდა.

– ”დაგეწია! დაგეწია! დაგეწია!”- ურაკუნებს თავში მეცხვარე.

ჯერ ხელახლა დაიხარა, მოირკალა და მუხლის თავებზე ჩაჯდა. მერმე უფროს ვაჟიშვილს ჩააცქერდა, შემდეგ უმცროსს გადაჰხედა, და როცა ზევით აიხედა და იქ მდგომებს თვალი მოავლო, მის აღრეცილ სახეზე უკვე შიშნაჭამი ღიმილი თამაშობდა.

– ავად არის… ორივენი ავად არიან. – აჩურჩულდა. – არ შამიშინოთ… ცოდონი არიან, ცოდონი.

ზოგმა პირი მიიბრუნა, ზოგმა თავი ჩაჰღუნა. წეღანდელი რისხვის ნაცვლად ეხლა მათს თვალებსა და ტუჩებზე ლმობიერი გულჩვილობა და სიბრალულიღა დასახლებულიყო.


1927 წ.