1. ჩვენი სახიერი, კაცთმოყვარე და მოწყალე ღვთისა და მეუფის შეწევნით ვიწყებ საუბარს, რადგან კარგია, როდესაც ღვთის მონათა მიმართ სათქმელ სიტყვებს ღმერთით დავიწყებთ. ყველა პირველმეტყველს, ვინც სახიერმა და დიდებულმა ღმერთმა დაბადა, მან თავისუფლების პატივი მიანიჭა. ამიტომ ზოგი მისი მეგობარია, ზოგი ერთგული, ხოლო ზოგი - უვარგისი მონა, ზოგიერთი სრულიად გაუცხოებულია მისგან, ზოგი კი, მიუხედავად უძლურებისა, წინ აღუდგება მას.
წმიდაო მამაო, ღვთის მეგობრად ჩვენ უსწავლელნი იმათ ვგულისხმობთ, ვინც მის გარშემო მყოფი, ბუნებით უხორცო და გონიერი არსებები არიან; ერთგული მონაა ყველა ის ვინც მისი ნებისაღსრულებას ესწრაფვის; ურგები მონა - ვისაც ნათლისღება და ნათლისღებისას აღთქმები მიუღია, ღვთის წინაშე აღუთქვამს, მაგრამ არ დაუცავს ისინი.
2. ღვთის მტრებად და მისთვის უცხოდ იმათ ვგულისხმობ, ვინც ან მოუნათლავი ან ურწმუნოა, ან - ბოროტადმორწმუნე (ერეტიკოსი), ხოლო მოწინააღმდეგენი და მბრძოლნი ისინი არიან, ვისაც არა მხოლოდ საკუთარი თავისგან განუგდიათ ღვთის შიში, არამედ ყველას, ვინც ღვთის ნებას ასრულებს, სასტიკად ებრძვიან და წინ აღუდგებიან.
თითოეული აქ მოხსენებული მდგომარეობა შესაფერის და რიგიან განმარტებას ითხოვს, მაგრამ ჩვენ - გლახაკთა და უსწავლელთა, არ შეგვიძლია, თითეული საგანგებოდ აღვწეროთ. ამიტომ ღვთის ერთგულ მონებთან მოვედით, რომელთაც კეთილად გვაიძულეს, რომ ჩვენი უღირსი ხელი ერთგული მორჩილებით გავიწოდოთ და მათი გონიერების შეწევნით მოვიხმაროთ კალამი ჩვენი სიტყვისა და მათ მგლოვარე და ბრწყინვალე სიმდაბლეში, როგორც მელანში, ისე ამოვაწეოთ და მათ სათნოებით გაპოხილ და სპეტაკ გულებში როგორც ქაღალდზე, ან როგორც სულიერ ფიცარზე დავიწყოთ წერა საღმრთო სიტყვებისა და სათნოებათა თესლისა და ამგვარად ვთქვათ:
3. ყველას, ვისაც სურს და ეძიებს ღმერთს, იგი გამოუჩნდება მათ, რადგანაც ის არის ღმერთი და ცხოვრება ყველასი: მორწმუნეთა და ურწმუნოთა; მართალთა და ცოდვილთა; უვნებელთა და ვნებაში დანთქმულთა; ღვთისმსახურთა და ურჯულოთა; ერისკაცთა და მონაზონთა; ბრძენთა და უსწავლელთა; ჯანმრთელთა და სნეულთა; ჭაბუკთა და მოხუცებულთა; რადგან როგორც სინათლე, როგორც მზე და ჰაერის ცვალებადობა ერთნაირია ყველასათვის, ასევე იგია მაცხოვნებელი ყოველთა და ყოველივე ამის ჩვენთვის მომნიჭებელი და ვინც ეძებს მას, მათ გამოუჩნდება იგი, რადგან ცვალებადობას არ განიცდის და მიკერძოება უცხოა ღვთისთვის (რომ. 2.11).
4. ურწმუნო არის პირმეტყველი და მოკვდავი ქმნილება, რომელიც ნებით გაურბის საკუთარ ცხონებას და თავის დამბადებელი, რომელიც მარადიულია, არარსებული ჰგონია.
5. ურჯულო იგია, ვინც ღვთის რჯულს უკეთურებით და საწინააღმდეგო წერილებით აღასრულებს და ჰგონია, რომ ღმერთი სწამს.
6. ქრისტიანი ქრისტეს მსგავსია იმდენად, რამდენადაც კაცობრივი ბუნებისათვის შესაძლებელია, რადგან მას საქმით, სიტყვით და გონებით სწორად და წმინდად სწამს წმიდა სამება.
7. ღვთისმოყვარე არის იგი, ვინც ყოველივე ბუნებისმიერ და უცოდველ საქმეებს არ ეწინააღმდეგება და თუ რაიმე კეთილი საქმის ქმნა შეუძლია, არ დაიზარებს.
8. კრძალული ის არის, ვინც განსაცდელების ჟამს იმ საქმეთა აღსრულებას ესწრაფვის, რომლებიც ყოველივე ამისგან შორს დგას.
9. მონაზვნობა არის უხორცო ძალების წესი და საქმე, რომელიც ნივთიერ და მოკვდავ ხორცში ყოფნისას აღესრულება.
10. მონაზონი იგია, რომელიც მხოლოდ საღმრთო საქმეს ხედავს და აღასრულებს ყოველთვის, ყველგან და ყოველგვარ ქმედებაში.
11. მონაზვნობა არის ის, რომ კაცმა საკუთარი ნება უარყოს, გაბნეული ზრახვები მოიკრიბოს და სამუდამოდ უფრთხილდებოდეს მათ.
12. მონაზვნობა ბუნების იძულებაა სამარადისოდ და - გრძნობების გამუდმებული დაცვა.
13. მონაზვნობა განწმენდილი ხორცი, წმინდა ბაგე და განათლებული გონებაა.
14. მონაზონი არის მგლოვარე სული, სიკვდილის გამუდმებული ხსოვნით გამწარებული ძილში და სიფხიზლეში.
15. სოფლისაგან განშორება არის ნებით მოძულება და უარყოფა ბუნებისა (*) – ბუნებაზე აღმატებულ სიკეთეთა მოხვეჭის სურვილი.
16. ყველამ, ვინც სოფლის საქმეები დაუტევა, ეს ან მრავალი ცოდვის ქმნის შემდეგ ან უფლის სასუფევლის მოსახვეჭად ან ღვთისადმი სიყვარულით მოიმოქმედა. თუ ამ სამიდან რომელიმე არ იყო მათი წინამძღოლი, მაშინ უგუნურებაა მათი განშორება სოფლიდან. თუმცა, რის გამოც არ უნდა იყოს აღსრულებული ეს საქმე, ჩვენი ყოვლადკეთილი მეუფე მოელის, თუ დასასრული როგორი ექნებათ.
17. ვინც ეს სოფელი თავისი ცოდვების ტვირთის ჩამოსასხნელად დატოვა, ქალაქგარეთ საფლავებთან მჯდომარეს ემსგავსება. მან არ უნდა შეწყვიტოს მხურვალე და ცეცხლივით მწველი ცრემლი და გულის ფარული გლოვა, ვიდრე არ იხილავს იესოს, რომელიც მოვა მასთან, რათა სისასტიკე მისი გულიდან ლოდივით გადააგორეს და ლაზარეს მსგავსად შეკრული მისი გონება ცოდვის სახვეველისგან გახსნას, როდესაც უბრძანებს თავის ანგელოზებს: გახსენით ეგე ვნებათაგან (იოან. 11.44) და უტევთ, რომ ნეტარი უვნებლობის გზით ვიდოდეს. ხოლო თუ ყოველივე ასე არ მოხდა, სოფლის დატოვება ვერაფერს არგებს.
18. ვისაც გვსურს, ეგვიპტედან გამოვიდეთ და ფარაონის საშინელ მონობას გავექცეთ, მაშინ ღვთის წინაშე შუამდგომელად ჩვენც გვჭირდება მოსე, რომელიც ღვაწლსა და ჭვრეტას შორის დადგება და გაიწვდენს ხელს უფლისადმი, რათა ყველამ, ვინც მას მივყვებით, ცოდვების ზღვა გადავლახოთ, ვნებათა ამალეკი დავძლიოთ, რადგან ცდება ყველა ის, ვინც საკუთარი თავი ამგვარი ბრძოლისთვის გადადო და ჰგონია, რომ წინამძღვარი არ სჭირდება.
19. ვინც ეგვიპტიდან გამოვიდა, მათ მოსე უძღოდა წინ, ხოლო სოდომიდან გამოსულთ კი - ანგელოზი. ხოლო ამჟამად, ვინც სულიერ ვნებათაგან (*) განკურნებას ეძებს, იგი ეგვიპტიდან გამოსულებს მიემსგავსება, რომელსაც მოსეს მსგავსი მკურნალი სჭირდება. ხოლო, ვისაც სურს, რომ ამ უბადრუკი და არაწმიდა ხორცისაგან გათავისუფლდეს - ანგელოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ ანგელოზის სწორი უნდა იყოს დამხმარე მისი, რადგან დიდი ხნის აყროლებულ წყლულს დახელოვნებული მკურნალი სჭირდება.
20. ჭეშმარიტად დიდი გაჭირვებისა და განუწყვეტელი შრომის ატანა უწევს მას, ვისაც ხორცში ყოფნისას ზეცაში ასვლა გადაუწყვეტია და განსაკუთრებულად სოფლიდან გამოსვლის დასაწყისში, სანამ გემოთმოყვარების ჩვეულება დაეხსნება და გასასტიკებული გული ღვთისმოყვარებასა და გლოვის სიწმინდეს შეიძენს, რადგან ჭეშმარიტად დიდი შრომაა საჭირო და დიდი სიმწარის ატანა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ვნება ჩვევად გადაექცევა, ვიდრე ძაღლივით ხორცისმოყვარე და სიბინძურისმოყვარე ჩვენს გონებას სიმშვიდის, სიმტკიცისა და განურისხველობის საშუალებით სიწმინდისმოყვარედ და სიბრძნისმოყვარედ შევცვლით. ვნებათა და უძლურებათა გამო უიმედობას ნუ მივეცემით, არამედ სარწმუნოებისადმი ერთგულებით ჩვენი სულიერი უძლურება და უსუსურობა ჩვენივე ნებით ვაჩვენოთ ქრისტეს და ვაღიაროთ მის წინაშე. მაშინ მისგან დამსახურებულზე უმეტეს შემწეობას მივიღებთ, თუკი მხოლოდ იმას შევძლებთ, რომ საკუთარ თავს გამუდმებით სიმდაბლის უფსკრულში ჩავიყვანთ.
21. იცოდეთ, რომ ყოველი, ვინც ამ კეთილ, ძნელ, მძიმე და მსუბუქ ღვაწლს (*) შედგომია, ცეცხლში შესვლას აპირებს, რადგან თავის თავში უნივთო ცეცხლის მიღებას მოელის. თითოეულმა საკუთარი თავი გამოსცადოს და საჭმელი მწარე ბალახთან - მდოგვთან (*) ერთად მიიღოს და თავისი ცრემლით გაზავებული სასმელი სვას, რათა მისი ბრძოლა საკუთარი თავის დასასჯელად არ შემობრუნდეს.
22. თუკი არ ცხონდება ყველა, ვინც მოინათლა.... აქ დავდუმდები.
23. ყველას, ვისაც მონაზვნობა სურს, სოფლის ყოველგვარი საქმე დაუტოვებია, ყოველივე შეურაცხუყვია, ყოველივე უარყვია მაშინ, როდესაც მონაზვნობას შეუდგა, რათა კეთილი საძირკველი ჰქონდა.
24. კეთილ საძირკველზე სათნოებათა სამი სვეტი ეყრდნობა - უმანკოება, მარხვა, სიწმინდე. ყველა ქრისტეს მიერ ჩვილი ამ სათნოებით იწყებს და ბაძავს ხორციელად ჩვილებს, რომელთათვის უცხოა მზაკვრობა და ცბიერება, უძღები სიმაძღრე, გაუმაძღარი მუცელი, ხორცის განხურვება, გამხეცება და მე მგონია, რომ მხურვალებას ასაკთან ერთად მიიღებენ.
25. ჭეშმარიტად საძაგელი და დამღუპველია, როდესაც ომში შესული მებრძოლი დაუძლურდება და აშკარად დაეტყობა, რომ მალე მარცხი და სიკვდილი მოელის, რადგან, როდესაც სხვები დაინახავენ, რომ შესვლისთანავე, დასაწყისშივე მოიკლა იგი, ბრძოლის დაწყებას აღარ მოინდომებენ.
26. ასევე უეჭველია, რომ მონაზვნობის მიღებისთანავე მოღვაწეობის კეთილი და მტკიცე დასაწყისი სარგებელს მოგვიტანს, თუნდაც გარკვეული დროის შემდეგ ერთგვარად დავუძლურდეთ, რადგან სულს, რომელიც ჯერ მხნეობითაა აღსავსე და შემდეგ დასუსტდება, იმ პირველი გულმოდგინების გახსენება მჭრელი მახვილით გამოაცოცხლებს, ბევრჯერ ამ საშუალებით შეძლო მრავალმა, რომ საკუთარი თავი აღედგინა და ფრთები შეესხა, რადგან იმ არწივებს მიემსგავსნენ, რომელთაც ფრთებმა უმტყუნათ, მაგრამ შემდეგ გაიმაგრეს ფრთები და კვლავაც ცის სიმაღლეს მისწვდნენ.
27. როდესაც სული საკუთარ თავს უღალატებს და ნეტარ და სანატრელ მხურვალებას დაკარგავს, მაშინ მიზეზი უნდა გამოიძიოს, თუ რად დაკარგა იგი და მთელი თავისი გარჯა და ღვაწლი ამ მიზეზისაკენ მიმართოს, რადგან მხოლოდ იმ კარით შეძლებს უკან დაბრუნებას, რომლითაც გარეთ გამოვიდა.
28. ვინც ტანჯვის შიშით (*) განერიდება სოფელს, მრავალჯერ ცეცხლში ჩაგდებულ საკმეველს მიემსგავსება, რომელიც თავდაპირველად სურნელებას გამოსცემს, შემდეგ კი მხოლოდ კვამლად გადაიქცევა. ხოლო ვინც სამაგიეროს მიღებისათვის დატოვა სოფელი, წისქვილს ჰგავს, რომელიც მაშინ ამოძრავდება, როდესაც გასამრჯელოს მოელის და ერთსა და იმავე ადგილზე ბრუნავს გამუდმებით, ხოლო ვისი სოფლიდან განშორებაც ღვთის სიყვარულიდან მომდინარეობს, ამას გამოსვლისთანავე მიუღია ის სანატრელი ცეცხლი, რომელიც სულიერ წარმატებასთან ერთად გაძლიერდება და უძლიერესი ალით აინთება.
29. ზოგიერთი (*) აგურის შენობას ქვაზე ამყარებს, ზოგი ქვიშაზე აღმართავს სვეტებს. არიან ისეთებიც, ვინც მცირეოდენს ფეხით გაირბენენ, ძარღვებსა და იოგებს გაახურებენ და მერე სწრაფად სირბილს შეძლებენ. ვისაც მიხვედრა შეუძლია, მიხვდეს ამ იგავის აზრს.
30. როგორც ღვთისა და მეუფის მომხმობილებმა გულმოდგინედ ვისწრაფოთ, ხომ შეიძლება, ხანმოკლე აღმოჩნდეს ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება და სიკვდილის დღეს უნაყოფოდ დარჩენილნი შიმშილმა მოგვკლას.
31. უფლისთვის სასურველად ვიღვაწოთ, როგორც მეფის მეომრებმა, რადგანაც ჩვენი ერთგული მსახურება იმ დროიდან განისაზღვრება, როცა მას შევუდექით.
32. უფლის გვეშინოდეს ისე, როგორც მხეცის გვეშინია, რადგან მინახავს მოსაპარად წასული ადამიანები და ღვთის შიში არ ჰქონდათ, მაგრამ, როდესაც იმ ადგილას ძაღლის ხმა გაიგონეს, იმავე წუთს უკან დაბრუნდნენ. რაც ღვთის შიშმა ვერ გააკეთა - ის ძაღლების შიშმა ქნა.
33. უფალი ისე შევიყვაროთ, როგორც ჩვენი ხორციელი ახლობლები გვიყვარს, რადგან მინახავს ადამიანები, რომელთაც ღმერთი განარისხეს და არას ნაღვლობდნენ და ვნახე ისინიც, რომელთაც მეგობრები უმნიშვნელო მიზეზით გაანაწყენეს და ყველაფერი იღონეს, ყველაფერი მოიმოქმედეს, დიდი მწუხარება გამოამჟღავნეს, ყოველგვარად აღიარეს და აღსარება თქვეს და მეგობრების, ნათესავების, ძღვნისა და ქრთამის საშუალებით კვლავ შემოირიგეს თავისი მოყვარე.
34. სოფლის დატოვების დასაწყისში აუცილებლად დიდი გარჯით, ჭირითა და სიმწარით აღვასრულებდით სათნოებებს, შემდეგ კი წარმატებას გაუჭირვებლად, ან მცირედი მწუხარებითა და შრომით ვაღწევდეთ. ხოლო როდესაც ჩვენი მოკვდავი ბუნება გულმოდგინების მიერ დაითრგუნება და აილაგმება, მერე დიდი ხალისითა და სიხარულით, სურვილითა და საღმრთო მხურვალებით აღვასრულებთ მათ.
35. რამდენადაც დიდ ქებას იმსახურებს იგი, ვინც თავიდანვე სიხარულითა და გულმოდგინებით აღასრულებს მცნებებს, ასევე საცოდავია ის, ვინც მონაზვნობაში დიდი დრო გაატარა და ჯერაც დიდი გარჯა ჭირდება ღვაწლის აღსასრულებლად, თუ მოღვაწეობს - საერთოდ.
36. ნურც (*) მათ შეიძულებთ, ვისაც რაიმე იძულების თუ გაჭირვების გამო დაუტოვებია სოფელი, რადგან მინახავს ბევრი ლტოლვილი, უნებურად რომ შეხვდა მეფეს და მივიდა მასთან, შემდეგ კი თავისი ნებით წაჰყვა, მის სასახლეში მივიდა და მის სუფრასთან დაჯდა.
37. მინახავს შემთხვევით ძირს დაგდებული თესლი, რომელის აღმოცენდა, გაიხარა და მრავალი ნაყოფი გამოიღო, სხვა კი - საგანგებოდ დათესილი, უნაყოფოდ დარჩა.
მინახავს რაიმე სხვა რაღაც საჭიროების გამო ექიმთან მისული ადამიანი, რომელიც მოინადირა ექიმის მოპყრობამ და თვალზე გადაფარებული ლიბრი მოიცალა და განიკურნა. ასეთი უნებური რამ ბევრჯერ მომხდარა და უფრო ჭეშმარიტად და მტკიცედ, ვიდრე ნებით მოსულებთან.
38. ცოდვათა სიმრავლეს და სიმძიმეს ნურავინ მოიმიზეზებს და მონაზვნობის უღირსად ნუ მიიჩნევს თავს იგი, ვინც გემოთმოყვარების გამო ვითომდა თავს იმდაბლეს (ფს. 140,4) და ცოდვებს იმიზეზებს; რადგან სადაც დიდია წყლული, იქ მკურნალობაც დიდია საჭირო, რათა განიწმინდოს შხამი, რადგან სამკურნალოდ ჯანმრთელი კი არა - ავადმყოფი მიდის.
39. ქვეყნიერ მეფეს რომ დაეძახა ჩვენთვის და მისთვის მსახურება ებრძანებინა, არ ვალოდინებდით მას, არც რამეს მოვიმიზეზებდით, არამედ ყველაფერს დავტოვებდით და იქით გავიქცეოდით. ამიტომ უნდა ვუსმინოთ საკუთარ თავს და მეუფეთა მეუფის, უფალთა უფლის და ღმერთთა ღმერთის მოხმობას, რომელიც ზეციური ხარისხისთვის გვეძახის. ნუ შეურაცხყოფთ მას და ნუ განვეშორებით ჩვენი უქმობისა და სიზარმაცის გამო, რათა მისი დიდებული საყდრის წინაშე შეცხვენილები და უპასუხონი არ აღმოვჩნდეთ.
40. სიარული მასაც შეუძლია, ვინც სოფლის საზრუნავითა და ბორკილებითაა შეკრული, მაგრამ - ძნელად, რადგან ფეხშებორკილი ადამიანებიც დადიან, მაგრამ გზად ზედიზედ ეცემიან და დაშავდებიან ხოლმე ამის გამო.
41. ვინც უქორწინებელად ცხოვრობს სოფელში და მხოლოდ მისი საქმეებით არის შეკრული, იმ კაცს ჰგავს, რომელსაც მხოლოდ ხელები აქვს შეკრული და ამიტომ მონაზვნობის გზაზე წასასვლელად არ დაბრკოლდება, ხოლო დაქორწინებული ხელ-ფეხშეკრულს მიემსგავსება.
42. შევიტყვე, რომ ერში უსაქმურად იმყოფებიან ადამიანები, რომელთაც მითხრეს: ჩვენ, ვისაც მეუღლეობის ტვირთი გვადევს და სამეფო სამსახურში ვიმყოფებით, როგორ შევძლებთ მონაზვნური ცხოვრების დაწყებას? ხოლო მე ვუპასუხე მათ: როგორ შეძლებთ და კეთილი საქმე ისე აკეთეთ: ნურავის დააბეზღებთ, ნურაფერს მოიპარავთ, ნურავის მოატყუებთ, თავს ნურავის გადაამეტებთ, ნურვის შეიძულებთ, ეკლესიაში ლოცვას ნუ დააკლებთ, გლახაკთ სწყალობდეთ, ნურვის დააბრკოლებთ, სხვის კუთვნილს ნუ მიიტაცებთ, ნუ შეეხებით სხვის სხეულს და თქვენი მეუღლეები იკმარეთ. თუ ყოველივე ამას აღასრულებთ, ცათა სასუფევლისგან შორს აღარ იქნებით.
43. სიხარულითა და შიშით შევუდგეთ ამ კეთილ ღვაწლს და ნუ შეგვაშინებენ მტრები, რადგან ისინი ჩვენი სულის სარკეს (*) უყურებენ, თუმცა უხილავნი არიან და როდესაც შიშისაგან შეცვლილ სულს ნახავენ, მაშინ უფრო ძლიერად აღიჭურვებიან ჩვენს წინააღმდეგ, რადგან მიხვდებიან ცბიერნი, რომ შევშინდით.
44. მამაცურად აღიჭურვეთ მათ წინააღმდეგ, რადგან გულმოდგინებით მებრძოლს ვერავინ დაამარცხებს.
45. უფალმა თავისი განგებულებით შეუმსუბუქა ბრძოლა ახალმოსულებს, რათა მაშინვე კვლავ სოფელს არ დაუბრუნდნენ. ამიტომ უფლის მიერ გიხაროდეთ ყველას, ვინც ქრისტეს მონა ხართ და ეს მიიჩნიეთ ნიშნად უფლის სიყვარულისა, რომელიც თქვენდამი აქვს და გჯეროდეთ, რომ მან მოგიხმოთ თქვენ.
46. ხშირად ღმერთი იმასაც იქმს, რომ თუ მამაცი სული იხილა, თავიდანვე დიდ ბრძოლებს დაუშვებს მასზედ, რომ გვირგვინით ჩქარა შეამკოს იგი.
47. უფალმა ერისკაცებს ამ ასპარეზის მთელი სიძნელე და უფრო მეტად - სიადვილე დაუმალა, რადგან ბევრს, რომ სცოდნოდა ის, უმრავლესობა მონაზონი არ გახდებოდა.
48. შენი სიჭაბუკის მრავალი შრომა გულმოდგინედ მიუძღვენ ქრისტეს და სიბერეში უვნებლობის სიმდიდრით გაიხარებ.
49. სიჭაბუკის ჟამს შეკრებილი შრომა სიბერეში მოუძლურებულს გამოკვებავს და ნუგეშს სცემს, მხურვალედ ვიღვაწოთ, ჭაბუკნო, და სიფხიზლით კეთილად ვისწრაფოდეთ, რადგან სიკვდილის ჟამი არავინ იცის.
50. მრავალი ბოროტი და უკეთური, მზაკვარი და ცბიერი, ფხიზელი და ბოროტისმზრახველი, უხორცო და უხილავი მტერი გვყავს, რომელთაც ხელთ ცეცხლი უპყრიათ. მათ განხურვებით ღვთის ტაძრის დაწვას ცდილობენ.
51. ახალგაზრდები ნუ შეისმენენ მტრების ჩაგონებას, რომლებიც ეტყვიან: ასე ნუ შემუსრავ და განლევ შენს ხორცს, რათა უძლურებასა და სნეულებაში არ აღმოჩნდე; რადგან ისეთი, ვისაც სხეულის სრული მოკვდინება სურს, მრავალ და საამო საკვებს თავს სრულიად არიდებს. ხოლო ეშმაკი, რომელიც ამგვარ აზრებს უნერგავს, განიზრახავს, რომ დასაწყისშივე ღვაწლი იყოს უძლური და შემდეგ მისი დასასრულიც დასაწყისის მსგავსი იქნება.
52. ვისაც ქრისტეს მონობა სურს, პირველ რიგში ძალისხმევა იქით მიმართოს, რომ სულიერ მამათა და საკუთარი განსჯის დახმარებით თავისთვის შესაფერისი ცხოვრების ადგილი და სახე, გზები და განსწავლა აირჩიოს; რადგან ყველასათვის სასარგებლო ვერ იქნება თანაცხოვრება - გემოთმოყვარეობის გამო და არც დაყუდება ძალუძს ყველას გულისწყრომის გამოისობით; არამედ თითოეულმა უნდა გაანალიზოს, თუ მის შესაძლებლობებს რომელი გზა მიესადაგება.
53. მთელი მონაზვნური ცხოვრების არსი სამი უმთავრესი სახით გამოიხატება: ან განშორებით უნდა იმყოფებოდეს და განმარტოებით მოღვაწეობდეს, ან ვინმე ერთთან თუ ორთან დაყუდებით, ან საძმოში იმყოფებოდეს მოთმინებით.
54. ნუ მისდრკები მარჯულ, გინა მარცხულ (იგავ. 4,27). - ამბობს სოლომონი ეკლესიასტეში, არამედ სამეფო გზით იარე, რადგან საშუალო ამათ შორის ბევრისთვისაა შესაფერისი. რადგან იმავე ეკლესიასტეს მიხედვით, ძნელია ერთის მოღვაწეობა, თუ მოწყინებაში ჩავარდები, ან ძილი მოერევა, ან უძლურება, ან სასოწარკვეთილება დასცემს და არ ეყოლება იგი, ვინც წამოაყენებს. ხოლო სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებილ სახელთა ჩემისთვის, მუნ ვარ მე შორის მათსა (მათე 18,20). - ამბობს უფალი.
56. ვინ არის ერთგული და ბრძენი მონაზონი? ვინ შეძლო მხურვალე გაუნელებლად დაეცვა - ვიდრე ხორციელ აღსასრულამდე და ყოველდღე ამ ცეცხლს ცეცხლს ამატებდა, სურვილს სურვილზე დაურთავდა, მხურვალებას - მხურვალებას, გულმოდგინებას - გულმოდგინებას, ვიდრე წმიდად და უბიწოდ წარსდგებოდა უფლის წინაშე.
პირველი საფეხური სათნოებათა კიბისა - ვინც მასზედ ავა, ნუღარ დაბრუნდება.
კომენტარები
ბერძნული ტექსტის ძველი ქართული თარგმანისათვის
15.
რას ნიშნავს ბუნების უარყოფა და მოძულება? წმიდა მამა ამბობს, რომ ღმერთმა ჩვენი ბუნება პირველად უვნებელი და წმიდა დაიბადა და მოგვცა მეხსიერების ძალა, რათა სიკეთესა და სათნოებებს ვიგონებდეთ; მრისხანების ძალა იმისთვის, რომ განვურისხდეთ ეშმაკებს და ვნებებს; სურვილის ძალა, რათა ჩვენი ნატვრა და სურვილი ცათა სასუფევლისკენ მივმართოთ. ჩვენ კი ეს ძალები შევცვალეთ და ცოდვისკენ მივმართეთ. სურვილები სიბილწეთა მიმართ შევიგრძენით, გულისწყრომა და რისხვა - მოყვასის მიმართ, ხოლო მეხსიერება ბოროტი მოგონებებით ავავსეთ და ვნება ჩვენს ბუნებად ვაქციეთ. ახლა კი ვისაც ეს ვნებები - ჩვენი უვარგისობით აღმოცენებული ჩვენში - განუდევნია და დაუძლევია, მას ჭეშმარიტად მოუძულებია ისინი და უარყვია ეს ვნებიანი ბუნება. ეს არის ჭეშმარიტი განშორება სოფლისაგან: ვნებიანი ბუნების უარყოფა და იმ, თავდაპირველად უვნებელი ბუნების ძებნის დაწყება, რომელიც ღმერთმა გვიბოძა.
19.
სულიერი ვნებები არის დიდებისმოყვარება, ამპარტავნება, მრისხანება, მწუხარება, მოწყინება, სიძულვილი და სხვა ამის მსგავსნი. ხოლო ხორცილი ვნებები: ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარება, სიძვა, ამსოფლიურ საქმეთა სიყვარული. ვისაც სულიერი ვნებები ამარცხებს, მას ბრძენი წინამძღვარი სჭირდება, რათა მცირედი ხორციელი ნუგეშისცემა არ მოაკლოს, ამგვარად, როგორც, მმარხველი და გულმოდგინე დიდებისმოყვარებამ არ შეიპყროს ხან მარხვით, ხანაც შვებით გონიერად მკურნალობდეს მათ სნეულებას. ესენი ემსგავსებიან ეგვიპტიდან გამოსულთ, მოსე რომ უძღოდა წინ. ვისაც ხორციელი ვნებები ამარცხებს, მათ ისეთი კაცი უნდა წინამძღვრობდეს, რომლებსაც მარხვის და ხორცის მოკვდინების ძალით ლამის ანგელოზთა მსგავსი ცხოვრება მოუპოვებია. ისინი სოდომიდან გამოსულებს ჰგვანან, რადგან მამა იოანემ ეგვიპტე სულიერ ვნებათა მაგალითად მიიჩნია, ხოლო სოდომი - ხროციელ ვნებათა.
21.
როგორ იქნება ეს ღვაწლი ძნელი, ვიწრო და მსუბუქი? აი ამგვარად: ძნელია ცნობიერების დაცვა მათთვის, ვისაც უყურადღებოდ ჰქონდა მიტოვებული იგი, მძიმეა იმიტომ, რომ მოღვაწეობას, ხორციელ დამდაბლებას და დიდი ხნის ჩვეულებების მოკვეთას მოითხოვს, ხოლო მსუბუქია ღვთისა და საუკუნო კეთილთა მოხვეჭის იმედით.
21.
მდოგვი - ველის ყრდელი - სათნოების მაგალითია.
28.
შიში ორგვარია: ერთი - დამწყებთათვის და მეორე - სრულყოფილთათვის. აქ ამ სიტყვაში ეს დიდი მამა ამბობს: როდესაც კაცი ცოდვაშია და გაუჩნდება შიში იმისა, რომ ცოდვაში მყოფს არ ეწვიოს სიკვდილი და იმისთვის დატოვებს სოფელს, რომ კვლავ ძველ ბოროტ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს და კეთილ ღვაწლს იწყებს; როდესაც ეს შიში მცირეოდენად დატოვებს, კვლავ უმაქნისი შეიქმნება, რაკი სიმტკიცე აკლდა და განქარვებულ საკმეველს მიემსგავსა, რადგან მოღვაწეობით დაიწყო და უმაქნისობით დასრულა.
29.
რომლებიც აგურის კედელს ქვაზე ამყარებენ, ისინი არიან, რომელთაც სოფელი ისე დატოვეს, რომ მორჩილებაში არ ყოფილან. როდესაც ისინი დიდი სათნოებების აღსრულებას შეუდგნენ, უწინამძღოლობის გამო დაუძლურდნენ და საძირკველიც კი ვერ დაასრულეს. შემდეგ დიდ საქმეებს შეუდგნენ შეუდგნენ და უვარგისნი შეიქმნენ. ხოლო მათში, ვინც ქვიშაზე სვეტები აღმართა, გულისხმობს იმათ, ვინც სოფლის დატოვების შემდეგ განმარტოებული ცხოვრება იწყეს, მაგრამ რადგანაც მორჩილების საფუძველი არ ჰქონდათ, წარმატებას ვერ მიაღწიეს. ხოლო ვინც ფეხით მირბოდა, ისინი არიან, ვინც მორჩილების სარბიელით დაიწყო და კეთილ წარმატებასაც მიაღწია.
36.
ვფიქრობ, რომ აქ იმ ადამიანების შესახებ საუბრობს, რომლებიც რაღაც შეცდომის გამო მეფის მიერ პატივი აეყარათ და მამულიდან განიდევნენ. როდესაც მეფე იმ ქვეყანაში მივიდა, სადაც ეს პარტივაყრილნი იმყოფებოდნენ, რომელიღაც მათგანი მეფის წინააღმდეგ ბოროტ განზრახვაში დაადანაშაულეს და შეპყრობა და მისი მეფის წინაშე მიყვანა ბრძანეს. მაგრამ, როდესაც მიიყვანეს და ყოველივე გამოიძიეს, აღმოჩნდა, რომ უდანაშაულო იყო, მაშინ კვლავ დაუბრუნებს ძველ პატივს მეფე და თავის სუფრასთან დასვამს მას. - ეს მაგალითი ამა სოფლის უნებურად დამტოვებელთათვის მოიტანა და იმის ნიშნად, რომ ბევრჯერ ადამიანებისთვის ჭირს სიკეთე მოაქვს.
43.
სარკეს იგი სულიერ ძალებს და სულიერ საქმეებს უწოდებს, რადგან კაცის შესახედაობის საქმის და ქცევის მიერ ხვდება მტერი ჩვენი - ეშმაკი ადამიანის განზრახვას, თორემ, თავისთავად მან არ იცის, რა დევს ჩვენს გონებაში. იგი დასთესს ხოლმე ჩვენს სულში უკეთურებას და ელის შეიტყოს, თუ რამდენად განვითარდა მისი თესლი და ჩვენი საქმეებითა და ქცევით ხვდება, თუ როგორ მივიღეთ ის.