ნაცნობი სიუჟეტების უჩვეულო გაგრძელება

“მახსოვს ის დილა ქვიშხეთში, როცა ჩეკისტები თავს დაგვადგნენ და მამას დაპატიმრების ორდენი წარუდგინეს. მე და ჩემი ძმა რამაზი ოთახიდან გამოვცვივდით და დავინახეთ, როგორ წამოდგა საწოლიდან მამა, როგორ ჩაიცვა თეთრი კოსტიუმი და უსიტყვოდ როგორ გაჰყვა ჩეკისტებს. ჩემი და ქეთევანი მათ რაღაცას უყვებოდა. დედა კი გაოგნებული იდგა. როცა მამამ კიბე ჩაიარა და ეზო გადაჭრა, მე და რამაზი გავიქეცით, ეზო გადავირბინეთ და შემაღლებული ადგილიდან გადავხედეთ; ჩეკისტებს შუაში მოქცეული მიჰყავდათ მამა…”

(მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილის – რუსუდან ჯავახიშვილის მოგონებიდან)

თბილისის ბინა დალუქული დახვდათ. ორი თვე მიმდინარეობდა ჩხრეკა… საბოლოოდ ოთხი ოთახიდან ჯავახიშვილებს ერთი – სასადილო დაუტოვეს და მალე იქიდანაც გასახლებას დაჰპირდნენ…

ანალოგიური სიუჟეტები ჩვენი უახლესი ისტორიიდან დაახლოებით ასე გრძელდება: დაპატიმრებულის ბინაში შეასახლებენ ხელისუფლებისთვის სანდო პირს, რომელიც სახლის კედლებიდან უპირველესად ოჯახის ყოფილი მფლობელის წინაპართა ფოტოებს ჩამოხევს, გაანადგურებს ხელნაწერებს, დოკუმენტებს, ფოტოებს, ანუ ყველაფერ იმას, რასაც ბინის მფლობელის სულიერების კვალი ამჩნევია…

აქვე გამჟღავნდება არაერთი საიდუმლო… თუნდაც ის, რომ დაპატიმრებულთა ყოფილი მეგობრები, ჩასაფრებულნი ყოფილან და ყველანი დაჟინებით ცდილობდნენ რეპრესირებულთა ქონების დასაკუთრებას…

ამ შემთხვევაში სიუჟეტები სრულიად განსხვავებულად, არატიპიურად, შეიძლება ითქვას, სრულიად უჩველოდ წარიმართა. პიროვნება, რომელიც ჯავახიშვილების მრავალგზის გაჩხრეკილ, მობინადრეთაგან დაცარიელებულ ბინაში შედის, მწერლის უსასოოდ დარჩენილი ცოლ-შვილის უახლოესი მეგობარი, შემწე და მანუგეშებელი ხდება.

ათეული წლების შემდგომ, გულწრფელი მადლიერების ნიშნად, იმ პიროვნების ოჯახს რეპრესირებული დიდი მწერლის ქალიშვილი წიგნზე ამგვარ წარწერას გაუკეთებს:

“ძია შალვას ოჯახს და მის საყვარელ მეუღლეს მერის!”

ჩვენდამი გამოხატული გულისხმიერებისთვის და ჩვენი ოჯახისთვის მძიმე წლებში თანაცხოვრების მოსაგონებლად.

მადლიერების, სიყვარულის და პატივისცემის გრძნობით გიძღვნით ამ წიგნს.


მწერლის ქალიშვილი რუსუდან ჯავახიშვილი

2006 წ. ოქტომბერი