პირველად მიხეილ ჯავახიშვილს 1910 წლის შემოდგომაზე შევხვდი მეტეხის ციხეში. რაღაც შინაურულად, მყუდროდ იყო მოწყობილი საკანის კუთხეში და ყოველთვის აუჩქარებელად საშინაო ფლოსტებით გამოდიოდა შუადღის სეირნობაზე. მკითხველ საზოგადოებაში ის უკვე ცნობილი იყო რამდენიმე მოთხრობით, სადაც მშვენიერი ქართული ენით პატარა ადამიანების ცხოვრება ჰქონდა აღწერილი. ის ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო: განცდილ ამბებს გადმოსცემდა როგორც დაკვირებული ადამიანები, რომელიც შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოვებული. ჯავახიშვილი გამხდარი იყო, გამომცდელად იცქირებოდა სათავალიდან; ნაყვავილარი სახე და მაღალი შუბლი ჰქონდა და მახვილ ჭკუასთან ერთად რაღაც ბავშვურ გულუბრყვილობას აერთებდა. მას გამძაფრებული პატრიოტული შეგნება ჰქონდა: რუსულ-ქართული ჟარგონი, დამახინჯებული ქართული წარწერა მაღაზიის აბრაზე ან დაწესებულების ფასადზე თითქოს პირად შეურაცხყოფას აყენებდა. შეიძლება მისი მტკივნეული პატრიოტიზმი იმითაც აიხსნებოდა, რომ საქართველოს განაპირა პროვინციიდან წარმოსდგებოდა, მარაბდის რაიონიდან, სადაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტი სისხლი დაუღვრია მტრის ურდოებთან ბრძოლაში.

მიხეილ ჯავახიშვილს არც იალტის სამეურნეო სასწავლებელი დაუსრულებია და არც სორბონის კურსი. ამისდამიუხედავად თანამედროვე რუს და ქართველ მწერლებს შორის არავის ჩამოუვარდებოდა განათლებით. სიუჟეტის განვითარება, ტიპიური მოვლენების დანახვა და ასახვა ისე ეხერხებოდა, როგორც ყველაზე გამოჩენილ თანამედროვე ოსტატებს ეხერხებათ. მისი კვაჭი კვაჭანტირაძე, ჯაყო, დამპატიჟე ძალიან რელიეფურად არიან დახატული, ისინი საზოგადო სახელებად იქცნენ. ესეცაა, რომ ხშირად მკითხველი ძალაუნებურად იფიქრებს ”ჯაყოს ხიზნებისა” და ”მუსუსის” ავტორს პარიზში ალბათ, ბევრი უსეირნია ტამპლის და კაპუცინების ბულვარზე და ხშირად შეუხედავს მონმარტრის კაფეებშიო.

მიხეილ ჯავახიშვილი თითქოს ჩქარობდა გამოეთქვა, რაც სათქმელი ჰქონდა და რა რადგან მისი ოსტატობა მისი მდიდარი ცხოვრების გამოცდილების სიმაღლეზე იდგა, ათი-თორმეტი წლის განმავლობაში გამოაქვეყნა რამდენიმე რომანი და ნოველა, რომლებიც უდავოდ დიდხანს დარჩებიან ქართული მხატვრული ლიტერატურის სალაროში.


გერონტი ქიქოძე (1885-1960)
1960 წ.