1. თანამიმდევრულად საჭიროა, ქრისტესთვის მოღვაწეთა და მოწამეთა შესახებ ვისაუბროთ, რადგან, როგორც ყოველი ნაყოფი წარმოიქმნება ყვავილისგან, ასევე ყოველგვარ მორჩილებას სოფლისგან განდგომა უძღვის წინ - სხეულით ან ნებით. ამ ორ სათნოებათაგან (ე.ი. სოფლისგან განდგომით და საკუთარი ნების მოკვეთით) უმეტესად ღირებული მორჩილებაა - ოქროს ფრთებით ზეცას უსხეულოდ ამაღლება: და, ალბათ, ამ ფრთების შესახებ იგალობა სულიწმიდით ცხებულმა: ვინცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი და აღვფრინდე და განვისვენო (ფსალ. 542,6) ჭვრეტითა და სიმდაბლითა.
2. ნუ დავაყოვნებთ და თუ საჭიროა, ამ სიტყვაში ავხსნათ ამ მამაც მხედართა ბრძოლის სახენი: თუ როგორ უპყრიათ მათ ღვთისა და მოძღვრის მიმართ ფარი სარწმუნოებისა და მისი საშუალებით იგერიებენ ურწმუნოებისა და სხვა ადგილას გადასახლების ყოველ განზრახვას; სულიერი მახვილის აღმართვისას ყოველთვის საკუთარ ნებას აკვდინებენ, როგორც კი მის მოახლოებას შენიშნავენ და მოთმინებისა და მოკრძალების რკინის აბჯრით შემოსილნი ყოველგვარი შეურაცხყოფის მომწყვლელ ისრებს თავიდან იცოდნენ; მათ ცხონების ჩაფხუტი ახურავთ - როგორც მათივე წინამძღვრის ლოცვითი საფარველი. ფეხები ერთად არასდროს უდგათ, არამედ ერთით მსახურებენ, მეორეთი კი ლოცვაზე არიან დამყარებული.
3. მორჩილება საკუთარი სულის სრული უარყოფაა, რომელიც ხორციელი მოქმედებით გამოიხატება. ანდა პირიქით, მორჩილება ხორციელ ასოთა მოკვდინებაა ცოცხალი გონების მიერ.
4. მორჩილება არის მოქმედება განსაცდელის გარეშე, თვითნებური სიკვდილი, ცნობისმოყვარეობის გარეშე ცხოვრება, ჭირის უდარდელად გადატანა. ღვთის წინაშე უზრუნველყოფილი სიტყვისგება, სიკვდილი უშიშარი, უსაფრთხო ცურვა, მოგზაურობა - ძილში.
5. მორჩილება არის სამარე საკუთარი ნებისა და აღდგომა სიმდაბლისა.
6. მორჩილი, როგორც მკვდარი, არაფერს ეწინააღმდეგება და განსჯის, არც კეთილსა და არც თითქოსდა ბოროტს, რადგან ყველაფრისთვის პასუხს აგებს იგი, ვინც ღვთისმოსაობით მოაკვდინა მისი სული.
7. მორჩილება არის ყოველგვარი განსჯის უარყოფა განმსჯელი გონების მიერ.
8. თავდაპირველად სულიერი ნებისა და ხორციელ ასოთა მოკვდინება მეტად დიდ მწუხარებას იწვევს; შუა პერიოდი ზოგჯერ - სრულიად არასამწუხარო, ხოლო დასასრულს უკვე აღარანაირი განცდა და აღძვრა მწუხარებისა აღარ იგრძნობა. მაშინ ამ ნეტარი და ცხოველი მიცვალებულის გულისტკივილსა და მწუხარებას იწვევს ის, როცა ხედავს, როგორ აღასრულებენ პირად ნებას, რადგან საკუთარი სასჯელის ტვირთი აშინებს.
9. ჰოი თქვენ, ვინც ამ სულიერი ტანჯვის ასპარეზზე აპირებთ გასვლას, თქვენ, ვისაც ქრისტეს უღლის ტვირთვა გსურთ, თქვენ, ვისაც გინდათ, რომ ამიერიდან თქვენი უღელი სხვის ქედზე გადადოთ, ვინც ნებსით მონობას ესწრაფით, რათა მის ნაცვლად ჭეშმარიტი თავისუფლება მოიპოვოთ. თქვენ, ვინც ამ უდიდესი მორევის გადაცურვას სხვათა ხელზე დაყრდნობით ცდილობთ; იცოდეთ, რომ თქვენ მოკლე, მაგრამ უმკაცრეს გზას იგემებთ, რომელზედაც არსებობს მხოლოდ ერთი საცდური. მას თვითნებობა ეწოდება. ვინც სრულად უარჰყო თვითნებობა იმ საკითხებშიც კი, რომელსაც კეთილად, სულიერად და ღვთისთვის სათნოდ მიიჩნევს, მან უკვე მიაღწია მიზანს, ვიდრე ღვაწლს შეუდგებოდა, რადგანაც მორჩილება არის უნდობლობა თავისა - ყველანაირ კეთილ საქმეში - თვით სიცოცხლის ბოლომდე.
10. როდესაც ჩვენ უმანკოების განზრახვითა და გონიერებით გვსურს, ღვთისთვის მორჩილება ვიტვირთოთ და ჩვენი ხსნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე სხვას მივანდოთ, მაშინ ამ გზაზე შედგომამდე, თუ ცოტაოდენი გამჭრიახობა და განსჯის უნარი გვაქვს, უნდა გამოვცადოთ, დავაკვირდეთ და, ასე ვთქვათ, გამოვიკვლიოთ ის მესაჭე, რათა შემდეგ მესაჭის ნაცვლად არ შეგვრჩეს უბრალო მენიჩბე, ექიმის ნაცვლად - სნეული, სრული უვნებლობით აღსავსე ადამიანის ნაცვლად - კაცი ვნებული, ნავსაყუდელის ნაცვლად - მორევი; და ამგვარად, განმზადებული წარწყმედა არ მოიპოვოთ.
11. მას შემდეგ, რაც ღვთისმსახურებისა და მორჩილების ასპარეზზე გავალთ, იმ ჟამიდან უკვე აღარანაირად აღარ უნდა გამოვცადოთ და განვსაჯოთ ჩვენი კეთილი მსაჯული და წინამძღოლი, თუნდაც მასში, როგორც ხორციელ კაცში, შეიძლება, ცოდვის მწიკვლიც შევნიშნეთ. თუ ასე არ მოვიქცევით და თავად ვიქნებით მსაჯულნი, მორჩილება აღარანაირ სარგებელს აღა მოგვიტანს.
12. მათ, ვისაც სურთ, წინამძღვრებისადმი რწმენა შეურყევლად შეინარჩუნონ, აუცილებელია, რომ დაუვიწყებლად და წარუხორცელად დაიმარხონ გულში მათი სათნოებანი და მათი გამუდმებული გახსენებით პირი დაუხშონ ეშმაკებს, როდესაც ისინი ურწმუნოებით აღგვიძრავენ მათ წინააღმდეგ: იმიტომ რომ, რამდენადაც სარწმუნოება გამრავლდება მათ გულებში, იმდენადვე ხორცი წარმატებულ კეთილადმსახურებას შესძლებს. ხოლო, ვინც ურწმუნოების ლოდმა დააბრკოლა, იგი უკვე დაეცა. რამეთუ ყოველი რომელი არა სარწმუნოებით იყოს, ცოდვა არს (რომ. 14,23).
13. როდესაც განზრახვა მიგიზიდავს, რომ გამოსცადო, ან განსაჯო შენი წინამძღვარი, როგორც სიძვას, ისე განეშორე მას; ამ გველს არ შეუდრკე, ნუ მისცემ ადგილს, ნურც კარს გაუღებ, არამედ უთხარ მას: - ჰოი, მაცდურო! მე კი არ უნდა განვსაჯო წინამძღვარი, მან თავად უნდა განმსაჯოს მე; მე კი არა ვარ მისი მსაჯულო, არამედ - ისაა ჩემი.
14. მამები (*) ფსალმუნთა გალობას უწოდებენ იარაღს, ლოცვას - გალავანს, უმანკო ცრემლს - საბანელს, ხოლო ნეტარ მორჩილებას მათ უწოდეს აღმსარებლობა, რომლის გარეშე ცოდვითა და ვნებით შობილი ღვთის პირს ვერ იხილავს.
15. მორჩილი (*) საკუთარ თავს თვითონ გამოუტანს სასჯელს; რადგან თუ იგი ღვთის სახელით სრულ მორჩილებაშია, მაშინ, თუმცა თვითონ თავს სრულად მორჩილად არ თვლის, მაგრამ თვითგანსჯისგან (ე.ი. სინდისის მხილებისგან) თავისუფალია. თუ ის რაიმეში თავის ნებას მისდევს, მაშინ შეიძლება, ეგონოს კიდეც, რომ მორჩილებაშია, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ ტვირთს თავად ზიდავს. კარგი იქნებოდა, წინამძღვარი არ წყვეტდეს მის მხილებას, მაგრამ თუ იგი დღემდე დადუმდება, მაშინ უკვე აღარ ვიცი, რა უნდა ვთქვა.
16. ვინც ღვთის სახელით - წრფელ მორჩილებაშია, (*) იგი კეთილად აღასრულებს თავის ღვაწლს, რადგან სხვათა საქ მეების გამოძიებით ეშმაკთა ცბიერებას არ იზიდავს.
17. პირველ რიგში, ჩვენი კეთილი მსაჯულის წინაშე განმარტოებით ვაღიარებთ ცოდვებს; თუ დაგვაკისრებს - ყველას წინაშეც, რადგან განცხადებული წყლულები მეტად აღარ გაღრმავდება, არამედ - განიკურნება.
მონანულ ავაზაკთა შესახებ
18. ერთხელ ერთ მონასტერში მივედი და იქ კეთილი მსაჯულისა და მოძღვრის საშინელი სასამართლო ვნახე. ჩემს იქ ყოფნაში მონასტერში ერთი ავაზაკი მოვიდა და მონაზვნობის სურვილი გამოთქვა. კეთილმა მკურნალმა და მწყემსმა მას უთხრა, შვიდი დღის განმავლობაში მონასტერში განესვენა და მხოლოდ სავანის განაწესს დაჰკვირვებოდა. მეშვიდე დღე რომ გავიდა, მოძღვარმა უხმო მას და განმარტოებით გამოჰკითხა, სურდა თუ არა საცხოვრებლად დარჩენა და როდესაც თანხმობა განაცხადა, კვლავ ჰკითხა, თუ რა ცოდვები ჰქონდა ჩადენილი ერში. ავაზაკმა დაუყოვნებლივ და გულმოდგინედ აღიარა ყველა ცოდვა, მაშინ მოძღვარმა გამოსაცდელად უთხრა: - მსურს, რომ ეს ყველაფერი ძმათა წინაშე აღიარო.
19. რადგან უკვე ჭეშმარიტად სძულდა ცოდვა და სირცხვილს არად აგდებდა, იგი უყოყმანოდ დათანხმდა, ყველაფერი საჯაროდ ეღიარებინა: - თუ გსურს, შუა ალექსანდრიაში ვაღიარებო. მაშინ მწყემსმა ეკლესიაში შეკრიბა თავისი ცხვრები, სულ 330 და რადგან კვირა დღე იყო, ლიტურგიის დროს ბრძანა, ეს უბიწო მსჯავრდებული შემოეყვანათ, ხელები ზურგზე ჰქონდა შეკრული და ზოგიერთი ძმა ხელს ჰკრავდა და მსუბუქად უბიძგებდა. მას ბეწვის ძაძა ემოსა და თავზე ნაცარი ჰქონდა წაყრილი. მხოლოდ ამის შეხედვამაც კი შეაძრწუნა ყველა და ტირილი დაიწყეს, რადგან არავინ უწყოდა, თუ რას ნიშნავს ეს.
20. როდესაც იგი წმიდა კარს მიუახლოვდა ამ წმიდა კაცთმოყვარე მსაჯულმა - მაღალი ხმით შესძახა: - შეჩერდი, ღირსი არა ხარ, რომ შეხვიდე. საკურთხევლიდან გამომავალი მოძღვარის ხმის გაგონებაზე იგი შეძრწუნდა (რადგან, როგორც შემდეგ თვითონ ფიცით არწმუნებდა ყველას, მან ადამიანის კი არა - მეხის ხმა გაიგონა). ავაზაკი მიწაზე დაეცა, თრთოდა და ერთიანად შიშს მოეცვა, როდესაც მან, მიწაზე დამხობილმა, ცრემლით დაალტო ფიცარნაგი, მაშინ საოცარმა მკურნალმა, მის სახსენებლად ყოველგვარ ზომას მიმართა და ყველას ცხონებისა და ჭეშმარიტი სიმდაბლის მაგალითი უჩვენა. უბრძანა, რომ მის მიერ ნამოქმედარი ყოველგვარი ურჯულოება ყველას წინაშე დაწვრილებით ეღიარებინა.
21. მან ერთიმეორის მიყოლებით აღმოთქვა თავისი აღმაშფოთებელი ცოდვები - არა მხოლოდ ხორცისმიერი, ბუნებითნი და ბუნების საწინააღმდეგო - ადამიანთა და პირუტყვთა მიმართ ჩადენილი, ასევე გრძნეულება, მკვლელობა და სხვა ბოროტმოქმედებანი, რომელთა მოსმენა და აღწერა უჯერო საქმეა. აღსარების დასრულებისთანავე მწყემსმა ბრძანა, რომ იგი აღკვეცილიყო და ძმათა კრებულს შეერთებოდა.
22. მოძღვრის სიბრძნით განცვიფრებულმა, მარტოდ რომ დავრჩით, ვკითხე, თუ სინანულის ასეთი უცნაური სახე რად გამოიყვანა; - ორი მიზეზის გამო - მიპასუხა ამ ჭეშმარიტმა მკურნალმა.
23. - პირველ რიგში იმიტომ, რომ აღმსარებელი ამჟამინდელი სირცხვილით მომავალი სირცხვილისგან მეხსნა; რაც ახდა კიდეც, რადგან იგი, ძმაო იოანე, მანამდე არ წამოდგა ფიცარნაგიდან, სანამ ყველაფრისთვის შენდობა არ მიიღო.
24. და ეს უეჭველია: რადგან ერთი ძმა, რომელიც იქ იმყოფებოდა, მარწმუნებდა, რომ ნახა ვიღაც საშინელი კაცი, ხელში მას ნაწერი ქაღალდი და კვერთხი ეჭირა და როდესაც იგი თავის რომელიმე ცოდვას აღმოიტევებდა, იმ კვერთხით შლიდა შლიდა მას და სამართლიანადაც: რადგან ამბობს დავითი - უთხრა ბრალი ჩემი უფალსა და შენ მომიტევე ყოველი უღმრთოება გულისა ჩემისა. (ფსალ. 31.5).
25. მეორე - მონასტრის საძმოში არიან ისეთები, რომლებიც ზოგიერთ ცოდვას არ აღიარებენ და მე მსურდა, მათ მაგალითად ეს აღსარება გამოსდგომოდათ, რომლის გარეშეც მიტევებას ვერავინ მიიღებს.
26. ამ ღირსეული მოძღვრის და მისი სამწყსოს სხვა არაერთი ღირსახსოვარი და საოცარი საქმენიც ვიხილე. შევეცდები, მათი უმრავლესობა თქვენც მოგითხროთ. იქ დიდხანს დავყავი, მათი ცხოვრების წესს ვაკვირდებოდი და მეტად გაკვირვებული ვიყავი, როცა ვხედავდი, თუ ეს მიწის მკვიდრნი ზეცის მკვიდრებს როგორ ბაძავდნენ. ისინი ერთმანეთთან დაურღვეველი სიყვარულით იყვნენ დაკავშირებულნი და რაც უფრო საოცარია, სწორედ ამგვარი სიყვარულისას მათთვის უცხო იყო ყოველგვარი თავისუფლება და ამაოდმეტყველება; პირველ რიგში ასწავლიდნენ იმას, რომ ძმის სინდისი არ დაეწყლულებინათ. თუ ვინმეს ძმის სიძულვილში ამხელდნენ მოძღვარი მას განსჯიდა როგორც ავაზაკს და სხვა განსაკუთრებულ მონასტერში აგზავნიდა.
27. ერთხელ ერთმა ძმამ მის წინაშე მოყვასი დასწყევლა: ამ ღირსმა მამამ მაშინათვე ბრძანა, გაეგდოთ იგი, თანაც ამბობდა, რომ - არაფრით არ უნდა დავუშვა, მონასტერში ორი ეშმაკი იყოს - ერთი ხილული და მეორე - უხილავიო.
28. მე ამ ღირს მამათა მართლაც სასარგებლო და საოცარი საქმეები ვნახე: საძმო - ღვთის მიერ შეკრებილი და შეკავშირებული. ისინი სასწაულებრივ საქმეებს იქმოდნენ და ხილვები ჰქონდათ. ისინი ისე წვრთნიდნენ საკუთარ თავს და განსწავლიდნენ ღვთაებრივ სათნოებებში, რომ წინამძღვრის შეხსენება თითქმის არ სჭირდებოდათ. ისინი საკუთარი ნებით აღძრავდნენ ერთმანეთს საღვთო სიფხიზლეში. მათ ჩვეულებებით განმტკიცებული ჰქონდათ ზოგიერთი სამაგალითო და საღვთო წესი.
29. მაგალითად, თუ მოხდება, რომ რომელიმე მათგანი წინამძღვრის არყოფნაში ვინმე სასაყვედურო ან განსასჯელ სიტყვას იტყოდა, ან ამაოდმეტყველებაში ჩავარდებოდა, მაშინ მეორე ძმა შეუმჩვნევლად ანიშნებდა, მისი საქციელის უწესობას შეახსენებდა და ამგვარად შეაკავებდა მას. თუ ის გონს არ მოეგებოდა, მაშინ შემხსენებელი მეტანიით განეშორებოდა.
30. როცა საუბარი აუცილებელი იყო, სიკვდილის და საშინელი სამსჯავროს მოხსენება იყო საუბრის მუდმივი თემა.
31. არც იქაური ტრაპეზარის დიდებული სათნოებების შესახებ დავდუმდები. როდესაც ვნახე, რომ თავისი მსახურების აღსრულებისას იგი გამუდმებით ცრემლს ღვრიდა და გულაჩვილებული იყო, ვთხოვე, გაემხილა, თუ ეს მადლი როგორ მიიღო. ბევრი თხოვნის შემდეგ დავითანხმე იგი და მომიგო: მე არასოდეს მიფიქრია ხალხს ვემსახურები-მეთქი - არამედ ღმერთს, საკუთარი თავი ყოველგვარი დაყუდებისთვის უღირსად მიმაჩნდა და ეხლა, როდესაც ამ ცეცხლს შევცქერი, მარადიული და დაუშრეტელი ალი მაგონდება.
32. იქაურ მამათა მიერ აღსრულებული სხვა სათნოებებზეც მოვისმინოთ: ნეტარნი გონიერ ლოცვას ტრაპეზის დროსაც კი არ წყვეტდნენ, არამედ ცალკეული მხოლოდ მათთვის ცნობილი საიდულმო ნიშნებით ახსენებდნენ ერთმანეთს გონიერი ლოცვის შესახებ. მხოლოდ ტრაპეზის დროს როდი იქცეოდნენ ამგვარად, არამედ ყოველთვის, ნებისმიერ თავყრილობაზე.
33. თუ რომელიმე რაიმე ცოდვით დაეცემოდა, მაშინ ძმები დაბეჯითებით სთხოვდნენ მას, ამ შემთხვევაზე პასუხიმგებლობა მთლიანად თავად ეკისრათ. მოძღვრის წინაშე პასუხი მათ ეგოთ და სასჯელიც მიეღოთ. ამიტომ ეს ბრძენი დიდი მამა, რადგანაც თავისი მოწაფეების ეს ჩვეულება იცოდა, უფრო მსუბუქად სჯიდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ დასჯილი დამნაშავე არ იყო, არც კი გამოიძიებდა, თუ სინამდვილეში რომელი მათგანი ჩავარდა ცოდვაში.
34. როგორ შეიძლებოდა მათ შორის მკრეხელობასა და ამაოდმეტყველებას ჰქონოდა ადგილი! თუ ვინმე მოყვასთან ჩხუბს იწყებდა, მაშინ სხვა - შემოსწრებული ძმა მეტანიას აღასრულებდა და ამგვარად წყდებოდა მათ რისხვა. თუ მათ შორის ავმეხსიერებას შენიშნავდა ვინმე, მოვიდოდა წინამძღვრის ნაცვალთან და ჩხუბის შესახებ მოახსენებდა, მას ისინი მზის ჩასვლამდე უნდა შეერიგებინა. მაგრამ თუ ისინი გაკერპდებოდნენ და უარს იტყოდნენ, მათ ან საკვების მიღება ეკრძალებოდათ შერიგებამდე ან სავანიდან განიდევნებოდნენ.
35. ამ საქებარ სიფრთხილეს ისინი ამაოდ როდი იცავდნენ, მას უხვი ნაყოფი მოჰქონდა. მრავალი ღირსი მამათაგანი არა მხოლოდ მოღვაწეობითი ცხოვრებით განდიდდა, არამედ - დაკვირვებულობით, განსჯის უნარითა და კეთილი მორჩილებით. მართლაც საოცარ და ანგელოზებრივ სანახაობას წარმოადგენდა: ჭაღარით შემკული და სიწმინდით გაბრწყინებული წმიდა ბერები მორჩილებაზე ბავშვებივით მიისწრაფოდნენ და თავიანთი სიმდაბლე განადიდებდა მათ.
36. იქ მე ვნახე მამები, რომლებიც 50 წლის განმავლობაში იყვნენ მორჩილებაში და ვკითხე, თუ რა ნუგეშს პოულობდნენ ამგვარ ღვაწლში. ზოგმა თქვა, რომ მორჩილების სათნოების სიღრმეს ჩასწვდნენ და მისი საშუალებით ყოველგვარ ბრძოლაში იმარჯვებენ. სხვების თქმით კი, ისინი სრულყოფილებას გინებისა და ლანძღვის უდრტვინველი დათმენით მისწვდნენ.
37. ცბიერი ადამიანი გაორებულია: იგი სულ სხვაა გარეგნულად სხვაა - გულის მდგომარეობით, ასევე მარტივი გაორებული არ არის, არამედ რაღაც ერთ მთლიანს წარმოადგენს. ამ მამათა სიმარტივე განუსჯელი და უაზრო არ ყოფილა, როგორც მოხუცებული ერისკაცებისა, რომელთაც შეშლილებს უწოდებენ, არამედ გარეგნულად ისინი ყოველთვის მოკრძალებულნი, თავაზიანნი და მხიარულნი იყვნენ და მათი სიტყვა და ხასიათი გულწრფელი, ბუნებრივი და მხურვალე იყო, რასაც ბევრში ვერ იპოვი. შინაგანად და სულიერად ისინი უბოროტო ყრმათა მსგავსად ღვთისა და თავიანთ წინამძღვრის ნებით სუნთქავდნენ და საკუთარ ვნებებს და ეშმაკებს გონების მტკიცე და მკაცრი თვალით უცქერდნენ.
38. მთელი ჩემი ცხოვრების ჟამი არ მეყოფა მე, ჰოი წმიდაო მწყემსო ჩემო და ღვთივსათნო კრებულო, ნეტარ მამათა სათნოებებისა და ზეცის მობაძავი ცხოვრების აღსაწერად. ამასთან, ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ ჩვენს სიტყვას მათ შესახებ მონათხრობით გავამშვენებთ და ამგვარად ღვთივსათნო მოშურნეობას აღვძრავთ თქვენში, ვიდრე ჩემი საკუთარი სწავლება გადმოგიშალოთ, რადგან უეჭველია, რომ უარესს უკეთესი სჯობს. ოღონდ გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, რომ აქ რაიმე მონაგონს ვყვებით: რადგან ურწმუნოება ყოველგავრ სარგებელს აქარწყლებს, მაგრამ ისევ ჩვენს სიტყვას დავუბრუნდეთ.
ისიდორეს შესახებ
39. ერთი კაცი, სახელად ისიდორე, წარმოშობით ალექსანდრიელი თავადის ჩამომავალი იყო. ის უკვე რამდენიმე წლის განმვალობაში იყო განშორებული სოფელს და ამ მონასტერს შეკედლებული. ყოვლად მაღალღირსმა წინამძღვარმა, როდესაც მონასტერში მიიღო, შენიშნა, რომ იგი მეტად ცბიერი, მკაცრი, ბოროტი და ამპარტავანი იყო. ნეტარმა მამამ კაცობრივი მოხერხებულობით ეშმაკის მანქანებას სძლია და უთხრა ისიდორეს: - თუ შენ ნამდვილად გადაწყვიტე, რომ ქრისტეს უღელი იტვირთო, მაშინ მე მსურს, რომ პირველ რიგში მორჩილებაში განისწავლო. ისიდორემ უპასუხა: - როგორც რკინას - მჭედელს, ისე გადმოგცემ ჩემს თავს, წმიდაო მამაო, გემორჩილები.
40. მაშინ ამ სიტყვებით დამშვიდებულმა დიდმა მამამ დაუყოვნებლივ დაიწყო „რკინის ისიდორეს“ განსწავლა მორჩილების ღვაწლში და უთხრა: - მსურს, რომ შენ, ჭეშმარიტო ძმაო, სავანის კართან დადგე და შემსვლელსა და გამსვლელს მიწამდე სცე თაყვანი, თანაც ეუბნებოდე: - ილოცე ჩემთვის, მამაო, მე ბოროტი სულით ვარ შეპყრობილი.
41. ისიდორე ისე დაემორჩილა თავის სულიერ მამას, როგორც ანგელოზი - უფალს; როდესაც ამგვარ ღვაწლში შვიდი წელიწადი გაატარა და დიდი სიმდაბლე და ლმობიერება შეიძინა, მაშინ ღირსმა მოძღვარმა შვიდწლიანი გამოცდისა და ისიდორეს უმაგალითო მოთმინების შემდეგ ისურვა, რომ იგი, როგორც ღირსეული, ძმათა შორის მიეთვალათ და ხელდასხმის ღირსიც გაეხადა. მაგრამ ის დიდხანს ევედრებოდა მოძღვარს, ხან სხვათა, ხანაც ჩემი - უღირსის საშუალებით, რომ ნება მიეცათ მისთვის, იქვე დარჩენილიყო და თავისი ღვაწლი ბოლომდე ეტვირთა, თანაც ამ სიტყვებით აშკარად მიანიშნებდა, რომ მისი აღსასრული მოახლოებული იყო და რომ უფალი თავისთან იხმობდა; ეს აღსრულდა კიდეც. მოძღვარმა იმავე მორჩილებაში დატოვა და იგი ათი დღის შემდეგ ამ დამდაბლებული მდგომარეობიდან უფლის დიდებაში ავიდა. შვიდი დღის შემდეგ კი ამ სავანის მეკარეც გაიყვანა ღმერთმა ამ სოფლიდან. ნეტარი მას სიცოცხლის განმავლობაში ეუბნებოდა: - თუ ღვთის წინაშე კადნიერებას მოვიპოვებ, შენ იქაც განუშორებლად ჩემთან იქნები. ამ ურცხვენელი მორჩილებისა და ღვთივმიმსგავსებული სიმდაბლის ღირსსახსოვარი მაგალითის მიხედვით ასეც მოხდა.
42. ერთხელ დიდ ისიდორეს, როდესაც ის ჯერ კიდევ ამქვეყნად იყო, ვკითხე, თუ ჭიშკართან ყოფნისას რა ღვაწლს აღასრულებდა გონებით. ამ ღირს მამას არ სურდა, ჩემთვის სულიერი სარგებელი მოეკლო და არ დამიმალა: - თავდაპირველად - მითხრა მან - მე განვიზრახე, რომ ცოდვების გამო ჩემი თავი მონად გამეყიდა და ამიტომ უდიდესი სიმწარით, საკუთარ თავზე ძალდატანებით და სისხლის დათხევამდე მისული იძულებით მეტანიებს აღვასრულებდი. ერთი წლის შემდეგ ჩემი გული მწუხარებას აღარ განიცდიდა და თვით უფლისგან ამ მოთმინების სამაგიერო ჯილდოს ელოდა. როდესაც კიდევ ერთი წელი გავიდა, უკვე მთელი ჩემი გულით სავანეში ყოფნისათვის და მამათა ცქერისათვის, მათი სახის შეხედვისათვის და წმიდა ზიარებისათვის უღირსად ვთვლიდი თავს. ამიტომ მუდამ ძირს ვიმზირებოდი, აზრობრივად კიდევ უფრო დაბლა და შემსვლელებსა და გამომსვლელებს უკვე მთელი გულწრფელობით ვევედრებოდი, რომ ჩემთვის ელოცათ.
ლავრენტის შესახებ
43. ერთხელ, როდესაც ამ დიდებულ წინამძღვართან ერთად ვტრაპეზობდი, მან თავისი წმიდა ბაგე ყურთან მომიტანა და მითხრა: - გსურს, რომ ღრმა მოხუცებულობაში გაცხადებული ღვთაებრივი გონიერება გიჩვენო? - მე შევევედრე და ღირსმა მამამ მეორე ტრაპეზიდან უხმო ერთ ბერს, მას სახელად ლავრენტი ერქვა. უკვე ორმოცდაშვიდი წელი ცხოვრობდა სავანეში და ტაძრის მერე პრესვიტერად ირიცხებოდა. იგი მოვიდა, იღუმენს კურთხევა გამოსთხოვა და მიწამდე სცა თაყვანი. მაგრამ როდესაც წამოდგა, იღუმენმა მას ხმა არ გასცა, არამედ მაგიდასთან ფეხზე მდგომი უჭმელად დატოვა. სადილი კი ის იყო იწყებოდა. იგი ამგვარად ერთი თუ ორი საათის განმვლობაში იდგა და მე უკვე მრცხვენოდა, რომ ამ უკვე მთლიანად ჭაღარა მოღვაწისთვის, რომელიც შობიდან 70 წელს ითვლიდა, სახეში შემეხედა. ის ასე იდგა სადილის დამთავრებამდე; როდესაც ავდექით, იღუმენმა იგი ნეტარ ისიდორესთან გააგზავნა ბრძანებით, რომ იქ 39-ე ფსალმუნის კითხვა დაეწყო.
ხოლო მე ამ მოხუცებულის გამოცდა ვისურვე და ვკითხე, თუ რას ფიქრობდა ტრაპეზთან დგომისას. მან მიპასუხა: მე ჩემს წინაშე მყოფ იღუმენს ისე ვუცქერ, როგორც ქრისტეს. არც არასდროს მიფიქრია, რომ დავალებას მოძღვარი მაძლევს, არამედ - ღმერთი. ამიტომაა, მამაო იოანე, რომ მე მის წინაშე ისე კი არ ვდგავარ, როგორც ადამიანურ ტრაპეზთან, არამედ ისე - ვითარცა ღვთის სამსხვერპლოსთან და ღვთის მიმართ ვლოცულობ. ხოლო მოძღვრის სიყვარულითა და რწმენით მის წინააღმდეგ არანაირ ბოროტ ზრახვას არ განვიცდი. როგორც გვეუბნება წერილი: სიყვარული ბოროტსა არა იგონებს. ამასთან, ისიც იცოდე, მამაო, რომ თუ ვინმემ თავი საკუთარი ნებით სიწრფელისთვის და თვითნიერებისათვის გადადო, მტერი მასში ადგილს ერთი წამითაც კი ვერ დაიმკვიდრებს.
ეკონომოსის შესახებ
44. როგორც ამ პირმეტყველ ცხოვართა მოძღვარი ბრძანდებოდა, იმგვარივე ეკონომოსი გაუგზავნა მას სავანეში მართლმსაჯულმა უფალმა, რადგან იგი შეუდარებლად უმანკო იყო და - ძალიან მოკრძალებული. ერთხელ დიდი მამა მოჩვენებითად განურისხდა მას და ბრძანა, რომ ეკლესიიდან დროზე ადრე გასულიყო. ვიცოდი, რომ უდანაშაულო იყო იმ საქმეში, რაშიც იგი მოძღვარმა ამხილა, ვუთხარი კიდეც ამის შესახებ, როცა მარტო დავრჩით, მაგრამ ყოვლადბრძენმა კაცმა მიპასუხა: - მეც ვიცი, მამაო, რომ იგი უდანაშაულოა, მაგრამ, როგორც ის იქნებოდა დიდი უსამართლობა და სისასტიკე, რომ მშიერი ყრმისთვის პირიდან ლუკმა წაგვეგლიჯა, ისეთივე ზიანს მიაყენებს წინამძღვარი საკუთარ და მოღვაწის სულს, თუ მას გვირგვინების მოპოვების შესაძლებლობას არ მისცემს. იმ გვირგვინების, რომელთა მოპოვებაც მას წყენის, უპატიობის, დამცირებისა და გინების დათმენის სანაცვლოდ შეუძლია. ეს სამჯერ უფრო მეტ ზიანს მოიტანს. ჯერ ერთი, თავად წინამძღვარი მოაკლდება ჯილდოს, რომელსაც ის დროულად საყვედურისა და სასჯელის დაკისრებით მიიღებდა, მეორე, როდესაც შეეძლო, ერთის სათნო-ყოფით სხვებისთვისაც მაგალითი მიეცა და არ გააკეთა, და მესამე, ყველაზე მძიმე ცოდვა იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ მათ, ვინც ყველაზე ვაჟკაცურნი და დამთმენნი ჩანან, როდესაც გარკვეული დროით ყურადღება მოაკლდებათ და როგორც სათნოებებში განმტკიცებულნი, წინამძღვრისგან აღარც სათნოებებში განმტკიცებულნი, წინამძღვრისგან აღარც მხილებას და არც გინებას აღარ იღებენ, სანატრელ მოკრძალებასა და მოთმინებას კარგავენ. რადგან მართალია, ეს ნიადაგი კეთილიცაა, უხვიც და ნაყოფიერიც, მაგრამ თუ ის უპატიობის წყლით არ მოირწყა, გაველურდება და მზვაობრობის, სიძვისა და უშიშრობის ეკლებს გამოიღებს. სწორედ ამიტომ წერდა დიდი მოციქული: ქადაგე სიტყუაჲ, ზედ-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ!.. (2ტიმ. 4,2). როცა მე შევეწინააღმდეგე წინამძღვარს და კაცთა მოდგმის უძლურებაზე მივუთითე, ისიც ვუთხარი, რომ შესაძლებელია, ამგვარმა ამაო, ან თუნდაც ჭეშმარიტმა მხილებამ მრავალი დააბრკოლოს და განაშოროს სამწყსოს. ამ სიბრძნის მოძღვარმა მითხრა: - სული, რომელიც ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით მოძღვარზეა მიჯაჭვული, სიკვდილის ფასადაც კი არ დაშორდება მას, მითუმეტეს, თუ ამ სულმა მისგან თავისი წყლულების განკურნება მიიღო, როდესაც მოიხსენებს წერილს: - „არცა ანგელოზთა, არცა მთვარობათა. არცა ძალთა, არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლონ ჩუენ განყენებად ქრისტესგან“. (რომ. 8,38).
თუ სული ამგვარად არ მიეჯაჭვა, არ დაეყრდნო და მთლიანად არ მიემსჭვალა მოძღვარს, მაშინ საოცარია, ასეთი ადამიანი ტყუილად რაღად იმყოფება იმ ადგილას, სადაც მოძღვართან თვალთმაქცური და ცრუ მორჩილებითაა დაკავშირებული? და მართლაც, ეს დიდი მამა ამ შემთხვევაში როდი ცდებოდა და თავისი სამწყსოს პირველმეტყველ ცხვრებს მწყემსავდა, უქადაგებდა, სრულყოფილებიკენ მიჰყავდა და მათ სულებს ქრისტეს უმანკო მსხვერპლად სწირავდა.
ამბა კვიროსის შესახებ
45. კვლავ ვისმინოთ და ღვთის სიბრძნით განვცვიფრდეთ, რომელმაც ყველაზე მწირ ჭურჭელში დამკვიდრება ინება. კვლავ ამ სავანეში ყოფნისას ზოგიერთი დამწყების რწმენა და მოთმინებაც გაოცებდა და ისიც, თუ როგორი დაუღალავი სიმტკიცით ითმენდნენ ისინი წინამძღვრის საყვედურებსა და სასჯელს, ზოგჯერ კი - გაძევებასაც კი... და ამას მხოლოდ წინამძღვრისგან კი არა, - უფრო მცირედთაგანთა მხრიდანაც იტანდნენ. სულიერი სარგებლისათვის ერთ-ერთ ძმას, სახელად კვიროსს, რომელიც უკვე თხუთმეტი წლის განმავლობაში ამ სავანეში ცხოვრობდა, მივმართე. მას, როგორც ვატყობდი, ყველა შეურაცხყოფდა: მომსახურენი კი, თითქმის ყოველდღიურად აძევებდნენ ტრაპეზიდან, რადგანაც ამ ძმას ბუნებით ცოტა შეუკავებელი ენა ჰქონდა. - ძმაო კვიროს, რატომაა, რომ ტრაპეზიდან ყოველდღიურად გაგდებენ? ხშირად ვხედავ, რომ უვახშმოდ წვები. მან მომიგო: - დამიჯერე, მამაო, ეს მამები მე მცდიან, ვარ თუ არა ნამდვილი ბერი. და როდესაც ისინი ასეთ უსამართლობას სჩადიან, მე ვიცი მათი და დიდი მამის განზრახვა, ამიტომაა, რომ მისი ატანა ჩემთვის მძიმე არ არის. უკვე თხუთმეტი წელია ამ აზრით ვცხოვრობ; როგორც თვითონ ისინი ჩემი მონასტერში მოსვლისას ამბობდნენ - ქვეყნისგან განდგომილი მოსურნე აქ ამგვარად 30 წლის განმავლობაში იცდება. ისიც მართალია, მამა იოანე, რომ გამოუცდელი ოქრო სუფთა არ არის.
ღირსი კვიროსი ამ მონასტერში ჩემი ყოფნის დროს ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, შემდეგ კი მშვიდობით წარსდგა უფლის წინაშე და სივდილის პირს მყოფმა მამებს უთხრა: - გმადლობთ, გმადლობთ თქვენ და უფალს, რომ თქვენ მცდიდით ჩემი ხსნისათვის და ამ 17 წლის განმავლობაში ეშმაკის საცდურისგან გავთავისუფლდი. მართლმსაჯულმა მოძღვარმა მას აღმსარებელი უწოდა და ბრძანა, დაეფლათ იმ წმინდანების გვერდით, რომლებიც იქ განისვენებდნენ.
მაკედონიოს მთავარდიაკონის შესახებ
46. ძალიან ბევრს დავაკლებ კეთილმოშურნეობას, თუ დავდუმდები იმ ღვაწლისა და სათნოებათა შესახებ, რომელიც ერთ-ერთ იქაურ პირველთაგან დიაკონს, მაკედონიოსს ეკუთვნის. ამ ღვთისათვის მოღვაწე მამამ ერთხელ, როდესაც ღვთისგანცხადების დღესასწაული ახლოვდებოდა, ორი დღით ადრე წინამძღვრისაგან ალექსანდრიაში წასვლის ნებართვა გამოითხოვა - ზოგიერთი პირადი საჭიროებისათვის. ამასთან, დაჰპირდა, რომ სწრაფად დაბრუნდებოდა, რადგან დღესასწაული ახლოვდებოდა და მისთვის მომზადება იყო საჭირო. მაგრამ ეშმაკმა, რომელსაც ყოველგვარი სიკეთე სძულს, დააბრკოლა მთავარდიაკონი და მან წმიდა დღესასწაულზე დადგენილ ვადაში მოსვლა ვერ მოასწრო, იგი მეორე დღეს ჩამოვიდა. მოძღვარმა ამის გამო ღვთისმსახურებისგან განაყენა და ახლადამწყებთაგან უკანასკნელთა შორის მორჩილებით დაამდაბლა. მაგრამ ამ მოთმინების დიაკონმა და სიმტკიცის მთავარდიაკონმა მწუხარების გარეშე ისე მიიღო თავისი მოძღვრის ეს დადგენილება, თითქოს თვითონ კი არა, - ვიღაც სხვა ისჯებოდა. როდესაც ამ მდგომარეობაში ორმოცი დღე გავიდა, ყოვლადბრძენმა მოძღვარმა მას კვლავ დიაკონის ხარისხში მოუწოდა, მაგრამ ერთი დღის შემდეგ იგი უკვე ევედრებოდა ამბას, რომ იმავე უპატიო მდგომარებაში დაებრუნებინა. ამბობდა, რომ ქალაქში ყოფნისას რაღაც მიუტევებელ ცოდვაში ჩავარდა. ღირსმა მამამ იცოდა, რომ მთავარდიაკონი სიმართლეს არ ამბობდა და მხოლოდ დამდაბლების საშუალებას ეძებდა, მაგრამ ამ მოღვაწის კეთილ განზრახვას მაინც დაუთმო. საოცარი სანახაობა იყო! წმიდა ბერი, ჭაღარით შემკული ახალდამწყების ხარისხში იმყოფებოდა და ყველას ევედრებოდა, რომ მისთვის ელოცათ: რადგან მე - ამბობდა იგი - ურჩობის სიძვით დავეცი. - მე, მდაბალსა ამას, საიდუმლოდ მითხრა დიდმა მაკედონიოსმა, რომ იგი ამგვარ მდგომარეობამდე დამდაბლების ნებით ეძიებდა: - არასოდეს მიგრძვნია ჩემი შინაგანი ბრძოლების ისეთი შესუსტება და ღვთაებრივი ნათლის იმგვარი სიტკბოება, როგორც ამჟამად.
47. ანგელოზებისთვის დაცემა ბუნებითი თვისება არ არის და ბევრი ამბობს, რომ საერთოდაც შეუძლებელია მათი დაცემა. ადამიანებისათვის კი თვისობრივია დაცემა და დაცემისგან კვლავ აღდგენა, რამდენჯერაც არ უნდა მოუხდეს; ხოლო ეშმაკებისათვის კი თვისობრივია, რომ დაცემულნი აღარასოდეს აღდგნენ.
48. ამ სავანის ეკონომოსმა (*) შემდეგი მამცნო: - როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ჯორებს ვწყემსავდი, ერთხელ მეტად მძიმედ დავეცი სულიერად, მაგრამ რადგანაც მიჩვეული ვიყავი, რომ არასოდეს დამემალა გველი გულში, მოვასწარი, კუდში ხელი ჩავჭიდე (აქ მე ამ საქმის დასრულებას ვგულისხმობ) და ექიმს ვუჩვენე, მან მხიარული სახით მსუბუქად შემომკრა ღაწვზე ხელი და მითხრა: - წადი, შვილო, გააგრძელე შენი საქმე, როგორც აკეთებდი ისევე და ამიერიდან ნუღარაფრის შეგეშინდება. მისი ეს სიტყვები მხურვალე სარწმუნოებით მივიღე და რამდენიმე დღეში განვიკურნე კიდეც და გავიხარე. ამავე დროს ძრწოლით განვაგრძე ჩემი გზა.
49. ყოველგვარ შექმნილთა შორის, როგორც ამბობენ, მრავალი განსხვავება არსებობს და ამ კრებულშიც ძმები განსხვავებული ღვაწლითა და მისწრაფებებით გამორჩეოდნენ. ამიტომ ეს საოცარი ექიმი, როდესაც ხედავდა, რომ ზოგიერთ ძმას სავანეში ერის ადამიანების სტუმრობისას მათ წინაშე გამოჩენა უყვარდა, ასეთებს ყველას თანდასწრებითვე უკიდურესად შეურაცხყოფდა და ყველაზე უპატიო მორჩილების შესასრულებლად აგზავნიდა. ასე, რომ, შემდეგ ისინი თვითონ მირბოდნენ, როდესაც ტაძარში მისულ ერისკაცებს ხედავდნენ. ეს მართლაც, საოცარი სანახაობა იყო: პატივმოყვარეობა თავად სდევნიდა საკუთარ თავს და კაცთაგან მალავდა.
50. უფალს არ სურდა, რომ მე დამკლებოდა ლოცვა ერთ-ერთი ღირსი მამის, რომელიც ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ამ წმიდა ადგილს დავტოვებდი. ეს იყო საოცარი მამა, სახელად მინა, წინამძღვრის შემდგომი მამასახლისი, რომელიც ამ სავანეში 59 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და ყოველგვარი მორჩილება ჰქონდა გავლილი. აღსასრულიდან მესამე დღეს, როდესაც მისი სულის განსასვენებელი საგანგებო ლოცვები შევასრულეთ, ის ადგილი, სადაც დასვენებული იყო, იგი, მოულოდნელად კეთილსურნელებამ აღავსო, მაშინ წინამძღვარმა იმ ლუკსუმას გახსნა გვიბრძანა, რომელშიც მისი პატიოსანი გვამი იმყოფებოდა. ჩვენ ბრძანება შევასრულეთ და ყველამ ვიხილეთ, რომ მის პატიოსან ფეხთაგან მირონის კეთილსურნელება ორ წყაროდ გარდამოდიოდა. მაშინ მოძღვარმა გვითხრა: ხედავთ, ფეხთა მისთა ტკივილი და მისთა შრომათა ოფლი უფალმა კეთილსურნელოვან მირონად შეიწირა და სამართლიანად! იმ სავანის მამები ღირსი მინას საქმეთა შორის ამასაც ჰყვებოდნენ: - ერთხელ წინამძღვარმა მისი მოთმინების გამოცდა ინება და როდესაც იგი იღუმენის სენაკში მივიდა და მის წინაშე სამწუხრო მეტანია შეასრულა, ჩვეულებრისამებრ ითხოვა, რომ ღამისთვის კანონი მიეცა. იღუმენმა იგი ასეთ მდგომარეობაში მწოლიარე დატოვა, თვით საცისკრო კანონის შესრულებამდე. შემდეგ აკურთხა იგი, თავმოწონება და მოუთმენლობა უსაყვედურა და ფეხზე წამოაყენა. მოძღვარმა იცოდა, რომ იგი განსაცდელს ვაჟკაცურად დაითმენდა და ეს ყველაფერი სხვათა განსასწავლად მოიმოქმედა. ღირსი მინას მოწაფე ამ ამბავს ადასტურებდა და ჰყვებოდა: მე გულმოდგინედ ვევედრებოდი მას, ეთქვა ჩემთვის, თუ ეძინებოდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას. ღირსმა მამამ გამიმხილა, რომ ვიდრე ძირს იწვა, მთელი ფსალმუნი ზეპირად იგალობა.
51. არ მინდა, დავივიწყო და მსურს ჩემი ამ მონათხრობის გვირგვინი შევამკო ნამდვილი პატიოსანი თვალით. ერთხელ რამდენიმე უღირსეულეს ბერთაგან დაყუდებაზე საუბარი წამოვიწყე. ისინი მხიარული სახით, ალერსიანად და გულღიად მპასუხობდნენ: - ჩვენ, მამაო იოანე, რადგანაც ხორციელნი ვართ და ნივთიერ სამყაროში ვცხოვრობთ, წინდაწინ განვსჯით, რომ ჩვენი უძლურების შესატყვისი ბრძოლები უნდა ვიტვირთოთ. უკეთესად მიგვაჩნია, ვებრძოლოთ ადამიანებს, რომლებიც ზოგჯერ კი სასტიკნი არიან, მაგრამ ზოგჯერ ნანობენ კიდეც, ვიდრე ეშმაკებს, რომლებიც მუდამ სისხლისმსმელნი არიან, არც სინანულს განიცდიან და გამუდმებით თავს გვესხმიან. ერთ-ერთმა ღირსმა მამათაგან, რომელიც ჩემდამი დიდ ღვთისმიერ სიყვარულს განიცდიდა, ერთხელ გულწრფელად მითხრა: - თუ ბრძენი ხარ, სულის სიღრმეში ყოველთვის მონახავ იმ ძალას, რომელმაც ბრძანა: ყველაფერი ძალმიძს განმაძლიერებლისა ჩემისა ქრისტეს მიერ (ფილ. 4.13); თუ სულიწმიდა, ცვარი სიწმიდისა, ვითარცა წმიდა ქალწულზე, მოვლენილია შენზე, თუკი ძალა მაღლისა, მოთმინების ძალა მოგეფინა შენ, მაშინ მიხვდები, თუ კაცმან მან (იესო ქრისტემ) როგორ მოირტყა არდაგი მორჩილებისა და სულის შემუსვრილებით აღსდგა საიდუმლო სერობისაგან და შენც სულის შემუსვრილებით დაბანე ფეხი შენს ძმებს, ან უკეთ რომ ვთქვათ, თვითდამდაბლების სურვილით ფეხებში ჩაუვარდი მათ. გულის კარებთან მკაცრი და დაუძინებელი გველები დააყენე და გონება ვნებით აღძრულ სხეულში შეუძვრელად დატოვე; ერის ამბოხის დროს სულიერი სიმყუდროვე შეინარჩუნე; ენა ალაგმე, რომ გულისწყრომა და შფოთი არ გამოხატოს; საკუთარ სტომაქს დღეში შვიდგზის სამოცდაათჯერ ებრძოლე და გრდემლის სახით განმტკიცდეს, რათა მას უროებითა და კვერთხით სცემდნენ და ისიც იწრთობოდეს, იგინებოდეს, იყვედრებოდეს და ირცხვინებოდეს, მაგრამ იგი არც დაირღვევა და არც შეიმუსრება, არამედ შეურყეველი, მყარი და უხინჯო დარჩება. სამარცხვინო სამოსელივით განიძარცვე საკუთარი ნება და მისგან განშორებული გამოდი ასპარეზზე, რომელიც იშვიათად და ძნელად მოიპოვება. შეიმოსე სარწმუნოების ჯავშანი, რომელსაც ვერ შემუსრავს და გაანადგურებს ურწმუნოება. ორივე ხელი სიწმინდის აღვირს ჩასჭიდე, რომელიც კადნიერებისგან და უჯერო შეხებისგან დაგიცავს. შეხების სურვილი და უმანკოების აღვირით მოზღუდე; სიკვდილის მოხსენებით დააოკე თვალი, რომელიც ხორციელ მშვენიერებითა და ბრწყინვალებით დატკბობას ცდილობს. გონების ცნობისმოყვარეობა საკუთარ თავზე მზრუნველობით ალაგმე; ნება არ მისცე ძმის დაუდევრობა განიკითხოს და მოყვასისადმი გულმოწყალება და სიყვარული გულწრფელად გამოავლინე და ამით ცნან, მამაო საყვარელო, რომ ქრისტეს მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდეთ ურთიერთსა (იოან. 13.35). მოვედ, მოვედ - ამბობს ეს წმიდა მამა. მოვედ ჩვენ თანა, დაემკვიდრე ჩვენ შორის და ყოველჟამს ყვედრებას მოგივლენთ ჩვენ, ვითარცა წყალს - წმიდას. დავითმა, როდესაც ცის ქვეშ ყოველივე მშვენიერი და უტკბილესი გამოსცადა, ამის შემდეგ თითქოს გაკვირვებულმა თქვა: არის რაჲმე კეთილი ანუ რაჲმე შუენიერ, თუ არა დამკვიდრებაჲ ძმათაჲ ერთად (ფს. 132.1). თუ ამ სიკეთის ღირსნი ჯერაც ვერ გავხდით, ანუ - ამგვარი მოთმინებისა და მორჩილებისა, მაშინ, უკიდეურეს შემთხვევაში, საკუთარი უძლურება მაინც უნდა შევიცნოთ, განმარტოებულად ვიმყოფებოდეთ და სამოღვაწეო ასპარეზს განშორებულნი მოღვაწეებს შევნატრიდეთ და ვლოცულობდეთ, რომ უფალმა მათ მოთმინება მიჰმადლოს. მე დამამარცხეს ამ დიდმა მამებმა და შესანიშნავმა მოძღვრებმა, რომლებიც სახარებითა და წინასწარმეტყველებით, ან, უკეთ რომ ვთქვათ, მეგობრულად მერკინებოდნენ და ჩვენ ერთობით შევთანხმდით, რომ კეთილშობილურ მორჩილებას მივანიჭოთ უპირატესობა.
52. ამ ნეტარ მამათა კიდევ ერთ სულისმარგებელ სათნოებას გავიხსენებ და შემდეგ, როგორც სამოთხიდან გამოსული, ისევ ჩემს უსიამოვნო და არცთუ სასარგებლო ეკლიან საუბარს განვაგრძობ.
53. არაერთგზის, როდესაც საეკლესიო ლოცვაზე ვიდექით, ნეტარი მოძღვარი ამჩნევდა, რომ ზოგიერთი ძმა ერთმანეთს ებაასებოდა და მათ მთელი კვირის განმავლობაში ეკლესიის წინ აყენებდა, რათა ყველა შემსვლელისა და და გამომსვლელისთვის თაყვანი ეცათ. რაც ყველაზე საოცარია, იგი ამგვარად თვით კლირიკოსებს, ე.ი. ღვთისმსახურებსაც სჯიდა.
54. მე დავინახე, რომ ერთი ძმა სხვებზე უმეტესი გრძნობით იდგა ფსალმუნებაზე და განსაკუთრებით თითოეული გალობის დასაწყისში, ზოგიერთი მოძრაობით და სახის გამომეტყველებით მას ემჩნეოდა, თუ როგორ ესაუბრებოდა ვიღაცას. მე ვთხოვე, ამ ნეტარი ჩვეულების საიდუმლო გაემხილა ჩემთვის და მან - იგი ჩვეული იყო, არაფერი დაემალა, რაც მოყვასს სარგებელს მოუტანდა, - მიპასუხა: - მე მივეჩვიე, მამა იოანე, რომ გალობის დასაწყისში ზრახვები და გონება სულს შევუერთო და მოვუხმო მათ: მოვედით, თაყვანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
55. ვაკვირდებოდი მათ მეჭურჭლის მოქმედებას და შევნიშნე, რომ ქამარზე პატარა წიგნი ჰქონდა დამაგრებული და როდესაც გამოვკითხე, შევიტყვე, რომ იგი ყოველდღიურად იწერდა თავის ზრახვებს და ყველაფერს მოძღვარს უყვებოდა. მარტო ის კი არა - იქაურ ძმათაგან მრავალი იქმოდა ამას. როგორც მითხრეს, ეს ჩვეულება მოძღვრის ბრძანებით იყო დამკვიდრებული.
56. ერთ-ერთი ძმა ოდესღაც მათ ცილისწამებისთვის გააძევეს სავანიდან. იგი მოყვასს ამაოდმეტყველებასა და მრავლისმეტყველებას აბრალებდა. გაძევებული შვიდ დღეს იდგა კარბიჭესთან, პატიებას ითხოვდა, მონასტერში დაებრუნებინათ. როცა სულთმოყვარე მოძღვარმა ეს შეიტყო და ისიც გაიგო, რომ ექვსი დღის განმავლობაში მას საზრდელი არ მიეღო, უთხრა მას: - თუ შენ ნამდვილად გინდა ამ სავანეში დაბრუნება, მაშინ მონანულთა შორის მოგიწევს ცხოვრება და რადგანაც გაძევებულმა ძმამ ეს წინადადება სიხარულით მიიღო, მაშინ მოძღვარმა ბრძანა, რომ ის გაეგზავნათ საგანგებო (განშორებულთა) მონასტერში, სადაც დაცემული ძმები ცოდვებს ინანიებდნენ. რადგან ეს მონასტერი ვახსენეთ, ორიოდ სიტყვას მასზედ ვიტყვით:
57. დიდი სავანიდან ერთი ასპარეზის სავალზე იყო ადგილი, რომელსაც დილეგი ეწოდებოდა და ყოველგვარ ნუგეშს იყო მოკლებული. იქ ვერც კვამლსა და ვერც ღვინოს და ვერც ზეთს ვერასდროს ნახავდით. საკვებად მხოლოდ პური და ცოტაოდენი ბოსტნეული ჰქონდათ. ამ მონასტერში იღუმენი გამოუსვლელად დაამკვიდრებდა ხოლმე მათ, ვინც მონაზვნობის აღთქმის შემდეგ რაიმე დიდ ცოდვაში ჩავარდებოდა. თანაც ყველას ერთად კი არ ათავსებდა, არამედ - თითოეულს განცალკევებულ სენაკში - არაუმეტეს ორისა. ისინი აქ იმყოფებოდნენ, ვიდრე უფალი საგანგებოდ არ აუწყებდა მათYხვედრს. წინამძღვარმა მათ მამასახლისიც დაუდგინა. დიდი მამა ისააკი, რომელიც მასზე მინდობილთაგან თითქმის განუწყვეტელ ლოცვას ითხოვდა. ხოლო მოწყინების განსადევნად მონასტერში ხის ტოტები ჰქონდათ, რომლისგანაც კალათებს წნავდნენ. ამგვარი ყოფა მათი, ვინც ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისასა (ფს. 23,6).
58. საქებარია, თუ ამ წმიდათა საქმეებით განვცვიფრდებით, მათი მოშურნეობა - მაცხოვნებელია, ხოლო სურვილი იმისა, რომ მათ ვბაძავდეთ, უგუნური და შეუძლებელია.
59. მხილებით მოწყლულებს მუდამ გვემახსოვრება ჩვენი ცოდვები, ვიდრე უფალი დაინახავს ჩვენს ტანჯვას, რომელიც მისთვის ვიდეთ თავს, მაშინ იგი ცოდვათა ჩვენთა აღხოცვას ინებებს. იმ მწუხარებასაც განაქარვებს, ჩვენს გულებს რომ ამძიმებს და სიხარულად გადააქცევს მას, როგორც ამის შესახებ იტყვის მეფსალმუნე: მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა არის ნუგეშისცემა სულსა ჩემსა. (ფს. 93,19).
60. ნურც იმ სიტყვებს დავივიწყებთ, რომლითაც იგი უგალობდა უფალს: რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძვირნი და მომაქციე და მაცხოვნე მე და უფსკრულთაგან ქვეყანისათა აღმომიყვანე მე. რათა მე თავად გაღიარო შენ (ფს. 70,20).
61. ნეტარია იგი, ვინც ღვთისთვის ყოველდღიური საყვედურისა და დამცირების მიღებით საკუთარი თავი მოთმინებაში განსწავლა, ის მოწამეთა თანა იხარებს და ანგელოზებთან კადნიერებით ისაუბრებს.
62. ნეტარია ბერი, რომელიც ყოველ საათს საკუთარ თავს ყოველგვარი უპატიობისა და დამცირების ღირსად მიიჩნევს. ნეტარია, ვინც სრულად მოაკვდინა საკუთარი ნება და თავი მთლიანად უფლისმიერი მოძღვრის მზრუნველობას გადასცა. იგი ჯვარცმული იესოს მარჯვნივ დადგება. თუ ვინმე სამართლიან ან თუნდაც უსამართლო მხილებას უარყოფს, იგი უარყოფს საკუთარ ცხონებას, ხოლო ვინც მწუხარებით, ან თუნდაც მწუხარების გარეშე იღებს მას, ჩქარა ცოდვათა მიტევებას მიიღებს.
63. შენი რწმენა და სიყვარული სულიერი მამისადმი აზრობრივად აუწყე უფალს და უფალი უხილავად ამცნობს მას ამ სიყვარულის შესახებ, მასაც ამავე გრძნობით აღავსებს შენს მიმართ და კეთილად განაწყობს.
64. ყოველი, ვინც თავის გველს მოძღვარს უცხადებს, ამით მისდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებას გამოხატავს, ხოლო ვინც ფარავს რაიმეს, ის უგზო-უკვლოდ მიმოეხეტება.
65. თითოეული ჩვენგანი მაშინ შეიცნობს, რომ არის მასში ძმის სიყვარული და ჭეშამრიტი სიყვარული მოყვასისადმი, როდესაც ნახავს, რომ სწუხს ძმის ცოდვებზე და მისი წარმატება და ნიჭები ახარებს.
66. ვინც საუბარში დაჟინებით იცავს აზრს, თუნდაც მართალი იყოს, მან უნდა იცოდეს, რომ ეშმაკეული უძლურებითაა შეპყრობილი. თუ ის ამგვარად თანასწორებთან იქცევა, მაშინ უპირატესის მიერ მხილებით შესაძლებელია მისი განკურნება, მაგრამ თუ უფროსებთან და უბრძნეს ადამიანებთან საუბრობს ასე, კაცთაგან მისი აღდგინება არავის ძალუძს.
67. ვინც სიტყვით არ მორჩილებს, უეჭველია, იგი ვერც საქმეში დამორჩილედება. რადგან სიტყვით მერყევია, ის საქმეშიც მოურჯულებელია. ასეთები ამაოდ ირჯებიან მეტს ვერაფერს მიიღებენ.
68. მამისადმი მორჩილება მხოლოდ სრულიად წმიდა სინდისის მქონემ მოიპოვა. მას სიკვდილისა უკვე აღარ ეშინია, არამედ ყოველდღიურად ელის მას, როგორც ძილს, უკეთ რომ ვთქვათ - როგორც სიცოცხლეს, რადგან დანამდვილებით იცის, რომ მისი სულის განსვლისას მისგან კი არა - მოძღვრისგან მოითხოვენ პასუხს.
69. თუკი ვინმემ მოძღვირს კურთხევის გარეშე საღვთო საქმის აღსრულება დაიწყო და რამენაირი მსახურება იტვირთა და მოულოდნელად დაბრკოლება შეხვდა. დანაშაული მას კი არ უნდა მიეწეროს, ვინც იარაღით შეჭურვა იგი, არამედ თვით მას, ვინც ის მიიღო, რადგან მას მტრის წინააღმდეგ მიეცა იარაღი და საკუთარი გულისკენ კი მიმართა იგი.
70. მე დამავიწყდა, საყვარელნო, რომ თქვენთვის სათნოებათა კიდევ ერთი ტკბილი პური მომეწოდებინა. იმ სავანეში მე ვნახე მორჩილნი ღვთისათვის, რომლებიც საკუთარ თავს აყვედრიდნენ და ამცირებდნენ უფლისათვის. ყოველი მხრიდან შეურაცხყოფისთვის მზად რომ ყოფილიყვნენ, წინასწარ სწავლობდნენ, რომ უპატიობას არ შეშინებოდნენ.
71. სული, რომელიც აღსარებაზე ფიქრობს, ცოდვას ერიდება და ეს ფიქრი აღვირად გადაექცევა. ხოლო ცოდვებს, რომელთაც მოძღვარს არ ვუმხელთ, ისე უშიშრად აღვასრულებთ, როგორც წყვდიადში.
72. თუ წინამძღვრის არყოფნის დროს წარმოვიდგენთ ჩვენს წინაშე მას, რომელიც სიძულვილით აქცევს ზურგს ყველაფერს, რაც ჩვენი აზრით, მისთვის საძულველია: სიტყვას თუ საუბარს, ან საჭმელს, ან ძილს, ან ნებისმიერ რამეს, მაშინ ჩვენ ჭეშმარიტად შეცნობილი გვაქვს გულწრფელი მორჩილების მნიშვნელობა.
73. რადგან მზაკვარი მოწაფე მოძღვრისგან შორს ყოფნას ბედნიერ შემთხვევად თვლის, ჭეშმარიტი კი - უდიდეს დანაკარგად.
74. ერთხელ ერთ გამოცდილ მამათაგან ვკითხე, ესწავლებინა ჩემთვის, თუ რა სახის მორჩილებას ახლავს სიმდაბლე. მან მომიგო: - შეჭმარიტი მორჩილი, თუნდაც იგი მკვდარს აღადგენდეს, ან განუწყვეტელი ცრემლი მოიპოვოს, ან ყოველგვარი ბრძოლისგან გათავისუფლდეს, ყოველთვის ფიქრობს, რომ ყოველივე ამას სულიერი მამის ლოცვით აკეთებს და ამაო ქედმაღლობა მისთვის უცხო რჩება. და განა შეიძლება, თავი აიმაღლოს მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც თვითონ აღიარებს, საკუთარი თავით კი არა - სხვისი შეწევნით მოიმოქმედა?!
75. დაყუდებულს ხომ ამგვარ შემთხვევებში მსგავსი თავმდაბლური ფიქრი არა აქვს, რადგან მზვაობარობას მის წინაშე გამართლება აქვს. იგი ჩააგონებს, რომ თავისთვის აღასრულებს ღვაწლს.
76. მორჩილებაში მყოფი კი როდესაც მტრის ქვემოაღწერილ ორ ცდუნებას (*) დაამარცხებს, ქრისტეს მონა და მარადიული მორჩილი ხდება.
პირველი ცდუნების შესახებ
77. ეშმაკი ზოგჯერ ცდილობს, რომ მორჩილებაში მყოფი ხორციელი უწმინდურობით შებილწოს, გული გაუქვავოს მას, ან მომეტებული შფოთი შთაუნერგოს. ზოგჯერ ცრემლი გაუშროს და სრულიად უნაყოფო ჰყოს. ლოცვის დროს სიზარმაცეს, ძილს და სიბნელეს მოუვლენს, რათა ჩააგონოს, რომ მორჩილებას, არა მარტო არანაირი სარგებლობა არ მოეტანა მისთვის, არამედ თანდათან უკან მიდის და ამგვარად მორჩილების ღვაწლს განაშოროს. ნებას არ აძლევს მას, მიხვდეს, რომ ხშირად, როდესაც ვფიქრობთ, რომ სულიერი მადლი მოგვაკლდა, ამით უდიდეს სიმდაბლსა ვიძენთ.
78. თუმცა ზოგიერთმა ამ მაცდუნებელის მოგერიება მოთმინებით მრავალგზის შეძლო, თუმცა ჯერ პირველს ლაპარაკი არ დაესრულებინა, რომ მაშინათვე სიცრუის სხვა მსახური გამოჩნდა და უკვე სხვა სახით შეეცადა, ეცდუნებინა.
მეორე ცდუნების შესახებ
79. ვნახე მორჩილები, რომელთა გულიც ლმობიერებით იყო აღსავსე: მოკრძალებულნი, თავშეკავებულნი, გულმოდგინენი, რომელთაც ყოველგვარი ბრძოლა და ვნება დასძლიეს და ღვაწლის მოშურნენი გახდნენ, მათ ეს მდგომარეობა სულიერ მამის მფარველობით მოიპოვეს. ეშმაკებმა, რომლებმაც მათი დაცემა განიზრახეს, ჩააგონეს, რომ ისინი უკვე გაძლიერებულნი იყვნენ და დაყუდების საშუალებით სრულყოფილებასა და უვნებლობას მიაღწევდნენ. ამით ცდუნებულნი ისინი ნავსადგურიდან ზღვაში დაიღუპნენ.
80. საჭიროა შეირყეს ეს ზღვა, აღშფოთდეს და აბობოქრდეს.
81. რათა ღელვამ ნაპირზე გამორიყოს ყოველგვარი თივა, ფიჩხი და სიბინძურე, რომელიც მასში ვნებათა მდინარეებმა შეიტანეს, ყურადღებით დააკვირდით და ნახავთ, რომ ქარიშხალის შემდეგ ზღვაზე ღრმა მდუმარება ისადგურებს.
82. ვინც ზოგჯერ უჯერებს სულიერ მამას და ზოგჯერ - არა, იგი იმ ადამიანს ემსგავსება, ვინც მტკივან თვალზე ზოგჯერ სამკურნალო სალბუნს იფენს, ზოგჯერ კი - კირს. რადგან წერილი ამბობს: უკეთუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებს გარდა დაღლისა? (ზირ. 43,23).
83. ჰოჲ, ძეო და მორჩილო უფლისაო! საკუთარ თავს ამპარტავნების სულით ნუ აცდუნებ და მოძღვარს შენი ცოდვების შესახებ ისე კი ნუ მოუყვები, თითქოს ისინი სხვებისა იყოს; რადგან საკუთარი თავის შერცხვენის გარეშე მარადიული სირცხვილისგან ვერ დაიხსნები.
84. შენი წყლულები აჩვენე მკურნალს და ნუ შეგრცხვება უთხრა მას: - მამაო, ეს არის ჩემი წყლულები, ესაა ჩემი ჭრლილობები, ისინი ვინმე სხვამ კი არ შემამთხვია, არამედ საკუთარი სიზარმაცით დამემართა. არავინ არაა დამნაშავე, არც ადამიანი და არც ბოროტი სული, არც ხორცი და არც - სხვა რაიმე, არამედ - მხოლოდ ჩემი დაუდევრობა.
აღსარებაზე როგორც გარეგნულად, ისე შინაგანი გრძნობით და აზრით იდექი - როგორც მსჯავრდებული ავაზაკი - მიწისკენ თავდახრილი და თუ შეგიძლია, ცრემლით დაალტვე შენი მსაჯულისა და მკურნალის ფეხები, ვითარცა ფერჴნი ქრისტესნი. ეშმაკებს სჩვევიათ, ჩაგვინერგონ, რომ ან საერთოდ არ ვუთხარათ აღსარება სულიერ მამას, ან ვუთხრათ ცოდვები, თითქოს ისინი სხვისი იყოს, ან დანაშაული მათ გამო სხვას გადავაბრალოთ.
85. თუ ყველაფერი ჩვევაზეა დამოკიდებული, მაშინ კეთილი საქმის ჩვევა უნდა მოვიხვეჭოთ, რადგან ამაში დიდად შეგვეწევა ღმერთი.
86. შვილო ჩემო, სულის ნეტარი სიმშვიდის მოსაპოვებლად მრავალი წლის შრომა აღარ დაგჭირდება, თუ იმთავითვე მთელი სულით უპატიობის დათმენას შეუდგები.
87. ნუ იფიქრებ, რომ სულიერ მამასთან ცოდვათა აღიარებისას საჭირო არ არის მისი - როგორც ღვთის წინაშე მიწაზე დამხობა. მე მინახავს, რომ მსჯავრდებულმა ავაზაკებმა თავიანთი საწყალობელი და საბრალო სახით, გულწრფელი აღიარებით და დამაჯერებელი თხოვნით მკაცრ მსაჯულებს გული მოულბეს და შეწყალება მიიღეს. ამიტომ იყო, რომ იოანე წინამორბედი მისგან ნათლისღების მსურველებს თავდაპირველად აღსარებისკენ მოუწოდებდა. მას თავისთვის კი არ უნდოდა ეს, არამედ, მისი მიმდევარი ადამიანების ხსნას ცდილობდა.
88. ნუ გაგიკვირდება, თუ აღსარების შემდეგაც გრძელდება ბრძოლა, რადგან, სიძვის ვნების დამარცხება უადვილესია, ვიდრე - ამპარტავნების.
89. ნუ აღგიტაცებს და მოგხიბლავს განდეგილ და დაყუდებულ მამათა ამბები და მათ კვალზე შედგომას ნუ შეეცდები, არამედ მორჩილებით პირველმოწამე სტეფანეს ღვაწლს მიბაძე.
90. დაცემულიც კი არ განეშორო ამ ასპარეზს, რადგან მაშინ უფრო მეტად დაგჭირდება ექიმი.
91. ის, ვისაც მეგზურთან ერთად სიარულშიც კი ფეხი ებორკება, სრულიად აშკარაა, რომ დახმარების გარეშე სასიკვდილოდ დაშავდებოდა.
92. როდესაც განსაცდელის შედეგად დავეცემით, ეშმაკები მაშინათვე გამოჩნდებიან და გვირჩევენ, ვითომდა საღვთო, სინამდვილეში კი, სრულიად უგუნური საბაბით, რომ დაყუდების ღვაწლი ვიტვირთოთ. მტრის განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს დაცემულ მდგომარეობას კიდევ ერთი ჭრილობა დაუმატოს.
93. როცა სულიერი მკურნალი ჩვენი წყლულების განკურნებისათვის უძლურად სცნობს თავს, მაშინ მეორესთან უნდა წავიდეთ, რადგან მკურნალის გარეშე ცოტა თუ განიკურნება.
94. ვინ შეგვეწინააღმდეგება იმაში, რომ, თუ ხომალდის გამოცდილი მესაჭე მართავს, არ არის დაზღვეული ზღვაში დანთქმისაგან, რა თქმა უნდა, მესაჭის არყოლის შემთხვევაში ის აუცილებლად დაიღუპება.
95. მორჩილება (*) შობს სიმდაბლეს, სიმდაბლე კი - უვნებლობას, რადგან სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიხსენა ჩუენ უფალმან... და მიხსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან. (ფს. 135. 32,24), როგორც მეფსალმუნემ თქვა. ამიტომ ვერაფერი დააბრკოლებს იმის თქმას, რომ მორჩილებისგან იბადება უვნებელობა, რის შედეგადაც სიმდაბლე სრულყოფილებას აღწევს. რადგან მოსეა სათავე რჯულისა, ხოლო უვნებელობა, რომელიც მორჩილების შვილია, სრულჰყოფს დედას თავისას - როგორც მარიამი( სრულჰყოფდა იუდეველთა კრებულს.
96. დიდ სასჯელს იმსახურებენ უფლის წინაშე ის სნეულები, რომელთაც გამოსცადეს დახელოვნებული მკურნალი, მან მათ ავადმყოფობას დიდად არგო და ამის შემდეგ სრულ განკურნებას აღარ დაელოდნენ, მიატოვეს იგი და სხვა მკურნალს დაუწყეს ძებნა.
97. ნუ გაურბიხარ მას, საყვარელო, ვისმა ხელმაც ღმერთს შეგწირა, რადგან მთელი ცხოვრება სხვას არავის უნდა მიაგებდე ისეთ პატივს, როგორც - მათ.
98. გამოუცდელი მებრძოლისთვის სახიფათოა. თუ ის თავის რაზმს გამოეყოფა და დამოუკიდებლად იომებს. ასევე ბერისთვის, მეტად საშიშია, თუ გამოცდილებისა და განსწავლის გარეშე - სულიერ ვნებებთან ბრძოლაში, დაყუდების ღვაწლს შეუდგება, რადგან პირველი აუცილებლად ხორციელ უბედურებას შეემთხვევა, ხოლო უკანასკნელი - სულიერს. კეთილია ორი ერთზე მეტად (ეკლ. 5,9).
99. რადგან კარგია, თუ ძე სულიერ მამასთან ერთად სულიწმიდის თანამოქმედებით ძველ ვნებებს ებრძვის.
100. ხოლო ის, ვინც ბრმას მეგზურს წაართმევს, სამწყსოს - მწყემსს, გზასაცდენილს - გამყოლს, ყრმას - მამას, ავადმყოფს - ექიმს და ხომალდს - მესაჭეს, იგი თითოეულ მათგანს დიდ საფრთხეში აგდებს. ხოლო იგი, ვინც წიანმძღვრის დახმარების გარეშე ბოროტ სულებთან იწყებს ბრძოლას, მათ მიერ იღუპება.
101. სამკურნალოდ მისული თავისი სნეულების შესახებ განაცხადებს, ხოლო მორჩილების ღვაწლის მტვირთველნი სიმდაბლეს აჩვენებენ. პირველთა გამოჯანსაღების უმთავრესი ნიშანი არის სნეულების შემსუბუქება, ხოლო მეორენი ნიშნად იმისა, რომ ვნებებს ამარცხებენ, სიმდაბლეს მოიხვეჭენ, რადგან ხორციელად ავადმყოფებს ტკივილი უმსუბუქდებათ, ხოლო სულიერად სნეულებს სიმდაბლე ემატებათ (ე.ი. ისინი საკუთარ უძლურებასა და სისაძაგლეს შეიცნობენ).
102. დაე, სინდისი იყოს შენი მორჩილების სარკე და ეს საკმარისი იქნება შენთვის.
103. მათ, ვინც სულიერ მამას ემორჩილებიან, უდაბნოში დაყუდებისას მოწინააღმდეგედ მხოლოდ ეშმაკები ჰყავთ, ხოლო ლავრაში მცხოვრებთ ეშმაკიც ებრძვის და ადამიანიც. პირველთ მუდამ თვალწინ ჰყავთ სულიერი მოძღვარი და მის ბრძანებას სრული სიზუსტით იცავენ. მეორენი კი, მოძღვრის არყოფნის გამო, ხშირად არღვევენ მას - რამდენადმე. ამასთან ისინი, ვინც ბევრს და შრომისმოყვარედ იღწვიან, ამ ნაკლულოვანებას წყენათა დათმენით ავსებენ და ორმაგ გვირგვინს იღებენ.
104. საძმოში ცხოვრებისას შეინახე გული ყოველ შესანახზე მეტად (იგავ. 4.25), რადგან ხომლადებით სავსე ნავსადგურში მათი ერთმანეთზე დამსხვრევა უფრო ადვილია, განსაკუთრებით, კადნიერებით და გულისწყრომით არიან აღსავსენი, რომელნიც ჭიასავით შეჭამენ და გახვრეტენ ხეს.
105. წინამძღვრის თანდასწრებით სრულ მდუმარებასა და უმეცრებაში უნდა ვიმყოფებოდეთ, რადგან კაცი მდუმარე უმანკოების შვილია და ყოველთვის მრავალ გონიერებას მოიხვეჭს.
106. ერთხელ ერთი მორჩილი ვნახე, რომელმაც თავის მოძღვარს სიტყვა შეაწყვეტინა და თვით განაგრძო, ამან სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო, რადგან მივხვდი, რომ ამ ადამიანს მორჩილებამ ამპარტავნება შესძინა და არა - სიმდაბლე.
107. დიდი ყურადღებით, სიფრთხილითა და სიფხიზლით უნდა დავაკვირდეთ, თუ როდის შეგვიძლია, ხორციელი მსახურება ლოცვას ვარჩიოთ, რადგან ეს ყოველთვის ასე არ უნდა იყოს.
108. თანაცხოვრებისას ყურადღება მიაპყარ საკუთარ თავს და ნუ შეეცდები, რომ სხვა ძმებზე მართლად წარმოაჩინო შენი თავი. რადგან ამით ორგვარ ბოროტებას აღასრულებ: ძმებს შენი ცრუ და თვალთმაქცური მოშურნეობით დააწყლულებ და საკუთარ თავს ქედმაღლობის მიზეზს მისცემ.
ნეტარი და ყოვლადქებული მორჩილების შესახებ
109. იყავი( სულით მოშურნე, მაგრამ ამას გარეგნულად ნურც წარმოაჩენ, ნურც გამომეტყველებით, ნურც ურთიერთობებით, ნურც რამენაირი სიტყვით, ნურც საიდუმლო მინიშნებით. და თვით ამ ღვაწლს მანამდე ნუ შეუდგები, ვიდრე მოყვასის დამცირებას არ მიატოვებ. თუ ამას ვერ შეძლებ, შენს ძმებს მიბაძე და საკუთარ თავზე განსაკუთრებულ აზრს ნუ შეიქმნი.
110. მე ვნახე გამოუცდელი მოწაფე, რომელიც სხვათა თანდასწრებით მოძღვრის სათნოებებს აქებდა და ეგონა, რომ სხვისი ხვავისგან დიდებას თვით მოიპოვებდა, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ უპატიობა მოიმკო, როდესაც ყველამ უთხრა: - ასეთმა ნაყოფიერმა ხემ როგორღა გამოიღო უნაყოფო რტოები?
111. მაშინ კი არ ვართ მომთმენნი, როდესაც მამისგან ლანძღვას ვაჟკაცურად ვიტანთ, არამედ მაშინ, როცა ყოველი ადამიანისგან სიძულვილსა და წყლულებს ვითმენთ. რადგან მამისგან გამო ვითმენთ ყველაფერს.
112. გულითადად შესვი ლანძღვა, როგორც წყალი ცხოვრებისა, მიიღე ის ყოველი ადამიანისგან, ვინც კი შენს დაწყლულებას ისურვებს ასეთი მკურნალობით, რომელიც სიძვის ვნებისაგან განგწმენდს. რადგან მაშინ შენს სულში უღრმესი სიწმინდე გამობრწყინდება და შენს გულში ღვთაებრივი სინათლე არასოდეს გამოილევა.
113. ვინც ნახავს, რომ ძმათა კრებულში სიმშვიდე შეაქვს, დაე, ის საიდუმლოდაც ნუ შეიქებს თავს ამის გამო, რადგან ირგვლივ ყველაგან ქურდებია ჩასაფრებული.
114. შენი მეხსიერების სიღრმეში ამოკვეთე ქრისტეს სიტყვები: მონანი ვართ უხმარნი, რომელთა თანა - გუედვა ყოფად, ვყავთ (ლუკ. 17,10).
ჩვენი საქმეები სამართლიანად ამ სოფლიდან განსვლის შემდეგ განისჯება.
115. საერთო სავანე არის ქვეყნიური ზეცა. თავი უნდა ვაიძულოთ, რომ გულით ასეთივე განწყობილება შევინარჩუნოთ, ისევე როგორც - უფლის მსახურმა ანგელოზებმა.
116. ზოგჯერ ამ ქვეყნიურ ზეცაში მყოფ ადამიანებს გაქვავებული გულები აქვთ, ზოგიერთი კი, პირიქით - ლმობიერებითაა დამშვიდებული, რათა თავმდაბლობას გაექცეს და შრომა ცრემლით დაატკბოს.
117. მცირე ცეცხლს ბევრი ცვილის დარბილება შეუძლია: ხშირად მცირე უპატიობაც კი, რომელიც ჩვენ მოგვეწევა, უცებ მოარბილებს, დაატკბობს და აღმოფხვრავს მთელ სისასტიკეს, უგრძნობელობასა და სიმკაცრეს გულისას.
118. ერთხელ ბნელ ადგილას მიმალული ორი ადამიანი ვნახე, ისინი მოღვაწეთა შრომას და სულთქმას აკვირდებოდნენ და ისმენდნენ. მაგრამ ერთი ამას იმისთვის აკეთებდა, რომ მიებაძა მათთვის, მეორე კი იმისათვის, რომ ამ ღვაწლის შესახებ განეცხადებინა და ამგვარად მოღვაწენი კეთილი საქმისაგან განეშორებინა.
119. პირუტყვივით მდუმარე კი არ უნდა იყო, როცა დუმილი საჭირო არ არის და ამით სხვებს შფოთვასა და სიმწარეს მოუტან და ნურც მაშინ დაიგვიანებ, როცა სისწრფეს გიბრძანებენ და ნუ დააყოვნებ, სხვაგვარად ცოფიანსა და მეამბოხეზე უარესი საქმის მოქმედი ხარ.
120. „ვიხილენ ესევითარნი“, როგორც იტყვის იობი, ზოგიერთი სული აყოვნებდა ზნის თავისებურების გამო, ზოგი კი - ეშმაკობით და გამიკვირდა: რა მრავალგვარია სიბოროტე ვნებათა.
121. საერთო სავანეში ყოფნისას იმდენ სარგებელს ფსალმუნებისგან ვერ მიიღებ, რამდენსაც - ლოცვისგან, რომელსაც სენაკში ასრულებ, რადგან ლოცვას მეტი შრომა სჭირდება, ვიდრე - გალობას.
122. გამუდმებით ებრძოლე აზრებს დაფანტულობას და სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, თუ გონება მეტად გაგირბის, რადგან ახლადდამწყებ მორჩილთაგან უფალი განუბნეველ ლოცვას არ ითხოვს.
123. ნუ გაწუხებს გონების გაბნევა, არამედ გიხაროდეს, როდესაც მას კვლავ მოიკრებ, რადგან სრულიად წარუტაცებელი გონება მხოლოდ ანგელოზებს აქვთ.
124. ვისაც გულის სიღრმეშო საიდუმლოდ დაუდვია მცნება, რომ მაცხოვნებელი ღვაწლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იტვირთოს და ხორცის ათასგზისი მოკვდინების შემდეგაც კი არ დაუთმოს მტერს: ის ასეთ განსაცდელში ადვილად არ ჩავარდება. ეს დაბრკოლებანი და ჭირნი ყოველთვის გულის დაეჭვებისგან, ადგილისადმი უნდობლობიდან მომდინარეობს.
125. ისინი, ვინც აქეთ-იქით სიარულს ესწრაფიან, ყველაფერში გამოუცდელნი არიან, სულის უნაყოფობას უპირველესად მოუთმენლობა წარმოშობს.
126. თუ შენ უცნობ მკურნალთან და უცნობ სამკურნალოში სამკურნალოდ მიხვალ, ისე იმყოფებოდე იქ, როგორც გამვლელი, ამასთან ფარულად დააკვირდი იქაურ ყოფას და მცხოვრებთა სულიერ გამოცდილებას. თუ ამ სულიერ მხატვართა და მსახურთა შორის შენი წყლულების მკურნალებს შეიცნობ, და მით უმეტეს, თუ მათ შორის იპოვი იმას, რასაც უნდა ეძებდე, ე.ი. წამალს სულიერი ქედმაღლობის წინააღმდეგ, მაშინ უკვე შეუერთდი მათ და საკუთარი თავი დუმილის ოქროზე გაყიდე. გაყიდე იგი მორჩილების ქარტიაზე, მსახურების ხელწერილზე და ანგელოზთა მოწმობით შენივე ნების ხელწერილი გაანადგურე.
127. რადგან თუ მხოლოდ აქეთ-იქით სიარულს მოუნდები, მაშინ დაკარგავ იმ სასყიდელს, რომლითაც ქრისტემ გამოგისყიდა.
128. ადგილი და სავანე, რომელშიც დაემკვიდრები, უნდა იქცეს შენს სამარედ - ვიდრე სამარის კარამდე. სამარიდან ვერავინ წამოდგება, ვიდრე საყოველთაო აღდგომის დღე არ დამდგარა და თუ ვინმე გამოვიდა, იცოდე, რომ ისინი დაიღუპნენ. ვევედროთ უფალს, რომ ჩვენც იგივე არ შეგვემთხვეს.
129. როდესაც ზარმაცი ხედავს, რომ მას მძიმე საქმეს აკისრებენ. ამას ის ლოცვას ამჯობინებს, მაგრამ თუ საქმე მსუბუქია, ლოცვას ცეცხლივით გაურბის.
130. ხდება რომ, როდესაც ვინმე რაიმე მსახურებას ძმის თხოვნით აღასრულებს, დატოვებს მას, რომ ის დაამშვიდოს, სხვა თავის მსახურებას სიზარმაცის გამო დატოვებს, კიდევ სხვა არ დატოვებს ამპარტავნების გამო, სხვა ვინმე კი - გულმოდგინების გამოისობით.
131. თუ აღთქმა დადე, რომ რომელიმე სავანეში უნდა იცხოვრო, ანდა ძმებთან ერთად და ხედავ, რომ ამგვარი ცხოვრებით სულიერ სარგებელს ვერ პოულობ, მაშინ იქიდან წამოსვლაზე უარს ნუ იტყვი. იცოდე, რომ გამოცდილი ყველგან გამოცდილია და - პირიქით.
132. ყვედრება ერში მრავალ განყოფასა და უთანხმოებას იწვევს, ხოლო ნაყროვანება ძმათა შორის ყოველგვარი დაცემისა და გმობის დარღვევის მიზეზია სავანეში.
133. თუ ამ ბატონს დაამარცხებ, მაშინ ყოველი ადგილსამყოფელი მხოლოდ უვნებლობის მოხვეჭის საშუალება იქნება შენთვის. მაგრა, თუ იგი დაგეუფლა, მაშინ სამარის კარამდე დიდ ჭირში იქნები.
134. უფალი ბრმებს განაბრძნობს, მორჩილის თვალებს განანათლებს, რათა მან თავისი მოძღვრის სათნოებანი დაინახოს და უბნელებს თვალს, რათა არ შენიშნოს მისი ნაკლოვანებები. ხოლო მოძულე კეთილსა ამის საწინააღმდეგოს აკეთებს.
135. ვერცხლისწყალი არის სახე მორჩილებისა და სიმდაბლისა, რომელიც ყოველგვარ სითხეზე დაბლა ჩადის, მაგრამ ბიწი არაფრისა ერევა.
136. მოშურნენი უმეტესად უნდა აკვირდებოდნენ საკუთარ თავს, რომ, როდესაც ზარმაცებს განიკითხავენ, თვითონ უმეტესი განკითხვა არ დაიმსახურონ. ლოთი, მე ვფიქრობ, სწორედ იმიტომ გამართლდა, რომ ასეთ ხალხში ცხოვრობდა და არასოდეს არავის განიკითხავდა.
137. ყოველთვის და უმეტესად საერთო ფსალმუნთგალობისას უშფოთველობა და მდუმარება უნდა შეინარჩუნოთ, რადგან ეშმაკებს სწორედ შფოთითა და დრტვინვით აქვთ ლოცვის ჩაკვლა განზრახული.
138. მორჩილი ისაა, ვინც ხორცით კაცთა შორის დგას, ხოლო გონებით (ლოცვით) ცის კარს უკაკუნებს.
139. წყენა, დამცირება და ყოველი მსგავსი შემთხვევა მორჩილის სულში აბზინდის სიმწარეს ნერგავს, ხოლო ქება და პატივი ისევე ტკბილია, როგორც თაფლი გემოთმოყვარისთვის, მაგრამ თუ პირველისა და მეორის თვისებებს განვიხილავთ, გამოჩნდება, რომ აბზინდა შინაგან უწმინდურებას განსწმენდს, ხოლო თაფლი ნაღველს ასნეულებს.
140. მათ, ვინც ღვთის წინაშე ჩვენზე მზრუნეველობა იტვირთა, მთლიანად უნდა მივენდოთ მაშინაც, როდესაც გვგონია, რომ ჩვენი სულისთვის საზიანოს ამბობენ, ამ დროს ჩვენი მათდამი სარწმუნოება ისე გამოიცდება, როგორც - სიმდაბლის ბრძმედში.
141. ჭეშმარიტი სარწმუნოების ნიშანია, როდესაც ეჭვის გარეშე ვემორჩილებით მოძღვარს მაშინაც როდესაც ვხედავთ, რომ მისი ბრძანება ჩვენს მოლოდინს არ ემთხვევა.
142. მორჩილება სიმდაბლეს შობს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიმდაბლე - მსჯელობის უნარს, როგორც კასიანე დიდი შესანიშნავად და მეტად ბრძნულად საუბრობს თავის სიტყვაში განსჯის შესახებ: განსჯის უნარი დაკვირვებულობას წარმოშობს, ხოლო აქედან გონების განათება იწყება. ვინ არ ისრუვებდა, რომ მორჩილების კეთილი გზით ევლო, როცა დაინახავდა, რომ მისგან ასეთი სიკეთე გამოდის?
143. ამაზე ხომ დიდმა სათნომყოფელმა და მგალობელმა ბრძანა: განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, მორჩილსა ღმერთო, მოსვლა შენი გულად მისად (ფს. 76,11).
144. მთელი ცხოვრების განმავლობაში ნუ დაივიწყებ იმ დიდ მოღვაწეს, რომელსაც მთელი თვრამეტი წლის განმავლობაში ხორციელი ყურით არასოდეს მოუსმენია თავისი მოძღვრისგან სიტყვა - ცხონდი, მაგრამ შინაგანად თვით უფლისგან ყოველდღიურად ესმოდა არა სიტყვა - ცხონდი, რომელიც მხოლოდ ცხონების სურვილს გამოხატავს, არამედ - სცხონდი - რაც უკვე სრულად დამტკიცებულ და უეჭველ აზრს გამოხატავს.
145. ასევე საკუთარი თავი და სულიერი სარგებელი ვერ შეუცნიათ იმ მორჩილებს, რომელნიც რაკი წინამძღვრის კეთილგანწყობასა და შემწყნარებლობას შეამჩნევენ, მისგან ითხოვენ, რომ მათთვის სასურველი მორჩილება მიიღონ. დაე, მათ იცოდნენ, რომ ასეთ მორჩილებისგან ისინი აღმსარებლობის გვირგვინს მოაკლდებიან, რადგან მორჩილება თვალთმაქცობისა და საკუთარი სურვილების სრული უარყოფაა.
146. ზოგიერთი, როცა მოძღვრისგან რაიმე დავალებას მიიღებს და მერე შეიტყობს, რომ ამ დავალების შესრულებით ვერ აამებს მას, ტოვებს საქმეს, ხოლო მეორე, თუნდაც ასეთი რამ შეამჩნიოს, დაეჭვების გარეშე აღასრულებს მას. უნდა გამოიცადოს, თუ რომელი მათგანი მოიქცა უფრო ღვთისმსახურად.
147. შეუძლებელი საქმეა, რომ ეშმაკი საკუთარ ნებას აღუდგეს წინ, ამაში შენ ისინი დაგარწმუნებენ, რომლებიც დაუდევრად ცხოვრობენ, მაგრამ გამუდმებით ერთ უშფოთველ ადგილას ან ერთსა და იმავე სავანეში იმყოფებიან.
148. თუ ჩვენ რომელიმე ერთ ადგილას ვცხოვრობთ და გვებრძვიან, რომ სხვა ადგილას გადავიდეთ, ეს ბრძოლა იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენი გადასვლა უფლისთვის სათნო არ არის, რადგან როდესაც გვებრძვიან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წინააღმდეგობას ვწევთ.
ღირსი აკაკის შესახებ
149. არ მინდა უსამართლოდ დავმალო და არაადამიანურად ვმევახშეობდე, არ მინდა თქვენს წინაშე ვდუმდე იმაზე, რაზეც არ შეიძლება დუმილი. დიდმა იოანე საბაიტელმა მამცნო ამბები, რომლებიც ჭეშმარიტად ღირსია მოსმენისა. ხოლო შენ, თავად, ღირსო მამაო, გამოცდილებით იცი, რომ ეს კაცი ყოველგვარი სიცრუისგან, ყოველგვარი ცბიერი სიტყვისა და საქმისგან უცხოა. მან შემდეგი ამბავი მომითხრო: - აზიაში (ის იქიდან იყო მოსული), სავანეში, სადაც აქ მოსვლამდე ვიმყოფებოდი, ერთი კადნიერი ზნისა და დაუდევარი ცხოვრების მქონე მოხუცი იმყოფებოდა. ამას მის განსაკითხად კი არ ვამბობ, არამედ სიმართლის გამო. არ ვიცი, როგორ მოახერხა მოწაფის მოპოვება?! ეს იყო ახალგაზრდა ყმაწვილი, სახელად - აკაკი. იგი იყო უბრალო ჩვევების, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი, რომელსაც ამ ბერისგან იმდენი ტანჯვა დაეთმინა, რომ ბევრს დაუჯერებლად მოეჩვენებოდა. რადგან ბერი ყოველდღიურად არამარტო ლანძღავდა და აყვედრიდა მას, არამედ სცემდა კიდეც. მორჩილი უსაზღვროდ ბევრს ითმენდა. როდესაც ვხედავდი, რომ იგი ნაყიდი მონის მსგავსად ყოვედღიურად უკიდურეს ტანჯვაში იყო, როცა შევხვდებოდი, ვეუბნებოდი: - რას იტყვი, ძმაო აკაკი, როგორ ხარ დღეს? - ამ კითხვის პასუხად ის მაშინათვე მიჩვენებდა ან ლურჯ ლაქას თვალის ქვეშ, ხან დაწყლულებულ თავ-კისერს. რადგან ვიცოდი მისი ღვაწლი, ვეუბნებოდი: - კარგია, კარგი, დაითმინე და სარგებელს მიიღებ. როდესაც თავის უწყალო ბერთან ცხოვრების ცხრა წელი შეასრულა, აკაკი ღვთის წინაშე მივიდა და მამათა განსასვენებელში დაიფლა. ხუთი დღის შემდეგ მისი მოძღვარი იქ მყოფ ერთ დიდ მამასთან მივიდა და უთხრა: - მამაო, ძმა აკაკი მიიცვალა. მაგრამ მან უპასუხა: - მერწმუნე, მამაო, მე მეეჭვება ეს ამბავი. - წამოდი და შენი თვალით იხილე. - მიუგო ბერმა. მამები ერთად წავიდნენ სასაფლაოზე და წმინდა მამამ როგორც ცოცხალს, ისე მოუხმო მოღვაწეს: - ძმაო აკაკი, შენ მიიცვალე? ამ კეთილგონიერმა მორჩილმა სიკვდილის შემდეგაც მორჩილება გამოიჩინა და უპასუხა: - მამაო, როგორ შეიძლება მოკვდეს ის, ვინც მორჩილების ღვაწლი იტვირთა?.. მაშინ ბერი, რომელიც აკაკის საფლავის ახლოს სენაკი მოიწყო და უკვე ღვთისმოსაობით გაატარა ცხოვრების დარჩენილი წლები. სხვა მამებს კი ყოველთვის ეუბნებოდა: - მე მკვლელობა ჩავიდინე. მე მგონია, მამა იოანე, რომ ის ბერი, მიცვალებულს რომ ელაპარაკა, თვით იოანე საბაიტელი იყო, რადგან მან ერთი სხვა ამბავიც მიამბო, - თითქოსდა სხვა მოღვაწეზე - შემდეგ კი დანამდვილებით შევიტყვე, რომ საკუთარ ამბავს ჰყვებოდა.
იოანე საბაიტელის ანუ ანტიოქეს შესახებ
150. იქვე, აზიის სავანეში ერთ მოკრძალებულ, მშვიდ და უშფოთველ ბერს ჰყავდა მორჩილი; როდესაც მან ნახა, რომ ბერი თითქოს უფრთხილდებოდა მას და პატივში ჰყავდა, იფიქრა, რომ ამგვარი მდგომარეობა კარგის მომტანი არ იყო (*), ამიტომ ბერს ლოცვა-კურთხევა გამოსთხოვა, რომ გაეშვა იგი. ბერს სხვა მოწაფეც ჰყავდა და ამიტომ ერთთან განშორება დიდად სამძიმო არ ყოფილა მისთვის. აქედან წასული მორჩილი, თავისი მოძღვრის წერილის მეშვეობით პონტოში, ერთ-ერთ მონასტერში მივიდა. ამ სავანეში მოსვლის პირველივე ღამეს მას ესიზმრა, რომ ვიღაცეები აწამებდნენ მას ვალის გამო და ამ საშინელი წამების შემდეგ 100 ლიტრი ოქრო ვალი კვლავ დარჩა. გამოღვიძებული დაფიქრდა სიზმრად ნახულზე და თავისთვის თქვა: - ჰოი, საწყალო ანტიოქე (ასე ერქვა მას), ჭეშმარიტად დიდი ვალი დაგრჩა შენ. - ამ სავანეში კიდევ სამი წელი ვიცხოვრე - ყვებოდა იგი, შემდგომ ყოველგვარ მორჩილებას უსიტყვოდ ვასრულებდი და როგორც უცხო, ყველასგან შეურაცხყოფილი და დამცირებული ვიყავი (რადგან ჩემს გარდა უცხოტომელი ბერი იქ არ იყო). მაშინ კვლავ სიზმრად ვიხილე, რომ ჩემი ვალიდან 10 ლიტრი ოქროს ფასი ვიღაცამ გადაიხადა და ხელწერილი მომცა. გამოღვიძებული ამ ხილვის მნიშვნელობას მივხვდი და თავს ვუთხარი: ჯერ მხოლოდ ათი. როდის გადავიხდი მთლიანად? საბრალო ანტიოქე! შენ დიდი შრომა და დიდი უპატიობა გჭირდება! ამ დროიდან მე ჭკუიდან შეშლილად ვაჩვენებ თავს. ამასთან მსახურება არ შემიწყვეტია. იქაური უმოწყალო მამები, როდესაც ამ მდგომარეობაში მხედავდნენ და ძველ გულმოდგინეობასაც მატყობდნენ, სავანეში ყველაზე მძიმე საქმეებს მაკისრებდნენ, 13 წლის განვალობაში ამგვარი ცხოვრების მერე სიზმრად ისევ ისინი გამომეცხადნენ, ვინც ადრე ვიხილე, მოვიდნენ და მომცეს ხელწერილი, რომელიც მთლიანად მანთავისუფლებდა ვალისგან. ამგარად, როცა იმ სავანის მამები შეურაცხმყოფდნენ, მე ჩემს მოვალეობას ვიხსენბდი და ვაჟკაცურად ვითმენდი. ყოვლადბრძენი იოანე, მამაო, ამ ამბავს თითქოს სხვა ადამიანის შესახებ მიამბობდა, ამიტომაც დაირქვა ანტიოქე. სინამდვილეში კი თვით იყო ის მოღვაწე, რომელმაც შეძლო, მოთმინების საშუალებით თავისი ცოდვების ხელწერილი გაენადგურებინა.
151. მაგრამ ისიც მოვისმინოთ, თუ ღირსმა მამამ ამგვარი მორჩილებით როგორი ნიჭები მოიხვეჭა. როდესაც ღირსი საბა განწმენდელის ლავრაში იმყოფებოდა, მასთან სამი ახალგაზრდა მივიდა. სურდათ, რომ მას დამოწაფებოდნენ, მან სიხარულით მიიღო ბერები. გაუმასპინძლდა და შეეცადა, რომ მძიმე მოგზაურობის შემდეგ ნუგეში ეცა მათთვის. სამი დღის შემდეგ წმიდა მამამ უთხრა: - ძმებო, მე მეძავი ვარ ბუნებით და არ ძალმიძს, რომელიმე თქვენგანი მოწაფედ მივიღო, - მაგრამ ისინი არ შეცდნენ, რადგან მისი წმიდა ცხოვრების შესახებ იცოდნენ. დიდხანს ევედრებოდნენ და რომ ვერაფერს გახდნენ, ბოლოს ფეხებში ჩაუცვიდნენ და შესთხოვეს, რომ დარიგებინა მაინც ისინი, თუ სად გაეტარებინათ ბერული ცხოვრება. ბერი ამას დათანხმდა და რადგან ნახა, რომ ისინი მორჩილებითა და სიმდაბლით იწყნარებდნენ მის ნათქვამს, ერთ-ერთ მათგანს უთხრა: - უფალს სურს, შვილო ჩემო, რომ შენ დაყუდებაში გაატარო ცხოვრება იმ ადგილას, რომელზედაც შენი სულიერი მამა მიგანიშნებს. მეორეს უთხრა: - წადი დაუტევე შენი ნება და გადაეცი იგი უფალს. აღიღე შენი ჯვარი და მონასტერს მიაშურე და ჭეშმარიტად დაიუნჯებ სიმდიდრეს ცათა შინა. ბოლოს მესამეს მიმართ: - გამუდმებით გახსოვდეს უფლის ეს სიტყვები: ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება, წადი და შენთვის მოძღვარი ღვთის წინაშე ყველაზე სასტიკ და მკაცრ ადამიანთა შორის შეარჩიე და მოთმინებაში განმტკიცებულმა ყოველდღიურად დამცირება და გინება ისე შესვი მისგან, როგორც - რძე და თაფლი. ამ ძმამ წმიდა იოანეს უთხრა: - და, მამაო, თუკი იგი დაუდევარია, როგორ მოვიქცე? - მან უპასუხა: - რომც დაინახო, რომ იგი სიძვის ცოდვაშია, ნუ დატოვებ მას, არამედ საკუთარ თავს უთხარი, რომ მზვაობრობა განიგმირება შენში და ხორციელი ვნება დაიშრიტება.
152. ყველა, ვისაც ღვთის შიშის მოხვეჭა გვსურს, მთელი ძალით უნდა ვიღწვოდეთ, რათა ამ სათნოების სავანეში სათნოებათ მაგიერ ცბიერება და ბოროტება, ეშმაკობა და თავხედობა, გაიძვერობა და მრისხანება არ შევიძინოთ. რადგან საერთოდ ეს ხდება ხოლმე და არაფერი ამაში გასაკვირი არ არის. ვიდრე ადამიანი უბრალო მუშად რჩება გემზე, ან მიწის მუშად, მის წინააღმდეგ მეფის მტრები არცთუ ძლიერად იბრძვიან, მაგრამ, როდესაც ნახავენ, რომ მან აიღო სამეფო ბეჭედი და ფარი, საჭურველი, ლახვარი და მშვილდი მეფისა და საომრად შეიმოსა, მაშინ კბილებს ააღჭრიალებენ მასზედ და ყველა მის მოკვდინებას შეეცდება. ასე რომ, თვალი არ უნდა მივრულოთ.
153. მე ვნახე, რომ კეთილი და მშვენიერი ყმაწვილები სასწავლებელში სიბრძნის მისაღებად მოვიდნენ. მათ განათლების და კეთილი სარგებლის შეძენა სურდათ, მაგრამ სხვებთან ურთიერთობის გამო უკმეხობისა და ცოდვის გადა ვერაფერი შეიძინეს. ვისაც გონება შესწევს, ამ ნათქვამს შეიმეცნებს.
154. შეუძლებელია, რომ ვინმე ყოველდღიურად ბეჯითად სწავლობდეს რაიმე ხელობას და ყოველდღიური წარმატება არ აღწევდეს მასში; მაგრამ ერთნი სცნობენ ამ წარმატებას, მეორენი კი ღვთის განსაკუთრებული განგებულების ძალით, ვერ ამჩნევენ მას.
155. კარგი ვაჭარი (*) ყოველ საღამოს მთელი დღის მოგებასა და წაგებას ითვლის, მაგრამ იგი ამას ვერ შეძლებდა, ყოველ წუთს ნავაჭრს რომ არ იწერდეს. ამიტომაა, რომ ყოველწუთიერი თვითგანსჯა ყოველდღიურად განანთლებს სულს.
156. როდესაც უგუნურს საყვედურობენ ან სჯიან, მრისხანების და წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, ან მაშინათვე შენდობას ითხოვს მბრალდებელისგან, მაგრამ არა მორჩილების გამო, არამედ იმიტომ, რომ მან ბრალდება შეწყვიტოს.
157. როდესაც გსაყვედურობენ და ბრალს გდებენ, მდუმარედ იყავი და სულიერი წამალი მიიღე - როგორც სიწმინდის მნათობები.
158. როცა სულიერი მკურნალი შეწყვეტს შენს მხილებას, მაშინ შეინანე მის წინაშე, რადგან მრისხანების ჟამს შეიძლება, შენი სინანული მან არც მიიღოს.
159. მონასტერში ყოფნისას, თუმცა ყოველგვარი ვნების წინააღმდეგაა ბრძოლა საჭირო, მაგრამ განსაკუთრებით ორ მათგანს უნდა აღვუდგეთ წინ: ნაყროვანებასა და მრისხანებას. რადგან ძმათა სიმრავლის გამო.
160. მორჩილებაში მყოფთ ეშმაკი მათთვის შეუძლებელ სათნოებათა აღსრულების სურვილს უღვივებს. ამგვარადვე, დაყუდებაში მცხოვრებთ იგი მათთვის არათვისობრივ აზრებს უნერგავს.
161. გამოუცდელ მორჩილთა გონება რომ გაჩხრიკო, იქ მეტად ცოდვილ აზრებს აღმოაჩენ. ესენი: დაყუდების, გაძლიერებული მარხვის, გონების გაბნევის გარეშე ლოცვის, დიდებისადმი სრული გულგრილობის, სიკვდილის გამუდმებული ხსოვნის, განუწყვეტლად ლმობიერი გულის, სრული ურისხველობის, ღრმა მდუმარების და უმაღლესი სიწმინდის სურვილი. ღვთის განსაკუთრებული განგებულებით, რადგან მათ ეს სათნოებები არა აქვთ, ისინი თავდაპირველად გადალახავენ ხოლმე მათთვის დადგენილ საფეხურს, რადგან ეშმაკის მიერ არიან ცდუნებულნი, რომელიც ცდილობს, რომ მათ ყველა ეს სრულყოფილება დროზე ადრე ეძებონ. და რადგან მოთმინება არ ჰყოფნით, ვეღარც თავის დროზე მოიპოვებენ ხოლმე მათ.
162. საპირისპიროდ, ეს მაცდუნებელი დაყუდებული ადამიანის გულში მორჩილისთვის შესაფერის სოფლის სიყვარულს ნერგავს: მორჩილის მსახურება, ძმათა შორის სიყვარული, მანუგეშებელი თანაცხოვრება მონასტერში, ავადმყოფის მოვლა. ამ შემთხვევაში მაცდურის განზრახვა ისაა, რომ ისინიც პირველთა მსგავსად მოუთმენელნი გახადოს.
163. ჭეშმარიტად, დაყუდების გონიერად ტვირთვა შეუძლია მას, ვინც შრომაში და ბრძოლაში შემწეობა მიიღო.
164. ჩვენი ვნებების ხარისხის მიხედვით უნდა გავარკვიოთ, თუ როგორი წინამძღვრის მორჩილებაში მივიღებთ სარგებელს და შესაბამისად - ისეთი ვეძებოთ.
165. თუ თავშეუკავებელი და ხორციელ ვნებათაკენ მიდრეკილი ხარ, მოძღვრად მოღვაწე უნდა აირჩიო, რომელიც საკვებით დიდად არ გცემს ნუგეშს და არა - სასწაულმოქმედი, რომელიც მზადაა ყველას შეურიგდეს და ტრაპეზით გაუმასპინძლდეს. თუ ქედმაღალი ხარ, წინამძღვრად ისეთი ადამიანი შეარჩიე, რომელიც მოკრძალებული და ტკბილი კი არ იქნება, არამედ - მკაცრი და ჯიუტი.
166. არ უნდა ვეძებოთ ისეთი მოძღვარი, რომელიც წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის უნარს ფლობს, არამედ - ჭეშმარიტად თავმდაბალი და ზნით და ადგილსამყოფელით შესაფერისი საიმისოდ, რომ ჩვენი უძლურებები განკურნოს.
167. ზემოხსენებული ღირსი კვიროსის მაგალითის მიხედვით, ის მორჩილებაში შეგეწევა: ყოველთვის ფიქრობდე, რომ წინამძღვარი გცდის და არასოდეს შესცოდავ.
168. როცა მოძღვრის მიერ გამუდმებით მხილებული იქნები და მაინც იგრძნობ, რომ სიყვარული და რწმენა მისდამი იზრდება შენში, მაშინ იცოდე, რომ სულიწმიდა უხილავად დამკვიდრდა შენს სულში და ძალი მაღლისა გფარავს შენ. ამასთან, ნუ იხარებ და განდიდდები, თუ წყენის და უპატიობის დიდსულოვნად დათმენა შეგიძლია და პირიქით, კარგია, თუ გამუდმებით ტირი იმის გამო, რომ რაღაც სასჯელის ღირსი მოიმოქმედე და წინამძღვარი შენს წინააღმდეგ განაწყვე. ნუ შეძრწუნდები და განაწყენდები, თუ შენზე ვიტყვი (და ამის მოწმე მოსეა), რომ სჯობს ღვთის წინაშე შესცოდო, ვიდრე - სულიერი მამის წინაშე, რადგან თუ ღმერთი განვარისხეთ, მოძღვარს შეუძლია, რომ მასთან შეგვარიგოს, მაგრამ, თუ განვარისხეთ მოძღვარი, მაშინ უკვე აღარავინ გვეყოლება, ვინც გვიშუამდგომლებს. მე ვფიქრობ, რომ ორივე ეს ცოდვა თანაბარი მნიშვნელობისაა.
169. შევამოწმოთ თუ ყურადღებით განვსაჯოთ, თუ მოძღვრის ბრალდება როდის უნდა დავითმინოთ მადლობითა და უვნებლად და როდის - თავი ვიმართლოთ. მე მგონია, რომ, ყოველთვის, როცა უპატიობა მხოლოდ ჩვენ გვეხება, უნდა ვდუმდეთ (რადგან ეს სულიერების მოხვეჭის შესაძლებლობაა), მაგრამ თუ ბრალდება სხვა პირს ეხება, მაშინ სიყვარულისა და მშვიდობის დაურღვევლობის მიზნით, უნდა დავიცვათ იგი.
170. მორჩილების უპირატესობაზე იმათ შეუძლიათ გითხრან, ვინც განუდგნენ მას; რადგან მხოლოდ ამის შემდეგ შეიცნეს, თუ რომელ ცაზე იმყოფებოდნენ.
171. ვინც უვნებლობასა და ღმერთს ესწრაფის, მას დაკარგულად მიაჩნია ყოველი დღე, როდესაც არავისგან მიიღებს ყვედრებას.
172. როგორც ის ხეები, რომელთაც ქარი ებრძვის და მიწაში ღრმად იდგამენ ფესვებს, ასევე მორჩილებაში მყოფთ ძლიერი და შეურყეველი სული აქვთ.
173. ვინც დაყუდებისას თავისი უძლურება შეიცნო და მორჩილებაში მოვიდა, ის იყო ბრმა, რომელსაც ქრისტეს დანახვით თვალი აეხილა.
174. გამხნევდით, ძმანო, მოღვაწენო, გამხნევდით და კვლავაც გეტყვით, გამხნევდით და ნურასოდეს შეწყვეტთ წინსვლას. ყური უგდეთ ბრძენს, რომელიც თქვენს შესახებ ამბობს: ღმერთმა ჯერ თანაცხოვრებელთა შორის ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა (სიბრძნ. 36) თავის წიაღში. რომელსა შვენის დიდება და ძლიერება უკუნისამდე, მამისა თანა დაუსაბამოისა და სულისა წმიდისა და თაყვანსიცემა, ამინ.
ამ საფეხურის რიგი მახარებელთა რიცხვს ემთხვევა.
განმხნევდი, მოღვაწეო, უშიშრად ისწრაფე წინ, ოდესღაც იოანემ პეტრეს გაუსწრო.
აქ კი მორჩილება სინანულს უსწრებს, რადგან პირველი მათგანი
მორჩილების სახეა, ხოლო მეორე - სინანულის.
კომენტარები
ბერძნული ტექსტის ძველი ქართული თარგმანისათვის
14.
რად ამბობს, მორჩილების გარეშე უფალს ვერავინ იხილავსო. მაშ როგორ იხილა მარიამ მეგვიპტელმა და მამა ანტონიმ და მრავალმა სხვამ?! არამედ ამგვარად გავიგოთ ეს სიტყვები: ვინც მხურვალება შეიძინა, ხორცი სულს დაემორჩილა და სინდისის მხილება ანუ მამხილებელი გონება თავისი თავის ბოროტ მსაჯულად დაადგინა, მასში ღვთის ძლიერი სიყვარულის ცეცხლი აღიგზნო, იგი საღმრთო მცნებების მორჩილი გახდა. ხილულ მორჩილებაზე უწინ უხილავი მორჩილება მიიღეს ამ წმინდანმა ადამიანებმა, რომლებიც მორჩილების გარეშე მიაღწიეს წარმატებას. რადგან ესოდენი საღმრთო ცეცხლი შეიძინეს, ამიტომ გახდნენ იმგვარნი. მაგრამ მძიმე და ძნელად მოსაპოვებელია ამგვარი ღვაწლი და ვისაც მსგავსი აზრები და საქმე არ მოუპოვებია, მორჩილების გარეშე იგი ღმერთს ვერ იხილავს. რადგან საჭიროა, ან ღვთის მცნებებს მორჩილებდეს კაცი და ისე მიაღწიოს ამ სიმაღლეს, ან მოძღვრის მორჩილება უნდა მოიპოვოს და ამით მიაღწიოს ღვთის მორჩილებას. მოძღვრის მორჩილება კი იგივე ღვთის მორჩილებაა, რადგან მორჩილი მოძღვარს ღვთის მცნებებისთვის ემორჩილება.
15.
თავმდაბალი საკუთარ თავს არ შეაგონებს კარგი მორჩილი ვარო, არც იმას იტყვის, ცოდვათა მიტევება მოვიპოვეო და სწორედ მას აქვს ცოდვების შენდობა. ხოლო ვინც ამპარტავანია, იგი ურჩია და თავი მორჩილი ჰგონია და ფიქრობს, რომ ცოდვათა შენდობა მოიპოვა, სინამდვილეში კი მას ეს შენდობა მოპოვებული არა აქვს.
16.
გამოძიებას იმას უწოდებს, როდესაც მოწაფე გამოიძიებს მოძღვირს სიტყვას: ან მე რატომ მითხრა ასეთი რამ, ან - ასე რად ამბობდაო.
48.
სხვა არ იყო რა ეს შეცოდება, თუ არა - ჩუმად ჭამა. მან ჯორის ტვირთიდან შეჭამა რაღაც ჩუმად და აღიარა. აქ სიძვაზე კი არ ამბობს, როგორც ვიღაც უგუნურებმა მოიგონეს და არც ღიმილით მიუგებდა სიძვის საქმეზე მოძღვარი მას.
76.
აქ ურჩობა და ამპარტავნება იგულისხმება.
95.
მორჩილება სიმდაბლის დასაწყისია, რადგან ვინც საკუთარ თავს არ შეიცნობს, როგორც სათნოებათაგან ნაკლულევანს, მორჩილებას ვერ შესძლებს, საკუთარი უძლურების მიხვედრას სული მორჩილებაში მოჰყავს, ხოლო ღვთის შიშით შეპყრობილი მორჩილება სიმდაბლეს შობს და სიმდაბლე კი - ამპარტავნებას განდევნის. ამგვარად ხდება კაცი უვნებლობის სამყოფელი.
95.
მარიამი - მოსეს და.
109.
ამას კრებულში მყოფთა შესახებ ამბობს, რადგან თუ მდაბალი ხარ, სულიერი საქმე შენს გულში აღასრულე, ნურც სიტყვით, ნურც ქმედებით გამოაჩენ მათ. საქმე კი გონებაში დანერგილ ლოცვას გულისხმობს; მაგრამ თუ განიკითხავ სხვებს, ვინც უქმობაში არიან, მაშინ სჯობს, რო არც შენ გქონდეს ეს საქმენი და არც ძმებს აბრალებდე რამეს. არამედ უმჯობესია, შენც მათი მსგავსი იყო, ვიდრე საკუთარი მცირეოდენი ღვაწლის გამო ამპარტავანი და დიდებისმოყვარე გახდე.
151.
ხორციელი პატივი და სულიერი შეურაცხყოფა ნიშნავს იმას, რომ ბერი მისი სულისათვის არ ზრუნავდა.
155.
ვინც ყოველდღე ამოწმებს და განიკითხავს საკუთარ თავს და მთელს ცხოვრებას ამ საზრუნავითა და სატკივარით ატარებს, თუ როგორ განვლო დღემ და ღამემ მისთვის, ის არის თავისი საქმეების კეთილი ვაჭარი.