1. ისევე, როგორც ცოტა-ცოტა წყლის დასხმით შეგვიძლია, ჩავაქროთ ცეცხლი, მრისხანების და გულისწყრომის ალსაც ამგვარადვე დაშრეტს ჭეშმარიტი გლოვის ცრემლები. ამიტომ, ამჯერად, თანმიმდევრობით სწორედ ურისხველობაზე ვისაუბრებთ.
2. ურისხველობა უპატიობის გაუმაძღარი სურვილია, ისევე, როგორც პატივმოყვარე ადამიანებს ქების უსასრულო სურვილი შეიპყრობთ ხოლმე.
3. ურისხველობა ბუნების დაძლევაა, რომელიც მრავალი ოფლითა და შრომით მოიპოვება.
4. სიმშვიდე არის სულის უცვლელი მდგომარეობა როგორც პატივის, ასევე უპატიობის მიღებისას.
5. ურისხველობის დასაწყისი ბაგის მდუმარებაა - გულის აღშფოთების ჟამს, შუალედი - აზრთა მდუმარება სულის მსუბუქი აღძვრისას და დასასრული - შეურყეველი მდუმარება არაწმიდა ქართა მობერვისასაც კი.
6. მრისხანება დაფარული სიძულვილის ხსოვნაა, ე.ი. - ბოროტმეხსიერება.
7. მრისხანება არის განმარისხებელისთვის ბოროტის მიგების სურვილი.
8. სიფიცხე გულის უდროო აღშფოთებაა.
9. გამწარება სულში ჩაბუდებული უსიამოვნო განცდაა.
10. გულისწყრომა - დაწყნარებული სულის უეცარი აღშფოთება და სულის უმსგავსი მდგომარეობაა.
11. როგორც სინათლის გამოჩენისას განიდევნება წყვდიადი, ასევე ღვთისმოსაური სიმდაბლე ყოველგვარ წყენასა და გულისწყრომას განდევნის.
12. ზოგიერთნი, გულისწყრომისკენ რომ ჰქონდათ მიდრეკილება, მკურნალობას დაუდევრად მოეკიდნენ და ამ ვნებამ გაანადგურა ისინი. ამ საცოდავებს არ უფიქრიათ წერილზე: წამი გულისწყრომისა მისისა არს დაცემა მისდა (ზირ. 1,22).
13. წისქვილის ქვის სწრაფ ბრუნვას ძალუძს წამიერად წარხოცოს და გაანადგუროს უფრო მეტი სულიერი ხვავი და ცხოვრების ნაყოფი, ვიდრე სხვა ქვის ერთ შემობრუნებას მთელი დღის განმავლობაში; ამიტომ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს.
14. ზოგჯერ ქარის ერთი შემობერვით აგიზგიზებული ალი ხანგრძლივ ხანძარზე მეტად ანადგურებს და წვავს სულიერ ყანას.
15. არც ის შეიძლება დაფარული დარჩეს ჩვენთვის, მეგობრებო, რომ მრისხანების ჟამს ბოროტი სულები ხშირად მალევე გვტოვებენ ერთი მიზნით, რომ უდიდესი ვნებები არად ჩავაგდოთ, უმნიშვნელოდ მივიჩნიოთ და ბოლოს ჩვენი სნეულება სრულიად განუკურნებელად ვაქციოთ.
16. როგორც მაგარკორძებიანი ქვა სხვა ქვებთან შეხლა-შემოხლითა და გორვით გამქისდება, უთანაბრობა და კორძიანობა მოაკლდება და თითქმის მრგვალი გახდება, ასევე შეუპოვარი და ფეთქებადი ხასიათის ადამიანი სხვა ასევე უხეშ ადამიანებთან ურთიერთობისას ორიდან ერთს მიიღებს: ან მოთმინებით განიკურნავს ჭრილობებს, ან გაეცლება იქაურობას და ამგვარად თავის უძლურებას აშკარად შეიცნობს, რაც - როგორც სარკეში - ისე გამოვლინდება სავანიდან მის სულმოკლე განრიდებაში.
17. მრისხანებაში მყოფი ადამიანი თავიდან ნებით ეძლევა ამ ვნებას, შემდეგ უკვე ჩვევაში გადაეზრდება. და ბოლოს, უნებურად სრულიად დამარცხდება და შეიმუსრება მის მიერ.
18. არაფერი ისე არ სძულს მონანულს, როგორც გულფიცხობისგან აღშფოთება, რადგან სინანული უდიდესი სიმდაბლეს ითხოვს, ხოლო გულფიცხობა უდიდესი თავმაღლობის ნიშანია.
19. თუ უკიდურესი თვინიერების ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ მშფოთვარეთა შორის გულის სრული მყუდროება და მათდამი სიყვარულის წინდი შევინარჩუნოთ, მაშინ უეჭველია, რომ მრისხანების უკიდურესი ხარისხი ვლინდება იმით, რომ ადამიანი, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილიც კი, სიტყვით და მოძრაობებით თითქოს მის შეურაცხმყოფელს წინ აღუდგება და შერისხავს.
20. თუკი სულიწმიდა იწოდება და არის კიდეც სიმშვიდე სულთა, ხოლო მრისხანება - აღშფოთება გულისა, არაფერი ისე არ დააბრკოლებს ჩვენში სულიწმიდის დამკვიდრებას, როგორც - მრისხანება.
21. ჩვენთვის მრისხანების აღძვრის მრავალგვარი ბოროტი ვითარებაა ცნობილი. და მათ შორის მხოლოდ ერთმა - ისიც განსაკუთრებულ ვითარებაში - შეიძლება კეთილი ნაყოფი გამოიღოს, რადგან, მინახავს ადამიანები, რომლებიც აღაშფოთა გულისწყრომამ და ბევრი ბოროტი ფიქრი და განზრახვა, გულში რომ მალავდნენ - გამოამჟღავნეს. ამით უარესი ვნებისგან გათავისუფლდნენ, რადგან მან, ვისკენაც მათი მრისხანება იყო მიმართული, დაამშვიდა ისინი, ან შენდობა ითხოვა. და სხვებიც მინახავს, რომელთა სულგრძელება ადამიანური კი არა - პირუტყვული იყო და მდუმარება ავმეხსიერებას მალავედნენ, გულს ბოროტებით აღივსებდნენ, რადგან მათ მტრედის სისპეტაკე შებღალეს და დააკნინეს.
22. მეტად უნდა ვუფრთხოდეთ და გავურბოდეთ ამ გველს (მრისხანებას და ავმეხსიერებას), რადგან მას ისევე, როგორც ხორციელ ვნებათა გველს, ბუნება ჰყავს შემწედ.
23. მინახავს ადამიანები, რომელთაც მრისხანების გამო საჭმელზე უთქვამთ უარი; და ამ უგუნური თავშეკავებით შხამზე შხამი დაიმატეს. მინახავს სხვებიც, რომლებიც მრისხანებას იმიზეზებდნენ, ნაყროვნებაში იყვნენ და ამით თითქოს თხრილიდან ღრმა უფსკრულში ცვიოდნენ. ბოლოს, ის გონიერი ადამიანებიც მინახავს, რომლებმაც, ბრძენი მკურნალის მსგავსად, ორივეს შეზავებით სულსაცა და ხორცსაც ზომიერი ნუგეში მისცეს და ამით დიდი სარგებელი მოიპოვეს.
24. ზოგჯერ ზომიერი ფსალმუნება მრისხანების ვნებას წარმატებით აცხრობს, ზოგჯერ კი, თუ ის უზომო და უდროოა, გემოთმოყვარებას აღძრავს. ამიტომ ზომიერება აქაც საჭიროა.
25. თუ პასუხს კეთილად გავცემთ, მრისხანე გულს დავაცხრობთ, ხოლო უხეში შეპასუხება - პირიქით - განარისხებს გულს. ამიტომ არის, რომ მუდამ სიმდაბლით უნდა ვიქცეოდეთ.
26. ერთხელ რაღაც საჭიროების გამო დაყუდებაში მყოფთა სენაკების ახლოს ვიჯექი. გალიაში შეპყრობილი ფრინველებივით აღეგზნებოდნენ ისინი მარტოობაში - წყენისა და მრისხანებისგან და როგორც თანადამსწრეებს - ისე აგინებდნენ განმარისხებლებს. მაშინ კეთილსინდისიერად ვურჩიე მათ დაყუდებას განრიდებოდნენ, რათა ადამიანებიდან ეშმაკებად არ ქცეულიყვნენ.
27. ვნახე სხვა გემოთმოყვარე და ვნებიანი გულის მქონე ადამიანები, რომლებიც თითქოს მოკრძალებულნი, ალერსიანნი, ძმათამოყვარენი იყვნენ და მშვენიერი სახეების ცქერა უყვარდათ; მე მათ დაყუდებული ცხოვრება შევთავაზე, რათა სიძვის ვნებისა და ხორციელ უწმიდურებათა სიმყრალისგან განკურნებულიყვნენ. რათა საბრალოები გონიერ არსებათაგან უსიტყვო პირუტყვებად არ ქცეულიყვნენ.
28. რადგან ზოგიერთი მეუბნებოდა, რომ ორივე ამ ვნებისადმი აქვს მიდრეკილება (ე.ი. გემოთმოყვარეობის ან მრისხანებისადმი), მათ საკუთრ ნებაზე ცხოვრება ავუკრძალე; მოძღვრებს კი სიყვარულით ვურჩიე, რომ მათთვის ცხოვრების ხან ერთი და ხან მეორე წესი დაეკისრებინათ, ყველაფერში კი წინამძღვარს დამორჩილებოდნენ.
29. გემოთმოყვარე მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს, ან კიდევ ერთ თავის თანამზრახველს, მრისხანე კი - მსგავსად მგლისა - მთელ ჯოგს აღაშფოთებს, მრავალ სულს ავიწროვებს და აწყენს.
30. მრისხანების მიერ სულიერი თვალის დაბნელება დიდად მავნებელია, როგორც ნათქვამია: შეშფოთნა გულისწყრომითა თვალი ჩემი (ფს. 6,8). უარესია, როცა სულიერ მრისხანებას ბაგეც გაამჟღავნებს; ხოლო თუ მას ხელის გამოღებაც დაერთო, ეს უკვე მონოზვნის ანგელოზური და ღვთაებრივი ცხოვრების წესისთვის სრულიად მიუღებელია.
31. თუ გსურს, ან ფიქრობ, რომ ძმას თვალიდან ბეწვი ამოაცალო, გაუფრთხილდი, რომ საექიმო იარაღის მაგიერ ისარი არ გამოიყენო. ისარი ეს სასტიკი სიტყვა და უხეში მიმართვაა. ხოლო საექიმო იარაღი არის მოკრძალებული დარიგება და დიდი ხნის მოთმინებით მხილება.
32. მოციქული ამბობს: ამხილე, შერისხენ და ნუგეშინისეც (2 ტიმ. 4,2). და არ უთქვამს: გვემეო, რდგან თუ ეს საჭირო შეიქმნა, ძალიან იშვიათად უნდა მიმართო მას და ისიც - არა საკუთარი ნებით.
33. თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ მრისხანეთაგან მრავალნი მღვიძარებაში, მარხვასა და დაყუდებაში გულმოდგინებით ვარჯიშობენ. ხოლო ეშმაკის განზრახვაა, რომ სინანულისა და გლოვის სახით მათ ვნებების მკვებავი ნივთიერება შეატყუოს.
34. თუ, როგორც ზემოთ ვთქვით, ერთ მგელს დემონების შეწევნით ჯოგის აღშფოთება შეუძლია, ასევე ერთ ძმას, ანგელოზთა მეოხებით ძალუძს, რომ ზეთით სავსე კეთილი ჭურჭლის მსგავსად დააცხროს ღელვა და ხომალდს მშვიდად ცურვის საშუალება მისცეს. და როგორც უმძიმეს სასჯელს მიიღებს პირველი ღვთისგან, ასევე დიდი იქნება ჯილდო მეორისთვის, რომელიც ყველას სასარგებლო მაგალითად ექცევა.
35. ნეტარი ურისხველობის საწყისი არის უპატიობის მოთმენა - თუნდაც სულის აღშფოთებითა და ტკივილით. საშუალო მდგომარეობაა უპატიობის მწუხარების გრეშე დათმენა, ხოლო დასასრული, თუკი შესაძლებელია, მას დასასრული ჰქონდეს, არის ის, როდესაც ადამიანი შეურაცხყოფას ქებასავით მიითვლის.
36. დაე, იხარებდეს პირველი, ცხონდეს მეორე, ხოლო მესამე - ნეტარია უფლისა მიერ და იხარებს მარადის.
37. მე ვნახე, რომ მრისხანებით შეპყრობილი ადამიანები მათში საიდუმლოდ ჩაბუდებულ ამპარტავნებას საცოდავ დღეში ჩაეგდო. რადგან განრისხებისას მათ კიდევ უფრო განარისხებდათ ის, რომ მრისხანებამ დასძლიათ. მე განვცვიფრდი იმის ხილვით, თუ დაცემას როგორ მოსდევდა დაცემა და არ შემეძლო, თანაგრძნობით არ მეცქირა, ცოდვას ცოდვით როგორ მიუზღავდნენ სამაგიეროს. ეშმაკების ამ თავხედობით შეძრწუნებული ლამის სასოწარკვეთილებამ შემიპყრო.
38. თუ ვინმე შენიშნავს, რომ ადვილად სძლევს ქედმაღლობას და სიფიცხეს, ცბიერებას და თვალთმაქცობას და ისურვებს, რომ მათ წინააღმდეგ სიმშვიდესა და ურისხველობის ორლესული მახვილი გამოიყენოს, მან თანაცხოვრებულ ძმათა მონასტერს მიმართოს და იქ როგორც სამკურნალო სახლში - ისე შევიდეს. თანაც ყველზე მკაცრი მონასტერი ამოირჩიოს, თუკი ნამდვილად სურს, რომ ამ ვნებათაგან საბოლოოდ გათავისუფლდეს. რათა იქ ძმათაგან მოწევნულ გინებისა და შეურაცხყოფის, სულიერი თუ ხორციელი გვემის დათმენით საკუთარი სულის შესამოსელი განიწმინდოს ამ სიბილწისგან.
39. ხოლო უპატიობა, გინება და დაწიხვლა რომ ნამდვილად სულიერ ვნებებს განწმენდს, ამაზე ჩვეულებრივი ხალხური გამონათქვამებიც მეტყველებს: ცნობილია, რომ ერში ადმიანები ვინმეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით დამცირების შემდეგ ამბობდნენ: - ვინმე განვრეცხე და განვბანე. - და ეს ჭეშმარიტად ასეა.
40. სულ სხვაა ურისხველობა დამწყებთათვის, რომელიც გლოვიდან მომდინარეობს და სხვაა - სრულყოფილთა აღუძვრელობა და სიმშვიდე. რადგან პირველთა შორის მრისხანებას, როგორც აღვირი ისე აკავებს ცრემლი, მეორეებმა კი უვნებლობით მოაკვდინეს იგი, როგორც გველი - შუბით.
41. მე ვნახე სამი ბერი, რომლებიც უპატიობას ითმენდნენ. ერთი მათგანი განაწყენდა, მაგრამ დუმდა, მეორემ გაიხარა, რომ სულიერი სიკეთე მიიღო, ხოლო მესამემ მოყვასის ცოდვის დანახვაზე მხურვალე ცრემლი დაღვარა. ამ სამ მოღვაწეთაგან პირველი ღვთის შიშს განიცდიდა, მეორე სასყიდელს ელოდა, მესამეს სიყვარული მოეპოვებინა.
42. როგორც ხურვების სნეულება თავისთავად ერთი ავადმყოფობაა, მაგრამ გამომწვევი მიზეზი მრავალია, ასევე მრისხანების და სხვა ვნებათა აღძვრა და სიმწვავე მრავალი და განსხვავებული მიზეზებიდან გამომდინარეობს. ამიტომ არ შეიძლება, მათ ერთნაირად ვუმკურნალოთ. მე ასეთ რჩევას მოგცემთ, რომ ყოველმა უძლურმა თავისთვის შესაფერის მკურნალობას მიმართოს.
43. ამ მკურნალობაში უპირველესი საქმე სნეულების მიზეზის პოვნაა, ხოლო, როდესაც მას ვიპოვით, ღვთის განგებულებით და მოძღვრის კურთხევით ჩვენს წყლულს შესაბამისი სალბუნი გამოვუძებნოთ.
44. ვისაც სურს, ამ ღვთისმიერ სამსჯავროს შემოუერთდეს, დაე, მოვიდეს და ჩვენ შეიძლება - არა მთელი სიცხადით, მაგრამ გამოვიკვლიოთ, აქ მოხსენებული ვნებები და მათი მიზეზი და განვიხილოთ მრისხანების ვნება.
45. ამგვარად: შევბორკოთ მრისხანება, როგორც მტანჯველი - სიმშვიდის ჯაჭვით და მრავლისმოთმინებით დავთრგუნოთ და წმიდა სიყვარულით შევავიწროვოთ. გონების წინაშე სამსჯავროვზე წარვადგინოთ და დაკითხვა მოვუწყოთ:
46. გვითხარი შენ, შემარცხვენელო და უგუნურო, თუ ვინ არის მამა შენი ან ბოროტი დედა შენი, ასევე შენი ბილწი ძეებისა და ასულების სახელები გვამცნე. ისიც განგვიცხადე, თუ რომელი სათნოებები შეარყევენ შენს სიმტკიცეს და მოგაკვდინებენ? პასუხად მრისხანება გვეუბნება: - დედა მრავალი მყავს და არც მამა მყავს ერთი. დედანი არიან - პატივმოყვარება, ვერცხლისმოყვარება, ნაყროვანება და ზოგჯერ - სიძვა. ხოლო მამას ჩემსას ეწოდება თავმაღლობა. ასულნი ჩემნი: ავმეხსიერება, სიძულვილი, შუღლი, თვითგამართლება.
47. ხოლო მათი საპირისპირო ჩემი მტრები, რომლებიც ბორკილებით მკრავენ მე, სიმშვიდე და ურისხველობა არის. ჩემი წინამბრძოლი და დამრთგუნველი - სიმდაბლე; ხოლო თუ რისგან იშობა იგი, თავად მას ჰკითხეთ თავის დროზე.
ძმებო, ღმერთმა მოგვანიჭოს ამ ვნების დამრთგუნველი სიმდაბლე.
მერვე საფეხურზე ურისხველობის გვირგვინი დევს. მაგრამ, ვინც ბუნებიდან გამომდინარე ატარებს მას, სხვა არაფერი აქვს, მაგრამ, ვინც იგი ბუნების დაძლევით მოიპოვა, მან აშკარაა, რომ რვა ვნება დაამარცხა.