1. ალბათ, გონიერი კაცი ვერ უარყოფს, რომ სიძულვილი და ავმეხსიერება ბოროტ სიტყვას შობს. ამიტომ მისი ფუძემდებლების შემდეგ თანამიმდევრულად მას განვიხილავ.
2. ავსიტყვაობა სიძულვილის პირმშოა, შეუმჩნეველი და დაფარული სენი, რომელიც საიდუმლოდ შეაღწევს ადამიანში და წურბელას მსგავსად სისხლს წოვს სიყვარულს. ესაა თვალთმაქცური სიყვარული, გულის სიმძიმისა და შებილწვის მიზეზი. სიწმინდის სრული მოსპობა. ზოგიერთი ყრმა ურცხვენელად სცოდავს, სხვები - ფარულად და დარცხვენით, მაგრამ უფრო დიდ ცოდვაში არიან, ვიდრე - პირველნი. იგივე შეიძლება ითქვას უპატიობის ვნებებზეც. ბევრია ფარულად ცბიერი ყრმა: თვალთმაქცობა, ცბიერება, ნაღველი, ავმეხსიერება, გულისმიერი ცილისწამება და ისინი გარეგნულად ერთს წარმოაჩენენ, სინამდვილეში კი სხვას განიცდიან.
3. შევიტყვე, რომ ზოგიერთები მოყვასზე ავს ამბობდნენ. მე ავუკრძალე მათ ეს. ამ ბოროტმოქმედებმა მოსაბოდიშებლად მითხრეს, რომ ამას მოყვასზე ზრუნვითა და სიყვარულით იქმოდნენ. მე კი მივუგე: რომელი იტყოდა იდუმალ მოყუასისა თვისისა ძვირსა, იგი გარეგან ვსდევნე (ფს. 100.5).
4. თუ ჭეშმარიტად გიყვარს მოყვასი, როგორც ამბობენ, ცუდს კი ნუ იტყვი მასზედ, არამედ ილოცე საიდუმლოდ; რადგან სიყვარულის ამგვარი გამოვლინება სათნოა ღვთისთვის.
5. შემცოდეთა განკითხვას თავისთავად მოერიდები, თუ მუდამ გემახსოვრება, რომ იუდა ქრისტეს მოციქულთა შორის იყო, ხოლო ავაზაკი მკვლელთა შორის ირიცხებოდა. მაგრამ მათ სულებში სასწაულებრივი შემობრუნება წამიერად აღსრულდა.
6. ვისაც ბოროტი სიტყვის სულის დამარცხება სურს მან დანაშაული შემცოდეს კი არ უნდა მიაწეროს, არამედ - მასზე დაუფლებულ ბოროტ ძალას, რადგან ღვთის წინაშე ცოდვის ჩადენა არავის სურს, თუმცა, თითოეული ჩვენგანი იძულების გარეშე სცოდავს.
7. მე ვნახე აშკარად შემცოდე და საიდუმლოდ მონანული და ის, ვისაც მე განვიკითხავდი როგორც მეძავს, ღვთისთვის უკვე უმანკო იყო, რადგან თავისი მოქცევით შეაწყალა მას თავი.
8. ნურასოდეს შეგრცხვება მისი, ვინც შენი თანდასწრებით განიკითხავს მოყვასს, არამედ მიუგე: - კმარა, ძმაო, მე ყოველდღიურად უსასტიკეს ცოდვებში ვვარდები და როგორღა განვიკითხო იგი? - ამგვარად შენ ორ სიკეთეს მოიმოქმედებ და ერთი სალბუნით საკუთარ თავსაც განკურნავ და მოყვასსაც.
9. ეს შენთვის ცოდვების პატიების უმოკლესი გზაა. ე.ი. სრული განუკითხველობა, რადგან ნათქვამია: ნუ განიკითხავ და არა განიკითხნეთ (ლუკ. 6,37).
10. როგორც ცეცხლი ეწინააღმდეგება წყალს, ასევე არ არის მონანულის თვისება განსჯა.
11. რომც ნახო ვინმე, რომელიც თვით სულის ამოსვლის დროს სცოდავს, მაშინაც კი არ განსაჯო იგი, რადგან ღვთიური სამართალი კაცთათვის მიუწვდომელია.
12. ზოგიერთი უდიდეს ცოდვებში იმყოფება აშკარად, მაგრამ საიდუმლოდ მრავალი სათნოება აღასრულეს და ისინი, ვინც მათ განიკითხავდნენ, იმით შეცდნენ, რომ კვამლის დევნაში მზე ვერ იხილეს.
13. მისმინეთ მე, მისმინეთ, სხვათა საქმეთა ბოროტნო მსაჯულნო, თუ ჭეშმარიტია ის, რაც დანამდვილებით ჭეშმარიტია, რომლითა სასჯელითა განიკითხნენ მოყუასნი, მითვე სასჯელითა დაისაჯნეთ (მათ. 7,6). მაშინ ცხადია, რომ, რომელი ცოდვისთვისაც განიკითხავთ მოყვასს, სულიერი იქნება ის თუ ხორციელი, იმავ ცოდვაში თავად ვარდებით. და ეს სხვაგვარად არც ხდება.
14. მოყვასის ყველაზე მკაცრი და გულმოდგინე მსაჯულები განკითხვის სნეულებით შეპყრობილნი იმიტომ არიან, რომ საკუთარი ცოდვები არ ახსოვთ და არ ზრუნავენ მათ აღსახოცად. რადგან თუ ადამიანი ზუსტად, თავმოყვარეობის საბურველის გარეშე თავის ბოროტ საქმეებს დაინახავს, მაშინ იგი მიწიერზე არ იზრუნებს, რადგან მიხვდება, რომ საკუთარი თავის გამოსატირებლადაც არ ჰყოფნის დრო, თუნდაც ასი წელი იცხოვროს და მრადჟამს თვალთაგან იორდანის წყალზე უხვად გარდამომდინარე ცრემლს ხედავდეს.
15. მე ვაკვირდებოდი ჭეშმარიტი მოანნულის ცრემლებს და მათში ბოროტი სიტყვისა და განკითხვის კვალიც კი ვერსად შევნიშნე.
16. კაცისმკვლელი ეშმაკები აღგვძრავენ, რომ შევცოდოთ, ანდა თუ არ ვცოდავთ, მცოდველი განვიკითხოთ, რათა მეორეთი პირველი შევბილწოთ.
17. იცოდე, რომ ისიც ადამიანის ავმეხსიერებასა და შურიანობაზე მიუთითებს, თუკი ის ადვილად, სიამოვნებით განიკითხავს მოყვასის სწავლებას, სათნოებებსა და საქმეებს. იგი სიძულვილის სულითაა შეპყრობილი.
18. მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩუმად, დაფარულად უმძიმეს ცოდვებს აღასრულებდნენ და ამასთან, სხვებზე უკეთესად მიაჩნდათ თავი და თავს ესხმოდნენ მათ, რომელბიც მსუბუქ, მაგრამ აშკარა ცოდვებში ვარდებოდნენ.
19. განსაჯო - ეს ნიშნავს უსირცხვილოდ მიიტაცო ღმერთის მხოლოდშობილი წოდება და განიკითხო - ნიშნავს დაღუპო საკუთარი სული.
20. როგორც ქედმაღლობა სხვა ვნებათა გარეშეც დაღუპავს ადამიანს, ასევე მხოლოდ განკითხვას, თავისთავად შეუძლია ჩვენი სრულიად წარწყმედა, რადგან ფარისეველიც სწორედ ამისთვის დაისაჯა.
21. როგორც კეთილი მევენახე მხოლოდ მწიფე ნაყოფს იგემებს, ხოლო მჟავეს დატოვებს, ასევე კეთილი და განმსჯელი გონება ყველაფერში სათნოებას იპოვის, თუკი მასში რამენაირად შეიძლება მისი დანახვა. უგუნური კაცი კი ცოდვასა და ნაკლს ეძებს. სწორედ მასზეა ნათქვამი: გამოიძიეს უსჯულოებანი და განიზრახეს გამოძიება გამოსაძიებელთა მათთა (ფს. 63.7). საკუთარი თვალითაც რომ იხილო მცოდველი, ნუ განსჯი, რადგან ხშირად თვალიც მატყუარაა.
საფეხური მეათე. ვინც მასზედ ავიდა, ის ან სიყვარულის მოღვაწეა, ან - გლოვისა.