1. მოწყინება, ხშირად, როგორც ადრეც გითხარით, მრავლისმეტყველების ერთ-ერთი უპირველესი გამონაზარდი, ერთ-ერთი უპირველესი პირმშოა. ამიტომაც ამ ცოდვას ადგილი სწორედ აქ მივუჩინეთ, როგორც სრულიად შესაფერისი - ბოროტ ჯაჭვში.
2. მოწყინება სულის დასნეულებაა, გონების დაუძლურება, მონაზვნური ღვაწლის გაუფრთხილებლობა, აღთქმისადმი სიძულვილი, ამ სოფლის დანატვრა, ბრალდება ღვთისა, თითქოს იგი უმოწყალო და არაკაცთმოყვარე იყოს. გალობისას ის სუსტია, ლოცვისას - უძლური, ხორციელი მსახურებისას - რკინასავით მტკიცე, ხელსაქმეში დაუღალავი, მორჩილებაში - თვალთმაქცური.
3. მორჩილმა ადამიანმა არ იცის მოწყინება, რადგან გრძნობით საქმიანობით აზრობრივ და სულიერ ღვაწლსაც მოიპოვებს.
4. ძმათა თანაცხოვრება მოწყინებისათვის მეტად საძულველია, ხოლო დაყუდებაში მყოფს იგი არასოდეს შორდება.
5. სიკვდილამდე თავს არ ანებებს და აღსასრულამდე ყოველდღიურად ებრძვის.
6. როცა განდეგილის სენაკს დაინახავს, მოწყინება ხარობს, მიუახლოვდება და იქვე სახლდება.
7. ექიმი დილაობით ინახულებს ხოლმე ავადმყოფს, მოწყინება კი დაახლოებით შუადღისას ესტუმრება მოღვაწეს.
8. მოწყინება უცხოთშემწყნარებლობის სურვილს აღძრავს. ჩააგონებს, რომ ხელსაქმისგან მოწყალება გაიღოს.
9. სურვილს უნერგავს, რომ ავადმყოფები მოინახულოს, ახსენებს მას, რომელმაც თქვა: უძლურ ვიყავ და მოხვედი ჩემდა (მათ. 25. 36)
10. სულმოკლეთა და უძლურებთან მისვლას აიძულებს და თავად სულმოკლე სხვა სულმოკლეთა ნუგეშისცემას ცდილობს.
11. ლოცვაზე დგომისას ეს ცბიერი სული საჭირო საქმეებს შეახსენებს და ყოველგვარ მზაკვრობას ხმარობს, რომ უფალთან საუბარს განარიდოს, თანაც, თითქოსდა - რაიმე საპატიო მიზეზით.
12. მოწყინების ეშმაკი მესამე ჟამნზე ამოქმედდება თავის ტკივილით, სიცხით, მუცლის ტკივილით.
13. მეცხრე ჟამნზე მცირედ დაგვეხსნება, ხოლო ტრაპეზის მოახლოებისთანავე საწოლიდან წამოდგომას გვაიძულებს. მაგრამ შემდეგ, ლოცვის ჟამს, კვლავ ამძიმებს სხეულს.
14. ლოცვაზე დგომისას ძილს გვგვრის და მთქნარებით გალობის მუხლებს გვტაცებს პირიდან.
15. ნებისმიერი ვნება მისი საპირისპირო რომელიმე სათნოებით მარცხდება. მოწყინება კი განდეგილისთვის სიკვდილის მომტანია.
16. მხნე სული მკვდარ გონებასაც კი აღადგენს. მოწყინება და სიზარმაცე კი მთელ სიმდიდრეს განაბნევს.
17. მაგრამ რამდენადაც ყველა იმ რვა უმთავრესი ბოროტებიდან მოწყინების სული ყველაზე უფრო დამამძიმებელია, ამიტომ მას იმავე წესით უნდა მოვექცეთ, როგორც სხვებს და თანაც კიდევ შემდეგი უნდა დავამატოთ.
18. როცა ფსალმუნება არ არის, მოწყინება არსად ჩანს და დემონთა მიერ მილულული თვალები კანონის დასრულებისთანავე გაიღება.
19. მოწყინებისას წარმოჩნდებიან ხოლმე მოღვაწეები და არაფერი იმდენ გვირგვინს არ მოუტანს განდეგილს, რამდენსაც - მოწყინება.
20. დააკვირდი და ნახავ, ის ებრძვის მათ, ვინც ფეხზე დგას და აიძულებს, რომ დასხდნენ, მსხდომარეთ უბიძგებს, რომ კედელს მიეყრდნონ. ის მათ აიძულებს, რომ სენაკის ფანჯრიდან გაიხედონ და ნაბიჯების ხმას მიუგდონ ყური. ვინც საკუთარს თავს დასტირის, მან მოწყინება არ იცის.
21. მაშ შევბორკოთ ეს ბოროტება სიკვდილის ხსოვნის ბორკილებით. ვგვემოთ იგი ხელსაქმით და იმ საუკუნო კეთილზე ფიქრით, რომელიც მოგველის. ხოლო, როდესაც ჩამოგვეხსნება, ამგვარი კითხვებით მივმართოთ მას:
22. - მაშ გვითხარ შენ, უდებო და უძლურო, ვინ არის ის ბოროტი, ვინც გშობა, ან ვინ არიან შენი პირმშონი? ვის შეუძლია, შეგებრძოლოს და ვის შეუძლია, მოგაკვდინოს შენ? ის პასუხობს: - ჭეშმარიტ მორჩილთა შორის „თავის მისადრეკი“ ადგილის პოვნა მე არ შემიძლია, დაყუდებულთა შორის ვარ დამკვიდრებული და მათთან ვცოხვრობ. მრავალი მშობელი მყავს: ზოგჯერ - სულის უგრძნობელობა, ზოგჯერ - ზეციურ სიკეთეთა დავიწყება, ზოგჯერ - გადაჭარბებული შრომა, ჩემი პირმშონიც ჩემთან იმყოფებიან: ადგილსამყოფელის მონაცვლეობა, სულიერი მამის ლოცვა-კურთხევის არად ჩაგდება, საშინელი სამსჯავროს დავიწყება, ზოგჯერ კი - მონაზვნობის აღთქმის დარღვევა. ხოლო ჩემი მოწინააღმდეგენი, რომლებიც ხელფეხს მიკრავენ, ფსალმუნება დ ხელსაქმეა. ჩემი მტერი - სიკვდილზე ფიქრია, ჩემი მოკვლა კი შეუძლია დაუცადებელ ლოცვას, რომელიც ზეციურ სიკეთეთა მიღების იმედითაა განმტკიცებული; ხოლო ვინც ლოცვა შვა, ამის შესახებ მასვე ჰკითხეთ.
ვინც მეცამეტე საფეხურზე გაიმარჯვა, მან ჭეშმარიტად მოიპოვა გამოცდილება.