იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ისე ცხოვრობს ხორცში, როგორც - უხორცო

1. ჩვენ მძვინვარე გემოთმოყვარეობისაგან მოვისმინეთ, რომ სიძვის ბრძოლები მისი პირმშოა და ეს საოცარი სულაც არ არის. ამას ჩვენი პირველი მშობელი ადამიც გვასწავლის, რადგან სტომაქს რომ არ დაეძლია, იგი ვერასოდეს შეიცნობდა დედაკაცს, ამიტომ ისინი, ვინც თავშეკავების (პირველ) მცნებას იცავენ, არც მეორე ცოდვაში (ქალწულების დარღვევაში) ვარდებიან. და თუმცა ადამის ძეები არიან, მათ არ იციან, ვინ იყო ადამი დაცემის შემდეგ, არამედ არიან ანგელოზთა მსგავსნი და ეს იმიტომ, რომ ბოროტება უკვდავი არ იყოს, ასე ამბობს მასწავლებელი, რომელსაც ღვთისმეტყველის საპატიო სახელი აქვს (გრიგოლ ნაზიანელი).

უხრწნელ სიწმიდესა და ქალწულებაზე,
რომელთაც ხრწნადი შრომითა და ოფლით მოიპოვებენ

2. სიწმინდე უსხეულო ბუნების გათავისებაა.

3. სიწმინდე ქრისტეს სანატრელი სახლი და გულის მიწიერი ზეცაა.

4. სიწმინდე ბუნების ზებუნებრივი უარყოფაა და ხრწნადი სხეულის ჭეშმარიტად დიდებული მოშურნეობა უსხეულო სულთა მიმართ.

5. წმიდაა იგი, ვინც სიყვარულს (ხორციელს) სიყვარულით (ღვთაებრივად) ამარცხებს და ხორციელ ცეცხლს უნივთო ცეცხლით დაშრეტს.

6. ქალწულება ყოველგვარ სათნოებათა ყოვლისმომცველი სახელია.

7. ქალწულება სულისა და ხორცის სიწმინდეა.

8. ქალწული იგია, ვინც ძილშიც კი არანაირ აღძვრას არ განიცდის და არც ის მდგომარეობა ეცვლება, რომელშიც იმყოფება.

9. ქალწული იგია, ვინც სხეულისადმი სრული უგრძნობელობა საბოლოოდ მოიპოვა.

10. სრულყოფილი და ყოვლადნეტარი სიწმინდის საზღვარი და უკიდურესი საფეხური არის ის, რომ ცოცხალი და არაცოცხალი, პირუტყვი და პირმეტყველი არსებების ხილვა ერთნაირ განწყობილებას ბადებდეს კაცში.

11. დაე, მათ, ვინც სიწმინდე მოიხვეჭა, ნუ ეგონებათ, რომ თავისი მცდელობით მიაღწიეს ამას, რადგან საკუთარი ბუნების დაძლევა შეუძლებელი რამ არის და სადაც ბუნება იძლევა, იქ იმის ყოფნა უნდა შევიცნოთ, ვინც ბუნებაზე უპირატესია, რადგან სრულიად უდავოა, რომ მცირე უპირატესის მიერაა ძლეული.

12. სიწმინდის დასაწყისში ხდება, რომ აზრი სიძვის ვნებას ვერ ეწყობა და ოცნების გარეშე ძილში ეცემა კაცი, შუაგული სიწმინდისა არის, როცა დანაყრება იწვევს ბუნებრივ აღძვრას, მაგრამ - ოცნების გარეშე; სიწმინდის მწვერვალი არის მოკვდინება ხორცისა (ხორცის აღძვრის), რომელიც არაწმიდა აზრების დაძლევით მიიღწევა.

13. ჭეშმარიტად დიდია იგი, ვინც ყოველგვარი სხეულისა და სილამაზის მიმართ უგრძნობელობა მოიხვეჭა.

14. ის კი არ არის წმიდა, ვინც თიხას (სხეულს) განუხრწნელად დაიცავს, არამედ იგი, ვინც ყოველ ასოს სულს დაუმორჩილებს.

15. დიდია იგი, ვინც შეხებისას უვნებლობა დაიცვა, ვინც ნანახით არ დაწყლულდება და ზეციურ მშვენიერებაზე ფიქრით დაშრეტს ცეცხლს, რომელიც მიწიერ მშვენიერებათა ხილვით აღიგზნება.

16. ის, ვინც სიძვის ძაღლს ლოცვით განდევნის, ლომებთან მებრძოლს მიაგავს; ხოლო ის, ვინც აზრობრივად, სიტყვისგებით დაამარცხებს მას, იმას ედრება, ვინც მტერი დასძლია; ხოლო ის, ვინც არად აგდებს ამ თავდახსმებს, თუმცა ხორცი მოსავს, უკვე საფლავიდან აღმდგარია.

17. თუ სიწმინდის ნიშანი არის ის, რომ სიზმარშიც კი აღარ ემუქრება აღძვრა ხორცისა, მაშინ ცხადია, სიძვის უკიდურესი საზღვარი არის იქ, სადაც აშკარად მხოლოდ ერთი აზრის გაელვებით დავეცემით.

18. ვინც ამ მოწინააღმდეგესთან ხორციელ ბრძოლებს წარმართავს და ოფლს ღვრის, ის იმ კაცს მიემსგავსება, ვინც მტერი სუსტი თოკებით შეკრა, ვინც მარხვითა და მღვიძარებით ებრძვის მას, ის კი მტერს რკინის სალტეებით ბოჭავს.

19. ვინც უმანკოებით, სიმდაბლითა და ურისხველობით აღუდგება წინს, ის კლავს მოწინააღმდეგეს და ქვიშაში მარხავს მას. ქვიშა სიმდაბლეს განასახაიერებს, რადგან ვნებისთვის საძოვარს არ აღმოაცენებს, არამედ მიწაა იგი და ნაცარი.

20. ვიღაც ამ მტანჯველს ღვაწლით შებორკავს, ვიღაც - სიმდაბლით, ვიღაც - საღმრთო ნიჭით და გამოცხადებით. პირველი ცისკრის ვარკსვლავის მსგავსია, მეორე - სავსე მთვარის, ხოლო მესამე - ბრწყინვალე მზისა.

21. მაგრამ სამივე ზეცის მოქალაქეა და როგორც პირველად ცისკარი გამოჩნდება, შემდეგ მოეფინება ნათელი და ბოლოს მზეც გამობრწყინდება, სწორედ ამ სახით უნდა წარმოვიდგინოთ ზემოთქმული.

22. მელა თავს მოიმძინარებს ხოლმე, ეშმაკი კი უმანკოდ გვაჩვენებს თავს, პირველი ჩიტის მოტყუებას ცდილობს, მეორეს კი სულის დაღუპვა სურს.

23. მთელი სიცოცხლის განმავლობაში არასოდეს დაუჯერო შენს ვნებულ ხორცს და ნურც მიენდობით მას, ვიდრე ქრისტეს წინაშე არ წარსდგები.

24. ნუ გგონია, რომ რადგან მარხულობ, არ დაეცემი. იგი, ვინც ზეციდან გამოიდევნა, საერთოდ არ ჭამდა ხორციელ საკვებს.

25. ზოგიერთმა კეთილად შეიცნო და თქვა, რომ მონაზვნური ღვაწლი საკუთარი ხორცის მტრობა და სტომაქთან ბრძოლაა.

26. დამწყებებს დაცემა, როგორც წესი, საკვების სიუხვისგან შეემთხვევათ ხოლმე. ისინი, ვინც შუა მოღვაწეობაში არიან, თავმაღლობისგან ეცემიან და იმავე მიზეზითაც, რითაც - დამწყებნი, ხოლო ისინი, ვინც სრულყოფილებისათვის თითქმის მიუღწევიათ, შეიძლება მხოლოდ მოყვასის განკითხვით დაეცნენ.

27. ზოგიერთი დაბადებით საჭურისს შენატრის, რადგან იგი ხორციელ ბრძოლას არ განიცდის. მე კი ვნატრი მათ, ვინც ნებით გამოისაჭურისა თავი და ბილწი გულისთქმები, როგორც ორლესული მახვილით, ისე მოიკვეთა.

28. მინახავს უნებურად დაცემულნი და მინახავს ისინიც, ვისაც ნებით სურდა დაცემა და არ შეეძლო... და მე ეს უკანასკნელნი მათზე უბადრუკად ჩამითვლია, ვინც ყოველდღიურად ეცემოდა, რადგან მას, ვისაც ცოდვის ქმნის უნარიც კი არა აქვს, ცოდვის სიმყრალეს ნატრობს.

29. უბადრუკია დაცემული, მაგრამ კიდევ უფრო უბადრუკია იგი, ვინც თვით ეცემა და სხვასაც დაცემისკენ უბიძგებს. ის ორმაგი დაცემის სიმძიმეს ტვირთულობს და ასევე - გულისთქმის სიმძიმესაც.

30. ნუ გგონია, რომ მტკიცებებითა და ბრძოლით სიძვის ეშმაკს განდევნი, რადგან მას ბევრი დამაჯერებელი გამართლება აქვს, რადგან ის ჩვენივე ბუნების საშუალებით გვებრძვის.

31. ვისაც სურს, საკუთარ ხორცს ებრძოლოს და თავისი ძალებით დაამარცხოს იგი, ტყუილად ცდილობს, რადგან უფალმა თვითონ უნდა დაარღვიოს ხორციელი ვნების სახლი და სულიერი აღმართოს. ტუილუბრალოდ მარხულობს და ლოცულობს ის, ვისაც ვნების დამარცხება საკუთარი ძალით განუზრახავს.

32. უფალს მიანდე შენი ბუნების უძლურებანი და ყოველივეში საკუთარი უძლურება შეიცანი და სიწმინდის მადლს უხილავად მიიღებ მისგან.

33. გემოთმოყვარეთა შორის (როგორც ერთხელ ერთ-ერთმა მათგანმა, ვინც ეს გამოსცადა, მითხრა), არის ხორცის მიმართ ტრფიალების უცნაური სული და ეს სული იმდენად ურცხვი და არაადამიანურია, რომ თვით გულისმიერ გრძნობებში აშკარად იბუდებს. ამ სულის მიერ ძლეულნი ბრძოლის დროს განხურვებას განიცდიან - ან როგორც აღგზნებული ღუმელისგან. მას არ ეშინია ღვთისა, საუკუნო ტანჯვის გახსენებას არაფრად აგდებს, ლოცვა სძულს, ხოლო მკვდარი სხეულის ხილვა, უსულო ქვად მიაჩნია. კაცს, რომელსაც დაეუფლება იგი, სულელად და უგუნურად წარმოაჩენს და პირუტყვთა და პირმეტყველთა სხეულის მიმართ გულისმთქმებით დაათრობს. ასე რომ, ამ მტანჯველი ბრძოლის დღეები რომ არ შემოკლდეს,* ვერც ერთი სული ვერ გადაურჩება მას, ვინც ამ ბრძოლითაა მოცული - სისხლით მორწყული და დასველებულია. და განა შეიძლება, სხვაგვარად იყოს? რადგან ყველაფერი, რაც კი ბუნებაში არსებობს, თავის მსგავსს დაუღალავად ეძებს: სისხლი - სისხლს, მადლი - მადლს, ხორცი - ხორცს. თუმცა ისინი, ვინც ბუნებას აიძულებენ და ზეციური სასუფეველი სურთ, ცდილობენ, თავად აცდუნონ მაცდური.

34. ნეტარია იგი, ვისაც ზემოაღწერილი ბრძოლა არ განუცდია. ვილოცოთ, რომ ამ განსაცდელისგან სამუდამოდ გავათავისუფლდეთ. რადგან, ვინც ამ უფსკრულში ჩავარდნილა, ძალიან შორს დგას ანგელოზებრივ კიბეზე ამსვლელთაგან და დიდი შრომა და მარხვა სჭირდება, რომ მასზე ავიდეს.

35. ვნახოთ, განა, ყველა ჩვენი გონიერი მტერი, როდესაც ჩვენზე თავდასხმას აპირებს, მასზე დაკისრებულ და მისთვის თვისობრივ დავალებას არ ასრულებს, როგორც ეს გრძნობადი ბრძოლის დროს ხდება ხოლმე?! და ეს მართლაც გასაკვირია.

36. მე ვაკვირდებოდი განსაცდელებს და უსასტიკესი დაცემანი ვიხილე, რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ (მათ. 11.15).

37. ხშირად ეშმაკი მთელ ძალისხმევას, მცდელობას, ეშმაკობასა და ცბიერებას იქითკენ მიმართავს, რომ მონაზვნობაში მყოფნი და ამ ასპარეზზე მოღვაწენი განსაცდლებით აავსოს და ბუნების საწინააღმდეგო ვნებებით დასცეს. ხშირად ისინი, ვინც დედაკაცების სიახლოვეს არიან და ხორციელი ვნებით არ იძლევიან, დანატრიან ხოლმე საკუთარ თავს. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ სადაც დაცემაა, იქ მცირე საჭირო აღარ არის.

38. ვფიქრობ, რომ ყოვლადუბადრუკი მკვლელები ორი მიზეზით ჩაგვაგდებენ ხოლმე ბუნების საწინააღმდეგო* ცოდვებში: ჯერ ერთი, ჩვენ ყველგან გვაქვს ამგვარი დაცემის შესაძლებლობა და იმიტომაც, რომ ის უფრო მეტ სატანჯველს მოგვიტანს.

39. აქ თქმული იმან გამოსცადა, ვინც ველურ კანჯარს იმორჩილებდა და მერე თვითონ ჯოჯოხეთის კანჯარის მონა გახდა. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ჩვენმა წინამძღვარმა ანტონიმ მასზე, მას შემდეგ, რაც მან მოინანია, მაინც თქვა: - დიდი ბოძი დაეცა. - მაგრამ დაცემის სახე ამ ბრძენმა მამამ დაფარა, რადგან იცოდა, რომ ხორციელი ვნება უცხო სხეულის მონაწილეობის გარეშეც არსებობს.

40. არის ჩვენში ერთგვარი სიკვდილი და დაცემა, რომელსაც გამუდმებით თან ვატარებთ, განსაკუთრებით კი - სიყმაწვილისას. მაგრამ ამ სიკვდილის აღწერას ჩემი ხელი ვერ იკადრებს, რადგან მას აკავებს ნათქვამი: რა იგი დაფარულად ვიეთგანმე იქმნებიან, საძაგელ არს თქმადცა და დაწერა და სმენა საქმეთა მიერ.

41. ამ ჩემსას* და, შეიძლება ითქვას - არა ჩემსას, მაგრამ ჩემს მიერ განებივრებულ ხორცს პავლემ სიკვდილი უწოდა ვინმე მიხსნენ ხორცთა ამათგან ამის სიკვდილისათა (რომ. 7.24), ამბობს იგი. გრიგოლი ღვთისმეტყველი კი მას ვნებულს, მონასა და ბნელს უწოდებს. მე მსურდა, გამეგო, თუ ეს წმიდა მამები რად არქმევენ მას ამგვარ სახელებს.

42. თუ ხორცი, როგორც ზემოთ ითქვა, არის სიკვდილი, ე.ი. ვინც მას დაამარცხებს, არასოდეს მოკვდება. მაგრამ ვინ არს საკუთარი ხორცის შემბილწველი კაცი, რომელი ცხონდეს და არა იხილოს სიკვდილი?

43. გამოვცადოთ, ვინ უფრო დიდია: იგი, ვინც მოკვდა და აღსდგა, თუ იგი, ვინც არასოდეს მომკვადარა? ის ვინც უკანასკნელს შეჰნატრის, ცდება. ქრისტე მოკვდა და აღსდგა. ხოლო ის, ვინც პირველ აღმდგარს შენატრის, ნურც დაცემულებსა და მკვდრებს ჩააგდებს სასოწარკვეთილებაში.

44. ჩვენ ადამიანის მოძულე მტერი და სიძვის მოძღვარი გვინერგავს, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და რომ ამ ვნებას, როგორც ბუნებრივს, ადვილად შეგვინდობს, მაგრამ თუ ეშმაკების მზაკვრობას დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ დაცემის შემდეგ ღმერთს ჩვენ ისინი მართალ და შეუწყალებელ მსაჯულებად წარმოგვიდგენენ. პირველს ისინი ჩაგვაგონებენ, რათა ცოდვამ გაგვიტაცოს, მეორეს კი იმიტომ, რომ სასო წარვიკვეთოთ.

45. როცა ჩვენში მწუხარება და სასოწარკვეთილება მძლავრობს, შესაფერისი სინანულის შეწირვა აღარ ძალგვიძს, ვეღარ განვიკითხავთ და ვსაყვედურობთ თავს, თუმცა ძლიერი მწუხარებით შეპყრობილნი აღარც ვცოდავთ. შემდეგ, როცა ეს ცეცხლი მინელდება, ჩვენი მტანჯველი კვლავ ღვთის გულმოწყალებას ჩაგვაგონებს, რომ ისევ დავეცეთ.

46. უფალი, როგორც უხრწნელი და უხორცო, ჩვენი სხეულის სიწმინდითა და უხრწნელობით ხარობს.

47. ეშმაკებს, როგორც ამბობენ, არაფერი ისე არ ახარებთ, როგორც ცოდვის ბოროტი სიმყრალე და არც ერთი სხვა ვნება ისე არ უყვართ - როგორც სხეულის შემბილწველნი.

48. ჩვენი სიწმინდე ღმერთს გვაახლოებს და შეძლებისდაგვარად გვამსგავსებს მას.

49. ნამით მორწყული მიწა ნაყოფიერების დედაა, ხოლო სიწმინდის დედა დაყუდებასთან ერთად მორჩილებაა.

50. ვინც სხეულის უვნებლობა დაყუდებით მოიპოვა, სოფელთან ხშირი სიახლოვისას შეიძლება შეურყეველი ვერ დარჩეს, ხოლო ვინც ის მორჩილებით შეიძინა, ყველგან გამოცდილი და ურყევია.

51. მინახავს, რომ სიამაყე ხშირად სიმდაბლის* მიზეზად ქცეულა და გამხსენებია თქმული: ვინ ცნა გონება უფლისა (რომ. 11.34).

52. ამპარტავნების ნაყოფი და უფსკრული არის ცოდვით დაცემა კი მათთვის, ვისაც ცხონება სურს, ხშირად სიმდაბლის მიზეზი ხდება.

53. ვისაც სურს, რომ სიძვის ეშმაკი ნაყროვანებითა და სიმაძღრით დაამარცხოს, იმას მიაგავს, ვინც აგზნებული ხანძრის ჩასაქრობას ზეთით ცდილობს.

54. ვინც მხოლოდ დიდმარხვით ცდილობს ამ ვნებას შეებრძოლოს, ის იმ ადამიანს მიემსგავსება, ვინც მორევიდან გამოცურვას მხოლოდ ერთი ხელის მოსმით ლამობს.

55. მარხვას სიმდაბლე შეუთავსეთ, რადგან პირველი მეორის გარეშე უსარგებლოა.

56. როდესაც ვინმე ნახავს, რომ რამენაირი ვნება გაბატონდა მასზე, მაშინ პირველ რიგში მის წინააღმდეგ უნდა შეიარაღდეს, განსაკუთრებით, თუ ეს შინაური მტერია. რადგან თუ ამ ვნებას არ დავამარცხებთ, სხვების დამარცხება არაფერს გვარგებს, ხოლო თუ ამ ეგვიპტელს მოვწყლავთ, მაშინ სიმდაბლის მაყვლოვანში უფალს ვიხილავთ.

57. როდესაც სიძვის მიერ განვიცდებოდი, ვიგრძენი რომ ამ მგელს იმით სურს მაცდუნოს, რომ ჩემს გულში პირუტყვული სიხარული, ცრემლი და ნუგეში აღძრას. ხოლო სიყრმის უმეცრებით ვფიქრობდი, რომ მე უნაყოფობა და ხრწნადობა კი არა - მადლის ნაყოფი მოვიხვეჭე.

58. თუ ყოველივე ცოდვა, რომელი ქმნეს კაცმან გარეგან ხორცთა არს, ხოლო რომელმან ისიძვოს ხორცთა შინა თვისთა, სცოდავს (1კორ. 6.18), ეს უეჭველია. იმიტომ, რომ სიბილწის დინებით ჩვენი ხორცის თვით ბუნება შეიბღალება, სხვა ცოდვაში კი ეს არ ხდება.

59. გეკითხებით, რატომაა, რომ როდესაც ვინმე რაიმე ცოდვას ჩაიდენს, ჩვეულებრივ ვამბობთ: - მან შესცოდა, - ხოლო როდესაც შევიტყობთ, რომ ვინმემ სწორედ სიძვა მოიმოქმედა, მწუხარებით შევნიშნავთ: - იგი დაეცა.

60. თევზი ცდილობს ბადეს გაექცეს, ხოლო სიძვისმოყვარე სული მუდამ დაყუდებას გაურბის.

61. როდესაც ეშმაკი მოინდომებს, რომ ორი ადამიანი სამარცხვინო სიყვარულით შეაკავშიროს, ჯერ ორივე მხარეს გამოსცდის და შემდეგ ვნების ცეცხლს აღძრავს.

62. ხშირად სიძვისმოყვარებისაკენ მიდრეკილი ადამიანების მგრძნობიარენი და მოწყალენი, გულჩვილნი და ალერსიანნი არიან, ხოლო მათ შორის, ვინც სიწმინდისკენ ილტვის, ასეთებს ვერ ნახავთ.

63. ერთმა ბრძენმა მამამ მკითხა: - ქრისტეს უარყოფისა და კაცის კვლის შემდეგ რომელი ცოდვაა უარესი? - და როდესაც მე ვუპასუხე: - ერესი*. მან შენიშნა: „აბა რატომ ხდება, რომ როდესაც ისინი ერეტიკოსობას უარყოფენ და შეინანებენ, ეკლესია ზიარების ღირსად ჰყოფს მათ? ხოლო სიძვის ვნებით დაცემულს, თუნდაც შეინანოს და თუნდაც მეტი აღარ სცოდოს, წლების განმავლობაში ზიარებისაგან განაშორებს, როგორც ამას მოციქულთა კანონები გვამცნობს?“

64. გამოვცადოთ, გამვიკვლიოთ და დავაკვირდეთ, რა სიტკბოებას გვანიჭებს ფსალმუნთა გალობისას ჩვენში შემოსული ვნება სიძვისა და რას - სულიწმინდის სიტყვა, რომელიც გალობის სიტყვებში მოქმედებს.

65. ნუ დაივიწყებ, ყრმაო! მინახვს, რომ მრავალი მოყვრისთვის ლოცულობდა და ამას სიძვით და გულისთქმით შეპყრობილი იქმოდა და ეგონა კი, რომ სიყვარულის კანონს აღასრულებდა და ლოცვით ხსენების ვალს იხდიდა.

66. მხოლოდ ერთი შეხებით შეგიძლია, შებილწო სხეული, რადგან არაფერია ქვეყნად ამ გრძნობაზე სახიფათო.

67. გაიხსენე* ის, ვისაც მოხუცებული დედა წყალზე გადაჰყავდა და ტანსაცმლის კიდით ხელი შეიხვია, ხელის შეგრძნება მოაკვდინა და არც საკუთარ და არც სხვის დაფარულ ნაწილებს არ შეეხო.

68. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება, ადამიანს სრულყოფილად წმიდა ეწოდოს, თუ უპირველეს ყოვლისა ეს ბრძოლა (ხორცი) არ განიწმინდა და გარკვეული აზრით არ შესცვალა იგი, თუკი საერთოდ ამგვარი ცვლილება შესაძლებელია.

69. როდესაც სარეცელზე ვწევართ, მით უმეტეს მხნეობა და სიფხიზლე გვმართებს, რადგან მაშინ ჩვენი გონება მარტოდ, სხეულის გარეშე ებრძვის ეშმაკებს და თუ იგი სიძვისმოყვარეა ან სიძვის ოცნებითაა სავსე, მაშინ დიდი სიხარულით გვიღალატებს.

70. სიკვდილის ხსენება შენთან ერთად უნდა იძინებდეს და იღვიძებდეს და მისი თანამზრახველი იესოს ლოცვა უნდა იყოს, რადგან ძილის დროს ისე ვერაფერი გვიშუამდგომლებს, როგორც ეს ღვაწლი.

71. ზოგი ამტკიცებს, რომ აღძვრა და დაცემა ძილში მხოლოდ საჭმლისაგან გამომდინარეობდეს, მაგრამ მე მინახავს, რომ ბევრი სნეული და მძიმედ მმარხველიც ამით შეიბილწებოდა.

72. ერთხელ ამის შესახებ ერთ მეტად გამოცდილ და გონიერ ბერს ვკითხე და ამ ნეტარმა მეტად გასაგებად განმიმარტა: ხდება, რომ ძილში დაცემა საჭმლის სიუხვის ან ხანგრძილივი მოსვენების შედეგია, ხშირად კი ამპარტავნებიდან გამომდინარეობს, როდესაც ჩვენ დიდხანს არ შეგვმთხვევია ამგვარი რამ და ამიტომ თავს ავიმაღლებთ. ზოგჯერ მას მოყვასის განკითხვა იწვევს. მაგრამ ბოლო ორი მიზეზის გამო დაცემა შეიძლება სნეულებს შეემთხვეთ, შეიძლება სამივე მიზეზითაც მოხდეს ეს. როდესაც ვინმე გრძნობს, რომ ყველა ზემომოტანილი მიზეზისაგან შორსაა, ამგვარი უვნებლობის გამო ნეტარია იგი, რადგან დაცემა მას ეშმაკის შურისაგან შეემთხვა და ღმერთიც შეუნდობს, რათა ამ უცოდველი განსაცდელით სიმდაბლის სიმაღლეს მიაღწიოს.

73. ძილში განცდილ ოცნებას დღის განმავლობაში ნურავინ გაიხსენებს. რადგან ესეც ეშმაკის განზრახვაა, რათა ჩვენი სიფხიზლე სიზმრით შეიბილწოს.

74. მტრის კიდევ ერთი მზაკვრობაც შევიტყოთ: როგორც სხეულისათვის მავნე საკვები მისი მიღებიდან მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ დაგვასნეულებს, ხშირად სწორედ ამგვარადვე მოქმედებენ სულის შემბილწველი ვნებები. ვნახე ისეთები, რომლებიც განშვებულნი ჭამდნენ და ილხენდნენ და მაშინ არანაირი ბრძოლები არ ჰქონდათ.

75. ვნახე ისეთებიც, ვინც დედაკაცებთან ერთად დროს ატარებდნენ და არანაირი ბოროტი ზრახვები არ ჰქონდათ, მაგრამ როდესაც თავდაჯერებულობით მოიხიბლნენ და წარმოიდგინეს, რომ ზომასა და თავშეკავებას ფლობდნენ, მოულოდნელად საკუთარ სენაკებში სასიკვდილოდ დაეცნენ. ხოლო თუ როგორია ეს დაცემა, რომელიც შეიძლება, ადამიანს სრულიად მარტოს შეემთხვეს, იმან უწყის, ვისაც მსგავსი განსაცდელი ჰქონდა, ხოლო ვისაც არ ჰქონია, ჯობს არაფერი იცოდეს.

76. ასეთ დროს დიდად შეგვეწევა ძაძა, ნაცარი, მთელი ღამით ზედგომა, შიმშილი, წყურვილისაგან ენის გამოშრობა და მხოლოდ ორიოდე წვეთით გაგრილება მისი, კუბოსთან ყოფნა, გულის სიმდაბლე და, პირველ რიგში, სულიერი მოძღვარი, ან გულმოდგინე ძმა, რომელიც დახმარებას იჩქარებს და გონებით ბრძენია, რადგან დიდად მეეჭვება, რომ ვინმემ თავისი ხომალდის მორევიდან გამოყვანა საკუთარი ძალებით შეძლოს.

77. ზოგჯერ ერთი და იგივე ცოდვა, როდესაც მას ვინმე აღასრულებს, ასგზის დიდ სასჯელს იმსახურებს, ვიდრე იგივე - სხვის მიერ აღსრულებული. იმისდამიხედვით, თუ რა ზნისაა მცოდველი, სად შეემთხვა მას ეს ცოდვა, რა სულიერ სიმაღლეზეა იგი და სხვა მრავალი მიზეზი.

78. საოცარი და დიდი სიწმინდის მომასწავლებელი ამბავი გამანდეს. ერთმა საოცრად პირმშვენიერი დედაკაცი იხილა, მან ამის გამო ღმერთი ადიდა და ღვთის განუზომელი დიდებულების გამო ცრემლი დაღვარა. მართლაც, საოცარი სანახაობაა! ის, რაც ერთისთვის დანსათქმელი უფსკრული იქნებოდა, ამ ზეაღმატებულისათვის დიდების გვირგვინის მომნიჭებელი გახდა. თუ ასეთ ადამიანს მსგავს შემთხვევაში ყოველთვის ასეთივე გრძნობა და ღვაწლი აქვს, ის უკვე აღდგომილი და უხრწნელია საყოველთაო აღდგომამდე.

79. ამგვარადვე უნდა მოვიქცეთ გალობისა და ჟამნობის მოსმენისას. ღვთის მოყვარე სულს, როდესაც საერო და სასულიერო სიმღერა ესმის, უწმინდესი ნუგეშით, ღვთაებრივი ცრემლითა და სიყვარულით ივსება, ისევე როგორც სიძვისმოყვარეთა შორის საწინააღმდეგო გრძნობა იჩენს თავს.

80. ზოგიერთნი, როგორც ადრე შევნიშნეთ, დაყუდებაში ყოფნისას ეშმაკთაგან გაცილებით მეტად განიცდებიან. ამაში საოცარი არაფერია, რადგან ბოროტ სულებს ჩვეულებრივ სწორედ უდაბნოებსა და უფსკრულებში უფალი ჩვენი სხნისათვის განდევნის ხოლმე.

81. განსაკუთრებული სიმძაფრით დაყუდებულს სიძვის ეშმაკი ესხმის თავს, რათა ერში გამოდევნოს იგი და ჩააგონებს, რომ უდაბნოში დაყუდება არაფერს არგებს.

82. როცა ერში ვართ, ისინი თავს გვანაბებენ, რათა, როდესაც საკუთარ თავს ყოველგვარი ბრძოლისაგან თავისუფალს ვიხილავთ, ერშივე მოვისურვოთ დარჩენა.

83. ამგვარად, სადაც მტრის თავდასხმას განვიცდით, იქ ცხადია, რომ უფრო ძლიერად ვებრძვით მათ, ვინც ამ ბრძოლებს არ განიცდის, ის მტერთანაა დამეგობრებული.

84. როდესაც ერში მოვდივართ საქმისათვის, უფლის ხელი გვიფარავს, ხშირად - შეიძლება სულიერი მოძღვირს ლოცვაც, რათა ჩვენი საშუალებებით არ დაიგმოს ღმერთი. ზოგჯერ ეს გულის ულმობლობის გამო ხდება, ზოგჯერ კი იმიტომ, რომ ყოველივე ეს იმდენჯერ ვნახეთ და შევიგრძენით, რომ გავძეხით, ან იმის გამო, რომ სიძვის ეშმაკები ძალით გაგვეცლებიან და ამპარტავნების ბოროტ სულებს გვიტოვებენ, რომლებიც ყველა დანარჩენს ცლიან.

85. ყველას, ვისაც სიწმინდეში განსწავლა სურს, სულთა მაცდუნებლის კიდევ ერთი ეშმაკობა და თავხედობა შეიტყოს და უფრო ფრთხილად იქნება.

86. ერთმა ვინმემ საკუთარი გამოცდილებით შეიცნო ეს სიცრუე და მე გამიზიარა, რომ სიძვისმოყვარების ეშმაკი ძალიან ხშირად სრულად მალავს თავს, ბერს უკიდურეს ღვთისმოსაობას უნერგავს და ცრემლთა წყაროს მისცემს მას.

87. ის დედაკაცებთან ზის, ლმობიერად ესაუბრება, სიკვდილისა და უკანსკნელი სამსჯავროს მოსხენებაში განსწავლის მათ, უმანკოების დაცვას უქადაგებს. ისინი კი მისი სიტყვებით ცდუნდებიან და მგელს, როგორც კრავს ისე შეუდგებიან კვალზე.

88. მაგრამ როდესაც ეს უბადრუკი გაკადნიერდება და ახალი ნაცნობობის გამო ეს საქმე ჩვეულებად ექცევა, ბოლოს და ბოლოს დაეცემა.

89. მთელი ძალებით ვეცადოთ, განვერიდოთ იმ ნაყოფის ხსენებასა და დანახვას, რომლის ჭამის აკრძალვაც ერთგზის აღვუთქვით ღმერთს.

90. განა ჩვენ დავით წინასწარმეტყველზე უპირატესად უნდა მიგვაჩნდეს თავი? ეს ხომ შეუძლებელია! სიწმინდის სათნოება იმდენად დიდი და მაღალია, რომ მამებმა გაბედეს და მას უვნებლობა უწოდეს.

91. ზოგიერთი ამბობს, რომ ის ვინც ხორციელ ვნებას ეზიარება, შეუძლებელია, წმიდა ეწოდოს. მე კი ამ აზრს არ დავეთანხმები და ვამბობ, რომ შესაძლებელია ველური ზეთისხილის დამყნობა და კეთილი ნაყოფის გამოღება. ზეციური სასუფევლის კლიტენი რომ ხორცით ქალწულისთვის მიენდოთ, ამ შეხედულებას იქნებ საფუძველი ჰქონოდა, მაგრამ დაე, დაარწმუნოს ამგვარად მოაზროვნე იმ ამბავმა, რომ ის, ვისაც სიდედრი ჰყავდა, და იყო წმიდა (პეტრე), ფლობს სასუფევლის კლიტეებს*.

92. სიძვისმოყვარების გველი მრავალგვარია. ვისაც ცოდვის სიტკბო არ უგემია, იგი ჩააგონებს, რომ ერთხელ მაინც იგემოს ის და აცდუნებს, ხოლო მათ, ვინც გამოცდილნი არიან, სიამოვნების გახსენებით შეაცდენს, პირველთაგან, რადგანაც ცოდვის გემო არ იციან, აღარც შესაბამის ბრძოლებს განიცდიან, ხოლო მეორენი კი დიდ ტანჯვას და ბრძოლას დაითმენენ. ზოგჯერ კი შეიძლება, ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მოხდეს.

93. ზოგჯერ ძილისგან სრულიად წმიდანი და მშვიდნი ვდგებით და ეს საიდუმლო მადლის წყალობთი ხდება, რომელსაც წმიდა ანგელოზები გვანიჭებენ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ლოცვითა და სიმხნევით დავიძინეთ. ზოგჯერ უწმინდურნი და აღშფოთებულნი ვდგებით. ამის მიზეზი კი ბოროტი სიზმრები ხდება ხოლმე.

94. ვიხილე უღმრთო ამაღლებულ და აღმატებულ ჩემ შორის უფროის ძაძვთა მათ ლიბანისათა და თუ როგორ ცდილობდა იგი ჩემს დამარცხებას, მაგრამ მე, თანაწარვხედ მარხვით და მისი გულისწყრომა თანდათან ვეღარას მავნებდა და მცირდებოდა და ბოლოს, ვძებნე და, როდესაც დავმდაბლდი გონებით, არა იპოვა ჩემ შორის ადგილი მისი (ფს. 36,35).

95. ვინც ხორცი დაამარცხა, მან ბუნებას სძლია, ვინც ბუნებას სძლია, უეჭველია, რომ ის ბუნებაზე ამაღლდა, ასეთი ადამიანი, ალბათ, მცირედღაა ან, შეიძლება ითქვას, ყოვლადვე არასადა დაკლებულ არს ანგელოზობას (ფს. 8,6).

96. არაფერია საოცარი*, თუ უნივთო უნივთოს ებრძვის, მაგრამ ის კი ჭეშმარიტად დიდი სასწაულია, რომ სული, რომელიც მასთან მბრძოლი ხორცით არის შემოსილი, უნივთო მტრებს ამარცხებს.

97. სახიერმა უფალმა იმითაც გამოავლინა თავისი კეთილი განზრახვა, რომ დედათა სქესის უსირცხვილობა სირცხვილით - როგორც აღვირით - ისე ალაგმა, რადგან დედაკაცები რომ თვითონ, ძალით მიდიოდნენ მამკაცებთან, ვერც ერთი ხორციელი ვერ გადარჩებოდა.

98. წმიდა მამათა განსაზღვრებით სხვაა გულისთქმა, სხვა არის, როდესაც გულისთქმას ზრახვა დაერთვის, სხვაა - შემტკიცება და სხვაა - ტყვეობა, სხვაა - ბრძოლა, და სულ სხვაა - ე.წ. ვნება სულში.

99. ეს ნეტარნი ამბობენ, რომ გულისთქმა არის უბრალო სიტყვა, ან რაიმე საგნის წარმოსახვა, რომელიც გონებაში ჩნდება და გულში მკვიდრდება. ზრახვა არის ვნებით და უვნებლად საუბარი იმასთან, რაც გულში ჩაისახა. შემტკიცება არის სულის შეგუება წარმოსახულთან მასთან ტკბობითი შეერთება. ტყვეობა - გულის ძალით და უნებურად მიტაცება, ან ხანგრძლივი აზრობრივი შეერთება საგანთან, რომელიც კეთილ გრძნობებს ანადგურებს. ბრძოლა ეწოდება იმას, როდესაც გულის სიტყვა და კაცი პირისპირ იბვრძვიან და ან ერთი ძლევს და - ან მეორე. ვნება არის თვით ცოდვა, როდესაც გულისთქმა სულში იბუდებს, თანდათანობით ჩვევად იქცევა და თითქმის ბუნების თვისებად იქცევა, ისე რომ, სული უკვე თავისთავად მიილტვის მისკენ. ყველა ამათგან პირველი სრულიად უცოდველია, მეორე - მცირედ მიდრეკილი ცოდვისკენ, ხოლო მესამის შესახებ შეგვიძლია მოღვაწის განწყობილების მიხედვით ვიმსჯელოთ. ბრძოლა ან გვირგვინს მოუხვეჭს, ან სატანჯველს, ტყვეობის შესახებ სხვადასხვაგვარად უნდა ვიმსჯელოთ ლოცვის დროს, სხვაგვარად - მოცალეობისას, სხვაგვარად - გარკვეულ საგნებთან მიმართებაში, როდესაც ისინი თავისთავად არც ცუდია და არც კარგი და სხვაგვარად - როდესაც ბოროტი აზრები გვიპყრობს. ვნება უდავოდ გარკვეულ სინანულს ან შესაფერის სატანჯველს მოიტანს, მაგრამ ვინც პირველს (ე.ი. გულისთქმას) უვნებლად შეხვდება, ყველაფერ დანარჩენს ერთი დარტყმით მოიკვეთს.

100. ყველაზე განათლებულმა და გონიერმა მამებმა კიდევ ერთი გულისთქმა შენიშნეს, რომელიც ყველა ზემოთქმულზე უწვრილმანესია. მას აზრის გაელვება ეწოდება. ის იმდენად განმსჭვალავს სულს, რომ უდროოდ, უსიტყვოდ და უსახოდ წარმოუდგენს სულს ვნებას; ხორციელ ბრძოლაში, ბოროტ სულთა შორის, მასზე სწრაფი და შეუმჩნეველი არც ერთია.

101. ის ერთი უმნიშვნელო გახსენებით, მეყსეულად, აუხსნელად და ზოგისთვის უხილავადაც სულში თავის არსებობას მოულოდნელად გამოავლენს. ვინც გლოვით შესძლო, რომ აზრთა ასეთ სწრაფ მდინარებაში გარკვეულიყო, მას შეუძლია, გვითხრას, თუ როგორ შეიძლება მოხდეს, რომ თვალის ერთ დახამხამებაში, უბრალო შეხედვით, ან ხელის შეხებით, ან ხმის მოსმენით, ყოველგვარი განზრახვის გარეშე, სული სიძვისმოყვარების ვნებით სძლიოს.

102. ზოგიერთი თვლის, რომ სხეულში ვნება გულისზრახვებიდან შედის, სხვები კი, პირირქით, ამტკიცებენ, რომ ბოროტ ზრახვებს ხორციელი ვნებები შობენ. პირველნი ამბობენ, რომ გონების წინამძღოლობის გარეშე სხეული ვერ აღიძვრებოდა, ხოლო უკანასკნელი თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად ხორციელ ვნებათა მავნე მოქმედებები მოაქვთ. თვლიან, რომ ბოროტი აზრები გულში საამური შეხედვით, ხელის შეხებით, სასიამოვნო ხმის მოსმენით ან სურნელებით აღწევენ. ვინც ამის შესახებ თვითო უფლისგან განიბრძნო, დაე, ჩვენც მან განგვასწავლოს, რადგან ყოველივე მეტად საჭირო და სასარგებლო გონიერ ღვაწლში მყოფთათვის. ვინც სულის უბრალოებით, სიმარტივითა და სისადავით ცხოვრობს, ყოველივე ეს არაფერში სჭირდება. რადგან გონიერი ღვაწლი ყველასათვის არ არის და არც სანატრელი სიმარტივეა დამახასიათებელი ყველასთვის, არამედ იარაღი მტრის მზაკვრობის მიხედვით უნდა მოვიხმაროთ.

103. ზოგიერთ სულში შობილი ვნება ხორცს გადაეცემა, ზოგჯერ კი - პირიქით. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ერის ადამიანს ემართება, ხოლო პირველი მონაზონთათვისაა დამახასიათებელი, რადგან ვნებათა აღმძვრელი საგნები ხილულად არ იმყოფებიან მათ შორის. მე კი ამასთან დაკავშირებით ვიტყვი: ეძიებდე უკეთურთა თანა მეცნიერებასა და წესიერებასა და ვერა პოო (იგავ. 14,6).

104. როდესაც ჩვენი ხრწნადი ხორცის თანამზრახველს, სიძვის ეშმაკს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გულიდან განვდევნით და მარხვის ქვითა და სიმდაბლის მახვილით მოვწყლავთ მას, მაშინ ეს უბადრუკი, როგორც ჩვენს სხეულში დაბუდებული მატლი, შეეცდება, შეგვიბილწოს და უდროო და წარმავალი მოძრაობით დაგვცეს. ეს განსაკუთრებულად პატივმოყვარეობით შეპყრობილთ ემართებათ, რადგან როდესაც ისინი ხედავენ, რომ სიძვის ვნება ნაკლებად აშფოთებს მათ გულებს, ამპარტავნებისკენ იხრებიან; ეს რომ ნამდვილად ასეა. თვითონაც ადვილად დარწმუნდებიან, თუ ცოტა ხნით დაყუდებას განეშორებიან და ყურადღებით გამოცდიან თავს, ისინი აუცილებად აღმოაჩენენ, რომ მათ გულის სიღრმეში რაღაც საიდუმლო განზრახვა იმალება, როგორც გველი სოროში, რომელიც სიწმინდის გარკვეულ საფეხურზე მათ ჩააგონებს, რომ ეს სიწმინდე პირად ღვაწლს და გულმოდგინეობას მიაწერონ და ამ უბადრუკებს საშუალებას არ აძლევს დაფიქრდნენ მოციქულის სიტყვებზე: რაი გვაქუს, რომელი არ მიგვიღებიეს (1კორ. 4,7) ან ღვთის წყალობით, ან სხვების შეწევნით, ან მათივე ლოცვით?..

105. ამიტომ, დაე ყურადღებით იყვნენ ისინი საკუთარი თავის მიმართ, ეცადონ, რომ ზემოხსნებული გველი გულის სიმდაბლით მოაკვდინონ და გულიდან განდევნონ იგი: რათა მისგან ხსნილებმა მათაც შეძლონ, რომ ოდესმე განიძარცვონ ტყავის სამოსელი (სიძვისმოყვარება) და უგალობონ უფალს ძლევისა საგალობელი - სიწმინდისა, როგორხ ოდესღაც სახარების უმანკო შვილებმა და უეჭველია, რომ უგალობებენ და რომელი-იგი შეთუვიმოსოთ, არღარა შიშუელ ვიპოვნეთ ურისხველობისა და სიმდაბლისაგან - ყრმათათვის რომაა დამახასიათებელი (2კორ. 5,3).

106. ეს ეშმაკი სხვებზე ყურადღებით აკვირდება დროს, რომელიც ჩვენი მონადირებისთვისაა შესაფერისი. და როდესაც ნახავს, რომ ლოცვისთვის ხორციელი ძალა აღარ შეგწევს, ეს უწმინდური სწორედ მაშინ ეცდება ჩვენზე თავდასხმას.

107. ვისაც ჯერ ჭეშმარიტი, გულისმიერი ლოცვა არ მოუხვეჭავს, მისთვის ხორციელი ლოცვის ღვაწლი ანუ იძულება მეტად მარგებელია: კერძოდ, ხელთა განპყრობა, მკერდში ცემა, ლმობიერი ცქერა ცისკენ, ღრმა სულთქმა და ხშირი მუხლთდრეკა. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, სხვა ადამიანების თანდასწრებით მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ და ეშმაკებიც სწორედ ამ დროს ესხმიან თავს. და რადგანაც მათ გონების სიმამაცით და ლოცვის უხილავი ძალით წინააღდგომა არ შეუძლიათ, უთმობენ ხოლმე ბოროტს.

108. ასეთ დროს რაც შეიძლება, სწრაფად გაეცალე ადამიანებს და საიდუმლო ადგილებისკენ ისწრაფე. იქ, თუ შეძლებ, სულიერი თვალი მიაპყარ ზეცას, ეს თუ არ ძალგიძს - ხორციელი თვალით მაინც შეხედე მას. ხელი ჯვრის სახედ განიპყარ და უძრავად იდექ, რათა ამ სახით მოკლა და დაამარცხო ამალეკი, შეჰღაღადე უფალს შეგეწიოს და შეჰღაღადე არა მჭერმეტყველურად, არამედ - სიმდაბლით, პირველ რიგში ამ სიტყვებით დაიწყე: შემიწყალე, რამეთუ უძლურ ვარ მე (ფს. 6,3). მაშინ საკუთარ თავზე შეიცნობ ყოვლადძლიერის ძალას, რომელიც უხილავი შეწევნით განდევნის მტერს. ვინც მათთან ბრძოლა ამგვარად დაიწყო, ის ჩქარა იმასაც შეძლებს, რომ მხოლოდ სულიერი ლოცვით დაამარცხოს ისინი. რადგან ღმერთი ამ მეორე ნიჭს იმ მოღვაწეებს აძლევს ჯილდოდ, რომელთაც პირველი იტვირთეს და სამართლიანადაც!

109. ერთხელ ერთ თავყრილობაზე ყოფნისას შევნიშნე, რომ ერთ გულმოდგინე ძმას ბოროტი აზრები შემოესია და რადგან შესაფერისი ადგილი ვერ იპოვა, რომ საიდუმლოდ ელოცა, გავიდა, თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილებისთვის და იქ გულმხურვლედ ილოცა. როდესაც მას შეუფერებელ ადგილზე ლოცვისათვის შენიშვნა მივეცი, მიპასუხა, - უწმინდურ აზრთა განსადევნელად ვლოცულობდი უწმინდურ ადგილას, რათა სიბილწისგან განვწმენდილიყავ.

110. ეშმაკები ჯერ ჩვენი გონების დაბნელებას ცდილობენ, შემდეგ კი იმას ჩაგვაგონებენ, რასაც მოისურვებენ, რადგან თუ გონება თვალს არ დაიბნელებს, მაშინ ჩვენს საუნჯეს ვერავინ მოგვტაცებს, მაგრმ სიძვის ეშმაკი ამ საშუალებას სხვებზე ხშირად იყენებს. ხშირად გონებას, ამ ბრძანებელს, დააბნელებს და კაცთა წინაშე ისეთ საქმეებს აღგვასრულებინებს, რომელთაც მხოლოდ შეშლილები აკეთებენ. როდესაც ის გამოფხიზლდება, მარტო ჩვენი მოქმედების მხილველების კი არ გვრცხვენია, არამედ თვით თავის წინაშე, იმ ქმედების, სიტყვის და მოძრაობის გამო და ჩვენი ყოფილი სიბრმავე გვაშინებს. ამიტომ ბევრმა, როდესაც ყველაფერი განსაჯა, ამ ბოროტებას განერიდა.

111. ზურგი შეაქციე ამ ბოროტს, რომელიც შენს მიერ ჩადენილ, ზემომოთხრობილ მოქმედებებს გაგახსნებს და ლოცვას, ღვთისმოსაურ ღვაწლს და მღვიძარებას გიმძიმებს და გახსოვდეს იგი, ვინც თქვა: წყინებისათვის სულისა მის ვნებათა მიერ მიმძლავრებულისა და ჩვეულებათაგან ბოროტთა ჭირვეულისა უსაჯო მას მტერთაგან მისთა (ლუკ. 18.5).

112. განსდევნე ბოროტი, რომელიც გვარწმუნებს, რომ შენი გულისთქმა აღისრულო და ამით სინანული, მარხვა, ლოცვა და მღვიძარება იტვირთო, თავს იდო გლოვა. ეს აზრები განდევნე, რადგან მრავალმა ბოროტება აღასრულა და სინანული ვეღარ შესძლო, რადგან ვნებებმა შეიპყრო და თავი დაიხსნა მათგან.

113. სიძვა ლოცვის დამაბრკოლებელია და ღვთის წინაშე ლოცვის უფლებას გვართმევს და გონებას გვიბნელებს.

114. ვინ სძლია ხორცს? მან, ვინ გული შეიმუსრა... და ვინ შეიმუსრა გული? მან, ვინც უარყო საკუთარი თავი.

115. რადგან როგორ არ ექნება გულის შემუსვრილება მას, ვინც თავისი ნება მოაკვდინა.

116. ვნებიანი შორის ერთნი მეორეზე ვნებიანნი არიან და მათ შორის უბოროტესნი სიძვისმოვარებითა და სიბილწით ამბობენ აღსარებას.

117. უწმინდურ და სამარცხვინო აზრებს გულში სიძვის ეშმაკი - ეს გულთა მაცდუნებელი - შობს, მაგრამ ყოველივე ამას თავშეკავება და მათი არად ჩაგდება განაქარვებს.

118. როგორ და რა საშუალებებით მოვთოკო ჩემი ხორცი და სხვა ვნებათა მსგავსად როგორც განვსაჯო ის - მეგობარი ჩემი? არ ვიცი, ვიდრე მის დასჯას მოვასწრებდე, კვლავ მირიგდება და ვიდრე მის ტანჯვას შევუდგებოდე, სიბრალულით თაყვანს ვსცემ მას; როგორ შევიძულო ის, ვის სიყვარულსაც ჩემივე ბუნებიდან გამომდინარე აგრერიგად მივეჩვიე? როგორ გავთავისუფლდე მისგან, ვისთანაც საუკუნითგან ვარ შეკავშირებული? როგორ მოვაკვდინო იგი, ვინც ჩემთან ერთად უნდა აღდგეს? როგორ გარდავქმნა უხორცოდ ის, ვინც ხორციელი ბუნება მიიღო? რომელი ღვთივკურთხეული მტკიცებანი წარვუდგინო მას, ვისაც შეუძლია უამრავი ბუნებრივი პასუხი მომაგოს? თუ მარხვით შევკვრავ მას, მოყვასის განკითხვისთვის საშუალებით კვლავ მას შევუდგები; თუ განკითხვაზე უარის თქმით ვძლევ, თავმაღლობის ცოდვით დამცემს და კვლავ მონად გამიხდის. ისაა ჩემი მეგობარიც და ჩემი მტერიც, ისაა შემწე ჩემი და მეტოქეც ჩემი. ისაა მეოხი ჩემი და გამცემელიც ჩემი. როცა ვაამებ, ის ჩემს წინააღმდეგ აღსდგება, თუ დავთრგუნავ - დაუძლურდება. თუ განვასვენებ - იგი ურჯულოებას აღასრულებს, თუ დავამძიმებ, დათმენის უნარი არ შესწევს. თუ დავამწუხრებ, მაშინ თვითონაც უკიდურეს ტანჯვაში ჩავვარდები; თუ მოვწყლავ მას, ვიცი საშუალებითღა აღვასრულო სათნოებები? ვებრძვი მას და მიყვარს იგი, ვდევნი და შევიტკბობ, ჰოი საოცრებავ, რა საიდუმლოა დამარხული ჩემში, რანაირად შეკავშირდა ჩემში ურთიერთწინააღმდეგობანი? რანაირად ხდება, რომ საკუთარი თავის მეგობარიც ვარ და მტერიც?

119. მითხარ მე, მეუღლეო ჩემო - ბუნებაო ჩემო; რადგან არ მსურს, ვინმე სხვას ვკითხო იმის შესახებ, რაც შენ გეხება. შენგან მოუწყვლელი როგორ გადავრჩე? როგორ გავექცე ბუნებით შეჭირვებას, შენგან რომ მოდის, როდესაც ქრისტეს შენს წინააღმდეგ ბრძოლა აღვუთქვი? როგორ ვძლიო შენმიერი ტანჯვა-წამება, როდესაც საკუთარი ნებით შენს მაძულებლად ვიქცე?

120. იგი კი, ხორცი - თავის სულს მიუგებს: - არ გეტვყი იმას, რაც შენ არ იცი, მაგრამ იმას კი გეტყვი, რასაც თვითონაც ხვდები. მე მყავს მამა - თავმოყვარება. გარეგნულ განხურვებას ჩემში გადაჭარბებული შვება და განსვენება შობს, ხოლო შინაგანი - უწინდელი ჩვეულებებისა და აღსრულებული საქმეებისგან ჩნდება. მუცლადღებული მე ვშობ დაცემას, ხოლო დაცემა თავისთავად, სასოწარკვეთილების მიერ შობს სიკვდილს. თუ ჩემი და შენი უძლურების მთელ სიღრმეს შეიცნობ, ამით შემიკრავ ხელებს, თუ თავშეკავებით სტომაქს ალაგმავ, ფეხებსაც შემიბორკავ, რათა მათ წინსვლა ვეღარ შეძლონ, თუ მორჩილებას შეუკავშირდები, თავს დაიხსნი ჩემგან, ხოლო თუ სიმდაბლე მოიხვეჭ, ამით საბოლოოდ მომკვეთ თავს.

მეთხუთმეტე საფეხური, ვინც ხორცში ყოფნისას დაამარცხებს ამ ვნებას,
ის მომკვდარი და აღდგომილია და მარადიული უხრწნელება აქვე შეიცნო.


კომენტარები
ბერძნული ტექსტის ძველი ქართული თარგმანისათვის

33.
რადგანაც ძლიერი ბრძოლის დღეები სულიწმიდის ძალით მოკლდება.

38.
ბუნების საწინააღმდეგო არის მამათმავლობა და პირუტყვთათანა დაცემა, მათთან აერთიანებს ხელით დაცემასაც.

41.
ჩემნი იმიტომ, რომ ჩემს სულში არიან დანერგილნი, ხოლო არაჩემნი იმიტომ რომ - ჩემს სულს ებრძვიან.

51.
სიმდაბლე საკუთარი თავის ყველაზე უარესად შერაცხვაა, ხოლო ამას გონების სიმდაბლე და ღვთის შიში სჭირდება, შეიძლება, ის შვას დაცემულობამაც, რომლის დაე ამპარტავნებაა.

63.
მწვალებლობა არის გონების განშორება და ენის საქმე, სიძვა კი ხორციელ გრძნობებსა და სულიერ ძალებს სრულად ცვლის „არა არსებად არსებისაგან“ და ჩვენზედ ასახულ ღვთის ხატებას გახრწნის.

67.
ახლა იმ ძმის შესახებ ამბობს, რომელსაც დედა წყალზე გადაჰყავდა.

91.
პეტრე მოციქულზე ამბობს.

96.
უნივთო - ანგელოზი, ეშმაკი და სული, ხოლო ნივთიერი - ხორცი.