1. ძილი არის თვისება ადამიანური ბუნებისა, სიკვდილის მსგავსი, ცნობიერების უმოქმედობა.
2. ძილი თავისთავად ერთია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული. შეიძლება იყოს ბუნებისგან, ჭარბი ჭამისგან, ეშმაკისგან, ზოგჯერ კი განსაკუთრებით მარხვისაგან გამომდინარე, რომლითაც ხორცს დააუძლურებენ და შემდეგ ძილის საშუალებით განიმტკიცებენ მას.
3. როგორც გადაჭარბებული სმა იქცევა ჩვევად, ასევე შეიძლება, გადაჭარბებული ძილი ჩვევად გვექცეს. ამიტომ მის წინააღმდეგ - მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში - განსაკუთრებული ბრძოლა გვმართებს, რადგან ძველი ჩვევის აღმოფხვრა უფრო ჭირს.
4. დავაკვირდეთ და მივხვდებით: როდესაც სულიერი საყვირის ხმა გაისმის (ლოცვის ზარის რეკა), ძმები ხილულად იკრიბებიან, ხოლო მტერი უხილავი ბრძოლისთვის იწყებს შეკრებას. ამიტომ რეკვის შემდეგ ეშმაკები შემოგვერტყმიან გარს და გვეტყვიან: ერთი წუთით დაისვენე, ვიდრე პირველ ფსალმუნს იტყვიან და მერე შედი ეკლესიაში. სხვა ეშმაკები კი მაშინ ჩაგვძირავენ ძილში, როდესაც სალოცავად შევალთ. სხვები ხორციელი საჭიროებისათვის უდროო დროს გარეთ გასვლას გვაიძულებენ, სხვები ეკლესიაში საუბრის გაბმისკენ გვიბიძგებენ, სხვები კი ჩვენს გულში ბილწ გრძნობებს აღძრავენ, სხვები ავადმყოფებივით კედელზე მიყრდნობას გვაიძულებენ და წამდაუწუმ მთქნარებას მოგვგვრიან, მრავალი მათგანი ლოცვისას სიცილს აგვატეხინებს, რათა ამისთვის ღვთის რისხვა დაგვატყდეს თავს, სხვები დავითნის სწრაფად კითხვას გვაიძულებენ, სხვები კი ამავე დროს გემოთმოყვარეობას გვინერგავენ, ზოგიერთი მათგანი პირს დაგვიხშობს და ბაგის გახსნას და ლოცვის თქმას არ გვანებებს.
5. მაგრამ, ვინც მთელი გულითა და გონებით გრძნობს, ფიქრობს და ხედავს, რომ ლოცვისას ღვთის წინაშეა წარდგომილი, შეურყეველი სვეტივით დგას იგი და აქ აღწერილ ვნებათაგან ვერცერთი ავნებს მას.
6. ხშირად, როდესაც ჭეშმარიტი მორჩილი ლოცვაზე დგება, სრულიად ნათდება და სიხარულით ივსება, რადგან ამისთვის იგი ერთგული მორჩილებით ემზადებოდა და ამით იყო განმტკიცებული.
7. ვფიქრობ, რომ კრებულთან ერთად ლოცვა ყველასათვის შესაძლებელია, ბევრისთვის უკეთესია, თუ ერთ თანამოაზრე ძმასთან ილოცებს, რადგან მარტოდ ლოცვა ცოტას თუ შეუძლია.
8. როდესაც კრებულთან ერთად ლოცულობ, უმაღლეს და სრულიად უნივთო ლოცვას ვერ ასრულებ, რადგან კითხვისა და გალობისას შენი გონება ცალკეული ლოცვის სიტყვებზე ფიქრით იქნება დაკავებული, ან თუ რაიმე კანონი გაქვს დაწესებული, ვიდრე მონაცვლებით გალობისას ძმა საკითხავს დაასრულებს, შენ გულში იმას იტყვი.
9. ლოცვისას ხელსაქმობა და მით უმეტეს შრომა არავისთვის არ შეიძლება, რადგან სწორედ ამას გვაუწყებს ნეტარ ანტონისთან მისული ანგელოზი, რადგან იგი ჯერ ხელსაქმობდა და სალოცავად მერე დგებოდა.
10. ოქრო ცეცხლით გამოიცდება, მონაზვნის ლოცვაზე დგომით კი - სიყვარული და კრძალვა ღვთისადმი, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ვინც სანატრელი ლოცვა მოიპოვა, იგი ღმერთს უახლოვდება და განერიდება ეშმაკს.