1. ამპარტავნება ღვთის უარყოფაა და ეშმაკთან მეგობრობა, ადამიანის შეურაცხმყოფელი, განკითხვის დედა, ქების ნაშობი, უნაყოფობის ნიშანი, ღვთის შეწევნის განმდევნელი, შეშლილობის წინამორბედი, დაცემათა მიზეზი, გულისწყრომის წყარო, ორგულობის კარი, ეშმაკთა სიმტკიცე, ცოდვათა მცველი, უმოწყალობის მშობელი, მოწყალების უცოდინრობა, მწარე მოპასუხე, ულმობელი მსაჯული, ღვთის მოწინააღმდეგე და გმობის საფუძველი.

2. ამპარტავნება იწყებ იქ, სადაც პატივმოყვრეობა თავდება, მისი საშუალო მდგომარეობა მოყვასის შეურაცხყოფა, საკუთარი შრომის უსირცხვილოდ წარმოჩინება და თავის გულში ქებაა, ამასთან - მხილების სიძულვილი. მისი უმაღლესი მდგომარეობა არის ღვთის შემწეობის უარყოფა, საკუთარ საქმეებზე სიხარული, თავის თავზე მინდობა და ეშმაკეული გონება.

3. ვისმინოთ ყველამ, ვისაც გვსურს, ამ ბოროტ ორმოს გადავურჩეთ, რადგან იგი პირველად ღვთისადმი მადლბით იწყება, რადგან ღვთის უსირცხვილო უარყოფას თავიდანვე ვერ მოაფიქრებს კაცს.

4. ვიხილე ადამიანები, რომლებიც ბაგით მადლობას სწირავდნენ ღმერთს, ხოლო გონებით თავს იმაღლებდნენ. ამის მოწმე ფარისეველია, რომლიც ამბობდა: „ღმერთო, გმადლობ შენ“ (ლუკ. 18.11).

5. სადაც დაცემა მოხდა, იცოდე, რომ იქ თავდაპირველად ამპარტავნება დამკვიდრდა, რადგან პირველი მეორეს მოაქვს.

6. გავიგონე, რომ ერთი მოძღვარი ამბობდა: მე მივხვდი, რომ 12 უწმინდური ვნება არსებობს და თუ მათგან ერთს - ამპარტავნებას მიიღებ, იგი დანარჩენი თერთმეტის ადგილს დაიკავებს.

7. ამპარტავანი მონაზონი მრავლისმეტყველი და მოპაექრეა, ხოლო მდაბალი ყველანაერად მშვიდი და უტყვია.

8. როგორც კვიპაროსი არასოდეს მოდრეკს თავის კენწეროს, ასევე ამპარტავანი მონაზონი მორჩილებას ვერ მოიპოვებს.

9. ამპარტავან მონაზონს წინამძღვრობა სურს, რადგან სხვაგვარად სულის დაღუპვას ისე სწრაფად ვერ მიაღწევს.

10. საკუთარ თავს მდაბლად მიიჩნევენ, ხოლო ამპარტავნებისგან ძლეულნი მისით აღივსებიან.

11. თუკი უფალი ამპარტავანთა წინააღმდეგია, მაშ ვიღას შეუძლია ამ საბრალოთა შეწყალება?!

12. ვინც გულით მაღლობს, თუკი საძაგელად მოჩანს, თვით უფლის წინაშე, სხვა ვიღა შეიყვარებს მას?!

13. ამპარტავანის მასწავლებელი მისი დაცემაა, დამსჯელი - ეშმაკი, ხოლო ღვთისგან მის განდგომილების სენს შეშლილობა და სრული გაცოფება ამხელს. პირველი ორის განკურნება ადამიანთაგან შესაძლებელია, ხოლო მეორეს კაცი ვერ განკურნავს.

14. ყველა, ვისაც მხილება აღაშფოთებს და გაურბის მას, თვითონვე ადასტურებს, რომ ვნებითაა შეპყრობილი, ხოლო ვინც მხილებას მიელტვის, ჩანს, რომ ვნების ბორკილებიდან გათავისუფლებულია.

15. თუკი ყოველგვარი სხვა ვნების გარეშე - მხოლოდ ამპარტავნების გამო ეშმაკი ზეციდან ძირს ჩამოვარდა, წარმოვიდგინოთ: განა შევძლებთ, რომ სიმდაბლის გარდა - სხვა სათნოებით მივაღწიოთ ზეცას?!

16. ამპარტავნება შრომას და სულიერ სიმდიდრეს ღუპავს.

17. „ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ“, იმიტომ რომ ამპარტავნებით ღაღადებდეს, უფალს მოუხმობდნენ „და არა ისმინა მათი“ (ფს. 17.41), რადგან ის მიზეზი, რისთვისაც უხმობდნენ უფალს, არ მოიკვეთეს.

18. ერთ ამპარტავან ყრმას სულიერი მოხუცებული განსწავლიდა, მან კი სიბრმავით მიუგო: - შემინდე, მამაო, მე ამპარტავანი არა ვარ. - ყოვლადბრძენმა ბერმა კი უთხრა: - შეგინდოს უფალმა, თუ რამ შეგიცოდავს, შვილო, ნამდვილად დამარწმუნე, რომ ამპარტავანი ხარ, რადგან ამბობ, ამპარტავანი არა ვარო.

19. ასეთებისათვის ძალიან სასარგებლოა მორჩილება, უპატიობაში ცხოვრება და წმიდა მამათა ზებუნებრივი მოღვაწრეობის კითხვა, იქნებ ამით მაინც მოიპოვონ ცხონების მცირეოდენი იმედი.

20. სამარცხვინოა, თუ სხვათა სამკაულებით იწონებ თავს და უკიდურესი უგუნურებაა ღვთის საჩუქრებით ამპარტავნობდე.

21. თუ რაიმე ნიჭი გაგაჩნდა დაბადებამდე, ქვეყნად მოსვლის შემდეგ იმით იამაყე. თუ არა და - შობის შემდეგ ყოველგვარი ნიჭი ხომ ღვთისგან მოგეცა, ისევე, როგორც თვით შობა და არარსობისგან არსად მოყვანა მოგემადლა.

22. რომელი სათნოებაც გონების გარეშე აღასრულე, მხოლოდ ის სათნოებებია შენი და მით აღიმაღლე თავი, ხოლო რისთვისაც გონება მოიხმარე, ისინი შენი არ არის, რადგან გონება ღვთისგან მოგეცა; რა ღვაწლიც შენი ხორცის გარეშე გიტვირთავს, მხოლოდ ისინია შენი გულმოდგინების ნაყოფი, ხოლო რაც შენი ხორცით ქმენ, ის შენი არ არის, არამედ ღვთის მიერ არიან დაბადებულნი.

23. ხსნის იმედი ნუ გექნება, ვიდმრემდის არ მოისმენ საბოლოო განაჩენს; გახსოვდეს იგი, ვისაც მას შემდეგ, რაც ქორწილში შევიდა და თანამესუფრეებთან ერთად იჯდა, ხელ-ფეხი შეუკრეს და ბნელ გარესკლნელში გააგდეს.

24. ჰოი, შენ, თიხავ ბევრი იღვაწო, რადგან მრავალი უხორცო და უსხეულო გადმოვარდა ზეციდან.

25. როდესაც ეშმაკი თავსი მსახურთა შორის ადგილს დაიმკვიდრებს, ძილში გამოეცხადება მათ, ან მღვიძარეთაც - ანგელოზის ან მოწამეთა სახით, დაფარულს ამცნობს და თითქოსდა მადლს მიანიჭებს, რათა შეაცდინოს ეს უბადრუკნი და სრულიად დააკარგინოს გონება.

26. ქრისტესთვის მრავალგზისაც რომ მოვკვდეთ, ჩვენს ვალს მაინც ვერ გადავიხდით, რადგან სხვა არის ღვთის სისხლი და სხვა - მონისა - მათი ღირსებით და არა - ბუნებით.

27. იცოდეთ, ძმებო, თუ საკუთარ თავს გავჩხრეკთ და გამოვიკვლევთ, ვნახავთ, რომ პირველ მამათა კვალს კი არ მივდევთ, არც მონაზვნობის აღთქმას ვასრულებთ ჯერისამებრ, არამედ, თუ კარგად დავაკვირდებით, ჯერაც ქვეყნიერი ვნებებით ვართ შეპყრობილნი.

28. ჭეშმარიტი მონაზონი ის არის, ვისაც განმტკიცებული სულიერი თვალი აქვს და ღვთის შეურყეველი სურვილი.

29. მონაზონი ის არის, ვისაც მტრის თავდასხმა ისე ახარებს, როგორც მონადირეს ნადირის პოვნა და უხმობს კიდეც, რაა შეებრძოლოს მას.

30. მონაზონი ისაა, ვინც თავისი ცხოვრების ყოველ დღეს ღმერთთანაა მიტაცებული გონებით და ამქვეყნიურ ცხოვრებას გლოვობს.

31. მონაზონი არის ის, ვისაც ისე სურს სათნოებათა აღსრულება, როგორც გემოთმოყვარეს - თავისი გულისთქმის.

32. მოანზონი ის არის, ვისი სულიერი თვალის ნათელსაც ჩრდილი არ ადგება.

33. მონაზონი იგია, ვინც საკუთარი სული სიმდაბლის უფსკრულად აქცია და მასში დანთქა და მოაშთო ყოველგვარი ვნება.

34. თავმაღლობა ცოდვების დავიწყებას იწვევს, რადგან მათი გახსენება სიმდაბლის მომტანია.

35. ამპარტავნება სულის სრული სიღატაკეა, რადგან სიზმარსა და წყვდიადში თავს მდიდრად წარმოიდგენს, მაგრამ, როდესაც გაიღვიძებს და ნათელს იხილავს, მაშინ მიხვდება, რომ პურიც კი არ ჰქონია.

36. არიან ადამიანები, რომლებიც სიმდიდრეს ტრაბახობენ და არაფერი გააჩნიათ, სხვები კი დიდ სიმდიდრეში ცხოვრებისას თავს იმდაბლებენ.

37. ეს ბილწი ვნება არა მარტო წინსვლაში გვიშლის ხელს, სიმაღლეზე ყოფნისას ძირაც გადმოგვადებს.

38. ამპარტავანი გარედან ლამაზ შიგნიდან დამპალ ბროწეულს ჰგავს.

39. ამპარტავან მონაზონს ეშმაკი აღარ სჭირდება, რადგან იგი თვითონ არის მტერი და მოწინააღმდეგე საკუთარი თავისა.

40. როგორც ნათელისთვის არის უცხო ბნელი, ასევე ამპარტავანი მონაზონი უცხოა ყოველგვარი სათნოებისათვის.

41. ამპარტავანთა სულში გმობის სიტყვები წარმოიშობა, ხოლო მდაბალ სულში ზეციური ხილვები.

42. ქურდს მზე სძულს, ხოლო ამპარტავანს - სიმშვიდე და სიმდაბლე.

43. არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ ამპარტავანნი შესცდნენ: თავი ვნებათაგან უცხოდ წარმოიდგინეს და საკუთარ სიღატაკეს მხოლოდ სიკვდილის დროს მიხვდნენ.

44. ვინც ამპარტავნების ბორკილითაა შეკრული, მისთვის ღვთის მიმართ ვედრება და ტირილია საჭირო, რათა ამ საშინელ წყვდიადს გადაურჩნენ, რადგან ამგვართათვის ადამიანური შეწევნა უსარგებლოა, თუკი თვით უფალი არ გამოუჩნდა შემწედ.

45. ოდესღაც ეს უგუნური მაცდური საკუთარ გულში აღმოვაჩინე, ის თავისი დედის მხრებზე იყო შემომჯდარი. მე ისინი მორჩილების მახით მოვინადირე, სიმდაბლით ვტანჯე და გამოვკითხე, თუ რომელი კარით შემოვიდნენ ჩემში. რადგანაც ძლიერად დავტანჯე, მიპასუხეს: ჩვენ დასაწყისი არა გვაქვს, არც ვშობილვართ, რადგან თვით ვართ ყოველგვარი ვნების მშობელნი. ჩვენ მორჩილების მიერ შობილი გულის ძლიერი შემუსვრილება გვამარცხებს, რადგან არავისი მორჩილება არ გვისწავლია. იმიტომ რომ, ზეცაშიც წინამძღოლობა გვსურდა და ამიტომ ჩვენი ურჩობისათვის გადმოვცვივდით იქიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ მშობელნი ყოველგვარი საქმისა, რაც სიმდაბლისა სათნოებას აღუდგება წინ, რადგან ყველა, ვინც მას ეხმარება, ჩვენი მოწინააღმდეგეა. ჩვენ ზეცაშიც კი შევძელით უთანხმოების ჩამოგდება და შენ როგორ დაგვემალები?! ხშირად ადამიანების გულებში შეურაცხყოფის დათმენის, მორჩილების, ურისხველობის, განუკითხველობის და მოღვაწეობის სახით ვაღწევთ. ჩვენი ნაშობნი არიან: დაცემები, მრისხანება, გულღრძოობა, გულისწყრომა და გმობა, ხმამაღლობა და ორგულობა, სიძულვილი და შური, შურისძიება, თვითრჯულობა და ურჩობა; მხოლოდ ერთი რამ არის, რასაც ვერ ვამარცხებთ და იმას გეტყვით: თუ ღვთის წინაშე გულწრფელად მხოლოდ საკუთარ თავს ამტყუნებ, შენს წინაშე ობობის ქსელივით დამდნარს გვიპოვი, რადგან როგორც თვითონ ხედავ, პატივმოყვარეობა ამპარტავნების ცხენია, მაგრამ ჭეშმარიტი სიმდაბლე და საკუთარი თავის დადანაშაულება დაამარცხებს ცხენსაც და მის მხედარსაც და უფალს ტკბილი ხმით უგალობენ გამარჯვების საგალობელს და იტყვიან: „უგალობდით უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს, ცხენები და მხედრები შთასთხია ზღვასა“ და უფსკრულსა სიმდაბლისასა, რომლისა არს დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ოცდამესამე საფეხური - ვინც მასზედ ავა (თუ შეძლო და ავიდა), იგი ძლიერი იქნება.


გულში დაფარული გამოუთქმელი გმობის სიტყვებისათვის

1. წინამდებარე თავში წავიკითხეთ, რომ ბოროტი ფესვიდან ბოროტი ტოტი აღმოცენდება, რადგან უწმინდურმა ამპარტავნებამ აღიარა, რომ გამოუთქმელი გმობის ეშმაკი მის მიერ არის ნაშობი, ამიტომ საჭიროა ისიც განვდევნოთ, რადგან მცირეოდენი ბოროტება კი არ მოდის მისგან, არამედ - დიდი და ყოველგვარ ვნებაზე უარესი; უარესია, რადგანაც მისი სულიერი მოძღვრის წინაშე თქმა და განდევნა მეტად ძნელია. ამიტომაა, რომ მან სასოწარკვეთილება მოუვლინა მრავალს და ამ უწმინდურმა ისე გამოხრა ადამიანებში ცხონების იმედი, როგორც ჭიამ - ხე.

2. ეს ბილწი და უკეთური ხშირად წმიდა ჟამისწირვისას დაგვესხმის თავს, წმიდა საიდუმლოსთან ზიარების წუთებში უფლისა და წმიდა ძღვენის გმობას გვინერგავს; ამან უნდა მიგვახვედროს, რომ ჩვენი სული კი არ წარმოშობს ამ წარმოუდგენელ და გამოუთქმელ სიბილწეებს, არამედ ისინი ეკუთვნის ღვთისმოძულე ეშმაკს, რომელიც ზეციდან გადმოვარდა უფლის გმობის გამო. ჩვენი რომ იყოს ეს ბილწი გულისთქმები, როგორ ვცემდით თაყვანს და მადლობთ როგორ მივიღებდით ღვთის საჩუქარს? ერთდროულად კურთხევასა და წყევას როგორ შევძლებდით?!

3. ხშირად ბევრს სრულიად დააკარგვინა ცნობიერება და ეშმაკეულად აქცია ამ მაცდურმა, რადგან არ არსებობს რომელიმე სხვა გულისთქმა, რომელიც ესოდენ ძნელად სათქმელი იყო აღსარებისას. ამიტომ ბევრს შეაბერდა იგი. არაფერი აძლიერებს ეშმაკს ჩვენი გულისთქმების მიმართ, ისე როგორც საეშმაკო ბრძოლების დაფარვა.

4. ნურავინ იფიქრებს, რომ გმობის სიტყვები მისი მიზეზით ჩნდება გულში, რადგან უფალი დაფარულს ხედავს და იცის, რომ ჩვენ კი არა, ჩვენი მტრისანი არიან ის სიტყვები, ჩვენ გულებში რომ შემოდიან.

5. სიმთვრალე ხდება ფეხის წაბორძიკების მიზეზი, ხოლო ამგვარ გულისთქმათა მიზეზი ამპარტავნებაა. სიმთვრალისთვის დაისჯება ადამიანი, მაგრამ ამგვარ წაბორძიკებაში მას ბრალი არა აქვს.

6. სალოცავად რომ დავდგებით, არაწმიდა და გამოუთქმელი სიტყვები წინ აღგვიდგებიან; მაგრამ, როდესაც ლოცვას შევასრულებთ - გაგვეცლებიან, რადგან ისინი, როგორც წესი, არ ებრძვიან მათ, ვინც მათ წინააღმდეგ არ იბრძვის.

7. მარტო ღმერთს და საღმრთო საქმეებს კი არ ჰგმობს ეს უღმერთო, არამედ, რაიმე ბილწსა და უშვერს წარმოშობს ჩვენს გულებში, რათა ან ლოცვა მივატოვოთ, ან სრულიად დავკარგოთ საკუთარი თავის იმედი.

8. მრავალი ლოცვაში დააბრკოლა, მრავალი წმიდა საიდუმლოსთან ზიარებისაგან განაშორა, ზოგს მწუხარებისაგან ხორციელად ავნო, სხვები კი მარხვისგან დააუძლურა ამ ბოროტმა და კაცთმოძულე მოძალადემ, არ გაახარა მან ბევრი - არა მარტო ერისკაცებს, - ეს მონაზვნებსაც დაემართათ, რის გამოც ყოველგვარი იმედი დაკარგეს; ეუბნებოდა კიდეც მათ: თქვენი გადარჩენის აღარანაერი იმედი არ არსებობს, არამედ ურწმუნოებსა და წარმართებზე უარესები ხართო.

9. ვისაც გმობის ეშმაკი სტანჯავს, უნდა იცოდეს, რომ ამგვარი ფიქრების მიზეზი მისი სული კი არ არის, არამედ - უწმინდური ეშმაკი, რომელიც უფალს ეუბნებოდა: „ესე ყოველი მოგცე შენ, უკეთუ დაჰვარდე და თაყვანის-მცე მე“ (მათ. 4.9); ამიტომ ჩვენც არად ჩავაგდოთ იგი და მის სიტყვებსაც გულისყურით ნუ მოვექცევით, არამედ ვუთხრათ: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყვანის-სცე და მას მხოლოსა მსახურებდე“ (მათ. 4.10) და „სალმობა შენი და სიტყვა შენი თავსა შენსა და სიცრუვე შენი თხემსა შენსა ზედა დაუხდეს“, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე (ფს. 7.17).

10. ვინც ზემოთქმული სიტყვის გარეშე მოინდომებს გმობის ეშმაკთან ბრძოლას, იმ კაცს ემსგავსება, რომელიც ხელით ცდილობს ელვის შეპყრობას, რადგან, როგორ შეიპყრობ, როგორ შეეწინააღმდეგები და სამაგიეროს როგორ მიაგებ მას, რაც ქარივით წამიერად გაივლის გულში, თვალისდახამხამებაში დათესავს სეტყვას და გაუჩინარდება?!

11. ყოველგვარი ბრძოლა ჩერდება, გიტევს, აყოვნებს და დროს გაძლევს, თუკი შებრძოლების სურვილი გაქვს, ხოლო აქ კი ასე როდია, არამედ გამოჩენისთანავე უჩინარდება და სიტყვის თქმისთანავე მიიმალება.

12. ხშირად მარტივ და უმანკო გონებაში მოდის ეს ეშმაკი და თავს ესხმის მათ, ვისაც მეტად შეაშფოთებს და დააფრთხობს. ამიტომ ვამბობთ, რომ ის ყოველთვის ამპარტავნებით კი არ ჩნდება, არამედ ზოგჯერ ეშმაკეული შურის გამოც შედის ხოლმე ადამიანში.

13. მოყვასის განკითხვას უფრთხილდით და გმობის აზრები ნუ შეგაშფოთებთ, რადგან მეორის ძირი და მიზეზი პირველია.

14. როგორც სახლში მყოფს ესმის ქუჩაში გამვლელების სიტყვები და თვითონ არ ესიტყვება მათ, ასევე სულს ესმის ხორცში დაბუდებული ეშმაკის გმობა, რომელსაც წარმოსთქვამს, როდესაც სულში გაივლის და შეშფოთდება მისგან.

15. ვინც არად ჩააგდებს მას, გათავისუფლდება ამ მტანჯველებისაგან, ხოლო ვინც სხვაგვარად შეებრძოლება, მასში საუკუნოდ დამკვიდრდება იგი; რადგანაც არაწმიდა სულის შეპყრობის მოსურნე, ქარს დადევნებული კაცის მსგავსია.

16. იყო ერთი გულმოდგინე მონაზონი, რომელსაც ეს ეშმაკი ოცი წლის მანძილზე ებრძოდა: ხორცი მარხვითა და მღვიძარებით დააჭკნო, მაგრამ ნუგეში ვერ ჰპოვა; მაშინ დაწერა ყველაფერი და ნაწერი ერთ წმინდა ბერს მიართვა, თვითონ ფეხებში ჩაუვარდა და თავის მაღლა აწევას ვერ ბედავდა; როდესაც ბერმა ყველაფერი წაიკითხა, გაიღიმა, ძმა ფეხზე წამოაყენა და უთხრა: შვილო, ხელი მხარზე დამადე. როდესაც ძმა ასე მოიქცა, ბერმა კვლავ უთხრა: ჩემზე იყოს, ძმაო, ეს ცოდვა, რაც ამდენი ხანი შენთან ყოფილა, ოღონდ შენ ნუღარად ჩააგდებ მას; ის ძმა მარწმუნებდა, რომ ჯერ ბერის სენაკიდან გამოსული არც იყო, როდესაც ვნება გაუჩინარდა. ეს ამბავი თვითონ მიამბო და მადლობას სწირავდა მრავალმოწყალე ღმერთს, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვინც ეს ვნება დასძლია, ამპარტავნება განაგდო.