1. ახლადშემონაზვნებულთათვის განკითხვა (გულისხმისყოფა) საკუთარი სულიერი მდგომარეობის ჭეშმარიტი შეცნობაა; საშუალოთათვის - გონიერი გრძნობა, რომელიც ცოდვის გარეშე განსჯის, თუ რა არის ჭეშმარიტი კეთილი, რა - ბუნებითად და რა - სიკეთის საწინააღმდეგო; სრულთა შორის კი განკითხვა არის მათში არსებული სულერი გონება, რომელიც საღმრთო განათლებით მიენიჭათ, რომელსაც თავისი ნათლით იმის განათებაც შეუძლიათ, რაც სხვათა სულებში ბნელითაა მოცული. ანდა განკითხვა საერთო აზრით იმაში მდგომარეობს, რომ ზუსტად და მართლად მისწვდეს კაცი ღვთის ნებას - ყოველთვის, ყველგან და ყოველგვარ საქმეში. ის მხოლოდ მათთან იმყოფება, ვინც წმიდაა გულით, ხორცითა და ბაგით.
2. რომელმაც სამი კეთილად დასძლია, იგი დასძლევს ხუთსაც, მაგრამ ვინც ამ სამს არად აგდებს, ის ხუთთაგან ვერცერთს ვერ დაამარცხებს.
3. განკითხვა არის სრულიად უმწიკვლო და წმიდა გრძნობა, გონება, რომელსაც კეთილისა და ბოროტის გარჩევა ძალუძს, ღმერთმა ის კაცში ბოროტების მამხილებლად დანერგა.
4. მიუხვედრელობის გამო ურწმუნოებაში ნურვინ ჩავარდება, თუ ნახავს ან შეიტყობს, რომ მონაზვნობაში მყოფნი ბუნებაზე აღმატებულ საქმეებს აღასრულებენ; რადგან, სადაც ყოველგვარ ბუნებაზე აღმატებული ღმერთი ავლენს თავის არსებობას, იქ მრავალი ბუნებაზე აღმატებული საქმე არსებობს.
5. ყოველგვარი ეშმაკეული ბრძოლა სამი უმთავრესი მიზეზიდან გამომდინარეობს: ან - საკუთარი დაუდევრობიდან, ან - ამპარტავნებიდან, ან - ეშმაკის შურისაგან. პირველი საწყალობელია, მეორე უბადრუკი, ხოლო მესამე - სამგზის სანატრელი.
6. ყოველგვარ ვითარებაში სამიზნედ და კანონად ჩვენი სინდისი გვქონდეს, რათა ვიცოდეთ, თუ ქარი რომელი მხრიდან ქრის და მისი მითითებით ავმართოთ აფრები.
7. ყოველგვარ საქმეში, რომელიც გვსურს, ღვთისა სასურველად აღვასრულოთ, ეშმაკები სამ ორმოს გვითხრიან. პირველით ისინი იბრძვიან, რომ ჩვენს კეთილ საქმეებს აღუდგნენ წინ; როდესაც აქ დამარცხდებიან, მეორეს მოიხმარნენ, რათა აღსრულებული საქმე ღვთის ნების შესაბამისი არ იქმნას; ხოლო თუ აქაც დაიძლევიან, მაშინ უკვე ფარულად შემოგვიჩნდებიან და დაგვნატრიან და გვაქებენ, რომ ეს საქმე საღმრთოდ აღვასრულეთ; პირველის მტერი გულმოდგინება და სიკვდილის ხსოვნაა, მეორესი - მორჩილება და თავმდაბლობა, მესამესი - საკუთარი თავის მუდამ დამნაშავედ ცნობა.
8. ეს არის ის ღვაწლი, რომელიც აღსასრულებლად მოგვეცა, რათა ჩვენს სიწმინდეში ღვთის ცეცხლი შემოვიდეს, რაც თავდაპირველი ჩვევების ბრძოლას შეწყვეტს, რადგანაც „ღმერთი ჩვენი ცეცხლი გამლეველ არს“ (ებრ. 12.29) - ვნებათა ყოველგვარი აღგზნებისა და განხურვების, ყოველგვარი ბოროტი ჩვეულებისა, სისასტიკისა და სიბნელის, გარეგნულისა და შინაგანის, ხილულისა და უხილავისა.
9. ეშმაკები, თავის მხრივ, ჩვეულებრივ, ყველაფერს იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ, რაც ახლა ვთქვით. როდესაც ისინი სულს დაეუფლებინათ და გონებას დააბნელებენ, ჩვენ - უბადრუკთა შორის აღარც გონების სიფხიზლეა, აღარც თავის განკითხვა, არც გულისხმიერება, არც სირცხვილი, არამედ სისასტიკე და უგუნურება, საკუთარი თავის განუკითხველობა. ამას ისინი მიხვდებიან, ვინც სიძვის ცოდვაში იყვნენ და მოექცნენ, ან კადნიერებას სძლიეს, ან უტიფრობა სირცხვილით ალაგმეს. მათ იციან, თუ ამ სიბრმავისაგან განთავისუფლების და სიბნელის გაფანტვის შემდეგ, როგორი სირცხვილი დაეუფლათ საკუთარი თავის წინაშე ყველაფერი იმის გამო, რასაც სიბნელეში მყოფნი იქმოდნენ და ამბობდნენ.
10. თუ სულიერი დღე არ დაღამდა და არ დაბნელდა, მპარავი გასაძარცვად, დასაღუპად და მოსაკლავად შემოსვლას ვერ შეძლებს.
11. სულის ძარცვა არის ბუნებით სიკეთეების დაკარგვა.
12. ძარცვა ის არის, როდესაც კაცი ბოროტებასა და სისაძაგლეს, როგორც სიკეთის - ისე აღასრულებს.
13. პარვა არის სულიერი სიმდიდრის შეუმჩნევლად დაკარგვა.
14. სულის მოკვლა არის ბოროტ საქმეთა აღსრულებით პირმეტყველი გონების სიკვდილი.
15. სულის წარწყმედა ურჩობის შედეგად ყოველგვარი იმედის დაკარგვაა.
16. თუ ვინმე სახარებისეულ მცნებებს არ აღასრულებს, საკუთარ უძლურებას ნუ მოიმიზეზებს, რადგან მრავალია ისეთი, ვინც იმაზე მეტი აღასრულა, რასაც სახარება მოითხოვს ჩვენგან. ამაში იგი დაგვარწმუნებს, ვინც მოყვასი საკუთარი თავზე მეტად შეიყვარა, სული თვისი დასდვა მისთვის, თუმცა უფლის მცნება ამასთან დაკავშირებით არ მიუღია.
17. დაე, თავი ინუგეშონ და გამხნევდნენ ის ვნებათაგან ძლეული ადამიანები, რომელთაც მხოლოდ სიმდაბლე მოუხვეჭიათ. რადგან, ყველა ორმოშიც რომ ჩაცვივდნენ ისინი, ყველა მახეში რომ გაებან და ყოველგვარი სენითაც რომ დაუძლურდნენ, განკურნების შემდეგ სხვებისათვის მკურნალები, მნათობები და წინამძღვრები გახდებიან; ისინი სხვებს, ვინც დაცემის გზაზე დგას, ასწავლიან, თუ როგორი სულიერი სნეულებები არსებობს და საკუთარი გამოცდილებით გადაარჩენენ მათ.
18. თუკი ვინმეს, ვინც ძველი მავნე ჩვევებისაგან იტანჯება და შეუძლია თუნდაც მხოლოდ უბრალო სიტყვით სხვას ასწავლოს, დაე ასწავლოს მან, მაგრამ ისე, რომ წინამძღვრობა არ დაიწყოს, იქნებ თანდათან საკუთარი სიტყვისა შერცხვეს და თანდათანობით ჭეშმარიტი სარწმუნოება მოიხვეჭოს. მათ ის დაემართებათ, რაც ვნახე ზოგიერთ უწმინდურებაში ყელამდე ჩაფლულ ადამიანებთან დაკავშირებით: ისინი ყველა გზად გამვლელს ასწავლიდნენ, თუ თავად როგორ აღმოჩნდენ ამ უწმინდურობაში და ევედრებოდნენ მათ, რომ იმავე გზით არ გაევლოთ და იმავე ხრამში არ ჩაცვენილიყვნენ.
19. რადგანაც სხვათა ცხოვნებისათვის იზრუნეს, ყოვლადძლიერმა ისინიც იხსნა იმ საფლობისაგან. თუკი გულისთქმით შეპყრობილი ადამიანები ნებით მიეცემიან ვნებებს, დაე, დუმილით სწავლონ სხვებს, რადგანაც წერილი ამბობს: „იწყო იესო ყოფად და სწავლად“ (საქმ. 1,1).
20. ჭეშმარიტად მძვინვარე და მღელვარე ზღვის გავლას ცდილობთ მონოზვნებო, ის სავსეა ქარიშხლებითა და გრიგალებით, მოქცევებითა და კლდეებით, მხეცებითა და ავაზაკებით, სიფონებითა და ბოროტი მღელვარებით.
21. სულიერ გრიგალად წარმოვსახოთ ძლიერი და უეცარი გულისწყრომა, ზღვის მოქცევად - სასოწარკვეთილება, რომელიც გონებას გარს ეხვევა და მის უფსკრულში დანთქმას ცდილობს, კლდე მიუხვედრელობაა, რომელიც ბოროტებას სიკეთედ იღებს, მხეცად ეს ველური და მძიმე ხორცი მივიჩნიოთ და ავაზაკად ქედმაღლობის ბოროტი ეშმაკები, რომლებიც ჩვენი სათნოებების ტვირთსა და ნაშრომს გვტაცებენ, ღელვას გამძვინვარებულ და გამძღარ მუცელს ვუწოდებ, რომელიც მძვინვარებით მხეცის ხახაში ჩაგვაგდებს. ხოლო სიფონი არის ის ზეციდან გამოდევნილი ამპარტავნება, რომელიც ჯერ ცად გვამაღლებს და მერე უფსკრულში ჩაგვიყვანს.
22. ყველამ, ვინც წერილს ასწავლის, იცის, თუ რა არის განკუთვნილი დამწყებთათვის, რა - საშუალოთათვის და რა - მოძღვართათვის.
23. გავფრთხილდეთ, რომ მრავალწლიანი სწავლის შემდეგადაც ისევ ანბანს არ ვსწავლობდეთ, რადგანაც სირცხვილია, სწავლაში დაბერებული კაცი კვლავ ანბანს სწავლობედეს. მონოზვნობის ანბანია: მორჩილება, მარხვა, მღვიძარება, ძაძით შემოსვა, ნაცარზე ჯდომა, ტირილი, აღსარება, დუმილი, სიმდაბლე, მხნეობა, სიცივის ყინული, შრომა, უბადრუკი და შეურაცხი ყოფა, გულის შემუსვრილება, ავის არ მოხსენება, ძმათა სიყვარული, სიკეთე, მარტივი სარწმუნოება და ქვეყნიურისადმი უზრუნველყოფა, მშობლების მიმართ წმიდა სიძულვილი, სოფლისაგან განრიდება, უმანკოება და ნებსით სიგლახაკე.
24. მათ, ვინც მონაზვნობის გზის შუაში იმყოფებიან, უნდა იცოდნენ: ქედმაღლობის უარყოფა, ურისხველობა, იმედის სიუხვე, დაყუდება, განსჯა, მტკიცედ და ღვთისმოშიშებით ხსოვნა სასჯელისა, გულმოწყალება, უცხოთმოყვარება, სიკვდილის ხსოვნა, სრული სიყვარული, ზომიერი სწავლა, უვნებელი ლოცვა, ქონების სიძულვილი.
25. მათთვის ვინც ხორცში იმყოფებიან, მაგრამ სათნოებებით სრულყოფილებას მისწვდნენ, საზღვარი, ნიშანი და კანონი სულისა და ხორცისა ასეთია: წარუტაცებელი გული, სრული სიყვარული, სიმდაბლის წყარო, გონების ღმერთამდე ამაღლება, სულში ქრისტეს დამკვიდრება, სინათლისა და ლოცვის მოუკლებლობა, ღვთის ბრწყინვალების სიუხვე, სიკვდილის სურვილი, ამ ცხოვრების სიძულვილი, ხორცისაგან გაუცხოება, ანგელოზებთან ერთად იმგვარი ლოცვა ამქვეყნისათვის, რომელიც ღმერთის მოწყალების მოღებას აიძულებს, გულისხმიერების სიღრმე, საიდუმლოებათა ტაძარი, გამოუთქმელ საქმეთა მხილველობა, კაცთა მაცხოვნებლობა, ის არის ღმერთი ეშმაკთა, ვნებათა უფალი, ხორცის მბრძანებელი, გონების ბატონი, ცოდვათაგან უცხო, უვნებლობის სამყოფელი, მეუფის შეწევნით - მეუფის მიმსგავსებული.
26. ხორცის უძლურებისას გონების უდიდესი სიფრთხილეა საჭირო, რადგან, როდესაც ეშმაკები სარეცელზე დავრდომილებს გვნახავენ და მიხვდებიან, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლას სნეულების გამო ვერ შევძლებთ, შეეცდებიან, რომ განსაკუთრებულად მძიმე ბრძოლებს შეგვამთხვიონ.
27. მათ, ვინც სოფელში ცხოვრობენ, უძლურებისას მრისხანების ეშმაკი ესხმის თავს, ზოგჯერ კი - გმობის ეშმაკი ებრძვის; ხოლო მათ, ვინც სოფელს განშორებიან, თუკი ნივთიერი საშუალება მოეპოვებათ, ნაყროვანებისა და სიძვის ეშმაკი შეუტევს; ხოლო თუ მკაცრ და ყოველგვარ ხორციელ ნუგეშს მოკლებულ ადგილას ცხოვრობენ, მოწყინებისა და უმადურობის ეშმაკი დატანჯავს.
28. დავაკვირდი სიძვის ეშმაკის მოქმედებას და ვნახე, რომ იგი უმეტეს ტკივილსა და სიმწარეს უვლენდა სნეულს და ამ ტკივილითა და სიმწარით ხორცთა აღძვრა და დაცემა მოჰქონდა. და ეს მართლაც განსაცვიფრებელი რამ არის: როდესაც ტკივილისა და სიმწარის დროს ხორცი აღიძვრება და იმძლავრებს; მინახავს სარეცელს მიჯაჭვული სხვა სნეულნი, რომელთაც ღვთის ძალითა და მოწყალებით ნუგეში ეცათ, ამიტომ აღარაფერი აწუხებდათ და ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს აღარც სურდათ, რომ სნეულებისაგან გათავისუფლებულიყვნენ; ვნახე ისეთი სნეულებიც, რომლებსაც სნეულება - როგორც კანონი ღვთისაგან ისე მიეცათ და მისი საშუალებით სულიერი სენისა და ბოროტი ვნებისაგან გათავისუფლდნენ. და ვადიდე ღმერთი, რომელმაც ხორცის მიერ სულთან ერთად ხორციც განწმინდა.
29. გონიერი გონება, გონიერ სულს შეიმოსავს და იმისდა მიუხედავად, არის თუ არ არის ის ჩვენში, მასზე უნდა ვზრუნავდეთ და საკუთარი თავში ვეძებდეთ, რადგან, როდესაც ის გამოჩნდება, მაშინ გარეგანი გრძნობები სულზე მაცდუნებელ მოქმედებას ყოველმხრივ შეწყევტენ; ეს რომ კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ თქვა ერთმა ბრძენმა: „ცნობა საღმრთო ჰპოვე შენ“.
30. მონაზონს ცხოვრების ყოველგვარ საქმესა და სიტყვაში, აზროვნებასა და ქმედებაში სწორედ ეს სულიერი გულისხმიერება უნდა სდევდეს თან; ეს თუ ას არ იქნა, მაშინ ცხოვრება მონაზვნური აღარ იქნება და მით უმეთეს - ანგელოზური.
31. სხვა რამ არის განგებულება ღვთისა, სხვა - ღვთის შეწევნა, სხვა - მფარველობა მისი, სხვა - წყალობა მისი. ღვთის განგებულება ყოველგვარ ქმნილებაზე ვრცელდება; ღვთის შეწევნას მხოლოდ მორწმუნეები მიიღებენ; მფარველობა მტკიცე და ჭეშმარიტ მორწმუნეებს მიეცემათ; წყალობას - ისინი, ვინც მთელი სულით უფლისთვის იღწვიან; ხოლო ნუგეშინისცემას მხოლოდ მისი მოყვარულები მოიპოვებენ.
32. ხშირად ის წამალი, რომლითაც ერთი განიკურნება, მეორისათვის მომაკვდინებელი აღმოჩნდება. ხშირად დროულად მიღებული რომელიმე წამალი არგებს კაცს, ხოლო თუ უდროო დროს მიიღო, შეიძლება სასიკვდილო ღმოჩნდეს.
33. ვნახე უგუნურნი მკურნალნი, რომელმაც დამწუხრებული სნეული გინებით და შეურაცხყოფით შეაწუხა და მას სასოწარკევთილების მეტი ვერაფერი მოუტანა; ვნახე სხვა დახელოვნებული მკურნალი, რომელმაც ამპარტავნებით სავეს გული გინებით შეურაცხყოფით გააპო და სნეულებისა და სიმყრალისაგან დაცალა ის.
34. ვნახე ერთი და იგივე სნეული, რომელიც არაწმიდა ვნებათაგან განსაკურნებლად ხან მორჩილების წამალს სვამდა და მაშინ აქეთ-იქით დადიოდა და არ ეძინა; ხოლო სხვა დროს, როდესაც სულიერი თვალი დაუუძლურდებოდა, დეყუდებოდა და მდუმარებაში იმყოფებოდა. „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ“.
35. ზოგიერთს, არ კი ვიცი, რატომ (რადგანაც მე ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭებს ჩემი გონებით ვერ გამოვიძიებ), ასე რომ ვთქვათ, ბუნებრივი მიდრეკილება აქვს მარხვის, დაყუდების, ხორციელი სიწმიდის დაცვის, სიმშვიდის ან ლმობიერებისადმი.
36. არიან სხვები, რომელთა ბუნება ამ კეთილი საქმეების წინააღმდეგაა მიმართული, ისინი შეძლებისდაგვარად აიძულებენ თავს, და თუმცა ზოგჯერ ეცემიან კიდეც. მე მაინც, როგორც საკუთარი ბუნების მაიძულებელნი, ისინი პირველებზე აღმატებულად მიმაჩნია.
37. ჰოი კაცო, თავს ნუ იწონებ იმ სიმდიდრით, რომლის მოსახვეჭად შრომა არ დაგიხარჯავს, არამედ იცოდე, რომ ყოველგვარი ნიჭის მომცემელმა იცოდა შენი უძლურება და ამგვარი უვნებლობის მადლი უსასყიდლოდ მოგცა, რომ დიდი შრომის გარეშე ეცხონებინე.
38. ბავშვობაში მიღებული აღზრდა, განათლება და საქმიანობა სათნოებათა მოხვეჭაში და მონაზვნურ ცხოვრებაში ან შეგეწევა, ან - დაგვაბრკოლებს.
39. მონაზონთა ნათელი ანგელოზებია, ხოლო მთელი კაცობრიობის ნათელს მონაზვნები წარმოადგენენ. ამიტომაც მოვალენი ვართ, ყოველგვარ საქმეში და მოღვაწეობაში კეთილი მაგალითის მიმცემნი ვიყოთ, რათა ჩვენი სიტყვის ან საქმის გამოისობით „ნუცა ერთსა დაბნელდება, მაშინ განა ქვეყნიური სიბნელე უმეტეს წყვდიადად არ გადაიქცევა?!
40. ასე რომ, თუკი ჩემი მოსმენა და მორჩილება გსურთ, მაშინ ისმინეთ: ჩვენთვის სასარგებლო იქნება, თუ ცხოვრებაში ცვალებადები არ ვიქნებით და ჩვენს საბრალო სულს არ განვაბნევთ იმით, რომ ათასობით და ათიათასობით მტერს შევებრძოლებით, რადგანაც ჩვენთვის შეუძლებელია მათი ათასგვარი ხრიკისა და ბოროტმანქანების გამოძიება.
41. წმიდა სამების ძალით შევიარაღდეთ სამი უმთავრესი სათნოებით - სამი უმთავრესი ვნების დასათრგუნავად, თორემ სხვაგვარად საკუთარი თავს დიდ გარჯას მოვაწევთ.
42. ჭეშმარიტად, თუკი ჩვენთან იქნება იგი, „რომელიც გარდააქცევს ზღუასა ხმელად“, მაშინ ჩვენი ისრაელიც, - რომელშიც ღვთისმხედველი გონება უნდა ვიგულისხმოთ, - ვნებათა ზღვას დაუნთქმელად გადაურჩება და ეგვიპტელებს, ანუ - ვნებებს, საკუთარი ცრემლის ზღვაში დანთქმულს იხილავს. მაგრამ თუკი ის არ მოვა ჩვენში, მაშინ „ოხრასა ღელვათა მისთასა“, ანუ - ჩვენს ხორცს „ვინ დაუთმოს“?!
43. თუკი ღმერთი ჩვენ შორის საქმით აღდგება, მაშინ „განიბნინენ მტერნი მისნი“, ხოლო თუ სახილველად მივუახლოვდებით მას, „ილტვოდნენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა“ და ჩვენგანაც და სრულიადაც გაუჩინარდებიან.
44. შევეცადოთ, რომ საღმრთო საქმეები სიტყვით კი არა - საქმით ვისწავლოთ, რადგანაც სოფლიდან განსვლის ჟამს სიტყვებს კი არ წარვუდგენთ ღმერთს, არამედ - საქმეებს.
45. როდესაც ვინმე დამალული განძის შესახებ შეიტყობს, ცდილობს მის პოვნას და ამისათვის თავს არ ზოგავს, ხოლო როდესაც იპოვის, არანაკელბ შრომობს იმისათვის, რომ ნაპოვნი დაიცვას, რადგანაც უშრომელად გამდიდრებული, ადვილად აბნევს ქონებას.
46. ძველი ცოდვილი ჩვეულებებისა და ვნებების დაძლევა უშრომელად შეუძლებელია, ხოლო თუ ვინმე მათ კიდევ რაიმეს შემატებს და დაურთავს, ასეთი ან ცხონების იმედს კარგავს, ან - მონაზვნური ცხოვრებისაგან სარგებლობას ვერ მიიღებს. თუმცა ვიცი, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია და „შეუძლბელ მის მიერ არარაი არს“.
47. ძალიან რთული და უაღრესად ძნელადმოსაფიქრებელი კითხვა დამისვეს, ის ჩემს გონებასაც აღემატებოდა და არც სადმე წამეკითხა: რისგან იშობა რვა ცოდვილი ვნება და მათგან რომელიც სამია დანარჩენი ხუთის მშობელი? მე კი მათ კითხვას საქებარი უმეცრება დავახვედრე და თვითონვე ვკითხე და ვეევდრე, რომ ესწავლებინა ჩემთვის და ამ ნეტარმა მამებმა მართლაც ყველაფერი მითხრეს: სიძვის დედა ნაყორვანებაა; მოწყინებისა ქედმაღლობა; ხოლო მწუხარებას სამი რამ შობს - ნაყროვანება, ვეცხლისმოყვარება და ქედმაღლობა; მრისხანებაც ამ სამი ვნების ნაშობია. ამპარტავნების დედა კი ქედმაღლობაა.
შემდეგ ვევედრე ამ წმიდა მამებს და ვთხოვე, ეთქვათ, თუ რომელნი არიან რვა გულისსიტყვის ნაშობნი, ან რომელი რომლის შვილია. ამ უვნებელმა ადამიანებმა კი სიყვარულით მასწავლეს და მითხრეს: უგუნური ვნებები ყოველგვარ წესრიგსა და აზრს მოკლებულნი არიან, მათში ყოველგვარი უწესობა და არეულობა მეფობს; ნეტარი მამები ამას ერთობ დამაჯერებელი მტკიცებულებებით ამოწმებდნენ; ბევრი საგულისხმო და სარწმუნო მაგალითი წარმოადგინეს, რომელთაგან ზოგიერთს აქვე მოვიტანთ, რათა მათი საშუალებით სწორად ვიმსჯელოთ და ყველაფრის შესახებ მართებულად განვსაჯოთ.
მაგალითად უდროო და ცუდი სიცილი ზოგჯერ სიძვისაგან იშობა, ზოგჯერ კი - ქედმაღლობისაგან, როდესაც ვინმე შინაგანად ურცხვად იქებს თავს, ზოგჯერ მას დასვენება და შვება შობს. ძილიც ასევე განშვებისაგან იშობა, ზოგჯერ - მარხვისაგან, როდესაც მმარხველი ქედმაღლობით არის შეპყრობილი, ზოგჯერ კი მოწყინებისაგან; ზოგჯერ - ბუნებისგანაც. მრავალმეტყველება ზოგჯერ მოწყინებისაგან გამომდინარეობს და ზოგჯერ - ქედმაღლობისაგან, მოწყინებას კი ზოგჯერ შვება შობს და ზოგჯერაც ღვთის უშიშობა. გმობა ამპარტავნების ნაშობია, ხოლო ზოგჯერ მას ის შობს, რაშიც მოყვასს ვდებთ ბრალს; ანდა იგი ეშმაკის შურისაგან მომდინარეობს. გულფიცხელობას - სიმაძღრე, ულმობელობა და ბოროტი სიყვარული იწვევს; ბოროტ სიყვარულს ან სიძვა შობს, ან - ვეცხლისმოყვარება, ან - ნაყროვანება, ან - ქედმაღლობა და სხვა ამის მსგავსთაგან. ცბიერება ამპარტავნებისა და მრისხანებისაგან იბადება; თვალთმაქცობა - თვითმაამებლობის, თვითრჯულობისა და თავმოთნეობისაგან; მათი მოწინააღმდეგეები კი მოწინააღმდეგე მშობლებისაგან იბადებიან; ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რადგანაც მათი სათითაოდ აღწერა დიდ დროს მოითხოვს, მოკლედ ვიტყვი, რომ ყველა ზემოაღწერილი ვნების მკვლელი არის სიმდაბლე და ვინც ეს სათნოება მოიხვეჭა, ის ყოველთვის გამარჯვებული იქნება.
48. ყოველგვარი ბოროტების მშობლები სასატკბილობა და მზაკვრობა არიან, ვისაც ისინი დაეუფლებიან, იგი უფალს ვერ იხილავს, ერთ-ერთი მათგანისაგან განშორება ვერანაირ სარგებელს ვერ მოიტანს, თუ მეორეც არ მოსცილდა სულს.
49. შიში, რომელსაც ხელისუფალთა და მხეცების წინაშე განვიცდით, ღვთის წინაშე შიშის მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის. ხოლო სხეულებრივი სილამაზისადმი სიყვარული ღვთისადმი სიყვარულის სახედ უნდა გვექცეს; რადგანაც არაფერი გვაბრკოლებს, რომ მაგალითები სათნოებათაგან და მათი საპირისპირო საქმეებიდან ავიღოთ.
50. მეტისმეტად აივსო ბოროტი ქედმაღლობით, მზაკვრობითა და ორგულობით სამყარო, ხორციელ ღვაწლსა და შრომას გარდასულ მამათა მსგავსად მოითხოვს, ხოლო მათგვარ მადლს აღარავის ანიჭებს, თუმცა ალბათ არასოდეს ყოფილა ღვთის მადლი ისე აუცილებელი, როგორც დღეს; სამართლიანად მოგვეწია ეს ყოველივე; რადგანაც შრომით კი არა, არამედ - უბრალოებითა და სიმდაბლით გამოავლენს თავს ღმერთი ჩვენს სულში.
51. თუმცა უფლის ძლიერება უძლურებაში ჩნდება, უფალი თავმდაბალ მუშაკს არასოდეს უგულებელჰყოფს.
52. როდესაც რომელიმე მოღვაწეს ხორციელად დაუძლურებულს ვნახავთ, ჩვენი უკეთურებით მისი სასჯელის მიზეზის გამოძიებას ნუ დავიწყებთ, არამედ - სიყვარულით, როგორც საკუთარი თავი, ისე მივიღოთ და როგორც ბრძოლაში დაღლილ მხედარს, ისე ვუმკურნალოთ და მოვასვენოთ.
53. ბევრჯერ უძლურება ცოდვათა განსაწმედელად მოიწევა ჩვენზე, ზოგჯერ კი - გონების დასამდაბლებლად.
54. როდესაც ჩვენი სახიერი და ტკბილი ღმერთი ნახავს ვინმეს, ვისაც მოღვაწეობა ეზარება, მაშინ უძლურების მეშვეობით მრავალჯერ დაამდაბლებს მის ხორცს, ზოგჯერ კი იგი ავადმყოფობით სულს ვნებებისაგან და ბოროტი ზრახვებისაგან განწმენდს.
55. რაც არ უნდა აღესრულოს ჩვენზე, ყოველივე შეიძლება, მოვიღოთ როგორც კეთილად ისე, - საშუალოდ და ისე - ბოროტად
56. სამი ძმა ვნახე, რომელთაც რაღაც უჭირდათ, ერთი განრისხდა, მეორე უმოქმედოდ იდგა, ხოლო მესამე - ხარობდა.
57. ერთგან ვნახე, რომ მიწათმოქმედნი ერთსა და იმავე თესლს თესდნენ, მაგრამ თოთოეულს სხვადასხვაგვარი განზრახვა ჰქონდა; ერთს ვალის გადახდა უნდოდა, მეორეს - სიმდიდრის დაგროვება, მესამეს - უფლის მომადლიერება ძღვნის შეწირვით, სხვას ის სურდა, რომ გზად გამვლელებისათვის თავისი შრომა ეჩვენებინა და მათგან ქება დაემსახურებინა, სხვას - მტრის გულში შიშის და მწუხარების აღძვრა განეზრახა, სხვას - მხოლოდ ის, რომ უსაქმურობისათვის კაცთაგან საყვედური არ დაემსახურებინა.
58. ამ მუშაკების თესლი არის: მარხვა, მღვიძარება, მოწყალება, მსახურება და ამის მსგავსნი. ხოლო ზრახვებში რას ვგულისხმობდი, დაე, თვით ძმებმა დაწვრილებით გამოიკვლიონ.
59. როდესაც წყალს ვავსებთ, ხშირად ბაყაყი ამოყვება ხოლმე; ამგვარადვე, როდესაც სათნოებებს აღვასრულებთ, მათში ხშირად ფარულად ვნებებიც შეერევა. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უცხოთშემწყნარებლობას თან ნაყროვანება მოსდევს, სიყვარულს - სიძვა, გონიერებას - ეშმაკობა, სიბრძნეს - მზაკვრობა, სიმშვიდეს - მოწყინება და მცონარობა, ქალწულობას - სიფიცხე, სიმდაბლეს - თავხედობა, და ყოველივე ამას ერთად კრავს ამპარტავნება.
60. საყვარელნო, ნუ შეწუხდებით, თუ ზოგჯერ რაიმეს სთხოვთ უფალს და იგი აყოვნებს და თქვენს სათხოვარს ყურად არ იღებს.. რადგანაც ღმერთს სურს, რომ ყველა ადამიანი დაუყოვნებლივ უვნებლობას ეზიაროს. მაგრამ თუ ვინმე რაიმეს ითხოვს ღვთისაგან და სათხოვარს არ იღებს, ეს აქ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მიზეზით ხდება: ის ან უდროოდ ითხოვს, ან - უღირსად და ქედმაღლურად, ან თუკი მიეცემა, ამპარტავნებაში ჩავარდნა ელის, ან - სიზარმაცით შეპყრობა.
61. ყველამ იცის, რომ ზოგჯერ ვნებები ცოტა ხნით ან მუდმივად გვტოვებენ, მაგრამ ყველამ არ იცის, თუ რა მიზეზით გვშორდებიან ისინი.
ზოგიერთს - მარტო მორწმუნეს კი არა, არამედ - ურწმუნოსაც ერთის გარდა ყველა ვნება განეშორა; რადგან ეს ერთი ვნება, როგორც ყოველგვარი ბოროტების წინამძღვარი და ყოველგვარი სხვა ვნების მაგიერ მოქმედი და აღმასრულებელი დარჩა, ეს ბოროტება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მან ანგელოზის ეშმაკად გადაქცევა შეძლო.
62. ვნებას საღმრთო ცეცხლის ძალა დასწვავს და განლევს და მისი სულის მიერ აღმოიფხვრება.
63. კიდევ იმისთვის განეშორებიან კაცს ეშმაკები ნებით, რომ იგი უზრუნველობამ შეიპყროს და მერე მოულოდნელად დაესხმიან თავს, გაიტაცებენ და იმდენად ძლიერ ვნებებში დანთქამენ, რომ საკუთარი თავს უკვე თვითონვე აღუდგება წინ და ებრძვის.
64. ვიცი, რომ ეშმაკები შესაძლოა, განეშორონ მაშინაც, როდესაც სული ვნებებს ეჩვევა. ამის მაგალითად ჩვილი ბავშვი გამოდგება, რომელიც ძუძუს წოვასაა მიჩვეული და როდესაც ძუძუს მოსწყვეტენ, საკუთარი თითს წოვს ხოლმე.
65. ვიცი ბოროტი ეშმაკებისა და სულიერი ვნებების განშორების კიდევ ერთი, მეხუთე შემთხვევა, რომელიც უდიდესი უმანკოებისა და სულიერი სიწმიდისაგან მომდინარეობს, რადგანაც სწორედაც, რომ ჭეშმარიტი და სამართლიანია, თუ ასეთი ადამიანები შეწევნას მიიღებენ უფლისგან, „რომელმან განარინნის წრფელთა გულითა“ და მათგანვე ფარულად იხსნის ბოროტებისაგან, როგორც ჩვილებს, რომლებსაც მრავალგზის ხდიან სამოსელს და ისინი კი საკუთარი სიშიშვლს ვერ ხვდებიან.
66. თავისი ბუნებით ბოროტი ვნება ადამიანის ბუნებისათვის თვისობრივი არ არის, რადგანაც ღმერთი არ არის ვნებათა შემოქმედი. სათნოებანი კი მრავლად უწყალობა ჩვენს ბუნებას, რომელთაგანაც ცნობილია: მოწყალება, როგორც თვისობრივი ჩვენი ბუნებისათვის. ამიტომაა, რომ წარმართებიც კი ავლენენ მას ადამიანების მიმართ; თვისობრივია სიყვარული, რადგან ერთმანეთთან განშორება პირუტყვებსაც კი აწუხებთ; სარწმუნოებაც თვისობრივია, რადგანაც ყველა საკუთარი თავიდან იღებს და საკუთარი სულის სიღრმეში შობს მას; იმედი თვისობრივია ჩვენთვის, იმიტომ, რომ იმედით ვინათლებით და ყოველგვარ ხორციელ საქმეშიც გამდიდრების იმედით ვხელმძღვანელობთ: ვთესავთ და ვასესხებთ, ზღვით ვმოგზაურობთ. ამგვარად, როგორც ვთქვით, სიყვარული თვისობრივია ჩვენი ბუნებისათვის, სწორედ სიყვარულია აღსურლება სჯულისა და წინასწარმეტყველებისა. აქედან გამომდინარე სათნოებანი ჩვენი ბუნებისაგან არცთუ შორს ყოფილა და რცხვენოდეს ყველას, ვინც ამბობს, სათნოებათა აღსრულება შეუძლებელიაო.
67. ბუნებაზე აღმატებულია სრული ქალწულების სიწმიდე, ურისხველობა, სიმდაბლე, ლოცვა, მღვიძარება, მარხვა, განუწყვეტელი ტირილი და გლოვა. ზოგიერთი მათგანი კაცთაგან ვისწავლეთ, ზოგი - ანგელოზთაგან, ხოლო ზოგიეთის მასწავლებელი და მომცემელი თვით სიტყვა ღმერთია.
68. როდესაც ორი ბოროტებიდან ერთერთის არჩევა გვიწევს, ნაკლები ბოროტება უნდა ავირჩიოთ; მაგალითად, ზოგჯერ ლოცვის დროს შესაძლოა, რომელიმე ძმა გვესტუმროს, მაშინ ან ლოცვის გაგრძელება მოგვიწევს და ასეთ შემთხვევაში ძმას ვერ ვნახავთ და დავამწუხერბთ მას, ან - ლოცვის შეწყვეტა; მაშინ უნდა მივხვდეთ, რომ სიყვარული ლოცვაზე აღმატებულია, რადგანაც ლოცვა პირადი ღვაწლია, ხოლო სიყვარული ყოველგვარ სათნოებათა მომცველია.
69. სიჭაბუკეში ერთ ქალაქში მივედი, როდესაც სუფრას მივუჯექი, ნაყროვანებისა და ამპარტავნების ზრახვები დამესხნენ თავს; მე შემაშინა ნაყროვანების სულმა, რადგანაც ის სიძვას შობს, ამიტომ ამპარტავნებისაგან ვიძლიე.
70. ერისკაცებში ყოველგვარი ბოროტების საფუძველი ვეცხლის მოყვარეობაა; მონაზონთა შორის კი - სიძვა.
71. ზოგჯერ უფალი, თავისი საიდუმლო განგებულებით, სულიერ ადამიანებში მსუბუქ ვნებებს ტოვებს, რათა ამ უმნიშვნელო და თითქმის უცოდველი ვნებების გამო ეს ადამიანები გამუდმებით აყვედრიდნენ საკუთარი თავს და ამით შეიძინონ სანატრელი სიმდაბლე.
72. ახლადმოსულებისათვის მორჩილების გარეშე შეუძლებელია სიმდაბლის მოხვეჭა, რადგანაც თუ ვინმე რაიმე ხელობას თავისით ისწავლის, ეს მას აუცილებლად ამპარტავნებამდე მიიყვანს.
73. როგორც მამები ამბობენ, სათნოებათა ყოველგვარის სახე ორ სათნოებაში იკრიბება, ესაა მარხვა და მორჩიელბა; ერთი მათგანი ვნებებისაგან იხსნის ადამიანს და მეორე სიმდაბლის საშუალებით ამ გამოხსნილს სამუდამოდ იცავს. ამიტომ გლოვასაც ორგვარი ძალა აქვს, ის ანადგურებს ცოდვებს და სიმდაბლეს ნერგავს.
74. ღვთის მოშიში ადამიანებისათვის დამახასიათებელია მისცენ მათ, ვინც ითხოვს, ისინი, ვინც მათაც კი აძლევენ, ვინც არ ითხოვს, უფრო აღმატებულნი არიან, ხოლო ისინი, ვინც უკან აღარ ითხოვენ თავის მიერ გაცემულს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს, უვნებლობას არიან მიღწეულნი.
75. საკუთარი თავში ყოველგვარი ვნება და სათნოება გამოვიკვლიოთ და მივხვდეთ რომელ საფეხურზე ვართ: ვიწყებთ, შუაში ვართ თუ დასასრულს მივაღწიეთ.
76. ეშმაკები სამი მიზეზით გვებრძვიან: ან გემოთმოყვარების ან - ამპარტავნების, ან - შურის გამო. უკანასკნელი მართლაც რომ სანატრელია, საშუალო - სრულიად უბადრუკი, ხოლო პირველი - ყოვლად უსარგებლო.
77. არსებობს ერთგვარი გრძნობა, ან - უკეთ რომ ვთქვათ, ჩვევა, რომელსაც „ჭირთა თავსდებას“ უწოდებენ, როდესაც ის დამკვიდრდება კაცში, იგი აღარაფერს შეუშინდება და არც ღვაწლსა და ხორციელ გაჭირვებას უჩვენებს ზურგს.
78. სხვაა ზრახვების დაცვა და სხვაა გონებისა და როგორც „განშორებულ არს აღმოსავალი დასავალსა“, იმგვარადვე აღემატება ეს უკანასკნელი ღვაწლი პირველს.
79. სწორედ ამ გრძნობის თუ ჩვევის მიერ იყვნენ შეპყრობილნი მოწამეები და ამიტომ იყო, რომ სატანჯველის არად ჩაგდება შეძლეს.
80. ერთი საქმეა ილოცო ზრახვების წინააღმდეგ, სხვაა წინააღმდეგობა გაუწიო მათ და სულ სხვა - დათრგუნო და დაამდაბლო ისინი. პირველზე ეს ნათქვამი მოწმობის: „უფალო შეწევნად ჩემდა ისწრაფე“. და სხვა ამის მსგავსნი. მეორეზე: „მიუგო მაყვედრებელთა ჩემთა სიტყვა“. - ანუ შეწინააღმდეგება სიტყვით. და კიდევ: „მყვენ ჩვენ სახდომელ გარემოისთა ჩვენთა“. მესამეს კი ფსალმუნში ნაგალობევი ამოწმებს: „დავყრუვდი და არა აღვაღე პირი ჩემი“. და: „დასდევ საცოი პირსა ჩემსა, მიხდებოდა რა ცოდვილი წინაშე ჩემსა“ და კიდევ: ამპარტავანნი უსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე“ შენი ხილვისაგან „არა გარდავაქციე“. საშუალონი ხშირად საკუთარი მოუმზადებლობის გამო პირველს მიმართავენ, მაგრამ პირველები მეორეს ვერასოდეს მიწვდებიან, რომ მტერი მისი საშუალებით დაამარცხონ, ხოლო მესამეს სრულად უძლევია ეშმაკები.
81. ბუნებით შეუძლებელია, რომ უხორცო ხორციელმა შემოსაზღვროს, მაგრამ ვინც საკუთარი თავში ღმერთს დაამკვიდრებს, იგი ყოველივეს შესძლებს.
82. როგორც ნებისმიერ ყნოსვის შეგრძნების მქონეს შეუძლია, მიხვდეს, თუ გარშემომყოფთაგან ნელსაცხებელის სურნელი ვისგან მოდის, ასევე განწმენდილი სული შეიცნობს სხვებში როგორც კეთილ სურნელს - რომელიც ღვთისაგან თვითონაც მიიღო, ასევე - ბოროტსიმყრალეს, რომლისგანაც სრულიად გაუცხოებულია; თუმცა სხვები ამას ვერ გრძნობენ.
83. თუმცაღა შეუძლებელია, რომ ყოველი ადამიანი უვნებლობას მისწვდეს, მაგრამ ცხონება და სათნოყოფა ყველასათვის შეუძლებელია.
84. დაე, ნურასოდეს დაგეუფლებიან უცხოტომელები, ანუ - ზრახვები, რომლებიც ღვთის შეუცნობელი განგებულების გზების გამოძიებას გაიძულებენ, ასევე - ხილვები, რომლებიც ადამიანებს ესტუმრებიან ხოლმე და ჩააგონებენ - უგუნურ აზრს, თითქოსდა ღმერთი თვალმღებელია. ყოველივე ეს თავმაღლობის გამოვლინება და მისგან ნაშობი ზრახვებია.
85. ზოგჯერ ვეცხლისმოყვარების ეშმაკები ცდილობენ, სიმდაბლე დაიბრალონ, ასევე პატივმოყვარების ეშმაკები მოწყალების გასაცემად აღგვძრავენ, ასევე - გემოთმოყვარების ეშმაკები, ხოლო თუ ამ ორი უკანასკნელის დათრგუნვას შეძლებთ, მაშინ შეგიძლიათ, მოწყალება დაუბრკოლებრივ გაცსეთ.
86. მითხრეს, არსებობენ თვით ეშმაკების მოწინააღმდეგე ეშმაკებიო, მაგრამ მე მიხვედრილი ვარ, რომ ყოველი მათგანი ჩვენს დაღუპვას ცდილობს.
87. ყოველგვარ ხილულ თუ უხილავ სულიერ საქმეს წინ განზრახვა და კეთილი სურვილი უძღვის, - ღვთის შეწევნასთან ერთად, რადგანაც ამის გარეშე სათნოებები არ აღესრულება.
88. როგორც ბრძენი სოლომონი იტყვის: „ყოველივეს თავისი დრო აქვს და თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“. ეს გამონათქვამი იმ საგნებსა და საქმეებსაც შეეხება, რომელთაც მონასტრულ თანაცხოვრებაში აქვთ ადგილი. ამიტომ გონება უნდა მოვიკრიბოთ და ყოველი საქმე დროულად აღვასრულოთ, რადგანაც მოღვაწეს უვნებლობის ჟამიც აქვს და ისეთი დროც, როდესაც ღვაწლის სიმცირის გამოისობით ჯერაც ვნებულ მდგომარეობაში იმყოფება.
არის ჟამი ცრემლისა და არის ჟამი გულფიცხელობისა; არის ჟამი მორჩიელბისა და არის წინამძღვრობისა; არის ჟამი მარხვისა და არის ჟამი ჭამისა; არის ჟამი, როდესაც კაცი ხორცის მტრებს უნდა ებრძოდეს და არის ჟამი, როდესაც ამ მხურვალებას სრულად უნდა მოაკვდინებდეს; არის ჟამი სულიერი ზამთრისა და არის ჟამი გონების სიმშვიდისა; არის ჟამი გულის მწუხარებისა და არის ჟამი სულიერი სიხარულისა; არის ჟამი სწავლისა და არის ჟამი სმენისა; არის ჟამი, როდესაც ამპარტავნება შებილწავს და არის ჟამი, როდესაც სიმდაბლე განსწმენდს;
არის ჟამი ბრძოლისა და ჟამი განსვენებისა; არის ჟამი დაყუდებისა და ასევე - ჟამი უზრუნველობისა, საზრუნავისა და გარესვლისა; არის ჟამი სიმშვიდეში ლოცვისა და ჟამი წრფელი მსახურებისა; ამგვარად, ამპარტავნებით ნურაფრის ძიებას უჟამოდ ნუ დავიწყებთ; ზამთარში ზაფხულის საქმის პოვნას ნუ მოვინდომებთ, ნურც თესვისას მოგვინდება მკა, რადგანაც თესვის ჟამი ჟამია შრომისა, ხოლო მკისას გამოუთქმელ მადლს ვიმკით; მაგრამ თუ უდროოდ მოვინდომებთ რამეს, მასე ვერც თავის დროზე მივიღებთ.
89. ზოგიერთმა ღვთის გამოუკვლეველი განგებულებით საკუთარი ღვაწლის შედეგი მოღვაწეობის დაწყებამდე მოიმკო, ზოგმა - მოღვაწეობის ბოლოს, ზოგიერთმა კი - მხოლოდ სიკვდილის ჟამს; გამოსაკვლევია, ამ სამს შორის რომელია უმდაბლესი.
90. არსებობს სასოწარკვეთილება: ცოდვათა სიმრავლის, სინდისის დამძიმების და უაღრესი მწუხარების გამოისობით; როდესაც სული დაწყლულდება და ყოველივე ამის სიმძიმისაგან სასოწარკვეთილების უფსკურლში ჩავარდება; არსებობს ასევე სასოწარკვეთილება, რომელსაც ამპარტავნება და ქედმაღლობა მოაწევს სულს, როდესაც დაცემული კაცი ფიქრობს, რომ ეს დაცემა მისთვის დაუმსახურებელი და შეუფერებელია; თუკი ვინმე ამას დაუფიქრდება, მიხვდება, რომ ამ ორ მდგომარეობას შორის ასეთი განსხვავება არსებობს: პირველი მათგანი დაუდევრობას მიჰყოფს ხელს, ხოლო მეორე სასოწარკვეთილებისაგან - ღვაწლს. მაგრამ ამით ვერ ეშველებათ, იმიტომ რომ პირველს მარხვა და ღვთის სასოება განკურნავს, ხოლო მეორეს - სიმდაბლე და სხვათა განუკითხველობა.
91. ყოველგვარი საქმის დაწყებისას: მორჩილებაში იქნები თუ - არა, შენი ღვაწლი ხილული იქნება, თუ - უხილავი, კანონად და წესად ერთი რამ გაიხადე: გამოსცადე ჭეშმარიტად ღვთისათვის აღასრულებს მას?! მაგალითად, თუკი დამწყებები ვართ, რაიმე საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ამით ჩვენს მიერ მანამდე მოხვეჭილი სიმდაბლე არ იზრდება, გამოდის, რომ ღვთისათვის არ ვიღწვით; ეს საქმე დიდი იქნება თუ მცირე, დამწყებთათვის მთავარი ის არის, რომ ღვაწლი უფლის ნებასთან თანხვდომილი იყოს. საშუალოებში ის შინაგან ბრძოლას დააცხრობს, ხოლო სრულთათვის საღმრთო ნათლის გამრავლება და სიუხვე მოაქვთ.
92. მცირე ცოდვა დიდი ადამიანებისათვის შესაძლოა, მცირედ აღარ ჩანდეს, ხოლო პატარასთან დიდი ცოდვა შეიძლება, დიდიც არც იყოს.
93. როდესაც ცას ღრუბელი გადაეყრება, მზე კარგად მაშინ გამოჩნდება, ხოლო სული მაშინ იხილავს საღმრთო ნათელს, როდესაც ძველი ცოდვებისაგან განიწმიდება.
94. სხვა რამ არის ცოდვა და სხვა - უქმობა; სხვა რამ არის უქმობა და სხვა - ვნება; სულ სხვაა დაცემა; ვისაც ღვთისგან ამის შეცნობა შეუძლია, დაე გამოიძიოს.
95. ზოგიერთი სხვა სულიერ ნიჭზე და მადლზე მეტად სასწაულმოქმედების და წინასწარმეტველების ნიჭს ნატრობს, მან არ იცის, რომ ძალიან ბევრია ამაზე აღმატებული ნიჭი, რომელიც დაფარულია და ამდენად - დაცემისგან დაცული.
96. ვინც სრულად განწმენდილია ცოდვებისაგან, იგი მოყვასის სულს, ხედავ, მაგრამ მის არსებას კი - ვერა; ვერ გრძნობს, როგორ განწყობილებაზეა იგი, რას განიცდის, ხოლო, იგი, ვინც ჯერ კიდევ მოღვაწების გზაზე დგას, ხორციელ საქმეებში მოყვასის სულსაც შეიცნობს.
97. მცირე ცეცხლი ხშირად ყოველ ნივთს განწმენდს, მცირე ხვრელი კი ყოველგვარ შრომას ცარიელზე ტოვებს.
98. ბევრჯერ, როდესაც ეს ჩვენი მტერი ხორცი მოგვასვენებს, გონების ძალას მაშინ ვიგრძნობთ ხოლმე და დამღუპველი მხურვალება აღარ გვაწუხებს; ზოგჯერ კი - პირიქით, სხეულის დათრგუნვა მაში ბოროტ აღძვრას შობს, რათა საკუთარი თავზე კი არ ვამყარებდეთ იმედს, არამედ მასზედ, ვინც უხილავად მოაკვდინებს ჩვენს ცოცხალ მტერს - სხეულს.
99. როდესაც ისეთ ადამიანებს ვნახავთ, ვისაც ღვთის მიერ ვუყვარვართ, მათ მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა არ გავკადნიერდეთ, რადგან არაფერი აქრობს სიყვარულს ისე და არ შობს სიძულვილს, როგორც - კადნიერება.
100. სულიერი თვალი, ანგელოზების შემდგომად ყველაზე მშვენიერი და კეთილი რამ არის, ის მშვენიერებით ყოველგვარ ქმნილებას აღემატება. ამიტომ ხშირად მათ ვინც თავად ცოდვით იძლევიან, შეუძლიათ მათდამი სიყვარულის გამო, სხვების სულის იდუმალ ზრახვებს ჩაწვდნენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ხორციელად არ არიან შებილწულნი.
101. რადგან უხორცო ბუნებისთვის არაფერია ისე საძულველი, როგორც - ხორციელი; ვინც ამას წაიკითხავს, კარგად გაიაზროს.
102. სულით უძლური უფლის მიახლოებას ჭირისა და ხორციელი განსაცდელის სიმრავლით უნდა ხვდებოდეს, ხოლო სრულნი სულიწმიდის მოვლინებით და მადლის გამრავლებით უნდა შეიცნობდნენ.
103. არიან სრულნი, რომლებიც საღმრთო სურვილით მხნევდებიან და გულის სიმდაბლით დიდ სათნოებებს აღასრულებენ. სხვები კი იმავე საქმეს ამპარტავნებით შეუდგებიან და სირცხვილში ჩავარდებიან ხოლმე.
104. არის ეშმაკი, რომელიც სარეცელზე წოლისას მოვა და ბოროტი და უწმინდური ზრახვებით ცდილობს ჩვენს შებილწვას; ამიტომ თუ ჩვენ უდებება დაგვძლევს, მის წინააღმდეგ ლოცვით არ აღვიჭურვებით და ამ ბოროტი ზრახვებით დავიძინებთ, ბილწი სიზმრები მოგვიცავს.
105. არის კიდევ ეშმაკი, რომელსაც მსტოვარი ეწოდება და რომელიც გაღვიძებისთანავე წარმოგვიდგება და ჩვენს პირველივე აზრებს შებილწავს.
106. ყოველი დღის დასაწყისი უფალს მიუძღვენი, რათა გათენებისთანავე მის მიერმა ზრახვებმა დაიმკვიდრონ შენში, და არა - ეშმაკეულმა, რადგანაც, ვისაც თუ ახლადდაწყებული დღე როგორ ჩაივლისო.
107. ერთმა ღირსეულმა მოღვაწემ ყურადსაღები რამ მითხრა: - გათენდა თუ არა, მაშინვე ვხვდები, თუ ახალდდაწყებული დღე როგორ ჩაივლისო.
108. ღვთისმსახურებისა და წარწყმედის უამრავი გზა არსებობს; ხშირად ხდება, რომ ერთისთვის მოუხერხებელი გზა მეორისთვის ძალზედ წარმატებულია, და ამასთან: ორივე მოგზაურის მიზანი უფლისთვის სათნოა.
109. როდესაც რაიმე განსაცდელი შეგვემთხვევა, მაშინ გვებრძვის ეშმაკი, რათა რაიმე ბოროტი ვთქვათ ან მოვიმოქმედოთ, ხოლო თუ ამას ვერ გვაქნევინებს, მაშინ ფარულად მოვა და ამპარტავნებით სავსე მადლობას დანერგავს ჩვენში.
110. ვინც ზეციურ საქმეებს იქმს, სიკვდილის შემდეგ ზეცაში ადის, ხოლო, ვინც ქვეყნიურზე ფიქრობდა, მისი ადგილი ქვემოთ იქნება. გარდაცვლილთაგან შუაში არავინ დარჩება.
111. უფლის ქმენილებათაგან მხოლოდ სულია, რომელიც ცალკე კი არ არსებობს, არამედ სხვასთან (სხეულში). და საოცარია, როგორ შეუძლია მას არსებობა იმის გარეშე, საიდანაც სიცოცხლე მიიღო?!
112. კეთილ ასულებს დედები შობენ, თვითონ დედებს - უფალი; მათ მოწინააღმდეგე ბოროტ ასულებსაც დედები შობენ, ამ დედებს კი - ეშმაკი.
113. მშიშარა სამბრძოლოდ ნუ გამოვა - ამბობს მოსე, უფრო ზუსტად კი ამას ღმერთი ამბობს; რათა მისი უკანასკნელი სულიერი დაცემა იმ პირველ - ხროციელზე უარესი აღმოჩნდეს.
ყოველ ხორციელი სხეული ხორციელი თვალით იხედება, ხოლო საღმრთო სათნოებათა გონიერი თვალი არის გამოძიება და შეცნობა.
114. „ვითარცა სურის ირემსა წყაროსა მიმართ წყალთასა, ეგრეცა სურის“ მონაზონთა სულებში, რათა შეიცნონ სახიერი, კეთილი და სრული ღმერთის ნება, ასევე ისიც: თუ როდის ერევა მასში ჩვენი პირადი ნება და როდის - მოწინააღმდეგისა; ხოლო თუ როდისაა ნება შეერთებული (*) - ამასთან დაკავშირებით ვრცელი და რთული მსჯელობაა საჭირო; ანუ რომელიც საქმეები უნდა აღვასრულოთ სრულიად დაუყოვნებლად, ამ გამონათქვამის მიხედვით: „ნუ აყოვნებ და... სახვალიოდ ნუ გადადებ“ (ზირ. 5,8); რომელნი - მოთმინებითა და სიბრძნით, იმ ბრძნის სიტყვისამებრ, რომელიც ამბობს: „თავგზიანად წარმართე ბრძოლა“ (იგავ. 24,6); კიდევ: „ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდნენ“ (1კორ. 14,40); იმიტომ, რომ - ვიმეორებ - ყველას არ ძალუძს, სწრაფად და კეთილგონივრულად გაერკვეს ამ ძნელადგასაგებ ვითარებებეში. თვით ღმერთშემოსილი წინასწარმეტყველი, რომელშიც სულიწმიდა იყო დამკვიდრებული და მისი ბაგეებით მეტყველებდა, ხშირად ლოცულობდა თავისი ნიჭისათვის და ამბობდა: „მასწავე მე, რაითა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი“ (ფს. 142,10); ანდა ამგვარად: „მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე“ (ფს. 24,5). ან კიდევ: „მაუწყე, მე უფალო, გზაი, რომლესაცა ვიდოდე,“ რაითა უარვყო ყოველგვარი ვნება და ქვეყნიური საზრუნავი და „აღვიღო“ და შეგავედრო „სული ჩემი“ (ფს. 142,8).
115. ყველამ, ვისაც ღვთის ნების შეცნობა სურს, ჯერ საკუთარი თავში პირადი ნება უნდა მოაკვდინოს, გულის სიწმიდითა და სიმარტივით აღავლინოს ლოცვა, ჰკითხოს სულიერ მამემბსა და ძმებს, მათი ნათქვამი მიიღოს, თუნდაც ის მის პირად აზრს ეწინააღმდეგებოდეს და თუნდაც ეს ადამიანები არც დიდი სულიერებითა და გონიერებით იყვნენ გამორჩეულნი; რადგანაც უფალი არ უარყოფს მას, ვინც სიწმიდითა და სარწმუნოებით მიენდობა აზრს მამებისა, რომლებიც შესაძლოა, უმეცარნი არიან, მაგრამ მათ მიერ ყოვლადბრძენი და სახიერი უფალი მეტყველებს.
116. ამ საქმის სიხარულითა და ერთგულებით მოქმენდნი უდიდესი სიმდაბლით არიან აღსავსენი, რადგან თუკი ვინმე „საგალობელითა აღიღებდა იგავსა“, ამ უსულო საგალობელს რამდენად აღემატება სიტყვიერი გონება და გონიერი სული;
117. ვინც ამას არ აღასრულებს, მას საკუთარი ძალებით სურს ნების შეცნობა და ამისთვის ყოველგვარ ღონეს ხმარობს, მან გვიამბო ის, რასაც ახლა გეტყვით:
118. ზოგიერთმა მათგანმა, ვინც ორი არჩევანის წინაშე იდგა და სურდა, შეეტყო, მათგან რომელიც იყო სათნო ღვთისათვის, გონებისაგან სრულად მოიკვეთა ყოველგვარი ხორციელი სიყვარული და ისე მოიზღუდა გონება, რომ ამ ორთაგან არცერთს არ მიმხრობოდა ის; და ამგვარად ყოველგვარი პირადი ნებისაგან განძარცვული გონება დადგენილ დღეს - მხურვალე ლოცვით წარადგინა უფლის წინაშე და ამგვარად შეიცნო ნება ღვთისა: ასეთ დროს ან უხილავი გონება უხილავად ესაუბრება მათ გონებას და უმჯობესს აუწყებს, ან - ერთ-ერთმა ზრახვამ სრულიად დატოვა გონება; სხვებმა კი ის მაშინ შეიცნეს, როდესაც თავსდატეხილმა განსაცდელმა შეუშალათ ხელი და მიხვდნენ, რომ ეს ხელისშეშლა ღვთისაგან იყო, როგორც მოციქულიც ამბობს: „ვინებეთ მისვლა თქუენდა მე, პავლე, ერთგზის და ორგზის და დამაბრკოლა ჩუენ“ (1თეს. 2,18); სხვებმა კი პირიქით - მოულოდნელი ხელშეწყობით შეიცნეს, რომ ესა თუ ის საქმე ღვთისათვის სასურველი იყო, რადგან ყველა კეთილისმოქმედს გამარჯვებას აძლევს ღმერთი;
119. ვისაც საკუთარი თავის განმანათლებლად ღმერთი ჰყავს, მისი გონება თავისთავად ნათლდება ღვთისაგან და არჩევს, თუ რომელი საქმეა მსწრაფაღსასრულებელი და რომელ საქმეში დაყოვნებაა საჭირო; ეჭვი და ბევრი ფიქრი რაიმე საკითხთან დაკავშირებით, როდესაც კაცს გადაწყვეტილების მიღება უჭირს, ნიშანია იმისა, რომ მისი სული ჯერაც გაუნათლებელი და დიდებისმოყვარეა.
120. არ არსებობს ღვთისაგან ისეთი უსამართლობა, რომ მან კარი დაუხშოს მათ, ვინც სიმდაბლით რეკს და ევედრება მას.
121. რასაც უნდა ვაკეთებდეთ, შევამოწმოთ ჩვენი სურვილები, თუ საით არიან მიდრეკილები ისინი, რადგან რომელ საქმესაც აღვასრულებთ ღვთისათვის, ყოველგვარი ხორციელი საქმისა და სურვილისაგან განწმენდილი ნებით, დასასრული მისი კეთილი იქნება, თუნდაც თავდაპირველად ეს ასე არ ჩანდეს. ხოლო თუ მასში ხორციელი სურვილია გარეული, არ ვიცი, რამდენად კარგი იქნება ამ საქმის აღსრულება, ამიტომ რომ საშიშია.
122. ღვთის სამართალი ჩვენთვის მიუწვდომელია, ხშირად თავის ნებას ფარავს ღმერთი ჩვენგან, რადგან იცის, რომც შევიტყოთ, მაინც არ აღვასრულებთ მას; სწორედ ამიტომ არ გვიცხადებს, რომ აღუსრულებლობისათვის უმეტესად არ დავისაჯოთ.
123. წრფელმა გულმა არ იცის მზაკვრობა და უმანკოების ნავით უხიფათოდ მიცურავს.
124. არიან მხნე სულები, რომელნიც საღმრთო სიყვარულით და გულის სიმდაბლით ისეთ ღვაწლს ტვირთულობენ, რომელიც მათ შესაძლებლობას აღემატება; ასევე არსებობენ ამპარტავანი გულები, რომლებიც ასევე იქცევიან, რადგან ხშირად ეშმაკები აღგვძრავენ, რომ საკუთარი ძალებზე აღმატებულ საქმეებს შევეჭიდოთ, რათა ამის გამო სულმოკლეობაში ჩავვარდეთ და რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ისიც ვერ აღვასრულოთ და მტრის დასაცინები გავხდეთ;
125. ვნახე ისეთები, რომელთაც – სულით და ხორცით უძლურთა ცოდვათა სიმრავლის აღსახოცელად, საკუთარი შესაძლებლობებზე აღმატებული საქმე იტვირთეს და მისი აღსრულება კი ვერ შეძლეს; მათ ვასწავლე და ვუთხარ: - ღვაწლის სიმრავლის კი არა, არამედ სიმდაბლის სიმრავლის მიხედვით იწირავს ყოველთა შემოქმედი ღმერთი ადამიანის სინანულს მეთქი.
126. ზოგჯერ უკიდურეს ბოროტებათა მიზეზი აღზრდა ხდება, ზოგჯერ - ბოროტ ადამიანებთან ერთად ყოფნა; მაგრამ ყველაზე ხშირად სულის უკეთურება და გონების განდგომილებაა დაღუპვის მიზეზი.
127. ვინც ამ პირველი ორისაგან განშორებულია, ის მესამისაგანაც განშორებული, ხოლო იგი, ვისაც ეს მესამე სჭირს, ყველგან დაუცველია, რადგან ადვილი არ არის ცოდვისაგან დაცვა იმ კაცისა, ვინც თვითონ არ ერიდება ცოდვას.
128. თუკი ურწმუნოები ან ერეტიკოსები გვესაუბრებიან და ბოროტი ნებით ცდილობენ ჩვენს გადაბირებას, მცირეოდენი შეგონებისთანავე განვეშოროთ მათ, მაგრამ თუკი ჭეშმარიტების შეცნობის გულწრფელი სურვილი აქვს ვინმეს, ნუ დავაყოვნებთ და კეთილი ვასწავლოთ მას; მაგრამ ორსავე შემთხვევაში საკუთარი სიმტკიცისა და სულიერების საზომის მიხედვით ვიმოქმედოთ.
129. დიდი უგუნურებაა, თუ ვინმეს დიდი მამების საოცარი საქმეების შესახებ ამბები სასოწარკვეთილებმადე მიიყვანს, რადგან თუ კაცი ისურვებს, აქედან ორმაგი სარგებელის მიღება ძალუძს: მას შეუძლია, საღმრთო შური აიღოს და მიბაძოს კეთილს, ან - შეიცნოს საკუთარი თავი, თავისი უძლურება – სიმდაბლით, რაც სიკეთის მომასწავებელია.
130. უწმიდურ სულთაგან არიან მათ შორის უბოროტესები, რომლებიც მარტო ჩვენ კი არ გვებრძვიან და მიგვიზიდავენ ცოდვისაკენ, არამედ ცდილობენ, რომ სხვებიც ვაზიაროთ ცოდვას და ამით უმეტეს სატანჯველს მივეცნეთ.
131. ვნახე ისეთი კაცი, რომელმაც ბოროტი ჩვევა სხვიგან შეიძინა, შემდეგ მისი ამ საქმის მასწავლებელი გონს მოეგო, ამ ბოროტებას განერიდა და სინანული მოიპოვა, მაგრამ მისი მოწაფის ცოდვაში ყოფნის გამო მისი სინანული უძლური და ძალიან ძნელი აღმოჩნდა.
132. ძალიან მრავალგვარი და მრავალრიცხოვანია ბოროტ სულთა მზაკვრობანი, ცოტას თუ ძალუძს ზოგიერთი მათგანის შეცნობა, ყველა მათგანისა კი - არც იმ ცოტას შეუძლია; როგორ ხდება, რომ ზოგჯერ განშვებულები და გამაძღარნი კეთილ სიფხიზლეს მოვიპოვებთ, ხოლო მარხვისა და მოღვაწეობისას საბრალობელად ვართ ძილში დანთქმულნი, ან - დაყუდებაში მყოფნი მრისხანებაში ვვარდებით, ხოლო სიმაძღრისას - არაფერს; მოღვაწეობისას მოღუშულები ვართ, ხოლო ღვინოს თუ დავლევთ, გავმხიარულდებით და ლმობიერებას მოვიპოვებთ; ვისაც უფალმა საამისო ძალა მიანიჭა, დაე მან გაანათლოს გაუნათლებლები, რადგან ამგვარ საქმეთა აღსასრულებლად ჩვენ განათლება არ გვყოფნის. მაგრამ იმასაც ვიტყვით, რომ ყოველგვარი ცვლილება ეშმაკისაგან არ ხდება, არამედ ზოგჯერ - ჩვენივე ბილწი, მღვრიე და საპყარი ხორცის გამოისობით.
133. როდესაც რომელიმე ზემოხსენებული მდგომარეობა დაგვეუფლება, მაშინვე მხურვალედ და სიმდაბლით ვევედროთ უფალს, და თუკი მრავალგზისი ვედრებაც კი ვერ მოგვიტანს ნუგეშს უნდა მივხვდეთ, რომ ყოველივე ეს ეშმაკისაგან კი არა - ბუნებიდან მოდის. ან ყოველივე ღვთის განგებულებით მოიწევა და უფალს სურს, რომ ამგვარი წინააღმდეგობის დაძლევით მოვიპოვოთ მადლი და ჩვენი ამპარტავნება დამდაბლდეს.
134. მეტად საშიშია, თუკი ვინმე ღვთის განგებულებით მოწევნული სასჯელის გამოკვლევას დაიწყებს, რადგანაც ამგვარი მკვლევარები ამპარტავნების ნავში სხედან.
135. ერთხელ ერთმა დაფარულთა მჭვრეტელმა ბერს ჰკითხა: ვისი დაცემაც ღმერთმა წინასწარ იცოდა, რაღად შეამკო ისინი წინასწარმეტყველებისა და სასწაულთა აღსრულების ნიჭით? მან კი მიუგო: ჯერ ერთი იმისათვის, რომ სხვა სულები გაფრთხილდნენ; მეორე: იმისათვის, რომ ადამიანის ნების თავისუფლება აჩვენოს და მესამე: რათა მათ ვეღარაფრით იმართლონ თავი სამსჯავროზე.
136. ძველი სჯული, როგორც უძლური, ამბობს: „ეკრძალე თავსა შენსა“, ხოლო ძლიერების მქონებელმა უფალმა ძმის მოქცევაც გვიბრძანა და თქვა: „უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან“... და ა.შ.
137. თუკი სიწმიდით ამხელ და სიმდაბლით ასწავლი, უფლის სიტყვების მიხედვით იმოქმედე, განსაკუთრებით მათთან, ვინც მას შეიწყნარებენ; მაგრამ თუკი ამ საფეხურისათვის ჯერ არ მიგიღწევია, სჯულის მიხედვით მოიქეცი და საკუთარი თავს გაუფრთხილდი.
138. ნუ გაგიკვირდება, თუკი შენთვის საყვარელი ადამიანებიც მხილების გამო მტრად მოგეკიდებიან, რადგანაც უგუნურები ადამიანები ხშირად ეშმაკის იარაღად იქცევიან, განსაკუთრებით კი მისი მტრების (ანუ - ღვთის მონების) მიმართ.
139. ერთი რამ მეტად საკვირველია! როგორ ხდება, რომ სათნოებაში შეგვეწევა ღმერთი, რომელიც ყოვლის შემძლეა და ამ შემწეობას წმიდანებისა და ანგელოზების მეშვეობით მოგვივლენს, ბოროტების შემწედ კი მხოლოდ ეშმაკები არიან; ჩვენ კი ბოროტი და ავი საქმის აღსრულება უფრო გვიადვილდება, ვიდრე კეთილის.
140. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: ყველა ქმნილება ის არის, რადაც შეიქმნა და რანაირად ხდება, რომ მე ღვთის ხატად ვარ შექმნილი და ხრწნად თიხაში აღრეული?! თუკი რომელიმე ქმნილება როგორღაც განსხვავდება იმისაგან, რადაც თავდაპირველად შეიქმნა, მას უდიდესი სურვილი აქვს, რომ თავისი ბუნებრივი მდგომარეობა დაიბრუნოს.
141. ადამიანები ყოველგვარ ღონეს უნდა ხმარობდნენ და ცდილობდნენ, რომ ეს თიხა ავიდეს ზეცამდე და ღვთის საყდართან დაჯდეს; ნურავინ მოიმიზეზებს, თითქოსდა ასვლა შეუძლებელი იყოს, რადგანაც გზა და კარი ღიაა.
142. სულიერი მამების ღვაწლისა და სათნოებების შესახებ ამბების მოსმენა გონებასა და სულში მოშურნეობას აღძრავს; ხოლო მათი მოძღვრების მოსმენა კი მოშურნეებს მათ მიბაძვაში წარმართავს და ხელმძღვანელობს.
143. ყოველივე ამის განსჯა არის ბნელის მანათობელი სანთელი, ის შეცდომილთა წინამძღვარი და ბრმათა თვალის ამხილველია.
144. განმსჯელი ჯანმრთელობას მოიპოვებს და ყოლვეგვარი ტკივილისაგან გაითავისუფლებს თავს.
145. ვისაც სხვისი მცირე და უმნიშვნელო ღვაწლი უკვირს, ასეთი რამ შესაძლოა, ორი მიზეზით დაემართოს: ან სრული უმეცრების მიზეზით, ანდა - სიმდაბლის გამოისობით: მოყვასის სააქმეთა განდიდების მიზნით.
146. ვეცადოთ, რომ არა მხოლოდ შევებრძოლოთ ეშმაკებს, არამედ დავამარცხოთ კიდეც ისინი, რადგანაც ვინც იბრძვის, ის ოდესმე ან დამარცხდება ან - გაიმარჯვებს; ხოლო ის, ვინც გამუდმებით იბრძვის - საუკუნოდ ამარცხებს.
147. ვინც ვნებები დაამარცხა, იგი დაჭრის და შემუსრავს ეშმაკებს; მათ კი იმგვარად მოაჩვენებს, თითქოს კვლავაც ვნებებში იყოს, ასე აცდუნებს მტერს და გადაურჩება ბრძოლასა და განსაცდელს.
148. ერთ-ერთი ძმა სხვამ შეურაცხჰყო და გალანძღა, მაგრამ მან გულში შფოთი არ შეუშვა, არამედ გონიერად ილოცა; მერე კი ხმამაღლა ისეთი ღაღადი დაიწყო, თითქოს მრისხანების ვნებით იყო ძლეული, თავს აჩვენებდა, თითქოსდა ეს ლანძღვა და გინება დიდად ტკენდა გულს. ამგვარად დაფარა მან თავისი უვნებლობა.
149. სხვა ძმა წინამძღვრობის მოძულე იყო და თავი ისე ეჭირა, თითქოსდა წინამძღვრობის ვნება და სურვილი ედო გულში.
150. რა უნდა გითხრა იმ ძმის შესახებ, რომელიც საროსკიპოში შევიდა, ვითომდა სიძვის საქმის აღსასრულებლად და იქ მეძავიც კი წმიდა და ღვაწლმოსილი ცხოვრების სურვილით აღავსო?!
151. ერთ დაყუდებულს ვიღაცამ დილაადრიან ყურძნის მტევანი მიართვა და, როდესაც შემომწირველი წავიდა, ბერი ყურძენს მიუბრუნდა და ყოველგვარი გულისთქმის გარეშე სასწრაფოდ შეჭამა, რათა ეშმაკებისათვის თავი ნაყროვანად მოეჩვენებინა.
152. ერთი სათნოებით შემკობილი ძმა ბაიის დაკარგულ ტოტს მთელი დღის განმავლობაში ეძებდა, თითქოსდა დიდად აწუხებდა ეს ამბავი, სინამდვილეში კი ამ საზრუნავისაგან სრულად თავისუფალი იყო.
153. მაგრამ ამის მოქმედთ დიდი მღვიძარება და სიფრთხილე სჭირდებათ, რათა იმის სურვილით, რომ ეშმაკებს დასცინონ, თვითონ არ გახდნენ ეშმაკების დასაცინი. რადგან სწორედ ეს ადამიანები არიან, ვის შესახებაც ნეტარი პავლე ამბობს: არიან „ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი“.
154. ვისაც სურს, ქრისტეს წინაშე უბიწო გული და სხეული წარადგინოს, მან გულში უნდა დაიმარხოს მარხვა და ურისხველობა, რადგანაც ამ ორი რამის გარეშე ყოველგვარი შრომა ამაოდ ჩაივლის.
155. როგორც ხორციელ სინათლეს აღიქვამს სხვადასხვაგვარად თვალი, ასევე გონიერი მზე განსხვაევბულად და სხვადასხვაგვარად მოეფინება სულს.
156. ზოგჯერ მას ხორციელი ცრემლი ბადებს, ზოგიერთს – სულიერი; ზოგჯერ ის ხორციელი თვალით ხედვისას იშობა, ზოგჯერ კი - გონიერი; ზოგჯერ სიტყვების მოსმენით იბადება, ზოგჯერ კი თავისთავად - სულის მოძრაობით იქმნება; სხვაგვარია ის - მორჩილებისაგან გამომდინარე და სხვა - დაყუდებისაგან; ამის გარდა არსებობს კიდევ განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც გამოუთქმელი და მიუწვდომელი გონებრივი აღფრთოვანებით ქრისტეს წინაშე წარადგინებ სულს.
157. არსებობს სათნოებები და არსებობენ სათნოებათა მშობელნი, ვინც ბრძენია, ის უმეტესად მშობლების მოპოვებას ცდილობს.
158. მშობელ სათნოებათა მასწავლებელი თვითონ ღმერთია - თავისი უშუალო მოქმედებით, ხოლო პირმშოებს სხვა ბევრი მასწავლებელიც ჰყავთ.
159. გავფრთხილდეთ, რომ მარხვისას საჭმლის ნაკლებობა ძილით არ ავანაზღაუროთ, რადგან ეს ისეთივე უგუნურებაა, როგორც - მღვიძარებისას მომეტებული ჭამა.
160. მინახავს ისეთი მოღვაწეები, რომლებმაც გარკვეული საჭიროებიდან გამომდინარე სტომაქი რამდენადმე გააძღეს, სამაგიეროდ მათ წყეული ხორცი მთელი ღამის ზედგომით მოაუძლურეს და ამით ასწავლეს მას, რომ გაძღომას უნდა გაურბოდეს.
161. ვეცხლისმოყვარების ეშმაკი ებრძვის უპოვარს და როდესაც ვერ დაეუფლება, მაშინ მის წინაშე წარადგენს გლახაკებს, გულმოწყალების სახელით გამოეცხადება, გლახაკების სიღატაკეს მოიმიზეზებს და ასე აიძულებს, რომ სრულიად უპოვრებს ქონებისადმი ინტერესი გაუღვიძოს.
162. როდესაც სასოწარკვეთილების სული შეგვებრძოლება, გავიხსენოთ უფლის მიერ პეტრესთვის მიცემული მცნება, როგორ უბრძნა, რომ სამოცდაჩვიმეტჯერ შეენდო ძმისთვის; რადგან განა იგი, ვინც სხვას აძლევს მცნებას, თვითონ უმეტესს არ იზამს?! ხოლო, როდესაც ამპარტავნებაში ვართ, იაკობ მოციქულის სიტყვები გავიხსენოთ: „იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ“.
163. მზაკვარ და შურით აღსავსე სულებში შორის ისეთებიც არიან, რომლებიც საგანგებოდ განშორებიან წმიდანებს იმ განზრახვით, რომ მათ ბრძოლაში გამარჯვებით გვირგვინი არ მოიპოვონ.
164. „ნეტარ იყვნენ მშვიდობისმოყოფელნი“ და ამას ვერავინ უარყოფს; მე კი ისეთი ვინმე ვნახე, ვინც ორს შორის მტრობა ჩამოაგდო და შევნატრე მას.
იყო ორი ვინმე, რომელთაც ერთმანეთში სიძვის სიყვარული ჰქონდათ, ხოლო ერთმა გამოცდილმა და ბრძენმა ბერმა მათ შორის სიძულვილი აღზრა; ერთს მეორესთან აბეზღებდა, შენზე გამუდმებით ავ სიტყვას ამბობს და ბოროტებას ლაპარაკობსო. ამასვე ეუბნებოდა მეორეს; და ამ ბრძენმა ადამიანმა შესძლო, ეს უკეთური ეშმაკი დაეძლია და სიძვის გამანადგურებელი სიძულვილი დათესა.
165. არიან ისეთები, რომელნიც ერთი მცნებისათვის მეორეს არ აღასრულებენ; ვნახე ჭაბუკები, რომელთაც წმიდა გულით, საღვთო სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ სხვებისთვის საცდურად რომ არ ქცეულიყვნენ და მათი სინდისისათვის არ ევნოთ, ერთმანეთში მოილაპარაკეს და დროებით ერთურთს განეშორნენ.
166. როგორც ქორწილისა და სიკვდილის დღე ვერ ეთანხმება ერთმანეთს, სწორედ ასევე ეწინააღმდეგება ერთურთს ამპარტავნება და სასოწარკვეთილება; და მაინც ხდება, რომ ეს ორი შეუთანხმებელი ეშმაკიც კი შეეზავება სულში ერთმანეთს, რაც თავისთავად ერთობ საკვირველია.
167. არიან ისეთი არაწმიდა ეშმაკები, რომლებიც წერილის განმარტებას მოგვანდომებს, ამას უმეტესად ამპარტავანი ადამიანის გულში ნერგავენ, ანდა ისეთს, ვინც ფილოსოფიაში განსწავლულია; ჯერ სიმართლეს ჩაუნერგავენ, რომ მერე ცოტცოტაობით აცდუნონ და წვალებისა და გმობაში ჩაყარონ ისინი.
168. ჩვენ შეგვიძლია, ეს ეშმაკეული ღვთისმეტყველება, ან უკეთ რომ ვთქვათ, ღვთისმბრძოლობა ამოვიცნოთ შინაგანი შფოთით, მოუსვენრობითა და უწესო სიხარულით, რომელიც სულში ამგვარი განმარტებების შედეგად ჩნდება.
169. ყოველგვარ ქმნილებას შემქმნელისაგან მიცემული აქვს არსებობის წესი და დასაწყისი, ზოგიერთისათვის კი დასასრულიც წინასწარგანსაზღვრულია, მაგრამ სათნოებების დასასრული და საზღვარი მიუწვდომელია, რადგანაც ამბობს მეფსალმუნე: „ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი“; და რომ „ფართო არს მცნებაი შენი ფრიად“.
170. და ჭეშმარიტად, ზოგიერთი სათნოების მოღვაწე „ძალისაგან საქმისა“ მიდიან „ძალად ხედვისა“ (*). - თუ სიყვარული არასოდეს ილევა და თუ „უფალმან იცევინ შესვლაი“ შიშისა და „გამოსვლაი“ სიყვარულისა, მაშინ ცხადია, რომ ამგვარი სიყვარული უსასრულოა; ჩვენი ზეაღსვლა ამ სიყვარულში მარადიული იქნება და არც ამ და არც იმ ცხოვრებაში არასოდეს დამთავრდება. ნათელს ნათელი დაემატება და კეთილის შეცნობა სამარადისოდ გაგრძელდება.
171. თუმცა შესაძლოა, ბევრს ნათქვამი უცნაურად, მაგრამ დანამდვილებით ვიტყვი, ნეტარო მამაო, რომ თვით ანგელოზებიც - ეს უხორცო ქმნილებები - გამუდმებით ერთ მდგომარეობაში (წარუმატებლად) კი არ იმყოფებიან, არამედ დიდებიდან დიდებამდე ზე ადიან და შეცნობის სისრულეს ამრავლებენ.
172. ნუ გაგაკვირვებს, თუ ეშმაკი ხშირად კეთილ ზრახვებსაც ნერგავს ჩვენში საიდუმლოდ, შემდეგ კი სხვა ზრახვებით უპირისპირდება მათ. ბოროტს განზრახული აქვს ამ ეშმაკობით დაგვარწმუნოს, რომ ჩვენი დაფარული გულისზრახვებიც კი ნაცნობია მისთვის, მაგრამ ეს ასე არ არის, მათ მხოლოდ იმის მიხვედრა შეუძლიათ, რასაც თვითონ ჩაგვაგონებენ.
173. როდესაც ხედავ, რომ ვიღაც სათნოებებზე ბევრს საუბრობს, მაგრამ თვითონ კი მათ აღსრულებაში სიზარმაცეს იჩენს, მკაცრად ნუ განსჯის მას, რადგანაც ხშირად საქმის ნაკლოვანებას სასარგებლო სიტყვა ავსებს.
174. ჩვენ ყველაფერი თანაბრად როდი გვაქვს მოხვეჭილი: ზოგი წარმატებულია საქმეში, ზოგი კი სიტყვაშია წარმატებული.
175. ღმერთს ბოროტი არც დაუბადებია და არც შეუქმნია რაიმე; ამიტომ შემცდარია იგი, ვინც ამბობს, რომ ვნებები სულის ბუნებითი თვისებებია, და იმას კი ვერ ხვდება, რომ ჩვენს ბუნებაში კეთილად და ჩვენივე ბუნების სასარგებლოდ დაბადებული საქმეები ვნებად ვაქციეთ. თესლი იმისთვის ჩაიდო ჩვენში, რომ შვილიერება მივიღოთ, ჩვენ კი მას სიძვისათვის ვიყენებთ. ბუნებით მრისხანება ჩვენში ეშმაკების მიერ დაინერგა, ჩვენ კი მას მოყვასისკენ მივმართავთ. შური იმისთვის გვაქვს, რომ კეთილი საქმის მოშურნენი ვიყოთ, ჩვენ კი მას ბოროტებისათვის ვიყენებთ. ბუნებით ჩვენი ლტოლვა სასუფევლის მიმართ უნდა წარმართულიყო, ჩვენ კი ცოდვის მიმართ წავრმართეთ ის. ბუნებით მხოლოდ ეშმაკებზე უნდა ვიმაღლებდეთ თავს, ჩვენ კი სწორედ იქ ვავლენთ ქედმაღლობას, სადაც მისი გამოვლენა არ შეიძლება. ბუნებით სიხარულის განცდა უფლის მიმართ და მოყვასის სიკეთისათვის მოგვეცა, ჩვენ კი ბოროტება გვახარებს. ავმეხსიერებაც ბუნებითია, მაგრამ მხოლოდ სულის მტრების მიმართ, ჩვენ კი შევცვალეთ ის და ძმებისადმი მივმართეთ.
176. გულმოდგინე სული ეშმაკებს მის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ აქეზებს; ბრძოლების გამრავლებით კი გვირგვინი მრავლდება.
177. ვინც ბრძოლაში არ დაიჭრება, ის ვერც გვირგვინს მოიპოვებს, ხოლო იგი, ვინც დაცემული (*) სასოს არ წარიკვეთს, ანგელოზები მხნე მხედრის დარად განადიდებენ მას.
178. ქრისტე, რომელმაც (*) სამი დღე მიწაში დაჰყო, ცოცხალია უკუნისამდე; ხოლო იგი, ვინც სამ სხვადასხვა ჟამს გაუძლებს, არ დამარცხდება და არც მოკვდება უკუნისამდე.
179. თუკი განგებულებით ღვთისა, რომელსაც ჩვენთვის სასჯელი აქვს განსაზღვრული, ჩვენზე მოფენილმა სულიერმა „მზემან სცან ჟამი დასვლისა თვისისა“, მაშინ ცხადია, რომ უკვე დაიდო „ბნელი და იქმნა ღამე და მას შინა ვიდოდიან“ ჩვენსკენ მანამდე განშორებული ველური „ლეკვნი ლომთანი“ და „ყოველნი მხეცნი მაღნარისანი“ ანუ - ეკლიანი ვნებები „მყვირალნი ტაცებად და თხოვად... საზრდელსა“ სურვილებისა, ან - საქმეებისა, ან - ზრახვებისა.
180. მაგრამ, როდესაც სიმდაბლის სიღრმიდან მზე კვლავ გამოანათებს, ეს მხეცებიც „შეკრბეს და სადგურადვე თვისთა დაადგრეს“. ანუ ისინი შეკრიბებიან გემოთმოყვარე გულებში და არა - ჩვენში; მაშინ ერთმანეთს ეტყვიან ბოროტი სულები: „განადიდა უფალმან ყოფაი მათ თანა“ და წყალობას მიაგებს მათ! ჩვენ კი მივუგებთ: „განადიდა უფალმან ყოფაი ჩუენ თანა და ვიქმნეთ ჩვენ სახარულევან“ და განგდევნეთ თქვენ!
181. „აჰა, ესერა ზის უფალი ღრუბელსა სულმცირესა“ ანუ იმ სულზე, რომელიც ყოველგვარ მიწიერ სურვილზე ამაღლდა და „შევალს ეგვიპტედ“, ანუ - ვნებით დაბნელებულ გულში და „დაეცნენ ხელით ქმნულნი კერპნი“ - გონების ამაო ზრახვვები.
182. თუკი ქრისტე, საკუთარი ყოვლისშემძლეობის მიუხედავად, ხორციელად გაურბოდა ჰეროდეს, ეს ამპარტავნებს გაკვეთილად უნდა ექცეთ, რათა ნებით არ ჩაიგდონ თავი განსაცდელში, რადგანაც ნათქვამია: „ნუ მისცემ შეძვრად ფეხსა შენსა“, „არცა ჰრულეს მცველსა შენსა“.
183. ქედმაღლობა ვაჟკაცობას ჩაეწვნება, ისევე როგორც კვიპარისს - ზმილაკი (სვიის მსგავსი შხამიანი მცენარე, რომელიც კვიპარისთან იზრდება და ახმობს მას).
184. კეთილად უნდა ვიძიებდეთ საკუთარი თავს, რათა მივხვდეთ, რომელი სათნოებაა ჭეშმარიტი ჩვენში და ამგვარად დავრწმუნდებით, რომ ყოველგვარ ჭეშმარიტ სიკეთეს მოკლებულნი ვართ.
185. ვნებებიც გამუდმებით ეძებე საკუთარი თავში და მათ სიმრავლეს შენში აუცილებად იპოვი, ხოლო გონებით უძლური მათ ვერ დანახავს. მაგრამ თუ სულის თვალი გაგვინათდება, მაშინ სრულიად ცხადად შევნიშნავთ, რადგან ვიდრე ჩვენზე არიან გაბატონებულნი, მათი დანახვა შეუძლებელია.
186. ღმერთი ჩვენს ზრახვებს განიკითხავს, ხოლო საქმეს ჩვენი ძალების მიხედვით მოითხოვს და ყოველივე ამას კაცთმოყვარებით იქმს.
187. დიდია ის კაცი, რომელიც არც ერთ საქმეს, რომლის აღსრულების ძალაც შესწევს, აღუსრულებლად არ დატოვებს; მაგრამ მასზედ აღმატებულია იგი, ვინც სიმდაბლიდან გამომდინარე მის ძალებზე აღმატებულ საქმეს არ შეეჭიდება.
188. ბევრჯერ ეშმაკები მიგვატოვებინებენ იმ მცირე საქმე, რომლის შესასრულებლადაც ჩვენი ძალები საკმარისია და მძიმე და ჩვენს ძალაზე აღმატებულ საქმეს გვაწვდიან ხელში.
189. ვფიქრობ, რომ იოსები ნეტარი იქმნა იმის გამო, რომ ცოდვას ზურგი აქცია და არა - სრული უვნებლობისათვის.
190. უნდა გამოვიკვლიოთ, თუ რომელი და რამდენი ცოდვისაგან განშორებას მოაქვს გვირგვინი; რადგანაც სხვაა სიბნელისაგან გაქცევა და სულ სხვა, ამაზე უდიდესი ლტოლვა მზისაკენ.
191. სიბნელე დაბრკოლების მომტანია; დაბრკოლება - დაცემისა; და დაცემა - სიკვდილისა.
192. ღვინისგან დაბრკოლებული და დაცემული ხშირად წყლით დაიბანს, ხოლო - ვნებებით დაცემული მხოლოდ ცრემლით განიბანება.
193. სხვა რამ არის გონების ამღვრევა; სხვა - შეშფოთება; სხვა - დაბნელება; პირველ მათგანს მარხვა კურნავს; მეორეს - დაყუდება; მესამეს - მორჩილება და იესო ქრისტე, რომელიც თვით იყო მორჩილი.
194. ორი ადგილი, სადაც მიწიერი საგნები განიწმინდება, შეიძლება მაგალითად, გამოვიყენოთ მათთვის, ვინც განწმენდას ესწრაფვის: მონასტრის კრებული არის სწორედ სულიერი განსაწმენდელი, რომელიც გარეცხს სულის ყოველგვარ უსახურობას, სიბილწესა და სიტლანქეს. ხოლო განდეგილობა და დაყუდება შეძლება, სამღებროდ მოვიხსენიოთ მათთვის, ვინც ვნებათაგან, ავმეხსიერებისა და შფოთისაგან განიწმიდა, მხოლოდ ამის შემდეგ განეშორა სოფელს და ამიტომაც მისი დაყუდება მშვენიერი ფერის საღებავით შეიმკო.
195. ზოგიერთი ამბობს, რომ ერთი და იმავე ცოდვით დაცემა ძველ შეცოდებათა გამო არასრული სინანულის შედეგია; მაგრამ ისიც გასარკვევია, ვინც ერთი და იგივე ცოდვით არ ეცემა, მან კი შეინანა ჭეშმარიტად?!
196. ზოგიერთი ერთი და იმავე ცოდვით ეცემა იმის გამო, რომ ძველი არაერთგზისი დაცემა დავიწყებას მისცა, ანდა განსაკუთრებით დიდი ვნებათმოყვარების გამო უფალს გადაჭარბებულად კაცთმოყვარედ წარმოიდგენს, ანდა იმის გამო, რომ ცხონების იმედი დაკარგა; არ ვიცი, შეძილება ვინმემ შეცდომად ჩამითვალოს, თუკი ვიტყვი, რომ ზოგიერთის დაცემის მიზეზი ისაა, რომ მტრად ქცეული ხორცის ალაგმვას ვერ ახერხებს რადგან ის ჩვეულების ძალით სძლევს მას.
197. ისიც უნდა გამოვიძიოთ, თუ როგორ ხდება, რომ სულს, რომელიც თავად უხორცოა, რატომ არ შეუძლია დაინახოს, თუ მასთან მისული სულიერი არსებები როგორები არიან თავიანთი ბუნებით. იქნებ ეს იმის გამო ხდება, რომ თვით სული სხეულთან არის დაკავშირებული?! მაგრამ ალბათ ეს მხოლოდ მათმა დამკავშირებელმა იცის.
198. ერთმა ღვთისულიერმა ძმამ, თითქოსდა იმისათვის, რომ ჩემგან განსწავლა სურდა, მკითხა: „მითხარ, რომელი ცოდვები სძენენ გონებას სიმდაბლეს და რომლები პირიქით, ამაღლებენ მას?“, მაგრამ რადგანაც ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა, ფიცით დავარწმუნე იგი ჩემს უმეცრებაში და მან თავად მასწავლა პასუხი ამ კითხვაზე: „რამდენიმე სიტყვით განსჯისათვის მოგცემ საფუარს, მერე დანარჩენის გამოძიებას კი შენვე მოგანდობ. სიძვის ეშმაკსა და მრისხანების ეშმაკს, გაუმაძღრობის ეშმაკს, მოწყინების ეშმაკსა და ძილის ეშმაკებს არ შეუძლიათ, გონება ამპარტავნებით აღამაღლონ; ხოლო ვეცხლისმოყვარება და მთავრობისმოყვარება, მრავალმეტყველება და განკითხვა, კიდევ სხვა მრავალ ბოროტებას ბოროტებაზე დაურთავენ და აღამაღლებენ გონებას“.
199. თუკი განდეგილი ერის ადამიანებს ესტუმრება, ან თავის სენაკში ისტუმრებს მათ, ერთი საათის თუ ერთი დღის შემდეგ, როდესაც მათ განეშორება, მწუხარების ისრით დაიჭრება, იმის მაგიერ, რომ საფრთხისა და დაბრკოლებისაგან განრიდებამ გაახროს. ასეთი ბერი ან სიძვის ან ამპარტავნების ეშმაკის მიერ არის ძლეული.
200. ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, ქარი საიდან უბერავს, რომ არასწორად აღმართულმა აფრამ საწინააღმდეგო მხარეს არ გაგვიტაცოს.
201. მოხუც ბერებს, რომლებმაც თავი მარხვის ღვაწლით შემუსრეს, სიყვარულით ეცი ნუგეში და მცირედი მოსვენება მიეცი.
202. ახალგაზრდებს კი, რომელთაც საკუთარი სულები ცოდვით შემუსრეს, მარხვა აიძულე და გამუდმებით საუკუნო სატანჯველი შეახსენე.
203. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შეუძლებელია სოფლისაგან განრიდებისთანავე დაუყოვნებლივ განვიწმინდოთ ნაყროვანებისა და ამპარტავნებისაგან. მაგრამ ნურც იმას ვიზამთ, რომ ამპარტავნების წინააღმდეგ ნაყროვანება მივმართოთ, არამედ უმეტესი მარხვით ვევედროთ უფალს, რომ ამ ვნებისაგან გვიხნას, „რამეთუ მოწევნულ არს ჟამი“, და ვისაც სურს, მათთვის „აწვე არს“, როცა უფალმა „დაამორჩილოს ფერხთა ქუეშე მათთა“ ამპარტავნება.
204. მონაზვნურ ღვაწლს შედგომილი მოხუცი და ახალგაზრდა ერთსა და იმავე ბრძოლებს არ განიცდის; პირიქით, ხშირად მათ სრულიად საპირისპირო უძლურებები აქვთ; ამიტომ ნეტარი და აღამტებულად ნეტარია წმიდა სიმდაბლე, რადგანაც ის მოხუცებსაც და ახალგაზრდებსაც აუცილებლად სინანულამდე მიიყვანს.
205. ნუ გაგაკვირვებს ის სიტყვები, რომლის თქმასაც ახლა ვაპირებ: იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობენ მართალი, უზაკველი, ყოვეგვარი თვალთმაქცობისა მზაკვრობისაგან თავისუფალი სულები, რომელთათვისაც კრებულში ცხოვრება სრულიად უსარგებლოა; მაგრამ მათ შეუძლიათ, რომ წინამძღვართან ერთად დაყუდებული ცხოვრების საშუალებით მიაღწიონ ზეცამდე და ამისათვის საცდურთან ბრძოლის გამოცდილება არ ჭირდებათ.
206. სიძვისმოყვარეს ადამიანი განკურნავს, ცბიერს - ანგელოზი, ხოლო ამპარტავანს - უფალი.
207. არსებობს სიყვარულის ასეთი გამოვლინებაც: როდესაც მოდის ჩვენთან მოყვასი, მას ნებაზე მივუშვებთ და რაც უნდა აკეთოს, მხიარული სახით ვეჩვენებით.
208. მაგრამ უნდა გამოვიკვლიოთ, თუ ამგვარად როდემდე და როგორ უნდა ვიქცეოდეთ; და როდის ანადგურებს სინანული კეთილს, (*) როდესაც ის საერთოდ ბოროტების გამანადგურებელია.
209. დიდი განსჯაა საჭირო იმის გასარკვევად, როდის რა შემხვევაში და როდემდე უნდა ვუწევდეთ წინააღმდეგობას ვნების აღმძვრელ საგნებს და ვებრძოდეთ მათ და როდის უნდა შევწყვიტოთ წინააღმდეგობა; რადგან ზოგჯერ სჯობს, უძლურების გამო გავრბოდეთ, ვიდრე სულიერად მოვკვდეთ.
210. დავაკვირდეთ და მივხვდებით, თუ რომელ ეშმაკებს მივყავართ ამპარტავნებამდე, რომლებს - სიმდაბლემდე, რომლები განგვარისხებენ და რომლები ცრუ სინათლით გაგვანათლებენ; რომლები მოგვივლენენ სიზარმაცეს და რომელნი - გულმოდგინებას, რომლებს მოაქვთ სიხარული და რომლებს - მწუხარება.
211. ნუ გაგვაკვირვებს, თუ მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში საკუთარ თავს უფრო ვნებულს ვნახავთ, ვიდრე - ერში ცხოვრებისას ვიყავით; რადგან საჭიროა: ჯერ ნივთიერი ვნებები აიშალნონ და დაგვტოვონ, ხოლო ამის შემდეგ მოვიდეს სიმრთელე; ანუ - თავდაპირველად ეს მხეცები დამალულები იყვნენ ჩვენში და ვერ ვხედავდით, ახლა კი დავინახეთ ისინი.
212. როდესაც ვინმე სისრულეს მიაღწევს, ეშმაკი მას რომელიმე ბრძოლაში დასძლევს, თანაც ეს სრულიად უმნიშვნელო რამესთან იქნება დაკავშირებული; ასეთ დროს მოღვაწე მთელი ძალით უნდა შეეცადოს, რომ ასწილად აანაზღაუროს ეს საქმე.
213. ქარი წყნარ ამინდში მხოლოდ წყლის ზედაპირს არხევს, სხვა დროს კი აღძრული ზღვის უფსკრულებს ამღვრებს. ასევე არიან ვნებები, რომლებიც ვნებაში მყოფი ადამიანების გულებს სიღრმემდე ამღვრევენ, ხოლო მათ, ვინც სრულყოფილებას მიაღწია, მხოლოდ გონებას თუ შეუშფოთებენ, თანაც ისე, რომ ისინი ადვილადვე ჰპოვებენ სიმშვიდეს.
214. სისრულეს მიღწეულ ადამიანებს შეუძლიათ, მიხვდნენ, თუ რომელი აზრი მოდის სინდისიდან, რომელია ღვთისაგან და რომელს მოავლენს ეშმაკი; რამდენადაც ეშმაკები თავდაპირველად ყოველთვის ბოროტი ზრახვებით არ მოდიან, ამდენად მათი ამოცნობა ძნელია.
სხეულს ორი გრძნობადი თვალი ანათებს, ხოლო გულის თვალს ანათებს ზრახვებისა და აშკარა ქმედებების განსჯა.
კომენტარები
ბერძნული ტექსტის ძველი ქართული თარგმანისათვის
2.
ამ სამში იგულისხმება: ნაყროვანება, ვეცხლისმოყვარება, პატივმოყვარება. ხოლო ვინც ამ სამს დაამარცხებს: ნაყროვანებას - მარხვით, პატივმოყვარებას - სიმდაბლით, ვეცხლისმოყვარებას - ღვთის იმედით და ლოცვით, მას დანარჩენით ხუთიც დაუმარცხებია. ანუ - სიძვა, მრისხანება, მწუხარება, მოწყინება და ამპარტავნება.
10.
სულის ღამე და სიბნელე არის სიზარმაცე, მოწყინება და გულისხმიერი ვნებები.
16.
პავლე მოციქულის შესახებ ამბობს, რომლებიც ძმებისთვის საკუთარი თავს შეაჩვენებდა.
21.
ზეციდან რომ ღრუბლის სვეტი ზღვაზე დაეშვება და წყალს ზემოთ აიტაცებს სიფონი ამას ეწოდება.
22.
რაც ახლად მოსულებმა უნდა ისწავლონ, არის: მორჩილება, მარხვა, მოთმინება, სულის სიმხნევე, ნათესავებისა და ნივთიერეისადმი სიყვარულის მოკვეთა, სიმდაბლე და ლოცვა; საშუალოებმა: სულგრძელება, სიტკბოება, სიკეთე, მოწყალება, ბოროტის არ მოხსენება, უპოვარება, მარხვა, კრძალვა და ლოცვა; ხოლო სრულებმა - სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, განსჯა; ყოველ დროს, ადგილს და საქმეში შეუმცდარი სიბრძნე.
41.
სამი ვნებაა გემოთმოყვარება, ვეცხლისმოყვარება და ამპარტავნება.
47.
რვა ვნება არის: ნაყროვანება, სიძვა, ვეცხლისმოყვარება, მრისხანება, მწუხარება, მოწყინება, პატივმოყვარება, ამპარტავნება.
სამი მთავარი: ნაყროვანება, ვეცხლისმოყვარება და პატივმოყვარება, ხოლო დანარჩენი ხუთი: სიძვა, მრისხანება, მწუხარება, მოწყინება და ამპარტავნება.
79.
გონება არის წარმოსახვის თავი, ძალა და ადგილი, ის სულის თვალია. ხოლო ზრახვა გონების მიერ წარმოსახული და მოფიქრებულია. გონების დაცვა არის, რომ კაცმა იგი დაიცვას ყველაფრისგან - უმცირესი რამისგან და ბოროტი ზრახვებსგან. ზრახვა დაცვა არის ის, რომ გონებაში შემოსული უკუაქციოს.
89.
ისინი ორად იყოფიან: ერთ შემთხვევაში პირველია უმდაბლესი, ხოლო მეორე - უკანასკნელი.
94.
ცოდვა ეწოდება ყოველგვარი მცნების დარღვევას, უქმობა - უსაქმურობას, საღვთო სამქეთა არაქმნა - სიზარმაცეს, როდესაც კაცი კეთილ საქმეს აღასრულებს, მაგრამ უძლურად და ვერ დაასრულებს, აქ დანამდვილებით მყარად ფესვგადგმული და ძნელად განსადევნი ვნებაა და ჩვენი ვნებული გონების მიდრეკილება; დაცემა არის ურწმუნოებაში, ან რომელიმე ხორციელ ვნებაში ჩავარდნა.
101.
უნივთო სულია, - ნივთიერი - ხორცი და ამიტომ ხორცი წინაღუდგება სულს.
102.
ეს იმას ნიშნავს რომ, როდესაც სულიერად უძლური სნეულებისა და განსაცდელის საშუალებით მოთმინებას მოიპოვებს, მაშინ უნდა მიხვდე, რომ მას ღმერთმა გადმოხედა.
110.
განშორებას აქ სიკვდილის ჟმას უწოდებს. ხოლო სიტყვებსი „ზე აღვლენ“ და „ქვე შთავლენ“ იგულისხმება სული, რადგან იგი ან ზეცაში ავა, ან ქვესკნელში ჩავა. მისთვის საშუალო არ იარსებებს, ხოლო ხორცი მიწაზე დარჩება.
111.
კაცის სულისა და ხორცის შესახებ ამბობს; რადგნა კაცის სულმა ხორცში არსებობა მიიღო და მასში დაიბადა, ამიტომ უკვირს ამ ნეტარ მამას, თუ როგორ უნდა განშორდეს მას, რომელშიც დაიბადა და რომლშიც სრულიად, უვნბელად და შეუცვალებად იმყოფება.
113.
ა) მშიშარას მას უწოდებს, ვისაც საკუთარი ხორცი უყვარს, რადგან ვინც მშიშარა და უგულოა, საკუთარი ხორცი უყვარს და ებრალება, ის მოღვაწეობას არ უნდა შეუდგეს.
ბ) დაცემას ხორციელ ცოდვას უწოდებს, ცდომას სულის სასოწარკვეთილებას, ხოლო ცდომას პირველ დაცემაზე უარესად მიიჩნევს, რომ თუ ვინმე სულიერი ცხოვრების შესახებ დადებულ აღთქმას უარყოფს და დაეცემა, მისი წამოდგომა მეტად ძნელია, რადგან იგი დიდი სიმაღლიდან დაეცა, მაგრამ უკანასკნლე ცდომად იგი სასოწარკვეთილებას თვლის, რადგან ვინც მასში ჩავარდება, თუ აღმადგინებელი არ ჰყავს, დაიღუპება.
114.
რას უწოდებს ნეტარი მამა შეერთებულ ნებას? იმას, რომ ხშირად კაცი აკეთებს რაღაცას, რაც ღვთისთვის სასურველია; შემდეგ მას უეცრად ეშმაკის ნება შეუერთდება და იგი ბოროტ საქმეთა აღსრულებას იწყებს, შემდეგ კვლავ საღვთო ნება შეუერთდება და კვლავ კეთილად საქმიანობს.
170.
ამას იმიტომ ამბობს, რომ შიში ადამიანს საქმეს ასწავლის, სიყვარული - ხედვას. ამის შემდეგ სიყვარულით ხედვას დასასრული არა აქვს და ამგვარად გაძლიერდება იგი. უფალმა დაიცვას შემოსვლა შიშისა, რომელიც საქმის დასაწყისია და გამოსვლა სიყვარული, რომელიც იმიტომ გამოდის, რომ ხედავდეს.
177.
„დაცემა შეემთხვა“ - ნიშნავს იმას, რომ კაცმა უწესო საქმე გონების აღტაცებულობით ჩაიდინა. - ამბობს წმ. მამა, რათა როდესაც ადამიანს მსგავსი რამ შეემთხვევა, იმედი არ დაკარგოს, არამედ თუ დაეცემა, კვლავ იღვაწოს, წამოდგეს და ებრძოდეს მტერს, თითქოს არც კი დაცემულაო. ასეთ ადამიანს ანგელოზები განადიდებენ, როგორც იმ ძმას, რომელიც სიძვის ეშმაკმა დასცა, მაგრამ სასოწარკვეთილებამ ვერ დასძლია; ამიტომ ეუწყა ბერს მის შესახებ, რომ რომელიღაცა ძმამ დაცემის შემდეგ დაძლია მტერი.
178.
ვინც სამი დღე დაჰყო საფლავში - ქრისტემ, და საუკუნოდ ცოცხალია, ხოლო იგი, ვინც სამ საათს გაძლებს, აღარ მოკვდება. სამი საათი არიან სიყმაწვილისა, სიჭაბუკისა და სიბერისა; რომელიც ამ სამ საათს დაამარცხებს ვნებას, სულიერი ცოდვის მიზეზით მის სულს დაღუპვა აღარ მოელის.
208.
ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად სინანული სიკეთის აღუდგება წინ. რადგან როდესაც სიკეთეს ვაკეთებთ და შემდეგ ვნანობთ მას და ვფიქრობთ, რომ სჯობს, სხვა რამე გაგვეკეთებინაო, მაშინ ჩვენს მიერ მოპოვებულ სიკეთის ვფანტავთ. ეს მათ ეხება, ვინც მორჩილებაში წარმატებას აღწევენ და მერე ნანობენ, დაყუდება რატომ არ მოვანდომეთო და ამით მორჩილების შეურაცხყოფენ. მაშინ ეს სინანული გაფანტავს მათ მიერ შეძენილ სიკეთის და როდესაც სრულიად გამოელევათ, მაშინ მიხვდებიან საკუთარი დაცემას.