1. და აი, ჩვენ უმეცრების ღრმა უფსკრულში მდებარენი და ვნებათა წყვდიადით მოცულნი, ჩვენ კადნიერებიდან გამომდინარე უკვე ზეციური სამყაროს შესახებ, რომელსაც უვნებლობას ვუწოდებთ - სიბრძნისმეტყველებასაც ვბედავთ; ხილულ ზეცას ვარსკვლავები ამკობენ, უხილავს კი - სათნოებები; რადგნაც მე უვნებლობას სხვანაირად ვერ წარმოვისახავ, თუ არა - გონებისა და გულის ზეცად, რომელსაც ეშმაკის ყოველგვარი ბრძოლა ნიავად მიუჩნევია.
2. ჭეშმარიტი უვნებელი ის არის, ვისაც ხორცი უვნებელი და სრულიად უხრწნელი აქვს; ვინც გონება ყოველგვარ ქმნილებაზე აღამაღლა; ყოველგვარი გრძნობა გონებას დაუმორჩილა, სული კი უფლის წინაშე წარადგინა და გამუდმებით მისკენ ისწრაფის ისე, რომ ზოგჯერ ეს მის ძალებსაც კი აღემატება; ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ უვნებლობა სულის აღდგომაა აღდგომამდე ხორცისა; სხვები კი იმასაც იტყვიან, რომ უვნებლობა ღვთის შეცნობაა* ანგელოზთა მსგავსად, ანდა - მათზე ოდნავ ნაკლებად.
3. ამის შესახებ მიამბობდა ერთი ვინმე, ვინც ეს იგემა: ეს სისრულე - სრულთა დაუსრულებელი სრულყოფა, როდესაც ეწვევა ადამიანს, იმდენად აღიტაცებს გონებას ყოველგვარი ქვეყნიური ნივთიერებისაგან რომ ხშირად მაშინაც, როდესაც ზეციურ ნავსაყუდელს მიაღწევს, ხორციელი ცხოვრებიდან ზეცად ამაღლებული ეძლევა ჭვრეტას; სწორედ ამის შესახებ ამბობს ის, ვინც ეს იგემა: „ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს“.
4. ასეთი იყო ის ეგვიპტელი*, რომელიც სხვებთან ერთად ლოცვისას ყოველთვის ვერ ბედავდა, ზეცად აღპყრობილი ხელებით მდგარიყო.
5. არის უვნებელი და არის უვნებელზე უვნებელი; რადგან პირველს ბოროტება სძულს და მეორე კი მდიდარია სათნოებით.
6. ქალწულების სიწმიდესაც უვნებლობა ეწოდება და - სამართლიანადაც, რადგანაც ის საყოველთაო აღდგომისა და ხრწნადთა უხრწნელების დასაწყისია.
7. უვნებლობა აჩვენა მან*, ვინც თქვა: „გონება ქრისტესი გვაქუს“.
8. უვნებლობა აჩვენა იმ ეგვიპტელმა*, რომელმაც თქვა: არ მეშინია უფლისა.
9. უვნებლობა აჩვენა მანაც*, ვინც ილოცა, რომ დაბრუნებულიყვნენ ვნებები და შებრძოლებოდნენ მას.
10. სამოთხის სანთლის ხილვამდე ვინ გახდა ამგვარი უვნებლობის ღირსი, როგორც ის ასური*, რაგდან წინასწარმეტყველთა შორის ყველაზე დიდი და სახელოვანი დავითი მიმართავდა უფალს: „მილხინე მე, რათა განმისვენო“. ეს დიდი მოღვაწე კი ეუბნებოდა ღმერთს: „დააცხვრე, უფალო, ღელვანი მადლისა შენისანი“.
11. უვნებლობა აქვს იმ სულს, რომელიც ისევე მხურვალეა სათნოებების მიმართ, როგორც ვნებულნი - გულისთქმებთან მიმართებებში.
12. თუკი ნაყროვანების უკიდურესი ზღვარი ისაა, რომ კაცს არ უნდა და საკუთარი თავს ჭამას აიძულებს; მარხვის საზღვარი არის ის, რომ შიმშილის დროსაც კი ხორცს თავშეკავებას აიძულებ.
13. თუკი სიძვისმოყვარების საზღვარი ისაა, რომ კაცი თვით პირუტყვისა და უსულო საგნების მიმართაც კი ვნებას განიცდის, სრული სიწმიდის საზღვარი ის იქნება, რომ ადამიანი ყოველივეს, როგორც უსულოს, ისე უცქერდე.
14. თუკი ვეცხლისმოყვარების საზღვარი ის არის, რომ ადამიანი არ ცხრება და არ ძღება შეგროვებით, სრული უპოვარების საზღვარი ისაა, რომ კაცი საკუთარი ხორცის გაცემასაც არ ერიდება.
15. თუკი უდიდესი მოწყინება იმით გამოიხატება, რომ დასვენების დროსაც კი მოუთმენლობას აჩენს; მოთმინების უმაღლესი ზომაა ისაა, რომ ჭირის დროსაც კი თავს ნუგეშინისცემულად მიიჩნევს.
16. თუკი მრისხანების სიღრმე ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანი მარტოდმყოფობის დროსაც კი მრისხანებს, სურგრძელების მდგომარეობა ისაა, როდესაც ვინმე თავის შემწუხებელს მეგობრად მიიჩნევს.
17. თუკი პატივმოყვარების უდიდესი გამოვლინებაა თავის წარმოჩენა მაშინაც კი, როცა მაყურებელი არავინაა, სიმდაბლე იმით განისაზღვრება, რომ ერის სიმრავლეშიც კი არ სურდეს კაცს თავის გამოჩენა.
18. თუკი ამპარტავნების ნიშანი უმნიშნველო საქმეებით ყოყოჩობაა, სიმდაბლის ნიშანია ის, რომ საკუთარი დიდი საქმეებიც კი არად შერაცხოს კაცმა.
19. თუკი ვნებულება ის არის, რომ ეშმაკის მიერ დათესილ ყოველ სიტყვას ადამიანი მაშინათვე ემორჩილება, წმიდა უვნებლობის ნიშნად უნდა მივიჩნიოთ, თუ ვინმე დავითთან ერთად იტყვის: „გარე-მიქცევა ბოროტისა ჩემგან მე არა უწყოდე“. არც ის ვიცი, რისთვის მოვიდა ანდა - როგორ, ან რანაირად განმეშორა, არამედ, ბოროტის საქმეები ჩემთვის სრულიად უცნობია და ყოველთვის ღმერთთან შეერთებული ვარ და ვიქნები.
20. ვინც ამ ქვეყნად ამ ზომას მიაღწევს, მასწავლებლად მას ღმერთი ჰყავს, რომელიც მის ყოველ სიტყვას, საქმესა და ზრახვას ხელმძღვანელობს. ასეთი ადამიანი შინაგანი გასხივოსნების საშუალებით შეიცნობს ღვთის ნებას, თითქოს მას ესმის რაღაც ხმა, რომელიც ყოველგვარ ქვეყნიურ ხმას აღემატება.
21. „ოდესმე მივიდე და ვეჩვენო პირსა ღმრთისასა“, რადგანაც ვეღარ ვუძლებ ძლიერ სურვილს და ვეძებ იმ სიკეთის, რომელიც ამ ტვირთის დაკისრებამდე მომანიჭე მე.
22. უვნებლობის შესახებ ბევრი ვის ეთქმის, თუ არა მას, ვინც კეთილი ღვაწლით იღვაწა, სრბა აღასრულა, მართალი სარწმუნეობა დაიმარხა და ამბობს: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე“.
23. ისევე, როგორც შეუძლებელია, მხოლოდ ერთი ქვით მეფისათვის გვირგვინის დამზადება, ასევე შეუძლებელია უვნებლობა, თუ კაცს რომელიმე სათნოება უგულებელყვია.
24. უვნებლობა ისე წარმოიდგინე, როგორც რომელიმე დიდი მეფის სასახლე; მასში მრავალი სავანეა; ხოლო გალავანი ამ ზეციური იერუსალიმისა ცოდვათა მიტევებაა.
25. ვისწრაფოთ, ძმებო, გევედრებით, ვისწრაფოთ, რათა ამ სასახლის კარიბჭეში შესვლის ნება მოგვცენ; მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ ჩვენი ბოროტი ჩვეულებებისა და ცოდვების სიმძიმისაგან ამ სასახლეში შესვლის უფლებას მოვაკლდით, იმას მაინც ვეცადოთ, რომ სასახლის სიახლოვეს, რომელიმე სავანეში დავიმკვიდროთ ადგილი; ხოლო თუ იქაც ვერ შევაღწევთ, ის მაინც მოვახერხოთ, რომ გალავნის გარეთ არ დავრჩეთ, არამედ, ყოველგვარი ღონისძიებით შევძლოთ გალავანში შეღწევა, რადგანაც, ვინც აღსასრულამდე ვერ შეძლებს იქ შესვლას, უდაბნოში აღმოჩნდება და მხეცები შეჭამენ. ამიტომ ლოცულობდა წინასწარმეტყველი: „ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავხდე ზღუდესა“. ხოლო მეორე წინასწარმეტყველი ღვთისაგან გვეუბნება: „არა ცოდვანი თქვენნი არიანა განმაშორებელ შორის ჩემსა და თქუენსა“.
26. ჰოი, საყვარელნო, დავარღვიოთ ის შუა კედელი, რომელიც ჩვენი ურჩობით ბოროტად აღვმართეთ და ცოდვათა შენდობა მივიღოთ, რადგანაც „არა არს ლხინება“ და არც სინანული ჯოჯოხეთში. ძმებო, დავტოვოთ ყოველგვარი მიზეზი, რადგანაც ჩვენ მათ შორის ვართ შერაცხილნი, ვინც მიზეზისაგან გათავისუფლდა. თავის მართლება შეუძლებელია ყოველგვარი დაცემით, დროით, ტვირთის სიმძიმით, რადგანაც, ვინც ნათლისღების საშუალებით მეორედ იშვა, უფალმა მათ მისცა „ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფად“.. და ამბობს იგი: „მოიცალეთ და გულისხმაჰყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“ და მე ვარ უვნებლობა და სიწმიდე, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გლახაკთა გონებას სიბინძურისაგან აღადგენს და მიწიდან ზეცად აღამაღლებს სანატრელი უვნებლობა, ხოლო ყოვლადქებული სიყვარული მას მთავარანგელოზების - უფლის ერისმთავართა გვერდით დასვამს.
კომენტარები
ბერძნული ტექსტის ძველი ქართული თარგმანისათვის
2.
რადგან უვნებელი სასურველის მიმართ სულიერი გაუმაძღრობით ისწრაფიან; ამგვარად ისინი სისრულეში დაუსრულებლად წარემატებიან, რადგან საუკუნო კეთილს დასასრული არა აქვს.
4.
მამა ტითოს შესახებ ამბობს.
7.
პავლე მოციქულს გულისხმობს.
8.
მამა ანტონის შესახებ გვესაუბრება.
9.
იოანე მოკლეზე ლაპარაკობს.
10.
მამა ეფრემზე გვეუბნება.