ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!…
ვიცინი, აღარ ვტირი მე.
ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ
გამოდით, თქვენი ჭირიმე!…
ბევრი რამ მითქვამს… რომ მეთქვა,
დავიმახინჯე პირი მე!..
ახლა არ გვგლეჯენ ენასა, -
სთქვით რამე, თქვენი ჭირიმე!
“ასჯერ გაზომეთ და ერთჯერ
გამოსჭერთ,” ახლაც ვყვირი მე.
ნუ აჩქარდებით! ნურც შიშობთ,
გამტკიცდით, თქვენი ჭირიმე!
ბევრი ვეცადე, ძირმწარეს
ვერ გავუთხარე ძირი მე.
ახლა კი თქვენი ჯერია,
დაჰბარეთ, თქვენი ჭირიმე!
კუბოს კარამდე მისული
რაღა ვარ, განაწირი მე?
მაგრამ თან თქვენი იმედი
მიმყვება, თქვენი ჭირიმე!
ნუ გამიმტყუნებთ იმედსა,
ხომ ხედავთ, აღარ ვტირი მე!
დრო მოდის - ერთად ვიცინოთ!
ვიცინოთ, თქვენი ჭირიმე!
1905 წ.