იორზე, ვენახში, დიდი ჭერამი გვედგა,___შებუთქვილი, დახუნძლული.
თუ თავდაპირველად იგი ჩემი საყვარელი ხე იყო, მერე იგი მხოლოდ სევდას იწვევდა ჩემში, თან რაღაც ზიზღსაც კი.მერე ისე გაიარა ჩემმა ბავშვობამ, ზედ ერთხელაც აღარ ავსულვარ, აღარც მისი ტოტი დამირხევია. თითქოს უმძრახად ვიყავ ამ ხესთან, გვერდით გავუვლიდი, ზედაც არ შევხედავდი. მერე დაბერდა, გახმა, წაიქცა, არცა მწყენია, თითქოს კიდევაც გამეხარდა.
გულში მფიფქავდა ერთი მოგონება, თორემ უმიზეზოდ რად შევიძულებდი ნაადრევი ხილით გამხარებელ ხეს?
მაშინ კახეთის რკინიგზა გაჰყავდათ. გზა ჩვენს ივრის ვენახებზე გადიოდა. მალე დაიწყო ჯოჯოხეთური მუშაობა. მექანიზმები მაშინ არ ჰქონდათ და ხელით ებრძოდნენ სალიანდაგო სათხრელ მიწას. დიდძალი მუშა ტრიალებდა__ქართველები, სომხები, რუსობაც ბევრი იყო.
ადგილი დახაშმული, ჰაერი__ბოტორო. ივრის მწვანე ჭაობნარი, ჭყანტობები, ჭანჭრობები, ლიები საწყალ მუშებს უხვად ასაჩუქრებდნენ ციებ-ცხელებით, სიცხე სუნთქვას აგუბებდა, სახეს სწვავდა თონის ალმურივით. მუშას სასმელი წყალიც კი არ ჰქონდა, მღვრიე ივრის გარდა. ავად ხდებოდნენ, იქვე მიწაზე ჭერეხებივით ეყარნენ. პატრონი ვინ იყო? ზედამდეგები, შინამდეგები უყვიროდნენ, აგინებდნენ, ხოლო ქედწახრილი მუშები უსიტყვოდ ასრულებდნენ მათ ბრძანებას.
საღამოობით, სამუშაოს აშვებისას, ახალგაზრდა მუშები ცდილობდნენ ვითომცდა გამხიარულებას, მაგრამ წელმოწყვეტილი, დათუთქული ადამიანის ლხინი ვის გაუგონია? ერთხელ, ორჯერ მოსწევდნენ გარმონს, მაგრამ გულს ხალისი არა ჰქონდა, ხოლო მარჯვენას__ღონე და გარმონი იქვე მიყუჩდებოდა, თითქოს შორიდან ვიღაცამ დაიკვნესაო! სიცხისაგან გათანგულ მუშებს საუბარიც კი ეზარებოდათ.
მათი ერთადერთი იმედი, გახარება და გასართობი ივრის ვენახების ხილი იყო. ჩვენი ვენახიც ხომ ზედ ივრის პირას იდგა!
ვენახები ულეველი ხილით იყო სავსე: ბალი, თუთა, ჭერამი, თაფლა მსხალი, გულაბი, პანტა, ატამი, ვაშლი, კომში, ფშატი... ყურძენი ხომ იყო და იყო! შიგ და შიგ თავკარავიანი კაკლები იდგა, რომლის ტოტებზე ბალერინასავით დახტოდა ყვითელი მოლაღური და ,,ბიჭო გოგიას― დაგვძახოდა.
უთვალავი ხეხილი ზედ გზის პირას იდგა ლალ-ზურმუხტისფრად, მაგრამ არც ერთ მუშას არასოდეს უკადრია ხილის მოპარვა. მხოლოდ ფულის შემოძლევა კი იცოდნენ. გლეხებს ეხათრებოდათ ფულის აღება და ისე შესთავაზებდნენ ხოლმე, მაგრამ მუდამ ხომ არ შეიძლებოდა თავაზა? და აი, თითქოს მიწიდან ამოცვივდნენ ჩარჩები, ვაჭრუკანები, დაერივნენ ჩვენს ვენახებს და თვითეული ხე, ძალითა თუ ნებით, შეისყიდეს, რათა მერე ერთი ათად გაეყიდათ მუშებზე.
ერთი ხეც კი აღარ დარჩა სადმე ბავშვების პირის ჩასატკბარუნებლად. როგორც მახსოვს, თითო ხეში ექვს შაურს, ათ შაურს, სამ აბაზს და ასე მანეთამდე იძლეოდნენ, თვითონ კი თუმნობით იგებდნენ.
ხეხილის მსხმოიარობით გახარებული საწყალი ბავშვი მიადგებოდა უხვად დასხმულ ხეს, მაგრამ უეცრივ მოაგონდებოდა სასტიკი სიტყვა ,,გაყიდულია― და გველნაკბენივით უკან გამობრუნდებოდა. ასე დაემართათ ჩემს ფეხშიშველა ამხანაგებს__ფიფონას, ბათულას, აგლიას, არსენას. ვინ წაართო ეს თაფლივით ჭერამი?! იმ ვერცხლის ათშაურიანმა, რომელიც მათმა მამებმა ჩაიგდეს დახეული ახალუხის ჯიბეში.
აი, ქურდულად მიიხედ-მოიხედავს ბავშვი,__მერე რა მსხალია?! მსხლებს რომ პირი ჰქონდეთ, ერთმანეთს დასჭამდნენ! მაგრამ დიდედას მუხლქვეშ გაზრდილებს ქურდობისა ეშინოდათ, თან ყურში ჩასძახოდათ ის სიტყვები, ჩარჩმა რომ დაავედრა მათ მამებს ათშაურიანის მიცემისას.
-აბა, გაბრო, ამ დასხმულ ხეს გაბარებ. ასევე უნდა დამახვედრო, ბავშვებმა არ მომიკრიფონ.
გაბროც მამის სულს დაიფიცავდა, შეჰპირდებოდა პატიოსნებას, მაგრამ რატომ თავისი ქერა ბიჭი ფიფონა არ ეცოდებოდა? ბარემ... მაგრამ ჩარჩის ათი შაური სიღარიბის რომელიღაც ჭუჭრუტანას ამოუვსებდა ბეჩავ გაბროს.
შეიკრა, გაიფიცა ბავშვების წინაშე ივრის ხეხილი. ვის გაეგონა წინათ ხილის აკრძალვა? მთელი ივრის ხილი ხომ ჩვენი იყო. ჩიტებივით დავნავარდობდით ტოტებზე ბალღები, ახლა კი, მთელი ივრის ბაღნარები ჩვენთვის შეკრული, მოკვეთილი აღმოჩნდა; ამ მოულოდნელმა რისხვამ დაგვამუნჯა. მეტად მოულოდნელი და შემზარავი იყო. გულზე ჯანღად დაგვედო.
ივრის ბაღნარი კი ისევ ისე შრიალებდა. ჭრელ-ჭრელი ხილი ისევ თვალს გვტაცებდა, ჩვენ კი თითქოს ერთ დღეში დავბერდით; თითქოს ბავშობა აგვიკრძალეს იმ ხილის აკვეთით და ხილთან ერთად ხომ თვითონ იორიც იკრძალებოიდა. რაღა საქმეგვქონდა იორზე, რაღად უნდა ჩავქანებულიყავით სოფლიდან ივრის ჭალებში?
იორი კი ჩვენი ემბაზი და ასპარეზი იყო-საბანაო, სათევზაო. ივრის მორევში ჩაწოლილი კამეჩის გახეშილ კისერზე ჯდომა-დიდი ნეტარება იყო. ერთი სიტყვით, მთელი დღე იორზე ვეყარენით... და აი, ახლა ისე დამუნჯდა იორი, თითქოს შაჰ-აბაზი მეორედ შემოგვესია და ბავშვები მთლად გაუჟუჟიაო, თუ კევრით გაულეწიაო.
მგონი , ჩიტებიც კი აღარ ჭიკჭიკებდნენ ბავშვების ცოდვით. მე ერთი ვიყავი იმედიანად,მე ხომ მქონდა იორზე საკუთარი ხელუხლეველი ჭერამი? ჰოდა, ჩემს ფეხშიშველა მეგობრებს ჩავიყვანდი ჩვენს ვენახში და ვეტყოდი:
- ადი ბიჭო, დაარხიე, დაკრიფე, გაიხარე!
და აი, ერთ კვირა დილას, ჩავცვივდით იორზე - მთელი უბნის ბალღობა მყავდა დაპატიჟებული. ახლა რას გვიზამს ჩარჩის აკრძალვა? ჩემი ხეა და ჩემად შევინახე, ფულზე არ გამიცვლია! მაგრამ, იცით, რა მოხდა?! შორიდანვე დავინახე, ჩვენ ჭერამთან იდგა ჩარჩი მელქო, გოდრებით აკიდებული ცხენი იქვე ეყენა და გულმოდგინედ კრეფდა ჩემს ჭერამს.
თურმე დედაჩემს ჩვენი ჭერამიც გაეყიდა: ცოდონი არიან მეზობლის ბავშვები, რომ მარტო შენ გქონდეს ხილიო! არა უშავს რა, შენც მათთან ერთად იმარხულეო და გადმომცა სამი ვერცხლის აბაზიანი.
- შენი საყვარელი წიგნები იყიდეო!
მე მართლაც ვიყიდე ორიოდე წიგნი, მაგრამ მალე შემძულდნენ ის წიგნებიც და მათი დამწერნიც.
აი, რა მიზეზი იყო, რომ ჩვენი ჭერამი მხოლოდ სევდას და სიძულვილს იწვევდა ჩემში. იგი სასტიკად მოექცა ჩემს უდარდელ ბავშვობას. მისმა მსხმოიარე ტოტებმა დაჩხვლიტეს, დაკბინეს ჩვენი ბავშვური უზრუნველობა.