ბორგი, უსმინარი, აღმართი-კაცი იყო ხვედია. ვის არ ახსოვს ჩვენს სოფელში უკეთური, გულღორღიანი, ღვარძლა, ჭინჭყლიანი, ენიდან შხამის მდენელი!
შესახედავად ძნელი იყო: დამშხალული, შეკვამლული, ჩაღრუბლული, კუზიანი, თანაც წყალდასხმულ-ნაცრისფერი.
მოთმინებიდან გამოსული ძმა ეტყოდა: __ კაცი ხარ, ქვა-კაცი თუ ხერტკინა, შე გულდაფშვნეტილო?1
__ რაო, დაგებეჯა ენის ხორცი განა? __ მრისხანედ შეუძახებდა ხვედია ცოლს, თუ ორ სიტყვას გადააცდენდა საწყალი დედაკაცი.
__ ღვიძლი ჩამილპო ამ კაცის გულგამომხრავმა სიტყვებმა! თოკივით წამიჭერს ხოლმე ყელში! როგორც კალთაზე ნაკვერჩალი დაგეცეს და მაშინვე არ გადააგდე, თორემ დაიწვები, ისე ჩემი ქმრის სიტყვებია, __ ჩიოდა უბანში ნინორე.
არავინ უყვარდა ხვედიას, მით უმეტეს, ჩიტები.სძულდა ნიბლია-ბეღურები. არც მათთვის იშურებდა გულის დამბოლავ სიტყვებს.
__ რა ამბავი გაქვთ, სხვაგან ალაგი ვერ მონახეთ? __ დილაობით შესძახებდა თავის ვენახში მოჟღივილე ჩიტებს და გაბეზრებული, გაშმაგებული მოჰგლეჯდა სარს, შესტყორცნიდა ჩიტებით დახუნძლულ ხეს და გარეკავდა ისე, რომ წამში ის არემარე უდაბნოსავით დამუნჯდებოდა.
ჩიტებზე მეტად ბავშვები სძულდა. როცა დეადჩემს რძე გაუშრა და მე უძუძურად დავრჩი ცოტა ხანს, მაშინ ხვედიას ცოლი ნინორე მაწოვებდა ძუძუს, ხვედიას შიშით, ფარულად.
როცა ხვედია შინ იყო ხოლმე, უწოვნელად მისტუმრებდნენ, ერთხელ, ცივი ზამთარის საღამოს, შალში თბილად გახვეული მიმიყვანეს ხვედიას ცოლთან ძუძუს საწოვრად.
ხვედია თურმე ახტა-დახტა: რა დროს მაგის ხეტიალია ამ შუაღამისასო, ამ დროს აქ რა უნდაო?! დაეყვირა ჩემი მიმყვანისთვის, თითქოს საქეიფრად მივსულიყავ და არა წვეთი რძისათვის! ერთი სიტყვით, იმ ღამეს ურძეოდ დამარჩინა თურმე ბოროტმა ხვედიამ.
უმცროს ძმას ჩიტალას, საცოლედ შეღერებულს, რომელიც კარგ მომღერლად ითვლებოდა, ჩონგურის დაკვრასა და სიმღერას უშლიდა:
__ რას ჩაუშტერდი ჩონგურს, ცოლი გინდა განა? ჯერ სარჩოს მოეკიდე, რა დროს ჩონგური და სიყვარულია? თუ არადა ქალი ხომ არა ხარ, რომ მღერი?!
ხვედია ღამურა კაცი იყო; როცა ღამე გაიწონებოდა, მაშინ ადგებოდა, შემოივლიდა თავის პატარა კარ-მიდამოს, ეზო-ბოსტანს, კალოს, ვენახს, სადაც იგი თვითმპყრობელადა გრძნობდა თავს.
__ ეს ჩემია! __ თან დაარტყამდა ფეხს მიწას, ჩაჰბღუოდა: __ ჩემი მამულია! ჩემი საკუთარია! __ და მკერდით ზედ გადაეფარებოდა.
ხან უსაფრდებოდა უხილავ მტერსა თუ ქურდს, რომელიც, მისი წარმოდგენით, უთუოდ იქვე ბუჩქებთან თუ ღობესთან იყო მიმალული, მისი საკუთრების წასართმევად.
ხვედია მზად იყო გამვლელ მგზავრისთვისაც კი ჩხუბი აეტეხა, იმდენად ეჭვიანი მესაკუთრე იყო! სწყინდა, ბრაზობდა თუ სხვა ვინმე გაივლიდა მის მიწაზე. მოსვენება არ იყო მისი გაუთავებელი ჩხუბისა და კივილისაგან.
__ ერთი ხელის დიდება მიჯნა გადაგიწევია, შე ქრისტეს ფეხის მომჭმელო! __ შეუყვირებდა უდანაშაულო მეზობელს და დატრილდებოდა კეტი, კომბალი, მარგილი, ცელი თუ ცული! მისი ბოროტებისა ყაყანისაგან მოსვენება არ იყო.
__ რატომ არ დაწყნარდები შე საბრალოდ აშენებულო, შე შავმუჭა მიწავ, შავო მტვერო! __ შესძახებდა მოთმინებიდან გამოსული ღვთისნიერი ნინორე, ოდესღაც ფერწითური, შოლტივით ქალი, ლაღი ,მხიარული, ახლა კი, ხვედიას ხელში ელდით ჩამომდნარი, მოხრილი, ჩამუმლული. ცოლი სულ იმის შიშში იყო, ან ახლა გამომაბამს ქმარი ცხენის ძუას, ან ახლაო!
ხარბმა ხვედიამ სიკვდილიც კი ადრე მიისაკუთრა. საკვირველი იყო, ცოლი დასტიროდა ქმარს და თან გულშიშვებას გრძნობდა! რა დასამალია, ც ოლმაც ამოისუნთქა, უბანმაც და მთელმა სოფელმა, __ მოვისვენეთო!
ნინორე დასტიროდა: __ აჰა , ეგეც შენი მიწა __ სამი ადლი მიწა! სულ მაგას ნატრულობდი, რათ გინდოდა, შე უბედურო, რომ ყარყაში არ მოგწყინდა მაგ შავი მიწისთვის!
ხვედია კი იწვა გულზე ხელდაკრეფილი, თითქოს დიდად კმაყოფილი, რომ ახლა საკუთარი მიწა დაეყრებოდა გულ-მკერდზე... თითქოს ბედნიერებისათვის მიეგნო და მზად იყო ორივე ხელით ჩაებღუჯა ის სამი ადლი მიწა, რომელიც ახლა საკუთრებად ერგო და მის სამუდამო მფლობელობაში გადადიოდა. მაგრამ სახის შენაცრულ ფერზე მაინც ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ ეშინოდა და ფრთხილობდა ვინმე უხილავი არ შემეცილოსო! ალბათ ჯერ კიდევ არ ჰქონდა გუნება დამყუდროებული.
ჩიტები კი მღეროდნენ, ჟღიოდნენ... ცა იყო ლურჯი... ულურჯესი.