განა არ იყვნენ ჩვენს დაბაში განთქმული ადამიანები? გინდაც, შაბაშელა _სოფლის დიაკვანი , პატრონი ულამაზესი, ახალგაზრდა ცოლის ზიზილასი. როცა ზიზილა სადღესასწაულოდ ქართულ კაბაში მოირთვებოდა, დიაკვანი ორივე ხელს გაშლიდა ცოლის სილამაზით გაკვირვებული და აღტაცებით შეჰღაღადებდა: „დაფარნა ცანი მშვენიერებამან შენმან და ქებითა შენითა აღავსო ქვეყანა! შე კურთხეულის შვილო, რამ გაგაჩინა ეგრე ლამაზი? ―
კიდევ? მოხუცი სამხედრო, გადაყრუებული, გადაშტერებული, „გიტარა_მაიორი―. ოდესღაც სიმღერა ჰყვარებოდა, ახლა კი, ხეზედ ამოსულ სოკოს აბედივით გამომშრალს ყურში ჩაძახილიც ძლივს ესმოდა.
_ბევრი მათრია, მაგრამ მეც ძაღლის კუდივით ვითრიე წუთისოფელიო!_ნუღნუღით კვეხულობდა და ხველებ_ხველებით ხითხითებდა.
შემდეგ: ჭამპურა ჭამაპურიძე, რომელმაც ჭამა იცოდა სანაძლეოზე და უყვარდა ყანწიანობა.
ჭამპურას საათობით შეეძლო ემსჯელა, თუ რა სჯობია-ორაგული, მურა კალმახი, თუ მურწა ვაზის ფოთოლზე? რა უგემრიელესია? _ზუთხი, თართი, თუ ლოქო ძმრიან ქინძში? ქათმის ჩიხირთმა და ბატკნის ბოზართმა. ხონჩით პური და მარილი, ხახალზე მწვანილეული, კიტრი, ყველი, ცხვრისთავი, ლურჯი კაპუეტები, მწვადი... ახ! მოყუდებული ჩარექა!...
__მაშ, ამ წითელ ღვინოში მზის მადლი არ ინახება? მაშ, რათ არის ნაკურთხი ზედაშე?! სულ მუდამ ღვინის კაპი სწყუროდა. შეჟუნჟრუკდებოდა, მერე დუქნიდან ფრატა_ფრუტით მოდიოდა.
_გემრიელი კერძი და ძლიერი ღვინო. მადით სჭამე, გულით დალიე, მხიარულად იცინე! __
ასეთი იყო ჭამპურა ჭამაპურიძის თუ ძვალიყლაპიაშვილის აღთქმა.
თევზეულობის დიდ თაყვანისმცემელს, სალაპარაკოდ უფრო სალიანის თევზეულობა ჰქონდა __ კარგად გამოსული შამაია, ახალი ქვირითი და წითელი ხიზილალა! ეს იყო მისი ფიქრი და საგონებარი!
კიდევ ვინ იყვნენ? __ თოთოშა, ხატს რომ შეწირულ ფულებს ჰპარავდა ნიშიდან!
მედუქნე „ჩარირამა―, __ მის დუქანში ხშირად შეგხვდებოდა თამადა, ხელში ყანწით, __ პეტრე ერქვა, რატომღაც პავლეს ეძახდნენ: მოლაყბის ყბა ჰქონდა.
„ჰერიგიდი―, რომელზედაც იტყოდნენ: ეშმაკმა რომ სიარული დაიწყო, ფეხის ადგმა მაგან ასწავლაო!
კონდრო __ თვალვიწრო და წუწკი, ძუნწი. ღამ-ღამ, საათის „მიატნიკს― ჩამოხსნიდა, არ გაცვდესო! განჯინა მუდამ დაკეტილი ჰქონდა, თუმცა, შიგ ერთი თეფში იდო, ისიც შუაზე გადამტვრეული და მავთულით შეკრული.
პროვიზორი ანთა, რომელმაც მეხუთე დღეს ამოაგდო თავისი ფეხსაცმლიდან შიგ ჩამძვრალი მოგუდული თაგვი, მანამდე სულაც ვერ გაეგო და ეს ამბავი საკვეხურად ჰქონდა, როგორც რამ საგმირო! პროვიზორს დიდი ფეხები ჰქონდა და კალოშებს ვარშავიდან იწერდა, რადგან მისი ფეხის ზომის შოვნა ჩვენში არ შეიძლებოდა.
და კიდევ ვინ? როგორ თუ ვინ? __ ჩემი ორი კარის მეზობელი __ ჩირიკი და ჩიკოტელა! იცით კი, რა არის ჩირიკი? ხომ გაგიგონიათ, __ ყველა მიწვება,მოწვება,ჩირიკი ხეზე გაწვება!
ჩირიკი და ჩიკოტელა სიღარიბის გამო სხვის მამაპაპურ კოშკში შეხიზნულიყვნენ. როცა ერთი ოჯახის ქოთანში ლობიო ჩუხჩუხებდა, მისი სანელი ქინძის სურნელი მეორეს მისდიოდა სუფრაზე. ჩიკოტელა ჩირიკის მაღლა ცხოვრობდა კოშკში, ჩირიკი __ ქვემოში.
ჩირიკი ყველაზე მოხერხებულია. ჩვენი ჩირიკიც, მართლა, ბედაური კაცი იყო!
ჩირიკის ერთადერთ ვაჟს კიკრიკიკო ერქვა. გადმოვდგებოდით ბალღები სოფლის ბექობზე, დავჭიმავდით ყელის ძაფებს და დავიძახებდით „კიკრიკიკოოოო!― მკვირცხლი ბიჭი იყო, ხელგამომავალი, მოხათრებული.
თავგზიანი ჩირიკი ძალზე მშრომელი იყო, უმეტესობის მუშაკი, სათხოვარზე უარს არ იტყოდა. ცისკრიდან ბინდამდის მუშაობდა და იძახოდა: ღმერთო, შენი ამაგი იყოსო.
ჩირიკზე იტყოდნენ: ისეთია, სადაც ნემსს შესდებს, სახნისს გამოიღებსო! ჩოხის კონკში გახვეული შრომობდა... ხელდაკორძილი, ჯაფის კაცი, მაინც უღარიბესი იყო. შემატება- გადიდებაზე სულაც არა ზრუნავდა, მდღევარ ლუკმისთვის იბრძოდა. თავდაბალი იყო, მაგრამ არავის დაეჩაგვრინებოდა:__ უსამართლობას ნუ მიზამ, შენი ჭირიმე, შესაწევარს კი არა გთხოვო, სანამდე გავიხარებდეთ, სანამ ერთმანეთს ვხედავდეთო!
ერთი ბუდრუგანა ვენახი ჰქონდა, ორიოდე ვაზი ედგა. ერთთავად ვაზებში ტრიალებდა, ვაზებს მტლედ შემოდებული: ხან სარს უდგამდა, ხან ჰფურჩნიდა, ხან ჰყელავდა, ხან ვაზის ძირს ბალახს აცლიდა, ასუფთავებდა, აფხვიერებდა, შაბიამანს ასხამდა, გოგირდს აყრიდა, ხან რწყავდა, ხან ყარაულობდა. ვაზი კი არა, ვაზის კაპწალებიც კი უყვარდა, __ ვაზის ძაფები... ვაზს ეხვეოდა, ჰკოცნიდა. თუ ვენახში ესტუმრებოდი, ხახალით მოგეგებებოდა __ მებაღის ნობათით. ახალ-ახალი თარფეული, დილის ცვარმომცვრეული ხილი თვალს იტაცებდა. ვაზებში ხილის ხეები ჰქონდა ჩარიგებული, როგორც ძველად იცოდნენ.
საღამოობით, ვენახიდან რომ შინისკენ გასწევდა, ჩვენი სახლის წინ, შარაზე უნდა ჩაევლო. მკლავზე , ვენახში გამოთიბული, გამომარგლილი რძიანა ღიჭა ბალახი ეწყო მუდამ.
ვენახიდან დაბრუნებული ჩირიკი ცოლს მხიარულად შესძახებდა:
__ გაიხარე, ვაზმა რქა ცისაკენ ასწია! რა მსხვილ მტევანს უჩანს პირი! ყორნებივით ჩამოსხდებიან ვაზებზე შავი საფერავის მტევნები!
ჩირიკის საამაყო მისი ჩავაშლებული ცხენი იყო. სხვა საქონელი არა ჰყოლია. ღარიბი იყო, მაგრამ მხიარული, ხუმარა, პირსიცილიანი, დიდად სალმიანი.
__ ირემმა ირემს ბალახი მიუშვირაო, განა თუ გაკლიაო! შეიძლება, ღარიბები ვიყვნეთო ბალახზე, მაგრამ მდიდრები უნდა ვიყვნეთ სალამზე! ქართველი კაცის ყველაზე დიდი სიმდიდრე სალამიაო! __ და შეხვედრისას დაგასწრებდა: სალამი, მამიშენის მზეს, სალამი! მადლი და მშვიდობა!
__რა ვუყოთ, რომ ძროხა არ მყავს? მეწველი ირმები სულ მე არ გავუშვი ტყეში? ერთი რო დავუძახო, მაშინვე ჩემს კარებზე მოქუჩდებიან! __ იტყოდა ყბაშეთეთრებული ჩირიკი.
შებინდებისას, სასოფლო ნახირს დახვდებოდა შარაგზაზე, მითომ შინ თავისი ხარ-ძროხა უნდა წაესხა ისე, როგორც სხვა გლეხებს მიყავდათ საღამოობით. სოფლის ორღობეში ცარიელ ხელებს იქნევდა, ნახირზე თვალმიმავალი:
__ აქეთ გამოდით, ჯვარელა, მირეშა, ბუღია, შავთვალავ! ფრთხილად გამოიარეთ, მარცვალა, ღვინია, ორბია, შინდავ, ლაღავ, ჩემო ნახირო, გამოდი! ეზოში ვაზი კი არ დამილეწო, ნამყენი არ გამიფუჭო, სიმინდი არ დამიზიანო!
__ გამოდი, დი-დო, დემფილავ, ჭურჭელი არ დამიმტვრიო! __ თან ჰაერში ხელებს ატრიალებდა, თითქოს აღარ იცოდა, რომელ ერთისთვის მოევლო.
__ გამოდით, მოიწველენით, ტაგანა მზად არის! __ და არც ეცინებოდა. თავისი სიტყვისა თვითონვე სჯეროდა.
ეზოში შესული დაიძახებდა: __ დედაკაცო, საწველელი გამოიტანე, ძროხა მოწველე! __ ცოლი თუ გუნებაზე იყო, გაიღიმებდა, თუ არა და, აკვნესებული იტყოდა: ნეტავი შენ, მაგისი გული გაქვს და ბავშვები არ გეცოდება, ასე ადრიან ჩაწვნენ უჭმელებიო! ჩირიკს ცოლი ძალიან უყვარდა, შვილებზე მზე ამოსდიოდა: __ კიდევაც დავიცემ დანას, თუ ჩემს შვილებს მოჰშივათო! მაგრამ... პური მუდამ გაზაფხულზე უთავდებოდათ, ოდოჟღერს სჭამდნენ, ანუ ნედლ თავთავს, ხუხავდნენ ცეცხლზე და ისე გადიოდნენ იოლას.
__ დედი, პური, პური! __ ხშირად შესძახებდნენ ბალღები დედას.
__ განა მე პური მქვიან, თქვენ გასაწყვეტლებო?! __ შერისხავდა დამშეული დედა.
თუ ჩირიკი სრული, სავსე კაცი იყო, შავი მომხმო ულვაშებით, მუხლადი, ჩიკოტელა ქოსა იყო და თანაც გრძელი, ყინულის ანჩხარივით გამხმარი, გამხდარი, გაყინული, ჯოყარივით ცრიატი, წეროს მიჰგავდა. წოპწოპა ქუდი ეხურა.
ჩიკოტელა უსალმო, ყომრალი, ცადაღრუბლული კაცი იყო, გულკაცი, მზვაობარი, თითქოს, ქვეყნის ტვირთი მისთვის აუკიდნიათო. ავდრიან დღეს უგავდა თავ-პირი. სევდიანი იყო ციხის ნაშალივით. მუდამ უკმაყოფილო, __ ხან წვიმას უჩიოდა, ხან უწვიმრობას, ხან ცოლს, ხან ცოლის ნათესავებს და უფრორე მეზობლებს და ყველაზე მეტს კი ჩირიკს. უთმობელი იყო. ჩანაბასრი სიტყვა იცოდა, არ ესმოდა, რომ ავი სიტყვა __ ზამთარია, ტკბილი სიტყვა __ ზაფხული. ხელმოჭერილიც იყო: ფეტვი არ გაჰვარდება ხელიდანო. ერთი სიტყვით, ნათლიადაც არავინ წაიყვანა.
საკვირველია, მის ეზოში, ხეხილი ხეხილს ეხვეოდა, ტოტი ტოტს, ყვავილი__ ყვავილს, ჩიკოტელას კი მეზობლები სძულდა, სძულდა უფრო კი ჩირიკი, __ მოსისხლე მტრად მიაჩნდა, ამბობდნენ __ შურითო, სხვისი ნაშრომი ჰშურდა, თვითონ კი უქნარა იყო, დღეობებისა და უქმედღეების მოტრფიალე. უსაქნარო, თავაყრილი კაცი იყო ჩიკოტელა. სოფელში სათვალსეიროდ გავლა უყვარდა, ზამთრობით კი, კიწაწი შეშა არა ჰქონდა.
დიდი ზარმაცი იყო და დიდი მორწმუნეც. არც ერთ საუფლო დღეს არ გამოსტოვებდა. უქმე დღეები კი მაშინ ბევრი იყო. ან რა გასამტყუნარი იყო მორწმუნე ჩიკოტელა, მაგალითად მაისში? ოთხ მაისს, __ „ჩიტის უქმე ― იყო, მერე „შვიდმაისობა― __ საგაზაფხულო გუთნების გატანა მინდორში და საღვთოები, იმავე დღეებში „ზღუდრობა― იცოდა, პარასკევს, ცალკე დღეობა იყო „კოხიაობა― სეტყვის ასაცილებლად. მერე საძმო სუფრა „ არიფანა― და ამნაირად, მაისი სულ დროსტარებაში გადიოდა.
ახლაც არ ვიცი, რით იყო გამოწვეული მაისში ხშირი დღესასწაული და ნადიმობა. მაგრამ ბუნებაც ხელს უწყობდა. ჩვენს ეზოში ვერ გაივლიდი, ისე იყო მიმობნეული ვარდისა, ზამბახისა და იასამნის სურნელი. დაბადაგებული ცაცხვები, გადათაფლული აკაციები... ზედ ფშატის ყვავილის დამათრობელი სურნელი რომ დაერთვოდა! მოდი ამ დროს და ქედი წახარე სამუშაოდ. განა მართალი არ იყო უმადლო ჩიკოტელა?
მხიარულ ჩირიკს კი არც ერთი დღე ნადიმისთვის არ ეცალა, ქედწახრილი მუშაობდა. შრომაში დამტკბარი, კეთილი იყო.
ჩიკოტელას ერთადერთი მურიანი გოგო ჰყავდა თეთრუა. შეიძლება ისიც იყო ჩიკოტელას სიზარმაცის მიზეზი , რომ ოჯახში ბევრი შესანახი არა ჰყავდა.
ერთხელ სიზმრად ენახა, რომ თავისი სახლის კარაპანში მარილის ქვის ყორეები ელაგა, ერბო, ყველი, ხიზილალა გუდებით და გამოფხიზლებული თურმე ხელის ფათურით ეძებდა, სიზმრად ნანახ სარჩოს. თითთქოს და ვიღაცამ აალაგა, გაიტანა მოჰპარა. დიდხანს თვალებზე ხელს იფარავდა, ვითომც სიზმარი განეგრძო.
წარსულზე ოცნებითაც სცხოვრობდა ჩიკოტელა.
სოფლის სალაყბოზე აზღაპრებდა წარსულს თავისი ოჯახისას, რომელიც, ოდესღაც ისე შეძლებული ყოფილა, რომ ყმებიც კი ჰყოლია. შეიძლება, ბევრმა არც იცოდეს, რომ ძველად, ჩვენში, ყმიანი გლეხებიც ყოფილან!
__ გაგიგონიათ, რა შეძლებული ყოფილა ჩემი მამა-პაპა გლეხობის კვალობაზე? მკვიდროვანი ოჯახი, კლდეზე მტკიცე, ქონებით აღმომდინარე, ნაშრომი, ნაწაღმართევი. ძველადი მოსავალი, ხორაგი, საზრდო, პური, სათესლეთ ცალკე გადარჩეული. ბეღელი, ჭურ-მარანი __ სავსე! პაპისპაპა „ფეხდიდას― სამოცი მარტო ნიკორა ზაქი დაუდიოდა, საკუთარი გუთნიდედა, საკუთარი მეზვრე და მწყემსი!
ეგრე კი ნუ მიყურებთ, ბიჭებო! ყოველივე სახლში გვქონია: ხამი ტილო, მერდინი, ფარდაგი და ჯეჯიმი ხომ სულ სახლში იქსოვებოდა. საპონსაც კი შინ ვხარშავდით. ზეთსაც შინ ვხდიდით. არ გინახავს, ჩვენს ეზოში გელაზები? აღზევანშიც დავდენილვართ მარილზე. სალიანშიც თევზეულობაზე. ეგრე კი ნუ მიყურებთ, ბიჭებო! ჩვენს დერეფანში მარილის ქვის ყორეები კოშკებად მდგარა. მარნის ბაქანზე ხიზილალისა, ყველ-ერბოს სავსე გუდები ელაგა.
__ გინდ დიდედა თავთუხას ჰკითხეთ! ეგ რომ პატარძალი მოეყვანათ, პაპაჩემს მაგის მაყრებისათვის სულ ხიზილალა უჭმევია თავმობმული ჯამებით. ეგრე კი ნუ მიყურებთ, ბიჭებო, ჩვენი ცხოვრება სულ დუღდა და გადმოდიოდა... ჩვენ, ჩვენი წილი სიმდიდრე გამოვიარეთ, დავხარჯეთ, არ გაუფრთხილდით და მიტომ ახლა არა გვაქვს არაფერი! მერე რა უყოთ... ეგრე კი ნუ მიყურებთ... და!
მართალი იყო ჩიკოტელა თუ არა, არავინ იცოდა, დახავსებული ყრუ დედაბერი თავთუხა ასწლისაზე მეტის იყო. დრო დააბერა ბებომ. მოწმედ ვერ გამოდგებოდა, სხვა კი არავინ ლაპარაკობდა ჩიკოტელას ოჯახის ძველ სიმდიდრეზე, სხვას რა ედარდებოდა, ჩიკოტელას მდიდარი წარსული? ნათქვამია: სხვას სხვისი მკვდარი მძინარე ეგონაო!
__ სიზმართა შუაა! __ ეღიმებოდათ მეზობლებს. თანაც სჯეროდათ ჩიკოტელას ნაუბარი. მაინც ჩიკოტელას მთავარი სასაუბრო __ საგანი ჩირიკი იყო და მასთან დავა. ჩირიკი ჩემი მამულის მოჩემარიაო!
__ გულზე ისეთი ცეცხლი მიკიდია, როგორც ჩიბუხს! გამამწარა ჩირიკის ვენახმა, საზღვრების გადმოწევამ, მამულის სარჩელმა! ვერ დავჩუმდები, უნდა ვებრძოლო, ჭირი არ წავა უჭიროდ, თუ ჭირის დედა მთელია. ცეცხლს წყალი დროზე უნდა მიუღვარო!
სად ეცალა საწყალ ჩირიკას ჩხუბისათვის, ან რას ემართლებოდნენ? მაგრამ შური უძლეველია. ღვარძლსა და შურს დაეპყრო ჩიკოტელას გული.
უწინ როგორც ამბობენ, ღვარძლი არ ყოფილა. ერთხელ ერთ კაცს მეზობლის კალოზე გადაუვლია, შეუხედია გორად დამდგარ პურის ხვავისთვის, მოსწონებია, ერთი მუჭა ხორბალი კიდეც აუღია და გულში ღვარძლიანი ფიქრი გაუვლია, ხორბალი ისევ დაუყრია ხვავზე, მაგარამ ღვარძლად ქცეულა, მას აქეთ ღვარძლი გამრავლდა პურში და ადამიანის გულშიცო!
ჩიკოტელას დავა ჩირიკთან ვენახის მიჯნა-საზღვარი იყო, ნაპირყურეს ედავებოდა: __ ჩვენი მამულები ტოლი და ბარდიბარია, მაგრამ თვალდათვალ მტაცებს, სამეტოში წილს იდებს, შემაზავთა, დანის ყელზე მიმიყვანა! გველის ფხაში გავძვრები და არ შევარჩენო! __ ყვიროდა მეხთამტეხი სიტყვებით.
ჩირიკი სულ უდანაშულო იყო და, რასაც ჩიკოტელა აბრალებდა, სიზმრადაც არ მოლანდებია! ჩხუბის დროს ჩიკოტელა გამოიტანდა შინდის ჯოხზე დახვეულ, გაყვითლებულ გრაგნილსიგელს, ანუ, როგორც თვითონ ეძახდნენ, „წიგნსა და დამტკიცებას―, ჰაერში ატრიალებდა და რისხვეული გაჰკიოდა: __ აქა სწერია, ჩემი ნამდვილი მიჯნა და საზღვარი!
ნასყიდობის სიგელში მართლაც ეწერა მამულის საზღვრები: „ზეით, რუისპირზე ორი ვერხვია, __ სამძღვარი ის არის, ქვეით __ პატარა მუხაა. ქვემოთ კიდევ __ დიდი ნიგვზები. იმას ქვევით, სამი ტოტი თუთის ძირია. სამძღვრები ეს არის. ამის ჩამოსწორ, წყლის პირას, კიდევ ორი ვერხვია ტყუბათო―.
მოდი ახლა და იპოვე ორასი წლის მერე ის მაშინდელი ორი ვერხვი, ის პატარა მუხა, ის დიდი ნიგვზები, ის თუთის ძირები და ის ტყუპი ვერხვი! ეჰ მათი მტვერთა მტვერიც კი აღარ იყო ამქვეყნად, სიგელი ხომ ერეკლე მეფის დროს იყო დაწერილი! სიგელის გულუბრყვილო დამწერლებმა თავისდაუნებურად, ეს ორი მეზობელი ორასი წლის შემდეგ წაჰკიდეს ერთმანეთს და თუმცა, მათივე სიტყვებით, იგი სიგელი იყო „უმანკო, უმიზეზო―, „უცვლელი, უსარჩლელი, უქცეველი, მოუშლელი, სამემკვიდრო, საბოლოვო―, მაგრამ სწორედ ეს ბრიყვი სიგელი გახდა მათი შფოთის დედა. ხომ ამ სიგელმა შესაზღვრა მათი ვენახები?..
სულ ამ ვენახის მიჯნისათვის ეჭინჭრებოდა ჩირიკს გულნამცეცი ჩიკოტელა. ბოროტ გზასაც არ ერიდებოდა. იმდენი ქნა, დიდი კაკლის ხე, რომლის ჩრდილი ჩიკოტელას მამულში გადადიოდა, ჩხუბისა და ყარყაშისგან გაბეზრებულ ჩირიკს მთლადაც მოაჭრევინა.
ერთხელ, მის ვენახში შემთხვევით გადასული დადედლებული ვარია ტაბაკით მოუკლა. ერთხელაც, მიჯნას აქეთ წამოწვდილი ჩირიკის ბუდეშურის ხუთი ვაზი წალდით გადაკაფა, როგორ თუ სხვისი ვაზის რტო შეეხო მის წილკერძს!
ბევრჯერ კიდევაც გადასწყვიტა ჭირდებულმა ჩირიკმა ვენახის გაყიდვა ან სხვაგან გადასახლება, მაგრამ როცა ვენახის მუშტარი მოუვიდოდა, თვალზე ცრემლი მოადგებოდა და საკუთარი ოფლით ნაპოხი მამული არ ეთმობოდა.
__ რა ვქნა, რა გადამეშარა. რა მაქვს სხვისი დასაჩემი? ღმერთო, რა გასაჩენი იყო ეს ჩემი საქმის დამცარავი __ ეს მეჩახმახე, ონავარი?
ჩირიკის ძირიანად ამოვარდნის ნატრული იყო ჩიკოტელა
__ ზმმ! __ შეზმუვლებდა ზოგჯერ მტრის სიცოცხლით შეძრწუნებული.
__ ზმმ! _ თითქოს შიგნიდან იყო დაჭრილი, დაკემსილი; ბევრჯერ წინასწარ დაულევია ჩირიკის შესანდობარი ფიალა, მაშინ, მისი გული მჭედლის ქურაზე ცხელი ხდებოდა. მომუჭავდა ხელს მინაცრებული, გაძაგრული და წაიზმუვლებდა __ უუუ! და მტრის დასაძლევად ნატრობდა თავის გავლილ ძალას. თუმცა სულაც არ ჰქონდა სამამაცო გუნება.
__ შენ რას უზამ ჩირიკს? ვერ მოერევი! შესახედავად, დახედულობით სუსტი ხარ, ვერ შეედრები. მძლავრი მტერი გყავს, ტანით ძლიერი!
__ აბა, დაჰხედე ამ პატარა წყალს!-
და თან ხელს მიიშვერდა სოფლის ლიკლიკა ნაკადულზე, __ რამდენი კაკალი მოუგლეჯია ადიდებულზე, რამდენი ცაცხვი; ალვის ხე? ხომ გახსოვს, მაშ, რაღად მეუბნები?! ახ, თუ ერთი ავიწყვიტე?!
__ არა, ნუ აუჩქარდები ჩირიკს, ნუ!
__ მართებული სიტყვაა! __ ჩაერეოდნენ სხვებიც.
__ უუუ! უამებელო სიცოცხლევ! __ ჩაიკვნესებდა გულში გულნაკლული ჩიკოტელა.
__ ზოგ კაცს პირზე თავისი ბედის ნათელი აფენია, ჩემს ბედს კი სძინავს შუა გზაზე, მტვერში უსირცხვილოდ გაშოტილს, უზრუნველს!
გადიოდა წლები, ამასობაში კი ჩირიკი არ კვდებოდა, პირიქით, გამრავლდა, კიდეც ტყუპი გოგო ეყოლა.
__ ძველი დავაგდოთ სათქმელად, არც არა საუბნარია! __ ურჩევდნენ ჩიკოტელას.
__ ვერ გამტეხავთ, ლაშქარნო! __ შემაღლებული ხმით ეტყოდა გულზე შემჯდარი ჩიკოტელა შუაკაცებს, მთლად შეჯავშნული ჩირიკის სიძულვილით.
__ ზმმ! მომეწყურა ჩირიკის სისხლი! __ ისევე დაიზმუვლებდა თავისი კოშკიდან და კოშკზე აფრენილ მამალს თავდაყირა დაუშვებდა.
__ რა მოგივიდა, რას გეჩხუბება, რა გაწყენინა? რაზე დაობთ? __ შეეკითხებოდნენ. კეთილი ჩირიკი მხრებს აიჩეჩავდა , წყნარად იტყოდა: ბულბულმა სთქვა გამიკვირდა, შაშვი რასმე წამეკიდა, უკადრისი სიტყვა მკადრა, ვაი, ავად მამეკიდა!
ერთხელ პირშიც უთხრა დამთმო ჩირიკმა ჩიკოტელას: რას მეფურტკნები, მარგალიტის საყელო ხომ არ აგაჭერო? საპასუხოდ ჩიკოტელა ხელში ააფრიალებდა სიგელს, რომელიც თავისთავად იხვეოდა შინდის ჯოხზე __ ამან იცის, აქა სწერია ჩემი სიმართლე!
__ თქვენ არ იცით, __ მიჰმართავდა მეზობლებს, __ რა ხარბია, როგორ ადიდებს ღამ-ღამობით თავისი ვენახის სამზღვრებს. ეგ ჩემს მტრობას არ მოიშლის მეორედ მოსვლამდი!
ზოგი ბოროტი მეზობელი აქეზებდა:
__ მტერი არ მოჰშლის მტრობასაო!
__ ხმალს ნუ შეაჭმევ ჟანგს, ცოდოაო!
__ ამ სიგელმა იცის სწორე საზღვარი, მაგრამ ვინ იჯერებს? __ კვნესიანი ხმით დასძენდა ჩიკოტელა __ რას არ იტყოდა ნაეკლარი გული, აბორგებული სულის სიმწარე?
__ უნდა გათავდეს! ამ შემოდგომაზე ვეღარ დაიჭიროს ჩირიკმა ხელთ მაჭრის ჯამი! __ და სევდით სავსე თვალებს აქეთ-იქით ატრიალებდა.
ჩირიკი?.. აინუნშიც არ იყო! შეთვალულ ყურძენს შეჰხაროდა! __ წრეულს, კიდევ უნდა ვუმატო ვენახს რქაწითელი, __ ფიქრობდა და ხალხიც კვერს უკრავდა: უდაბნოს დაასხმევინებს სწორედო!
__ ღმერთო და პირიმზევ, შენ გწყალობდე! __ ეს იყო ჩირიკის სალოცავი. სად ეცალა ჩხუბისა და ყარყაშისათვის, თუმცა ჩიკოტელა დაუღალავი მეშფოთე იყო.
__ აგერ, მოილახვრება პირქვე დასამარხავი! __ იტყოდა ჩირიკის დანახვაზე გაშავრკინებული ჩიკოტელა.
კეთილ ჩირიკს პირსიცილი მოსდიოდა. __ რაზე იკლავს თავსა ეგ უბედური! კაცი მიწამტვერიაო, დღე არა აქვს ბევრიაო!
ჩიკოტელა კი გაიძახოდა: ჰაიდა... მანახა მაგისი შენგრეული გულის ფიცარიო, სისხლი შეესხას ქვისთვისო!
__ სული დაგიმძიმდა განა, შე უბედურო, __ შეუწყრებოდა ღვთისნიერი ცოლი თაშნეურა.
__ მაშ, რათა ვარ ბედ-გაკვანძილი, სად არი ღვთის ნამატები, გამარჯვებულება? მითხარი, __ ტირილის ხმით შესძახოდა ცოლს, საქმეზე თავდაუდებელი. __ მაშ, რათა ვართ ღარიბები! განა ჩირიკის ბრალი არ არის ჩვენი სიღარიბე? დატრამალდა გული!
თაშნეურა, მუდამ თაფლოვანი სიტყვის პატრონი, ამართლებდა კეთილ ჩირიკს, მაგრამ შეშფოთებული ჩიკოტელა სეტყვის ქარივით ეცემოდა:
__ მაშ, ჩემი მიჯნა აქეთ არ გადმოსწია? მაშ ის ხუთი ვაზი არ იყო, მიჯნის გაყოლება?
__ რა გაგიხდა ეგ ხუთი ვაზი? განა ხუთი ვაზით აცხოვრებ ოჯახს? __ უპასუხებდა სათნო ცოლი.
__ რატომ არ მიჰყავს სიკვდილს ჩემი მტერი? ეგ უნდა წავიდეს ჩემზე ადრე, საიქიოში ჩირიკმა უნდა შემიღოს შავეთის კარები! __ არა ცხრებოდა ჩიკოტელა.
__ კარგი, გეყოფა, ხორშაკეულო, ცულაფთარო! __ ეტყოდა თაშნეურა. მატყლის მჩეჩელი საწყალი ქალი გავიდოდა და ეზოს ვარდთან ჩამოჯდებოდა, იქ უყვარდა ყოფნა, პირჯვარს დაიწერდა __ წმინდა გიორგი, შენ გვიშველე!
ჩიკოტელა გახშირებით ოხრავდა... მერე მეზობლისას გადავიდოდა, შესჩივლებდა, ჭირის თქმა ხომ დამწვარ გულს ანელებს!
__ ჭირს ნუ დაუწვები, უფრო დაგაწვება! სთქვი გულის საწნეხი! __ აღიზიანებდა თვალთმაქცი მეზობელი. ჩიკოტელა ასჯერ მეტისას ამბობდა, ის კი არ იცოდა, კოჭობი რომ ადუღდება, გადმოვა და კოჭობივე დაიფუფქება!
საკუთნოს მუდმივ დავაში მიდიოდა ჩიკოტელას ბალღამიანი დღეები! იყო შემთხვევა, როცა ბეწვზე ეკიდა ჩირიკისა და ჩიკოტელას სიცოცხლე!
ივრის ლერწმოვან-ჩალიანებში, მდინარის ტოტზე გადაწოლილი, გადაბარჯღული, გრძელი, გამხმარი ვერხვი იდო, ის იყო ჩვენი ხიდი! აი, სწორედ ამ ხიდურაზე შეხვდა ერთ დილას ეს ორი უმძრახი, ნაწყენი მეზობელი. ვინ იცის, რა უბედურება უნდა დატრიალებულიყო იმ ხმელ ვერხვზე, მაგრამ ამპარტავანმა ჩიკოტელამ გზააუქცევ-თავდაუხრელად სცადა გავლა და შიგ წყალში კი გაადინა ტყაპანი!
ჩირიკმა ღიმილით გაიარა თავისუფალი ხიდი და შეერია ვენახს. მეორე დღეს, შეშფოთებული ჩიკოტელა ძიობდა სოფელში:
__ ვინ გაიგო, ვინა სთქვა, ვის გაეხარდა-ო?!
ერთ ზამთარ, თოვლში რომ მოემწყვდა სოფელი, უსაქმურობით შეყელთებულმა მეზობლებმა ითავეს და შერიგების შუაკაცებად ორი დარბაისელი მიუგზავნესს, __ ივანე გოჭიყლაპა და ბეცია ბატიყვლეფა.
__ გეყოთ დავა, შფოთი ჩაარონინეთო! __ მაგრამ არაფერი გამოვიდა. უთმობელი ჩიკოტელა ისე გაიბერა, თითქოს ქვეყანას დასჭირდა მისი თავიო!
მშვიდი, გულქართული, თვალებიდან გამოცინარი ჩირიკი აწყნარებდა მეზობლებს, დაანებეთ თავი, მაგ სიტყვაპრტყელს! გულძვირობას არ მოიშლისო!
და ერთ დღეს მოხდა სასწაული! გამოვიდა მთხრობელი მათი შერიგებისა, თუმცა კი არავის სჯეროდა.
საქმე ასე ყოფილიყო:
იორგაღმა, აზამბურის მინდორში, ყანის მკის დროს, ჩიკოტელა გაცივებულიყო. იორი გამოეტოპა, როგორც იყო სოფლისკენ დაემართა გზა, მაგრამ მუხლმოჭრილი, სიცხისაგან მოკვეთილი, გზისპირად, მთვრალი კაცივით მიგდებულიყო. იქნებ, სამადლოდ, ვინმემ შინ წამიყვანოსო! მგზავრი არ გამოჩენილიყო, არც ურმებს გამოევლოთ! ეგდო საბრალო ჩიკოტელა კაჭკაჭ-ყორანთა საწიწკნათ, მგელთა საგლეჯად! გმინავდა და ღმერთს ეხვეწებოდა ძე- ხორციელის გამოჩენას. მზე კიდეც ჩადიოდა... სოფელი არც ისე ახლო იყო... უნუგეშისცემო ჩიკოტელა სიცხისაგან გათანგული გმინავდა...
სწორედ ამ დროს, როცა მზემ უკანასკნელი სხივები ჩაწურა ჩასავლეთში, გამოჩნდა ივრიდან მომავალი, იცით ვინ? თითონ მიხვდებით! ჩიკოტელა შეკრთა, შეიკუმშა, ფარაჯაში შეძვრა, როგორც კუ სქელ ბაკანში, ნეტამც არ დამინახოსო!
ჩირიკი მიუახლოვდა მწოლიარეს, ისიც შეკრთა, და... თითქოს ვერ დაინახა ისევ გზა განაგრძო... სიცხიან ჩიკოტელას ერთი პირობა კიდეც გაეხარდა... მაგრამ ჩირიკი უკანასკნელი სასოებაღა იყო მისი და თუ ჩირიკი არა, შეიძლება, მართლაც, სამგლედ გამხდარიყო. მცირე ყოყმანის მერე, ჩირიკმა ცხენი მოაბრუნა, ჩამოხდა, ჩიკოტელას მიუახლოვდა:
__ ეგ რა მოგსვლია, ბეჩავო? __ გაუბედავად შეეკითხა. __ არაფერი! __ მორცხვად ამოთქვა ჩიკოტელამ.
არც აცია, არც აცხელა ჩირიკმა და პირშეწბილებული, ღვარძლიანი მტერი ცხენის გავაზე შემოისვა და სოფელში წამოიყვანა. მოჰყავდა და თან არიგებდა: სიცხიანი ხარ, წელზე ხელი მაგრად ჩამჭიდე, ცხენიდან არ გადმოვარდეო!
ჩიკოტელა გაბუყული იჯდა და მოხათრებით ხელს უჭერდა წელზე ნამტერალს. სოფელში ერთი ღრიანცელი ატყდა. არავის სჯეროდა, თუმცა საკუთარი თვალით ენახათ. ისიც ეგონათ, ალბათ, ჩირიკმა აჯობა ჩხუბში, შეკრა და ახლა მამასახლისთან წარმოადგინაო! __ ხმამაღლა გაიძახოდნენ: ჩირიკმა ტყვე მოიყვანაო! ბევრიც იცინეს!
ერთი თვე ეს ამბავი ჰქონდა სოფელს თავშესაქცევრად.
დაყარა ფარ-ხმალი ჩიკოტელამ. დაჩუმდა, რაღას იზამდა? გაკვირვებული იყო ჩირიკის საქციელით.
ამას მალე სხვა უარესი ამბავი ზედ დაერთო: ჩიკოტელას ერთი მურიანი გოგო ჰყავდა-მეთქი, გახსოვთ? მაგრამ ვიდრე მოთხრობის ბოლომდე გავიდოდი, ამასობაში, ის მურიანი გოგო უკვე წამოჩიტდა, წამოიზრდა, ძუძუ დაეტყო, გაიბადრა. __ მართლაც, ქოჩორა მტრედი, ჩამარგალიტებული გოგო დადგა თეთრუა!.. ლურჯთვალა, შავწამწამშაბურული, დანუკრებული...
და რას არ იტყვის ჩხიკვის ენა! __ ერთხელ, შუადღისას, ვენახი რომ შეზვერა, ჩიკოტელას ვაზის ბურვილში შემოესმა ნაზი სიტყვები: „ შენი ქოჩრის მონაგლეჯი დამწვარ გულზე დამაყარე―!-ო.
__ ამიყვანე, წამიყვანე! __ ისევ ისმოდა ნაზი ხმა.
ნასმენალის მერე ჩიკოტელამ ფრთხილად გადასწია ვაზის ფოთლები და რა სახილავი ნახა! ზედ მიჯნაზე მისი თეთრუა ისე ჩაჰკვროდა ჩირიკის ვაჟს კიკრიკიკოს, რომ ხმალიც ვერ გააცილებდა ერთმანეთს!
ჯერ კი შეიუცხოვა __ აი, შე სვეტიცხოველის დამქცევოო! ესღა შეჰყვირა გაოცებულმა ჩიკოტელამ; ბიჭი და გოგო ქვეით გარბოდნენ ჭიგოების ლაწალუწით. რამდენი ვაზი წაიქცა! ჩიკოტელა გაშეშებული იდგა, სიტყვა ვეღარ ამოეღო. ახლა მიხვდა რად ელამუნებოდა თეთრუა მეზობლის ბიჭს. მიხვდა მისახვდომარს: ვაი, თავდებო, ახლა ქალიც მტრისკენ მიდიოდა, მიცურავდა ვენხიც! მიჯნა მთლად უქმდებოდა! ჩიკოტელას ხომ ერთადერთი ქალის მეტი არ ჰყავდა?! ერჩივნა ქვესკნელის ფსკერში ჩამძვრალიყო, მაგრამ რა ექნა? თაშნეურას ძალზე გაეხარდა თეთრუას ამბავი, კიკრიკიკო ხომ ყველას უყვარდა.
ერთი კვირის მერე, ჩირიკმა დატალახებულ ქვევრს მოხადა... ახლა ჩირიკი და ჩიკოტელა ერთად უნდა მსხდარაყვნენ საქორწილო სუფრაზე. ერთმანეთისთვისაც უნდა ეკოცნათ ღვინის ჯამებით ხელში, ძმად შეყრილიყვნენ, ასეც მოხდა.
რამდენიმე წლის შემდეგ, მე დავინახე, ორივე პაპას ხელი ჩაეჭიდნათ შვილიშვილისათვის და ფეხის ადგმას ასწავლიდნენ აყვავებულ ნუშის ქვეშ.
ასე აჯობა მტრობას სიყვარულმა! უმსგავსი საქმე ყოველი, მოკლეა, მით ოხერია!
ამ პატარა, გვრიტულა ბიჭუნამ, რომელიც ახლა ორივეპაპას ტაატით დაჰყავდათ, თავისი ფუნჩულა თათებით საბოლოოდ სამარე გაუთხარა ორი ადამიანის მტრობას. გავიდნენ დრონი. ბევრჯერ წითლად გადაუარა მზემ ჩვენს სოფელს, ბევრი ვარსკვლავიდაცვივდა... ბუნებამ დალია ჩირიკისა და ჩიკოტელას ჯანიც...
ძალზე დაუსუსურდა შრომით დაძალული ჩირიკი. ოჯახს კიკრიკიკო გაუძღვა, მაგრამ მოხუცი თავის საყვარელ ვენახს თავს არ ანებებდა. თუმცა ვენახი მას აღარ ეკუთვნოდა, სოფლის საერთო მამულათ იქცა. მაგრამ ჩირიკმა ვერ გაიგო, რამდენიც არ აუხსნეს, ვერ მიხვდა. მის გონებაში კერძო საკუთრების გრძნობა ვერაფერმა ვერ შესცვალა. ახლა, პირიქით, მთლად ვენახში დაიდო ბინა... აღარ გამოდიოდა. ვერა და ვერ მოაშლევინეს ვერც შვილმა, ვერც შვილიშვილმა, ვერც სოფელმა... ისევ თავს დასტრიალებდა ვაზებს თავისი მოქანცული მარჯვენით.
__ ეგეც ერთი ჟინი ყოფილაო. დაე ჟინი მოიკლასო!..
და ერთ აღდგომა დღეს, ჩირიკის სახლიდან გლოვის ხმა გამოისმა, __ ჩირიკი აღარ არისო!
თურმე არც აღდგომა ღამეს მოშორებია ჩირიკი საყვარელ ვაზებს. ვაზის ძირში სააღდგომო სანთლები დაენთო. სუფრა გაეშალა, ლიტანია შემოევლო ვენახისათვის, მერე მიმჯდარიყო ვაზის ძირში, გულზე ხელები დაეკრიბადა მიცვლილიყო...
შვილიშვილს აღდგომის წითელი კვერცხები ჩაეტანა ვენახში და ეგრე კი ენახა!
რა დაემართა ჩიკოტელას? წოპწოპა ქუდი პირზე მიეფარა და ტიროდა __ ვაი ძმაზე ძმებულოო!
თვითონაც სიკვდილი ეხედვებოდა... მეორე კვირას, ჩიკოტელა ჩირიკს გვერდით მიუწვინეს. ერთი ავი მეზობელი, ვითომდა გულშემატკვარი, დანანებით ამბობდა: ბარემ ერთ დღეს დახოცილიყვნენ, ორი ქელეხის ხარჯით ოჯახი არ დამძიმდბოდაო!
მე ხომ კარის მეზობელი ვიყავ, შემატყობინეს ქალაქში, მთხოვეს დავსწრებოდი მათ დამარხვას, მაგრამ ვერ შევძელი, პატივი ვერ ვეცი, ხინჯად კი დამრჩა გულში, ბევრი დრო გამიტარებია მათთან პატარაობისას, ბევრჯერაც გარჯილან ჩვენი ოჯახისათვის!
ახლა ამ მოთხრობაში, ასე მგონია, ვალი მოვიხადე მათი აჩრდილების წინაშე, ავწერე რა ჩირიკისა და ჩიკოტელას მტრობისა და სიყვარულის ამბავი, გასაღიმებელი და გულის გადასაყოლებელი...