„ ... ქართველნი... სალაშქროთა შინა ახოვანნი, საჭურველმოყვარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მაძიებელნი ესრეთ, რამეთუთვისთა სახელთათვის არა რიდებენ ქვეყანასა და მეფესა თვისსა―
ვახუშტი
„ სახელიანებ საფლავებს გულდიდად გადმოვცქერიო―.
ხალხური
„ მკვდარს ულოცავენ სახელსა ჩვენ კი გვიწყენენ ჭირსაო―.
ხალხური
I
ჩემი სოფლის თავში თეთრი ციხე-კოშკი დგას, თავჩამორღვეული, ნანგრევი, ხავსდასხმული ლოდებით, სახელოვანი სიმაგრე, ძველად დიდად ნაბრძოლი ახლაც ატყვია, ალყაში ჩამდგარ, მოიერიშე მტერს ხმლები რომ ზედ ულესია ციხის ძირითა ლოდებზე.
ერთხელ, ბრძოლა რომ გათავებულა და მტერი გაქცეულა, ჩვენებს თურმე ნიჩბით მოუხვეტიათ ტყვია ციხის გარშემო, იმდენი უსროლია მტერს!
ჩემს ბალღობაში მსმენია, თურმე, დანიშნულ ღამით, ცისკრის ამოსვლის უწინარეს, თმაჭაღარა მანდილოსანი გაფოთებული ჩამორბის ციხიდან თავქვე, მთვარის კიბეზე, ვიღაცას შორიდან აუქნევს ხელს და ამრიზებული მკაცრად შესძახებს:
__ არ გაბედო მოსვლა, სირცხვილიანო, არ მომეკარო!
ტანაბჯრიანი, დაჩოქილი შვილი თავში ხელს წაიშენს,შეჰღმუვლებს სიმწრით, ისევე უკან გამორბის ხმალამოღებული, უცბად შეჩერდება და დედას შორიდან შეუთქვამს: __ ან შევაკვდები, ან მოგივალ იმედიანი!
დედა ისევ კოშკში შევარდება, კარებს მიაჯიქურებს, მძიმე ურდულს აუგდებს და კოშკიდან ისევ გამოისმის გამწყრალი ხმა:
__ არ დამენახო, გაბრუნდი, სახელის შემრცხვენო, ავსახელიანო! ... და უცბად, წყვდიადში აქეთ-იქიდან ატყდება უჩინარი ძახილი: __ თითისტარი მიეცი!
__ თავს ჩიქილა დაახურე!
__ თმა ჩამოიწნას ქალისა!
და სხვა წყევა, შეჩვენება...
თმაჭაღარა მანდილოსნის აჩრდილი მკერდში მჯიღს ჩაიკრავს:
__ ვაი, რა ვქნა, რა უყო, წავალ და გავნიავდები!
და მართლაც, ღამის ნიავს დაეხსომება სიტყვები შუაღამისა, მსუბუქიფრთით წაიღებს, სოფლად ჩაიტანს, თვითეულ ქოხს გააგონებს, ზედ კერაზე დაჰყრის ამბაცს და ცისკრის საზღვარზე ისევ გაისმის ჰაერში შემონახული მწველი სიტყვები და მუქარა განრისხებული დედისა...
ღამე გაიცრიცება, მამალი შეჰყივლებს და ყოველივე მიყუჩდება...
იტყვიან, ეს თმაჭაღარა მანდილოსანი ლასურიძიანთ სხვარამზეა, ჩვენი სოფლელი, ერეკლე მეფის დროს უცხოვრია თურმე.
გმირების დედა ყოფილა. შვილები მტერს შეჰხოციან, ერთი ვაჟი გამოსვლია მხდალი და დღესაც იმასა სწუხსო! მტერი არა გამიგია რა ხვარამზეზე. მაგრამ ჩემი ყრმობის დროიდან მახსოვს ლასურიძიანთ ოჯახიდან __ დეიდა ჩახტაურა __ მომჩინარი მანდილოსანი, მძლავრი და მკაცრი დედაკაცი, ყველასაგან პატივდებული, სოფლის ქალთათვი.
ჩვენ, ბალღებს ძალიან გვიყვარდა...
ახალგაზრდობაში, თურმე, ცხენოსნობას უქებდნენ. ახლა, ქვრივობაში, ოჯახის ბურჯი გამხდარიყო. მეურნეობა უყვარდა; მეზობლებს რჩევა-დარიგებით აფხიზლებდა, სოფლის ქალებს ყაითნის საქმეს, საკერავს ასწავლიდა.
ერთი სიტყვით, ხელწმინდა ქალი იყო.
სხვა საქმის გარდა, ჩახტაური განთქმული შემლოცავიც იყო. ახლაც მახსოვს მისი შელოცვიდან, მგონი, ორსულ ქალზე: „ ბანი იძრა, ტყე იძრა, ვენახი იძრა... ირმის მუცელში შველი იძრა, შვლის მუცელში ნუკრი იძრა―... და სხვა. ეს პოეტური შელოცვა ძალიან მომწონდა.
ამინდის გამოცნობასაც უქებდნენ ჩახტაურას. ესეც ხომ მისგან ჩავიწერე მოწაფეობის დროს: „ დილა წითდა, __ ღამე წვიმდა,
ღამე წვიმდა,__ დილა მზითა―.
... პირველი მსოფლიო ომის დროა. დეიდა ჩახტაურა ზის მარტოდმარტო შემპალ, ძველებურ აივანზე, კერას არ აციებს... ზის და წინდას ქსოვს. სამი ვაჟიდან ვითომდა შემორჩენილ ერთადერთი ვაჟიშვილ შალიასათვის, რომელიც სულ ამას წინათ ომში დაეღუპა, მაგრამ ჩახტაურა მაინც წინდას უქსოვს. ორჯერაც მოუტანეს შავი უწყება, მაგრამ ჩახტაურას არ სჯერა, ღრმად სწამს შვილის უკვდავება და ფოსტალიონს მკაცრი კილოთი ეტყვის:
__ ენამც მოგტყდება, ენამცდარო! უკანვე წაიღე! ეს ქაღალდი იმასვე მიუტანე, ვინც გამოგატანა! შალია როდი მყავს მკვდარი! აღარ გაბედო ამის თქმა! __ და ისევ განაგრძობს წინდის ქსოვას კიბის თავზე... წუთის შემდეგ, ჩახტაურა ისევ მრისხანე ხმას დააწევს შარაზე მიმავალ განცვიფრებულ გუგუნას:
__ აღარ გაბედო მაგნაირ შავი ქაღალდით აქ მოსვლა, თორემ ძაღლებს დაგაგლეჯინებ! სამახარობლოდ მოდი, სამახარობლოდ!..
II
გორგასალ გმირს დავაშკაცებას ისე არ ელოდნენ, აბათ, მისი დაჩაგრული დადრეკილი დედა და ბაღათერასაგან გატაცებული დაი, როგორც ჩვენი მეზობლის შალიას დავაშკაცებას მოელოდნენ დედამისი ჩახტურა და გასათხოვარი დაი ფერენა.
ეს, ის ნანატრი დღე იქნებოდა, როცა ჭაბუკი აზნაური შალია ახალხმალშებმული თავისი ხელით შეჰკაზმავდა ხალებიან ,,ქარაფეხა ―ცხენს და გააჭენებდა.
__რა დღეს შეკაზმავ, შენი ჭირიმე, მითხარი, გამაგებინე, რომ მოვასწრო და დაგინახო თორე დიდი დღე კი არ მიწერია!
__რა მაქვს აგრე საჩქარობელი?_ღიმილით ეტყოდა შალია.
__მაშ, არ გინდა, მალე ცხრა ცას დავეწიო სიხარულით? ჩითის მხიარული კაბა ჩავიცვა, ამ დღით ახალი ბაღდადი დავიხურო, დაბასმული, ლეჩაქი, ვარაყიანი?
შალია ამოწყვეტილი, ძველი აზნაურიშვილის ოჯახიდან იყო. მამამისს შეჰმადინს ლხინით მოეჭამა წუთისოფელი. შალიას ძმები და ბიძები ზოგი ომში ჩაეხოცათ, ზოგი ჩხუბში თუ მამულის დავაში და ახლა, შალიას მეტი, აღარავინ ბოგინობდა ლასურიძიანთ გვარში. საქალეთზე იყო მიმდგარი სახელოვანი გვარი!
ამიტომაც, ასე დიდის ამბით ელოდნენ შალიას მიერ ცხენის შეკაზმას, ხმლის შებმას, ანუ დავაჟკაცებას. მგონი, სამარიდანაც მოუთმენლად შემოჰყურებდნენ დაჭრილ-დაკუწული წინაპრები და ბიძა-ძმები!
დედა თოქალთოს უქსოვდა, ფერანა ჩახსაკრავს, ძალუა გარიელა კი მათრახს უწნავდა.
თვალცეცხლი იყო შალია, თავგული, სხარტი, ლაღი, გულზავი, გიჟმაჟი, გაშლილი გუნებისა, ამაყი, სამხედროსაკენ მიმდრეკი, ტოლ-ამხანაგთაშორის სახელის მაძიებელი. სახელისათვის დაუზოგავი იყო. არც ცეკვა-თამაშში, __ კარგა ქართული იცოდა, __ არც ჭიდაობაში სახელს არავის დაუთმობდა.
__ სახელდებული ბიჭი მყავს! __ თავმომწონეობდა დეიდა ჩახტაურა.
ახლაც თვალწინ მიდგა __ ზანგელა, დაგიშრულქოჩრიანი, ჯიღათვალება, დაგეშილ მიმინოსავით ტანსწრაფი, ხელუკრთობელი, ერთი სიტყვით, სანდომობით საყვარელი, ჩემზე ხუთი-ექვსი წლით უფროსი იქნებოდა.
დედა, დაი საოცარი სიყვარულით შესცქეროდნენ შალიას.
__ ვინ იქნება შენფერი, ცათა და დედამიწის შუა? __ ელამუნებოდა ფიქრებში დედა ნებიერ შვილს, __ მაგრამ კენტი ხარ, საბრალო!
მუდამაძაგრული იყო ჭაბუკი, თუ ჭაბუკობას მიტანებული შალია: ონავარი, ფიცხელი, კისკასი, თავისწვერა; არ უყვარდა რბილობა. „ომის თამაშის― მიზიდულობა ჰქონდა, დაუზოგავი იყო, ქოჩრაობდა, სულ ბრეს გვადენდა! აუცდომარი სროლა იცოდა ისრისა. ცხენი უყვარდა. უბელოს დააჭენებდა ქაჯივით, მონადირეც იყო. სულ ფეხით ჰქონდა მოვლილი მგრგვლივ კლდე-ღრე, ფლატე, ღრანტეები, ტყეები ჩვენი სოფლისა. ხან ნადირობდა, ხან ისე დაეხეტებოდა, ხან სალამურის მასალას ეძებდა ტყისპირებში.
საოცარი მესალამურე იყო შალია, სალამურის გამომჭრელი, გამოსჭრიდა დუდგულას და დაგვირიგებდა.
ჩახტაურა ალმაცერად გადაჰხედავდა სასტვენელას, სალამურებს, თან კედლიდან მოწიწებით ჩამოჰხსნიდა მამაპაპეულ ხმალს, გადააწვდიდა შალიას და ეტყოდა: რა ბედენაა სულ სალამური? აი, მამაპაპეული ხმალი! ენდე ღმერთს. მალე უნდა შემოირტყა! შენს ძმებს არ ერგოთ ბედად მაგ ხმლის ტარება, ადრე დამიხოცეს, შენ წაემჯობინები! უგვარკილო კი არა ხარ! კიდევ ცოცხლობენ ლასურიძეები! კიდევ გვჭირდება სახელი! უსახელო გვარი რისი მაქნისია? __ შალია მახვილი თვალით სინჯავდა ხმალს.
__ იცი რა ხმალია? __ ეტყოდა დედა, __ ყეენის ანაგლეჯია! შენს პაპის- პაპას ჯარდანს ყეენისთვის აუგლეჯნია ომში! მთელი ლაშქარი გაკვირვებულა! შიგ შუბლში უკოცნია ერეკლეს! თვითონ ერეკლეს ხმალი კი არ ერტყა, ომში თითონ შემოერტყებოდა ხოლმე!
ღარიბი აზნაურები იყვნენ დღეს ლასურიძეები, მაგრამ მუდამ სანაქებო, ჯიშიანი ცხენი ება მათ ბაგაზე, __ თუმცა არც ხარი ჰყავდათ, არც კამეჩი! თითონაც შალია ერთგულად უვლიდა თავის გამოკვერცხილ „ქარფეხას―.
ის დღეც მოახლოვდა, ცხენი გალობითა და სიმღერით უნდა შეეკაზმათ, მერე ხმალშებმულ შალიას უნდა გაეყვანა ცხენი, გაენავარდებინა დიდ მინდორზე. ეს იქნებოდა მისი დავაჟკაცების დღეც... უბნის ლამაზი ქალებიც მოგროვდებოდნენ მხედრის საზეიმო დღის საცქერად. ჩახტაურაც სიხარულის სუფრას გაშლიდა... და თავის ვალსაც გაასწორებდა შვილთან.
III
მაგრამ, სწორედ ერთი კვირის წინ ცხენის შეკაზმამდე, როცა შალია სასალამურო დუდგულებით იღლიაში ამოჩრილი ტყიდან ბრუნდებოდა, ჩაფარმა „სალდათის ბილეთი― გადასცა. შალიას კიდეც გაუხარდა, თითქოს დიდ ზეიმზე იპატიჟებენო, ისე მიიღო. ჯარში წაიყვანეს. მამულის წვენის დალევა ვერც კი მოასწრო, ისე წავიდა... მამაპაპეული ხმალიც თან წაიღო... ცხენოსან ლაშქარში გაწერეს. ჯერ იმედიან წერილებს იწერებოდა, ზედ ნატვრას ურთავდა: ივრის ჩქრო მომესმისო. ნეტავ ერთი კიდევ მაჩვენა მთებით შემოღობილი ჩემი სოფელიო, ცხენს კარგად მოუარეთო! ხან წერილებში ჩიოდა, __ სისხლის ავდარი მოდისო, დედამიწა შიშით ზანზარებსო! ბოლოს მოიწერა, __ სიზმარში ხმალი გამიტყდაო, ჩემი მოლოდინი ნუღარ გექნებათო, ვეღარ მოგივალთო, მაგრამ სახელი ხომ დარჩებაო! ბოლოს წერილები სულ მისწყდა და კიდეც გავიგეთ, რომ ივრის გაზრდილი ვარშავის ახლო მიესრისათ სასტიკ ბრძოლაში.
მეჩონგურის ლექსი გადმოგვცემდა: შალია სიკვდილს ხმლით ეომაო, ცხრა დაკაფა ცხენდაცხენ, მეათემ კი ხიშტი ბეჭებში ჩასცაო, სისხლში გასვრილი ხმლის ნატეხი კიდევ ეჭირა შალიას ხელშიო! ერთიც არ დაუგმინიაო!
მეჩონგურის ლექსი მთავრდებოდა:
„სახელისათვის მომკვდარო, ბევრ ცოცხალს სჯობხარ მკვდარიო!―
ჯერჯერობით, დედას უმალავდნენ შალიას სიკვდილს, თუმცა შემკვდარებულ ფერანას ტირილი ცაში ადიოდა __ ვითომც, სიზმარი ვნახე ცუდიო და იმაზე ვტირიო! დედა ანუგეშებდა, ავსიზმარს რად უჯერებო! ჩვენთან რა უნდო?!
ზამთარი დგებოდა, „ქარფეხა― ცხენი გაყიდეს, შენახვა გაუჭირდათ და ვერც ცოდვით უყურეს, კვიცი დაიტოვეს. „ქარფეხა― ღიპგადმოგდებულმა ვაჭარმა კოტოშამ იყდა. ისე არ ჩამოივლიდა შალიას ცხენზე შემჯდარი გულქვა კოტოშა, რომ ფერანას არ შეეკივლნა, არ შეეტირნა ხმამაღლა და ვაჭარი არ დაეწყევლა:
__ უღმერთოვ, რად გვიკლავ გულს, სხვა გზით ვეღარ გაივლი?
__ კიდევ ჩამოიარა უწყალომ? __ ყოველდღე კითხულობდა ჩახტაურა.
„ვაჰ, სიშორეო გზისაო...
წასვლაო, აღარ მოსვლაო
ლაშქარს წასული ძმისაო―.
__ ვინ იცის, ორბის კლანჭმა სად გადააგდო შალიას ძვალის კანტალი! რომელ ხის კენწეროზე დარჩა, __ წაიდუდუნებდნენ მეზობლები.
ბოლოს, როგორც იყო, დაიბარეს, დააჯერეს ჩახტაურა შვილის შინმოუსვლელობაში.
ხმაც არ ამოუღია... ჩუმად ბრუნდებოდა შინ, გულის ძარღვებ-ჩაწყვეტილი, ფერგადატეტკილი.
__ მზე გაშავდა! ჩვენი ბედი დაიწვა! მეხმა შესწყვიტა ჩვენი კარი! ჩვენი სიმაგრე დაიქცა! გათავდა, დაიმხო ჩვენი გვარი, ჩვენი სახელი! ვაი, სახლო, უკაცურო! __ მხოლოდ ამას დუდუნებდა კარიბჭესთან გარეტებული დამეწყრილი, ცნობამიხდილი ჩახტაურა...
__ აჰა, ღმერთო, ეს გახუნებული ლეჩაქიც მომხადე, მეტი რა შემარჩინე! წაიღე, გამჩენო, ესეც შენ! __ მოწყლული გულით შესძახებდა ხელებგაწვდილი მწუხარე დედა, ლეჩაქს იხევდა, დროდადრო კარიბჭეს ბოძს თავს ახლიდა.
__ სად გამოვუდგე სიკვდილს, სად დავეწიო უწყალოს?! მარტო ხელისა ვარ! ვაჰ, ქარო, ქარისა მავალო!
მთელი დღეები მუნჯივით იჯდა: ამ ქვეყნისა აღარა ეყურებოდა რა... შალია სულში ჩაისვენა... მხოლოდ ეს უკვირდა, როგორ მოერია სიკვდილი მის შვილს, ანუ როგორ ვერ დაემალა შალია სიკვდილს.
__ არა, ვერ იკადრებდა დამალვას! __ მიუგებდა თავის თავს... სიკვდილსაც კი არ ნატრულობდა ჩახტაურა...
მხოლოდ ხანდახან, შუაღამისას, გაშავებულ ხატს შეეკვნესებოდა, __ ღვთისმშობელო, სიმართლის მზეო! ეგ არი შენი სიმართლე?!
IV
დიდი ხანია აღარ მენახა შალიას მწიაღებელი ჩახტაურა, თვალს ვარიდებდი, ძალზე მეცოდებოდა... თანაც, მე ხომ ქალაქში ვსწავლობდი. მხოლოდ ერთხელ, სააღდგომოდ არდადეგებზე რომ ჩავედი სოფელში, კიდევ მოვკარი თვალი ჩახტაურას ,, სახელის მილოცვის― დღეს, მერე აღარ მინახავს, მომკვდარიყო დაბრმავებული, თვალებში დარდისაგან შავწყალჩამდგარი...
***
ძველად, ჩემ სოფელში, ერთი საოცარი დღე იყო, ,,სახელის მილოცვის― დღე.
გაზაფლულზე, აღდგომა კვირას, სოფელი საფლავებზე გავიდოდა,-პურით, ღვინით, საკლავით, ხორაგით, ცრემლიანი ღაღადებითა და სამქებრო სიტყვებით, სახელს ულოცავდნენ გარდასულთ-ყველას კი არა-ვინც რამე სახელი დასტოვა! თან ცოცხალ გმირებსაც ადღეგრძელებდნენ...
მამულის დამცველი ბევრი გაუზრდია ჩვენს სოფელში ძველად თუ ახლად. ზოგს ,,თათარში― უსახელებია თავი, ზოგს იაპონიის ომში, ზოგს-პირველ მსოფლიო ომში, ზოგს,-ჩვენებურ მწყემსს, თრიალეთზე-ყაჩაღებთან... იყვნენ... აღარ არიან...
წასულან გმირები, გარდამავალი წვიმებივით, როგორც ქარიშხლების უბობოქრიათ, უგრგვინვიათ, ბოლოს, დაყუდებულან მუდრო საყუდარში. ხალხს ჰგონია, ისევ გამოვლენ სამარიდან, თოფსა და ხმალს კიდევ იხმარებენ, თუკი სამშობლომ შესთხოვა... უკვდავება შეესაკუთრათ... მათ საფლავებზე, ზოგან ია მოსულა, ზოგან ავშანი, ბარამბო, ჭინჭრისდედა, ღიღილო, ზოგან აბზინდა, ზოგან სვინტრივით ბალახი ამოხეთქილა... უამრავი მწვანეა გაზაფხულზე, თითქოს მათმა სისხლმა აღმოაცენა სხივნარა ყვავილები; თითქოს საფლავში უხარიათ, რომ მათმა მკლავებმა ასეთი ლამაზი მიწა დაუტოვა შთამომავლობას, რომ უფლება მისცა ამ სილამაზის ყურებისა! მართლაც, ჩვენ რომ ლაჩარი წინაპრები გვყოლოდა და სილაჩრით ჩვენი მამული დაეთმოთ, მტერს გაჰქცეოდნენ, ვინ იცის, ახლა სად ვისხდებოდით ქართველები?
აი, სოფლის ძველი სასაფლაო ველტყიანზე, ძეგლებად კლდე-ტინების ნახეთქები ძევს, განა ძეგლწერილები?.. თუმცა, აქა-იქ, იშვიათად მიწაში ჩასმული, გადაცვეთილი ბრტყელი ქვებიც მოჩანს, გადაკორიკებული წარწერებით. ზოგან, ძეგლად ქვაში გამოკვეთილი, შეკაზმული ცხენი დგას,ზოგან __ რქაჩაგრეხილი ვერძები, ზოგან__ ქვაზე გამოსახული ხელადები, ყანწები, ჯამები, ჭიანურები, ჩანგურები, გუთნის ნაწილები!
ხავსი და მობიბინე ბალახი ჰფარავს გმირთა საფლავებს... ირგვლივ ფრთაგაშლილი გაზაფხული ფრიალებს...
__ სახელი მომილოცნია, შვილო! __ ყუჩად დასტიროდა შაოსანი დედაბერი ჯაფარული საფლავს და დედაკაცებიც ზედ ზუზუნს აყოლებდნენ:
__ განა შინ მოკვდი, ომის კარს მოკვდი! ხელთ ხმალი გეჭირა! ხალხი მოვიდა, ღვთისოს ჩოქვით სახელი მიულოცა.
__ ჰაი, შე უდროვოდ გათავებულო, შე გამარჯვებულო, მადლობელი ვარ შენი სახელისა! __ ჩასძახოდა პაპა ედიშერი მწყემს გაგნიას, __ სვეტი ნათლისა დაგადგეს!
__ ერთი მოიმწყვდიეს ოცთა და ოცდაათთა, მაინც არ გატყდა, არ შეეპოვა! თამარ მეფის მიჯნაზე მოჰკლეს, მაინც შინ მოვიდა! __ ღაღადებდნენ დედაკაცები. მწყემსი შორს, ჯიქიანი მთის საძოვრებზე, მოეკლათ და ამხანაგებს ხურჯინებით ჩამოეტანათ აკუწული
__ სულ კვერცხი ვაგროვე, იმით ვიყიდე თოხლი და წირვა კი გადავუხადეთ, __ დასძენდა დედა.
__ სახელის მოყვარული იყავ, იორამ. სახელს გილოცავთ! კიდევ დაზრდოს შენისთანები ჩვენმა მიწამა! __ და ასი წლის მოხუცებულმა სეხნიამ წითელი ღვინით სავსე ჯამი ასწია.
ჩამორიგებით მიულოცეს სახელი გმირ იორამს.
მალე ყველა საფლავზე გაიშალა სუფრა და სევ სიცოცხლემ აჯობა სიკვდილს!
სამშობლოსათვის სისხლდათხეულებს ცრემლითა და ღვინით იგონებდნენ. ვაჟკაცთა სულთქმა, საქები სიტყვა, დედაკაცების ცრემლიანი ზრინვა გაზაფხულის დილის ნიავს მიჰქონდა მწვანე, ხასხასა-თავანკარა ჯეჯილებსა და კვირტგამოსულ ვენახებში, თითქოს ამ სევდის ბოლში იხსნებოდნენ ვაზისა თუ ხეხილის კვირტები. ცა იყო ნაზი და წმინდა, სიყვარულივით...
გაჰკრა ჩონგურმა და აალაპარაკა საფლავში მწოლარენი __ ხმლითა და ხანჯლით აჩეხილები, მახვილით გადასერილ-გადმოსერილნი, „ტყვიით მთვრალები―, ამშრალნი წვეთნი მამულის სისხლისანი, ისმოდა ზარის დამცემი, გულის შემძვრელი, ცრემლში დასველებული, მაინც კაჟიანი, გავარვარებული სიტყვები.
აი, სახელიან მათიას სახელი მიულოცეს, სანგარზე მკვდარს, იერიშის დროს. მისი საფლავი უპატრონო იყო. გმირის საგვარეულო მთლიანად ამოწყვეტილიყო, მაგრამ უჭირისუფლო გმირთა საფლავებბს სოფლეურად ტიროდნენ. ყველასი იყო მისი დატირება,სამარეზე მდუღარების გადმობნევა სოფლის უწმინდესი მოვალეობა იყო.
__ დღესაც შენი დათესილი გამოვდივართ, ცხონდეს შენი სახელი!__ ერთხმად ჩასძახა ხალხმა გუთნისდედა ნინიას საფლავში, __ შავფხა და თავთუხი შენსავით ვის მოჰყავდა? წახველ და ბარაქაც თან წაიყოლე! მარჯვენას გილოცავთ, დაგელოცოთ მარჯვენა!
სულხანა გმირი არ იყო, მაგრამ ჭირნახულის ამადგარიც გმირად ითვლებოდა.
__ რატომ სიმღერა აღარ არის ქვეყანაზე? __ იმიტომ რომ შენ აღარა მღერი! __ მიუტირეს სოფლის პირველ მომღერალ მარჯანას საფლავს. მარჯანა სიჭაბუკეშივე მომკვდარიყო, „ სიმღერისგან დაიწვაო―, მარწმუნებდნენ.
ერთი დახავსებული საფლავი მოჩანდა ბებერი რცხილის ქვეშ, მეომარი ლაგაზი უომრად მომკვდარიყო!
__ ღამე ამოდის ლაგაზის აჩრდილი და ჩივისო, __ ვაი, რა ძნელი ყოფილა ულაშქროდ სიკვდილიო! __ იმასაც შეუნდო ხალხმა უხმლოდ სიკვდილი! შეუნდო იმიტომ, რომ ჩვენი სოფელი საზღვარზე იყო, მტერი ბევრი ესხმოდა თავს, მეომარი სოფელი იყო. ამიტომაც თავისით სიკვდილი თითქმის სიმხდალედ ითვლებოდა, ჩვენებური კაცების უმეტესობა ძველად ომსა და ბრძოლაში იყო ნაჩეხი! ცოცხლებშიც ბევრი შეგხვდებოდა თურმე კოჭლი, უფეხო, უხელო, ცალმკლავა, სახეჩამოსერილი, ჩამოღარული ხეიბარი.
... უეცარი კივილი გაისმა:
__ სიკვდილს ნუ მისდევ, შეგვიბრალე, დაი აღარ გეცოდება? მაშ, ძმის იმედი აღარ უნდა მქონდეს?! __ ბღაოდა გიშერ წარბიანი ფერანა, შალიას და. ჩახტაურა ჩუმად იჯდა, ვეება, გაბარჯღული მუხის ქვეშ... __ სად მოუსავლეთში, სად მხვივანმა ქარმა წაიღო შალიას მტვერი, სად რას იწვა შალია, დედა და დაი კი აქ დასტიროდნენ ჭაბუკ ლომს , ვითომც აქ ეძინა ამ წყნარი მუხის ქვეშ. „ნიშანი― გაეშალათ __ შალიას ქუდი, ჩოხა-ახალუხი და ხანჯალი. ქარფეხას კვიციც აქვე დაებათ, ვითომც საფლევზე აბიაო! უგუნური კვიცი ხტებოდა, ტორებს სცემდა მიწას, თითქოს შალიას ეძახდა და გიშერთვალებს შემკრთალი ავლებდა სამგლოვიარო სანახაობას.
ადე, შვილო, თაფლით შედედებულო, ადე, თვალებში გაკოცო, სახელი მოგილოცო!
-ჩაცქერით მიწას ელაპარაკებოდა ჩახტაურა, დედაკაცები მდუღარე ცრემლით სტიროდნენ, ისე, როგორც ქრისტეს გარდამოხსნაზე.
-ვაჰმე, სად დაჭკნა სივაჟის ყვავილი? რომ გაანედლოს დამწვარი საჯიშე კვირტი გვარისა, ჩემი უბის სითბოთი გამოზრდილი.
მწუხარების ანძალზე აცმული დედა უღრუბლოდ იმდუღარებოდა. ნაწლავი ეწვოდა... ძუძუ სტკიოდა... მოწყლული გული ოდნავღა უცემდა...
ცრემლით დაებანა შალიას ახალუხი...
-ვაი, ოქროსძარღვო, სახელდებულო! მიწაში ჩადებულო! - გმინავდა ჩახტაურა.
-ვაჰ, ბრალი ვეფხვის დედისა! -გვერდით წამოიოხრა ბერმა სეხნიამ. ბედისწერით ანუგეშებდა ზოგი: განა უღვთოდ ხეს ფოთოლი ან შესხმია ან გასცვივნიაო? ადამიანის სიცოცხლეც ასეაო! არ დაგცალდა საწყალო, საქორწილო პურის ცხობაო,დანანებით ეუბნებოდნენ ჩახტაურას.
აქ მეჩონგურემ ცეცხლს ცეცხლი შეურთო, როდესაც დაამღერა: შალიას სიკვდილისთვინა მაღლა ღმერთს მოსწყდა წელია!
მთვარემ ჩაიცვა შავები, ვარსკვლავთ არ ედო ფერია!
...და თითქოს უცბად გამოფხიზლდა ჩახტაურა; წამოდგა მინაცრებული, ძველი ლეჩაქი შემოიგლიჯა, ჭაღარა თმა გაიწეწა, ორივე ლოყა ჩამოიხოკა და შეიფეთა:
-ნეტავ თქვენ, ქვანო და კლდენო, რომ მოსვენებითა ხართ და ჩემი ცეცხლით არ იწვებით! ნეტავი თქვენ!
ქვასაც კი ენანებოდა დეიდა ჩახტაურა... ცრემლით ამობზარულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ხალხს კი არ უყურებდა. შემოეჯარა ხალხი. შალიას სახელი მიულოცა. ღვინო დაულიეს, გარდაულიეს. უეცრივ ჩახტაურა დაშოშმინდა, გაყუჩდა... სახელს ულოცავდნენ მეზობლები, _წინ ცხრანი გაიმძღვარაო! ამაყად წარმოსთქვამდნენ;განა გლოვობდნენ შალიას, დარჩენილ სახელს ეალერსებოდნენ და თითქოს შორს მდებარე შალიას საფლავში კიდევაც ჩაეცქირათ, დაენახათ, უჭკნობ ყვავილებში გახვეულიო...
ჩახტაურა მადლს იხდიდა... შუადღის მზე გადაიწვერა... ხალხი დაიშალა... გულისღვარეული ცრემლი დაწურა და იკმარა... თავდაღმა დაეშვა სოფლისაკენ.
მკაცრი სახეები გამოსჩანდა... თითქოს თვითეულის გამომეტყველება ამბობდა: სალის კლდეებით არის დამაგრებული საქართველო! შემოგვხედეთ, ჩვენც გული ბასრი ქვისა გვაქვსო, მუდამ ხმლით ვიდექით, ვინ მოედავება ჩვენს მიწასო.
მალე ცის ნაჟინჟღლი დაგვეცა თავზე. ცაში წამით გრგვინვაც გაისმა. დედაკაცებმა თქვეს: როსტომი ზურაბსა სტირისო! ქარცივი აქროლდა. ცაში შემოწალიკდნენ წერონი, თითქოს გმირთა სულები დედამიწიდან ცაში მიემგზავრებოდნენ. ახლა დალასტული ცისარტყელა გამოჩნდა, __ დედამიწამ გადაიგლოვაო!
ხელში ცარიელი დოქითა და კალათით შინისაკენ ლასლასით ბრუნდებოდა ჩახტაურა. ფერანას კვიცი მოჰყავდა, ჩვენ, ბიჭების ჯგუფს რა მოგვიახლოვდა, ჩახტაურამ წყნარი, მწუხარება- ნარევი ღიმილით გადმოგვხედა და კმაყოფილებით წარმოსთქვა:
__ რა სახელიანი შვილი მყავდა! დახე, სოფელმა სახელი მიულოცა! თქვენც კარგები დაიზარდენით, ტყემლის ბოყვებო!
ირგვლივ გაზაფხული გიჟმაჟობდა შალიასავით დაუდეგარი...
...ჩვენ, ბალღები, ამ უცნაურ სანახაობის მოწმენი, შემკრთალები ვიყავთ. ვგრძნობდით, რომ ამ დღის ცრემლითა და კაჟით ჩვენი გული იწრთობოდა... ძვალი გვიმაგრდებოდა... დავფიქრდებოდით წამიერ: რისთვისაა საჭირო სახელი? რა არის საჭირო სახელის მოსაპოვებლად?
სახელი... სახელი... კლდე ჩამოიშლება, ქვამყარი დაირღვევა, არ მოიშლება სახელი! __ ასე გვასწავლიდა ეს დღე...
და სევდიანი ფიქრი გულს გვისერავდა __ განა ჩვენც მოგვილოცავენ სახელს, დიდები რომ გავხდებით?
მაგრამ გაზაფხულის მწვანე ფრთის ქრიალი და მშობლიური ცის ლაჟვარდულობა ნებას არ გვაძლევდნენ ფიქრებში დაღრმავებისას.
... და ისევ ფრიალოზე ჩამოკიდებული, ჩამოხავსებული ციხე და ზედ მომშვენებული მთვარე მაისის ღამეს, ძირს ხეობაში ვარდის ჭალა, აყვავებული რქამაღალი ვენახები... რაღაც ვნებიანი სურნელი გარშემო, ციცინათელას ფანცქალი, ცაცხვის დაცვენილი ფანტელი და პატარა მდინარის მორცხვი როკვა თუ რაკრაკი...
შალიას მერე ხვარამზეს აჩრდილი აღარ გამოდისო. ჩახტაურას ცრემლმა დააწყნარაო ._ასე ირწმუნებოდა ასი წლის დედაბერი ხვაშაქი, ციხის უბანში რომ ცხოვრობდა.