კულტურის სამინისტრომ დავით გურამიშვილის ძეგლი დამიკვეთა. მე იგი შევასრულე. ნამუშევარს მოწონება ხვდა სპეციალისტთა შორის. შემდეგ კი ქალაქში დასადგმელად მივიღე დაკვეთა. ესკიზი სამი თვის განმავლობაში ხან სად იყო გამოფენილი და ხან სად. საბოლოოდ კი დამტკიცდა. ის იყო მუშაობას უნდა შევდგომოდი, რომ ამბავი მომივიდა, მოქანდაკეები წერილებს წერენ ზემდგომ ორგანოებში, რომ კონკურსი ჩატარდესო. მართლაც ასე მოხდა. კონკურსში მე არ მიმიღია მონაწილეობა. ვერაფერი შეარჩიეს და კვლავ მე შემომთავაზეს საქმის გაგრძელება. უსახელოსნოდ ძალზე მიჭირდა. სახელდახელოდ გაკეთებულ სახელოსნოში ვიყავი დილიდან საღამომდე. ზოგჯერ ღამითაც იქ ვრჩებოდი. ძეგლი კომისიამ მიიღო და გააგზავნა ქალაქ ლენინგრადში ბრინჯაოში ჩამოსასხმელად. ეს იყო სწორედ მაშინ, როდესაც აიკრძალა ბრინჯაოში ქანდაკების ჩამოსხმა.
საშინელ დღეში ვიყავი. ლენინგრადში კვლავ კომისიას უნდა ენახა იგი, რომ გამოეყოთ ბრინჯაო. კომისიის თავმჯდომარეს ჩემი ნამუშევარი არ მოეწონა და ბრინჯაოზე უარი თქვა:
«თქვენ სად გინახავთ ასეთი ქართველი?» _ მკითხა მან. მე ქართულ ქანდაკებებს ვაკეთებ და არა იმ ქართველებს, რომლებსაც თქვენ იცნობთ მოსკოვში, ცხვირიღა რომ შერჩენია ქართული». იგი ადგა, უეცრად პალტო მიართვეს და ყველას დაემშვიდობა. იქ დარჩენილებმა იმსჯელეს და თუჯი გამომიყვეს ჩამოსასხმელად.
ჩამოსხმული ქანდაკება ჩამოვიტანე თბილისში. აქ აღარავის ახსოვდა მის შესახებ რამე. მე იგი სპილენძით დავაფარინე. ქანდაკება 1960 წლიდან 1965 წლამდე დიდუბეში («იუჟნი პარკი») პერონზე ეგდო. დღესაც იქ იქნებოდა, მე რომ არ მემოქმედა. ძალიან დიდ რისკზე მივდიოდი. უტილიტარულ ქანდაკებებს მიჩვეულთ, ვუდგამდი მხატვრულ ქანდაკებებს. დიდი წინააღმდეგობები მეღობებოდა. დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშებთან ერთად ვცოდვილობდი. ხან რა სჭირდებოდათ, ხან – რა. ვინ იყო მშველელი, ვის აინტერესებდა გურამიშვილის ქანდაკება. ამიტომ მე ვიყავი ყველაფრის მშოვნელიცა და შედეგით დაინტერესებულიც. დაღლა რა იყო, არ ვიცოდი. კიდევ ის იყო, რომ დღეში ასობით შეკითხვაზე მიხდებოდა პასუხის გაცემა …
ასე გადიოდა დღეები. ერთმა და იმავე შეკითხვებმა აპარატად მაქცია, თორემ ამდენი გინება ძნელად რომ კაცმა აიტანოს.
მოახლოვდა ქანდაკების გახსნის დღე. მე გულზე გასაკეთებელი სამახსოვრო ნიშნები – გურამიშვილის თავი გავაკეთებინე. დავურიგე იმათ, ვისაც გულწრფელად მოსწონდა ძეგლი. მოსაწვევი ბარათებიც მზად იყო, მას გურამიშვილის ლექსი ამშვენებდა.
ეს ჩემი პირველი ქანდაკება იყო. აღფრთოვანებულმა მოქანდაკემ ამირან ბილანიშვილმა სიყვარულით მთხოვა – ვისაც ქანდაკება მოსწონს, ყველას ვპატიჟებ, წავიდეთ, დავილოცოთ…
ჩემი ხუთი წლის წვალების შემდეგ მე გავიმარჯვე, მხატვრობა მოვახვიე თავს იმასაც კი, ვისაც არ სურს გაიგოს, თუ რა არის ის. ეს დღე ბედნიერი დღე იყო ჩემთვის, ვერც იმ საღამოს დავივიწყებ.»
ერთხელ, როდესაც გურამიშვილის ძეგლზე ვმუშაობდი, გამაფრთხილეს, დიდად პატივცემული სიმონ ჩიქოვანი მოდისო ძეგლის სანახავად, მე ძალიან ავღელდი, რადგან დავით გურამიშვილის სულს თუ ვინმე ჩასწვდა – ეს იყო სიმონ ჩიქოვანი. გურამიშვილის ბობოქარ ცხოვრებაში სიმონ ჩიქოვანმა უმთავრესად მიიჩნია მისი გოდება სამშობლოსადმი:
«წეროს დარად წიგნში მდგარი
ლოცულობ და მოსთქვამ კიდეც … «
და აი, ჩემთან მოდის პოეტი, რომელმაც მთელი არსებით, სიყვარულითა და ღრმა განცდით უმღერა დავით გურამიშვილს. ბუნებრივია, ავღელდებოდი. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ სიმონ ჩიქოვანს მე ვთვლიდი გურამიშვილის ტკივილების თანაზიარ პოეტად, რომელმაც ასე ძლიერად განასახიერა სიტყვაში გურამიშვილი. ვფიქრობდი – რას იტყოდა იგი ქანდაკების წინაშე, რომლის სპეციფიკა, რომლის ენა სულ სხვა საშუალებებით გამოხატავს აზრს…
მე ვღელავდი და ვფიქრობდი – ის იდგა მდუმარედ … სიჩუმე საუკუნედ მეჩვენა და შემდეგ ჩემს სახელოსნოში გაისმა დაბალი ხმა:
«სანთელივით ცად აწვდილო დავით,
ენ გოდებდი ასტრახანში ღამით … «
უზომო სიხარული დამეუფლა, უზომოდ გავიხარე, ამაზე მეტი აღიარება ჩემთვის აღარ არსებობდა.
ვმუშაობდი და ღრმად მჯეროდა, რომ რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი კეთდებოდა პოეტის სახის შესაქმნელად. ლაკონიური კაბა, გაწვდილი ხელი, ნატანჯი და დაგრეხილი ისე, როგორც სული პოეტისა. სადა, სხეულზე აქცენტირებული სახე, ღრმა, ფორმათა მეტყველებით … ყველაფერი მიზნისათვის კეთდება.
როდესაც პოეტის სახე ჩაკარგულია ჟამთა სვლაში, იქ, საუკუნეებში, მის ჭეშმარიტ სახედ რჩება მისი შემოქმედება, მით უმეტეს, «დავითიანი», რომელიც მისი ავტობიოგრაფიაა, ამიტომაც მე გავაკეთე არა მეომარი, მებრძოლი დიდებული, რომლის მსგავსნი მრავალნი იყვნენ მის გვერდით და უკვალოდ გაქრნენ, არამედ სულის ადამიანი, რომლის პოეზია დღესაც აღაფრთოვანებს და უმაღლეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. გურამიშვილი მისი პოეზიაა. მე სწორედ ეს ავიღე და პლასტიურ ენაზე გადავთარგმნე მისი წამება, ტანჯვა, გოდება საკუთარი ბედისწერისა და სამშობლოს ხვედრის გამო. მისი პოეზია ღრმა ფესვებით უკავშირდება ძველ ქართულ ქრისტიანულ პოეზიას, სიწმინდეს, ღმერთის ძიებას, სიკეთისა და სიყვარულის მუდმივ თემას. არც ერთ ქართველ პოეტში არ იგრძნობა ასეთი სიღრმე, რომელსაც ქმნის უსამშობლობა და, ამიტომაც იგი მზიან, ხალისიან ქართულ პოეზიაში ისე განცალკევებით დგას, როგორც სხვა ნიადაგში გადარგული ვაზი. მისი მარტოობა, ოცნება საქართველოზე, იმედები, ტანჯვა პლასტიკის ენით მინდოდა გამომეხატა. თითქოს სული ქცეულა სახილველად, მყარად.
მერაბ ბერძენიშვილი, მოგონებებიდან, “საბჭოთა საქართველო” 1979 წელი.