შინ რომ დაბრუნდა, ორი უცნობი ელოდა.
_ მთავარს, ალბათ, აღარ ვახსოვარ, _ დაიწყო მათგან უფრო ხანშიშესულმა, _ ნიკოლო ბოლონჩინი გახლავართ, ამ ორი წლის წინათ ვიყავი ქართველთა მეფის კარზე გენუის პოდესტას დესპანად.
_ აა! მახსოვხართ, როგორ არა! _ შუბლი გაეხსნა ცოტნეს, _ დაბრძანდით... დაბრძანდით.
სტუმრები სავარძელში დასხდნენ ცოტნეს პირისპირ.
_ ახლა, ვენეციაში გზად გამოვლილმა გავიგე თქვენი აქ ყოფნა და გადავწყვიტე, მომენახულებინეთ, თან მცირე ძღვენიც მოგართვით _ ჩვენებური ღვინო და შალეული, აღმოსავლეთის შორეული ქვეყნებიდან ჩვენი მამაცი მეზღვაურების მიერ ჩამოტანილი სპილოს ძვლისა და ოქრო-ვერცხლის ნაკეთობანი, _ ნიკოლომ ანიშნა და მეორე გენუელმა მასპინძელს ძღვენი მოართვა.
_ რათ წუხდებოდით, რა საჭირო იყო! _ ეუხერხულა მთავარს ესოდენ ძვირფასი ძღვენის მიღება.
_ რა შეწუხებაა! შემთხვევით, გზადგამოვლილს რომ არ შემეტყო თქვენი მობრძანება და საგანგებოდ თქვენს სანახავად ჩამოვსულიყავი, ასე მცირე მოსაკითხს არ დავჯერდებოდი.
სტუმარი ენაწყლიანი აღმოჩნდა, ერთი რომ დაიწყო, აღარ გაჩერდა, ცისას და ბარისას მოჰყვა და ბოლოს ცოტნეს მთავარი სათქმელი შეაპარა:
_ თუ საქართველოს ხელმწიფე ხომალდების შეძენას აპირებს, გენუაზე იაფსა და ხარისხოვანს ვერსად იპოვის. აქაური ფასი გაიგეთ, ჩვენ იმ ფასზე ერთი წილით ნაკლებად უკეთ გამართულ გემებს მოგცემთ. ჩვენ ახლა ვენეციაზე ბოროტი მტერი აღარავინ გვყავს, თუ ნავმისადგომის, ან გემსაშენის გამართვას აპირებთ, მაგას ჩვენც ვიკისრებთ სხვაზე შეღავათიანად. ესეც იცოდეს ქართველმა მთავარმა, გენუა ვერ მოითმენს, რომ შავი ზღვის ნაპირებზე, სადმე კიდევ მოიდგას ფეხი ვენეციამ. ჩვენ მათ ყირიმიდან ვერეკებით და საქართველოს ნავსადგურებში არამც და არამც არ შევუშვებთ. ისე კი არ გამიგოთ, ვითომ ვისმე ვემუქრებით. საქართველოს ხელმწიფე თვითმპყრობელია და თავის წილ ხმელეთსა და ზღვას, როგორც სურს, ისე განაგებს. მე მხოლოდ იმის თქმა მსურდა, ვენეციას ახალი ნავსადგურებში ფეხს არ ჩავადგმევინებთ და სადაც უკვე ფეხი უდგას, იქიდანაც ამოვაკვეთინებთ.
ცოტნემ პირდაპირი პასუხი არაფერზე გასცა გენუელ ელჩს, საქმეზე ლაპარაკს მოერიდა და საუბარი სანახევროდ ხუმრობით წარმართა.
ბოლონჩინიმ იმ საუბრიდან სარგებელი ვერა გამოიტანა რა, საქმეზე დაგვიანება მოიმიზეზა, მასპინძელს ძილი ნებისა უსურვა და ფეხზე წამოდგა.
_ ერთხელ კიდევ მოგინახულებ, მთავარო, როცა დოჟთან მოლაპარაკებას დაასრულებთ. მანამ გენუის მმართველებსაც მოვეთათბირები და, ვინ იცის, ეგებ ჩვენს რესპუბლიკასაც ეწვიოთ უკეთეს პირობებზე ხელშეკრულების დასადებად.
_ ვნახოთ, ბატონო ელჩო, ჯერ კიდევ დროა და, როგორც ჩემი ხელმწიფის ბრძანება იქნება, ისე მოვიქცევი.
წასვლისას ცოტნემ სამაგიერო საჩუქრები უძღვნა გენუელ სტუმარს, მისი რესპუბლიკის მიმართ ქართველთა კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ერთხელ კიდევ დაუმოწმა და მეგობრულად დაემშვიდობა.

ის იყო, დასაწოლად ტანზე გახდას შეუდგა ცოტნე, რომ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
_ რომელი ხარ? _ იკითხა ცოტნემ და ხალათს ხელი წამოავლო გადასაცმელად.
კარი გაიღო და ოთახში გაფითრებული ანთია შემოვიდა.
_ მაპატიე, მთავარო, უდროო დროს რომ შემოგეჭერი, _ ქლოშინით თქვა ანთიამ, სული ყელში მოებჯინა და სიტყვა გაუწყდა.
_ რა ამბავია, უჩა? დაჯექი, სული მოითქვი, წყალი დალიე, _ ცოტნემ ბროლის სურა მიაწოდა, ანთიამ ჩამოართვა, წყალი მოსვა...
_ დაჯექი, დაჯექი... _ ძალით დასვა ცოტნემ, _ ახლა დამშვიდებით მიამბე, რა მოხდა.
_ წმინდა მარკოზის მოედანზე შევრჩი და უბედურებას შევესწარი.
_ რა უბედურებას, ვაჟო?
_ ვიღაც დამნაშავე წელამდე გაეშიშვლებინათ, ხელფეხგაბაწრული გრძელ ნავში ჩაესვათ და გავარვარებული მარწუხებით ხორცს გლეჯდნენ.
_ რას ამბობ, კაცო! _ შეწუხდა ცოტნე.
_ წამებული საცოდავად იგრიხებოდა, კვნესოდა, ტიროდა და მეგრულად ეძახდა მშველელს.
_ მეგრულად?
_ ჰო, ბატონო! ჩვენებურად გაჰყვიროდა; ნანა, მიშველეო, ჯიგარი დამეწვა მისი საცოდაობით.
_ მერე... მერე...
_ მერე ნაპირზე გადმოათრიეს უბედური და ხის გალიაში ჩასმა დაუპირეს. აქ ასე ცოდნიათ დამნაშავისათვის, თურმე ხის გალიაში სვამენ დამნაშავეს, წმინდა მარკოზის კამპანილის წვერზე ჰკიდებენ ხალხის საფურთხებლად და დასაცინად და, მხოლოდ წყალსა და პურის მცირე ნატეხს აძლევენ, რომ შიმშილით არ მოკვდეს. გალიისკენ რომ მიათრევდნენ, კიდევ უფრო საბრალოდ აყვირდა, სულ მეგრულად მოთქვამდა და ღმერთსა და ნანას უხმობდა საშველად. გულზე ცეცხლი მომეკიდა, მწვალებლებს მივვარდი და გამოგლეჯა მინდოდა, მაგრამ არ მიმიშვეს და, კინაღამ მეც გამთოკეს. რაკი იმათთან ვერაფერს გავხდი, წამებულის პატრონს შევევედრე, დამნაშავე ჩემთვის მოეცა და რამდენიც უღირდა, ორი იმდენად მოეყიდა. ჯერ შორს დაიჭირა, მერე თანდათან მოლბა და თავის მოძულებულ ყმას ფასი დაადო. ახლა, შენსკენ გამოვიქეცი, მთავარო, გევედრები, უშ­ველო ჩვენს სისხლხოცს... შენი ჭირიმე, უარს ნუ მეტყვი, წამომყევი და გამოისყიდე... _ ანთია იატაკზე დაემხო და ცოტნეს მუხლებზე მოეხვია.
_ რა ვედრება გინდა, ადექი, ახლავე წავიდეთ.
უჩამ ფეხები დაუკოცნა მთავარს, თვალცრემლიანი წამოდგა.
ცოტნე ტანთ სწრაფად იცვამდა. ღილები შეიკრა, ქამარ­ხანჯალს ხელი დაავლო და ისე გავარდა გარეთ.
_ ვიჩქაროთ, დროზე მივუსწროთ.
_ დამიცდიან, ფიცით აღვუთქვი, რომ ერთ საათში მივუტანდი დათქმულ საფასურს.
_ ნეტა, მართლა ჩვენებურია?
_ კი, ნამდვილად ჩვენებურია, გონდოლიერად ჰყოლია პატრონს.
_ იქნებ ის არის, წუხელ რომ მღეროდა?
_ შეიძლება ის იყოს... პატრონს კონსტანტინოპოლის ბაზარზე ჰყოლია ნაყიდი.
წმინდა მარკოზის მოედანზე სირბილით მივიდნენ. მეგრელი ყმის პატრონს მუხლი მუხლზე გადაედო, ბრწყინვალედ ჩაცმულ-აღკაზმული უცხოელის დანახვით, ცოტა არ იყოს, შეკრთა, ფეხზე წამოდგა და თავის დაკვრით მიესალმა.
_ რამდენად მორიგდით? _ ჰკითხა ცოტნემ.
_ თვითონ გეტყოდა, _ ღიმილით თქვა ვენეციელმა.
ცოტნემ ქისა ამოიღო, ოქრო გადაუთვალა.
_ მშვიდობაში მოგახმაროს, _ დალოცა პატრონმა, _ ღონიერი, ამტანი ვაჟკაცია და ჯერ კიდევ დიდხანს გაგი­წევს სამსახურს, ოღონდ, ერთს გირჩევ, ცოლი ან ქალიშვილი თუ გყავს, მათ ახლოს არ გააკარო.
სასჯელისაგან დახსნილი მეგრელი საკაცეზე დააწვინეს და ისე წამოიყვანეს. ცოტნემ მკურნალი ახმობინა. ექიმმა მარწუხებით ნაძიძგნი სხეული დაუზილა, მალამო დაადო და ნაწამებმა, როგორც იყო, დაიძინა.
ნაშუაღამევს გაეღვიძა. თვალი უნდოდ მოავლო საწოლთან ჩამომსხდარ უცნობებს.
_ სად ვარ? _ იკითხა იტალიურად.
_ შენიანებთან ხარ, ნუ გეშინია, _ მეგრულად უთხრა ცოტნემ და დაუყვავა, _ აწი ნუღარაფრისა გეფიქრება, შენი პატრონისაგან თავდახსნილი ხარ და აუგად თითსაც ვერავინ დაგაკარებს.
_ ნუთუ მართლა ჩვენიანებთან ვარ, ოდიშში?
_ ნამდვილად შენიანებთან ხარ და ნუღარაფრისა გეშინია.
_ გალია? გალიაში აღარ ჩამსვამენ? _ წამოიწია, აღგზნებული და სიცხიანი თვალები იქ მყოფთ მიაშტერა.
_ ვეღარც გალიაში ჩაგსვამენ და ვეღარც გაწამებენ. დღეიდან შენ უკვე ქართველი მთავრის მსახური ხარ და ვაგლახად ხელს ვერავინ გახლებს.
_ მადლობა უფალს! _ ოხვრა აღმოხდა ნაწამებს და ლოგინზე დაეშვა.
ანთია საწოლზე დაიხარა და ჩაჰკითხა:
_ სადაური ხარ, ან აქ რამ მოგიყვანა, ძმობილო?
_ მე ოდიშარი ვარ, შერგილ დადიანის ყმა. _ დაიწყო თვალმიხუჭულმა და იქ მყოფებმა ერთიმეორეს გადახედეს.
_ დედაჩემი მთავრის შვილების ძიძა იყო და მეც მათთან ერთად ბატონის სასახლეში ვიზრდებოდი. ბატონიშვილებზე ცოტა უფროსი გახლდით, მაგრამ დღე და ღამე ერთად ვიყავით და ორივე თავზე მეტად მიყვარდა. მერე მთავრის სასახლეში უბედურება დატრიალდა, მე დარდისაგან გაოგნებულმა თავის დახრჩობა მოვინდომე და მდინარეში გადავხტი. წყალწაღებული, გზად გამოვლილ სომეხ მექარავნეებს დავუნახივარ და დახრჩობას გადავურჩენივარ. რაკი სიკვდილს გადამარჩინა, ქარავანბაშმა თავის საკუთრებად ჩამთვალა, თან წამიყვანა და ცოტა ხნის შემდეგ კონსტანტინოპოლის ბაზარზე გამყიდა. ღარიბმა ფრანგმა ჯვაროსანმა მიყიდა. თავადაც ბევრი არაფერი ჰქონდა და მეც სანახევროდ მაშიმშილებდა. მერე ის იყო, ბულგარეთში სალაშქროდ წავიდა და მეც თან წამიტანა. იქ სახადი დამემართა და სიკვდილს ძლივს გადავურჩი. საიქიოს გზიდან მობრუნებული, დასუსტებული და გაძვალტყავებული, იქვე გამყიდა ჩალის ფასად. ჩემი ახალი პატრონი _ ვენეციელი ვაჭარი, შეძლებული, კეთილი კაცი აღმოჩნდა. მეც, რაც შემეძლო თავდადებულად ვემსახურე, ჩემს ერთგულებას რომ ხედავდა, დამიახლოვდა და მომენდო, ჩემგან დაფარული და საიდუმლო აღარა ჰქონდა რა და, ალბათ, ასე შევაბერდებოდით ერთმანეთს, რომ ჩვენს შორის მისი ცოლი არ ჩამდგარიყო. ამ ერთი წლის წინათ ჩემმა პატრონმა ახალგაზრდა ცოლი მოიყვანა, ჯვარდაუწერლად, როგორც ვენეციაში იციან. ეს უკვე მისი მესამე ცოლი იყო. ვენეციელი ქალები ბუნებით ავხორცები არიან და ეს ახალგაზრდა ცოლიც არ დაჯერდა თავის ხანშესულ ქმარს. ამ დაწყევლილ ვენეციაში, ალბათ, გეცოდინებათ, საცვლები არ იციან და ღამე შიშვლებს სძინავთ. ტანს იშვიათად იბანენ, მაგრამ, როცა აბანოში მიდიან, ქალი და კაცი ერთად შიშვლდება და იბანს, ერთმანეთისა არ რცხვენიათ და, პირიქით, ერთმანეთს ჭუჭყის გაცლაში ეხმარებიან. ჰოდა, მე უბედურს ტანის ბანის დროს დამადგა თვალი ჩემი პატრონის ცოლმა, ჩემი ნდომით განიმსჭვალა, შემიჩნდა და იმ დღიდან მოსვენება აღარ მომცა. პატრონის ღალატი და თავის მოჭრა არ ვიკადრე, დედაკაცის ვნებას არ ავყევი, როგორც შემეძლო ვეკრძალებოდი, მასთან მარტო არ ვრჩებოდი და კეთროვანივით გავურბოდი. ბოლო დროს, სირცხვილი და მორიდება სულ დაკარგა, პირდაპირ იერიშზე გადმოვიდა და გზა აღარ მომცა. ვატყობდი, ამ საქმეს ცუდი ბოლო მოჰყვებოდა, უამისოდაც სულ იმას ვოცნებობდი, როგორმე ჩემს ქვეყანაში დავბრუნებულიყავი და განსაცდელში ჩავარდნილმა გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა საქართველოში გავპარულიყავი. თუ რამ ნაშოვარი მქონდა, ოქროდ ვაქციე, ერთ ბერძენ ვაჭარს მოვურიგდი, ტრაპიზონს უნდა ჩავეყვანე. ფული წინასწარ გადავუხადე და დათქმულ დღეს, გასაპარავად რომ ვემზადებოდი, ჩემი პატრონის გადასაცემად წერილი დავწერე. წერილში მადლობას ვუხდიდი ამაგისათვის, ჩემზე გაწეულ ხარჯს ფულად ვუბრუნებდი და პატიებას ვთხოვდი. ჩემს მისანდო კაცს ვეზრახე, იმ წერილს და ფულს მაშინ გადასცემდა, მე რომ ვენეციიდან მიუწვდომლად შორს ვიქნებოდი.
ყველაფერი რომ მზად მქონდა, სწორედ იმ დღეს დამიმარტოხელა ჩემმა ქალბატონმა, მე თავს ვუშველე და, დათქმულ დროზე ადრე მივაშურე ბერძენი ვაჭრის ხომალდს. გაწბილებულმა დედაკაცმა, ალბათ, იფიქრა, ქმართან დასმენა არ მომასწროსო და თვითონ დამაბეზღა, ძალით ნამუსის ახდა მომინდომაო. ჩემი უმადურობითა და გაუტანლობით აღშფოთებულ პატრონს თმა-წვერი დაუგლეჯია, მდევრები ფეხზე დაუყენებია და მაშინვე ნავსადგურში გასამგზავრებელ გემებს მისტანებიან. ალბათ, გამცემიც გამოჩნდა და ჩემს სამალავში მომაგნეს. გაჩხრეკისას პატრონისათვის დასატოვებელი წერილი მიპოვეს და იმ წერილით საბოლოოდ ირწმუნეს ჩემი ღალატი. განრისხებულ პატრონს იქვე უნდოდა მოვეკალი, მაგრამ ხელისუფლებმა ჩემი თავი არ დაანებეს და წმინდა მარკოზის მოედნისაკენ წამიყვანეს, რათა საჯა­როდ მძიმე სატანჯველით დავესაჯე. დანარჩენი თქვენ უკვე იცით... მე უგონოდ ვიყავი და აღარაფერი მახსოვს.
_ ახლა ვისთანა ხარ, არ იკითხავ? იცი ვინ არი შენი მხსნელი და გამომსყიდველი?
_ მე საიდან მეცოდინება, ბატონო? _ საწყლად მიაჩერდა ცოტნეს მისი ახალი მონა.
_ შენ თუ მართლა ოდიშის მთავრის ოჯახში ხარ ნამყოფი, კი უნდა ცნობდე ჩვენს ბატონს.
ცოტნე და მისი ახალი ყმა დაჟინებით მიაშტერდნენ ერთმანეთს.
_ მე პატარა წამოვედი ოდიშიდან და იქაურებს ვეღა­რავის ვიცნობ, ალბათ... ეს ბატონი ჩვენს მთავარს კი გავს, მარა შერგილ ბატონი უსინათლო იყო და ახლა უფრო ხნიერიც იქნებოდა.
_ გუგუტა ხომ არა ხარ, ბოში? _ ხმის კანკალით იკითხა ცოტნემ.
_ ჰო, ბატონო! გუგუტა ვარ, მე თვალ დასავსები, მარა შენ...
_ მე ცოტნე ვარ, გუგუტა, ცოტნე... _ ამოილუღლუღა ცრემლმოძალებულმა მთავარმა და გულში ბავშვივით ჩაეკრა ამდენი ხნის გამოტირებულ ძიძიშვილს.

ერთ თვეს გრძელდებოდა ხოლმე ვენეციის სადღესასწაულო ბაზრობა. ქართველ მთავარს ვინჩენცოს პირით აცნობეს, იმ ერთ კვირას ვენეციის ხელისუფლებსაც, აღებმიცემისა და ვაჭრობის გარდა, სხვისთვის არაფრისთვის ეცალა და დადიანსაც თავაზიანად ურჩიეს, თვითონაც ესარგებლა ვენეციის ბაზრის საზღაპრო სიუხვითა და სიიაფით.
თავის მხრივ, ცოტნეც არ ჩქარობდა დიდად, ხომალდების შესყიდვის გარდა, მას ვენეციის სახელმწიფოს საიდუმლო საგარეო გეგმების შეტყობაც ჰქონდა დავალებული. ქართველ მთავარს განსაკუთრებით იმის მიკვლევა სურდა, თუ რა ადგილი ჰქონდა იმ გეგმებში საქართველოს სახელმწიფოსთან მომავალ ურთიერთობას, ნამდვილად ქართველთა მეფის მოკავშირეობა სურდა ვენეციის დოჟს უსჯულოთა წინააღმდეგ ჯვაროსნულ ომში, თუ საქართველოს მიმართაც ისეთივე მტაცებლური ზრახვები ამოქმედებდა, როგორიც ერთმორწმუნე ბერძნების დარბევისას გამოამჟღავნა.
გუგუტას პოვნამ არა მარტო ვენეციის ყველა კუნჭულში შეღწევა გაუადვილა ცოტნეს, მთავრის ძიძიშვილს იტალიური მშობლიურ ენაზე მეტად ემარჯვებოდა, ზღვათამპყრობელ სატახტოშიც კარგი ნაცნობობა ჰქონდა და საქართველოს მეთაურს საჭირო ხალხთან დაახლოებას უადვილებდა.
უქმად ჯდომას უქმად სიარული არჩია ცოტნემ. მთელი დღე ვენეციის ქუჩებში დაეხეტებოდა, ახალ-ახალ უბნებს ეცნობოდა, ყველაფერს მუშტრის თვალით სინჯავდა, აკვირდებოდა და საღამოს შინ მობრუნებული დღის შთაბეჭდილებას დაწვრილებით იწერდა.
სახელოსნოები ღია ცის ქვეშ მუშაობდნენ. მაყურებლების თვალწინ ქსოვდნენ ძვირფას ფარჩასა და აბრეშუმს ვენეციელი ფეიქრები. ვერცხლითა და ოქრომკერდით ნაქსოვი ტილო და ხავერდი თვალისმომჭრელი ბრწყინვალებით გადმოდიოდა დაზგებიდან, ხოლო საქვეყნოდ განთქმული ნაქარგი ვენეციური ქსოვილები დაუსრულებლად მოუთხრობდნენ მაყურებლებს ნადირობასა და ნადიმებზე, წმინდანების ცხოვრებასა და ქვეყნის საოცრებაზე, სიყვარულის ძალასა და სიკვდილის გარდუვალობაზე.
საქართველოში მომრავლებული ქართველი და სომეხი, სპარსელი და ბერძენი ოქრომჭედლების მშვენიერ ნახელავზე თვალგაჩვეულ ცოტნეს მაინც აოცებდა ვენეციელი ხელოსნების უცხო ოსტატობა, მათი ნამუშევრის სინატიფე, მინანქრების სინაზე და ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის იშვიათი ნაირნაირობა.
საათობით იდგა ცოტნე სამჭედურებთან და ლითონის სადნობ ბრძმედებთან.
მის თვალწინ ყიდულობდნენ რჩეულ იარაღსა და საომარ აბჯარს მოხეტიალე დასავლელი რაინდები და იერუსალიმს ცოდვათა მოსანანიებლად მიმავალი მორწმუნენი, თავათაც იმ იარაღთაგან საუკეთესოს არჩევდა და საქართველოში ნიმუშად წასაღებად ყიდულობდა.
ხელოსანთაგან ყველაზე გასაოცრად შუშის მკეთებლები ეჩვენებოდა. გრძელი მილის ბოლოს გავარვარებულ, გადამდნარ სითხეში ჰყოფდნენ ეს ჯადოქარი ხელოსნები, იმ ბოლოზე დაკიდებულ გამდნარ მინის ბუშტს უცნაურად აქანავებდნენ ჰაერში და მილის ბოლოზე სითხის მატებით, მაშებითა და მაკრატლებით ათასგვარი ჭურჭლისა თუ საგნის სახეს აძლევდნენ ამ პატარა ბუშტს, რომელიც ასე მორჩილად ჰყვებოდა ოსტატის ხელსა და სურვილს.
მხოლოდ ეს იყო საგულისხმო, რომ სხვა სახელოსნოთაგან განსხვავებით, შუშისა და ბროლის საწარმოებთან ახლო მისვლა არ შეიძლებოდა, მათი სამუშაო მოედანი ლითონის ღობით იყო მოზღუდული, ხოლო ქვიშის სითხედ ქცევის მთელი მსვლელობა შიგნით, კედლებს იქით ხდებოდა, რათა ვენეციელი ოსტატების ეს საქმიანობა გარეშეთაგან არავის დაენახა და მათი ნახელავის საიდუმლოება არავის გაეგო.

* * *
ლასენსას კვირეულიც მიიწურა.
ორშაბათ დილას ვინჩენცომ მოაკითხა ცოტნეს, ერთად ისაუზმეს და გონდოლით გემსაშენისკენ წავიდნენ.
_ დღეს არაუშავს, მთავარო, ალბათ, არ იმუშავებთ და მხოლოდ დათვალიერებას მოუნდებით, ხვალისთვის კი ამ ძვირფასი ტანისამოსით ნუღარ მოიკაზმებით. რაკი სამუშაოდ გემსაშენში თქვენივე სურვილით მიდიხართ, ტანსაცმელიც სამუშაოს შესაფერისი უნდა გეცვათ... მართლა! _ ხმადაბლა დაიწყო მცირე პაუზის შემდეგ ვინჩენცომ, _ ამაღლება დღეს ვერაფერი სტუმარი გყოლია. საიდან მოგაგნო იმ ბებერმა მელამ?
ცოტნე გაშრა. იცოდა, რომ ვენეციელები სულ უმეთვალყუროდ არ გაუშვებდნენ, მაგრამ თუ დღედაღამ უთვალ­თვალებდნენ, ეს კი არ ეგონა.
_ ასე დაძრწის ქალაქ-ქალაქ და ქვეყნის ამბებს იგებს. რაო, ხომალდების მოყიდვა და გემსაშენის აგება შემოგთავაზა, არა?
_ მაგის ნათქვამს რა ძალა აქვს, ან ყურს ვინ უგდებს! _ ცოტნემ სცადა ბოლონჩინის სტუმრობა უმნიშვნელო ამბად წარმოედგინა.
_ ყველგან აგრე გვეჩრებიან. ახლა, ეს ერთი ხანია, შავ ზღვაშიც შემოჰყვეს ცხვირი და ყირიმს გვეცილებიან თავიანთი მოკლე ჭკუით. მაგრამ ვენეციის ლომს ჯერ კიდევ მაგარი კლანჭები აქვს და გენუასაც მალე დააჩოქებს, როგორც სხვა მისთანები დაუჩოქებია.
გონდოლა ნაპირზე გაჩერდა. ერთხანს ქვეითად იარეს და, როგორც იქნა, გემსაშენს მიადგნენ. ცოტნემ შორიდანვე იყნოსა ფისისა და საღებავების, ხისა და ბურბუშელის სუნი.
ალაყაფის რკინის კართან გამოეგებნენ გემსაშენის გამგებლები. ვინჩენცომ სტუმარ-მასპინძლები ერთიმეორეს გააცნო და გემსაშენის ეზოში შევიდნენ. კიდევ სამი ჭიშკარი გაიარეს და ცოტნეს თვალწინ უზარმაზარ სივრცეზე მოჯარული გემების ანძათა ტყე აღიმართა. იმ გემთაგან ზოგი უკვე მთავრდებოდა, ზოგი ზღვაში ჩასაშვებად იყო გამზადებული და ზოგის შენებაც ახლა, მათ თვალწინ იწყებოდა. ვინჩენცომ სწორედ ახლად წამოწყებული ხომალდის ჩონჩხთან შეაჩერა სტუმარი.
_ რამდენ საათს მოვუნდებით დათვალიერებას? _ ჰკითხა გემსაშენის გამგებელს.
_ სულ ცოტა სამი საათი, თუ გულდადებით დაათვალიერებთ.
_ ქართველ მთავარს თუ სურს რაიმე ქართული ნიშნით დანიშნოს ეს ახლად დაწყებული ხომალდი, ჩვენი გამოსვლისთვის გემი, ალბათ, მზად იქნება. ხომ მოესწრება, ხომ არ შემარცხვენთ?
_ არ შეგარცხვენთ, ბატონო, მოესწრება, _ დაუდასტურა გამგებელმა.
ცოტნეს ფუნჯი და საღებავი მოართვეს და ქართველმა მთავარმა ხომალდის ფიცარს ქართულად წააწერა თავისი სახელი.
სამი საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ გემსაშენს.
ცოტნეს ხვალიდან თვითონ უნდა აეღო ხელში ცული და შალაშინი, გემის მშენებელი მუშების გვერდით უნდა დამდგარიყო და ხომალდების აგების ვენეციელთა მაღალი ხელოვნების შესწავლა უნდა დაეწყო. გემსაშენის სიდიდითა და სიახლეებით მოხიბლული მთავარი მუშტრის თვალით აკვირდებოდა ყველაფერს და როცა აღფრთოვანებას ვერ მალავდა, თავის მხლებლებს ქართულად უზიარებდა შთაბეჭდილებას.
_ ხედავთ, ბიჭებო? ამისთანა ჩვენ არც დაგვსიზმრებია.
დაღლილებმა დაასრულეს გემსაშენის დავლა და დათვალიერება. უკან შემობრუნებულებმა თვალს არ დაუჯერეს: მათ წინ გრძელი, ყელყელა გალერა იდგა. ოცზე მეტი მოსასმელი ნიჩბით. საღებავი აშრებოდა. ქართველი მთავრის ხელით წარწერილი საკუთარი სახელი დაღივით შერჩენოდა ყველაზე თვალსაჩინო ადგილას. ცოტნე გაოცებასა და აღტაცებას ვერ ფარავდა.
_ თუ მთავარს მოსწონს, ამ გემსაც საქართველოში გასაგზავნი ხომალდების სიაში შევიტანთ. _ ხმამაღლა თქვა ვინჩენცომ და ცოტნემ თავის დახრით მისცა დასტური.

გუგუტას ვენეციაში ნაცნობები ბლომად ჰყავდა. იტალიურადაც კარგად ლაპარაკობდა და ყოველ საღამოს მოჰქონდა ცოტნესთან ამბები.
_ დოგარესას უთქვამს, ქართველი მთავარი ბარბაროსი, გაუთლელი მთიელი მეგონა და თურმე როგორ ვცდებოდიო. მის გვერდით ჩვენი ნაქები პატრიციები გამოჩნდნენ ბარბაროსებად. გარეგნობით ხომ მომხიბვლელია და გონების წამღები, მაგრამ ქცევაც და სიტყვა-პასუხიც გამორჩეული და საოცრად ნატიფი ჰქონიაო.
_ მაგათი პატრიციები გუშინ გამდიდრებული ვაჭრები, ან ზღვის მეკობრეები არიან და მათ წინაპარს ჩემი მამა-პაპა სუფრაზეც არ დაისვამდა. იმ თქვენს დოგარესას ცოტა ისტორია და გეოგრაფია რომ სცოდნოდა, კოლხი მთავრის ბარბაროსობას ვერც წარმოიდგენდა, მაგრამ რას იზამ, გუგუტა, ძალა და სიმდიდრე ხალხს აქედმაღლებს, თავიანთი თავის უპირატესობის გრძნობას უნერგავს და მაღლიდან ცქერას აჩვევს.
_ მაინც რა უზომოდ მდიდრები არიან ეს ოხრები!
_ მდიდრები როგორ არ იქნებიან, მთელი ქვეყნის ქონება აქ შემოუზიდავთ. მარტო, რაც კონსტანტინოპოლიდან ნაძარცვი გამოიტაცეს, ერთ სამეფოს ის ეყოფოდა გასამდიდრებლად და გასალაღებლად! დანდოლოსთანა დოჟი ვენეციას არ ყოლია და, ალბათ, არც ეყოლება, რადგან ჯერ ხმელეთზე მაგოდენა ყაჩაღი არსად დაბადებულა და ზღვაზე მაგის ტოლი მეკობრე არსად გამოჩენილა.
_ მართლა, ორთავ თვალით ბრმა იყო, მთავარო, დანდოლო, როცა კონსტანტინოპოლის იერიშზე ვენეციელ მეზღვა­ურებს წაძღოლია და გალავანზე მიდგმული კიბით პირველი აჭრილა?
_ არამარტო ბრმა, ოთხმოცდაათ წელს გადაცილებულიც ყოფილა! ალბათ, სიკვდილი არაფრად უღირდა და, იქნებ, ამანაც შეჰმატა გამბედაობა, ისრის წვიმაში რომ საიერიშო კიბეზე ასულა: იმ ისრების წვიმას თვალით ვერ ხედავდა და სიცოცხლემოყირჭებულს სიკვდილის შიში ხომ არ ექნებოდა და არა.
_ ახლანდელი დოჟი როგორიღაა მთავარო, ისიც ეგრე ვაჟკაცი და ბრძენი მმართველია?
_ ვერ გეტყვი, გუგუტა, ერთი და ორი ნახვით ქვეყნის მეთაურის ძალას და ხასიათს ძნელად გაიგებ კაცი. ეს კია, დიდი წინაპრის მემკვიდრეობა თავისთავად არის დიდი ტვირთი და ვალდებულება. დანდოლოს დიდ სახელს ძნელადღა ვინმე მოიხვეჭს, რადგანაც ქვეყნად სხვა კონსტანტინოპოლი აღარ არი და დანდოლოსავით გაბედული ნაბიჯის გადადგმის შემთხვევა იშვიათად თუ ვინმეს მიეცემა!
_ ალბათ, ეგრეა, მთავარო. ყველას თავისი დრო აქვს. ახლა გენუელები სდებენ თავს პირველობაზე, ვენეციის მზე ჩადის და ჩვენი მაღლდებაო.
_ ვინ იცის, ეგებ ეგრეც მოხდეს, მაგრამ მაგასაც დრო უნდა, დრო კი ნელა გადის, როცა გეჩქარება. საუკუნე მგონია, რაც აქ ვართ და ჯერ კი წელიწადიც არ გასულა! ძალიან მომენატრა სამშობლო, გუგუტა...
_ სამშობლოს მონატრება ჩემსავით ვის განუცდია, მთავარო. შენ ექვსი თვე გაგიძნელდა უცხოობაში, მე კი აგერ, თხუთმეტ წელზე მეტია, კოლხეთის ღრუბლის დანახვა მენატრება... ნეტავ, დედა და მამა თუღა არიან ცოც­ხლები.
_ ცოცხლები არიან. რამდენჯერ უნდა გითხრა! უდუ გადია ისევ ჩვენთან გადმოვიდა სასახლეში და დედაჩემს არ შორდება.
_ მამაჩემი, ალბათ, ძალიან დაბერდებოდა და მოტყდებოდა. მწარე ხელი ჰქონდა, რამდენჯერ მინატრია, ნეტავ სამშობლოდან არ გადმოვხვეწილიყავი და, თუგინდ, ყოველდღე ვეცემე-თქო!

შუაღამე გადასულა.
ოდიშის მთავრის სასახლეში, დიდი ქალბატონის ოთახში სინათლე ანთია.
ბუხარში ჯირკი ნელ-ნელა იწვის და ნაკვერცხლებს ფერფლი ბრკესავით მოსდებია.
მთლადერთიანად გათეთრებული ნათელა ლოგინზე მიწოლილა და ფსალმუნს კითხულობს. კერიასთან მიმჯდარი უდუ თავჩახრილი ქსოვს.
_ ნეტავ, ტანთ გაგეხადათ და მოგესვენებიათ, ქალბატონო, _ თავაუღებლად ეუბნება უდუ.
_ მაინც არ დამეძინება, უდუ, დიდი ღამე მოდის და, სულ ერთია, ფიქრი გამაღვიძებს.
_ როდის გათავდება ეგ საფიქრალი, როდის მოვა ცოტნე-ბატონიშვილი.
უდუ დაჩვეული იყო ცოტნეს ბატონიშვილად ხსენებას.
_ ცოტნე ბატონი, _ გაუსწორა ნათელამ და ფსალმუნი გადადო, _ მალე უნდა მოვიდეს, მთავრის ელჩობა ექვს თვეს უნდა გაგრძელებულიყო... უკვე რვა თვე იწურება და აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ნეტავ მისი უნახავი არ მოვკვდებოდე და შვილიშვილებს ხომ, ალბათ, ვეღარ მოვესწრები და ვეღარ, _ ოხვრით თქვა ქალბატონმა და თვალები მოუწყლიანდა.
_ შვილიშვილს კი არა, შვილიშვილის შვილებსაც მოგასწრებს ღმერთი, ქალბატონო! მარხვას შენ არ სტეხ და ლოცვას არ აკლებ, შენი სიწმინდის იმედით მარტო შენი სახლი კი არა, ჩვენც ვცოცხლობთ. შენ თუ არ იცოცხლებ, შენი შვილის პატრონი, აბა, სხვამ ვინ უნდა იცოცხლოს! ჩემი კაცი სულ იმას მეუბნებოდა, ღმერთმა ბედი შვილებში არ მოგვცა, მაგრამ სამაგიერო აღზრდილის სახელოვნებითა და ბედნიერებით მოგვიზღოო.
_ ღმერთმა გაანათლოს მისი სული, იმასაც შენსავით უზომოდ უყვარდა ჩემი ცოტნე და თამარი.
_ უყვარდაო? უყვარდა კი არა, თავს ერჩია ორივე! თამარის დაღუპვა იმ ეშმაკის მოგონილ ყურძენს დაბრალდა, გაგიჟდა უბედური, გუგუტა სასიკვდილოდ გაიმეტა და ნამდვილად მოკლავდა, მეზობლებს რომ ხელიდან არ გამოეცლიათ.
_ გუგუტას რას ემართლებოდა, უცოდინარობით და გულკეთილობით მოუვიდა საცოდავს.
_ მაგას მერე თვითონაც მიხვდა და სულ იმას მოთქვამდა, რატომ ის ხელი არ გამიხმა, რომლითაც შვილი დაღუპვამდე მივიყვანეო.
ცოტა წაიტირეს და ერთხანს კიდევ იკრუსუნეს.
ნამტირალევი თვალებით ვეღარც წიგნის კითხვას მიუბრუნდნენ და ვეღარც ხელსაქმეს. მერე დიდხანს ილოცეს. ქალბატონმა საწოლზე მოისვენა, უდუ ჭილოფზე მიწვა. შუქი ჩაქრა, ჯირკი დაიფერფლა და სიჩუმეში ორი ქალის ხმაშეწყობილი ფშვინვა გაისმა.
მეზობელ ოთახში შერგილს არ ეძინა. უსინათლო თვალები ფართოდ გაეღო და გაუვალი წყვდიადისთვის მიეშტერებინა. მოხუცი მთავარი თავის წარმოსახვაში ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდა, მემკვიდრე შვილისა და მთელი საქართველოს ბედის ამოკითხვასა და გარკვევას ცდილობდა.


ეგარსლან ბაკურციხელი

კოხტისთავის შეთქმულთა ჩამოთვლას მემატიანე ეგარსლან ბაკურციხელით იწყებს: „...ამა შფოთთა შინა შეკრბეს ყოველნი მთავარნი საქართველოსანი კოხტასთავსა, იმერნი და ამერნი: ეგარსლან, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი“...
ეგარსლან ბაკურციხელი საქართველოს მეფის, ლაშა-გიორგის თაობის კაცი უნდა ყოფილიყო. მართალია, იგი მონგოლთა ბატონობის დამყარებამდე არ ჩანს, მაგრამ რაკი უმეფობის ხანაში სამშობლოს ბედზე მზრუნველ უწარჩინებულეს ქართველთა შორის პირველი იხსენიება, საფიქრებელია, რომ ეს პატივი ლაშასა და რუსუდანის დროინდელ ომებში ჩადენილი გმირობისა და სახელმწიფო მოღვაწეობის ასპარეზზე გამოჩენილი ნიჭის გამო უნდა რგებოდა.
ეტყობა, ბაკურციხელი გვარითა და წარმოშობით თავის თანამოღვაწეებზე დაბლა უნდა მდგარიყო და სწორედ ამან დაღუპა კიდეც საბოლოოდ.
ცნობილია, რომ არისტოკრატები საერთოდ ვერ იტანენ ნიჭისა და პირადი ღირსების გამო დაწინაურებული ადამიანების გატოლებას და მით უფრო მათზე გაბატონებას. ქვეყნისათვის რაგინდ სასარგებლო საქმესაც არ უნდა აკეთებდნენ ახლად აღზევებული უგვაროები, დიდგვაროვანი წარმომავლობის ადამიანებში მხოლოდ შურსა და ზიზღს იწვევენ და მეტწილად მათი მტრობის მსხვერპლნი ხდე­ბიან.
შურმა და მტრობამ დაამხო ეგარსლან ბაკურციხელიც.
მემატიანე პირდაპირ მიუთითებს: „მაშინ შეკრბეს დიდებულნი ამის სამეფოსანი, რამეთუ ეგულებოდა მთავარყოფა მათზედა ეგარსლანისა, არა მათგან უგვარიანესისა კაცისა“.
მემატიანე იმ ღირსებებსაც ჩამოთვლის, რომელთა წყალობითაც ეგარსლანი დაწინაურებულა და არა მარტო გასტოლებია თავისზე უგვარიანეს მთავრებს, არამედ „კნინღა სახელიცა მეფისა“ მიუთვისებია და თურმე „ვითარცა მეფესა მორჩილებდეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსი“.
„ეგარსლან ბაკურციხელი კაცი ღრმად მოუბარი“, „ეგარსლან, კაცი საკვირველი და მხედრობისა და ცოდნითა აღსავსე“ _ აღტაცებით ამბობს ჟამთააღმწერელი ბაკურციხელის დახასიათებისას და თუმცა მის მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიას არ იჩენს, მის ღირსებებზე თვალს არ ხუჭავს და სიტყვაძუნწად, მაგრამ მიუდგომლად გადმოგვცემს ამ ძლიერი ადამიანის თავგადასავალს.
ბაკურციხელი რთული პიროვნებაა და ზოგჯერ გაორებულ მოღვაწედ გვეჩვენება: იგი ჯერ თავგამოდებით იბრძვის მონგოლთა წინააღმდეგ, სხვა მთავრებზე გვიან ურიგდება დამპყრობთ და მათი ბატონობის დასამხობად მოწყობილი შეთქმულების სული და გული ჩანს.
მაგრამ როცა ეს შეთქმულება მარცხდება და ქართველები განთავისუფლების უკანასკნელ იმედსაც კარგავენ, ეგარსლან ბაკურციხელი მონგოლებთან თანამშრომლობის გზას ადგება და ამ გზაზე მეფურ დიდებას აღწევს. მონგოლებთან შერიგებამ და მეგობრობამ, როგორც ჩანს, ბევრი სარგებელი მოუტანა პირადად ეგარსლანსაც და მის ქვეყანასაც, მაგრამ სამშობლოს მტერთან, დამპყრობელთან თანამშრომლობა საერთოდ უმადური საქმეა და რაგინდ კეთილშობილი განზრახვითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი, შთამომავლობისაგან მხოლოდ გმობასა და გაკიცხვას იმსა­ხურებს.
ბაკურციხელს მისი ცხოვრების შუაგზაზე შეგვახვედრა მემატიანემ, მაშინ, როცა ამ გამოჩენილ მამულიშვილს თავისუფალი და ძლიერი სამშობლოს სამსახური მოთავებული ჰქონდა და საქართველოს დამმონებლებთან თანამშრომლობით იწყებდა ახალ ცხოვრებას.

მონგოლთა ბანაკს ცხენოსანთა რაზმი უახლოვდებოდა. წინ თეთრ რაშზე ამხედრებული ტანბრგე ვაჟკაცი მიუძღოდა. მოკლედ შეკრეჭილი შავი თმა-წვერი და მოუსვენრად მოძრავი შავი თვალები გასაოცრად ცოცხალ იერს აძლევდნენ ცხენოსანს. თეთრონზე ამხედრებულ ბუმბერაზს შორიახლო ქვეითად მოსდევდა ორი ახალგაზრდა. ჭაბუკებს ჯილავში ჩაევლოთ ხელი და ფრთხილად გზის რჩევით მოჰყავდათ ოქროსფერი კვიცი.
მწევარივით გრძელი, ტანწვრილი ულაყი კეკლუცად მოდიოდა, მაგრამ დაღლა მასაც ემჩნეოდა: ჩამოქნილ მაღალ ფეხებზე ტალახი და მტვერი მიჰკვროდა და ოფლთან ერთად შეხმობოდა. შორი გზის გამოვლა ყველას დატყობოდა, ცხენებსაც და ცხენოსნებსაც.
რაზმს დატვირთული აქლემები და ურმები მოჰყვებოდა უკან.
აქლემები და ხარები დინჯად მოიზლაზნებოდნენ, გზის დაუსრულებლობას შერიგებოდნენ და აუჩქარებლად, ზომიერი ნაბიჯით მოჰყვებოდნენ ცხენთა ფეხის მტვერს.
შორს, ტრიალ მინდორზე, რიყესავით გაბნეული თეთრი კარვები გამოჩნდა.
_ მუღალთა ბანაკი მოჩანს... ხედავთ? _ ცხენი შეაჩერა წინ მიმავალმა ბუმბერაზმა და თვალზე ხელი მოიჩრდილა.
_ ვხედავთ, ეგარსლან ბატონო! _ დაუმოწმეს დანარჩენებმა, მხარი გაუსწორეს, ცხენებს აღვირი მოსწიეს და ბანაკს მიაჩერდნენ.
_ მზე შუბის ტარზეა დასული, _ თქვა ეგარსლანმა და უნაგირზე სანახევროდ შემობრუნებულმა დასავლეთს გახედა, _ მზის ჩასვლამდე ურდოში ვიქნებით, ღმერთო, შეგვეწიე! _ მთავარმა პირჯვარი გადაიწერა და ცხენი დაძრა.
გატრუნულნი მიდიოდნენ და ბანაკს თვალს არ აშორებდნენ. იურტების მწკრივი, წეღან რომ თეთრ რიყედ ეჩვენათ, ახლა ყოველ ნაბიჯზე დიდდებოდა და გასაფრენად გამზადებული უზარმაზარი თეთრი ფრინველების გუნდს ემსგავსებოდა.
მანძილი მოკლდებოდა. ცხენოსნების გულში ამდენ ხანს მიძინებული საფრთხის შიში იღვიძებდა და იზრდებოდა, მონგოლთა ურდოსკენ მიმავალი ბევრი უნახავთ, მაგრამ უკან დაბრუნებული _ ცოტა. მართალია, ნებით დამორჩილებულ ქართველ მთავართა უმრავლესობა კეთილად შეწყნარებული და პატივით ამაღლებული გამოისტუმრეს მონგოლთა ნოინებმა, მაგრამ მათ სისასტიკესა და ულმობლობაზე იმდენს ყვებოდნენ, რომ იმედი ურდოდან ცოცხალი თავით დაბრუნებისა მათგანაც ცოტას ჰქონდა, ვინც მტერს თავიდანვე წინააღმდეგობის გაუწევლად დამორჩილდა.
კახელებმა მათი მთავრის ეგარსლან ბაკურციხელის მეთაურობით არათუ მოსვლისთანავე დაუკრეს თავი მონგოლებს, გზები შეუკრეს და მიუდგომელ ციხეებში გამაგრებულებმა ცხარე ბრძოლებიც გაუმართეს.
ეგარსლანმა მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა ქედის მოხრა, როცა ბრძოლის გაგრძელების უაზრობა საბოლოოდ დაიჯერა და ქუთაისში გახიზნული რუსუდან მეფისაგან მტრის დანებების დასტური მიიღო.
მონგოლებმა შუამავლების პირით ბაკურციხელს უვნებლობა კი აღუთქვეს, მაგრამ ის არავინ იცოდა, ურდოში მოსულ მთავარს რა გუნებაზე შეხვდებოდნენ უცხო მბრძანებლები. ეგარსლანს თვითონაც არ სჯეროდა მონგოლთა გულწრფელობა. თავის გადარჩენის იმედი მაინცდამაინც არ ჰქონდა და ამიტომ მხოლოდ ორიოდე მხლებლით აპირებდა ჩორმაღონის კარზე მისვლას.
მარტო როგორ გაგიშვებთო, შეიცხადეს ახლობლებმა და თანაზრდილებმა, მთავრის სურვილს არ დამორჩილდნენ და შორეული მგზავრობისთვის სამზადისს შეუდგნენ.
_ კახეთის ერისთავს ამალაც ღირსეული უნდა ახლდეს, მეფეთა შესაფერისი. თუ სიკვდილია, შენთან ერთად მოვკვდებით, ხოლო თუ სიცოცხლე გვიწერია, შენი სამსახურის ბედნიერებით ვიცოცხლებთ, _ გადაჭრით განუცხადეს მთავარს და გულაჩუყებულ ეგარსლანს ისღა დარჩენოდა, მხლებლების გამოწყობასა და ძვირფასი ძღვენის გამზადებაზე ეზრუნა.
იმ ძღვენში პატიოსანი თვლებიცა და ოქრო-ვერცხლიც ბლომად იყო, ცხენების რემაცა და საუკეთესო ღვინოც.
საქმე თუ ღვინომდე მივიდოდა, კახეთის ერისთავი დარწმუნებული იყო, რომ მონგოლ ნოინთა გულს მოინადირებდა.
მაგრამ მთავარი საზრუნავი პირველი შთაბეჭდილება იყო. ეს შთაბეჭდილება კახელებს თავიანთი გარეგნობითა და ქცევით, წარმოსადეგობითა და აღკაზმულობით, მიხვრა-მოხვრითა და თავის დაჭერით უნდა მოეხდინათ.
ეგარსლანს სულ რჩეული ვაჟკაცები გაჰყვნენ, თავით ფეხამდე საგანგებოდ ჩაცმულ-დახურულნი იყვნენ და მათი შეხედვა მართლა ერთ რამედ ღირდა.
თუ პირველი შთაბეჭდილება იღბლიანი იქნებოდა და მონგოლები ცოტა ხნით მაინც ახლო მიუშვებდნენ ქართველ მთავარს, მერე კახეთის დიდებულებს არაფრისა ეფიქრებოდათ.
ბაკურციხელისათვის კაცთან ერთი შეხვედრა კმაროდა, მაშინვე გასაოცარი მომხიბლაობით მიიზიდავდა. მთელი თავისი არსებიდან გამოფრქვეულ სითბოსა და ეშხის შუქში გახვევდა და ახლად გაცნობილისათვის ძველი მეგობარივით გულში ჩასახუტებელი ხდებოდა.
ერთი დაბრკოლება იყო ხელის შემშლელი: ეგარსლან ბაკურციხელმა მონგოლური არ იცოდა და მის „ღრმად მოუბრობას“ უშუალო გავლენის ძალა ეკარგებოდა.
მაგრამ ბაკურციხელი თადარიგიანი კაცი გახლდათ, სანამ შუამავლები მონგოლ ნოინებთან მისი დამორჩილების პირობებს არკვევდნენ, ეგარსლანის კაცებმა თარჯიმნების გაცნობა, საჩუქრებით მათი ავსება და მოსყიდვა მოახერხეს და ეს გარემოება ცოტას როდი ნიშნავდა!
მზე უკვე ჩასული იყო, ქართველები რომ მონგოლთა ბანაკს მიადგნენ.
მონგოლთა უფროსი ნოინი ჩორმაღონი ბოლო დროს თურმე უღონობას უჩიოდა და ადრე წვებოდა. იმ დღეს ქართველთა ხლება არ ინება და შორი გზით დაღლილებს ღამის გასათევი მიუჩინეს.
მეორე დღეს ქართველები კარგად მოსვენებულნი ადგნენ და ნოინების წინაშე წარსადგომად მომზადება მოასწრეს. ოთხივ ნოინი საჩრდილობლებქვეშ იჯდა შემაღლებულზე. ეგარსლანი მათკენ წელგამართული გაეშურა. წამით შედგა და იქ მყოფთ ღიმილი მიაფრქვია... მერე ეს მთასავით კაცი მუხლებზე დავარდა და მოფარდაგულზე ჩოქვით წავიდა.
უფროსი ნოინის კაბის კალთას სამგზის ემთხვია, დანარჩენ ნოინებსაც თაყვანი სცა და ჩორმაღონს პატიოსანი თვლებით სავსე ლანგარი მოართვა.
ჩორმაღონმა ლანგარში ხელი ჩაჰყო, ძვირფას თვლებს ხარბად დააშტერდა, მოწონების ნიშნად თავი გადააქნია და ლანგარი დანარჩენ ნოინებს გადააწოდა.
ეგარსლანმა შორიახლო მდგარ თავის მხლებლებს ანიშნა. ფარჩა და აბრეშუმი შემოიტანეს და ნოინთა ფეხებთან დაახვავეს.
_ ძლევამოსილი მუღალების ცხენთა ფლოქვებმა მთელი დედამიწის ზურგი გათელეს, მაგრამ მაინც გავბედე ქართული ჯიშის ცხენთა მცირე რემა მეახლებინა სვებედნიერი ნოინებისათვის, _ წარმოსთქვა ეგარსლანმა და მინდორს გახედა...
უნიშნო თეთრი ცხენების რემამ გაიქროლა და მინდორი წამით თითქოს თოვლმა დაფარა. ცხენთა ჭიხვინზე და ფრუტუნზე ნოინები წამოიწივნენ. რემა შორიდან შეათვალიერეს. ეტყობოდათ, ცხენზე გაზრდილ მონგოლებს მოეწონათ თეთრი რაშები, ერთიმეორეს რაღაც გადაულაპარაკეს და თავადაც იმ ცხენებივით აჭიხვინდნენ.
თეთრი რემა თვალს მიეფარა და ორმა ჭაბუკმა ოქროსფერი კვიცი შემოიყვანა.
თამაშ-თამაშით მოდიოდა კავშა, დაფეთებულ თვალებს აცეცებდა და ნესტოებს ბერავდა.
ლამაზი ქალის ცქერით გაუმაძღარი კაცივით მიშტერებოდა ჩორმაღონი ოქროსფერ ულაყს. თავადაც ვერ გაიგო, ფეხზე რამ წამოაყენა. კვიცთან მივიდა, აღტაცებული რაღაცას ბურდღუნებდა, თავზე და კისერზე ხელს უთათუნებდა და ალერსით ზედ ადნებოდა. დანარჩენმა ნოინებმაც უფროსს მიბაძეს, კვიცს შემოეხვივნენ, მუშტრის თვალით გაუსინჯეს ყოველი ნაკვთი, მოწონება ვერ დაფარეს და ხმამაღლა აყაყანდნენ. ჩამოქნილი ფეხები და წვრილი ტანი, წაცქვეტილი ყურები და დაბერილი ნესტოები, ჭკვიანი თვალები და გრძელი ძუა-ფაფარი ცხენზე ჭიპმოწყვეტილი ნოინების საერთო აღტაცებას იწვევდა.
ჩორმაღონი ტახტისკენ დაბრუნდა, დანარჩენი სამივე ნოინიც თავთავის ადგილას დაჯდა. ორმა ვაჟკაცმა ოქროსფერი კვიცი გაიყვანა.
ნოინებმა თვალი გააყოლეს და ჩორმაღონმა ხვიხვინით თქვა:
_ ჯიშიანი ცხენი ჰყოლია ქართველ მთავარს, მაგრამ არც ვაჟკაცებს ჰკლებიათ თვალტანადობა!
თარჯიმანმა ხმამაღლა თარგმნა ჩორმაღონის ნათქვამი.
_ მოახსენე მბრძანებელს, რომ ამიერიდან ჩვენი ცხენიცა და კაციც, ყველანი უკლებლად მონგოლთა სამსახურად არიან გამზადებულნი და ჩვენი ხმალიცა და ცხენიც მათი ძლევამოსილი ლაშქრის საკუთრებაა ისევე, როგორც ჩვენი სიცოცხლე და ქონება.
თარჯიმანმა თარგმნა.
ჩორმაღონს ქართველი მთავრის ენაწყლიანობა ეამა და ეგარსლანს მოწყალედ გაუღიმა.
კიდევ წუთი და მინდორზე ცხენოსნები გამოვიდნენ. ჰაერში ბურთი ავარდა და კახელები ცხენდაცხენ მიეტივნენ. ხელმარჯვედ სცემდნენ ჩოგანს, ცხენიდან ხტებოდნენ, უზანგებზე ეკიდებოდნენ.
ცხენოსანთა სიკისკასით მოხიბლული მონგოლები აღტაცებით შეჰყურებდნენ მობურთალებს.
_ შენც მათებრ ცხენოსანი და მობურთალი ხარ, მთავარო? _ მოუბრუნდა ჩორმაღონი ბაკურციხელს.
ეგარსლანი ამდენ ხანს მხოლოდ მონგოლ ნოინებს უყურებდა. მის თვალს როდი გამოჰპარვია ნოინების სახეებზე გადარბენილი ჩრდილის კვალი.
ადამიანები საერთო აღტაცების დროს მტრისადმი ზიზღისა და შურის გამოვლენას ერიდებიან, გულში ინახავენ და მხოლოდ უნებური, დაუძლეველი თავშეუკავებლობა თუ გამოსცემს ხოლმე იმ ფარული გრძნობის აფეთქებას.
მთელი ქვეყნის დაპყრობითა და თავიანთი უძლეველობით გალაღებულ მონგოლ ნოინებს ხელს არაფერი უშლიდა, გულში ფარულად აღძრული შური თუ სიძულვილი აშკარად გამოეხატათ, მაგრამ ცხენოსნობისა და ვაჟკაცობისადმი თანდაყოლილი პატივისცემა და ამპარტავნება აკავებდათ და აიძულებდათ, თვითონაც საერთო აღტაცებას შეერთებოდნენ და დაუმორჩილებელი მტრის სიკისკასით აღძრული შური საჯაროდ არ გამოემჟღავნებინათ.
ეგარსლანი მიხვდა: მონგოლების წინაშე მეტისმეტი თავგამოდება დამპყრობელთა პატივმოყვარეობას აღიზიანებდა და შეიძლებოდა ქართველებისათვის საზიანოდ შემობრუნებულიყო. ბაკურციხელს კარგად ახსოვდა მონგოლების წესისა და ზნის მცოდნეთა შეგონება და გაფრთხილება: ეცადე, არც გარეგნობით, არც ქცევით მეტისმეტად თავი არ მოაწონო, შური არ აღუძრა, თორემ ეგენი თავისზე უკეთესს ქვეყნად ვერავის იტანენ. საკმაოა, მცირედი რამ შენი შეეხარბოთ, რომ მაშინვე რისხვით აინთონ და სასიკვდილოდ გაგწირონ!.. ეგარსლანმა შეატყო, რომ მისმა მოყმეებმა თავის გამოჩენაში შორს შეტოპეს, ორად მოიხარა და ჩორმაღონს შეჰბედა:
_ თუ მბრძანებლები ისურვებენ, მეც ჩავერევი ბურთის თამაშში!
ჩორმაღონმა თვალით ანიშნა, გადადიო და ეგარსლანი დინჯი ნაბიჯით დაეშვა მინდვრისაკენ.
შავ ძუა-ფაფრიანი ქურანი მოჰგვარეს ეგარსლანს, ამხედრდა თუ არა, მობურთალთა წრეში შეიჭრა, ჩოგანი ქარბორბალასავით დაატრიალა, ცხენოსნები მირეგვ-მორეგვა, ბურთი გაიტაცა და შორს გასტყორცნა.
ბურთს დადევნებულებს რაღაც გადასძახა, მაშინვე ერთმა მხედარმა ძირს ზღართანი მოიღო და უცებ ჩამოვარდა ყინული _ უმალვე ჩაქრა ყიჟინა და აღტყინება. ცხენიდან გადმოვარდნილს მისცვივდნენ და მინდვრიდან გაიყვანეს.
თამაში დაიშალა.
შუბლშეკრული ეგარსლანი ნოინებისკენ შემოიქცა, შემაღლებულთან დაიქვეითა და ნირწამხდარი მიეახლა.
_ შევრცხვით მბრძანებლების წინაშე, _ სინანულით თქვა და მუხლზე დაეცა.
_ არაფერია, ცხენოსნობას ფათერაკიც მუდამ თანა სდევს, _ გაიღრიჭა ჩორმაღონი, _ ქართველ მთავარს ჩოგნისცემა კარგად სცოდნია. თუ ხმალსაც ეგრე მარჯვედ იქნევს, ჩვენგან დიდი წყალობა მოელის.
_ ომში მიახლონ მბრძანებლებმა და თავად გამოსცადონ ჩემი ნიჭი და ერთგულება, _ წარმოსთქვა ბაკურციხელმა და მონგოლ ნოინს იმედმოცემული თვალით შეხედა.
სუფრა მოიღეს.
ჩორმაღონი სუფრის თავს დაჯდა.
ნოინები იქით-აქეთ მოუსხდნენ.
ქართველი მთავარი პირისპირ დაისვა და თარჯიმანი თავს დააყენა.
მონგოლები დამშეულებივით ეცნენ მორთმეულ ხორცს. სულმოუთქმელად გლეჯდნენ ხორცის უშველებელ ნაჭრებს, დროდადრო მათ უკან მდგარი მწდეების გულმკერდზე იწმენდდნენ გაქონილ ხელებს და გალომპრილ ძვლებს ხელუკუღმა ისროდნენ.
ეგარსლანი საერთოდ არ იყო მჭამელი კაცი. ამოდენა გოლიათი მუდამ მცირეს სჯერდებოდა, ცოტა-ცოტას ყველა კერძიდან მოიღებდა, დანაყრდებოდა და ჭამას ეხსნებოდა. კახეთის ერისთავს სუფრა ნაირნაირი უხვი საჭმლით არასოდეს იზიდავდა. უფრო კარგი ღვინის სმა და შექცევა, ზომიერი სადღეგრძელო, მოსწრებული სიტყვა-პასუხი და სმენის დამატკბობელი სიმღერა უყვარდა. ერთი სიტყვით, ეგარსლანი სუფრაზე მოსალხენად ჯდებოდა და არა მუცლის ამოსავსებად.
უკვირდათ, ამოდენა მთა კაცი ასე ცოტა საზრდოს რომ სჯერდებოდა.
ერთთავად სულ ცხენზე ჯდომას, ლაშქრობასა და მობურთალობასთან ერთად ეგარსლანი ცოტამჭამელობასაც უმადლოდა, რომ ამ სიმაღლე კაცს, უკვე ხანშიშესულსა და ხცემორეულს, თუმცა წელი ძველებურად ჭიანჭველასავით გაწყვეტაზე აღარ ჰქონდა, მაგრამ მუცელი სხვებსავით არ ეტყობოდა.
ყველსა და პურს მისწვდა ეგარსლანი. ორიოდე ლუკმა გადაყლაპა. ქვეშ-ქვეშ გასცქეროდა მადააშვებულ ნოინებს, პირში რომ პეშვით იყრიდნენ საჭმელს და ნადირებივით ნთქავდნენ წინ დახვავებულ ხორაგს. ხვდებოდა მათი მოუპირაობის მაცქერალი, რატომაც ეკიდათ ამოდენა ფაშვები ჯერ კიდევ არც ისე ხნიერ ნოინებს. მათ არც ღამის თევა და გრძელი გზის კეცვა აკლდათ, არც ხმლის ქნევა და ისრის ტყორცნა. ცხენზე ხომ არ იბადებოდნენ, თორემ მთელ სიცოცხლეს უნაგირზე ჯდომაში ლევდნენ და მაინც მუცლებს ძლივს დაათრევდნენ.
მთავარი მათი გაუმაძღრობა ყოფილა და ამ გაუმაძღრობაში თურმე მონგოლის თვალი და კუჭი ერთიმეორეს ეჯიბრებიან. მუცელს აქორებ _ ქორია და აღორებ _ ღორიაო, გაახსენდა ეგარსლანს ქართული ანდაზა. ის იყო, ტუჩთან ღიმილი შეეპარა, რომ ჩორმაღონმა წამით კერძიდან თავისი უშველებელი თავი აიღო, კახეთის ერისთავს გახედა და გაოცდა.
_ რატომ საჭმელს არ სჭამს ჩვენი სტუმარი? მოწამვლისა თუ ეშინია, უთხარი, მონგოლთა მტრები მხოლოდ ბრძოლის ველზე იღუპებიან და ლოგინში ჯერ ერთიც არ გამოსალმებია წუთისოფელს.
სანამ თარჯიმანი ნოინის ნათქვამს თარგმნიდა, ჩორმაღონმა თავის კერძად მორთმეულ ხბოს ბეჭი ააგლიჯა და ბაკურციხელს წინ დაუდო.
_ ჭამოს, ახალი დაკლული ხბოა, პირში ძვლიანხორციანი დნება.
ნოინთა შორის უხუცესმა მუცელს ბოძი შეუყენა, ცოტა სული მოითქვა და მწდეს შეუძახა:
_ რას დგახართ, კუმისი დაასხით!
მწდეებმა მაშინვე ტიკებს თავი მოხსნეს და შუშხუნა კუმისით სასმისები აავსეს.
ეგარსლანი გაოცებული უყურებდა: მონგოლებმა არც ღმერთი ახსენეს, არც თავიანთი მბრძანებელი ხელმწიფე, სასმისები პირზე მოიყუდეს და სულმოუთქმელად დაცალეს.
ჩორმაღონმა ცარიელი სასმისი სუფრაზე ისროლა და ქართველ მთავარს მიაჩერდა.
_ უძლეველი მონგოლები არც სასმელში ურევენ საწამლავს, ქართველო! დალიე, კუმისი ჯანისათვის მარგებელია და კარგ გუნებაზეც აყენებს. აბა, ქალიშვილივით ნუ ენაზები... შესვი... შესვი...
დავლევ, რაც უნდა მომივიდესო, გადაწყვიტა ეგარსლანმა და სასმისზე დაიხარა. ტუჩის შეხებაზევე გული კინაღამ აერია, მაგრამ თვალი დახუჭა და ყელში ისე მიუშვა ამჟა­ვებული რძე, პირი არ შეუყოვნებია.
როგორც იყო, დაცალა. გული არ არევია.
ეს კუმისი არც ისე ცუდი უნდა იყოს, ყველაფერი შეჩვევაზეაო, გაიფიქრა და ტუჩები მოიწმინდა.
_ როგორია, ა? თქვენი ღვინო სჯობს? _ იკითხა ჩაღა­ტა ნოინმა და ეშმაკური ღიმილით დაწკუპული თვალები მიანათა.
_ ჩვენ უფრო ღვინოს ვართ ნაჩვევები... ნოინებს საუკეთესო ქართული ღვინო მოვართვი. თუ ინებებთ, მოვატანინებ... _ თქვა ეგარსლანმა, ჩორმაღონს შეაჩერდა და ფეხზე წამოდგა.
_ მოიტა... მოიტა... ვნახოთ! _ თავი დაუქნია ჩორმაღონმა და თავისიანებს თვალი ჩაუკრა.
ეგარსლანმა მის უკან მოშორებით მდგარ მსახურთუხუცესს გახედა. მსახურთუხუცესი ადგილს მოსწყდა და ცოტა ხნის შემდეგ ოთხმა კახელმა ვაჟკაცმა ღვინით სავსე რუმბი შემოიტანა.
თავი მოხსნეს და რუმბის ყელიდან წითელი ღვინო სისხლივით წამოვიდა.
ირანისა და ადარბადაგანის გზებზე ნატარებმა მონგოლმა ნოინებმა შარბათის გემო უკვე იცოდნენ, მაგრამ მაინც გაშტერებულნი შეჰყურებდნენ რუმბიდან მოჩუხჩუხე უცხო სასმელს.
პირველი სასმისი ჩორმაღონს მიართვა ბაკურციხელმა. სავსე ჯამს შუბლშეკრული დასცქეროდა ნოინი.
_ კაცის სისხლია თუ საქონლის? _ გულმოსულად იკითხა ჩორმაღონმა.
_ ქართველები კაცისა და საქონლის სისხლს არ სვამენ, დიდებულო ნოინო! ეს ჩვენებური ვაზის ნაყოფის წვენია და შიგ წვეთი არაფრისა ურევია, სხეულში სისხლად შედის, კაცს ღონეს მატებს და დარდს ავიწყებს.
_ ხი-ხი-ხი... _ ჩაიხითხითა ჩორმაღონმა, ჯამი პირთან მიიტანა, ღვინის სუნმა მიიზიდა და ნდომით ნესტოები აუთამაშდა.
ის იყო, უნდა დაწაფებოდა, რომ ბიჩუ ნოინმა შესძახა:
_ ჯერ ნუ დალევ, იქნებ მოწამლულია!
_ ჰო-ჰო! _ შესძახეს ჩაღატამ და სირმონმაც, _ ჯერ თავად ქართველებმა დალიონ!
_ მართალია! _ გასწყრა თავის თავზე და ქართველებზე ჩორმაღონი, _ ჯერ შენ დალიე და ყველა შენს მხლე­ბელსაც დაალევინე! _ მკაცრად თქვა ჩორმაღონმა, მერე იქ მყოფთ თვალი მოავლო და ჩაიხითხითა, _ მერე ჩვენც გავსინჯავთ, არა?
_ დიახ! დიახ! _ დაუმოწმეს იქ მყოფებმა და თვალი ყველამ ბაკურციხელს მიაპყრო.
ეგარსლანმა თავისი ამალა იხმო.
მთავრის ზურგს უკან რამდენიმე რიგად დადგნენ კახელი დიდებულები, ერთიმეორეზე თვალ-ტანადი, რჩეული ვაჟკაცები. ეგარსლანმა ღვინით სავსე ჯამი ასწია:
_ ქართველებს ერთი ჩვეულება გვაქვს: ლხინში ღვინოს ისე არ დავლევთ, თუ სადღეგრძელო ყველას გასაგონად არ ვთქვით. პირველი სადღეგრძელო უფლისა და ხელმწიფისაა. ღმერთმა იმდენი წელიწადი მისცეს მონგოლთა მბრძა­ნებელსა და მთელი ქვეყნის დამპყრობს, ჩვენს დიდსა და უძლეველ ყაენს, რამდენი ჯარისკაციც მის ძლევამოსილ ლაშქარში იბრძვის, რამდენი ცხენიც მის მიერ დაპყრობილი ქვეყნის მინდვრებზე ძოვს, რამდენი ფოთოლიც მის თვალუწვდენელ საბრძანებელში გადაჭიმულ ტყეებში შრიალებს, რამდენი წვეთი ღვინოც ამ ჯამსა და რუმბშია, იდღეგრელოს სწორუპოვარმა ბრძენმა და სარდალმა, ღვთივგვირგვინოსანმა ყაენმა! ვაშა! _ შესძახა ბაკურციხელმა და თითქო ზეცამ იქუხაო, ერთხმად იგრიალა კახელი დიდებულების ვაშამ.
ბაკურციხელმა და მისმა მხლებლებმა ჯამები სულმოუთქმელად დაცალეს და ჰაერში დააპირქვავეს.
თარჯიმანმა ეგარსლანის ნათქვამი თარგმნა. ნოინებს ეამათ.
_ ყოჩაღ! ყოჩაღ, ქართველო! _ მოუწონეს აქეთ-იქიდან.
ეგარსლანმა ტუჩი მოიწმინდა, სასმისი აავსო და ჩორმაღონისკენ წავიდა, უფროს ნოინს მიეახლა, მუხლზე ჩაიჩოქა და ჯამი გაუწოდა.
_ ინებეთ, მბრძანებელო!
_ ესეც უნდა დავლიო? _ იკითხა და თავის სავსე ჯამზე მიუთითა.
_ არა, მბრძანებელო, მხოლოდ მოწოდებული სასმისით უნდა შესვათ, _ შეჰღიმა ეგარსლანმა.
_ რაკი ყველამ დალია, ჩვენც დავლიოთ, _ თქვა ჩორმაღონმა, ნოინებს ანიშნა და ღვინოს დაეწაფა.
ჯამში ნახევრამდე დაიყვანა ღვინო. სახე კმაყოფილებით გაებადრა, თავი ოდნავ ასწია, ტუჩები ენით მოილოკა და აღტაცებით თქვა:
_ ოო! ეს მართლა შარბათი ყოფილა! _ ისევ მოიყუდა ჯამი და ახლა სვენებ-სვენებით, გემოს ჩაყოლებით განაგრძო სმა.
ჯამები დაცალეს და საჭმელს მიუბრუნდნენ.
ერთხანს ხმამაღლა, ხლაჭახლუჭით ჭამდნენ.
_ კიდევ დავლიოთ? _ იკითხა ჩორმაღონმა და ეგარსლანს მიაჩერდა.
_ მიირთვით! ღმერთმა შეგარგოთ! _ დაილოცა ეგარსლანი და მწდეებს ჩორმაღონის ჯამი გაუწოდა.
_ ხომ არ დაგვათრობს? _ იკითხა ჩაღატა ნოინმა, ეშმაკურად გაიღიმა და ხმადაბლა დაუმატა, _ დიდებული ჩინგიზყაენის იასა დათრობას თვლის მონგოლი ვაჟკაცისათვის ყველაფერზე სამარცხვინოდ.
თარჯიმანმა ჩაღატას ნათქვამის პირველი ნაწილი თარგმნა მხოლოდ.
_ რა ბრძანებაა! ჯერ რა მიირთვით, რომ დაგათროთ! თქვენისთანა ვაჟკაცებს ღვინის დალევა როგორ შეეტყობა! _ გაამხნევა ბაკურციხელმა ნოინი.
ნოინებმა ჯამები ისევ უსიტყვოდ მოიყუდეს. დაცალეს ენის წლაკუნითა და ტუჩების ლოკვით, ერთხელ კიდევ მოიწონეს მოტკბო, საამო სასმელი.
ჩორმაღონი ისევ საჭმელს მიუბრუნდა და ეგარსლანს შეუძახა:
_ დალიე, დალიე, კარგად კი ლაპარაკობ, მაგრამ როცა ასეთი სასმელ-საჭმელია, ლაპარაკისთვის ვის სცალია!
ეგარსლანმა მაინც თქვა ორიოდე სიტყვა:
_ ახლა თქვენ გაგიმარჯოთ, მონგოლთა უძლეველი ყაენის სახელოვან ნოინებს, ღმერთმა ძლევა და მტერზე გამარჯვება ნუ მოგიშალოთ! კეთილი ყოფილიყოს საქართველოში თქვენი მოსვლა. თქვენი ერთგული სამსახური შეგვაძლებინოს და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი ბედნიერი ყოფილიყოს თქვენი დროშის ქვეშ!
ბაკურციხელი მიხვდა, მის ენამზეობას ყურს აღარავინ უგდებდა და ტყუილად იხარჯებოდა. ჯამი მოიყუდა, მაგრამ ბოლომდე როდი დალია. ჩორმაღონს არ გამოპარვია.
_ დაცალე, მთავარო! ღვინოს იზოგავ, თუ საწამლავს ერიდები! _ თავაუღებლად გასძახა და მწდეს ცარიელი ჯამი გაუწოდა.
ბაკურციხელმა ჯამი ისევ მოიყუდა და ახლა ბოლომდე დაცალა.
ნოინებმა ისევ უსიტყვოდ შესვეს და მწდეებმა ისევ პირამდე აუვსეს ჯამები. ერთიმეორეს აღარავინ უყურებდა, ჯამები უწესრიგოდ, თითქმის შეუსვენებლად ივსებოდა და იცლებოდა. ნელ-ნელა ხმაურმა იმატა და ბოლოს სუფრაზე ყურისწამღები ღრიანცელი ატყდა.
სხვაზე ადრე ჩორმაღონი დათვრა. ერთხანს რაღაც იყაყანა, თვალები დაებრიცა და პირზე დორბლი მოადგა. უწმაწურ ლანძღვა-გინებას მოჰყვა; დანარჩენი ნოინებიც აჰყვნენ, ერთიმეორეს დედ-მამის სულს სიცილითა და მხარზე ხელის ტყაპუნით უტრიალებდნენ და გინებას ისე ირგებდნენ, თითქო ერთმანეთისთვის ქათინაური ეთქვათ.
თარჯიმნები წითლდებოდნენ და აღარ თარგმნიდნენ. მერე ის იყო, ჩორმაღონს უზარმაზარი თავი ერთბაშად მოსწყდა, სუფრაზე დასდო და დაეძინა.
დანარჩენმა ნოინებმა ერთხანს კიდევ სვეს და იხითხითეს, ეტყობოდათ, თავიანთ უფროსს დასცინოდნენ. მერე ერთიმეორეს შეუტიეს და ერთმანეთზე კინაღამ საჩხუბრად მიიწიეს.
ეგარსლანი ენაჩავარდნილი შეჰყურებდა გონდაკარგულ ნოინებს, უნდოდა გაეგო, რა აჩხუბებდათ, მაგრამ მისი თარჯიმანი კარგა ხნის მიღებული ჰყავდა უფალს და ამხსნელ-მთარგმნელი აღარავინ იყო. როგორც იქნა, ჩხუბის გუნებაზე დამდგარი ნოინები დაცხრნენ და მათაც იქვე, სუფრაზე დაიძინეს.
ეგარსლანს თავითფეხამდე იარაღასხმული მონგოლი დაადგა თავს. მძინარ თარჯიმანს ხელი წამოარტყა და თვალი რომ გაახელინა, მკაცრად უთხრა:
_ გააგებინე ქართველ მთავარს... მე ნოინების მცველი რაზმის უფროსი ვარ, იცოდეს, რომ თუ ამ ღვინოში საწამლავი ურევია და ჩვენს მბრძანებლებს რამე ატკივდებათ, არა მარტო აქ მოსულ ქართველთაგან ვერავინ გადაურჩება სიკვდილს, მთელ საქართველოს ამოვხოცავთ და თქვენს ქვეყანაში ქვას ქვაზე აღარ დავტოვებთ!
_ მაგის ფიქრი ნუ ექნება ნოინების მცველს. დღეს გულმშვიდად დაიძინოს და პასუხი ხვალ მომთხოვოს, _ არხეინად განუცხადა ეგარსლანმა და სუფრიდან წამოდგა.

იმ ღამეს გვიანამდე თვალი ვერ მოხუჭა ეგარსლანმა. იმის ფიქრი არ აძინებდა, ხვალ რა გუნებაზე ადგებოდნენ ნოინები.
ყვარლის წითელი ღვინისა არ ეფიქრებოდა ბაკურციხელს, მის დამლევს ქვეყნის გაჩენის დღიდან თავიც არ წამოტკენია, მაგრამ ღვინოს შეუჩვეველმა მონგოლებმა ბევრი რომ სვეს და კიდევ უფრო მეტი ჭამეს, ვინ იცის, რომელს რა ატკივდება და, მათაც მეტი არა უნდათ რა, ეგარსლანის ღვინოს დააბრალებენ.
როგორც იყო, თვალი წაატყუა ეგარსლანმა, მაგრამ ძილი არ აცალეს, მსახურთუხუცესმა გააღვიძა, ბიჩუ ნოინი გიხმობსო.
ეგარსლანი სწრაფად წამოდგა.
თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა. შუაღამისას ბიჩუ უბრალოდ არ დაიბარებდა. ალბათ, რაღაც არაჩვეულებრივი და ეგებ მოულოდნელი რამეც მოხდა.
მონგოლი ნუქერი კართან უცდიდა. შეშფოთებულ თავისიანებს თვალი მოავლო ბაკურციხელმა.
_ წაგვიტანე.. მარტო ნუ წახვალ! _ შეევედრა მსახურთ­უხუცესი.
_ რა აზრი აქვს! _ ხელი აიქნია ბაკურციხელმა და ნუქერს ანიშნა, წავიდეთო.
ჩაბნელებული ქურენები უხმოდ გაიარეს, ბოლოს უთვალავ კარავს შუა ამართულ დიდ იურტასთან შეჩერდნენ. ნუქერმა კარვის კალთა გადასწია და ქართველ მთავარს განათებულ იურტაში შეუძღვა.
ბიჩუ ნოინი მხართეძოზე იწვა, წინ პატარა ტაბლაზე ხილი და საუზმე ეწყო.
_ შემოდი, მთავარო! ხომ არ გეწყინა, უდროო დროს რომ მოგიხმეთ.
_ რა ბრძანებაა, დიდებულო ნოინო! თქვენი სამსახურისთვის მუდამ მზადა ვართ, _ მიუგო გაღიმებულმა ეგარსლანმა და, ცოტა არ იყოს, შვება იგრძნო, რაკი ნოინის ნათქვამი ცუდის მომასწავებლად არ ეჩვენა.
_ ძალიან მომეწონა თქვენი სასმელი. ბევრი ვსვი, მაგრამ ცოტა რომ წავიძინე და გამომეღვიძა, ისე ვარ, თითქოს წვეთიც არ დამელიოს, არც თავის ტკივილი მაწუხებს, არც უგუნებობა. თუ გსურს, ცოტა კიდევ დავლიოთ ერთად, ერთიმეორეს უკეთ გავიცნობთ და ქვეყნის ავკარგზეც ვისაუბრებთ.
_ მაგას რა სჯობია, თუკი თქვენთან საუბრისა და ლხინის ღირსად გამხდით! _ თავი დაუკრა გახარებულმა ეგარსლანმა და ღვინის მოსატანად გაქანდა.
იმ ღამეს ხვევნა-კოცნითა და ერთგულების ფიცით გაიყარნენ მონგოლი ნოინი და კახეთის ერისთავი.
მეორე დღეს, როცა კახეთის დამორჩილებისა და ეგარსლანის შეწყნარების წიგნი დაიწერა, კახეთი გაათავისუფლეს ზოგიერთი იმ გადასახადისაგან, რომლებიც ყარაყორუმს არ იგზავნებოდა. სამაგიეროდ ღვინის გადასახადი გაუდიდეს და საგანგებოდ ჩაუწერეს, თუ ყოველწლიურად, რა დროს და რამდენი უნდა მიერთმია საქართველოში დაბანაკებული მონგოლებისათვის საუკეთესო კახური ღვინო.
ბაკურციხელი გახარებული დაბრუნდა ურდოდან. ამიერიდან მისი სამკვიდრო დაშოშმინდებოდა, რბევა და სისხლის ღვრა შეწყდებოდა. მორჩილებისა და შეწყნარების პირობები მძიმე იყო, მაგრამ სხვა ქართველ მთავრებთან შედარებით მას რაღაც დაუთმეს და მცირე შეღავათი მისცეს.
უმთავრესი და უმძიმესი შეწყნარების პირობათაგან სამხედრო ბეგარა იყო: ყოველ ათ სულზე კახელებს ორი მეომარი უნდა გამოეყვანათ. მაგრამ მონგოლთა სამხედრო ბეგარა ყველასათვის ერთნაირად მძიმე და უშეღავათო იყო და ნოინებს რომ ძალიანაც სდომოდათ, ჩინგიზყაენის მიერ დაწესებულ ამ ვალდებულებას დაპყრობილ ხალხებს ვერ შეუმსუბუქებდნენ.
მონგოლთა მორჩილ მთავრებსა და მათ შორის ეგარსლანსაც ერთი ჰქონდათ სანუგეშოდ: მონგოლებს დედამიწის ზურგზე დაუპყრობელი თითქმის აღარა რჩებოდათ რა და ვისთანღა უნდა ეომათ!
მაგრამ ქვეყანა დიდი იყო და ჯერ სისხლიც ბევრი იყო დასაღვრელი!
ეგარსლან ბაკურციხელი შეწყნარების პირობებს სანიმუშოდ ასრულებდა: ხარკსა და გადასახადს თავის დროზე იხდიდა, ლაშქრად გაყვანილ კახელებს წინ თავად მიუძღოდა და ბრძოლის ველზეც ვაჟკაცურად იბრძოდა. მონგოლებისაგან შორს იყო, მაგრამ მათთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა და ამას ისე ოსტატურად ახერხებდა, ვერც ქართველები დააყვედრებდნენ რასმე, არც მონგოლ ნოინებს აძლევდა ახირებისთვის რაიმე მიზეზს.
უცხოთა მორჩილებას შეუჩვეველ ქართველებს მალე დაუმძიმდათ მონგოლთა უღელი, ჰაერს გარდა თითქმის ყველაფერზე გადასახადს იხდიდნენ თავიანთსავე სამკვიდროში, მაგრამ ამას კიდევ გაუძლებდნენ. გამუდმებულმა ომებმა მოღალა და გასტეხა ქართველობა.
საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდობა მონგოლთა მტრების მიუვალ ციხე-სიმაგრეებს აწყდებოდა ან დაუსრულებელ ალყაში სახადითა და სენით იღუპებოდა.
რუსუდან მეფე გარდაცვლილი იყო. ტახტის ორი მემკვიდრე ყარაყორუმის კარზე ეცილებოდა ერთიმეორეს ტახტსა და გვირგვინს და საქართველოს სახელმწიფო უმეფოდ იყო.
ქართველი მთავრები ერთთავად სულ მონგოლთა ლაშქარში, საქართველოდან შორს იბრძოდნენ და ქვეყანა უპატრონოდ იყო დაგდებული. მომთაბარე მეზობლები ამით სარგებლობდნენ, საქართველოს თავს ესხმოდნენ, არბევდნენ და აწიოკებდნენ.
რაკი ერთი მიზანი და ერთი გვირგვინი აღარ აერთიანებდათ, საქართველოს ცალკე სამთავროების ერთმანეთთან შეუთანხმებელ მოქმედებას ნაყოფი არ მოჰქონდა.
სამეფოს მოწინავე ადამიანები გრძნობდნენ ამ გათიშულობის დამღუპველობას და თავიანთ პასუხისმგებლობას ერისა და მომავლის წინაშე.
ქვეყანას, ხალხს დროზე უნდოდა შველა, ვიდრე სრული გადაგვარებისა და მოსპობის საფრთხე არ დადგებოდა.
„ამა შფოთთა შინა“ ეზრახნეს ერთურთს სამეფოს ბედზე მზრუნველი ქართველი მთავრები, მონგოლთა წინააღმდეგ შეითქვნენ და კოხტისთავს შეიკრიბნენ იმის საბოლოოდ გადასაწყვეტად, ვის რამდენი მეომარი გამოეყვანა და როდის, სად დაეწყოთ აჯანყება.
შეთქმულება გამჟღავნდა.
ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება და შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ იმ კეთილშობილ რაინდთა შორისაც აღმოჩნდა მოღალატე, რომელმაც შეთქმულება გასცა.
მაგრამ, როცა სარწმუნო საბუთი არ არსებობს, ძნელია ვისმე ღალატი დასწამო და იუდას ცოდვა აჰკიდო.
ამიტომ იჩენს სანაქებო სიფრთხილეს კოხტისთავის შეთქმულების ამბის თხრობისას ჟამთააღმწერელი.
„ვითარ ესმა თათართა ერთგან შეკრება ქართველთა, წარმოვიდეს ბიჩუ და ანგურგ და მოვიდეს კოხტასთავსა, დახვდეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი“.
„ესმა თათართა“, ისეა ნათქვამი, თითქოს ვიღაცისგან ყური მოეკრათ, ან ჭორად გაეგონათ მონგოლებს ქართველ შეთქმულთა შეკრების ამბავი. ამ ზოგად ნათქვამში ცალკე პიროვნება არ იგულისხმება, ღალატი და გაცემა კერძოდ არავის ბრალდება და ეჭვი არავისზეა მიტანილი.
სახელმწიფო მოღვაწეთა ცხოვრებაში ხშირია ისეთი სულიერი გარდატეხები, რომლებიც სრულიად ცვლიან ამ მოღვაწეთა მიზანსა და მიმართულებას. სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანები ძნელად ურიგდებიან მტრის მორჩილებას, ბრძოლის ველზე დამარცხებულები არაერთხელ უპირისპირდებიან დამპყრობლებს და უთანასწორო ბრძოლაში ცდილობენ მათი უღლისაგან თავის დახსნას. ბოლოს, როცა მთელი ქვეყნის მოწინავე ძალების ერთი მიზნით გაერთიანება ხდება, ერთადერთი იმედი იმასღა ემყარება, მტერზე მოტანილი ეს უკანასკნელი იერიში გამარჯვებით დაგვირგვინდეს.
მაგრამ კაცი ბჭობს და ღმერთი იცინის.
ამბოხება მარცხდება, შეთქმულნი ისჯებიან და სასჯელმოხდილი მამულიშვილები დამპყრობთა უერთგულესი მსახურნი ხდებიან.
კოხტისთავის შეთქმულების მარცხის შემდეგ ქართველმა მთავრებმა და მათ შორის ბაკურციხელმაც, საბოლოოდ ირწმუნეს მონგოლთა წინააღმდეგ ბრძოლის უაზრობა და ქვეყნისა და თავის გადარჩენისათვის ახალი გზების ძებნა დაიწყეს. რაკი მტრისათვის თავის შეკვლას აზრი არ ჰქონდა, იმ მტერთან შერიგებითა და თანამშრომლობით სამშობლოსა და ხალხისათვის სარგებლის მოტანა უნდა ეცადათ და ეგარსლანი ამ გზას დაადგა.
თუ შეთქმულებამდე მონგოლ ნოინებთან ზედმეტ სიახლოვეს ეკრძალებოდა, სირცხვილისა და თავმოყვარეობის გრძნობა ნებას არ აძლევდა, მკერდში ჩაკვროდა მისი ქვეყნის დამმონებლებს, ახლა უკვე წინ აღარაფერი უდგებოდა, იმას ვერავინ იტყოდა, ცდას დააკლო და მონგოლთა წინააღმდეგ ბრძოლას მათი ერთგული სამსახური არჩიაო.
მთელმა ქვეყანამ კარგად იცოდა, როგორ მხნედ დაუხვდა შემოსეულ მტერს ეგარსლან ბაკურციხელი, როგორ ხანგრძლივად გაუწია წინააღმდეგობა მათ დამკვიდრებას კახეთში და, ბოლოს, როგორ გასწირა თავი სასიკვდილოდ უძლეველი მონგოლების ბატონობის დასამხობად შეთქმულებაში მონაწილეობით.
ხელფეხშეკრულს, შიშველ ტანზე თაფლწასმულს ბზიკები ეხვია და უდაბნოს ცხელი მზე სწვავდა.
ცოტნე დადიანს რომ არ მოესწრო და მის მოსვლას სასწაულებრივად არ ეხსნა, ეგარსლანიც, სხვა შეთქმულებთან ერთად, ხერხემალგადატეხილი, სადმე ხრამში ეგდებოდა.
სიცხისაგან კანდათუთქული და კრაზანებისაგან დაკბენილი, თავპირდასიებული ბაკურციხელი სიკვდილს გადარჩა, მაგრამ თავდახსნილს ფეხზე დგომა აღარ შეეძლო. კახეთში ურმით ჩამოიყვანეს მწოლიარე და სამ თვეს სასიკვდილოდ იყო გადადებული.
ქვეყნის ყველა კუთხიდან მოწვეულმა მკურნალებმა არც თავი დაზოგეს, არც ცოდნა და გამოცდილება დაიშურეს, ღამეები უთიეს და ათასგვარი მალამოთი და წამლით, შემრგო სასმელ-საჭმლითა და სათუთი მოვლით, როგორც იყო, სააქაოს მოაბრუნეს და ნელ-ნელა ფეხზე დააყენეს.
მომჯობინებული ეგარსლანი ხედავდა: ვინც მონგოლ ნოინებთან სიახლოვესა და კარგ ურთიერთობას ახერხებდა, თავადაც ხელმომთბარი იყო და მისი სამთავროც მშვიდობიანად ცხოვრობდა. ვის ჰქონდა უფლება კახეთის ერისთავისთვის მონგოლებთან დამეგობრება ესაყვედურებინა? ვის გადახდა მასზე მეტი ჭირი და უბედურება?!
როგორც მოიკეთა და ცხენზე ჯდომა შეძლო, ნოინებს დიდი ძღვენი გაუგზავნა.
ცოტა ხნის მერე თვითონ ეახლა ბიჩუ ნოინს ძვირფასი საჩუქრებით, სანადიროდ გამოიტყუა და კახეთში ერთ კვირაზე მეტს ჰყავდა.
გააგიჟა ბაკურციხელმა მონგოლი ნოინი. მსგავსი არც ნადირობა ენახე ბიჩუს, არც მასპინძლობა. ეგარსლანი ყოველდღე ახალ-ახალ შესაქცევარს იგონებდა, ერთიმეორეზე სასიამოვნოსა და მიმზიდველს, თვალის გახელიდან ლხინი და გართობა იწყებოდა და ბიჩუ ნოინი ყოველდღე უგონო მთვრალი იძინებდა, მაგრამ ნოინს ის ათამამებდა და ახალისებდა, რომ მეორე დღეს კიდევ უფრო ღონემოჭარბებული და გუნებაგამოკეთებული დგებოდა.
სადაც უნდა შეესვენათ, ნადირობისა და მოგზაურობის დროს, მიუვალ მთებსა თუ უღრან ტყეში, ყველგან სუფრა ხვდებოდათ გაშლილი და ყველგან უხილავი ხელის მიერ მოწყობილი სახიობა, ცეკვა-თამაში და გალობა ატკბობდა სინატიფეს შეუჩვეველი მონგოლის თვალსა და სმენას. ღვინომოკიდებული, თავადაც საცეკვაოდ მიიწევდა, დათვივით ბუქნავდა და გულისგამაწყალებლად გაჰკიოდა ერთსა და იმავე სიმღერას, მოსაწყენსა და გაუგებარს.
კახეთიდან წასვლა აღარ უნდოდა და, ალბათ, დიდხანს არც წავიდოდა, ილხანს რომ საომრად არ დაებარებინა.
გულდაწყვეტილი აიყარა, თან ეგარსლანი და კახელი მეომრები გაიყოლა და ჰულაგუ ყაენისათვის მისართმევად კახური ღვინოც ბლომად წაიღო.
ბაკურციხელმა იმ ომში დიდი მხედრული ხელოვნება აჩვენა, არაჩვეულებრივი გმირობა გამოიჩინა, კახელ მეომრებთან ერთად პირველმა შელეწა მტრის სიმაგრე, ციხეში შეიჭრა და საშინელება დაატრიალა.
ჰულაგუ ყაენი შორიდან უყურებდა ციხის იერიშს. კახელი გოლიათის კვეთებამ და თავზეხელაღებამ მოხიბლა. ციხის დაცემის შემდეგ მოიკითხა. ბიჩუ ნოინმა კახეთის ერისთავი უქო, მაგრამ მოზომილად. იცოდა, ბაკურციხელის ერთხელ შეხვედრა იკმარებდა სუფრაზე ჰულაგუ ყაენთან, რომ შემდეგ მბრძანებელს უმისოდ პური აღარ ეჭამა.
ბიჩუ ნოინს კი თავისი ანგარიში ჰქონდა, მისი საგამგეო ქვეყნიდან ყაენის კარზე ამბის მიმტანად თავისთავის მეტი სხვა არავინ უნდოდა.
_ მამაცი ვაჟკაცი ჩანს. ხომ არ მოვიხმოთ და დავასაჩუქროთ? _ იკითხა ყაენმა და ნოინს ქვეშ-ქვეშ გახედა.
_ სწორედ რომ ღირსია მბრძანებლის წყალობისა, მაგრამ დაჭრილია და თქვენს ხლებას ვერ შეძლებს. ისე კი, თუ თქვენი ნება იქნება, თქვენს ბრძანებას გადავცემ, გაახარებს და წაახალისებს შემდგომი ერთგულებისათვის, _ თავდახრით თქვა ბიჩუ ნოინმა.
ბიჩუ ნოინი ტყუილის თქმას ვერ გაბედავდა ყაენის წინაშე. ეგარსლანი მართლაც დაჭრილი იყო მუხლში მსუბუქად. ერისთავი თავის კარავში იწვა, მაგრამ ისე უღონოდ როდი იყო, ყაენის ხლება ვერ შეძლებოდა. მსუბუქი კი არა, მძიმე ჭრილობაც არ გააჩერებდა, ჩიტივით წამოფრინდებოდა და ილხანის მოსახიბლად თავს არ დაზოგავდა, იმ თავის ჭრილობაზეც იცინებდა და მბრძანებელსაც აცინებდა, გუნებას გაუხალისებდა და საზრუნავს დაავიწყებდა, დალევდა და დაალევინებდა და...
სწორედ ეს არ უნდოდა ბიჩუ ნოინს და ეგარსლანის მსუბუქი ჭრილობა კარგად მოიმიზეზა _ დაჭრილიაო, მოახსენა ყაენს და ეს იკმარა. იცოდა, ჰულაგუს დიდად არ ედარდებოდა ქართველი მთავარი და მისი ჭრილობის რკვევისათვის თავს არ შეიწუხებდა.
ყაენთან არ მიუშვა ბიჩუ ნოინმა ქართველი მთავარი, მაგრამ თვითონ კი გვერდიდან აღარ იშორებდა, უიმისოდ შორს აღარსად მიდიოდა, ყოველ კვირაში თავის კარზე იბარებდა და თუ თან არ ჰყავდა, მოწყენილი იყო.
საქართველოს ამბებს მხოლოდ მას ეკითხებოდა, ქვეყნის ავ-კარგზე მას ეთათბირებოდა და სხვა მთავრებს მისი რჩევითა და დასტურით უსწორდებოდა.
ბოლოს ისე შორს წავიდა, რომ მასთან საჩივლელად ან საქმის გასარიგებლად მისულ ქართველ მთავრებს თავისთან არ უშვებდა და ბაკურციხელთან გზავნიდა:
_ უთხარით, რომ არ მცალია. კახეთის ერისთავს ეახლონ და რასაც ის გადაწყვეტს, ყაბულს ვიქნები, _ უთვლიდა ძღვნითა და საჩივრით მოსულ მთავრებს ბიჩუ ნოინი, ძღვენს თვითონ იტოვებდა და საჩივარს ეგარსლანს უგზავნიდა.
გულზე სკდებოდნენ თავიანთი მაღალი წარმოშობითა და სიმდიდრით გაამპარტავნებული მთავრები.
_ ღორის ტილს ფეხზე დაისვამ, თავზე აგაღოღდება! _ ჩურჩულებდნენ კეთილშობილი მთავრები და გულს ასკდებოდნენ.
რა არ იღონეს შანშე ზაქარიას ძემ და ვარამ გაგელმა, ჰულაგუ ყაენთანაც კი იჩივლეს, მაგრამ ყველა არზა და საჩივარი ბიჩუ ნოინს უვარდებოდა ხელთ. ბიჩუ ეგარსლანის ძვირს ყურში არ უშვებდა და ბაკურციხელის გამკითხავი, პასუხის მომთხოვი აღარავინ იყო.
მეფე არ ერქვა ეგარსლანს, თორემ მეფესავით მართავდა ქვეყანას.
დიდგვაროვანი მთავრები თანდათან თრგუნავდნენ საკუთარ თავმოყვარეობას, თანდათან ქედს იდრეკდნენ და ცდილობდნენ, შეჩვეოდნენ ეგარსლანის ხელქვეითობას.
შეეჩვეოდნენ კიდეც, რომ...

შანშე მხარგრძელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. დიდი თამარის სახელოვანი მხედართმთავრის მემკვიდრე, თავად რუსუდან მეფის მანდატურთუხუცესი, ეს ერთი ხანი ავადმყოფობდა. რომ გეკითხათ, რას უჩივიო, ვერ გეტყოდათ, არაფერს იტკივებდა, მაგრამ უღონობას ვერ ერეოდა, ერთთავად უგუნებოდ იყო და გარეთ გახედვა არ უნდოდა.
იწვა კედლისკენ პირმიქცეული და ფიქრობდა, საფიქრალი და საწუხარი კი ბევრი ჰქონდა გარდაცვლილი მეფის ვაზირყოფილსა და უპირველეს მთავართაგანს.
როგორ უკუღმა შებრუნდა საქართველოს ბედის ტრიალი, სამეფო, რომელიც სხვებს სცემდა შიშის ზარს და რომელიც ჯერ კიდევ გუშინ იერუსალიმის განთავისუფლებასა და ბაღდადის დაპყრობაზე ოცნების ხორცშესხმისათვის ემზადებოდა, დღეს თვითონ იყო დაპყრობილი და დამხობილი, ქედზე მონგოლთა უღელი ედგა და მაღლა საფრენი ფრთები მოკვეცილი ჰქონდა.
ახლა საქართველო თვითონ არის სხვისი მოხარკე. შანშეს მამულში უცხო დამპყრობლები დგანან და მხარგრძელთა სამკვიდრო ანისი ურდოს სამყოფელად არის ქცეული. მონგოლები, ვიდრე ფეხს კარგად მოიდგამდნენ, ქართველ მთავრებს კიდევ უწევდნენ ანგარიშს, მათი წინააღმდეგობის საბოლოოდ დათრგუნვა უნდოდათ და ერთხანს ეფერებოდნენ. მერე, როცა ქართველებმა უაზრო წინააღმდეგობაზე ხელი აიღეს და დამპყრობლებს თავიანთი ციხე-სიმაგრეები ჩააბარეს, მონგოლებმა წყალობასა და ფერებას უკლეს, ქვეყანას ისე მართავდნენ, თავიანთ საგამგეოში ქართველ მთავრებს აღარაფერს ეკითხებოდნენ, თავგასულები, როგორც სურდათ, ხალხს ისე ექცეოდნენ; კეთილშობილსა და აღმატებულ ქართველ მთავრებს ერთადერთი უფლებაღა დაუტოვეს დამპყრობლებმა _ თავთავიანთი ლაშქრის წინ გაძღოლა და მონგოლთა მტრებზე იერიშის მიტანა. ძალა აღმართსა ხნავს და დიდგვარიანი მთავრები შეეგუენ უცხო მბრძანებელთა მორჩილებას, მათ მოხარკეობასა და სამსახურს. ეს გარდუვალი იყო და რაკი ბედისწერასთან ვერც ხმლით გახდნენ ვერაფერს, ვერც თავის განწირვით, ბედის განაჩენის დამორჩილებისა აღარ რცხვენოდათ.
სამარცხვინო მხოლოდ ის იყო, რომ ბოლო დროს მონგოლებმა მხარგრძელებსა და თმოგველებს, სურამელებსა და ციხისჯვარელებს, დადიან-ბედიანებსა და ჰერეთის ერისთავებს, გაგელებსა და თორელებს, მათზე არაუგვარიანესი, კახეთის ერისთავთერისთავი დაასვეს თავზე _ ეგარსლან ბაკურციხელი.
ამ მედროვემაც შეიფერა მონგოლების პატივი. უზომოდ გაიბერა და გათავხედდა, ცა ქუდად აღარ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. ჯერჯერობით ბაგრატიონთა ტახტზე ვერ დაჯდა და თავს მათი გვირგვინი ვერ დაიდგა, თორემ მეფობას სხვა აღარა აკლდა რა: ქვეყანას თავის ნება-სურვილზე მართავდა და იმ ქართველ მთავრებს, გუშინ რომ მხარში ამოდგომას ვერ უბედავდა, დღეს თავის კართან ალოდინებდა, ზოგჯერ მათი აჯის მოსმენასაც არ კადრულობდა და მათი ყმებისა და მამულების ბედს მათ დაუკითხავად წყვეტდა. მონგოლ ნოინთა მძლავრობა და თავგასულობა ვეღარ აიტანა შანშეს ბიძაშვილმა, საქართველოს უპირველესმა ვაზირმა ავაგ მხარგრძელმა და აკი ამიტომაც წავიდა ყარაყორუმს! ბუნებით მშვიდი, ნებიერ ცხოვრებას შეჩვეული ავაგი ესოდენ ძნელსა და საშიშ გზას არ დაადგებოდა, მაგრამ ნოინთაგან ათვალწუნებულს, თავის ქვეყანაში აღარ ედგომებოდა. ერთადერთი იმედი წართმეული უფლების აღდგენისა ყარაყორუმს წასვლა, დიდი ყაენის ხლება და მისთვის წყალობის გამოთხოვა იყო.
ყარაყორუმს წასვლა თითქმის საიქიოს გამგზავრებად ესახებოდათ ქართველებს.
აგერ მეორე წელია ავაგ ათაბაგის აღარაფერი ისმის, მკვდარია თუ ცოცხალი კაცმა არ იცის. რამდენჯერ გაუკიცხავს შანშეს ავაგი თავის გულში: ყოფილიყო ამ თავის ქვეყანაში და ეცხოვრა ჩვენსავით. მარტო ქართველებზე ხომ არ ბატონობენ მონგოლები, სხვა ქვეყნების მეფეები და მთავრებიც ბევრნი მორჩილებენ მათ, ფიქრობდა თავისთვის შანშე მხარგრძელი და ნანობდა, რომ არ დაუშალა ბიძაშვილს ესოდენ სახიფათო გზაზე დადგომა. მაგრამ ეს შარშან იყო. მაშინ, ავაგის დროს, ეგარსლანი ჯერ კიდევ არ იყო ასე აღზევებული და თავგასული. ავაგი რომ ეგარსლანის ესოდენ გათავხედებას შესწრებოდა, ალბათ, ყარაყორუმში კი არა, ჯოჯოხეთში წასვლასაც არჩევდა საქართველოში დარჩენას და ეგარსლანის მბრძანებლობის მორჩილებას.
ნეტავ შანშესაც შეეძლოს ყარაყორუმს გამგზავრება.  წასვლისას ავაგმა აღუთქვა, შენს საქმესაც გავარიგებო, და გაარიგებდა კიდევაც, თუ ცოცხალია. მაგრამ რახანია ავაგის აღარაფერი ისმის. გინდ მკვდარი, გინდ შინმოუსვლელი!
ეგარსლანმა მაშინვე მტრულად შეხედა ყარაყორუმს ავაგის გამგზავრებას. ერთხანს, ალბათ, ფიქრობდა, ვინ იცის, ეგებ მართლა დიდი ყაენისგან შეწყნარებული მობრუნდესო. ავაგის საგამგეო ქვეყანას არ აწუხებდა და შანშეს მიმართაც ძალის გამოჩენის ერიდებოდა. ბოლო დროს, როცა ავაგის დაბრუნების იმედი გადაიწყვიტეს, ეგარსლანი მის მამულებსაც მისწვდა და შანშე მხარგრძელსაც მბრძანებლობა დაუწყო.
მხარგრძელმა გაუხედნავი კვიცივით იხუა ბაკურციხელის აღვირი, მის ბრძანებებს არ დაემორჩილა და ნოინებ­თან უჩივლა. საჩივრითა და წინააღმდეგობით რომ ვერაფერს გახდა, საკუთარ მამულში ჩაიკეტა და შინიდან გამოსვლა აღიკვეთა. იწვა ბოღმით გასიებული, კედლისკენ გადაბრუნებული და შავი ფიქრებით აფორიაქებული საკუთარ გულს ასკდებოდა.
ფეხის ხმა ჩაესმა.
ოთახში ვიღაც შემოვიდა.
_ გძინავს, მამა-ბატონო?
შანშემ გადმობრუნება არ ინდომა, ხელის გაქნევით ანიშნა, არ მძინავსო.
_ მონგოლები მოდიან, სადაცაა აქ გაჩნდებიან.
_ რაო? _ გველნაკბენივით შეხტა შანშე, ლოგინზე წამოიწია და შვილისკენ შემობრუნდა, _ რაო, თავს გვესხმიან? _ იკითხა შეშფოთებულმა.
_ თავდამსხმელებს არ გვანან, მცირე რაზმია. მთელი ჩვენი სამკვიდრო ისე გამოუვლიათ, არც ვინმე დაურბევიათ, არც სადმე საძარცველად შეჩერებულან. პირდაპირ აქეთ მოდიან.
_ ნეტავ რა უნდათ? _ ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა შანშემ და კბილი გააღრჭიალა, ტანსაცმელს მისწვდა და სწრაფად შეუდგა ჩაცმას, _ გალავანი ჩავკეტოთ და ჯა­ლაბი ციხეში შევხიზნოთ, ზაქარია! ხალხი თუ იხმე?
_ ყველა ფეხზე დავაყენე. ქალებსა და ბავშვებს ახლავე ციხეში შევიყვან. თუმცა მცირე რაზმი ყოფილა და არა მგონია, ავი განზრახვით იყვნენ.
_ მაგათსას ვერას გაიგებ... რაც არ გგონია, სწორედ იმას იზამენ.
შანშე ხმალ-ხანჯალს მისწვდა და ორივენი გარეთ გამოვიდნენ.
იარაღასხმული ვაჟკაცები ეზოში შეკრებილიყვნენ.
_ ბიჩუ ნოინი მოუძღვით თურმე, ათიოდე კაცი ხლებია, _ მოახსენა ციხისთავმა.
_ დასარბევად გამოსვლას არ ჰგავს, მაგრამ ბიჩუ ნოინს რა უნდა უნდოდეს? _ იკითხა შანშემ და შეკრებილთ თვალი მოავლო.
ორმოცდაათამდე რჩეული ვაჟკაცი საომრად აღჭურვილი იდგა, თავჩაჩქნიანებს ხელთ ფარშუბები ჰქონდათ დაბღუჯული და ბრძანებას ელოდნენ.
_ ქალები და ბალღები მაინც დახიზნე, ზაქარია, გალავნის კარს ნუ დავკეტავთ, _ იძლეოდა განკარგულებას შანშე, _ ციხისთავო! ეს ხალხი ციხეში დამალე. თუ გასაჭირი იქნება, გაცნობებთ.
ციხისთავმა თავი დაუკრა.
_ მომყეთ! _ გადასძახა იარაღასხმულებს და ციხისკენ წაუძღვა.
ქალები და ბალღები ციხეში იხიზნებოდნენ, კაცები აჩუმებდნენ, მაგრამ დედაკაცები მაინც გნიასობდნენ, წყევლა-კრულვითა და ქოქოლით გარბოდნენ და თან წიწილებივით დაწიოკებული ბავშვები მისდევდათ.
_ შენც ციხეში შედი, ზაქარია! _ ბრძანა შანშემ.
_ მე შენთან დავრჩები, მარტო ვერ დაგტოვებ, _ გადაჭრით თქვა ზაქარიამ.
შვილის გაუგონრობას შეუჩვეველმა შანშემ წარბი შეიკრა.
_ მე რომ გვერდით გეყოლები, მოგერიდებიან, აუგს ვერ გაკადრებენ, _ დასძინა ზაქარიამ.
შანშემ აღარაფერი უთხრა.
სათვალთვალო კოშკში მდგარ გუშაგს ახედა და იკითხა:
_ შორს არიან?
_ ჯერ არ ჩანან, მთავარო.
_ კარი მაინც დავკეტოთ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, _ ხმამაღლა შეჰბედა მამას ზაქარიამ, _ ბიჩუ ნოინს არ გავუფრთხილებივართ, ვერ იტყვის რომ კარი დავუხშეთ.
შანშემ შვილს შეხედა, დასტურის ნიშნად თავი დაუქნია.
ზაქარიამ კართან მდგარ გუშაგებს გასძახა და რკინის მძიმე კარი ნელა მიიხურა.
_ მაღლა ავიდეთ, _ თქვა ზაქარიამ და ციხისკენ ხელი გაიშვირა.
შანშე დაჰყაბულდა.
ციხის სათვალთვალოდან გაჰყურებდა მამა-შვილი. შორს ჯერ მტვრის სვეტი გამოჩნდა, შემდეგ იმ მტვერში თანდათან ცხენოსნები გამოიკვეთნენ.
გალავანს რომ დაუახლოვდნენ, ცხენები ნაბიჯზე გადაიყვანეს.
რაზმი მართლაც მცირე იყო, ბიჩუ ნოინს შვიდიოდე კაცი თუ ახლდა.
ნოინი დაწინაურდა, ცხენი რკინის კართან მიაგდო და მაღლა ასძახა:
_ მასპინძელო!
ზაქარიამ ციხის სარკმელში გამოხედვა დააპირა, მაგრამ მამამ არ მიუშვა, უკან დასწია.
_ ციხეში სამტროდ ჩაკეტილი ვეგონებით, ეგრე დახვედრა არ ივარგებს... ძირს ჩავიდეთ და კარი გავუღოთ! _ ბრძანა შანშემ და კიბეს დაუყვა.
_ მასპინძელო! _ ისევ ასძახა ბიჩუ ნოინმა და კარზე შუბის ტარით დააბრახუნა.
გუშაგები გალავნის ნაპირას წარსდგნენ.
_ თქვენს მთავარს მოახსენეთ, სამახარობლოდ მოვსულვართ.
შანშემ მხრები აიჩეჩა, შვილს გაოცებულმა შეხედა. მერე ნიშანი მისცა და რკინის კარი მძიმედ გაიღო.
ცხენდაცხენ შემოვიდნენ მონგოლები. მთავარი და მისი მემკვიდრე დინჯი ნაბიჯით შეეგებნენ.
შანშე არ ელოდა, შორიახლო შეაჩერა ბიჩუ ნოინმა ცხენი და დაიქვეითა.
_ მთავარო, სამახარობლო მეკუთვნის! _ შესძახა წინ შეგებებულ შანშეს და ხელგაშლილი წამოვიდა, _ ათაბაგი ავაგი მშვიდობითა და ყაენის წყალობით დაბრუნდა.
შანშე ყურს არ უჯერებდა.
_ რას ბრძანებთ, ნოინო!
_ დიდი ყაენის მიერ შეწყნარებული და დაჯილდოებული ავაგი ახლა ჩვენს მბრძანებელთან, ჰულაგუ ყაენთანაა.
_ ნუთუ ცოცხალია?
_ ცოცხალია და მალე აქ იქნება. დიდ ყაენს იარლიყი მიუცია, საქართველოს სამეფოს პირველ მთავრად უცვნია და დიდებული ილხანის განკარგულებით, ჩვენც ყველამ მისი პირველობა უნდა ვაღიაროთ.
_ შენს პირს შაქარი, ნოინო! _ შესძახა შანშემ და თაყვანის საცემად დაჩოქება დააპირა.
_ ნუ, თავადო... ნუ... ეგ რა საკადრისია! _ მუხლზე დაცემა არ დაანება ბიჩუმ. _ გილოცავ, გულით გილოცავ! _ გაიღრიჭა და მთავარს მოეხვია. მერე ზაქარიას მოხედა, საჩხუბრად შემართული მთავრის ჭაბუკი მემკვიდრე გაოცებული უყურებდა ბიჩუსა და შანშეს ხვევნას.
_ შენც გილოცავ! _ ცალყბად უთხრა ბიჩუმ გოროზად მზირალ ზაქარიას და ხელი გაუწოდა. _ წერილიც მოგართვით, მთავარო! ავაგ ათაბაგს შენთვის წიგნი მოუწერია, _ ბიჩუ ნოინმა უბიდან გრაგნილი ამოიღო და შანშეს გადასცა.
_ ეს რა დღეს შევესწარი, ნოინო! შინ მობრძანდით, _ ბავშვივით გაიხარა შანშემ, _ ზაქარია, მსახურებს უხმე, სუფრა გაშალეთ.
_ შინ შესვლა არ ღირს. აქ სადმე ჩრდილში დავისვენოთ, დროც ბევრი არ გვაქვს, _ თქვა ბიჩუმ და უზარმაზარი კაკლის ხის ჩრდილისაკენ გაიწია.
_ თქვენს სურვილზე იყოს! _ დამორჩილდა შანშე.
მსახურები დატრიალდნენ, მონგოლებს ცხენები ჩამოართვეს, კაკლის ქვეშ ნოხები დაჰფინეს, თორნე გაახურეს, უშობელი დაკლეს!
სანამ სუფრა გაიწყობოდა, შანშე მხარგრძელი ცალკე განაპირდა, ავაგის წიგნს ჩაუჯდა და თვალცრემლიანი კითხულობდა ძნელი გზისა და ხიფათების, ბათოსა და მანგუ ყაენის სატახტოებში მისვლისა და ფათერაკების თითქმის დაუჯერებელ მოთხრობას.
ალბათ, ვერ წარმოიდგენთ, რა ჭირი და განსაცდელიც თავს გადამხდა, მაგრამ, ღვთით, ყოველივე კარგად დასრულდა და ყაენების დიდი წყალობით ვბრუნდებიო.
ბოლოს გადაკრულად იწერებოდა ავაგი: როგორც ჩამოვალ, კახეთში წაგიძღვებით, ტახზე უნდა ვინადიროთო, აშიაზე წვრილად გაკრული იყო მიწერილი: მალე შეგატყობინებთ, როდის და როგორ შემხვდეთო.
ნაქეიფარი ბიჩუ ნოინი საჩუქრებით ავსებული გაისტუმრა შანშე მხარგრძელმა.
ორი დღის შემდეგ საქართველოს მთავრები იწვია. ლიხთ­იმე­რეთიდანაც კი მოიპატიჟა. მხოლოდ ერთი აკლდა მთავართაგან _ ამდენ ხანს უპირველესად წოდებული ეგარსლან ბაკურციხელი.
_ ნეტავ, მისთვისაც გეხმო, სულ ერთია, გაიგებს! _ ჩუმად უჩურჩულა ფრთხილმა სურამელმა შანშეს.
_ გაიგებს, თორემ ყურზე ხახვი არ დამაჭრას! რაც აქამდე ვერ მიყო, აწი რაღას მიზამს! _ გადაიხარხარა მხარგრძელმა და სუფრასთან შემომსხდარ მთავრებს ავაგის წერილი ხმამაღლა წაუკითხა.
ბაკურციხელს არც შანშესთან ბიჩუ ნოინის სტუმრობა გამოპარვია, არც მთავრების შეკრების ამბავი. ხმები მოდიოდა და თვითონაც ხვდებოდა, რომ რაღაცას უმზადებდნენ უკმაყოფილო ერისთავები. მაგრამ მათი შფოთი ახალი ამბავი არ იყო. მათგან სიკეთეს არც მოელოდა და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ კვლავაც იოლად გაუსწორდებოდა ყველა წინააღმდგომს.
როცა ყველაფერი კარგად გამოიწვლილა, ძვირფასი ძღვენით დატვირთული ბიჩუს კარს მიადგა.
_ მის მამულსა და ქონებას ხელს არ ვყოფ, სხვა მხრივ კი ავაგიც, დანარჩენი მთავრებივით მე უნდა დამემორჩილოს, _ განუცხადა თავდაჯერებულმა ეგარსლანმა ბიჩუს და თვალი თვალში გაუყარა.
ვერცხლისწყალივით მოძრავი წვრილი თვალები წამით შეჩერდნენ და დამცინავად დააცქერდნენ გაქედმაღლებულ მთავარს.
_ შენ კი არა, მე აღარ დამემორჩილება ავაგ მხარგრძელი, მთავარო! ჰი-ჰი-ჰი... _ ჩაიქირქილა ბიჩუმ და მუხლზე ხელი დაირტყა.
_ ეგ შეუძლებელია! _ იტკიცა ეგარსლანმა.
_ შეუძლებელი აღარაფერია, როცა ავაგ ათაბაგს დიდი ყაენის იარლიყი ხელთა აქვს... პირველ ხანებში მაინც, სანამ დრო იმ იარლიყს არ მოაძველებს და ქედს ძველებურად არ მოვადრეკინებთ ათაბაგს. მაგრამ ეგ მე აღარ მომიწევს... ჰულაგუ ყაენი თავის კარზე მიხმობს, მალე აქედან სამუდამოდ უნდა წავიდე და მხარგრძელის მოთოკვაცა და თქვენი მორიგებაც სხვა ნოინს მოუხდება.
_ ხუმრობთ, ბატონო? _ გაოცებისაგან პირი დააღო ეგარსლანმა.
_ რა სახუმაროა! ამ დღეებში ჩემი შემცვლელი ნოინი მოვა!..
_ ეგ როგორ? შენ რატომ უნდა შეგცვალონ? ყაენს ერთგულება დააკელი თუ სამსახური?.. რა დანაშაული მიგიძღვის?
_ რატომ უნდა შემცვალონო? ეგ ვინ იცის, ჩემო ეგარსლან? დანაშაულად ეგებ ისიც კმარა, რომ თქვენთან დიდხანს მოვათიე და აქაურობას შევეჩვიე, _ ბიჩუ ნოინს სახე მოულბა და თვალი მოუწყლიანდა.
ეგარსლანი მიხვდა: ამიერიდან ბიჩუ ნოინს მფარველი თვითონ ჰყავდა საძებნელი და მის იმედად ქვეყნის მართვა კი არა, შინ ჯდომაც აღარ შეიძლებოდა.
სხვა რაღა გზა იყო.
ვიდრე ბიჩუს შემცვლელი ნოინი გამოჩნდებოდა და მასთან დაახლოებას მოახერხებდა, ეგარსლანს თავი ისე უნდა მოეჩვენებინა, ვითომ ავაგ მხარგრძელის აღზევება და სამშობლოში დაბრუნება სხვაზე მეტად უხაროდა. ჯერ, ერთხანს ასე იქნება, მერე დრო თვითონ უკარნახებს, ვის როგორ მოექცეს ბაკურციხელი. ბიჩუ ნოინი ბუნებით ფრთხილი კაცია და იმასაც კი დასცდა: დრო მოაძველებს ავაგის იარლიყსო!
როგორც კი აცნობეს, თბილისში შანშე მხარგრძელი გამოჩნდაო, მის ხლებას როდიღა დაელოდა, როგორც ნაჩვევი იყო, იქით ეწვია და გადაეხვია:
_ ავაგის მობრუნების ამბავი შევიტყვე და გული აღარ დამიდგა, მაშინვე შენსკენ გამოვქანდი. მომილოცავს, ცოცხალი და ყაენისაგან აღზევებული რომ ბრუნდება, _ შანშეს ძმურად გადაეხვია ეგარსლანი და ხმადაბლა დაუმატა, _ ყველას მოსალოცი გვაქვს, შანშე, ავაგ ათაბაგი ამ პირუტყვი მონგოლების ბატონობისაგან დაგვიხსნის და მათ მძლავრობას ბოლოს მოუღებს.
შანშემ წაუყრუა უკანასკნელ სიტყვებს.
_ მადლობელი ვარ, მთავარო! მჯერა, არ გეწყინებოდა დიდი ივანე ათაბაგის მემკვიდრის მშვიდობით დაბრუნება.
_ მეწყინა კი არა, პარაკლისს ვახდევინებ სიონში. კარგია, რომ შენც აქა ხარ, ერთად შევწიროთ საქართველოს მფარველ ღვთისმშობელს მადლობა. მეგონა, ავაგის ამბავი რომ შეიტყვე, მეც მაცნობებდი და გამახარებდი, მაგრამ შორს ვარ და არ გაგახსენდი... _ ეგარსლანმა თვალი თვალში გაუყარა შანშეს.
შანშე მიხვდა, ბაკურციხელმა მასთან მთავრების საიდუმლო შეკრების ამბავი იცოდა და დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.
_ თვითონ მოვიდნენ მოსალოცად, მე არავინ მომიწვევია, მთავარო, _ იმართლა თავი მხარგრძელმა.
_ კაი ამბავია, შენ არ მომიკვდე, ლიხთიმერეთში, რაჭისა და ოდიშის მთავრები გებულობენ ლორეში მოსული წერილის შინაარსს. მე აგერ თბილისში ვზივარ, საქართველოს სატახტოში, და ვერაფერს ვტყობილობ...
მხარგრძელი ხმას არ იღებდა, ბაკურციხელი ყველაფერს მიხვედრილი იყო და მიკიბ-მოკიბვას აზრი არ ჰქონდა.
_ სხვა დროს ნუღარ გამომტოვებთ, შანშე, უჩემოდ ნუ შეიკრიბებით სამშობლოს ბედის გამოსარჩევად... კარგად იცით, მონგოლებზე ჯვარდაწერილი არ ვარ, სხვაზე ნაკლებ მათ წინააღმდეგ არ მიბრძოლია და კოხტისთავის შეთქმულებისთვისაც თავი არ ამირიდებია.
მხარგრძელი წამოწითლდა. კოხტისთავის შეთქმულებაში მხოლოდ მან არ მიიღო მონაწილეობა. რადგანაც აჯანყებას უაზრობად თვლიდა და სხვებსაც არწმუნებდა, მონგოლების წინააღმდეგ ვერას გავხდებით, ტყუილად გავიჟლიტებითო. მაგრამ, როცა მთავრებმა არ დაიშალეს და მაინც შეითქვნენ, ხალხში, შეთქმულების მარცხის შემდეგ, დიდხანს არ დამცხრალა მითქმა-მოთქმა შანშე მხარგრძელის განდგომაზე, სამეფოს ბედისადმი მის გულგრილობაზე.
ბაკურციხელი სწორედ ამ მტკივნეულ ადგილს შეეხო ახლა და შანშეს თავისი მამულიშვილური ღვაწლიც გაახსენა. ცოტაც და მხარგრძელი, ალბათ, იფეთქებდა, მაგრამ ეგარსლანმა გულწრფელად გაუღიმა, ერთხელ კიდევ მოეხვია და ტკბილი სიტყვით მოალბო.
_ ეგღა გვაკლია, შანშე, ერთმანეთს დავერიოთ და მტერი გავახაროთ. შენისთანა მამულიშვილი ვინ გვყავს, ან შენზე მეტს ქვეყნისთვის ვინ ზრუნავს. მე იმის თქმა მინდოდა, ნუ დამივიწყებთ-მეთქი, ლხინშიც ნუ გამომტოვებთ და ჭირშიც თქვენ სანაცვლოდ მიგულეთ.

ბაკურციხელმა ავაგის მშვიდობით დაბრუნების გამო სიონში პარაკლისი გადაახდევინა და დიდი ნადიმი მოაწყო. პარაკლისზე იმ დროს სატახტოში მყოფი ყველა მთავარი გამოცხადდა, მაგრამ ნადიმზე, შანშეს გარდა, ორიოდე ერისთავი ძლივს ეწვია.
ეგარსლანი კარგად ხედავდა, რატომაც ერიდებოდნენ ამდენ ხანს მორჩილი მთავრები.
ყოველდღე ახალ-ახალი ამბები მოჰქონდათ: შანშე მხარგრძელმა ავაგთან კაცი აფრინაო, ავაგის საიდუმლო წერილი მოვიდაო, მთავრები ფარულად იკრიბებიან და რაღაც მოლაპარაკება აქვთო. გუშინ მორჩილი მთავრები, დღეს აქეთ ამადლიდნენ ბაკურციხელს სალამსა და მოკითხვას. ატყობდა ეგარსლანი, ბედის ჩარხი უკუღმა აპირებდა შემობრუნებას, მაგრამ რა ექნა და რა ეღონა?!
ხედავდა, რომ მოვლენები თავისთავად, უმისოდ ვითარდებოდა, რაკი დინების საწინააღმდეგო სვლა არ შეეძლო, უნდოდა თუ არა, იმ დინებას უნდა აჰყოლოდა და მარჯვე შემთხვევისათვის ეცადნა, რომ ტალღას ისევ თავზე მოქცეოდა.
ცდა და ლოდინი კი აღარ შეეძლო. უკვე ხანში შესულ მთავარს ბრძოლისა და მოქმედების ხალისი ძველებურად აღარ ჰქონდა. მუდამ დაძაბული და შემართული, მოუსვენარი და შფოთიანი ცხოვრება ადრინდებურად აღარ იზიდავდა და მჩქეფარე სიცოცხლის სურვილს მოწყენა შეპარ­ვოდა.
ამქვეყნად უკვე ყველაფერი გამოცადა, აღზევების ფასიც კარგად იცოდა და დაცემისაც, და მთავარს ნელ-ნელა გული გაუგრილდა, ხვალინდელი დღის მიმართ განურჩევლობა მოერია, სულ ერთია, რაც მოხდება _ მოხდესო, ერთხელ, სადღაც, გულისა თუ გონების რომელიღაც კუნჭულში გადაწყვიტა და ხელი ჩაიქნია.
თვითონაც ვერ გაიგო, როგორ ნელ-ნელა მოეშვა, ფარ-ხმალი დაჰყარა და მუდამ განუყრელი სიფხიზლე დაჰკარგა.
რაღაც გაუგებარ უზრუნველობას მიეცა, აღარც სადმე ეჩქარებოდა, აღარც რისიმე მოლოდინი აღელვებდა.
ამ უმოქმედობისა და უძრაობისაგან შანშე მხარგრძელის უსტარმაც ვერ გამოიყვანა.
ვაზირყოფილი გუშინდელ მბრძანებელს სიყვარულსა და მეგობრობას უმტკიცებდა და მთავრების გადაწყვეტილებას ატყობინებდა: ამა და ამ დღეს, ამა და ამ ადგილას შევიკრიბოთ და ავაგ ათაბაგის შესაგებებლად ერთად გავემგზავროთო. თან იმასაც დასძენდა: ავაგს შემოუთვლია, დიდი ამალით არ შემხვდეთ, მონგოლებს არ ეწყინოთო.
სხვა დროს მთავრების წვევასა და პაემანსაც, ამალის რაოდენობის წინასწარ განსაზღვრასაც, ეჭვით შეხედავდა ფხიზელი ეგარსლანი. ახლა კი, თითქოს მას არ ეხებაო, ცხოვრებამოყირჭებულივით ხელი ჩაიქნია და თავისი მტრების გადაწყვეტილების შესრულების სამზადისს შეუდგა.
პაემანზე წასვლის წინა ღამეს სიზმარი ნახა: ადიდებულ მდინარეში მიცურავდა, მხარულს ღონივრად უსვამდა და დინებას მიჰყვებოდა. უცებ მდინარემ მიმართულება იცვალა. ეგარსლანი ისევ განაგრძობდა ცურვას, მაგრამ ახლა უკვე აღმა, დინების საწინააღმდეგოდ სჭრიდა წყალს. დაიღალა ძლიერ ტალღებთან ბრძოლით, დინებას უგანა და ნაპირისკენ გასცურა. მაგრამ ნაპირი შორს იყო, წყალი სისხლივით დედდებოდა, სქელდებოდა, ლამი ეკვროდა და წინ ვეღარ მიიწევდა. ერთხანს იფართხალა იმ ლამსა და წუმპეში. ამოსვლას ცდილობდა, მაგრამ უფრო და უფრო ეფლობოდა და ძირს მიდიოდა.
თვალებდაკუსული ბაყაყები მდინარის ნაპირას დასკუპულიყვნენ და წელზე დოინჯშემოდგმულნი სიცილით იჭაჭებოდნენ.
ლამსა და უსიამო თბილ წყალში სხეული მძიმედ ეფლობა და იძირება. ზედაპირი ნელ-ნელა იკვრება და ეგარსლანს თავიღა რჩება ლამისა და წუმპის ზემოთ. მერე ის თავიც დაბლა მიდის, თვალებში ზეცა თანდათან ვიწროვდება და...
ბაკურციხელი უკანასკნელ ბაყაყსღა ხედავს: იმ ბაყაყს კაცის სახე აქვს, ვიღაცას ჰგავს სახით ის ბაყაყი, მაგრამ ვის, ვერ იხსენებს, და ვერა! ბაყაყი ღრუბელივით იბერება, ყვითელი თვალები გადმოცვენაზე აქვს. უცებ სკუპს აკეთებს და ზედ შუბლზე ეცემა. მძიმე ლოდივით დააწვა ისედაც სიღრმისაკენ წასულ ეგარსლანს ის ყვითელ-მწვანე მაჯლაჯუნა.
წუმპემ პირი შეჰკრა ბაკურციხელის თავზე და ლამით ამოვსებულ ყურებს ძლივს მისწვდა იმ ბაყაყის ყიყინი:
_ ახია! ახია! ეგ შენ! ეგ შენ!
ბაყაყის ხმა გამყივანი იყო, თავს უხვრეტდა და ტვინში ბურღივით უძვრებოდა.
უკვე ვეღარაფერს ხედავს ლამსა და წუმპეში დაძირული ეგარსლანი, მაგრამ გრძნობს, რომ ვიღაც უახლოვდება, ვიღაცის გახშირებული სუნთქვა ესმის.
_ ახია! ახია!
თავს დამდგარი ჩასძახის ისევ ის კაც-ბაყაყი და ზემოდან წიხლს აყოლებს. ლორწოიანი ფეხის შეხება ცივი და უსიამოა. ლამში ჩაძირულ ბაკურციხელს გააჟრჟოლა და უკანასკნელად კიდევ ჩაესმა:
_ ეგ შენ! ეგ შენ!
წიხლის მოხვედრამ თუ ჟრჟოლამ გამოაღვიძა. კარგად კიდევ არ იყო გონს მოსული, ტან-ფეხზე იხედებოდა და არ ჯეროდა, რომ ლამი და წუმპე მოშორებული ჰქონდა.
_ ფუი, ეშმაკს! ფუი, ეშმაკს! უფალო, კარგად ამიხდინე! _ იწერდა პირჯვარს ეგარსლანი და თან იმ წუმპესა და მაჯლაჯუნის გახსენებით გული ერეოდა.
იმ ღამეს თვალი ვეღარ მოხუჭა. დილით ადრე ადგა უძილობით დაღლილი და მოხარშულივით მოთენთილი. მეუღლემ უგუნებობა შეატყო:
_ ცუდი ფერი გადევს! იქნებ, არ ინებო წაბრძანება, ხელმწიფევ! _ შეევედრა ერთგული ცოლი.
სხვებზე ადრე შინაურებმა და წყალობის დამსახურებისათვის თავგამოდებულმა მლიქვნელებმა დაუწყეს ბაკურციხელს „მეფისა“ და „ხელმწიფის“ წოდებით მიმართვა.
ახლა, როცა ეგარსლანის მეფობას ბოლო ეღებოდა, ბაკურციხელს დაცინვად უნდა მოჩვენებოდა ცოლის ნათქვამი, მაგრამ მეუღლე ძველებურად გულწრფელი იყო ქმრის სიყვარულსა და პატივისცემაში და კახეთის ერისთავმა მხოლოდ ხელი ჩაიქნია.
_ არაფერია, წავალ, გავლა მარგებს, _ თქვა და აჩქარდა.
როგორც დათქმული იყო, ორი კაცი იახლა მხოლოდ. ისნის კართან დანარჩენ მთავრებს შეუერთდა და გზას დაადგნენ.
იმ დღეს ეგარსლანის მიმართ ყველანი განსაკუთრებულ კრძალვასა და პატივს იჩენდნენ. წინ გაუშვეს და დანარჩენები უკან მიჰყვნენ.
ეგარსლანმა ჩვეულებრივად შეიფერა მთავრების წი­ნამძღოლობა.
სხვა დროს, როცა ძალა ჰქონდა და თეთრი კბილის იქით შავ გულს ხედავდა, მათი პირფერობა აღიზიანებდა და აბრაზებდა.
ახლა, თითქოს მისთვის სულ ერთი ყოფილიყოს, ვერც მლიქვნელობის უადგილობას ხედავდა, ვერც გადაჭარბებული ქებისა და ფლიდობის აზრს სწვდებოდა.
დიდხანს იარეს.
ნაშუადღევს ტრიალ მინდორზე კორომად მდგარ მუხნარში შევიდნენ.
შანშე მხარგრძელმა მსახურებს უბრძანა:
_ საგზალი გადმოიღეთ, სუფრა გაშალეთ! _ მთავრებს თვალი მოავლო და ეგარსლანს მიმართა, _ რას იტყვი, ეგარსლან-ბატონო, მგონია, პურობისთვის უკეთეს ადგილს ვერ ინატრებ!
ეგარსლანმა თვალი მოავლო ჩრდილდაფენილ მწვანეს და უხალისოდ დაუმოწმა:
_ კარგია!
_ ჩვენ ნუღარ შევჩერდებით, მთავარო, ავაგ ათაბაგი ახლო იქნება და შესახვედრად ვიჩქაროთ. მსახურნი აქ დარჩებით, _ მოუბრუნდა მხლებლებს, _ სუფრას გააწყობთ და ათაბაგის დახვედრის თადარიგს გასწევთ.
შანშე მხარგრძელობასა და ავაგის ათაბაგობას ხაზს უსვამდა, მაგრამ ხელჩაქნეული, უზრუნველობის ბურანში წასული ეგარსლანი ვერც ამას ამჩნევდა.
დაქვეითებულმა მსახურებმა ცხენებს საპალნე მოხსნეს. ბაკურციხელის ორი მხლებელი მთავრის ბრძანებას ელოდა.
_ ჩვენ როგორღა მოვიქცეთ, მემკვიდრემ და ქალბატონმა გვიბრძანა, ერთ წუთს არსად მოგშორდეთ და მარტო არ დაგტოვოთ, _ ხმადაბლა ჩურჩულით უთხრა კახელმა აზნაურმა, რომ სხვას არ გაეგონა.
_ თქვენც ის ჰქენით, რასაც სხვები შვრებიან, აქ დარჩით და სუფრა გააწყვეთ, _ ცივად მოსჭრა ეგარსლანმა და ცხენი წინ დასძრა.
ერთხანს კიდევ იარეს.
მერე შორს მტვრის კორიანტელი გამოჩნდა.
_ ათაბაგი მობრძანდება! _ აღმოხდა შანშე მხარგრძელს.
ეგარსლანი სდუმდა, ტანი ცუდს უაზრებდა.
ცის დასავალზე ცხენოსნების რაზმი გამოჩნდა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ, მით უფრო ემღვრეოდა გუნება ბაკურციხელს.
რად მიდის წინ და რად უახლოვდება იმ რაღაც გაურკვეველსა და ამაფორიაქებელ მოლოდინს?
თითქოს ცხენიც გრძნობს პატრონის ყოყმანსო, ისიც ფეხს ითრევს და უხალისოდ მიაბიჯებს. რაღაც უნდა იმოქმედოს ეგარსლანმა, მაგრამ თვითონაც არ იცის, რა და რისთვის უნდა გააკეთოს.
აი, სულ ახლოს არის ავაგ მხარგრძელი. ცხენზე ამპარტავნად ზის ყაენის წყალობით გალაღებული ათაბაგი, სიმსუქნე მორევია და სახეზე კმაყოფილების ღიმილი უთამაშებს. მაგრამ მოტეხილი ჩანს ავაგ ივანეს ძე და ამას მარტო ერთიანად გათეთრებული თმა-წვერი კი არ ამჟღავნებს, იმ თავმომწონე ღიმილს იქით ცხოვრებისაგან გამწარებისა და ფათერაკებით სავსე თავგადასავლების მძიმე კვალსაც ხედავს ეგარსლანი.
ბაკურციხელმა ვერც გაიგო, როგორ წამოეწიენ თანამგზავრები, ჯერ მხარი გაუსწორეს და მერე შუაში მჭიდროდ მოიქციეს.
_ მშვიდობა შენს მობრძანებას, ათაბაგო! _ შესძახა შანშემ, ცხენიდან გადმოხტა და ავაგს მიეგება.
ავაგმაც დაიქვეითა და ბიძაშვილს გადაეხვია.
დანარჩენებიც ჩამოხდნენ და ვიდრე თვალცრემლიანი, გულაჩუყებული ავაგი სხვებსაც გადაეხვეოდა, შანშემ ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, ავაგს უცებ ეცვალა ფერი და ეგარსლანს მიაჩერდა. ყველა დაქვეითებული იყო, მხოლოდ ბაკურციხელიღა დაჰყურებდათ ცხენზეიდან. ბურანში წასულმა თვითონაც არ იცოდა, რატომ მანაც სხვებივით არ დაიქვეითა. იჯდა ცხენზე და ტუჩზე სიმწრისა თუ უზრუნველობის უაზრო ღიმილი უკრთოდა. ამირსპასალარს ისე უყურებდა, თითქოს ვერც ხედავდა და არც ესმოდა, ირგვლივ რა ხდებოდა.
ავაგი აინთო.
ხელში მათრახის ტარი დაბღუჯა, ნაბიჯი წინ წადგა და... თვალი რომ თვალში გაუყარა, ეგარსლანს უსიამოდ გააჟრჟოლა. იმ გამოხედვაში წუხანდელი მაჯლაჯუნას მზერა დაიჭირა და თვალი დაუბნელდა.
ელვასავით გაიკლაკნა გრძელი მათრახი ჰაერში და ბაკურციხელის სახეს გაეწნა.
ეგარსლანმა განძრევაც ვერ მოასწრო, რამდენიმე ვაჟკაცი ეცა, ცხენიდან გადმოიღეს და ქვეშ მოიგდეს. იარაღი ააგლიჯეს, დაუზოგავად სცემდნენ პირველივე დარტყმისაგან გაბრუებულს და გონდაკარგულს.
_ გაძარცვეთ და ისე დააგდეთ, უპატიოდ! _ ბრძანა ავაგმა და ფეხის წვერი ზიზღით წაჰკრა ცემით დაოსებულ, თითქმის უგრძნობელ ეგარსლანის სხეულს.
ტანსაცმელი შემოახიეს.
_ ეგ შენ! ეგ შენ! _ წიხლების ცემით ჩასძახეს, ცხენებზე ამხედრდნენ და გინებით მიატოვეს ყვავ-ყორნების კერძად დარჩენილი, ნაგვემი და ფეხქვეშ გათელილი გუშინდელი მბრძანებელი.
მემატიანე ამის შემდეგ ერთ სიტყვასაც აღარ სძრავს ეგარსლან ბაკურციხელზე და სწორადაც იქცევა: საქვეყნოდ შერცხვენილი, ლაფდასხმული და თავმოჭრილი კაცის ბოლო _ ცხოვრება თუ სიკვდილი _ არავისთვის აღარ არის საინტერესო.

ახალთახალი ვენეციური ხომალდებით ბრუნდებოდა ცოტნე. ქვის სატყორცნებითა და საალყო მანქანებით აღჭურვილი ხომალდები გამოცდილ ვენეციელ მეზღვაურებს მოჰყავდათ საქართველოსკენ. უცხო ნავსადგურებში გაკვირვებულნი ხვდებოდნენ მანამდე უცნობ ქართველთა არმადას, მზირის თვალით ჩხრეკდნენ ხომალდების ავკარგს და შურით აყოლებდნენ მზერას საომარი გემების გრძელ მწკრივს.
ცოტნე ცდილობდა საქართველოს სამეფოს მტერთა ნავსადგურებისათვის აერიდებინა ხომალდების ქარავანი, გვერდს უვლიდა მათ და მხოლოდ წყლისა და საგზლის მარაგის შესავსებად ჩერდებოდა ბერძენთა და თურქთა სანაპირო ქალაქებში.
რაც უფრო უახლოვდებოდა მშობელ მხარეს, მით უფრო ემატებოდა მღელვარება. მეწინავე ხომალდის ბანიდან ხშირ-ხშირად მოხედავდა ხოლმე შავ ზღვაზე წყნარად მოქანავე იალქნების თეთრ ღრუბლებსა და ანძების ტყეს და გული სიამაყით ევსებოდა.
იმ დღეს დილიდანვე კარგი ამინდი დაიჭირა. შემოდგომის მზე თბილად იღვრებოდა ზღვისპირს იქით ამართულ საქართველოს მთაგორებზე. სუსტი სიოც კი არ ჰქროდა, ზღვა წყნარი იყო და სარკესავით სწორი წყლის ზედაპირის სიმშვიდეს არაფერი არღვევდა.
ფაზისის შესართავს უახლოვდებოდნენ.
შორიდანვე შენიშნა ცოტნემ: ზღვის პირი ხალხით იყო სავსე. ნავმისადგომზე ხელმწიფე ასულიყო.
გვერდით რუსუდანი ედგა და ირგვლივ დიდებულები ერტყნენ.
როგორც კი თვალსაწიერზე მეწინავე ხომალდი გამოჩნდა, ლაშამ ხელი ამართა და სალამი შეაგება.
ჯერ იყო და ტაშმა იქუხა. მერე იმ ზღვა ხალხმა იხუვლა და ნაპირს მოაწყდა. ცხენოსანი და ქვეითი მანდატურები ძლივს აკავებდნენ მოწოლილი ხალხის ტალღას, შეჩერდითო, გაჰყვიროდნენ და თავადაც თვალი უცხო სანახაობისაკენ გაურბოდათ.
თეთრი გედივით ყელმოღერილი მოსრიალებდა მეწინავე ხომალდი. ცოტნე კიჩოზე იდგა და ნაპირს თვალს ვერ აშორებდა.
აგერ მეფე და მისი დაი, ხელმწიფის სახელოვანი ვაზირები, მხარგრძელი და ახალციხელი, გაგელი და ციხისჯვარელი, ცოტნეს ტოლ-მეგობრები _ ბექა და თორღვა... ხელს უქნევენ და სალამს უგზავნიან. ცოტნეს სიამაყისა თუ სიხარულისაგან თავბრუ ეხვევა. წამით თვალს ხუჭავს და ეჩვენება, რომ ზღვაზე კი არა, სადღაც მაღლა მიცურავს, ცაში, მზით განათებულ თეთრ ღრუბლებში. იმ ღრუბლებს ზემოთ, მზის ტახტზე დიდი თამარი ზის, გვერდით ცოტნეს პატარა დაიკო მოუსვამს და ერთარსებად ქცეული ორი თამარი ხელის ქნევით კიდევ უფრო მაღლა უხმობს ოდიშის ჭაბუკ მთავარს.
ცოტნეს თითქოს მძლავრი ფრთები გამოსხმოდეს, მთელ სხეულში გასაოცარ სიმსუბუქეს გრძნობს, ფეხის წვერებზე იწევს და სადაცაა, მყარს უნდა მოსწყდეს.
წამიცა და ორი მძლავრი ფრთა აიტაცებს ცოტნეს.
_ ვაშააა! ვაშააა!
გაისმა უცებ დამხდურთა გუგუნი და ცოტნე გამოფხიზლდა.
ზღვაში შეცურებული უამრავი ნავი მიაწყდა მეწინავე ხომალდს. პირველივე ნავიდან თვითონ ხელმწიფე აბრძანდა ხომალდზე და ცოტნეს გადაეხვია.
ლაშამ სათითაოდ დაათვალიერა ხომალდები. დიდხანს ტკბებოდა მათი ცქერით, ბავშვსავით ხელს უსვამდა, ეფერებოდა ლამაზ, შემკულსა და გამართულ გემებს.
ბოლოს ირგვლივ ვენეციიდან დაბრუნებული ახალგაზრდები შემოიკრიბა და აღფრთოვანებულმა მიმართა:
_ ავაშენებთ, ბიჭებო, ასეთ ხომალდებს?
_ ავაშენებთ, ხელმწიფევ... ავაშენებთ!
ერთხმად იხუვლეს უცხო გემსაშენებში გაწვრთნილმა ჭაბუკებმა და მეფეს თვალში სიამაყის შუქი ჩაუდგა.
_ თუ ამის აშენებას შევძლებთ, მაშინ შავი ზღვა გადამთიელი მეკობრეებისაგან მოისვენებს და ეს ზღვაც მისი იქნება, ვინც მისი უმთავრესი ნაპირის პატრონია.
_ ეგრე იქნება, მეფევ, თქვენი გამარჯვებითა და დღეგრძელობით!
მეფეს გული აუჩუყდა, თვალმოწყლიანებული ჯერ ცოტნეს გადაეხვია, მერე მის ბიჭებს სათითაოდ ჩამოართვა ხელი, ყველა შეაქო და გაამხნევა.
სამ დღეს ცლიდნენ ვენეციიდან ჩამოტანილი საქონლით სავსე გემებს.
გორად დადგა საკუთრივ ქართველთა მეფისათვის დოჟისა და დიდებულების მიერ გამოგზავნილი ძვირფასი ძღვენი და მოსაკითხი.
ურმები და ჯორკიდებული დაიძრა გრძელ რიგად თბილისისაკენ.
საჩუქრებითა და საბოძვრით აავსო ოდიშის მთავარმა დამხვდურნი და შინაურნი.
საგანგებოდ შეკრიბა დარბაზი მეფემ.
ოდიშის მთავარმა წვრილად მოუთხრო დარბაზს მეფის ელჩიონის საქმიანობა ვენეციაში, დოჟთან დადებული ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა გარიგებათა შინაარსი.
დარბაზმა ელჩიონის საქმიანობა მოიწონა და შეთანხმებები დაამტკიცა.
საქმეს ლხინი მოჰყვა. აუღებელი სუფრა, სახიობა და შექცევა, ნადირობა და ბურთი ერთიმეორეს ცვლიდა.
_ ცოტაც კიდევ მოვღონიერდეთ და იერუსალიმისკენ დავიძრებით! _ დრო და დრო ეტყოდა მეფე და ცოტნე თავადაც კარგად ხედავდა, როგორ მოდიოდა დესპანი დესპანზე რომის პაპისაგან, როგორ ეხვეწებოდნენ დასავლეთის ჯვაროსნები ერთმორწმუნე ქართველთა მეფეს საღვთო ომში შეწევნასა და ხელის გამართვას.
მეფის დავალებით წარგზავნილი ვაჭრები ყაბარდოდან და ჩერქეზეთიდან ცხენის ჯოგებს მოერეკებოდნენ, ხორასნიდან ქარავნებს სამხედრო საჭურველით დატვირთული იარაღი მოჰქონდათ და თავად საქართველოში ფოლადის წრთობასა და იარაღის დამზადებაზე იყო გადასული უთვალავი ბრძმედი და სამჭედური.
მეფის ელჩებს ლეკეთსა და ჯიქეთში განუწყვეტელი მისვლა-მოსვლა ჰქონდათ, იქაურ მთავრებთან შორეული ლაშქრობისათვის ჯარის დაქირავების თაობაზე გამართული მოლაპარაკება იმედის მომცემად მიმდინარეობდა და უკანასკნელი სიტყვა ქართველთა მეფეზე იყო.
მეფე კი არ ჩქარობდა, სამზადისს აძლიერებდა, თავის სარდლებთან ერთად ლაშქრობის გზებსა და პირობებს სწავლობდა და შესაფერის დროს უცდიდა ჯვაროსანთა პირისპირ მდგომი სარკინოზებისათვის ზურგში დასარტყმელად.
მდიდარი, წელგამართული ქვეყანა, ერთი შეხედვით, თითქოს უზრუნველად ცხოვრობდა და ამ უზრუნველობის პირველი მაჩვენებელი კარის ახალგაზრდობის უდარდელობა, დაუსრულებელი დროსტარება და შექცევა იყო.
ცოტნეც ერთხანს ისევ აიყოლიეს ტოლ-მეგობრებმა.
_ მოვასწროთ, ვიდრე ჩვენი მეფის მსგავსად სიყვარულის ბადეში არ გავბმულვართ და საქალეთი ერთადერთი სატრფოთი არ შემოგვზღუდვია. _ უთხრა ერთხელ ნაქეიფარმა თორღვა პანკელმა.
_ ეგ როგორ? ჩვენი მეფე რა სამაგალითოა?
_ არ იცი, განა? თავისი აზნაურის ულამაზეს ცოლს ეტრფიალა მეფე. ის ქალი ყმას წაჰგვარა, ახლა სასახლეში ჰყავს და, მორჩა, მის პატრონს აღარც სხვა ქალისკენ გახედვა უნდა, აღარც სხვა რამ სოფლის სიკეთე და სიამოვნება.
გაუკვირდა ცოტნეს: ქალი ისეთი რა უნდა იყოს, რომ მთელი დანარჩენი საქალეთი დაგავიწყოს და გემოსმიმყოლ კაცს ქვეყნის ყველა სიკეთეზე ხელი აგაღებინოსო. გაუკვირდა, მაგრამ მალე მისი ჯერიც დადგა და საკუთარ თავზე გამოცდით იწამა ტრფიალების ძალა...
ბექა ჯაყელმა იწვია ცოტნე თავის მამულში. ქეიფითა და შექცევით განვლეს გზა და, ციხისჯვრის ჯაყელთა სასახლეში რომ შევიდნენ, მაშინ გაება ცოტნე!
ჭიშკართან გამოგებებულ მასპინძლებს გადაეხვივნენ ბექას მეგობრები. ყვარყვარეს ღონიერ მკლავებში გათანგულმა ცოტნემ უცებ მოჰკრა თვალი ბექას დედის უკან მდგარ გოგონას. ყვრიმალებისკენ მონგოლურად გაზიდული თაფლისფერი თვალები უცნაური ცეცხლით უჟუჟუნებდა გოგო­ნას, შაქრისფერ სახეზე მოკლე, სწორი ცხვირიც მაცდუნებლად უცინოდა და ტუჩზე ეშმაკური ღიმილი დასთამა­შებდა.
როგორც კი ცოტნემ თვალი თვალში გაუყარა, გოგონას სახეს ალი ეცა, თავი დაღუნა და ბექას დედის ზურგს ამოეფარა.
ცოტნემ სიმხურვალე იგრძნო მთელს ტანში, საფეთქლებში სისხლი მოაწვა და მუხლებმაც კინაღამ უმტყუნეს.
ემანდ, არ წავიქცეო, გაიფიქრა და ქალიშვილს თვალი მოარიდა. სუფრაზე მოწმესავით იჯდა ოდიშის მთავარი. არაფერს ამბობდა და პირს არაფერს აკარებდა. სხვათა კითხვებზე პასუხს მოკლედ, დაუფიქრებლად აძლევდა და გონს მხოლოდ მაშინ მოდიოდა, ის გოგონა სუფრისათვის კერძის შემოსამატებლად რომ გამოჩნდებოდა. ორივე წითლდებოდა და ორივე თავს ძალას ატანდა, რომ ერთმანეთისთვის არ შეეხედათ, მაგრამ თვალები, მათი თვალები თავისთავად, მათ დაუკითხავად ეძებდნენ ერთმანეთს.
ცოტნე ღვინოს დაეძალა. შეზარხოშებულმა სარგის თმოგველს გადაულაპარაკა:
_ ეს ბავშვი ვისია, სარგის? _ ვითომ სხვათა შორის, ხმადაბლა იკითხა ცოტნემ.
_ რაღა ბავშვია საქმარშვილოდ მოწიფული ქალი! _ გაიცინა სარგისმა _ ყვარყვარეს ძმისშვილია, ბექას ბიძაშვილი. მამა ადრე დაეღუპა და ყვარყვარეს სახლში იზრდება. ადრე ნახული გეყოლება, მაგრამ მაშინ პატარა იყო.
_ რაო, ცოტნე, ხომ არ მოგწონს, ჰა? _ თვალი ჩაუკრა თორღვა პანკელმა.
ცოტნე კიდევ უფრო წამოწითლდა, არ იცოდა, რა ექნა და სად წასულიყო.
უხერხული დაბნეულობიდან თამადის სიტყვებმა გამოიყვანა:
_ ეს ღმერთმა ჩემს საყვარელ რძალსა და ძმისშვილს გაუმარჯოს, ჩემს ძვირფას ეფემიას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, ჩემს შვილთაგან ჩემთვის განურჩეველ კრავაის _ კარგი ბედი და კარგი მომავალი.
ეფემიამ შვილი თავისთან იხმო და ორივე თავმდაბლად უხდიდა მადლობას ოთხივ მხრიდან ფეხზე წამომდგარ ვაჟკაცებს.
ცოტნემ სასმისი ასწია და ეფემიამ რომ მშვიდი ღიმილი შეაგება, ისევ დაიბნა.
_ იცოცხლეთ, ქალბატონო! _ ძლივს ამოთქვა და ღელვის ჩასახშობად უმალვე ყანწი მოიყუდა.
ჯიხვი რომ დაცალა და დაჯდა, თვალი დედა-შვილისაკენ გააპარა.
ეფემია ისევ ცოტნეს უყურებდა, მუშტრის თვალით სინჯავდა და აკვირდებოდა. ცოტნე ისევ დაიბნა და ეფემიას სახეზე ისევ წეღანდელი მშვიდი ღიმილი გაკრთა.
როგორ გაზრდილა და დაქალებულა კრავაი! თითქოს გუშინ იყო, მუხლზე რომ უჯდა ცოტნეს და სასაცილოდ ეტიტინებოდა! ნეტავ იმ დღეს, რა არხეინად უჩლექდა ენას მაშინ ცოტნე... ახლა კი რამდენის თქმა სურს და ენა ვერ მოუბრუნებია!
მეორე დილას გვიან ამდგარი სტუმრები ხელ-პირის დასაბანად მოიწვიეს.
ცოტნეს თავი უბრუოდა. წინა დღისა არაფერი ახსოვდა იმის გარდა, რომ უზომოდ სვა და უგონოდ დათვრა.
კიბესთან კრავაი იდგა, ცალ მკლავზე პირსახოცი გადაეკიდებინა და მეორე ხელით სტუმრებს წყალს უსხამდა.
რცხვენოდა ცოტნეს გუშინდელი დათრობის გამო და თან იმის შიშიც აფორიაქებდა, ზედმეტი ხომ არაფერი ჩავი­დინე და სიტყვის ან ქცევის მოუზომავობით კრავაის თვალში ხომ არ დავმცირდიო.
კრავაისკენ გახედვას ერიდებოდა, ფეხს ითრევდა და ხელ-პირის დასაბანად მისვლას არ ჩქარობდა. ყველამ რომ დაიბანა, რაღა გზა ჰქონდა, თავჩაღუნული კიბისკენ წავიდა.
_ დილა მშვიდობისა! _ თავაუწევლად თქვა და ხელები წყალს მიუშვირა.
_ დილა მშვიდობისა, მთავარო! _ თამამად მიესალმა ქალიშვილი.
_ ჩემს დღეში ამდენი არ დამილევია, არ ვიცი, რა ღმერთი გამიწყრა, _ ხელს იბანდა და ისე, ხმადაბლა თავაუღებლად ამბობდა ცოტნე.
_ მერე მაგით რა დაშავდა, კარგად მოილხინეთ და ჩვენც გაგვამხიარულეთ.
ცოტნემ თავი ასწია.
კრავაი გულწრფელად უღიმოდა.
_ ბოდიში უნდა მოგიხადოთ, _ დარცხვენილად თქვა ცოტნემ.
_ ტყუილად ნანობთ, ძალიანაც კარგი იყავით!
_ საერთოდ, არ ვსვამ და გუშინ დავითვერი მაინც და მაინც, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა ფხიზლობა.
_ გუშინ რატომ გჭირდებოდათ ყველაზე მეტად ფხიზლობა?
_ შენ რომ მოგწონებოდი! _ გაბედა ცოტნემ და უმალვე ინანა, რადგან ნათქვამი, ცოტა არ იყოს, უხეშად გამოუვიდა. კრავაი გაწითლდა, წყლის დასხმა შეწყვიტა, თავდახრილმა პირსახოცი უსიტყვოდ გაუწოდა და სამზადისკენ გაიქცა.
_ დიდი მადლობა... _ დაადევნა ცოტნემ გაქცეულს.
ცოტნე ერთიანად აფორიაქებული იყო.
რაღაც მანამდე უცნობი განცდა დაუფლებოდა, ძლიერი და მოურეველი. ის განცდა სიცოცხლის სიყვარულით ავსებდა, ღონეს მატებდა და ფრთებს ასხამდა; ამავე დროს ბავშვივით გულუბრყვილოს ხდიდა და პირველქმნილ სიწმინდეს უბრუნებდა.
იგი ხვდებოდა, რომ მის ცხოვრებას ახალი, ნათელი აზრი ეძლეოდა, მის ყოველ ნაბიჯს ამამაღლებელი და გამა­კეთილშობილებელი მიზანი ემატებოდა.
კრავაი თავად იყო სიწმინდისა და მშვენიერების განსახიერება და, რაკი ერთხელ მიუახლოვდა სინათლისა და სიკეთის ამ წყაროს, გრძნობდა, უმისოდ ვეღარ გაძლებდა.
ცოტნე ხედავდა, რომ ციხისჯვარში მისი დარჩენა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ იმასაც კარგად გრძნობდა, რომ იქიდან წასვლაც არ შეეძლო.
საღამოს დერეფანში შეეჩეხა პირისპირ მარტო მიმავალ კრავაის.
_ ხვალ მივდივართ, კრავაი.
_ რა გეჩქარებათ, მთავარო! _ მოიწყინა კრავაიმ და თვალი გაუსწორა.
_ თავი შეგაწყინეთ, საქმეც ბევრი მაქვს. _ ამოოხვრით თქვა ცოტნემ და მცირე ყოყმანის შემდეგ დასძინა, _ ნეტავი შენც მოდიოდე თბილისს...
_ მე?.. ვისთან უნდა წამოვიდე თბილისს?
_ თუნდაც ჩემთან...
კრავაი წამოწითლდა.
_ რა ბედნიერი ვიქნებოდი... შენც რა ბედნიერს გაგხდიდი...
_ კრავაი, კრავაი! _ გაისმა ეზოდან.
_ დედა მეძახის, _ უცებ გამოერკვა დაბნეული გოგონა, თავი ასწია და სიხარულის შუქით გაბრწყინებული თვალები იმედიანად მიანათა ცოტნეს.
_ მოვდივარ, დედა! _ გასძახა და გაიქცა.

სატახტოში დაბრუნებულმა ცოტნემ სარგისსა და თორღვას გაანდო გულისნადები. მეგობრებმა არჩევანი მოუწონეს და თვითონვე შესთავაზეს სამსახური:
_ დღესვე მივდივართ ბექასთან და ყვარყვარესთან.
_ როგორ გაიხარებენ!
_ სიხარულით ცას ეწევიან!
_ მაყრები ხომ ჩვენ ვიქნებით! ოღონდ შენ ბევრი არ გააჭიანურო, ქორწილი მალე გამართე.
მეფეთა ღირსი ქორწილი გადაიხადა ცოტნემ. ოდიშის დიდებული სასახლე პატარძლის შემოსვლამ გააცოცხლა და გააბრწყინა, ჭერი ამაღლდა და კედლები განზე გაიწია.
ბედნიერების მწვერვალზე ასული ცოტნე ამქვეყნიური დიდებისა და სიამაყის ყველა ხარისხს მიწვდენოდა და სიყვარულის მძლავრ ფრთებს აყოლილი ცაში დაფრინავდა.
ასე გაიარა თაფლის თვეებმა სწრაფად და უზრუნველად. მადლიერი მეფე განგებ არ ეძახდა. ფაზისიდანაც იშვიათად აწუხებდნენ: გემსაშენი და ნავსადგური სწრაფად შენდებოდა, შინ და გარეთ ყველგან ბედნიერად წარიმართებოდა მთავრის საქმე.
მაგრამ განცხრომას მიცემულ ცოტნეს ერთ დღეს ცუდ გუნებაზე გაეღვიძა. აბნეულ, უამური სიზმრიდან აღელვებული შავი ზღვის მრისხანე ტალღები ედგა თვალწინ, მისკენ რომ ვეშაპებივით ხახადაღებულნი მოიწევდნენ. სიზმრიდან სხვა არაფერი ახსოვდა, მაგრამ ესეც საკმაო იყო მოსვენე­ბისა და სიმშვიდის დასაკარგავად.
მთავარმა უმადოდ ისაუზმა, ცხენზე შეჯდა და მცირე ამალით ფაზისისკენ გაემართა.
გემსაშენზე სრული წესრიგი დახვდა, სიცოცხლე დუღდა და გადმოდიოდა.
მთავრის მოსვლით გახარებული ანთია ენად გაკრეფილი დაატარებდა მთავარს მშენებლობის უბნებზე.
_ ამისთანა ნავსადგური ვენეციასა და გენუასაც არ ექნება, მთავარო, ხოლო ამის უკეთეს ხომალდებს ახლა დედამიწის ზურგზე ვერსად ააშენებენ.
ცოტნე ანთიას უთქმელადაც ხედავდა, ზღვაოსნობის უკანასკნელი სიტყვის მიხედვით აღჭურვილი გემსაშენი და ნავსადგური როგორ თვალის მომჭრელად იმართებოდა და იკაზმებოდა. საქართველოს საზღვაოსნო მომავლის ამ საფუძვლის ცქერით ცოტნეს გული სიამაყით ევსებოდა, ლურჯად მოლივლივე ზღვას აღტაცებული გაჰყურებდა და პალიასტომის უბეში შეფარებულ უზარმაზარი ხომალდების სწო­რუპოვრობაში ოცნებით სჭვრეტდა საქართველოს ხვალინდელი ძლევამოსილების საწინდარს.
გულის ძილში ჩავარდნილი ცოტნე უჩვეულო ხმაურმა გამოაღვიძა.
სადღაც ახლო ცეცხლის ალი ტრიალებდა და სარკმლიდან დამაბრმავებელი შუქი მოდიოდა.
ჰაერი დამწვრის სუნით იყო გაჟღენთილი.
ცოტნემ ხმალს ხელი დაავლო და გარეთ გავარდა.
გემსაშენსა და ნავსადგურში ხანძარი მძვინვარებდა.
_ თავდასხმაა!
_ მტერი დაგვეცა!
_ ღალატია.
გაისმოდა აქა-იქ.
თავპირდაბურული ვიღაც შაოსნები ანთებული ჟინჟღილებით დაჰქროდნენ და ყველაფერს ცეცხლს უკიდებდნენ.
ძილდამფრთხალი დამხვდურები გარეთ გამორბოდნენ, ხმალდახმალ ბრძოლაში ებმებოდნენ და მშველელს მოუხმობდნენ.
ხანძარი მხოლოდ ნაპირზე გამართულ შენობებს კი არ ნთქავდა, შორს გაწეულიყო და ზღვისპირას მოქუჩებულ ხომალდებსაც მოდებოდა.
გაოგნებულ ცოტნეს მოეჩვენა, რომ მარტო სანაპირო კი არა, თვითონ ზღვაც იწვოდა, ხანძარი ზღვის სიღრმეშიც შეჭრილიყო, ფაფარგაშლილი მძვინვარებდა, უზარმაზარი ტალღებივით ყალყზე დგებოდა, ცამდე ადიოდა და ნაპირს აწყდებოდა.
ცოტნე ადგილს მოსწყდა და იქით გაიქცა.
როგორც იყო, ზღვისპირს მიაღწია.
აგერ ცეცხლმოდებული გემიდან გადმოხტნენ ანთებული ჟინჟღილებით და იქვე მდგარი ხომალდისაკენ გაიქცნენ ცეცხლის წასაკიდებლად.
ცოტნე წინ გადაუდგა.
_ შეჩერდით, რას სჩადით! _ შეჰყვირა და ხმალი ამართა.
ჟინჟღლიანი ხმალს წაეტანა, მაგრამ ცოტნემ აღარ აცალა, თვითონ დაასწრო და თავგაპობილი ძირს დასცა.
უცებ ბეჭში რაღაც ჩაესო. მაშინვე თვალთ დაუბნელდა, მიწაზე დაემხო და თითქოს ცა ჩამოენგრაო, დამაყრუებელ გრუხუნში ჩაიძირა.
სიკვდილს გადარჩენილ ცოტნეს, როდის-როდის შეეტყო მომჯობინება.
რაც გონს მოვიდა, ძილში სულ ცად ასულ ხანძრის სვეტებს ხედავდა, ჯოჯოხეთის მოგიზგიზე ალი აბოდებდა და ცხადში მისკენ უზარმაზარ ტალღებად წამოსული ცეცხლი ელანდებოდა.
მეფე ყოველდღე კითხულობდა ცოტნეს ამბავს. ბოლოს მოახსენეს, მთავარმა იმდენად მოიკეთა, ქვეყნისა და ოჯახის ავკარგზე წუხსო.
ხელმწიფე მარტოდმარტო შევიდა დადიანის საწოლში. სასთუმალთან დაჯდა და მიძინებული სნეულის გაღვიძებას დაელოდა.
ცოტნემ თვალი გაახილა. ერთხანს ჭერს მიშტერებოდა. მერე თავი მოაბრუნა და მეფე რომ დაინახა, გაფითრდა: ჭაბუკი მეფე გატეხილი და უჩვეულოდ გუნებადამძიმებული ეჩვენა. ყბა აუკანკალდა და თვალზე ცრემლი მოადგა.
_ დავიღუპეთ, ხომ მეფევ-ბატონო?
მეფემ თვალი აარიდა და თავი ჩაღუნა.
_ სულ ერთიანად მოსპეს, არა?
_ სულ ერთიანად მოსპეს, ერთი ხომალდიც არ გადარჩენილა.
_ გემსაშენი და ნავსადგურიც განადგურდა?
_ განადგურდა, ნაცარტუტად იქცა.
_ ბარემ მეც იქ მოვმკვდარიყავი! _ ცოტნეს ყელში ბურთი მოაწვა.
_ სამ დღეს იწვოდა იქაურობა. მე რომ ჩავედი, კიდევ იდგა ბოლი.
_ ვერავინ შეიპყრეს ან კვალი არ დარჩათ?
_ ვინ შეიპყრობდა? იქაურობა დაჭრილ-დახოცილებით აავსეს, თქვენგან ფეხზე აღარავინ დატოვეს, ღამით მოპარულებმა ბნელი საქმე მოათავეს, ღამითვე ხომალდზე დასხდნენ და სიბნელეში გაიპარნენ.
_ თითქო იტალიურად უხმობდნენ ერთმანეთს.
_ მომხდურები რომ იტალიელები იქნებოდნენ, უმაგისოდაც ნათელია, ოღონდ ამოსაცნობი ის არის, რომელი იტალიელები იყვნენ,
_ ასეთი თავდასხმა და ამოდენა დაცვის განადგურება მხოლოდ ვენეციელ ან გენუელ მეკობრეებს შეეძლოთ. ვენეციელებმა ხომალდები თვითონ მოგვყიდეს და გემსაშენის აგებაშიც ხელს გვიმართავდნენ... ისინი არ იზამდნენ.
_ იზამდნენ, მთავარო, ისინიც იზამდნენ. ზღვაზე ერთი მეტოქე ჰყოფნით და მეორის გამოჩენა რა გულზე ეხატებათ?!
_ ეგეც საფიქრებელია, მაგრამ ეს საქმე უფრო გენუელების ნაავკაცარი მგონია.
_ შეიძლება აგრეც იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. რაც შინ და გარეთ მზირი და მსტოვარი გვყავს, ყველა ფეხზე დავაყენეთ, მაგრამ ეჭვის და ვარაუდის მეტი ჯერ ხელთ არაფერი გვაქვს.
_ მაინც ასე უგრძნობლად როგორ მოგვეპარნენ. გუშაგები ბლომად გვეყენა და ჩვენც ყველას იარაღი გვქონდა.
_ როგორც ჩანს, ბევრნი იყვნენ და გემებიც საუკეთესოდ გამართული ჰქონდათ. მაგრამ მთავარი მაინც, ეტყობა, ღალატი იყო.
_ ღალატი? _ წამოენთო ცოტნე.
_ ჰო, ღალატი და შინა გაცემა.
_ ვის უნდა ეღალატა?
_ მტრის ეგრე მომზადება და სწორ გზაზე დაყენება უღალატოდ არ იქნებოდა.
_ ეჭვი ვისზე გაქვთ, მეფევ?
_ რაღა ეჭვი უნდა! იმ ღამესვე უგზო-უკვლოდ გაჰქრა ნიკიფორე ბერძენი, არც მკვდრებში აღმოჩნდა და არც ცოცხლებში.
_ ნუთუ ნიკიფორემ გაგვყიდა?
_ რა გიკვირს, მთავარო? თავისი სამშობლო გაჰყიდა და შენსას დაინდობდა?
_ არა, ეგ არავის დაინდობდა... კონსტანტინოპოლიდან მაშინ გაიპარა, როცა ბერძენთა სატახტოს ყველაზე მეტად უჭირდა. ხან პიზას ემსახურებოდა და ხან გენუას, ვინც მეტს აძლევდა, იმის მზეს ფიცულობდა და ძველი ბატონის საიდუმლოსაც იმას უკაკლავდა. ჩვენც იმიტომ მოგვეყიდა, რომ სხვაზე მეტი მივეცით, მაგრამ ან კი როგორ არ მივცემდით მაგისთანა გემთმშენებელს! ეგეთი ოსტატი ვენეციაშიც არ მოიძებნება!
_ ოსტატებში ტოლი არა ჰყავდა, მაგრამ არც მსტოვრებში და გამცემებში ჰყოლია ტოლი.
_ ნეტავ როდის მოასწრო გაპარვა? იმ დღეს საღამომდე ჩემთან იყო, არ მომშორებია...
_ შეიძლება სულაც თავდამსხმელებთან ერთად გაჰქრა. მომხდურებმა თავიანთ დაჭრილ-დახოცილთაგან ერთიც არ დატოვეს ხმელეთზე, წასვლის წინ შეუგროვებიათ და გემებით წაუყვანიათ, რომ კვალი არ დარჩენოდათ!
_ ეგეც გამოცდილ მეკობრეთა წესია, ბოროტების კვალს ეგრე შლიან ხოლმე.
_ კარგი იყო, მცირე რამ სამხილი მაინც დარჩენოდათ! მაგრამ ჩვენი მტრად გადაკიდება ხელს არც ვენეციას აძლევს და არც გენუას. ეს თავდასხმა ისე ფრთხილად და დიდხანს მომზადებული ჩანს, მის მომწყობთ, ალბათ, ვერასოდეს ვერ აღმოვაჩენთ. ხელთ საბუთი არა გვაქვს და ცარიელი ეჭვით კი ვერც ვერაფერს დაამტკიცებ, ვერც ვერავის გაამტყუნებ! ეს კია, რომ, რაც ეს საქმე გახმაურდა, ვენეციისა და გენუის კარი ერთიმეორეს ასწრებს ჩვენს წინაშე დაბეზღებას, ერთმანეთს სწამებენ ფაზისის განადგურებას და ბრალდებას ანგარიშგასაწევი საბუთებით ამაგრებენ.
ორივე სდუმდა ერთხანს.
მერე, როგორც იყო, ცოტნემ გაბედა გულის ნადების გამხელა;
_ ახლა რა უნდა ვქნათ, მეფევ, სულ უნდა ავიღოთ ხელი შავ ზღვაზე, სხვას დავუთმოთ?
_ სულ არა, მაგრამ ერთხანს ვეღარ შევძლებთ ესოდენ დიდი ხარჯის გაღებას; იმოდენა გემსაშენისა და ნავსადგურის გამართვასაც ბევრი დრო და სახსარი უნდა და, ჯერჯერობით ვერც სამაგისოდ მოვიცლით. ახლა უმჯობესად ის მიმაჩნია, ბაღდადზე გალაშქრების სამზადისი დავაჩქაროთ. ამ ლაშქრობის საზღაურად ჯვაროსნებს საომარი ხომალდები გამოვართვათ, ხოლო როცა ხალიფას დავამარცხებთ და იმის ხომალდებსაც დავისაკუთრებთ, შავ ზღვაზე ბატონობის მოცილეც აღარავინ გვეყოლება და მაშინ თავიდან, ახალი ძალით დავიწყებთ, ერთის კი არა, რამდენიმე გემსაშენის შენებას. ხომ გჯერა ჩემი, ცოტნე? _ მეფემ თვალი თვალში გაუყარა დადიანს. იმ თვალებში ცოტნემ გამხნევების, იმედის მიცემის თხოვნა ამოიკითხა.
დადიანმა იცოდა, მეფეს ყოვლის შემძლე დიდებულებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა. კარზე და სახელმწიფო საქმეებზე ძველებურად განუსაზღვრელი გავლენის შენარჩუნებისათვის მზრუნველი დიდებულები ყოველნაირად ცდილობდნენ ჯერ გამოუცდელი ჭაბუკი მეფისათვის ხელ-ფეხი შეებორკათ, მისი თამამი განზრახვებისათვის ფრთები შეეკვეცათ და როგორმე ლაშა მათი სურვილის მორჩილ აღმასრულებლად ექციათ. ამ ბრძოლაში მეფის ყოველი მარცხი და წაფორხილება მის აშკარა და ფარულ მტრებს ძალასა და გავლენას მატებდა.
მეფე ჯიუტობდა. თავისას არ თმობდა, მაგრამ ბედი თითქოს მის წინააღმდეგ მოქმედებდა, ყველა დიდ შემართებასა და წამოწყებაში ხელს უცარავდა, შრომას წყალში უყრიდა და განხორციელებამდე მისულ ოცნებას ულმობლად უმსხვრევდა.
საქმე იქამდე მიდიოდა, ჭაბუკ ხელმწიფეს პირადი ბედნიერებით დატკბობისა და წმინდა სიყვარულით შერთულ ცოლთან სჯულიერი ქორწინების ნებასაც არ რთავდნენ.
მეფე მაინც თავისას არ იშლიდა, არც უკანონოდ გამოცხადებულ ტრფობაზე იღებდა ხელს, არც ქვეყნის მართვის ერთხელ არჩეული გზიდან გადადიოდა. ამ გზაზე მეფეს ცოტნესთანა მამულიშვილების ერთგულება და თანადგომაღა ამხნევებდა და ოდიშის მთავარი მიხვდა, რომ სწორედ ახლა სჭირდებოდა მეფეს ასეთი გამხნევება ყველაზე მეტად.
_ მჯერა,მეფევ, შენი, როგორ არ მჯერა! შენი წინამძღოლობით ბაღდადსაც ავიღებთ და ათ ფაზისსაც ავაშენებთ!
_ მარცხმა გული არ უნდა გაგვიტეხოს, ცოტნე, ჩვენ ახალგაზრდები ვართ და სულ წინ უნდა ვიხედებოდეთ. გამარჯვების წყურვილით ვიცხოვროთ, მარცხის წინაშე ქედს ნუ მოვიხრით და მომავალი ჩვენი იქნება _ ძლიერი, ახალგაზრდა საქართველოსი!
ცოტნე მონუსხულივით უსმენდა აღგზნებულ ლაშას. ჭაბუკი მეფის რწმენა, გულგაუტეხლობა და მხნეობა მასაც გადაედო და ისიც ოცნებამ გაიტაცა.
მხრებზე ისევ იმ ფრთების გამოსხმას გრძნობდა, ვენეციიდან დაბრუნებული რომ კინაღამ ცაში აიტაცა. ფრთა ისევ და ისევ ზემოთ ეწეოდა და ცოტნეს სჯეროდა, რომ შორს და მაღლა გასაფრენად უნდა დაძრულიყო.
მაგრამ თურმე ოცნების იმ ფრთებს გაშლა არ ეწერა... და, აი, თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ ფრთებმომტვრეული და ოცნებადამსხვრეული ცოტნე, ალამუთის ალყიდან ბრუნდება სნეული და ჯან-ღონე დაკარგული, გულგატეხილი და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული.
იმ ათწლეულებს მარტო ახალგაზრდობა კი არ გაჰყოლია ცოტნესი, მომავლის რწმენა, სამშობლოს დიდებაზე ოცნებაც თან წაუღია!
როგორ არ ჰგავდა ახლანდელი ცოტნე ვენეციიდან დაბრუნებულ, მეწინავე ხომალდის კიჩოზე მდგარ ჭაბუკ ამირბარს, სიამაყითა და სიხარულით აღსავსე მეზღვაურს, ცისკენ გასაფრენად რომ იყო მზად.
საქართველოსაკენ ურმით წამოსულ, ლოგინზე დაკრულ, სალმობიერით მისუსტებულ ვაჟკაცს სხეული გალევია, მხრებამდე ჩამოზრდილ თმაში ჭაღარა მოძალებია და სახეზე სინათლე გასდის.
როგორ სიცოცხლესა და სიკვდილზე ოცნებობდა ცოტნე და მისი უფერულად გავლილი ცხოვრება კინაღამ შორეულ ალამუთის ალყაში დასრულდა უსახელოდ, ბედის მწარე დაცინვით _ მუცლის აშლილობითა და ფაღარათით.
იქ, ცხრა მთას იქით რომ ასე საცოდავად კვდებოდა, თავისი თავი კიდევ ენანებოდა ესოდენ უსახელო სიკვდილისათვის, მაგრამ, როგორც კი სიკვდილის კლანჭებს დაუძვრა და მომჯობინება იწყო, ირგვლივ საშინელი სიცარიელე იგრძნო.
ცოტნე მიხვდა, რომ მისი დიდების ყველაზე მაღალი მწვერვალი უკვე დიდი ხნის განვლილი ის დღე იყო, როცა იგი ვენეციიდან წამოსხმულ ხომალდთა ქარავანს ფაზისის ნავსადგურში მიუძღოდა. რისთვისღა უნდა იცოცხლოს ცოტნემ ამიერიდან, თუ აქამდე განვლილ მის ცხოვრებას, სიცოცხლის საუკეთესო წლებს ვერც ერთი გაბედული ოცნება, ვერც ერთი ნატვრა და იმედი ვერ აუხდენია და განუხორციელებია. ორმოც წელს ისე გადაცილებია ოდიშის მთავარი, სიჭაბუკისა და ვაჟკაცობის ულამაზესი დრო ისე გაულევია, თავისი ოცნების ვერც ერთ მწვერვალს ერთხელაც ვერ მიახლოებია, ვერც გმირობა რამ ჩაუდენია სხვებზე აღმატებული და ვერც ქველისა და ქვეყნისათვის თავდადებულის სახელი დაუმკვიდრებია იმ სათაყვანებელ ხალხში, რომლის დიდებისათვის სიცოცხლის გაწირვას ბავშვობიდანვე თავისი არსებობის უპირველეს გამართლებად სახავდა.
უფერულად გაიარა ცხოვრებამ.
განა გასაკვირი არ იყო, რომ სისხლისმღვრელი ომებისა და ხალხთა საშინელი შეჯახებების წლებში, მაშინ, როცა სამშობლოს ამდენი უბედურება ატყდებოდა თავს, საქართველოს ერთ-ერთმა უწარჩინებულესმა და უსათნოესმა შვილმა მოსაწყენი და უფერული ცხოვრებით იცხოვრა?!
კიდევ უფრო გასაოცარი ის იყო, რომ ცოტნე დადიანი საქართველოში დატრიალებულ საშინელებათა შუაგულში ბრუნავდა სულ მუდამ და, მაინც ვერსად და ვერაფერში ვერც ხმალმა იელვა მისმა განსაკუთრებული ელვარებით, ვერც სიტყვა და სიბრძნე გაბრწყინდა გამოსარჩევი ბრწყინვალებით.
იქნებ, ცდასა და გარჯას დააკლო ცოტნემ, იქნებ, თავი დაზოგა და ღონე შემოინახა დღეგრძელი, უზრუნველი ცხოვრებისათვის?!
არა, ამას ვერავინ იტყვის, რადგან სიკვდილისათვის, თავი არასოდეს არ აურიდებია და სამშობლოს განსაცდელის შორით მაცქერალი, არხეინი მოწმე არასოდეს ყოფილა. ცოტნე საქართველოს გადასაბუგად დანთებული ხანძრების ცეცხლში ბრუნავდა და ეს მხრებზე დაფენილი ჭაღარაც უფრო იმ ხანძრების ფერფლის და ნაცრის კვალი არი, ვიდრე დროით მოსული ხცე და სიბერით გათეთრება.
ის პირველი ხანძარი, ის ჯოჯოხეთური ცეცხლის ალი, რომელმაც ფაზისის ნავსადგურთან და გემსაშენთან ერთად ცოტნეს პირველი გაბედული ოცნებაც დაფერფლა და დანთქა, მთელ მის შემდგომ ცხოვრებას ლანდივით განუყრელად სდევდა თან, ყოველი ახალი იმედისა და ოცნების ჩასახვისთანავე ხელახლა ღვივდებოდა, ყალყზე დგებოდა და იმ იმედსა და რწმენას შეუბრალებელი ულმობლობით ფერფლავდა.
ფაზისის განადგურებიდან ორი წელიც არ იყო გასული, საქართველოს რომ მონგოლთა პირველი ტალღა მოაწყდა. ცოტნე ქართველთა ლაშქრის იმ ნაწილში იბრძოდა, რომელმაც მტერს მძლავრად შეუტია, უკუაქცია და სილტოლვად მიქცეულს დაედევნა. მონგოლებმა, სუბუდაი სარდლის მეთაურობით, მაშინ თურმე მათთვის ჩვეული ხერხი იხმარეს, განზრახ ილტვოდნენ და ქართველები რომ კარგა შორს გაიტყუეს, მზირად ჩასაფრებულმა ძლიერმა რაზმმა მტრის დევნით გატაცებულებს ზურგში დაჰკრა ჯებე-ნოინის წინამძღოლობით. ორ ცეცხლს შუა მოქცეული ქართველები თავგამეტებით იგერიებდნენ, მაგრამ მტრის ორმხრივ შემოტევას ვერ გაუძლეს და უწესრიგოდ იწყეს უკან დახევა.
სწორედ იმ ომში დაიჭრა მძიმედ ძლიერად მებრძოლი ქართველთა მეფე. ცოტნეს გვერდით დაეცა მისი განუყრელი მეგობარი ბექა ჯაყელი _ ციხისჯვარელი; ქართველთაგან ურიცხვი გაწყდა და ბევრმა სახელოვანმა ვაჟკაცმა დასდო თავი იმ დღეს ხუნანის ველზე. თვითონ ცოტნე მკერდში დაჭრილი ჩამოვარდა ცხენიდან და მხოლოდ გვიან, ქსენონში შეიტყო, რომ ომის ბედი არც ერთი მხარის სასარგებლოდ არ გადაწყვეტილიყო.
იმ ომში საკმაოდ შეთხელებულმა მონგოლთა ლაშქარმა საქართველოს დედაქალაქის დასაპყრობად წამოსვლა ვეღარ გაბედა, ღონის მოსაკრებად და დასასვენებლად მუღანში გამოზამთრება არჩია.
როგორც უეცრად გამოჩნდნენ მონგოლები, ისევე მოულოდნელად გაეცალნენ საქართველოს, გაზაფხულზე საომრად მომზადებულ ქართველთა ლაშქართან, სახიფათო შებმას თავი აარიდეს, ჩვენი მიწა-წყალი უომრად გაიარეს, კავკასიონის კარი განვლეს და რუსეთის ველებზე გავიდნენ.
ცოტნე ჭრილობისაგან განიკურნა, მაგრამ იმ ომში მტერზე გამარჯვების გემო ვერ ნახა და, თუმცა არც ქართველები დამარცხებულან, მაინც გაჩიანის ბრძოლა უამურ მოგონებად დარჩა.
მონგოლების წასვლიდან წელიწადიც არ იყო გასული, რომ მეფემ და დარბაზმა შირვანშაჰისათვის რუსუდანის მიცემა გადაწყვიტეს.
ცოტნე თავად რუსუდანმა ინდომა მაყრად და მეჯვარედ, ბაგავანს მისული მეფე დის გასაკაზმავად ემზადებოდა და სწორედ მაშინ მოხდა უბედურება.
სანადიროდ გავიდნენ მეფე და მისი ამალა.
ბაგავანის ირგვლივ გადაჭიმულ ლელიანში მარტო კანჯარი და ჯეირანი როდი ეგულებოდა ლაშას. ცხელ, უდაბურ ველზე თურმე ვეფხვიც ბევრჯერ შეხვედრიათ იქაურ მონადირეებს და ლაშა იმას ნატრობდა, ეგებ, ახლაც გადავეყაროთ ჯიქსა და ვეფხვსო.
საქართველოში ფოცხვერზე არაერთხელ უნადირნია მეფეს. ჯიქსაც ბევრჯერ შებმია, მაგრამ ვეფხვი მის სამ­კვიდროში არსად იყო, არც მთაში და არც ბარად.
ყმადნაფიც შირვანში სტუმრობა მარტო იმისთვის ჰქონდა ოცნებად ქცეული, ვეფხვებზე ვინადირებო.
ყოველ ზაფხულს ხარკსა და ძღვენს რომ მოართმევდა ხოლმე, შირვანშაჰი გულით იწვევდა ჭაბუკ მეფეს ვეფხვებზე სანადიროდ. ლაშა რომ თავის თავს კუთვნებოდა, ერთ წუთსაც არ დაფიქრდებოდა, პირველსავე დაძახილზე სანადიროდ ამხედრდებოდა და შირვანშაჰთან ერთად უდაბნოს გადინადირებდა.
მაგრამ საქართველოს მეფის ცხოვრება ისე იყო აწყობილი, რომ საქვეყნო და პირადი საქმეები ნებას არ აძლევდა თავის სურვილზე ემოგზაურა სხვათა მიწა-წყალზე და თვეობით ტახტისა და თავის საბრძანისიდან შორს, მოწყვეტილი ყოფილიყო.
როცა შირვანშაჰზე რუსუდანის გათხოვება გადაწყვიტა და სასიძოს შესახვედრ ადგილად ბაგავანი დაუსახელეს, მეფე წუთსაც არ დაფიქრებულა, მაშინვე დასტური მისცა. ამ დასტურის მთავარი, მაგრამ გაუმხელელი საბუთი ის იყო, რომ მეფეს ბაგავანის სამხრეთით კანჯრითა და ჯეირნებით სავსე ველები ეგულებოდა და იქაურ უდაბნოს ბინადართა შორის ვეფხვიც იხსენიებოდა.
აგერ ორი დღეა ბაგავანში იშვებენ და ილხენენ მეფის დის რუსუდანის მაყრები. ლაშას საქორწილო სამზადისისაგან განზე დგომა როგორ შეეძლო. პირიქით, ყველაფერი მისი ბრძანებით კეთდებოდა და მცირე წვრილმანებშიაც თვითონ ერეოდა. მაგრამ როგორც კი საქორწინო კაზმვა აეწყო და სამზადისი თავისი წესითა და რიგით წარიმართა, ლაშამ დრო იშოვა.
მონადირეთაგან საუკეთესონი იახლა მეფემ და მრავალრიცხოვანი ამალით სანადიროდ გაემართა. გვარიანად გამოძინებული და კარგ გუნებაზე გაღვიძებული ცოტნე მხნედ და გულლაღად იყო, გათენებიდან სულ ელექსებოდა, ემღერებოდა.
მინდორზე რომ გავიდნენ, ამირანის ლექსი აეკვიატა:
სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და
ძმანი მისნი,
მთას ირემი წამოუხტათ, ოქრო იყო
რქანი მისნი...
მღეროდა გულში ცოტნე და თვალს აცეცებდა იმის მოლოდინში, რომ სადღაც ირემი არ წამოხტომოდა და შვილდზე ისრის გამართვა არ დაგვიანებოდა.
ფრინველი ბლომად ინადირეს. ნანადირევით დამძიმებას ერიდებოდნენ და ისარს ეგრე ადვილად აღარ იმეტებდნენ სატყორცნად, ხოხობი და დურაჯი ცხვირწინ წამოუფრინდებოდათ, მაგრამ თვალსაც არ აყოლებდნენ.
მოშუადღევებული იყო, კანჯრის გეში რომ აიღეს, ბუკისა და ძაღლების ყეფის ხმაზე დამფრთხალ ჯოგს თავი დაუარეს, წინ გაიგდეს და ცხენდაცხენ დაედევნენ.
ცოტნე გვერდიდან არ მოშორებია მეფეს. ორივე დაუცდომლად ისროდა და ისრის ყოველ ტყორცნაზე გაქცეული კანჯარი ეცემოდა ძირს. ნანადირევს მისათვლელად მსახურებს უტოვებდნენ, თვითონ ისევ გულხეთქებით მიმქროლავ კანჯრების ჯოგს მისდევდნენ, მშვილდზე ისარს ხელახლა მართავდნენ და... ისევ ეცემოდა განგმირული ნადირი, ისევ ზოლად მისდევდა სისხლის კვალი უდაბნოს ცხელ ქვიშას და თხელდებოდა, მეჩხერდებოდა დაღლილობისაგან ენაგადმოვარდნილი, თავგანწირვით მიმქროლავი ცხოველების გუნდი.
გაუთავდა ცოტნეს ისარი. ჭენებით დაწინაურებულს ისრის მიმწოდებლები უკან ჩამორჩენოდნენ და ახლო აღარავინ ჩანდა.
მოსახვევთან შეაჩერა ცხენი და უნაგირზე სანახევროდ შემოტრიალებულმა მეფეს დაუწყო ძებნა. თითქო მიწას ჩაეყლაპოს, რამდენიმე წუთის წინ მის მხარდამხარ მომქროლავი ხელმწიფე აღარსად ჩანდა. ცოტნემ ცხენი გვერდზე მიაყენა და კანჯრის ჯოგს დადევნებულ მონადირეებს გზა მისცა. მიჰქრიან ივანე მხარგრძელი და ვარამ გაგელი, ეგარსლან ბაკურციხელი და სარგის თმოგველი, თორღვა პანკელი და ჰერეთის ერისთავი, მიჰქრიან და სტყორცნიან ისარს და ისევ ეცემა მოკლული ნადირი ცხელ ქვიშაზე, ისევ თხელდება კანჯრის ჯოგი და ბოლო არ უჩანს ნადირთ ხოცვას და დევნას. თავის წინ გაატარა ცოტნემ მეფის ყველა დიდებული, ყველა ახლობელი და მონადირე, მეფე კი არსად ჩანდა.
ალბათ, მოსწყინდა ნადირის დევნა ხელმწიფეს და სადმე შეისვენაო, გაიფიქრა ცოტნემ და ცხენი უკან შემოაბრუნა. უნაპირო ველს გახედა, კაცის ჭაჭანება არსად იყო.
ცოტა რომ გაიარა, ნანადირევით დატვირთულ მსახურებს გადაეყარა.
_ ხელმწიფე ხომ არ გინახავთ? _ იკითხა და თან ფერდგაგლეჯილ კანჯარს დააცქერდა.
_ მეფე წინ არის, _ თავდაჯერებულად თქვა მსახურთაგან უფროსმა.
_ წინ იყო, მაგრამ, ვგონებ, შესვენება ინება და ჩამორჩა, აქეთ არსად ჩაუვლია?
_ არა, მთავარო, აქეთ არსად უნებებია ჩავლა.
_ აქეთ არსად გამოჩენილა, თორემ დავინახავდით, წინ იქნება, მეფის ლურჯას სხვათა ცხენები ვერ დაეწეოდნენ, _ დაბეჯითებით მოახსენა მსახურთაგანმა და ცოტნე შეფიქ­რიანდა.
მართლაც და, სად უნდა წასულიყო მეფე? ცხენი რომ შეეყოვნებინა და ჩამორჩენილიყო, ამ ტრიალ მინდორზე ყველა ნახავდა, ალბათ, მართლაც წინ გაჰქროლა და რატომ ეს ვერ მოიფიქრა ცოტნემ, რომ მეფე ყველაზე შორს და ყველაზე წინ ეძებნა?!
დადიანმა ცხენი უკანვე შეატრიალა და ლაფშა მიწას გააკრა.
მიჰქრის ცოტნე, გზადაგზა ხედავს მინდორზე შეჩერებულ მონადირეებს, ნანადირევთან დაქვეითებულ მსახურებს, უკან შემობრუნებულ დიდებულებს.
აგერ, სარგის თმოგველი უქნევს ხელს მის წინ გაქროლებულ ცოტნეს, მხარგრძელთან და გაგელთან ერთად მომავალმა ბაკურციხელმა ხელით რაღაც ანიშნა ოდიშის მთავარს, მაგრამ ცოტნემ ვერაფერი გაიგო და მოლანდებასავით გაუქროლა წინ მეფის ახლობლებს.
ერთხანს ასე უკანმოუხედავად აჭენა ცხენი... მერე, ლელიანი რომ მოხშირდა და ტიტველი ველი დაილია, კანჯრების კვალიც დაიკარგა.
სანახევროდ დამშრალ ტბას გადაადგა ცოტნე და ცხენი შეაჩერა.
წინ ლელშემომდგარი უზარმაზარი ტბის მეტი არა იყო რა, მარჯვნივ სიცხისაგან გავარვარებული კლდეები აყუდებულიყვნენ, ხოლო მარცხნივ გაუვალი ლელი ამართულიყო კედლად.
წამით დაფიქრდა ცოტნე, ვერ გადაეწყვიტა, მარჯვნივ წასულიყო და კლდე-კლდე ევლო, თუ უკან გაბრუნებულიყო.
ცხენს სადავე მიუშვა და ლაფშამ თვითონ გაიკვლია გზა უზარმაზარ ლოდებსა და გორმახებში. რაკი ცხენმა თვითონ აირჩია გზა, ცოტნემ აღარ დაუშალა და ცხოველის გუმანს მიჰყვა. ერთხანს ასე იარა, ცხენსმინდობილმა, გახუ­რებულ კლდეებში. მერე ლაფშა წყურვილმა თუ ალღომ იმ კლდეების ხვეულებიდან გამოიყვანა და ისევ ტბას გაუსწორდნენ.
წყლის დანახვაზე აჭიხვინებულმა ლაფშამ ტბისკენ აუჩქარა ნაბიჯს, ფრუტუნით დახარა თავი და დაეწაფა.
ცოტნემ სადავე მოსწია, ჭენებისაგან გაქაფული ცხენი ერთბაშად წყურვილის მოსაკლავად არ მიუშვა, წყალი სვენებ-სვენებით დაალევინა. მერე დაიქვეითა, ლაფშას მოსართავები მოუშვა და ლაგამი წაუყარა. ცხენმა წყლით გული იჯერა, თავი აიღო, ყური ცქვიტა და გაილურსა. მერე ერთი თავი დაიქნია, დაიფრუტუნა, ყელი მოიღერა და შესჭიხვინა.
უკანიდან, კლდეების მხრიდან გაისმა ცხენის საპასუხო ჭიხვინი და ცოტნემ პირი იქით იბრუნა.
სადღაც, ახლო ესმოდა ცხენის ჭიხვინი, ლაფშამ თავი აიღო და იქით წავიდა. ცოტნე ცხენს მიჰყვა.
კლდეებს გასცდნენ და ლელით მოზღუდულ ტრამალს გადაადგნენ. ტრამალზე მეფის ლურჯა დაყიალობდა, აღვირს მიწაზე მიათრევდა და დრო და დრო განწირულის ჭიხვინით უხმობდა ვიღაცას.
ცოტნემ მეფის ლურჯა იცნო და ცუდად ენიშნა. კლდეებზე სირბილით დაეშვა და, ის იყო, ლურჯას შეპყრობა დააპირა, რომ წინ წასული ლაფშა ადგილზე შედგა და ტორით მიწას დაუწყო ცემა.
ცოტნეს გულმა ცუდი უგრძნო. სუნთქვაშეკრული ფეხისთრევით მიუახლოვდა ლაფშას და მოულოდნელობისაგან გაქვავდა: სისხლის გუბეში გულაღმა იწვა თვალდახუჭული ლაშა.
ზარდაცემული ცოტნე გახევებული იდგა, გონდაკარგულივით დაჰყურებდა მეფეს და ახლო მისვლისა ეშინოდა. ვაითუ, ცოცხალიც აღარ არისო, ფიქრობდა სასოწარკვეთილი და არ იცოდა, რა ეღონა.
როგორც იყო, ნაბიჯი გადადგა, ლაშასთან ჩაიჩოქა და ფრთხილად მისწვდა მეფის მაჯას.
მაჯა სუსტად სცემდა. მეფე ცოცხალი იყო.
ცოტნემ სისხლის გუბეს დახედა. იმ გუბიდან სისხლის კვალი ბაწარივით გაბმულიყო ცხელ ქვიშაზე და ლელია­ნისაკენ მიდიოდა.
მეფეს სწრაფად უნდოდა შველა, ბევრი ფიქრის დრო არ იყო.
ცხენის ფეხის ხმა მისწვდა ცოტნეს ყურს. თავი მიაბრუნა და შვებით ამოისუნთქა:
მხარგრძელი და ახალციხელი, ბაკურციხელი და თმოგველი გამოჩნდნენ. ტბასთან მიიჭრნენ, დაიქვეითეს და მეფეს თავს დაადგნენ.
ახალციხელი ლელიანისკენ წაგრძელებულ სისხლის კვალს დააკვირდა.
_ ლელიანს ალყა შემოარტყით! _ უბრძანა მხლებლებს.
მსახურები ბრძანების ასასრულებლად დაიძრნენ.
მეფე ხელდახელ გამართულ საკაცეზე დააწვინეს და ბაგავანისკენ წაიყვანეს.
ლელიანში დაჭრილ ვეფხს წააწყდნენ მეფის მსახურები. მუცელგამოფატრული ვეფხი სულს ლევდა და მსახურებმა მაშინვე დაასკვნეს, რომ მეფე და ვეფხი საბედისწეროდ შებმოდნენ ერთმანეთს.
ალბათ, ყველა ირწმუნებდა ამ ნათქვამს, ლელიანშივე მოკლული ასასინი რომ არ ეპოვათ. ისმაილიტს სასიკვდილო ჭრილობა ხმლით ჰქონდა მიყენებული. ამ ამბავმა სულ დააბნია ყველა: ზოგნი რომ ვეფხს თვლიდნენ მეფის მოკლულად, სხვები იმას ამტკიცებდნენ, რომ მტრებისაგან საქართველოს მეფის მოსაკლავად მიგზავნილი ასასინი მეფის ხმლით იყო მოკლული.
ლაშას გულმკერდი სწორედ იმ ადგილას იყო გაგლეჯილი, სადაც მონგოლის ისრით მიყენებული ჭრილობის ნაკვალევი აჩნდა დაღად.
კარგა ხნის წინ ძლივსძლივობით პირშეკრულმა ნაჭრევმა ისევ დააღო პირი და საშველი აღარ დაადგა. სისხლის დენა არ შეწყდა და დაფლეთილი ნაიარევი არ დაცხრა.
მეფის ფარულმა მტრებმა მიზეზი იშოვეს რუსუდანისა და შირვანშაჰის ქორწინების ჩასაშლელად. რა დროს სასიძოს ლოდინია, მეფე ხელიდან გვეცლებაო, აბუზღუნდნენ და სასწრაფოდ ხელმწიფის თბილისისაკენ წაყვანა მოითხო­ვეს. წამოიყვანდნენ კიდევაც მეფეს, მაგრამ მკურნალმა ფეხი მოიდგა და გადაჭრით განაცხადა:
_ როგორც კი ადგილიდან დაძრავთ, სისხლის დენა იმატებს და თბილისამდე სული არ ჩაყვება, თუ მეფის სიკვდილი არ გინდათ, აქ უნდა იწვეს გაუნძრევლად, ჩემს დასახმარებლად სხვა ხელოვანი მკურნალებიც იხმეთ თბილისიდან და აქ ვცდით ყველა ღონესა და წამალს.
მეფის მკურნალის ამ ნათქვამის ანგარიშგაუწევლობა ვეღარავინ გაბედა და ხელმწიფის სიცოცხლის სასწორზე შეგდება ვერავინ იკისრა.
მარტო თბილისიდან კი არა, შირვანიდან და ადარბადაგანიდან, ანისიდან და ტრაპიზონიდანაც კი დაიბარეს ექიმები, ყველა წამალი და ღონე სცადეს, მაგრამ მეფეს საამქვეყნო პირი აღარ ჰქონდა, მომჯობინების მაგივრად, დღითიდღე ილეოდა და სუსტდებოდა.
იმ დღეს დილიდან კარგ გუნებაზე გაიღვიძა მეფემ.
_ ცოტნე და სარგისი სად არიან? _ იკითხა ლაშამ, ოდნავ რომ მოიხედა.
_ აქ გახლავან, ღამეებს ათევენ თქვენს კარავთან, _ მოახსენეს და მეფის სახეზე კმაყოფილების ღიმილი გაკრთა.
_ მიხმეთ! _ ბრძანა ლაშამ და ხელით ანიშნა.
მეფის კარავში ცოტნე დადიანი და სარგის თმოგველი შემოვიდნენ გაკრძალულნი, მუხლებზე დაეცნენ და ხელმწიფე მოიკითხეს.
_ დასხედით, _ სელზე ანიშნა შემოსულთ ლაშამ და გაუღიმა.
გალახულებივით წამოდგნენ. სნეულის ცქერას მის საწოლთან დამხობა ერჩიათ, რადგან მეფისაკენ თვალის გაპარებაც კი შიშითა და შფოთით ავსებდა ერთგულ მოყმეებს.
ლაშა ძვალი და ტყავიღა იყო. იგი ლანდსაც აღარ ჰგავდა სიცოცხლითა და ხალისით სავსე იმ ხელმწიფისას, სულ რამდენიმე დღის წინ რომ სანადიროდ მიუძღოდათ და გაფრენილ ნადირს ისრის ერთი ტყორცნით სცემდა ძირს უსულოდ. გალეული, ფერდაკარგული მეფის დანახვისთანავე ორივემ ეს გაიფიქრა, ნეტავ სული სადღა უდგასო. მერე თანდათან შეეჩვივნენ ცოცხალმკვდარი მეფის სიახლოვეს ყოფნას და გარემოების შესაფერისად იწყეს სნეულის გამხნევება.
_ მადლი უფალს, რომ წამლებმა გარგეს და კვლავ იწყო ქართველთა ბედნიერების მზემ აღმობრწყინებად, _ მაღალფარდოვნად თქვა თმოგველმა და თავს ძალა დაატანა, რომ იმედიანი ღიმილი მოეშველებინა.
ლაშამ ხელი ჩაიქნია.
_ ამაოება ამაოებათა, და ყოველივე ამაო... საიდანაც მოვედით მუნვე მივიქცევით და არ არის მთქმელი იმისა, თუ რატომ მოვედით, ან რატომ მივდივართ, _ მწარე ღიმილით თქვა ლაშამ, მერე ცოტა შეისვენა, თვალი დახუჭა და მისუსტებული ხმით ოდნავ წაიმღერა:
არას გვარგებს სიმძიმილი,
უსარგებლო ცრემლთა დენა;
არ გარდავა გარდუვალად,
მომავალი საქმე ზენა...
_ ეგრეა, სარგის? სწორად ვთქვი?
_ ეგრეა, ხელმწიფევ, სწორად ბრძანეთ, მაგრამ რუსთველი იმასაც დასძენს:
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა!
_ აკი ვითმენ, სარგის... ვითმენ, მაგრამ რისთვის? _ ამოიკვნესა ლაშამ და ტკივილისაგან სახე დაეღმიჭა. თმოგველს თვალზე ცრემლი მოერია, ცოტნეს გახედა _ დადიანს თავი ხელებში ჩაერგო და მხრები უთრთოდა. ცოტნესაგან რომ ელოდა გულის გამაგრებას, თურმე თვითონ ის ყოფილა გასამხნევებელი. შეეშინდა, მეფე თვალს გაახელს და მტირალები არ გვნახოსო; ცრემლი მოიწმინდა და ოდიშის მთავარს მკლავზე ხელი მოუჭირა.
ცოტნემაც ცრემლი შეიმშრალა და თავი დაღუნა, რომ ნამტირალევი სახე მეფისათვის აერიდებინა.
_ ალბათ, ეს იყო განგება და ბედისწერა, ჩემო ცოტნე... როგორ გამოეყო ის ერთი კანჯარი ჯოგს და როგორ გამიყოლია. ისე მიხვეულ-მოხვეული ირბინა, დამიზნება და ისრის ტყორცნა ვერ მოვასწარი. კლდეებში შემიტყუა და... ვაი!... _ ამოიგმინა უცებ ლაშამ და მკურნალი ლოგინისაკენ გაჰქანდა.
ხელმწიფე ტკივილისაგან დაიგრიხა. შუბლზე ჭირის ოფლი დაასხა, მიყუჩდა და თითქოს აღარ სუნთქავდა.
ექიმმა წამალი აყნოსა. ლაშამ ღრმად ამოისუნთქა და უცებ ძილში წასულივით მოეშვა. ფერდაკარგული ცოტნე და სარგისი ფეხაკრეფით გამოვიდნენ მეფის საწოლიდან.
იმ საღამოს მეფემ ზიარება ითხოვა. დისა და დიდებულების თანდასწრებით ანდერძი ბრძანა და განისვენა.
მეფის სიკვდილის გამო ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. მგოსნებმა ასასინის მახვილით მეფის მოკვლის ჭორი არაფრად ჩააგდეს, ჭაბუკი მეფისა და ვეფხის შებმის ამბავი ლექსებად გამოთქვეს. ხალხმა ის ლექსები ზეპირად ისწავლა და თაობიდან თაობას თქმულებად დარჩა ვეფხებთან მეომარი მეფის გმირობისა და ლამაზი სიკვდილის ამბავი.
ლაშას მიცვალება და რუსუდანის გამეფება, სხვას, მეფის დასთან ცოტნესავით ახლობელს, დიდად გაა­ხარებდა, მაგრამ ოდიშის მთავარს მეხად დაატყდა სამშობლოს ეს უბედურება.
სამშობლოს ძლიერებისათვის ოცნებას კიდევ ერთი ბოძი წაექცა და ცოტნემ ფაზისის განადგურებაზე მეტად ჭაბუკი მეფის დაღუპვა განიცადა.
მაგრამ ქართველებისთვის დიდი თამარის შემდეგ ქალის გამეფება ახალი და ცუდის მომასწავებელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. რუსუდანს ვაზირები და დიდებულები მხარში ამოუდგნენ, ქვეყნის მშვიდობიანი, ძლევამოსილი ცხოვრება გრძელდებოდა და ცოტნე ერთგულად ემსახურებოდა ტახტსა და დაზე უფრო საყვარელ გვირგვინოსანს.
ამასობაში კრავაიმ ნანატრი ქალ-ვაჟი შესძინა ოდიშის მთავარს და ისევ გაივსო სიხარულითა და ბედნიერებით ცოტნეს გული.
ეს ბედნიერება, ალბათ, დაუსრულებლად გაგრძელდებოდა, საქართველოს ბედი რომ უეცრად ჩარხუკუღმა არ დატრიალებულიყო.
მოულოდნელად მონგოლებისაგან დევნილი ხვარაზმშა მოადგა საქართველოს სამეფოს საზღვრებს.
ქართველები ხვარაზმის დამპყრობ მონგოლებზე ერთხელ გამარჯვებულად თვლიდნენ თავს და ეჭვიც არავის ჰქონდა, რომ იმ მონგოლთაგან ლტოლვილ სულტანს კუდით ქვას ასროლინებდნენ და საქართველოსკენ ავად გამოხედვის სურვილს სამუდამოდ დაუკარგავდნენ.
მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა და ვერავინ წარმოიდგენდა: საქართველო გარნისის გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხდა, ხვარაზმელებმა თბილისი აიღეს და მოაოხრეს.
და ისევ ავარდა ჯოჯოხეთური ხანძრების ალი, ფაზისი რომ მოსპო. ცოტნეს თვალწინ ახლა უკვე მარტო ოცნება კი არ დაიმსხვრა, არამედ იმ ოცნების საფუძველთ საფუძველი, ას წელიწადს ნაშენი საქართველოს დიდება და ძლიერებაც დაემხო.
რუსუდან მეფემ ლაშქარს რომ ივანე მხარგრძელი უთავა და სეფე დროშაწამძღვარებული გარნისისკენ გაისტუმრა, თვითონ დღედღეზე მოლოგინებას ელოდა. ვითარცა მკვიდრსა და ახლობელს, ცოტნეს ცრემლით შეევედრა, არ დამტოვოო და, მთავარსაც მეტი რა გზა ჰქონდა, დედოფლის კარზე დარჩა.
ახლადმოლოგინებული დედოფალი ლიხთიმერეთს ისე სწრაფად გაიხიზნა და ისე ჩქარა შემოვიდნენ დედაქალაქში ხვარაზმელები, ქართველებმა სამეფო სალაროს წაღებაც ვერ მოასწრეს და მტერს აურაცხელი ქონება ხელთ ჩაუვარდა.
თბილისისათვის ბრძოლაში დაიჭრა ცოტნე დადიანიც. საკაცეზე დაწოლილი რომ მიჰყავდათ, შორიდან ხედავდა ოდიშის მთავარი თბილისის ცაზე ატყორცნილ ხანძრის სვეტებს და გულჩამწყდარი სტიროდა სამშობლოს დიდების დაცემას.
მეორედ ეკიდა ბეწვზე ცოტნეს სიცოცხლე. ზოგჯერ გადარჩენის იმედს ჰკარგავდა და წყალწაღებულივით ხავსს მოეჭიდებოდა: დაე, მოვკვდე, სამშობლოსთვის თავდადებას ვოცნებობდი და, მადლობა ღმერთს, ასრულდა ჩემი ნატვრა და ოცნებაო. ასეთ წუთებში ივლიანე მოძღვრის ჩაგონება გაახსენდებოდა, თვალს მოხუჭავდა და გმირთა გულ-ღვიძლის მკორტნელი არწივის მოსვლას ელოდა.
მაგრამ ამირანის არწივი არ მოდიოდა და ცოტნე ხვდებოდა, რომ მის მიერ ჩადენილი ვაჟკაცობა ის გმირობა არ იყო, რომლისთვისაც არწივს უნდა მოენახულებინა და გულღვიძლის კორტნის სიამე განეცდევინებინა.
მხოლოდ ერთხელ მოესმა დაჭრილს ამირანის არწივის მძლავრი ფრთების ტყლაშუნი.

დაპყრობილი ხალხების შეუნელებელი წინააღმდეგობით გაბოროტებული ჯალალედინი ხან ხლათს აწყდებოდა, ხან თბილისს, ხან თავრეზს გარბოდა აჯანყების ჩასაქრობად, ხან შემახას. მამის სამკვიდროს დაბრუნებისა და ხვარაზმშას უნაპირო სამეფოს აღდგენის იმედი თანდათან იწურებოდა და, მონგოლთა მხედრობასთან გადამწყვეტი შებმის ჟამი არ დგებოდა. კიდევ კარგი, მონგოლები ჯერ შორს იყვნენ, თორემ ხვარაზმის ლტოლვილ სულტანს მათთან შესაბრძოლებლად აღარც ლაშქარი ჰყავდა, აღარც ოქრო გააჩნდა, რომ ჯარი დაექირავებინა და აღეჭურვა.
მართალია, საქართველოს დედაქალაქის აღებამ ერთხანს წელში გამართა, მაგრამ, რომ იტყვიან, ზღვა კოვზით დაშრაო, თბილისში ხელთნაგდები ქართველთა მეფის სალაროც მალე დაცარიელდა, რადგან ყოველდღე ბლომად აკლდებოდა და შესავსებად არაფერი ემატებოდა. იმ ნადავლის დიდი ნაწილიც ისევ საქართველოში ფეხის მოსაკიდებლად იხარჯებოდა, ისევ აჯანყებულ ქართველთა დამორჩილებისათვის აღმა-დაღმა ლაშქრის გაგზავნასა და წყობას ხმარდებოდა.
საქართველოს მეფეს ქვეყნის ნახევარი კიდევ ხელთ ეპყრა და იმ ნახევრიდან ხვარაზმელთაგან დაპყრობილ მეორე ნახევარს მუდმივ მოსდიოდა ჯარი და საჭურველი. სანამ საქართველოს სამეფოს მთლიანად არ დაიმორჩილებდა, ჯალალედინი თბილისში მოსვენებულ ჯდომაზე ვერ იოცნებებდა. ეს რომ ასე იქნებოდა, იმთავითვე მიხვდა სულტანი, მაგრამ ვერ იქნა და ლიხთიმერეთში ვერ შევიდა, ძნელად გადასასვლელ უღელტეხილებში ჩასაფრებული ქართველების სიფხიზლეს ვერ გაუსხლტა და, არაერთხელ ქუთაისის ასაღებად გალაშქრებული, უკან პირში ჩალაგამოვლებული მობრუნდა.
რაც დრო გადიოდა, შფოთი მატულობდა და ჯარის შესანახავი ოქრო ძნელი საშოვარი ხდებოდა. ხვარაზმშას ისედაც ცეცხლი ედებოდა ქუთაისს შეფარებულ ქართველთა მეფის გახსენებაზე და ახლა, როცა დაცარიელებული სალაროს შევსება უპირველეს საზრუნავად ექცა, ლიხთიმერეთს გალაშქრების მომხრეთა მუდმივი შეგონება თანდათან ერთადერთ გამოსავალად ესახებოდა.
_ თბილისში ქართველთა მეფის საჭურჭლის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ჩაგვივარდა ხელთ, ქართველთა მთავარი განძი ქუთაისთან, მთებშია თურმე საიდუმლოდ დაცული.
_ ის განძი რომ ხელთ ვიგდოთ, თუგინდა მთელ საისლამოს შეაიარაღებ და იმოდენა ჯარს დაიქირავებ, მონგოლებს ერთად წალეკავენ.
_ ქუთაისის აღებით თბილისშიც ფეხს მოიმაგრებ, საქართველოს დედოფალს ცოლად დაისვამ და ამით ქართველობას დაიმორჩილებ. მერე თვითონ ქართველებსაც შენს ლაშქარს შეუერთებ და მონგოლების წინააღმდეგ აბრძოლებ.
მსგავსი შეგონებანი ჯალალედინს ცეცხლზე ნავთს უსხამდა, ქუთაისზე გალაშქრების წამქეზებლებს ყური მიუგდო და ლიხთიმერეთის დაპყრობაზე ფიქრით ძილი გაუტყდა.
რკინის ჯვრისა და რიკოთის უღელტეხილებზე არაერთგზის ნაგემებმა მარცხმა სულტანს სხვა, ნაკლებ ცნობილი გზების ძებნა ჩააგონა... ერთგულ ემირებთან ერთად რუკების ჩხრეკა დაიწყო. ქართველებს შორის გზების მცოდნეთა გამოკითხვას ფრთხილად შეუდგა.
_ კიდევ ყოფილა მესამე გადასასვლელი, სურამის გადასასვლელზე ძნელიც არის თურმე და გრძელიც, მაგრამ იმ უღელტეხილიდან ლიხთიმერეთში მტრის ჯარი არასოდეს გადასულა, ქართველები იქიდან საფრთხეს არ ელიან და ამიტომ იქ არც ჯარი ჰყავთ, არც სიმაგრეები აქვთ ნაშენები. თუ ფრთხილად და საიდუმლოდ ვიმოქმედებთ და იმ მესამე უღელტეხილიდან გადავალთ, ლიხთიმერეთში ჩვენი გამოჩენა მტრისთვის მოულოდნელი იქნება და ფიქრიც რომ არ ექნებათ, ისე შევესევით ქუთაისს.
_ მაინც რამდენად უფრო გრძელი იქნება ეგ გზაო,  _ იკითხა და, როცა აღმოსავლეთის უნაპირო ველების მპყრობელი ხვარაზმშას შვილს რაღაც უმნიშვნელო განსხვავება უთხრეს, იმ გზის სიგრძეზე ლაპარაკი სიცილად არ ეყო.
მეორე გაფრთხილება გზის სიძნელეზე უფრო ანგარიშგასაწევი იყო; მაგრამ ჯალალედინს გული მუდამ მეტი ხიფათისაკენ მიუწევდა და საშიშროება ახლაც არაფრად ჩააგდო.
_ ქართველები ვერც იმას იფიქრებდნენ, რომ გარნისს ავიღებდით. ამ ძნელ გზასაც დავძლევთ და გულარხეინ ქართველებს ერთხელ კიდევ შევაგნებინებთ, რომ გულადი მეომრისათვის აუღებელი ციხე და გადაულახავი უღელტეხილი არ არსებობს.
რაკი ჭერეთხევით ლიხთიმერეთს გადასვლის რჩევა ჭკუაში დაუჯდა, ჯალალედინი სალაშქროდ მომზადებას შეუდგა. გადასასვლელისკენ საიდუმლოდ გაგზავნა მზვერავები და წინასწარ ხმა დაარხია, არზრუმისკენ უნდა გავილაშქროო. ნამდვილად კი ლაშქრის გაკაზმვას მორჩა თუ არა, ბორჯომის ხეობისკენ მხოლოდ ჯარის ერთი ნაწილი გაგზავნა. იმ ჯარსაც ღამით უკან შემობრუნება და გომიდან ჭერეთხევისაკენ იმ გზით სვლა უბრძანა, რომლითაც თვითონ მიდიოდა უმთავრესი ლაშქრით.
ლიხთიმერეთში ჯალალედინის განზრახვა დროზე შეიტყვეს. უკვე მეფის ვაზირად აღზევებულმა ცოტნე დადიანმა საიდუმლოდ ჯარის წვევა და კაზმვა იწყო და როცა თბილისიდან ხვარაზმელი სულტანი სალაშქროდ დაიძრა, ქართველებს უღელტეხილის ვიწროები უკვე შეკრული ჰქონდათ.
ჯალალედინის ლაშქარი მრავალრიცხოვანი იყო და რიცხვით მცირე ქართველობას მასთან ვაკეზე გამკლავების იმედი არ ჰქონდა. მაგრამ თუ მტერს ვიწროებში დაესხმოდნენ თავს, იქ დიდი ლაშქარი გაშლას ვერ შესძლებდა და ყველაფერს სისწრაფე და თავდასხმის მოულოდნელობა გადასწყვეტდა.
ქართველებმა თავიანთი მხედრული ანგარიში სწორედ ამ მოულოდნელობასა და ადგილის სიმარჯვეზე დაამყარეს.
ხეობის ორივე მხარე ხშირი ტყით იყო დაფარული. მთის მდინარეს ისე ვიწრო გზა მიჰყვებოდა, ორი აჩაჩა ურემი ერთმანეთს გვერდს ვერ აუვლიდა. ღრმა ხეობაში ჩავარდნილი მდინარე დაკლაკნილი მიედინებოდა. გზა ხან მდინარეს მოჰყვებოდა, ხან აღმა-დაღმა ფერდობს გასდევდა და ზოგჯერ ისე მაღლდებოდა, ხევის ძირამდე თვალის ჩაწვდენის შეგეშინდებოდა.
ხვარაზმელთა ლაშქარმა სამხრობისას მიატანა ვიწროებს. მრავალრიცხოვანი ქვეითი და ცხენოსანი ერთხანს შეგუბდა, მერე ბაწარივით გაიჭიმა და ასე დაწვრილებული წყობით შეჰყვა ხეობას.
თავად ჯალალედინი მეწინავე რაზმს მიჰყვებოდა. თუმცა წინ გაგზავნილ მზვერავებს ჩქარ-ჩქარა მოჰქონდათ ამბავი, რომ გზა თავისუფალი იყო და ხიფათი არსაიდან ელოდა, გამოცდილი სარდალი მიხვდა, ესოდენ ვიწრო ხეობაში ამოდენა ლაშქრით შემოსვლა მეტისმეტი სითამამე იყო.
ხეობაში ბინდი წვებოდა, მთავარი აღმართები და ძნელად გასასვლელი ვიწროები ჯერ კიდევ შორს იყო. ბნელ ღამეში იმ გზების გავლა ერთიორად გაჭირდებოდა და მტრის თავდასხმის საფრთხეც გაცილებით საშიშად ეჩვენებოდა ჯალალედინს.
სარდლებს მოეთათბირა და როგორც კი ხეობაში ცოტა გაშლილ ადგილს მიაღწია, შეჩერება ბრძანა.
კარვები გამართეს და ცეცხლი დაანთეს. სულტნის კარავი მაღლობზე დადგეს. შუაღამემდე სუფრას უჯდა ჯალალედინი. ნაშუაღამევს თავის ტკივილმა შეაწუხა, დასაწოლად წამოდგა, გუშაგებს ჩამოუარა და ემირები სასტიკად გააფრთხილა, მორიგეობით ეფხიზლათ; მერე კარავში შევიდა, მსახურს არ უხმო გასახდელად. თაჯი და ქამარ-ხანჯალი სასთუმალთან დაიდო და ერთი პირი გაუხდელად დაწოლა დააპირა. ლოგინზე გაიშოტა და დიდხანს ამაოდ იტრიალა. ვერ იქნა და ვერ მოისვენა, ცალკე სიცხე აწუხებდა და ცალკე თავის ტკივილი. სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ტანსაცმელი გაიძრო. ცოტა შვება იგრძნო. ფიქრმა წაიღო და ძილი ისე მოეპარა, ვერც გაიგო.
დღისა და ღამის გაყრის საათი რომ დგებოდა, ხეობაში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. ის დრო იყო, ერთ პირ ძილს რომ წყალიც იძინებს, ჩამქრალი ცეცხლი აქა-იქ კიდევ ინავლებოდა, ხეზე ფოთოლი არ ირხეოდა და მძინარეთა სუნთქვაც აღარ ისმოდა.
ძილისგან თავწართმეული გუშაგები თითქოს გაქანებული ზვავის ხმაურმა გამოაღვიძა.
ხეობის ორივ მხრიდან დამაყრუებელი შლიგინი ატყდა. სადღაც ცხენებმა დაიჭიხვინეს და ფერდობებზე უთვალავი ქვეითი და ცხენოსანი დაეშვა შიშველი ხმლების ქნევით, სტვენითა და ყიჟინით.
მძინარე ლაშქარს შეესივნენ, ერთი ნაპირიდან მეორემდე ხმლის ქნევით გაიარეს და წამში ყველაფერი ერთმანეთში აირია _ ქვეითი და ცხენოსანი, მძინარე და გაღვიძებული, მომხდური და დამხდური. თავდამსხმელმა ორგან შუაზე გაჰკვეთა ბანაკი, მერე ალყაში მოქცეულებს დაერივნენ და უწყალოდ დაუწყეს ჟლეტა.
ხმალამოწვდილი ემირები თავისიანებს უყვიროდნენ და ამხნევებდნენ. არეული ჯარის დაწყობას ცდილობდნენ და ხმალს გამეტებით იქნევდნენ, მაგრამ ხეირიანად გამოუფხიზლებელი ხვარაზმელები გასაქცევს ეძებდნენ და დამფრთხალი ჯოგივით ხან ერთ მხარეს აწყდებოდნენ, ხან მეორეს. ბოლოს თავქვე მიეძალნენ, მიაწვნენ და ბრძოლაც შენივთდა.
ცოტნე ცხენდაცხენ იბრძოდა, ხმალს მარჯვნივ და მარცხნივ აელვებდა და ბრძოლის შუაგულისკენ მიიწევდა.
იქ, შუაგულში ჯალალედინის ემირებს წყობა შეეკრათ და თავგამეტებით იბრძოდნენ. სულტანიც ნამდვილად იქ არისო, გაუელვა ცოტნეს ფიქრმა და ცხენი იქით მიმართა. ორი თავჩალმიანი მოუხდა პირისპირ, ერთს ხმალი მოუქნია და მეორეზე ცხენი მიაგდო. ორთავეს განწირული ღრიალი აღმოხდა და ცოტნემ უკან მოხედვაც ვერ მოასწრო, რომ მახვილი აძგერეს. ეტყობოდა, ცხენიც დაჭრეს, ლაფშამ გამყივანად დაიჭიხვინა, ყალყზე შედგომა სცადა და ცხენოსნიანად ხევში გადაიჩეხა.
ცხენიდან გადმოვარდნილ ცოტნეს წამით მოეჩვენა, რომ უძირო ხრამში ჩაეშვა. ჭაში ჩაგდებულ ქვასავით მძიმედ მიექანებოდა ბნელ უფსკრულში. უსასრულო სიღრმეს ბოლო არ ჰქონდა, შეჩერება არსად შეიძლებოდა. დაქანებული ცოტნე ხელ-ფეხს ამაოდ ასავსავებდა. წყვდიადში თვალი ვერაფერს ხედავდა და დამაყრუებელი შუილის მეტი ყურში არაფერი ესმოდა. ის შუილი ზღვაურივით ხან ერთბაშად მოაწყდებოდა ყურს, ხან თითქოს უკან იხევსო, ნელ-ნელა წყნარდებოდა და ნაზ, სმენის დამაამებელ შრიალადღა აღწევდა ცოტნეს გონებამდე.
მერე სადღაც დაეშვა, მთელმა სხეულმა სისველე იგრძნო და პირველად ეს ეგონა, ზღვაში ჩავვარდიო. ის სისველე ბადაგივით სქელი და თბილი იყო. სხეულში ჟრუანტელივით გაატანა, ძვალსა და რბილში მომთენთავად გაუჯდა, ეამა და ესალბუნა.
კიდევ ცოტაც და, ყველაფერი ისე დატრიალდა, თავი ტყვიასავით დაუმძიმდა და შეგრძნებისა და შეცნობის უკანასკნელი კვალიც წაიშალა.
თვალი მეორე დღესღა გაახილა. მდიდრულად მორთულ კარავში მზერა უღონოდ შემოატარა. ყველაფერი ეუცხოვა, ალბათ, სიზმარს ვხედავო, გაიფიქრა და თვალი ისევ და­ხუჭა.
_ გღვიძავს, მთავარო? მადლობა უფალს, რომ უკეთა ხარ და ისევ მოგვხედე! _ ჩაესმა ნაცნობი ხმა.
ცოტნემ თვალი გაახილა: ტახტის ბოლოს, ძვირფას ნოხზე ჩაჩოქებული გუგუტა იმედჩამდგარი თვალით შეჰყურებდა და ძილად მივარდნილი პატრონის თვალის გახელას ცის გახსნასავით ელოდა.
_ გუგუტა! _ წაიჩურჩულა ცოტნემ და თვალი ისევ მილულა.
_ აქა ვარ, მთავარო! _ წამოხტა ერთგული ყმა, სასთუმალთან მიიჭრა, ჩაიჩოქა და ჩაჰკითხა:
_ ხომ უკეთა ხარ, ბატონო? ექიმები ამბობენ, გადარჩენილია და აწი აღარაფერი უჭირსო.
ცოტნემ თავი უღონოდ გადააქნია.
_ კი, ბატონო, ნამდვილად ასეა, ჭრილობა ღრმა არ ყოფილა, მუზარადში ძლივს გაუტანებია ურჯულოს ხმალს. ჰაი, დედასა, რომ იქ არ ვიყავი, თორემ ხმლის დასაკრავად შენსკენ როგორ მოვუშვებდი?
გუგუტა ბატონისაგან, ალბათ, კითხვას ელოდა, სად იყავიო, და რაკი ცოტნე არ შეეკითხა, თვითონვე განაგრძო მოყოლა.
_ ის იყო, ინათლა და, მზის პირველ სხივებზე ამ კარვის გუმბათიც გაბრწყინდა. მე კარვის სილამაზემ მომტაცა თვალი და როგორც კი ვიღაცამ დაიძახა, ხვარაზმშა იქ არისო, ყველაფერი დამავიწყდა, ცხენს სადავე მივუშვი და ხმალამოღებული აქეთ გამოვქანდი. გზა სულტნის მცველებმა გადაგვიღობეს და ხელჩართული ბრძოლა გაგვიმართეს. ვიდრე იმათ გავუსწორდებოდით, შევყოვნდით. სულტანმა ცხენზე ამხედრება მოგვასწრო და გაჰქუსლა. რას ვიფიქრებდით, თუ საცვლების ამარა, უხმლოდ და უხანჯლოდ გაქცეული მოლანდება ხვარაზმშა ჯალალედინი იქნებოდა. სულტნის კარავში შემოვცვივდით, ახალ აშლილ ლოგინზე ჯალალედინი აღარ დაგვხვდა. ეს ოქროს ქამარ-ხანჯალი სასთუმალთან იდო, სამეფო თაჯი და სულტნის ძვირფასი ტანსაცმელი სკამზე ეწყო ხელუხლებლად.
სიჩქარისაგან უბედურს ვეღარც ჩაცმა მოესწრო, ვეღარც გვირგვინის დადგმა და იარაღის ასხმა. მარგალიტებითა და პატიოსანი თვლებით გაწყობილმა თაჯმა ყველას თვალი მოგვჭრა. ირგვლივ შემოვეხვიეთ და ბავშვებივით დავუწყეთ ხელით სინჯვა. ამასობაში ვიღაცამ დაიძახა: სულტანი გაიქცა, არ გაუშვათ, დაეწიეთო. ისევ გიჟებივით გამოვვარდით კარვიდან, ცხენებს მოვახტით და გამოვედევნეთ, მაგრამ ცამ აიტაცა თუ მიწამ ჩაყლაპა, ვეღარაფერი შევიტყვეთ, ვეღარც თვალი მოვლანდეთ და ვეღარც კვალი ვიპოვეთ მისი. მაინც, რა ცხენი ჰყოლია ამისთანა,  რომ აგრე ჩიტივით გააფრინა. ფეხად კი გაგვასწრო იმ რჯულზე ხელაღებულმა, რომ გვემარჯვა და ერთი წუთით ადრე მოვსულიყავით, ამ კარავში მწოლარეს დავადგებოდით თავს და ნამდვილად ცოცხალს შევიპყრობდით. საწყენია, ხელიდან გაგვისხლტა, მაგრამ ისე გულგახეთქილი გაიქცა, აქეთ პირს აღარ იზამს. ახლა რამდენი ტყვე და ალაფი დაგვრჩა! მარტო ეს თაჯი რადა ღირს, ხვარაზმშაჰების გვირგვინი.
გუგუტამ თაჯი კრძალვით აიღო და ცოტნეს მიუტანა.
_ არც ამოდენა ალმასები და მარგალიტები მინახავს ჩემს დღეში და არც ამოდენა ლალ-ზურმუხტები, _ აღტაცებით თქვა გუგუტამ და თაჯი მაღლა ასწია.
ცოტნემ თვალი უხალისოდ გაახილა, თაჯს გულგრილად შეხედა, ხელი ჩაიქნია და ისევ მიხუჭა თვალი.

ნაომარ ველზე მთავარანგელოსი გამოსულა, ცეცხლოვან მახვილს იქნევს და დაღუპულთა სულებს ჰკრეფს. აგერ, ცოტნეს წუხანდელ მსხვერპლთ, შერგილისეული ხმლით განგმირულ ხვარაზმელ ჯარისკაცებს დასწვდა, სულები ამოართვა და ცოტნესკენ მოხედვაც არ ინება, ისე დააპირა გზის გაგრძელება.
ცოტნემ კრძალვით შეახო ხელი ცეცხლოვან ფრთაზე და ჩურჩულით შეევედრა:
_ ძალდიდებულო მთავარნაგელოსო! წამიყვანე, ჩემი დროც დადგა.
მთავარანგელოსი შეჩერდა, ოდიშის მთავარს შუბლზე დააცქერდა და უარის ნიშნად თავი გაიქნია:
_ არა, შენი დრო ჯერ არ დამდგარა, შუბლზე გაწერია, რომ წინ კიდევ დიდი გზა გაქვს.
_ აღარ მინდა, დავიღალე ამ გზაზე სიარულით. მადლობა ღმერთს, საქართველოს ამაოხრებელი იძლია, სამშობლოს მტერს გულმართლად შევაკვდი და სხვა ამ ქვეყნისა აღარაფერი მმართებს.
_ მტრის შეკვდომაზე ადვილი რა არის? გახედე ბრძოლის ველს. შენს გარდა სხვაც რამდენი შეაკვდა მტერს! განა ასე უსახელო სიკვდილზე ოცნებობდი ამდენ ხანს? ეს იყო შენი მოწოდება?
მთავარანგელოსის ხმას ზარი და სიმკაცრე მოემატა და ცოტნე შეკრთა, ეს ხმა სადღაც ადრე გაეგონა.
_ ბრძოლის ველზე ჩვეულებრივი სიკვდილით სამშობლოს წინაშე ვალის მოხდა იოლი საქმეა. შენ უფრო დიდი ვალი გაქვს მოსახდელი ღვთისა და ერის წინაშე. ეცადე, ის ვალი ბოლომდე წმინდად მოიხადო.
მარტო ხმა კი არა, ახლა ნათქვამიც ეცნაურა ცოტნეს და გაახსენდა _ სწორედ ამ სიტყვებს, ამ ხმით ეუბნებოდა ვაზირყოფილი ვარდან დადიანი, როცა მონასტრიდან უკან ისტუმრებდა.
ეს ხმაცა და შეგონებაც კირიონ მოძღვრისა არის, მაგრამ მთავარანგელოსის ბაგით რატომ მეტყველებს ნავაზირალი ბიძა?!
მთავარანგელოსმა დაჭრილ ცოტნეს ჯვარი გარდასახა, ფრთა ფრთას შემოჰკრა და გაფრინდა. ცოტნემ თვალი გააყოლა მძლავრი ფრთების ტყლაშუნით მიმქროლავ ანგელოსს და უცებ მოეჩვენა, რომ ცაში ანგელოსი კი არა, არწივი მიფრინავდა.
_ ამირანის არწივი! ამირანის არწივი!
ზედ ყურთან ჩასძახის ივლიანე მოძღვრის ნაცნობი ხმა ცოტნეს.
_ ჰო, მაგრამ, როდის? როდის?! _ აღმოხდა ცოტნეს სასოწარკვეთილი ძახილი, _ როდის მოფრინდება ჩემი გულღვიძლის საკორტნად ეგ არწივი, მოძღვარო, მეტი ლოდინი აღარ შემიძლია... დავიღალე...
_ ვიდრე გულ-ღვიძლი ქვეყნის ვარამით არ აგევსება, ვიდრე სისხლი ერის საზრუნავით არ მოგეწამლება, ის არწივი შენთან არ მოფრინდება...
_ მოფრინდება კი ოდესმე?
_ მოფრინდება... უთუოდ მოფრინდება! საწუთროს ხელით მოწვდილ შხამს, მშობელი ხალხის უბედურებით სავსე ფიალას როცა ბოლომდე შესვამ, მაშინ მოვა ის არწივი შენთან...
_ ნუთუ კიდევ მეტი უბედურება უნდა ვნახო ჩემი ხალხისა?! მაგ სასჯელს სიკვდილი სჯობს, უფალო! აღარ მინდა, აღარ შემიძლია ჩემი ხალხის უბედურების ცქერა! _ ცოტნეს გული ამოუჯდა და ცრემლები ღაპაღუპით გადმოსცვივდა.
ამირანის არწივმა ირაო შეჰკრა ცოტნეს თავზე. მერე მხარი მოიქნია, ფრთების ტყლაშუნით გასცურა და უმალვე თვალს მიეფარა.

ეს იყო და ეს, ამის მეტად ცოტნეს აღარც ამირანის არწივი მოსჩვენებია, აღარც მისი ფრთების ტყლაშუნი და საყვარელი მოძღვრის ხმა სმენია სიზმრად.
სიზმრებიც ისეთივე ჩვეულებრივი ესიზმრებოდა ოდიშის მთავარს, როგორიც ცხოვრება ჰქონდა. ეს ცხოვრება ჩვეულებრივ მოკვდავთა ყოველდღიურ ზრუნვასა და ფუსფუსს ზემოთ ვერ მაღლდებოდა და დღე დღეს ისე მისდევდა, არაფერი ღირსსახსოვარი და გამოსარჩევი არ რჩებოდა მუდამ ამაღლებულსა და განსაკუთრებულზე მეოცნებე ვაჟკაცის სულს.
მონგოლები ისევ გამოჩნდნენ საქართველოს სამხრეთით. ჯალალედინი ერთხელ კიდევ დაუსხლტა ხელიდან მოსისხლე მტრებს, მაგრამ სიკვდილი ფეხდაფეხ მიჰყვა და ვიღაც უბირი ქურთის ჭერქვეშ უსახელოდ დასრულდა სულტნის სიცოცხლე.
ხვარაზმელთა წასვლის შემდეგ საქართველომ სულის მოთქმაც ვერ მოასწრო, მონგოლთა ახალი ძლიერი ტალღა დაიძრა და ჩვენ ქვეყანასაც დაუოკებელი ძალით მოაწყდა.
რუსუდან მეფემ თავის დროშის ქვეშ მთელი საქართველოს ლაშქრის მოკრება და კარზე მომდგარი მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ შესძლო, თბილისი მიატოვა და ისევ ლიხთიმერეთს მიაშურა.
სანამ მონგოლები მოვიდოდნენ, საქართველომდე მათი უძლეველობისა და შეუბრალებლობის ხმამ მოაღწია. ლტოლვილები და მზვერავები ყველას არწმუნებდნენ, რომ მონგოლებისათვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც თვითონ უფლის მიერ იყვნენ მოვლენილნი მთელი მსოფლიოს დასაპყრობად. ამ ხმებს მონგოლთაგან მრავალი ძლიერი სამეფოს განადგურებისა და დამორჩილების მაგალითებით ამაგრებდნენ და მონგოლების მორიგ მსხვერპლს წინასწარ უნერგავდნენ მარცხის გარდუვალობას.
ქართველი მთავრების უმრავლესობა ამ ხმებს აჰყვა და, საერთო ძალით მტრის მოგერიების ცდის ნაცვლად, საკუთარი თავის გადარჩენის უიმედო გზა აირჩია _ მიუვალ ციხეებში ჩაიკეტა და მთელი სასოება იმ ციხეთა მიუდგომლობასა და მონგოლთათვის თავის შეწყალებაზე დაამყარა. თვითონ სამეფოს ამირსპასალარმა, ათაბაგმა ავაგ მხარგრძელმა ქვეყნის გაერთიანებული სამხედრო ძალის მეთაურობაზე და მტრისთვის ბრძოლის გამართვაზე უარი თქვა და კაენის ციხეში გამაგრდა. მხოლოდ ციხისჯვარელმა და ბაკურციხელმა გამოიღეს ხელი და თავიანთ მიწა-
წყალზე მონგოლები უომრად არ შეუშვეს. მაგრამ, როცა დანარჩენი საქართველო ბრძოლაზე ხელს იღებდა, მათი წინააღმდეგობაც ხანმოკლე და უნაყოფო იყო, ბოლოს და ბოლოს მათაც მორჩილება გამოუცხადეს დამპყრობლებს, ციხეების კარები გაუღეს და თავს მათი მოხარკეობა იდვეს.
როცა ერთიანი ბრძოლისაკენ ცოტნეს მოწოდებას არავინ გამოეხმაურა და ჯარით ციხისჯვარელის მიშველებამაც შედეგი ვერ მოიტანა, ოდიშის მთავარმა მთელი ძალ-ღონე ლიხთიმერეთში გადასასვლელი გზების გამაგრებას მოახმარა.
მონგოლების არაერთ ცდას, ლიხთიმერეთშიც გადასულიყვნენ და დასავლეთ საქართველოც დაეპყროთ, მარცხზე მარცხი მოჰყვა.
დამპყრობლებმა, რაკი ძალით ვერაფერი გააწყვეს, საქართველოს მეფის ვაზირთან, ცოტნე დადიანთან მოლაპარაკება გამართეს და ლიხთიმერეთს ხელუხლებლობის საფასურად ყოველწლიური მძიმე ხარკის გაღება დააკისრეს.
ლიხის მთის გადაღმა მონგოლი არ ჭაჭანებდა და ეს დიდი სიკეთე იყო. ამ სიკეთისათვის მეფე და ხალხი ცოტნეს უმადლოდა, მაგრამ თვითონ ოდიშის მთავარი დიდად სწუხდა სამშობლოს ესოდენ დაქვეითებისა და შეჭირვების გამო.
მძიმე ხარკი აუტანელ ტვირთად აწვა მოსახლეობას, ხალხის მიერ შექმნილი დოვლათი მონგოლთა გადასახადს ვერ აუდიოდა, ქვეყანა ღარიბდებოდა და უკან-უკან მიდიოდა. მაგრამ მეურნეობის მოშლა და ხარკი იმდენად არ ამწარებდა ხალხს, როგორც მონგოლთაგან დაწესებული სამხედრო ბეგარა. ყოველ ათ სულზე ორი სული მეომარი უნდა გამოეყვანა საქართველოს. მონგოლები საქართველოში ბეგარით შეკრებილ ჯარს უცხო ქვეყნებში ერეკებოდნენ საომრად და, გაწყდა ქვეყანა წელში. სამხედრო ბეგარა განსაკუთრებით დაუმძიმდათ ქართველებს უკანასკნელ წლებში, მას შემდეგ, რაც ისმაილიტების მიუვალი სიმაგრის ალამუთის ასაღებად დაიწყეს ომი მონგოლებმა. ქართველებს ციხე-სიმაგრის იერიშზე წინ ერეკებოდნენ და სულაც არ აწუხებდათ მათი გაჟლეტა. ამ დიდ მსხვერპლს კიდევ ჰაერის გაუსაძლისობითა და სასმელი წყლის უვარგისობით გაჩენილი სალმობა ერთვოდა. მუცლის აშლილობა და მრავალი სხვა სნეულება ბუზებივით ხოცავდა ქართველებს და ალამუთის ალყიდან შინ ნახევარიც ვეღარ ბრუნდებოდა.
უმეფო, ცალკე სამთავროებად დაქსაქსულ ქვეყანას მოსვენება არ ჰქონდა. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა საქართველოს აწიოკებდა, მონგოლებს დაპყრობილი ქვეყნის დაცვა არ ენაღვლებოდათ და ყველა კუთხე მხოლოდ თავისი თავის იმედით უმკლავდებოდა მოსეულ მტრებს.
მონგოლებმა ქვეყნის ცალკე სამთავროების მართვა ისევ ძველ მთავრებს მიანდეს, ქვეყანა სამხედრო ვალდებული მოსახლეობის რიცხვის მიხედვით დუმნებად ან ათ-ათიათასებად დაჰყვეს და დუმნების მეთაურ მთავრებს დუმნის­თავები უწოდეს. ამრიგად, საქართველოს სამეფოს ამაყი მთავრები უცხო დამპყრობთა მოხარკეები შეიქნენ და მათზე დამოკიდებული მსახურების ხარისხამდე ჩამოქვეითდნენ. გარეგნულად ისევ ძველებური პატივი შეინარჩუნეს, მაგრამ მონგოლები თავს ისე წამოასხდნენ, მათ საგამგეო ქვეყანაშიც თითქმის აღარაფერს ეკითხებოდნენ. ვისაც ქვეყნის ჭირ-ვარამზე გული არ შესტკიოდა, მას არც ეს თავმოყვარეობის შელახვა აწუხებდა. ცოტნესავით პატიოსან მამულიშვილებს კი სიცოცხლე მობეზრებული ჰქონდათ და სიკვდილი ენატრებოდათ.

ალამუთის ლაშქრობიდან ბრუნდებოდა დასნეულებული ცოტნე. მისთვის უკვე სულერთი იყო, სალმობას გადარჩებოდა თუ არა, რადგან წინ, მომავალში აღარავითარ სიხარულს აღარ ელოდა, სამშობლოს ბედნიერებაზე ხელი ჩაქნეული ჰქონდა და ამ გარემომცველ წყვდიადში რომ ერთადერთ ნათლად საყვარელი ცოლ-შვილი აღარ ჰყოლოდა, ალბათ, სნეულებას თავს დაუდებდა და ამ ქვეყანასთან ანგარიშს გაასწორებდა.
ცოტნეს ურემს, ერთ მხარეს, ცხენდაცხენ მოჰყვებოდა ციხისჯვარელი. უკვე მიმხცოვნებულ ნავაზირალს, დაღლილი ქურანისათვის სადავე ნებაზე მიეშვა და თავჩაღუნული ცხენ­ზე თვლემდა.
მეორე მხარეს სარგის თმოგველი მოჰყვებოდა ურემს, ისიც ცხენდაცხენ, მოწყენილი და გალახულივით მხრებჩამოყრილი.
მათ კვალზე შორიახლო მოდიოდნენ ომითა და გრძელი გზით, უჭმელობითა და უძილობით გასავათებული მოლაშქრეები. ქვეითები და ცხენოსნები, ერთნაირად შებერტყილები და ქანცგაწყვეტილები მოლასლასებდნენ ამტვერებულ გზაზე.
რამდენიმე ურემზე დაჭრილები იწვნენ, ქვეშ თივა ან ჩალა ეგოთ და ზემოდან ნაბდის ძველები ეხურათ.
თავჩაღუნული მოლაშქრეები დროდადრო დუმილს არღვევდნენ, ხმას უწევდნენ და ყაყანს სტეხდნენ. მერე ისევ დაცხრებოდნენ, თავთავიანთ ფიქრს მიეცემოდნენ და გაუთავებელ გზის დასალევად ერთხელ კიდევ ცდილობდნენ ფეხის აჩქარებას.
_ აღარ დაილია ეს ტიალი გზაი! _ ამოიკვნესა გულზე ხელდაკიდებულმა ვაჟკაცმა, წამით შეჩერდა, შუბლზე ოფლი მოიწმინდა და გრძელ გზას გახედა.
_ უმალ ჩვენ დავილევით, ვიდრე ეს გზა დაილეოდეს! _ წაიბურდღუნა მეორემ.
_ დალეულნი არა ვართ? მეტს რაღას დავილევით?! იქით რამდენი წავედით და აქეთ რამდენიღა ვბრუნდებით, _ სინანულით თქვა მესამემ და ამხანაგებს თვალი მოავლო.
_ ნახევარი აღარა ვართ, _ დაასკვნა პირველმა.
_ ჩვენი სოფლიდან ოცნი ვიყავით და ხუთნიღა ვბრუნდებით.
_ მეც ეგ მიკლავს გულს და შინ დაბრუნება აღარ მიხარია. რა უნდა ვუთხრა ჩემს მშობლებს, ან ბიძაშვილებს და სახლიკაცებს, თვრამეტი ბიჭიდან შვიდნიღა ვბრუნდებით. ექვს მეზობელთან ერთად ორი ალალი ბიძაშვილი და ერთი ღვიძლი ძმაც იქ დავტოვე.
_ ასე უნდა ვიჟლიტოთ ყოველ წელიწადს? როდის გათავდება ეგ ალამუთის ომი, ან რა გვესაქმება ქართველებს ისმაილიტების ციხეს რომ ვაწყდებით!
მოლაშქრეებმა ერთხანს კიდევ იყაყანეს, ალამუთის ომის მომგონებსა და ქართველების იქ გამრეკავებს წყევლა-კრულვა გაუგზავნეს, მათი გინებით ცოტა გული მოიოხეს და ნელ-ნელა ჩაწყნარდნენ.
_ გესმოდა, სარგის? _ მისუსტებული ხმით შეეკითხა ცოტნე და ბალიშზე წამოიწია.
_ მესმოდა... გუნებაში, ალბათ, ჩვენც გვწყევლიან და გვაგინებენ...
_ განა არა, გვეკუთვნის! ახიც არი, კარგად თუ გვიკურთხებენ.
_ იქნებ მართლაც ახი იყოს, _ გამოფხიზლდა ციხისჯვარელი, _ ეგებ კიდევაც გვემართლებიან, მაგრამ ჩვენ რა ღონე გვაქვს და რა შველა შეგვიძლია!
_ ჩვენ მათი პატრონები ვართ, ვაზირო, მათ ბედზე ზრუნვაც ჩვენ გვმართებს.
_ ნამდვილად გვმართებს, მაგრამ ღონე რომ არ შეგ­ვწევს?
_ იქნებ ღონეც გამოინახოს, ჯერ ხომ არ გვიფიქრია!
_ რაც უნდა იფიქრო, თავს ზევით ვერ ახტები და მონგოლების უღელს ვერ მოიცილებ.
_ უნდა მოვიცილოთ, ყვარყვარე-ბატონო! _ ხმადაბლა თქვა ცოტნემ და ლოგინზე კვნესით წამოიწია, _ უნდა მოვიცილოთ და ქვეყნის ერთიანობა აღვადგინოთ, ხომ ხედავთ, ვისაც არ ეზარება, ყველა ჩვენ გვაწიოკებს, ასე დაქსაქსულებს რომ გვხედავენ.
ყვარყვარემ და სარგისმა ერთიმეორეს გადახედეს, მერე მათ უკან მომავლებს მოჰხედეს, ხომ არ გაუგონიათო. მოლაშქრეები საკმაოდ მოშორებით მოდიოდნენ და ისევ ერთმანეთში ყაყანებდნენ.
_ მონგოლთან ხუმრობა არ გაგვივა, მთავარო, ნებით ეგენი არ დაგვეხსნებიან და ძალა კიდევ ჩვენ არა გვაქვს, _ თითქმის ჩურჩულით თქვა ყვარყვარემ.
_ ხომ მაინც ვწყდებით და ვიხოცებით...
_ კი, ვწყდებით და ვიხოცებით.
_ ბარემ, მაგ მონგოლებს შევაწყდეთ, თუ შეწყდომაა, ალამუთთან რა გვესაქმება!
_ მთლადერთიანად გინდა, რომ მოვისპოთ და გადავშენდეთ?
_ მაინც ნელ-ნელა გადაშენება არ აგვცდება და ხელი რომ გამოვიღოთ, ერთიმეორეს რომ მხარი მივცეთ, იქნებ ვერც ეგრე ადვილად მოგვსპონ.
_ ვინ იცის, შეიძლება ეგრეც მოხდეს. საქმეს მოფიქრება, აწონდაწონა უნდა, _ გაჟეჟილად მისცა მხარი სარგის თმოგველმა.
_ თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდები ხართ და სისხლი გიდუღთ. მე მონგოლებთან თქვენზე მეტი სისხლი მიღვრია და თქვენზე უკეთ ვიცნობ მაგათ. მაგათი მომრევი ახლა ქვეყნად აღარავინ არი!
_ ცდა ბედის მონახევრეა...
_ თუ ღმერთიც შეგვეწევა!..
_ რას ამბობთ, მთელი ქვეყნისა და ხალხის ბედის ცდაზე შეგდება როგორ იქნება... ამის უფლება არა გვაქვს.
_ მაშ, ასე გულხელდაკრეფილნი ვიყოთ და მოწმეებივით ვუყუროთ, როგორ ნელ-ნელა ვნადგურდებით?!.
გზაზე გლეხები გამოჩნდნენ და მთავრებმა საუბარი შეწყვიტეს.
წინ ბალღები მორბოდნენ.
მთელი სოფელი გამოსულიყო ომიდან დაბრუნებულთა შესახვედრად.
ურმები და ცხენები შეჩერდნენ.
ჯერ ბავშვები შემოეხვივნენ ლაშქრიდან მობრუნებულებს, მერე ქალები მოაწყდნენ და შეიქნა ხვევნა-კოცნა, ერთიმეორის მოკითხვა, ცრემლის ღვრა და გადაძახილი.
ცოტა კიდევ და, ვიღაცამ შეიცხადა, ვიღაცამ კივილი გააბა და ვიღაც გულწასული დაეცა მიწაზე.
_ ჩემი შალია რა იქნა, ბიჭო? _ მოთქვამდა სახედახო­კილი დედაკაცი და დამნაშავესავით თავდახრილ, დიაცივით ასლუკუნებულ მოლაშქრეს ანჯღრევდა.
_ ვაი, ჩემს მოსწრებას, შვილებო... _ გოდებდა მეორე და აფშლუკუნებული ბერიკაცები ქუდებით იწმენდდნენ ღაპაღუპით წამოსულ ცრემლს.
_ ჩემი ამირანა სად დასტოვე, შინ რა პირით მოდიოდი...
ყვარყვარემ ცრემლმომდგარი თვალით მოხედა ცოტნესა და სარგისს.
_ ლამის მეც ამომიჯდეს გული მაგათი საცოდაობით... წავიდეთ, _ თქვა და ცხენი დასძრა.
ურმები და ცხენები ნელა დაიძრნენ.
_ ეგ არის შენი პასუხი, ხელმწიფის კაცო? _ დაადევნა ტირილით ხმაჩახლეჩილმა დედაკაცმა.
_ ყეენივით რომ ცხენით დაბრძანდები, ჩვენი შვილების სასაკლაოზე წარეკვისათვის კი იზრუნე, მაგრამ რატომ უკან დაბრუნებისთვის არაფერი გააკეთე!
_ თვითონ საღ-სალამათნი მიუვლენ თავიანთ ცოლ-შვილს და სხვისა რა ენაღვლებათ!
მიწა გახეთქოდათ და შიგ ჩავარდნილიყვნენ, ის ერჩიათ მთავრებს ამის გაგონებას. შეურაცხყოფილებმა, გულჩაწყვეტილებმა თავი ჩაღუნეს და ცხენებს ფეხი აუჩქარეს, რომ იქაურობას სწრაფად გაცლოდნენ.
დაბრუნებულთა გრძელი რიგი თანდათან მოკლდებოდა და თხელდებოდა, მოლაშქრეები თავ-თავიანთ სოფლებში რჩებოდნენ, გზის გამგრძელებლებს დაქვრივებულთა და დაობლებულთა ზუზუნი მოაცილებდა, ისედაც დაღლილ-დაქანცულებსა და გულგატეხილებს ის ზუზუნი გუნებას კიდევ უფრო უმღვრევდა, შინ მისვლა აღარავის ახარებდა და ისე ფეხისთრევით მისდევდნენ დაუსრულებელ გზას, თითქოს მონატრებულ სახლ-კარში მისვლა კი არა, საშინელ სამსჯავროს წინაშე წარდგომა ელოდათ.
თმოგვის გზის გადასახვევთან გამოეთხოვათ სარგისი.
_ როგორც გითხარი, თავადო, ცოტნე ჩემსას დარჩება, ვიდრე მოიკეთებდეს. ცოლ-შვილსაც აქ მოვგვრით და შენ იცი, თუ ხშირ-ხშირად მოინახულებ.
_ მოვინახულებ, როგორც კი მამულისა და ოჯახის საზრუნავს მოვრჩები ამდენი ხნის დაკარგული კაცი, მაშინვე ციხისჯვარს გეწვევით.
_ აბა, გზა მშვიდობისა!
_ მშვიდობით მენახოთ!
ერთმანეთს გადაეხვივნენ, სარგისი თავის ხალხს გაუძღვა და თმოგვის გზას დაადგა.
ცოტაც გაიარეს, ცოტნემ გადახრილ მზეს შეხედა.
_ ციხისჯვარს, ალბათ, კარგა დაღამებამდე მივატანთ.
_ მეც ეგ მინდა, იმიტომ არ ვჩქარობ. ღამის სიბნელეში ჩუმად დაბინავდებიან და შინმოუსვლელთა ოჯახების აწიოკებას არ ვნახავთ.
_ ხვალ ხომ გათენდება... ხვალ სად წავუვალთ იმათ მოთქმასა და ყვედრებას...
_ ვერსად ვერ წავუვალთ... უნდა გავუძლოთ და მოვუთმინოთ.
_ როდემდის? ვაზირო, როდემდის...
_ ალბათ, სიკვდილამდის, მთავარო, ვაჟკაცი იმისთვის ყოფილა გაჩენილი, რომ განსაცდელს გაუძლოს და აიტანოს!
მთავრის მშვიდობით დაბრუნების მახარობლად გუგუტა გაჩნდა დადიანთა სასახლეში.
კრავაი სიხარულით ცას ეწია, მახარობელი უხვად დააჯილდოვა და ლხინი გადაიხადა.
მეორე დღეს შინმოუსვლელ ალამუთელ მოლაშქრეთა ოჯახები თავისი ფეხით დაიარა, ქვრივ-ობლებს მიუსამძიმრა, ნუგეში სცა და საბოძვარი უბოძა.
ციხისჯვარელის სახლში ქმრის შეყოვნებას არ გა­უკვირვებია, მაგრამ მეორე დღეს რომ გუგუტას ცოტნეს შეუძლებლობაზე სიტყვა დასცდა, კრავაი შეშფოთდა. ხატზე აფიცა გუგუტა, მაგრამ მეტი ვერაფერი ათქმევინა. რაკი ერთხელ აფორიაქდა, ვეღარ დაწყნარდა, საყოლში სასწრაფოდ გამგზავრება გადაწყვიტა და თადარიგს შეუდგა. საგზალი და ძღვენი გაამზადებინა და თვითონაც წასასვლელად გაიკაზმა. გზებზე გახშირებული მეკობრეებით დაშინებულმა, თან რჩეული ვაჟკაცების რაზმი იახლა და მამლის ყივილამდე სამცხისაკენ გაემართა.

გრძელი გზით დაქანცულებმა რკინის ჯვარი გადაიარეს და ჩავაკებამდე გზის პირად გამართულ ფუნდუკში შეისვენეს.
კრავაის ცხენს ნალი აძრობოდა. იქვე სამჭედურში მჭედელს მიგვარეს, დანარჩენ ცხენებს საპალნე მოხსნეს, მოსართავები მიუშვეს და ლაგამწაყრილებს ბალახი მიანებეს.
ქალბატონმა მწვანეზე სუფრის გაშლა ბრძანა. ბალახზე ლურჯი სუფრა გაფინეს, საჭმელ-სასმელი ჩამოარიგეს და კრავაი მიიპატიჟეს.
ის იყო, მთავრის მეუღლე ბალიშზე დაბრძანდა, პირჯვარი გადაიწერა და პური გასტეხა, რომ დაბლიდან ჩორთით მხედრები ამოიჭრნენ, სამჭედურთან დაიქვეითეს და ყაყანი შეჰქმნეს.
_ მონგოლთა რაზმია! _ ლუკმა ყელში გაუჩერდა გუგუტას.
_ მარბიელები არიან თუ?.. _ იკითხა ფერწასულმა კრავაიმ, _ მე გაგეცლებით, ეცადეთ, დროზე წავიდეთ. _ ბრძანა ქალბატონმა, კალთა დაიფერთხა და ფუნდუკისკენ წავიდა.
მხლებლებს პურს რაღა აჭმევდათ. ისინიც წამოდგნენ და სუფრის ალაგებას შეუდგნენ.
_ თქვენ, ჰეი! _ შორიდან გამოსძახა ხელმათრახიანმა მონგოლმა.
ოდიშელებმა მონგოლებისკენ იბრუნეს პირი.
მონგოლთა ასისთავი მათრახის ქნევით წამოვიდა, ფეხზე წამოშლილ ქართველებს მიუახლოვდა და დოინჯით გამოეჭიმა.
_ კარგ დროს მოვსულვართ, დილას აქეთ პირში ხემსი არ ჩაგვსვლია! რაო, გეწყინათ ჩვენი მოსვლა?
_ რასა ბრძანებთ! _ მოუქცია მათებურად მონგოლურის მცოდნე ოდიშარმა.
_ თუ არ გეწყინათ, ჩვენთან ერთად დასხედით და შეექეცით, _ თქვა ასისთავმა, ქალბატონის ბალიშზე მოირთხა და დანარჩენებს გასძახა, მოდითო.
მონგოლები ძუნძულით მოვიდნენ, ბალახზე დასხდნენ და საჭმელს მშიერი სვავებივით მიეტივნენ.
_ ღვინო დაასხით! _ თავაუღებლად ბრძანა საჭმლით პირგამოტენილმა ასისთავმა.
გუგუტამ ანიშნა და ოდიშარმა ყმაწვილმა სასმისები შეავსო.
ასისთავმა გაქონილი ტუჩები სახელოთი მოიწმინდა, სასმისი თვალდახუჭულმა მოიყუდა, შეუსვენებლივ დაცალა, ერთხანს ყელში გადასული ღვინის გემოთი ტკბებოდა. სახეზე კმაყოფილების ღიმილი უთამაშებდა. ტუჩები ხმამაღლა გააწკლაპუნა, თვალი გაახილა და ცარიელი სასმისი სუფრაზე ისროლა.
_ თქვენ არც სჭამთ, არცა სვამთ? _ შეუბღვირა გუგუტას.
_ როგორ არა! _ გამოსცრა გუგუტამ და სასმისი ასწია.
ერთხანს თავწახრილებმა სვეს და ჭამეს. მონგოლები სასმისს სასმისზე ცლიდნენ და ღვინო მალე მოეკიდათ.
_ ის ლამაზი ქალი ვინ არი? _ იკითხა კარგად დანაყრებულმა და უკვე შეზარხოშებულმა ასისთავმა.
გუგუტამ წაუყრუა.
_ არ იტყვი, ის ქალი ვინ არი? _ შეუყვირა გაბრაზებულმა მონგოლმა.
_ დუმნისთავის, ცოტნე დადიანის მეუღლეა, _ აღირსა პასუხი გუგუტამ და სასმისი შეუვსო.
მონგოლმა მაშინვე დაცალა, ისედაც გაწვრილებული თვალები მთლად მიწურა და გუგუტას მაცდური ღიმილით მიაჩერდა.
_ ეგ ქალი ჩვენთან სუფრაზე არ მოვა?
გუგუტამ ისევ წაიყრუა, სასმისი შეუვსო და მონგოლს კერძი მიუწია.
ასისთავმა სასმისი ასწია და თან პირში ლუკმა იგდო; რაღაცის თქმას აპირებდა, ლუკმა სასულეში გადასცდა და ხველა აუვარდა.
_ ძუკუ, _ ჩუმად უთხრა გუგუტამ მწდედ მდგარ ყმაწვილს, _ მიდი, ქალბატონს უთხარი, ახლავე ცხენზე შებრძანდეს და გაიპაროს.
ძუკუმ თავი დაუქნია.
_ შენც გაყევი... ჩვენ გზაზე დაგეწევით, თუ მშვიდობა იქნა.
ასისთავს ხველა არ ეხსნებოდა, გადაბჟირებული თვალთაგან ცრემლებს ჰყრიდა და სულს ვერ ითქვამდა.
_ დალიე! ღვინო გადაიტანს, _ უთხრა გუგუტამ და სავსე სასმისი მიაწოდა.
მონგოლმა დალია, წამით სული მოითქვა, მაგრამ ხველა ისევ აუვარდა და ლამის ჯიგარი ამოაყოლა.
ჭარხალივით წამოწითლებულ ასისთავს ჭირის ოფლს ასხამდა. სხვა ვერაფერი იღონა და ისევ სასმისს წაატანა ხელი.
დალია, ერთი ღრმად ამოისუნთქა და შვება იგრძნო.
_ ლუკმა დამამადლა ვიღაცამ! _ წაიბურდღუნა, სახელოთი ოფლი მოიწმინდა და ისევ ჭამა განაგრძო.
ისევ დაუსხა გუგუტამ და მონგოლმა ისევ დალია... გვარიანად შემთვრალი მონგოლები ყურის წამღებად ყაყანებდნენ და ერთმანეთს სიტყვის თქმას არ აცლიდნენ.
გუგუტა ეკლებზე იჯდა. ცალი თვალი გზისკენ ეჭირა.
_ მაშ არ მოვა ჩვენთან ის ქალი? _ იკითხა ასისთავმა და სასმისი ასწია.
_ შეუძლოდ არი, ვერ მოვა, _ უპასუხა გუგუტამ და უცებ სანახევროდ გზისკენ იბრუნა პირი: თავდაღმართზე ცხენოსნებმა გაიელვეს. გუგუტამ კრავაის ფაშატს მოლანდა თვალი და შუბლი გაეხსნა.
_ მიირთვი, კარგი ღვინოა! _ გაუღიმა ასისთავს და სასმისი გაუწოდა.
ასისთავს წაქეზება აღარ უნდოდა, ღვინო მაშინვე გადაჰკრა და ზეზე წამოდგა.
_ როგორ ამბობენ მუსულმანები? თუ მაჰმადი არ მივა მთასთან, მთა უნდა მივიდეს მაჰმადთანო, არა?!
_ დიახ, ეგრე ამბობენ.
_ ჰოდა, რაკი თქვენი ქალბატონი არ კადრულობს აქ მოსვლას, ჩვენ თავად ვეახლოთ, _ ენის ბორძიკით თქვა მთვრალმა ასისთავმა, გუგუტას მხარს დაეყრდნო და ფეხის ბანდალით ფუნდუკისკენ წავიდა.
გუგუტამ თავისიანებს ანიშნა, მზად იყავითო. ასისთავი სასვენიაში შეიყვანა. ნახევრადგონდაკარგული მონგოლი საწოლზე დაეშვა.
_ სად არი ქალი? _ ამოიბურდღუნა და ლოგინზე გაიშოტა.
_ ახლავე მოვიყვან! _ თქვა გუგუტამ, ოთახიდან გავიდა და კარი ურდულით გადაჰკეტა.
დანარჩენი მონგოლები ისევ ღრეობდნენ. კრავაის მხლებ­ლები ცხენზე ამხედრდნენ და ერთიმეორის მიყოლებით ჩუმად გაშორდნენ იქაურობას.
ცხენხეთქებით მოვიდა კრავაი მამის სამკვიდროში. დაქვეითებულმა სადავე მსახურს მიუგდო და შემოგებებული შინაურებისკენ ბარბაცით წავიდა. შიშით გულამოვარდნილს ისედაც ეტირებოდა, ხვევნა-კოცნამ და მოალერსებამ გული კიდევ უფრო აუჩუყა, ელდითა და დაღლილობით ღონემიხდილს მუხლმა უსუსტა და ზღურბლზე ჩაიკეცა.
როგორც იყო, გონს მოეგო. ბიძას თავგადანახდომი უამბო და ციხისჯვარელთა სასახლე ფეხზე დადგა.
ყვარყვარემ ცხენების შეკაზმვა და კრავაის მხლებელთა მისაშველებლად გამზადება ბრძანა, წელზე ხმალი მოირტყა და ის იყო ქურანს უნდა მოხტომოდა, რომ ჭიშკარს გუგუტა და მისი ოდიშარები მოადგნენ.
_ სულ ჭენებით მოვქროდით, მაგრამ ქალბატონს ვერ დავეწიეთ, ამდენ ხანს უკვე ფუნდუკში გამომწყვდეული ასისთავიც უკან გამოგვიდგებოდა და, სადაცაა აქ გაჩნდებიან... ჩვენი აქ დარჩენა არ ივარგებს, ვაზირო, უსიამოვნებას შე­გამთხვევთ, დაღლილი ცხენები გამოგვიცვალეთ და ახლავე ოდიშის გზას გავუდგებით, _ სულმოუთქმელად, სხაპასხუ­პით ლაპარაკობდა გუგუტა და შუბლზე ოფლს იწმენდდა.
_ რას ამბობ, ამ უკუნეთ ღამეში როგორ გაგიშვებთ! _ იწყინა ციხისჯვარელმა.
_ დადევნებული მონგოლები მოვლენ და ჩვენ რომ გვნახავენ...
_ მოვლენ და მეც აქ დავხვდები! პირველად როდი მოდიან! _ შუბლი შეიკრა ყვარყვარემ და მსახურთუხუცესს გასძახა:
_ ავახშმე და მოასვენე ოდიშელი სტუმრები.
ციხისჯვარელის მთელი სახლობა ფეხზე იდგა, შუაღამე გადასული იყო, მაგრამ არ წვებოდნენ, ყოველ წამს მონგოლების გამოჩენას ელოდნენ.
კრავაი ტანგაუხდელი იჯდა ცოტნეს სასთუმალთან, მონატრებულ ქმარს ბავშვივით ეტიტინებოდა, მთისა და ბარის ამბებს უყვებოდა და ღმერთს მერამდენედ სწირავდა მადლობას ცოტნეს გადარჩენისათვის.
_ ეგ სნეულება არაფერია, რაკი ომს გადურჩი, მოგივლით და მალე დაგაყენებთ ფეხზე.
_ ომში იმდენი ქართველი არ დაღუპულა, რამდენიც სალმობიერმა იმსხვერპლა, მოწამლული წყალია იმ დასაქცევში, დალევა და კუჭის აშლა ერთია! სხვაზე მეტი ქართველები იხოცებოდნენ, ხაშმმა და წყალმა გაგვავლო მუსრი.
_ მადლობა უფალს, ცოცხალი დაბრუნდი... გაისად, ალბათ, დაგეხსნებიან და მოვრჩებით ამ შიშსა და გულისტრიალს.
_ ვინ დაგეხსნება, კრავა! სანამ მონგოლთა უღელი გვადგას, ჩვენი საშველი არ იქნება. ალამუთის ომი გათავდება, სხვა ახალი ხოცვა-ჟლეტა დაიწყება. ეგენი ომით ცხოვრობენ და სხვა არაფერზე ფიქრობენ.
ეზოდან ხმაური მოისმა.
ძაღლები აყეფდნენ და სასახლეში ფაციფუცი შეიქნა.
კრავაი სარკმელთან მიდგა.
_ შინ შემოდით, ქალებო! _ ხმადაბლა იძლეოდა განკარგულებას ციხისჯვარელი, _ კარი არ გაუღოთ და თუ შემოამტვრევენ, მაშინ მივეტივნეთ.
ფერწასულმა კრავაიმ ცოტნეს მოხედა.
იდაყვებზე დაყრდნობილ მთავარს მიწისფერი დადებოდა და მთელი სხეულით ცახცახებდა.
_ დაწექი, მთავარო, დამშვიდდი, შენი ჭირიმე _ მიუალერსა კრავაიმ.
_ რაღა ცხოვრებაა, ადამიანს გზაზე მშვიდობიანად ვეღარ გაუვლია და ღამეს თავის ჭერქვეშ თვალი ვეღარ მოუხუჭავს.
ალაყაფის კარზე რახარუხი ატყდა.
მერე ყვირილი გაისმა, ეტყობოდა, ჭიშკრის გაღებას თხოულობდნენ.
გახელებული ძაღლები თავგადაკლული ჰყეფდნენ და გალავნის მაღალ კედელს ახტებოდნენ.
დიდხანს იყვირეს და ურტყეს რკინის კარს. მერე თანდათან ჩაწყნარდნენ, ჭიშკარსაც დაეხსნენ და ყვირილიც შეწყვიტეს.
ერთხანს კიდევ იყაყანეს, მერე ცხენების ფეხის ხმა გაისმა და ძაღლებიც რომ დაცხრნენ, ციხისჯვრის აფორიაქებულ სასახლეში ისევ სიმშვიდე გამეფდა.
ცოტნეს საწოლში ყვარყვარე შემოვიდა, შეშფოთებული და ფერდაკარგული.
_ მობრძანდი, ვაზირო! _ ნაძალადევი ღიმილი მიაგება ცოტნემ.
კრავაიმ სელი დაუდგა ბიძას. ერთიანად აშლილ ციხისჯვარელს, ეტყობოდა, ცოტნესთან მარტო საუბრით უნდოდა გულის მოოხება, იქაურობას თვალი გალახულივით მოავლო და კრავაის დამნაშავესავით შეხედა.
_ თქვენ დაბრძანდით და ისაუბრეთ, ბიძავ-ბატონო, მე დედასთან გავალ, _ მიუხვდა კრავაი მარტო დარჩენის სურვილს, ქმარს ლოგინი გაუსწორა და ოთახიდან გავიდა.
_ აღარც დღე არი მოსვენება ამ ყაჩაღთაგან და აღარც ღამე. აღარც შინ გვასვენებენ და აღარც გზაზე გვაჭაჭანებენ. ჯავრით გულს ვასკდები და ვერაფერი ღონე მიპოვია. ეს ღამეები კი ისედაც არ მძინავს, ხან ერთი უბნიდან მესმის გოდება, ხან მეორიდან... შინმოუსვლელებს გლოვობენ უბედურები.
_ მე კი ვერაფერს ვგებულობ, ამდენი ხნის ნამგზავრსა და სალმობით დასუსტებულს დაბანგულივით მძინავს.
_ გუშინწინებზე მონგოლთა ასისთავი ყოფილა და ხარკი მოუთხოვია. შენი სიდედრი ცრემლით შეხვეწნია, ნუ დაგვარბევთ, სადაცაა ვაზირი გამოჩნდება და ყველაფერს თავად მოაგვარებსო. ერთი კვირის ვადა მოუცია, ხვალ-ზეგ ისევ კარს მოგვადგებიან და აღარ ვიცი, რა წყალში ჩავვარდე, ისედაც აწიოკებულ და გაძვალტყავებულ ხალხს რაღა ხარკი უნდა გამოვართვა.
_ ნებით, ალბათ, არც აღარას მოგვცემენ, გაწყდა წელში გლეხობა, სარჩოს მომყვანი მიწის მუშა ალამუთში იჟლიტება, შინ დარჩენილებს პირში ლუკმას ვაცლით და მონგოლებთან მიგვაქვს.
_ მორიგ ბეგარაზე მოლაშქრეებსაც ვეღარ შევაგროვებთ, ტყეებში გარბიან ყაჩაღად, თუ სიკვდილია, ბარემ აქ მოვკვდეთ და ორიოდე მონგოლს მაინც ჩავაძაღლებთო.
_ გაისადაც ხომ იმდენივე მეომარი უნდა შევკრიბოთ, რამდენსაც ყოველწლიურად ვკრებთ.
_ შეწერილი ეგრეა და სად წაუხვალ.
_ მერედა იმ გამწარებულ ხალხს რომ ერთი გადავძახოთ, ჩვენი სისხლის მსმელი მონგოლები გავრეკოთო, ხომ ქუდზე კაცი გამოვა და თავგამოდებითაც იომებს!
_ იომებენ, თავს გადადებენ, მონგოლთა განდევნისა და საქართველოს გაერთიანებისათვის.
_ ჩვენც ავდგეთ და ამ გზას დავადგეთ... დავსხდეთ და ვიანგარიშოთ, მონგოლთა ჯარი რამდენია ჩვენში და თითოეულ ჩვენგანს რამდენი მეომრის გამოყვანა შეუძლია.
_ ვითომ ყველა მოგვეხმარება?! _ ჩურჩულით იკითხა ყვარყვარემ.
_ მოგვეხმარებაო? აბა, სხვა რა გზა აქვთ, ჩვენი არ იყოს! სურამელსა და ბაკურციხელს სული კბილით უჭირავთ, გულის ნადები გავანდე თუ არა, ახლავე შევუდგეთო! მაგათაც ჩვენსავით აწუხებთ უმეფობა და ქვეყნის დაქსაქსულობა, მონგოლთა უღელი და გარეშე მტერთაგან რბევა.
_ მხარგრძელები? მხარგრძელები ძნელად დასაყოლიებელი ხალხია, სიფრთხილეს არჩევენ და უტკივარ თავს არ აიტკივებენ.
_ მაგათ მე მოველაპარაკები, ლიხს იქეთა საქართველოს მომხრობაც ჩემზე იყოს.
_ ვთქვათ, ყველაფერი ეგრე წაღმა წარიმართოს, საქართველოს ციხეებში ჩაყენებული მონგოლთა ჯარი დავამარცხოთ და გავანადგუროთ, მერე რაღას ვიზამთ, ჰულაგუ ყაენი რომ უთვალავი ლაშქრით მოგვადგება, მარტო ჩვენ აღვუდგებით წინ იმოდენა მხედრობას?
_ მარტო რად ვიქნებით, სხვებიც ჩვენსავით აჯანყდებიან და მხარს მოგვცემენ.
_ ჰოდა, ჯერ იმ სხვათაგან უნდა გვქონდეს აჯანყების პირობა.
_ შირვანელებსა და ადარბადაგანს, ხლათსა და იკონიას, ყველას უნდა შევუთანხმდეთ და ერთად უნდა დავკრათ.
_ ეგრე რომ აეწყობოდეს, მაგას რაღა აჯობებს.
_ უნდა ავაწყოთ, ვაზირო, ჩვენვე უნდა ვითავოთ შეთქმულების აწყობა.
_ სხვებსაც ვკითხოთ რჩევა, საძნელო საქმეს ვკიდებთ ხელს და აჩქარება არას გვარგებს.
_ არც უნდა ავჩქარდეთ... მთავარია, ჩვენ ვირწმუნოთ და სხვებიც დავარწმუნოთ, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა ეს არი, როცა ამ რწმენით ვიმოქმედებთ, მერე აღარც მტრის ძლიერებისა შეგვეშინდება, აღარც თავის განწირვის.
_ განა ჩემი თავი მაფიქრებს, ცოტნე!
_ ვიცი, რაც გაფიქრებს... ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონოთ, ავი და კარგი ერთად ვიანგარიშოთ და ფრთხილად შევუდგეთ ქვეყნის გადარჩენის საქმეს.
ცოტნემ მარჯვენა გაუწოდა.
ციხისჯვარელმა ხელი ჩამოართვა.
პირჯვარი უსიტყვოდ გადაიწერეს და თვალაცრემლებულები ერთმანეთს მოეხვივნენ.

ხანგამოშვებით დაიწყეს ციხისჯვრისკენ დენა ერისთავებმა და ერისთავთერისთავებმა. ოდიშის ავადმყოფი მთავრის მონახულების საბაბით, მოდიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მეთაურები, ძღვენი და მოსაკითხი მოჰქონდათ. მცირე ამალის თანხლებით ღამღამობით შემოდიოდნენ ციხისჯვარს, ცოტნესა და ყვარყვარესთან საიდუმლოდ ჩაკეტილნი, ჯერ მონგოლთა უღლის აუტანლობაზე იწყებდნენ, მერე აჯანყების აუცილებლობაზე გადაწყვეტილებას ღებულობდნენ, მტრისა და საკუთარ ძალებს ითვლიდნენ, სავარაუდო მოკავშირეების შესაძლებელ დახმარებასაც ანგარიშობდნენ და ღამითვე, გათენებამდე ისევე უჩუმრად მიდიოდნენ, როგორც მოვიდნენ.
მონგოლებს ყური და თვალი ყველგან ფხიზლად ჰქონდათ და თვალთა ეს მსვლელობაც არ გამოპარვიათ, რამდენჯერმე ხარკისა და ბეგარის საბაბით მოაკითხეს ციხის­ჯვარელს, სხვათა შორის, ისიც იკითხეს, ამდენ ხანს რატომ ვერ გამოჯანმრთელდა ოდიშის მთავარიო.
ცოტნე უკვე გამომჯობინებული იყო და სიძეცა და სიმამრიც გრძნობდნენ, რომ მონგოლებს გეში აღებული ჰქონდათ და მთავართა და ერისთავთა ციხისჯვარს მოსვლა საშიში ხდებოდა.
_ რამე უნდა მოვიგონოთ, რომ საქართველოს მთავართა მოსვლა საეჭვოდ არ ეჩვენოთ მონგოლებს, _ გაანდო თავისი შიში ყვარყვარემ ცოტნეს.
_ რაც მე კარგადა ვარ, ჩემი მონახულების სურვილი ვეღარაფერი საბაბია მთავართა აქ მოსასვლელად.
_ შენი ავადმყოფობით აღარავინ მოტყუვდება. ვიფიქრე, ვიფიქრე და ეს მოვიფიქრე: ხარკის შეკრებას ამ ორ დღეში მოვრჩები და გადავწყვიტე, მონგოლებს თვითონ მივართვა.
_ მერე რა, რომ ხარკს მიართმევ?
_ ცოტა კიდევ მოვისესხებ და მომავალი წლის ანგარიშშიაც მივუთვლი ხარკის ნაწილს.
_ ეგ რისთვის?
_ სარწმუნოდ ვიცი, სხვა საერისთაოებს ჯერ ამ წლის გადასახადიც არ გადაუხდიათ, ნოინებს ვეტყვი, თუ საქართველოში ხარკის დროზე შეკრება სურთ, ეგ საქმე მე მომანდონ და ვადაზე ადრე ჩაბარებას უზრუნველვყოფ.
_ მერე მოგანდობენ?
_ რატომაც არა! თუკი ვინმე ჩვენგანი ამგვარ უნამუსობას იკისრებს, ჯილდოსაც არ დაპირდებიან? თუ ეს საქმე მომანდეს, მერე ჩემთან მთავრების შეკრება ბუნებრივი იქნება და მონგოლებს საეჭვოდ აღარ მოეჩვენებათ.
_ სცადე, ვაზირო, ღმერთმა ქნას, გენდონ და გერწმუნონ. მეც, რაც ოქრო თანა მაქვს, შენი ჭირის სანაცვლო იყოს, _ გაამხნევა ცოტნემ ციხისჯვარელი, _ მაინც როდის აპირებ ანისს წასვლას?
_ ორ-სამ დღეში, როგორც გადასახადის აკრეფას მოვრჩები.
_ ჰოდა, შენ რომ ანისს წახვალ, მე ოდიშის გზას დავადგები, ჩემს აქ დარჩენას სარგებელი აღარა აქვს, ლიხსაქეთა მთავართაგან, ვინც მომსვლელი იყო, უკვე მოვიდა და შეგვითანხმდა.
_ მხარგრძელები?
_ მხარგრძელები ამპარტავნები არიან და აქ არ გვეახლებიან. იქნებ შენ მიაკითხო იქით, თუ არადა, მე მოვინა­ხულებ ცოტა ხნის შემდეგ. მანამდე ლიხთიმერელ ერისთავებს გადმოვიბირებ და ეგებ ფული და სხვა სახსარიც ვიშოვო, ხომ იცი, იარაღი საშოვნელი გვაქვს და სხვაც ბევრი ხარჯი გვექნება.
_ ფული საჭიროა, _ დაუმოწმა ციხისჯვარელმა, _ ურიის ვალი უნდა ავიღოთ და სამზადისს არაფერი დავაკლოთ.
_ ჰოდა, მეც დრო მინდა, ლიხთიმერელ ერისთავებსაც ეგრე ადვილად ვერ დავიყოლიებ, ისინი მაინც თავთავისთვის არიან, ხარკსა და ბეგარას იხდიან და მონგოლთაგან სხვა შეჭირვება არ იციან. ამიტომ დახანება აღარ ივარგებს, ოდიშის გზას გავუდგები.
_ შენი ნებაა, სიძე-ბატონო, როგორც ქვეყნისა და შენი საქმისათვის იყოს უმჯობესი, ისე მოიქეცი, _ დაეთანხმა ციხისჯვარელი.
_ როცა ლიხთიმერელ ერისთავებს მოვიმხრობ, შეთქმულების ერთად თავის მოყრაც აუცილებელი იქნება და, ეგებ, არაერთხელაც.
_ აუცილებლად უნდა შევიყარნეთ, აჯანყების დრო და ადგილი უნდა დავთქვათ და ყველა პირობაზე საბოლოოდ შევთანხმდეთ. თუ ჩემმა სიტყვამ და ხერხმა გასჭრა, ხარკის შეგროვების საბაბით, უფლება მექნება საქართველოს მთავრები ერთად შევკრიბო ხოლმე და მაშინ ვინ დაგვიშლის საიდუმლო მოლაპარაკებას.
ლიხთიმერეთს დაბრუნებული ცოტნე ერთხანს მამულისა და სამთავროს საქმეებით გაერთო, გურია და აჭარა მოიარა და იქაურობა რომ განაგო, სასახლეში ჩაიკეტა. ერთთავად სულ შინ იყო ოდიშის მთავარი, სანადიროდ და სტუმრადაც აღარ მიდიოდა. სამაგიეროდ მასთან იწყეს მოსვლა ლიხთიმერეთის ერისთავებმა.
სამ დღეს დაჰყო სტუმრად მოსულმა რაჭის ერისთავმა დადიანების სასახლეში: იმ სამი დღის განმავლობაში არც სანადიროდ გასულან, არც ბურთითა და ცხენოსნობით შექცეულან. ისხდნენ მარტოდმარტონი გამოკეტილ ოთახში და, კაცმა არ იცოდა, რას ლაპარაკობდნენ ასე დაუსრულებლად და მოუწყინრად. მესამე დღეს კარის მოძღვარს პარაკლისი გადაახდევინეს. ნაშუადღევს ერისთავი ხვევნა-კოცნით გამოეთხოვა მასპინძელს და რაჭისკენ გაუდგა გზას.
ორი დღის შემდეგ აფხაზეთის მთავარი ეწვია დადიანს უამალოდ, ორიოდე მხლებლით.
_ გზად მოვდიოდი, მთავარო, ქუთაისიდან და შენი უნახავი ვეღარ წავედი. აქამდისაც უნდა მენახე სალმობიერი, მაგრამ ხომ იცი ჩვენი უცალობის ამბავი, _ მოიბოდიშა აფხაზმა მთავარმა.
ნავახშმევს, როცა სტუმარმა გული გადმოუშალა და მონგოლთაგან უკიდურესი შეჭირვების გამო ცრემლიც გადმოღვარა, ცოტნემ შეთქმულების განზრახვაზე სიტყვა შეაპარა.
_ ნეტავი მაგ დღეს მოვესწრებოდე და მთელ აფხაზეთს გამოვიყვან, ქუდზე კაცს.
_ შენი იმედი ყოველთვის მქონდა, მთავარო, ვიცოდი, საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის თავს არ დაიზოგავდი. თქვენგან, აფხაზეთიდან დაიწყო ბაგრატოვანთა გვირგვინქვეშ სრულიად საქართველოს გაერთიანება ლეონ აფხაზთა მეფის დროს და, ახლაც, აფხაზების შეწევნა და მონაწილეობა გადამწყვეტი უნდა იყოს მონგოლთა შემუსვრასა და განდევნაში.
_ აკი მოგახსენე, მთავარო, ქუდზე კაცი გამოვა-მეთქი.
_ ეგ ხომ მჯერა, რომ აგრე იქნება, მაგრამ შენი იმედი კიდევ სხვაფრივაცა გვაქვს, ჯიქებიც უნდა მოგვაშველო.
_ ჯიქები ბათო ყაენის ყმები არიან, მოგეხსენებათ. იქ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება!
_ იქაურ მთავრებს ოქრო მივცეთ და ჯარი დაგვიქირავონ.
_ ეგ შეუძლებელია, ბათოს ნოინების უნებართვოდ, ჯი­ქეთში საომრად კი არა, ქორწილსა და აღაპში ვერ ბედავენ შეკრებას.
_ ბათო ყაენის კარზედაც ვფიქრობთ საიდუმლო მოლაპარაკებას, ამბობენ, ჩრდილოეთის ულუსი შურით შესცქერის სამხრეთის ურდოს გაძლიერებასო.
_ ეგ აგრეა, მაგრამ ბათო ყაენი ფრთხილია და ჰულაგუც ვერ ბედავს ჯერჯერობით მისი უზენაესობის უგულებელყოფას...
_ მაინც უნდა ვცადოთ. ოქროს ურდოს დახმარებას არა ვთხოვთ, მაგრამ ილხანთა ბატონობიდან ჩვენს თავდახსნას რომ კარგი თვალით შეხედოს, ჩვენთვის ესეც დიდი მხარდაჭერა იქნება.
_ ეს კი ვიცი ჯიქი მთავრებისგან, რომ ჩრდილო ულუსელებს აფხაზეთსა და მთელ ლიხთიმერეთზე თვალი უჭირავთ... _ სრულიად საქართველოზედაც არ იტყვიან უარს, მაგრამ ჩვენთვის რა ბედენაა ერთი ბატონით მეორის შეცვლა. ჯერჯერობით ჩვენი გულისთვის ბათო და ჰულაგუ არ წაიკიდებიან, მაგრამ თუ ჩვენი აჯანყება გაიმარჯვებს და საქართველოდან მონგოლებს გავრეკავთ, ეგებ ბათომ ილხანთაგან ჩვენი მიწა-წყლის ხელახლა დაპყრობა აღარ ინდომოს.
_ არ ინდომებს, თუ ჰულაგუსთან ომს აპირებს.
_ სწორედ იმისთვის გვინდა გავმართოთ საიდუმლო მოლაპარაკება ბათოს კართან, რომ ოქროს ურდოსაგან ჩვენი შეთქმულების ხელის შეწყობის თუ არა, წახალისების იმედი მაინც გვქონდეს.
_ დიდი სიფრთხილე უნდა მაგგვარ მოლაპარაკებას, ბათო ეჭვიანი და ცბიერია თურმე და ძნელად ვისმე გაანდობს ილხანთან თავისი მომავალი დამოკიდებულების გეგმებს.
_ ვიცი, მთავარო, ბათო ყაენთან ამგვარი მოლაპარაკება ცეცხლთან თამაშია, მეც ადვილად ვერავის ვანდობ ამ საქმეს და, თუ როგორმე ჩვენი ნოინებისგან საიდუმლოდ ოქროს ურდოს წასვლა მომიხერხდა, თვითონ ვიკისრებ შეთქმულთა დესპანობას.
კრავაი შეშფოთებული უყურებდა მთავართა და ერისთავთა გახშირებულ მისვლა-მოსვლას. სასურველ სტუმრებს სიხარულით ხვდებოდა, გულუხვად მასპინძლობდა და ზრუნვას არ აკლებდა. მაგრამ მისი მონაწილეობა ამით იწყებოდა და მთავრდებოდა იმ ფარულ მოლაპარაკებაში, რომელიც ცოტნესა და მის საპატიო სტუმრებს ჰქონდათ.
სულ ფიქრში წასულსა და შუბლგაუხსნელ ქმარს რომ ხედავდა, თავადაც საგონებელში ვარდებოდა. ეჭვით რაღაცას ხვდებოდა, გრძნობდა, რომ ლიხთიმერელი დიდებულების საიდუმლო მოლაპარაკებაზე ქვეყნისა და მისი ოჯახის ბედი დიდად უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. ქალური ალღოთი და უტყუარი გუმანით ხვდებოდა, რომ ახლო ხანში დიდი მოვლენები უნდა დატრიალებულიყო. რამდენადაც იმ მოვლენის შუაგულში მისი ქმარი იდგა, იმდენად, ოდიშის მთავრის ოჯახის ბედი და მომავალიც იმ ამბებში ჩათრეულად ეჩვენებოდა და კრავაის მოსვენება ეკარგებოდა.
ცოტნე ფრთხილობდა, საგანგებოდ, ყველას გასაგონად ხუმრობდა, კარგად რომ გავხდი, ახლა შეწუხდნენ ჩვენი ერისთავები ჩემი სნეულებითო. ეს მოგონილი არხეინობა კიდევ უფრო არწმუნებდა კრავაის, რომ მისი ქმრის მიერ წამოწყებულ საქმეს დიდი საქვეყნო მნიშვნელობა ჰქონდა. ქმრისადმი უსაზღვროდ ერთგულს გული წყდებოდა, რომ ცოტნე მისთვის საიდუმლოს განდობას არ ჩქარობდა, ჩვეულებრივად რჩევას არ ეკითხებოდა და მისგან შველასა და ხელის შეწყობას არ თხოულობდა. მერე მრავალგზის გამოცდილი მაინც არ ჰყოლოდა ცოტნეს თავისი ერთგული თანამეცხედრე, რომელსაც შეეძლო საიდუმლოს შენახვაც და კეთილი, გონივრული რჩევის მიცემაც. რამდენჯერ ყოფილა კრავაი ცოტნესა და მის მტრებს შორის მშვიდობის ჩამომგდები მოციქული! მის იშვიათ ქალურობასა და გამჭრიახობას, კეთილ გულსა და გარეგნულ მომხიბლაობას რამდენჯერ მოუნადირებია ცოტნეს მოპირდაპირეთა გული და ძნელად მოსაგვარებელი საქმე რამდენჯერ უმტკივნეულოდ მოუგვარებია.
ახლა კი, როცა რაღაც დიდი საზრუნავით შეპყრობილი ცოტნე მოსვენებას ვერ პოულობს, დღისით მღელვარებას ვერ ერევა და ღამეებს თეთრად ათენებს: ახლა, როცა ყველაზე მეტად სჭირდება გამგები და ერთგული მესაიდუმლე, ცოტნე ისე იქცევა, თითქოს კრავაი მის გვერდით არ იყოს და ქმრის ბედნიერებისათვის ყოველგვარი მსხვერპლის გასაღებად თავი გადადებული არ ჰქონდეს!
დაკვირვებული მეუღლე იმასაც ატყობდა, რომ ქმარსაც აწუხებდა ცოლისათვის საიდუმლოს გაუნდობლობა. ორჯერ თუ სამჯერ ცოლთან მარტო დარჩენილმა, რაღაც გადაკრული ლაპარაკი წამოიწყო, ეტყობოდა, წინასწარ ფიცის ჩამორთმევაც უნდოდა კრავაისათვის, მაგრამ თითქოს გონს მოეგოო, უცებვე გადაიფიქრა. სიტყვა ბანზე ააგდო და საუბრის საგანი შეცვალა.
ნამდვილად ხატზე აქვს დაფიცებული საიდუმლოს გაუმ­ხელად შენახვაო, დაასკვნა საბოლოოდ კრავაიმ და ამით ცოტა დამშვიდებულს ქმრის წყენა გაუნელდა.


სომეხი დიდვაჭარი მარტიროსი პირდაპირ დაბარებულივით მოადგა კარს საგონებელში ჩავარდნილ ცოტნეს.
ღმერთს ნამდვილად ჩვენი საქმის კეთილად წარმართვა სურს, იმან გამომიგზავნა სწორედ საჭიროების დროსო, დაასკვნა ოდიშის მთავარმა და დიდვაჭარს გაეგება.
_ მარტიროსს ვახლავართ, მარტიროსს! რა ხანია ლიხთიმერეთი არ მოგინახულებია, მობრძანდი, ჩემო მარტიროს!
_ ჩემი მდაბალი სალამი ოდიშის მთავარსა და ქართველთა მეფის ვაზირს! _ ძველებურად მიესალმა მარტიროსი.
_ ალბათ, ჩემი სნეულობის ამბავი შეიტყვე და საიქიოს შენს მევალეებთან წერილის გატანება გადასწყვიტე!
_ არა, მთავარო, ეგეთ საქმეზე თქვენისთანა სახელოვან დიდებულს როგორ შევაწუხებდი, ქარავანს მოვუძღვი ფაზისიდან, ტმუტარაკანიდან მოვდივარ. ზოგი რამ უცხო საქონელი ბარემ გზაზევე მინდა გავასაღო შენს კარზე და ხომ იცი, შენი ამდენი ხნის უნახავობაც მაწუხებდა. მცირე ძღვენიც მოგართვით, მთავარო, თქვენ და თქვენს ქალბატონს. მადლობა ღმერთს, რომ საღ-სალამათადა ხართ ჩვენს სასიხარულოდ და მტრების თვალის დასავსებად!
_ გმადლობთ, ჩემო მარტიროს! ახლა აღარა მიშავს რა, მგონია, მოვრჩი... მობრძანდი, _ სასახლისკენ გაუძღვა ცოტნე.
მარტიროსის ბიჭებმა ძღვენი მოართვეს. მთავარმა და ქალბატონმა მოსაკითხი მოიწონეს, დიდვაჭარს მადლობის სიტყვები უთხრეს და მარტიროსის პატივსაცემად უხვი სუფრა მოაღებინეს.
_ ერთი კვირაა, ზღვა-ზღვა, გემით მოვდივარ. ღელვა დაგვედარა და კინაღამ თევზებს დარჩათ ჩვენი მონაგარიცა და ბებერი სხეულიც, _ ჰყვებოდა ენაწყლიანი მარტიროსი, _ ძლივს შემოვასწარით თქვენს ფაზისში, მაგრამ გავწვალდით, ნავის მისადგომის პოვნა გაჭირდა, აფსუს, მთავარო! მე მახსოვს, მანდ რა ნავსადგურს აშენებდით.
ცოტნეს მტკივან ადგილზე დააჭირა მარტიროსმა და მთავარს მიწის ფერმა გადაჰკრა.
_ მაშინ შენც ბეწვზე გადარჩი სიკვდილს, არა?
_ ჰო, ეგრე იყო! _ ხელი ჩაიქნია ცოტნემ.
_ ვინ ჩაიდინა ეგ ბოროტება, მგონი, დღესაც არ იცით!
_ ძველი ამბავია, მაგაზე ლაპარაკი აღარ ღირს!
_ როგორ არა ღირს, მთავარო, ეგ ბოროტება რომ არ მომხდარიყო, საქართველო ახალი ვენეცია იქნებოდა და ზღვაზე თქვენი ბატონობით, ჩვენც სარგებელი გვექნებოდა.
_ რაღა დროს მაგის გახსენებაა, მარტიროს, _ მწარედ გაეღიმა ცოტნეს, სასმისი ასწია და სტუმრის ბედნიერ ფეხზე მოსვლა დალოცა.

_ გძინავს, კრავა? _ იკითხა ძილგატეხილმა ცოტნემ.
_ არა, ბატონო, როცა შენ არ გძინავს, მე რა დამაძინებს!
_ ერთი რჩევა მინდა გკითხო.
_ მიბრძანე, ბატონო, _ სმენად იქცა კრავაი.
_ ფული მჭირდება და საკმაოდ ბლომადაც, რატომ და რისთვის, ნუ მკითხავ. საქვეყნო საქმეა და ხატზე მაქვს დაფიცებული, არ გავთქვა. ჭკვიანი ქალი ხარ და არ მიწყენ.
_ წყენას ვინ გიბედავს, _ ამოოხვრით თქვა კრავაიმ.
_ ეს დიდვაჭარი უფალმა ჩემს ბედად მოიყვანა, ფულის სესხებაზე, მგონი, უარს არ მკადრებს, მაგრამ სულ ცარიელი სიტყვებითაც არ მენდობა.
_ ჩემი სამკაულები მივცეთ, _ გულწრფელად, შეუყოყმანებლად თქვა კრავაიმ.
_ შენ თუ გაიმეტებ... მე მიძნელდებოდა თქმა.
_ გავიმეტებო? აბა რაღა დღისთვის მინდა, თუ შენ არ მოგახმარ და საქვეყნო საქმისათვის არ გავწირავ.
_ არა, სულ გაწირულიც არ იქნება, დავუგირავებთ და უკანვე გამოვიხსნი, როგორც კი მამულს ან სხვა ქონებას გავყიდი.
_ შენ მაგისა ნუ გეფიქრება, მთავარო, ის ჩემი განძი შენი ნაბოძებია და ღმერთმა შენვე მოგახმაროს სასიკეთოდ.
_ გმადლობ, ჩემო კრავაი, ვიცოდი, რომ აგრე მეტყოდი, _ მოეხვია ცოტნე.
_ ჩემი განძი კი არა, სიცოცხლეც შენი სანაცვლოა, როცა დაგჭირდეს, ისიც ასე კეთილი გულით მიიღე და შეიწირე, _ ეჩურჩულებოდა კრავაი და ცრემლმომდგარი თვალებს უკოცნიდა.
მეორე დღეს, კარგად რომ დანაყრდა, სომეხი დიდვაჭარი მთავრის წვევით ცალკე ოთახში განმარტოვდა ცოტნესთან ერთად.
_ სწორედ კარგ დროს მომინახულე, მარტიროს-ბატონო. აქ რომ არ მოსულიყავი, იქ უნდა გხლებოდი, ანისს.
მარტიროსმა ყური ცქვიტა, მიხვდა, რაც უნდა მოჰყოლოდა ამ ჩვეულებრივ შესავალს.
_ განა რისთვის დაგჭირდა ჩემი ბებერი თავი, მთავარო?
_ ოო, ძალიან დამჭირდი, მარტიროს, შენს იქით გზა არა მაქვს და შენ იცი, თუ არ გამაწბილებ. სხვა დროსაც გაგიმართავს ხელი ჩემთვის და ვალი ყოველთვის ვადაზე დამიბრუნებია.
_ რამდენი გჭირდება? _ პირდაპირ მოუჭრა დიდვა­ჭარმა.
ცოტნემ მისთვის საჭირო თანხა დაუსახელა.
მარტიროსი მოულოდნელობისაგან შეხტა, ყურს არ დაუჯერა.
_ ეგ რა ამბავია? ლაშქარი უნდა დაიქირავო? _ გულთმისანივით აღმოხდა მარტიროსს.
_ რაც მონგოლი ყაენი გვყავს მფარველად, უფალი იყოს მისი შემწე, ქართველებს ლაშქრის დაქირავება კი არა, საკუთარი ჯარის გამოყვანაც აღარ სჭირდება. ხარკი მაქვს გადასახდელი და, შენ რას დაგიმალავ, ქალიშვილს ვა­-
თხოვებ.
_ ჰოო, ეგ კარგი საქმეა, მოსალოცი... მაგრამ ამდენი არ დაგჭირდება.
_ მჭირდება, მარტიროს. დანა და ყელი ერთადა მაქვს. არ იფიქრო, ცარიელი სიტყვის იმედად ვიღებდე ამ ვალს, ჩემი ცოლის განძეულობას მოგართმევ გირაოდ... კრავაი! _ გასძახა ცოტნემ.
კარი გაიღო და კრავაი შემოვიდა. კი არ შემოვიდა, შემობრწყინდა სახიერი და მოხდენილი მთავრის მეუღლე. სტუმარს თავი დაუკრა და რომ გაუღიმა, კინაღამ დადნა ბევრისმნახველი დიდვაჭარი.
კრავაი მაგიდასთან მივიდა, ცოტნეს გატენილი ქისა გაუწოდა და გაბრუნება რომ დააპირა, მარტიროსს ისევ მომხიბლავი ღიმილი მიაფრქვია, თავი ოდნავ დახარა და ოთახიდან გავიდა.
გამოცდილმა დიდვაჭარმა იმ წამშივე დასდო ფასი კრავაის ძვირფას ტანსაცმელსა და მოკაზმულობას, მის წარმტაც გარეგნობასა და იშვიათ მომხიბლაობას.
ამის პატრონს რა ფული ეყოფაო, გაიფიქრა და უკვე გულმომბალმა ღიმილით მიმართა ცოტნეს:
_ რა ვადით იღებ ამოდენა ვალს, მთავარო?
_ ერთი წლით, წლისთავზე დაგიბრუნებ.
ცოტნემ ქისა დააპირქვავა და მაგიდაზე პატიოსანი თვლები, ოქროს ბეჭდები და სამაჯურები, ყელსაბამები და საყურეები დახვავდა.
_ ეს განძი მაგ ფულზე მეტი უნდა ღირდეს, გირაოდ გაძლევ.
_ გირაო არ მინდა, ქალბატონის სამკაულს გირაოდ როგორ მივითვლი! _ ხელით მისწია საუნჯე მარტიროსმა, _ აქედან მხოლოდ ამ ერთ ალმასს ავიღებ. _ მარტიროსმა დიდრონი ალმასი დაიდო ხელის გულზე, _ ამასაც უკან დაგიბრუნებთ, როცა გავსწორდებით... ახლა, თან მაგდენი არა მაქვს, ნახევარს მოგართმევ. ნახევარს ანისს რომ იქნებით, ნოინებთან, მაშინ მოგითვლი.
ცოტნემ შეატყო, დიდვაჭრისაგან ახლა მეტს ვეღარაფერს მიიღებდა, ხელწერილი დაუწერა და სესხის ნახევარი მიითვალა.
ბათო ყაენის კარს წასვლა ვერ გაბედა ცოტნემ. ბათო განგებ აყოვნებდა ოქროს ურდოში საქმის გასარიგებლად ჩასულ მეფეებსა და მთავრებს, ზოგჯერ წლამდე აჩერებდა თავის კარზე და, მაინც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ყარაყორუმს გზავნიდა მთავარ ყაენთან.
ოდიშის მთავარმა კათალიკოზი და არგვეთის ერისთავი წარავლინა ოქროს ურდოს დიდი ძღვენითა და საიდუმლო დავალებით.
აგერ ნახევარი წელი მიიწურა, ელჩები ვეღარც შინ ბრუნდებოდნენ, ვერც საიმედოს რასმე იტყობინებოდნენ. ამასობაში მარტიროსისაგან აღებული ოქრო დატრიალდა და ოდიშისაკენ ზღვითა და ხმელეთით დაიძრა ფარულად შეძენილი იარაღი. თავის მხრივ, ციხისჯვარელის ხერხმაც გასჭრა და ყვარყვარეს ხარკის შეკრების ზედამხედველობა მიანდეს. ნავაზირალმა ქართველი მთავრების ციხისჯვარს მოხმობა გაახშირა.
საქმე თითქოს კეთილად წარიმართებოდა.
მონგოლები ალამუთის ომით იყვნენ გართულნი და საქართველოსთვის იმდენად აღარ ეცალათ. ქართველი მთავრები იკონიისა და ხლათის სულთნებთან, შირვანელებთან და ადარბადაგანელებთან შეთქმულების ძაფს აბამდნენ და ილხანთაგან დაპყრობილი ყველა ხალხი ერთიანად იმსჭვალებოდა ერთობლივი აჯანყების ფიქრით.

ასპასიას მოსწრებაში კოხტისთავს იმდენი სტუმარი არასოდეს ჰყოლია.
უკვე მიმხცოვნებული ციხისჯვარელი თვითონ ამოვიდა კოხტის ციხეში, თან ფრინველი და ოთხფეხი, ფქვილი და ღვინო მოჰყვა ურმებითა და ჯორკიდებულით.
სამცხის ერისთავმა მოსვლისთანავე ყველას გასაგონად გამოუცხადა ციხისთავს:
_ ხვალ მთავრები და ერისთავები გვესტუმრებიან, აბიათარ, მონგოლთათვის ხარკის შეგროვება უნდა გავარიგოთ და მთელ დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან. მასპინძლობის თადარიგი შენ და შენმა ცოლმა დაიჭირეთ. დილიდანვე გუშაგები დავაყენოთ, რომ უცხო და გარეშე არავინ მოვიდეს და მონგოლთა წინაშე ჩვენი ვალდებულების შესრულებას ხელი არ შეუშალოს.
მსახურები ცოტა ეახლებინათ. ისინიც ციხის უკანა მხარეს _ სამზადსა და სახაბაზოში დააყენეს და მაშინვე თვითეულს იმდენი საქმე მიუჩინეს, გარეთ გასახედად კი არა, თავის მოსაფხანად ვერ მოიცლიდნენ.
დილიდან კანტიკუნტად იწყეს მობრძანება მთავრებმა, თან ამალად თითო-ოროლა მხლებელი მოსდევდათ მხოლოდ იმათაც მაშინვე მსახურებთან გზავნიდნენ, ციხის შიგნით. თავად ციხის ეკლესიაში შედიოდნენ და საყდრის კართან დადგენილი შუბოსანი გუშაგები კარს უმალვე ჰკეტავდნენ.
ასპასია თითოეულის გამოჩენაზე გამორბოდა, შორიახლო დოინჯშემოყრილი დგებოდა, მომსვლელ-დამხვდურთ თვალს გაფაციცებით ადევნებდა და თან ცდილობდა, მათი ნათქვამიდან არაფერი გამოჰპარვოდა.
ყველაზე ადრე სარგის თმოგველი მოვიდა. ასპასიას ბევრჯერ ჰყავდა ნახული ციხისჯვარელთა სახლში ყვარყვარეს ენაწყლიანი ნათესავი.
ნავაზირალი ძმურად გადაეხვია მისი დაღუპული შვილის კბილა თმოგველს, ერთიმეორე შინაურულად მოიკითხეს და ეკლესიისკენ წავიდნენ.
სარგისი დამხვდურებს ცნობდა, ყველას თავს უკრავდა და ესალმებოდა.
ასპასიას რომ გაუსწორდა, ახლობელსავით გაუღიმა და ოდნავი თავდახრით მიესალმა.
კარგა ხნის შემდეგ ხცემორეული წვეროსანი მობრძანდა. მხცოვანის ვინაობა ასპასიამ იმით გაიგო, რომ სტუმრის შესაგებებლად გამოსულმა აბიათარმა საყდართან მდგარ გუშაგს გასძახა:
_ ქართლის ერისთავი მობრძანდა, ბატონს აცნობეთ.
ეგარსლან ბაკურციხელი და შოთა ჰერეთის ერისთავი, თორღვა პანკელი და ვარამ გაგელი, თითქმის ერთიმეორის მიყოლებით მოვიდნენ. სხვაზე გვიან რაჭის ერისთავი გამოჩნდა.
მოსულთაგან ზოგს სცნობდა ასპასია, ზოგის ვინაობას თავის გულმართალ ქმარს ეკითხებოდა და აბიათარიც სიტყვას არ იშურებდა საქართველოს სახელოვან მთავართა მამულისა და ყმის სიმრავლეზე, მეფის წინაშე დამსახურებასა და სამშობლოს ერთგულებაზე.
შუადღე კიდევ არ იყო, აღმართზე რომ ამოაგელვა ცხენი ოდიშის მთავარმა.
_ ცოტნე, შვილო! უკვე აღარ გელოდი! _ გულში ჩაიკრა ციხისჯვარელმა ცხენიდან ჩამომხდარი სიძე.
ოდიშის მთავარი ორმოც წელს გადაცილებული ძლივს იქნებოდა, მაგრამ უფრო ხნიერად გამოიყურებოდა _ საფეთქლებთან ჭაღარა მორეოდა, წერწეტი წელი, ადრე რომ გადაწყვეტაზე ჰქონდა, გავსებოდა, ფართო მხარბეჭი ოდნავ მოხროდა და ნაბიჯი დამძიმებოდა.
_ მაინც ძველებურად გონების წამღებია, _ დაასკვნა თავის გულში ცოტნეს მიშტერებულმა ასპასიამ და მთავრის მოახლოებაზე იგრძნო, რომ მუხლები აუკანკალდა.
_ ნეტავ, თუღა მიცნობს?.. ნეტავ, თუ მიცნობს? _ მკითხაობდა თავის გულში ასპასია და გული ბაგაბუგით უცემდა. რატომღაც, უნებურად, ტანზე და ხელ-ფეხზე დაიხედა, ახალგაზრდობა გაიხსენა და გული ჩაწყდა, რომ ადრინდელის ლანდიც აღარ იყო, დაბერებული და დაუშნოებული დედაკაცი.
ნეტავ, არ მიცნოსო, ინატრა და წამით თვალებზე თავსაფრის ჩამოფარება დააპირა. უმალვე გადაიფიქრა და ჩამოსაფარებლად წაღებული ხელით თავსაფარი კიდევ უფრო გადაიწია, შუბლი და თვალწარბი კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა.
ცოტნემ უეცრად ოქროს ჯვარს მოჰკრა თვალი დოინჯშემოდგმული ქალის ჩავარდნილ გულმკერდზე.
ასპასიამ დანაშაულზე წასწრებულივით იტაცა ხელი ოქროს ჯვარზე და უბეში ჩაიცურა.
ცოტნემ ვერც მოასწრო წამიერი მოლანდებისათვის მნიშვნელობის მიცემა, გზა დინჯი ნაბიჯით განაგრძო და ასპასიას გვერდით ისე გაუარა, ზედაც არ შეუხედავს. ასპასია იქვე ჩაიკეცა, იგი მიხვდა, რომ მონგოლებს დათქმულ ნიშანს ვეღარ მისცემდა, ცოტნეს ვერ დაღუპავდა.
ციხის ეკლესიაში პატარა მრგვალ მაგიდას უსხდნენ შეთქმულნი. ბჭობას მონგოლთა წინაააღმდეგ შფოთის პირველი წამომწყები და აჯანყების თესლის პირველი ჩამგდები ყვარყვარე ციხისჯვარელი წარმართავდა. ეს პატივი მას მარტო მასპინძლის უფლებით კი არ რგებია. იგი სხვა შეთქმულებს ხანითაც აღემატებოდა და მონგოლების წინააღმდეგ ბრძოლებშიაც სხვაზე მეტი გამოცდილება და დამსახურებაც ჰქონდა.
_ საქართველოს მთავართაგან უმთავრესნი და უწარჩინებულესნი აქა ვართ შემოკრებილნი. მონგოლთა უღლის სიმძიმემ და სამშობლოს უბედურებამ ყველანი ერთ აზრზე და გადაწყვეტილებაზე დაგვაყენა _ უნდა ავჯანყდეთ, დამპყრობლები ჩვენი ქვეყნიდან გავდევნოთ და საქართველოს ძველი დიდება აღვადგინოთ. საქართველოს ყველა მთავარი და ერისთავი, აზნაური თუ ეკლესიის მსახური, ვაჭარი თუ მიწის მოქმედი ერთი ოცნებითაა შეპყრობილი _ დროზე გავრეკოთ მონგოლები და ვიხსნათ ჩვენი ხალხი მოსპობისა და გადაგვარებისაგან. გავლენიან მთავართაგან მხოლოდ ორი გვაკლია დღეს _ საქართველოს სამეფოს ამირსპასალარყოფილი ავაგი და შანშე მხარგრძელი. ავაგი ყარაყორუმის გზას გაუდგა დიდი ხანია და მისი ასავალ-დასავალი არავინ იცის.
_ წასვლამდის გავანდეთ ჩვენი განზრახვა და არა ერთგზის ვცადეთ მისი გადმობირება, მაგრამ ყველას მოგეხსენებათ, როგორ შორს დაიჭირა. გაგონებაც არ ისურვა მონგოლთა წინააღმდეგ შფოთისა და ამბოხის. ამ საქმის წამომწყებთ გიჟები და წინდაუხედავები, ხალხისა და ქვეყნის დამღუპველები გვიწოდა, _ შეაშველა სიტყვა ცოტნემ.
_ ავაგისაგან ჩაგონებული, შანშეც შორს გაგვიდგა. ვერ იქნა და ვერ გავტეხე, აჯანყების აუცილებლობა ვერ შევასმინე, _ ხელი გაასავსავა ვარამ გაგელმა.
_ აქ მოსვლამდე მეც საგანგებოდ ვეწვიე შანშეს. დიდხანს ვუმტკიცე, რომ თუ დროზე არ მოვიშორებთ მონგოლთა უღელს, ქვეყანა დაიღუპება. წელში გამწყვეტი გადასახადი და ამაოხრებელი ბეგარა, შორეულ ლაშქრობაში საქართველოს შვილთა დაუსრულებელი ჟლეტა, მალე სრულიად გაანადგურებს ჩვენს ხალხს და, რაც დრო გავა, არათუ აჯანყების თავი აღარ გვექნება, ჩვენი არსებობაც სათუო გახდება-თქო. ამაო იყო ჩემი მტკიცება და შეგონება და, არც მიკვირს, თუკი თავის საყვარელ ბიძას ქვეყნისა და ტახტის წინაშე ესოდენ დამსახურებულ ვარამ ბატონს არ ერწმუნა, მე რას დამიჯერებდა შანშე მხარგრძელი! _ ხელი ჩაიქნია ოდიშის მთავარმა.
_ ერთთავად სულ ავაგის ნათქვამს იმეორებს შანშე: როცა ერთი გვირგვინი გვაერთიანებდა, მთელი საქართველო ერთ მეფესა და დროშას ემსახურებოდა, მაშინ ვერა გავაწყვეთ რა მონგოლთა წინააღმდეგ. ახლა, როცა ცალ-ცალკე სამთავროებად დავიქსაქსეთ, ერთი წინამძღოლი აღარა გვყავს და ჩვენს მთავარ ციხეებში მონგოლთა ჯარი დგას. ჩვენი ყოველი შფოთი და შეთქმა წინასწარ არის დასამარცხებლად განწირულიო.
_ ეგ ბრალი და დანაშაული თვითონ ამირსპასალარის კისრად რჩება, ვარამ ბატონო! იმის მაგივრად, რომ ავაგი, ვითარცა სამეფოს ამირსპასალარი, თვითონ გაძღოლოდა მტერზე სრულიად საქართველოს ერთიან ლაშქარს, თავის ციხესა და მამულში ჩაიკეტა და მონგოლებთან ვაჟკაცურ ომს ქედის მოხრა არჩია. თქვენც კარგად იცით და გახსენება არ მინდა იმისა, თუ რა ძვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანასაც და თვითონ ავაგსაც დანარჩენი საქართველოსაგან განცალკევება და მტრისადმი დამორჩილება, _ შეკავებული მრისხანებით თქვა ციხისჯვარელმა.
_ უგუნურებმა არც მე დამიჯერეს, აღმოსავლეთის დასაპყრობად მოსულ ურიცხვ ლაშქარს ტყუილად შეაწყვიტეს ხალხი და თავთავიანთი ქვეყანა ააოხრებინეს, _ დაუმატა გაგელმა.
_ შანშეც ავაგივით მხდალია და გაუბედავი, _ აღშფოთება ვეღარ დაფარა ციხისჯვარელმა.
_ მაწყენინა კიდეც შანშემ, _ განაგრძო ცოტნემ, _ მონგოლთაგან ჩვენ ვართ ესოდენ გამწარებულნი, ლიხს აქეთ მთავრები, მაგრამ ჩვენ ბედს აგრე იოლად მაინც არ ვაგდებთ სასწორზეო. თქვენ, ლიხსიქითელ მთავრებს მონგოლები თავზე არ გასხედან და მაინც არ ისვენებთ, ჩვენს მაგივრად რა თავს იდებთო?!
_ ეგ როგორ გაკადრა?
_ საქართველო რამ გაჰყო, ყველას ერთი ჭირი გვჭირს და ერთიმეორის სატკივარი გვტკივა.
_ ბარაქალა შენს მოთმინებას, ეგ როგორ აპატიე?!
ერთპირად აღშფოთდნენ მთავრები.
_ თავი ძლივს შევიკავე. სიტყვა აღარ გავაგრძელე და წამოსვლისას ეს ვუთხარი, ხელს მაინც ნუ შეგვიშლი, თუ ჩვენთან არ იქნები-მეთქი.
_ თქვენ შანშეს ხასიათი არ იცით, _ მშვიდად თქვა ვარამ გაგელმა, _ ჩვენს სამტროდ არაფერს გააკეთებს, მაგრამ როგორც კი ჩვენს გამარჯვებას დაინახავს, მაშინვე ჩვენს მხარეზე დადგება და ჩვენთან ერთად იბრძოლებს.
_ ღმერთმა ჰქნას, ეგრე იყოს, მანამდე კი სიფრთხილე გვმართებს, ნურც სხვა საიდუმლოს გავანდობთ. ნურც შეთქმულების გეგმას, _ დაასკვნა ცოტნემ.
_ რაკი ყველანი ერთ აზრზე და გადაწყვეტილებაზე ვდგავართ და აჯანყება ყველას ერთადერთ ხსნად მიგვაჩნია, დროა შეთქმულების დამამთავრებელი გეგმა განვბრჭოთ და ყოველი წვრილმანი გავითვალისწინოთ, _ განაცხადა ციხისჯვარელმა და მაგიდაზე დიდი რუკა გაშალა.
კარგა ხანს ანგარიშობდნენ. მონგოლთა ჯარებისა და შეთქმულთა ხელქვეით მყოფ ქართველთა რაოდენობის ნამდვილსა და სავარაუდო გამოთვლას რომ მორჩნენ, დათქვეს _ ვინ სად გამოსულიყო და, საერთო აჯანყების დღედ იმ დღის სწორი დანიშნეს.
ბჭობის დასასრულისათვის სუფრა უკვე გაშლილი იყო.
ინახად მსხდომთ მწდეებად მსახურები ადგნენ თავს. ყველანი ასპასიას მისჩერებოდნენ თვალ-წარბში, კერძი მისი განკარგულებით მოჰქონდათ, თეფშებს მისი ბრძანებით ცვლიდნენ.
_ ასპასია! ასპასია! _ ესმოდა აქეთ-იქიდან ცოტნეს და გაოცებული მთავარი თვალს ვერ აშორებდა წლებისა და სიბერისაგან მოღუნულს, მაგრამ მაინც ციბრუტივით მბრუნავს, ერთიანად გათეთრებულ ქალს.
_ ეს ქალი ვინ არი, ყვარყვარე ბატონო? _ ხმადაბლა ჰკითხა გვერდით მჯდომ ციხისჯვარელს დადიანმა და ასპასიაზე ანიშნა.
_ ციხისთავის ცოლია, აბიათარის.
_ ქართველია?
_ არა. კაცმა არ იცის მაგის ფესვი და ძირი. მამა, მგონი, ბერძენი ჰყოლია და სახელიც ბერძნული ჰქვია _ ასპასია.
_ დიდი ხანია აბიათარსა ჰყავს?
_ არა, ახლახან შეირთო. აქ, კოხტისთავს სახლობენ და ჩემსას იმიტომ არ გინახავს. ადრე თბილისელი ტურფა ყოფილა და ძალიან ლამაზსაც ამბობდნენ. შენ ხომ არ გეცნობა, ჰა? _ თვალი ჩაუკრა და გაუღიმა ციხისჯვარელმა.
ასპასიამ, ალბათ, იგრძნო მისკენ მიპყრობილი მზერა, პირი მთავრებისკენ იბრუნა და ქვეშ-ქვეშ გამოხედვით ცოტნეს თვალი თვალში გაუყარა.
იმ თვალებში ოდნავ კიდევ ბჟუტავდა ძველი ეშხი და ფერფლწაყრილი ცეცხლი. ცოტნეს გულში რაღაც ჩაწყდა და ეტკინა. ასპასიას მწუხარე მზერას ვეღარ გაუძლო და დამნაშავესავით თავი ჩაჰკიდა.
_ ღმერთო ჩემო, როგორ დაბერებულა და გამოცვლილა, _ წაიღო ფიქრმა ცოტნე, _ მართლაც რომ ლანდი აღარ არის იმ ასპასიასი! ანკი როგორღა იქნება, ჩემზე უფროსს კი არა, ჩემი ხნის ქალს ვეღარ შეხედავს კაცი ნდობითა და სურვილით და, ასპასია ხომ ჩემზე უფროსი იყო! ასე მიდის და იცვლება ყველაფერი, ცხოვრება თვალსა და ხელს შუა თავდება და აღარავინ იქნება მოწმე და მომთხრობი იმისა, რომ ჩვენც ოდესღაც ლამაზები ვიყავით და ლამაზად ვიცხოვრეთ.
_ მაგრამ ვიცხოვრეთ კი ლამაზად? _ ეკითხება თავის თავს ცოტნე და პასუხად მის მიერვე განვლილ გზას ავლებს თვალს. იმ გრძელ გზაზე ბევრი რამ იყო ლამაზი და მიმზიდველი, მაგრამ ღირსსახსოვარი და მნიშვნელოვანი, წარუვალი და არდასავიწყებელი.
კაცი მაინც კაცია და მისი სახელი გარეგნობისა და მოხდენილობის გამო კი არ მოიხსენება, კაცს გმირობა და ქვეყნისათვის თავდადება, უფლისა და ხალხის სამსახური ამშვენებს და უკვდავყოფს და, თუ აქამდე ეს ვერ შესძლო, ვინ იცის, ეგებ კიდევ ღირს ჰყოს ცოტნე განგებამ უკვდავი საქმის ქმნად, სამშობლოსა და ქრისტეს სჯულისათვის თავგანწირვად! ვინ იცის! ვინ იცის! ღმერთმა ჰქმნას, _ პირჯვარს იწერს ფიქრში ცოტნე და თავს გაუბედავად სწევს.
ასპასიას მკერდზე ოქროს გრძელი ძეწკვი ბრწყინავს და გარდასული მშვენიერების საცოდავი ლანდი ხელით აწვალებს ცოტნესაგან ოდესღაც დაუფიქრებლად ნაჩუქარ ჯვარს.
ციხისჯვარელმა რომ ხარკის შეგროვების ზედამხედველობა იკისრა და ამაზე ნოინების თანხმობა მიიღო, ეგონა, მონგოლები მოატყუა.
მაგრამ ნოინები აგრე გულუბრყვილოები როდი იყვნენ! ქართველთა მეფის მოუსვენარი ნავაზირალი ნებაზე მიუშვეს და მზირები მიუჩინეს. ჯერ კიდევ შეთქმულების დაწყებამდე ბევრად ადრე შეგზავნეს ასპასია ციხისჯვარელის კარზე ყვარყვარეს მეუღლის მოახლედ. ასპასიას ციხისჯვარელისა და მასთან მიმსვლელ-მომსვლელი მთავრებისათვის თვალყურის დევნება დაავალეს და, უპატრონო დედაკაცი ერთგულად ასრულებდა ბატონების ამ დავალებას.
მერე, ის იყო, ციხისჯვარელის ხანში შესული მსახური მოხიბლა, მეორედ დაქვრივებულ აბიათარს გადაეკიდა და თავი ცოლად შეართვევინა.
შეთქმულება რომ აეწყო, ციხისჯვარელმა აბიათარი, როგორც ერთგული და მისანდოთაგანი, კოხტის ციხისთავად დაადგინა და ასპასიას შემგზავნებსაც ეს უნდოდათ; კოხტისთავზე ციხისჯვარელისა და სხვა ქართველი ერისთავების ყოველ გამოჩენას უმალვე ტყობილობდნენ და მათი ყოველი ნაბიჯი იცოდნენ.
ახლაც, შეთქმულთა ამ შეკრების განზრახვა წინასწარ ჰქონდათ ასპასიასაგან შეტყობილი მონგოლებს.
მონგოლებისათვის დაღამებამდე უნდა ეცნობებინა მსტოვარს მთავართა შეკრების ამბავი, თორემ, ვინ იცის, ეგებ დაშლილიყვნენ და თავიანთ სახლებისკენ წასულიყვნენ ასე ერთად და სრულად შეკრებილი შეთქმულები. მონგოლები ამბის უცნობლობას არ აპატიებდნენ უბედურ მზირს, ცხენის ძუაზე გამოაბამდნენ და არაადამიანური წამებით მოჰკლავდნენ.
ასპასიას თივა და ჩალა ციხის ქონგურზე ატანილი ჰქონდა, ცეცხლს ერთ წამში დაანთებდა და მონგოლებს დათქმულ ნიშანს მისცემდა კოხტისთავისკენ წამოსასვლელად.
ამას ისე ჩუმად და ოსტატურად გააკეთებდა, ვერც გუშაგად დაყენებული ციხისჯვარელის კაცები შეამჩნევდნენ, ვერც ციხის ეკლესიაში საიდუმლოდ შეკრებილი შეთქმულები შეიტყობდნენ რასმე. ბოლოს, იქნებ, შეეტყოთ კიდეც, მაგრამ უკვე გვიან იქნებოდა, ხმელი თივა და ჩალა უცებ აბრიალდებოდა და უცებვე დაიწვოდა.
ციხისთავის ცოლს ყოველივე კარგა ხნის მოფიქრებული და აწონილ-დაწონილი ჰქონდა, ქონგურზე ცეცხლის დანთებასა და მონგოლთათვის ნიშნის მიცემას აქამდეც ყველასათვის უგრძნობლად მორჩებოდა, მაგრამ ცოტნეს იქ ყოფნა აჩერებდა ასპასიას. ცეცხლის დანთება და მონგოლ ცხენოსანთა მოვარდნა ერთი იქნებოდა, შეთქმულები მტრის ხელთ ჩაცვივდებოდნენ და თათართა სისასტიკის ამბავი რომ იცოდა, მთავართაგან ცოცხალი, ალბათ, ვერავინ გადარჩებოდა. სიყრმიდანვე ცხოვრებისაგან განაწამებს, გზააბნეულსა და გამწარებულ ასპასიას გული არავისზე აუჩვილდებოდა, მაგრამ მისთვის ოდესღაც საოცნებო ხატად დასახულ ცოტნეს დასაღუპად ვერ იმეტებდა, მისდამი ადრინდელი ტრფიალების ცეცხლს გულის მივიწყებულ კუნჭულში კიდევ ეძინა და თუმცა ასაკსა და გამომხდარ ხანს იმ ცეცხლის ხელახლა ანთების ხალისი გაექრო და დაეკარგა, ასპასია მაინც საკუთარ თავს უფრო ადრე გასწირავდა, ვიდრე ცოტნეს გაიმეტებდა დასაღუპად.
დრო გარბოდა, შეთქმულთა სერობა არ თავდებოდა, ასპასია შფოთავდა და წრიალებდა.
ასპასიას მოფიქრებული ჰქონდა, რა უნდა ეთქვა ცოტნესათვის, რომ მთავარს დიდხანს დარჩენა აღარ ესურვებინა, აჩქარებულიყო და ოდიშისთვის მიეშურებინა.
მაგრამ მარტო მოფიქრება რას შველოდა! მთავარი თქმა იყო და, თუ სათქმელად ვერ დაიმარტოხელებდა, რა უნდა ეღონა!
უცებ ცოტნე წამოდგა და ასპასიას გული გაუნათდა. ოდიშის მთავარმა, ალბათ, მოსანამუსებლად, გვერდით გაუხვია და ცოტა ხნის შემდეგ უკან რომ დაბრუნდა, თვალცრემლიანი ასპასია მიეჭრა:
_ მაპატიე, მთავარო! მერჩივნა, ენა გამხმობოდა ცუდი ამბის შეტყობინებას.
ცოტნე გაფითრდა.
_ რა მოხდა? მონგოლები ხომ არ გამოჩნდნენ?
_ არა, მაგის შიში ნუ გაქვთ, _ დაამშვიდა ასპასიამ, _ თქვენს სახლში რაღაც ცუდი ამბავია, გზად ოდიშელმა მეჯოგეებმა გამოიარეს და შეწუხებულებმა თქვეს, თქვენი სასახლიდან მოთქმა ისმოდაო.
_ რას ამბობ? ნუთუ... მაგრამ რატომ მე არ შემატყობინეს?.. ის მეჯოგეები როდინდელი წამოსულები იყვნენ?
_ გუშინ წამოსულან, ცხენოსნები გახლდნენ. ალბათ, ამბის მცნობელიც მალე მოვა, მაგრამ თქვენ არ შეშინდეთ... თუ შინ ყველა კარგად დატოვეთ, ასე უცებ რა უნდა მომხდარიყო, _ ვითომ ანუგეშა ასპასიამ.
_ შვილი დავტოვე ავადმყოფი, _ თქვა ცოტნემ და თვალზე ცრემლი მოადგა. _ გმადლობ, ასპასია, ამბის ცნობისათვის! _ თავი დაუქნია ცოტნემ და სუფრისკენ შებრუნდა.
ერთიანად აფორიაქებულმა ცოტნემ ნაბადი მხარზე მოიგდო და ციხისჯვარელს მიუახლოვდა.
_ უნდა წავიდე, ყვარყვარე ბატონო, შინიდან ცუდი ამბავი მოსულა... ეგეც არ იყოს, ათიათასი მეომრის შეკრებას და მომზადებას დრო უნდა, _ თვალზე ცრემლმომდგარმა უთხრა მასპინძელს და გამოსამშვიდობებლად ხელი გაუწოდა.
_ ცუდი რა ამბავია? _ იკითხა გაოცებულმა ყვარყვა­რემ.
_ არ ვიცი, _ ცოტნემ ხელი გაასავსავა და წასასვლელად კარისკენ დაიძრა.
_ მეც მოვდივარ, მთავარო, _ წამოეწია რაჭის ერისთავი კახაბერი, _ მეც შენსავით შორი გზა და მცირე დრო მაქვს ჯარის შესაკრებად.
_ მოითმინეთ, ფიცვერცხლი ვჭამოთ, ერთმანეთს შეთქმულების ერთგულება და პირის სიმტკიცე შევფიცოთ, _ დაიძახა თორღვა პანკელმა.
ცოტნე შეჩერდა.
_ ფიცი მივიღოთ და ისე წავიდეთ, _ გადაულაპარაკა რაჭის ერისთავს და უკან მობრუნდა.
თორღვა პანკელმა ბარძიმში ხანჯლით ვერცხლი ჩათალა და იქ მყოფები იხმო. თითოეულ მათგანს საჩვენებელი თითი უსერა. შეთქმულებმა გასერილი თითები ერთიმეორეს მიადეს და წამოსულ სისხლს ბარძიმი შეუშვირეს.
სისხლის დენა რომ შესწყდა, თორღვამ თავი აიღო და ფიცი თქვა.
მისი სიტყვები ერთხმად გაიმეორეს, პირჯვარი გადაიწერეს და რიგრიგობით თასს დაეწაფნენ.
ფიცის დადებას მორჩნენ. ცოტნე და კახაბერი იქ მყოფთ დაემშვიდობნენ.
ცხენებზე ამხედრებულ მთავრებს პურ-ღვინო მოართვეს, მხლებლებმა ცხენებს საგზლით გატენილი ხურჯინები აჰკიდეს და გზის დასალოცავად გამცილებლებმა სასმისები ასწიეს:
_ გზა მშვიდობისა! თქვენს წასვლას და ჩვენს დარჩენას!
_ გზა კეთილი და ფეხი ბედნიერი.
_ ჩვენს საქმეს გაუმარჯოს!
_ საქართველოს გამარჯვებისა იყოს! წმინდა გიორგიმ უწინამძღვროს ჩვენს საქმეს! _ ერთიმეორეს იმედიანი ღიმილით შეხედეს და სასმისები დაცალეს.
ცოტა ხნის შემდეგ ოდიშის მთავარი და რაჭის ერისთავი თავიანთი მხლებლებით თავქვე დაეშვნენ.
დარჩენილები ისევ სუფრას მიუსხდნენ.
ასპასიას გულზე მოეშვა. დათქმული ნიშნის მიცემაზე რომ ხელი აიღო, იმის შიში არ ასვენებდა, ვაითუ, სხვა ვინმესგან შეიტყონ მონგოლებმა მთავართა შეკრების დრო და ადგილი და მოულოდნელად დაგვესხან თავსო.
იმდენად თავისი თავი არ აფიქრებდა, არც მისგან უკვე გაყიდული მთავრები ენაღვლებოდა. ერთადერთი ის ადარდებდა, მისთვის ერთ დროს საოცნებო ცოტნე არ ჩავარდნოდა მტერს ხელში.
მონგოლთათვის შეთქმულთა შეკრების შეტყობინებაზე რომ უარი თქვა, იცოდა, რა რისხვაც მოელოდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ცოტნეს გამოჩენისთანავე უყოყმანოდ მიიღო. ოდიშის მთავრისათვის სამაგიერო სიკეთის გადახდის საშუალება ეძლეოდა და ეს ნაბიჯი სიცოცხლის ფასადაც რომ დასჯდომოდა, უკან ვერ დაიხევდა.
ოდიშისა და რაჭის პატრონები კარგა შორს იქნებოდნენ, ასპასიამ უკვე ღვინომოკიდებული მთავრების სუფრა რომ დასტოვა შეუმჩნევლად.
ციხის ქონგურზე ცეცხლი აბრიალდა.
სანამ წათვლემილი გუშაგები ცეცხლის დანთებას გაიგებდნენ, კარგა ხანმა გაიარა.
აბრიალებულ კოცონს ჩასაქრობად რომ მიცვივდნენ, უკვე გვიან იყო. მონგოლთა ჯარები კოხტისთავისკენ მოჰქროდნენ.

თორღვა პანკელი

კოხტისთავის შეთქმულთა შორის მემატიანე თორღვასაც ასახელებს: „კუპრი შოთა, თორღვაი, ჰერ-კახნი...“
თუმცა მემატიანე ამ შეთქმულს გვარითა და სადაურობით არ გვაცნობს და მხოლოდ სახელით იხსენიებს, უნდა ვიფიქროთ, რომ იგი მონგოლთა დროინდელი ერისთავი თორღვა პანკელია, რომელიც ულუ დავითის კარზე მესტუმრე ჯიქურის აღზევების ჟამს გახდა მეფის მალემრწმენობისა და მისი მესტუმრის დაუნდობლობის მსხვერპლი.
ამას არა მხოლოდ შეთქმულთა ჩამოთვლის რიგი გვაფიქრებინებს (თორღვა დასახელებულია ჰერეთისა და კახეთის ერისთავებთან ერთად), არამედ თვითონ სახელი თორღვაც.
თორღვა საგვარეულო სახელი იყო პანკისის ერისთავებისა და იგი პანკელთა არაერთ თაობაში მეორდებოდა.
შთამომავლობისათვის ამ სახელის გადმომცემი სულ პირველი თორღვა მითიური გმირი ყოფილა. მისი ლეგენდარული თავგადასავალი დღემდე შემოუნახავს თუშ-ფშავ-ხევსურთა შორის გავრცელებულ ხალხურ ლექსს.
ობლობაში გაზრდილი თორღვა სანადიროდ ყოფილა. ერთგან ყინული ჩატეხია და ვეშაპთან ჩავარდნილა. ვეშაპს შეცოდებია, დამტვრეულისთვის მოუვლია, ფეხზე დაუყენებია და დაძმობილებია. გამოთხოვებისას ვეშაპს ჯაჭვი უჩუქნია.
იმ ჯაჭვს საოცარი თვისება ჰქონია: სადაც დაარტყამდნენ, თურმე სულ იქ მიიხვეტებოდა და ხმალი და ისარი შიგ ვერ ატანდა.
ჯადოსნური ჯაჭვის იმედით გალაღებულ თორღვას თურმე ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად.
თორღვას ხელმწიფის შთამომავლობაც დაუჩემებია, რადგან ჯერ კიდევ ყრმას:
„დიდებულობა დაუთქვეს, ბიჭებს უნახეს ჯვარიო,
მარჯვნივ მზე წერებულიყვა, მარცხნისკე მთვარის ნა­ლიო“.
გაამაყებული თორღვა ფშავ-ხევსურთ არ დახსნია, მათთვის მძიმე ბეგარა შეუწერია:
„ფშავლებ უმატეთ ბეგარსა, თითო ტარიგი ცხვარიო,
თითო ნაცრიან ტომარა, მთაზე დავყარა მშრალიო,
საკარგყმოდ შამიკრიფიდით ლაღის არწივის მხარიო“. შეწუხებული ფშაველები ხვეწნით რომ ვერას გამხდარან, დამუქრებიან:
„ვინაც შენ მოგცეს ბეგარი, მამა წაუწყდეს მკვდარიო!“
ერთხელ, ნასვამ თორღვას მდინარეში ბანაობა მოსურვებია, ტანთ გაუხდია და ჯაჭვის პერანგი წყლის პირას დაუგდია. სანამ თორღვა ბანაობდა, მდინარის ტალღას ჯაჭვი წაუღია. თორღვა და მისი მხლებლები ჯაჭვს დასდევნებიან, მაგრამ ამაოდ.
ატირებული თორღვა სწორედ იმ დროს გადაჰყრია ფშაველ მონადირეებს. რაკი მფარველი ჯაჭვი აღარ ჰქონია; ფშაველებს ბევრი აღარ დაუცლიათ, ნაბიჭვარ ჩოთლას მიზანში ამოუღია და უძლეველი გმირი ჭვარტლიანი ისრით მოუკლავს.

იმ ზღაპრულ თორღვას ჩამომავალი, ულუ დავითისაგან გამდგარი თორღვა პანკელი ახლა მთის მიუვალ ციხეში იყო გამაგრებული.
სამშობლოს დიდებისათვის დაუღალავ მოღვაწეს, ლაშასა და რუსუდანის დროინდელ ბრძოლებში სახელოვნად ნაომარსა და მონგოლებთან ბოლომდე შეურიგებელ კოხტისთავის შეთქმულს გვირგვინოსან ბაგრატიონთან სამტრო რა უნდა ჰქონოდა, მაგრამ მიმნდობი კაცი რომ ანგარი და უსინდისო ადამიანის გარემოცვაში მოხვდება, იმაზე საბრალო არავინ არის ან, თავისდაუნებურად, სხვის ცოდვაში ჩაადგმევინებენ ფეხს, ან ისეთ ბადეში გაახვევენ, სიკვდილს სანატრელს გაუხდიან.
ტახტისაგან გამდგარ პანკელს მოციქული მოციქულზე მოუდიოდა, მეფე თბილისში იბარებდა, უვნებლობის ფიცს უთვლიდა და პატიებასა და წყალობას აღუთქვამდა.
თორღვამ იცოდა ულუ დავითის ხასიათი: თავად უმანკო იყო და უეშმაკო; დასმენას ვინც მოასწრებდა, იმას დაუჯერებდა, მყისვე რისხვით აენთებოდა; საქმეში ჩარევასა და გამოძიებას არ დაიწყებდა, შესმენილს ახლოს აღარ მიიკარებდა და ან სულ მოიკვეთავდა, ან მაშინვე სასტიკად გაუსწორდებოდა.
მუდამ სხვისი ნებითა და ჩაძახილით მოქმედ ულუს ერთი ჩვეულება ჰქონდა, დროდადრო ვინმე რომ ამოეჩემებინა, ქვეყნისა და საკუთარი გულის სადავეები ხელთ უნდა მიეცა და სულით ხორცამდე მის სიტყვასა და საქმეს უნდა მინდობოდა. მერე, ხანი რომ გამოხდებოდა, ამნაირ რჩეულსაც, როგორც ადვილად შეიყვარებდა, ისევე უცებ შეიძულებდა ხოლმე და, მოსისხლე მტერსავით ახლოს აღარ გაიკარებდა.
შესმენილ-დაბეზღებულთ მეფის ამ ხასიათის იმედი ჰქონდათ. მალემრწმენი ხელმწიფის გულის მობრუნებაც ისევე სწრაფად შეიძლებოდა, როგორც სამტროდ აღგზნება, მაგრამ საამისოდ ჯერ შესმენის ორგულობა უნდა ერწმუნებინა ულუ დავითს, კარზე ახალი ძლიერი მედროვე უნდა გამოჩენილიყო, რომელიც თვითონ ჩაიგდებდა ხელთ სხვათა ნების აღმასრულებელ ულუს, მის მიერვე განდიდებულ ქვეყნის გამგებელზე მეფეს გულს აუყრიდა და მასაც ისევე დაამხობდა, როგორც მისი წინამორბედები ამხობდნენ ერთიმეორეს.
იმჟამად კი ულუ დავითი გონიერსა და ცბიერს, მაგრამ საქვეყნო საქმისათვის თავდადებულ ვაზირს _ მესტუმრე ჯიქურს ჰყავდა მონუსხული. ჯიქურზე ბავშვივით შეყვარებული და მის ნებას მთლიანად მინდობილი მეფე მესტუმრის სიტყვას ვერ გადავიდოდა, მის მიერვე შესმენილ თორღვას ტახტისაგან განდგომას არ აპატიებდა და, თუ ხელთ იგდებდა, განუკითხავი სასჯელი არ აცდებოდა.

კოხტისთავის შეთქმულების გაცემამ რომ გული გაუტეხა და ადამიანთა მიმართ ნდობა დაუკარგა, იმედგაცრუებულმა და რწმენადაკარგულმა თორღვამ მეგობართა და ამხანგთ ზურგი აქცია, თავის მამულში განაპირდა და ჩაიკეტა. ამასობაში პირველი ცოლი დაჰკარგა.
როგორც კი უშვილო თანამეცხედრე გამოიგლოვა და თვალში გამოიხედა, ალავერდობაზე ხორნაბუჯელთა ახალგაზრდა ასულს გადაეყარა, ტრფობით აღეგზნო და ოცი წლით უმცროსი ულამაზესი ქალი ცოლად მოიყვანა.
ომში გულმხეცი და კლდესავით მაგარი ბუმბერაზი, ყველა მთიელივით ცოტა ტლანქი და მოუხეშავი თორღვა, სიყვარულის თილისმამ შეკრა, მოალბო და მოათვინიერა, იმ ხნის კაცი თავისი ახალგაზრდა ცოლის აჩრდილად იქცა და იმის იქით ქვეყანა მოიკვეთა.
მშვენებააღმატებულ ცოლს საალერსოდ ციცნას ეძახდა. მთელ ქვეყანას ერჩია, ცივ ნიავს არ აკარებდა და დედოფალსავით ინახავდა.
პანკელის ულამაზეს ცოლს თავის გამოჩენაც უყვარდა, მოხდენილი ჩაცმა-დახურვა იცოდა და რაგინდ დიდსა და მდიდრულ შეკრებილობაში ყოფილიყო, ყველას ის უნდა შეემჩნია, ათას ქალში ის უნდა გამოერჩიათ და მერე თვალი ვეღარ უნდა მოეწყვიტათ.
ციცნას დამაბრმავებელმა სიტურფემ და ღირსეულმა თავდაჭერამ მეფის კარზე პირველი გამოჩენისთანავე მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება.
ტახტზე მორჭმით მსხდომ ხელმწიფესა და დედოფალს მუხლმოყრით რომ ეთაყვანა და გვირგვინოსნებმა მოწყალე, ტკბილი სიტყვით ფეხზე წამოაყენეს, ციცნამ იგრძნო დედოფლის გულის ტკენა: თავად მშვენებით სწორუპოვარი მონგოლთა ასული შურით სავსე თვალით უყურებდა ერისთავის ნორჩ მეუღლეს და, თუმცა გაღიმებას ცდილობდა, მისი აღმატებული სიტურფის გამო, წყენას ვერ მა­ლავდა.
ამაყმა ციცნამ, იმის მაგივრად, რომ თავი მოესაწყლებინა და დედოფლის მონა-მორჩილებისათვის მზადყოფნა ეჩვენებინა, გამოწვევა მიიღო და დედოფალს თვალი თვალში მედიდურად გაუყარა.
ორი ულამაზესი ქალის ჩუმი, უსიტყვო პაექრობა დიდ­ხანს გაგრძელდებოდა, ერთი მათგანი გონს რომ არ მოსულიყო და თავისი მდგომარეობის შესაფერისად არ ეთქვა:
_ ჩვენს ერთგულ ყმას, პანკელს, ფრიად ქმნული კეთილი ცოლი ჰყოლია. მისი სიახლოვე დიდად გვეამება და ამი­ერიდან ჩვენს კარზე ყოფნისას მისი ადგილი ჩვენს ფერ­ხთით მორთმეულ ბალიშზე იქნება.
დედოფალმა ნაძალადევად გაიღიმა და ერისთავის ახალ­გაზრდა თანამეცხედრეს თავი დამადლებულად დაუკრა.
ციცნას ცეცხლი მოეკიდა, მაგრამ ბრაზი დაიოკა, წყენა არ შეიმჩნია და ბალიშზე დაეშვა.
გვირგვინოსნის ფერხთით რომ ჯდებოდა, დედოფალს ერთი კიდევ შეხედა, მწარე დამცინავი ღიმილი ესროლა და სათქმელი უთქმელად მიახვედრა:
_ ბედს რა ვუთხრა, თორემ შენც თვითონ ხედავ, ვის უფრო დამშვენდებოდა ტახტზე ჯდომა და ვის კიდევ ფერხთით მორთხმაო!


მესტუმრე ჯიქურის ძალა და ხელისუფლება დედოფლის კეთილგანწყობილებაზე იყო დამოკიდებული. ჯიქურისადმი მეფის ბრმად მინდობის გზა დედოფლის გულსა და გონებაზე გადიოდა და მესტუმრეს მანამ შეეძლო ხელმწიფის უსაზღვრო ნდობით სარგებლობა და ქვეყნის მართვა, სანამ სამეფოს პირველ ვაზირს დედოფალი მფარველობდა.
ამიტომ დედოფლის ყოველი სურვილი უმალვე სრულდებოდა და ჯიქური სულ იმის ცდაში იყო, მბრძანებლის გულისნადებს მისწვდომოდა, მისი გაუმხელელი ფიქრი და ზრახვა მისსავე თვალებში ამოეკითხა.
ჯიქური მიხვდა, რომ პანკელის ცოლის იმ მედიდურმა ცქერამ იმწამსვე გადასწყვიტა მაცქერალისა და მისი გულუბრყვილო ქმრის ბედი. მხოლოდ ორი ადამიანი ვერ ჩასწვდა ლამაზი ქალების უსიტყვო ბრძოლის ფარულ აზრს _ ულუ დავითი და მისი ერთგული ყმა _ თორღვა პანკელი. პირველს უზომო მინდობილობა და უეშმაკობა უბრმავებდა თვალს, მეორეს _ უსაზღვრო სიყვარული და იმ სიყვარულის წინაშე უღონობა.
დარბაზობის შემდეგ დედოფალმა მესტუმრე ჯიქური იხმო.
_ მშვენიერი ცოლი ჰყოლია პანკისის ერისთავს, თანაც ახალგაზრდა.
_ არც ისე ახალგაზრდა, დედოფალო, თქვენზე უმცროსობა არ ეთქმის, _ აამა ჯიქურმა.
_ ალბათ, უზომოდ მდიდარია პანკელი, რომ მისი ცოლი ესოდენ ძვირფასი სამკაულებით მოუკაზმავს!
_ არც პანკელზე ითქმის მდიდარი, დედოფალო, ქონება იმდენი არა აბადია რა, მაგრამ, ამბობენ, ზოგჯერ ქარავნებს ესხმის თავს და მეკობრეობით შოულობსო.
_ მერე შენ სადა ხარ? განა ქარავნების ძარცვა და მეკობრეობა დიდი ჩინგიზის იასით არ ისჯება?
_ ისჯება, დედოფალო, და ამიერიდან პირველივე ქარავნის გაძარცვა პანკელს მოეკითხება.
დედოფალმა თავის დახრით დაუდასტურა მესტუმრეს გადაწყვეტილების სისწორე.
_ შვილი რამდენი ჰყავს პანკელს, _ იკითხა ცოტა ხნის შემდეგ დედოფალმა.
_ უშვილოა, მბრძანებელო, _ ფრთხილად თქვა ჯიქურმა, რომ თავად ბერწსა და უშვილობით გამწარებულ დედოფალს არ წყენოდა.
_ აგერ ხუთი წლის გათხოვილია, რა ღონე არ სცადეს, რა სალოცავი არ მოულოცეს, მაგრამ არ იქნა და, შვილი არ გაუჩნდათ!
უშვილო დედოფალს ჭირივით ეჯავრებოდა ყველა ბერწი და უშვილო ქალი და, უმისოდაც პანკელის ცოლის სიძულვილით აღძრულს, ესღა უნდოდა?!
_ ურჩიოს მეფემ უშვილძირო ცოლის გაშვება თავადს, სანამ დროა, უძეოდ გადაგებასა და სამკვიდროს დაკარგვას, ალბათ, ლამაზი ცოლის დაკარგვას ამჯობინებს პანკელი.
_ ალბათ, ეგეც უნდა ვცადოთ, დედოფალო, _ დაუმოწმა მბრძანებლის გულისწადილს მიწვდენილმა ჯიქურმა.

მესტუმრე ჯიქური ხვდებოდა დედოფლის გულისნადებს, უნდოდა, შურით აღძრული მბრძანებლის ერთგულება ერთხელ კიდევ დაემტკიცებინა, მაგრამ პანკელის საგამგეო ქვეყანაში, თითქოს ჯიბრზე, მეკობრეობა სულ მოისპო, ვაჭართა ქარავნებს არავინ აწუხებდა და, თორღვასთვის შარის მოსადები მიზეზი არ ჩნდებოდა. ვერც დედოფლის მეორე რჩევის შესაბამისად მოქმედება აღმოჩნდა ადვილი აღსასრულებელი. ახალგაზრდა ცოლის სიყვარულით გონდაკარგული პანკელი, ქვეყნის დაქცევას უფრო იოლად აპატიებდა კაცს, ვიდრე მისთვის სათაყვანებელი ცოლის აუგად ხსენებას. უშვილობა კი არა, ყველაზე დიდი ცოდვაც რომ შეეწამებინათ, თორღვა დამსმენს ენას ამოგლეჯდა, ან ზედ შეაკვდებოდა.
ჭკვიანი ჯიქური მაინც არ კარგავდა ქალბატონის საწადელის ასრულების იმედს, არ ჩქარობდა და შესაფერის შემ­თხვევას უცდიდა.
ამასობაში კი ციცნასა და დედოფალს შორის ჩამოვარდნილი გაუცხადებელი მტრობა და ქიშპი მატულობდა და ღრმავდებოდა: პანკელის მეუღლე მეფის დარბაზობაზე ძველებურად მეტად და საჩინოდ მორთულ-მოკაზმული ცხად­დებოდა, თავი გამომწვევად ეჭირა და დედოფალს წონასწორობის დაკარგვამდე აღიზიანებდა.
ასე, ალბათ, დიდხანს გაგრძელდებოდა, გათამამებული ციცნას ერთ წინდაუხედავ ნაბიჯს რომ არ აევსო დედოფლის მოთმინების ფიალა.
კარის მოძღვარი ხშირად უკითხავდა ქრისტეს სჯულზე მოქცეულ მონგოლ დედოფალს ძველი და ახალი აღთქმის წიგნებს. თავისი უშვილობით დანაღვლიანებული დედოფალი სულ იმის ფიქრში იყო, რა ღონითა და წამლით ეშველა სიბერწისათვის, რომ გვირგვინოსან თანამეცხედრეს გვარის გამგრძელებელი და ტახტის მემკვიდრე ღირსებოდა. ძველი აღთქმის წიგნის კითხვისას დედოფლის ყურადღება იაკობისა და მისი ცოლების უცნაურმა ურთიერთობამ მიიპყრო. კარის მოძღვარი აუღელვებლად კითხულობდა: „ხოლო იხი­ლა რაქილ, რამეთუ არა უშვა ძე იაკობს და, ეშურვა რაქილ ლიას, დასა თვისსა და ჰრქვა იაკობს: მომცენ შვილნი, თუ არა, აღვესრულო მე. ხოლო განურისხნა იაკობ რაქილს, და ჰრქვა მას: ნუ ნაცვალი ღვთისა ვარ მე, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფსა მუცლისასა? და ჰრქვა რაქილ იაკობს: აჰა, მხევალი ჩემი ვალლა, შევედ მისა მიმართ: და შობდეს მუხლთა ჩემთა ზედა, და შვილ ვისხნე მე მის მიერ. და მისცა მას ვალლა მხევალი თვისი ცოლად მას და შევიდა მისსა იაკობ და მიუდგა ვალლა მხევალი რაქილისი და უშვა იაკობს ძე. და თქვა რაქილ, მისაჯა მე ღმერთმან და შეისმინა ხმისა ჩემისა და მომცა მე ძე, ამისთვის უწოდა სახელი მისი დან. და მიუდგა მერმე ვალლა მხევალი რაქილისა და უშვა ძე მეორე იაკობს და რქვა რაქილ: თანაშემეწია მე ღმერთი, თანასწორ ვექმენ დასა ჩემსა და რა ძალ ვიდევ და უწოდა სახელი მისი ნეფთალიმ.
ხოლო იხილა რა ლია, რამეთუ დადგა შობისაგან, მოიყვანა ზელფა მხევალი თვისი და მისცა იაკობს ცოლად, და შევიდა მისსა მიმართ იაკობ და, მიუდგა ზელფა მხევალი ლიასი და უშვა იაკობს ძე...“
ძველი აღთქმის ეს მაგალითი ქრისტეს სჯულის აღმსარებელმა მონგოლმა დედოფალმა ღვთისათვის სათნოდ და შეწყნარებულად ჩათვალა, საყვარელ ქმარს ცრემლით შესთხოვა, მემკვიდრე ძის შესაძენად მოეყვანა მხევალი ვინმე.
ულუ დავითმა ფრიად გაიხარა, რადგანაც ისიც დიდად შეწუხებული იყო უშვილობით. დედოფალს მადლი გადაუხადა და ხატზე ფიცით აღუთქვა, რომ, როგორც კი მემკვიდრე მიეცემოდა, მხევალს განუტევებდა.
ამის შემდეგ მეფემ მოიყვანა ოსის მშვენიერი ასული და წლისთავზე ვაჟი შეეძინა.
ტახტის მემკვიდრეს პაპის სახელი _ გიორგი უწოდეს. მთელი სამეფო დღესასწაულობდა უფლისწულის დაბადებას. ერთ კვირას განუწყვეტელი ლხინი იყო და მეფე უხვად გასცემდა საბოძვარსა და წყალობას.
ვაზირები და დიდებულები, მთავრები და ერისთავები ხელმწიფის კარზე მისვლასა და მილოცვას ერთიმეორეს ასწრებდნენ. მილოცვასა და ძღვენს მეფე და დედოფალი ღებულობდნენ და ტახტის მემკვიდრის ნამდვილ დედას არავინ კითხულობდა.
სწორედ აქ მოიქცა ყველასაგან გამორჩეულად პანკელის მეუღლე და ქმარიცა და თავისი თავიც დასაღუპად გასწირა.
ხელმწიფესა და დედოფალს რომ ეთაყვანნენ და შესაფე­რისი ძღვენიც მიართვეს, ციცნამ, ყველას გასაგონად, უფლისწულის მშობელი დედა მოიკითხა, გულზე პატიოსანი თვლებით შემკული ჯვარი დაჰკიდა, გადაჰკოცნა, ტახტის მემკვიდრის შეძენა მიულოცა და მასაც და მის ძესაც ხანგრძლივი ბედნიერება და მეფესთან ერთად დღეგრძელობა უსურვა.
შეურაცხყოფილი დედოფალი ცდილობდა, რისხვა დაეოკებინა, მაგრამ თავს მაინც ვერ მოერია, ტირილი წასკდა და დარბაზიდან გავარდა.
თორღვა და მისი ცოლი მხოლოდ მაშინ გამოერკვნენ, როცა დიდებულებმა ზურგი აქციეს და მათგან უფრო ახლობლებმა სასახლის დაუყოვნებლივ დატოვება ურჩიეს.
ალბათ, პანკელისა და მისი მეუღლის ბედი იმ დღესვე გადაწყდებოდა, მეფეს ბათო ყაენისაგან რომ ელჩი არ მოსვლოდა.
ბათო სასწრაფოდ იბარებდა ქართველთა მეფეს ოქროს ურდოში.
ულუსა და მის თანამეცხედრეს იმ დღეს იმდენი საზრუნავი გაუჩნდათ, პანკელისა და მისი თავხედი ცოლისათვის აღარ ეცალათ.
ამასობაში, თორღვასა და მის მეუღლეს გულშემატკივარმა კარისკაცებმა და ახლობლებმა თავის გარიდება ურჩიეს.
მეფე და დედოფალი ბათო ყაენის ელჩთან გვიანამდე ისხდნენ ნადიმად.
ლხინი რომ დაიშალა და სტუმარ-მასპინძლები გაიყარნენ, მეფემ მესტუმრე ჯიქურს პანკელისა და მისი ცოლის მოყვანა უბრძანა.
ჯიქურმა პანკელის სამყოფელს ალყა შემოარტყა, მაგრამ უკვე გვიან იყო, ერისთავი და მისი ცოლი კარგა ხნის წინ გაპარულიყვნენ.
გაქცეულებს ვეღარც მდევარი დაეწია.
ოქროს ურდოს გამგზავრებულმა მეფემ მესტუმრე ჯიქურს ბრძანება დაუტოვა, რადაც უნდა დასჯდომოდა, პანკელი ერისთავი და მისი ცოლი ხელთ ეგდო.

მას აქეთ, არც მესტუმრე ჯიქურს მოუსვენია და, არც თორღვა პანკელს. ჯიქური ახალ-ახალი საბაბით ცდილობდა პანკელის მიტყუებას, თორღვა ახალსა და ახალ მიზეზს პოულობდა, რომ თბილისში, მეფეს არ ხლებოდა.
შემდეგ, როცა მეფე დაბრუნდა ურდოდან და ყველა ქართველი მთავარი და ერისთავი ეახლა მისალოცად, თორღვა იყო ერთადერთი დიდებულთაგანი, რომელმაც ულუ დავითის დაბრუნებას ყური წაუყრუა, არც თვითონ ეახლა და არც ძღვენი და მოსაკითხი გაუგზავნა.
მესტუმრე ჯიქურის უმოქმედობით განაწყენებული დე­დოფალი მეფეს დღედაღამ ჩურჩნიდა, პანკელის განდგომას ათასგვარად აზვიადებდა და ულუ დავითს სულ იმას ჩასძახოდა, მოღალატე ერისთავს დროზე გასწორებოდა.
ბათოს მიერ წყალობითა და ნიჭით აღვსილი, თავის სამკვიდროში სვებედნიერად შემოქცეული დავითი პირველ დღიდანვე გაორგულებული თავადის შემოსარიგებლად მოციქულს მოციქულზე გზავნიდა, პანკელს უვნებლობასა და პატივით ამაღლებასაც კი ჰპირდებოდა, მაგრამ, თავის მხრივ, თორღვაც თავისი გაალმასებული ცოლის ჩაგონებით მოქმედებდა, მეფის მინდობას ვერ ბედავდა და ათასგვარი შესაწყნარებელი, თუ არც ისე საპატიო მიზეზით, მეფის კარზე გამოცხადებას თავს არიდებდა.
ასე მანამ გაგრძელდებოდა, სანამ პანკელი მეფისა და მესტუმრის მოგზავნილ მშვიდობის მოციქულებსა და მოსყიდული მკვლელების მოგერიებას შეძლებდა, მაგრამ მოხდა ის, რასაც არც მეფის კარი ელოდა, არც თავად პანკელი. იმის ნაცვლად, რომ თორღვას გასწყდომოდა მოთმინების ძაფი და მეფესთან შერიგების უკეთესი გზა ეძებნა, მის ახალგაზრდა ცოლს აღარ ეყო მოთმინება. მიუვალ მთებში მიუდგომელ ციხეებში გამომწყვდეული ცხოვრება თავიდანვე არ იზიდავდა ციცნას და ახლა, როცა ქვეყნისაგან განდგომა ასე გახანგრძლივდა, ერისთავის ახალგაზრდა მეუღლე ჯერ მოწყენამ შეიპყრო, მერე მოუთმენლობამ. რა ოხრად უნდოდა ციცნას თავისი ახალგაზრდობა და უბადლო მშვენიერება, სიმდიდრე და მორთულ-მოკაზმულობა, თუ ღირსეული დამფასებელი არ ეყოლებოდა და იმ უმაღლეს წრეებში ვერ გამოჩნდებოდა, რომლის აზრი და მოწონება ყველა ქალისათვის სავალდებულო იყო! ნუთუ, იმისათვის გახდა ჯერ კიდევ ნორჩი ციცნა მამისტოლა კაცის ცოლი, რომ მისი იგავმიუწვდომელი მშვენიერება ამ გაუთლელი მთიელების მეტს ვერავის დაენახა და, უცხო დესპანებით თუ შინაური დიდებულებით სავსე სამეფო კარის მაგივრად, ერთთავად ციხეში გამომწყვდეულს თვალსა და ხელს შუა გაჰპარვოდა თავისი ახალგაზრდობა.
არა, ამას ვერ შეურიგდებოდა ციცნა. იგი იმიტომ არჩევდა იშვიათ სამკაულსა და ლამაზ ტანსაცმელს, რომ მისი სიტურფე სხვათა მოსაწონად და შურის აღმძვრელად გამოჩენილიყო, თორემ მთის მიუვალ ციხეში გამომწყვდეულს, ან მშვენიერება ვისთვის უნდოდა, ან ძვირფასი მოკაზმულობა და ჩაცმა-დახურვა.
რაკი ერთხელ მოერია მოწყენა, რაკი სასახლის მაღალი წრის ნატვრა თანდათან განუქარვებელ სევდად ექცა, ვერ იქნა და, ვეღარ მოისვენა.
დედოფლისა და მესტუმრე ჯიქურისა რომ არ შინებოდა, ამდენ ხანს არ დააყოვნებდა, ქმარს წინ გაუძღვებოდა და მეფეს ძვირფასი ძღვენითა და ცრემლით გულს მოულბობდა. მაგრამ მეფეს საკუთარი აზრი არ ჰქონდა და, მხო­ლოდ დედოფლის ან მესტუმრის ჩაგონებით მოქმედებდა. დედოფალი კი, არამც და არამც, ციცნას აღმატებულ სილამაზესა და ქედმოუდრეკელობას არ აპატიებდა. განა დედოფალმა არ იცოდა, რომ პანკელს მეფის ორგულობა აზრადაც არ მოსვლია?
დედოფალს პანკელის მეუღლის მშვენიერება აღიზიანებდა და უფრო, ალბათ, მის დაღუპვას ესწრაფვოდა, ვიდრე თორღვასთან ანგარიშის გასწორებას. ქალური ალღოთი მიხვედრილ ციცნას სჯეროდა, რომ დედოფალი შურს მასზე იძიებდა. ამიტომ ვერ ბედავდა მეფის კარზე ხლებასა და პატიების თხოვნას.
მაგრამ აღარც მთაში გამდგარს შეეძლო ცხოვრება და საგონებელში ჩავარდნილი ციცნა დღედაღამ იმის ფიქრში იყო, რა ეღონა მალემრწმენი მეფისა და შურით აღძრული დედოფლის მრისხანების დასაცხრობად.

ნადირობიდან დაბრუნებულმა თორღვა პანკელმა ციხეში შესვლისთანავე ცოლი მოიკითხა. უგუნებოდ არისო, მოახსენეს და შეშფოთებული ერისთავი ხელ-პირ დაუბანელი და ტანსაცმელგამოუცვლელი შევიდა თანამეცხედრის საწოლში.
ციცნა ნამტირალევი დახვდა და ერისთავს გულზე ცეცხლი მოეკიდა.
_ შენს თვალზე ცრემლს რა უნდა, შენი წყენა ხომ არავინ გაბედა, რომ ახლავე ასწილად მივაგო სამაგიერო? _ იკითხა თვალებამღვრეულმა, გულწრფელად შეწუხებულმა პანკელმა და ცოლს მოეხვია.
ციცნამ ლამაზი თავი ფართო მკერდზე მიადო, გული ამოისკვნა და ატირდა.
მიამიტი ვაჟკაცი ლამის ერთიანად დაიშალა, თავადაც გული აუჩუყდა და საცრისოდენა თვალებზე ცრემლი მოეძალა.
_ ვაიმე, რა ვქნა! _ აბურდღუნდა ერისთავი, _ არ მეტყვი, ანგელოზო, ვინ გაბედა შენი წყენა?..
_ აღარ შემიძლია, თორღვა, აღარ შემიძლია... _ აქვითინდა ციცნა და ერთიანად მიეკრა ბავშვივით ალალად შეწუხებულ ბუმბერაზს.
_ რაო, რა აღარ შემიძლიაო?! _ სმენად იქცა ერისთავი.
_ აქ ყოფნა, ციხეში გამომწყვდეული ცხოვრება აღარ შემიძლია, თორღვა... ნუთუ ვერ ხვდები, რა ძნელია პატიმარივით ციხეში ჩაკეტვა და ქვეყნისაგან მოწყვეტა... თბილისში მინდა, თორღვა, იქ ყოფნა მინდა, სადაც ყველა არი...
ყველაფერს ელოდა პანკელი, მაგრამ ცოლისაგან თუ თბილისს წასვლის სურვილის განცხადებას მოესწრებოდა, ეს კი არ ეგონა.
დედოფლისა და სამეფო კარის ხსენებაზე პირიდან ლანძღვა-გინებისა და წყევლა-კრულვის მეტი არა ამოსდიოდა რა და, რას იფიქრებდა, თუ უცებ იმ კარზე გამოჩენის ნატვრა აატირებდა!
_ თუნდაც დღესვე წავიდოდით თბილისს, მე ჩემი თავი არ მენაღვლება, მაგრამ შენ რომ ვინმემ აუგი რამ გაკადროს, ხომ იცი, ზედ შევაკვდები, _ გაცხარდა თორღვა და ხმლის ვადას ხელი წაატანა.
_ შევურიგდეთ მეფეს, თორღვა, უვნებლობის ფიცს მოგვცემს და მივენდოთ.
_ მე დედოფლისა მეშინია, შენ რამე ხიფათს არ გადაგკიდოს, თორემ ჩემი თავი წყალსაც წაუღია.
_ ეგ მე მომანდე, თორღვა, მე ვიშოვი იმისთანა თავდებს, რომ არც მეფემ გვაკადროს აუგი და არც დედოფალმა.
_ მაგას რა აჯობებს, საყვარელო! გონიერი ქალი ხარ და ისა ჰქენი, რაც ჭკუამ გაგიჭრას, _ მოეხვია გულდაარ­ხეინებული თორღვა.
საყვარელი ცოლის ალერსმა ერთ წამში დაავიწყა ბუმბერაზს ამ ქვეყნის ყველა დარდი და საზრუნავი.

ცოლის საწოლიდან გამოსულ თორღვას ხორნაბუჯელი თავადის მოსვლა მოხსენდა.
მეფემ და მისმა მესტუმრემ ვისი მიგზავნა არ სცადეს პანკელთან. თორღვას ყველა ახლობელი და მისანდო კაცი მოილიეს. პანკელმა მათი მოციქულობა არ შეიწყნარა, მათი ფიცი და თავდებობა არ ირწმუნა და მეფის შესარიგებლად თბილისს წასვლაზე ყველა ცივი უარით გაისტუმრა. ნათესავთაგან მხოლოდ ციცნას ალალი ბიძაშვილი შალვა ხორნაბუჯელი არ ცდილა მეფისა და პანკელის შერიგებას. შალვას ციცნა ღვიძლ დაზე მეტად უყვარდა და არ უნდოდა, მისი უბედურების მონაწილე გამხდარიყო. მამით ობოლი ციცნა სანახევროდ ხორნაბუჯელთა სახლში იზრდებოდა და, როცა მის დაუკითხავად მამიდაშვილმა პანკელის ცოლობა გადაწყვიტა, შალვას ისე ეწყინა, თითქოს მისი სიკვდილის ამბავი გაეგოს.
პანკელსა და ხორნაბუჯელს ერთიმეორის მომიჯნავე მამულებზე ეჭირათ თვალი და მუდამ დავა და უსიამოვნება ჰქონდათ.
თორღვას უშვილობა ხორნაბუჯელს იმ მამულების ხელში ჩაგდების იმედს უნერგავდა და ახლა, ციცნა რომ მამისტოლა პანკელს ცოლად მიჰყვებოდა, შალვას არა მარტო დასავით საყვარელი მამიდაშვილი ეკარგებოდა, არამედ თორღვას უშვილობაზე დამყარებული იმედებიც ემსხვრეოდა.
ერთი გაწევა გაიწია, ციცნასა და თორღვას ქორწინების ჩაშლა სცადა, მაგრამ არაფერი გაუვიდა, თავის ნათქვამა ციცნა გაკერპდა და ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ხელი ვერავინ ააღებინა.
შალვამ, როგორც იყო, მამიდაშვილის ქორწილი მოითავა და მერე პანკისისაკენ პირი აღარ უქნია. თავისზე ბევრად უფროს სიძეს არც თვითონ პატიჟებდა და არც იქით აწუხებდა სტუმრობით; მეფის კარზე ან მხედრობასა და საქვეყნო საქმეში როცა ხვდებოდა, თორღვასთვის დამადლებული სალმის მეტს არაფერს იმეტებდა და უზაკველ პანკელს ალალ-მართალი ღიმილი პირზე აცივდებოდა.
ხანი რომ გამოხდა და ციცნას შვილი არ ეყოლა, ხორნაბუჯელს ისევ დაუბრუნდა პანკელის უძეოდ გადაგებისა და მისი მამულების დაპატრონების იმედი.
მეფესა და ერისთავს შორის ჩამოვარდნილმა შფოთმა ეს იმედი კიდევ უფრო განუმტკიცა.
შალვა შორიდან ადევნებდა თვალს მესტუმრე ჯიქურის მცდელობას, თავად პანკელის ცოდვაში ჩადგომა არ ინდომა და მოთმინებით ელოდა თორღვას დამხობას, რომ შემდეგ, უახლოესი ნათესავისა და ციცნას მეურვის უფლებით, უშვილძირო ერისთავის ქონება და მამული ხელთ ეგდო.
მესტუმრე ჯიქურის მიერ რამდენჯერ შემოთავაზებული მოციქულობა უარყო და ბოლომდე არ ფიქრობდა კარისგან გამდგარი სიძის საქმეში ჩარევას. მაგრამ სწორედ ორი დღის წინ ციცნას წერილი მიიღო. ციცნა ძველ სიყვარულსა და ერთგულებას აფიცებდა, სასწრაფოდ მოენახულებინა განსაცდელში ჩავარდნილი მამიდაშვილი.
ხორნაბუჯელს ციცნასადმი სულ როდი ჰქონდა განელებული ნათესაური სიყვარული, როცა პანკელის დამხობას ოცნებობდა, მისი მეუღლის დახსნის ფიქრიც არ სტოვებდა და, ახლა ციცნას წერილი რომ მიიღო, გულწრფელად შე­წუხდა.
არ წასვლა არ შეეძლო, მაგრამ მეფისაგან გამდგარ ერისთავთან სტუმრობაც სახიფათოდ ეჩვენა და, რომ არც მწვადი დაწვოდა და არც შამფური, მესტუმრე ჯიქურს ეახლა, მამიდაშვილის ბარათი აჩვენა და რჩევა ჰკითხა.
ჯიქურსაც ეს უნდოდა, ხორნაბუჯელს მეფის მოციქულობა და პანკელის თბილისში ჩამოყვანა დააკისრა.
შალვამ მოციქულობა კი იკისრა, მაგრამ გულში გადაწყვეტილი ჰქონდა, თუ თვითონ ერისთავი და მისი მეუღლე არ შეეხვეწებოდნენ მეფესთან შერიგებას, როგორც სხვა ადრინდელი შუამავლები, ისიც ხელცარიელი გამობრუნებულიყო.
მაგრამ თუ ციცნა და თორღვა მეფის წინაშე შუამდგომლობას სთხოვდნენ, ხორნაბუჯელს ამ შემთხვევისთვისაც ჰქონდა შესაფერისი ნაბიჯი მოფიქრებული: დამორჩილებულ ერისთავს მეფესა და მესტუმრე ჯიქურს მიჰგვრიდა, ხოლო თავის მამიდაშვილს ხორნაბუჯის ციხეში განარიდებდა, რადგან ციცნას სიცოცხლე ისევე საჭირო იყო შალვას მიზნის მისაღწევად, როგორც თორღვას სიკვდილი.
პანკისის ერისთავი დიდად გაახარა ხორნაბუჯელის სტუმრობამ. ცოლის ეს უახლოესი ნათესავი თავისი სტუმრობითა და ყურადღებით არასოდეს ანებივრებდა და მისი გამოჩენა მეფისაგან გამდგარი ერისთავის ციხე-სიმაგრეში ახლა კიდევ უფრო დასაფასებლად ეჩვენა, როცა ჯიქურის შიშით დამფრთხალი თავადები პანკელის ამბავსაც აღარ კითხულობდნენ.
ერთიმეორისა და შინაურების მოკითხვას რომ მორჩნენ, თორღვა სუფრის თადარიგს შეუდგა, ხოლო სტუმარი თავის მამიდაშვილთან ჩაიკეტა და საიდუმლო საუბრისთვის განმარტოვდა.

სანამ პურობად დასხდებოდნენ, ციცნამ მეუღლე იხმო:
_ მეფისა და ჩვენი ოჯახის ერთნაირად ერთგული ჩემი ბიძაშვილი კისრულობს ხელმწიფის წინაშე თავდებობას. თუმცა შალვას საკუთარ თავზე მეტად ვენდობი, მაინც პირობა ჩამოვართვი, ხორნაბუჯელთა და პანკელთა საერთო სალოცავზე _ ალავერდის წმინდა გიორგის ხატზე შემოგვფიცოს უვნებლობა.
_ მარტო ალავერდისა კი არა, რომელ ხატზედაც გინდათ, იმაზე დავიფიცებ, რომ მეფის კარზე თქვენი თმის ერთი ბეწვიც არ ჩამოვარდება და, თუ ერისთავი ხელმწიფის წინაშე გულწრფელად მოინანიებს განდგომას, მეფე წყალობასა და ნიჭსაც ბევრს მოგაგებთ, _ მტკიცედ თქვა ხორნაბუჯელმა.
_ რას იტყვი, ერისთავო? _ შეჰღიმა ციცნამ.
_ მე რაღა მეთქმის, _ ღიმილით დაიფრქვა მიმნდომი პანკელი, _ კარგად განგიზრახავთ და მე, როგორც ყოველთვის, ახლაც შენი რჩევისა და ნების ამსრულებელი ვარ. თუნდაც ხვალვე წავიდეთ ალავერდს, შალვა ბატონმა ფიცი მოგვცეს და მეფის კარს წაგვიძღვეს.

პანკელმა და მისმა მეუღლემ მეფე-დედოფლისათვის ძვირფასი ძღვენი გაამზადეს და მესამე დღეს ალავერდისაკენ დაიძრნენ.
თორღვა და მისი სახლობა ალავერდის მთავარმოწამის სამოსლის ფესვს გამოებნენ, ხორნაბუჯელმა ფიცი თქვა და სიძე-მამიდაშვილი ფესვისაგან გამოხსნა.
ამის შემდეგ ცოლ-ქმარი გულდაარხეინებულნი გაუდგნენ გზას.
შალვამ თორღვა და ციცნა დაარწმუნა, მეფე ჯერ მხოლოდ ერისთავს იბარებსო.
ციცნას მაინც გულში ჰქონდა მონგოლი დედოფლის შიში და იოლად დაჰყვა ბიძაშვილის შეგონებას, თორღვასაც თავის თავზე მეტად ცოლისა ეფიქრებოდა.
ციცნა ხორნაბუჯს დატოვეს და მეფის შუამავალი და მისი მიმხცოვნებული სიძე მარტონი გაემართნენ სატახტოსაკენ.
მესტუმრე ჯიქურს ასი თვალი და ყური ჰქონდა, ხორნაბუჯელისა და პანკელის ყოველი ნაბიჯი იცოდა.
მეფე თბილისში არ იყო და ჯიქურმა ხორნაბუჯელი ნაჭარმაგევს გაგზავნა ხელმწიფის მოსანახულებლად.
ხორნაბუჯელის წასვლა და პანკელის შეპყრობა ერთი იყო.
მონგოლი დედოფალი ტაბახმელას განისვენებდა და ჯიქურმა იქ მიჰგვარა შეპყრობილი ერისთავი.
დედოფალს თორღვასკენ არც გაუხედია.
_ ერისთავის უჭკუო ცოლი არ მოუყვანიათ? _ იკითხა დედოფალმა.
_ უკვე შეიპყრეს და სადაცაა გაახლებენ, _ მოახსენა ჯიქურმა.
_ ჰოდა, რაკი ქალის ჭკუაზე დადის ეგ ვაჟბატონი, თავის ცოლს მიაყოლეთ უკან! _ ბრძანა განრისხებულმა დედოფალმა.
დაბნეულმა თორღვამ გონს მოსვლა ვერ მოასწრო, შუბოსნებმა უპატიოდ გაათრიეს დარბაზიდან.
იმ ღამესვე კლდეკარს წაიყვანეს პანკელი.
ციცნა რომ იქ დაუხვდა, ყველაფერს მიხვდა.
მუხლი მოიყარა და ფიცის გამტეხ ხორნაბუჯელს წყევლა შეუთვალა:
_ რა იგი ჰყო ჩემზედა, წმინდამან გიორგიმ გიყოს შენ, რამეთუ მარტო ვარ და სიკვდილითა ჩემითა უმკვიდრო იქნების მამული ჩემი, აგრეთვე უმკვიდრო ჰყოს წმინდამან მთავარმოწამემან სახლი შენი!
ციცნა პირველი გადააგდეს მაღალი კლდიდან.
თორღვას დედოფლის განაჩენის აღმასრულებელთა გარჯა აღარ დასჭირდა, თვითონ გაიჭრა იმ კლდის თავისკენ და უფსკრულში გაფრენილ საყვარელ ცოლს მიჰყვა უკან.

აფხაზ მოლაშქრეთა გარდა ათიათას მეომარს მოუძღოდა ცოტნე დადიანი. გზად რაჭა-ლეჩხუმის ხალხი მოერთო რაჭის ერისთავის კახაბერის ძის მეთაურობით და გაიხარა ოდიშის მთავარმა, მოეწონა ერისთავის ჭაბუკი მემკვიდრე.
_ დავაჟკაცებულხარ და დამშვენებულხარ, ნამდვილად გასწევ მამის მაგივრობას, _ გადაეხვია ცოტნე.
_ ჩემი დიდებული მამის მაგივრობას, ალბათ, ვერასოდეს ვერ შევძლებ, მთავარო, მაგრამ ერისთავის ავადმყოფობამ მაიძულა მის მაგივრად წამოვძღოლოდი ჯარს.
_ მართლა, როგორ არის რაჭის ერისთავი? ფრიად შემაწუხა მისი ამბის გაგებამ.
_ კოხტისთავიდან მობრუნებულს, რიონის ხეობაში ცხენი წაქცევია და ფეხი უღრძვია. გაუმიზეზდა ნაღრძობი, რუმბივით აქვს ფეხი გასივებული. ძალიან მოინდომა, მაგრამ ფეხზე ვერ დადგა და სხვა რა ღონე იყო, მე გამომატანა ლაშქარი.
_ საწყენია უმისობა ამისთანა საძნელო საქმეში, მაგრამ არა მგონია, შვილმა მამა არ ასახელოს, მით უფრო, რომ სამშობლოს თავისუფლებისათვის კეთილშობილ ბრძოლაში უხდება მამის შეცვლა. _ შეაქო და გაამხნევა ცოტნემ ერისთავის ჭაბუკი მემკვიდრე. მერე შემოერთებულ ლაშქარს ჩამოუარა, ჯარის ჩაცმულობა და აღკაზმულობა გასინჯა, მოეწონა.
_ რამდენი კაცია?
_ ხუთი ათასი რჩეული ვაჟკაცია რაჭა-ლეჩხუმიდან და არგვეთიდან.
_ ცხენოსანი რამდენია?
_ ათას ხუთასი... ესეც გაჭირვებით შეგროვდა, მთავარმა უკეთ იცის, ცხენს აღარ გვიტოვებენ წყეული მონგოლები.
_ ვიცი, თავადო! არც ცხენს გვიტოვებენ და აღარც კაცს. დიდი ხანია, მოთმინების ფიალა აივსო და მადლობა უფალს, დადგა სამაგიეროს გადახდის დრო, _ ცოტნემ ქუდი მოიხადა და ხელი ცისკენ აღაპყრო, _ ღმერთო, მოგვხედე, წმინდა გიორგი, ძალდიდებულო, შენ მიეც ძლევა ქართველ მხედრობას, დაუბრუნე ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას თავისუფალი ცხოვრება და ადრინდელი დიდება.
ლაშქარი გაფრთხილებული იყო, რაც გაეწყობოდათ, ჩუმად უნდა ევლოთ.
_ უღელტეხილამდე საშიში არაფერია, მონგოლებს ლიხს აქეთ ხელი არ მოუწვდებათ, არა, მთავარო? _ იკითხა რაჭის ერისთავის ძემ.
_ ეგრე ნუ იტყვი! მონგოლებს გაუჭირდათ ლიხს აქეთ გადმოსვლა და იმიტომ დაგვჯერდნენ ხარკის ძლევას. პირობის თანახმად, ლიხს აქეთ მონგოლი არ უნდა გაჭაჭანებულიყო, მაგრამ ეგენი ხელშეკრულებასა და პირობას დიდად არ დაგიდევენ, დრო და დრო ლიხს აქეთაც გამოჩნდებიან ხოლმე, მცირე რაზმებით მოითარეშებენ აქაურობას და უკანვე ისე ბრუნდებიან, ვითომც არაფერი. აქედან მაგათ მიერ დაპყრობილ საქართველომდე კარგა მანძილია, მაგრამ სულ იმას ვშიშობ, მონგოლთა მოთარეშე რაზმს არსად გადავეყაროთ. წინ ცხენოსანი მზვერავები მყავს გაგზავნილი, თუ სადმე მონგოლს წააწყდებიან, იქვე უნდა მოსპონ, რომ ჩვენი გალაშქრების ამბავი თბილისსა და ანისს არ ჩაიტანონ.
_ ჩვენ სად მოგვიწევს ბრძოლა, მთავარო?
_ ჩვენ გაგელთან, ციხისჯვარელებთან და თორელებთან ერთად ანისს უნდა დავეცეთ, იქ მყოფი მონგოლთა ჯარი უნდა გავწყვიტოთ და მთავარი ნოინი ცოცხალი ან მკვდარი უნდა ვიგდოთ ხელთ.
_ ანისში დიდი ჯარი ეყოლებათ წყეულებს.
_ კი, ბევრნი არიან, მაგრამ იქიდან რომ ვარამ გაგელი შემოგვიერთდება, ჩვენც არ ვიქნებით ცოტანი.
_ მხარგრძელები? თავიანთი მამულის გამოსახსნელად მაინც არ იბრძოლებენ?
_ მხარგრძელებს გაგონებაც არ უნდათ მონგოლებთან ომის, ალბათ, გეცოდინება მამაშენისგან, თავქარიანებს და ქვეყნის დამღუპველებს გვეძახიან ყველას, ვინც მონგოლთა წინააღმდეგ აჯანყებასა და საქართველოდან მათ გარეკვას ფიქრობს.
_ მთელი ქვეყანა რომ აღსდგება, არც მაშინ გამოიღებენ ხელს?
_ თუ წარმატება გვექნება და გავიმარჯვებთ, მაშინ სხვა რაღა გზა რჩებათ, ეგენიც მხარში ამოგვიდგებიან.
_ მზა-მზარეულ სუფრაზე დაბრძანდებიან, არა?
_ ალბათ. მაგრამ ვნახოთ. ღმერთმა ჰქნას, ყველაფერი კარგად დამთავრდეს.
_ ღმერთმა ჰქნას! _ ამოოხვრით თქვა ჭაბუკმა და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დაუმატა, _ ნეტავი თბილისის გამოხსნისათვის ბრძოლა გვრგებოდა წილად!
_ თბილისს ქართლ-კახელები და არაგვის ხეობისანი აიღებენ. სატახტოსთან ისინი უფრო ახლოს არიან.
ღამე ხეობაში დაიბანაკეს და დილა ბინდ-ბუნდზე შეუდგნენ აღმართს. აღმართის ნახევარიც არ ექნებოდათ ავლილი, რომ თავქვე მომავალი ორი მგზავრი გამოჩნდა. მგზავრებს სამი ცხენოსანი მოჰყვებოდა ცოტნეს მზვერავთა რაზმიდან.
ქვეითნი და ცხენოსნები მოახლოვდნენ და ოდიშის მთავარმა იცნო აბიათარისა და ასპასიას შეშფოთებული სახეები.
_ მადლობა უფალს, რომ დროზე მოგისწარით, მთავარო, _ ქუდმოხდილი მიესალმა შორიდანვე აბიათარი.
ცხენოსნებმა დაიქვეითეს.
_ მადლობა უფალს, რომ არ აგცდით, _ ჩურჩულებდა ასპასია და პირჯვარს იწერდა.
_ რა ამბავია, აბიათარ? _ შეშფოთებული მივარდა ცოტნე.
_ დავიღუპეთ, მთავარო, ჩვენი პატრონი შეიპყრეს.
_ რას ამბობ, აბიათარ?! _ გაფითრდა ცოტნე.
_ თქვენ რომ აქეთ წამობრძანება ინებეთ, იმ ღამესვე სუფრაზე მსხდომნი შეიპყრეს ყველანი.
_ შეიპყრეს? ყველანი?
_ ყველანი, თქვენსა და რაჭის ერისთავს გარდა, კოხტისთავს მყოფი ყველა შეთქმული შეიპყრეს.
_ მოულოდნელად? მტრის მოსვლა ვერ გაიგეს?
_ მოულოდნელად... ვინ იფიქრებდა შუაღამისას მონგოლთა თავდასხმას. კიდევ კარგი, თქვენ მაინც გადარჩით!
ცოტნეს გველნაკბენივით დაეღმიჭა სახე და წარბი შეიკრა.
_ ღალატიაო, მთავარო, დიდი და პატარა გაიძახის შეთქმულება გასცესო.
_ იუდა ვინ არისო? მოღალატეს არ ასახელებენ? _ ჩაერია ბრაზით წამონთებული კახაბერი.
_ ვერ ამბობენ. ოდიშის მთავრისა და რაჭის ერისთავს გარდა, ყველა შეპყრობილია და მოღალატე ვინღა რჩება?
_ მამაჩემი ფეხნაღრძობი წევს ლოგინში, თორემ ახლა ისიც აქ იქნებოდა, _ გამოესარჩლა საკუთარ მამას მის უბრალოებაში გულწრფელად დარწმუნებული შვილი.
_ მაშ, აჯანყება ჩაშლილი ყოფილა და ბრძოლა დაუწყებლად წაგებული, _ თქვა დაძმარებულმა ცოტნემ.
_ ჩაშლილია, მთავარო! შეთქმულთა მამულებში მონგოლთა ჯარები დგანან, გზები შეკრეს და ყველგან დამპყრობთა რაზმები დაშლიგინობენ.
_ ჩვენს შორის ერთი, ალბათ, იუდა იყო, _ ზიზღით გამოსცრა ცოტნემ. მაგრამ ვაი, მას „რომლისა მიერ ძეკაცისა მიეცეს, მისთვის უმჯობეს იყო, არა შობილიყო“.
_ თუ ესოდენ კეთილშობილ მთავართა შორისაც შეიძლება იუდა იყოს, მაშინ საქართველო ღირსი არ ყოფილა თავისუფალი ცხოვრებისა და, სულაც რომ აღგვფხვრან მონგოლებმა, ჩვენს მოდგმაზე ახი იქნება!
_ ქრისტეს მოწაფეებზე კეთილშობილი და წმინდა ქვეყნად არავინ ყოფილა, კახაბერ, და იქაც, მათ შორისაც კი გამოჩნდა ერთი გამყიდველი. აკი უთხრა ქრისტემ თავის მოწაფეებს: „თქვენც წმინდა ხართ, მაგრამ არა ყოველნი“. ჩანს, ჩვენს შორისაც ყოფილა ერთი არაწმინდა და ვაი, მას, „რამეთუ სანატრელ ექნეს შიშთვილ“!
_ შუაღამისას შეიპყრეს მთავრები. გონს რომ მოვედით, მაშინღა გაგვახსენდა ჩვენი პატრონის დავალება, მომხდარი უბედურება შენთვის შეგვეტყობინებინა. კიდევ კარგ დროს მოგისწარით, თორემ უღელტეხილი რომ გადაგევლოთ, მერე გვიან იქნებოდა. მონგოლთა ჯარი დაგხვდებოდათ და ერთიანად გაგჟლეტდათ.
_ გმადლობთ, აბიათარო! დროზე რომ არ მოგესწრო, იქნებ, მართლა მტერს გადავყროდით და ეს ხალხი უბრა­ლოდ დამღუპვოდა.
_ ახლა, რაკი აჯანყება ჩაშლილია, გზის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, მთავარო.
_ რა თქმა უნდა. გზის გაგრძელებას აზრი აღარა აქვს.
_ დაყოვნებასაც ის ჯობს, რაც მალე გაბრუნდება უკან ლაშქარი.
_ კი, ლაშქრის დროზე გაბრუნება სჯობს. ცოტა შეისვენონ და ახლავე გავაბრუნებ.
_ შენც უნდა დაბრუნდე, მთავარო. უღელტეხილზე გადასული რომ გნახონ,  მაშინვე შეგიპყრობენ, ან იქვე მოგკლავენ, ან დანარჩენი შეთქმულების გზას გაგიყენებენ.
_ ერთიც სჯობს უკან ლაჩრულად გაბრუნებას და მეორეც, _ გადაწყვეტილად თქვა ცოტნემ.
_ უი, რას ბრძანებ, მთავარო, ეგ ღმერთმა ნუ გაფიქრებინოს, _ იტკიცა გაფითრებულმა ასპასიამ.
ცოტნეს მწარედ გაეღიმა, ასპასიას მხარზე ხელი დაადო.
_ მადლობელი ვარ შენი და აბიათარის, ჩემი გულისთვის თავი სასიკვდილო საფრთხეში ჩაიგდეთ. ეს ხალხი რომ გადამირჩინეთ, მარტო მაგისთვის გეკუთვნით ჩვენგან დიდი ჯილდო.
_ მთავარო, გემუდარები, უკან გაბრუნდე, _ ასპასია მუხლებზე დაეცა და ფეხებზე მოეხვია, _ რაც შენი ვალი მადევს, უფალს სულ იმას ვევედრებოდი, რითიმე სამაგიერო გადამეხადა, რამეში ჩემი თავი დაგჭირვებოდა და გამოგდგომოდი. ძლივს მომეცა შემთხვევა, თავი გადავდე და სამი დღე-ღამე ტყე-ტყე, უგზო გზებით ვიარე, რომ მომხდარი უბედურება მეცნობებინა და სიკვდილისაგან გადამერჩინე. როგორც იქნა, განზრახვა ავისრულე და გევედრები, ნუ ჩამიყრი წყალში ამდენ შრომას, ნუ მომისპობ ამდენი ხნის ნატვრის ასრულების ამ ერთადერთ შესაძლებლობას.
_ კარგი... კარგი, ასპასია, ადექი... არსადაც არ წავალ, _ ცოტნემ მკლავებში ხელი მოჰკიდა და თვალცრემლიანი ქალი ფეხზე წამოაყენა, _ არა გრცხვენია, რომ სტირი. აბა, სატირალი რა გაქვს... თქვენ ახლავე უკანვე წადით, შენ და აბიათარი, მაგრამ ჯერ ცოტა დანაყრდით, მშივრები იქნებით.
ცოტნემ ჯარის მეთაურები იხმო. უბრძანა, ლაშქარმა პური სჭამოს და ცოტა შეისვენოსო.
მერე მინდორზე სუფრა მოაღებინა. რაჭის ერისთავის ძე, ასპასია და აბიათარი დასვა და თავადაც ფეხმორთხმით დაჯდა.
დამშეული ცოლ-ქმარი მაშინვე მიეტანა საჭმელს. ცოტნემ ხელი არაფერს ახლო. ღვინით სავსე სასმისი ასწია და მასავით პირგაუხსნელი კახაბერის სასმისს უსიტყვოდ მიუჯახუნა. უხმოდ დალიეს.
ცოტა ხანს ისევე პირაკრულნი ისხდნენ, არც ლუკმა აუღიათ, არც სიტყვა დაუძრავთ.
ცოტნემ კიდევ ასწია სასმისი და ისევ უსიტყვოდ დაცალეს.
აბიათარმა მუცელს რომ ბოძი შეუყენა, ცოტა სული მოითქვა, თავი აიღო და მთავარს საქციელწამხდარი შეაჩერდა.
_ თქვენ სულ არაფერი მიირთვით, მთავარო, არა? ჩვენ კი დამშეულები მივესიეთ საჭმელს. პირუტყვია ადამიანი, მა რა არი, ამისთანა განსაცდელის დროს ჭამის თავი უნდა ჰქონდეს კაცს?!
ცოლ-ქმარმა კალთები დაიფერთხა. მთავარს მადლობა გადაუხადეს და წამოდგნენ.
_ ცოტა რამ საგზლადაც წაიღეთ და წადით, აბიათარ, ასპასია. თქვენისთანა კეთილი და ერთგული ხალხი ღმერთმა ნუ გამოულიოს ნურც თქვენს პატრონს და ნურც ჩვენს ქვეყანას, _ ცრემლმოძალებული თვალებით ჩააცქერდა ცოტნე ერთ დროს მაცდუნებლად მოჟუჟუნე ასპასიას ლურჯი თვალების გაუფერულებულ აჩრდილს, მერე სათითაოდ გადაეხვია ცოლსა და ქმარს.

დაღონებული გაჰყურებდა აღმართზე მიმავალთ ოდიშის მთავარი. ცოლ-ქმარი ხმადაბლა რაღაცას დაობდა. მერე უცებ აბიათარი შემობრუნდა:
_ კრავაის დედას, დიდ ქალბატონს რა ვუთხრა, მთავარო, შენი გადარჩენა რომ შემომავედრა. ფიცით რომ ვარწმუნო, უკან გაბრუნდა-თქო, ხომ მართალი ვიქნები ღვთისა და თქვენს წინაშე.
_ მართალი იქნები, აბიათარო, უთხარი, ბედს დამორჩილდა და შეთქმულების ჩაშლას შეურიგდა-თქო, _ მწარე ღიმილით დაუმოწმა ცოტნემ.
აბიათარმა ქუდი მოიხადა, ერთხელ კიდევ დაუკრა თავი ოდიშის მთავარსა და გზას გაუდგა.
ასპასიას და აბიათარს რომ დაემშვიდობა, დადიანს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, არამც და არამც უკან არ გაბრუნებულიყო და, ლაშქრის გასტუმრებისთანავე, თვითონაც უღელტეხილის აღმართს შედგომოდა.
ცოტნემ ვერც გაიგო, როდის და როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ გადაწყვეტილი რომ მტკიცედ ჰქონდა გზის გაგრძელება და შეთქმულთა კვალზე დადგომა, ეს უკვე მისთვის სადავო აღარ იყო.

ხშირად ხდება ასე: ნაბიჯს, რომელსაც შემდგომ უდიდესი მნიშვნელობა ეძლევა, ისე გადადგამენ ხოლმე დიდი ადამიანები, არც ფიქრობენ მომავლისათვის მის მნიშვნელობაზე.
იმ წუთებში, როცა ოდიშის მთავრის გულსა და გონებაში ეს გადაწყვეტილება ისახებოდა და ყალიბდებოდა, ცოტნეს სულაც არ უფიქრია, თუ რა მნიშვნელობა მიეცემოდა მას ქართველი ხალხის შემდგომ ცხოვრებაში.
თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმა სულ რამდენიმე წამში უკარნახა ოდიშის მთავარს შინაგანმა ხმამ, იგი ცოტნეს მთელი განვლილი ცხოვრების აზრითა და გამოცდილებით იყო ჩაგონებული და შემზადებული.
ამიტომ დაემორჩილა თავის ამ შინაგან ხმას ასე უყოყმანოდ ცოტნე, დაემორჩილა და უმალვე სულიერად დამშვიდდა.

ასპასია და აბიათარი აღმართზე მიდიოდნენ.
ცოტნე ქვაზე დაჯდა და გზას გახედა. ის გზა უცბად ორად გაიყო: ერთი სიკვდილისკენ მიდიოდა და სიკვდილის იმ გზას სიმართლისა და დიდსულოვნების შუქი ანათებდა. მეორე გზა არარაობისაკენ მიემართებოდა. და ეს იყო ერთფეროვანი, მოსაწყენი ცხოვრებისაკენ, დღეგრძელი, ნაყროვანი არსებობისაკენ მიმავალი გზა. ეს გზა სიმხდალისა და სულმოკლეობის მღვრიე ნისლით იყო დანისლული.
ცოტნეს უკვე არჩეული ჰქონდა სიკვდილისაკენ მიმავალი გზა.

ოდიშის მთავარმა რაჭის ერისთავის ძე მოიხმო.
_ ლაშქარი უკან გაბრუნდეს და შენ წარუძღვები, კახაბერ.
_ შენა, მთავარო?
_ მე მათთან უნდა წავიდე, _ ხელი უღელტეხილისაკენ გაიშვირა ცოტნემ.
_ თუ წასვლაა, მეც შენთან წამოვალ, მთავარო.
_ არა, მე მარტო უნდა წავიდე, რაჭის ერისთავს შენს მეტი არავინ ჰყავს და შენს ცოდვაში ვერ ჩავდგები.
_ რა პირით მივიდე მამაჩემთან, გულში ხომ მაინც იტყვის, უღირსი შვილი მყოლიაო.
_ არ იტყვის, შენ ვალდებული არა ხარ, ფიცი არ მიგიცია შეთქმულებისათვის.
_ მამაჩემმა ხომ შეჰფიცა!
_ მამაშენი წევს, სნეულია.
_ მერე ვინ ირწმუნებს მამაჩემის ავადმყოფობას. სასჯელს გადარჩენილი ერთადერთი შეთქმულთაგანი რაჭის ერისთავი იქნება და ხალხი მას მონათლავს იუდას სახელით.
_ შენ ეგ ნუ გადარდებს. სიმართლე არასოდეს დაკარგულა და ხალხი რაჭის ერისთავის უდანაშაულობასაც მალე გაიგებს.
_ მაშინ, თუ ეგ არ არის სადარდებელი, ნურც შენ წახვალ, მთავარო, ნურც შენ ჩაუვარდები ხელთ იმ სისხლის მსმელებს.
_ მე არ შემიძლია წაუსვლელობა, კახაბერ... მე ვალდებული ვარ მათთან ერთად ვიყო, რადგან მე ვიყავი შეთქმულების პირველი წამომწყები და თაოსანი. ბევრი მათგანი მე დავაყენე ამ სახიფათო გზაზე. თუ შეპყრობილ შეთქმულებს სიკვდილი უწერიათ, არ მინდა თვალი ისე დახუჭონ, მე შორს, სამშვიდობოს ვეგულებოდე. წადი, კახაბერ, გეხვეწები და გიბრძანებ: ჯარს უკანვე გაუძეხი და მშვიდობით დააბინავე. მე თუ ცოცხალი დავბრუნდი, სიკეთეს როგორმე გადაგიხდი... _ ცოტნემ მკლავები გაშალა.
კახაბერი მოეხვია და მთავრის მკერდზე ასლუკუნდა.
_ გამხნევდი, ვაჟკაცი ხარ და ცრემლი არ შეგშვენის... ჩემი სახლობაც გაამხნევე, იმედი მიეცი და განსაცდელი გაუიოლე... აბა, შენ იცი, მშვიდობით იარე... რაჭის ერისთავი ძმურად დამიკოცნე, _ კახაბერმა ნამტირალევი თვალები მოიწმინდა, ხელები უღონოდ გაასავსავა და ჯარისკენ წავიდა.
ცოტა ხანში ლაშქარი დაეწყო და უკან მიიქცა.
ჯარი რომ თავის წინ გაატარა, კახაბერი ცოტნესკენ მობრუნდა:
_ მსახურთაგან ან თანზრდილთაგან ვის იახლებ, მთა­ვარო?
_ გუგუტა გამომყვება, სხვა არავინ მინდა... გუგუტა სადა ხარ?
_ აქ გახლავარ, ბატონო! ცხენები მზად მყავს.
_ მშვიდობით, კახაბერ!
_ მშვიდობა და გამარჯვება ნუ მოგიშალოს უფალმა! _ ქუდი მოიხადა კახაბერმა, ცას ვედრებით ახედა და ცხენი ადგილს მოსწყვიტა.
ადამიანი მუდამ ესაუბრება ვისმე. თუ თანამოსაუბრე არა ჰყავს, თავისთავს ებაასება, ჩუმად ედავება და ეკამათება, ან კვერს უკრავს და რაღაცას უწონებს, უდასტურებს, კაცი რომ განმარტოვდება და ფიქრობს, თავის თავს ისეთ რამეზე ესაუბრება, სხვას რომ ადვილად ვერ გაანდობს.
მაგრამ სავალდებულო როდია, ასეთ დროს ადამიანი მაინცდამაინც სხვისთვის გაუმხელელ საიდუმლოებაზე ელაპარაკებოდეს თავისთავს.
კაცს ყოველ ფეხის გადადგმაზე სჭირდება მრჩეველი, ნაბიჯის გადადგმის დამშლელი ან წამახალისებელი. თუ მრჩეველი არა ჰყავს, თავის თავს ეკითხება ხოლმე რჩევას, საკუთარ თავთან დავაში ჩხრეკს თავისივე ან სხვისი მოქმედების ავ-კარგს და ჩვენ ამას ფიქრს ვეძახით.
მიდის ცოტნე აღმართზე და ფიქრობს:
_ ეს გზაც გაილევა, გათავდება და ოდიშის მთავრის სიცოცხლეც დასრულდება. სიცოცხლის როგორ ბოლოზე ოცნებობდა ცოტნე და ბედმა როგორი არგუნა! ბავშვობიდანვე სულ იმას ნატრობდა, რაიმე გმირობა ჩაედინა, თავი საქვეყნო საქმისათვის გაეწირა და სახელოვანი სიკვდილის ღირსი გამხდარიყო. სად არ იქნია ხმალი ცოტნემ, რამდენჯერ გადადო თავი სასიკვდილოდ, მაგრამ სიკვდილმა გვერდი აუარა და, რომ არც აევლო, დიდ სახელს მაინც ვერ დატოვებდა _ მოკვდებოდა სამშობლოს მტრებთან ბრძოლაში, როგორც ჩვეულებრივი მამულიშვილები კვდებიან, მოკვდებოდა ისე, როგორც ყველა კვდება. ცოტნეს კი სიცოცხლეც არაჩვეულებრივი უნდოდა და სიკვდილიც. შეეძლო კიდევაც ცხოვრებაც სხვათა მისაბაძი ჰქონოდა და სიკვდილიც სხვებისთვის მაგალითად დაეტოვებინა. შეეძლო, მაგრამ კაცი ბჭობს და ღმერთი იცინის! ბევრი რამ თვითონ ადამიანზე არ არის დამოკიდებული. რაგინდ კეთილშობილი და დიდბუნებოვანიც არ უნდა იყოს კაცი, ცხოვრების ჩარხი თუ უკუღმა დაბრუნდა, წაღმა ვეღარ შეატრიალებს.
სიჩჩოებითვე წმინდა ცხოვრებისთვის ემზადებოდა ოდიშის მთავრის მემკვიდრე. ბერად შედგომა არ დაანებეს, მაგრამ თავისი დღე ისე სპეტაკად გალია, მის სულს ბიწი არ მიჰკარებია, პატიოსნება არსად შელახვია და ქრისტეს რჯულისადმი რწმენა არ შერყევია; არც სამშობლოს მტრებთან ბრძოლაში დაუხევია უკან და არც საქართველოს მტერს შერიგებია არასოდეს. ვიდრე საქართველოს სამეფო სვებედნიერად ცხოვრობდა და თავისი დიდების მწვერვალზე იყო, ცოტნე იმისთვის ზრუნავდა, საყვარელი სამშობლო კიდევ უფრო გაძლიერებულიყო და განდიდებულიყო.
როცა საქართველოს ძლევამოსილება დაემხო, მის აღსადგენად პირველი ნაპერწკალი მან დაჰკვესა და შეთქმულების ცეცხლიც მან დაანთო.
მაგრამ თურმე ყველაფერს ბედი უნდა! ბედი კი ბრმა არის და ღირსეულსა და უღირსს ვერ არჩევს; ყოველი ნიჭითა და სიკეთით შემკულს, სულითა და გონებით აღმატებულს ხშირად ფსკერზე მოიგდებს და ცოცხლად დამარხავს. მაშინ, როცა ყოველგვარი სამამაცო ზნესმოკლებულსა და ბიწიერებით სავსე ბოროტმოქმედს ლაფიდან ამოატივტივებს, ხელში ქვეყნის საჭეს მისცემს და სხვათა ცხოვრების გამრიგედ გახდის.
ამიტომ ჰყავდათ წარმოდგენილი ძველ ბერძნებს ორთავ თვალით ბრმად ბედნიერება.
_ ჰო, მაგრამ შენ ხომ ამ მხრივ ბედს ვერ დაემდურები, ცოტნე! ცხოვრების ფსკერზე არასოდეს გდებულხარ, ყოველგვარი ნიჭითა და ქონებით სავსე იყავი და ქვეყნის საჭესთანაც ახლოს იდექი!
_ მართალია, მაგრამ მარტო ბედიც არ კმარა თურმე. დრომაც უნდა შეგიწყოს ხელი და ბედნიერი ის ყოფილა, ვისაც კარგ დროში უცხოვრია, მამაჩემი შერგილი, უბედური რომ მეგონა, ბედნიერი ყოფილა, _ ძლიერი საქართველოს ხელმწიფეს ერთგულად ემსახურა და ისე წავიდა სამზეოდან, პირადი უიღბლობის მეტი საწუხარი არა ჰქონია რა. საკუთარი უიღბლობა კი სამშობლოსა და მთელი ერის უბედურებასთან რა მოსატანია! ამ მხრივ ბიძაჩემი ვარდან ვაზირყოფილიც ჩემზე ბედნიერი აღმოჩნდა: უფლისა და ტახტის წინაშე თავისი დანაშაული მოინანია და სამშობლოს სვესვიანობის ცქერით დამტკბარი წავიდა ამქვეყნიდან. მე კი პირადი ბედნიერებით განებივრებულმა, ისე უნდა გავლიო ჩემი დღე და წუთისოფელი, სამშობლოს უბედურებით მოკლული გული ვერ უნდა გავიხარო. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდ დროში მომიხდა ცხოვრება.
_ ცუდი და კარგი დრო არ არსებობს. დრო ისეთი დგება, როგორის ღირსიც ცხოვრების სარბიელზე გამოსული ადამიანები არიან. კარგი მამულიშვილები სამშობლოს კარგ დღეს უთენებენ, ცუდი თუ უხეირო მოღვაწეები _ შავ დღეს!
_ რას იზამ, როცა კაცს ცდა და შრომა არ გაუმართლებს, უხეიროდაც ჩათვლიან და ბედოვლათადაც. მთელი სიცოცხლე ტახტისა და სარწმუნოების ერთგული დამცველი ვიყავი, შინ და გარეთ მტერს და მოყვარეს ღირსეულ პასუხს ვცემდი, ბრძოლის ველზე შიში არ ვიცოდი და სამშობლოს სადიდებლად სიკვდილი რომ მღირსებოდა _ ლხინად ჩავთვლიდი.
_ ეგრე იყო, მაგრამ ბოლომდე, მთელი ძალ-ღონით, მთელი შესაძლებლობით, ალბათ, ვერც ქვეყნის შიგნით დაიხარჯე და ვერც გარეთ, ვერც მოყვარეს შეუმსუბუქე ტვირთი უკეთესი მომავლის გზაზე, ვერც მტერთან ბრძოლაში გასწირე თავი სხვათა სამაგალითოდ. და ასე მარტო შენ კი არ ცხოვრობდი, შენს ირგვლივ ყველა დუნედ და თავგამოუდებლად ირჯებოდა სამშობლოს ბედნიერებისათვის. განა ძლიერ საქართველოს ხვარაზმელთა მოგერიება და უკუქცევა არ შეეძლო?! განა მონგოლებისათვის აგრე სამარცხვინოდ, უომრად უნდა დაგეთმოთ თქვენი მიწა-წყალი? ახლა იტყვი, ხვარაზმელებთან ომში მონაწილეობა არ მიმიღიაო, გარნისთან ღალატმა გასტეხა ქართველთა ძლიერებაო. კარგი, გარნისის ომში, ვთქვათ, შენგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, ვერ იბრძოლე. მერე მაინც თუ რამ იღონე იმისთვის, რომ გარნისის მარცხის მიზეზები გაერკვიათ და შინაგამცემები სამაგალითოდ დაესაჯათ?!
_ წამხდარ საქმეს რაღას ვუშველიდით, მაგრამ დამარცხებამ არ გაგვტეხა, ხმალი ქარქაშში არ ჩავაგეთ და სულტან ჯალალედინს მორჩილება არ გამოვუცხადეთ. ის კი არა, რამდენჯერმე სამკვდრო-სასიცოცხლოდ შევებით და ბოლოს, ჭერეთხევთან, ისე სამარცხვინოდ გავაქციეთ, რომ თავისი ხმლისა და სამეფო გვირგვინის წაღებაც ვერ მოასწრო.
_ რაც იყო, იყო. წასულ საქმეს აღარაფერი ეშველება. მაგრამ ეს შეთქმულება ისე როგორ მოაწყვეთ, რომ აჯანყების წინა დღეს გამჟღავნდა და დარტყმა მტერმა დაგასწროთ?
_ მონგოლებს კარი გაუღეთო, მე არ მეთქმის ეგ საყვედური. როგორ არ ვეცადე, მტერს საერთო ძალით დავხვედროდით, მაგრამ ვინ მომცა მხარი?! საქართველოს მთავრები შეშინებულნი თავ-თავის ციხეებში ჩაიკეტნენ და იმ ციხეების მიუდგომლობის იმედზე დამყარებულებმა ერთი დროშის ქვეშ გამოსვლა არ ინებეს. სხვა რომ ვერა გავაწყვე რა, ციხისჯვარელს მივეშველე ჩემი ხალხით და ერთხანს მასთან ერთად ვებრძოდი რიცხვით აღმატებულ მტერს. მერე, როცა მესხეთის წინააღმდეგობა გასტეხეს, მონგოლებთან, დიდის ცდით, ლიხთიმერეთში გადმოუსვლელობის პირობა შევკარი და ნახევარი საქართველო ხარკით გადავარჩინე დაპყრობასა და აოხრებას. თუმცა ლიხთიმერეთი შედარებით მოსვენებულად ცხოვრობდა, მტრისგან დაპყრობილი დანარჩენი საქართველოსათვის ზრუნვა არასოდეს დამიგდია. როგორც კი ხელსაყრელი პირობები შეიქნა, აჯანყების ცეცხლის გაღვივებას შევუდექი. შეთქმულების სულის ჩამდგმელები მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილები, მონგოლთა უღლისაგან გამწარებული და სიცოცხლემოძულებული ერისმთავრები ვიყავით. ფიცი გვქონდა დადებული, ერთმანეთს არ ვუღალატებდით და ცოცხალი თავით შეთქმულებას არ გავცემდით. საიდუმლოს მტკიცედ ვიცავდით და აჯანყების საქმეს ბოლომდე მივიყვანდით. მაგრამ წეღანაც ვთქვი, წმინდა მოციქულთა შორისაც კი აღმოჩნდა ერთი გამცემი და ჩვენისთანა მოკვდავთა შორის რომ სულმდაბალი მოღალატე გამოჩენილიყო, რა გასაკვირი იქნებოდა!
_ ეჰ, ცოტნე... ცოტნე! ერთხელ თუ მაინც ჩაუფიქრდი იმას, თუ მონგოლებთან რისთვის მიდიხარ: ხომ იცი, სიკვდილი არ აგცდება. სხვა შენს ადგილზე მონგოლებს რომ ხელთ ჩავარდნოდა, ქრთამითა და სასყიდლით შეეცდებოდა თავის გადარჩენას. შენ მონგოლთათვის ხელმიუწვდომელი საქართველოს უპირველესი მთავარი ხარ, დუმნის თავადაც იწოდები. დაგეცადა, ცოტნე, შორიდან გეყურებინა, შეპყრობილ შეთქმულებს რა განაჩენს გამოუტანდნენ და, იმის კვალობაზე გემოქმედა.
_ რა გულმა უნდა გამიძლოს, როგორ შემიძლია წმინდა ფიცით ჩემთან შეკრულ შეთქმულთა წამებისა და დაღუპვის შორიდან ყურება. რა სინდისით უნდა ვიცხოვრო, შეთქმულებაში ჩემს მიერვე ჩაბმული ჩემი მეგობრები თუ სიკვდილით დაისჯებიან. სადაც გავივლი, თითით საჩვენებელი უნდა ვიყო, კაცს ვერ უნდა შევჩივლო და ღმერთს! ცხოვრება მაშინაც სჭირს, როცა შენი უმწიკვლო პატიოსნების იმედით თავაწეული დადიხარ. ისეთ სიცოცხლეს რაღა თავში ვიხლი, როცა ყველგან და ყველას წინაშე თავის მართლება დაგჭირდება, იუდა და ქვეყნის მოღალატე არა ვარო.
_ მაინც დაფიქრდი, მთავარო, იქნებ შენი სიცოცხლე იმისთვისაც იყოს საჭირო, რომ შეთქმულების გამცემის ვინაობა შეიტყო. ეგებ ისა სჯობდეს, შორიდან უთვალთვალო, ჩუმად გამოიძიო, ვინ გაჰყიდა საიდუმლო, დრო შეურჩიო და ერის მოღალატეს ყველას მაგივრად შენ გაუსწორდე. როცა შენი დაღუპული მოძმეების შურს იძიებ, თუნდაც იმ დღესვე ჩაბარდი მონგოლებს. მაგგვარ სიკვდილს შნოც ექნება და გამართლებაც. რატომ ჩქარობ, უაზროდ თავს რად იღუპავ? ფული ბევრი გაქვს და ქონება. მტრისთვის ლიხთიმერეთში მაინც მიუწვდომელი ხარ. მონგოლი ნოინების სიხარბე რომ იცი, არც ისე ძვირი დაგიჯდება მათი მოქრთამვა და შეთქმულებაში შენი მონაწილეობის კვალის წაშლა.
_ ქრთამით ქვეყნის გარყვნას რომ ვუყურებ, სირცხვილით ვიწვი. ეგღა აკლია საქართველოს, ჩვენც, მისი საუკეთესო შვილები გარყვნილების ამ გზას დავადგეთ, ხალხს ქრთამით კანონისა და სამართლის სყიდვის მაგალითი მივცეთ. ეს ერის ერთიანი გათახსირების დაჩქარება იქნება და ამ სამარცხვინო ნაბიჯის გადადგმას, სიკვდილი მირჩევნია. სიცოცხლის შენარჩუნება გაცილებით იოლი საქმეა, ვიდრე ზნეობრივი დაცემის თავიდან აშორება. რატომ ჩქარობო, რომ მეკითხები, ნუთუ ამ აჩქარების მიზეზი არ იცი?! შეთქმულებს როგორმე ცოცხლებს უნდა მივუსწრო, ან მათთან ერთად უნდა ვიმართლო თავი, ან მათთან ერთად უნდა დავიღუპო. დათქმული გვქონდა, თუ ჩვენი შეკრების ამბავს გაიგებდნენ,  ან პირდაპირ ბჭობის ადგილას შეგვიპყრობდნენ, თავი იმით უნდა გვემართლებინა, რომ ხარკის შესაკრებად ვიყავით თავშეყრილნი. მონგოლებმა იციან, მე თუ შეთქმული ვარ, მათ სასიკვდილოდ ჩემი ნებით ხელთ არ ჩავუვარდები, ფეხს ლიხთიმერეთში მოვიდგამ და სასჯელს გადავრჩები. მაგრამ თუ ჩემი ფეხით ურდოს მივადგები და მეც დანარჩენ შეთქმულთა ჩვენებას გავიმეორებ, ვფიქრობ, ნოინები დაასკვნიან, მართალი რომ არ იყოს, აქ მოსვლას როგორ გაბედავდაო. მონგოლები გულუბრყვილონი არ არიან, მაგრამ ქვეყნად შეუძლებელი არაფერია და ხომ შეიძლება, ამ უმცირესმა იმედმა გამიმართლოს! ჩემს დროზე მისვლას კიდევ ერთი აზრი აქვს, თუ შეთქმულებს დაღუპვა უწერიათ, ნახავენ, რომ მეც მათთან ერთად ვარ შეპყრობილი და სასიკვდილოდ განწირული. თვალს ჩემი წყევლითა და აუგად ხსენებით არ დახუჭავენ და იმ ქვეყნად თან ჩემი გამცემობის ეჭვი არ წაჰყვებათ. როცა შეთქმულების ყველა მონაწილე ჩემსა და რაჭის ერისთავს გარდა შეპყრობილია, ჩვენს იქით გამცემის ძებნა უაზრობაა. რაჭის ერისთავის უბრალოებას ისეც დავიჯერებდი, მაგრამ ერთადერთი მემკვიდრე ვაჟის ჯარით გამოგზავნამ კიდევ უფრო დამარწმუნა მის ალალ-მართლობაში _ შეთქმულება რომ მას გაეცა, ჯარს რატომღა შეჰყრიდა და შვილს დასაღუპად როგორ გამოიმეტებდა. ასეა თუ ისე, ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა და, თუმცა ახლა მის სისწორესა და აუცილებლობაზე ვმსჯელობ, ეს მხოლოდ უკვე მომხდარი ამბის, გადადგმული ნაბიჯის საბუთებით გამტკიცების ცდა უფროა, ვიდრე ამ ნაბიჯის სისწორეში ეჭვის შეტანა.
წეღან, როცა ურდოში გამგზავრების გადაწყვეტილება თითქმის დაუფიქრებლად მივიღე, მაშინვე ვიცოდი, სიკვდილის მეტი ამ გადაწყვეტილებაზე ხელს ვერაფერი ამაღებინებდა.

დანდობილად მიმავალი, სადავემიშვებული ცხენი უცებ დაფრთხა და შეხტა. ცოტნე ფიქრისაგან გამოერკვა, უნაგირის ტახტაზე ხელის წატანება მოასწრო და გადმოვარდნისაგან თავი ძლივს შეიმაგრა.
ბუჩქებიდან ასპასია და აბიათარი გამოძვრნენ.
_ ხომ გეუბნებოდი, აბიათარო, ოდიშის მთავარი იქნება-თქო. ვიცოდი, უკან არ გაბრუნდებოდა.
_ აქ რას აკეთებთ? _ გაოცდა ცოტნე.
_ შენ გელოდებოდით, მთავარო.
_ აქედან გიყურებდით, ჯარი რომ უკან გააბრუნე, ასპასიამ დაიჟინა, იმისთანა გუმანი მაქვს, ოდიშის მთავარი ერთხელ ნათქვამს არ გადათქვამს და შეთქმულთა გზას დაადგებაო, დაიჩემა, სანამ არ დავრწმუნდები, რომ გაბრუნდა, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. მე, მთავარო, შენი ფიცისა მჯეროდა და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ოდიშის გზას დაადგებოდი. მაგრამ მართალი ეს ქალი გამოდგა. ჯარის გაბრუნების შემდეგ აღმართს რომ ორი ცხენოსანი ამოჰყვა, დაიჟინა, ერთი ოდიშის მთავარიაო და, აგრე ყოველი სიკეთე აგხდენოდეს, მაგას ეგ აუხდა!
_ სულ დარწმუნებული მაინც არ ვიყავი და ბუჩქებს იმიტომ ვეფარებოდი, უცხოს არავის გადავყროდით.
_ მაინც არ დაიშალე, მთავარო, არა?!
_ ვერა, აბიათარ, ვერ დავიშლი.
_ მაშინ ჩვენც თან გამოგყვებით, გზა კარგად ვიცით, ისე გატარებთ, ანისამდე მტერს არსად გადაეყრებით.
_ ან ჩვენ წაგვიყვანე და გვიმსახურე, ან ორივე აქვე დაგვხოცე, მთავარო, _ ცოტნეს ცხენის აღვირს დაეკიდა ასპასია და ატირდა.
_ ჰო, ჩემო ბატონო! ან წაგვიყვანე და ან აქვე დაგვხოცე, _ გაიმეორა ცოლის ნათქვამი აბიათარმა, ქუდი მოიხადა და მიწას დაახეთქა.
ოდიშის მთავარი მიხვდა, ცოლ-ქმარს გადაწყვეტილებაზე ხელს ვერ ააღებინებდა.
სადავე აკრიფა, ცხენი დასძრა და გულაჩუყებულმა ხმის კანკალით თქვა:
_ წამოდით, რაკი არ იშლით!..
გულზე ოქროს პაიცა დაიკიდა ოდიშის მთავარმა.
დუმნისთავს ოქროს ამ პაიცით ყველგან პატივით ატარებდნენ ხოლმე და ახლაც ამის იმედად იყო ცოტნე.
მთავარ გზას ერიდებოდნენ, ტყე-ტყე და ხევ-ხევ სიარულით მანძილს იმოკლებდნენ.
ერთი-ორჯერ მონგოლ ყარაულებს გადაეყარნენ.
ოქროს პაიცის ძალამ გასჭრა, ანისს მიმავალი მთავარი შეუყოვნებლად გაატარეს.
დაღლილებმა ტყის პირას შეისვენეს. შებინდებისას ცხენებს უნაგირები მოხადეს, საგზალი გადმოიღეს და წყლის პირას გაშალეს სუფრა.
_ ღამე ბარემ აქ გავათიოთ და დილას ადრე გავუდგეთ გზას, _ ბრძანა ოდიშის მთავარმა.
ხელ-პირი დაიბანეს და სუფრას მიუსხდნენ.
გრძელი, ძნელი გზით დაქანცულებს მადიანად ჭამის თავიც აღარ ჰქონდათ. უგემურად ლოღნიდნენ და ხმას არ იღებდნენ, თითქოს სულ ერთი ყოფილიყოს, ჭამდნენ თუ არა და, საერთოდ, გააგრძელებდნენ თუ არა ცხოვრებას.
მხოლოდ ასპასია იყო წინანდებურად აფორიაქებული და შფოთდაუმცხრალი, შიშჩამდგარი თვალებით მთავარს აშტერდებოდა და ყოველ წამს ფერფური მისდიოდა.
ძაღლუმადურად დანაყრებულებმა ნაბდები გაშალეს და თავი უნაგირებზე მისდეს.
მთის მდინარე მთვარის შუქზე ხმალივით ელავდა და საამო, დამამშვიდებელი ჩხრიალით მიედინებოდა. ცოტნეს მშობლიურ ნანინასავით ჩაესმოდა მდინარის ჩხრიალი. წამით აკვანში გაღვიძებულივით აიხედა მაღლა და ვარსკვლავებით მოჭედილ უნაპირო ცას რომ შეხედა, უცებ ბავშვივით იმ ვარსკვლავების ხელის წატანება მოუნდა.
სადღაც ბაყაყმა დაიყიყინა. მაშინვე მეორე აჰყვა და მთელმა გუნდმა რომ ნაცნობი სიმღერა გააბა, ცოტნეს უცებ ცრემლი მოადგა თვალს: წამით ხობის ნაპირი წარმოიდგინა, გულაღმა გაწოლილს თავი გადიას კალთაში ედო და გამდელის ნათქვამ ლექსს ხმამაღლა ასძახოდა ურიცხვი მნათობებით მოჭიკჭიკებულ ცას:

ბჟა დია ჩქიმი,
თუთა მუმა ჩქიმი,
ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი
და დო ჯიმა ჩქიმი.

მაშინ თვითონაც ხვიჩა მორუცხს ჰგავდა პატარა ცოტნე. სჯეროდა, რომ იმ ვარსკვლავებს მარტო ხმას კი არა, ხელსაც მიაწვდენდა და სოფლის ზრუნვისაგან შორს მდგარი, სამყაროს მთლიანობაში გათქვეფილი ყრმა უდარდელად იძინებდა უდუ გადიას თბილ კალთაში.
მაინც კარგია ეს სიცოცხლე, თუნდაც იმიტომ, რომ ყრმობის იმ განცდის გახსენება და ოცნებით ბავშვობაში გადასვლა შეუძლია ადამიანს!
ნეტავ სულ იმ ოცნებით ცხოვრება შეიძლებოდეს ამ ქვეყნად, იმ წმინდა გულით იყოს დაკავშირებული გარესამყაროსთან ადამიანი, უმანკო გულით, რამაც არც სიკვდილის არსებობა იცის, არც ღალატი და არც ასაკში შესულთა ურთიერთობის სხვა რამ ჭუჭყი.
რას იფიქრებდა ხობის პირას მეოცნებე პატარა ცოტნე, რომ ოდიშის მზისა და მთვარის შვილს, მოციმციმე ვარსკვლავების უმცროს ძმას, ოდესღაც ამქვეყნიური ჭუჭყი ზღვასავით მოადგებოდა და თავისი ფეხით სასაკლაოზე წასვლას აიძულებდა. შეებრალა თავისი თავი, უდანაშაულოდ გაწირული ცოლ-შვილი და იმ დიდ ჭუჭყში დამხობილი სამშობლო, რომელიც თვითონ ცოტნეც იყო, ის ვარსკვლავებიანი ღამეც და ამქვეყნად განცდილი ყველა სიამეც. წამით, მთელ სხეულში რაღაც მომთენთავი სითბო და სილბო იგრძნო ვაჟკაცმა და ყელში ბურთი მოაწვა.
_ არა გძინავს, მთავარო? _ გაკრძალულად, ხმადაბლა იკითხა აბიათარმა.
_ არა, არ მძინავს, _ გაეპასუხა ფიქრიდან უცებ გამორკვეული ცოტნე.
_ ზღაპარს ან იგავს რაიმეს გიამბობთ ჩემი მეუღლე, თუ ინებებთ. წეღან მოვითათბირეთ და განვიზრახეთ, რიგ-რიგობით მოგითხროთ ხოლმე დარდის უკუსაყრელად ან ფიქრთ გასართველად არაკი და იგავი; არა გუნების დასამძიმებლად, არამედ ნაღვლის გასაქარვებლად გეტყოდეთ არაკთა, რამეთუ სიბრძნეცა სიცრუისა სარგებელ იყო გულისხმა­ყოფად კაცთა.
_ იყოს ნება თქვენი, _ დაეთანხმა ცოტნე და ნაბადზე წამომჯდარმა ასპასიამ დაიწყო:
_ ისმინე, მთავარო, და ცხონდი უკუნითი უკუნისამდე! ალბათ, გახსოვს ჩემი პატრონი ფაკირი, მთავარო. გრძნეული იყო ინდოელი ფაკირი, ფეხშიშველა გავარვარებულ ნაკვერცხლებზე დადიოდა და მუსიკობით გველი ხვრელიდან გამოჰყავდა. ცარიელი ძვალი და ტყავი იყო და თითქოს კუნთიც არ ჰქონდა, მაგრამ რომ დაიძაბებოდა, მთელი სხეული ერთ რკინის ძარღვად გადაექცეოდა ხოლმე. მაშინ გულზე საპალნით დატვირთული ურმის გადავლას უძლებდა და მნახველებს ეს ჩვეულებრივი იოგი სასწაულთმოქმედ ჯადოქრად ეჩვენებოდათ. ადრეც მითქვამს, პაწაწინა გოგო ვიყავი, ფაკირმა რომ მიყიდა. ჩემი ახალი პატრონისა ყველაფერი მაოცებდა, მაგრამ ყველაზე დიდ საკვირველებად ის ზღაპრები და არაკები მეჩვენებოდა, რომელთაც იშვიათი შთაგონებით მიამბობდა ხოლმე ძილის წინ დედის ალერსს მონატრებულ ბავშვს. იმ იგავთაგან ჩემს მეხსიერებას ბევრი შემორჩა და მინდა ერთი გიამბო.


თქვა ასპასიამ არაკი:
მტრის მინდობისა და თავის გაუფრთხილებლობისათვის.

თქმულა: პატრონსა ერთსა ცხვრის ფარა ჰყავდა მრავალრიცხოვანი. ცხვრის ფარის წინამძღოლი ვაცი იყო ელქაჯი, ახოვანი, რქამაღალი, ბეწვგრძელი და უნიშნოდ თეთრი, ვითარცა სპეტაკი თოვლი.
ელქაჯი იგი ძლიერი იყო და უხორცოსავით უშიშარი, არა თუ ვაცი არსად იპოვებოდა მისი  მომრევი,  მგლებიც კი მასთან პირისპირ შებმას უფრთხოდნენ და მისი წვეტიანი რქების შიშით ფარეხს ახლოს არ ეკარებოდნენ.
გონებააღმატებული ვაცი დღედაღამ ფარის უკლებლობისათვის ზრუნავდა, გზებზე წინ ფრთხილად უძღოდა და ბალახითა და მწვანით ნაყოფიერ საძოვარს ურჩევდა, ცხვარს ერთ წუთსაც თვალს არ აცილებდა, მწყემსთა და ნაგაზთაგან შორს არ უშვებდა, ღამით ძილფხიზლად ეძინა და მცირე ჩქამიც კი არსაიდან გამოეპარებოდა.
რა არ იღონეს მგლებმა, მაგრამ ვერც ძალითა და ვერც ეშმაკობით ხერხიან ვაცთან ვერა გააწყვეს რა.
დაიმშა და შეწუხდა მგლის ხროვა. შეჭირვებულნი თავიანთ ხელმწიფესთან შემოკრბნენ და შველა სთხოვეს:
_ ხელმწიფევ ჩვენო, მაღალო და გამგებიანო, უფალო ტოტია! ხორცის უჭმელად მგლის დარჩენა დღემდე არ თქმულა. რაც ეგ ელქაჯი ცხვრის ფარის წინამძღოლია, ბატკნის გემო გვენატრება. საკუთარ სიფხიზლესა და მწყემსების ძალას მინდობილი, ცხვარს თვალს არ აშორებს და ცივ ნიავს არ აკარებს. შენი მაღალი გონებითა და ძალით ეგ ვაცი მოგვაშორე და ჩვენ ძველებურად ერთგულ სამსახურს არ მოგაკლებთ, არც შენ გამოგილევთ თიკნის ჩვილ ხორცს და ჩვენც მაძღარნი ვიქნებით!..
ტოტია თავადაც საგონებელში იყო ჩავარდნილი, იმ ვაცს წყევლიდა და დღეღამ იმის ხერხისა და ღონის ძიებაში იყო, ის უძლეველი ვაცი თავიდან როგორ მოეცილებინა. ტოტიამ თავის ქვეშევრდომთ მეფურად აღუთქვა დახმარება და თვითონ შინ ჩაიკეტა, ბუნაგში.
ორ დღეს არც გარეთ, სამზეოზე გამოსულა, არც ბუნაგში შეუშვია ვინმე.
მესამე დღეს გამობრძანდა, თან არავინ იახლა, ცხვრის გეში აიღო და ფარას უკან აედევნა.
ძაღლები რომ თეოზე წამოწვნენ და მწყემსები პურისჭამად დასხდნენ, ტოტია ფარას მიუახლოვდა, ბუჩქებს ამოეფარა და ვაცს დამტკბარი ხმით დაუწყო ხვეწნა:
_ გონებითა და ძალით ყოველთა სულდგმულთა აღმატებულო, ბეწინავ! დიდი ხანია შენს ქცევასა და ცხოვრების რიგს ვაკვირდები და ვერც შენს მოქმედებას, ვერც სიტყვა-პასუხს და თავის დაჭერას ზადი ან ნაკლი ვერ მოვუძებნე. აწ მგელთა მოდგმა დიდ განსაცდელს ჩავარდა და შენს მეტს ჩვენი შველა არავის ძალუძს. გევედრები, დაივიწყე ჩვენი ძველი მტრობა, ვითარცა კეთილად განმბრჭობმა და დიდბუნებოვანმა, დახმარების ხელი გამოგვიწოდე და სრულ მოსპობას გადაგვარჩინე. ალბათ, დააკვირდებოდი, რა ხანია, შენი ფარიდან ჩემს ქვეშევრდომთ ერთი ბატკანიც არ მოუტაცნიათ. არ იკითხავ, რატომო?
_ რატომაო? _ დამცინავად დაიკიკინა ბეწინამ და თვალი ამაყად მოავლო მწვანე გორაკზე შეფენილ ურიცხვ ფარას.
_ რატომ და სიზმარი ვნახე ექვსი თვის წინათ. უფალი გამომეცხადა და მიბრძანა: არც შენ, არც სხვამ შენმა ხელქვეითმა ხორცის გემო აღარ გასინჯოს, რადგან მე ასე გადავწყვიტე, ცოცხალი ოთხფეხის კვლა და მათი ხორცის ჭამა დიდი ცოდვა არის და ვინც ამიერიდან სულდგმულის ხორცს საჭმელად გაეკარება, ჩემგან დაწყევლილი იქნება ორსავ სოფლის სააქაო და საიქიო ცხოვრებაშიო. შეშინებულმა უფალს ამის კითხვა გავუბედე: ჩვენი ჯიში დასაბამიდან ხორცით იკვებებოდა და აწ თუ ამას გვიკრძალავთ, თავი რით ვირჩინოთ-მეთქი. მათ, ვინც უკვე ხორცის გემო იცის და აქამომდე ამით უცხოვრიათ, არ მოვაშივებ, უჭმელად შევინახავ ისე, რომ მათი დღის დასასრულამდე მაძღარი იყვნენო, ხოლო თქვენს ლეკვებს ფოთლისა და ბალახის ჭამას ვუწესებ კანონად ამიერიდანო. ეს იცოდე და სხვებსაც სავალდებულოდ გაუხადე, მგლის ლეკვი რომ გაჩნდება, ბალახისა და ნეკერის ჭამას შეაჩვიეთ და ხორცს ახლო არ გააკაროთო. უფლის ეს ბრძანება სამგლეთს კანონად დავუწესე და მას აქეთ, შენც ხედავ, მგელი ცხვარს აღარ იტაცებს, მაგრამ, ღვთის წყალობით, არც მშიერია და აღარც ხორცის ჭამის სურვილი აქვს. მგლებს კი ეშველათ, მაგრამ ახლად დაბადებულ ლეკვებს ვერაფერი მოვუხერხეთ, ბალახის ძოვა და ნეკერის კიკნა ვერ ვასწავლეთ: ღვთის ამ ბრძანების შეუსრულებლობამ შემაშინა და ძილში უფალი რომ ხელახლა გამომეცხადა, ჩემი გაჭირვება მოვახსენე. ღმერთმა ასე მითხრა: მგელი თავის ლეკვს ნეკერის ჭამას როგორ ასწავლიდაო. ერთი ვაცი არი. დიდი ფარის ელქაჯი, რომლის ქება ჩვენამდისაც დიდი ხნის მოღწეულიაო, გონებით აღმატებულ ვაცს ბეწინა ჰქვია და შენი შვილების აღმზრდელად ის მოიწვიე, მისებრ სხვა მგლის ლეკვს ნეკერის ჭამას ვერავინ ასწავლის და მისი გაკვეთილი სხვებისთვისაც სამაგალითო იქნებაო.
_ ეგ საკენკი შენს მგლებს დაუყარე! _ გასძახა ბეწინამ და ერთი გაბმით დაიკიკინა.
_ ბეწინავ, ღვთის ბრძანების შეუსრულებლობას ნუ იკადრებ, უფალი მოწმეა, მის სიტყვას სრულად და სწორად მოგახსენებ, ჩვენი ვედრება ისმინე, ჩვენს ბალღებს ფოთლითა და ბალახით თავის გატანა ასწავლე, ისინიც გადაგვირჩინე და შენც ღვთის რისხვა აიცილე თავიდან.
_ როგორც წყალი და ცეცხლი ვერ თვისობს ერთიმეორეს, აგრეთვე თხა და მგელი ერთად ვერ მოძოვს. ტყუილად ირჯები, ტოტიავ, ბრიყვი ნუ გგონივარ, დამეხსენი, თორემ მწყემსებსა და ნაგაზებს მოვიხმობ და აქედან ცოცხალი ვეღარ გაასწრებ, _ მოუჭრა ბეწინამ.
სხვა რა გზა ჰქონდა და, ტოტია მეორე დღესაც მივიდა. ბუჩქს ამოფარებულმა გუშინდელი თხოვნა გაუმეორა და ესეც დასძინა:
_ ვიცი, ბეწინავ, ფრთხილი ხარ და მგლის სიტყვას არ ენდობი. ჩვენი მუხთლობის შიში რომ არ გქონდეს, თან ცხვრის ყარაული ნაგაზები წამოიყვანე, ვიდრე ჩვენს შვილებს მწვანის ძოვას ასწავლი, ის ძაღლები იქ გყავდეს და თვალს ნუ მოგაშორებენ. თუ ამასაც არ დაჯერდები, ჩემს მემკვიდრე ლეკვს მოგიყვან მძევლად, ამ ბუჩქთან დავტოვებ და თქვენებს დაუბარე, შენ თუ ჩვენგან მცირე წყენა რამე მოგადგება, ის ლეკვი ასო-ასო დაგლიჯონ და ჩემი ტახტი უმემკვიდროდ დასტოვონ.
ბეწინამ წამით ნეკერის კიკნა შეწყვიტა და ცალი თვალით უნდოდ გახედა ტოტიას.
_ ჰოი, გონებითა და სიბრძნით ამაღლებულო! მოაპყარ სასმენელი ჩემს ვედრებას, ირწმუნე ჩემი უზაკველი მეგობრობა. იყოს მშვიდობა და სიყვარული ჩვენს შორის, დაეხმარე ჩვენს შვილებს ღვთის ბრძანების ასრულებაში, ასწავლე მათ ბალახის ძოვა და გადაარჩინე ჩვენი მოდგმა შიმშილით ამოწყვეტას.
ბეწინამ წარბი შეიკრა, უარის ნიშნად თავი გააქნია, წვერი გულმოსულმა ააცანცარა და ფარა უფრო ახლოს მისწია მწყემსებისაკენ.
მესამე დღესაც აპირებდა ტოტია თხოვნითა და ვედრებით ბეწინასთან მისვლას.
მაგრამ სწორედ იმ დღეს, ელქაჯს მარცხი შეემთხვა, დაგორებულმა ქვამ ფეხი ატკინა და ვაცი ფარას ჩამორჩა.
ვიდრე ბეწინას მკურნალობდნენ, მგლებმა დრო იშოვეს, უმეთაუროდ დარჩენილი ფარა დაიმარტოხელეს, თავს დაესხნენ და ცხვარი თითო-თითოდ დაიტაცეს.
ბეწინა რომ მორჩა და ფეხზე დადგა, მომხდარი უბედურება შეიტყო. წვერი დაიგლიჯა და ცხარე ცრემლი ჰყარა. მერე ბაკში ჩაიკეტა და იმის საგონებელს მიეცა, თუ გატაცებული ცხვრებისათვის როგორ ეშველა. დიდმა ჯავრმა და განსაცდელმა, ეტყობა, გონება დაუბნელა და სიბრძნის ნათელი დაუშრიტა. ბევრი ფიქრის შემდეგ, ტოტიას ნათქვამი გაიხსენა და წყალწაღებულივით ამ ხავსს მო­ეჭიდა:
_ ჩემი ბრალია, მგელთა ხელმწიფის ხვეწნას ყური არ ვათხოვე, მგლის ლეკვების აღზრდაზე უარი რომ არ მეთქვა და მათთვის ფოთლისა და ბალახის ჭამა მესწავლებინა, ამ დღეში არ ჩავვარდებოდი! _ გულში მჯიღის ცემით მოსთქვამდა ბეწინა,
_ ეგ რა თქვი, ბრძენო და განგებიანო, თხა და ცხვარი მგლის აღმზრდელი როდის ყოფილაო, _ მოახსენეს ბეწინას ნათქვამით გაოცებულმა თხებმა.
_ თქვენ არ იცით, ეს ერთი ხანია, მგლებს ღმერთმა ხორცის ჭამა აღუკვეთა და კანონად დაუწესა, ამიერიდან თავიანთი ლეკვები ბალახითა და ფოთლით ჰკვებონ, _ აუხსნა ბეწინამ და თხებს ტოტიას ნათქვამი წვლილად უამბო.
თხებმა ერთმანეთს გადახედეს და კრძალვით შეჰბედეს:
_ მგლის ფიცი თხებისთვის სარწმუნო როდის ყოფილა, ბეწინა, ალბათ, ხუმრობს, რომ ჯავრი შეგვიმსუბუქოსო.
_ რა მეხუმრება, გულ-ღვიძლში ცეცხლი მიკიდია! _ გაწყრა ბეწინა, _ როგორ ვერ შეიგნეთ, მგლები ღვთის ბრძანებას ვერ გადავიდოდნენ, ხორცს ვერ შეჭამდნენ და თუ შვილებს ბალახის ძოვას არ ასწავლიდნენ, ლეკვები როგორ უნდა ერჩინათ?
დავიღუპეთ, ჯავრისაგან შეშლილა ჩვენი წინამძღოლიო, გაიფიქრეს თხებმა და ხან ხუმრობით, ხან გონივრული რჩევით, ცდილობდნენ, ბეწინასათვის ტოტიასთან წასვლის უაზრობა ჩაეგონებინათ.
_ თქვენი ჩლუნგი გონება ჩემი გადაწყვეტილების სიბრძნეს ვერ ჩაწვდება. ერთ კვირაში მოვრჩები ტოტიას ლეკვების წვრთნასა და ფარასაც უკლებლივ დავიბრუნებ. თქვენი რჩევა და შეგონება მე არ მჭირდება და ამის მეტი ამ საქმეზე აღარა მითხრათ რაო, _ მოსჭრა ბეწინამ.
_ რაკი ჩვენი არ გჯერა და მგლებთან წასვლას არ იშლი, წადი, მაგრამ შენს თავს დააბრალე, შენც რომ ჭიანჭვე­ლების მამასახლისივით დაგემართოსო, _ უთხრეს თხებმა.
_ ეგ როგორ ყოფილაო, _ იკითხა ბეწინამ.
_ მაგ არაკს მე მოგახსენებ, _ ჩამოართვა ცოლს სიტყვა აბიათარმა.
_ კარგი, დანარჩენი შენ თქვიო, _ დაუთმო ქმარს ასპასიამ.

თქვა აბიათარმა არაკი:

_ უთქვამთ, ქვეყანასა შირვანისასა, ერთ ტყეში ულვაშიანი ჭიანჭველები ცხოვრობდნენ. მათ მამასახლისს სხვაზე გრძელი ულვაში ჰქონდა და ამიტომ ულვაშას ეძახდნენ.
ულვაშა ბრძენი და გონიერი, მტერთაგან უძლეველი და მოურეველი ვაჟკაცი ყოფილა. დღედაღამ თურმე იმას ზრუნავდა, თავისი სამფლობელო გაეძლიერებინა და თავისი ქვეშევრდომნი გაემრავლებინა. მისი შიშით მტაცებელი ახლო ვერსად ჭაჭანებდა და ჭიანჭველებს სიმშვიდეს ვერავინ ურღვევდა.
ერთხელ ულვაშა, რამდენიმე ჭიანჭველის თანხლებით, აღზევანს წავიდა მარილის მოსატანად. ქვეშევრდომნი დაარიგა, მის დაბრუნებამდე შორს არსად წასულიყვნენ, ქალაქის გალავანი გაემაგრებინათ და კარი არავისთვის გაეღოთ.
ჭიანჭველები მტკიცედ იცავდნენ მამასახლისისათვის მიცემულ სიტყვას, გალავნიდან გარეთ არ გადიოდნენ და შიგ უცხოთაგან არავის უშვებდნენ.
ერთ დღეს ტყეში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ალი ირგვლივ შემოერტყა ჭიანჭველების ქალაქს, აღარც არსად გასაქცევი იყო, აღარც დასამალავი. ცეცხლმა მიწის ზედაპირიც კი ნახშირად აქცია. სიმხურვალემ ღრმად ჩააღწია ჭიანჭველების ბუდეში და ყველა, ვინც ქალაქიდან შორს არ იყო, ერთიანად დაიღუპა.
აღზევნიდან მობრუნებულ ულვაშასა და მის მხლებლებს აღარც ტყე დახვდათ და აღარც თავიანთი საყვარელი ქალაქი. ფერფლისა და ნაცრის სქელი ფენა გადაფარებოდა მათ კერასა და ნაშრომ-ნაღვაწს.
აღზევნიდან ვაივაგლახით ჩამოტანილ მარილს რაღა თავში იხლიდნენ, დასხდნენ დანაცრებულ ნაქალაქარზე და ცხარე ცრემლით იტირეს.
ულვაშამ, მოთქმითა და გოდებით გული რომ იჯერა, დაიჟინა, ცეცხლის მეფესთან უნდა წავიდე, ხანძრის სისასტიკე უნდა ვიჩივლო, ქალაქის აღდგენა და ჭიანჭველების გაცოცხლება უნდა შევავედროო.
_ ცეცხლისაგან დანახშირებულის აღდგენა და ფერფლად ქცეულის გაცოცხლება სად გინახავსო, _ შეჰბედეს ხელქვეითებმა.
_ თქვენ რა იცით, ცხრა მთას იქით ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავია, მიწიდან ალი ამოდის და ის არის ცეცხლთა უფალი. ბევრჯერ მინახავს, იმ ალთან მორწმუნე ადამიანები მიდიან, ლოცულობენ და რასაც შესთხოვენ, ცეცხლის უფალი მყისვე უსრულებსო, _ დამაჯერებლად თქვა თავის სიმართლეში დარწმუნებულმა ულვაშამ.
_ ვაითუ, ვერც დაღუპულებს უშველო და შენი თავიც წააგო, _ უთხრეს ჭიანჭველებმა, მაგრამ მამასახლისმა ნათქვამი აღარ გადათქვა და ცხრამთას იქით წასვლა არ დაი­შალა.
საგზალი გაუმზადეს და ორი ერთგული ჭიანჭველის თანხლებით ულვაშა შორეულ გზას გაუდგა.
როდის-როდის, ცხრამთა გადაიარეს და ცეცხლის უფალთან მივიდნენ.
მიწიდან გუგუნით ამოდიოდა ალის მაღალი სვეტი. ირგვლივ მსხვერპლად შეწირული ხვადაგის ხორცი ეყარა და თაყვანსაცემად დამხობილი მლოცველები ვედრებას აღავლენდნენ.
ულვაშამ თავი შორიდან დაუკრა და ცეცხლის უფალს საჩივარ-სათხოვარი მოახსენა.
_ ახლო მოიწი და ხმამაღლა მითხარი, ამ გუგუნში არ მესმისო, _ უთხრა ცეცხლის უფალმა.
ჭიანჭველა ალისკენ წავიდა და თუმცა მოახლოებული ცეცხლის სიმხურვალისაგან საფეთქლები ასკდებოდა, სათხოვარ-საჩივარი ხმამაღლა გაიმეორა.
_ ცოტა კიდევ მოიწი, რომ უკეთ გავიგონოო, _ უბრძანა ცეცხლის უფალმა.
ულვაშა ალისკენ დაიძრა, სიცხისაგან გაოგნებული თვალით ვეღარაფერს ხედავდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და ბარბაცით მაინც რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა.
უცებ, თითქოს ქარმა დაუბერაო, ალის სვეტი წამოიხარა, ულვაშა აიტაცა და შთანთქა.
მტრის მიმნდობსა და თავის გაუფრთხილებელს მუდამ ეგრე მოსვლია, ბეწინავ. როგორც იმ ჭიანჭველამ ვერ უშველა თავის დამწვარ სამწყსოს და თვითონაც დაიღუპა, შენც ეგ ბედი მოგელის, თუ მგლებთან წასვლას არ დაიშლიო, _ უთხრეს თხებმა ბეწინას და თავი დაუკრეს.
ბეწინამ თხების შეგონება არაფრად ჩააგდო, საგზალი გაიმზადა და გზას გაუდგა.
მგლების ბუნაგს სადღესასწაულოდ გამოწყობილი ისე მიადგა, არც მწყემსები წაიყვანა, არც ნაგაზები იახლა.
ტოტიას ბუნაგის წინ შეჩერდა, ერთი გრძლად დაიკიკინა და წვერი დააცანცარა.
თხის კიკინზე შიმშილით მისუსტებულ ტოტიას გაეღვიძა და ბნელი ბუნაგიდან ცეცხლოვანი თვალებით გამოანათა.
_ უძლეველო ხელმწიფევ! _ თავი მდაბლად დაუკრა ბეწინამ, _ ვწუხვარ, რომ აქამდე არ ვიღე ყურად თქვენი ბრძნული რჩევა. შეცდომა მოვინანიე და მოვედი მეფის ძეთა აღსაზრდელად. სიტყვას გაძლევ, მსგეფსზე შენს მემკვიდრეებს უკვე ეცოდინებათ ნეკერისა და ბალახის ჭამა და ვინძლო, აქ გამორეკილი ჩემი ფარა უკლებლად დამიბრუნო.
მსუქანი ვაცის დანახვით მადააღძრულ ტოტიას პირს ნერწყვი მოსდგომოდა.
_ ახლო მოიწი, ბეწინავ, ლეკვები აქ არიან და შენ თვითონ წაასხი სასწავლებლად, _ გასძახა ტოტიამ ბუნაგიდან.
ვაცი უშიშრად წავიდა ბუნაგისაკენ. ის იყო, ბნელში თავი შეჰყო და... ტოტია ეცა. დაყვირებაც ვერ მოასწრო უბედურმა, ისე დააგდო ყელგამოღადრული მგელთა მეუფემ.
მთავარო, ამ არაკის სიბრძნე ის არის, ჭკვიანი კაცი თავს გაუფრთხილდეს, მტერს არ მიენდოს და დაუფიქრებლად თავი სასიკვდილოდ არ გასწიროს.
_ მივხვდი, აბიათარ, მაგ იგავის აზრს, ბევრ სხვასაც მიხვედრილი ვარ, მაგრამ ჩემი უკან გაბრუნება არ შეიძლება, ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება უნდა აღვასრულო და კოხტისთავის შეთქმულებთან ერთად უნდა ვაგო პასუხი ნოინების წინაშე. _ მშრალად მოსჭრა ცოტნემ.
_ იყოს ნება შენი, _ წაიდუდუნა აბიათარმა.
_ ძილი ნებისა, მთავარო!
_ ძილი ნებისა!

გულის ძილში წასულმა ცოტნემ ზმანება ნახა.
სიზმრად სადღაც ძნელი და გრძელი გზით მიდიოდა. გზაჯვარედინს მიადგა და შეჩერდა.
გზის გასაყართან უზარმაზარი ლოდი იყო. ლოდზე დიდი ასოებით ეწერა:
მარცხნივ წახვალ _ ინანებ...
მარჯვნივ წახვალ _ ინანებ...
ჯერ მარცხნივ გახედა, მერე მარჯვნივ: არც ერთ მხარეს გრძელი, უსასრულო გზის მეტი არაფერი ჩანდა.
აქეთაც დააპირა წასვლა, იქითაც, მაგრამ ყოყმანი ვერ დაძლია და ორთაგან ვერც ერთ გზაზე დადგომა ვერ გაბედა, რაკი სიკეთეს არც ერთი არ პირდებოდა.
საგონებელში ჩავარდნილი ლოდზე ჩამოჯდა.
ზის და ფიქრობს ცოტნე, საით წავიდეს, რომელი გზა სჯობს.
ფიქრში წასულს თავს ვარდან ყოფილი _ კირიონ წინამძღვარი დაადგა. ნავაზირალი ბრწყინვალედ იყო შემოსილი, სწორედ ისე, დასაფლავებისას კუბოში მწოლარე რომ ნახა.
ცოტნემ ბიძას ახედა და გაუკვირდა, აქ რა უნდა, ან საიდან გაჩნდა ვარდან დადიანიო.
საზეიმოდ გამოწყობილ ვაზირყოფილს, ალბათ, ისევ მეფის ძალაუფლებასა და სულის უკვდავებაზე სურს საუბარი ძმისწულთან, მაგრამ ახლა ცოტნეს ამისთვის სადა სცალია, გზაჯვარედინზე დიდხანს არ გააჩერებენ და ორთაგან ერთი გზა დროზე უნდა აირჩიოს. ცოტნემ ისევ თავი ჩაჰკიდა და თავისსავე საგონებელს დაუბრუნდა:
მარცხნივ წახვალ _ ინანებ!
მარჯვნივ წახვალ _ ინანებ!
მესამე გზა არ არის და ორი საფრთხისაგან რომელი აირჩიოს ცოტნემ?!
უიმედო, დაუსრულებელი ყოყმანითა და ბჭობით გაბეზრებულ ცოტნეს ვარდან-კირიონის ხმა ჩაესმა და სმენად იქცა. ზარიანი ხმით მეტყველებდა წინამძღვარი და ცოტნეს ზეციდან მთავარანგელოსის ძახილად ეჩვენა მისი ნათქვამი:
_ ცხოვრებაში დგება ხოლმე გადამწყვეტი, საბედისწერო წამი. იმ წამს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ხშირად არა მარტო ერთი კაცის ბედია დამოკიდებული, არამედ მთელი ერის ღირსება-მომავალიც. პიროვნებისა და მთელი ერისათვის ამგვარი საბედისწერო წამი მხოლოდ რჩეულთა ცხოვრებაში დგება. ყველაფრით გეტყობა, ღვთისაგან რჩეული ხარ. ამიტომ კარგად დაიხსომე: იმ წამისთვის ერთადერთი სწორი პასუხის გაცემა მეტწილად მსხვერპლს, თავგანწირვას მოითხოვს. მსხვერპლის გაუღებლად საშვილიშვილო საქმე არასოდეს გაკეთებულა და უკვდავის სახელი არავის დაუმკვიდრებია. ღმერთმა ჰქნას, ერის ცხოვრების ამ საბედისწერო წამს სწორი გადაწყვეტილება მიგეღოს და შენს მიერ გადადგმული ნაბიჯი ღვთისა და ხალხისათვის მოსაწონი და საქებური ყოფილიყოს!
_ ეგ ყოველივე უკვე მითხარი ერთხელ, წინამძღვარო. შენ ახლა ის მირჩიე, ორთაგან რომელ გზას დავადგე და საით წავიდე.
_ მე ვერ გირჩევ, ცოტნე, ვერც სხვა ვინმე მოკვდავთაგანი მიგანიშნებს არჩევანს. მიჰყევი შენი გულისა და სინდისის კარნახს _ შენს შინაგან ხმასა და ზეგარდმო შთაგონებას. ის მიგაღებინებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და შენი ეს ნაბიჯი შემდგომ თაობებს საამაყოდ და თავმოსაწონებლად ექნება.
ცოტნემ დამცინავად გაიღიმა. უნდოდა ბიძისათვის საყვედური ეთქვა, ჩემი ბედისა და მომავლის გამორჩევაში წილს არ იდებ, პილატესავით იბან ხელს და პირდაპირ პასუხს თავს არიდებო.
თავი ასწია და გაოცდა: ვარდან დადიანი აღარსად იყო.
გონს მოსვლა ვერ მოასწრო, რომ მაღლა ღრუბლებში რაღაც მძიმედ დაირხა, მერე დაბლა დაეშვა და ფრთაგაშლილი არწივი ცაში ცოტნეს სწორა გაჩერდა.
ცოტნეს უმალვე დაავიწყდა ბიძაცა და მისი შეგონებაც.
_ არწივი! _ აღტაცებით აღმოხდა ოდიშის მთავარს.
_ ამირანის არწივი! _ აღმოხდა იქვე ვიღაცას და ცოტნეს ხმა ეცნაურა.
არწივმა ირაო შეჰკრა, ფრთა ღონივრად მოიქნია და ფრენით იმ მხარეს გასცურა, საითაც მარცხნივ მიმართული სამხრეთის გზა მიდიოდა.
_ ამირანის არწივია! მიჯაჭვული გმირის გულ-ღვიძლის საკორტნად მიფრინავს! _ ჩაესმა ისევ და ცოტნემ ივლიანე-მოძღვრის ხმა იცნო.
აღმზრდელის სიახლოვით გახარებულმა ცოტნემ თვალი მოავლო იქაურობას, მაგრამ ამაოდ, ივლიანე მოძღვარი არსად ჩანდა.
არწივი ნელ-ნელა, დინჯად მიფრინავდა მარცხნივ, სამხრეთისაკენ მიმავალი გზის სწორა, ზოგჯერ შეჩერდებოდა, თითქოს ვინმეს უცდიდა, მერე ისევ გაჰკრავდა მხარს და მძლავრი ფრთების ქნევით თითქოს ვიღაცას ეძახდა თავისკენ.
ცოტნე მიხვდა, არწივი მას უხმობდა.
თითქოს მიწას მოსწყდაო, ფრთაშესხმულივით დაიძრა არწივის მიერ ნაჩვენები გზით სამხრეთისაკენ და...
ეშველა საგონებელში ჩავარდნილ მთავარს _ სული ამაღლდა და სხეულმა შვება იგრძნო, გული გახალისდა და გონება განათდა.
მერე ყველაფერი აირია: სიცხე იყო და ცოტნე ფეხშიშველა მიაბიჯებდა უღელტეხილის აღმართზე. უზარმაზარ ხის ჯვარს დიდი ვაივაგლახით მიათრევდა, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა და წყურვილით პირი უშრებოდა.
ვიღაც ჭაბუკი და დედაკაცი შორიახლო მოსდევდა.
ქალს ჩამოხეულ კაბიდან მაცდუნებლად მაღალი მკერდი მოუჩანდა, ოხრავდა და ჩუმად მოსტიროდა.
ქალი ასპასიას ჰგავდა და აჩრდილივით ადევნებული ჭაბუკიც იცნო ცოტნემ _ ის ჭაბუკი გუგუტა იყო.
დაფეთებული მოსდევდა, მძიმე ჯვრის ზიდვაში უნდოდა შეშველებოდა, მაგრამ ოდიშის მთავარს შუბოსნები ერტყნენ გარს და, მათი შიშით, ახლოს ვერ მიდიოდა.
როგორც იყო, აღმართი მოთავდა.
შუბოსნებმა ჯვარი მიწაზე დააგდებინეს, ზედ ცოტნე დააწვინეს და თოკით მაგრად დააკრეს.
დაუზოგავად მაგრად, მჭიდროდ უჭერდნენ თოკს.
ეტკინა ცოტნეს. ჯვარზე გამკვრელ შუბოსნებს ახედა, თავგადაპარსული, ვიწრო ყვრიმალებიანი ველურები იყვნენ, მიწურვილი, გაზიდული თვალებიდან გამჭვალავად იხედებოდნენ და ხარხარებდნენ.
ჯვარი მაღლა აღმართეს და ცოტნემ ახლა გარკვევით დაინახა: იმ ჯვარზე მაცხოვარი იყო გაკრული, თავს ეკლის გვირგვინი ედგა და სამსჭვალებით მიკრული ხელებიდან წმინდა სისხლი მოწვეთავდა.
ნამდვილად ქრისტეა ჯვარზე, მაგრამ წეღან რამ მოალანდა თავისი თავი მაცხოვრის ადგილას? ან რკინისჯვრის უღელტეხილის აღმართს რა უნდოდა გოლგოთასთან, ან გუგუტასა და ასპასიას სახეებად რამ მოაჩვენა იოანესა და მაგდალინელის სახეები.
მადლი უფალს, ეს მკრეხელური მოლანდება მალე გაჰქრა და ცოტნე გარკვევით ხედავს ჯვარცმულ ქრისტეს. მაგრად შემოჭერილ სხეულში ჩაჭდეული თოკებისაგან დახეთქილი კანიდან სისხლი სდის ქრისტეს, მაგრამ გასაოცარი ეგ არის, რომ ის თოკი ცოტნეს სხეულს უჭერს, უჭერს და უწყა­ლოდ სტკივა.
წეღან რომ სიცხისაგან პირი უშრებოდა, ახლა მთლად გაუხმა სასა ცოტნეს, გავარვარებული მზე ულმობლად აჭერს, სხეულს უხვრეტს და ცეცხლი ძვლებამდე ატანს.
იწვის კაცი. ჯოჯოხეთური ტკივილისა და სიცხისაგან ლამის თვალები წამოსცვივდეს და თავის ქალა გაუსკდეს.
პირის გასასველებელი წყალი და სულისმოსათქმელი ჩრდილი ერთ სიცოცხლედ უღირს, მაგრამ წყალი და ჩრდილი სახსენებლადაც გამწყდარა და არსად არის, თითქოს სამყარო უწყლოდ და უჩრდილოდ გაჩენილიყოს.
უცებ მაცხოვარს ჩრდილი დაეცა და ქრისტემ მაღლა აიხედა: ჯვარცმულის სწორა, ცაში ფრთაგაშლილი არწივი ტრიალებდა. მერე ყველაფერს უცებ ნისლი მიეფარა და მხოლოდ არწივიღა ჩანდა მზით განათებულ ღრუბლებში.
ფრთოსანმა მხარი მძლავრად მოიქნია და ფრთების მედიდური რხევით სამხრეთისაკენ გასცურა...

ცხენის ფეხის ხმაზე გაეღვიძა ცოტნეს. თავი წამოსწია: ვიღაც მიწაზე გაკრულ თეთრ ბედაურს სამხრეთისკენ მიაჭენებდა.
კარგ ნიშნად ეჩვენა. პირჯვარი გადაიწერა და იესო სიზმართამხდენს ზმანების კეთილად ახდენას შეევედრა.
სუფრა გააწყვეს.
მთავარი კარგ გუნებაზე იყო, სასმისი ასწია და უძილობისაგან თვალდაწითლებულ ასპასიას გაეხუმრა:
_ ძილი გაგიტყდებოდა, ასპასია, ის საშინელი არაკი თუ ჩაგყვა გულში.
_ მთელი ღამე თეთრად გავათენე, მთავარო, ჯავრით თვალზე ძილი არ მომეკარა.
_ მე კი დაბანგულივით მეძინა და წეღან, გაღვიძების წინ, ისეთი სიზმარი ვნახე, შენი იგავის შეგონება სულ დამავიწყდა.
_ ღმერთმა კეთილად აგიხდინოს სიზმარი. _ ხელაპყრობით თქვა ასპასიამ.
მთავარმა ცოტა ღვინოც მიირთვა, ჯავრისაგან დაძმარებულ აბიათარსა და გუგუტასაც გადააკვრევინა. სუფრა აშალეს და გზა განაგრძეს.

ბინდდებოდა, ანისს რომ მიაღწიეს.
დაბინავდნენ თუ არა, ცოტნე დიდვაჭარ მარტიროსის ქარვასლისკენ გაეშურა.
სომეხი ვაჭარი შინ არ დაუხვდა.
დვინს წავიდა და ორ დღეში დაბრუნდებაო, მოახსენეს.
ცოტნე შეწუხდა. შეთქმულთა ამბის გაგებასა და გზაზე დაყენებას სომეხი ვაჭრისაგან ელოდა და ახლა ის რომ წასული დახვდა, აღარ იცოდა, ვისთვის მიემართა.
შინ დაღონებული დაბრუნდა.
_ შენ ნუ გახვალ გარეთ მარტიროსის გამოჩენამდე, არ გიცნონ, _ შეჰბედა გუგუტამ, _ ქალაქს ჩვენ დავივლით, შეთქმულთა ამბავს გამოვიკითხავთ, აქაური ქართველებისა და სომხებისაგან მათ სამყოფელს შევიტყობთ და მერე, როგორც გვიბრძანებთ, ისე მოვიქცევით.
ცოტნეს სხვა გზა არ ჰქონდა, თავად შინ ჩაიკეტა და შეთქმულთა ამბის გასაგებად ერთგული მხლებლები გაუშვა.

დადიანთა სასახლეში ცუდი ამბის მაცნე შუაღამისას გაჩნდა. ქალბატონი გააღვიძეს. კრავაის შეთქმულთა შეპყრობა და ურდოსკენ ცოტნეს წასვლა მოხსენდა; მთავრის მეუღლეს ელდისაგან გული შეუღონდა და სასახლეში ერთი წივილ-კივილი ატყდა.
როგორც იქნა, კრავაი გონს მოვიდა.
_ ახლავე ცხენები შეჰკაზმეთ, მთავარს უკან უნდა გავუდგე, ან დავაბრუნებ და ან მეც მასთან ერთად დავიღუპები! _ გადაჭრით თქვა კრავაიმ და ვერ იქნა, ამ გადაწყვეტილებაზე ხელი ვერ ააღებინეს.
_ ვერც ქმარს უშველი და თავსაც ტყუილად დაიღუპავ!
_ შენი თავი თუ არ გებრალება, შვილები მაინც შეიცოდე...
ევედრებოდნენ და აშინებდნენ, მაგრამ კრავაიმ ერთხელ ნათქვამი აღარ გადათქვა. ბოლოს იმაზე დაიყოლიეს, გზას ბნელ ღამეში არ დადგომოდა და გათენებამდე დაეცადა.
საგზალი გაუმზადეს, ბარგი შეკრეს და ქალბატონი დილაადრიან გამოეთხოვა შვილებსა და ნათესავ-ახლობლებს.
ცრემლითა და მოთქმით გამოემშვიდობნენ ქმრისათვის სულის დამდებს, სიკვდილის გზაზე დამდგარ კრავაის.
სანამ ცხენზე შეჯდებოდა, თავს კიდევ იმაგრებდა, მაგრამ, როგორც კი ცხენი დასძრა და იქაურობას თვალი მოავლო, ამდენ ხანს შეკავებული ცრემლი უცებ წასკდა და ქალბატონი გულმოკლული აქვითინდა.
ურდოსკენ მიმავალ კრავაის თავში ათასგვარი საშინელება უტრიალებდა.
ამ ერთი თვის წინათ გზად გამოვლილი რუსი ვაჭრების ნაამბობი გაახსენდა. ის, რაც მაშინ დაუჯერებლად ეჩვენა, ახლა ცოცხლად წარმოიდგინა და, იმის ფიქრით, რომ მონგოლთა სისასტიკე საკუთარ თავზე უნდა გამოეცადა, შეძრწუნდა.
_ კაცის კვლაზე თურმე თვალსაც არ დაახამხამებენ, თავს ლოდზე დაადებინებენ და ქვით უჭეჭყავენ; ხერხემლის გადატეხა და წიხლით გულ-ღვიძლის ჩაქცევა, ან ქვის ხერხით კისრის გადახერხვა კაცის კვლის ჩეულებრივ ხერხად მიაჩნიათ თურმე. მაგრამ ამაზე უარესი ის ყოფილა, რომ ქალი თუ ჩაუვარდათ ხელთ, ენით უთქმელ ბოროტების ჩადენას აიძულებენ თურმე. რუსეთის რომელიღაც მთავარი შეუსმენიათ ბათოსთან, _ მოჰყვნენ რუსი ვაჭრები, _ მთავარი ყაენს სიკვდილით დაუსჯია. მოკლულის ძმა და ქვრივი ბათოს ხლებია და შევედრებიან, მამულს ნუ წაგვართმევო. ბათოს მთხოვნელისთვის უბრძანებია, ჩვენი წესით, შენი ძმის ქვრივი უნდა შეირთოო. ქვრივს უპასუხია, მირჩევნია, ახლავე მომკლათ, ვიდრე ქრისტიანული წესი დავარღვიო და მაზლს შევუუღლდეო. ბათოს ბრძანებით, მაზლი და რძალი ძალით დაუწვენიათ ერთად და იძულებული გაუხდიათ ერთმანეთს შეერთებოდნენ.
კრავაის ტანში გააზრიალა და თვალთაგან ცრემლი ღაპაღუპით წამოუვიდა.
სად მიდის და რად იღუპავს თავს?!
ვინ იცის, ცოტნეს ეგებ ცოცხალსაც ვერ ჩაუსწროს და, თავი სულ ტყუილად ჩაუგდოს ხელთ იმ პირუტყვ მონგოლებს.
მაგრამ ხომ შეიძლება, ქმარი იხსნას და თვითონაც უვნებელი გადარჩეს?!
ღვთისმშობელი დედა იქნება კრავაის შემწედ, ის გადააფარებს თავის კალთას და როგორც ამდენ ხანს დაიცვა ოდიშის მთავრის ოჯახი ყოველგვარი ბოროტებისაგან, ახლაც ის დაიხსნის თავისი სიწმინდის ძალით მის მავედრებლებსა და მის სარწმუნოებას მინდობილთ...
კრავაიმ ირწმუნა, რომ ამიერიდან ქმრისა და მისი ბედი მისსავე ნებისყოფის სიმტკიცესა და საზრიანობაზე იყო დამოკიდებული. უკან დასახევი გზა აღარ იყო და გულში მტკიცედ გადაწყვიტა, ყველა ხერხი და ღონე ეხმარა მონგოლთა გულის მონადირებისა და ურდოდან ქმართან ერთად უვნებლად დაბრუნებისათვის.

დიდვაჭარს ოდიშის მთავრის მისვლა რომ მოხსენდა, ფერი დაკარგა და კინაღამ გული შეუღონდა.
სულ რამდენიმე დღის წინ კოხტისთავის შეთქმულთა შეპყრობისა და სასიკვდილოდ ანისს ჩამოყვანის ამბის შეტყობაზე ელდა ეცა, მაგრამ მალე დამშვიდდა _ შეპყრობილთა შორის მისი მთავარი მოვალე ცოტნე დადიანი არ იყო. ვალის დაბრუნების იმედი მოეცა და გული დაიარხეინა.
ახლა ოდიშის მთავრის უეცარი მოსვლა რომ აცნობეს, კინაღამ დამბლა დაეცა: შეპყრობას გადარჩენილი დადიანი თავისი ფეხით მოდიოდა სასიკვდილოდ და თავს თვითონვე ჰყოფდა ყულფში, რომელიც გუშინ მისგან ასე შორს იყო.
ცოტნემ კიბე აიარა და მეორე სართულზე ავიდა. კარი გაუღეს და ვრცელ დარბაზში შეიყვანეს.
_ პატრონი ახლავე გეახლებათ, დაბრძანდით, _ უთხრა მსახურმა და სავარძელი მიუჩოჩა.
ცოტნე რბილ სავარძელში ჩაესვენა. თვალი მშვიდად მოავლო იქაურობას: ოთახი ოქროცურვილი ვერცხლით მოჭედილი ავეჯით იყო გაწყობილი, ირანული ნოხები, ფარჩა და აბრეშუმი, ჩინ-მაჩინისა და მაშრიყ-მაღრიბის უცხო-უცხო საქონელი გორებად ეწყო იატაკზე და მაგიდებზე, ახდილ სკივრებსა და ყუთებში.
ცოტნემ იცოდა: სომეხი დიდვაჭრის ქარავნები ქვეყნიერების ოთხივე მხარეს სერავდნენ და დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში ათასგვარი საქონელი დაჰქონდათ.
ისიც სმენოდა: გორელი სომხისა და დიდვაჭრისათვის ყველა მეფის კარი ღია რომ იყო. მარტო ოდიშის მთავარს კი არ ემართა მარტიროსის ვალი, მრავალი გვირგვინოსანი თუ უგვირგვინო მეფე მისი ხელის შემყურე იყო და ხელმწიფეებს ზოგჯერ თავის ნება-სურვილს კარნახობდა.
ცოტნეს ხელგაშლილი ცხოვრება არასოდეს იზიდავდა. თავად მცირესაც სჯერდებოდა და ფუფუნებისათვის ვალს არასოდეს აიღებდა. სომეხი ვაჭრის ვალში ოდიშის მთავარი საქვეყნო საქმემ ჩააგდო და ფული სამშობლოსათვის ზრუნვამ ასესხებინა.
ერთხელ აღებულ ვალს მეორე დაემატა, თავნს სარგებელი მოჰყვა და ოდიშის მთავარი სომეხი დიდვაჭრის კლანჭებში აღმოჩნდა. იმ კლანჭებს ნელ-ნელა უჭერდა მარტიროსი და ვალის გადახდას არც ისე აჩქარებდა. ცოტნე ვერცხლს ვერცხლზე ადებდა, ვალისაგან თავის დახსნას ცდილობდა, მაგრამ მონგოლთა ხარკსა და გადასახადს რა უნდა მორჩენოდა, სარგებელი სარგებელს ემატებოდა და ვალი ყოველდღე იზრდებოდა.
დარბაზში მარტიროსი შემოვიდა.
სომეხ დიდვაჭარს მკვდრის ფერი ედო. ძვირფასი სპარსული ხალათი შილიფად ეცვა და ოქრომკედით მოქარგულ ფოსტლებს ნათხოვარივით მოაფრატუნებდა.
_ აქ რამ მოგიყვანა, მთავარო? _ კარის ზღურბლიდანვე იკითხა გაფითრებულმა ვაჭარმა.
_ მოვალეობამ და სინდისმა, _ აუღელვებლად მიუგო დადიანმა და ფეხზე წამოდგა.
ერთიმეორეს ხელი გაუწოდეს.
ცოტნე სავარძელში ჩაჯდა. მარტიროსი საბუთებით, ანგარიშებითა და ათასგვარი ქაღალდებით სავსე მაგიდისკენ წავიდა და სელზე მოცელილივით დაეშვა.
_ რა დროს სინდის-ნამუსზე ლაპარაკია, _ ენის ბორძიკით ამომარცვლა დიდვაჭარმა, _ შენი აქ გამოჩენა და სიკვდილი ერთია! _ ნათქვამი ცოტა არ იყოს, ხმამაღლა გამოუვიდა დიდვაჭარს, შეეშინდა, ხომ არავინ გაიგონაო და თვალი ერთხელ კიდევ მოავლო იქაურობას.
_ ვიცი, მარტიროს! _ არხეინად თქვა დადიანმა.
_ მერე თავს რად იღუპავ, ან ცოლ-შვილს რას ემართლები?! _ უკვე ჩურჩულით ამოიკვნესა დიდვაჭარმა. ან მე რას მიპირებო; ეს მთავარი სათქმელიც კინაღამ თქვა მარტიროსმა, მაგრამ ენას კბილი დააჭირა და ხელები უღონოდ გაასავსავა.
_ ყური დამიგდე, მარტიროს! ჭკვიანი კაცი ხარ და გამიგებ. შენ მონგოლ ნოინებთან შინაურად ხარ, მათთან ადვილად მიგესვლება.
_ არსადაც არ მიმესვლება, _ აფეთქდა მარტიროსი, _ მე ნოინებთან იშვიათად ვარ და, მაშინაც, მხოლოდ მათი წვევითა და მოწოდებით. თან ძღვენი და ძვირფასი საჩუქრები მიმაქვს და, მარტო აღებმიცემისა და ვაჭრობის საქმეებზე ველაპარაკები. თუ პატიების სათხოვნელად ჩემს გაგზავნას ფიქრობ, იცოდე, შეუძლებელია. ეგ კი არა, შენი აქ მოსვლა რომ შეიტყონ...
_ ნუ ცხარობ და ნუ გეშინია, მარტიროს! მე შენთან იმისთვის მოვედი, რომ შენ მიმცე ნოინებს ხელთ!..
_ მე რა გამცემი მნახე, ან შენს საქმესთან რა საერთო მაქვს, _ კიდევ უფრო გაცხარდა მარტიროსი.
_ შენ უნდა მიმცე ნოინებს ხელთ, _ დინჯადვე გაიმეორა ცოტნემ.
_ რას ამბობ, მთავარო?! მე რას მახვევ თავს შენსა და შენი ცოლ-შვილის ცოდვას?!
_ ჩემი და დანარჩენი შეპყრობილების ბედი შენს ხელთ არის ახლა, მარტიროს.
_ მე შეთქმულებთან საქმე არა მაქვს! ნუ მხვევთ თქვენს დანაშაულში, _ უკვე აღშფოთებით იყვირა ვაჭარმა.
_ დაწყნარდი, მარტიროს! დანაშაულში შენ არავინ გხვევს, არც შეთქმულებთან გაქვს საქმე. შენ მხოლოდ შენს სარგებელზე ზრუნვა გმართებს... _ ცოტნემ თვალი თვალში გაუყარა შეშინებულ დიდვაჭარს, _ ჩემს გარდა, მგონი, სხვა შეთქმულებსაც ბლომად აქვთ შენი ვალი.
_ ჯანდაბას ვალიცა და სარგებელიც. ჩემი თავი ყველაფერზე მეტად მიღირს და მაგ ცეცხლში არაფრის გულისთვის არ გავეხვევი.
_ იქნებ, არც ცეცხლში გაეხვიო და ჩვენც გადაგვარჩინო.
_ ეგ შეუძლებელია! შეთქმულებს სიკვდილი არ აცდებათ და მონგოლებთან მათ დასაცავად კრინტსაც ვერავინ დაძრავს.
_ მე და ტყვედ შეპყრობილ ქართველ მთავრებს არც ისე ცოტა ვალი გვმართებს შენი, რომ იმ ვალის დაბრუნების შესაძლებლობა აგრე იოლად გაუშვა ხელიდან. კარგად აწონ-დაწონე, მარტიროს, ჭკვიანი, ანგარიშიანი კაცი ხარ.
_ სულ ტყუილად ირჯები, მთავარო. მე მაგ საქმეს ახლოს არ გავეკარები, _ ცივად მოჭრა დიდვაჭარმა.
_ მისმინე! მე შენი საფრთხეში ჩაგდება როდი მინდა. ხვალ დილით ნოინები ნახე და ჩემი ფეხით აქ მოსვლა აცნობე.
გაოგნებული დიდვაჭარი პირდაღებული უსმენდა სიკვდილთან მოთამაშე, თავზეხელაღებულ მთავარს.
_ უთხარი, რომ... ლიხთიმერეთიდან ჩემი ნებით მოვედი და შეპყრობილი არავის მოვუყვანივარ.
_ მერე?..
_ მათ იციან, რომ ჩემს მამულში სამშვიდობოს ვიყავი, იქ მონგოლებს ჩემი შეპყრობა არ შეეძლოთ და შეთქმულებაში ჩემი მონაწილეობისთვის პასუხს არავინ მომთხოვდა.
_ მეც ეგ არ მიკვირს? რა გრჯიდა, აქ რომ მოდიოდი, _ ჩურჩულით თქვა მარტიროსმა.
_ სიმართლემ მომიყვანა, მე რომ ალალ-მართალი და უდანაშაულო არ ვყოფილიყავი, აქ როგორ გამოვჩნდებოდი?!
_ თქვენს უდანაშაულობას ვერავინ დაამტკიცებს.
_ მე ვამტკიცებ, მარტიროს! ჩემი ეს ნაბიჯი ამტკიცებს. მონგოლებს უნდა შეაგნებინო: მე რომ შეთქმული ვყოფილიყავი, აქ ჩემი ფეხით არ მოვიდოდი და თავს სასიკვდილოდ არ დავდებდი. დაარწმუნე ნოინები, რომ კოხტისთავს ხარკის გასარიგებლად ვიყავით შეკრებილნი და მათ წინააღმდეგ შეთქმა აზრად არ მოგვსვლია.
_ მაგას ყოველდღე თუთიყუშებივით იმეორებენ შეპყრობილი შეთქმულებიც, მაგრამ მონგოლები გულუბრყვილო ბალღები როდი არიან, ეგ ზღაპრები დაიჯერონ.
_ დაიჯერებენ, მარტიროს! ჩემი მაგალითით დაიჯერებენ, შენ თუ კარგად აუხსნი და განუმარტავ ლიხთ­იმე­რეთიდან ჩემი მოსვლის აზრს. ხვალ დილას ჩემი აქ ყოფნა მოახსენე და ეცადე, რაცა ვთქვი კარგად განუმარტო და შეაგნებინო. თუ დაგიჯერებენ, ხომ კარგი, თუ არადა, შენც რას კარგავ, მტრის ხელთ მიმცემ და მადლობასაც გეტყვიან.
მარტიროსი კარგა ხანს თავჩაღუნული ფიქრობდა. ბოლოს თავისივე თავთან შინაგანი ბრძოლა დაასრულა, ცოტნეს თვალი თვალში გაუყარა და გატეხილმა თქვა:
_ ამ ცეცხლში არ ჩაგეგდე, კარგი იყო, მაგრამ რა ვქნა! შენი აქ მოსვლაც კმარა, რომ მონგოლებმა ჩემზე ეჭვი აიღონ და თავს რისხვა დამატეხონ. სხვა გზა მაინც აღარა მაქვს, ვეცდები, შენი თხოვნა შევასრულო. ნოინთა მთავარს ვეახლები და ვნახოთ, ცდა ბედის მონახევრეა!..

ბინაში დაბრუნებულ ცოტნეს შინ არავინ დახვდა. დაქანცული ტახტზე გაუხდელად წამოწვა და მაშინვე ძილი მოერია.
კარის ჭრიალზე გაეღვიძა.
_ მანდ რომელი ხარ? _ გასძახა და წამოიწია.
_ ჩვენ გახლავართ, მთავარო, _ თავი შემოჰყვეს აბიათარმა და გუგუტამ.
_ შემოდით! _ ანიშნა ცოტნემ, ფეხები დაბლა ჩამოუშვა და თვალის ფშვნეტით ტახტზე დაჯდა.
_ ხომ არაფერი შეგიტყვიათ? _ იკითხა ცოტნემ.
_ მთელი ქალაქი ლაპარაკობს, ხვალ მზე რომ საშუადღეოზე იქნება, ქართველ შეთქმულებს ქალაქის მოედანზე მოიყვანენ საწამებლადო, _ მოახსენა გუგუტამ.
_ რას ამბობ? სარწმუნოთაგან შეიტყვე? _ შეშფოთდა ცოტნე.
_ სარწმუნოთაგან, თვითონ მონგოლთაგან.
_ ის მოედანი ნახე? სახრჩობელა, თავსაკვეთი ან კოცონის ასაგზნები გამზადებულია?
_ მოედანი მე ვნახე, მთავარო, მაგრამ იქ არავითარი სამზადისი არ ჩანს. მერე, ოქრომჭედლების უბანში გავიარე და რაც იქ შევიტყვე, უფრო სარწმუნოსა ჰგავს: მთავარი ნოინის სასახლის ეზოში უნდა აწამონ თურმე ქართველი შეთქმულები. ამას რას შევესწარით, მთავარო! _ გულში მჯიღის ცემით თქვა აბიათარმა.
_ ეგ უფრო დასაჯერებელია, აბიათარო! თუ გამოსატეხად აწამებენ, ქალაქის მოედანზე არ გამოიყვანენ. _ ცოტნე წამით დაფიქრდა, მერე ისევ აბიათარს მიაპყრო თვალი და ხმადაბლა იკითხა, _ იმ სასახლის ეზო-კარის ასავალ-დასავლის მცოდნეს ვერავის იპოვით?
_ ნაპოვნი მყავს, სასახლის გუშაგთა ასისთავია. ჩვენში ჩაღატა-ნოინს ახლდა და კარგად ვიცნობ. აქ მყოფმა ქართველებმა მითხრეს, იმ სასახლეში შესვლა და გამოსვლა მის ხელთ არისო, _ უპასუხა აბიათარმა.
_ ამაღამვე უნდა ნახო უსიკვდილოდ ის ასისთავი, _ ცოტნემ ქისა ამოიღო და აბიათარს გაუწოდა, _ როგორმე იმ ეზოში შემაპაროს და სადმე დამმალოს. უთხარი, ვინცა ვარ და დაარწმუნე, რომ ჩემი იქ შეტყუებით და შეთქმულებთან შეპყრობით, ნოინებისაგან ჯილდოს დაიმსახურებს. ფული არ დაიშურო და ესეც უთხარი, უიარაღოდ შევა, რომ ფიქრი არაფრისა გქონდეს-თქო.
აბიათარმა ქისა ჩამოართვა.
_ წადი, აბიათარ. მთელ იმედს შენს ჭკუასა და მოხერხებაზე ვამყარებ და შენ იცი, როგორ გამიმართლებ, _ მხარ­ზე ხელი დაჰკრა ცოტნემ და კარამდის მიჰყვა.
აბიათარმა ქისა ჩამოართვა და ასპასიას შეხედა.
_ ნუთუ, იქ მისვლას აპირებ, მთავარო? იქიდან ცოცხალი როგორღა გამოხვალ.
_ რაღა დროის მაგაზე ლაპარაკია, _ ხელი ჩაიქნია ცოტნემ, _ წადი, აბიათარ, წადი!
_ როგორ მინდოდა შენთვის სიკეთის გადახდა, მთავარო, და არ ინებე, არ იქნა და ჩემთვის ეგ ბედნიერება არ გამოიმეტე. რას გაჩუმებულხართ და არაფერს ეტყვით, _ შეუძახა გუგუტასა და აბიათარს, _ გაისარჯეთ და უშველეთ, მთავარი აქედან განარიდეთ. სანამ მისი აქ მოსვლა არავინ იცის.
_ უკვე იციან, ასპასია, და, მე აქედან უკან ვეღარავინ გამაბრუნებს. წადი, აბიათარ, წადი და შენ იცი, როგორ მარჯვედ ამისრულებ სათხოვარს, _ შეეხვეწა ცოტნე, კარი გააღო და თითქმის ძალით გაისტუმრა თავგზააბნეული აბიათარი.
_ ღმერთმა ჰქნას, გუგუტა, ცოცხლები დაბრუნდეთ შენ და აბიათარი. მაგრამ თუ მთავარი დაიღუპა, მეც თავს არ ვიცოცხლებ და ჩემი ცოდვა შენი და აბიათარის კისრად იქნება, რადგან მთავარს სასიკვდილოდ წასვლა არ დაუშალეთ.
_ ჩვენ რა შეგვეძლო, ასპასია? _ ხმის კანკალით თქვა გულჩამკვდარმა გუგუტამ.
_ შეგეძლოთ და ვერ შესძელით. თუ მთავარი დაიღუპა, ცოცხალი არც მე დაგხვდებით და რაკი ჩემი შეგონება არ ისმინეთ, ჩემი სიკვდილი იმ მწირსავით სანანურად გექნებათ, ერთგული კვერნა რომ მოკლა.
_ ეგ როგორღა იყო, მიამბე შენს ქალობას, ძილს მაინც არ ვაპირებ და, ვინძლო, დრო მოვკლათ, _ დაუყვავა ცოტნემ.

თქვა ასპასიამ არაკი
საქმის გაშვებისა და ბოლოს ზიანი მისი.

ერთი მწირი ყოფილა. ცოლის შერთვა დაგვიანებია. ბოლოს, სხვათა რჩევითა და გულის ნდომით, ცოლად ერთი დიდებულის ასული მოუყვანია. ცოლ-ქმარი ტკბილად ცხოვ­რობდა, მაგრამ ხანი რომ გამოხდა და შვილი არ ეყოლათ, საზრუნავი გაუჩნდათ. დღედაღამ ღმერთს შვილის მოცემას ევედრებოდნენ და ათასგვარ აღთქმას სდებდნენ. ბოლოს უფალმა ისმინა მათი ვედრება და ვაჟი შეეძინათ. გახარებულ მწირს სხვა აღარა ახსოვდა რა, ერთთავად აკვანს უჯდა და ყრმის ცქერითა და ალერსით ტკბებოდა.
ერთ დღეს ცოლი აბანოს წავიდა და შვილი მამის იმედად დატოვა. მწირსაც მეტი რა უნდოდა, აკვანს მიუჯდა, არწევდა და დამღეროდა. ცოტა ხანს უკან მწირს ხელმწიფის კაცი მოუვიდა, მეფე სასწრაფო საქმეზე იბარებდა სასახლეში. ხელმწიფის კაცმა ბევრი არ ადროვა და მწირი იძულებული იყო, თან გაჰყოლოდა. ცოლ-ქმარს სახლში ერთი კვერნა ჰყავდა, მძრომთა და ქვეწარმავალთ ეზო-ყურეში არ აჭაჭანებდა. მწირმა აკვანში ჩაკრული ჩვილი იმ კვერნის იმედად დატოვა, კარი გაიხურა და ხელმწიფის მოწოდებით წავიდა. უცებ სახლში გველი შეძვრა და აკვნის­­კენ გასრიალდა. კვერნამ ჩვილის საკბენად შემართული გველი რომ დაინახა, ისკუპა, ყია შეუპყრა და მოჰკლა. ყრმა სიკვდილს გადაარჩინა და გველის სისხლით მოთხვრილი გარეთ გა­მოვიდა.
ამასობაში მწირი მობრუნდა. კვერნას პატრონისთვის ერთგული ნამსახურობა უნდოდა დაენახვებინა და წინ სისხლით მოსვრილი შეეგება.
მამას ეგონა, კვერნამ შვილი მომიკლა და მისი სისხლით არის შესვრილიო. გულს ცეცხლი მოედო. გონება დაუბნელდა და ბევრი აღარ გამოიძია. კვერნას არგანი სცა და მოჰკლა. შინ რომ შევიდა, ყრმა საღ-სალამათი დახვდა. აკვანთან მოკლული გველი ეგდო. მწირი მიხვდა, რაც მომხდარიყო. განუსჯელობითა და აჩქარებით ჩადენილი უგვანო საქციელი ინანა, მაგრამ ცრემლით და სინანულით კვერნას რაღა გააცოცხლებდა!

_ ეგ არაკი ტყუილად გამახსენე, ასპასია! ასე დინჯად და აუჩქარებლად, როგორც აქ მოსვლა გადავწყვიტე, ჩემს დღეში არაფერი გადამიწყვეტია: სიკვდილს შერიგებული ვარ და თუ სიცოცხლეს პატიოსნად დავასრულებ, სანანურიც არაფერი მექნება. რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ არ შემიძლია, ჩემთან ფიცით შეკრულ შეთქმულებთან არ ვიყო. ეს ჩემი ვალდებულება კი არ არის მხოლოდ, ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა და მე უღონო ვარ, ეს არ აღვასრულო!
_ შენს ხანში აქვს გემო სიცოცხლეს, მთავარო, წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გიდევს და ბევრი სიამე და სიხარული მოგელის შენს ბედნიერ ცოლ-შვილში.
_ მე თუ მოღალატის სახელი დამერქმევა, ჩემი შვილები ბედნიერები ვეღარ იქნებიან, ხალხში სირცხვილით ვეღარ გამოჩნდებიან და ჩემი დანაშაულით დასმულ დაღს სიკვდილამდე ვერ მოიშორებენ.
_ მე ერთი უჭკუო ქალი ვარ, მთავარო, და მეც კი ვხედავ და ვხვდები, რომ ქვეყანას შენისთანა ერთგული ხალხი ცოტა ჰყავს და, საქართველოს სხვისაზე მეტად შენი სამსახური სჭირია.
_ შენ სამშობლო არ გაქვს, ასპასია, და ჩემს გულის ტკივილსაც ვერ გაიგებ. სულ იმის ნატვრით ვცოცხლობდი, სამშობლოსათვის თავი დამედო და ჩემი შრომითა და ბრძოლით საქართველოს დიდება ამემაღლებინა. ჩვენი სამეფოს ძლიერების დროს რომ არ გამიმართლა, დაცემული საქართველოს აღდგენისთვის გადავდე თავი და, სიცოცხლის ერთადერთ აზრად სამშობლოს გათავისუფლება დავისახე. ახლა ეს იმედიც რომ გამიქარწყლდა, სიცოცხლემ ჩემთვის უკანასკნელი აზრიც დაკარგა. რაკი სამშობლოსა და ჩემი მომავალი ბნელით მოცულია, ძაღლუმადური ცხოვრების გაგრძელებას, პატიოსანი სიკვდილი ათასჯერ მიჯობს.
_ მე ასე გამიგონია ჩემი აღმზრდელი ინდოელი დერვიშისაგან, მთავარო, სიცოცხლე ღმერთმა იმისთვის მოგვცა, დავიცვათ და შევინარჩუნოთ მანამდის, სანამ უფალი არ მოგვიწოდებს. სულს უფალი უდგამს ადამიანს და, სულის ამოხდის უფლებაც მხოლოდ ღმერთსა აქვს. უფლის განაჩენის საწინააღმდეგოდ საკუთარი სიკვდილის დაჩქარება ისეთივე ცოდვაა, როგორიც უდანაშაულოდ სხვისი მოკვლა.
_ უფლის მოწოდებას ვხედავ ჩემს ამ ნაბიჯში, ასპასია, ღვთის ჩაგონებით ვდებ თავს მოყვასთათვის და მჯერა, სათნოდ მიითვლის ჩემს პატიოსან სიკვდილს ქვეყნის გამრიგე იესო ქრისტე, რომელმაც თვით გვიჩვენა კაცთა მოდგმის ცოდვათა გამოსასყიდლად თავგანწირვის უმაღლესი მაგალითი.
_ თუ არ დაიშლი, ეს იცოდე, მთავარო, _ ცრემლმორეულმა დაიწყო ასპასიამ, _ როგორც შენ აქედან გახვალ, თავს მოვიკლავ...
_ გაგიჟდი, ქალო? _ შეუწყრა ცოტნე.
_ გიჟი მაშინ ვიყავი, როცა ცოდვაში ვდგამდი ფეხს. ღმერთმა იცის, შენი დაღუპვა არ მინდოდა. შენს გადასარჩენად ყველაფერი ვიღონე, მაგრამ ჩემს მახეში თვითონ გავები და ახლა შენ რომ აქედან გახვალ, მეც თავს მოვიკლავ!..
ცოტნე ასპასიას ნათქვამს ვერ ჩასწვდა. მისმა ესოდენმა ერთგულებამ გული აუჩუყა, თავზე ხელი გადაუსვა, მოეფერა და დაუყვავა:
_ სისულელეს ნუ ამბობ, ასპასია, დამშვიდდი, დაწყნარდი და ილოცე ჩემი სულისთვის.
ასპასიამ ერთხელ კიდევ მოიკრიბა ღონე. გონებაში რაღაც კიდევ გაუნათდა, დაფაცურდა. უბეში ხელი ჩაიყო, სავსე ქისა ამოიღო და ცოტნეს წინ ოქროს გროვა დაყარა.
_ ჩემი დღე და წუთისოფელი ვაგროვებდი ამ ოქროს და შენს გადასარჩენად თუ მოვიხმარ, ბედნიერი ვიქნები. გავიდეთ აქედან, ცოტა კიდევ დაფიქრდი, მთავარო, იქნებ უფალმა ხვალ სხვა გონიერი ნაბიჯი ჩაგაგონოს!..
ცოტნემ დამცინავად გამოხედა ოქროს.
_ ისეთ ადგილას სად უნდა წავიდეთ, სადაც სიკვდილი არ იქნება?! ან სიცოცხლის რომელი სიკეთით უნდა მაცდუნო, როცა ცხოვრებაზე ხელი უკვე აღებული მაქვს?
_ ზიარება მაინც არ გინდა, ადამიანო, ქრისტიანი არა ხარ? _ ქალური ეშმაკობით ნაკარნახევ უკანასკნელ იმედს ჩაებღაუჭა ასპასია.
ცოტნე შეტოკდა, დაიბნა და სასოწარკვეთით ხელები გაასავსავა.
_ მერე ვინ მაზიარებს... ამ შუაღამეში მღვდელი სად ვიპოვო...
კარი დაუკაკუნებლად გაიღო. აბიათარი და გუგუტა შემოვიდნენ.
_ მთავარო, გელოდები, _ ამოისლუკუნა აბიათარმა და მუშტებით ცრემლით სავსე თვალები მოისრისა.
_ ვინ ელოდება? ზიარებაც აღარ გინდათ აცალოთ?! _ შეუტია ასპასიამ.
_ ზიარებას, თუ ღმერთი ინებებს, კიდევ გამომიგზავნის, ახლა კი წავალ, არ დამიცდის, _ ხმის ცახცახით თქვა ცოტნემ და კარისკენ გაიწია.
_ ნუ წახვალ, მთავარო, გონს მოდი! _ შეჰკივლა ასპასიამ და ცოტნეს ფერხთ ჩაუვარდა.
გუგუტა და აბიათარიც დაემხნენ, მუხლებზე მოეხვივნენ და გულისშემაღონებლად აზმუვლდნენ.
ცოტნეს სახე ჯერ მწარე ღიმილმა მოუქცია, მერე ცრემლი მოეძალა. მუხლებში სისუსტე იგრძნო. ემანდ, არ წავხდე, მეც არ ავტირდეო, გაიფიქრა, სამივეს მოეხვია და დაკოცნა. მერე მათი მკლავებიდან თავი ძალით დაიხსნა, პირჯვარი გადაიწერა და კარში გავარდა.
გვიან დაბრუნებული გუგუტა და აბიათარი კარის ზღურბლზე გაქვავდნენ.
თავხეს გამობმულ თოკზე ჩამომხრჩვალი ასპასია ეკიდა.
იმ დღეს ნოინების კარი მთხოვნელებისა და მომჩივნებისათვის იყო ღია.
მარტიროსი რომ დილიდან მათთან მისასვლელად ემზადებოდა, ფეხები უკან რჩებოდა.
მთელი ღამე იმის საგონებელში იყო, ისე როგორ გაემხილა მონგოლებისათვის შეთქმულების სულის ჩამდგმელის, ოდიშის მთავრის ანისს მოსვლა, რომ თავს მათი რისხვა არ დასტყდომოდა და მბრძანებლები დადიანის სიმართლეში დაერწმუნებინა.
გეგმა დაწყობილი ჰქონდა და სათქმელი მოფიქრებული, მაგრამ მონგოლთა ზნესა და ხასიათს რომ იცნობდა, მაინც ეშინოდა, თავი არ წავაგო და თავნი და სარგებელი ერთად არ დავკარგოო.
გადაწყვეტილი ჰქონდა, თუ ნოინები კარგ გუნებაზე არ დახვდებოდნენ და ძღვენითა და საჩუქრებით გულს ვერ მოულბობდა, ქართველი შეთქმულები სულაც არ ეხსენებინა. ქართველი მოვალეების დაღუპვასთან ერთად, მათზე გავალებული დიდძალი ოქროც ეკარგებოდა მარტიროსს, მაგრამ ოქრო სხვაც ბევრი ჰქონდა და ისიც ოხრად დარჩებოდა, თუ მონგოლთა რისხვის მსხვერპლი გახდებოდა.
ამ ფიქრითა და გადაწყვეტილებით მიადგა ნოინთა ხარგას.
ფარდაგზე დამხობილმა მბრძანებელთა სადიდებელი და სალამი თქვა და მხლებლებს ძღვენი მოაღებინა.
ძღვენის სიმრავლემ და სიმდიდრემ ნოინები კარგ გუნებაზე დააყენა.
მთავარმა ნოინმა დიდვაჭარს დაუყვავა:
_ მადლობა ღმერთს, რომ კარგად ხარ, მარტიროს. ამდენ ხანს რატომ არ მოგვინახულე?
_ ქარავნად ვიყავ წასული, მბრძანებელო, ჩრდილო ქვეყანაში. რუსეთი და ყირიმი მოვიარე და შემაგვიანდა.
_ ჰოო! მაშ იქაური ამბები გეცოდინება, _ უფროსმა ნოინმა დანარჩენებს რაღაც გადაულაპარაკა, _ მათ გაიცინეს და თავი დაუკრეს, _ ცოტა დაიცადე, _ მიმართა ისევ მარტიროსს, _ მთხოვნელ-მომჩივნებს გავისტუმრებთ, მერე პურისჭამად დავსხდეთ და ჩრდილოეთის ქვეყნების ამბავი მოგვითხრე.
მარტიროსმა მდაბლად თავი დაუკრა. მისი მორთმეული ძღვენი ნუქერებმა წაიღეს და დიდვაჭარი მოშორებით, სტუმრებს შორის დააყენეს.
ნოინები კარგ გუნებაზე იყვნენ. მარტიროსს შეთქმულებზე გაცემული ვალის გადარჩენის იმედი დაუბრუნდა და ცოტა დამშვიდდა.

რიგრიგობით შემოდიან მონგოლთაგან დაპყრობილი ქვეყნების მეფეები და მელიქები, მთავრები და ამირები. ნოინების ფეხქვეშ ეცემიან, ძვირფას ძღვენს ძღვნობენ და თავიანთ სათხოვარს თუ საჩივარს ემუდარებიან.
ყველას ცნობს მარტიროსი, ბევრ მათგანს მისი ბლომადაც მართებს და ახლა იმის მიხედვით წონის მათ გადამხდელუნარიანობას, თუ როგორ ხვდებიან მათ მონგოლი ნოინები _ აგდებულად და ქედმაღლურად, თუ პატივითა და თავაზით.
აგერ შირვანშა შემობრძანდა. ნოინების წინაშე ძვირფასი ძღვენი დახვავდა და კეთილშობილი აღსართანების შთამომავალი მუხლმოდრეკილი რაღაცას ევედრება ნოინებს.
უფროსმა ნოინმა ძღვენს თვალი მოავლო, მერე შირვანშას მხარზე ხელი პატარა ბიჭსავით დაარტყა, რაღაცას შეჰპირდა და ფეხზე წამოაყენა.
მოდიან მელიქები და სულთნები, მთავრები და ამირები, მოაქვთ ხარკი და ძღვენი. ნოინები ზოგს უყვავებენ და უცინიან, ზოგს უწყრებიან და ურისხდებიან.
სანახაობა ერთფეროვანი ხდება და მარტიროსსაც მოსწყინდა ცქერა; თანაც ფეხზე დგომით დაიღალა და ნატრობს, რომ დროზე გათავდეს. დიდვაჭარს დაამთქნარა და, უცებ გაოცებისაგან კინაღამ იყვირა.
კარავში კრავაი შემოვიდა. დედოფლურად გამოწყობილი ოდიშის მთავრის მეუღლე ტანის ოდნავი რხევით წამოვიდა, მარჯვნივ და მარცხნივ ღიმილი დააფრქვია და იქაურობა საოცარი შუქით გააბრწყინა.
ამაყად თავაწეული, დედოფლური დიდებით მომავალი კრავაი ლაღად, აუღელვებლად მოაბიჯებდა, დიდრონი, შუქჩამდგარი თვალებით სიმშვიდესა და ალერსს მოათოვდა.
მარტიროსი ხედვად იქცა და კისერმოქცეული ფეხის წვერებზე შედგა.
არნახული მშვენიერებით დაბრმავებული ნოინები პირდაღებულნი შეჰყურებდნენ, ლიხთიმერელი დუმნისთავის მეუღლეს.
კრავაი ნოინებს მიუახლოვდა, თავი მდაბლად დაუკრა და მუხლზე დაცემა რომ დააპირა, უფროსი ნოინი ზეწამოიჭრა, მკლავში ხელი მოჰკიდა და ჩაჩოქება არ დაანება.
ეს ამოდენა ბუმბერაზი, პირუტყვივით ტლანქი და მოუხეშავი ვაჟკაცი ერთიანად მოლბა, თითქო დაიშალა და გალხვა, ღიმილად იქცა და, არ იცოდა, რით გამოეხატა თავისი უჩვეულო აღტაცება.
ნოინი ტახტისკენ წაუძღვა კრავაის. ოდიშის მთავრის თანამეცხედრე ნოინის გვერდით მორთმეულ ტახტზე დაბრძანდა და იქაურობას რომ მბრძანებლის თვალით გადმოხედა, მარტიროსი მიხვდა: მის ვალს დაკარგვა არ ეწერა.
შუადღე იყო.
გალავანშემორტყმულ ეზოში ხელგაბაწრული შეთქმულები შემოიყვანეს.
თმაწვერმოშვებული, ფერდაკარგული პატიმრები თავჩაღუნულნი მოაბიჯებდნენ.
ბორკილგაყრილები შუა ეზოში შეაჩერეს.
_ დასხედით! _ ბრძანა ათისთავმა და დილეგში გდებისაგან დახუთულმა ტუსაღებმა მიწაზე ჩაიკეცეს. ხელისგულივით ტიტველ ეზოში ბალახის ნასახიც არსად ჩანდა და მზისგან გახურებული მიწა კეცივით ცხელი იყო.
ასისთავმა ნუქერებს ანიშნა. ისინი შეპყრობილებს მისცვივდნენ და ტანსაცმლის გაძრობა დაუწყეს. პატიმრები ჯერ გაოცებულნი მიაჩერდნენ ტანისამოსის გამხდელებს, მერე, რაკი წინააღმდეგობის გაწევა მაინც არ შეეძლოთ, ქედი მიუპყრეს და მათ ნებას დაჰყვნენ.
წელს ზემოთ გააშიშვლეს.
თაფლით სავსე ქვაბი მოიტანეს და შუაში დადგეს. თაფლი სათითაოდ წაუსვეს ყველას შიშველ ტანსა და თავპირზე. ამ საქმეს მორჩნენ და საცოდავად დაყრილებს ზურგი აქციეს.
_ მზეზე შესაწვავად და კრაზანების საკბენად გტოვებთ, ვიდრე არ გატყდებით. თუ რომელიმე თქვენგანი ჭკუას იხმარს და სიმართლის თქმას დააპირებს, ჩვენ, აქვე, ჩარდახში ვიქნებით. გვიხმეთ და წამებას შეგიწყვეტთ. _ გამოუცხადა ასისთავმა და ჩარდახისკენ წავიდა. პატიმრები მარტონი დარჩნენ.
ბუზით, ფუტკრით და კრაზანით ერთ წამს აივსო იქაურობა; ჰაერში ირეოდნენ და გაშიშვლებულ შეთქმულებს თაფლწასმულ ტანსა და თავპირზე ასხდებოდნენ.
სარდაფიდან ცოტნე ამოვიდა, შეპყრობილებს მიუახლოვდა. წელს ზევით ტანთ გაიძრო და თაფლის წასმას შეუდგა. შეთქმულები გაოცებულნი მიაშტერდნენ.
_ ცოტნე ხარ თუ მეჩვენება? _ იკითხა ციხისჯვარელმა.
_ ცოტნე ვარ, ყვარყვარე ბატონო! დილა მშვიდობისა.
_ დილა მშვიდობის, მთავარო! _ გაისმა კანტიკუნტად.
_ შენც შეგიპყრეს, ლიხთიმერეთშიაც მოგწვდნენ?
_ არა, მე თვითონ მოვედი, ჩემი ფეხით.
_ გაგიჟდი, ცოტნე? _ შეიცხადა თორღვა პანკელმა.
_ სასიკვდილოდ როგორ მოდიოდი, ღვთივ გადარჩენილი... ან თავს რად წირავდი, ან ცოლ-შვილს რატომ ღუპავ?! _ ამოიოხრა ციხისჯვარელმა.
_ თქვენთან ფიცით ვიყავი შეკრული და სასჯელი რომ თქვენთან ერთად არ გამეზიარებინა, ან თქვენ რას იტყოდით, ან ხალხი და ქვეყანა! _ აუღელვებლად თქვა ცოტნემ, თაფლის წასმას მორჩა და ხელ-ფეხის შეკვრას შეუდგა.
_ საქართველოში რა ამბავია, ხალხი ხომ არ აუწიოკებიათ? _ კითხულობს ეგარსლანი.
_ არ ვიცი, როგორც თქვენი შეპყრობის ამბავი შევიტყვე, მაშინვე ლაშქარი უკან გავაბრუნე და აქეთ გამო­ვეშურე.
ჩარდახში მსხდომი მონგოლები შეჩოჩქოლდნენ.
_ ვიღაც ზედმეტი მოემატათ. _ იყვირა ათისთავმა.
_ ზედმეტი ვინ მოემატებოდათ, მიწიდან ხომ არავინ ამოძვრებოდა საწამებლად, _ დასცინა ასისთავმა.
_ ნამდვილად ზედმეტია, ვერ ხედავთ? თაფლს თვითონ ისვამს!
_ სიცხეა და გეჩვენება! _ ხელი ჩაიქნია ასისთავმა.
_ ჩემი თვალით უნდა ვნახო, _ გადაწყვიტა ათისთავმა და ეზოსკენ დაეშვა.
ცოტნეს ფეხები უკვე გაებაწრა და ახლა ხელების შეკვრაზე წვალობდა.
ათისთავი თავს დაადგა.
_ შენ ვინა ხარ?
_ დუმნისთავი ცოტნე დადიანი, _ დინჯად მიუგო ოდიშის მთავარმა და გულზე დაკიდებულ ოქროს პაიცაზე ანიშნა.
ათისთავი პაიცას დააკვირდა.
_ შენ აქ არ იყავი და, როგორ გაჩნდი?
_ მეც მათთან ერთადა ვარ.
ათისთავმა პატიმრების თვლა დაიწყო, ცალი ხელის საჩვენებელ თითს რომ თითოეულისკენ გაიშვერდა, მეორე ხელის თითს მოკეცავდა. როგორც იყო, დათვალა.
_ ზედმეტი ხარ, შენ აქ არ იყავი! _ თავდაჯერებით თქვა ათისთავმა.
_ ნოინებს მოახსენე, რომ ჩემი ნებით მოვედი უდანაშაულოდ შეპყრობილ ქართველ მთავრებთან ერთად თავის სამართლებლად.
_ შენი ნებით საწამებლად მოხვედი? _ გაიკვირვა მონგოლმა.
_ ჩემი ნებით, რამეთუ მეც მათსავით მართალი ვარ და უდანაშაულო. მოახსენე ნოინებს, რომ ხარკის შესაკრებად შეყრილ ქართველ მთავრებთნ ერთად მეც ვიყავი კოხტისთავს. ჩვენ მონგოლთა წინააღდგომის განსაზღვრა არ გვქონია და თუ ტყუილუბრალოდ სჯიან ქართველ მთავრებს, დე, მეც მათთან ერთად დავისაჯო.
ათისთავმა ერთხელ კიდევ ახედ-დახედა უცნობ ქართველს, მერე ისევ ოქროს პაიცას დააშტერდა და შეჭოჭმანებულმა იკითხა:
_ ნამდვილად დუმნისთავი ხარ?
_ ნამდვილად. მოახსენე ნოინებს _ დუმნისთავი, ქართველთა მეფის ვაზირი ცოტნე დადიანია-თქო.
გაოცებისგან თვალებდაჭყეტილმა ათისთავმა ერთი კიდევ შეხედა მთავარს, მერე ადგილს მოსწყდა და ჩარდახისკენ გაიქცა.
ხელებგაბაწრული ცოტნე განაპირას დაჯდა ფეხმორთხმით. წამებულთა ცქერით არ შევდრკეო, თავი ჩაღუნა და თვალი დახუჭა.
_ ოჰო, ჰო, ჰო! _ გრძლად ამოიოხრა რომელიღაცამ და ცოტნემ თვალი ოდნავ გაახილა: უთვალავი ნესტრის ჩხვლეტისა და გამაოგნებელი სიცხისაგან გახელებული, სიგიჟემდე მისული ეგარსლან ბაკურციხელი წაქცეულიყო და გა­ხურებულ მიწაზე ზურგით ჭყლეტდა შიშველ სხეულზე დახვეულ ფუტკარს.
შეძრწუნებულმა ცოტნემ პირი იბრუნა და თვალი მარცხნივ გააპარა: შორიახლო ჩაჩოქებული სარგის თმოგველის ტანი და კისერი ერთიანად ფუტკარს და ბუზს დაეფარა, მხრებზე გრძლად მოშვებული თაფლისფერი თმა დაჰფენოდა და ერთი შეხედვით შავ-ყვითლად შემოსილ უცნაურ ბუჩქს ჰგავდა.
იმ ბუჩქიდან ორი ჩასისხლიანებული თვალი უცქერდა ცოტნეს.
გრძელი თმა და შუაზე გაყოფილი ნიკაპი რომ არა, ალბათ, ვერც იცნობდა მეგობარ ფილოსოფოსსა და რიტორს.
ცოტნემ სარგისთან გამოსალაპარაკებლად პირის გაღებაც ვერ მოასწრო, რომ ისარივით პირდაპირ, ზუზუნით წამოვიდა ფუტკრის გუნდი.
თვალი უმალვე დახუჭა, რომ შიგ არ სცემოდნენ და, საშინელების მოლოდინში სუნთქვა შეეკრა. მწერები არც იმდენი ყოფილან. ცოტნეს ზურგსა, გულმკერდსა და მკლავებზე გაიბნენ და დასხდომისთანავე ურიცხვი ნესტრის ჩხვლეტას რომ ელოდა, არც უფიქრიათ!
ვითომც ცოცხალი კაცისა არც იყოს ეს შიშველი სხე­ული, დაღოღავენ არხეინად და არც დაგიდეენ, აწუხებს ვისმე, თუ არა მათი ეს უზრუნველი სეირნობა.
მაგრამ მწერთა ეს უწყინარი ღოღიალი ყოფილა, რაც ყოფილა!
ეღიტინება და ეფხანება ცოტნეს. აუტანელი ქავილი და ღიტინი ძვლებამდე ატანს და ტვინამდე სწვდება. შიშველ გულ-მკერდსა და ზურგზე ფუტკრის ეს არხეინი სეირნობა ნესტრის ჩარჭობაზე უფრო შემაწუხებელი და ამაფორიაქებელი ყოფილა.
აქავებულ ადგილზე ხელის ერთი მოსმა, ერთი მოფხანა მთელ სიცოცხლედ უღირს ახლა ცოტნეს, მაგრამ რა ჰქნას, რომ ხელები მაგრად აქვს გაკრული!
ტანს გრეხს და მხრებს არხევს, რომ უწყალოდ დახვეული ბუზი და ფუტკარი დააფრთხოს და მოიშოროს.
მწერთაგან უფრო ფრთხილნი ზუზუნით წამოფრინდნენ, მაგრამ უმალვე ზედ დააცხრნენ და ახლა უკვე თმენის წამრთმევ ღიტინთან ერთად ზედიზედ რამდენიმე ჩხვლეტა იგრძნო ცოტნემ. იგრძნო და ემწარა.
სახე დაეღმიჭა და შუბლზე სიმწრის ოფლი დაასხა.
ეს რა სატანჯველი მოუგონიათ წყეულ მონგოლებს! შანთით დაწვა და ასოთა მოკვეთა ამ წამებასთან შედარებით, ალბათ, ნაკლებ გამამწარებელი იქნება, ასოს ერთ წამში მოგკვეთენ და გათავდება, შანთითაც ერთ ადგილს ამოგწვავენ და მორჩებიან.
ეს კი, ფუტკრის ეს აუტანელი ღიტინი და ნესტრის ჩხვლეტა არა თუ თავდება, უფრო გამახელებლად მატულობს და გამაგიჟებელი ხდება.
ყოველი კუთხიდან მოფრინავენ და ასხდებიან. ახლა უკვე ცოტნეს შიშველი სხეულიც მთლად მწერებითაა დაფარული.
ამდენ ჭირსა და განსაცდელს ზედ კიდევ ერთი ახალი ჭირი დაერთო, ხელებზე და მკლავებზე მაგრად დახვეული თოკი სიცხისაგან ანთებულ, გასიებულ ხორცს უწყალოდ ჩასჭედია. ბაწარშემოჭერილ ძარღვებს სისხლი აწვება და საფეთქლებში თითქოს გახურებულ უროს სცემენ.
ომში თუ სხვა განსაცდელში უხორცოსავით უშიშარ ვაჟკაცს თვალებში სიმწრის ცრემლი მოაწვა და ღაპა-ღუპით გადმოსცვივდა. ცრემლის ორიოდე წვეთი სიცხისგან გამხმარ ტუჩებსაც მისწვდა. გამშრალი ენით ტუჩი მოილოკა და თუმცა ემლაშა, მაინც ესალბუნა.
თავისი ფეხით მოვიდა ცოტნე შეთქმულთა ხვედრის გასაზიარებლად, ტანი თვითონ გაიშიშვლა, თაფლი თავად წაისვა და ხელებიც თვითონ გაიბაწრა. აქეთ რომ მოდიოდა, ეგონა, სიკვდილს თვალში პირდაპირ შეხედავდა და მონგოლთა არავითარ სასჯელს არ შეუშინდებოდა. ყოველგვარ სატანჯველს ელოდა და სჯეროდა, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ გასტეხდა, ყოველგვარი წამებისათვის მზად იყო, მაგრამ, აბა, ამას როგორ წარმოიდგენდა, რომ უღონო მწერთა გუნდი მოერეოდა, დიაცივით ცრემლს აღვრევინებდა და სიკვდილს მოანატრებდა.
არა, მართლაც ჯოჯოხეთური, არაადამიანური სატანჯველი ყოფილა თაფლწასმულ სხეულზე ფუტკრის დახვევა, თორემ ცოტნეზე ნაკლები ვაჟკაცები როდი არიან ვარამ გაგელი და ეგარსლან ბაკურციხელი, შოთა კუპრი და თორღვა პანკელი, ყვარყვარე ციხისჯვარელი და სარგის თმოგველი და სხვები და სხვები, ახლა რომ მის გვერდით ხელგაბაწრულნი დაყრილან და დასაკლავი ხარებივით ზმუიან!
არა, უნდა გაუძლოს ცოტნემ ტკივილსა და არნახულ განსაცდელს, უნდა გაიხსენოს გასამხნევებლად თავისი და სხვების მაგალითი, სანამ გონება კიდევ მუშაობს და გული არ შეჰღონებია.
გულის შეღონების გაფიქრებამ ოტია მეჯინიბის წამება და ბავშვობაში თავისი პირველი გულის წასვლა გაახსენა. დამწვარი ხორცის სუნი იმ სიშორიდან მისწვდა და თვალწინ დაუდგა შეუპოვარი გლეხის კერპი სახე, თვალებიდან რომ სიმწრის ნაპერწკლები სცვიოდა და საკუთარი ხორცის დაწვას უგრძნობელივით უძლებდა.
რა ძალა ჰქონია სიყვარულსა და რაინდულ თავმოყვარეობას! როგორ აიტანა ის სატანჯველი ოტიამ, რომ ერთიც არ დაიკვნესა და შებრალება არ ითხოვა!
არა, ოტიას მარტო სული კი არ დგმია უმტკიცესი და გაუტეხელი, ხორციც, სხეულიც უგრძნობელი ჰქონია, თორემ მაშინ ვინღა აიძულა, მთაში რომ მეფუტკრესთან პაპანაქება სიცხეში მინდორზე იწვა და ცალმხარგაშიშვლებულს, ხეიბარ ხელმკლავზე თაფლწასმულს ურიცხვი ფუტკარი ეხვია. ის ფუტკრები ხომ ოტიასაც ისევე უწყალოდ კბენდნენ და უღიტინებდნენ, ჩხვლეტდნენ და გონების წამრთმევად ახელებდნენ, როგორც ახლა ტანჯავენ კოხტისთავის უიღბლო შეთქმულებს.
იწვა და უძლებდა ოტია, არ გმინავდა და თვალზე ცრემლს არ უშვებდა.
უბირ გლეხკაცს _ ოტიას არც რაიმე მაღალი მიზანი, არც ვისმე წინაშე მოვალეობა ჩააგონებდა მაშინ იმ ჯოჯოხეთური წამების გაძლებას და ატანას. კოხტისთავის შეთქმულების მიზანი კი ცოტნესათვის მიუწვდომლად მაღალია და წმინდა, მოვალეობაც დიდი და კეთილშობილური, მოვალეობა ერისა და სამშობლოს წინაშე!
_ ვაი, დედა! _ მწარედ ამოიკვნესა ვიღაცამ და დედის ხსენებამ ცოტნეს ხალხში გავრცელებული ბრძნული ნათქვამი მოაგონა: ხელის გულზე რომ ერბო-კვერცხი მოიწვა, დედის ამაგს მაინც ვერ გადიხდიო. ალბათ, ვიღაცას მართლა მოუწვავს ხელის გულზე ერბო-კვერცხი, რომ ხალხში ეს შემთხვევა ანდაზად გადასულა.
იქნებ არც არავინ იყო ამის ჩამდენი და ხალხმა უმაღლესი, შეუძლებელი სატანჯველი დაუსახა შვილებს დედის ამაგის გადასახდელად, დაუსახა და თან ეს დასძინა: ასეთი წამებაც არ კმარა, რომ დედის ვალი გადაიხადოო.
და თუ დედის ვალი ასე დიდი და გადაუხდელია, სამშობლოს წინაშე მოვალეობა ხომ კიდევ უფრო მაღალი და წმინდაა, სამშობლო ხომ ჩვენი დედის დედაც არის და მისი ვალის მოხდა კიდევ სხვა მრავალ ვალთან ერთად დედის ვალის გადახდასაც გულისხმობს.
ტკივილისაგან ლამის ტუჩები დაიჭამოს ცოტნემ. დაკბენილ ბაგეზე სისხლი სდის და იმის თავიც აღარ აქვს, რომ პირში ჩასული სისხლი გადააფურთხოს.
_ მუციუს სცევოლა! მუციუს სცევოლა! _ გაახსენდა უცებ ივლიანე მოძღვრის შეძახილი და თვალწინ დაუდგა ცეცხლზე დასაწვავად ხელგაწვდილი, სამშობლოსათვის თავდადებული რომაელი ჭაბუკი.
_ იმას ცეცხლისთვის გაუძლია და მე ბუზს როგორ ვერ უნდა გავუძლო! _ ფიქრობს ცოტნე და ტკივილისაგან იკლაკნება. _ აკი ქვეყნისა და მშობელი ხალხის სიყვარულით ყოველგვარ წამებასა და ტკივილს გაუძლებს კაციო! და განა ცოტნეზე მეტად ვინმეს ეყვარება თავისი ხალხი და ქვეყანა?!
რა არ გადახდომია ცოტნეს თავს, რამდენჯერ ომშიც დაჭრილა, მაგრამ ასეთი სიმწარე და გამაწამებელი ტკივილი არსად და არასოდეს განუცდია...
თუმცა განვლილი ტკივილი და მოშუშებული ჭრილობა ვის გახსენებია!
თითი რომ თითია, იმის მოჭრაც იმ წუთებში ისეთივე მტკივნეულია, როგორც მკერდში ან თავში დაჭრა და ტკივილის ზომას ის როდი განსაზღვრავს, რისგან გტკივა, ან სხეულის რა ნაწილი გტკივა!
რამდენჯერ უნახავს ცოტნეს კბილატკივებული ვაჟკაცები თავში რომ განწირულებივით იცემენ მუშტს და დიაცებივით ღვრიან ცრემლს! ეტყობა, ტკივილსაც რაღაც უმაღლესი ზღვარი ჰქონია, რომლის იქით მერე სულ ერთია, განცდა ერთნაირია და ადამიანი უგრძნობელი ხდება ტკენის მეტნაკლებობის წინაშე.
თავი უსკდება ცოტნეს და ფიქრის თავიც აღარა აქვს, ცალკე ტვინამდე მისული ტკივილისა და ცალკე პაპანაქება სიცხისაგან.
შუადღის მზე პირდაპირ კისერში ჩაჯდომია და თავი თითქო სივდება, ბრუვდება და მძიმდება.
ისეთი სიცხეა, კვერცხი რომ დადო მზეზე, წუთში შეიწვება.
გავარვარებული მზე უთვალავი ცეცხლოვანი ისრით ჩხვლეტს ტანშიშველს და ცოტნემ აღარ იცის, მზე უფრო მწარედ იკბინება თუ ფუტკარი.
მთელი სხეული გახურდა და წამოენთო. სახეზე და შიშველ ტანზე ყველგან ცეცხლი უკიდია და ცოტნე გრძნობს, რომ ალაგ-ალაგ კანი სკდება. თვალები გადმოცვენაზე აქვს და თავი გახეთქვაზე.
ალბათ, ბედმა ეს განსაცდელი არ აკმარა და ამდენ ტკივილს ყველა ტკივილზე შემაწუხებელი წყურვილიც დაურთო.
პირი გაუშრა და სასა უხმება. ნერწყვი გაუქრა და ცრემლიც გაუწყდა, რომ ერთხელ კიდევ მაინც გახურებული ტუჩები ოდნავ გაუგრილოს.
მთელი სხეული იწვის და ცოტნე ვეღარ არჩევს ერთიმეორისაგან დაუსრულებელ ტკივილსა და დაუამებელ, მოუკლავი წყურვილის ულმობლობას.
ცოტა კიდევ და, ან თავის ქალა აეხდება ტკივილისა და სიმხურვალისაგან, ან ხორცს ავარდება ალი და დაიწვება კაცი ასე ცოცხლად.
მაგრამ მანამდე, ალბათ, გულიც ვერ გაუძლებს. ბურანში წასული ცოტნე გრძნობს, როგორ მიიპარება სადღაც ფე­ხის ფრჩხილებში უკანასკნელი ძალ-ღონე.
თვალს ახელს, მაგრამ უკვე გარკვევით ვეღარაფერს ხედავს, ყველაფერი მღვრიე ნისლშია გახვეული და ჩაძირული. ყურშიაც აღარაფერი ესმის გარედან, აღარც წამებულ შეთქმულთა ზმუილი და კვნესა, აღარც ფუტკრის ზუზუნი. ალბათ, უკვე დაიხოცნენ და იმიტომ აღარ სწვდება ცოტნეს ყურს შეთქმულთა გმინვა, თორემ სმენა ჯერ კიდევ არ უნდა ჰქონდეს დაკარგული, აკი კარგად ესმის შიგნიდან მომდინარე გუგუნი და გახურებული საფეთქლების ფეთქვის ხმა!
ნუთუ ყველანი დაიხოცნენ? ან რა გასაკვირია! ისინი ხომ ცოტნეზე ადრე, ალბათ, კარგა ხნით იტანდნენ საშინელ წამებას და როდემდე შეუძლია ადამიანს უკიდურესი ტანჯვის ატანა?!
ქრისტე რომ ქრისტე იყო, იმანაც ვერ გაუძლო საშინელ წამებას _ წყურვილსა და პაპანაქებას, ლურსმნების ჩხვლეტასა და ლერწმით ცემას.
ქრისტემ წინასწარმეტყველურად იცოდა, რომ ჯვარცმული მოკვდებოდა და სულს საშინელ ტანჯვაში დალევდა. ისიც მტკიცედ სწამდა, რომ თავისი ტანჯვით მთელ კაცობრი­ობას იხსნიდა და ამ რწმენის კაცმა, კაცმა კი არა, ღმერთმა, ვერ გაუძლო წამებას და ბოლოს მაინც დასცდა უფლის მიმართ საყვედური: ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მეო.
ნუთუ, ცოტნეს აღმოაჩნდება იმდენი ძალა, რომ ბოლომდე გაუძლებს წამებას და შველას არ ითხოვს? მაგრამ რა თხოვნა უნდა ოდიშის მთავარს, ის აქ შეპყრობილი არავის მოუყვანია, ადგეს და წავიდეს, როგორც მოსულა...
სახე მწარედ დაეღრიჯა.
ეს, ალბათ, უკანასკნელი გამოხატვა იყო ზიზღისა თუ დაცინვისა საკუთარი თავის მიმართ, დიდი ხნის დათრგუნვილ და მივიწყებულ, მაგრამ გონების რომელიღაც კუნჭულში ჩარჩენილი ადამიანური სულმოკლეობის მიმართ.
და აი, უკანასკნელი ძალა შეუმჩნევლად სადღაც მიდის, წვეთ-წვეთად მიიპარება.
წყურვილისა და ტკივილის შეგრძნება ქრება და წამით მთელი სხეული უამდება ცოტნეს, რაღაც თბილი და საამო ჩაეღვარა ძვალსა და ლბილში და ერთბაშად შვება, მოსვენება იგრძნო.
ყურებში შუილი ჩაესმა, სმენად იქცა, გაიტრუნა.
ფიქრისა და წარმოდგენის მცირე უნარი და ღონე კიდევ შერჩენია და ხვდება: ეს შუილი არწივის ფრთების შრიალია.
აჰა, მოდის მისკენ, ფრთების ტყლაშუნით მოფრინავს ამირანის გულ-ღვიძლის მკორტნელი არწივი.
რამდენჯერ მოფრენილა ბავშვობაში ცოტნესთან სიზმრად ამირანის არწივი გულ-ღვიძლის საჭმელად და სისხლის სასმელად!
მაშინ ცოტნემ არ იცოდა, რა ტანჯვის ფასად მოფრინდებოდა ის არწივი ცხადში, რა დიდი ტკივილის შემდეგ დაეუფლებოდა ის სიამე, რომელიც ახლა ასე უხვად ეღვრება სულსა და ხორცში.
საოცარი იყო. ასაკში შესულ ცოტნეს ერთხელაც აღარ გაჰკარებია ბავშვობის ეს ზმანება. რა გმირობა არ ჩაუდენია, რამდენჯერ გდებულა დაჭრილი ბრძოლის ველზე, მაგრამ გმირი და ბრძოლაში დაჭრილი სხვაც ბევრი იყო და ამირანის არწივს მის საკორტნად სად ეცალა?!
დაივიწყა, აღარ ახსოვდა არწივს ცოტნე.
რამდენი წელი გასულა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად მოინახულა ყრმობის სიზმარში ამირანის არწივმა! რამდენი უოცნებია დავაჟკაცებულ ცოტნეს, რამდენჯერ უნატრია დიდი საქვეყნო საქმისთვის თავგანწირვის ჯილდოდ ამირანის არწივის მოფრენა და ყრმობის ზმანებაში დაბრუნება.
მაგრამ ამაოდ! ბავშვობის ტკბილი სიზმარი არ ახლდებოდა!
ნუთუ, ახლა გახადა ბედმა თუ განგებამ იმ ზმანების დაბრუნების ღირსი, ახლა, როცა სული და ხორცი ერთიმეორის გასაყრელად არიან მზად და ცოტნეს ამ ქვეყნისა თითქმის აღარაფერი ესმის?!
ნუთუ, ამ ერთმა რაინდულმა ნაბიჯმა _ მრისხანე მტერთან თავისი ნებით გამოცხადებამ და მოძმე შეთქმულებთან ერთად სასიკვდილოდ თავგანწირვამ აღამაღლა ცოტნე მის მიერ ჩადენილ ყველა გმირობაზე მეტად, ნუთუ, პატიოსნების ამ გამოვლინებამ, სამშობლოსა და მოყვასთათვის ამ თავდადებამ გახადა ცოტნე იმის ღირსი, რომ ოცნებად ქცეული ამირანის არწივი მოფრინდეს მასთან, გულ-ღვიძლი დაუკორტნოს და უგრძნობლობამდე მისული ღონის დაკარგვით დაუამოს ტკივილი?!
ცოტნე ვეღარ ერკვევა, ძინავს თუ ღვიძავს, სიზმარშია თუ ცხადში.
ხელებზე და მკლავებზე მჭიდროდ მოხვეული თოკი, ცოტა ხნის წინ რომ უჭერდა და ხორცს სჭრიდა, თითქოს მოეშვა, მოლბა და მისივე სხეულის ნაწილად იქცა; ამირანის სხეულზე შეხორცებული ჯაჭვის მსგავსად, ცოტნეს თოკიც ძარღვივით გამთბარა და გაცოცხლებულა; ხელებშეკრულ ვაჟკაცს ეჩვენება, რომ იმ თოკშიაც მისი გახურებული სისხლი მოძრაობს, საამოდ, მომთენთავად და გა­მაბრუებლად, თავის დამავიწყებლად და დამათრობლად.
დიდი ხნის ნანატრ სიზმარს ცოტნე მთელი არსებით ეძლევა და არწივის ფრთების მოახლოებული შრიალი კიდევ უფრო მატულობს.
ზეცამ გრიალი მოიღო, არწივი მოფრინდა და ცოტნეს მკერდზე დაეცა.
სიხარულით ფრთაშესხმული ცოტნე მხოლოდ ერთხელ შეკრთა, არწივის ნისკარტის პირველ მოხვედრაზე.
მერე, გაუმაძღარმა ფრთოსანმა რომ სისხლის სმა დაიწყო, იმ სისხლთან ერთად ცოტნეს სხეულიდან ერთბაშად დაიძრა და წაიღვარა ყველა ტკივილი და საწუხარი.
ცოტნეს სიამის მომგვრელი სისუსტე ერევა ნელ-ნელა და თანდათან ეკარგება აღქმის უნარი. ტკივილის განცდა ქრება და ყველაფრის დამავიწყებელი თრობა თუ გაბრუება ეუფლება.
სული და სხეული აავსო საამო სითბომ და ნეტარმა სიმშვიდემ.
თბილი, ტკბილი ჟრჟოლა დამთენთავად მოედო და ბურანმა იმ არწივის ფრთებივით დაარწია და თვალმიუწვდომელი სიმაღლისკენ დასძრა ცხელ მიწასა და საკუთარ სხეულს მოცილებული, ზმანებაში წასული, თუ უკვე გონდაკარგული ვაჟკაცი.


დასასრული

P.შ.

მემატიანემ ცოტნეს თავგადასავლის თხრობა იქ შეწყვიტა, როცა იგი თავისი ცხოვრების ყველაზე ლამაზ და ღირსსახსოვარ საფეხურზე შედგა, როცა თავისი კეთილშობილებითა და გმირობით ამაღლებულმა დაცემული ქარ­თველობაც აამაღლა და უკვდავებასაც აზიარა.
ჟამთააღმწერელმა ცოტნეს ცხოვრების ყველაზე ლამაზ წუთს დასვა წერტილი და სწორადაც მოიქცა, რადგან ყოველი გმირის ნატვრა ის არის, მოიგონონ იგი, არა სიცოცხლის თავდაღმართზე დაქანებული, არამედ იმ ულამაზესი წუთებით, როცა მან თავისი ცხოვრებისა და მოწოდების აზრის განხორციელებისათვის სწრაფვაში უმაღლესსა და უმშვენიერეს მწვერვალს მიაღწია.
ჟამთააღმწერლის ამ გადაწყვეტილებამ ჩვენც მოგვხიბლა, მაგრამ მემატიანის მეორე გადაწყვეტილებაც არა ნაკლებ საფუძვლიანი გვეჩვენა: იგი გმირობისა და მაღალი ზნეობის მაგალითით შემოიფარგლა. დანაშაულს აღარ ჩაეძია და შეთქმულების გამცემი მოღალატის რკვევას არ შეუდგა. ჟამთააღმწერელმა მოღალატეს სასჯელად მის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედება აკმარა და შთამომავლობისათვის მისი სახელის შემოსანახავად არ იზრუნა.
მემატიანის ამ გადაწყვეტილების ღრმა აზრი ჩვენც გავიზიარეთ და აქ დავსვით ჩვენი თხრობის დამამთავრებელი წერტილი.




ბოლოსიტყვა

მწერლობაში ფეხის შედგმიდან საქართველოს ისტორიაც იყო ჩემი შთაგონების წყარო.
ისტორია ჩემთვის მოთხოვნილებაზე მეტს ნიშნავს, იგი ჩემში ცხოვრობდა და მე მაშინაც ვწერდი ლექსებსა და პოემებს ისტორიულ თემაზე, როცა საქართველოს წარსული ჩვენში არც ისე დიდი პატივით სარგებლობდა.
პირველი პროზაული ნაწარმოები „ლაშარელა“ საქართველოს ისტორიამ შთამაგონა. „ლაშარელას“ მოჰყვა „დიდი ღამე“ და აი, წარსულში ჩემი მოგზაურობა ჯერჯერობით მთავრდება მეცამეტე საუკუნის ქართული ქრონიკის უკანასკნელი, მესამე წიგნით, რომელსაც „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“ ვუწოდე.
თითქმის ოცი წელიწადი ვცხოვრობდი მეცამეტე საუკუნის საქართველოს ცხოვრებით. ჩემს სამუშაო მაგიდას ამ ხნის განმავლობაში არ მოშორებია რაშიდ ადინისა და იბნ ალ ასირის, ნესევისა და ჯუვეინის, ვასაფისა და კირაკოსის და სხვათა და სხვათა მატიანეები, მაგრამ უმთავრესი მაინც ჩემთვის „ქართლის ცხოვრება“ იყო.
ისევ და ისევ დაუკმაყოფილებელი წყურვილით ვუბრუნდებოდი მის ცალკეულ მოთხრობებს, სულ ახლისა და ახლის აღმოჩენას მოველოდი მის ყოველ ახალ გადაფურცვლაზე, ვცდილობდი, სტრიქონთა შორის ნაგულისხმევი, დაფარული აზრი ამომეკითხა და უცხოთა მოწმობასთან შეჯერებით, ჩემთვის საინტერესო ეპოქის სურათში სინათლე შემეტანა.
უცხო წყაროთა შესწავლამ და მრავალი გამოკვლევის გაცნობამ კიდევ უფრო განმიმტკიცა ნდობა „ქართლის ცხოვრების“ ღირსებებისადმი.
ახლა, როცა ჩემი „ქრონიკის“ უკანასკნელი წიგნიც დასრულდა და მკითხველთან გასაუბრება მომინდა იმის გამო, თუ როგორ და რა ხელმძღვანელი პრინციპებით ვმუშაობდი ისტორიულ მასალაზე, ჩემდაუნებურად, ისევ „ქართლის ცხოვრების“ ტყვეობაში აღმოვჩნდი და ეს ბოლოსიტყვაც, უმთავრესად, ჩვენი ეროვნული კულტურის ამ უდიდესი ძეგლის (უკეთ, მისი ერთ-ერთი ნაწილის _ „ჟამთააღწერის“) ქებათა-ქებას მიეძღვნა.

* *
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის წიგნი ათასერთი ღამის ზღაპარსა ჰგავს.
როგორც შეჰერეზადას ძირითადი სიუჟეტი ვითარდება უამრავი ახალ-ახალი განტოტებით _ დამოუკიდებელი სიუჟეტების მქონე იგავებით, ისე „ქართლის ცხოვრებაც“ სავსეა ცალკე ადამიანების ამბებითა და თავგადასავლებით, რომელთაც თავისთავადი დამოუკიდებელი ღირებულებაც აქვთ და, ამავე დროს, ერთი დიდი მთელის განუყოფელ ნაწილებსაც შეადგენენ.
საქართველოს ისტორიის ხეს უთვალავი ტოტი აქვს და ყოველი მათგანი ნაყოფითაა დახუნძლული. ამ ნაყოფთაგან ბევრი ტკბილია და სურნელოვანი, მაგრამ უფრო მეტი მწარე და ცრემლის დამდენია.
ჩვენი ერის მიერ განვლილ გრძელ გზას ბავშვობიდან ვაყოლებდი თვალს: იგი თითქმის პრეისტორიაში იწყებოდა და აგერ, ჩვენს დღევანდელ დღემდე მოდიოდა. ქართველი ერის ნაკვალევს კაცობრიობის ცხოვრების თავდაპირველ სათავეებამდე მივყავდი და მერე, იმ სათავეებიდან აქეთ რომ გა­მოვიხედავდი, ჩემი ხალხის სიცოცხლისუნარიანობა, მისი საარ­სებო ძალის ამოუწურავობა მაოცებდა და სიამაყით მავსებდა.
ასურ-ბაბილონი და ეგვიპტე,  ფინიკიელები და ხეთები,  ძველი ბერძნები და მიდიელები დიდი ხნის წინათ დაეცნენ ამ ძნელსა და გრძელ გზაზე.
გამანადგურებელი ომებისა და ხალხთა დიდი მოძრაობე­ბის მღელვარე ზღვაში მოქცეულმა ქართველმა ხალხმა კი, რაკი ერთხელვე მოაბჯინა ქედი კავკასიონს, აქედან ფეხი აღარ მოიცვალა, ფესვი მაგრად გაიდგა და ჩვენს დრომდე სიცოცხლის შეუნელებელი წყურვილით მოვიდა.
რამ აცოცხლა ამდენ ხანს, რა უდგამდა ხელახლა სულს ათასჯერ სასიკვდილოდ დაცემულ ქართველ ერს?
ამ კითხვაზე უნებურად დაფიქრებულა ყველა, ვისაც დრამატიზმით აღსავსე საქართველოს ისტორიისათვის თვალი გადაუვლია. გრიგოლ ორბელიანმა ჩვენი ერი მითიურ ფრინველს _ ფენიქსს შეადარა. ფენიქსი ცეცხლში იწვის, იფერფლება და შემდეგ იმ ფერფლიდანვე აღმდგარი, განახლებული გვევლინება. რამდენჯერ დაქცეულა და დაფერფლილა საქართველო, ქვა-ქვაზე აღარ დარჩენილა და მისი აღორძინების იმედი აღარავის ჰქონია, მაგრამ იგი მაინც აღმდგარა ფერფლიდან და ფრთები მძლავრად გაუშლია ახალი ცხოვრების დასაწყებად.
ზოგჯერ საქართველოს დაცემაში მისსავე შვილებსაც მიუძღოდათ ხოლმე წვლილი და ქართლის ცხოვრების ფურცლებზე არა ერთი ძლიერი ადამიანი გვხვდება, რომელსაც პირადი ბედნიერებისათვის სამშობლოს კეთილდღეობა უნაცვლებია. მაგრამ ეს ხომ მარტო ქართველთა უბედურება არ იყო. განა ინგლისური ქრონიკები სავსე არ არის ტახტის მიმტაცებელ მამათა და ძმათა მკვლელების სახელებით, რომელთაც არაფრად უღირთ მტრის ჯარების შემოძღოლა და სამშობლოს ძლიერების დამხობა, ოღონდ კი თავიანთი პატივმოყვარეობის ჭია ახარონ ცოტა ხნით მაინც. განა ამ ქრონიკებმა არ მისცეს საზრდო ყველა დროის უპირველეს გენიოსს შექსპირს უკვდავი, ზოგადსაკაცობრიო სახეების დასახატავად!
მსოფლიოსა და მშობლიურ ისტორიაზე დაკვირვებამ ათქმევინა ვოლტერს ესოდენ სასოწარკვეთილი სიტყვები: „კიდევ და კიდევ გვიხდება იმის აღიარება, რომ ისტორია არის ჯაჭვი დანაშაულობისა, სიგიჟისა და უბედურებისა, რომელთა შორის უდაბნოში აქა-იქ გაბნეული ოაზისებივით იშვიათად თუ შეხვდებით კეთილის მოქმედ ადამიანს ან ბედნიერ ეპოქას. სხვა ხალხებიც არ იყვნენ უფრო გონიერები, მაგრამ არც ერთ ერს თავი ისე არ შეურცხვენია მკვლელობებით და ბოროტმოქმედებით, როგორც საფრანგეთმა შეირცხვინა“.
ასე იყო ყველგან, ასე იყო ჩვენშიც, რადგან თავად ბუნებაშიც ასე, ერთიმეორის გვერდით არსებობს ნათელი და ბნელი, იფქლი და ღვარძლი, ღალატი და ერთგულება.
მაგრამ ძველი ქართული ქრონიკების ფასი ძალიან ჩვეულებრივი იქნებოდა, რომ მათ ზნეობრივი სიწმინდისა და რაინდული კეთილშობილების ისეთი ამაღლებული მაგალითები არ შემოენახათ, რომელთა ბადალი მსოფლიოს ბევრი ხალხის ისტორიაში სანთლით საძებნელია.
„ქართლის ცხოვრების“ ყველაზე დიდი დამსახურება ჩვენი ხალხის ისტორიაში სწორედ ის არის, რომ ფაქიზი ზნეობის, ერისა და მოყვასისათვის თავდადების უჭკნობი გაკვეთილები გადმოგვცა და ამით შთამომავლობის სულზე სამუდამოდ აღბეჭდა მორალური სრულყოფისაგან დაუოკებელი სწრაფვის სურვილი.
ისტორია რომ შთამომავლობისათვის გაკვეთილია, ეს საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებად ითვლება, მაგრამ ჩვენს დროში, ძველი სამყაროს მზის ჩასვლას ბურჟუაზიულ მოაზროვნეთა საერთო გულის გატეხვასთან ერთად, ისტორიის მიმართაც შეიქმნა ურწმუნოებისა და უარმყოფელობის ატმოსფერო.
„ისტორია ინტელექტის ქიმიის მიერ გამომუშავებული ყველაზე საშიში პროდუქტია, _ წერს ჩვენი დროის ფრანგი პოეტი და მოაზროვნე პოლ ვალერი, _ მისი თვისებები კარგადაა ცნობილი. იგი აღძრავს ოცნებას, აბრუებს ხალხებს, ჰკვებავს მათ ცრუმოგონებებით, უმძაფრებს რეფლექსებს, უმწვავებს ძველ წყლულებს, ურღვევს მოსვენებას. აავადებს განდიდების ან დევნილების მანიით, ერებს ხდის გამწარებულ, მედიდურ, აუტანელ და ამაოდ მოფუსფუსე ორგანიზმებად... ისტორია ამართლებს ყოველგვარ სურვილს, იგი არაფერს გვასწავლის, რადგანაც ყველაფერს შეიცავს და ყველაფრის მაგალითს იძლევა... ისტორიიდან არავითარი გაკვეთილის გამოტანა არ შეიძლება“.
ვალერის ამ მსჯელობაში გონებამახვილ დაკვირვებასთან ერთად მკაფიოდ მოჩანს უზრუნველობა ისტორიული ბედისაგან განებივრებული დიდი ერის შვილისა, რომლის წინაშე არ დგას არც მშობელი ხალხის ყოფნა-არყოფნის საკითხი, არც ისტორიის გაკვეთილის მოშველიების საჭიროება დაცემული სამშობლოს აღსადგენად და გასამხნევებლად.
ადამიანთა მოდგმის ყოველი ახალი თაობა თვითონ იკვლევს გზას ცხოვრებაში. როგორც თითოეული ინდივიდუმის, ისე თითოეული თაობის წინაშე წამოჭრილი ყოველი ახალი სიძნელე მისგან მეტწილად ახლებურ გადაწყვეტას თხოულობს და მსგავს სიტუაციაშიც კი წინაპრის გამოცდილება ყოველთვის ვერ ასრულებს გზის მაჩვენებელი კომპასის როლს.
ადამიანების უმრავლესობა თავისი დროის ყოველდღიურობით ცხოვრობს და არაფერი ისე არ ახდენს ჩვენზე გავლენას, როგორც ჩვენს დროს მომხდარი რაიმე მოვლენა ან ფაქტი.
ამ ჭეშმარიტებას სახოვნად გამოხატავს არაბული ანდაზა: „ადამიანები თავიანთ მამებზე მეტად თავიანთ დროს გვანანო“.
დიახ, ეს ასეა, მაგრამ დროსა და ბუნებაში არიან ძალები, რომელთა ზემოქმედება მარტო მათი სიშორით ან სიახლოვით როდი განიზომება.
ჩვენს დროში, ჩვენს გვერდით ხდება უამრავი მოვლენა, რომლებიც ჩვენზე არავითარ გავლენას არ ახდენენ. ასევე, ჩვენს გვერდით არიან უამრავი ადამიანები, რომელთა არსებობას ჩვენი ცხოვრებისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ისინი არც ცუდად მოქმედებენ ჩვენზე, არც კარგად.
მაგრამ თითოეული ერის წარსულში იყო მოვლენები და იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან შორს არიან, დღესაც შესწევთ ძალა, გავლენა მოახდინონ ჩვენზე.
ის ძალა, რომელიც, სიშორის მიუხედავად, მაგნიტივით მოქმედებს ჩვენზე, ხალხისათვის თავდადებისა და კეთილშობილი რაინდობის, სპეტაკი ზნეობისა და სულიერი ვაჟკაცობის მაგალითებია. ეს მაგალითები მწვერვალებივით დგანან ერის მიერ განვლილი გზის გრეხილზე და სამუდამოდ რჩებიან შთამომავლობისათვის საზომად.
ადამიანები ვერასოდეს ვერ შეიცნობენ თავის თავს და ვერასოდეს შეაფასებენ თავის ან სხვის მოქმედებას, თუ მათ ეს საზომი _ მაღალი ზნეობის მაგალითი არა აქვთ.
წარსულს მეორე მაგალითიცა აქვს; ეს არის სულიერი სიმდაბლის, დაცემისა და გათახსირების მაგალითი. წარსულმა შექმნა მოღალატისა და გამყიდველის ზოგადი, შემკრები სახე _ იუდა. ყველა ერსა ჰყავს თავისი იუდა და მათი მაგალითიც სპეტაკი ზნეობის მაგალითების გვერდითაა ამართული ერის მიერ განვლილ გრძელ გზაზე. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ იგი არ ბრწყინავს, არავის არ იზიდავს შორიდან და არავინ არ ცდილობს თავისი მოქმედება მას შეუფარდოს და, პირიქით, შთამომავლები ივიწყებენ და გამორიცხავენ მას თავიანთი მოქმედებისათვის გეზის მიცემისას.
მაგრამ იუდა მაინც არსებობს ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე. იგი თავს არ გვახსენებს და შესაფერის დროს უცდის, რათა გამოჩნდეს და ერთხელ კიდევ დაასვას სამარცხვინო დაღი ამა თუ იმ თაობას.
ისტორიის, როგორც გამოცდილებისა და გაკვეთილის უარმყოფლები რატომღაც არ ითვალისწინებენ თავისუფლებისათვის მებრძოლი დამონებული ხალხების, მეცხრამეტე საუკუნის რუსეთისა და ავსტროუნგრეთის იმპერიებში შემავალი ერების მაგალითს. ქართველმა და სომეხმა, პოლონელმა და ბულგარელმა, სერბმა და ჩეხმა ხალხებმა, სწორედ ისტორიის გაცოცხლებით, წარსულის მაგალითების მოშველიებით ჩაიდგეს ის მებრძოლი სული, რომელმაც მათ საბოლოოდ მოუტანა ნანატრი თავისუფლება.
დღემდე ცოცხალი თაობის თვალწინ „ქართლის ცხოვ­რებამ“ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უაღრესად აქტიური როლი შეასრულა და ერის სულიერ განახლებაში ცხო­ველმყოფელი მონაწილეობა მიიღო.
მეცხრამეტე საუკუნის დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მედროშეთა შთაგონებას „ქართლის ცხოვ­რების“ ის ფურცლები ჰკვებავდა, რომლებიც ცოტნე დადიანისა და დიმიტრი თავდადებულის, ბახტრიონის გმირებისა და თევდორე მღვდლის თავგანწირვაზე მოგვითხრობენ.
ილიას „დიმიტრი თავდადებულმა“, აკაკის „ნათელამ“ და „ბაში-აჩუკმა“, ვაჟას „ბახტრიონმა“ ცოცხლად დაუხატეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირის იდეალი ქართველ ხალხს და შეუქმნეს თავისუფალი ცხოვრებისათვის მებრძოლ თაობებს მაღალი ზნეობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის მისაბაძი ნიმუშები:

გმირნო მამულის მადიდნო,
თქვენა ხართ ჩვენი დიდება!
თქვენთა სახელთა ამაყად
წარმოსთქვამს შთამომავლობა!
თქვენთა საქმეთა მოთხრობით
მოხუცს ცრემლ მოედინება,
მხნეობით აღტაცებული
ჭაბუკი ხმალსა მისწვდება!

წერდა გრიგოლ ორბელიანი, ხოლო ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს ამ გმირების აღზრდასა და ჩაგონებაში, ბრძოლის ველისკენ მათ მოწოდებაში შემოაღამდათ ცხოვრების ძნელ გზაზე.
ქართველი ერის გამოფხიზლებისა და თავისუფალი ცხოვრებისთვის მისი მომზადების იდეით შეპყრობილთა ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი ერის გმირული წარსულის გაცოცხლება იყო და როცა ილიას, აკაკის, ვაჟასა და იაკობ გოგებაშვილის ფასდაუდებელ ღვაწლს აღვნიშნავთ, იქვე მადლიერებით ვიხსენიებთ „ქართლის ცხოვრებასაც“, რომელიც იყო მათი შთაგონების უპირველესი წყარო და, ამდენად, ერის თვითშეგნების ჩამოყალიბებისათვის, ახალი აღორძინებისათვის ბრძოლის აქტიური მონაწილე. ეს მაგალითი საუკეთესოა ისტორიასთან ცოცხალი ადამიანების დამოკიდებულების გასარკვევად, ისტორიული გამოცდილების გამოყენებისა და დღევანდელობის სამსახურში ისტორიის ჩაყენების საილუსტრაციოდ.
მაგრამ ისტორიის მოხმობის, წარსულის გმირთა თავდადებით დღევანდელი მებრძოლების აღფრთოვანების კიდევ უფრო ახლო მაგალითი ჩვენ ჯერ კიდევ თვალწინ გვაქვს: ფაშისტური გერმანიის მოსკოვზე შეტევის დროს, ყველაზე კრიტიკულ დღეებში საბჭოთა ხალხმა დედაქალაქის გადასარჩენად ფრონტისაკენ მიმავალი ლაშქარი წარსულის მაგალითებით გაამხნევა და, გარდასულ დროთა სარდლების გმირობის გახსენებით, მათი დროშების დიდების ძალითა და მადლით დალოცა.

* *
საქართველო ცივილიზებულ ერთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს ეკუთვნის, რომელსაც მშობლიურ ენაზე დაწერილი საკუთარი დიდი ისტორია ძველთაგანვე გააჩნია.
ეს ისტორია საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა, ერთ გაბმულ თხრობად გრძელდებოდა და ერის კულტუროსნობის ერთ-ერთ უპირველეს მოწმობად ყალიბდებოდა.
თავის ამ პასპორტს ჩვენმა წინაპრებმა „ქართლის ცხოვრება“ უწოდეს და ჩვენი ხალხის გრძელ გზაზე არაფერში ისე არ ასახულა „ქართული სული“, ქართველი ხალხის ჭირი და ლხინი, მისი შემოქმედი ძალა, როგორც ამ წიგნში.
„ქართლის ცხოვრება“ ქართული კულტურის მონუმენტური ძეგლია, რომელიც თავისი მნიშვნელობით უსწორდება ჩვენი ხალხის გენიით შექმნილ წარსულის ყველაზე დიდ ქმნილებებს. უფრო მეტიც, იგი არის მსოფლიო ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი ძეგლი, რომელსაც ყოველგვარი შეღავათის გარეშე ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი მსოფლიოს ხალხთა საუკეთესო მატიანეების გვერდით.
„ქართლის ცხოვრების“ წიგნი რამდენიმე დიდებული მატიანისაგან შედგება.
მათ შორის მე სწორუპოვრად მე-13 საუკუნის საქართველოს ისტორია მეჩვენება და ჩემს ამ რწმენას „ჟამთააღმწერლის“ მატიანესთან მრავალი წლის განუყრელობამ და მეგობრობამ, თხზულებაზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ და სხვა წყაროებთან შედარებამ შეუქმნეს საფუძველი.
მეცამეტე საუკუნის დასაწყისის საქართველოზე ჩვენ მეორე მოწმობაცა გვაქვს. ეს არის ე. წ. „ლაშასდროინდელი მატიანე“ _ მოკლე და მშრალი მოთხრობა კარის ოფიციალურ ისტორიკოს-პანეგირისტისა. ამაღლებული ტონით მოთხრობილი ეს ისტორია თითქმის არაფერს ცოცხალსა და ცხოვრებისეულს არ შეიცავს და თუმცა რომანისტისათვის მისი ცოდნაც სავალდებულოა, მაინც შთაგონების ფრთების შესასხმელად იგი ძალზე მწირ მასალას იძლევა.
სულ სხვაა „ჟამთა აღწერა“!
მე ამ მატიანის ავ-კარგზე, მისი უცნობი ავტორის პიროვნებაზე, მამულიშვილობასა და მეცნიერულ-მწერლურ ინტერესებზე ბევრი მიფიქრია და ამიტომ ჩემს თავს ნებას მივცემ, ცოტა ვრცლად შევჩერდე საქართველოს ისტორიის ამ შესანიშნავ წიგნზე.

* *
ქართველი მემატიანე, რომელსაც ჩვენს ისტორიულ მეცნიერებაში „ჟამთააღმწერელი“ შეერქვა, გაბმით მოგვითხრობს მშობელი ქვეყნის ასწლოვან თავგადასავალს XIII საუკუნის დასაწყისიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე.
ეს საუკუნე უაღრესად ტრაგიკული იყო არა მარტო საქართველოსათვის. მონგოლების მოულოდნელი გამოჩენის, მათი გამანადგურებელი შემოსევის შედეგად, ეკონომიურად და კულტურულად აყვავებული ბევრი ქვეყანა დაეცა, დამპყრობთა მძიმე უღელქვეშ მოექცა და დიდი ხნით დაეხშო წინსვლისა და განვითარების გზა.
მონგოლებმა არნახული ულმობლობითა და გაუგონარი სისასტიკით გასტეხეს წინააღმდგომთა ძალა. ბევრად ადრე, ვიდრე დაუჭედელ ცხენებზე ამხედრებული ჩინგიზხანის ურდოები გამოჩნდებოდნენ, მათ წინააღმდეგ ბრძოლის უაზრობისა და მათი უძლეველობის ხმა ელვისებური სისწრაფით ვრცელდებოდა, მათ მორიგ მსხვერპლს შიშის ზარს სცემდა, ნებისყოფას ართმევდა და ბრძოლის ველზე გასვლამდე იარაღს ჰყრიდა. ასე დაიპყრეს მონგოლებმა უზარმაზარი ტერიტორია და შექმნეს უნაპირო იმპერია, რომელშიაც „მზე არასოდეს ჩადიოდა“.
პირველი ზარისა და გაოცებისაგან გამორკვეული ხალხები უკვე მომხდარი, უდიდესი მნიშვნელობის მოვლენებს ღრმად ჩაუკვირდნენ, მათი ახსნა სცადეს და მიზეზებსა და შედეგებს შორის კანონზომიერების ძებნა იწყეს. ქრისტესა და მაჰმადის რელიგიებზე აღზრდილ, განათლებულ, მაგრამ ბრმად მორწმუნე ადამიანებს ძალთა ჩვეულებრივ დაპირისპირებაში შეუძლებლად ეჩვენებოდათ განვითარების დაბალ საფეხურზე მდგარ, შედარებით მცირერიცხოვან მონგოლთა ურდოების მიერ სიმდიდრითა და ძლიერებით აღმატებული სახელმწიფოების განადგურება, მათი მრავალრიცხოვანი არმიების დალეწვა, ფორტიფიკაციის უახლოესი მიღწევებით გამაგრებული ქალაქების მიწასთან გასწორება, მორჭმული და ამაღლებული ხელმწიფეების დამხობა; ასიათასობით უდანაშაულო ადამიანის მოსპობას, აურაცხელ მსხვერპლსა და თავსდამტყდარ საშინელებას მათ შეგნებაში სხვა ახსნა არ უდგებოდა, იგი განგების მიერ მოვლენილ სასჯელად ესახებოდათ და ჩინგიზხანი იმ დროის ადამიანთა „ცოდვათა და უსჯულოებათათვის“ გამოგზავნილ ღვთის რისხვად ცხადდებოდა.
ეს კონცეფცია გაიზიარა და სავალდებულოდ მიიღო მთელმა იმ ისტორიულმა ლიტერატურამ, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში შეიქმნა.
ამ უმდიდრეს ლიტერატურაში პატიოსანი თვლებივით ბრწყინავენ იბნ ალ ასირისა და ნესევის, რაშიდ ადინისა და ჯუვეინის, კირაკოს განძაკეცისა და ჩვენი ჟამთააღმწერლის თხზულებები.
ქართველი ჟამთააღმწერლის თხზულება თავისი მაღალპატრიოტული იდეოლოგიით, ისტორიული სიმართლის ერთგულებით და თხრობის სტილის მხატვრული თავისებურებით, ყოველგვარი შეღავათის გარეშე იმსახურებს ღირსეულ ადგილს იმ პირველხარისხოვან წყაროებს შორის, რომლებიც დღესაც იწვევენ ბერძენი და რომაელი ავტორებით განებივრებული ევროპელი მეცნიერების აღტაცებას.
ჟამთააღმწერელი გიორგი ბრწყინვალის თანამედროვე, XIV საუკუნის დასაწყისის მოღვაწედ ითვლება.
XIII საუკუნე, ძლიერი და აყვავებული საქართველოს დაცემის დასაწყისი, მისთვის უკვე წარსულია და იგი შთამომავლის მიუდგომლობით უყურებს წინაპრების მოქმედებასა და იმ საზოგადოებრივ მოვლენებს, რომელთაც განსაზღვრეს დავით აღმაშენებლისა და თამარისდროინდელი დიდებული საქართველოს ჩამოქვეითება მონგოლთა მოხარკე ქვეყნად. მისი შეხედულება საზოგადოების რომელიმე კერძო ჯგუფის შეხედულება როდია. მისი ინტერესი ფართო საზოგადოებრივია და მისი თვალსაზრისი საერთო ეროვნული თვალსაზრისია. მისი მსჯავრი უკვე მომხდარ ფაქტებზე დამყარებული მომავალი თაობის მსჯავრია, ქვეყნის ბედზე ღრმად დაფიქრებული იმ პატრიოტის თვალსაზრისია, რომელსაც ხელს აღარაფერი უშლის, ობიექტური იყოს და ხანგრძლივი დაკვირვებიდან სწორი დასკვნები გამოიტანოს.
წარსულის მოღვაწეთაგან მას გამორჩეულად არც ვინმე უყვარს, არც ვინმე სძულს. მის სიმპათიასა და ანთიპათიას წინაპართა საქმეები განსაზღვრავენ, მათ ავ-კარგს იგი მხო­ლოდ მათივე მოქმედების შედეგებით წონის და აფასებს. ის კი არა, ერთსა და იმავე პიროვნებასაც კი სხვადასხვაგვარად გვიხასიათებს, იმისდა მიხედვით, თუ რა სარგებელი ან ვნება მოჰქონდა მის მოქმედებას ქვეყნისათვის სხვადასხვა დროს.
მაგალითად, მეფე დიმიტრი თავდადებულის მოღვაწეობის დასაწყისს იგი დაწვრილებით ლაპარაკობს მეფის მიმზიდველ გარეგნობასა და კეთილ ხასიათზე, იმდენად დაწვრილებით, რომ იმასაც არ ივიწყებს, თუ რამდენჯერ იჩოქებდა ჭაბუკი მეფე ლოცვის დროს (ათასხუთასი მუხლი მოაგდის მდაბლად მიწასა ზედა“).
მაგრამ შემდეგ, როცა „სისრულისაგან მცირედ მიდრკა და აღერია წარმართთა და ისწავა საქმენი მათნი, უძღებებისა და სიძვისა“, მემატიანე არ ერიდება ხელმწიფის ავტორიტეტს და მას ბოროტსა და უწესოს უწოდებს. მემატიანე მეფის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში აშკარად მის მოპირდაპირეთა მხარეს არის და სიტყვას არ იშურებს მათი სიწმინდისა და სიმართლის ხაზგასასმელად.
მაგრამ, შემდგომ, როცა ამავე მეფემ ერისათვის თავი გასწირა, მემატიანე დიდი მხატვრული ძალითა და გულისტკივილით გადმოგვცემს ერისათვის მეფის თავდადებას: „მრავალმღელვარე არს საწუთრო ესე, დაუდგრომელ და წარმავალ, დღენი ჩვენნი სიზმრებრ და აჩრდილებრ წარვლენ და უნებელ და მსწრაფლ თანაგვაც წასვლა სოფლისა ამისაგან. რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე ტვირთმძიმე ცოდვათა განვიდოდე სოფლისა ამისაგან... მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხო­ვარნი... მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა...“ ავტორი სრულიად ივიწყებს მეფის ბოროტებასა  და უწესობას. მისი მოწამებრივი აღსასრულით შეძრწუნებული და იმავ დროს მისი კეთილშობილი თავდადებით აღფრთოვანებული, ამაღლებული თხრობით გადმოგვცემს დი­მიტრის მოკვლის მძიმე სურათს.
ასევე ცვალებადია ჟამთააღმწერლის დამოკიდებულება ლაშა-გიორგისადმი. თამარის შემდეგ ლაშას ტახტზე ასვლასა და მისი მეფობის დასაწყისის ქვეყნის კეთილდღეობას იგი ამ სიტყვებით ახასიათებს: „მას ჟამსა იშვებდა, იხარებდა და ყოველგნით იყო შვება და მხიარულება“...
მაგრამ, როგორც კი ჩვენი ერის ბედი ჩარხუკუღმა დატრიალდა და საქართველოს ცაზე პირველი ღრუბლები გამოჩნდა, ჟამთააღმწერელმა ღვთის განრისხების ერთ-ერთი მიზეზი სახელმწიფოს მეთაურის ქცევაში დაინახა და „ღვთივგვირგვინოსანი მეფე“ მეტისმეტად მკაცრი ეპითეტებით შეამკო.
ჩვენი მემატიანე ყველაფერზე მაღლა სამშობლოსა და ერის ინტერესებს აყენებს და თუ ვისმეს ბრალს მშობელი ხალხის უბედურებაში ხედავს, მოურიდებლად ჰგმობს და ჰკიცხავს მათ. ასეთ შემთხვევაში მისთვის არ არსებობს ავტორიტეტი, რადგან სამშობლო ყველაზე მაღლა დგას, თვით მეფეებზე და ღვთისმსახურებზეც კი.
ჟამთააღმწერლის განაჩენი მკაცრი და პირუთვნელია, მაგრამ თან გულისტკივილიც სდევს იმის გამო, რომ იძულებულია „ღვთისგან ცხებულნი“ ამხილოს. მემატიანეს უმძიმს მწარე სიმართლის მოთხრობა: „სირცხვილ მიჩნს კადრებად და კვალად ვერ მიძლავს დუმილად, რამეთუ უპატიო ჰყო თავი თვისი ბოროტითა ამით, რომელ აღადგინა ძმისწულსა თვისსა ზედა“. _ წერს ლაშას ძის დავითის მიმართ რუსუდან დედოფლის მიერ ჩადენილი ბოროტების გამო და ამ აზრს კიდევ უფრო აღრმავებს: „კვალად აქაცა ვინებე დუმილი, ვინათგან მეგულების განსაკრთომელისა მოთხრობისა, დაღათუ არა საკადრებელ არს თხრობა მეფეთათვის უშვერსა რასმე, რამეთუ იტყვის მოსე, მხილველი ღმრთისა, ვითარმედ: „მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქვა ბოროტი“.
მაგრამ ამ სტრიქონების ავტორმა ისიც იცის, რომ ერის ისტორიის წიგნი „შუამდებარე არს კეთილისმოქმედთა და ბოროტის მოქმედთა“ და რომ შთამომავალთაგან შენდობილ იქნება მისი სიმართლე და პირუთვნელობა, რადგან „ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტის მეტყველება არს და არა თვალახმა ვისთვისმე“.
ამ შეგნებით ხელმძღვანელობს ჟამთააღმწერელი, როცა მხოლოდ რამდენიმე მოკრძალებული ფრაზით მიგვანიშნებს სამეფო კარის ყოფის ეპიზოდზე. ეს ეპიზოდები ზოგიერთ უცხო წყაროში (მაგ. იბნ ალ ასირი) ვრცლად და გაშიშვლებული თხრობითაა დადასტურებული.
ეს ფაქტი ქართული წყაროს სარწმუნობაზე და მისი ავტორის ეროვნულ თავმოყვარეობაზე ლაპარაკობს.
ქართველი ჟამთააღმწერელი მთლიანად იზიარებს მონგოლთა ეპოქის ისტორიკოსების ისტორიულ-პოლიტიკურ კონცეფციას: ქვეყნის მმართველთა უდარდელობამ და ზნეობრივმა დაცემამ, სარწმუნოების შერყევამ, ურთიერთქიშპმა და მტრობამ იმდენად დაასუსტა ძლიერი სახელმწიფო, რომ, ცოდვათა და ბოროტთათვის ღვთის მიერ სასჯელად მოვლენილი მონგოლები როცა გამოჩნდნენ, იგი უძლური იყო, გამკლავებოდა და უკუექცია მათი ურდოები.
რაკი მონგოლთაგან ძლევა თვით განგების მიერ წინასწარ იყო გადაწყვეტილი, მემატიანეს ისღა რჩება, ხშირ-ხშირად შეგვახსენოს ღვთის ეს განაჩენი და სასოწარკვეთილმა არაერთგზის გაიმეოროს ეკლეზიასტეს სიტყვები: „ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს“...
„და გაგრძელდა ოხრება და მოსპოლვა ქვეყნისა სიმრავლისათვის უსჯულოებათა ჩვენთასა, რამეთუ განრყვნა ყოველმან ასაკმან ქვეყანა“, -იმეორებს არაერთხელ გამოთქმულ თავის ამ აზრს ჩვენი ისტორიკოსი. მან კარგად იცის, რომ ეს უბედურება მარტო საქართველოს როდი დაატყდა თავს: „დაღათუ საქართველო, არამედ სპარსეთი, ბაბილოვანი და საბერძნეთი, რამეთუ მიეცემოდეს მწარესა ტყვეობასა და უწყალოთა სიკვდილთა, რომელ არა იყო წყალობა, სავსე იყვნეს მოკლულთა მიერ ქალაქნი და სოფელნი, ველნი, ტყენი, მთანი და ხევნი...“
ჟამთააღმწერლის წიგნი „ქართლის ცხოვრების“ ყველაზე შავბნელსა და მძიმე ხანას მოიცავს და იგი სავსეა სურათებით, რომლებიც თავისი საშინელებით გვზარავენ. მემატიანე არსად არ ცდილობს ფაქტების შერბილებას, პირიქით, აშიშვლებს სინამდვილეს და ამუქებს კიდევაც ფერებს, რომ მისი მონათხრობი ღრმად შთამბეჭდავი და დამაფიქრებელი იყოს: „ჩვილნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან, და რომელსამე თვალნი წარსცვიდიან და რომელსამე ტვინი დაეთხიის. და უკანის დედანი მოიკვლოდიან. ბევრნი უწყალოდ ფოლოცთა შინა ცხენთა მიერ დაითრგუნვოდეს, ჭაბუკნი დაეკვეთებოდეს, სისხლისა მდინარენი დიოდეს. ტვინი კაცთა, დედათა, ბერთა, ჩჩვილთა თმა და სისხლი, თავი მხართაგან განშორებული, ნაწლევნი ცხენთა მიერ დათრგუნვილნი ურთიერთას აღრეულ იყო“.
მატიანის ფურცლებზე იშვიათი როდია მსგავსი აღწერები, რომლებიც აპოკალიპსის სურათებს არ ჩამოუვარდებიან თავიანთი შემზარაობით. სიმძაფრე თხრობის დრამატიზმისა სწორედ რომ შესაფერისია და კარგად გადმოგვცემს თხზულებაში აღწერილ საშინელებათა არსსა და მნიშვნელობას. ჟამთააღწერაში ქვეყნის ასწლოვანი ისტორია იშლება, როგორც ეპოპეა. თხრობის დრამატიზმი, როგორც მთლიანად, ისე ცალკე ეპიზოდებში, არის თხზულების სტილის, ავტორის ხელოვნების უპირველესი ნიშანი.
ამაღლებული პათეტიკა და უიმედო სასოწარკვეთილი ტონი ოსტატურად ენაცვლებიან ერთიმეორეს ჟამთააღმწერლის თხრობაში. მათი სრული თანხმობა ქმნის სტილის იმ თავისებურებას, თხრობის იმ არტისტიზმს, რომლითაც ასე ხიბლავს მკითხველს მონგოლთა დროის ქართული მატიანე. ნაწარმოების კომპოზიცია განსაზღვრავს მის სტილს. მემატიანის წინაშე იდგა რთული ამოცანა: განსაზღვრული ზომის ერთ წიგნში გადმოეცა მთელი საუკუნის მანძილზე დატრიალებული ამბები, ერის ცხოვრებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე მოვლენები. დიდძალი მასალიდან მას უნდა შეერჩია ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი, ყველაზე უმთავრესი და აუცილებელი. დავითისა და თამარის ისტორიკოსებისაგან განსხვავებით, მას ერთი ხელმწიფის ცხოვრების მოთხრობა კი არ ევალებოდა. ჟამთააღმწერელს შფოთითა და ვაებით სავსე ასწლოვანი ისტორია უნდა გადმოეცა მშობელი ერისა. ეს ასი წელი მეფეთა რამდენიმე თაობის ცხოვრებას მოიცავდა და მერე როგორ ცხოვრებას! მარტო მეფეებისა კი არა, მთელი ერის სიცოცხლე და არსებობა სულ ბეწვზე რომ ეკიდა და, დაღუპვის მუდმივი საფრთხის წინაშე იდგა!
მხატვრისათვის ასეთი ეპოქა უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე ბრძენი გვირგვინოსნის ხელმწიფობით დაწყობილი ქვეყნის მოსვენებული ცხოვრება: თვითმპყრობელი ხელმწიფეების ერთმმართველობის დროს, სხვა, ცალკე ადამიანთა თაოსნობა ჩახშობილია, ქვეყანაში ერთი ნება ბატონობს და ძლიერი ხასიათების გამოსავლინებლად ასპარეზი შეზღუდულია, ან სულ აღარ არის. ცენტრალური ხელისუფლების მოშლის ან დასუსტების ჟამს ცალკე მოღვაწეთა თაოსნობას გასაქანი ეძლევა და ძლიერი ადამიანების წინაშე ნებისყოფისა და ხასიათის გამოსაჩენად ფართო ასპარეზი იშლება ხოლმე.
ქართველმა ჟამთააღმწერელმა მხატვრისა და ისტორიკოსის ინტერესები შეაერთა, უამრავი მასალიდან მხოლოდ ერის ცხოვრებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტები შეარჩია და მკითხველის მოთხოვნილება დააკმაყოფილა ნაწარმოების მაღალ მხატვრულობაზეც. ქვეყნის საუკუნოვანი თავგადასავლის გადმოცემა ასეთი მოცულობის წიგნში სქემატიზმის საფრთხის წინაშე დააყენებდა სხვა ავტორს, მაგრამ ჟამთააღმწერლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი ვრცელი ამბების მოკლედ და შეკუმშულად გადმოცემის, მოვლენების არსის დაჭერის ოსტატია. ასეთ შეზღუდულ ფართობზე მას თითქოს ადგილი აღარ უნდა დარჩენოდა იმ წვრილმანებზე შესაჩერებლად, რომლებიც ზოგჯერ გაცილებით უკეთ გვიხატავენ ისტორიულ გმირთა ბუნებასა და ეპოქის ხასიათს. მაგრამ ჩვენი მემატიანე უმთავრესი მასალის სწორად შერჩევითა და დალაგებით, მეორე­ხარისხოვანი მოვლენების ძუნწად გადმოცემითა და თხრობის ლაკონურობით აღწევს თითქმის შეუძლებელს: ცხოვ­რებისეული დეტალების დამოწმებით ახერხებს გმირის ცხოვ­რების გაცოცხლებასა და ხასიათის გახსნას და საიმისო ადგილსაც პოულობს, რომ ზოგი რამ არსებითი ფართოდ განავრცოს და თავისი მნიშვნელოვანი მოსაზრებები არაერთგზის განმეორებით მოგვაწოდოს.
ამ მხრივ იგი სონეტების იმ დიდ ოსტატ-პოეტებს ჰგავს, რომლებიც ლექსის ამ ფორმის მკაცრ არტახებში (როცა ყოველი სიტყვის ადგილი გამოზომილია), არათუ აზრის ლაღად და მწყობრად გადმოცემას, არამედ ტავტოლოგიით, სიტყვათა განმეორებით სათქმელის ხაზგასმას კიდევ უფრო მეტად ახერხებენ.
ჟამთააღმწერელი ერთგან ჰულაგუ ყაენის და ბათოს ძმის ბერქას (რომელსაც შეცდომით „ბათოს შვილს“ უწოდებს) ლაშქართა შებმას აგვიწერს. ამ ომში სარგის ჯაყელი ჰულაგუმ თურმე „თვით წინ დაიყენა“. ომამდე ცოტა ხნით ადრე, სარგისი ულუ დავითთან ერთად ურდოში იყო დაბარებული, სადაც ქართველთა მეფის განდგომის გამო პასუხისმგებლობა თვითონ იკისრა: „მეფე უბრალო არს; მე ვარ, რომელმან განვაყენე მეფე კარისაგან თქვენისაო“. თავის ამ ნაბიჯით სარგისი მეფეს გადაარჩენდა, მაგრამ თვითონ უთუოდ დაიღუპებოდა, ბერქას ლაშქარი რომ არ გამოსულიყო და ჰულაგუ ყაენი სასწრაფოდ საომრად არ დაძრულიყო. როგორი იქნებოდა სარგის ჯაყელის სულიერი განწყობილება, როცა საომრად გამზადებულმა ჰულაგუ ყაენმა იგი თავის წინ დაიყენა! სხვა, ალბათ, მის ადგილზე მღელვარებას ვერ დაფარავდა და წონასწორობას ვერ შეინარჩუნებდა. სარგისს კი იშვიათი სიმშვიდე და ნებისყოფის სიმტკიცე გამოუჩენია და ისეთი წვრილმანისთვის მოუცლია, რომელსაც მის ბედში მყოფი სხვა ვინმე, ალბათ, ვერც შეამჩნევდა: _ „ხოლო იქმნა ესეცა, _ გვიამბობს მემატიანე, _ რომელ რაზმთა შინა გახლტა შველი, სადა იგი სარგის ჯაყელმან, აბჯარცმულმან მოკლა. მცირედ წარვლეს, და მელი მოკლა, იგიცა სარგის ისრითა და წაიარეს და ყურდგელი მოკლა“.
მასზე განრისხებული ყაენის წინ ისე არხეინად უჭირავს თავი სასიკვდილოდ განწირულ ჯაყელს, თითქოს იმ დღეებში მელისა და ყურდგლის მოკვლის მეტი სადარდელი არაფერი ჰქონოდეს!
მემატიანეს შაბურანის დიდი ომის აღწერისას დრო და ადგილი არ უნდა ჰქონოდა შვლის, მელისა და კურდღლის შემთხვევით გამოხტომისა და სარგისის ისრით მათი მოკვლის უმნიშვნელო ამბის მოსათხრობად. მაგრამ ჩვენი ავტორი შესანიშნავი ფსიქოლოგია და მან იცის, რომ სწორედ, ერთი შეხედვით, ამ უმნიშვნელო ეპიზოდმა გადასწყვიტა სარგის ჯაყელის ბედი; მისმა სულიერმა სიმშვიდემ და ნებისყოფის შეურყევლობამ მოხიბლა ჰულაგუ და ომის შემდგომ მსვლელობაში, მას კიდევაც რომ არ ეხსნა სიკვდილისაგან ყაენი, იგი მაინც შეწყნარებული იქნებოდა ჰულაგუსაგან.

* *
ჟამთააღმწერელი მომხდარი ამბების უბრალო მთხრობელი როდია. იგი ცდილობს, ჩასწვდეს ისტორიის კანონებსაც და იმ ისტორიის შემოქმედი ადამიანების სულსაც.
იგი აშიშვლებს ადამიანის ბუნებაში ორი საწყისის ერთდროულ არსებობას, გვაჩვენებს, როგორ მჟღავნდება ერთი და იმავე პიროვნების ქცევაში კეთილი და ბოროტი, მაღალი სული და მდაბალი უზნეობა. მემატიანე არ სჯერდება გმირების მოქმედების მშრალ მოთხრობას. იგი ცდილობს მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათი ქცევისა და მოქმედების მოტივების ახსნას, მათი სულის მღელვარების გადმოცემას. იგი ხშირად იმის წარმოჩენასაც კი ცდილობს, რასაც გმირები ერთმანეთსა და ზოგჯერ თავისთავსაც კი არ უმხელენ, ლაპარაკობს შესაძლო მიზეზებზე და გამოთქვამს საკუთარ ვარაუდს. ადამიანის სულის ჟამთააღმწერლისეული წვდომა, ფსიქო­ლოგიური სიღრმე იშვიათად როდი გვაგონებს დიდი მხა­ტვრის ხედვასა და წვდომას: იგი გმირის სულში ღრმად იხედება და პიროვნულ თვისებებს უკან ხედავს ზოგად საკაცობრიოს, რომელიც საერთოა წარსულის, აწმყოსა და მომავლისათვის.
ჟამთააღმწერელი, როგორც ისტორიკოსი და მორალისტი, ასე თუ ისე, შესწავლილია, მაგრამ როგორც მხატვარი და ფსიქოლოგი, იგი ცალკე შესწავლას იმსახურებს.
იგი ძალიან ხშირად, კი არ ყვება, არამედ ხატავს, პლასტიკურად აღადგენს დიდი ხნის წინათ მომხდარ ამბავს და ისე აცოცხლებს სურათს, თითქოს იგი ჩვენს თვალწინ, ახლა ხდებოდეს.
„ჯალალედინმა, _ წერს ჩვენი მემატიანე, _ იკადრა და ხელყო სიონისა გუმბადსა შემუსვრად და ზედა ბილწისა საჯდომისა მისისა აღშენებად, რომელ იგი ხიდითა მაღლითა და გრძელითა განზიდა აღსვლად. და ესეცა შესძინა, რამეთუ ხატი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღმრთისშობელისა, რომელ სიონს მკვიდრ იყო, ბრძანა მოყვანებად და ხიდისა შესავალსა დადებად პირაღმათ, და ბრძანა ყოველთა მათ პყრობილთა ქრისტიანეთა, მამათა და დედათა, იძულებით დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა...“
ან, ნახეთ როგორი ოსტატობით ხატავს მემატიანე სატანჯველიდან გამოსულ ულუ დავითის შესახედაობას: „გამოიყვანეს დავით, კნინღა სულიერ მყოფი, რამეთუ უსულოდ რადმე, განყინულად ანუ მკვდრად, უძრავად საგონებელ იყო მხილველთა მიერ. და უცხო იყო სახილველად, რამეთუ ფერი პირისა მისისა დაყვითლებულ იყო, და თმანი ვიდრე სხვილბარკლამდე შთასრულ, და ფრჩხილნი ფრიად გრძელ“...
მონგოლთა გარეგნობის აღწერას იმ დროის ყველა ისტორიკოსი დიდ ადგილს უთმობს თავის თხზულებაში, მაგრამ ჟამთააღმწერლის მიერ დახატული მისი გარეგნობა მართლაც რომ კლასიკურად შეიძლება ჩაითვალოს. იგი გვაოცებს თითქმის ფოტოგრაფიული სიზუსტით, ნაკვთებისა და ასოთა აღწერილობის ზედმიწევნილობით: „იყვნეს ტანითა სრულ, გვამითა ახოვან და ძლიერ ფერხითა, შვენიერ და სპეტაკ ხორცითა, თვალითა მცირე ჭვრიტ და გრემან, განზიდულ და საჩინო; თავითა დიდ, თმითა შავ და ხშირ, შუბლბრტყელ, ცხვირითა მდაბალ ესოდენ, რომელი ღაწვნი უმაღლეს იყვნიან ცხვირთა და მცირედნი ოდენ ნესტვნი ჩნდიან ცხვირთა; ბაგენი მცირე, კბილნი შეწყობილნი და სპეტაკ, ყოვლად უწვერულ“...
საერთოდ, პორტრეტის ხატვას ცოტა ადგილს როდი უთმობს ჟამთააღმწერელი თავის თხზულებაში. თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პიროვნების (ქართველი მეფეები, ჩინგიზ ყაენი, ილხანები, ქართველი დიდებულები) პორტრეტს ხატავს იგი და თითქმის ყველას ერთგვარი სქემის მიხედვით. თუმცა ეს გარეგნობა მხოლოდ საერთო ნიშნებითაა გადმოცემული, ისინი პოლიციის პორტრეტულ აღწერილობას მაინც არ გვანან; რადგან, უმთავრესი გარეგნული ნიშნების გადმოცემასთან ერთად, ხასიათსაც გვაცნობენ: „იყო ესე დიმიტრი ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, შესახედავად ტურფა, თმითა და წვერითა მწყაზარ და შვენიერ, თვალითა გრემან, ბეჭბრტყელ და შეწყობილ სამხედროთა წესითა, სრული ცხე­ნოსანი და მშვილდოსანი რჩეული, უხვი, მოწყალე და მდაბალი“...
პორტრეტული აღწერა ულუ დავითისა და დავით ნარინის გარეგნობისა იქვე შეიცავს მათი ხასიათისა და ბუნების გადმოცემასაც:
„ხოლო იყო ესე ლაშასძე დავით ტანითა დიდ და ახოვან და სხვილ და მოისარი მაგრითა მშვილდითა, უმანკო, წრფელი, და მალე-მრწმენ, და შემნდობელ ბოროტის მყოფთა. და რუსუდანის ძე დავით იყო ტანითა ზომიერ და თხელ, ფერითა ჰაეროვან და შვენიერ და თმითა თხელ, ფერხითა მალი, მონადირე რჩეული და კეთილად მსროლელი ნადირთა. ენატკბილ და სიტყვიერ, უხვ და მდაბალ, ცხენსა ზედა მხნე და ლაშქრობასა გამგონე და სამართლის მომქმედ“..
ამ ერთ აბზაცში ლაკონიურადაა დახატული ორი მეფის (ბიძაშვილ-მამიდაშვილის) არა მარტო გარეგნული პორტრეტი, არამედ ხასიათის ის თვისებები, რომლებიც მათ შემდგომ მოღვაწეობაში არაერთხელ იჩენს თავს.
რაკი ჟამთააღმწერლის რწმენით მეფის ხასიათი განსაზღვრავს პოლიტიკას, ამიტომ მემატიანე ხასიათის ამ თვისებებს გამოჰყოფს (ლაღი, ამაყი, თვითბუნება, მალემრწმენი, კეთილი, შემნდობი, მოწყალე), რომლებიც გავლენას ახდენდნენ მეფეების მოღვაწეობაზე და მთელი ქვეყნის ბედზე. იგი უმთავრეს ყურადღებას აქცევს სარწმუნოებასთან მეფის დამოკიდებულებას და ეს ბუნებრივიც არის, რადგანაც, მემატიანის რწმენით, სახელმწიფოს სიმტკიცის საფუძველი სჯულის სიმტკიცეა.
 
* *
ჩვენში ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი რიტორიკის ის ხერხები, რომლებითაც ტრადიციულად ხელმძღვანელობდა ქართული ისტორიოგრაფია. „ქართლის ცხოვრების“ ცალკე მატიანეების ურთიერთდამოკიდებულება, მათი საერთო ადგილები ჯერ კიდევ არ გამხდარა შედარების საგნად.
ეს საერთო ადგილები კი თვალის ერთი გადავლებითაც კარგად ჩანს: თითქმის ყველგან ღვთისმოსავი და გლახაკთა გამკითხავი მეფეების ერთნაირი დახასიათება, მათი მხედრული ღირსებების ჩამოთვლა, ქვეყნის თავზე დამტყდარი უბედურების ცოდვათა ჩვენთა გამო ღვთის განრისხებით ახსნა, მიწისძვრისა თუ ბუნების სხვა საოცარი მოვლენების ერთნაირი აღწერა და განმარტება.
ჟამთააღმწერელი თავის ისტორიას ლაშა გიორგის გამეფებიდან იწყებს და ბოლომდე მიჰყვება ამბების თანამიმდევრობას. მაგრამ მის მატიანეში ხშირად ვხვდებით წიაღსვლებს, გვიან მომხდარი ამბების წინ გადმოტანას, ან ადრე მომხდარის გვიან გახსენებას. კლასიკური ხანის ავტორების მსგავსად, ისიც ხშირად იყენებს ასეთი შემთხვევისათვის მიღებულ ფრაზას: „ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყვასა აღვიდეთ“, „ხოლო ჩვენ პირველივე სიტყვა მოვიხსენოთ“ და სხვ.

* *
„ჟამთააღმწერლის“ თხზულების შესწავლას საგანგებო ნაშრომი მიუძღვნა დიდმა ქართველმა მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილმა. ნაწარმოების დეტალური ანალიზით იგი მიდის იმ დასკვნამდე, რომ „ჩვენი ჟამთააღმწერელი საზოგადოდ განვითარებული ადამიანი ყოფილა, მისი მსჯელობა ჩვეულებრივ სწორე და ფხიზელია, ამასთანავე თავისუფალი“. მატიანის ტექსტის შესწავლამ სახელოვანი მეცნიერი დაარწმუნა, რომ მისმა ავტორმა რამდენიმე ენა (ბერძნული, მონგოლური, უიღურული, სპარსული) იცოდა, იგი კარგად იცნობდა ბერძნულ, რომაულ და სპარსულ საისტორიო ლი­ტერატურას.
ჟამთააღწერა აჭრელებულია მონგოლური და სპარსული ციტატებით, ანტიკური ავტორების დამოწმებით, ძველი და ახალი აღთქმის ადგილების არაერთგზის მოშველიებით.
ივ. ჯავახიშვილის მეცნიერული დაკვირვება ცხადად გვიჩვენებს, რომ ჟამთააღმწერელს უსარგებლია მრავალი არაქართული, უცხო წყაროთი. მას ხელთ ჰქონია ქართული წყაროებიც, რომლებსაც ხშირად ასახელებს და იმოწმებს, ეთანხმება ან უარყოფს მათ ჩვენებას. იგი ბრმად როდი სარგებლობს ამ წყაროთა მოწმობით, ერთიმეორეს ადარებს მათ და თავისი დასკვნა ისე გამოაქვს. „ისტორიულ სიმართლეს იგი დედან-საბუთების ცნობების მიხედვით არკვევს. ხოლო ეს უკვე საისტორიო კრიტიკის მეთოდის ჩანასახია და ქართულ მწერლობაში ეს კრიტიკული მეთოდის პირველი ცდა არის“, _ ავტორიტეტულად აცხადებს ი. ჯავახიშვილი.
ნაწარმოების დაკვირვებულმა ანალიზმა ჩვენს დიდ მეცნიერს საბოლოოდ ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველი მისცა: „ქართველი ჟამთააღმწერლის ღირსებას მისი მიუდგომლობა და პირუთვნელობა შეადგენს“.
„ჩვენი ჟამთააღმწერლის თხზულება, როგორც ირკვევა, სანდო საისტორიო წყაროდ უნდა ჩაითვალოს“.
ერთადერთი დაეჭვება, რომელსაც ი. ჯავახიშვილი ჟამთააღმწერლის თხზულების მიმართ იჩენს, ეხება იმ დაუჯერებელ, ზღაპრულ ელემენტებს, რომლებიც ბლომადაა გაბნეული ჩვენი ავტორის მატიანეში. „...პირდაპირ გასაოცარია, _ წერს ი. ჯავახიშვილი, _ როგორ მოხდა და როგორ შეიტანა მან თავის თხზულებაში ის მართლაც და „ზღაპარნი“, რომელიც მოთხრობილია ლაშა-გიორგის ძისადმი ხაროში მყოფ გველების სიყვარულის შესახებ, ან სამფეხა ცხენზე სამი დღე და ღამე ჭენება, ან კიდევ ადამიანთა ძაღლურ ყეფისაგან გარემოცულ ქალაქის ზღუდეების ორგან განრღვევა და დაცემა“. ი.ჯავახიშვილის ამ დაეჭვებას ჩაებღაუჭნენ ზოგიერთნი, ვისაც საკუთარი, დაუსაბუთებელი მოსაზრების გასამაგრებლად ჟამთააღმწერლის თხზულების არასანდო წყაროდ გამოცხადება სჭირდებოდა. მაგრამ ასეთი მაგალითებით ისტორიული წყაროს სანდოობა თუ საეჭვოობა რომ არ დადგინდება, ამის საილუსტრაციოდ გამოდგება წარსულის ყველა ისტორიკოსი და არა მარტო მონგოლთა დროის ისტორიკოსები: თუკიდიდე და პლუტარქე, ტიტუს ლიბიუსი და ტაციტუსი, სალიუსტი და სვეტონიუსი, იბნ ალ ასირი და რაშიდ ადინი და მრავალი სხვა.
ისტორიული მწერლობის არც ერთი კლასიკოსი ათეისტი-მარქსისტი არ ყოფილა. ისინი თუ წარმართები არ იყვნენ, ქრისტეს ან მაჰმადს აღიარებდნენ. მათ თავიანთი რელიგია ღრმად სწამდათ და სასწაულებისა ისევე სჯეროდათ, როგორც რეალური ფაქტებისა, ეს ჭეშმარიტება კარგად ჰქონდათ შეგნებული წარსულის მოაზროვნეებსაც. აი, რას წერს შესანიშნავი ფრანგი ფილოსოფოსი მონტენი: „მისი ცნობა, _ ლაპარაკია ტაციტუსზე, _ ზოგჯერ მეტისმეტად გაბედულად გვეჩვენება, როგორც, მაგალითად, ჯარის­კაცის ამბავი, რომელსაც შეშის კონა მოჰქონდა: ჯარისკაცს თურმე ისე გაეთოშა სიცივისაგან თითები, რომ ძვლები შეშას მიეყინა, ხელებს მოცილდა და შეშას შერჩა. მე ჩვეულებად მაქვს, ასეთ შემთხვევაში ვენდო ავტორიტეტულ მოწმობას. ასეთივე ხასიათისაა მისი ნაამბობი იმის თაობაზე, რომ ღვთაება სერაპისის შეწევნით, ვესპასიანემ ბრმას თვალი აუხილა საკუთარ ნერწყვში დასველებული თითის ამოსმით. იგი სხვა სასწაულებსაც გვიამბობს, მაგრამ ამას იგი აკეთებს ყველა კეთილსინდისიერი ისტორიკოსის მაგალითისა და მოვალეობის გათვალისწინებით: ისინი ხომ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მომთხრობნი არიან და ადამიანების მითქმა-მოთქმა და შეხედულებებიც ხომ საზოგადოებაში მომხდარ მოვლენებს ეხება და განეკუთვნება“ (იხ. მ. მონტენი, ტ. III, 204. რუსულ ენაზე).
ამ მხრივ რომ ჩვენი ჟამთააღმწერელი ორიგინალური და ერთადერთი არ არის წარსულის ისტორიკოსებს შორის, ამის ილუსტრაციად ყველა მისი დროისა თუ წინამორბედი ისტორიკოსის თხზულებიდან შეიძლებოდა უხვად მოგვეტანა მასალა, რომლებიც გაცილებით უფრო დაუჯერებელი იქნებოდა, ვიდრე ჟამთააღმწერლის მოკრძალებული სასწაულები.
მაგრამ იმის გამო, რომ პლუტარქე, ტაციტუსი, სვეტონიუსი ან იბნ ალ ასირი სასწაულებსაც უთმობენ ადგილს თავიანთ თხზულებებში, განა მეცნიერებას ოდესმე ეჭვი მიუტანია მათ მიერ მოთხრობილის ჭეშმარიტებაზე?!
მსგავსი ამბების გამო, კარგად დაასკვნის ჩვენი დროის ფრანგი ისტორიკოსი მ. ბლოკი: „თუ სამყაროს ის სურათი, რომელიც დღეს არის ჩვენს თვალწინ, გაწმენდილია მრავალი თაობის მიერ დამოწმებული ყველა მოსაჩვენარი სასწაულისაგან, ამას ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ, უწინარეს ყოვლისა, ურყევი კანონებით ნაკარნახევ მოვლენათა ბუნებრივი მსვლელობის შესახებ თანდათან გამომუშავებულ ცოდნას. მაგრამ მტკიცედ ჩამოყალიბება ამ ცოდნისა და მისი უარმყოფელი დაკვირვების უკუგდება შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ იმ დიდი მუშაობის შედეგად, რომლის ექსპერიმენტის ობიექტი იყო ადამიანი _ მოწმე. ამიერიდან ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, აღმოვაჩინოთ ხარვეზები ამ მოწმობისა. ჩვენ მოვიპოვეთ უფლება, ყოველთვის როდი დავუჯეროთ მოწმობას, ჩვენ ახლა ადრინდელზე უკეთ ვიცით, როდის და რატომ არ უნდა ვერწმუნოთ მას. ასე შესძლო მეცნიერებამ გათავისუფლებულიყო ბევრი ცრუ პრობლემის მკვდარი ტვირთისაგან“ (მ. ბლოკი, ისტორიის აპოლოგია, 74. 1973 წ. რუს. ენაზე).
ი. ჯავახიშვილს კარგად ესმოდა საქმის ეს არსი, მაგრამ ჟამთააღმწერელი იმდენად უტყუარ, განათლებულ და საღად მოაზროვნე ავტორად მიაჩნდა, რომ მის მიმართ მაინც ზედმეტი მეცნიერული სიფრთხილე გამოუჩენია და სულსწრაფ ხელმყოფელთა თავდასხმისაგან მის დასაცავად საბოლოოდ ასეთი მოსაზრება ჩამოუყალიბებია: „უნებლიედ ეჭვი ებადება მკვლევარს, მერმინდელ გადამწერის ჩამატებული ხომ არ არის ეს ადგილები?“.

* *
ჟამთააღმწერლის მოთხრობა ხშირად ჰგავს იერემიას გოდებას და მარტო იმის გამო კი არა, რომ ისიც დიდებული სამშობლოს ნანგრევებს დასტირის.
თავად ტონიც, უსაზღვრო ნაღველითა და სასოწარმკვეთი მწუხარებით აღსავსე ტონი მისი თხრობისა, უაღრესად პოეტური და გულშიჩამწვდომია.
მას ბედმა XII საუკუნის ძლევამოსილი საქართველოს გამოტირება არგუნა. მისი ისტორიის უდიდესი ნაწილი დამცირებისა და დაცემის, შეურაცხყოფისა და გულისგატეხვის მწარე მოთხრობაა, მთელი საუკუნის მანძილზე გაგრძელებული ბნელი ღამის სურათია, რომლის შავ ფონზე დროდადრო ელავენ კეთილშობილი გმირობისა და ვაჟკაცობის, მაღალი ზნეობისა და იშვიათი ადამიანობის მაგალითები.
„ჟამთააღწერას“ თავი და ბოლო აკლია და, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ავტორი მონგოლთა უღლისაგან სამშობლოს გათავისუფლების ნანატრ დროს მოსწრებია, გიორგი ბრწყინვალის დღეებამდე მოსული მისი თხრობა უეცრად წყდება კიდევ ახალი საშინელი ამბის დასაწყისის პირველსავე სტრიქონებზე: „და იწყო მთიებმან აღმოჭვირვებად, ხოლო მე ენა ვერ მიძრავს საკვირველისა და საშინე­ლის თქმად“... უნებლიედ გაწყვეტილი თხრობის ასეთი მოულოდნელი ბოლო, დიახაც, რომ ეთანხმება და შეჰფერის ჟამთააღწერის მთელ შინაარსსა და სულს, თვითონ მემატიანის უიღბლო ბედს _ იყოს საშინელებათა და უბედურებათა მომთხრობი, ცრემლითა და ტკივილით მეტყველი.
ჟამთააღმწერლის ისტორიულ-პოლიტიკური კონცეფცია უაღრესად პატრიოტული და ეროვნულია. მან იცის, რომ ისტორია, ერის ცხოვრება გრძელდება და ბოროტება შეიძლება განმეორდეს მომავლის ადამიანთა ურთიერთობაში. ამიტომ უნდა დარჩეთ სიკეთისა და მანკიერების მაგალითები ყველა დროის ადამიანებს გაკვეთილად, გეზის მიმცემად და გზის მაჩვენებლად.
აქედან გამომდინარე, იგი ბიბლიური წინასწარმეტყველივით ამხნევებს და აფრთხილებს შთამომავლობას ზნეობრივი მაგალითებით, რომლებსაც უნდა მიბაძონ ან ერიდონ.
წინაპართაგან მისთვის სიკეთისა და სრულყოფის ნიმუშებია დავითი და თამარი, ხოლო ბოროტებისა და სიმდაბლის _ ბაღვაშ-კახაბერის ძენი.
ამ ისტორიულ ნიშანსვეტებთან მიმართებაში ახდენს იგი მონგოლთა დროინდელ მოღვაწეთა საქმიანობის შეფასებას, საზომებად დარჩენილ წინაპართა მოქმედებას უდარებს მათ ყოველ მნიშვნელოვან ნაბიჯს და საბოლოო მსჯავრი მხოლოდ შედეგების მიხედვით გამოაქვს.
რაკი დაცემის ხანის საქართველოს ცხოვრებას მოგვითხრობს ჟამთააღმწერელი, ბუნებრივი იქნებოდა ერის საერთო დაშლისა და საზოგადოების გახრწნის სურათი ცალკე ადამიანთა გადაგვარებისა და ზნეობრივი გათახსირების უამრავი მაგალითით წარმოედგინა.
თხზულებაში კი საქმე სულ სხვაგვარადაა.
„ქართლის ცხოვრების“ არც ერთ მატიანეში ზნეობრივი სისპეტაკისა და კეთილშობილების, ერისა და მოყვასისათვის თავის დადების ამდენი მაგალითი არა გვაქვს. ჟამთააღმწერლის მიერ მოთხრობილ გმირობასა და ზნეობრივი სიწმინდის მრავალი მაგალითიდან აქ მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებთ:
1. ალამუთის ალყის დროს, როცა ჩაღატა ნოინი მოჰკლეს და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი მხედრობა მთლიანად მოსპობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, გრიგოლ სურამელის რჩევით, ქართველი მხედართმთავრები თვითონ გამოეცხადნენ განრისხებულ მონგოლებს: სასიკვდილოდ თავი გადადეს და ამით ლაშქარი გაჟუჟვისაგან იხსნეს.
2. მონგოლთა ურდოში დაბარებულმა დიმიტრი მეფემ დანამდვილებით იცოდა, რომ სიკვდილი ელოდა, ახლობლები და დიდებულები ერთხმად უშლიდნენ წასვლას, მაგრამ მან მთელი ერის დარბევას, უდანაშაულო ხალხის გაწყვეტას, ყაენის ხლება და სასიკვდილოდ თავგანწირვა არჩია.
3. მორჩილებისაგან გამდგარი ულუ-დავითი და სარგის ჯაყელი ბოლოს და ბოლოს ყაენს ეახლნენ. ყაენის რისხვა რომ მეფისათვის აეშორებინა, სარგისმა თვით გადასდო თავი სასიკვდილოდ, მეფის დანაშაული თვითონ დაიბრალა და ხელმწიფე განსაცდელისაგან იხსნა.
4. ბათოსთან ჩასულ ავაგ მხარგრძელსა და მის ამალას იმდენი აქვთ გაგონილი მონგოლთა მრისხანებაზე და განუკითხაობაზე, რომ ეშინიათ, ნახვისთანავე არ მოჰკლას ბათომ ავაგი. მხარგრძელის ეჯიბი, ივანე ახალციხელის ძე დავითი მთავრის ტანსაცმელს ჩაიცვამს და ეჯიბის ტანსაცმელში გამოწყობილ ავაგს ასე ამხნევებს: „უკეთუ ენებოს მოკვდინება შენი, მე მოვიკლა და არა შენ...“ ეჯიბი მოხიბლავს ბათო ყაენს ქცევითა და სიტყვა-პასუხით და ტრაგიკომიკური ეპიზოდი ბედნიერი დასასრულით ბოლოვდება.
5. ბარახა ყაენთან საომრად დაძრულმა ჰულაგუმ მზვერავებად ქართველთა ჯარი გაგზავნა მონგოლებთან ერთად. მზვერავები ბარახას მთავარ ლაშქარს გადაეყარნენ. მონგოლმა სარდალმა სიქადურმა უკან მობრუნება გადაწყვიტა, ქართველ მეფეს ფეხი მოუდგამს და მტკიცედ განუცხადებია: „არა არს წესი ჩვენ ქართველთა, უკეთუ ვიხილოთ მტერი ჩვენ კერძოდ მომავალი, შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს სიკვდილი“. მეფემ ერთხელ ნათქვამი რომ აღარ გადათქვა, სიქადურს შეშინებია და ყაენთან კაცი უფრენია. ჰულაგუ დავითს განრისხებია. მეფეს ისევ გაუმეორებია, წესად არ გვაქვს ქართველებს მტრისთვის ზურგის შექცევაო, თავი სასიკვდილოდ გადაუდევს და არაჩვეულებრივი გმირობა უჩვენებია.
და, დასასრულ, მშვენება და დიდება მარტო ჟამთააღმწერლის მატიანისა კი არა, მთელი „ქართლის ცხოვრებისა“ _ ამბავი კოხტისთავის შეთქმულებისა და ცოტნე დადიანის არაჩვეულებრივი გმირობისა.
როგორც ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, სამშობლოსა და ერისათვის თავდადების ყველა ეს უჭკნობი მაგალითი იმ დროს ეკუთვნის, როცა „ყოველი ასაკი ბერთა და ყრმათა, მეფეთა და მთავართა, დიდთა და მცირედთა მიდრკა სიბოროტეთა, რამეთუ დაუტევეს სიმართლე და ჭეშმარიტება, ვინათგან თვით მღვდელთა მიერ იხილვებოდა არაწმინდა, ვინათგან ყოველი ერი იქმოდეს სიბილწესა“.
ასეთი საყოველთაო დაცემისა და გათახსირების დროს ქართველ ერს იშვიათი გმირობის, კეთილშობილებისა და შეულახველი ზნეობის ესოდენ მრავალრიცხოვანი მაგალითით სულიერი მობილიზების უდიდესი უნარი უჩვენებია.
საერთო დაქვეითებისა და ზნეობრივი გარყვნის ჟამს ცუდისა და დასაგმობის მაგალითი ხომ ბევრად მეტი იქნებოდა. ამგვარი მაგალითები, ალბათ, ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდა მემატიანეს, მაგრამ იგი შეგნებულად უყრუებდა ყურს ერის შემარცხვენელ საქმეებს. თავის თხზულებაში მხოლოდ აუცილებლობის გამო შეჰქონდა ისინი და ერის ცხოვრებაში მომხდარ ისეთ ფაქტებს აძლევდა უპირატესობას ისტორიაში შესატანად, რომლებიც შთამომავლობის სულიერ განსპეტაკებასა და ზნეობრივ ამაღლებას შეუწყობდნენ ხელს.
ჟამთააღწერის ეს დიდი სიკეთეც, ალბათ, მისი ავტორის მაღალი ეროვნული შეგნებით და სწორი ისტორიული კონცეფციით უნდა აიხსნას.
მაგრამ მთავარი მაინც მწერლის დიდი ნიჭი და ალღო უნდა ყოფილიყო, თორემ გმირობისა და კეთილშობილების, პატიოსნებისა და სპეტაკი ზნეობის მაგალითები ქართლის ცხოვრების სხვა ეპოქაშიაც ბლომად იქნებოდა.
და თუ ეს მაგალითები სხვა მემატიანეებმა ჟამთააღმწერლის მსგავსად ვერ უკვდავყვეს, ამის ახსნა ეგებ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მიერ დამოწმებულ ალექსანდრე მაკედონელის სიტყვებში ვიპოვოთ: „არა დიდ იყავ აქილევი, არამედ დიდსა მიემთხვიე მაქებელსა უმიროსს“.

* *
კაცობრიობის ისტორიაში ბევრი ერი ისე გამქრალა, არავითარი კვალი არ დარჩენია.
იყვნენ ერები, რომლებმაც სხვათა რბევითა და ნგრევით იცხოვრეს და შთამომავლობას მხოლოდ გრძელი სიები დაუტოვეს იმისა, თუ სად რამდენი ქალაქი და სოფელი აღგავეს მიწის პირისაგან, რამდენი სული უდანაშაულო ადამიანი მოსპეს და რამდენი კიდევ მონად წაასხეს. ასეთი ერების სახსენებელი მათ არსებობასთან ერთად ქრებოდა და მათი სახელი დღეს მხოლოდ სპეციალისტ მკვლევარებსღა ახსოვთ.
მაგრამ იყვნენ ერები, რომლებიც ქმნიდნენ და კაცობრიობის სულიერ საგანძურში თავიანთი საკუთარი წვლილი შეჰქონდათ. ამ ერებმა თავიანთი არსებობა სამუდამოდ უკვდავჰყვეს შთამომავლობის ხსოვნაში ხელოვნებისა და ლიტერატურის იმ დიდებული ძეგლებით, რომლებითაც დღესაც, მათი შემოქმედი ხალხების გაქრობიდან დიდი ხნის შემდეგაც, ამაყობს კაცობრიობა.
მაგრამ იმ გარდასულ ხალხთა ცხოვრებას ხელოვნების ხელთუქმნელ ძეგლებზე ნაკლებად როდი ამშვენებს ზნეობისა და კეთილშობილი რაინდობის ის განუმეორებელი მაგალითები, რომლებითაც ისინი ასე მაღლა დგანან თავიანთ თანამედროვეებთან შედარებით და, რომლებიც მათ ისტორიას შემოუნახავს შთამომავლობისათვის.
საქართველო ერთა ამ მცირერიცხოვან ჯგუფს ეკუთვნის. ჩვენმა ერმა თავისი არსებობის გრძელ გზაზე სულიერი შემოქმედების მრავალი ისეთი ძეგლი შექმნა, რომელთა მნიშვნელობა არასოდეს შემოიფარგლებოდა დროითა და ად­გილით.
მსოფლიოს ხალხთა შორის ცოტას თუ დავასახელებთ ქართველების გვერდით, რომელთა ისტორიას ფაქიზი ზნეობისა და მაღალი ადამიანობის, კეთილშობილი რაინდობისა და გმირული თავდადების ამდენი და ესოდენ დიდებული მაგალითი ამშვენებდეს!
ამ მაგალითთაგან ყველაზე ნათელი და მიმზიდველი, ყველაზე ღრმაადამიანური და ამაღლებული ცოტნე დადიანის თავდადებისა და რაინდობის ამბავია.
ერს რომ ვაჟკაცობისა და კეთილშობილების ასეთი მაგალითი არ ჰქონოდა, იგი უნდა გამოეგონა.
მაგრამ მსგავსი მაგალითის შექმნას ან გამოგონებასაც ისეთივე ნოყიერი ნიადაგი უნდა, როგორიც საქართველოს ისტორია იყო. ერის არსებობისა და მთელი მისი ისტორიის გამართლებად კმარა ზნეობრივი გმირობის ერთი ასეთი მაგალითის შექმნაც!
ქართველმა ერმა იმითაც უკვდავჰყო თავისი არსებობა, რომ მცხეთის ჯვრისა და „ვეფხისტყაოსნის“ გვერდით შექმნა ცოტნე დადიანის გმირობის მაგალითი და თავისი სულიერი სილამაზის ამ შესანიშნავი მოწმობით მსოფლიო ისტორიაში განუმეორებელი სიტყვა თქვა.
ჟამთააღმწერლის მოთხრობაში კოხტისთავის შეთქმულებისა და ცოტნე დადიანის გმირობის ამბავი მოკლე რეპორტაჟს უფრო ჰგავს, ვიდრე ერის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდის დინჯ გადმოცემას. ასეთი ლაკონურობა მნიშვნელოვანი ამბის მოყოლისას გაუგებარია და მიუტევებელი, თვით ისეთი სიტყვაძუნწი ავტორისთვისაც კი, როგორიც ჩვენი ჟამთააღმწერელია.
რაკი ეს ეპიზოდი არც ერთ სხვა წყაროს არ შემოუნახავს (არც ქართულს და არც უცხოს), ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა, ისევ და ისევ ჟამთააღმწერლის კონსპექტურ ჩანაწერს ჩავკვირვებოდით, მისგან შესაძლებელი მაქსიმუმი მიგვეღო და არსებული სიცარიელე ეპოქის საერთო ცოდნითა და ფანტაზიით შეგვევსო. თუ მამხილებელი საბუთების ნაკლებობა სასამართლო გამოძიებისათვის დიდი დაბრკოლებაა, მხატვრისა და შემოქმედისათვის ფაქტიური მასალის სიღარიბე, ცოდნის განსაზღვრულობა, ზოგჯერ საუკეთესო პირობაა ფანტაზიის გაშლისა და სიუჟეტის თავისუფალი განვითარებისათვის.
მაგრამ ცოტნე დადიანი უბრალო პიროვნება როდია, იგი ქართველი ხალხის ეროვნული გმირია და მისი ბიოგრაფიის შექმნისას ეს ფაქტი რომანისტისათვის უაღრესად ანგარიშგასაწევია.

* *
ქართული ისტორიული მეცნიერება ჯერჯერობით ფაქტების დაგროვებასა და მათი სარწმუნოების დადგენას აგრძელებს დღემდე.
შესამოწმებელი და დასადგენი მასალა კი, მართლაც რომ, თავსაყრელია და მათი უცხო წყაროებთან თუ არქეოლოგიურ მონაპოვრებთან შეჯერება სწორედ საშური და გადაუდებელი ამოცანაა.
მაგრამ ისტორია მარტოოდენ წარსულში მომხდარი ყოველგვარი ფაქტის დაგროვება როდია!
ისტორია, უპირველეს ყოვლისა, არის მეცნიერება ადამიანთა საზოგადოებაზე. ამ თვალსაზრისით იგი ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამს თურმე ისეთ ქვეყნებშიაც კი, სადაც მეცნიერების ამ დარგს დიდი და სახელოვანი ტრადიციები აქვს.
რა საყვედური ეთქმის ქართულ ისტორიულ მეცნიერებას, თუ, იმავე მარკ ბლოკის სიტყვებით, თანამედროვე დასავლეთში „როგორც სერიოზული ანალიტიკური დარგი, ისტორია ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდაა“ და „თავისი მეთოდის რიგ მნიშვნელოვან პრობლემებში იგი მხოლოდ ახლა იწყებს ნიადაგის მოსინჯვას“.
ქართული ისტორიით დაინტერესებულ მკითხველსა თუ საგანგებოდ ამ ისტორიის შესწავლით გატაცებულ მხატვარს პრობლემების ანალიზში ჯერჯერობით თავისი საკუთარი თავისა და ბეჯითი შრომის მეტი ვერავინ დაეხმარება, რადგან ჩვენში, არა მარტო ცალკე მნიშვნელოვანი პრობლემებია შეუსწავლელი ჩვენი ისტორიისა, არამედ ბოლომდე და სრულად დღემდე ჯერ კიდევ გამოცემულიც არა გვაქვს საქართველოს ისტორიის ყველა წყარო,1 შეუსწავლელი და ზოგჯერ მიუკვლეველ-აღმოუჩენელია ბევრი უცხო­ური წყარო, რომელიც ჩვენი ერის წარსულს ეხება.
ასეთ პირობებში საქართველოს ისტორიის თემაზე მომუშავე მწერალს ხშირად თვითონ უხდება ფაქტების კვლევა და ჭეშმარიტების დადგენა. რაოდენ რთული და ძნელია ამ სამუშაოს შესრულება, როცა ბევრი ორიგინალური წყარო ზოგჯერ არქივებსა და მუზეუმებშია საძებნელი, ხოლო უცხო წყაროთა შესაბამისი ბიბლიოგრაფიაც კი საოცნებო ფუფუნებად რჩება დღემდე.
მწერალს, მხატვარს ისტორიული მასალა, ფაქტები კი არ უნდა ჰქონდეს საკვლევი. მისი კვლევის საგანი ისტორიული გმირების მოქმედების ამხსნელი შინაგანი მოტივები, მათი სულის მღელვარება და მოძრაობა უნდა იყოს, იგი დადგენილ, ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებათა მიმართ თავისი მსჯავრისა და დამოკიდებულების უკეთ ჩამოყალიბებისათვის უნდა ზრუნავდეს მხოლოდ, და ამის საშუალებას უკვე მეცნიერულად შესწავლილი მასალა უნდა აძლევდეს მას.

* *
წარსული თავისებური თეატრია, ასპარეზია, სადაც შთამომავლობის მრავალი თაობის წინაშე გამოსული წინაპრები მოქმედებენ, იბრძვიან, შრომობენ და მრავლდებიან, უხარიათ და სწუხან, უყვართ და სძულთ...
რაკი წარსულშიაც ჩვენსავით ადამიანები ცხოვრობდნენ, უნდა ვიფიქროთ, რომ მათთვისაც, როგორც ჩვენთვის, არაფერი ადამიანური უცხო არ უნდა ყოფილიყო.
მარქსის მიერ აღმოჩენილი კანონის თანახმად, ისტორიულ პროცესს საფუძვლად სოციალურ-ეკონომიური წყობის ცვლილება უდევს.
ადამიანი გარკვეულ სოციალურ წრეს ეკუთვნის და მის შეგნებას საზოგადოებრივი წყობა განსაზღვრავს. ეს წყობა და წრე აყალიბებენ მის შეგნებას და წარმართავენ მის მოქმედებას.
დღეს ჩვენ ვეღარ გავიზიარებთ მაკიაველის გონებამახვილ მოსაზრებას, თითქოს „დროთა ვითარებაში ერთი რამ რჩება უცვლელი _ ადამიანი“. სოციალური ფსიქოლოგიის შესწავლამ ნათლად წარმოაჩინა ადამიანზე სოციალური გარემოს გავლენა: იცვლება ეს გარემო და ცვლილებას განიცდის ადამიანის ფსიქიკაც, შეგნებაც, გემოვნებაც, საგნებთან და მოვლენებთან ადამიანის დამოკიდებულებაც. მაგრამ ახალი ისტორიული მეცნიერება მაინც ცნობს და აღიარებს, რომ ადამიანის ბუნებაში, ადამიანთა საზოგადოებაში არსებობს რაღაც მუდმივი ფონდი, რომელიც ყველა დროსა და გარემოში უცვლელი რჩება. ეს „ფონდი“ რომ არ არსებობდეს, ჩვენ ვერ გავიგებდით არა მარტო ანტიკური და შუასაუკუნეების ადამიანთა ქცევასა და ხასიათს, არამედ ჩვენი მამებისა და უახლოესი წინაპრების ფიქრსა და ზრახვებს, მათ გრძნობებსა და განცდებს.
ისტორიული მეცნიერების მიერ დადგენილ ამ ჭეშმარიტებას მხატვრები დიდი ხნით ადრე, ინტუიტურად ხვდებოდნენ და ისტორიული პიროვნების ხატვისას კარგი შემოქმედი მუდამ ცდილობდა, თავისი გმირი, რაც შეიძლებოდა, მეტად აღეჭურვა იმ „ფონდიდან“ წამოღებული მასალით, რომელიც ყველა დროის ადამიანს უცვლელად თანა სდევს და, რის გამოც ერთი დროის ადამიანს მეორე დროის ადამიანისა ესმის.
თუ ხელოვანი იმ ძირითად ფონდს არ ჩაუღრმავდა, რომელიც საერთო აქვს ანტიკური ხანის ფეხშიშველა მწყემსს, პოლოტიკით მთლიანად შეჭურვილ შუა საუკუნეების რაინდსა და ჩვენი დროის კოსმონავტს, შემოქმედის მიერ გამოძერწილი სახე უსიცოცხლო იქნება, ვერავითარ ემოციას ვერ აღძრავს და ჩვენი ინტერესის გარეთ დარჩება.
მხატვრის ნიჭის ძალა და ცხოველმყოფელობა იმით კი არ განიზომება, თუ რამდენად ზუსტად აღადგინა მან გარკვეული ისტორიული დროის გარეგანი მხარე (ეს ყველა საშუალო ნიჭის მქონე პედანტს შეუძლია, რადგან ასეთი სამუშაოს შესრულება მასალის კეთილსინდისიერ შესწავლას და ზედმიწევნით გადმოღებას მოითხოვს მხოლოდ).
ნამდვილი შემოქმედება მაშინ იწყება, როცა მხატვარი ისტორიული გმირის წარმოსახვისას იმ „უცვლელს“ უღრმავდება, რომელიც საერთოა ყველა დროის ადამიანისათვის.
ოფიციალურ მატიანეებში წარსულის ჩვენება სცენაზე გამოსული გმირების მოქმედების გადმოცემით შემოიფარგლება. ისტორიულ მასალაზე მომუშავე მხატვარს კი უფლება აქვს იმაზედაც მოგვითხროს, რაც ამ სცენის მიღმა ხდება, მას ნება აქვს გვირგვინოსანთა საწოლშიც კი შეიხედოს და ზოგჯერ იქ დატრიალებული დრამა გვიჩვენოს.
ისტორიკოსისაგან განსხვავებით, მხატვარი არა მარტო უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიცაა, ისტორიული გმირის სულში ღრმად ჩაიხედოს, მისი მღელვარება თუ დაეჭვება გადმოგვცეს და მისი ვნებების სიმძაფრე განგვაცდევინოს.
ჩვენს დროში ვერავითარ მოწონებას ვერ დაიმსახურებს ის მხატვრული ნაწარმოები, რომელშიაც გმირთა ხასიათების ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი _ ცოცხალი, ცხოვრებისეული დეტალები, სისხლსავსე ადამიანური ვნებები, დამაფიქრებელი მსჯელობები და ჩვეულებრივი თვალისათვის შეუმჩნეველი სულის შინაგანი მოძრაობა არ იქნება მოცემული.
მაგრამ ისტორიულ ნაწარმოებს ჩვენ რატომღაც ვაპატიებთ ხოლმე უამისობას. რაკი ისტორიული პიროვნებები მეტწილად ქვეყნის მეთაურები, ან გამოჩენილი მოღვაწეები არიან, ისინი ჩვენს წარმოდგენაში ნაწილობრივ ზებუნებრიობის ნათელში არიან გახვეულნი და ჩვენ ვურიგდებით ასე დახატული მათი სახეებიდან მომქროლავ სიცივესა და მოსაწყენობას.
სადაო არაა, რომ გარეგნული ნიშნების, აქსესუარების (ტანსაცმელი, იარაღი, სამკაული, ავეჯი და სხვ.) აღდგენას გარკვეული მნიშვნელობა აქვს ისტორიულ თემაზე შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებში, იგი ქმნის სურნელსა და განწყობილებას. თუმცა ზოგჯერ ამ აქსესუარების ჭარბად დახვავება ჩვენთვის შეუმჩნევლად სტოვებს ამ საგნების შემქმნელ და მომხმარებელ ადამიანებს.
მაგრამ არის კიდევ ერთი გარემოება: პოლიტიკურ-სოციალურმა და მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციებმა ეპოქები ერთიმეორეს დააშორა და დიდად გაზარდა მანძილი სხვადასხვა დროის თაობათა შორის.
ამიტომ, როცა „უცვლელ ფონდზე“ ვლაპარაკობთ, მისი საზღვრები იმთავითვე უნდა შემოვფარგლოთ და იქამდე არ უნდა გავაფართოვოთ, რომ დაუშვებელ ანაქრონიზმში ჩავვარდეთ და წარსულის გმირებს მივაწეროთ მათთვის უცხო, ჩვენი თანამედროვეების ემოციები და ქცევის ნორმები.
ამ ჭეშმარიტებათა დადგენა კიდევ ერთი პრობლემის გადაწყვეტას გვკარნახობს: რა ზომით უნდა იხმაროს აღებული ისტორიული ეპოქის გმირთა სამეტყველო ენა მწერალმა?
დღესდღეობით მსოფლიოში არსებულ ერთაგან, მეტნაკლებად ყველა ხალხის ენა განიცდიდა ცვლილებას. ზოგთა ენა არსებითად გამოიცვალა, ზოგის ორ ისტორიულ პერიოდად, ორ ნაკვეთად გაიყო და გაჩნდა ამა თუ იმ ხალხის ძველი და ახალი ენა (მაგალითად, ძველი და ახალი ფრანგული, ძველი და ახალი სომხური და სხვა).
ახლა რომ ფრანგმა მწერალმა პროვანსელი ტრუბადურის ცხოვრების რომანი დაწეროს, არავის გაუკვირდება, მაგრამ ეს რომანი რომ ძველი ფრანგულით დაიწეროს, მას არავითარი გამართლება არ ექნება და არც მკითხველი ეყოლება.
ენის როლი და მნიშვნელობა ლიტერატურაში განუსაზღვრელია და დიდი მწერლის უპირველესი ნიშანი ენის სიმდიდრეა. კლასიკოსის უმთავრესი და აუცილებელი თვისება ენის დახვეწილობა და ნატიფი სტილისტობაა.
მაგრამ უკვე მკვდარ, ხმარებიდან გამოსულ (ან ნაკლებად მოსახმარ) ენაზე ჯერ არც ერთ კლასიკოსს არ უწერია და თუ ვინმეს მსგავსი რამ უცდია, მხოლოდ სპორტული ინტერესით. პირიქით, დიდი მწერლების ენა ყოველთვის ხალხურ მეტყველებასთან იყო ახლო და მათ მიერ მოხდენილი რეფორმა სამწერლო ენის ცოცხალ, ხალხურ მეტყველებასთან დაახლოებასაც გულისხმობდა.
ძველ ან მკვდარ ენაზე წერა რომ ისტორიული რომანის ავტორისათვის სავალდებულო ყოფილიყო, როგორ დაეწერა თავის ენაზე ფლობერს კართაგენელი გმირის ცხოვრება, ან ჰენრიხ მანს საფრანგეთის მეფის ჰანრი მეოთხის რომანი, ან თუნდაც თომას მანს ბიბლიური პატრიარქის იოსების ეპოპეა?
ისტორიული რომანის წერისას აღებული ეპოქის ენობრივი ფორმებით მეტისმეტი გატაცება რომ ფუნქციას მოკლებულია, ეს ნაწარმოების უცხო ენაზე თარგმნისას უპირველესად გეცემა თვალში. მთარგმნელი იძულებულია, ძველი ენით დაწერილი პასაჟები, ჩვეულებრივ თანამედროვე ენაზე გადმოიტანოს და ცოცხალი სამეტყველო ენით თარგმნოს. ქართულ ენას ამ მხრივ განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს და ისტორიული ნაწარმოების შექმნისას ქართველ რომანისტს ცოტა შეღავათი ეძლევა. ამ შეღავათს ის სასწაული განაპირობებს, რომ ძველი ქართული ჩვენთვის ჯერ კიდევ მისაწვდომია და რუსთაველის ენა დღემდე მეტნაკლებად ყველა ქართველი მკითხველისათვის გასაგებია.
მაგრამ ხომ ყოვლად გაუმართლებელი ანაქრონიზმი იქნებოდა, დღეს რომ ვისმეს ცურტაველის ან მერჩულესა და, თუნდაც, რუსთაველის ენით რომანები ეწერა?

* *
ამ ბოლოსიტყვაში მე ვცადე გამეზიარებინა მკითხველისათვის ისტორიული მასალებისადმი ჩემი დამოკიდებულება, ის ძირითადი პრინციპები, რომლებითაც „მეცამეტე საუკუნის ქართული ქრონიკის“ სამ წიგნზე მუშაობისას ვხელმძღვანელობდი.
ისტორიული კონცეფციის შემუშავებისას მე, რა თქმა უნდა, არ შემეძლო მონგოლთა ეპოქის მემატიანეების რწმენის გაზიარება ჩინგიზხანის გამარჯვების ფატალურ გარდუვალობაზე, არც მონგოლთაგან დაპყრობილი ქვეყნების დამარცხების ახსნა მათი უსჯულოებისათვის მოვლენილი ღვთის რისხვით, ან ამ ქვეყნების მეთაურთა პირადი თვისებებით.
განვიხილავდი რა დიდძალ ფაქტობრივ მასალას ისტორიული მეცნიერების დღევანდელ დონეზე, მხატვრის თვალით ვკითხულობდი ჩვენი ერის ცხოვრების უაღრესად ტრაგიკულ სურათს და ვცდილობდი, ღრმად ჩამეხედა იმ მოვლენებში, რომლებიც განაპირობეს და წარმოქმნეს რთულმა სოციალურმა და პოლიტიკურმა ურთიერთობებმა.
ისტორიულ რომანებში მე მინდოდა მეჩვენებინა ხალხი, როგორც ისტორიის შემოქმედი ძალა და ამით ერთგვარად შემევსო მატიანეების ის დიდი ხარვეზი, რომელიც ერთნაირად აწუხებდა ფრანგ ვოლტერსა და ქართველ ილია ჭავჭავაძეს.
აწ უკვე განსრულებულ ტრილოგიაში მე ვცდილობდი, ჟამთააღმწერლის მსგავსად, „სიმართლის მეტყველი“ ვყოფილიყავი. ისტორიული გმირები სამშობლოს სიყვარულის სიმაღლიდან დამენახა და მსჯავრი იმის მიხედვით გამომეტანა, თუ რა სიკეთე ან ვნება მოუტანა საქართველოს მათმა მოქმედებამ.
ქართლის ცხოვრების ამ უძნელეს უღელტეხილზე ცოტნეს გმირობა ქართველი ერის ისტორიის აპოთეოზად მესახებოდა და მის თავდადებაში მარტო ერთი თაობის გაწმენდას კი არა, მთელი დაცემული საქართველოს სულიერ ამაღლებას, ფენიქსებრ აღდგენასა და გამარჯვებას ვხედავდი.
ცოტნეს თავდადება კეთილშობილი რაინდობისა და დიდსულოვნების განუმეორებელი ნიმუშია. ზნეობრივ მაგალითს შთამომავლობაზე ყოველთვის ჰქონდა ცხოველმყოფელი გავლენა და ცოტნეს გაკვეთილის მნიშვნელობა ჩვენი ერისათვის განსაკუთრებით დიდი უნდა იყოს დღეს, როცა ქართველი ხალხი ასეთი ერთსულოვნებით იბრძვის ზნეობრივი განწმენდისათვის, მაღალი მორალისა და შეულახავი პატიოსნების დამკვიდრებისათვის.