ზღვის ქაფისაგან
ცხენი შემდგარა,
მიწის წვეთიდან -
ფიჭვი მაღალი,
ზეცას მიარტყამს
ოფლი ხალხისა
ერთ საგუბარში
ჩამონაღარი.
აქაფებული
სიმღერა მინდა
და მოჩეხილი
სიტყვის ლაწანი,
როცა მამითადს
უწვება ყანა -
ნამგლების ცეცხლით
გადასაწვავი!
...მშვიდობით,
სოფლის ორღობეებო,
აღარ შეგრჩებათ
არც ერთი ღობე
და ვეღარაფერს
ვეღარ გაჰყოფენ.
გადიხსნებიან
ვიწრო ეზონი,
ვით მშობიარე
ქალის თეძონი.
როგორც მუწუკი,
ამოვარდება
ჩაფესვებული
შავი ყორღანი,
რამდენი იყო
ამ ერთ ქვისათვის
მკვდარი, ნაცემი,
ნაკატორღალი!
და კვირისტავებ
გადამტვრეული
დაეყრებიან
ოფლგადენილი,
მამაპაპური
კავი, გუთანი,
როგორც მკვნესარე
პაპა, ბებია,
როცა თავს ადგათ
სულთამხუთავი!
დაჩუმდებიან
ზარებთან ერთად,
ვინ ეყოლებათ
მათ შემნახველი,
დე, თან წაიღონ,
გამოიტირონ
ქართლის მინდორთა
წყნარი ნაღველი!
ახალი მდევი
გასთქერავს მინდვრებს,
და ჩაულეწავს
ნეკნებს ტრამალსა,
ამოაბრუნებს საბუდრიანად
კორდებს, ხარვეზებს
და ნატამალსა!
და პარტახები
უძოვრიანი
ჭაობი, შქერი,
ბრწამლის რტოება,
მსხმოიარობით
გადაიხდიან
საუკუნებრივ
გამარტოებას!
გემშვიდობებით,
კალოვ ძნიანო,
გამოფილწულო
ხვავის ნიავო,
ათასი წლობით
კევრზე ვზუზუნებ,
ოროველათი მიტირნიაო!
მშვიდობით, ჩემო
ქოჩორა ჭალავ,
წისქვილის თავზე
წნორო მწუხარევ,
დაჟანგებული
ფურცლები ქარსა
უკანასკნელად
გადაუყარეთ!
ჩაგაფრინდებათ
კაპასი ცული
და ნაფესვარებს
გაჰგლეჯს ნიჩაფი,
ნაოხარ მიწას
რკინამ
ურქინა,
როგორც ზღვის მუცელს
ურქენს ვეშაპი!
შავო კამეჩო,
შავად დამწვარო
ჩემო ბეხია,
ეხ მწვანიანო,
მყუდრო ალაგო!
სოფლის ლაჟვარდი
ჩამოგვეხია,
ახლა კი დროა
ჩავიქალაქოთ!
სულ სხვა ვარსკვლავი
ცაზე შემოჯდა,
მიწას დააცხრა
ჯავშანთ კრებული,
შესაცვლელია
ჩემი სიმღერაც
ყელის ძარღვებში
ჩაკერებული!
ნუღარ ვუშველით
და გადავარჩენთ,
სჯობს გაწყდეს იქა,
სადაც წვრილია,
ნუღარ მიბღავი,
შენი ზმუილი
სხვა სიმღერებით
ხომ შეცვლილია.
...........................
ახალ ცხოვრებას ეშურებიან
ქვებიც - ტაძრებში ნამძინარევი,
ხვალ სხვანაირად იელვარებენ,
ცანი -
ვარსკვლავთა
საცივარები!
1929 წ.