ხალხის ჭდევისგან, გულწასვლებისგან,

ქვითინისაგან, რაც მას რგებოდა,

ცხრაჯერ დაიმსხვრა რუსთველის კუბო,

ვიდრე საფლავთან დაიდგმებოდა.

 

მე ასეთ კუბოს არ მოვსწრებულვარ,

საიდან ვიცი, რაა პოეტი,

ცრემლით, სიმღერით ატაცებული,

თავის დიდების სიმარტოეთი.

 

მე ვარ პოეტი? ან მამაშენი?

ჩვენ ვართ ქართული მიწის ოცნება?

ამოითხრება ჩვენ სულში ლექსი

და ფესვიანად გაიტყორცნება?

 

არ დაიჯერო, არ დაიჯერო,

რომ ჩვენ შეგვეძლოს ლექსის ჭენება,

ჩვენ კუბოს მაშინ გამოგვიცვლიან,

თუ მოხდა ჩვენი გადასვენება.

 

მაგრამ ერთსა გთხოვ, რომ დაიჯერო,

რომ ჩვენ ვიყავით ლექსის მძევალი;

რომ პოეზიას არა ჰყოლია

გაცოფებული ჩვენზე მწევარი!

 

და თუ ვერ მივწვდით, ვერ დავეწიეთ,

ვერ გავაჩაღეთ ლექსის ბრიალი,

შენ უპასუხე, შენმა თაობამ,

და საქართველომ დაიდოს ბრალი!

 

ცხრაჯერ დაიმსხვრა რუსთველის კუბო,

ჩვენ კი - ერთისაც არ გვაქვს იმედი,

მე მამაშენის რიტმით ვწერ ამ ლექსს,

ბევრი სიმღერით, ბევრი მძიმეთი...


1933 წ.