ლანდგრაფ ფონ ჰომბურგს1

ახლომყოფია
და საწვდომად ძნელი უფალი.
მაგრამ იქ, სადაც საფრთხე მკვიდრობს, ხარობს
საშველიც.
ბნელში ცხოვრობენ
არწივები და უშიშრად გარდაივლიან
ალპების ძენი უფსკრულის თავს
ჰაეროვნად ნაშენებ ხიდებს.
ამიტომ, რაკი თავმოყრილან ირგვლივ
მწვერვალნი დროისანი, და მეტრფენი
ახლოს მკვიდრობენ, ილაჯგამცლელად
ერთობ განკერძოებულ მთებზე,
დე, მოგვიბოძე წყალი უმანკო,
ო, მოგვეც ფრთები, რათა გუმანით, უერთგულესით,
გადავლახოთ და უკუვიქცეთ.

ასე ვიტყოდი, როს მოხდა და გამიტაცა
უსწრაფეს, ვიდრე ვიგულისხმებდი,
და შორით, ვიდრე ვიფიქრებდი
წვდომას ოდესმე, ჩემთვის უცნობმა გენიოსმა
ჩემივ სახლიდან. გამოკრთებოდნენ
ბინდბუნდიდან, ვიდრე ვვიდოდი,
დაბურული ტყე
და სამშობლოს ნაღვლიანი ნაკადულები;
მე არასოდეს მომიხილავს ეს მხარეები;
თუმცა მალევე, ცინცხალ ციალში,
იდუმალ,
ოქროს კვამლეულში, გამიყვავილდა
სწრაფამოზრდილი,
მზის ნაბიჯთა მოზიარე,
მოსურნელე ათასი ქიმით,

აზია, და მე დავეძებდი თვალმონუსხული
რაიმე ისეთს, რასაც ვიცნობდი, რაკიღა ვიყავ
ფართო ქუჩებს გაუჩვეველი, სადაც ეშვება
ტმოლუსიდან თავქვე
პაქტოლი ოქროკაზმული,
და თაურუსი ამართულა და - მესსოგისი,
და ყვავილებით აღსავსეა სადაც ბაღნარი,
დამცხრალი ცეცხლი, მაგრამ ნათელში
ვერცხლისფერი თოვლი მაღლით აყვავებულა,
და მიუდგომელ კედლებთან ხარობს
მოწმე უკვდავი სიცოცხლისა,
სუროვანი ძველთუძველესი, და ცოცხალ სვეტებს,
კედრებს და დაფნებს,
მოზარზეიმე,
ღვთიურნაშენი დარბაზები დაფუძნებია.

მაგრამ აზიის კარიბჭესთან ხმიანობაა
ზღვის გაურკვეველ სიშორეში
ალაგ-ალაგ გაწოლილთა
სრულსაკმართა უჩრდილო გზათა,
თუმცა კუნძულებს იცნობს მესაჭე.
და რომ ჩამესმა,
აქ ერთ-ერთი უახლოესი
პატმოსიაო,
ვისწრაფე ფრიად,
სწორედ იქით აგვეღო გეზი
და ბნელ მღვიმეს ვზიარებოდი.
აკიღა არის პატმოსის ყოფა
არა ისეთი დიდებული, როგორც კვიპროსის,
წყარომდიდარის, ან
მისთა მსგავსთა,

მაგრამ
უმწირეს თავის სახლში
მაინც არის სტუმართმოყვარე,
და როს მავანი უცხოელი,
დაღუპული ხომალდიდან ოტებული ან მგლოვიარე
სამშობლოზე თუ
განშორებულ მეგობარზე,
მას მიემთხვევა,
იგი ნებისად ყურს უგდებს ბარბითს, მისი შვილებიც,2
ხმანი მხურვალე კორომისა,
და ალაგი, სადაც ქვიშა ჩამოლექილა, და განიპობა
ველის პირი,
უსმენენ და გვრინს კაცისას
მასპინძელი სიყვარულით ეხმიანება. მან ერთხელ
ასე დაუვანა რჩეულს უფლისას,
წინასწარმეტყველს,3 თავის ნეტარ სიყმაწვილეში
უზეშთაესის ძის ვინც იყო მიწყივ თანმხლები, რაკი უყვარდა
განმგებელს ჭექა-ქუხილისას გულუბრყვილობა
მოწაფის და ფხიზელი კაციც
სრულად ხედავდა სახეს ღვთისას,
როცა, ვაზის საიდუმლოს ზიარებულნი, ისინი
ერთად დამსხდარიყვნენ ნადიმობის ჟამს,4
და სულმაღალი, უშფოთველად წინათმგრძნობელი, იუწყებოდა
უფალი სიკვდილს და სიყვარულს უკანასკნელს, რაკიღა, მაშინ,
ვერ მოიძია სიკეთეზე სამეტყველოდ
და მათი ურვის გასაქარვებლად სამყოფი სიტყვა,
რაკიღა იგი ამას, ქვეყნის წყრომას, ხედავდა.
რამეთუ კეთილ არს ყოველივე. მაშინ ის მოკვდა. ამაზე ბევრის
თქმა შეიძლება. და, გამარჯვებით მომზირალი და მოხარული,
ის მეგობრებმა კვლავ იხილეს უკანასკნელად,

თუმცა იგლოვდნენ, მოაწია ოდეს
მიმწუხრმა, განცვიფრებულნი,
რაკიღა ერთობ მტკიცე იყო, რაც ჰგიებდა სულში
ამ კაცთა, მაგრამ უყვარდათ მზის ქვეშ
ცხოვრებაც და არ უნდოდათ გამოთხოვება
უფლის სახესთან
და სამშობლოსთან. შთაბერილ იყო
ეს, ვით ცეცხლი რკინაში, მათში, და მათ თან ახლდა
გზად მეტრფის5 ჩრდილი.
მან მათ ამისთვის მოუვლინა
სული,6 და მერე ვით ზანზარებდა
ეს სახლი და უფლის ქარები
წინათმგრძნობ თავთა ზედა ქროდნენ
შორეულ გრგვინვით, როცა, გმირები სიკვდილისა,
კვლავ ფიქრმძიმედ შეკრებილიყვნენ,

ახლა, როს იგი კიდევ ერთხელ გამოუჩნდათ,
ნიშნად მათთან დამშვიდობების.
რამეთუ, აჰა, მიინავლა მზიანი და
ხელმწიფური დღე, და თვით მისგანვე დაილეწა
სკიპტრა,
სწორებრივმოელვარე, ღვთისებრ ვნებული,
რამეთუ ჯერ არს, შესატყვის ჟამს,
მასვე ებოძოს. არ იქნებოდა სასიკეთო,
მოგვიანებით, მკვეთრი აღკვეთით, მოღალატურად,
კაცთა ღვაწლი და სიხარული ჰგიებდაღა
ამიერიდან,
ებინადრათ მზრუნველ ღამეში, და ბეჯითად შეენახათ
გულუბრყვილო თვალებში
სიბრძნის უფსკრულები. ცხოველმყოფელი
ხატებიც მწვანედ ხასხასებენ მთათა სიღრმეში,

თუმცაღა შიშისმომგვრელია, ვით მიმოფანტავს
უფალი ცოცხალს უსასრულოდ აქეთ და იქით.
ხამს დატევება მზერის
ერთგულთა მეგობართა,
შორებელს წასვლა მთათა გადავლით,
მარტოდ, სად ორჯერ
ერთხმად იქნა საცნაური
ციური სული; და ნაწინასწარმეტყველები როდი იყო, არამედ
თმაში წვდომა იყო, იმავდროულად,
შორ გზად შემდგარმა, მეყვსეულად
მათკენ მზერა როცა იბრუნა
ღმერთმა და ამით შელოცვილნი,
თითქოს შეკრაო, ვით ოქროს ბაწრით
შენასკვულნი ამიერიდან,
ბოროტეულის სახელმდებელნი, ისინი ერთურთს უწვდიდნენ ხელებს7 -

მაგრამ როს კვდება, ამის მერე,
ის, ვისაც ყოვლის უმეტესად
შეეთვისა მშვენიერება, ისე, რომ იყო სასწაული აღნაგობით და
მას ციურნი იუწყებოდნენ,
და როს, მარადის გამოუცნობთ ერთმანეთისთვის,
არ ძალუძთ წვდომა ერთურთისა, თანამცხოვრებთ
ხსოვნაში, და არა ქვიშას მარტოოდენ
ან საძოვრებს წარიტაცებს და ტაძრებსაც
დააცხრება, როს მსახურება
ნახევარღმერთის და მისეულთა
განიფანტება და თვით ისიც, უზეშთაესი,
პირს მიიქცევს
იმგვარად, რომ ერთი უკვდავიც
აღარ არის საჩინო ცაში და
ამწვანებულ მიწაზეც – არა, რა ჰქვია ამას?

ესერა, გარჯა მთესველისა,8 ოდეს
ნიჩბით ხორბალს მისწვდება,
და მიმოფანტავს, სინათლისკენ, მარჯვედ კალოზე.
ფეხებთან ჯერ ბზე მიმოებნევა, მაგრამ
სულ ბოლოს ჩნდება მარცვალი,
და დიდი არც რა, თუკი რამე
დაიკარგება და განიმქრევა
მეტყველების ცოცხალი ბგერა,
რამეთუ ღმერთის შენამოქმედი ჩვენის მსგავსია,
ყოველივე ერთდროულად არ სურს უმაღლესს.
დე, იძლეოდეს მაღარო რკინას,
ეტნა ტყორცნიდეს ადუღებულ დღვილს,
მე კი სიმდიდრედ მომცემოდეს
გამოსახვა ხატის,9 და ვჭვრეტდე
მსგავსს, იგი, ქრისტე, როგორი იყო,

მაგრამ დეზის კვრით მავანი რომ წინ გაჭრილიყო,
და მომწუხარედ მოუბარი, გზადყოფნისას, სწორედ დაუცველს,
მე თავს იმგვარად დამსხმოდა, რომ ელდა მცემოდა
და უფლის ხატის მიბაძვა მომწადინებოდა ოდენღა მონას -
ერთხელ მრისხანედ სახილველი გამომეცხადა
ცათა მეუფე, არა რათა მე მას ვინმედ წარვსდგომოდი, მხოლოდ -
მესწავლა. კეთილ არიან თუმცა ისინი,10 მათთვის ყოვლად საძულველია
სიყალბე, ვიდრე მეუფებენ, და ამის მერე
ადამიანთა შორის სწორედ ადამიანურს ეკარგება ღირებულება.
რამეთუ არის ხელმწიფება არა იმათი, უკვდავი
ბედი11 განაგებს ყოველს და თვისითვე ცვალებადობს
მათი ნაღვაწი, და მიისწრაფვის დასასრულისკენ.
მიმდინარეობს როცა იგივ უზენაესი
ზეციური სატრიუმფო სვლა, ვით მზეს,12 ძლიერნი
სახელდებენ უზეშთაესის მოზეიმე ძეს,

ხსნის ნიშანს, აქვე ჰგიეს კვერთხიც
გალობისა, ქედისმომხრელი,
რამეთუ არრა არის მდაბალი. ის განაღვიძებს
მკვდართ, რომელნიც სისასტიკით
ჯერ არ პყრობილან. მაგრამ დამფრთხალნი
აყოვნებენ თვალის გახელას მრავალნი,
ნათლის ხილვის მდომელნი. არ სურთ
ფურცლობა განმჭოლი სხივით,
გაბედულებას თუმც უპყრია ოქროს აღვირი.
თუმც, როცა
შეშუპებულ წარბთაგან
ქვეყნიერების დამვიწყებელი
ჩამოეშვება წყნარმოკაშკაშე ძალა წმინდა წერილიდან, დაე,
წყალობით მოხარულნი,
წყნარ მზერაში იწაფებოდნენ.

და როცა ციურთ მე ამჟამად,
როგორც მჯერა, ასე ვუყვარვარ,
შენ რარიგ უფრო ძლიერ უყვარხარ,
რამეთუ ვუწყი მე ეს ერთი, -
რომ სწორედ ნება
მარადი მამის ბევრს
ნიშნავს შენთვის. მისი ნიშანი13 წყნარად ჰგიეს
მგრგვინავ ზეცაში. და არის  ერთი,14 ვინც დგას მის ქვეშ
მთელი ცხოვრება. რამეთუ ჯერაც ცოცხალ არს ქრისტე.
თუმცა, ჰგიებენ გმირებიც, მისი ვაჟიშვილები,15
თავმოყრილები სრულად და - წმინდა წერილიც
მისი, და განმარტავენ ელვას
დღემდე მიწის საქმენი,
მოუთოკავად მომეტოქენი. მაგრამ აქვეა იგი. რამეთუ მისთვის ოდითვე
სრულად ნაცნობნი არიან მისგან შენამოქმედნი.

ერთობ და ერთობ დიდი დროა უკვე გასული,
რაც უხილავი არის ზეცის მკვიდრთა ღირსება.
რამეთუ ლამის გამოგვიბეს
კალთაზე და ძალადობას
ჩვენი გული სამარცხვინოდ მიუტაცია.
რამეთუ ითხოვს მსხვერპლს ციური ყველა არსება,
და თუ ეს მავანს გამორჩება,
სასიკეთოს აღარაფერს უნდა ელოდეს.
ჩვენ ვმსახურებდით დედა-მიწას
და მზის ნათელსაც სულ ახლახან ვმსახურებდით,
უმეცრად, მაგრამ ესათნოება
მამას, მეუფეს ყოველსა ზედა,
რომ, უწინარეს, დაცულ იქნას
ასო ჟამმტკიცე, და არსებული განიმარტოს
მხოლოდ კეთილად. გერმანული სიმღერაც მასვე ემორჩილება.

1803

ფრიდრიხ ჰოლდერლინი (1770-1843)

გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ


1 ლანდგრაფ ფონ ჰომბურგი - ცნობილი საზოგადო მოღვაწე (1748-1820), რომელიც განმანათლებლობის შემოტევებისგან იცავდა რელიგიას და მიიჩნევდა, რომ ყველა სოციალური და მორალური უბედურების საწყისს შესუსტებული რელიგიურობა წარმოადგენდა. იგი საფრანგეთის რევოლუციისა და მისი იდეების მოწინააღმდეგე იყო.
2 მისი შვილებიც... - "ხმანი მხურვალე კორომისა", ე. ი. კუნძულ პატმოსის უკაცრიელი და მოშიშვლებული ალაგისა, რომლებიც გაისმის, როცა "ქვიშა ჩამოლექილა, და განიპობა ველის პირი".
3 წინასწარმეტყველს - იოანეს. ჰÁოლდერლინისთვის, კუნძულ პატმოსზე "აპოკალიფსის" შემქმნელი იოანე იდენტურია ძვირფასი ყმაწვილი იესოსი.
4 ნადიმობის ჟამს - იგულისხმება საიდუმლი სერობა.
5 და მათ თან ახლდა გზად მეტრფის ჩრდილი - მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე, რომელიც ორივე მოწაფეს გამოუჩნდა და თან ახლდა გზად ემმაოსისკენ. შდრ.: ლუკა, 24, 13: "და აჰა ორნი მათგანნი მოვიდოდეს მასვე დღესა შინა დაბასა, რომელი შორავს იერუსალემსა სამეოც უტევან, რომლისა სახელი ემმაოს".
6 მან მათ ამისთვის მოუვლინა სული - იგულისხმება იესოს აღდგომიდან ორმოცდამეათე დღე, წმინდა სულის მოფენა მოწაფეებზე. შდრ.: მოციქულთა საქმე, 2,1: "და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისა" და, შემდეგ, 2,4: "და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად".
7 ისინი ერთურთს უწვდიდნენ ხელებს - კავშირში სიტყვებთან "ამით შელოცვილნი".
8 ესერა, გარჯა მთესველისა... - შდრ.: მათე, 3, 12: "რომლისა ნიჩაბი ხელთა მისთა, განწმიდოს კალოი თვისი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა".
9 გამოსახვა ხატის - იგულისხმება ბრინჯაოს სტატუა.
10 ისინი - ე. ი. მარად უკვდავნი.
11 უკვდავი ბედი - ე. ი. ბედი უკვდავთა.
12 ვით მზეს - ქრისტე შედარებულია მზის ნათებას.
13 მისი ნიშანი  - ე. ი. ელვა.
14 ერთი  - ე. ი. ქრისტე.
15 მისი ვაჟიშვილები - ე. ი. ვაჟიშვილები "მარადი მამისა".