აქ ჰფლობს ტიტანი.

ცეცხლის მიმტანი,-

ღმერთი პრომეთე.

სოფოკლე

 

 

მთა მთაზე მოსჩანს მაღალი,

არწივის ჩრდილით ფარული,

თავზე თოვლგადანაყარი,

წარღვნიდან ამოპარული.

 

ხან სჩანს მზის ამოსახედი,

ხან შავი ღრუბლის ნახირი,

მეხის, ნიაღვრის ხმას ერთვის

ხმალდარტყმულ ვეფხვის ძახილი...

 

აქ იზრდებოდა მრავალი

თავისუფლების მფიცარი,

აქ, ჯამში მაჯას იპოხდნენ,

სტკიოდათ გულის ფიცარი.

 

ხმლით ულალავდნენ ერთმანეთს

ყორნებს, დაჭრილი გმირები,

ყორანი დაჭრილს მისდევდა,

სისხლისთვის შენამზირები...

 

შინ ლაშქრობიდან უმხედროდ

თუ ბრუნდებოდნენ ცხენები, -

ხმალი ეკიდათ კისერზე,

კაცობა შეურცხვენელი.

 

 *

აქ, ვეფხვის ჯიში, ხმლის ჯიში.

სწამდათ უმეტეს ყოვლისა;

აქ, თაყვანს სცემდნენ მოდგმობით

ხმალს, ბრძოლით ცეცხლგამოვლილსა.

 

შიშველ ხმალს ხელში აძლევდნენ

სულთაბრძოლის დროს ვაჟკაცსა,

რომ სიკვდილისთვის დაეკრა,

მზე არ დაეთმო კაშკაშა!

 

და გაისმოდა ანდერძი,

ხმა მხედრის ღაღადებისა:

-  „ერთი დღე სიკვდილისა გვაქვს,

მეორე დაბადებისა!“

 

სამშობლოს საზღვრის დამგდებსა,

ხმალი ცრემლფრქვევით სტიროდა,

ლაჩრის ხორცს ყვავიც არ სჭამდა,

სწუნობდა სანადიროდა...

 

    *

მთებს მკერდს უხრავდათ სურვილი

ათასი წლობით მძინართა,

ხან იღვიძებდნენ, ცეცხლს ჰყრიდნენ -

იალბუზი და მყინვარმთა.

 

 *

აქ დაბინავდა ახალ კერაზე

ხეთის ქვეყნიდან მოსული ხალხი;

გამოქროლილი ფრთიან მერანზე,

გამოტყორცნილი მრისხანე ტალღით.

 

ხშირად მისი მზა სისხლნადინარი

ძლიერ ქარიშხალს დაუბორკია.

ბრძოლით დასტოვა შუამდინარე,

ღალისის პირი, კაბადოკია.

 

ბევრჯერ ყოფილა მწარე ყოფაში,

ხმალი სჭერია ცეცხლნაკვესები;

აქ შემოვიდა, ამ ხეობაში

ჩადგა, ვით ძელქვა რკინის ფესვებით.

 

მოსჩანს ნაბრძოლი მისი ალაგი,

ქვახვრეტილები და ქვისკარები;

გმირთა ნაკვეთი კლდეში ქალაქი,

სადაც ღმუიან ზამთრის ქარები....

 

 *

აქ მტაცებელთა იყო სადოღე

და სარბიელი მათი ხმალისა,

შუბის წვერებით მიწა გათოხნეს,

ამტვრიეს სალტე დარიალისა!

 

სისხლის  ღვარსეტყვით რეგვეს ქვეყანა,

კლდეებს ატყვია მათი ნატორი.

აქ რა უნდოდა, რამ მოიყვანა

შაჰი,

სულთანი,

იმპერატორი?

 

დაგვწვეს, დაგვდაგეს და ვერ წაიღეს

თავისუფლების ამაყი სული.

იგი გადურჩა ბორკილს და ციხეს,

ის მთებში იყო გადახიზნული!

 

მთებო, ვერ ჰკლავენ ამ სულს ომები,

და თუ მოსთხრიან, ამოჰბზარავენ, -

თქვენ, დაიბღავლებთ, როგორც ლომები,

როდესაც ძუ ლომს ლეკვს მოჰპარავენ!


1936 წ.