ბრწყინავს ქართლი - ვარდის ბაღი,
შეფრქვეული მინანქარით,
იაგუნდის წვიმა დასწვიმს,
სურნელების დაჰქრის ქარი.
ელავს ბაღი. - ხოხბის ყელი -
შვიდ მაისის წვიმით მთვრალი,
მთებს და ველებს დასთამაშებს
გაზაფხულის მწვანე თვალი...
რძე, კოკორში მოწოლილი,
ჰჟონავს ყლორტში ყოველ მხრიდან;
თითქოს ქალი სარკმელიდან...
იყურება ვაშლი ხიდან.
ჰგავს ალვის ხე თეთრ ჩოხაში
საქორწილოდ მორთულ სიძეს,
და ატამი - ტურფა ყმაწვილს,
აკვანში რომ გაიღვიძებს.
მარგალიტის ტყუპის ცალი,
ტოკავს ბალი ნება-ნება,
ცერის ტოლა თეთრი თუთა
დათაფლული შტოზე დნება.
ბრწყინავს ბაღი, ელავს ბაღი,
ფირუზქარით დარხეული:
ყურძნის მსხვილი იაგუნდი,
ვაზი, ვარსკვლავჩახვეული.
ოქროს წყალი, ატმის ლალი,
შინდის ლალი, მარწყვის ლალი,
ბროწეულის ყვავილები, -
თითქოს თონის ნაკვერცხალი, -
ათენებენ ქართლის დილას
ტოროლების ტაშისკვრაში, -
მარწყვისფერად, შინდისფერად
იღებება გარიჟრაჟი...
ვეფხვის ჭრელი პერანგივით
გაიშალა ქართლის ველი, -
გაჟღენთილი წვიმით ყანა,
ფირუზთვალა ცვარით სველი...
ბრწყინავს ქართლი - დიდი ბაღი,
ყვავილების ფერად ზღვითა,
მარჯანი და ზურმუხტ-ქარვა
ნათელს სტყორცნის ყველა ხიდან...
1936 წ.