VI ს-ში საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანობაში უკვე ფეოდალური ურთიერთობებია გაბატონებული, თუმცა მთიან რაიონებში კიდევ იყო და ძალიან დიდხანს შემორჩა თემური წყობილების გადმონაშთები. ძველი გვაროვნული და მონათმფლობელური არისტოკრატია თანდათანობით ფეოდალურ კლასად -აზნაურებად ჩამოყალიბდა. იშლება აგრეთვე თავისუფალ მეთემეთა ფენა, რომლის წარმომადგენელთა უმნიშვნელო ნაწილი აზნაურთა კატეგორიაში გადადის, უმრავლესობა კი თანდათანობით დამოკიდებულ გლეხებად იქცევა. იბერიის მსხვილი ფეოდალები სამეფო ხელისუფლებას უპირისპირდებიან და თავისი პოლიტიკური და სამამულო უფლებების განმტკიცების მიზნით კავშირს ამყარებენ ირანის შაჰთან. ამ უკანასკნელმა კარგად გამოიყენა შექმნილი ვითარება და 523 წ., ქართველთა მორიგი აჯანყების ჩახშობის შემდეგ, იბერიაში მეფობა გააუქმა. ქვეყანაში უზენაესი ხელისუფლება გადავიდა შაჰის მოხელის -მარზპანის ხელში, რომლის რეზიდენციად თბილისი იქცა.
აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონების შემდეგ ირანელებმა მზერა ქვეყნის დასავლეთ ნაწილს -ლაზიკას მიაპყრეს, ვინაიდან იბერიელი მოჯანყეები ყოველთვის აქ ეძებდნენ დახმარებას. გარდა ამისა, ლაზიკის ხელში ჩაგდებით ირანი კარგ პლაცდარმს შეიძენდა თავისი ძველი მეტოქის - ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ სამოქმედოდ. თავის მხრივ, ბიზანტიელებმაც გააძლიერეს დაწოლა ლაზიკაზე, რომელიც იმპერიის ვასალური სამეფო იყო. მათ ამ ქვეყანაში თავისი ჯარები შეიყვანეს. ბიზანტიელი მოხელეები და სამხედროები ავიწროებდნენ ლაზიკის მოსახლეობას, არად აგდებდნენ ადგილობრივ სამეფო ხელისუფლებასაც. ამან აიძულა ლაზიკის მეფე გუბაზ II 541 წ. აჯანყებულიყო და დახმარებისათვის მიემართა ირანის შაჰისათვის, რომელსაც ომი ჰქონდა ბიზანტიის იმპერიასთან. ირანელები ლაზიკაში შევიდნენ და გუბაზის დახმარებით ქვეყანა ბიზანტიელთაგან გაწმინდეს. მაგრამ მალე გამომჟღავნდა შაჰის ნამდვილი ზრახვები ლაზიკის მიმართ: - გუბაზის მოკვლა, ლაზების ირანში გადასახლება და მათ მიწაზე ირანელი კოლონისტების ჩამოსახლება. ამან აიძულა გუბაზ II კვლავ ბიზანტიელთა მხარეზე გადასულიყო (548 წ.). ლაზებმა და ბიზანტიელებმა რამოდენიმეჯერ დაამარცხეს ირანელები და 562 წ. საბოლოოდ განდევნეს ისინი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიიდან. ეს მხარე კვლავ ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩა.
ამ დროისათვის აღმოსავლეთ საქართველოში ირანელთა უშუალო მმართველობა აუტანელი გახდა ქართლელი (იბერიელი) აზნაურებისათვის, რომლებმაც მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერით VI ს-ის 70-იან წლებში გააძევეს ირანელი მოხელეები და ქვეყნის მართვა-გამგებლობის სადავეები ხელში ჩაიგდეს. მიუხედავად ამისა, VI ს-ის ბოლოსა და VII ს-ის პირველ მესამედში აღმოსავლეთ საქართველო კვლავ განიცდიდა ირანელთა და ბიზანტიელთა ჯარების შემოსევებს, რომლებიც ცდილობდნენ თავისი კონტროლის ქვეშ მოექციათ ეს მდიდარი და სტრატეგიული თვალსაზრისით მეტად მოხერხებულ ადგილზე მდებარე ქვეყანა.
მიუხედავად ხშირი ომებისა, V-VI სს. ქართული კულტურის მნიშვნელოვანი წინსვლის პერიოდია. ამ ხანას განეკუთვნება ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები: იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება" (V ს.) და უცნობი ავტორის "ევსტათი მცხეთელის წამება" (VI ს.). შენდება საეკლესიო არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლები - ბოლნისი (V ს.), ჯვარი (VI ს.) და სხვა. საერო არქიტექტურის განვითარების დონეზე მიუთითებენ იმ პერიოდის ციხე-ქალაქთა შთამბეჭდავი ნანგრევები-უჯარმა, ჭერემი, ციხეგოჯი და სხვა.
VII ს-ის შუა ხანებში საქართველოს საზღვრებს არაბები მოადგნენ. რამოდენიმე გამანადგურებელი ლაშქრობის შედეგად მათ მოახერხეს ქვეყნის ძირითადი პროვინციების დამორჩილება და დახარკვა. არაბული ადმინისტრაციის მეთაურმა - ამირამ თბილისში დაიდო ბინა და აქედან მართავდა საქართველოს დაპყრობილ ნაწილს. მაგრამ ქართველი ხალხი არც ამჯერად შერიგებია უცხოელთა ბატონობას. VIII ს-ის მეორე ნახევრიდან იწყება ახალი აჯანყებები, რამაც თანდათანობით საფუძველი შეურყია არაბთა ხელისუფლებას საქართველოში. ხალიფატის ცენტრიდან გამოგზავნილი დამსჯელი ექსპედიციები ცალკეული წარმატებების მიუხედავად, ვერ ახერხებდნენ ქართველთა წინააღმდეგობის გატეხვას. ამას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ IX-X სს-ში მიმდინარეობს თვით არაბთა ხალიფატის დასუსტების და დაშლის პროცესი.
VIII ს-ის ბოლოს და IX ს-ის დასაწყისში უცხოელ დამპყრობლებთან ბრძოლის პირობებში საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ფეოდალური სახელმწიფოები წარმოიშვა: კახეთის სამთავრო, აფხაზთა სამეფო, ჰერეთის სამეფო, ტაო-კლარჯეთის სამთავრო (შემდგომში სამეფო). ამ სახელმწიფოებმა თანდათანობით არაბთა ბატონობისაგან გაათავისუფლეს საქართველოს დიდი ნაწილი. ასე რომ X ს-თვის არაბთა გამგებლობაში დარჩა მხოლოდ ქალაქი თბილისი მის გარშემო მდებარე პატარა ოლქით.
X ს-ის მეორე ნახევრისათვის მომწიფდა საქართველოს ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თუ ეთნიკური წინაპირობები, რამაც საშუალება მისცა მეფე ბაგრატ III ბაგრატიონს (975-1014 წწ.), რომელიც მამის მხრიდან ტაო-კლარჯეთის სამეფო დინასტიის, ხოლო დედის მხრიდან-აფხაზთა სამეფოს მმართველი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო, გაეერთიანებინა ქვეყნის დიდი ნაწილი. ერთიანი ქართული სამეფოს დედაქალაქი გახდა ქუთაისი.
საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისათვის ბრძოლის პარალელურად მიმდინარეობდა ფეოდალური ქართული ეროვნების ჩამოყალიბების ბუნებრივი პროცესი, რომელიც პრაქტიკულად დასრულდა X ს-თვის. ქართველი ხალხის ძირითადი ბირთვი შეადგინეს ქართებმა, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი და წამყვანი ნაწილი ეკავათ, მეგრელმა ზანებმა და სვანებმა. გარდა ამისა, ქართველთა შემადგენლობაში შევიდა კიდევ ზოგიერთი სხვა პალეოკავკასიური წარმოშობის ტომი. ტერმინი "ქართველი", რომელიც ადრე მხოლოდ ქართლის (იბერიის) მცხოვრებს აღნიშნავდა, X ს-იდან ქართველთა საერთო ავტოეთნონიმი გახდა. დაახლოებით ამავე პერიოდში ჩნდება აგრეთვე გაერთიანებული ქვეყნის აღმნიშვნელი ტერმინი "საქართველო". საქართველოს მოსახლეობისათვის სამწერლო და ღვთისმსახურების ენა იყო ქართული, თუმცა რიგ პროვინციებში გავრცელებული იყო ადგილობრივი სალაპარაკო ენებიც.
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე