საუკუნეთა წყვდიადი

რუსთველმა გადაანათა,

მის ლექსის გული დამაგრდა,

გულს ვაჟკაცობა ანატრა; -

ოქროა კერას ნადები,

შრომაში ვარდათ გვეფრქვია,

ბრძოლაში გვემუზარადა!

 

ათასობით და მეტობით

ეს წიგნი იწერებოდა, -

გადამწერლების კალმები

ყვავილად აყვავდებოდა, -

ქალების მზითევს ამკობდა,

გამზრდელად თან მიჰყვებოდა,

ომში გმირ ვაჟკაცს უძღოდა,

ტყვიის წინ ემღერებოდა!

 

ვერ გადახვია სიკვდილმა

თვისი ჩონჩხარა მკლავები,

შოთამ ახარა სამშობლო

სიცოცხლით და უკვდავებით...

ბევრჯერ ვიყავით დიდ ჭირში,

სიკვდილის ქსელში გავებით,

მაგრამ გულს გვიქვიტკირებდა

რუსთველის ლექსის ტაეპი!

 

ხალხს ბევრი ჰყავდა მტარვალი,

ომით რომ ვერა ძღებოდა,

ხალხს უბნელებდნენ მზეს, მაგრამ

მზედ შოთა მიუძღვებოდა!

„- ერთ ვითა ლალსა მზისაგან

მას ფერი ეფარდებოდა“,

მისი ბრწყინვალე ნათელით

მტერი შავბნელი კრთებოდა!

 

და წიგნი „ვეფხისტყაოსნის“ -

სამშობლოს დიდი სახელი -

არის სიმღერა ხალხისა,

ხალხთა საბრძოლო ძახილი!

ხალხის ერთობის, გმირობის,

მხნეობის  გამომსახველი -

ამოსაფხვნელად უნდოდათ,

თვით გახდნენ ამოსაფხვნელი!

ცეცხლში სწვავდნენ და გლეჯავდნენ,

სდევნიდნენ ჩინგის ხანები -

ხონთქარ-ყეინი-ნოინი,

მონგოლ-სპარსელი ხანები;

კვლავ ეკლესია ებრძოდა,

კითხვა აკრძალა ბრძანებით,

რომ არ ჰქონოდა ხალხს წიგნი -

ოცნების ამამწვანები!

 

მაგრამ ვერ მოსპეს სიმღერა

მკლავ-ფიცხელ-გულმაგრობისა,

წიგნი დიდ სიყვარულისა,

ვაჟკაცურ მეგობრობისა;

გადაშენდნენ და დაიწვნენ

მსურველნი მის ჩაქრობისა,

შერჩა დიდ შოთას მზეობა

და სიჭაბუკე ორბისა...

 

*

 სიტყვა დამჭერი ცეცხლისა,

სიმღერა დამადნობელი,

ხალხმა ატარა გულითა,

ის იყო მისი მკობელი...

ვარდი დაჭკნება, ზაფხულიც

თვით რჩება დაუჭკნობელი,

გამოგვებულმა დასძლია

სიკვდილი დაუნდობელი!

ხალხმა თავის თავს ამსგავსა,

სიტყვა სთქვა რა დიდებულად,

„შავ ხეობაში მრისხანედ

ვეფხ-ლომნი წაკიდებულან,

ვეფხვი სცემს, ლომი უფარებს,

ერთურთზე გამწარებულან,

იმათ შუაში ტარიელ

გმირობით გახელებულა!“

 

რა ძლიერებით ისმოდა

ეს წიგნი ათასხმიანი

შრომის და ნიჭის მიხედვით

ცხოვრობდეს ადამიანი!

გულს ახალ ცეცხლით აფეთქებს,

თუმც ძველი ამბავი არი...

მზისა და სიბრძნის ჩანჩქერი

მოსჩქებს დიდების გრიალით!

 

 *

ტურფაა ჩვენი სამშობლო;

მშვენება მისი მდელოსი,

მისთვის გვებრძოდა სუყველა

ეშმაკი თუ ანგელოზი...

 

მაგრამ ვართ ხალხთა მებრძოლი,

ბოლოს გამტანი ლელოსი,

არც გული გაცვდა, არც ხმალი,

არც სიტყვა საქართველოსი!

 

რკინის პერანგში გავზრდილვართ,

გვედო ქვის გული მაგარი,

ჩვენი გმირობის ფოლადი

ჩვენს კოშკებს გადავაკარით!

 

სხვას არ მივეცით სახელი

წინაპართ ნაჭირმაგარი,

სისხლით ვიყიდეთ სიცოცხლე,

შრომით ვაყვავეთ მთა-ბარი.


1937 წ.