მშვენიერო, შენ გეტრფი,

შენი მონა ერთგული,

შენთვის სულდგმულს, შენგანვე,

შენთვის მიძგერს ეს გული!


მეგულები ციხეში,

ცხრაკლიტულში მჯდომარე…

შეთვისებას გიპირებს

გაიძვერა მოყვარე!


ტკბილად გაჭმევს, ტკბილს გასმევს,

შეზავებულს ბანგითა;

დედის ხმაზედ გიმღერის

დედინაცვლის ჩანგითა.


გაუფრთხილდი! ნუ გჯერა

მაგის ტკბილი ნანინა,

შენზე წინათ სხვაც ბევრი

მოხიბლა, შეაცდინა.


გაუმაგრდი განსაცდელს,

აიტანე ტყვეობა!

გშვენის ნესტან-დარეჯნის

მაგალითი… მზეობა.


ტარიელი დაგეძებს

გავარდნილი დღეს ველად,

ავთანდილი ფრიდონით

მოდის გამოსახსნელად,


რომ სისხლი და ცრემლები

მსხვერპლად შენ წინ დაღვაროს!..

აქ ცოცხლებს სცეს ნუგეში

და იქ მკვდრები ახაროს!


1892 წ.