მინდა, რომ ჩემსა სატრფოსა
ვხედავდე თავისუფალსა,
რომ ძალით ვერ აშინებდენ,
ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!..
მინდა, რომ მისი სახელი
გაითქვას ძველებურადა
და მისიანი ყველანი
ერთად სცხოვრობდენ ძმურადა!
მინდა, რომ მისსა დიდებას
დამღერდეს რუსთველის ქნარი
და იღვიძებდეს იმ ხმაზე
ტაშის-კვრით ხალხი მძინარი!..
მინდა, რომ… მაგრამ, ეჰ, კმარა!
ფრთა შევაკვეცოთ სურვილსა,
თორემ რა მოჰკლავს უფსკრულსა
მამულისშვილის წყურვილსა!
1880 წ.