დედაო, დაო, სატრფოვ ძვირფასო,

შენი წარსული მწარე წყლულია,

ყოველი ტანჯვა საქართველოსი

შენი ცრემლებით გამოწყულია.

 

მშვენიერება ტურფა შენებრი

სამშობლოს ედემს არა ჰყოლია,

თავისუფლების ვეფხვთა დედაო,

წინ შენი სახე მათ წასძღოლია.

 

გულმდუღარებით დამღერდი აკვანს

და ხან ცხრა კუბოს დაჰქვითინებდი,

მაგრამ შენს ამაყ, არწივულ სახეს

მოანათებდა დახსნის იმედი.

 

შენ ახალწლისთვის ბავშვებს უცხობდი

პურის ხმლებს, შუბებს და მშვილდ-ისარსა,

რათა ყოველწლივ დაჰკვებებოდა

გმირობა შენით ნასინდისარსა!

           

და რომ დაგეწრთო შენის რძის ძალით

მხოლოდ მხედრებად, არა მონებად, -

ომში წამავალთ ხმლის ტარზე ლეჩაქს

უხვევდი ვალის მოსაგონებლად!

           

და დღესაც ცოცხლობს ანდერძი წმინდა,

დედის ძუძუთი გადმოცემული,

არ უნახიათ შენი შვილები

გამოქცეული ან დაცემული!

           

მათი სახელი იქა სწერია,

სადაც გამოჩნდა ყველა რჩეული,

სამშობლოს დროშით ალაშქრებული,

გმირად ნათქვამი და მიჩნეული!

           

თუ ბრძოლის ველზე თავზე გადასდით

სიკვდილის ცეცხლი გადაყივილით,

შეურყეველი გულით დგებიან,

ვისაც უნათებს შენი ღიმილი.

           

არვის მისცემენ შენს წმინდა მანდილს,

მტვრიანი ფეხით რომ გადასთელოს;

არ გასწირავენ შენს იავნანას,

კერას, სამშობლოს და საქართველოს!

           

და არც იქნება ვინმე, ოდესმე,

შენ ძუძუს მადლში შემოგედავოს,

რუსთველის დედავ,

გმირების დედავ,

თავისუფლების ვეფხვთა დედაო!


1942 წ.