განჯის ღამე. 1845 წ. 9 ოქტომბერი
მე მოგაგონებ უღმერთო ღამეს,
როცა დაგიცხრა ყველა ტკივილი,
როცა განჯიდან შუაღამისას
ქართლს შეუძახე გედის ყივილით.
თითქოს ყორანმა უზარმაზარმა
ფრთებით დაჩრდილა მთელი ქვეყანა;
მაშინ სიკვდილი შავნაბდიანი
ჯვარედინ გზაზე შემოგეყარა.
საორბედოა! - მამის ვალებს გთხოვს,
ვაი, გადახდა გამხდარა ძნელი!
ბუდეშურ თვალებს თვით დაგიხუჭავს,
სულს გაგიზომავს ელვარე ცელით.
მისი ნავარდი უფრო სწრაფია,
ვიდრე შენს ლექსში ლომის ნახტომი;
დაუთმე, რაც კი უთმობელია,
შესწირე გულის გადანახდომი!
- დედისერთა ვარ, - იტყვი, - ნუ მომკლავ...
- განა ყაბახის არის საღამო?
არა, მოგერტყა ყოველი მხრიდან
სიკვდილის ღამე დაუსაბამო.
*
რა მოჩვენებამ დაგაარტახა
და რა შესძახე ახლა მთვარესა?
რომელ ანგელოზს მკერდს უშვერ ახლა
ან რომელ მახვილს გამკვეთარესა!
თავზე ღმერთივით დაგადგა ერთი,
ქარიშხლის ფრთაზე შემოპარული -
ქალის აჩრდილი, - გულს რომ გითხრიდა,
როგორც აფთარის ჭანგი ფარული.
იმ თვალებს შეხვდი! იმ თვალთა ელვით
გზა სიკვდილისა დაგელოცება,
ცეცხლის ტბებია უნაპირონი,
შიგ რომ ჩამწვარა შენი ოცნება...
*
ტახტზედ იწექი და გედო თავქვეშ
შენი მერანის თოქალთო სველი;
წინ რა გელოდა, წინ სხვა რა იყო? -
გზა დახვეული ობობას ქსელით.
ქართლის უდაბნო სიცარიელე.
ჭორი. სიცრუე. ფუჭი ალერსი.
ყინულის ხელი. პირუმტკიცობა.
ზღვა საწამლავი გულზე ნალესი.
და ნარიყალის ზღუდის ნამსხვრევი,
ქვეშ მოქცეული ქართლის საფლავით,
კატინას შუბლის მშვენიერება,
ამაოებით დასადაფნავი...
და დოდაშვილი ციმბირის ქარში...
როზენის როზგი ქართლზე დაკრული,
გავერნებული შენი მთაწმინდა,
შავის ოცნებით გადანამქრული...
უსულგულობით სავსე თბილისი
ჭრაღებით თვალში შემოგცქეროდა,
გულგაგლეჯილი იადონივით
შენს ლექსს სათარა ცრემლით მღეროდა.
*
ლოგინთან მთვარის მარგალიტებით
შეფიფქულია ცივად სარკმელი,
ელავს ციმციმით ოქროს საყურე,
შენი ოცნების გადამსარკველი!
ჰა, მოიბრუნე სუნთქვა მის ჩრდილქვეშ
და გაიგრილე სიცხე გულისა.
მთელი ქვეყანა ბრწყინავს იმ ჩრდილში,
წამალი არი გათანგულისა!
შენი მსუდრავი ახლა მთვარეა,
და ქარი შენი დამმარხავია:
განჯის ქუჩებში ალვის რაზმები
ნიზამს მღერიან, ომარ-ხაიამს...
*
- ნუ გძინავს! - აკი შეგძახა გულმა
და დიდებისა ანთე ლამპარი!
- ბედმა დამიხშო ნუგეშის კარი
და დავალ მწირი, მიუსაფარი!
- იპოვე, ყრმაო, შენ მხვედრი შენი,
ან ციურობის იპოვე სწორი?
- ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში,
ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა,
ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის...
ლანდი ფანჯარას დაჯახებული
მოგიახლოვდა ანაზდეული!
- დაე, დაბნელდეს, გული მზე არი
დაუქრობელად განათებული!
- მშვიდობით ქარო, მშვიდობით ქართლო,
წინანდლის ღმერთავ, ბედი მერევა;
მე ვტოვებ მტკვარის მხიარულ კიდეს
და ჩემს დამტანჯველ ბედნიერებას!
მაგრამ კედელზე თვალის შეფრფინვით
გულმა ოცნება ისევ მოძებნა:
ნინა, მანანა, ეკატერინა
დაგღუღუნებენ ანგელოზებად!
შეაშრიალა მთვარემ რუშების
და არშიების ნაზი ჩანჩქერი,
ბრწყინავს ღაწვებზე ნაფურცლი ვარდი,
თვალში კი არა, სულში ჩაგცქერის!
რად გაუწოდე მაჯა უძლური,
მათი სინაზე ვეღარ გიშველის.
თავზე დაგადგენ თეთრ ეტრატებით
შოთა, ბესიკი, გურამიშვილი.
და წასაყვანად ჩაგკიდეს ხელი
საგალობლებით, ლოცვით, შენდობით.
მიჰყევ, მიენდევ, გულით უნდოო,
სხვას კი ნურავის ნუ მიენდობი!
*
უკვე გათავდა... კმარა, სიკვდილო,
შენთან კამათი და საუბარი...
აღარც განჯა და ავი ციება,
არც ანჩისხატის ვიწრო უბანი!
აღარც გამოვლილ უფსკრულთა სიღრმე,
აღარც გადახდა მძიმე ვალისა,
აღარც საყურე... მის ნაცვლად შუბლზე,
ბრწყინავს ბეჭედი მომავალისა.
აღარც სატრფო და არც მეგობარი,
აღარც მშობელი, ცრემლის დამღვრელი,
შენს სულს დაქანცულს, ფრთაშემოლეწილს,
გადეხსნა სივრცე განუსამზღვრელი...
შენს წინ გაბრწყინდა დიდი მწვერვალი,
სადაც უჭკნობი სიტურფენია,
ვინ აღწევნილა, მითხარ, შენამდის,
ან რომელ არწივს იქ უფრენია?
ან შენს მომთვარულ ხმას სერაბიმულს
იტყვის რომელი ლერწამის წბილი?
შენი აჩრდილი თრთის მთაწმინდაზე,
შენი ნაქროლი აჩნია თბილისს...
*
დავიემბაზეთ შენი ნათელი,
შენს დაუჭკნობელ სახელს ვიფიცავთ,
განჯას დამწვარმა გულის ნამწვავმა
ქართლში კოცონად გამოიღვიძა.
მაშინ გათენდა შენი დიდი დღე...
მზეს შეუერთდი შუქმიწეული;
სურდა ცხოვრებას შენი დამხობა,
შენ აღადგინე იგი ძლეული!
*
ნაცისკრალია.
უკანასკნელი
შხამის წვეთები სულმა დალია,
თეთრი შროშანა დაგეცა გულზე
და ლურჯი ფერით თვალი მთვრალია.
შენი ვარსკვლავი უკვე გაშავდა
და შენი ზეცა ესრედ მზარავი,
ახლა სად გინდა, რომელ ტრამალზე,
დასცე მხედრული შენი კარავი?
იქნებ ელისეს მინდვრებს გადაღმა
თანავარსკვლავედს შეხვდე ყარიბი? -
ნაწყლულარებით იქნებ სამშობლოს
უფრო უმეტეს შეეყვარები?..
*
უკვე სარკმელში შემოინათლა,
რა ახლოს იყო წეღან ცისკარი!
შენი ვარსკვლავიც სულ ახლოს იყო,
ოღონდ შეგეღო მისი ბჭისკარი.
მაგრამ ახალი გზა გეძახოდა
განათებული ირმის რძის ღვარით.
მინაზებული ციაგის ბროლი,
ვარდრეულ შუქმა როცა შეღება,
შენ უკვდავების თრთოლა იგრძენი,
სულში გავლებულ შანთის შეხება!
ცხოვრების წყარომ შენ გასვა შხამი,
და სიჩუმეში როცა იწვოდი,
ჩვენ რომ აქედან გვირგვინს გიწნავდით,
ტაშს რომ გიკრავდით, განა იცოდი.
შენი ჩვენი იყავ,
არა იმ დროის,
იმ შემოდგომის დაღლილი შვილი,
შენ ისწრაფოდი ჩვენ შესახვედრად,
ქართულ ოცნების სუმბულის შლილი.
ძველი ყაბახის მოედანიდან
შენ მოაჭენე ჩვენთან პირველმა,
საკუთარ გულის დამნაცრებელმა,
საკუთარ ფერფლის შემომწირველმა!
ჩვენ შეგაგებეთ ახალი ქართლი,
ახალ ოცნებით, ახალი ბედით.
დღეს შენც ანათებ მის შარავანდედს
ქართლის ბრწყინვალე წინამორბედი!
1944 წ.