1

 

გინდაც ვიცოცხლო ათასწლეულში,

ვერ მოვიწურო გულის ნაღველი;

პატარა ქვაო პატარძეულში,

რა დიდი სევდის ხარ შემნახველი!

 

მცირე გორაკი... მწირი მიდამო...

ძეძვი, ხრიოკი, ქვიშა, ავშანი...

ვის შევებრძოლო, ვისთან ვიდავო? -

აქ დაიკეცა დედის თავშალი...

 

აქ, მარწყვზე წასულს, დედა მეძებდა...

მე ახლა აქვე დავეძებ დედას...

ვინც მზიან მაისს მიორკეცებდა,

იმ მაისივით ვეღარც მას ვხედავ...

 

2

 

ენა დადუმდა. საქმე ღაღადებს

და ნაკვერცხალი მამათა კერის...

ჭაღარის ვერცხლი მე ვერ დავხატე,

ვისი ტკბილი ხმის უბეშიც ვმღერი.

 

იყავ კეთილი, მარად მღიმარი,

წმინდა, ვით თოვლი დაუდებელი...

მაქვს სიტყვა, შენგან მონაწვიმარი,

ვარ შენი ზღაპრის ყურთამგდებელი.

 

დედაქართული, ქართლის ცხოვრება,

ყანის სიწმინდე, ხალხის სიმართლე,

რაც კი ყრმობიდან მემახსოვრება,

შენ შემასწავლე, შენ განმიმარტე.

 

მაცოცხლებს სიტკბო შენი გულისა,

ჩემდამი ნდობა და მოწონება,

სიმწვანე ათას გაზაფხულისა

შენგან მე გულზე დამეწონება!

 

3

 

საავადმყოფო...

                        ბედგაცხელებულს

ფიცხი სიკვდილი გადაგეღობა...

გცხელა. წყაროს წყალს ითხოვ ჩვენებურს,

სიცოცხლედ ერთი პეშვი გეყოფა.

 

მაგრამ სად არი სიცოცხლის წყარო?

დამშრალა. ნუღარც შემეკითხები...

და ყურში მესმის, დაუვიწყარო,

ბოდვარეული შენი სიტყვები:

 

- თუ განშორების დამდგარა ჟამი,

შვილო, დროს ვნატრობ უნეტარესსა,

მე შენთან მოვალ, ვით ვარდზე ნამი,

ჩამოვალ, როგორც სხივი მთვარისა.

 

მაღლობზე, რათა დამკრას ნიავმა,

ჩემს მეზობლებთან, გვერდით, სულ ახლოს, -

ძეძვის ქვეშ გასჭერ ჩემი საფლავი,

იმ ძეძვის ძირში მსურს დავიმარხო!...

 

და შეიკუმშა, როგორც მტევანი,

გადაქანცული შენი სხეული;

დაუტევარი სიკვდილის მკლავში,

ვით ყანა, თოვლში გამომწყვდეული...-

 

 ეჰ, შე ტკბილო! -

            სთქვა შენზე სოფელმა

და გულის ჟანგი ცრემლით მოფერა:

- ამაგიანო, განა გაქრები?

შენზე სიკვდილი ვერ იბატონებს!..

პირველად გნახე ხელებდაკრეფით,

გადახმა ბაღჩა...

            გაცივდა თონე.

 

მაგრამ, ეს კერა ვინ გააცია,

გაშალე სუფრა, დაგვხდი კახურად!

ეჰ, კაბის ნაცვლად მოლი გაცვია,

ლეჩაქის ნაცვლად - ნისლი გახურავს.

 

4

 

ეს პატარა ქვა - მთვარის ნალევი,

მე მთვარესავით მუდამ მდარაჯობს;

წინ მიმიძღვება ბნელი თვალებით,

გზას ამაცილებს, სადაც არა სჯობს.

 

ხომ თვითეული შენი რძის წვეთი

ჩემში ჩქეფს ლექსად, საქმედ, ოცნებად!

მინდა მოვასწრო, ვაკეთო მეტი,

ვით შენ შესძელი საქმის მოსწრება!

 

მე ხასიათი შენი რომ ვიცი,

სადმე უსაქმოდ დადგები განა?

მწამს, იქეც ორთქლად, დავფიცავ ფიცით,

ნამად დაადნი დაგვალულ ყანას!

 

აპრილის შავ დღეს, მოსილს გლოვითა,

როცა ასწიეს კუბო მშობელის,

მოულოდნელად თოვლი მოვიდა,

გადაიბარდნა ჩვენი სოფელი.

 

მთელი ზამთარი გვალვით გათავდა,

და ახლა ხალხმა როგორ იხარა:

- განათლდეს სულით ერთი ათადა!

თოვლი გვაჩუქა!

            მან მოგვიყვანა!

 

ფიფქი, შენს მიმკრთალ ტუჩზე დასხმული,

დადნა, ვით დადნი შრომის ალმურში,

შენ მიდიოდი და გაზაფხული

შემოდიოდა შენს ტკბილ მამულში!

 

დედაკაცების ზარი ამაღლდა,

მეხანჯლებოდა გული სიმწარით...

სამაგიერო რით მეამაყნა,

ერთი გვირგვინიც ვერ დაგიწანი!

 

5

 

გულშეწყვეტილი და უსავანო,

უკან მოგდევდი, მძიმედ, ბორძიკით,

საით წახველი, მოუსავალო?

ცათა ბროლს იქით?

            ცათა ბროლს იქით?

 

არა!

აქვე ხარ, შენს წყნარ ეზოში,

ფშატის შრიალში ხარ ნიშნეულად,

ამ კვირტში გხედავ, ყვავილის ზროში,

სიცოცხლის ნიშნად, რაც მიჩნეულა!

 

აქვე ხარ, -

            შრომის ღაღადებაში,

წინდის ქსოვაში, ყურძნის კრეფაში,

გაზაფხულების დაბადებაში,

ნაკადულების ოქროჩქეფაში!

 

და ჩემთან ერთად, ჩემს მაგიდაზე

გაბმულ ღამეებს შენც არ ათენებ?

ჩემს სტრიქონებში შენ არა მღერი?

ეს ლექსი შენ არ გამოამტევნე?

 

ჩემით სამშობლოს არ ეღიმები

მონატრე მისი გოლიათობის? -

ვით მცირე სხივი დიდი მნათობის,

მეც ხომ შენგან ვარ გამონაკრთობი!

 

6

 

ეკალსა ზედან აღსრულებული,

ვიცი, ცისკრისას ვარდზე იღვიძებ,

რადგან სამშობლო სპეტაკ ლეჩაქით,

ცრემლით და ღვაწლით გამოიფიცე!

 

არა, სიკვდილო, ხელი შეუშვი!

ამ ადგილიდან უკვე წახველი...

პატარა ქვაო პატარძეულში,

რა დიდი სუნთქვის ხარ შემნახველი!..


1956 წ.