1
დიდო აჩრდილო,
რას დაგვიბარებ,
წარბშერჭმით მდგარო,
სევდით მღიმარო,
შუბლსა და მკერდზე ხელებს იფარებ,
ალბათ გსურს წყლული რომ დაგვიმალო:
წყლული, რომელიც უყივის კრწანისს, -
ჩვენი ვაება, ჭირი, ნაღველი!
ვერ გარეცხს სირცხვილს ჩვენი სიმწარის
თვით წარღვნის წყალი გადამწარღვნელი.
ბევრი უნახავს შენს ნაბადს წვიმა,
ქარი და ყინვა, დრტვინვა და ზარი...
ტვირთი მაგ მხრებმა არ დაიმძიმა
და არც მაგ შენ გულს დაეტყო ბზარი.
ქართლის აზრი და სიმღერა იყავ,
დროშა მღელვარი, ტარუკრთომელი,
მისთვის სიცოცხლის ბეწვი გაიყავ,
მისი დიდების იყავ მდომელი!
კლდეკაცი იყავ, კლდეს შეედუღე,
უკვდავებასთან ხარ წილდებული,
შემარყეველი სინედრიონის,
სალიტანიე, სანატრიონი,
თავი ერისა, რა დიდებული!
ქუხილის ენით მოლაპარაკევ,
ნათლისმდებელო, იცი, ვინა ხარ? -
რუსთაველის სიმს,
კრწანისის საფლავს,
თამარის ნათელს, -
შენთან ვინახავთ!
დროშა ხარ სისხლში ამოვლებული,
უღელდებული ხალხის იმედად,
ხმალი ხარ მტრის წინ ამოღებული.
შარავანდედი შენ ხარ ივერთა!
2
მდინარეებზე ბაბილონისა
ცრემლით სტიროდა შენი თაობა,
სწყუროდა შუქი ალიონისა,
სძულდა ცხოვრება მდგარი ჭაობად.
მდინარეებზე ახალ ქართლისა,
სამშობლოს სულის სიცოცხლეს ვმღერით,
და წინამორბედს დიდ სიმართლისას
მდუღარ ცხოვრებით გადიდებს ერი!
გონების ბნელი და სიღარიბე
წყალს გავატანეთ, წელთამრავლობას,
გახვრეტილ შუბლზე წყლულს რომ გვარიდებ
და გვიფრთხილდები შთამომავლობას, -
ნუ შეგვიცოდებ, ახლოს გვაჩვენე,
დაგვწვას, დაგვდაგოს, ცეცხლი შეგვინთოს
დავემხოთ მის წინ,
- რა შეგვაჩერებს -
შემდეგ აჩრდილმა შენმან შეგვინდოს!..
1957 წ.