განგმირულ ილია ჭავჭავაძეს, სიონში რომ ესვენა,
ნატყვიარ შუბლზე მუხის ფოთოლი ეფარა.
დედაჩემის ნანახი
იმ საუკუნის მე ვარ მწერალი,
როცა მიწაა ნამეწყერალი!
რა არი, გყავდეს ერთი მერანი,
თუ გსურს მთვარესთან გადამღერანი!
როს იწერება რუკა მთვარისა,
ბრძანებლობს საქმე როს უმთავრესად.
ცაშიც კი ადის... ხელს აფაცურებს...
მე კი პოეტი - ოქროს მდნობელი,
ოცნების ზღვაზე ტივებს ვაცურებ,
და ჩემი საქმის ვარ მადლობელი!
პოეტის ბედი რა დიდებული!
რა წილნაყარი, რა წილდებული,
ობობას ქსელზე დაკიდებული!
მე ლექსის ჯვარზე ვიყავ გაკრული,
რადგან კაცი ვარ გულდაძაგრული,
მთვარის ნატბევი თუ ნატბორალი, -
ძველი მგოსნების ნასატრფოვალი...
მიყვარს მარიხიც და ოტარიდიც,
მათ შუქურს გულში გავიტარებდი.
ბევრჯერ გრიგალში, როგორც ლერწამი
გადაღუნული, მეც ვიმტვრეოდი
და ვერ მივიღე, გინდაც ერთ წამით,
ორბის კალამი მემკვიდრეობით...
მაინც ლექსთა თქმა ჩემი ჯერია,
თუმც მრავალ საქმემ შემიჯერია.
მე ყოველ დილით ბულბულს მოველი,
დილანდელი თუ საღამოველი,
თუ მის ნაპერწკლით ვარ ანთებული,
მუხის ფოთოლის ვარ ვალდებული.
ყველა ყვავილი ერთად მიყვარდა, -
ყველა მე გულზე გადამიხლართავს;
ყველა სტუმარი ძმად შევიცანი,
ძმას გავუყავი გულის ფიცარი!
მწამდა ცხოვრების ნამქერში დგომა,
მით შემიგროვდა დღითა და ღამით
ცრემლიც და ოფლიც, ტანჯვა და შრომა,
ვნება და სევდა, სიტკბო და შხამი.
თვითეული ხის შტო მაქვს ნამღერი,
განა მთვარისა, გულის ნამქერით!
ისიც ვიმღერე, ახალო მთვარევ,
კაკლის ფოთლებში რაც შემოთვალე...
ქალის ოცნება დიდხანს მჯეროდა
და სიყვარულსაც დიდხანს ვუცადე.
ისიც ვახსენე, ვინც იმღეროდა
„ქართლის ცხოვრების“ პირველ ფურცლამდე...
იგიც ვადიდე - შუბლი დაფნური -
მიწას დაფლული, მზედათაფლული.
მე იქ მოვწყვიტე თეთრი შროშანი,
სადაც იბრძოდნენ ცეცხლში დროშანი.
მივადგი კიბე, ვარსკვლავი ვკრიბე,
რომ არ ჰქონოდა ლექსს სიღარიბე!
მაინც თავი მაქვს გადადებული,
მუხის ფოთოლის ვარ ვალდებული.
ვამღერე წყალნი, მთანი მაღალნი -
ნაჯიხვარი და ნაკალმახარი.
ვაელვე სიტყვა, ვით სატევარი:
მტკვარი ვარ - უბედაუტევარი,
მე არაგვი ვარ - მთას ნათევარი,
მე რიონი ვარ - დროშით მქუხარი,
მე იორი ვარ - ზვირთნადუღარი,
მე ჭოროხი ვარ - სევდით მწუხარი,
თერგის შხაპი ვარ, ხმა სამყვირალო,
მე ბერდუჯი ვარ დასაყუჩარი.
მე ტეხური ვარ - შავი ლოდნარით,
ალაზანი ვარ - ფიქრნალოდნარი.
ქცია ვარ, ხრამი ძველზე მტირალი,
ქვებზე რომ მოხტის, ვით ჯეირანი....
მათი ყივილი მეალერსება,
ნატყორცნ ალმასით სული მევსება.
მაცვია ჩოხა მათი ნაკერი,
ვარ ნაშხეფარი მათი ნამქერით.
მე მათი ფრთები მაქვს გამოსხმული,
მათი იმედით რას არ გაჩვენებ, -
ალმასის ნალით დავჭედავ მერანს,
ელვათა შოლტით გამოვაჭენებ.
ვარ ქართლის შავფხა, მსუყე თავთუხი,
მე ვარ ფოლადი - რუსთავს ნადუღი.
სხივი ნათელი მე ვარ მესხური,
მე აჭარის ცა გადამესხურა...
მტკვარს ვიემბაზებ, ვერ შეველიე,
კახურ მზეს ლექსში მოვიშველიებ;
მე ვარ გურიის წითელი ვარდი
და ქვაკუთხედი მე ვარ გელათის;
მე სიმღერა ვარ ძველი „ვარადის“,
ჭყონდიდის მუხა - ხეთა ბელადი!
ვმღერი „ლილეოს“ სვანური ცეცხლით,
ვმღერი ლეჩხუმის წყაროთა ვერცხლით.
„მრავალჟამიერს“ - ახალ სიცოცხლით!
და რაც შესტირეს რაჭველ მესტვირეს,
აკი ავიღე ცრემლის ნესტი მე!
ვარ ხევსურეთში ლუდის დასტური,
ახმეტის ტყე ვარ გადალასტული!
მე ფშავის ხევში თვალებს ვაფეთებ,
იქ დარჩა ვაჟას საკვესაბედე.
მე ბახტრიონში - თუშურ დოღში ვარ.
ვხედავ კოშკებზე სისხლის ოშხივარს.
საინგილოში ვკოცნი კესანეს,
შენი ჭირიმე, შენი კვნესა მე!
არ დავივიწყე ოშკი, ხახული,
და მით გამოვთქვი სევდა ხალხური,
მზით ვაიმედე და გაზაფხულით...
სადღაც, ხორასანს თუ ფერეიდანს,
ინდოეთსა თუ ანატოლიას,
ლექსი ჩემს სალამს რად ვერ ჩაიტანს,
ამაზე ვნაღვლობ - იქ ძმა მყოლია!
მაგრამ ჩემს ძარღვში მე ლექსს დავმალავ,
ვიცი, გადასცემს თეთრი თოლია.
იალბუზს, მყინვარს, ბორბალოს - სამ ძმას,
თეთნულდს და უშბას - მათ ბიძაშვილებს,
თუკი ბრძოლაში გავიკავშირებ,
ჩემს მტრის ლაშქრობას ელის გაქრობა!
რიონის ველი, ალაზნის ველი!
ზურმუხტის მთების ამბიონებით...
და ტირიფონა - მაისს ნაქები, -
ხოლო ზაფხულში პაპანაქებით...
ახალ დროების გადამნუსხველი -
მწკრივი და მწკრივი ლამპიონების -
ელექტროვარდის შეღიმებანი...
შეღამებაში გულს აყვავებენ,
სიცოცხლის ნათელს დაახვავებენ
მე ვარ, ვიქნები მათი მებანე!
აფეთქებულა თბილისის დილა,
სულში ნავარდობს ვარდების ალი...
ცა, როგორც თაფლი, ჩამოღვენთილა,
გული სუფთაა, ვით ბამბის ფთილა -
ოქროს თმებს მახვევს მაცდური დალი!
მე, გალაღებულს მზის სიხარულით,
მჯერა, ჩემს ქალაქს არა ჰყავს ცალი!
მზის სხივი ჰქსოვდა თამარის კაბას,
აქ სხივს ეჭირა ერეკლეს ხმალი!
ნარიყალაზე ახალ არწივებს
დღე დღევანდელი ახლად ამწკრივებს...
მე ვარ ყველასთან და მე ვარ ყველა,
ციცინათელაც და ცისარტყელაც!..
ვთქვი სიტყვა ქართლის შესამკობარი,
ვთქვი ჩემი ძმების შესანდობარი,
მამათა დიდი ნაგალობარი...
- მწამხარ, მიყვარხარ, - დიდი ლოტბარი,
მწამხარ, შენთვის ვარ სიტყვა მომტკბარი!
ჩემო მამულო, თაფლო და ვარდო,
ზღვით შეცვარულო, მზით გასირმულო
მარად ვეფხურო, ლაღად ირმულო!
არა, არ მიყვარს შენი წარსულის -
წამების ჯვარი და სიმძიმილი;
ო, როგორ მხიბლავს შენი ჯვარცმული,
სათნოიანი სახის ღიმილი...
ვით ჩალმიანი იანიჩარი
მოქშუის მთვარე - გული გააპოს,
წარსული ტყვეა მხოლოდ ანჩარის,
ყველა ფურცელზე შხამი ლაპლაპობს.
ღამ-ღამ რად იცის ტირილი ტალღამ,
რომ გული გალღვა, შენ ეს არ იცი?
მეც ხომ მატყვია წინაპრის დამღა, -
გულისფიცარზე გადასარიცხი.
სამშობლოს მთებო, გოლიათებო,
გითენებიათ გოლგოთის ღამე,
ქართლის მინდვრებო, მხარგანივრებო, -
ცრემლს ზღვათაოდენს თქვენსას თუ ზღავენ?
ან სისხლს მართალთა ვინ ჩამორეცხავს?
ვარდს აყვავება, ჭიკჭიკი მერცხალს
რომ აუკრძალეს, რატომ არ შერცხვათ...
რად სურდათ ხმალი სისხლით ეკვებათ,
ვფიქრობ ნამწვავი, ძველათ დამწვარი,
კრწანისულ დუდუკს, სისხლით შეღებილს,
ხშირად ჩემს ლექსში სდის სისხლის ცვარი...
როგორც მარაბდის ფიცი, მომესმის
მე - ოროველა ნამღერი მინდვრად;
შავი წარსული რაღადა კვნესის,
თუ მომავალი გულს დამეწინდრა.
გგონია, ჰქონდათ სისხლი დამშრალი,
საფლავის მტვერში მისთვის წვებოდნენ? -
ლომისის ლომი, ვაჟი ლაშარი -
სიკვდილს ხმლით ხელში ეგებებოდნენ.
ვინ გყავდა მტერი? სად არი მტერი!
ჰკითხე მეგუთნეს, ხნულში უნახავს!
ძვლებს მიაყარა ყამირის მტვერი,
ვგონებ, მეასედ მას დაუმარხავს!
ვისაც ბრძოლაში არ უყვარს დრეკა,
როგორ არ არი უკვდავის ტოლი?
იცი, უნაცროდ იწვება დეკა,
არვის აწუხებს მხრჩოლავი ბოლით.
არა, არა მწამს სიკვდილზე თქმული, -
გულს ერეოდეს, - არაკებია!
მე ვიცი, ვიცი რუსთველის გული
საფლავის ჭიებს არა რგებიათ.
მზემ შეიწოვა, როგორც ნაწილი,
მზემ შეიერთა ნათავისარი;
ვერც იქნებოდა გამონაწირი -
ლექსთა სარდალი და კეისარი!
მახსოვს ილიას გახვრეტილ შუბლის
ნაჭრილობევზე მუხის ფოთოლი,
თითქოს დამხობა შევიტყვე უფლის,
თითქოს დაეცა ერის გოდოლი!
მე ყრმა ვიყავი მისი გამგონე,
ხალხის დანაკარგს ვინ ამიწყავდა?
გულს მეზრდებოდა ბოღმა და ღონე,
როგორც ის მუხა... ის სისხლი რწყავდა...
მუხით ფარავდნენ სირცხვილს, ჭრილობას
როდესაც ქართლი ეგდო ჭილობად...
არ მასვენებდა მუხა... ჭრილობა...
მუხის მალამო, ძალაც, დაცემაც...
შავი ჯანღების შემოჯრილობა,
მზისგან ნისლების კვლავ გატაცება...
მახსოვს აკაკი - ნახევარღმერთი,
ამღერებული გულმდუღარებით,
ვაჟა-ფშაველა - მთის ცრემლის ღვენთი,
მთის ფარჩეულზე უფრო ღარიბი.
მე მათ მიბოძეს ლექსის დასტური;
ანდერძი მითხრეს, მცნება დამიდგეს,
ვიყავი მათი თანადამხდური!
მე არ მასვენებს ის დაბმული დრო,
დე, მოგონებამ გული დამდუღროს!
რა უნდა გითხრა იმ დღის შესახებ,
გული სევდას არ გავაწეწინო.
- ნუ გამაღვიძებ, ხელს ნუ შემახებ,
ოღონდ გავქვავდე... ოღონდ მეძინოს, -
იტყოდა მაშინ, იტყოდა მაშინ,
ნაომარი და გულდაქანცული;
და მხოლოდ ცრემლი ჟღეროდა ხმაში -
ერის საგზალი და საგანძური...
დღეს კი არ გვყოფნის სიცოცხლის დღენი,
დავტკბეთ სამშობლოს ახალ მშვენებით,
ჰყვავიან ჩვენ წინ თვალსამოთხენი,
ადის სართული შეუსვენებლივ.
- ნუ დამაძინე, ვარ ბედნიერი,
ვივიწყებ სიკვდილს, ნანგრევს ვერ ვხედავ -
მღერის ფაზელი, ცხუმ-ბედიელი,
ახლად გუგუნებს არმაზი - მცხეთა!
ნუ დამაძინებ... ნუ მომაგონებ...
გადიგრიალა უღმერთო ხანამ.
დავალ... დავმღერი ოფლის დამღვრელი
სამშობლოს ხნულში ტანაყრილ ყანას.
ვინ დამირაზმა სამშობლოს დილა,
გზაჯვარედინზე ვინ მეზმანება?
თვითონ ხალხის მზე გადაფოთლილა
დაცვენილ თესლის ასამწვანებლად.
თუ არსად იყო ჩვენი დამხსნელი,
თუ ისტორია იყო ცალხელი,
დღეს ითქვას ქებით ქართლის სახელი!
ისევ აღმდგარა მკვდრეთით ილია
და მუხაც ისევ შეფოთლილია...
თუ მუხის ძალამ განკურნა ქართლი,
მისთვის ვიმღერეთ „მუმლი მუხასა!“
ვინ დაუხავსა ოცნებას ჭვარტლი,
მუხას აყრილ ჩრდილს ვინ მოუხაზავს?
მიცოცხლოს იგი, რასაც ველოცე,
ჩანგით და გულით რასაც ვფერობდი,
ნუმც დამეჩრდილოს საქართველოს მზე
საუკუნებრივ ოქროსფერობით...
თუ დროშა, ცრემლით მონაქსოვარი,
არც ერთ ბრძოლაში არ დახეულა,
და თუკი ხმალი, ღირსსახსოვარი,
არც არასოდეს გადამსხვრეულა,
მომეცი სიტყვა შეუპოვარი,
ძირს მიწაზე რომ არ დაცემულა!
მაშინ იხილე, საუკუნიდან
თუ რა ოცნება გადაცემულა!
1959 წ.