ლეონიძეთა შორის ვიყავი,
ჩქეფდა ჭოროხი, ტყე შრიალებდა;
სახლიკაცების ნახვით ვიხარე,
რა საქმე მქონდა ძველ იარებთან.
გვქონდა წარსული ძველი და მწველი
და არც გვინდოდა მასზე გვეჩივლა,
ვიგემეთ სიტკბო, უდარდელობა,
ძმობით გვინდოდა თავი გვეჩინა.
სამასი წლებით დაშორებულებს,
დღეს საძმო ჭიქა ერთად გვეჭირა,
ის გვიხაროდა, რომ ქართველობა
თვითეულს გულში გადაგვერჩინა.
ლეონიძეთა შორის ვიჯექი,
საგვარეულო სმურის თამადა,
ბევრი ვიმღერეთ, ბევრი ვიჭექეთ,
სადღეგრძელოში არვინ დამაკლდა.
და საქართველოს რომ შევემატეთ,
ვით გულში ვარდი, გვიტრიალებდა,
მარადიდს თავზე იდგა ლემადე**,
ჰქუხდა ჭოროხი, ზღვა გრიალებდა.
...ჩვენ სიყვარული გვაჟრიალებდა.
1959 წ.
* ლეონიძეთა გვარი მესხეთიდან მოდის. დღესაც ტბეთის განთქმულ ტაძრიდან სამი-ოთხი კილომეტრის მანძილზე არის სოფელი ლეონიძე. იქიდან ვართ ლეონიძეები წამოსულები მე-17 საუკუნეში, როცა მესხეთი ოსმალეთმა დაიპყრო. ამჟამად ლეონიძეების ერთი შტო ცხოვრობს აჭარაში - ერგეში (ზემო ჯოჭო).
**ლემადე - შავი ნისლი.