1

თანამედროვეთ გული და გემო

მათ ნებისამებრ

თუ ვერ გავთაფლე,

ხომ შემიძლია ვთქვა, დავიჩემო,

ქართული ლექსი არ დავამდაბლე!

არ დავამცირე!

მე მაქვს იმედი,

თუმცა ნაღვაწი მიძღვის მცირედი,

მაგრამ ოცნება არი იმ ერთის

და გულიც მისთვის შემიწირია, -

ქართული სიტყვა, ქართული  სიტყვა,

მასთან ყოველი, ო, რა მცირეა!

ხომ კარგად იცი, რაღადა მკითხავ, -

რა დიდი ზღვაა, რა უძიროა!

 

მოკვდი და მხოლოდ მისათვის აღსდეგ,

ამ სიტყვისათვის, პოეტო, მხოლოდ,

და პანთეონში თუ გამილაღდე,

მისი წყალობით - ბოლოს და ბოლოს!

 

სიტყვა ძლიერი, ვით ანთეოსი,

მე ვპოვე ერის გამაცოცხლებლად,

მან ზიდა ბედი საქართველოსი,

ცრემლი, დიდება, ვნება, ოცნება!

 

მეორე მზედ მაქვს გამოსახული

და მზეზე ადრე მე მას ვუგალობ,

თუკი გავმხდარვარ მისი მსახური, -

მაშ, როგორ უნდა გავქრე უკვალოდ?


2

ცაში რამდენი ვარსკლავიც არი,

მიწად იმდენი ვარდი ყიფილა,

ვარდად ქართული სიტყვა ვიცანი

და გულმა ვარდი არ იმყოფინა!

 

ყვავილი - მიწის არი ღიმილი,

ქართული ლექსი - ქართველი ერის...

იქნება ლხინი თუ სიმძიმილი,

შეხედე, როგორ უკვდავად მღერის!


3

თქვენ იცით ბუდე ჩემი გულისა,

სადაც ელვარებს მწვანე მაისი?

თქვენ იცით სიტყვა გაზაფხულისა

უძველეს დროშის სიდარბაისლით?

 

თუ მარგალიტში მე ვურევ ხელებს,

თუ ვაელვარებ უთვალავ ფერებს,

თუ ქართულ სიტყვას შევასახელებ, -

რა მომადუნებს, რა დამაბერებს?!

 

თავს სიღარიბით ვერ შეგაცოდებთ,

თვითეულ დილას ვანთებ მარჯანით,

და ვხვდები, თითქოს ხელთ მომაწოდეს

აელვებული მზით ოქროს ჯამი.


4

ვნანობ, ვინც დასთმო ჭიკჭიკი მერცხლის,

ვინც ადრიანად სიკვდილს მოუწვა,

ვინც ეს აგური გამოსწვა ცეცხლით.

ეს ჩემი გულიც მას გამოუწვავს!

 

ქართული სიტყვა, ქართული სიტყვა

მე გამაცოცხლებს ყოველგვარ დრო-ჟამს,

ვერავითარი დელგმა და სეტყვა

ქარს ვერ გაატანს ჩემს ქართულ დროშას!

 

მოგესალმები, მომავალ დღეთა

ქართული ლექსის ლაღო მხედარო,

დაგაგვირგვინებს ახალი მცხეთა,

სიმღერის ძალით თუ მას ედარო!

 

შენ თუ გაგიტანს - ქართული სიტყვა,

გამღერებინებს ლხინსაც და ჭირსაც...

და თუ რჩეულად ის მოგიკითხავს,

მემკვიდრე ყივჩაღს

გადმოგცემ სირჩას!..


5

სიტყვა ძლიერი, ვით ანთეოსი,

მე ვპოვე ერის გამაცოცხლებლად.

მან ზიდა ბედი საქართველოსი,

ცრემლი, დიდება, ვნება, ოცნება.

 

არ დაიდება მისი საზღვარი,

მისი ღადარი არ იშრიტება,

დე, მან აზიდოს კიდევ ახალი

საქმე და აზრის ჭეშმარიტება!


1961 წ.